აპოლოგეტიკა - მოძღვარ გიორგის მეუფე იონასგან - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
ეპისკოპოსი იონა (ჩახავა)

მოძღვარ გიორგის მეუფე იონასგან
ძველმართლმადიდებლობა
მიმდინარე წლის თებერვალში (1993 წ.) ”ივერია ექსპრესში” დაიბეჭდა ინტერვიუ ქართული ოფიციალური ეკლესიის მოძღვარ გიორგისთან სათაურით ”სტაროვერების არსებობა საქართველოში აბსურდულია”. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ინტერვიუს მკითხველი მოკლებულია სწორ ინფორმაციას; ვეცდები, დავასაბუთო ეს მოსაზრება, რისთვისაც, უპირველესად, მომიწევს ზემოხსენებული ინტერვიუს დაყოფა საბრალდებო ციტატებად. აი, რას ბრძანებს მოძღვარი გიორგი.

ციტატა პირველი: "ეს მიმდინარეობა (იგულისხმება ძველმართლმადიდებლური, ანუ ”სტაროვერული” კონფესია, - ეპ. იონა) რუსეთში წარმოიშვა. იქ მის დამკვიდრებას თავისი საფუძველი ჰქონდა. საქართველოში კი ამ მიმდინარეობის არსებობა სრულიად აბსურდულია".

თუკი დავიჯერებთ, რომ ამ მიმდინარეობის არსებობას გამართლება მხოლოდ რუსეთში გააჩნდა, მაშინ მართლმადიდებლობაც, რომელიც საქართველომ საბერძნეთისგან მიიღო, მხოლოდ ბერძნებისთვის ყოფილა ნიშანდობლივი და არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონია უფლება მისი მისაკუთრებისა.

რა ლოგიკაა ეს?!

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კვლავ გვსურს გავიმეოროთ: როდესაც დღევანდელი მსოფილიო ანტიქრისტიანულ - მასონურ ლოკაციაშია მოქცეული, მეტი სიფხიზლე გვმართებს. ზღვაში ჩავარდნილს საშველად ქაღალდის ხომალდს რომ შემოუცურებენ, ფინალი გარკვეულია: ეკლესია, რომელიც თავად ვერ არის რჯულისკანონის დამცველი, რანაირად შეიძლება რჯულმოსილთა მსაჯულად გამოდგეს, მით უფრო, მხსნელად! თუკი უსამართლო ბრალდებად იგულვებთ ამ განცხადებას გიპასუხებთ: მოძღვარო, თქვენ დარღვეული გაქვთ უმთავრესი მუხლი ნათლობისა - მოციქულთა ორმოცდამეათე კანონი, რომლის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. დიდრჯულისკანონშივე ნაუწყებია, რომ ყველა სხვაგვარი ნათლობა ერეტიკულია, რამეთუ არარჯულისმიერია. ყოველი სასულიერო მოღვაწე, რომელიც არარჯულისმიერ ნათლობას გასცემს, მღვდლობისგან განკვეთილია (მოციქულთა კანონი 50, ასევე კანონი 46-ე).

თქვენ შეგიძლიათ დაიჩემოთ წყალპკურებითი ნათლობის ღირსეულობა, რასაც საანათემო დასასრული გააჩნია, მაგრამ მერწმუნეთ, ამაოდ ეძებთ რჯულისკანონში რაიმე საშეღავათო ნათლობის წესს. ეყო საქართველოს წარმართული ყოფა! რაკი ქრისტეს ჭეშმარიტი ბეჭედი ყველას ეკუთვნის, ვინც კი ქრისტეანობას ინებებს, რისთვის ან რატომ უნდა დაბრკოლდეს? გაბერილი მუცელი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ფეხმძიმობას, ასევე ყველა ეკლესია როდია ქრისტეანთა დაბადების შემძლებელი, ქრისტეანთა დაბადება მხოლოდ დიდი რჯულისკანონის მიმყოლთ ხელეწიფებათ. ამგვარი ეკლესია კი ძველმართლმადიდებლური, ანუ ”სტაროვერული” ეკლესია გახლავთ. მის ორთოდოქსულობას, ესე იგი ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას აღიარებს მსოფლიო ენციკლოპედიები. დღემდე რუსი ეგზარქოსების მიერ დამკვიდრებულ ეკლესიას საქართველოში ქართულ ეკლესიად რაცხთ, ხოლო მსოფლიოს მიერ აღიარებულ ორთოდოქსალურ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც ადრინდელი ბერძნულის და ძველი ქართულის იდენტურია, - უცხოდ მიგაჩნიათ. საკმარისია, არ გვსურს იგავის მოსმენა!...

მაშინ, როდესაც რჯულისკანონის უარყოფამ ქვეყანა გააწარმართა, ცრუ ეკლესიის მესვეურნი მსოფლიო რელიგიათა ინტეგრაციაში ხედავენ საშველს. რომელმა კონფესიამ აუქცია მხარი ამ რჯულის უარმყოფელ ეკუმენისტურ ორგანიზაციას - მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს? რომელმა ეკლესიამ შეინარჩუნა ყველათა შორის რჯული? მხოლოდ ”სტაროვერულმა”, დიახ, თქვენს მიერ დაწუნებულმა იმ ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ და ჩვენც სწორედ ამიტომ ვირწმუნეთ მათი მართლმადიდებლური მადლმოსილებისა და ამიტომაც მივიღეთ მათგან ხელდასხმა, რათა საქართველოს ის შვილები, რომლებიც ინებებდნენ რჯულისმიერ ნათლობას, მიეღოთ იგი ჩვენთან.

ნუ შემოგვწყრებით იმის გამო, რომ ვერ ვენდობით ეკუმენისტური დამღის ქვეშ მყოფ ეკლესიებს, როგორიცაა: ქართულ-ნიკონიანური, ბერძნული, რუსული-ნიკონიანური, ბაპტისტური და სხვა. აქედან გამომდინარე, ბატონო მოძღვარო, ძველმორწმუნეობრივი, ანუ ”სტაროვერული” ეკლესიის არსებობა საქართველოში დროულიცაა და ღვთივმოწონებულიც, იგი არ გახლავთ რუსული ფენომენი, იგი ამჟამად გაქართულდა ისევე, როგორც ადრევე გაქართულდა ჩვენში ბერძნული რჯულმოსილება.

ციტატა მეორე: ”მისი წარმომადგენლები თავს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრებად თვლიან და საეკლესიო წიგნებს ძველი სლავურიდან ქართულად თარგმნიან, როცა ჩვენი ქართული ხელნაწერები გაცილებით ძველია სლავურთან შედარებით. სწორედ ამ ხელნაწერთა მეშვეობით ატარებს წირვას ქართული ეკლესია”.

ჭეშმარიტებას ბრძანებს მოძღვარი,როცა მიანიშნებს ჩვენს მიერ ლოცვების სლავურიდან გადმოქართულებას. მიზეზი? რჯულის მიმართ ჰაიჰარად მაცქერალთა ხელში მართლმადიდებლობამ ჩასახვის დღიდან დღემდე ბევრად იცვალა სახე. ამაში თვით ქართული ოფიციალური ეკლესიის მესვეურნიც გვეთანხმებიან, როცა თავადც ბრძანებენ:

”საღვთისმსახურო წიგნთა შესწორებისთვის ზრუნვა გასული საუკუნის მიწურულში დაიწყო, განსწავლული სასულიერო პირთა ინიციატივით შეიქმნა ბიბლიისა და საღმრთისმსახურო წიგნების შემსწორებელი კომისია, რომლის მიზანი იყო ძველი ქართული ხელნაწერებისა და ბერძნული ორიგინალის გათვალისწინებით გაესწორებინა, ჟამთასვლისა და რედაქტორ-გადამწერთა უმეცრების შედეგად დამახინჯებული ხსენებული ლიტერატურა, რათა ქართულ მღვდელმსახურებას ამრიგად გაესწორებინა თვალი ლიტურგიკის თანამედროვე მიღწევებისთვის... კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ პიროსი ოქროპირიძე, მღვდელი კალისტრატე ცინცაძე, დეკანოზი კორნელი კეკელიძე, იუსტინე აბულაძე და სხვები... კომისიამ მაინც ვერ მიიყვანა დაწყებული საქმე ბოლომდე. ამის ძირითადი მიზეზი იყო ჯერ რევოლუცია, შემდეგ კი საბჭოეთის მიერ ეკლესიის შევიწროება...

დღეისათვის ეკლესიის აღორძინების ჟამს, ხელახლა დგება საკითხი საღმრთისმსახურო წიგნთა შესწორებებისა და გამოცემისა, ეს დიდი და შრომატევადი საქმეა” (”ჯვარი ვაზისა”, 1991 წ. # 3,გვ. 25).
მაშ, უწინარეს არ მოუწოდებიათ ქრისტეს მტრების მიერ შერყვნილი ლოცვების გარანდვა?! და თუკი იტყვით: ამჟამინდელი ხელთარსებული ლოცვები ხომ მაინც გარანდულიაო, ისევ მოგიწევთ ზემოხსენებულ ჟურნალში ჩახედვა:

”დღეისათვის, ეკლესიის აღორძინების ჟამს, ხელახლა დგება საკითხი საღმრთისმსახურო წიგნთა შესწორებისა და გამოცემისა. ეს დიდი შრომატევადი საქმეა. მის ბოლომდე მიყვანას შეიძლება ათეული წლები დასჭირდეს. ამიტომ პირველ რიგში უნდა დაზუსტდეს ყველაზე გავრცელებული ლოცვები და საგალობლები, თანდათანობით კი ყოველი ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული კრებულიც, რადგან ღვთისმსახურება გამართული და დაზუსტებულ ლოცვისა და გალობის გარეშე წარმოუდგენელია” – (იქვე, ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, გვ. 25).

მაშ, რა ეთაკილა ჩვენი მთარგმნელობითი მოღვაწეობისა მოძღვარს?!

თუკი გაინტერესებთ, რატომ ვთარგმნეთ სლავურიდან და არა ბერძნულიდან, ამასაც მოგახსენებთ, როგორც ამჟამინდელი საეკლესიო ქართული ლიტერატურა დედნად გამოუსადეგარია ზემორე ნაუწყები მიზეზთა გამო, ასევე გამოუსადეგარია ბერძნული არსებული ლიტერატურაც. რამეთუ, ისიც კათოლიკურ სტამბებშია ნაწრთობი. და რაც ბერძნულ ეკლესიას შეეხება, იგი სადღეისოდ ორგველიანი კვერთხის მპყრობელი პატრიარქის ხელშია (ორგველიანი კვერთხი კი მასონების ემბლემაა), ვინაიდან ვერც ბერძნებსაც მოუცლიათ თავიანთი მართლმადიდებლობის დასაცავად, ვინაც უზადოდ შეინარჩუნა საეკლესიო ლიტერატურაც და ეკლესიური ყოფაც, ჩვენც მას დავეყრდენით! ორი ჭიდან განა სუფთა ჭის წყალი არ შევთავაზეთ საქართველოს? ვინ დაუდგინა წყალს ეროვნება? ასევე მართლმადიდებლობაც არ არსებობს ნაციონალური, იგი ქრისტიანულია.

ასე, რომ არც ჩვენი მთარგმნელობითი საქმიანობა ყოფილა ბატონი მოძღვრის ასათვალისწუნებელი.

ციტატა მესამე: ”სტაროვერების” მიმდევრებს სურთ საქართველოში რუსული ძველი ეკლესიის ტრადიციების დამკვიდრება”.

რატომ უნდა გვსურდეს რუსული ეკლესიის ტრადიციების დამკვიდრება რუსულად ძლივს მოლაპარაკეებს, ესეც გაურკვეველია. აკი თავადაც აღნიშნეთ, რომ თურმე სლავურიდან ვთარგმნით ქართულად. მაშ, რანაირად ვამკვიდრებთ რუსულ ეკლესიას საქართველოში, სად არის ლოგიკა?! ან რომელ ტრადიციებზეა ლაპრაკი, უბიწო მართლმადიდებლობა განა ერთი სახისა არაა დედამიწაზე?! თუ კი არსებობს ელექტროენერგია, არსებობს ელექტრონათურები, მოხდა ჩართვა, აინთო ნათურები, გვიპასუხეთ, მოძღვარო, რომელიც ნათურა აინთო ბერძნულად, რომელი - ქართულად, და რომელი სლავურად? ასევე განუსაზღვრელია მართლმადიდებლობის ნაციონალურობა. რატომ აბნევთ ხალხს? აკმარეთ, რაც ჭირი შეჰყარეთ, გნებავთ, ამ სამოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში. ჩვენ, მოძღვარო, რუსულ ეკლესიას კი არ ვამკვიდრებთ, არამედ თვით რუსი მასონებისგან წამებულთა მიერ შენარჩუნებულ მართლმადიდებლობას ვაქართულებთ. რა არის აქ საგანგაშო?

განა საქართველოში დამკვიდრებული რუსული ეკლესიები თქვენთვის სადღეისოდ უცხოა, რომელთანაც მსოფლიო ეკლესიათა საბჭოური დიდი ძმობა გაკავშირებთ? მაშ, რატომ მაინცდამაინც ძველმოწმუნეთა ეკლესია აითვალისწუნეთ? ამგვარი ტოტალური ომი რომ გამოგვიცხადეთ, უმჯობესი არ იყო, მოგებაძათ რჯულმოსილებაში და ამით ჩვენი გაერთიანებისთვის დაგედოთ საფუძველი? ძნელია რჯულის აღსრულება და ადვილი მისი ძაგება, არა? განკითხვაში იქონიეთ სიმართლე, მოძღვარო!

რაც შეეხება რუის-ურბნისის კრების ჩვენს მიერ ხსენებას, ამით გვსურს, კიდევ ერთხელ მიგახვედროთ თუ რატომ ითარგმნა იგი რჯულისკანონი არსენ იყალთოელის მიერ და რატომ მოგვიწოდეს ამ კრების დადგენილებით შემდეგი:

”ეს არის (ლაპარაკია დიდ რჯულისკანონზე - ეპ. ი.) წმინდა და საეკლესიო კანონთა კრებული, დაბეჭდილი და შენახული ყოველგვარი შემატებისა და მოკლების გარეშე. ამათი ცოდნა, მიყოლა და მტკიცედ პყრობა მართებს ყველა ქრისტეანული მადიდებლობის წინამძღვარ მღვდელმთავრებს, მღვდლებს და მთლიანად და სრულად მართლმადიდებელ ეკლესიას” (რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა (1105) კანონები საქ. ეკლესიის 1987 წ. კალენდრიდან).

და სწორედ ამიტომაც ვახსენებდით ხშირ-ხშირად რუსი-ურბნისის კრებას, იქნებ ყურად გეღოთ კრების დადგენილება რჯულის ცოდნის, მიყოლისა და მტკიცედ პყრობის შესახებ და მთლად არ დაგვიწყებოდათ იგი.

ციტატა მეოთხე: ”სტაროვერები” ძირითადად ქართულ ეკლესიას არ ეთანხმებიან ერთ-ერთი წესის, ხელითდასხმის მონათვლაში”.

ჯერ ერთი, ამგვარი ხელდასხმითი მონათვლა არ არსებობს და არც არავის სმენია. მოძღვარს, ალბათ, ენება ეთქვა ხელით თავზე წყლის დასხმით ნათლისღებაზე! რაც შეეხება ნათლობის შემდეგ განმარტებას გამდინარე წყალში, აქ მოძღვარს უნდა განემარტა ნათლობის წესი და არა ნათლობის ადგილი. ვერც ეს და ვერც მომდევნო წესი განმარტა მოძღვარმა, ხოლო ნათლობის მესამე სახე გვიჩვენა მათთვის ტრადიციულ-წყალდასხმით და წყალპკურებით.

ამგვარი ნათლობა კი ერეტიკული გახლავთ.

მოძღვარს უნდა სცოდნოდა, რომ ეს მხოლოდ ძველმორწმუნეთა ჭირვეულობა როდია, ერეტიკული ნათლობის მოწინააღმდეგეა აღმოსავლური ეკლესიის კონსტანტინოპოლის, იერუსალიმისა და ალექსანდრიის პატრიარქთა მიერ გამოცემული ოროსები და თვით სლავური დიდი რჯულისკანონი ”კორმჩაია”, რომელიც იდენტურია ბერძნულისა.

დოკუმენტი პირველი: ”ეპისკოპოსი და მღვდელი, რომელიც არ ნათლავს სამჯერ წყალში შთაფვლით... ამგვარნი განიკვეთონ...” (მოციქულთა 50-ე კანონი). იქვე. სქოლიოში: ”წმინდა ნათლობისას სანათლავი სამჯერ წყალში უნდა შთაიფლას, და არ იქნეს წყალპკურებულ”.

დოკუმენტი ა: ”1755 წელს კონსტანტინოპოლის კრება კირილე პატრიარქის დროს ღებულობს ოროსს, - ალექსანდრიის პატრიარქ მათეს და იერუსალიმის პატრიარქ პართენის ხელმოწერებით, - სადაც ნათქვამია: ”ჩვენ მიგვაჩნია ღირსეული განსჯის საკითხად და საზიზღარ ნათლობად ერეტიკული ნათლისღება, რომელიც არ ეთანხმება და ეწინააღმდეგება სამოციქულო საღვთო დადგენილებას. იგი სხვა არა არის რა, თუ არა გამოუსადეგარი განბანვა კათაკმეველთა, საერთოდ არა გამნათვლელი და არც ცოდვებისგან განმწმენდელი. აი, რატომ ვნათლავთ მათ თავიდან, როცა ისინი უბრუნდებიან მართლმადიდებლობას ჩვენ მათ ვღებულობთ, როგორც უნათლავებს და ყოველგვარ ეჭვის გარეშე ნათელს ვცემთ მოციქულთა და საყოველთაო წესის მიხედვით”.

დოკუმენტი ბ: ”1756 წელს კონსტანტინოპოლის კრების თანახმად დასავლეთის ქრისტეანები მართლმადიდებლობასთან შემოერთებისას მიიღებიან პირველი ჩინით, როგორც წარმართები. ”პიდალიონში” ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სრულიად ცალმხრივი განმარტება ”ლათინური ნათლობა” (ლაპარაკია წყალპკურებით ნათლობაზე - ეპ. ი.) ცრუდ იწოდება, ამ სახელწოდებით ის არ არის საერთოდ ნათლობა, არამედ მხოლოდ ბანვაა... ამიტომაც, არ ვამბობთ ჩვენ ლათინელებს გადავნათლავთო, არამედ, ვნათლავთ მათ”.

დოკუმენტი გ: ”1846 წელს აღმოსავლეთის პატრიარქებმა ერთიანი თავიანთი სინოდები გამოუშვეს, რომელშიც უწინარესად ამხელენ ლათინელებს ნათლისღების შერყვნის გამო”.

დოკუმენტი დ: ”იმავე წელს ეკლესიამ კვლავ დაადასტურა თავის სასინოდო ეპისტოლეში, რომ უარყოფს წყალპკურებით ნათლობას, როგორც ლათინურ სიახლეს და ღებულობს მხოლოდ სამჯერ შთაფვლით ნათლობას”.

ასე, რომ დაიჯერეთ, ერეტიკული ნათლობის მესაკუთრე ქრისტეს მტერია. სლავისა არ გჯერათ? ბერძენს მაინც დაუჯერეთ მოძღვარო!

ტიცატა მეხუთე: ”ამ მიმდინარეობის მამამთავრად მურთაზ ჩახავა ითვლება, რომელმაც მხოლოდ ერთი ეპისკოპოსისგან მიიღო ხელდასხმა და ისიც როსტოვში, ეს კი კანონსა და ტრადიციებს ეწინააღმდეგება”.

დიახ, მე გახლავართ საქართველოში ამ კონფესიის ფუძემდებელი, როსტოვში დამასხეს ხელი თუ სხვაგან, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს; მთავარია, რამდენად ჭეშმარიტია ერთი ეპისკოპოსისმიერი ხელდასხმა, რომელიც განხორციელდა ჩემზე. იხილეთ ერთპიროვნული ხელდასხმის კანონიკური საბუთები: რჯულში არის კანონი, რომელიც სამი ან ორი ეპისკოპოსისგან მოითხოვს ეპისკოპოსის ხელდასხმას, მაგრამ ამავე რჯულში ნებადართულია ერთპიროვნული ხელდასხმაც, ქრისტიანული რელიგიის ისტორიაშიც მრავლადაა ამგვარი ერთპიროვნული ხელდასხმის მაგალითები:

დოკუმენტი პირველი: ”თუკი სამი ეპისკოპოსი არ მოიძიება, ორის მიერ და ერთის მიერაც შეიძლება იქნეს ეპისკოპოსი არჩეული” (დიდი რჯულისკანონი, სლავური კორმჩაია, თ. 42-ე, იუსტინე მეფის განწესება. გვ. 302).

დოკუმენტი მეორე: ”და თუკი არ მოიძიება სამი პირი, როგორც ითქვა, ამგვარი არჩევისათვის შესაძლებელია ორის და ერთი პიროვნების მიერაც მოხდეს არჩევა საეპისკოპოსოდ” (იქვე, გვ. 318).

დოკუმენტი მესამე: ”მაშინ ბევრი მართალი ეკლესია იყო დარჩენილი უმოძღვრებოდ, საეპისკოპოსოები უეპისკოპოსოდ. ამგვარ მძიმე დროში წმ. ევსებიმ დამალა რა თავისი ეპისკოპოსობა, შეიმოსა სამხედრო სამოსით და შემოიარა სირია, ფინიკია და პალესტინა ქრისტიანებში ქრისტიანული რწმენის განსამტკიცებლად და სადაც კი იპოვა უმოძღვრებოდ დარჩენილი ეკლესია აკურთხებდა მღვდლებსა და დიაკვნებს და სასულიერო მსახურთ, ზოგან კი საეპისკოპოსოდ ხელს დაასხამდა მათ, რომლებიც არიანულ დოგმატებს უარყოფდნენ და მართლმადიდებლურად აზროვნებდნენ; ამგვარი გააჩნდა ქრისტეს მიმართ მეჭველობა და ღვაწლის წადილი ღვთის წმინდანს ევსების” (საკითხავი თვენი - 22 ივნისი. ცხოვრება წმ. ევსებისა).

დოკუმენტი მეოთხე: ”წმინდა იოანე ოქროპირი კუკუზაში, საიდანაც ის გამოაძევეს, მარტომ დაასხა ხელი შვიდ ეპისკოპოსს” (”მარგალიტი”, ცხოვრება წმ. იოანე ოქროპირისა. გვ. 158, მეორე მხარეს).

ასე, რომ არც ერთპიროვნული ხელდასხმა ყოფილა უკანონო, მოძღვარო.

ჩვენთვის გაუგებარია, როცა საქართველოში არსებობს კათოლიკური, მონოფიზიტური, რუსულ-ნიკონიანური, ბაპტისტურ-ევანგელისტური და, გნებავთ, არაქრისტეანული ორიენტაციის ეკლესიები, ვინ არიან ისინი, რომელთაც ნებავთ არ არსებობდეს ნამდვილი მართლმადიდებლური ეკლესია და დედაღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში, ისეთივე როგორიც იმთავითვე დაუფუძნებიათ საქართველოში ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელს, ნინო წმინდას?!

პირდაპირ მოგახსენებთ, ამ საქმეში საეჭვო ორგანიზაციის ხელი ურევია, ისეთი ძლიერი ორგანიზაციისა, რომელსაც ადვილად ხელეწიფება მთავრობის დადგენილების ცვლაც კი. ამ ორგანიზაციის სახელი კი თქვენ კარგად იცით. სიცრუის დამცველს სიცრუე შეუჭამს შვილებს.

საინტერესოა, ჩვენ, რჯულის აღმასრულებლებს, თქვენ რჯულის არამიმდევარნი რა პრეტენზიულობით წარმოგვიჩენთ ხოლმე თავს მწყემსების მწყემსებად? ნუთუ დაგავიწყდათ, ვის გაჩენილ ქვეყანაში ცხოვრობთ როცა თვმოწონებულ ქართული რჯულმოსილი ეკლესიის მშენებლობის შეფერხებას ცდილობთ, უმჯობესი არ იყო ამგვარი შემართებით პარაფინიანი სანთლების გაყიდვის აკრძალვა გეცადათ თქვენს ტაძრებში, არც ტაძარი გაიჭვარტლებოდა და არც ფრესკები დაზიანდებოდა; რაც მთავარია, ღმერთს არ განარისხებდით და იქნებ მაშინ საქართველოსაც დადგომოდა საშველი?!

ძველმართლმადიდებლების წინააღმდეგ ხალხს რომ ამხედრებთ, ხოლო თბილისის ქუჩებში კრიშნაიდების დოლების ბრახუნს ყური შეაჩვიეთ, ეს არის ქრისტეანობა?

იეღოველთა და ბაპტისტთა შემოსევით დამოძღვრილ ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყნის შვილებს ჯვრებისა და ხატების გადაყრა რომ დააწყებინეს წყალში, ამისთვის მიგეხედათ არ აჯობებდა?

რისთვის დაღვარა ქრისტემ სისხლი, ნუთუ იმისთვის, რომ თავისი დედის შვილობილების ქვეყანაში პარაფინი, გოგირდი და წუმწუმა გეხრჩოლათ?! რა ვიღონოთ! მაშინ, როდესაც ვერ დაგარწმუნეთ ამგვარი საქციელი ღვთის ორგულობის ნიშნავს, შერყვნილი ნათლობის მესაკუთრეობას როგორღა დაგაჯერებთ?! ნუ დაგავიწყდათ, რომ ერის სიკვდილს ეკლესიის სიკვდილი უსწრებს წინ. მაშ, გიძღოდეთ თქვენი სიმართლე წინ სხვათა დამაბრკოლებელნო და თავად არა შემსვლელნო. ამინ!

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი იონა.

თბილისი. 1993 წლის 11 მარტი.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому