აპოლოგეტიკა - რა არის ძველმართლმადიდებლობა? - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
ი. ნ. ნაგოვიცინი

რა არის ძველმართლმადიდებლობა?
ძველმართლმადიდებლობა
რა არის ძველმართლმადიდებლობა? როგორ და როდის აღმოცენდა იგი? რაში მდგომარეობს არსი ამ მოვლენისა? გამოკვეთილია თუ არა სულიერი სხვაობა ძველმართლმადიდებლობასა და ოფიციალურ "მართლმადიდებლობას" შორის? სხვაობა მართლაც რომ შინაგან, სულიერ არსშია და არა გარეგნულ ფორმებში. გაბატონებული ეკლესიის, - როგორც მისი პარტრიარქისა და ეპისკოპოსთა, ასევე ცალკეულ პიროვნებათა, - დამოკიდებულება ძველმართლმადიებლობისადმი არ არის მყარი და მკაფიოდ განსაზღვრული. ზოგიერთ მათგანს ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ლამის ქრისტეს მტრებად ჰყავს დასახული, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ისინი "მსოფლიო მართლმადიდებლობის" ყველაზე ღრმადმორწმუნე და ერთგული ნაწილია.

ორი ათასი წლის წინათ აღსრულდა მოვლენა, რომელმაც დასაბამი მისცა ახალ ერას მთელს კაცობრიობაში. აღსრულდა ღმრთის აღთქმა, აღსრულდნენ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი - სამყაროს მოევლინა კაცთა მოდგმის მაცხოვარი. თვით უფალი, ძე-ღმერთი განკაცდა დედამიწაზე, რათა აღადგინოს დაცემული ადამიანური ბუნება, რომელიც პირველდაწყებითი ცოდვით დაზიანდა, და გაუხსნას კაცობრიობას ცხოვნების გზა მასთან (ქრისტესთან) თანაზიარობით.

ქრისტეს მოწაფეებმა მთელს ქვეყნიერებას ახარეს კაცობრიობის ცოდვის წყევისგან გამოხსნის ამბავი და ქრისტეს ნათელს აზიარეს მრავალი ერი. ძნელად თუ მოიპოვება დედამიწაზე ისეთი ადგილი, სადაც არ სმენიათ ღმრთის სიტყვა და არ მიუღიათ სახარებისეული ნათელი. ბიბლია დედამიწის თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. ორი ათასი წლის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა დადო თავი ქრისტეს სარწმუნოებისთვის. მილიონობით ადამიანი ახალაღთქმისეული კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე მიიჩნევდა და მიიჩნევს საკუთარ თავს ქრისტეს მიმდევრად.

თავისი ამაღლების შემდეგ იესუ ქრისტემ დედამიწაზე დატოვა მხოლოდ ერთი, უბიწო და უცვალებელი ეკლესია! მან სულიწმიდის მადლით მან აკურთხა წმიდა მოციქულნი და უბრძანა, ექადაგათ სახარება ყველა ხალხებს შორის. ეკლესიისთვის კი აღუთქვა, რომ "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ მას" (მათე 28 : 20). მაცხოვრის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ორი ათასი წელია, რაც დედამიწაზე არსებობს მისი ჭეშმარიტი ეკლესია. ის არის მისი უბიწო პატარძალი, რომელიც მარადის მყოფობს მასთან, ჭეშმარიტი სწავლებისა და გადმოცემის ერთგული, არაფერს ცვლის თავის "საქორწილო შესამოსელში".

ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს, როდესაც სულიწმიდა გადმოვიდა მოციქულებზე, დედამიწაზე გაცხადდა ეკლესიის მთელი სისრულე. ეკლესია ეს არ არის მხოლოდ ადამიანთა დაჯგუფება ან ორგანიზაცია, არამედ, უპირველეს ყოვლისა - ეს არის ღმრთის მორჩილ ადამიანთა მადლისმიერი ერთობა. ათასი წელი (XI საუკუნემდე), მიუხედავად ცალკეული სქიზმებისა, შინაგანი დაპირისპირებებისა და ზოგიერთი უთანხმოებისა, ეკლესია იყო ერთიანი.

რუსეთის გაქრისტეანების მომენტისთვის (988 წ.), მართალია, ის პირობითად იყოფოდა დასავლეთის (რომისა) და აღმოსავლეთის (ბიზანტიის) ეკლესიებად, მაგრამ ყოველმხრივ იყო ერთიანი. ემორჩილებოდა წმიდა კრებებს, ეკლესიის მთელ სისავსეს. ეს ერთობა შეკრული იყო ერთი წმიდა წერილით - ბიბლიით, და ერთი წმიდა გადმოცემით - წმიდა მოციქულთა, შვიდი მსოფლიო, ცხრა ადგილობრივ კრებათა და ცალკეულ წმიდა მამათა დადგენილებებით. საკრებო დადგენილებები შევიდა წიგნში, რომელსაც ეწოდა "დიდი რჯულისკანონი" (იგივე "ნომოკანონი") - რომელიც გახდა თავისებური საეკლესიო კანონი. პირველივე საუკუნიდან დღემდე ეკლესიის უზენაესი ხმა - ეს არის საეკლესიო კრება - მისი განწესებები და დადგენილებები.

XI საუკუნისთვის ეკლესიის დასავლურმა ნაწილმა დაკარგა ჭეშმარიტი სარწმუნოების სიწმინდე, წინ აღუდგა საერთო-კრებით დადგენილებებს, ცვალა დოგმატები და მოითხოვა მსოფლიო ლიდერობა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ რომის იერარქია მოციქულ პეტრეს დაფუძნებული იყო. 1054 წელს პაპისტურმა იერარქიამ ანათემას გადასცა დასავლურ სიახლეთა უარმყოფელი ყველა მართლმადიდებელი. შედეგად, ეკლესია იძულებული გახდა, ეღიარებინა რომის კათედრის გამოყოფა ეკლესიის ერთობისგან. მართლმადიდებლობამ ამხილა რომი მწვალებლურ გადახრებშიც. ეკლესიის აღმოსავლური ნაწილი თავისი მისწრაფებებითა და პრინციპებით, შეენარჩუნებინა ჭეშმარიტი სარწმუნოების სიწმიდე და დაეცვა ძველი გადმოცემები, სახარებისეულ სწავლებაში, გადმოცემათა, წმიდა მამათა სწავლებათა და მსოფლიო კრებათა განწესებების დაცვაში დარჩა მკაცრად ორთოდოქსული (მართლმორწმუნე).

რუსეთის ეკლესია დასავლეთისა და აღმოსავლეთის განყოფამდე აღმოცენდა. მან ჯერ კიდევ ერთიანი, მთლიანი და განუყოფელი ეკლესიისგან მიიღო სარწმუნოება, დოგმატები, საეკლესიო წყობა, წიგნები და საგალობლები. ჩვენი ეკლესია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ექვემდებარებოდა ბერძნულ საეკლესიო იერარქიას. მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის მიტროპოლიტებს ხელს ასხამდნენ ბერძნები.
მიიღო რა მართლმადიდებლობა ძველი ბერძნული ეკლესიისგან, რუსეთის ეკლესია XVII საუკუნემდე ხელუხლებელი სიწმიდით, სრულად და ჭეშმარიტებით იცავდა ძველბიზანტიურ საღვთისმსახურებო ტრადიციებს, თუმც თვით ბერძნულ ეკლესიას ამ დროისთვის უკვე შეცვლილი ჰქონდა თავისი ადრინდელი, ძველი საეკლესიო გადმოცემები. რუსეთი, როგორც მართლმადიდებლობის წმიდად მცველი, წმიდა რუსეთად იყო წოდებული, მოსკოვი კი - მესამე სულიერ რომად.

ცნობილია, რომ XVII საუკუნის მეორე ნახევარში პატრიარქმა ნიკონმა, კრების დასტურის გარეშე, ერთპიროვნულად და თვითნებურად დაიწყო რუსეთის ეკლესიაში ახალი გადმოცემების, საღვთისმსახურებო წიგნებისა და სხვა სიახლეების გადმონერგვა. მისი რეფორმატორული საქმიანობა იმდროინდელი ღვთისმოსავი ერის დიდ წინააღმდეგობას გადააწყდა. საეკლესიო რეფორმების პირველ წლებში ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს აზრადაც კი არ ჰქონდათ თუ რა უბედურებებს დაატეხდა ახალი პატრიარქი. მათ არ უოცნებიათ რაიმე ახალ ყოფიერებაზე, ცხოვრების შეცვლაზე, მათი სურვილები კონცენტრირებული იყო მხოლოდ ერთ საკითხში - დაბრუნებოდნენ იმ საეკლესიო ყოფიერებას, იმ საეკლესიო წყობას, რომელიც ნიკონამდე იყო დამკვიდრებული რუსეთში. ვინც ნიკონს მიჰყვა თავის რეფორმატორულ საქმიანობაში, ხალხმა "ნიკონიანელები", ანუ ახალმოწესეები უწოდა. ხოლო თვით ნიკონის მიმდევრებმა, რომლებიც ხელისუფლების მხარდაჭერითა და ძალით სარგებლობდნენ, საკუთარი ეკლესია გამოაცხადეს მართლმადიდებლურად, ანუ გაბატონებულად, თავიანთ მოწინააღმდეგეებს კი არგუნეს შეურაცხმყოფელი და პრინციპულად არასწორი ზედწოდება "ძველმოწესეები" ("Ñòàðîîáðÿäöû"). ახალმოწესეებმა, ანუ ნიკონიანელებმა საეკლესიო განხეთქილება სწორედ მათ, ანუ "ძველმოწესეებს" გადააბრალეს და დაიწყეს მათი საშინელი დევნა. სინამდვილეში ნიკონის მოწინააღმდეგეებს ეკლესიის რეფორმირების საქმეში არ მოუწყვიათ არავითარი განხეთქილება: ისინი, უბრალოდ, ერთგულნი დარჩნენ ძველი საეკლესიო გადმოცემებისა და წესებისა და უცვლელად დაიტოვეს ძველი, მართლმადიდებლური ეკლესიი წმიდა გადმოცემა. ამიტომაც ისინი სამართლიანად იწოდებიან ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებად.

მაშ, ვინ არის განხეთქილების ჭეშმარიტი ინიციატორი და ბელადი?

როდესაც ძველმართლმადიდებლობის ისტორიას სწავლობ, იმ საშინელი გენოციდის მოწმე ხდები, რომელიც გაბატონებულმა ეკლესიამ დაატეხა თავს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს არის სისხლიანი, ულმობელი და უზომოდ სასტიკი გენოციდი. ამავე დროს უცნობია რაიმე შეტაკების ფაქტები გაბატონებული ეკლესიისა და ძველმართლმადიდელური ეკლესიის მორწმუნეთა შორის. რუსული განხეთქილების მკვლევარებს ვერ მოჰყავთ ფაქტები, რომლებიც დაადასტურებდნენ რუსი ერის გახლეჩას, ერთმანეთთან სამკვდრო-საციცოცხლოდ დაპირისპირებულ ორ მტრულ ბანაკად. საეკლესიო განხეთქილების მომენტში ხალხს არ უფიქრია გაევლო რაიმე ზღვარი თავისსა და ძველი ღვთისმოსაობის მიმდევართა შორის. ერთნი ღიად და პირდაპირ მისდევდნენ ძველმართლმადიდებლობის დამცველთ, სხვები ჩუმად უთანაგრძნობდნენ მათ. რუსი მორწმუნეები ხილული ტაძრისადმი (რომელიც ეკუთვნოდა გაბატონებულ ეკლესიას) თავიანთ სიყვარულსა და ძველი წესებისადმი ერთგულებას ერთად იყოფდნენ. ძველ სარწმუნოებას ისინი უყურებდნენ, როგორც წმიდა და მადლმოსილ ცხოვრებას, ხოლო ახალს, როგორც ცოდვილსა და უძლურს.

ახალმოწესეები კი დღემდე ცდილობენ, განხეთქილების ცოდვა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს აჰკიდონ. ჩვენ, ძველმართლმადიდებლები, თავს არაფერში ვიმართლებთ, რამეთუ არაფერში ვართ დამნაშავე. მაგრამ, რადგან ახალმოწესეები თავს ესხმიან ჩვენს რწმენას და ცდილობენ საზოგადოების თვალში ძველი მართლმადიდებლობის დისკრედიტირებას, თავს მოვალედ მივიჩნევთ ჭეშმარიტების დასაცავად გავცეთ მათ საფუძვლიანი პასუხი.

ძველმართლმადიდებლური ეკლესია შეუძლებელია იყოს განხეთქილების მიზეზი თუნდაც იმიტომ, რომ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს, უბრალოდ, არ ჰქონდათ არავითარი მიზეზი ეკლესიიდან, მისი სწავლებისა და გადმოცემებისგან გამოსაყოფად; და არც გამოყოფიან არასოდეს ეკლესიას, პირიქით, დიდი რუდუნებით იცავენ ყოველივეს, რაც მემკვიდრეობით მიიღეს სულიერ წინაპართაგან. ძველმორწმუნეებს წმიდად სწამთ, რომ ისინი არასოდეს გამოყოფიან ქრისტეს წმიდა და საყოველთაო ეკლესიას და არიან მისი წევრები.

აიღეთ ნებისმიერი განხეთქილება ან მწვალებლობა, - ყველგან ადვილად მოძებნით მთელ რიგ წინაპირობებს: როგორ თანამიმდევრობით, დღითი დღე, მთელი წლების განმავლობაში, ათეული და ასეული წლებიც კი, ზრდიან განხეთქილების თესლებს, ამზადებენ სქიზმის მეთაურებს და, ბოლოს, ყოველივეს ღია აჯანყებით ამთავრებენ. თუნდაც ასე იყოს და ეს მოსამზადებელი სამუშაოები სწარმოებდა ეკლესიაში და მასში დამნაშავეები იყვნენ თვით საეკლესიო ხელისუფალნი, - მაინც მათში აშკარად არის გამოხატული ადამიანური აზროვნების არამართლმადიდებლური და ანტიეკლესიური მიმართულება, რომელიც, რაც უფრო უახლოვდება თავის მიზანს, მით უფრო და უფრო აშკარავდება და ცხადი ხდება.

ძველი არიოზიდან მოყოლებულ და თანამედროვე ბესარიონით დამთავრებულ ყველა ერეტიკოსსა და სქიზმატიკოსს ჰყავდა თავისი წინამორბედი. ასეთია მწვალებლობათა და სქიზმათა აღმოცენებისა და გაფურჩქვნის ბუნებრივი წესი და რიგი. მაგრამ შეუძლებელია რაიმე ამდაგვარის გამოძებნა ძველმართლმადიდებლობაში ყველაზე გამოწვლილვითი გამოკვლევის შედეგადაც კი. გაბატონებული ეკლესიის მეცნიერები, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებენ მსგავს, სქიზმებისა და მწვალებლობათათვის დამახასიათებელ, განსაზღვრულ და ცხად ისტორიულ ნიადაგზე დააყენონ "ძველმოწესეობა". ძველმორწმუნეობას ისინი სქიზმას უწოდებენ, ანუ მიიჩნევენ, რომ ეს არის დანაშაულებრივი გამოყოფა უბიწო და უცოდველი ეკლესიისგან, მაგრამ იგივე მეცნიერები ვერ უთითებენ ამ სქიზმის წინამორბედებს, სულიერ წინაპრებს და იმ ისტორიულ მოვლენებს, რომლებსაც ხელი უნდა შეეწყოთ მისი აღმოცენებისთვის.

მათ შეუძლიათ, მიუთითონ ძველ წიგნებზე ან წესებზე, ან იმ გადმოცემებსა და საეკლესიო ყოფაზე, რომელიც ბატონობდა რუსეთის გაქრისტიანებიდან ვიდრე ნიკონ პატრიარქამდე… მაგრამ განა ყოველივე ამაში არსებობდა კი განხეთქილების წარმომშობი რაიმე მარცვალი? განა ნიკონამდელი მართლმადიდებლობა არ იყო ჭეშმარიტად ჯანსაღი მოვლენა, განმწმენდელი და მაცხოვნებელი? რვაკიდურიანი ჯვარი, ორი თითით პირჯვრისწერა, ორჯერადი ალილუია და ა.შ. ყველაფერი ეს არსებობდა და მოქმედებდა; როგორც მომავალი განხეთქილების ჩანასახს არავინ ინახავდა მათ ცხრაკლიტულში; ყოველივე ეს იქადაგებოდა განცხადებულად და არ ყოფილა იგი რაღაც შემთხვევითი და დროებითი, როგორც საეკლესიო წინააღმდეგობის პირველი ნიშნები. პირიქით, ეს იყო თვით ეკლესიური ცხოვრების გამოხატულება და მისი მშვენება, რომელსაც ერი იცავდა დიდი რუდუნებით.

იქნებ ასმუხლიან კრებაზე მიუთითონ, რომელმაც დაამტკიცა ორი თითით პირჯვრისწერი წესი. მაგრამ ასმუხლიან კრებაში განა შესაძლოა სქიზმის რაიმე ჩანასახის პოვნა?
ჯერერთი, ეს კრება, მთელი თავისი მოცულობით, წარსდგა როგორც მრავალასწლოვანი რუსული საეკლესიო ცხოვრების მშვენება და მწვერვალი. ის ხელს უწყობდა სარწმუნოებრივი ცხოვრების აღმავლობას, მის განწმნედას მრავალი ზადისა და მწიკვლოვანებისგან. არც მანამ, არც მის შემდეგ რუსეთის ეკლესიის ისტორიაში ერის ცხოვრება არ ყოფილა ასეთი დატვირთული, არ იყო სხვა ისეთი მომენტი, როდესაც რუსული ეკლესია გამობრწყინებულიყო მთელი თავისი დიდებულებით, მთელი თავისი მშვენებითა და ძლიერებით.

ასმუხლიან კრებაზე უნდა ითქვას იგივე, რაც მის თავმჯდომარესა და ხელმძღვანელზე წმ. მიტროპოლიტ მაკარიზე ბრძანა რუსეთის ეკლესიის ისტორიკოსმა ე. ე. გოლუბინსკიმ: "თავისი უდიადესი ჩანაფიქრით, სრულად განეახლებინა რუსეთის ეკლესია ისე, რომ განეწმინდა იგი ყოველგვარი მწიკვლისა და უკმარისობისგან, მაკარის ყველაზე უგამორჩეულესი ადგილი უპყრია რუსეთის ეკლესიის ყველა იმ მწყემსთავარს შორის, რომელიც მანამდე ყოფილა ან იყო მის შემდეგ. ის იყო გამორჩეულად სახელგანთქმული ყველა მათგანს შორის".

მეტიც, ასმუხლიანი კრების მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი წმიდა მამები, როგორებიც იყვნენ უკვე ჩვენს მიერ ნახსენები წმ. მაკარი მიტროპოლიტი, წმ. აკაკი ტვერისა და კაშინოს ეპისკოპოსი, წმ. მღვდელმოწამე ფილიპე სოლოვეცკელი იღუმენი და მომავალი მიტროპოლიტი, წმინდანნი: გური და ბარსონუფი ყაზანელი საკვირველმოქმედნი, ღირ. მაქსიმე ბერძენი. როგორც უნდა უწოდონ ასმუხლიან კრებას, - 1666-1667 წლების კრებები იქნება ეს თუ, თანამედროვე ახალმოწესეები, - როგორი "ცთომილი" და "უმეცარი" მამების კრებადაც უნდა მიიჩნიონ, ის თავისთავად და ბუნებრივად მაღალია თავის კრიტიკოსებზე. ვერავინ ვერასოდეს ჩამოართმევს მას იმ პატივს, რომ ის ნამდვილად არის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მშვენება, დიდება და ბრწყინვალება, რომელსაც დღემდე არ გასვლია ყავლი. მაშ, განხეთქილების რა მარცვლები შეიძლება იპოვონ ახალმოწესეებმა ამ სასახელო ასმუხლიანი კრების საქმეებსა და დადგენილებებში?

მეორეც, მართალია, ასმუხლიანმა კრებამ დაამტკიცა ორი თითით პირჯვრისწერა, მაგრამ ამაში განა ეკლესიის ადრინდელ მრავალსაუკუნოვან ისტორიას არ მიჰყვებოდა იგი? განა ორი თითით პირჯვრისწერა არ იყო გაბატონებული ასწლეულებით უადრეს ასმუხლიანკრებამდელ რუსეთში? განა რომელიმე თანამედროვე მეცნიერს ძალუძს ამტკიცოს, რომ პირჯვრისწერის ეს წესი უცნობი იყო ძველ ქრისტეანობაში?

ასმუხლიანმა კრებამ დაამტკიცა ის, რაც საუკუნეებით უადრეს იყო გაბატონებული მთელ რუსეთში, იყო უეჭველი და წმიდა. ის იყო საეკლესიო ცხოვრების მშვენება და მორწმუნეთა სიქადული, მათი სულიერებისა და სიმტკიცის მზრდელი და მასაზრდოებელი. ყოველივე ის, რის დასაცავადაც დადგნენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, ნაკურთხი იყო თვით ეკლესიის მიერ და დამოწმებული წმინდანთაგან. ვინც გინდა ავიღოთ, ეპისკოპოსი პავლე (კოლომენსკელი) თუ დეკანოზი ამბაკუმი ან სხვები, - არავის საეკლესიო ცხოვრებაში არ შეუტანია ისეთი რამ, რაც ეკლესიაში არ ყოფილიყო ნაკურთხი. მათი ყველა მტკიცებულება, ყველა არგუმენტი თავს იყრიდა ერთ პრინციპში: "დაუბრუნდით იმას, რაც იყო ეკლესიაში გუშინ, ერთი წლის წინათ, ასწლეულების უწინ; რაშიც გამოიხატა და რისგანაც შედგა მისი სიცოცხლე; დაუბრუნდით იმას, რისიც გუშინდლამდე, ნიკონის ამ სიახლეებამდე სწამდა მთელ რუს ხალხს". რადგანაც პატრიარქმა ნიკონმა კრების ნებართვის გარეშე, თვითნებურად, საეკლესიო კანონის უხეში დარღვევით თავს მოახვია რუსეთს საღვთისმსახურებო რეფორმა, სწორედ ის, ნიკონი (და არა ვინმე სხვა) ყველა თავისი მომხრითურთ არის განხეთქილების მოქმედი და განდრეკილი წმიდა დედა ეკლესიიდან.

ამგვარად ქრება ძველმართლმადიდებლობის სქიზმად (ანუ განხეთქილებად) შერაცხვის თვით შესაძლებლობაც კი. ძველმართლმადიდებლობა ნიკონ პატრიარქის დროს კი არ აღმოცენდა და განმტკიცდა, არამედ მას დასაბამი აქვს ძველი ეკლესიის ისტორიის წიაღში, ძველი და წმიდა მამების პერიოდში აქვს დასაბამი. მისი ისტორია მიდის საუკუნეთა სიღრმეში და აღწევს აღმოსავლეთის ეკლესიის გაფურჩქვნის პერიოდსა და თვით მოციქულთა საუკუნესაც კი. ძველმართლმადიდებლობამ იზეიმა ასმუხლიან კრებაზე. მას აღიარებდა ყველა რუსი მეფე და თავადი, ათასობით რუსი წმინდანი; სწორედ ძველმართლმადიდებლობა იყო გაბატონებული სარწმუნოება პატრიარქ ნიკონამდელ ძველ რუსეთში, რომელიც ნიკონის დროს გადაცვალეს მანამდე უცნობ, ახალ და უცხო გადმოცემებზე ძველის დაწუნებისა და უარყოფის ხარჯზე.

ძველმართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას, ვინც გულწრფელად მოისწრაფვის მისკენ და ეშურვის სულის ცხოვნებას
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому