აპოლოგეტიკა - მიმყვანებელი მთხრებლად ჯოჯოხეთისად - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

"მიმყვანებელი მთხრებლად ჯოჯოხეთისად"

პასუხი ქ-ნ ეთერ ჩილაჩავას
ძველმართლმადიდებლური ეკლესია
"არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე, უფალო, უფალო, შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა!" (მათე 7:21).


მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის ქადაგება, რომელიც ეკლესიური ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი შემეცნებისგან შორს მდგომი პიროვნებისკენაა მიმართული, ყოველთვის დიდ სრისკს უკავშირდება.

უმეცარი ან ურწმუნო ადამიანებისადმი მიმართული სიტყვა, საღვთისმეტყველო ან ლიტურგიკული განმარტება მუდამ სარისკოა, რამეთუ აქ სიტყვა ეხება წმიდა ეკლესიის ისტორიასა და გადმოცემას, რომელზეც მთელი მისი კანონიკა და ლიტურგიკაა აგებული და, თუ ადრესატი მას გულით მიუდგა, ობიექტურად არ გააანალიზა განმარტება (რამდენად მოულოდნელი ან დაუჯერებელიც უნდა იყოს იგი), იქმნება საფრთხე, რომ არასწორად გაგიგებენ. ალბათ, ამითაც არის განპირობებული, რომ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობა და დანიშნულება _ განსხვავებით გაბატონებული "მართლმადიდებლური" ეკლესიისგან _ ქართველმა მორწმუნე საზოგადოებამ ჯეროვნად ვერ გაითვითცნობიერა. საუბედუროდ, გაძნელდა ძველმართლმადიდებელთაგან წამოჭრილი საკითხების სწორად აღქმა, ვფიქრობთ, ამან განაპირობა ის, რომ საზოგადოება ყოვლად გაუმართლებელი დემაგოგიური გამოხდომებით ცდილობს ჩვენს "მოგერიებას".

ყოველივე ამის მიზეზი საზოგადოების გაწარმართებაა, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ ნათლისღების საიდუმლოს გაუქმებით, არამედ მართლმადიდებლური ცნობიერების გაუკუღმართებით, ქრისტეანული ცხოვრების არასწორი აღქმით და მართლმადიდებლური კრიტერიუმების გაუქმებით. მაგალითად, ძნელია გაბატონებული ე. წ. "მართლმადიდებლური" ეკლესიის მადლგაცლილობაში დაარწმუნო პიროვნება, რომელიც სასწაულს მადლმოსილების ერთადერთ კრიტერიუმად მიიჩნევს. მისთვის მთავარია არა რჯული, არამედ სასწაული! მაშინ, როდესაც მაცხოვარი სასწაულებით მოხიბლულებს მიმართავს: "არა გიცნი ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" (ლუკა 13:27). ეს სიტყვები ეხება წინასწარმეტყველებს, ეშმაკთა განმსხმელებს და ქრისტეს სახელით "ძალთა მრავალთა მოქმედთ" (მათე 7:22).

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ულმობელია მათთვის ქრისტეს განაჩენი: "არა გიცნი თქუენ, განმეშორენიტ ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" (მათე 7:23). ჩვენთან მოპაექრე ერთ-ერთი მანდილოსანი, ვინმე ეკატერინე (ეთერ) ჩილაჩავა პირდაპირ, ერთადერთ კრიტერიუმად გვისახავს სასწაულს: "... იერუსალიმიდან ჩვენი მამების ხელით ჩამოტანილი წმიდა ცეცხლი ჩაუქრობლად ანთია ჩვენს ტაძრებში _ ... არამართლმადიდებელ მღვდელმთავრებს, თუმცა ბევრს ცდილან, არასოდეს გამართლებიათ ამ სანუკვარ საქმეში _ მათ ხელში წმიდა ცეცხლი არასოდეს ანთებულა!... სხვა უკეთესი არგუმენტის დასახელება მე არ ძალმიძს" (გაზეთი "იბერია თაიმსი", 1997 წ. # 8. "ვინა ვართ ჩვენ, ქრისტეს ცხოვარნი თუ...?").

უკეთესი არგუმენტი გნებავთ? ჩვენ ძალგვიძს მისი მოძიება _ ეს ქრისტეს რჯულია! საღვთო რჯული! წმიდა მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე შეკრებილ მამათა რჯულდებანი! დიდი რჯულისკანონი! წმიდა მამათა ეპისტოლარული მემკვიდრეობა, წმინდანთა ცხოვრება, წმიდა მამათა თხზულებანი! არავის უთქვამს "სასწაულით განიკითხებიან ცოდვილნი"-ო, არამედ "წმიდანი განიკითხავენ ცოდვილთ, თავად არ განიკითხებიან" (შეად. 1 კორინთ. 6:1-9).

სასწაული რომ მადლმოსილების კრიტერიუმი იყოს, მაშინ ზეფირში (ეგვიპტე) და ფატიმში (პორტუგალია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი და უსაკვირველესი გამოცხადებანი კოპტურ-მონოფიზიტური და პაპისტური ეკლესიების მადლმოსილებით უნდა აგვეხსნა. მაგრამ, რომელი ღვთისმოსავი გაბედავს ღვთის ძისა და სულიწმიდის შეურაცხმყოფელთა მადლმოსილების აღიარებას? ნუმც იყოფინ!

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "თვით იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა" (2 კორ. 11:14). ბიზანტიელი ბერი გიორგი კედრენე (XII) თავის ისტორიულ თხზულებაში ბრძანებს: "უფალი დაუშვებს, რომ ზოგჯერ დემონთ შეწევნითაც აღესრულონ სასწაულნი, რათა ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა გამოცადოს მტკიცეა თუ არა იგი და შეურყევლად ვიმყოფებით თუ არა უფალში; მტრისკენ ხომ არ მიიდრიკა ჩვენი რწმენა სატანის მსახურთაგან აღძრულ მოჩვენებითი სასწაულებით.

უფრო მეტიც, თვით უფლის სახელითაც კი წინასწარმეტყველებდნენ მრავალნი, მაგალითად, ბალაამი, საული და კაიაფა; იყვნენ უღირსნი, რომლებიც განდევნიდნენ ეშმაკებს (რადგანაც დემონები გარბოდნენ იესუს სახელის გაგონებაზე). ასე, რომ ზოგჯერ უღირსთა გზითაც კი მოქმედებს მადლი ღვთისა სხვათა საკეთილდღეოდ! თუმც ბალაამი გაუცხოებული იყო როგორც წმიდა ცხოვრებისგან, ასევე რწმენისგან, მაგრამ მასში სხვათა დასამოძღვრავად მოქმედებდა მადლი ღმრთისა.

ამგვარი იყო ფარაონიც, მაგრამ მასაც და უკეთურ ნაბუქოდონოსორსაც გაუხსნა მადლმა მომავალი. ზოგჯერ, უკეთურ კაცთა საცთუნებლად, ქრისტეს სახელით, მრავალნი უღვთონიც მოიმოქმედებდნენ სასწაულთ რაღაც მანქანებით. ამის მაგალითებად გამოდგებიან სიმონ მოგვი, მენანდრე და მათ შემდეგ გამოჩენილი ურიცხვნი ამდაგვარნი, ამიტომაც სამართლიანადაა დადგენილი: სასწაულებით კი არ უნდა ვცდუნდებოდეთ, არამედ გამოვეძიოთ, ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქადაგებენ თუ არა საკვირველთმოქმედნი". "ნაყოფთა სამე მათთაგან ცნათ ისინი" _ ბრძანებს მაცხოვარი (იხ. გიორგი კედრენე. Деяния церковных и гражданских... Часть 1, История Нового Завета. Столетие первое. Москва 1820 г., стр. 39 об. и 40).

ამიტომაც ვერ დავიჯერებთ იმ პატრიარქის მადლმოსილებას, რომელიც ახალბერძნული, განმაახლებლური ცდომილებებითაა შესვრიმული და ასეც, რომ იყოს, ანუ სასწაულს იქმოდეს, მას ერეტიკოსი პატრიარქის მადლმოსილების ნიშნად მაინც ვერ მივიჩნევთ, საღმრთო განგებულებას ვინ ჩასწვდება?! როგორც ნიკონიანურ, ასევე პაპისტურ (და სხვა მწვალებლურ საზოგადოებებში _ მრავალი უდიდესი მართლმადიებლური სიწმიდე განისვენებს: სხვადასხვა წმიდა ნივთები, სასწაულთმოქმედი და მირონმდინარე ხატები, წმინდანთა უხრწნელი ნაწილები... მაგრამ ამის გამო მათ მფლობელებს მადლცხებულებად ვერ ჩავთვლით.

სასწაულები ზოგ ადგილებში წარმართთა მოსაქცევად აღსრულდებოდა, როგორც საღმრთო სიწმიდეზე მინიშნება, მაგრამ აქედან სწორი დასკვნების გამოტანა გვმართებს და არა ამა თუ იმ ცრუ მოსაზრების ბრმა მიმდევრობა. "აგარიანელთა შემოსევის დროს აღმოსავლეთის ტაძრებიდან დასავლეთში გადაიტანეს მრავალი წმინდანის უხრწნელი ნაწილები, მაგალითად, წმიდა მოციქულისა და მახარებლის მარკოზის უხრწნელი ნაწილები გადატანილია ვენეციას, წმიდა იოანე ოქროპირისა კი რომს, მაგრამ უფალმა ეს იმიტომ კი არ ინება, თითქოსდა დასავლეთის (პაპისტური) ეკლესია ღვთისმოსაობით ყოფილიყოს გამორჩეული, ან აღმოსავლეთი გადავარდნილიყოს მწვალებლობაში (პირიქით, სწორედ ამ დროისთვის დაამკვიდრა დასავლეთის ეკლესიამ თავის წიაღში მრავალი მწვალებლური მოძღვრება), არამედ იმიტომ, რომ როგორც ადრე, წარმართთა და კერპთაყვანისმცემელთა მოსაქცევად წარაგზავნა უფალმა მოციქულნი, ამჟამადაც წმინდანთა უხრწნელი ნაწილები დაასახლა დასავლეთში, რათა გონიერ-ჰყოს შეცდომილნი, რამეთუ "სასწაული არა მორწმუნეთათვის არს, არამედ ურწმუნოთა".

ყოველივე ეს მიანიშნებს, რომ ყოვლადმოწყალე უფალი, რომლსაც არ ნებავს ცოდვილთა წარწყმედა, გარეგნული ნიშნებით შეგვაგონებს, რათა ჩვენი ცოდვილი ცხოვრება გავასწოროთ და ერთი სარწმუნოება შევინარჩუნოთ; ღვთის ნება აღვასრულოთ და საკუთარი ნებელობისა და შეხედულებებისამებრ არ ვიაროთ.

მწვალებლები, ეშმაკის საცდურით მოხიბლულნი, უარყოფენ წმიდა ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვადასხვა სახის "სასწაულებით" ცდილობენ თავიანთი ავტორიტეტის "გამაგრებას", მაგრამ ამხელს მათ ქრისტე, რომელიც ბრძანებს: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე ეძიებს სასწაულსა" (მათე 12:39).

ასე, რომ, საყვარელნო, "არა ყოველმან რომელმან მრქუას მე უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 7:21) _ ბრძანებს მაცხოვარი.

უცნაურია ჩვენთან მოპაექრე მანდილოსნის სხვა "არგუმენტიც". ის წერს: "თუ მამაზეციერმა ოსია მეფეს არ აპატია ტაძარში საცეცხლურის ხელში აღება და კმევის წადილისთვის იმავე წამს სიკვდილით დასაჯა, როგორ ფიქრობთ, ჩვენს "არამართლმადიდებელ" მამებს აპატიებდა წირვა-ლოცვის კადნიერებას, ან აღირსებდა იერუსალიმის წმიდა ცეცხლს შეხებოდა რომელიმე ან ჩაუქრობლად ჩამოიტანდნენ თბილისში?"

როგორც ჩანს, პატივცემულ ოპონენტს მეტად ცუდი წარმოდგენა აქვს ღმრთის კაცთმოყვარეობაზე. მართალია, ღმერთი ზოგჯერ მყისიერ სჯის უღვთოდ მოქმედს, მაგრამ ამგვარი რამ საღმრთო განგებულებით აღსრულდება და საყოველთაო კანონს არ წარმოადგენს! ასე, მაგალითად: ონანიც ხომ თავისი უღვთო საქციელისთვის მოაკვდინა ღმერთმა, მაგრამ რატომ დაუყოვნებლივ არ აკვდინებს ურიცხვ ონანისტს? (დაბ. 38:4-10). ასევე, მყის დასაჯა ღმერთმა მღვდელმთავრობის წადილით აღძრული დათანი და აბირონი, რომლებიც აუმხედრნენ მოსეს, მაგრამ განა ასე მოიქცა ღმერთი წმ. პეტრე ალექსანდრიელის მიერ ეკლესიიდან განკვეთილი მელეტი თებაიდელის მიმართ, რომელიც მაინც განაგრძობდა მღვდელმოქმედებას და, მეტიც, არიოზის ბილწ სწავლებასაც კი დაუჭირა მხარი (მსოფლიო საკლესიო კრებათა საქმეები. ტ. 1, I, II და III-ე საკლესიო კრებები. ნიკეის პირველი, მსოფლიო საეკლესიო კრების საქმეები. Москва 1996 г., репринт, стр. 9).

ან იმაზე თუ გიფიქრიათ, მაშინ როდესაც სოდომსა და გომორს "ცეცხლი და წუნწუბაი" აწვიმა, უთვალავ მრუშს, მეძავსა და კაცთამკვლელს დღემდე რატომ სწყალობს ღმერთი? ეზრა წინასწარმეტყველი ბრძანებს: "ნუღარაფერს მკითხავ იმათ სიმრავლეზე ვინც იღუპებიან, რადგან მათაც მიიღეს თავისუფლება, მაგრამ მოიძულეს უზენაესი, არად ჩააგდეს მისი რჯული და მისი გზები მიატოვეს. აქამდე ფეხით თელავდნენ მის მართალ ხალხს და გულში ამბობდნენ: არ არსებობსო ღმერთი, თუმცა იცოდნენ რომ მოკვდებოდნენ. როგორც თქვენ მოგელით ის, რაც წინასწარ ითქვა, ასევე გამზადებულია მათთვის წყურვილი და წამება. უზენაესს არ სურს ადამიანის განადგურება, მაგრამ თავად მისმა ქმნილებებმა წაბილწეს თავიანთი შემოქმედის სახელი, უმადურად მოექცნენ მას, ვინც სიცოცხლე განამზადა მათთვის" (ეზრა. 8:59, 60). "არ ვფიქრობთ ცოცხლები, როცა უსამართლობას ჩავდივართ, რა განსაცდელი მოგველის სიკვდილის შემდგომ" (ეზრა 7:56).

ამგვარად, ჩვენი ოპონენტი თავისი ცრუ ეკლესიის მადლმოსილების უმთავრეს არგუმენტად იერუსალემიდან ჩამოტანილ ცეცხლს მიიჩნევს (რომელიც, სხვათა შორის, სიგარეტის მწეველმა "მამებმა" შეიძლება "ზაჟიგალკით" გზაშიც აანთონ), სხვა არანაკლებ "დამაჯერებელ" არგუმენტად კი ის მოაქვს, რომ მისი მწვალებელი მოძღვრები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. საყვარელნო, რომის შეჩვენებული პაპიც ჯერაც ცოცხალია და ჯანმრთელობას არც სხვა ურიცხვი უსჯულონი უჩივიან და თუ ეს მართლმორწმუნეობის დამადასტურებელი "საბუთია", მაშ, მწვალებლები მოსაწონნი ყოფილან ღვთისთვის (ნუმც იყოფინ!). აი, სად მიგვიყვანა ჩვენი ოპონენტის ლოგიკამ...

სამწუხაროა, რომ ძალზე ხშირად ჩვენთან მოპაექრეთა რელიგიური "განსწავლულობა" პირად ემოციებსა და უარაპატრიოტულ გრძნობებს ვერ სცილდება. ლანძღვა, ქილიკი და ცილისწამება, ძველმართლმადიდებელთა "სამხილებელ" ერთადერთ "არგუმენტად" იქცა. გამონაკლისი არც ჩვენი ახალი ოპონენტია. ღვარძლი და ირონია, რომელიც ავტორს ამოძრავებს და რომლითაც ჩვენი სამხილებელი საბუთების უქონლობის კომპენსირებას ახდენს, _ ამ პიროვნების შინაგან გაუწონასწორებლობასა და საკითხის სრულ უცოდინრობას წარმოაჩენს, რაც მას საკმაოდ უხერხულ და კომიკურ მდგომარეობაშიც აყენებს. სხვა როგორ შეიძლება შეფასდეს მისი მოქმედება, როდესაც ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსის ვინაობას ამ ეკლესიისადმი დაპირისპირებული კონფესიის "წმინდა" სინოდის შემადგენლობაში ეძებს?! განა შეიძლება, მაგალითად, კოპტური ეკლესიის სინოდში მართლმადიდებელი პატრიარქები ვეძებოთ? ან რომის ეკლესიის ეპისკოპატში _ ლუთერანები? ნიკონიანური ეკლესიის სინოდში რა უნდა მართლმორწმუნეს?

მაგრამ, ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულ მანდილოსანს მართლმადიდებლური კრიტერიუმები სულაც არ აღელვებს; ამიტომაც ვამბობდი დასაწყისში, ჭეშმარიტი მარტლმადიდებლობისგან შორს მდგომ პიროვნებებთან პოლემიკა სირთულეებთან არის მეთქი დაკავშირებული. მით უმეტეს, როდესაც ისინი წარმართული ცნობიერების აშკარა დამღას ატარებენ. საინტერესოა ჩვენი ოპონენტის ერთი ფრაზა, რომელიც მის წარმართულ ცნობიერებას უსვამს ხაზს. თავის პუბლიკაციაში ავტორი ასეთი სიტყვით მიმართავს გაბატონებული ეკლესიის "პატრიარქისა" და მისი დამქაშების მამხილებელთ: "რა გრჯიდათ ამ არეულობის ჟამს სიტყვით და კალმით შესდგომოდით ეკლესიისკენ სახემიქცეულ ადამიანთა სულის ფორიაქს?! ნაშუადღევს მამლის ყივილი უსამოვნო შეგრძნებას იწვევს მხოლოდ და ავის მომასწავებლად მიიჩნევენ მას. რომ არ მერიდებოდეს, გეტყოდით ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევიან..." (ხაზგასმა ჩვენია _ არქიეპ. პ.).

ჭეშმარიტად, როგორც წვეთ წყალში აირეკლება მთელი ოკეანე, ასევე ამ ქალბატონის ნაწერში მისი სულიერება! ჯერ ერთი, მართლმადიდებლობაზე დიდი პრეტენზიის მქონე ამ მანდილოსანს უნდა სცოდნოდა, რომ მამლის ყივილში არაფერია ავის მომასწავებელი! და მეორეც, ეს ცრურწმენაა, რომელსაც საკმაოდ მკაცრად განიკითხავენ წმ. მამები! ფრინველთა ყივილით მომავლის "განსაზღვრა" გრძნეულებაა, უწმინდური და წარმართული ჩვეულებაა!

მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრება ბრძანებს: "რომელთა  _ იგი მიანდვნენ თავნი თვისნი მისანთა... მსახვრალთა და საცოთმოქმედთა და გრძნეულთაი, უკუეთუ ეგნენ ეგევითარცა მას უწესოებასა ზედა და არა შეიცვალნენ... ყოველითურთ განყრასა მათსა ეკლესიით განვსაზღვრავ, რამეთუ "რაი ზიარებაი არს ნათლისა ბნელისა მიმართ?" _ ვითარცა იტყვის მოციქული _ "ანუ რაი შეტყუებაი ტაძრისა ღმრთისაი კერპთა თანა, ანუ რაი ნაწილი მორწმუნისა ურწმუნოისა თანა, განა რაი ერთხმობაი არს ქრისტესი ბელიარის თანა?" (2 კორინთ. 6:14-16) (დიდი რჯულისკანონი. VI-ე მსოფლიო კრების 61-ე კანონი. თბილისი. 1975 წ.).

ამავე კრების 65-ე კანონის განმარტებაში მითითებულია, რომ ჯადოქრობა ანუ გრძნეულება, იგივე ფრინველთმკითხაობასაც გულისხმობს, რაც ფრენის მიმართულების ან ყივილის მიხედვით მკითხაობაში გამოიხატება (Правила свв. Всел Соборов 5-7. Москва 1912 г., стр. 197. Толк. Вальсамона и Зонары). ასე, რომ ამ მკითხავი მანდილოსნისა და მისთანათა რჩევებს კი არ უნდა ისმენდნენ ღვთისმოსავნი, არამედ "ყოვლითურთ განერასა მათსა ეკლესიით" მოითხოვდნენ სჯულისამებრ.

წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "როგორც წყალში ღრმად ჩაყვინთული ვერ ხედავს მზეს, რამეთუ წყალი კედელივით ეფარება მზერას, ასევე გონისმიერი მზერაც იბინდება შერყვნილი მცნებებით გამოტენილ თავში. იმისი ეშინიათ რაც სრულებითაც არ არის საშიში და არ არის ცოდვა. ვთქვათ, საწოლისა, რომელზედაც მიცვალებული იწვა, მიცვალებულთა დაკრძალვისა, "საბედისწერო" დღეებისა და მისთანათა, _ და სრულიად არ უფრთხიან იმას, რაც ჭეშმარიტად წარმოადგენს ცოდვას, კერძოდ, მრუში მიდრეკილებები ყრმათადმი. სიძვასა და მრუშობას ხომ საერთოდ არც კი თვლიან ცოდვად. ისინი ანგარიშს უწევენ ნიშნებს, რომელთა წინაშე ძრწიან, მაგალითად, იტყვიან ხოლმე: დღეს სახლიდან გამოსვლისას ასეთი კაცი შემეფეთა _ ალბათ ჩემთვის ეს დღე ათასგვარი უსიამოვნებებით აივსება; ან კიდევ: ამ დილით საძაგელმა მსახურმა პირველად მარცხენა სანდალი მომაწოდა; _ უბედურებასა და ჭირვებას ვერ ავცდები; და კვლავაც: თვით მე, სახლიდან გამოსვლისას ზღურბლი მარცხენა ფეხით გადმოვლახე _ ცრემლის ნიშანია უეჭველად; ვირის ყროყინზე თუ მამლის ყივილზე, ცხვირის დაცემინებასა თუ სხვა მრავალ ამაოებაზე დაფეთებულებს მრავალი ამდაგვარი ცრურწმენისა სჯერათ. ცრუმორწმუნოების ათასგვარი საკვრელებით შეკრულები ბნელში სხედან და ტუსაღებზე უმეტესად დათრგუნვილან" (ტიც. Толкование на посл к Ефесянам, Еп. Феована. Москва. 1896. Ефес. 4:17-19).

მაშ, რა ვუწოდოთ იმათ, ვინც ავისმომასწავებლად მიიჩნევს მამლის ყივილს? "დაბნელებულნი გულითა... რომლებიც ვლენან ამაოებით გონებისა მათისაითა... უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა სიბრმითა გულისა მათისაითა, რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა" _ ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე (ეფეს. 4:17-19).

ან რა უნდა ვიფიქროთ იმ მანდილოსნის ზნეობასა და მორალზე, რომელიც შუადღე აყივლებული მამლის ნიშანზე ასეთ "დარიგებას" რომ მოგცემს: "რომ არ მერიდებოდეს, გეტყოდით ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევიან..." როგორც ჩანს, მანდილოსანს საჯაროდ თქმისა ერიდება, თორემ მისთვის პრაქტიკაში მამლის ყივილზე საქნარი (ოღონდ სათქმელად უხერხული) საქციელი უცხო როდი ყოფილა.

ჩვენი კომენტარი არ სჭირდება იმას, თუ რა მაგალითს აძლევს თავისი რჩევით ხსენებული ქალბატონი გულუბრყვილო და სარწმუნოებაში განუმტკიცებელ მკითხველს, რომელსაც შესაძლებელია მართლაცდა რაიმე ავისმომასწავებელი რამ ენიშნოს აყივლებულ მამალში და რჩევისთვის პატივცემულ მანდილოსანს მიმართოს.

სადღაა ჩვენი ოპონენტის მართლმადიდებლური სარწმუნოება? ქრისტესადმი რწმენა და სასოება? ქრისტეანული მორალი და ზნეობა? "უფალ ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისი მეშინოდეს? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?" _ ბრძანებს წმიდა ფსალმუნთმგალობელი (ფსალმ. 27 (26): 1) _ ხოლო მამლის ყივილით დაფეთებული მანდილოსანი სათქმელად უხერხულ და უხამს ჩვეულებებს ესავს (!). არა ქალბატონო! _ "არა ეგრეთ გვისწავებიეს ჩუენ ქრისტე!".

მამლის ყივილი მართლაც რომ ავისმომასწავებელი რამ იყოს, უფალს მინდობილი ადამიანი უხერხულ და ბილწ ჩვეულებებს კი არ უნდა მისდევდეს, არამედ ღვთისადმი სასოებით გამსჭვალული პირჯვარს იწერდეს და სულის ხსნას ევედრებოდეს, მაგრამ ასე როდი იქცევიან მართლმადიდებლობის სახელს ამოფარებული წარმართები. დიდ შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ თავს ჩვენი ოპონენტი! ვაი სირცხვილო! (თუმც ეს რა შეღავათია, მაგრამ) ქალი მაინც არ ბრძანდებოდეთ!

ამრიგად, ჩვენი ოპონენტი, არათუ მართლმადიდებლურ კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, ლოგიკის ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი თრგუნავს. აი, ამის კიდევ რამდენიმე მაგალითი: ქალბატონი ჩვენი ეკლესიის სიმართლეში მისი მრევლის მცირერიცხოვნების გამოც დაეჭვებულა და ორაზროვნად, ირონიით აცხადებს: "თუ "მეუფე იონას" მიმდევართა 500-500 კაციანი მრევლის (ფოთსა და აქ ვარკეთილში) გარდა ყველა მწვალებელია, კარგად გვქონია საქმე და რა ერთ მუჭა "განდგომილებს" მივსტირით, დროა საკუთარი თავები ვიტიროთ".

განა ოდესმე ეკლესიის სიმართლე მის წევრთა რიცხობრივ სიმრავლეზე ყოფილა დამოკიდებული? ამ ერთ მუჭა "განდგომილებზე" მახსენდება წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელსაც ზუსტად ასე მიმართავდნენ მისი თანამედროვე მწვალებლები: "მთავართა რქუეს: (წმიდა მაქსიმეს) რაი არს უკუე შენ ხოლო სცხონდები და ყოველნი წარწყმდებიან? მიუგო წმიდამან მაქსიმე: არავინ განიკითხეს სამთა მათ ყრმათა ოდეს იგი ხატსა მას ოქროისასა არა თაყუანისცეს, რომელსა ყოველნი იგი ერნი თაყუანის სცემდეს; არამეთუ არა სხუათა მათ ერთა საქმეთა ხედვიდეს, არამედ ამას ეკრძალებოდეს, რაითაA იგინი არა მიდრკნენ ჭეშმარიტებისაგან... უკუეთუ კნინოდენი შეემთხვიოს ნაკლულევანებაი და განდრეკილებაი სარწმუნოებისაი, ყოველივე წარუწყმედიეს ესევითარცა მას და დაუქცევიეს სული თვისი. ესე ჩემგან შეუძლებელ არს. რაიცა გნებავს ქმენით ჩემ ზედა მე შემწყნარებელთა წვალებისათა არა ვეზიარები".

"არცა ვის ხელეწიფების მეფესა, გინა მღვდელთ-მოძღვარსა ახლისა რაისამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაი იგი პირველითგან წმიდათა და მოციქულთა დააწესეს, და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაი ერთი ანუ ერთი ბეწვი არა შეიცვალების, ხოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესევითარსა მას კათოლიკე ეკლეისაი შეაჩვენებს" (წმ. მაქსიმე აღმსარებელის ცხოვრებიდან. ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. კიმენი. ტ. I. თბილისი, 1918 წ. გვ. 78, 87).

წმ. თევდორე სტოდიელიც ბრძანებდა: "ყველა ეპისკოპოსი და ყველა ქრისტეანი რომ განუდგეს ჭეშმარიტებას,მე არ განვუდგები". თუკი ნათლისღების საიდუმლო დარღვეულია, რამდენად ლოგიკურია არ დაიჯერო, ათასობით თუ ათიათასობით მოუნათლავად გარდაცვლილი საგეჰენიოდ რომ განწირულა?! ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, თვით ქრისტე ბრძანებს: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3:5), ხოლო თუ როგორ უნდა სესრულდეს ნათლობის საიდუმლო და როგორ არა, ჩვენი წინაპრებისა მაინც ვისმინოთ:

"ვინცა ვინ არა ნათელსცეს სამითა შთაყოფითა სახელსა ზედა მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, შეჩუენებულ იყავნ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი". ციტ. "მაცნე", 1975 წ. # 1, ენისა და ლიტერატურის სერია. მაია რაფავა. "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი").

მე-18 საუკუნის ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი წერს: "მცირედი წყლის გარეგანი შეხება ან სხურება კი არა, მხოლოდ წყალსა შინა სურულიად დამარხვა და მისგა აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვილობას" ("გრდემლი", თ. 20).

იოანე ბატონიშვილი "კალმასობაში" ერთგან რომაელ-კათოლიკეებზე წერს: "...კანონნი ჩვენისა წმიდისა ეკლესიისა გარყვნეს და შეამსუბუქეს და ნათლისღებასა შინაცა არა აღმოშობენ წყალსა შინა, არამედ ოდენ მოუსმენ წყალსა" ("ხუმარ-სწავლა" (კალმასობა), წიგნი I, თბილისი, "მერანი", 1990 წ., გვ. 54). ის, რაც კანონთა შერყვნად მიუჩნევიათ ჩვენს წინაპრებს, თქვენთვის რატომ იქცა სიწმინდედ? კათალიკოს ორბელიშვილთან ერთად შეეკითხეთ თქვენს "მამებს": "თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით... რის გამოც მათგან "ნათელღებულთ", ნათლის მინიჭების მაგიერ სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში" ("გრდემლი", თ. 20)?

დასაწყისში ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ძნელია, ეკლესიის სწავლება განუმარტო გაწარმართებულ ადამიანს, რადგან წინასწარ აკვიატებული აზრებით და დემაგოგიური გამოხდომებით ვერავინ შეიმეცნებს ჭეშმარიტებას და არც არის იმედი, რომ ამდაგვარნი მას ეზიარონ. ასეთ ადამიანებზე ამბობს ბრძენი სოლომონი: "გზა არს რამე, რომელი წინაშე თვალთა კაცთასა წრფელ იყოს, ხოლო დასასრული მისი მიმყვანებელი მთხრებლად ჯოჯოხეთისად" (იგავთა 14:12).
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому