აპოლოგეტიკა - "გამოღმა შეგვრჩებას" იმედით?! - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

"გამოღმა შეგვრჩებას" იმედით?!

პასუხი "საპატრიარქოს უწყებანს"
ძველმართლმადიდებლური ეკლესია
საქართველოში რომ უამრავი სექტა გამოჩნდა, დღეისთვის ეს აღარავისთვის აღარ არის ახალი ამბავი. სამწუხაროა, რომ ბაპტისტთა, იეღოვისტთა და ყოველი ჯურის "ისტთა" შორის უნდა მოვიხსენიოთ ე. წ. "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია", რომელსაც თუ ცდომილებებზეა ლაპარაკი, უმთავრესი ადგილი უჭირავს ამ მხრივ და რომელსაც მხოლოდ სახელწოდებაღა შემორჩა მართლმადიდებლური, სხვამხრივ კი აღვსილია ყოველგვარი ურჯულოებით. სწორედ ამ ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესიის ოფიციალურ საინფორმაციო ბიულეტენ "საპატრიარქოს უწყებანში" (# 44, 1999 წ. 6-12 ნოემბერი) რუბრიკით "ანტიერეტიკული გვერდი", ამ ბიულეტენის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს გამოუქვეყნებიათ სია საქართველოში არსებული იმ კონფესიებისა და პიროვნებებისა, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით გამოეყვნენ ამ ურჯულოთა საკრებულოს. მათ შორის მოიხსენიება ჩვენი, ძველმართლმადიდებლური ეკლესიაც, რატომღაც რუსული სახელწოდებით "სტაროვერები".

ყოველგვარი კანონიკისა და სამართლის დამრღვევი, ეკუმენისტურ შაბაშებში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილე "საპატრიარქო" ყოვლად უსირცხვილოდ აცხადებს, რომ თურმე ჩვენ (ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ ჩვენს, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას, რადგან სხვადასხვა საკითხებზე უთანხმოების გამო პუბლიკაციაში მოხსენიებულ სხვა კონფესიათა დაცვას ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ) "უგულვებელვყოფთ საეკლესიო კანონიკას" (სამწუხაროდ, არსად მოიხსენიებენ, მაინც რაში გამოიხატება ეს "უგულვებელყოფა". მათ ურჯულო საკრებულოსთან კავშირის გაწყვეტას თუ გულისხმობენ, ურჯულოებასთან, მწვალებლობასთან კავშირის გაწყვეტა საეკლესიო კანონიკის უგულვებელყოფა კი არა, სწორედაც რომ მისი მტკიცედ დაცვაა!). "საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მათ მიერ (ე. ი. გვგულისხმობენ ჩვენც - ავტ.) შესრულებული ნებისმიერი საეკლესიო საიდუმლო (ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება და სხვა) უმადლოა და საჭიროებს ხელახალ შესრულებას..." უმადლო, ჩვენს მიერ შესრულებული საეკლესიო საიდუმლოებები კი არ არის, ჩვენო ძვირფასო ოპონენტებო, არამედ თქვენს ეკლესიაში წყალპკურებითი "ნათლობით" გაერისკაცებულთა "საეკლესიო" იმიტაციები; და ეს მარტო ჩვენი ან თუნდაც ჩვენი ქართველი წინაპრების განჩინება არავის ეგონოს - თქვენსავით სქიზმატიკოსი, ძველი ღვთისმოსაობის დამანგრეველი აღმოსავლეთის იერარქებიც როგორც ერთობლივად, ისევე ცალ-ცალკეც, არაერთხელ აღნიშნავდნენ, წყალპკურებით "ნათელღებულებს" არავითარი მადლი რომ არა აქვთ. ჩაიხედეთ ძველ თუ უფრო გვიანდელ ქართულ წყაროებში, სლავურ "მესაჭის წიგნში" (Комчая) და "მცირე - სჯულისკანონებში", ბერძნულ "პიდალიონში", რომელიც 1848 წელს რუსულ ენაზეც გამოიცა; თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, პაპისტთა საწინააღმდეგოდ დაწერილ იმ ბერძენ იერარქთა წერილებსაც გაეცანით, თქვენი ეკლესიის თავგამოდებული ქომაგი ბ-ნი გიორგი გაბაშვილი რომ ბეჭდავს თავის ბიულეტენ "ივერიის გაბრწყინებაში".

განლაღებულო ნიკონიანელებო, რენეგატ ანტონ I მეხოტბენო, ეკუმენისტებო, პირველი ჩინის მწვალებლებო, მოუნათლავებო, მორწმუნეთა ნდობით და გულუბრყვილობით მოვაჭრენო, ძალიან გაიწელა თქვენი პარპაში ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, მაგრამ დგება ჟამი და იფრთხილეთ, "რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავნებასა" (ფსალმ. 30:23 (21)).

რელიგიური ალმანახი "მართლმადიდებელი" 2001 წ. #1.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому