აპოლოგეტიკა - ისმინეთ უნათლავნო და შეძრწუნდით! - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

ისმინეთ უნათლავნო და შეძრწუნდით!
ნათლისღების საიდუმლო
შესავალი

გაბატონებული, ახალმოწესეობრივ-ნიკონიანური ეკლესიის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელო კატეხიზმოებში ვკითხულობთ: "ნათლისღება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამგზის შთაფვლითა და მოწოდებით ღვთისა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, განიწმიდება ცოდვისაგან და მეორედ იშვება ახალ სულიერ ცხოვრებისთვის" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ., გვ. 63).

იქვე ნათქვამია, რომ ნათლობის საიდუმლო შედგება ხილული და უხილავი მხარისგან: "ნათლობის ხილულ მხარეს ეკუთვნის: 1) მასალა საიდუმლოსათვის - წყალი; 2) შთაფვლა წყალში სამგზის და 3. სიტყვები: ნათელს იღებს მონა ღვთისა სახელითა მამისათა ამინ, და ძისათა ამინ, და სულისა წმიდისათა ამინ".

ხოლო ნათლისღების უხილავი მოქმედება "განამართლებს და განწმენდს მორწმუნეს, როგორც პირველქმნილ, ისე პირად, საკუთარ ცოდვებისგან, რომელიც უქმნია ნათლისღებამდე" (იქვე. გვ.63-65).

თუმცა, ამ კატეხიზმოს თანამედროვე გამომცემლებმა, სქოლიოში დაუმატეს შენიშვნა, რომლის თანახმადაც "...თუ საჭიროება მოითხოვს, მაგ. თუ ბავშვი ძალიან ავადაა, შეიძლება ეს საიდუმლო შეასრულოს ერის კაცმაც და ქალმაც; ამასთან ერის კაცმა უნდა მხოლო შთაფლას ბავშვი წყალში, ან ასხუროს წყლით და სთქვას: "ნათელს იღებს მონა ღვთისა (სახელი ) სახელითა მამისათა..." და სხვა" (იქვე, გვ. 64).

გარდა იმისა, რომ ახალმოწესეთა გაბატონებული ეკლესია თავისი ამგვარი განმარტებით (ვგულისხმობთ წყალპკურების მიჩნევას ნათლობად) სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ წმიდა მამათა სჯულმდებლობას, საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება, რადგან ხსენებული კატეხიზმო წყალპკურებას განსაკუთრებულ, გამოუვალ მდგომარეობაში (ვთქვათ, მძიმედ დაავადების შემთხვევაში) მიიჩნევს დასაშვებად. მაშინ, როდესაც გაბატონებული ეკლესიის სამღვდელოება ამგვარი წესით "ნათლავს" სრულიად ჯანმრთელ და საღსალამათ ადამიანებს.

ერთი ნიკონიანელი მოძღვარი წერს: "მართალია, ეკლესიის კანონებში ნათქვამია, რომ ნათლობა დაფლვითი წესით უნდა შესრულდეს, მაგრამ მეძველწესეების მტკიცების საპირისპიროდ, პკურებითი წესით მონათვლაც იყო დაშვებული, თუმცა გამონაკლისის სახით, - ავადმყოფობის, სასიკვდილო საფრთხის თუ წყლის ნაკლებობის შემთხვევაში" (არქიმანდრიტი რაფაელი. "საუბრები მართლმადიდებლობაზე", თბილისი, 1994 წ. გვ. 107).

ამის შემდეგ, განა გამოცანად არ რჩება, რომ ისეთ წყალუხვ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რა სახის სასიკვდილო საფრთხე ემუქრება გაბატონებულ ეკლესიას ან ისეთი რა ავადმყოფობა სჭირს მასობრივად, წყალპკურებით რომ "ინათლებიან", თუმცა ეს "გამოცანა" კარგად ამოხსნა ამავე ეკლესიის მოძღვარმა არჩილ მინდიაშვილმა, როდესაც ქართულ ეკლესიებში გამონაკლისი წესის საყოველთაოდ დამკვიდრება მღვდელმსახურთა მცონარებას მიაწერა (იხ. ა. მინდიაშვილი. "მართლმადიდებლობის ზეიმი", თბილისი, 1994 წ. გვ. 74). ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ მცონარების გარდა, ამ უსჯულოებას ანგარებაც უდევს საფუძვლად, მაგრამ ამის შესახებ როგორმე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

ამრიგად, საკუთარ კატეხიზმოში მოცემული განმარტების საპირისპიროდ, ოფიციალურმა ეკლესიამ ისე დაამახინჯა სწავლება ნათლობის შესახებ, რომ უკვე გამონაკლისად ნათლობის კანონიკური ფორმა, წყალში სამჯერადი შთაფვლა იქცა, ხოლო წყალპკურება, პირიქით, აღიარებულია საყოველთაო წესად (მეტიც, ამ ბოლო დროს ბერძნები უკვე ამკვიდრებენ ე. წ. "აერობაპტიზმას". ანუ ჰაერში "ნათლობას". პანაიოტოს ი. ბუმისი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, თავის ნაშრომში "კანონიკური სამართალი", რომელიც ქართულ ენაზეც გამოიცა პროფ. ექვთიმე კოჭლამაზაშვილისა და დეკანოზ იოანე მამნიაშვილის რედაქტორობით, საგანგებო შემთხვევებში, "თუკი არსებობს საშიშროება, რომ ჩვილი მოკვდეს", დასაშვებად მიიჩნევს  ე. წ. ჰაერით ნათლობას, ანუ "ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების სახელით" (პანაიოტოს ი. ბუმისი. "კანონიკური სამართალი", თბილისი 2007 წ., გვ. 80).

უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი საეკლესიო საიდუმლოს უმთავრეს ნიშანს, როგორც ღვთისგან ბოძებულ უცვალებელ კუთვნილებას, მისი ხილული მხარე წარმოადგენს, რომლის გამარტივება ან გაუქმება ძალას უკარგავს საიდუმლოს და აყალბებს მას. "საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, - ვკითხულობთ ოფიციალური საპატრიარქოს მიერ გამოცემულ კატეხიზმოში, - რომლითაც მოქმედობს მორწმუნეზე მადლი და ძალი ღვთისა.

ამ რიგად საიდუმლოში გაირჩევა: 1) საღმრთო დაწესება, 2) ხილული მოქმედება, 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა.

მართლმადიდებელის ეკლესიის სწავლებით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორედ. სწორე და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეზიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ. გვ. 63).

საიდუმლოს აღსრულებისას არ შეიძლება დაირღვეს და არ აღსრულდეს ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისგან მოცემული კუთვნილება. თითოეული საიდუმლოს შესრულების ჟამს უნდა გამოვიყენოთ ის ნივთიერება, რომელიც თვით საიდუმლოს დამწესებელმა დააწესა (მაგ.: ნათლისღებისთვის - წყალი, მირონცხებისთვის - მირონი, ზიარებისთვის - პური და ღვინო და სხვა) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ.: ნათლის-ღებაში სამგზის წყალში შთაფვლა და სხვა) (სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეზიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ. გვ. 63).

ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.) აღნიშნავს, - "სოფლის ნათელმა, ქრისტემ, ინება რა ხსნა კაცთა მოდგმისა, გარდამოხდა დაუსაბამო და უხილავი მამის უხრწნელ წიაღთაგან და ცოდვის გარდა ყოველივეში შეიქმნა მსგავს ჩვენდა და გამოჩნდა ვითარცა კაცი ორბუნებოვანი, ამიანური და ღვთაებრივი ბუნებით, რათა ადამიანი აღადგინოს პირველსავე პატივში და ჩვენც ყოველნი ადამის ცოდვით დასჯილნი გვაცხოვნოს" ("გრდემლი". თ. 20. სხვადასხვა ხელნაწერების სახით დაცულია საქართველოს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. იხილეთ, აგრეთვე, გაზეთი "შანსი", 1993 წ., 22-29 ივნისი, გვ. 12, სტ. "ერის საკეთილდღეოდ").


1. უფლის სიკვდილის მნიშვნელობა კაცთა ცხოვნებისთვის და მისი ხატი ნათლისღების საიდუმლოში

ბერძნულ "დიდ სჯულისკანონში" ("პიდალიონი") ნათქვამია: "იესუ ქრისტეს სიკვდილი ერთადერთი აუცილებელი საშუალება იყო კაცთა მოდგმის საცხოვნებლად _ და ეს უცილობელი დოგმატია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. უამისოდ ადამიანის ღმერთთან შერიგების არავითარი შესაძლებლობა არ არსებობდა. ამიტომაც ამბობს მოციქული: "უკუეთუ, მტერ რაი ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა" (რომ. 5:10). იმისათვის, რათა მუდამჟამ აღესრულებოდეს მოგონება ღვთის ამ გამოუთქმელი მოწყალებისა ადამიანის მიმართ, რათა მარადჟამ აღესრულებოდეს სიკვდილით მონიჭებული ცხოვრება კაცობრიობისა, როგორც უფალმა, რომელმაც ხორციელად განიცადა სიკვდილი იგი - ასევე მისმა მოწაფეებმა და ღმერთშემოსილმა მამებმა დაადგინეს, რათა უცვალებლად აღბეჭდილიყო უფლის სიკვდილის ხატი თითოეულ საიდუმლოსა და თითოეულ მღვდელმსახურებაში ეკლესიისა.

მაგრამ, ხატი უფლის სიკვდილისა უპირატესად ნათლისღების საიდუმლოში არის გაცხადებული, რომელიც სამგზისი შთაფვლით აღსრულდება. უპირატესად ამ საიდუმლოშიო ვამბობთ იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი გარე კაცისა წარმოაჩენს მათს შინაარსში ჩადებულ ხატს უფლის სიკვდილისა მაშინ, როდესაც ნათლისღებაში ადამიანი თავის თავზე გამოხატავს მას (ანუ სამდღიან სიკვდილს უფლისა - არქ. პ.); ანუ თვითონ მოსანათლავი კვდება ხატისაებრ უფლის სიკვდილისა და თანადაეფლვის მას (ქრისტეს) წყალში ნათლისღებისა. "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, - ბრძანებს მოციქული, - სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ გვიღებიეს" (რომ. 6:3).

აქედან გამომდინარე, თუ გვსურს ჩვენშიაც აისახოს მსგავსება ქრისტეს სამდღიანი სიკვდილისა, ნათლობა სამგზის დაფლვით უნდა აღსრულდეს. შთაფლვის აუცილებლობის შესახებ წერილისა და წმ. მოციქულთა განწესებების თანხმიერად მსჯელობენ წმ. მამები დიონისე, კირილე იერუსალიმელი, ათანასე, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვები" (Пидалион. Греческая кормчая книга, изд. Москва 1838, стр. 248, 249).

წმ. იოანე დამასკელი (VIII ს.) გვმოძღვრავს: "ჩვენ ვაღიარებთ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა" (მრწამსი) და საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად, რამეთუ ნათლისღება უფლის სიკვდილის აღმნიშვნელია ("არა უწყითა, რამეთუ რომელთა - ესე ნათელვიღეთ ქრისტე იესუის მიერ მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელვიღეთ? (რომ. 6:3). ნათლისღებით თანადავეფლებით უფალს, როგორც ამბობს ღვთაებრივი მოციქული პავლე" (იქვე. მ. 4, და კოლას 2:12).

მაშასადამე, თუკი ერთხელ აღსრულდა სიკვდილი უფლისა, ასევე ერთხელვე ჯერ არს ნათლის მიღებაც. ნათლისღება სრულდება თვით უფლის სიტყვისამებრ, "სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა" (მათე 28:19) და ამით შეგონებულ ვიქმნებით, თუ როგორ ვაღიარებდეთ ჭეშმარიტებით მამას, ძეს და სულიწმიდას. ამიტომაც, ისინი, ვინც ერთხელ მოინათლნენ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა და შეგონებულ იქნენ აღიარებად ერთი ღვთაებრივი ბუნებისა სამ იპოსტასში, ხოლო შემდეგ ხელახლა მოინათლებიან, - ესევითარნი ამით ხელმეორედ ჯვარს აცვამენ ქრისტეს, როგორც ბრძანებს ღვთაებრივი მოციქული: "შეუძლებელ არს ერთგზის განათლებულთა მათ, რომელთა გემო ეხლვოს ნიჭთა მათ ზეცისათაი და ზიარქმნულ იყვნენ სულისა წმიდისა, და კეთილი გემოი ეხილვოს სიტყვისა ღმრთისაი და ძალი იგი მერმის საუკუნოსაი, და დაცემულთა კვალად განახლებაი სინანულად, თანაჯუარცუმად თავთა მათ ძესა ღმრთისა და განქიქებად".

ხოლო რომელთაც არ მიუღიათ წმინდა ნათელი ყოვლადწმიდა სამების სახელით, ესევითარნი ხელახლა უნდა მოინათლონ, რამეთუ ღვთაებრივი მოციქული თუმცა კი ამბობს, რომ ჩვენ იესუს მიერ "სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ"-ო (რომ. 6:3), აქ იმას კი არ გულისხმობს, თითქოს სწორედ ამგვარი უნდა იყოს მოწოდება ნათლობისას (იხ. მოციქულთა 50-ე კანონი - არქიეპ. პ.), არამედ იმას, რომ ნათლისღება არის სახე ქრისტეს სიკვდილისა, რამეთუ სამგზისი შთაფვლით წყალში ნათლობა აღნიშნავს სამ დღეს, უფლის მიერ საფლავში გატარებულს. "ხოლო ნათელს ვიღებთ ჩვენ ყოვლადწმიდა სამების სახელით იმიტომ, რომ თვით მონათლულს სჭირდება წმინდა სამების მადლი, როგორც თავისი არსებობისთვის, ისე თავისი თავის დამკვიდრებისა და შენარჩუნებისთვის" (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი IV, თ. 9, "რწმენისა და ნათლობისთვის". ციტ. "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა". წიგნი IV, თბილისი, ხელოვნება, 1992 წ.).


2. დაცემული ადამიანის აღორძინება ნათლისღებით

წმ. გრიგოლ პალამას (XIV ს.) განმარტებით: წმიდათა წმიდა ზეთისცხებას ემბაზში ჩასვლა მოსდევს. ყოველ დაფლვისას მღვდელი ყოვლადწმიდა სამებას მოუხმობს და ამბობს - "სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა". "ცნობილია, რომ წყალი ყველაფერს წმენდს, ასუფთავებს ჭუჭყისა და სიბინძურისგან, მაგრამ მას სულის განწმენდა ვნებათა და ცოდვათაგან არ ძალუძს. წყალმა რომ ეს თვისება შეიძინოს, ამისთვის მოუხმობს მღვდელი ერთარს სამებას. სულიწმიდის შეწევნით წყალში ისადგურებს სულიწმიდის მადლი და მასში დაფლული ადამიანი უფალს შეიმოსავს, მის გამოუთქმელ სიკეთეებს თანაეზიარება. ამაზე ამბობს ღვთაებრივი მოციქული პავლეც: "რავდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (გალატ. 3:27). ამ სიტყვებს გალობენ, როდესაც მონათლულებს ემბაზიდან ამოიყვანენ და სამგზის შემოატარებენ გალობით. სამგზის წყალში დაფლვა გულისხმობს უფლის სამი დღით მიწაში დაფვლას.

დაფვლას მოსდევს წყლიდან ამოყვანა, ანუ აღდგომა. აღდგება გონება, სული და სხეული განმხრწნელ ცოდვათა და ურჯულოებათაგან. ამრიგად, ღვთაებრივ ნათლისღებაში შეიძლება დავინახოთ სიკვდილიც და სიცოცხლეც, დაფლვაც და აღდგომაც მსგავსად უფლისა "რომელ იგი მოკუდა ცოდვითა, მოკუდა ერთგზის, ხოლო რომელი იგი ცხოველი არს, ცხოველ არს ღმრთისა" (რომ. 6:10) (ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", 1992 წ. #1, გვ. 5).

წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.) ნათლისღებისთვის ამბობს: "მრავალ არიან საქმენი მისნი (... სხმარობაი იგი წყლისაი...) გარნა მრავალთა მათგან ერთი ვთქუა ესე იგი არს ვითარმედ საღმრთო საქმე აღესრულების მას ზედა: დაფლვა, სიკუდილი და აღდგომაი და ცხოვრებაი და ეს ყოველი ერთბაშად იქმნების, რამეთუ, ვითარცა საფლავსა შინა, ესრეთ შთავყოფთ თავთა ჩუენთა წყალსა მას შინა, და დაიფარვის მუნ ძუელი იგი კაცი და დაინთქმის სრულად ყოველივე; და კუალად, რაჟამს აღმოვიღოთ თავი, აღმოვალს ჩვენ თანა ახალი იგი კაცი, რამეთუ ვითარცა ადვილ არს შთაყოფაი თავისა წყალსა და აღმოღებაი, აგრეთვე ადვილ არს წინაშე ღმრთისა დაფლვაი და დანთქმაი სრულიად ძუელისა; ხოლო სამგზის იქმნების შთაყოფაი თავისა წყლისა, რაითა სცნა, ვითარცა ძალი მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აღასრულებს მას ყოველსა, და არა იჭუ არს საქმე ესე. ისმინე პავლესი რასა იტყვს, ვითარმედ: დავეფლენით მის თანა ნათლისღებითა სიკუდილად...", რამეთუ ვითარცა ჩუენ ადვილად შთავყოფთ წყალსა თავთა და აღმოვიღებთ, ეგრეთვე უფალი ადვილად მოკუდა და ინება რაი აღდგა, დაღაცათუ საიდუმლოდ სამ დღე იყო საფლავსა შინა" (განმარტება იოანეს სახარებისა. თბილისი, 1993 წ. 1, გვ. 165, 167, 168).


3. როგორ მოინათლა მაცხოვარი

ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი გვასწავლის: "ხელი და თავი ჩვენი გამოხსნისა სხვა არა არის რა თვინიერ ნათლისღებისა, იგივე მეორედ შობა წყლისა და სულისგან, სახელითა წმიდისა სამებისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, რამეთუ გარეშე ამისა არა იქნების ცხოვრება ჩვენი. ამიტომ თავად უფალმა შემდგომად უხრწნელად შობისა, მიწიერი ცხოვრების ოცდამეათე წელს კვლავად თავს იდვა და უცოდველმა და ყოველი ბიწიერებისგან თავისუფალმა წყლით განიბანა. განშიშვლებული ჩავიდა მდინარე იორდანეში და იოანე ნათლისმცემლის ხელით ნათელიღო, რასაც თვით დაუსაბამო მამა ესწრებოდა უხილავად, რომელმაც ზეციდან თქვა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი" და ხმა იგი მტრედის სახით მოსულმა სულიწმიდამ დაამტკიცა და ამით ჩვენც წესად დაგვიდო, რათა განშიშვლებულნი შთავხდეთ წყალში, და მღვდლისგან ნათელვიღოთ წმიდა სამების: მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. და ვითარცა ხორციელად შიშველნი დავიბადეთ დედის მუცლითგან, ასევე მეორედ ვიშვათ სულიერად წყლისა და სულისგან ("გრდემლი" თ. 20, გაზეთი "შანსი", 1993 წ., # 22-29 ივნისი, გვ. 12).

ასევე გვამცნებს "პიდალიონიც": "თვით დასავლელ ღვთისმეტყველთაგან კორდერიუსი უარყოფს თომა აქვინელის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, თითქოსდა მნიშვნელობა არა აქვს თუ როგორ აღესრულა ნათლისღება, - შთაფლვით თუ სხვაგვარად - და ამტკიცებს, რომ ნათლისღება უცვალებლად, და მხოლოდ შთაფლვით უნდა აღესრულებოდეს აღმოსავლეთის ეკლესიის განწესებისამებრ. და თვით სახელწოდებანი ემბაზებისა, რომლებშიც ინათლებოდნენ ანუ განიბანებოდნენ (ცურავდნენ) მოსანათლავნი, გვიჩვენებს, შთაფვლის აუცილებლობას. სწორედ ამიტომაც ითხოვდნენ მოციქულნი მოსანათლავის წყალში შესვლას თავიანთ განწესებაში.

შთაფლვა ნიშნავს ქრისტესთან ერთად დამარხვას, ხოლო აღმოსვლა - აღმოშობას, ქრისტესთან ერთად თანააღდგომას. სწორედ ამით იყო განპირობებული კათაკმეველთა დიდი შაბათის ღამეს, საკვირაოდ მონათვლა, რათა მოსანათლავნი (არა მარტო გარეგნული მსგავსებით, არამედ დროითაც) თანადაფლულიყვნენ, თანააღმდგარიყვნენ ქრისტესთან ერთად მარადიული სიცოცხლისთვის, არა მხოლოდ ნათლისღებაში გამოხატული ქმედებით (ანუ სამგზისი შთაფლვით - არქიეპ. პ.), არამედ თვით დროითაც აღდგომისა. დიდი შაბათის ღამეს მონათვლის ეს წესი დღემდეა შემორჩენილი.

ფრანცისკ პივატის ლექსიკონში ნათქვამია, თუ როგორ აღაშენა წმ. ოფონმა, - რომელიც, თავის მხრივ, სამგზისი შთაფლვით ნათლავდა მოსანათლავებს - ეკლესიებში ემბაზები იმის შიშით, რომ ლათინებს არ შეერყვნათ წესი ნათლისღებისა და ყრმათა ნათლობა სრული შთაფლვით ჩატარებულიყო. ერთ-ერთი ამგვარი ემბაზთაგანი ლათინთა პირის დასაყოფად დღემდეა შემორჩენილი ვენეციის წმ. მარკოზის ეკლესიაში.

ევსები (პამფილელი) მოგვითხრობს (7:9) თუ როგორ ითხოვდა მართლმადიდებლური ნათლისღების მხილველი ერეტიკოსი თავიდან გადანათვლას. ცრემლმორეული დამხობილა იგი წმ. დიონისე ალექსანდრიელის წინაშე და მართლმადიდებლური ნათლობა უთხოვია, რამეთუ, მისივე თქმით, მის მიერ მიღებული ნათლობა უფლის გმობით ყოფილა სავსე და ვერ შეედრებოდა მართლმადიდებლურ წესს ნათლისღებისა. აქედან გამომდინარე, ლათინები თავიდან უნდა ივედრებოდნენ ნათლობას და არა პირიქით, თვითონ ელოდნენ მართლმადიდებელთაგან რაიმეს მტკიცებას, რამეთუ სამტკიცებელი აქ არაფერია (Пидалион, Греческая кормчая книга, Москва, 1838, стр. 248, 249).

კვლავ ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილს მოვუსმინოთ: "ამგვარი ნათლისღება, როგორსაც ლათინნი აღასრულებენ - წყლის სხურებით ან მცირედი შეხებით და არა განშიშვლებული წყლისგან აღმოშობით - სჯულის მიხედვით, რომ როდესმე აღსრულებულიყო, აღარც უფალი უბრძანებდა "მეორედ უნდა იშვათო", აღარც თვითონ უფალი აღმოიშობოდა განშიშვლებულად წყლისაგან, და არც ნიკოდიმოსს ეტყოდა: "ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ცათა სასუფეველშიო".

განა ნათელი და უცხადესი სახე არ იყო ნათლისღებისა და წყლისაგან აღმოშობისა, როცა დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანისას განაპო მეწამული ზღვა და მთელი ებრაელი ერი განიყვანა მასში. როგორც განმარტავს და იტყვის თავად მოციქული პავლე: "არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ, ხოლო ის კლდე იყო ქრისტე". ეს იყო ცხადი, მეორედ შობა წყლითა, რომ ფეხით თავამდე და მრავლად უმაღლეს თავისა იყო წყალი (ღრუბლის სახით - ე. ი. იყვნენ წყლით გარემოცულნი - არქიეპ. პ.).

ასევე დავითის მიერ თქმული: "გულისხმა ჰყავ ვითარმედ უფალმან წყლით რღუნა (წარხოცა) დაამკვიდროს და დასჯდეს უფალი მეუფედ". რა უნდა იყოს "წყლით რღვნა", რომელიც დაამკვიდრა უფალმა? რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ნათლისღება, რომელიც წარხოცავს ყოველგვარ სიბილწეს ცოდვისას, რაც ქრისტეს თანამკვიდრად გვხდის და გვანიჭებს ღვთის შვილობას; რანაირად იქნება წყლით რღვნა, თუკი ადამიანი წყლისგან არ აღმოიშვა, არამედ წყალი ისხურა ან იცხო ერთ რომელიმე ასოთაგანზე, ხოლო სხეულის უდიდესი ნაწილი დარჩა წყალს მიუახლებელი? წყლით რღვნა გულისხმობს, რომ კაცი სრულად ჩავიდეს წყალში და აღმოიშობოს მისგან, რომლის დროსაც წმიდა სამების სახელით სულისა და ხორცის  ყოველგვარი სიბილწე წარიხოცება; როგორც სხეულის ბიწი ვერ განიწმინდება მთელი სხეულის განბანვის გარეშე, ასევე სულიც - სულიწმიდის გარეშე. ყოველი საიდუმლო ხილული მხარით განმტკიცდება, ხოლო უხილავი მხარე სრულყოფს მას.

ნათლისღების შესახებ განცხადებულად მოასწავებდა ელისეს მიერ წყლის სიღრმეთაგან რკინის ამოღება, რამეთუ მცირედი წყლის გარეგანი შეხება ან სხურება კი არა, მხოლოდ წყალსა შინა სრულად და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვილობას. აგრეთვე, ელისეს სიტყვით, ნემან ასურელის განშიშვლებულად განწმენდა განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, რამეთუ მან წყალი სხეულის მცირედ ნაწილზე კი არ იცხო ან ისხურა, არამედ განშიშვლებული ჩავიდა მდინარეში და ამგვარად აღმოიშვა წყლისგან. მრავალი ამგვარი მაგალითი სმენოდა ნიკოდიმოსს და ამიტომაც ეუბნებოდა უფალი: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არა იცი"? და ყოველივე ამის ჭეშმარიტად მცოდნე იოანე ნათლისმცემელი ებრაელებს განშიშვლებულთ ნათლავდა მდინარე იორდანეში და ეტყოდა: "ვინც მომავლინა, მანვე მიბრძანა რათა ამგვარად ვქმნა".


4. ნათლისღება პირველ საუკუნეებში

წმიდა მოციქულთა წიგნებიც წმინდა სამების სახელით წყალში განშიშვლებულად სამგზის ნათლისღებას გვასწავლიან. ფილიპეს მიერ საჭურისის შთაფლვის შესახებ ასე მოგვითხრობენ: ფილიპე და საჭურისი ორივენი ჩავიდნენ წყალში. აგრეთვე, წმ. მოციქული პეტრე განშიშვლებულთ ნათლავდა, როგორც წმ. კლიმენტოსის ცხოვრებაშია აღწერილი _ კლიმენტოსის დედ-მამა და სხვა მრავალი განშიშვლებულნი მონათლა მდინარეში.

პეტრე მოციქულის მოწაფის პანკრატ მოციქულის ცხოვრება მოგვითხრობს თუ ურიცხვ სიმრავლეს ხალხისას განშიშვლებულთ როგორ ნათლავდა მდინარეში. ამის დამამტკიცებელი მრავალი მაგალითია წმიდა მოციქულთა ცხოვრებაში და წმინდა წერილებში. აღვწერ მხოლოდ მცირედს მათგან, რათა ცხადი შეიქმნეს ჭეშმარიტება. გრიგოლ პართეველმა განშიშვლებულნი ნათელსცა მეფე მითრიდატსა და ერსა მისსა; ამის შესახებ ვრცლადაა მოთხრობილი მის ცხოვრებაში.

ამიტომაც განეწესა ეკლესიაში მოციქულთა მიერ ემბაზში ან მდინარეში სამგზის შთაფლვით და აღმოშობით ნათლისღება სახელითა წმიდისა სამებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, რაც წმ. მთავარ მოციქულთა პეტრესა და პავლეს ბრძანებით აღწერა წმიდა კლემენტოსმა. იგივეს ამტკიცებს ნიკეის პირველი კრება, რომელსაც ესწრებოდა სამასთვრამეტი მამა: "ვინაც არა ნათელსცეს წმ. სამების, _ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით სამჯერ შთაყოფითა, იყავნ იგი შეჩუენებულ".

იგივეს ადასტურებს ყოველი კრება. პავლე მოციქული ამბობს: "ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესუში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომაც თანადავეფლენით მას მასთან სიკვდილში ნათლისღებით". განა წყალში დაფლვაზე არ მიგვანიშნებს მოციქული? ან იქნებ აქ წყლის მცირედით სხურებაზეა ლაპარაკი? ნუ იყოფინ!

დიდი რომის პაპი სილიბისტრო, ემბაზში ნათლავდა მრევლს ისევე, როგორც დიდ კონსტანტინესა და მის მთავრებს ნათელსცა ემბაზში. იგივე და სხვა კიდევ სხვა უდიდესი ემბაზი დღემდე დგას მოციქულთა იმავე ეკლესიაში სარცხვენელად და პირის დასაყოფად მათდა, რომელნი გარდადიან წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილ მამათა განწესებებს.

ახლა ვკითხოთ პაპის მოსავთ, რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, რატომ ნათელსცემენ არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც, რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში და ეს მაშინ, როდესაც წმინდა მოციქულები, წმ. მამანი, მოციქულთა მიმბაძავი პაპი სილიბისტრო ნათელსცემდნენ ემბაზსა შინა სამგზის შთაფვლითა და აღმოშობით. შვიდივე მსოფლიო კრება იგივეს განაწესებს, ქრისტეს მოძღვრების თანახმად, რომელმაც თვითონ განშიშვლებულმა იორდანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემელის ხელით, რომელიც იყო ზაქარიას ძე, სამღვდელოთა ტომისაგან" ("გრდემლი", თ. 20, "შანსი", 1993 წ., 22-29 ივნისი, გვ. 12, "ერის საკეთილდღეოდ").


5. წყალპკურებითი "ნათლობის" სიყალბეს ახალმოწესეთა ეკლესიაც კი არ უარყოფს

მიუხედავად წარმოდგენილი განწესებებისა, რომლებიც სრულიად უარყოფენ წყლის თავზე გადავლებით "მონათვლის" წესს, გაბატონებული ეკლესიის მსახურნი თვალში ნაცარს აყრიან გულუბრყვილოთ და ირწმუნებიან: "მართალია, კათოლიკურმა ეკლესიამ კარგა ხანია დაფლვა პკურებით შეცვალა, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიას ისინი ამის გამო მოუნათლავებად არ მიუჩნევიაო" (არქ. რაფაელი. "საუბრები მართლმადიდებლობაზე". თბილისი, 1994 წ., გვ. 107). ამიტომაც, ამკვიდრებენ აზრს, თითქოსდა ძველმართლმადიდებლური ეკლესია საშინელ ცოდვას სჩადიოდეს წყალპკურებულთა თავიდანვე გადანათვლით.

მათ გასაგონად უნდა განვაცხადოთ, რომ წყალპკურებით "ნათლობას" ახლავს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, რომლის წინაშე უცილობლივ დგება ყოველი, ვინც კი მას ნათლისღებად მიიჩნევს.

როგორც უკვე ვაჩვენეთ, აღმოსავლეთის ადგილობრივი ეკლესიები წყალპკურებით "ნათლობას" შებილწვად თვლიან, ამგვარად "მონათლულებს" კი თავიდან ნათლავენ. ასე, მაგალითად, ბერძნულ დიდ სჯულის კანონში ("პიდალიონში") ნათქვამია: "ლათინური ნათლობა (ანუ წყალპკურება - არქიეპ. პ.) ცრუდ იწოდება, ამ სახელწოდებით ის არ არის საერთოდ ნათლობა, არამედ მხოლოდ ბანვაა... ამიტომაც, ჩვენ ლათინებს მეორედ ვნათლავთო კი არ ვამბობთ, არამედ ვნათლავთ მათ" (Богословские труды, юбилейный сборник, стр. 207-298).

მოციქულთა 47-ე კანონის თანახმად: "თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ხელახლა მონათლოს ჭეშმარიტად ნათელღებული, ან განმეორებით არ მონათლოს ის, ვინც უღმრთოთაგან შემწიკვლულია (მათი ნათლისცემით) განიკვეთოს, როგორც ჯვრისა და საუფლო სიკვდილის მოკიცხარი, და არ გამრჩევი მღვდლისა ცრუ მღვდლისაგან".

მაშ, თუ წყალპკურება ნათლობაა, - როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამტკიცებენ, ქრისტეს მეორედ ჯვარცმად და მწვალებლობად უნდა მიიჩნიონ მათ წყალპკურებულთა ხელმეორედ, სამგზისი შთაფლვით გადანათვლა და თუ ეს ასეა, რა გამოდის? მთელი აღმოსავლეთის ეკლესიები (ქართულის ჩათვლით) საშინელ მწვალებლობაში გადავარდნილან, რამეთუ ოდითგანვე ჰქონიათ პრაქტიკაში წყალპკურებულთა გადანათვლა!

ასევე მწვალებლებად, ჯვრისა და საუფლო სიკვდილის მოკიცხარებად და უფლის ჯვარმცმელებად უნდა გამოაცხადონ მათ ბერძნული, ქართული, სლავური და აღმოსავლეთის სხვა ადგილობრივი ეკლესიები და მათი მწყემსმთავრები, რომელთაც არ შეიწყნარეს წყალპკურებითი ნათლობა. განა ქრისტეს მეორედ ჯვარცმა და საუფლო სიკვდილის კიცხვა დააკანონეს აღმოსავლეთის პატრიარქებმა? რა თქმა უნდა, არა! მათ წყალპკურება არასოდეს მიუჩნევიათ კანონიკურად და ამიტომაც სრულიად სამართლიანად დააწესეს ამგვარად "ნათელღებულთა" მონათვლა.

წმ. მამათა ამ განწესებას მისდევდა და მისდევს ქართული ძველმართლმადიდებლური ეკლესიაც და, არ მიიჩნევს რა წყალპკურებას ნათლისღებად, თავიდანვე ნათელ-სცემს წყალპკურებით შებილწულ და ოფიციალური, ვითომ "მართლმადიდებლური" ეკლესიისგან გამოქცეულ და მათგან საგეჰენიოდ განწირულ შვილებს.

წყალპკურებითი "ნათლობა" სამოციქულო გადმოცემა რომ არ არის და ლათინ პაპისტთა სიახლეა, ამას ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოწინააღმდეგე ნიკონიანური ეკლესიის წარმომადგენლებიც კი არ უარყოფენ, კერძოდ, ისინი ამტკიცებენ, რომ "რომის ეკლესიამ ძველი ტრადიციისგან საიდუმლოთა აღსრულების საკითხშიც გადაუხვია. ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია ნათლობას აღასრულებდა მხოლოდ სამიგზისი შთაფლვით წყალში; პაპი პელაგიუსი სამგზის შთაფლვას უფლის მიერ დაწესებულს უწოდებს; ჯერ კიდევ XIII საუკუნეში ნათლისღების საიდუმლო დასავლეთში აღესრულებოდა სამგზისი დაფლვით წყალში, წმიდა სამების პირთა მოწოდებით, რაზეც ნათლად მეტყველებენ იტალიის ტაძრებში შემონახული ემბაზები. მაგრამ, მოგვიანებით, რომის ეკლესიაში დაამკვიდრეს წყალპკურებითი ნათლობა და წყლის თავზე გადასხმა, ხოლო XV საუკუნიდან შეცვალეს ნათლობის ფორმულაც...

ძველი ტრადიციის მიხედვით, წყალგადასხმით მონათლულები არ უნდა იქნენ აყვანილნი სამღვდლო დასში" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი. იხ. Митрофан Зноско-Боровский. "Православие, римо-католичество, протестантизм и сектантство", гл. "Отступления Рима в совершении тайнств, изд. Тройце-Сергиевой Лавры, 1991 г., репринт., стр. 49).

XX საუკუნის დასაწყისში, ე. წ. "უწმიდესი სინოდის" კურთხევით გამოიცა მღვდელ კ. ოკოლოვიჩის რომაელ-კათოლიკეთა სამხილებელ ბროშურათა მთელი სერია; ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ საყურადღებოდაა დასათაურებული: "Где правильнее - православной церкви или католическом костеле - совершается тайнство крещения?".  აქ გვხვდება ასეთი აზრი: "კათოლიკურმა ეკლესიამ გადაუხვია მართლმადიდებლობას თვით ნათლობის აღსრულების ფორმაშიც: ისინი ყრმებს ნათლავენ არა შთაფლვით, არამედ წყალგადასხმით".

ბროშურის ავტორი, კ. ოკოლოვიჩი დიდი პათოსით აცხადებს: "ჩვენ, მართლმადიდებელი რუსი ადამიანები, ბედნიერები ვართ იმით, რომ ჩვენთან, ეკლესიაში, ყოველივე აღესრულება არა თვითნებურად, არა ისე, როგორც ჩვენ მოვისურვებთ, არამედ ღვთის სიტყვის მიხედვით. ამიტომაც, ნებისმიერ ლათინს ჩვენს გაბედულად ვეტყვით, რომ რწმენისა და ეკლესიის საქმეებში უნდა მივსდევდეთ ღმრთითგამოცხადებულ სწავლებას, წმ. ეკლესიის დადგენილებებს და არა საკუთარ გამონაგონს, რომელიც კაცობრივ ინტერესებს, კაპრიზებსა და ვნებებს ეფუძნება".

შემდეგ კი პავლე მოციქულის სიტყვებით მრისხანედ აფრთხილებს ლათინთ: "უბედურო კათოლიკეებო! გაიხსენეთ მოციქულ პავლეს სიტყვები, რომელმაც თქვა: "ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (Журн. "Родина", 1990 г., № 9, "О тайнстве крещения", примечание ред. стр. 91).

ლათინებმა წყალპკურებითი "ნათლობის" დამკვიდრებით წმ. მოციქულთაგან ბოძებული გადმოცემანი რომ შერყვნეს, ამაზე სხვა ქართული წყაროებიც გვამცნობენ. ჩვენ უკვე დავიმოწმეთ კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის "გრდემლი", ამჯერად უკომენტაროდ გთავაზობთ კიდევ ერთ მოწმობას, რომელიც კარგად წარმოაჩენს ჩვენს წინაპართა დამოკიდებულებას ლათინთა "ნათლობისადმი". ეს არის იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონი) "ხუმარ-სწავლა", ანუ "კალმასობა", სადაც ლათინების შესახებ ვკითხულბთ, რომ მათ, - "კანონნი ჩვენისა წმიდისა ეკლესიისა გარყვნეს და შეამსუბუქეს და ნათლისღებასა შინაცა არა აღმოშობენ წყალსა შინა, არამედ თავზე ოდენ მოუსმენ წყალსა" (იოანე ბატონიშვილი. "ხუმარ-სწავლა" (კალმასობა), წიგნი I, თბილისი, "მერანი", 1990 წ., გვ. 54).


6. წყალპკურებითი "ნათლობით" შებილწულებს სრულად ნათლავენ!

სწორედ ამიტომაც ასე მკაცრად ითხოვდნენ აღმოსავლეთის ეკლესიებში წყალპკურებულთა თავიდან გადანათვლას: რუსეთის პატრიარქი ფილარეტი (მე-17ს.) ბრძანებს: თუ ვინმე გადმოვა პოლონეთის ან ლიტვის ქვეყნიდან... ან თუ იტყვის ვინმე, რომ ბელორუსია და ჭეშმარიტი აღმასრულებელია ბერძნული სჯულმდებლობისა (ე. ი. მართლმადიდებლობისა - არქიეპ. პ.) გიბრძანებთ, ჯერ გამოსცადოთ და კეთილად გამოიძიოთ სარწმუნოება მისი და გამოარკვიოთ, ხომ არ არის წყლის თავზე დასხმით შემწიკვლული... რამეთუ მათთან, - უცხოეთში, - ნათლისღებას წყლის თავზე დასხმით ასრულებენ და არა შთაფლვით... ამდაგვარნი სამგზისი შთაფლვით უნდა მოინათლონ თავიდანვე. ... თუ ვინმე ბელორუსელი იტყვის, რომ ნათელღებულია, ხოლო ის მღვდელი, რომელმაც მონათლა იგი, რომის პაპს იხსენიებს ღვთაებრივ ლიტურგიაში და კვერექსებსა თუ ლოცვებში პაპისთვის ლოცულობს, სრული ნათლისცემა გმართებთ მისი მირონცხებით, ლათინთამიერი და სხვა მწვალებლობების შეჩვენებით. ... ხოლო თუ ვინმე იტყვის (გადმოსულთაგან - არქიეპ. პ.), რომ მართლმორწმუნეთაგან არის მონათლული სამგზისი შთაფლვით, ნუ გადანათლავთ მათ და ნურც მირონს სცხებთ მათ... თუ ვინმე იტყვის ან მოწმენი დაადასტურებენ, რომ წყლის თავზე გადასხმით არისო "ნათელცემული" - ამდაგვარის თავიდანვე ნათელღება გმართებთ. "...წყლის თავზე გადასხმით" მონათლულნი, სრულიად უნდა მოინათლონ თავიდანვე წყალში სამგზისი დაფლვით (Потребник, изд. при патр. Иосифе, стр. ФОА).

სწორედ ამიტომ შეაჩვენებინებენ ლათითაგან და პროტესტანტთაგან მოქცეულთ წყალპკურებით თუ წყლის თავზე გადასხმით "ნათლობას": "წმიდა ნათლისღების შემრყვნელნი, თუნდაც წმიდა სამების, მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ნათლავდნენ, მაგრამ არა სამგზისი, არამედ ერთგზისი დაფვლით წყალში ან წყლის თავზე გადასხმით, როგორც ზოგნი აღასრულებენ და არა მოციქულთამებრ, და ნაცვლად გამოთქმისა: ინათლება მონა ღვთისა, სახელითა მამისათა, ძისათა და წმიდისა სულისათა... ამბობენ: მე გნათლავ შენ, სახელითა... (და შემდგ.), დე წყეულ იყვნენ".

"ვინც წყლის თავზე გადასხმით აღასრულოს ნათლობა და არა უფლის დაფვლის ხატისამებრ, რომელმაც ნათელიღო იორდანეში და მოციქულთა გადმოცემებისამებრ: წყალში სამგზისი შთაფლვით, წმ. სამების მამის, ძის და სულიწმიდის მოწოდებით,  - დე წყეულ იყოს!" (იქვე. ლუთერანული მწვალებლობიდან გადმოსულთა მიღების წესი).

იგივეს ითხოვენ წმიდა მამებიც, მაგალითად, დიდი დიონისე არეოპაგელი ბრძანებს: "ვინც სამგზის შთაფლვით არ არის ნათელღებული, მას არა აქვს მადლი სულისა წმიდისა" (Св. Дионисий Ареопагит. О Церковном Священноначалии, гл. 2, лист. 313). მიტროპოლიტი ფოტიც გვასწავლის: თუ რომელიმე მღვდელი არა შთაფლვით, არამედ ჭურჭლიდან წყლის თავზე გადასხმით ნათლავს, დაემხოს თავისი პატივისგან, რამეთუ ჯერ არს, ნათლისღება სამგზისი შთაფლვით აღესრულებოდეს და არა დასხმით... მაშ, იცოდე, ჯერ წყალი ჩაასხი ემბაზში, ხოლო შემდეგ შთაფალი მოსანათლავი და წყალს ნუ გადაასხამ (Послание митрополита Фотия яко крестити младенца, рукопись, 1639 г., Номоканон).

1895 წ. კონსტანტინოპოლის ეკლესიის საპატრიარქომ და სინოდმა მიიღეს ერთობლივი საოლქო ეპისტოლე, რომელშიც ნათქვამია: "შვიდი მსოფლიო კრების ერთი, წმიდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესია ნათლისღებას წყალში სამგზის დაფლვით აღასრულებდა. რომის პაპი პელაგიუსი სამგზის შთაფლვას უფლის მცნებას უწოდებს. დასავლეთში XIII საუკუნემდეც კი მოსანათლავი წყალში სამგზისი დაფლვით ინათლებოდა, რის შესახებაც ნათლად მეტყველებენ იტალიის ძველ ტაძრებში დღემდე შემორჩენილი ემბაზები. მაგრამ, მოგვიანებით, პაპისტურ ეკლესიაში დამკვიდრდა წყლის თავზე დასხმითი ნათლობა, რომელი ეკლესიაც დღემდე მისდევს ამ სიახლეს, და კიდევ უფრო აღრმავებს მის ქვეშ პირდაღებულ უფსკრულს. ჩვენ კი, - მართლმადიდებელნი, მყარად ვიცავთ წმიდა მამების მიერ გადმოცემულ საგანძურს ჯანსაღი სარწმუნოებისა და შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრებათა ერთგულნი ვრჩებით".

კონსტანტინოპოლის ეკლესიის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში (ლათინთა წინააღმდეგ), რომელსაც ხელს აწერს ოთხი პატარიარქი და ოცდაათი ეპისკოპოსი, წერია: "მაგრამ ამაზე არ შეჩერებულა პაპიზმი, როდესაც ხელყოფდა იგი მშვიდობას ღვთის ეკლესიისა; არამედ, პირიქით, ყოველგან აგზავნიდა თავის ე. წ. "მისიონერებს", ყოველგვარი მზაკვრობით აღსავსე ადამიანებს, რათა გადაელახათ მთები და ზღვები თუნდაც ერთი ადამიანის "მოსაქცევად", სინამდვილეში კი იმისათვის, რათა ეცთუნებინათ მართლმადიდებელნი, შეერყვნათ მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, უკეთური დამატებით შეებილწათ სიმბოლო წმიდისა სარწმუნოებისა, ზედმეტად მიეჩნიათ ღვთითგარდმოცემული შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში... და მრავალი სხვა" (Окружное послание... Константинопольской Церкви, 1848 г., изд. СПб, 1850 г.).

ახლა კი მიაპყრეთ ყურადღება კონსტანტინოპოლის 1756 წლის, ადგილობრივი საეკლესიო კრების განსაზღვრებას: "სულის საცხოვნებლად ბოძებულ მრავალ საშუალებათაგან პირველი და უმთავრესი უფლის მიერ წმ. მოციქულთადმი ბოძებული ნათლისღებაა. რადგანაც, სამი წლის წინათ წამოიჭრა საკითხი, შეწყნარებული ყოფილიყო თუ არა ჩვენკენ გადმოსულ იმ ერეტიკოსთა ნათლობა, რომლებიც წმ. მოციქულთა, ღვთაებრივ მამათა და წმიდა კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიის გადმოცემათა საწინააღმდეგოდ ასრულებენ ნათლისღებას, ჩვენ, ვინც, ღვთის წყალობით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღვიზარდენით, წმინდა მოციქულთა და ღვთაებრივ მამათა კანონებით ვხელმძღვანელობთ და ვიცით ჩვენი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საიდუმლო (იგულისხმება 7 საეკლესიო საიდუმლო და სხვა მღვდელმოქმედებანი - არქიეპ. პ.) _ განვსაზღვრავთ: ერთი ღვთაერბრივი ნათლისღების ნათლისღების მიმღებნი ყოველივე ერეტიკულს, რაც ისე არ აღესრულება, როგორც ეს სული წმინდამ ამცნო მოციქულებს და რაც დღემდე უცვლელად აღესრულება ქრისტეს ეკლესიაში, გარყვნილ კაცთა გამონაგონად და მოციქულთა გადმოცემების საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ საყოველთაო აღიარებით, ზიზღით უკუვაგდებთ მათ და მათგან ჩვენკენ გადმოსულთ მოუნათლავთა და განუწმენდელთა თანასწორად მივიჩნევთ; მივდევთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მცნებას, რომელმაც უბრძანა თავის მოწაფეებს, მოენათლათ ყოველი სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა; მივდევთ მათ, რომელთაც განაწესეს მოსანათლავთა სამგზისი შთაფლვა და თითოეულ შთაფლვაზე წარმოთქმა წმიდა სამების ერთ-ერთი პირის სახელისა, წმიდა და მოციქულთასწორის, დიონისეს სიტყვისამებრ, რომელიც ბრძანებს, რომ მოსანათლავი უნდა მოინათლოს განშიშვლებული ემბაზში, ნაკურთხი წყლითა და ზეთით და ღვთაებრივ პირთა მოწოდებით; ხოლო ნათლისღებისთანავე ღვთიური ძალმოსილების მქონე წმ. მირონით უნდა იქნეს ცხებული, შემდგომ კი ყოვლადგანმწმენდელ ევქარისტიას ეზიაროს. ჩვენ ვიცავთ მეორე და მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებებს, რომლებიც ბრძანებენ, რომ ყოველი, ვინც მონათლული არ იქნება სამგზისი შთაფლვითა და ყოვლადწმიდა სამების პირთა მოწოდებით თითოეულ შთაფლვაზე, არამედ ნებისმიერი სხვა სახით იქნება, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქცევის შემთხვევაში მოუნათლავებად ჩაითვლებიან.

ვხელმძღვანელობთ რა ზემოხსენებული წმიდა და ღვთაებრივი დადგენილებებით, ერეტიკოსთა ნათლობას (იგულისხმება ლათინური წყალპკურება - არქიეპ. პ.), როგორც წმ. მოციქულთა და ღვთაებრივ დადგენილებათა საწინააღმდეგოს და სრულიად გაუცხოებულს მათგან, როგორც უცხოს განბანვისა და, წმ. ამბროსისა და დიდი ათანასეს სიტყვისამებრ, სრულიად უსარგებლოს, რასაც არავითარი სიწმიდე არ შეუძლია მიანიჭოს მოსანათლავს და ოდნავადაც კი არ ემსახურება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდის საქმეს, ზიზღის და უარყოფის ღირსად მივიჩნევთ. ხოლო მოჩვენებითად, ვითომ მონათლულებს მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში ვიღებთ, როგორც მოუნათლავებს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე გადავნათლავთ მათ წმ. მოციქულთა და საკრებო დადგენილებების შესაბამისად, რომელსაც ურყევად ეფუძნება ქრისტეს წმიდა, სამოციქულო და მსოფლიო ეკლესია _ დედა ყოველთა მართლმადიდებელთა. და აი, ამ ჩვენი სახალხო აღიარებითა და განჩინებით, ვამტკიცებთ ჩვენს მიერ გამოტანილ განსაზღვრებას, რომელიც სრულიად თანხმიერია წმ. მოციქულთა და საკრებო დადგენილებებისა და განვამყარებთ მათ ჩვენივე ხელმოწერით წელსა 1756-სა; კირილე პატრიარქი კონსტანტინოპოლისა; მათე პატრიარქი ალექსანდრიისა და პართენი პატრიარქი იერუსალიმისა" (О правилах и чинопоследованиях присоединения неправославных христиан в православную церковь, изд. Вятск, 1869 г.).

ამიტომაც ბრძანებს ასე გადაჭრით ქართლის კათალიკოსი ბესარიონი (ორბელიშვილი) (XVIII ს.) თავის თხზულებაში "გრდემლი" (თ.20): "არცა სადმე წერილა და არცა ვისმე სმენია, რომ ჩვენს მიერ მოხსენებულისაგან განსხვავებული ისეთი ნათლობით, ისე, როგორც ამას პაპის მოსავნი ასრულებენ ვინმეს ნათელეღო. ამიტომაც, არღვევენ რჯულს და გარდავლენ წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილ მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და არა გულისხმაჰყოფენ ღმრთის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირესს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".

აი, როგორი შეურაცხყოფილი, უპატიო და დასჯილი იქნება იგი მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს საყდრის წინაშე, რამეთუ ოქროპირის განმარტებისამებრ თავის მეორედ მოსვლას უწოდა უფალმა სასუფეველი; და თუკი ამ უმცირესისათვის ესოდენ დიდ სასჯელს განაწესებს ღმერთი, რომელი მცნებაა მასზე უდიდესი ან ამაზე უაღრესი და უპირატესი, რომელიც თავად უფალმა აღასრულა, რაჟამს თავი თვისი გამოუცხადა ქვეყანას და საქმით გვასწავლა განშიშვლებული ნათლისღება წყალსა შინა და ნიკოდიმოსსაც კანონად უდვა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში". ამას ყოველივეს არღვევენ და გარდაცდებიან, სასჯელისა კი არ ეშინიათ, არც კი რცხვენიათ ესოდენ უწესობათა გამო და ამბობენ: "თუკი სხეულის რომელიმე ასოს შეეხება წყალი, მთელი სხეული განიწმინდებაო".

ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მიწაზე ამგვარი ქცევის გამმართლებელი, არც ვისმეს სმენია, რომ ამგვარად ვინმეს ნათელეცა ან იგავით მაინც ვინმეს მოესწავებინა, არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რუჯლი და განაწესეს ამგვარი მოძღვრება, "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს".

ვინაიდან წლისა და სულისგან მეორედ შობა გვიბრძანა უფალმა, როგორც ყრმა იშვება დედის მუცლიდან, ასევე გვევალება მეორედ შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ერთ რომელიმე ასოთაგანის წყლით დალტობა, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა. განა შესაძლებელია სხეულის ერთი რომელიმე ასო, გნებავთ თავი, ან რომელიმე კიდური იშვას დედის მუცლიდან, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხეულისა მუცელშივე დარჩეს? ამას შობა რომ დავარქვათ, განა ის იქნება სიცოცხლის შემძლებელი, სრული კაცი? ასევე შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ნაწილის განბანვით შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა.

ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს. არცა ემბაზსა შინა ნათელსსცემენ სამგზის და ზოგჯერ ამ "ნათლობას" მღვდელმსახურნიც კი არ ასრულებენ, არამედ ერისკაცნი და ქალებიც. არადა, ამგვარი რამ არავის არსად სმენია, რამეთუ საქმე საეჭვო რჯულად არ განწესდება, არამედ ქრისტეს, მის მოციქულთა და მათ მიმბაძავ ღვთისმეტყველ მამათა რჯულია მტკიცე და უცვალებელი. რამეთუ იგი ბრძანებს: "ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა". ეკლესიის მესვეურთა აზრით, ქრისტეს ამ ბრძანების დარღვევა შეიძლება, ხოლო პაპის სიტყვისა არა და ისიც თითქმის ყოველდღე ცვლის და გარდადის წმ. მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და მათ საწინააღმდეგოდ თავის რჯულდებით მოძღვრავს ყოველთა მისთა მოსავთა" (იხ. გაზეთი "შანსი", 22-29 ივნისი, 1993 წ., გვ. 13).

"პიდალიონი" კი ასკვნის: "ამრიგად, ლათინური წყალპკურება უცხოა შთაფლვისა და აღმოშობისა, შედეგად, ვერ არის გამომხატველი უფლის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომისა, ამიტომაც ყოველგვარი მადლმოსილებისა, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულია იგი. თუ ლათინები იტყვიან, რომ წყალპკურება იძლევა განწმენდასა და მადლს წმიდა სამების მოწოდებითო, დე უწყოდნენ, რომ ნათლობა ოდენ მოწოდებით კი არ აღესრულება, არამედ უცილობლივ ითხოვს მსგავსებას უფლის სიკვდილისა და აღდგომისა, რამეთუ აცხოვნებს მოსანათლავს არა ოდენ რწმენა წმიდისა სამებისა, არამედ ამასთანავე რწმენა "მესიის სიკვდილისა"; იგივეს ბრძანებს ნეტარი იერონიმეც, რომ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ჟამს სამგზისი შთაფლვა წყალში მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, ზეპირი საეკლესიო გადმოცემით გადმოგვეცა და აღესრულება არა მხოლოდ ყოვლადწმიდა სამი ღვთაებრივი პირის სახელით, არამედ იმიტომაც, რომ უფალი თავისი ადამიანური ბუნებით სამი დღის განმავლობაში იყო მკვდარი.

"პიდალიონი": ასე, რომ, ლათინნი მწვალებლები არიან. როგორც მოუნათლავთ (მათში დამკვიდრებული წყალპკურებითი "ნათლობის" გამო - არქიეპ. პ.) არ გააჩნიათ სულიწმიდის მადლი და შედეგად არც ერთი საიდუმლოც; მათგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულები უნდა გადაინათლონ".

მოკლედ: "ლათინთა ნათლისღება (ანუ წყალპკურება - არქიეპ. პ.) ცრუდ იწოდება და არც სიმკაცრის გამო და არც შეწყნარებით მიღება მისი არ შეიძლება. სიმკაცრის გამო იმიტომ, რომ ისინი მწვალებლები არიან და ამის მტკიცების საჭიროებაც კი არ არსებობს. მარტო ის გარემოებაც, რომ ასეთი სიძულვილი და ზიზღი გვაქვს მათდამი ამდენი საუკუნეა - ცხადყოფს, რომ ვუკადრისობთ მათ და არიანელთა და საბელიანოზთა შესადარ მწვალებლებად მივიჩნევთ.

ლათინები მოუნათლავები არიან იმიტომ, რომ ნათლისღებისას სამჯერ არ შთაფლავენ მოსანათლავს, როგორც ეს თვით მოცქულთა მიერ არის დადგენილი მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

ლათინთაგან პირველნი და უძველესნი, რომელთაც სცვალეს მოციქულთამიერი ნათლობა, წყლის თავზე გადასხმით ნათლავდნენ, ანუ მცირეოდენ წყალს ასხამდნენ თავზე, რასაც ზოგიერთ ადგილებში დღემდე ასრულებენ. სხვები მოსანათლავ ყრმას რამდენიმე წვეთს ფუნჯით მიაპკურებდნენ შუბლზე, ხოლო სხვაგან, როგორც ეს ჩვენ გადმოგვცეს, წყალში ჩაწობილ ბამბის ქაღალდს მოუსვამენ სახეზე მოსანათლავს... ასე, რომ ლათინური წყალპკურება გაუცხოებულია ყოველგვარი მადლმოსილებისგან და არც განწმენდას იძლევა და არც ცოდვათა მიტევებას" (Пидалион., стр. 248, 249).

"მაშ, ისმინეთ უნათლავნო და შეძრწუნდით ამის ბრძანებისგან! საშინელ არს სიტყუაი ესე, რამეთუ შეუძლებელ არსო შესვლაი სასუფევლად, რომელი არა შობილ იყოს წყლისგან და სულისა..." (წმ. იოანე ოქროპირი. განმარტება იოანეს სახარებისა. თბილისი. 1993 წ. წიგნი I, გვ. 156-167).
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому