აპოლოგეტიკა - რატომ არ გამოვიჩინეთ ინტერესი - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
მღვდელი ანდრია მარჩენკო

რატომ არ გამოვიჩინეთ ინტერესი
მართლმადიდებლური ჯვარი
დე შეაერთოს უფალმა ურთიერთგანშორებულნი სიყვარულით ერთმანეთისა მიმართ,  
რათა ერთითა პირითა და ერთითა გულითა ვაღიარებდეთ მამასა და ძესა, და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა".

(ახალმოწესეთა 1971 წლის საეკლესიო კრების საქმეთაგან).

რამდენიმე წლის წინათ ერთ ახალმოწესე მღვდელმთავარს, რომელიც ძველი წესების მიმართ გამოთქმული კრულვების მომხსნელ კრებაში მონაწილეობდა კითხვა დავუსვი: "რითი ხელმძღვანელობდით კრულვათა მოხსნის დროს?" მან, მართალია, მიპასუხა, მაგრამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი მაინც არ გამცა. თითქოსდა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს და ირიბად მითხრა: "დიახ, კრულვები მოხსნილია, მაგრამ ძველმოწესეებმა ამ საკითხისადმი ინტერესი არ გამოამჟღავნეს". აი, ამ მიზეზის გამო და კიდევ მოსკოვის საპატრიარქოს (შემდეგში მს - მთარგმნ.) ზოგიერთი ძალისხმევის გამო, რომელიც მიზნად ისახავს ძველმოწესეთა დაახლოვებას, გადავწყვიტე გადმომეცა ჩემი აზრი ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით.

დიახ, ძველ წესებს კრულვები მოუხსნეს, მაგრამ რა არის ეს - ღმრთის დიდი წყალობა, რომელმაც ჩვენ ყველანი ურთიერთშერიგების გზაზე დაგვაყენა, თუ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ახალმოწესეთა ღვთისმეტყველების ლიბერალიზაციისკენ? თუ პირველია, მაშინ უგუნურება და მიუტევებელი იქნება ყოველი ჩვენთაგანის მოყვარული და ყოველზე მზრუნველი ღმრთის ამ უდიდესი წყალობის უარყოფა და იგნორირება. ღმრთისა, რომელმაც ბრძანა: " მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდთბას ჩემსას გაძლევთ თქვენ" (იოანე 14:27); "ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის" (იოანე 13:34-35). ხოლო თუ მეორეა? მოდი, გავერკვეთ დეტალურად...

ახალმოწესეები წყევლა-კრულვათა მოხსნისკენ მიდიოდნენ ასეული წლების განმავლობაში. მოსკოვის 166-1667 წლების კრებათა კრულვის მოქმედება ჯერ 1765 წლის "Увещание"-თი, შემდეგ კი ედინოვერობის დაფუძნებით შეიზღუდა; 1917-18 წლებში, პატრ. ტიხონის (ბელავინი) დროს ასევე იყო მცდელობა პრაქტიკულად გაუქმებულიყო ეს კრულვები, შემდეგ სინოდმა მიტროპოლიტ სერგის (სტრაგოროდსკი) დროს, 1929 წელს ასევე გამოხატა თავისი პოზიცია კრულვათა წინააღმდეგ. და ბოლოს, 1971 წლის ადგილობრივმა კრებამ საბოლოოდ მოხსნა კრულვები და მისცა დავიწყებას.

ამ მოვლენიდან ოცდაათი წელი გავიდა. ყოველი კაცისთვის ნათელია, რომ თუ მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება, მისი შეფასება შეიძლება მხოლოდ მისი რეალიზაციის შედეგების შეფასებით. და როგორია ამ გადაწყვეტილების ნაყოფი?

განხეთქილება ჯერაც დაუძლეველია. არ არსებობს ტენდენცია შერიგებისკენ. ადამიანები, რომლებიც უკიდურესად დაინტერესებულნი არიან შერიგებაში, თითებზე ჩამოსათვლელია. ახალმოწესეები ყველა ღონეს მიმართავენ აწარმოონ დიალოგები ვისთანაც გინდა, კათოლიკეებიდან მოყოლებული ვუდუს აფრიკული სექტებით დამთავრებული (ამისი დასტურია მიტრ. პიტირიმეს ლოცვა ასიზში, ყველა ჯურის მწვალებელთან ერთად) (სხვათა შორის, ამ ლოცვაში მონაწილეობას ღებულობდა საქართეველოს ახალმოწესე "მართლმადიდებელი" ეკლესიის სასულიერო წარმომადგენელიც - მთარგმნ.), ოღონდ არა ძველმოწესეებთან. საზოგადოდ, არ არსებობს არანაირი დაინტერესება იმაში, რომ 1971 წლის კრების მიერ ჩაყრილ თესლს რაიმე ნაყოფი გამოეღო. ერთადერთი უბადრუკი მცდელობა მოეწყოთ დიალოგის მაგვარი რამ იყო, 1999 წლის მარტის თავის მომაბეზრებელი მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, თუ ძველმოწესეები უარს იტყვიან თავიანთ კრიტიკულ შეხედულებაზე ნიკონის რეფორმებთან დაკავშირებით, მათ, მაგალითად, უფლებას მისცემენ "ადგილობივ საეკლესიო ხელისუფლებასთან შეთანხმებით, მოილოცონ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფი სიწმინდენი (სასწაულთმოქმედი ხატები, წმინდანთა ნაწილები და ა. შ.), და მათ წინაშე გადაიხადონ პარაკლისების". რა არის ეს, განყოფის ჭეშმარიტი მიზეზების არცოდნა, არგეგება თუ ედინოვერცული უნიის მორიგი მცდელობა?

და, საერთოდ, ესენი ვინად მიიჩნევენ ძველმორწმუნეებს? ნუთუ მათ რეალურად შეუძლიათ დაუშვან აზრი, რომ ძველმოწესეობა საეჭვო, "ტაბლიდან დაცვენილი ნასუფრალის" (მთ. 15:27) გამო, დავიწყებას მისცემენ თავიანთ იდეალებს, რომლებიც მრავალასწლოვანი მოწამეობრივი სისხლით არის ნაკურთხი?

ადრე პრინციპები ოცდაათ ვერცხლად იყიდებოდა, ახლა კი გაცვლა-გამოცვლაში გვთავაზობენ წმინდანთა ნაწილებსა და ხატებს, რომლებსაც სულიერი პრინციპების გარეშე, თავისთავად არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ.

ყველაზე კომიკური კი ყოველივე ამაში ის არის, რომ არსებითად, მს-ს სასულიერო დასი არავის ზღუდავს მათი სიწმიდეების მოლოცვაში. მაგალითისთვის შეგვძლია დავიმოწმოთ, სერგიევო-პოსადის ან კიევო-პეჩორის ლავრები. ახალმოწესეთა რელიგიური ინდიფერნტულობა ისეთია, რომ ისინი თავიანთ ტაძრებში უშვებენ ყველას და არც კი აინტერესებთ, ტაძარში ვინ შემოდის - მართლმადიდებელი თუ ერეტიკოსი.

ახალმოწესეთა და ძველმოწესეთა მრავალწლოვანმა იზოლაციამ ერთმანეთს შორის თავისი საბედისწერო როლი ითამაშა: მს-ს სამღვდელოება თავის შეხედულებას ძველმოწესეობაზე ძირითადად აფუძნებს უხარისხო (ცხადია შინაარსობრივი თვალსაზრისით - მთარგმნ.) წიგნებს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა მელნიკოვ-პეჩორელი, ან კიდევ იშვიათ და ზედაპირული კონტაქტებს. სწორედ ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, მს-ს ძველმოწესეებთან შერიგებისკენ გადმოდგმული ნაბიჯი გულწრფელიც რომ იყოს, ის საწესჩვეულებო კომპრომისის სულისკვეთებით არის გამსჭვალული და ამიტომაც წინასწარ განწირულია წარუმატებლობისთვის.

ძველმოწესეებს დღემდე უყურებენ, როგორც წესთმორწმუნეთ, როგორც ნახევრადწარმართებს. სწორედ ამიტომ, დაახლოება იწყება არა პატრ. ნიკონის რეფორმის საჭიროების თუ საფუძველიანობის საღვთისმეტყველო გააზრებით, არამედ, მაგალითად, სინოდის 1999 წლის 4 ივნისის შემდეგი დადგენილებით: "ორგანიზებულ იქნას ძველმოწესეებთან ერთობლივი საეკლესიო გალობის საღამოები". ეს არის პრობლემის გასაოცარი ვერგაგება! რომელ გალობაზეა ლაპარაკი? ძველმოწესეები სქიზმატიკოსები თუ არიან, განა შეიძლება მათთან ერთად საეკლესიო საგალობლების შესრულება?! თანაც, არის კი ჯეროვანი ლიტურგიკული გალობებით, რომლებზეც კათაკმევლებიც კი არ დაიშვებიან, მოაწყონ საერო კონცერტი? ჭეშმარიტად, რუსულმა ქრისტეანობამ თავისი სულიერი დაცემის აპოგეას მიაღწია! ეს არის საკრალური, ლიტურგიკული ცხოვრების სრული გაამსოფლიურება.

უნებურად იფიქრებ კიდეც, ერთგვარი ხრიკი ხომ არ არის ძველმოწესეთა წინაშე მთელი ეს კეკლუცობა, კრებითი გადაწყვეტილებები და მემორანდუმები? საიდან უბერავს ქარი? ვინ დგას ამ "ძველ-ახალ მოწესეთა" დიალოგის უკან? შევხედოთ ფაქტებს.

არავისთვის უცნობი არ არის, რომ 1971 წლის მოხსენება ძველი წესების წინააღმდეგ გამოთქმული კრულვების მოხსნის თაობაზე გააკეთა ისეთმა ოდიოზურმა მღვდელმთავარმა, როგორიც იყო მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი (როტოვი). ამ ადამიანზე რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდგომში რსმე - მთარგმნ.) დეკანოზმა ლევ ლებედევმა მოიტანა საკმაოდ საინტერესო მოწმობა: "გამახსენდა ერთი უკრაინელი კათოლიკე მღვდლის, ვ. ოგოროდნიკოვის სტატია სათაურით "კათოლიციზმის შესახებ რუსეთში", რომელიც გამოქვეყნებული იყო თვითგამოცემით ჟურნალში "Бюллетень христианской общественности" (1987 წ. № 2). ავტორი ერთი პერიოდი იყო ზემოთხსენებული მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის თანამესაკნე და მასთან ჰქონია მრავალი გულახდილი საუბარი. ის წერს, რომ "მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი ყოველთვის იყო გულწრფელი კათოლიკე და საიდუმლო კათოლიკე ეპისკოპოსი. ახლა გასაგებია, რატომ გარდაიცვალა იგი არა სადღაც, არამედ რომის პაპის ხელებში".

ძველმოწესეებთან "დიალოგი" დაიწყო როტოვმა, ხოლო იმავე მოჩვენებითი ღვთისმოსაობის სულისკვეთებით აგრძელებს სახელგანთქმული, ზემოთხსენებული მემორანდუმის მამა მიტროპოლიტი (აწ უკვე პატრიარქი - მთარგმნ.) კირილე (გუნდიაევი). მიტრ. კირილეზე და მს-ში არსებულ სიტუაციაზე, იგივე დეკანოზი ლევ ლებედევი მოწმობს: "ერთხელ გამახსენდა როგორ მარწმუნებდა სმოლენსკის არქიეპისკოპი კირილე (წარსულში ასევე ნიკოდიმოსის თანამესაკნე) იმაში, რომ მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის, არსებითად, არავითარი განსხვავება არ არსებობს; ამასვე მიმტცკიცებდნენ სხვა მღვდელმსახურნიც, რომლებიც ასე თუ ისე ნიკოდიმოს როტოვთან იყვნენ დაახლოვებულნი. ცხადი გახდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს სამღვდელოებასა და ეპისკოპატში მოქმედებდა საიდუმლო კათოლიკეთა მტკიცედ შეკრული და აქტიური ჯგუფი".

ამრიგად, "ძველ-ახალმოწესეთა" დიალოგის წარსულ და ახლანდელ ლიდერს ახასიათებენ როგორც საიდუმლო კათოლიკეებს. ამის შემდეგ განა არ დაფიქრდები, კათოლიკეებმა ხომ არ მოაწყვეს განხეთქილება XVII საუკუნის რუსეთის ეკლესიაში (ამის შესახებ იხ. ბ. კუტუზოვის. "XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია?" - მთარგმნ.) არამზადა და აშკარა პაპისტის, პაისი ლიგარიდის მეშვეობით და ისინი ხომ არ დგანან ძველმოწესეების მიმართ გამოჩენილი ამ მოჩვენებითი დათბობის უკან? 1971 წლის მიერ მიღებული დადგენილებაც კრულვათა მოხსნის შესახებ არ მომხდარა მათი მონაწილეობის გარეშე, - კრებას ესწრებოდა პაპის პირადი ლეგატი, ეპისკოპოსი იოანე, ვილლებრანსელი კარდინალი, მს-სა და რომს შორის დიალოგის უმთავრესი მონაწილე; სხვათა შორის, იქ იყვენ აგრეთვე ყოველგვარი მწვალებლური და სექტანტური საზოგადოებების წარმომადგენლები. ხოლო "ძველ-ახალმოწესეთა" დიალოგის ამჟამინდელი ორგანიზატორი, მიტრ. კირილე გუნდიაევი, რომელსაც კათოლიკეების მიმართ განსაკუთრებული სიმპათია გააჩნია, არის უნგრეთის რეფორმატორული ეკლესიის ღვთისმეტყველების დოქტორი honoris causa* (ამ წოდებას მეცნიერებსა და თეოლოგებს ანიჭებენ გარკვეული დამსახურებებისთვის, დისერტაციის დაცვის გარეშე - მთარგმნ.). ეს ტიტული მწვალებლებმა მას მიანიჭეს 1987 წელს. ამასთან მიტროპოლიტ კირილეს საღვთისმეტყველო შეხედულებები გაუთანაბრეს ანგელიკანების ბელადის, კენტერბერიის არქიეპისკოპოსის რობერტ რანსის მსოფლხედველობას და რანგით მის გვერდით დააყენეს (იხ. ЖМП №7; 1988 г., стр. 69).

არა მხოლოდ "ძველ-ახალმოწესეთა" დიალოგის იდეოლოგებმა "ისახელეს" თავი როგორც ფარულმა კათოლიკეებმა, არამედ ძველმოწესეებთან შეერთების მათი მოდელიც ბრესტის უნიის ზუსტი ასლია. კათოლიკეებმა მაშინ ნება დართეს მალოროსებს შეენარჩუნებინათ თავიანთი საღთვისმსახურებო თავისებურებები იმ პირობით, რომ მიიღებდნენ კათოლიკურ სწავლა-მოძღვრებას. "ედინოვერობის" (ძველმოწესეთა უნია ახალმოწესე-ნიკონიანელებთან - მთარმგნ.) არსიც იგივეა. ისინი იყვნენ აღმოსავლური წესის კათოლიკეები, ესენი კი არიან ძველი წესის ნიკონიანელები.

მიუხედავად იმისა, რომ ძველმოწესეები - "ტყიური ხალხია", ჩვენთვის ცნობილია მს საღვთისმეტყველო შეხედულებები. იქ, სადაც რომს დადებითად იხსენიებენ, არაფერ კარგს არ უნდა ელოდო. თანაც, განა ლოგიკურია რაიმე პოზიტიური შედეგი მიიღო იქ, სადაც მხარეები ერთმანეთს არ ენდობიან.

თანამედროვე ახალმოწესეთა მაღალი ეშელონებისთვის მნიშვნელობა არა აქვს ვისთან აწარმოებენ "ძმურ" დიალოგს და ვისთან შეკრავენ უნიას. ამის დამამტკიცებელია შამბეზის უნია მონფიზიტებთან 1990 წელს, ბალამანდის უნიდა კათოლიკეებთან 1993 წელს, ახლა კი მემორანდუმი ძველმოწესეებთან...

ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ თვით ძველმოწესეებს შორის აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებიც წამოეგნენ ამ სუროგატული შერიგების ანკესს. ვინ იფიქრედა, რომ მათ, ვინც ყველაზე უფრო ესხმის თავს ჩვენს ეკლესიას და ცილისმწამებლურად უწოდებს მას "ნიკონიანელთა მეხუთე კოლონას", სწორედ მათ მოიწონეს ეს აბსურდული მემორანდუმი.

პირველნი, ვინც ამ ანკესზე წამოეგო და ხელი მოაწერა მემორანდუმს და ახალმოწესეებთან ევქარისტულ ერთობაშიც კი შევიდა, იყვნენ ლატვიელი ბეზპოპოვცები. მაგრამ მსგავსი აბსურდი უმრავლესობამ შეაფასა როგორც გამყიდველობა და მემორანდუმი, ბოლოს და ბოლოს უარყოფილ იქნა.

მეორენი, ვისაც მოეწონა მს-ს ქონებრივ-სამომლოცველო დაპირებები, აღმოჩნდნენ ბელოკრინიცელი ძველმოწესეები. 1999 წლის 18 თებერვალს, მიტროპოლიის საბჭოზე მათ მოიწონეს ეს იდეა, მხოლოდ, მემორანდუმში შეიტანეს ზოგიერთი შესწორება. დიახ, რას არ გააკეთებ "ბარაქიანი საძოვრებისთვის"! კიდევ კარგი, ბელოკრინიცელებთან ხალხი მღვდელმთავრებზე უფრო გონიერი აღმოჩნდა და უარყო ეს უაზრო მემორანდუმი.

და საერთოდ, ძველმართლმადიდებელთაგან მხოლოდ ისინი ყლაპავენ ნიკონიანელთაგან გადმოგდებულ ამ ანკესს, რომლებიც ძველ წესებს ეკიდებინა გრძნობისმიერად, ესთეტიკური მოსასრებებით და მათში მხოლოდ გარეგნული სილამაზის მეტს ვერაფერს ხედავენ.

განხეთქილება ძველი წესების შეჩვენებითა და წყევლა-კრულვით როდი დაიწყო, არამედ ასმუხლიანი კრების მიერ ანათემირებული ახალი და წმიდა საეკლესიო გადმოცემებისათვის უცხო ჩვეულებების დამკვიდრებით. ამიტომაც, კრულვების მოხსნა არსებითად, პრობლემას არ ხსნის.

ნუ იფიქრებთ, ძვირფასო ძმებო, რომ ან მე ან რომელიმე ადამიანს, ვინც თავს მიიჩნევს ქრისტეანად, ახარებდეს განხეთქილებას. არ არის გამორიცხული, რომ მს-ს იერარქებს ამოძრავებდათ გულწრფელი გრძნობები, როდესაც ისინი ცდილობდნენ დიალოგის დაწყებას ძველმოწესეებთან. ჩვენთვის უცნობია, რა გახდა ამგვარი ნაბიჯების ჭეშმარიტი მიზეზი, მაგრამ უეჭველია რომ ეს იყო დაუფიქრებელი ნაბიჯები.

ყველაფერი ხდებოდა ძველმოწესეობის შინაგანი მდგომარეობის სრული ვერგაგების პირობებში. განხეთქილების მიზეზი რომ მხოლოდ წეს-ჩვეულებები ყოფილიყო, მაშინ ყველაფერი ედინოვერობის მეშვეობით გადაწყდებოდა. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ედინოვერობა ძირითადად ნარჩუნდებოდა სახლმწიფო მხარდაჭერით, და არა ხალხის აღიარებით. სულმოკლე ან დაშანტაჟებულ ძველმოწესეთაგან ხელოვნურად შეკოწიწებული ეკლესია, რომელსაც ამარაგებდნენ რეფორმიდან მოყოლებული, ძველმოწესეებისთვის წართმეული ქონებით, მან, როგორც კი დაჰკარგა ხსენებული მხარდაჭერა, ხუხულასავით დაემხო. ამჯერად, ედინოვერცობაში მონაწილეობს არა უმეტეს ორი ათეული ედინოვერული სამრევლოსი.

რას უნდა ველოდოთ მომავალში? რა გვსურს და რისკენ მივისწრაფვით? როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი გამთანგველი სქიზმის დაძლევა?

1971 წლის კრების საქმეებში ახალმოწესეებმა დაწერეს, რომ უარყოფენ ძველ წესებთან დაკავშირებულ ყველა შეურაცხმყოფელ გამონათქვამს. დიდება ღმერთს! მაგრამ საჭიროა არ მარტო ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა და ბუტბუტი იმისა, რომ თურმე "შევცდით, ყველაფერში ცარიზმია დამნაშავე", და ყოველგვარი დაფარვის გარეშე, უსირცხვილოდ მოუყვე დღევანდელ თაობას როგორ დასცინოდნენ ახალმოწესეობის წინაპრები რვაკიდურიან ჯვარს, როგორ წვავდნენ მას და ჭრიდნენ, როგორ შეურაცხყოფდნენ ქრისტეს სახელს - იესუ და მკრეხელურად, წარმართ დესპოტთა მსგავსად ძალდატანებით ასხამდნენ ძველმოწესეებს საკუთარ "ზიარებას". როგორ ართმევდნენ მათ საკუთარ ტაძრებს, წვავდნენ მათ მოხუცებს, ქალებს და ბავშვებსაც კი. როგორ ჩადიოდნენ ათასგვარ სისაძაგლესა და ბოროტებას.

ზედაპირული გამონათქვამები კი არ უნდა დაედოს საფუძვლად ერთობას, არამედ კონკრეტული ქმედებებისა და სახელების სახალხო და ხმამაღალი დაგმობა. რადგან, უბრალოდ საერო ხელისუფლება კი არ დევნიდა და აბუჩად იგდებდა ძველმოწესეებს, არამედ გაგულქვავებული მღვდლები და მღვდელმთავრები ხელმძღვანელობდნენ და ახორციელებდნენ მთელს ამ გენოციდს.

ქრისტეანებს ანადგურებდნენ იმისთვის, რომ ისინი იცავდნენ მართლმადიდებლობას. რადგან ის, რასაც ძველმოწესეები იცავდნენ, ის, რისთვისაც მათ ხოცავდნენ სამასი წლის განმავლობაში, მათი მადევრების შთმამომავლებმა 1971 წელს მაცხოვნებლად აღიარეს. რომანოვებმა აღმართეს თავიანთი მახვილი ძველმოწესეების წინააღმდეგ, თუმცა თავისი როლი ამაში შეასრულეს ისეთი ცნობილი პიროვნებების წასისინებამ, როგორებიც იყვნენ პატრიარქი ნიკონი, მიტრ. დიმიტრი როსტოველი, ეპ. პიტირიმე ნიჟეგოროდელი, ეპ. ისიდორე კოლოკოლოვი და საეკლესიო სიახლეთა და სიძველეთმოძულეთა სხვა დამცველები.

როდესაც ადამიანი ნანობს თავის ცოდვას, უბრალოდ კი არ ამბობს: "მე შევცოდე", არამედ ამხელს საკუთარ თავს, ააშკარავებს თუ რაში გამოიხატება მისი ცოდვა, ზუსტად ასე უნდა გაკეთდეს აქაც. გავიხსენოთ წმ. იოანე წინამორბედის სიტყვები, რომელიც მიმართული იყო იუდეველ პირმოთნე სასულიერო პირთადმი: "იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო მომავალ რისხვას?" (მთ. 3:7-8). ღმერთმა გვაშოროს, ჩვენი მისამართითაც მოვისმინოთ მსგავსი სიტყვები.

აუცილებელია ვთხოვოთ ღმერთს ყოველივე ამისთვის პატიება, ვაღიაროთ ეს უმძიმესი ცოდვები, ამის შემდეგ კი მოწვეულ უნდა იქნას საყოველთაო კრება და განხილულ იქნას ყველა ცალკეული კანონიკური, საწესჩვეულებო და ადმინისტრაციული საკითხი.

დამიჯერეთ, ძმანო, სალაპარაკო ბევრია, მაგრამ ნიკონის რეფორმის სიმცდარის და მავნებლობის აღიარების გარეშე, ასევე ძველმოწესეთა წინააღმდეგ აღსრულებული გენოციდის შესახებ პატიოსანი აღიარების გარეშე, მშვიდობა ჩვენს შორის, ვაი, რომ აღარ დამყარდება.

გარდა ამისა, აუცილებელია სერიოზულად იქნეს განხილული საკითხი - შესაძლებელია თუ არა ერთდროულად ძველი და ახალი წესების გამოყენებით მშვიდობის შენარჩუნება. როგორ და რა სახით შეიძლება მათი თანაარსებობა, და შეიძლება კი საერთოდ? არ არის საჭირო პანიკაში ჩავარდნა და მტკიცება იმისა, რომ "ძველმოწესეებს სურთ გააძველმეწესეონ სამი თითით პირჯვრისმაწერალნი". არა. მაგრამ, თუკი ასმუხლიანი კრების კანონიკურობა 1971 წლის კრებამაც აღიარა, ხოლო ასმუხლიანმა კრებამ ანათემას გადასცა თითების ყოველი სხვაგვარი წყობა ორთითიანი წყობის გარდა, მაშინ, ამ საკითხის გადასასინჯად და გადაწყვეტილების მისაღებად ერთობლივი, შემრიგებლური კრებაა საჭირო.

მიდიან წლები, ახალმოწესეები კი ჯიუტად არ აღიარებენ განხეთქილებაში თავიანთი წინაპრების დანაშაულს. ჯიუტად არ სურთ გააგებინონ თავიანთ სამწყსოს ნიკონის რეფორმების მთელი აბსურდულობა და მავნეობა.

მთელი ამ წლების განმავლობაში ახალმოწესეებს არ გამოუციათ არც ერთი ბროშურა, რათა განემარტათ თავიანთი მცირედგანათლებული მრევლისთვის 1971 წლის კრების არა თუ აზრი, არამედ თვით არსებობის ფაქტიც კი.

გადაშალეთ ნებისმიერი კატეხიზმო, და თქვენ ნახავტ, რომ განყოფილებაში, რომელიც პირჯვრისწერას ეძღვნება, მოცემულია ინფორმაცია მხოლოდ სამი თითით პირჯვრისწერის მართებულობის შესახებ, ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ კი სიტყვაც არ არის ნათქვამი. მაშ, ძველი და ახალი წესების რომელ თანასწორობაზეა ლაპარაკი?

მეტიც, ფანატიზმი და ფობია ძველმართლმადიდებლობისადმი ახალმოწესე ნეოფიტებსა და მამებში იმდენად დიდია, რომ თვით თავიანთ ძველმოწესე-ედინოვერცებსაც კი მწვალებლებად მიიჩნევენ. და ისინიც ხურდას უბრუნებენ, - თავიდან გადანათლავენ წყალპკურებით თუ წალგადავლებით მონათლულ ქრისტეანებს, რომლებიც მეზობელი ახალმოწესეობრივი სამრევლოებიდან გადმოდიან მათკენ და ავიწყდებათ, რომ მს-ში წყალგადავლებითაა მონათლული ეპისკოპატის თითქმის ნახევარზე მეტი.

ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი მოწოდება სრულიად რუსეთის კრების მოსაწვევად, სადაც ყველა საჭირბოროტო საკითხის განსახილველად, თანაბარი უფლებებით, მონაწილეობას მიიღებდნენ ძველმოწესეებიცა და ახალმოწესეებიც. არავითარი სურვილი გულწრფელად იქნეს შეგნებული 1971 წლის კრების დადგენილების მნიშვნელობა.

არადა ბევრია ისეთი საკითხი, რომელზეც საჭიროა დაფიქრება. ნიკონის რეფორმასა და ძველი წეს-ჩვეულებების კრულვას იმით ხსნიდნენ, რომ თითქოსდა ამ წესებში მოაზრებული იყო მწვალებლობა. სწორედ ამიტომაც არის, რომ ასეთ ღვარძლს ანთხევს ძველრუსულ საეკლესიო წეს-განგებათა და ძველ საეკლესიო გადმოცემათა მიმართ "რასკოლთან" მებრძოლი ასობით ახალმოწესე მისიონერი. 1971 წლის კრებამ დაადგინა ეს ყოველივე ჩაეთვალათ უგუნურებად და ისე, "თითქოსდა არც მომხდარიყო". ამასთან შესაბამისად აღიარებულ იქნა, რომ ნიკონის რეფორმებს არ გააჩნდათ არც საღვთისმეტყველო და არც რაიმე აუცილებელი საფუძველი. რადგან, თუკი ძველი წეს-განგებები სრულიად მაცხოვნებელი იყო, რაღა საჭირო იყო მისი "შესწორება" და რეფორმები?

როდესაც ვაკვირდებით მს-ს იერარქთა გარეგნულ კეთილდღეობას, გვინდა დავიჯეროთ მათი სიტყვების, რომ დღეს მათ ჩვენდამი გააჩნიათ ძმური სიყვარული, მაგრამ, იმ კანონიკურმა განუკითხაობამ, სიმონიამ, მევაჭრეობამ რომელმაც შთანთქა მთელი ახალმოწესეობა, გვაიძულებს შევიკავოთ გრძნობები და უფრო საკუთარ თვალებს ვენდოთ, ვიდრე ყურებს.

საყოველთაო სიბრმავე შესაძლებლობას არ აძლევს ახალმოწესეთ ისმინონ თავიანთ მამხილებელთა ხმებიც კი. ჯერ კიდევ რევოლუციამდე გამოჩენილმა ახალმოწესე ღვთისმეტყველმა, ვიშნის უდაბნოს დაყუდებულმა ბერმა თეოფანემ (გოვოროვმა) ასე იწინასწარმეტყველა დღევანდელ დროებასა და დღევანდელ ახალმოწესეებზე: "სახარება ყველასთვის იქნება ცნობილი, მაგრამ ერთი ნაწილი განუდგება მას, მეორე კი - უმეტესი - გახდება მწვალებელი, შეუდგებიან არა ღმრთითგადმოცემულ სწავლებას, არამედ საკუთარ გამონაგონს, თუმცა აგებულს წმიდა წერილის სიტყვებით. ამ თვითგამოგონილ სარწმუნოებებს არ ექნება რიცხვი... მათი რაოდენობა ახლაც მრავალრიცხოვანია, მაგრამ იმ დროს კიდევ უფრო მეტი იქნება. როგორიც იქნება სახელმწიფო, ისეთივე იქნება აღმსარებლობაც, როგორიც ოლქი, ან როგორიც ქალაქი, ან სოფელი და ბოლოს რამდენი თავიცაა იმდენი შეხედულება გაუჩნდებათ. თვითონ გამოიგონებენ სარწმუნოებას, ხოლო ღმრთითგადმოცემულს, მოციქულთაგან ბოძებულს კი უარყოფენ. მაგრამ ამათშიც კი მცირედნი როდი იქნებიან მხოლოდ სახელით მართლმორწმუნენი, გულით კი დაშორებულნი ჭეშმარიტებას... ქრისტეანობის სახელი ყველგან იქნება გავრცელებული, და ყველგან ააშენებენ ტაძრებსა და საეკლესიო სალოცავებს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ გარეგნულად, შინაგანად კი აღსავსე იქნებიან განდგომილებითა და სიბილწით".

და მართლაც, ახალმოწესეებმა აღავსეს თავიანთი ტაძრები ფეტიშიზმის ყველაზე უხეში ფორმებით, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ყველგან, ვაჭრობენ ყოველგვარი "მართლმადიდებლური" თილისმებით და "საეკლესიო" ორდენებს ჩამოჰკიდებენ ათასი ჯურის დამნაშავეებს.

ირღვევა კანონთა უმეტესი ნაწილი, გაქელილია თვით ეკლესიის იდეა, ახალმოწესეებმა თავისი ქრისტეანები დაინაწილეს კასტებად, რომლებიც შედგებიან მოგვებად და მრევლად, რომლის სწავლება, ხელმძღვანელობა სულაც არ არის აუცილებელი; არ არის აუცილებელი მასზე ზრუნვა და მისი აღზრდა, სამაგიეროდ მისი "გაკრეჭა", "ჩამოწველვა" და მოტყუება არის შესაძლებელი.

იტყვით რომ ეს ტყუილია? არა! სამწუხაროდ ეს არის მწარე სიმართლე. ეწვიეთ პრაქტიკულად ნებისმიერ ახალმოწესეობრივ ტაძარს და თვითონ დარწმუნდებით როგორ ინტერესს გამოიჩენენ თქვენდამი, თანაც დააკვირდით, რაში იქნება ეს ინტერესი გამოხატული.

ნებისმიერი დამნაშავე, ლოთი, ნარკომანი, ოლიგარქი და მსგავსი სიბინძურე თავს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევს. და მოგვები მათ ლოცავენ, უშვებენ რა მათ ტაძრებში, განურჩევლად აზიარებენ ყველა საეკლესიო საიდუმლოს და მოპარულ თუ "პატიოსნად" ნაშოვნ ფულებს სცინცლავენ.

მეტყვით, რომ ყველა როდი იქცევა ასე. დიახ, თუმც ცოტანი, მაგრამ გულწრფელი მღვდლები მაინც არსებობენ და მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მთელმა რუსეთმა იცის მათი სახელები. მათთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ უფრო ადვილია მართლის გამოყვანა სოდომიდან, ვიდრე მის გამო აიტანო უმრავლესობის უკეთურება.

მაგრამ, მიუხედავად ასეთი დაცემულობისა, ახალმოწესეები აგრძელებენ "ღრუბლებში ფრენას" და გულუბრყვილოდ სჯერათ რომ არიან მართლმადიდებლები და არ არიან დასვრილნი არანაირი მწვალებლობებითა და ცოდვებით.

რა არის სატრაბახო წმინდანთა სიმრავლეში, როდესაც ჯერ კიდევ არ დამდგარა განკითხვის დღე და არავინ იცის, ყველა ამ "კანონიზირებულ" "წმინდანზე" რას იტყვის ღმერთი?!

რა არის სატრაბახო და საამაყო წევრთა სიმრავლეში? ბოლშევიკთა დევნულებამ აჩვენა, სინამდვილეში რამდენი ქრისტეანია რუსეთში და ახლაც კი ტაძრები თითქმის ცარიელია. ურწმუნოთა და სარწმუნოებრივად მოუმზადებელ და გაუნათლებელ ადამიანთა მასობრივი ნათლობებმა კი არ გაამრავლა მის წევრთა რაოდენობა, არამედ უბრალოდ წარხოცა ზღვარი მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის.

რა არის საქებარი ხელისუფალთა კეთილგანწყობაში, როდესაც წმიდა წერილი ამბობს: "მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს" (იგავთა 21:1)?

რა არის სატრაბახო განსწავლულობასა და თვითგამოგონილი ჯილდოებით მკერდის მშვენებაში, თუკი "ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი" (1 კორ. 1:27)?

სატირალია, რომ ადამიანებმა, ქრისტეანებმა, დაივიწყეს თავიანთი დანიშნულება და ყელში აფრინდებიან ერთმანეთს თავიანთი პირველობისთვის, გვარ-ტომობისთვის, ფულისა და ძალაუფლებისთვის, არადა სახარება ამბობს, რომ ადამიანები განისჯებიან მათი საქმეების და არა წარმომავლობის და გვარტომობის მიხედვით.

მოდი შევჩერდეთ! მოდი გავწმინდოთ ეკლესია შემთხვევითი ადამიანებისგან, დავიცვათ კანონები, ვემსახუროთ ერთმანეთს სიყვარულით და უფლის სახარებისეულ მცნებათა აღსრულებით. რადგან იქ, სადაც არ არის სახარებისეული ცხოვრება, იქ ვერაფერს გიშველით ფუფუნება და ოქროს გუმბათები. ღმრთის წინაშე ეს ყოველივე არის ბუტაფორია, ბინძური და გულისამრევი სპექტაკლი, ხოლო მღვდლები, რომლებიც არ ზრუნავენ თავიანთ სამწყსოზე - არიან მგლები: "პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება" (ეს. 29:13); "რად მინდა საბადან მოტანილი საკმეველი და შორეული ქვეყნის ტკბილი ლერწამი? თქვენი აღსავლენი აღარ მეამება, თქვენი მსხვერპლი აღარ მეტკბობა" (იერ. 6:20).

შევძრწუნდეთ უფლის რისხვით, დაუტევოთ მავნე განხეთქილებანი და ერთად, ერთობლივი ძალისხმევით დავიწყოთ იმისი შეგროვება, რაც განაბნიეს ჩვენმა მამებმა; მოდი შევწყვიტოთ ისედაც დაწყლულებული და დასისხლიანებული ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის ძიძგვნა, რომელიც არის ქრისტეს ჭეშმარიტი და უბიწო პატარძალი.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому