აპოლოგეტიკა - მართლმადიდებლობის აპოლოგია 7 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

მართლმადიდებლობის აპოლოგია

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი II)
სარწმუნოების ხომალდი


თავი III

ჩვენი დროის ლუციფერიანელები, ანუ „ოპონენტთა სწავლება ეკლესიაში მწვალებელთა მიღების შესახებ და მისი შეჯერება მართლმადიდებლურ სწავლებასთან


9. წმ. მოციქულთა 68-ე კანონი

კითხვა: როგორ გავიგოთ მოციქულთა 68-ე კანონის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მწვალებლებისგან ნათელღებულებისა და ხელდასხმულების არც მორწმუნედ ჩათვლა შეიძლება და არც სამღვდლო პირად მაშინ, როცა ეკლესია სამ კატეგორიად ჰყოფს ერეტიკოსებს და მეორე და მესამე კატეგორიის ერეტიკოსთაგან ნათლობასაც და ხელდასხმასაც შეიწყნარებს?

პასუხი: მართლაცდა, შესაძლოა, ერთი შეხედვით, 68-ე კანონის სიტყვები თვით დიდ რჯულისკანოთან და საყოველთაო, სამოციქულო ეკლესიის პრაქტიკასთან წინააღმდეგობრივად მოგვეჩვენოს, მაგრამ ოპონენტებივით ბუკვალურად თუ არ მივუდგებით ამ განწესებას და მას სხვა კანონებთან და მამათა განმარტებებთან შევაჯერებთ, ვნახავთ, რომ აქ სიტყვა „მწვალებელი“ მხოლოდ პირველი ჩინის, ანუ არასწორად ნათელღებულ ან არასწორად ხელდასხმულ ერეტიკოსებს გულისხმობს.

ამაზე ნათლად მიუთითებს მართლმადიდებელი კანონისტი მათე ბლასტარისი თავის „სინტაგმაში“, ("Синтагма". Москва. 1996 г., стр. 44 и 90). და, რაც ყველაზე მთავარია, II მსოფლიო კრების მე-7 კანონი, სადაც ნათქვამია:

„II მსოფლიო კრების მე-7 განწესება ნათლად აკანონებს მწვალებლობათაგან მოქცეულთა მიღებას. განყოფს რა ყველა მათგანს ორ კატეგორიად, კრება განსაზღვრავს ერთი კატეგორიის მწვალებელთა მირონცხებას, ხოლო სხვათა გადანათვლას.

არიანელთა, მაკედონელთა, სავატიანელთა და ნავატიანელთა, რომლებიც საკუთარ თავს წმიდად მიიჩნევენ, მეთოთხმეტეთა, ანუ ტეტრადიტებისა და აპოლინარიელთა თავიდან გადანათვლას განწესება საჭიროდ არ მიიჩნევს, რადგან საღმრთო ნათლობას ისინი ჩვენსავით აღასრულებენ.

ეკლესია თავიდან გადანათვლის გარეშე ღებულობდა ისეთ მწვალებლებს, როგორებიც იყვნენ მონოფიზიტები, მონოთელიტები, ნესტორიანელები, ევტიქიანელები, ხატმებრძოლეები და სხვები, რადგან ნათლობას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, II მსოფლიო კრების მიერ მოხსენიებულ მეორე ჩინის ერეტიკოსთა მსგავსად, ჩვენსავით სამგზის შთაფლვით, ყოვლადწმიდა სამების სახელზე აღასრულებდნენ.

ამრიგად, თუკი მწვალებლები სწორად, მართლმადიდებლური წესის შესაბამისად ნათლავდნენ, ეკლესიისკენ მოქცევისას მათ ხელმეორე ნათლისღების გარეშე შეიწყნარებდნენ.

ხოლო ქრისტეანული სარწმუნოებიდან სრულიად გაუცხოებულებს, როგორებიც იყვნენ „პეპუზიანელნი, მანიქეველნი, ვალენტინიანელნი, მარკიონიტები და სხვა მრავალნი“, რომელთაც უწოდებს საკუთრივ ერეტიკოსებს წმ. ბასილი დიდი (იხ. ბასილი დიდის I კანონი), ეკლესია ნათლავდა თავიდანვე.

სწორედ ამგვართ გულისხმობს წმ. მოციქულთა 68-ე კანონიც, რამეთუ, როგორც თვით „დიდი რჯულისკანონიდან“ და ეკლესიის ორათასწლოვანი პრაქტიკიდან ჩანს, იმ მწვალებლებს, რომლებიც სწორად ნათლავენ, ეკლესია თავიდან არ ნათლავდა.

ზუსტად იგივე ითქმის მღვდლობის ანუ ხელდასხმის საიდუმლოზეც, რაც ასევე დასტურდება იმავე, მეორე ჩინის მწვალებელთა ეკლესიის მიღების წესიდან: მათ არც თავიდან ნათლავდნენ და არც ხელს დაასხამდნენ, არამედ პირდაპირ იმავე ხარისხში შეიწყნარებდნენ, რომელშიც მწვალებლობაში ყოფნისას იყვნენ ხელდასხმულნი.

ასე, რომ წმ. მოციქულთა 68-ე კანონთან აქ შეუძლებელია იყოს რაიმე წინააღმდეგობა. როგორც ნათლისღების შემთხვევაში, ასევე აქაც განმეორებით ხელდაისხმებიან სწორედ ის მწვალებლები, რომელთა ნათლობა ეკლესიაში შეწყნარებული არ არის და ინათლებიან თავიდან, ხოლო მეორე და მესამე ჩინის ერეტიკოსებს, რომლებიც ნათლობასაც და ხელდასხმასაც ჩვენსავით აღასრულებენ, ეკლესიასთან შემოერთებისას, თუ სასულიერო პირები აღმოჩნდებიან, არც თავიდან მონათლავენ და არც ხელს დაასხამენ.

ასე, რომ მღვდლობის საიდუმლო, ანუ ქიროტონია ეკლესიაში განეკუთვნება არაგანმეორებად საიდუმლოთა რიგს.

მეტიც, თვით ნიკონიანელი ღვთისმეტყველისა და არქიეპისკოპოსის, მაკარის (ბულგაკოვი) მიერ წმ. მოციქულთა 68-ე განწესებაში მოტანილი სიტყვები მეორედ ხელდასხმის დაუშვებლობის შესახებ გაგებულია ისე, როგორც ეს გვესმის ჩვენ - ძველმორწმუნეთ.

„მღვდლობის მადლს, - წერს ეს ღვთისმეტყველი, - ადამიანი ეზიარება ხელდასხმის მეშვეობით, სხვადასხვა ხარისხით, სამუდამოდ. ამიტომაც არც ეპისკოპოსი, არც პრესვიტერი, არც დიაკვანი მეორედ არ შეიძლება ხელდასხმულ იქნას იმავე ხარისხში, რამეთუ მღვდლობის საიდუმლო განეკუთვნება არაგანმეორებად საიდუმლოებებს (Догматическое богословие Макария. С. П. 1857 г., т. 2, стр. 378, 379).

ეს აზრია გახსნილი წმ. მოციქულთა 68-ე განწესებაში: „თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა ან კერძოდიაკონმა მეორედ ხელდასხმა მიიღოს ვინმესგან, სამღვდელო პატივისგან დაემხოს ისიც და მისი ხელდამსხმელიც“.

კართაგენის კრების 36-ე განწესებაში ნათქვამია: „მეორედ ნათლისცემა არ შეიძლება. არ შეიძლება არც მეორედ ხელდასხმა და არც ეპისკოპოსის გადანაცვლება ერთი საყდრიდან მეორეში“ (კართაგენის კრების 48-ე (59-ე) კანონი („დიდი რჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. თბ. 1987 წ. გვ. 252).

საერთოდ, - წერს არქიეპ. მაკარი – ეკლესია ყოველთვის მისდევდა იმ წესს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაემეორებინა ხელდასხმა, არც ნათლობა, თუნდაც არამართლმადიდებლურ საზოგადოებებში იყო აღსრულებული, თუკი ერთიც და მეორეც შესრულებულია სწორად.

ამიტომაც არ იმეორებდა ხელდასხმას იმ მღვდელმსახურებზე, რომლებიც განხეთქილების მოქმედთა ზოგიერთი სექტიდან (მაგ.: კათარებისგან და დონატისტებისგან) იყვნენ გადმოსულები; დღეს არ იმეორებს ხელდასხმას (ნიკონიანური ეკლესია – არქიეპ.პ.) რომაელთა (ანუ პაპისტთა – არქიეპ.პ.) ეკლესიიდან გადმოსულებზეც.

თავის დროზე რომის ეკლესიამ იმის გამოც განიკითხა დონატი, რომ ხელმეორედ დაასხამდა ხელს დევნულების დროს დაცემულ, მაგრამ შემდეგ ეკლესიისკენ მოქცეულ მღვდელმსახურებს. ასეთი ქმედება შეუსაბამო იყო ძველი ეკლესიის დადგენილებებისა.

წმ. ბასილი დიდი (IV ს.) ამგვარი, ხელმეორე ხელდასხმებისთვის ამხელდა ევსტათი სებასტიელს და აღნიშნავდა მწვალებელთაგან ამგვარი რამ ჯერ არავის გაუბედავსო (Письмо к Феодору еписк. никопольск. cxxx, в творениях свв. отцов. X, стр. 285. цит. Догматическое богословие Макария архиеп. Харьковского. С. П. 1857 г., т.II, стр. 379).

„იგივე ქმედებაში ამხელდნენ არიანელებსაც“ (იქვე).

„მხოლოდ იმ ხელდასხმებს არ ცნობდა ეკლესია, რომელიც არასწორად აღესრულებოდა (ზოგიერთ) მწვალებლებში, ამიტომაც ამდაგვართ დაასხამდნენ თავიდანვე, თუკი მოქცეულ ერეტიკოსთაგან ვინმე აღმოჩნდებოდა მღვდლობის ღირსი.

ასე იქცეოდა ის (ეკლესია – არქიეპ.პ.) პავლიანელების და ყველა იმ მწვალებელთა შემთხვევაში, რომლებიც თვითმარქვია ეპისკოპოსთაგან იყვნენ ხელდასხმულნი და, ამდენად, უკანონო იყო მათი ხელდასხმაც“ (Догматическое богословие Макария, стр. 380).

ასე რომ, ხელმეორედ ხელდასხმა სრულიადაც არ ყოფილა წმ. მართლმადიდებლური ეკლესიის წესი, როგორც ეს ჰგონიათ ოპონენეტებს და თავიანთდა საზიანოდ ადანაშაულებენ ძველმორწმუნეთ ძველი საეკლესიო წესების (კერძოდ, მეორე ჩინის, მირონცხებადი მწვალებელ მღვდელმსახურთა მათსავე ხარისხებში შეწყნარების) დაცვაში.

მაშ, ძველმართლმადიდებელთა ეკლესიის პრაქტიკა მწვალებელ სასულიერო პირთა მიღებისა არ ყოფილა არანაირი დანაშაულის შემცველი.

პირიქით, ამ პრაქტიკის უარყოფაა მწვალებლობაც და დანაშაულიც.

დანაშაული იმიტომ, რომ კადნიერად უარყოფს 7 მსოფლიო საეკლესიო კრებისა და ძველი ეკლესიის პრაქტიკას.

ხოლო მწვალებლობა იმიტომ, რომ ასეთი სწავლება და პრაქტიკა ყოფილა ერეტიკოსების (არიანელების, ლუციფერიანელების, ნავატიანელების და ილარიონისტების) წესი.


10. I მსოფლიო კრების მე-19 კანონი

კითხვა: მაგრამ ოპონენეტებს თავიანთი სწავლების გასამართლებლად აქვთ კიდევ ერთი არგუმენტი. მეორე ჩინის ერეტიკოსებს ხარისხი არ უნარჩუნდებათ I მსოფლიო კრების მე-19 კანონის მიხედვით. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?

პასუხი: ჯერ ერთი, ოპონენეტებს უნდა სცოდნოდათ, რომ ქრისტეს წმიდა ეკლესია არ ეწინააღმდეგება თავის თავს თავისსავე განწესებებში.

მეორეც, ხსენებული განწესება ეხება პავლიკიანელთა მწვალებლობიდან მოქცეულთ, ხოლო პავლიკიანელები იყვნენ პირველი და არა მეორე ჩინის ერეტიკოსები.

ზემოთ ჩვენ ვნახეთ, რომ პირველი ჩინის მწვალებლებს ეკლესია ნათლავს თავიდანვე, პავლიანელების შესახებ კი I მსოფლიო კრების მე-19 კანონი ბრძანებს:

„პავლიანიტების შესახებ, რომლებიც დაუბრუნდებიან წმიდა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიას, მიღებულია დადგენილება, რომ ხელახლა უნდა მოინათლონ“ (I მსოფლ. კრებ. 19-ე კანონი). სწორედ ამიტომაც: „თუ რომელიმე მათგანი სამღვდელო დასს ეკუთვნოდა ადრე, ხელდასხმული იყო მათი წინამძღვრებისგან და უბრალო და უბიწო აღმოჩნდება, ნათლისღების შემდეგ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა მას ხელახლა უნდა დაასხას ხელი“ (ციტ. იქვე).

არ ვიცით, რას შველის ამ კანონის ზონარასეული განმარტება ოპონენეტებს თავიანთი ცრუ სწავლების „გამართლებაში“, რამეთუ რჯულის ეს ავტორიტეტული კომენტატორი სრულიად ცხადად გვამცნობს, რომ პავლიანელნი იყვნენ პირველი ჩინის, ანუ მოუნათლავი ერეტიკოსები. ამიტომაც როგორ შეიძლებაო, - ბრძანებს ის - „დავიჯეროთ, რომ იმას, ვინც მონათლული არ იყო მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, მიეღო სული წმიდის ნიჭი ხელდასხმის საიდუმლოში?“ (Правила всел. соб. с толкованиями. Часть I. Москва 1912 г., стр. 60).

ზონარას განმარტებაში არაფერია ოპონენეტების მწვალებლური სწავლების დამადასტურებელი, ხოლო თვით მათ სწავლებას საყოველთაო, სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკის საწინააღმდეგო და განმაქიქებელიც უნდა ვუწოდოთ. ამა თუ იმ კანონის განმარტებისას სამივე კანონისტის (ზონარა, არისტინე და ბალსამონი) განმარტებები ერთად უნდა იქნან გათვალისწინებულნი და არა მხოლოდ ერთის, რამეთუ ის, რასაც არ ამბობს, ანუ გამოტოვებული აქვს, ან შემოკლებით განმარტავს ერთი კანონისტი, უფრო ვრცლად და დეტალურად არის გადმოცემული სხვა დანარჩენის განმარტებებში.

მხოლოდ ერთი კომენტატორის განმარტებას მაშინ ითვალისწინებენ, როდესაც მსგავსი რამ, რასაც ის თავის კომენტარში გადმოგვცემს, სხვათა კომენტარებში არ არის ნათქვამი.

I მსოფლ. კრების მე-19 კანონში ზონარა დანარჩენი ორისგან არაფერს განსაკუთრებულს წერს და მისი განმარტება ამ შემთხვევაში არის მეტად ლაკონური.

თანაც რის საფუძველზე უნდა შევიწყნაროთ მხოლოდ ერთი კომენტატორის განმარტება და უარვყოთ ან თუნდაც უგულებელვყოთ დანარჩენი განმარტებები, მითუმეტეს, თუკი არაფერი ურთიერთსაწინააღმდეგო იქ არ გვხვდება?!

პავლიანელთა შესახებ ზონარაზე უფრო ვრცლად და დეტალურად მსჯელობს პატრ. ბალსამონი. სხვათა შორის, ის წერს, რომ „პავლიანელებად შემდგომში იწოდნენ მანიქეველნი, რომლებმაც თავიანთი სახელი მიიღეს ვინმე პავლე სამოსატელისგან, მანიქეველი დედაკაცის, კალინიკეს, შვილისგან. სამოსატელად კი ის იმიტომ იწოდა, რომ იყო სამოსატის ეპისკოპოსი. ის ქადაგებდა, რომ ღმერთი ერთია (და არა სამიპოსტასოვანი – ეპ.პ.); რომ ერთი და იგივე (იპოსტასი – ეპ.პ.) იწოდება მამად, ძედ და სული წმიდად.

ეს პავლე სამოსატელი ანტიოქიაში თავისი ხარისხიდან ჩამოამხეს წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედმა და სხვებმა“ (I:19 Вальсамон. იქვე. გვ. 62).

ამრიგად, პავლიანელები ეკლესიას მიუკუთვნებია პირველი და არა მეორე ჩინის ერეტიკოსებისთვის, ამიტომაც უმეორებდნენ ნათლობასაც და ხელდასხმასაც ამ მწვალებლობაში მონათლულთა და ხელდასხმულთ.


შეჯამება

ამრიგად, ზემოთ განხილული საკითხებიდან აშკარაა, რომ გაბატონებული, რეფორმატორული ე.წ. „მართლმადიდებლური“ ეკლესია, რომლის სწავლებასაც იცავს ძველმოწესეებთან პოლემიკაში „ივერიის გაბრწყინების“ რედკოლეგია, აშკარად მწვალებლურია.

ოპონენტთა ბრალდებებიდან და „სამხილებიდან“ ღაღადებენ ისეთი ძველი მწვალებლობანი, როგორებიცაა: ლათინობა, არიანელობა, მანიქეველობა, ლუციფერიანელობა, დონატიზმი და სხვა.

ცხადი ხდება ისიც, რომ გაბატონებული ეკლესიის ადეპტები თავის აბსურდულ სწავლებებსა და ლიტურგიკულ-კანონიკურ პრაქტიკაში აშკარად ეწინააღმდეგებიან და გმობენ ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის უძველეს და უწმიდეს გადმოცემას. ქვეტექსტიდან მოგლეჯით „იმოწმებენ“ წმ. მამებს და მიაწერენ მათ ისეთ სწავლებებს, რაც მათ არასოდეს გამოუთქვამთ.

ობიექტური მკითხველისთვის სრულიად ნათელი უნდა იყოს, რომ ძველმართლმადიდებლობას აბსოლუტურად უკანონოდ უყენებენ ბრალდებებს რეფორმატორული, ახალმოწესეთა ეკლესია და მათ კვალობაზე ჟურნალ „ივერიის გაბრწყინების“ რედკოლეგია.

კერძოდ:  ძველი მართლმადიდებლობა ჭეშმარიტად იცავს უძველეს საეკლესიო გადმოცემასა და პრაქტიკას, რომელიც ნიკონის რეფორმების პროცესსა და მის შემდგომ პერიოდშიც ერთბაშად, მეთოდურად და აშკარად არაკანონიკური ქმედებებით უარყო ახალმოწესეთა, რეფორმატორულმა ეკლესიამ.

იცავს გადმოცემას, საეკლესიო წესს, როგორც ქრისტეანული, მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრებათა გარეგნულ, გამოხატულებას და მათ ცვალებადობას, შინაარსის საზიანოდ, არ მიიჩნევს დასაშვებად.
ამხელს პატრ. ნიკონის სრულიად უაზრო, არასაჭირო და მწალებლურ რეფორმას.

ძველმართლმადიდებლობას უდანაშაულოდ უყენებენ იმ ბრალდებებს, რომლებიც გვხვდება ნიკონიანელ ოპონენტთა ბეჭდვით გამოცემებში: წინამდებარე წიგნში, დამოწმებულ ბრალდებათა განხილვისას შევეცადეთ, რაც შეიძლებოდა მოკლედ, ოპონენტთა ბრალდებათა სამხილებლად გვეჩვენებინა, რომ:

ა) მე-17 ს. რუსეთის ეკლესიაში მშვიდობა დაარღვიეს მეფე ალექსიმ, პატრ. ნიკონმა და მისმა მხარდამჭერმა ბერძენმა იერარქებმა.

ბ) ძველმორწმუნე ქრისტეანები საეკლესიო სწავლების, დიდი რჯულისკანონისა და მართლმადიდებელ საეკლესიო ხელისუფალთადმი დაუმორჩილებელნი არასოდეს ყოფილან.

გ) ნიკონიანელ რეფორმატორთა სწავლება არ ყოფილა ძველი, მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგადსაეკლესიო სწავლება.

დ) „ბეგლოპოპოვცების“ ძველმართლმადიდებლური ეკლესია არის არა ეკლესიის „იმიტაცია“, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი და სულიერი სხეული, - დედა-ეკლესია.

ე) ჩვენი ეკლესია ადგილობრივ და ცალკეულ წმ. მამათა სჯულმდებლობის საფუძველზე, მირონცხებით იღებდა მე-2 კატეგორიის მწავლებლობისგან გადმოსულ სასულიერო პირებს და თავიანთ ხარისხებს (თუ ღირსნი აღმოჩნდებოდნენ) სრულიად კანონიკურად უნარჩუნებდა.

ვ) ყოველთვის ჰქონდა წმ. მირონი, რომელსაც მისი გამოლევის შემთხვევაში ძველი ეკლესიის პრაქტიკისა და საეკლესიო განწესებების საფუძველზე ზეთში ურევდა და ამგვარი სახით ამრავლებდა.

ზ) ყოველთის ჰქონდა ძველი, ნიკონამდელ ეპისკოპოსთა მიერ ნაკურთხი ანტიმინსები, რომელთა საფუძველზეც აკურთხებდა ტაძრებს, ატარებდა ლიტურგიებს და მორწმუნეთაც აზიარებდა.

თ) ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას არასოდეს ჩამოუყალიბებია სწავლება საეპისკოპოსო ხარისხის არასაჭიროების შესახებ პირიქით, ცხოვლად და მუდმივად გრძნობდა მისი არსებობის საჭიროებას და იძულებითი 250-წლიანი დაქვრივების პერიოდში აქტიურად ეძებდა ღირსეულ მწყემსმთავარს.

ი) აბსოლუტურად სწორად და ძველი ბერძნული ტექსტის შინაარსის შესაბამისად იცავდა „მრწამსში“ გადმოცემულ სწავლებას სული წმიდის ჭეშმარიტი უფლობის შესახებ.

მოკლედ, ძველმართლმადიდებლური ეკლესია სრულიად მართლმადიდებლურია და ოპონენტთა ბრალდებების საპირისპიროდ მასში არ არის არავითარი დარღვევა.

პირიქით, ნიკონიანელთა მრავალსაუკუნოვანი პოლემიკიდან ცხადი ხდება (და ამ მხრივ გამონაკლისი არც „ივერიის გაბრწყინებაა“), რომ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობასა და დედა-ეკლესიას, ქრისტეს სხეულს მოწყვეტილია ახალმოწესე რეფორმატორთა მრავალსახოვანი საკრებულო, რომელსაც საკუთარ წიაღში მრავალგვარი მწვალებლობა და არაკანონიკური საეკლესიო პრაქტიკა დაუმკვიდრებია:

1. უპირველესად: ახალმოწესეთა გაბატონებულმა, ეკლესიამ მწვალებლობად გამოაცხადა და დაგმო უძველესი, მართლმადიდებლური გადმოცემა, რითაც საკუთარი თავი შეუყენა ანათემას.

2. დახოცა ათასობით სრულიად უდანაშაულო ძველმართლმადიდებელი ქრისტეანი.

3. საეკლესიო რეფორმას სათავეში ჩაუყენა აშკარა მწვალებლები, იეზუიტები და თავიანთ ხარისხებიდან და კათედრებიდან ჩამომხობილი იერარქები.

4. შერყვნა და გააფუჭა სრულიად მართლმადიდებლური საეკლესიო სალიტურგიკო ტექსტები იმის მომიზეზებით, რომ მათ ვითომდა „მთარგმნელთა არაკომპეტენტურობის გამო მრავალი სიცრუე და ცთომილება შეპარვოდა“.

5. დაამკვიდრა ლათინური საეკლესიო საიდუმლოებათა და საეკლესიო იერარქიის შესახებ.

6. დაამკვიდრა ლათინური მწვალებლური სწავლებანი ეკლესიის შესახებ, რაც გამოიხატება სწავლებებში, ეკლესიის ორ ნაწილად გაყოფასა და ასევე საეკლესიო საიდუმლოებათა და საეკლესიო იერარქიის შესახებ.

7. აღძრა მრავალგვარი ცილისწამებანი ძველმოწესეთა წინააღმდეგ.

8. წმ. მამებს მიაწერა შეხედულებები, რაც არ გამოუთქვამთ და არც მათ თხზულებებში მოიპოვება.

9. დაამკვიდრა II კატეგორიის მწვალებელთა ეკლესიაში მწვალებლური, ლუციფერიანულ-არიანული პრაქტიკა.

10. სიმბოლურ წიგნებში გადმოსცემს არამართლმადიდებლურ, ლათინურ სწავლებას.

11. სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრიდან ამოაგდო სიტყვა „ჭეშმარიტი“, რითაც თავი შეუყენა საუკუნო ანათემას.

12. ქადაგებს სწავლებას ერთი საიდუმლოთი მეორის (კერძოდ, მირონცხებით ნათლისღების) „შევსების“ შესახებ, რაც პეტრე კნაფევსის საკმაოდ ცნობილი მწვალებლობაა.

ნიკონიანელ ოპონენტთა მცდარი, არაკანონიკური და მწვალებლური შეხედულებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომაც მოკლედ ვიტყვით, რომ რეფორმების პროცესში ახალმოწესეთა ადგილობრივმა ეკლესიებმა (რუსულმა, ბერძნულმა, ქართულმა და სხვა) ბერძნული ეკლესიის ზემოქმედებითა და ზეგავლენით, ასევე იეზუიტების დახვეწილი მაქინაციების წყალობით, დევნეს და შეავიწროვეს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა. ახალმოწესეობა გაიჟღინთა სხვადასხვა მწვალებლობებით, მას მიაკუთვნეს მართლმადიდებლობის სახელი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება ამ სახელით მოღვაწე ეკლესიათა არც ცხოვრებას, არც მრწამსს და არც საეკლესიო პრაქტიკას.

ოფიციალური გაბატონებული ახალმოწესე ეკლესიის მღვდელმსახურთაგან ხშირად გვესმის ფრაზა: „არცოდნა არცოდვაა“. ასე მოძღვრავენ ისინი საკუთარ მრევლსაც, მაგრამ „არცოდნა“ ყოველთვის არ არის „არცოდვა“. რომის ერეტიკოსი პაპი გრიგოლ I ასწავლიდა: „არცოდნა არცოდვაა, ამიტომაც დარჩით მარადის უმეცრებად“ (К. О. Де-Скроховский. "От мрака к свету" СПБ. 1997 г., стр. 9).ცხადია, ამგვარი დევიზით აღჭურვილი ეკლესიის იდეოლოგია და პრაქტიკა მიმართული იყო და არის სწორედ იმისკენ, რომ ამ იდეოლოგიით სასურველ ზეგავლენას მოიპოვებენ საეკლესიო ცხოვრების ყველა იმ ფუნქციაზე და სფეროზე, რომელთაც ადამიანთა სულის ცხოვნების საქმეში განუზომლად დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому