აპოლოგეტიკა - ქრისტეანთა ამქვეყნიური ხვედრი - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

ქრისტეანთა ამქვეყნიური ხვედრი

საეკლესიო ბიულეტენი "მართლმადიდებელი", # 8 (18), 1998 წ.
ძველმართლმადიდებლური ლიტურგია
ბიულეტენ "ივერიის გაბრწყინების" ა. წ.-ის (იგულისხმება 1998 წ. - რედ.) 5-6-ე ნომრებში დაიბეჭდა ამავე ბიულეტენის რედკოლეგიის წერილი "უკურნებელნი"?! რომელშიც მოცემულია საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კომპრომეტირების მცდელობა, რაც, ოპონენტთა სამწუხაროდ, მცდელობადვე დარჩა. ამ წერილის უარსაყოფად და სამხილებლად უკვე მომზადდა მასალა, რომელიც თავისი მოცულობის გამო ბიულეტენ "მართლმადიდებელში" ვერ იბეჭდება და უახლოეს მომავალში ცალაკე ბროშურად გამოიცემა. გაზეთის მკითხველს კი ვთავაზობთ ჩვენი ვრცელი პასუხის მოკლე რეზიუმეს.

ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კომპრომეტირებისთვის ოპონენტთა ერთ-ერთი უძირითადესი ბრალდება ჩვენი ეკლესიის "სექტად" გამოცხადებაა, არადა, ამ ბრალდების არავითარი საღვთისმეტყველო საფუძველი არა აქვს. თავიანთი მოსაზრების დასამტკიცებლად ისინი ეყრდნობიან სოიკინის ე. წ. "საღვთისმეტყველო ლექსიკონს" და "ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიას", რომელშიც მოცემული სექტის რაობის განსაზღვრებები და კრიტერიუმები შეუძლებელია მიჩნეულ იქნას მართლმადიდებლურად.

იმისთვის, რათა ესა თუ ის კონფესია ან რელიგიური დაჯგუფება სექტად გამოცხადდეს, ჯერ უნდა დავამტკიცოთ, რომ კონფესიას გააჩნია:

1. სექტებისთვის დამახასიათებელი ორგანიზაციულ-მმართველობითი სტრუქტურა. ეს პირველი ნიშანი სექტისა ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებით ვერ დასტურდება, რამეთუ ჩვენი კონფესიის ორგანიზაციული და მმართველობითი სტრუქტურები მთლიანად მმართველობის მართლმადიდებლურ პრინციპებს ეფუძნება.

2. ქრისტეანული სწავლებიდან, რაღაც ერთი ნაწილის აღიარება, ხოლო დანარჩენის უარყოფა, რითაც ამ ნაწილს მთლიანი ქრისტეანული სწავლების პრიორიტეტი ენიჭება, არის ამა თუ იმ კონფესიის ან რელიგიური დაჯგუფების სექტანტურობის დამადასტურებელი საღვთისმეტყველო აუცილებლობა. ამ თვალსაზრისითაც, ძველმართლმადიდებლური ეკლესიის სექტად გამოცხადება შეუძლებელია, რამეთუ მას არ გააჩნია მართლმადიდებლობისგან განსხვავებული ან ნაკლულოვანი სწავლება.

ეტიმოლოგიურად სიტყვა "სექტ"-ის ფუძიდან ნაწარმოებია მრავალი ისეთი სიტყვა, რომელიც ან რაღაცის ნაწილს (მაგ.: "სექტორი") ან მთლიანობიდან რაღაცის ჩამოჭრას, შემოკლებას ნიშნავს (მაგ.: "სეკვესტრი"); მეტიც, ზოგიერთი საჭრელი იარაღის სახელწოდებაც კი ნაწარმოებია ამ ფუძიდან (მაგ.: "სეკატორი"). ამდენად, სექტა, ეს ისეთი მოძღვრების მქონე რელიგიური დაწესებაა, რომელიც სხვა მოძღვრების (ან ძირითადი მოძღვრების) "ჩამონაჭერ" სწავლებას ეფუძნება და ანიჭებს მას ამავე ძირითადი მოძღვრების მთლიანობის პრეტენზიას (მაგ.:ქრისტეანული სექტები ამტკიცებენ, რომ ჭეშმარიტი ქრისტეანული სწავლება, მთელი თავისი სისრულით, ეს სწორედ მათი სწავლებაა). ამდენად, სწავლა-მოძღვრებითი თვალსაზრისით, სექტის პრეტენზია ეს არის მთლიანობაზე ნაწილის პრეტენზია!

სექტა არასოდეს აღიარებს, რომ მისი მოძღვრება არის არა თავად მთლიანობა (ვთქვათ, ქრისტეანობისა), არამედ მისი ნაწილია და მთლიანობაზე პრეტენზიას უსაფუძვლოდ აცხადებს.

ოპონენტების წერილებიდან არსად ჩანს, თუ სად ან რაში გამოიხატება ძველმართლმადიდებელთა სექტანტურობა. ოპონენტები თითითდან გამოწოვილი სამხილებით ჯიუტად ცდილობენ ჩვენი "სექტანტურობის" წარმოჩენას. მიაჩნიათ, რომ ჩვენ, უარვყოფთ რა 1666 წლის შემდეგ ნიკონიანურ ეკლესიაში "გაბრწყინვებულ" "წმინდანებს", რომლებიც თურმე "სულიწმიდის მიერ მეტყველებდნენ", ამით სრულად არ ვაღიარებთ მაცხოვნებელ მოძღვრებას, რის გამოც მის ერთ სექტორში ვიმყოფებით (იხ. "ივერიის გაბრწყინება", 1998 წ. # 5 (26), გვ. 13), მაგრამ ეს მტკიცებაც ერთობ უსუსურია.

ნიკონიანური "წმინდანების" "სულიწმიდის მიერ განბრძნობილებად" გამოცხადება - არც მეტი, არც ნაკლები, - ოპონენტების ერთადერთი და ისიც უსაფუძვლო ხელჩასაჭიდია. "მოწამეები ერეტიკოსებსაც ჰყავთ, - ბრძანებს ევსები კესარიელი, - მაგრამ ამის გამო ერთობაში ვერ მოვალთ მათთან". რაც შეეხება იმ მოძღვრების აღიარებას, რომელსაც ვითომ "სულიწმიდის შთაგონებით" გამოთქვამდნენ მათი "წმინდანები", უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სხვადასხვა საეკლესიო საკითხთა გამო გაყოფისა, ან ზოგიერთ მათგანზე ერეტიკული შეხედულებისა, მთელ რიგ საკითხებში ნიკონიანელები არ ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ სწავლებას. ამის მიზეზია ის, რომ მათი მართლმადიდებლური ცნობიერება, მართალია, დაზიანებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ სრულიად ჩამოშორდნენ სწორ და მაცხოვნებელ სწავლებას. ამიტომაც, ნიკონიანელი მწვალებლები მთელ რიგ სწავლებებს გამოთვამენ მართლმადიდებლურად, მთელ რიგ საკითხებში ინარჩუნებენ ცნობიერების იმ წყობას, შემეცნების იმ კრიტერიუმებს, რაც წმ. მამებს ჰქონდათ, რის გამოც ასე თავისთავად ძალდაუტანებლად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლეს წმ. მამებისეული აზრების შენარჩუნება, ამიტომაც ძველმართლმადიდებლებს არასოდეს უარუყვიათ ნიკონიანელ "წმინდანთა" გამოთქმები და ასკეტურ-დოგმატური სწავლანი. ასე რომ, გაუგებარია, რას გულისხმობენ ოპონენტები, როცა ჩვენს სექტანტურობაზე ლაპარაკობენ. ალბათ, ამის გამოა, რომ მათი "მეცნიერული" და "საღვთისმეტყველო" "დასაბუთების" დონე დემაგოგიასა და პიროვნული ლანძღვის საზღვრებს ვერ სცილდება.

მეცნიერულ, საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებზე ისე არავინ მსჯელობს, როგორც ამას ოპონენტები იქმან, ამიტომაც მათ წერილებს სერიოზულ საღვთისმეტყველო პოლემიკად ვერანაირად ვერ აღვიქვამთ.

ფორმალური ლოგიკის ელემენტარული კანონებიდან ცნობილია, რომ დასკვნას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს არგუმენტაცია, რომელიც, თავის მხრივ, რაღაც საყრდენს (იდეას, თეორიას, დებულებას) ეფუძნება. ეს წესი ოპონენტთა მსჯელობაში აბსოლუტურად იგნორირებულია. მათი ყველა "სამხილში" თუ პრეტენზიაში წარმოდგენილია მხოლოდ მათი დასკვნა, რომლის საფუძველი არ ჩანს. ეს კიდევ არაფერი, ჩვენს შესახებ მკითხველს ისეთ დასკვნებსაც სთავაზობენ, რომლებსაც საფუძველი ალბათ მხოლოდ მათ მოჩვენებებსა და მოლანდებებში თუ მოიძებნება. თავად განსაჯეთ, ბ-ნ გაბაშვილისა და მის კვალობაზე მთელი მისი "კომპანიის" აზრით მე, ეპისკოპოს პავლეს, თურმე თან მსდევს ე. წ. "პოლტერგეისტული" მოვლენები, რამაც "თავდაპირველი ნაცნობობისთანავე იჩინა თავი" და შემდგომში "ჩემთან უშუალო შეხვედრებზე უარი ათქმევინა" (იხ. "ივერიის გაბრწყინება". # 6 (27). 1998 წ.).

ასეთი "ლოგიკით" ადამიანს შეიძლება დააბრალო ყველაფერი, რაც კი ენის წვერზე მოგადგება. ღმერთმანი, ვერ გაგვირკვევია, ვისთან გვაქვს საქმე, - საპატრიარქოს პროვოკატორებთან, შეურაცხად ადამიანებთან თუ ქუჩის ხულიგნებთან?! თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებთ, რომ მაცხოვრის თქმით, შეურაცხყოფა, ჭირი და ცილისწამება, ქრისტეანთა ამქვეყნიური ხვედრია, რომელთ დათმენით ზეციური გვირგვინები გველოდება.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому