აპოლოგეტიკა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალურია - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალურია

პასუხი "თეოლოგ" ბასილ კობახიძეს
ძველმართლმადიდებლური ეკლესია
გაზეთ "კვირის რეზონანსის" 2009 წლის 31 მაისის ნომერში სათაურით: "ქართველი ძველმართლმადიდებლები რუსეთის ეკლესიას დაექვემდებარნენ" გამოქვეყნდა ინტერვიუ "თეოლოგ" ბასილ კობახიძესთან და ომბუდსმენის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის დირექტორ ბექა მინდიაშვილთან.

ძველმართლმადიდებელთა მისამართით არაობიექტურ და არაკვალიფიციურ მსჯელობებს კარგა ხანია შევეჩვიეთ, მაგრამ ზემოთ ხსენებულმა ინტერვიუმ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: აქტიური ეკუმენისტი და საპატრიარქოს ყოფილი "მღვდელი", გაურკვეველი რელიგიური აღმსარებლობის მქონე ბასილ კობახიძე, ძველმართლმადიდებლობის დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად და მიზანმიმართულად აყალბებს ქართველ და რუს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შეერთების არსს და ცდილობს, ამ მოვლენას პოლიტიკური ელფერი მისცეს.



ბასილ კობახიძე (მარცხნიდან მეორე) "ეკუმენისტურ" ლოცვაზე მწვალებლებთან ერთად



ბასილ კობახიძე - პროდასავლური ორიენტაციის "თეოლოგი"


ბასილ კობახიძის განცხადებით: "საეკლესიო რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაყოფია ის, რომ 18 მაისს გაერთიანდა რუსული და ქართული ძველმართლმადიდებლური ეკლესიები და დაექვემდებარა რუსული ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ ალექსანდრეს".

ეს რომ ასე იყოს, კობახიძეს არ გაუჭირდებოდა შესაბამისი მუხლების ამოწერა შერიგების აქტიდან (რომელიც რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული http://www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/2009_p1.htm) და მისი გამომზეურება, მაგრამ, რაც არ არსებობს, იმას როგორ გამოამზეურებდა?! პირიქით, მან საზოგადოებას დაუმალა, რომ რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საერთო კრებამ და უწმიდესმა პატრიარქმა ალექსანდრემ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს (იხ. პუნქტები 3, 4 და 5).

აქვე დავაზუსტებთ - რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესია განიხილავდა საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან კანონიკური ერთობის აღდგენის და არა მისი მიერთების საკითხს (იხ. ზემოთ მითითებულ საიტზე. 2009 წლის საეკლესიო კრების დღის წესრიგის მე-2 პუნქტი. კრების აქტი მთლიანად არის გამოქვეყნებული ამ საიტზე. ქართულად იხილეთ აქ.).

რუსულმა ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავის საიტზე მორწმუნეებს ახარა (და ამის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა) რომ პატრიარქმა ალექსანდრემ, ეპისკოპოსებთან ერთად აღასრულა ქართველებთან შერიგების და არა ქართული ეკლესიის რუსეთის ეკლესიასთან შემოერთების წეს-განგება, როგორც ამას გვამცნობს ბ-ნი კობახიძე და შეგნებულად შეცომაში შეჰყავს მკითხველი.

თავის აშკარად რუსოფობულ განცხადებებში, კობახიძეს ქართველ და რუს ძველმართლმადიდებელთა შერიგება რატომღაც "სამარცხვინოდ" მიაჩნია და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაყოფია.

ნუთუ"თეოლოგმა" არ უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური მდგომარეობა, რაც უნდა მძიმე იყოს ის, ვერ განაპირობებს ქრისტეანულ ეკლესიებს შორის ევქარისტული ერთობის ვერც აღდგენასა და ვერც გაწყვეტას?! ნუთუ არ იცის რომ ქრისტეანულ სიყვარულს და ერთობისკენ სწრაფვას სახარებისეული გამართლება აქვს და ვერავითარი პოლიტიკური ვითარება ამ სწრაფვას ხელს ვერ შეუშლის?!

ბასილ კობახიძემ არ იკმარა დეზინფორმაციის გავრცელება და პატრიოტული სულისკეთებით გამსჭვალული ქართველი მკითხველის გრძნობებზე თამაში შემდეგი უპასუხისმგებლო განცხადებით გააგრძელა: "მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს, მათი გაერთიანება და მით უმეტეს გრიგოლეთის უმშვენიერეს ადგილას არსებული ტაძრის პირდაპირი დაქვემდებარება რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ალექსანდრე კალინინისადმი, საკმაოდ სკანდალური ფაქტია და ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი რუსეთის აგრესიისა, რომელიც არა მარტო სამხედრო მიმართულებით, არამედ ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული თუ რელიგიური მიმართულებითაც ებრძვის საქართველოს".

ბ-ნ კობახიძეს და მკითხველსაც მოვახსენებთ, რომ "გრიგოლეთის უმშვენიერეს ადგილას არსებული ტაძარი" რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიისთვის ჩვენ არ გადაგვიცია - ის ყოველთვის მის დაქვემდებარებაში იყო. ეს ტაძარი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია აშენებული, ძველმართლმადიდებელი რუსი ქრისტეანების კერძო ნაკვეთზე, მათივე პირადი სახსრებით და ამ ეკლესიის მფლობელები (ისევე როგორც წევრები) ყოველთვის იყვნენ გრიგოლეთში და ფოთში მცხოვრები რუსი ძველმორწმუნეები. ამიტომაც უსამართლობა იქნებოდა არ გვეღიარებინა გრიგოლეთის ძველმართლმადიდებლური ტაძრის კანონიკური და ისტორიული მფლობელი, რაც აღვასრულეთ კიდეც.

საინტერესოა, ძველმართლმადიდებელთა სახით რუსეთის რომელ აგრესიაზე ლაპარაკობს ეკუმენისტი და ბაპტისტების მეგობარი ბასილ კობახიძე? განა უმჯობესი არ იქნებოდა, ქართველი მკითხველისთვის ეუწყებინა, რომ რუსეთის პოლიტიკა არათუ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მეშვეობით არ ახორციელებს აგრესიას საქართველოში, არამედ თვით ამ ეკლესიის წინააღმდეგ იჩენს აგრესიას.

ძველმართლმადიდებლობა ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც სიცრუისა და ბოროტების წინააღმდეგ შეურიგებლად მებრძოლი აღმსარებლობა. ამიტომაც არის, რომ ძველადაც და რუსეთის არსებული ხელისუფლების პერიოდშიც, ძველმართლმადიდებლობა ისეთივე მსხვერპლია აგრესიისა და უსამართლობისა, როგორც თავად საქართველო. ამ აგრესიის თავიდან ასაცილებლად უწმიდესმა პატრიარქმა ალექსანდრემ სპეციალური მიმართვაც კი დაწერა რუსეთის პრეზიდენტ დ. მედვედევისადმი (იხ. www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/informaciya_2.htm).

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ოფიციალური ეკლესიის პატრიარქი ილია II დელეგაციასთან ერთად სამშვიდობო მისიით ეწვია რუსეთს, რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ილაპარაკა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის განმუხტვაზე. სრულიად ბუნებრივია, რომ ამ ქმედებისთვის მისთვის არავის მიუკერებია "რუსეთის აგრესიის ხელშემწყობის" იარლიყი.

მიუხედავად ნამდვილი აგრესიისა რუსეთის ოფიციალური ეკლესიის საპატრიარქოს მხრიდან საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიების მიმართ, რაც გამოიხატება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე რუსეთის ეკლესიის უკანონო ქმედებებში; მიუხედავად იმისა, რომ რუსი მღვდლები აშკარად გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას ამ აგრესიისადმი და აკურთხებდნენ ტანკებსაც კი, არავის, ილია II-ისა და საქართველოს საპატრიარქოსთვის არ უთქვამს, რომ მისი ევქარისტული კავშირი რუსებთან და პატრიარქის ჩასვლა რუსეთში არის "სამარცხვინო ფაქტი".

მაშ, რატომ გახდა ამ კონფლიქტისგან შორს მდგომი და ქართველი ხალხის მეგობარი რუსი ძველმართლმადიდებელი ქრისტეანების სურვილი, ჰქონდეთ ქართველებთან ძმური, ეკლესიური კავშირი "სირცხვილი" და "აგრესიის გამოხატულება"? განა სახარებაში არ წერია: "ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი"? თუ, სახარებისეული მცნებები კობახიძისნაირი პოლიტიკოსი "თეოლოგებისთვის" ანგარიშგასაწევი არ არის?

ამასთანავე, ჩვენს წინააღმდეგ მომართული "კვირის რეზონანსის" ხსენებულ პუბლიკაციაში ავტორთა მიერ სრულიად არასწორად და ისტორიულ სინამდვილესთან შეუსაბამოდ არის გადმოცემული მრავალი ფაქტი თუ ისტორიული მოვლენა. მაგალითად, სტატიაში დეკანოზი ამბაკუმი მოხსენიებულია არქიმანდრიტად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, თვით სახელი "ამბაკუმი" კი სტატიაში დამახინჯებულია და წერია "აბაკუნი". ერთი შეხედვით, ეს თითქოს წვრილმანია, მაგრამ სწორედ ასეთ დეტალებში იმალება ეშმაკი...

არის უფრო სერიოზული ხასიათის შეცდომებიც, კერძოდ, "კვირის რეზონანსის" ხსენებულ პუბლიკაციაში როგორც კორესპონდენტი ეკა ბასილაია, ასევე ორივე ინტერვიუერი - ბასილ კობახიძე და ბექა მინდიაშვილი გვიხსენიებენ სექტანტებად, რაც არანაირად არ შეეფერება რეალურ ვითარებას.

საბედნიეროდ, არსებობენ რელიგიურად განათლებული და კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებმაც კარგად უწყიან, რომ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები სექტანტები არ არიან. ამის დამადასტურებელი უამრავი არგუმენტი და წყარო არსებობს, რომლის ჩამოთვლითაც მკითხველს თავს არ შევაწყენთ. მაგალითისთვის დავიმოწმებთ მხოლოდ საპატრიარქოს ოფიციალურ საიტს, რომლის განყოფილებაში "ეკლესია და სახელმწიფო", განთავსებულია სტატია "ისტორიული რელიგიები საქართველოში" სადაც აღნიშნულია, რომ: "ოფიციალურ მართლმადიდებლობასთან აქტიურად დაპირისპირებულ მიმდინარეობას (და არა სექტას) წარმოადგენენ ე.წ. `სტაროობრიადცები" ანუ `სტაროვერები"" (http://www.patriarchate.ge/?action=organizaciebi).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ საპატრიარქოს ოფიციალური შეხედულება "სტაროვერებზე" და მომავალში მაინც ნუ გამოიყენებთ ამ შეუფერებელ ტერმინს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მისამართით.

თუმცა, როგორც საიტის ავტორებს, ისევე ბატონებს ბ. კობახიძესა და ბ. მინდიაშვილს გვინდა ვაუწყოთ, რომ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია არც "ოფიციალურ მართლმადიდებლობასთან" არის დაპირისპირებული. ის, რომ ძვალმართლმადიდებები ზოგიერთ საეკლესიო-ლიტურგიკულ საკითხში, ნათლობის შესრულების წესში არ ვეთანხმებით ოფიციალურ ეკლესიაში გაბატონებულ შეხედულებას, არ ნიშნავს, რომ ჩვენ "ოფიციალურ მართლმადიდებლობასთან" გვაქვს დაპირისპირება.

ძველმართლმადიდებლობა - ეს არის ძირძველი, ნამდვილი მართლმადიდებლური სარწმუნოება. ჩვენ ვაღიარებთ მართლმადიდებლობას, როგორც ერთადერთ, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას. ერთადერთი, რასაც ჩვენ მათგან უპირობოდ მოვითხოვთ, არის ძირძველი მართლმადიდებლური გადმოცემებისა და სწავლებების ზუსტი დაცვა (რასაც, სამწუხაროდ, ოფიციალური ეკლესია აუცილებლად არ მიიჩნევს).

სტატიაში დომინირებს აზრი, რომ ძველმართლმადიდებლობა, რომელიც ნიკონ პატრიარქის (XVII ს.) რეფორმის შემდეგ აღმოცენდა, რუსული მოვლენაა და ქართველების ამ მიმართულებაში მონაწილეობა გაუგებარია.

ბასილ კობახიძეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ (რადგან ამ თემაზე ჩვენ საკმაოდ მრავალი მასალა გამოვაქვეყნეთ, თვით კათალიკოს ანტონ I-ის მოღვაწეობის ჩათვლით), რომ რუსეთმა ყოველი მართლმადიდებლური წესი და განგება მიიღო ბერძნებისგან IX-XI საუკუნეში.

ამ პერიოდიდან მოყოლებული რუსებმა მართლმადიდებლობა შეურყვნელად დაიცვეს XVII საუკუნემდე, ხოლო ბერძნებმა სხვადასხვა მძიმე ვითარების გამო თანდათანობით დაკარგეს მართლმადიდებლობის სიწმინდე. იეზუიტების პოლიტიკური ხრიკებისა და მოსკოვში, მეფის კარზე სამათხოვროდ ჩასული ზოგიერთი აღმოსავლელი იერარქის წყალობით მეფე ალექსიმ და პატრიარქმა ნიკონმა წამოიწყეს რეფორმა, რომელსაც დღეს მრავალი რუსი ისტორიკოსი, სასულიერო პირი და მეცნიერი სრულიად არასაჭიროდ და დიდ შეცდომად მიიჩნევს. მეტიც, მთელი რუსული რეფორმა დღეს შეფასებულია, დასავლეთის დივერსიულ აქტადაც კი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ (Б. Кутузов. Церковная реформа XVII века. Москва. 2003 г., стр. 56-73; 313).

მეფე ალექსიმ და პატრიარქმა ნიკონმა განახორციელეს რეფორმა, რომელიც, რუსი ღვთისმეტყველების აღიარებით, "აბსოლუტურად არ სჭირდებოდა ეკლესიას" (იხ. ბ. კუტუზოვის ხს. ნაშრ.). შედეგად, რუსეთში ეკლესია ორ ნაწილად გაიყო, რომელთაგან რეფორმის უარმყოფელნი იწოდნენ ძველმართლმადიდებლებად, ხოლო რეფორმირებული ეკლესია (რუსეთის ოფიციალური საპატრიარქო), რომელმაც მართლმადიდებლობის სახელი მიისაკუთრა, ოფიციალურ პოზიციებზე დარჩა.

ამ უსარგებლო და მართლმადიდებლობის დამღუპველ რეფორმას XVII საუკუნეში მრავალი რუსი მართლმორწმუნე შეეწირა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძველმართლმადიდებლობა რუსი ეთნოსის საკუთრებაა, ისევე როგორც არ არის ის სხვა რომელიმე ეროვნების ადამიანთა საკუთრება, ვინც თავი შესწირეს ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას.

რაც შეეხება ქართველების ამ "მოვლენაში მონაწილეობას", ანუ საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაარსებას, ის განპირობებულია ნიკონის შემდგომდროინდელი ვითარებებითა და შემდგომი ისტორიული მოვლენებით. კერძოდ, საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია XVIII საუკუნეში მიუერთდა რუსეთის რეფორმირებულ ეკლესიას, რომელმაც მოგვიანებით გააუქმა ქართული ავტოკეფალია და ის რუსეთის საეგზარქოსოდ გადააკეთა, რის შედეგადაც, ყველა ის არაკანონიკური ცვლილება, რაც რეფორმის შედეგად მიიღო რუსულმა ოფიციალურმა ეკლესიამ, ავტომატურად ქართულ ეკლესიაშიც დამკვიდრდა.

ამდენად, რომ არა ეს შეერთება და ქართველი ერისა და მართლმადიდებლობის მოღალატე კათალიკოსის, ანტონ I-ის რეფორმატორული საქმიანობა, ნიკონის რეფორმა მართლაც "რუსულ მოვლენად" დარჩებოდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ოფიციალური, ქართული "მართლმადიდებლური" ეკლესია ჩვენთვის არის XVII საუკუნეში, პატივაყრილი და კათედრებწართმეული ბერძენი იერარქების, მეფე ალექსისა და პატრიარქ ნიკონის მიერ რეფორმირებული რუსული ეკლესიის ასლი, რაც არაერთხელ აღუნიშნავთ ქართველ მეცნიერ-მკვლევარებსაც (უფრო დაწვრილებით იხ. ეპ. პავლე "ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი. კათალიკოს ანტონ I. თბილისი 1999 წ.).

ისევე როგორც რუსეთში მრავლად დარჩა არარეფორმირებული, ძირძველი მართლმადიდებლობის ერთგული მართლმორწმუნე (რუსი ძველმართლმადიდებლები), საქართველოშიც, ქართველ ძველმართლმადიდებლებს გვსურს ვიყოთ ამ ძირძველი, დავით აღმაშენებლის დროინდელი, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი მემკვიდრეები და არა რუსეთის პატრიარქის ნიკონისა და კათალიკოს ანტონ I-ის მიერ რეფორმირებული "მართლმადიდებლობის" მიმდევრები.

ამავდრულად, მკითხველს შევახსენებთ, რომ ქართველი ძველმართლმადიდებელი ქრისტიანები არიან საკუთარი ქვეყნის ერთგულნი და ისევე უარყოფითად აფასებენ რუსეთის ხელისუფლების აგრესიულ ქმედებებს, როგორც მთელი ქართველი ერი. ამიტომაც, არავის მივცემთ უფლებას, საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო მცდარი წარმოგენა შეუქმნას ქართულ საზოგადოებას ძველმართლმადიდებლობაზე.

ასე, რომ, ვფიქრობთ, საქართველოში ქართველ ძველმართლმადიდებელთა არსებობაში არაფერია გაუგებარი და თუ მაინცა და მაინც გაუგებრობებზეა ლაპარაკი, გაუგებარი და გამოსარკვევი სწორედ ის არის, თუ რატომ ბედავენ საქართველოს ისტორიისთვის, კულტურისთვის, ფსიქოლოგიისა და ხასიათისთვის სრულიად შეუსაბამო პროტესტანტული და იუდეოქრისტეანული სექტების: ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, იეღოვისტებისა და სხვათა მხარდამჭერი ქართველები (თუნდაც ბასილ კობახიძე) ძირძველი მართლმადიდებლობის ძაგებას და მის შევიწროვებას საქართველოში?!

თბილისი, 2009 წ.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому