აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III_X_ნიშები და სასწაულები, ანუ არის თუ არა ყველაფერი ღმრთისგან და როგორ არ შევცდეთ სასწაულში - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ნიშები და სასწაულები
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი X
___________________________________________________________________________________________________________________________________

ნიშები და სასწაულები, ანუ არის თუ არა ყველაფერი ღმრთისგან და როგორ არ შევცდეთ სასწაულში

წინამდებარე თავი წარმოადგენს დეტალურ, არგუმენტირებულ განსჯას ნიშთა და სასწაულთა ბუნებაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის როდია ღვთაებრივი. ეს ტექსტი აშკარად შედგენილია ძველმორწმუნის მიერ, მაგრამ ჩვენს ხელთ შემთხვევით აღმოჩენილი ამ ტექსტის ავტორის დადგენა ვერ შევძელით.

"ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ ისეთი მოვლენები ხდება, რომელთაც ნიშებს ან სასწაულებს უწოდებენ. ესენია: ხილვები, გამოცხადებები, უეცარი და ზებუნებრივი კურნებანი, ნაყოფთა მრავლება, ხატების მირონდენა და ა. შ. სასწაულები ხდება ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ და მეცნიერულად მათი ახსნა შეუძლებელია, რადგან მათი წარმომავლობის წყარო სულიერ, არამატერიალურ სფეროში იმყოფება. ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით, "ნიშებად იწოდება ის, რაც ბუნების თანხმიერად სრულდება, ოღონდ უჩვეულო ფორმით. ასეთია პეტრეს ციებ-ცხელებით დაავადებული სიდედრის უეცარი განკურნება. აქ განკურნება არის ისეთი საქმე, რომელიც შესაბამისია ბუნებასთან, თუმცა ის აღსრულდა უჩვეულოდ: როგორც კი ქრისტე მიეკარა პეტრეს სიდედრს, ის მყის განიკურნა. ხოლო სასწაული არის ქმედება, რომელიც ზებუნებრივია ან ბუნების საწინააღმდეგოდ აღსრულდება. ასეთი იყო დაბადებიდან ბრმის განკურნება".

ნამდვილი სასწაული ღმრთის გამოუთქმელი კაცთმოყვარებით გვეძლევა და მას განსაზღვრული მაცხოვნებელი მიზანი აქვს. კერძოდ: სარწმუნოებაში ურწმუნოთა განმტკიცება, მტერთაგან დახსნა, სულიერი და ხორციელი სნეულებებით დაავადებულთა განკუნება და სხვა. მრავალ ასეთ სასწაულს ვხვდებით როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში: ებრაელი ერის დაულტობლად გავლა მეწამულ ზღვაში, ისრაელის დაპურება ზეციური მანანით, მტრის ჯარის განადგურება ღმრთის ანგელოზის მიერ (ძველი აღთქმა); ქრისტეს მიერ პურის გამრავლება, გრიგალის ჩაყენება, სნეულთა განკურნება და მიცვალებულთა აღდგინება მკვდრეთით (ახალი აღთქმა).

ეშმაკს, რომელიც დასაბამიდანვე მტრობს ადამიანს, ასევე ძალუძს "სასწაულთა" აღსრულება, ოღონდ არა ადამიანთა საცხოვნებლად, არამედ მათ წარსაწყმედად; იმისთვის, რათა ჩამოაშოროს ჭეშმარიტ ღმერთშემეცნებას, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ღმრთის ჭეშმარიტ დიდებას. ასეთი გახლდათ მოსესთან მოპაექრე ეგვიპტელ მოგვთა "სასწაულები" (ძველი აღთქმა); წმიდა მოციქულ პეტრეს სახარებისეული ქადაგების პერიოდში სიმონ მოგვის მიერ აღსრულებული "სასწაულები" (ახალი აღთქმა) და სხვა.

აუცილებელია, ღმრთის ჭეშმარიტი სასწაულები გავარჩიოთ მოჩვენებით, ცრუ და დემონურ სასწაულთაგან, რათა არ მივყვეთ საცთურს და ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში არ გავებათ. სასწაულებზე მსჯელობისას უნდა დავეფუძნოთ წმ. ეკლესიის სწავლებას: წმიდა წერილს (განსაკუთრებით წმიდა სახარებას) და წმიდა გადმოცემას (წმმ. მამათა მემკვიდრეობას).

მოდი, მივმართოთ ქრისტეანული ისტორიის საფუძვლებს. წმიდა მახარობელი მარკოზი თავისი სახარების ბოლოში ამბობს, რომ მოციქულები უფლის ამაღლების შემდეგ "წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით" (მარკ. 16:20). "ხედავ, - განმარტავს ნეტ. თეოფილაქტე, - ყველგან ჯერ ჩვენით იწყება მოქმედება, რომელსაც შემდეგ ღმრთის თანადგომა მოსდევს. რამეთუ ღმერთი მაშინ შეგვეწევა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ და დასაბამს ვაძლევთ კეთილ საქმეს; ხოლო თუ უდებნი და უმოქმედონი აღმოვჩნდებით - არ შეგვეწევა. ასევე შენიშნე ის, რომ სიტყვას საქმე მოსდევს და სიტყვა საქმით მტკიცდება ისევე, როგორც მაშინ დასტურდებოდა მოციქულთა სიტყვა მათი საქმეებითა და ნიშებით". მოციქულები ღმერთს ლოცვით მიმართავდნენ: "და აწცა, უფალო, მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა, განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა" (საქმე 4:29-30) (53).

------------------

53.
საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ბიბლიაში სიტყვების ნაცვლად: "ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუისითა" წერია: "გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესუს სახელით". ანუ დაკნინებულია ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება და ღვთის ძე წარმოჩენილია უბრალო მსახურად.

------------------

წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ წარმართნი მოექცეოდნენ "სასწაულებისა და ნიშების ძალით, ღვთის სულის ძალმოსილებით" (რომ. 15:19). მაგრამ, "რადგან ეშმაკთა ძალითაც აღესრულება ნიშები და სასწაულები, მიამატა: "ღვთის სულის ძალმოსილებით", - ვკითხულობთ სამოციქულოს განმარტებაში. ამგვარად, ღმრთის ნიშები მოციქულებსა და წმიდა მამებს ღმრთის სიტყვის (ანუ სახარების) ქადაგების შესაწევნად ეძლეოდათ. საკვირველი ნიშებისა და სასწაულების თანაშეწევნით მოციქულებმა სწრაფად გაავრცელეს ქრისტეს სარწმუნოება მთელ დედამიწაზე. ნიშები ნათელი და ძლიერი მტკიცებულება იყო ქრისტეანობის ჭეშმარიტებისა როგორც ბარბაროსებისთვის, ასევე განათლებული ერებისთვისაც.

ხოლო, როდესაც გავრცელდა სახარების სიტყვა და ყველგან დამკვიდრდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაშინ  ნიშები აიღეს, რადგან დასრულდა მათით მსახურება. ნიშებმა და სასწაულებმა ყველგან შეწყვიტეს მოქმედება და მათ მხოლოდ ღმრთის რჩეული წმინდანები თუ აღასრულებდნენ. IV საუკუნის მწერალი და წმიდა მამა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მის დროს ნიშთა ბოძების ნიჭები უკვე შემწყდარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნიშები ადგილ-ადგილ მაინც აღესრულებოდა, ისიც მხოლოდ საკვირველი ცხოვრების მქონე ბერ-მონაზონთა შორის. VI ს. წმიდა მამა გრიგოლ დიალოგოსი წერს: "ნიშები და სასწაულები სარწმუნოების გასავრცელებლად ისევე აუცილებელი იყო ქრისტეს ეკლესიის ისტორიის დასაწყისში, როგორც აუცილებელია ახალდარგული ხეების მორწყვა მანამ, სანამ გამყარდებიან ნიადაგში და დაიტოტებიან, ხოლო, როდესაც გაიზრდებიან და ფესვებს მიწაში გაიდგამენ, მორწყვა უკვე აღარ სჭირდებათ".

მოციქული პავლეც მოწმობს, რომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკის ნიჭი "მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის" (1 კორ. 14:22), "ხოლო მორწმუნეთა არარად ეხმარებიან სასწაულნი, - ბრძანებს თეოფილაქტე ბულგარელი, - რამეთუ თვით მადლითა ღმრთისაითა მორწმუნე არიან, არამედ ურწმუნოთათვის იქმნებიან იგინი, რაითა სარწმუნოებად მომყვანებელ ექმნნენ მათ" (სამოციქულოს განმარტება).

ახლა კი განვიხილოთ, რაგვარნი არიან თავიანთი არსით ნიშები და სასწაულები, რომლებიც გვევლინებიან ჩვენს დროში და რას გვასწავლიან მათთან დაკავშირებით წმიდა მამები.



1. სასწაულები და წმიდა მამათა გადმოცემა

ჩვენს დროში ხშირად გაიგებ ნიშთა და სასწაულთა სხვადასხვა შემთხვევაზე, ხილვებსა და წინასწარმეტყველებებზე, რომლებსაც ამა თუ იმ სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად იყენებენ. ამ მოვლენათა იდუმალი და ზებუნებრივი ბუნება ჯაბნის ნებისმიერ არგუმენტს, მით უმეტეს, რომ მირონის კეთილსურნელოვანი ნაკადი, ან სისხლდენა, ან კურნება ეჭვს არ იწვევს: ასეთი ფაქტების უმეტესობას ჰყავს მრავალი მოწმე, დოკუმენტირებულია და მეტიც, მათ სამეცნიერო ექსპერტიზებითაც კი ადასტურებენ. მაგრამ, მოდი, დავფიქრდეთ: რატომ აღესრულება ხატების მირონდენა, ეგზორციზმი, კურნებანი და ათასგვარი ნიშები ურიერთგამომრიცხავ კონფესიებში, რომლებსაც ქრისტეს ეკლესია

სქიზმატურად ან კიდევ მწვალებლურად მიიჩნევს? თანაც, ჩვენი თანამედროვენი, რომლებიც ყოველთვის როდი არიან გაცნობიერებულნი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, ცთუნდებიან, როდესაც ამ მოვლენებს ღმრთის მადლის მოქმედებად მიიჩნევენ არა მარტო საკუთარ, არამედ სხვა კონფესიებშიც.

მეტიც, ისიც კი, ვისაც სრულიად მართლმადიდებლური შეხედულებები აქვს და წმიდა უწყის მამათა სწავლებაც იმის თაობაზე, რომ მწვალებლური საზოგადოებები, გამონაკლისის გარეშე, საერთოდ მოკლებულნი არიან მაცხოვნებელ მადლს, მწვალებელთა წიაღში აღსრულებულ სასწაულთა გამო მაინც ცთუნდებიან. თანაც, როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ, ამ სასწაულებში ყოველთვის როდია შესაძლებელი დაინახო ეშმაკისეული სიცრუე ან სატანური მოქმედება.

განსაკუთრებულად და ამომწურავად დაწერა ამის შესახებ შავი მთის იღუმენმა ღირსმა ნიკონმა (1025-1097), რომელიც მოსაგრეობდა დიდი ანტიოქიის მახლობლად XI საუკუნეში და რომელსაც, როგორც ეკლესიის მოძღვარს, ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიაგებდნენ პატივს. მისი წიგნები "პანდექტიონი" და "ტაქტიკონი" აქტუალურ ზნეობრივ-კანონიკურ საკიხთებთან დაკავშირებული თემატური კრებულებია.

გადმოსცემს რა წმიდა მამებისეულ სწავლებას სხვადასხვა სასწაულთა ბუნების შესახებ, ღირ. ნიკონი მათ სამ კატეგორიად ყოფს: 1) სასწაულები, რომლებიც აღესრულებიან მართლმადიდებლებში, 2) მწვალებელთა შორის აღსრულებული სასწაულები და 3) არაქრისტეანთა სასწაულები. ჩვენც ამ თანმიმდევრობას დავიცავთ და დასაწყისისთვის დავიმოწმებთ "პანდექტიონის" 33-ე სიტყვას, რომელშიც ლაპარაკია მათ შესახებ, ვინც აღასრულებს ნიშებს და წინასწარმეტყველებს ან ღმრთის დაშვებით აქვს ხილვები; და რომ ამას ან მნიშვნელობას არ უნდა ვანიჭებდეთ, ან სიწმიდის ნიშნად მივიჩნევდეთ, არამედ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ მხოლოდ მართლმადიდებლური რწმენა და უფლის მცნებათა დაცვა. ასევე იმის შესახებ, რომ მრავალი არამართლმადიდებელი, რომლებიც გარყვნილად ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ, ახდენდნენ და ახდენენ ნიშებსა და სასწაულებს, იღებს გამოცხადებებსა და წინასწარმეტყველებებს, რათა ნიშების მიერ აცთუნონ მრავალნი და თავიანთი მზაკვრული საქმეებით გაიტყუონ; თავიანთი გზა შერაცხონ გზად სიცოცხლისა, რისთვისაც სჭირდებათ კიდევაც ეს სასწაულები; ზოგიერთი მათგანი კი დემონთა შეწევნით წარმოშობს მწვალებლობებსაც.

ასევე, იმის შესახებ, რომ არ უნდა ვიყოთ ადვილად მიმდობნი, თუ დავინახავთ რომელიმე მართალს ან მწვალებელს, რომელიც მძიმე ხორციელ ღვაწლს ეწევა, ან ცხოვრობს უდაბნოში, გაწაფულია წმიდა წერილში ან უცოდინარია და მიუხედავად ამისა, თხზავს საკუთარ წერილს; ან კიდევ დავინახავთ ვისამე სხეულს, რომელიც მრავალი წელი უხრწნელია და ა. შ. ეს ყოველივე არ უნდა იქნეს განხილული სიწმიდის ნიშნად, თუ ამავდროულად არ ვიხილავთ უფლის მცნებათა აღსრულებას და მოციქულის მიერ მინიშნებულ ნიჭებს სულიწმიდისა, ასევე, სრულ სიძულვილს ამსოფლიური დიდებისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების სრულ აღსარებას - ამათ გარეშე ყოველი ნიში და სასწაული დემონთა მოქმედებაა, თუმცა ისიც ღმრთის დაშვებით და მხოლოდ მისთვის ცნობილი განგებულებით.

ამრიგად, ნებისმიერი სასწაულის სინამდვილესა და მაცხოვნებლობას, ასევე ღვთისმოსაობრივ მოსაგრეობას ღირ. ნიკონი განსაზღვრავს ორი კრიტერიუმით: 1) ახლავს თუ არა ამა თუ იმ სიტუაციას მართლმადიდებლობის სიწმიდე და 2) ღმრთის მცნებათა განუხრელი შესრულება.


2. ზოგჯერ სასწაულებს აშკარა ცოდვილებიც იქმან

მომდევნო მაგალითებით ის აჩვენებს, რომ სასწაულებს ზოგჯერ აშკარა ცოდვილებიც იქმან (თუნდაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას განეკუთვნებოდნენ ისინი) და რომ ამგვარი სასწაული სულაც არ ეთანხმება ღმრთის ნებას.

იყო ვინმე მოხუცი, რომელიც ხშირად დადიოდა სახელგანთქმულ ქალაქ ანტიოქიაში. მოხუცს მრავალთა ნდობა მოეპოვებინა, თვითონ კი მოსაგრეობრივი ცხოვრებით არ გამოირჩეოდა -უყვარდა ჭამა და სმა, ცხოვრობდა დაუდევრად; გარეგნულად კი მორჩილ და თავმდაბალ კაცად გამოიყურებოდა, ცხოვრობდა ღარიბულად, რის გამოც მას მრავალი ანტიოქიელი ენდობოდა.

და აი, მხოლოდ ღმრთისთვის ცნობილი განგებულებით, მოხუცმა სასწაულმოქმედებით გაითქვა სახელი. მასთან ხშირად მიდიოდა ჩვენი ნეტარი მამა, მიტროპოლიტი ლუკა და შეაგონებდა, შეეწყვიტა სასწაულმოქმედება, ის კი არ ემორჩილებოდა. ერთხელ მისი მოწაფე შემხვდა და ასეთი ამბავი მომიყვა: "ერთ დღეს მოხუცთან ერთად ანტიოქიას მივაშურეთ და ვიღაც ქრისტესმოყვარე კაცის სახლს მივადექით, სადაც მოხუცი ძლიერ გაძღა. ჭამითა და სმით დამძიმებული კი ძილს მიეცა. მე და მეორე ძმა სხვა ქრისტესმოყვარემ წაგვიყვანა საკუთარ სახლში ღამის გასათევად. ქრისტესმოყვარეს თან მეგობარიც ახლდა. გზად მიმავალთ მათი ასეთი განსჯა შემოგვესმა: "ვხედავთ, რომ წერილში ნათქვამის აღსრულება სულაც არ ყოფილა სავალდებულო, რადგან ეს მოხუცი ჭამს, სვამს, ძღება, სხვა სიამოვნებებსაც ეძალება, და თან წმიდაც არის და კურნების ნიჭიც გააჩნია". - ასე უყვებოდა იმ მოხუცის მოწაფე თავის მეგობარს, რისგანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ სასწაულთა აზრი სწორედ ღმრთის სიტყვის უარყოფა და ხორციელ სიამეთა აღიარება გახლდათ.

ნეტარმა პატრიარქმა თეოდოსიმ მოხუცი გამოსასწორებლად დილეგში ჩაამწყვდია, თუმცა ანტიოქიელებმა ეს არ დაუშვეს და ძალით გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, ბოლოს თავისი სასწაულებისგან თვითონვე დაზარალდა, რამეთუ მოხდა ისე, რომ ამ მოხუცს, რომელსაც პრესვიტერის ხელდასხმა ჰქონდა, სომხური მწვალებლობის მიმდევარმა ერთმა ყაჩაღმა ლოცვა-კურთხევა სთხოვა. მანაც არ დაიზარა, აკურთხა მწვალებელი და შინ დაბრუნდა. სწორედ მაშინ ეწვია მას ღმრთის სამართლიანი მსჯავრი, რომელიც ვერც მის მიერ აღსრულებულმა სასწაულებმა შეაბრკოლა და ვერც სხვა რამემ, რადგან მის მიერ ნაკურთხმა ყაჩაღთა მეთაურმა სახლში მიაკითხა თავის თანამოაზრეებთან ერთად, შეიპყრო და საშინლად აწამა: ჯერ გავარვარებული მუგუზლები ჩაუყარა ფეხსაცმელში, შემდეგ ჩააცვა და გაეცალა. მოხუცს იმ დროიდან არავითარი სასწაული არ აღუსრულებია, არამედ ადგილიდან ადგილზე გადადიოდა საშინლად დატანჯული და თავისი ცხოვრება უბადრუკობაში დაასრულა.

სხვა ჩვენგანი, პრესვიტერად ხელდასხმული ბერი, ერში ცხოვრობდა; შემდეგ მოხდა ისე, რომ აღკვეცილ ქალთან ცოდვით დაეცა და არათუ არ განეშორა საშინელ ვნებას, არამედ პირველზე უმეტესად აღენთო და ღმრთისა და კაცთა წინაშე უტიფრად და უსირცხვილოდ მიეძალა მრუშობის ვნებას. თანაც, სასწაულთმოქმედიც გახლდათ: კურნავდა ციებ-ცხელებით შეპყრობილთ და კარგა ხანი ასე გრძელდებოდა; მაგრამ შემდეგ ყოვლად მოწყალე ღმერთმა ამ პრესვიტერს გულში ჩაუდო: თუ ყველა ადამიანი სცოდავს, ამას მალულად სჩადის და იწვის სირცხვილისგან, მე კი - ღიად და უსირცხვილოდ მივცემივარ საძაგელს ცოდვას, თანაც ღმერთს ჩემთვის საკვირველმოქმედების მადლი არ წაურთმევია. ასე იფიქრა პრესვიტერმა და ლიდაში ერთი მოხუცის მცირე მონასტერს მიაშურა. და მას ყველაფერს მოუყვა თავის თავზე.

ფრთხილმა და გონიერმა მოხუცმა ყველაფერი გაიგო და უთხრა: "ვაი შენდა, პრესვიტერო! ეს იყო ეშმაკის მზაკვარება: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ვნებას მიეძალე, მეორეც იმიტომ, რომ ურცხვად სცოდავდი და სასწაულებს აღასრულებდი, რითაც ადამიანებს აცთუნებდი, რათა ეთქვათ - ცოდვა როდია ღმრთის ნების უგულებელყოფა და სიკეთედ ჩანს ღმრთის წინაშე ცოდვის ჩადენაც და წმიდა წერილის უგულებელყოფაც. ასე რომ, დემონებმა შენში თანაშემწე იპოვეს, რათა შენი დახმარებით მრავალი ადამიანი წარეწყმიდათ".

ეს რომ გაიგო, პრესვიტერმა მოხუცს დაუჯერა და იმ დღიდან დემონურ სასწაულმოქმედებას განეშორა, შეინანა თავისი საქციელი და რადგან ჩემი დიდი სიყვარული ჰქონდა, თავის ამბავსაც მომიყვა.

შემდეგ გვესმა ერთი ამბავი მონაზონთან შემცოდე ძმის შესახებ, რომელთანაც, ვითარც ცოლთან, საერო ცხოვრება გადაწყვიტა, მაგრამ, რადგან ბერული ცხოვრების დატოვებისა რცხვენოდა, ქალთან ერთად უცხო ქვეყანაში გადაბარგება გადაწყვიტა. გამოვიდნენ თავ-თავიანთი მონასტრებიდან და გზას გაუდგნენ. მიადგნენ სავანეს, სადაც აღსარების თქმა გადაწყვიტეს და ერთმანეთს უთხრეს: წარმოვიდგინოთ, რომ უკვე ჩავიდინეთ ცოდვა, რა სარგებლობას მივიღებთ მისგან? ამიტომაც, მოდი, ჩვენს მონასტრებში დავბრუნდეთ. მობრუნდნენ უკან და მიაღწიეს სავანემდე, რომელსაც სამეფოს უწოდებდნენ. წყვილმა აქ დასვენება გადაწყვიტა; მაშინ ეშმასგან ძლეულნი კვლავ ცოდვაში შთავარდნენ. ხოლო საღამოს, მანამ, სანამ ქალაქ ანტიოქიის კარიბჭე დაიკეტებოდა, ძმა დაეცა და ქალაქის გარეთ აღესრულა.

მონაზონმა, რაკიღა არ იცოდა, რა ექნა, ქალაქს მიაშურა, ერთი ნაცნობისგან თოხი და ბარი ითხოვა, რომ შეღამდა, არავის რომ არ დაენახა, ქალაქარეთ გავიდა, მიწა გათხარა და ბერის სხეული მიწას მიაბარა, შემდეგ დილამდე დაიცადა და კვლავ ანტიოქიას მიაშურა. როდესაც დილით ანტიოქიელები გამოვიდნენ ქალაქიდან და ნახეს საფლავი, რომელიც წინა საღამოს აქ არ იყო, ძლიერ გაოცდნენ, რადგან არ იცოდნენ, რა ეფიქრათ. თქვეს, ეს, ალბათ, ღმრთის რომელიღაც წმიდა მონაა, რომელიც ადამიანურ დიდებას გაურბოდა და თავის მოწაფეებს საკუთარი სხეულის დაკრძალვა საიდუმლოდ, ღამის საფარველქვეშ დაავალაო. განსაჯეს რა ასე, ანტიოქიელებმა ამ საფლავთან საკუთარი ავადმყოფების მოყვანა იწყეს და ჰოი საოცრებავ, - სატანამ თავისი მზაკვარებით, რომელიც ღმერთმა მხოლოდ მისთვის ცნობილი განგებულების გამო მიუშვა მოქმედებად, საფლავთან მისულთა კურნება იწყო.

ხსენებულმა მონაზონმა მომხდარის შესახებ უკვე ანტიოქიაში შეიტყო და დაბნეულმა მეგობარ მონაზონს სთხოვა, გასულიყვნენ ქალაქიდან და ენახათ სასწაულნი. ასეც მოიქცნენ. ორივენი გავიდნენ ქალაქიდან და ხალხისგან მოშორებით შედგნენ, უყურებდნენ, თუ როგორ იკურნებოდნენ სნეულნი ღამით დაკრძალული ბერის საფლავთან. ასეთ დღეში იყო ხალხი, როდესაც ღმრთის განგებით, ანტიოქიას ერთი მეუდაბნოვე ბერი მიუახლოვდა, რომელმაც იხილა ურიცხვი ხალხი ბერის საფლავთან და მათგან ცალკე მდგომი ორი მონაზონი. ბერი მივიდა მონაზვნებთან, ასწავლა მდუმარება, სენაკში მოსაგრეობის ძალა და ურჩია, არ ევლოთ ერისკაცთა შორის. შემდეგ კი ჰკითხა: "გყავთ თუ არა სულიერი მოძღვარი?" მან, ვინც უწყოდა საიდუმლოს შესახებ, მიუგო: "არა, მამაო, არა გვყავს". მაშინ ღმრთის განგებით აღძრულმა ბერმა მიიღო მათგან აღსარება და შემცოდე მონაზონმაც ყველაფერი დაწვრილებით აღიარა. ბერმა ჯეროვნად დაარიგა მონაზონი და გაუშვა, თვითონ კი წავიდა ქალაქში, აიღო თოხი და ბარი, გამოვიდა ქალაქიდან, ღამის სიბნელეში ამოთხარა ბერის გვამი და მდინარეში გადააგდო, მიწა გაასწორა ისე, როგორც მანამდე იყო და თვითონ კი კვლავ უდაბნოს მიაშურა. ამის შემდეგ იმ ადგილებში შეწყდა ეშმაკის მოქმედება.

კიდევ გვესმა, რომ სხვა დროს, იმავე ანტიოქიაში, გამოჩენილა ვინმე მწირი, რომელსაც დაჰქონდა ქარტია, რომელშიც ღმრთის, მთავარანგელოზების, ანგელოზებისა და ყველა წმინდანის სახელები ჩაეწერათ და მისი დახმარებით მრავალ ნიშსა და სასწაულს იქმოდა. მაშინ იმავე მხარეს ღმრთის განგებით სტუმრობდა ვინმე განსწავლული ბერი, რომელმაც, შეიტყო რა მომხდარის შესახებ, ყველაფერი მიმოწვლილვით გამოიკითხა. ამის შემდეგ მივიდა ქარტიის მფლობელ მწირთან და ჰკითხა თუ საიდან ჰქონდა ეს ქარტია. მწირმა უპასუხა, "არაფერი ვიცი ამის შესახებ გარდა იმისა, რომ ქარტია გზად მიმავალმა სხვა ბერმა მომცა; თანაც მრავალი მარწმუნებდა ცუდი არაფერი სწერიაო მასში, გარნა მხოლოდ სახელები ღმრთისა, მთავარანგელოზთა, ანგელოზთა და წმიდათა", - დასძინა მწირმა. მაშინ გამოცდილმა ბერმა სთხოვა მას, ყველას გასაგონად წაეკითხა თუ რა ეწერა ქარტიაში, და როდესაც მან ის წაიკითხა, აღმოჩნდა, ბოლოში მიწერილი ყოფილა სამი სიტყვა, რომელიც მკითხველს არ ესმოდა. გამოცდილმა ბერმა აიღო იგი და ყველას გასაგონად განაცხადა: ეს სამი სიტყვა ნიშნავს: "უარვყოფ, უარვყოფ, უარვყოფ"; გამოდის, რომ ქარტიის მკითხველი უარყოფდა ყველა სახელს - ღმრთისას, მთავარანგელოზებისას, ანგელოზებისასა და წმინდანებისა, რომლებიც ამ სიტყვების წარმოთქმამდე ეწერა ქარტიაში; ეს კი ნიშნავდა იმას, რომ სასწაულნი მომდინარეობდნენ ეშმაკისგან.

ასევე გვსმენია ზოგიერთისგან, რომ ანტიოქიის ცნობილი პატრიარქის დროს ერთი კაცის ცოლი სიძვის ცოდვაში ჩავარდნილა. ქმარს რომ ეს ამბავი გაუგია, ცოლი მოუკლავს. რამდენიმე დღის შემდეგ მოკლული ქალის სხეული სასწაულმოქმედი გახდა. წმიდა პატრიარქი, რომელმაც კარგად უწყოდა ეშმაკის მზაკვრობანი, მიხვდა დემონთა მოქმედებას, რომელიც აფიქრებინებდა ადამიანებს, თითქოსდა ღმრთისთვის სათნო იყო სიძვის ცოდვა. მან ქალის გვამის მდინარეში გადაგდება ბრძანა, რითაც ბოლო მოეღო საცთურის მოქმედებას. ყველა ამგვარი სასწაული ჩვენს დროში მოხდა. მრავალი მათგანი ჩვენ გვინახავს, ხოლო დანარჩენთა შესახებ სხვებისგან გაგვიგია. სულ მცირედი გადმოვეცით აქ იმისგან, რაც ვიცოდით და რაშიც გამოცდილება გვქონდა. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში "ტაქტიკონში" სწორედ მართლმადიდებელთა შორის აღსრულებულ ცრუსასწაულებზეა ლაპარაკი.

აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ დამოწმებული მაგალითები განეკუთვნება ეშმაკის აშკარა მოქმედებას, სადაც მთავარი მოქმედი პირები მართლმადიდებელი ცოდვილები არიან.

ახლა კი დავრწმუნდეთ იმაშიც, რომ სასწაულები მწვალებლებშიც ხდება.


3. სასწაულები მწვალებლებშიც ხდება

მაგრამ ჩვენი თემისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს სასწაულთა ის კატეგორია, რომელსაც მწვალებლები აღასრულებენ. ამის შესახებ ღირ. ნიკონ შავმთელის წიგნში ვკითხულობთ: "დემონთა მოქმედებით და მწვალებლობათა გასამყარებლად მსგავსი რამ მწვალებლებშიც ხდება. ანტიოქიის მხარეს, შავ მთაზე, იყო სომეხთა მოდგმის ერთი მწვალებელი მოსაგრე; სიკვდილს რომ მიუახლოვდა, ახლობელთ მოუწოდა, ერთი თანამოაზრე კი თოხისა და ბარის მოსატანად გაუშვა, რათა საფლავი გაეჭრათ. მოსაგრემ სიკვდილის წინ იწინასწარმეტყველა, რომ სიკვდილის შემდეგ მის სხეულს დამწვარს იხილავდნენ. იმის შემდეგ, რაც ყველა დაიშალა და მეორე დღეს კვლავ დაბრუნდნენ ავადმყოფთან, ნახეს, რომ მართლაც ისე მომხდარა, როგორც ბერმა იწინასწარმეტყველა, ანუ მისი სხეული დამწვარი იყო. ასეთ მდგომარეობაში დაკრძალეს კიდეც იგი. შემდეგ აიღეს მიწა მისი საფლავიდან და როდესაც მასზე დილის ცვარი გადმოვიდა, მავნე მღრღნელებისგან განადგურებულ ნიადაგზე მიმოაპნიეს. უბედურება შეწყდა. იმ დროიდან, ნიადაგის მღრღნელებისგან დასაცავად ყოველთვის ასე აკეთებდნენ, - როგორც კი დილის ნამით დაცვარულ ნიადაგს აიღებდნენ ბერის საფლავიდან და მავნებლებით დაზიანებულ ნიადაგს მოაყრიდნენ, მავნებელთა შემოსევაც წყდებოდა. როდესაც ეს ერთმა ჩვენმა ძმამ გაიგო, გააკეთა ჯვარი, რომელსაც დააწერა: "იესუ ქრისტე, ძე ღვთისა", - წავიდა და დაარჭო იმ მწვალებლის საფლავს, რის შემდეგაც სასწაულები შეწყდა.

მოგითხრობთ ერთ სათნო მწვალებელზეც. მხცოვანი, რომელსაც ხშირად ვახსენებთ, ამბობდა: იმავე შავ მთაზე, ჩემს მეზობლად, მყუდროებაში, სათნო საქმეებით დამშვენებული ერთი სომეხი მწვალებელი ცხოვრობდა. ერთხელ, ერთმანეთთან რომ ვსაუბრობდით, მოხუცმა მითხრა: "ჩემი გულის შიგნით რაღაც უჩვეულოსა და საკვირველს ვხედავ, მაგრამ ვაწყდები წინაღობას, რომელიც მის მკაფიო შემეცნებაში ხელს მიშლის". როდესაც ეს გავიგე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ მის სულს, განწმენდილს სათნოებებით, მისთვის თვისობრივი მდგომარეობისთვის მიეღწია, მაგრამ მწვალებლური გონებადაბნელება მის სულს ფარდასავით ეფარებოდა. როდესაც ყველაფერს მოვუყევი, მანაც, რაკიღა სათნო ადამიანი იყო, დამიჯერა და მართლმადიდებლობაში გადმოსვლა გადაწყვიტა. როდესაც ამის შესახებ ერთი მონასტრის მწვალებელმა სომხებმა შეიტყვეს, იმის შიშით, ასეთი სათნო ბერი ჩვენი სარწმუნოებიდან არ განდგესო, დაიბარეს და შესაძლებლობა არ მისცეს გადმოსვლისა. ასე ჰყავდათ მანამ, სანამ არ გარდაიცვალა.

კიზიკში იყო ერთი მწვალებელი, სულიწმიდის მგმობელი ერეტიკოსი მაკედონიუსი, რომელმაც ლოცვით ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანა  ზეთისხილის ხე, რომელიც მისი ფუჭი სალოცავის წინ ამოსულიყო და შიგ შესვლაში ხელს უშლიდა. ერთხელ ამ ეპისკოპოსმა გაიგო, რომ ვიღაცა მევახშე ქვრივ ქალს ავიწროებდა და მისი გარდაცვლილი ქმრის ვალის დაბრუნებას სთხოვდა, ამასთან, თანხის რაოდენობას გაცილებით მეტს ასახელებდა. მაშინ ადგა ეს ეპისკოპოსი და როდესაც ქვრივის ქმარს დასაკრძალავად სასაფლაოსკენ მიასვენებდნენ, მიცვალებულს მიუახლოვდა, შეეხო კუბოს, რომელშიც მიცვალებული იწვა და მკვდარს ხმის ამოღება აიძულა. ეპისკოპოსმა უბრძანა მიცვალებულს, ეთქვა, თუ რამდენი მართებდა მას მევახშის ვალი. ამ მწვალებლის გარდაცვალების შემდეგ სასწაულები, სხვადასხვა ხილვები და ნიშები მის საფლავზე კვლავაც გრძელდებოდა.

ამრიგად, ვიცით რა ამის შესახებ, - განაგრძობს ღირ. ნიკონ შავმთელი, - ანგარიშმიუცემლად ნუ ჩავთვლით წმინდანად ყოველს, ვინც კი იქმს ნიშებსა და სასწაულებს, რადგან ნათქვამია: "... საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4:1). მათაც კი, ვისაც თავი მოჰქონდა ქრისტეს ჭეშმარიტ მოციქულად, პავლემ ცრუმოღვაწენი უწოდა; და არც არის გასაკვირი, რადგან თვით სატანაც კი ხომ იცვალვის ანგელოზად ნათლისა, ამიტომაც, რა არის განსაკუთრებული იმაში, მისმა მონებმა თავი მოიკატუნონ ჭეშმარიტების მსახურებად, რომელთა ბოლოც მათი ცრუ საქმეების მიხედვით იქნება; რამეთუ უწმინდური დემონები, რომლებიც ცრუწინასწარმეტყველთ ემსახურებიან, აწყობენ ნიშებსა და სასაწაულებს, კურნავენ სნეულთ, მკვდრეთით აღმდგარად წარმოუდგენენ მიცვალებულს, რომლებიც მოჩვენებითად ესაუბრებიან ცოცხალთ და ყოველივე ამას გულუბრყვილოთა საცთუნებლად იქმან. დემონს შეუძლია შევიდეს მიცვალებულის სხეულში და ცრუ-მოძღვრების ლოცვით აჩვენოს, თითქოსდა მიცვალებული მკვდრეთით აღმდგარივით ამოძრავდა. შემდეგ, ვითომდა მკვდრის სახელით, ლაპარაკსაც იწყებს მაცთური და ატყუებს ადამიანს, იძლევა პასუხს იმაზე, რაზეც ეკითხებიან და იუწყება ადამიანთა საიდუმლოებებსა და სიტყვებს, რადგან ყოველთვის აყურადებს ადამიანთა ლაპარაკს და მათ საქციელსაც აკვირდება. ამიტომაც, დემონი ამბობს იმას, რაც უნახავს და გაუგია. ასე ცთუნდებიან დემონის მზაკვარებით მოტყუებული ადამიანები, რისგანაც დაგვიფაროს ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა.

გარდა ამისა, დემონებს შეუძლიათ გაამრავლონ ან პირიქით, შეამცირონ ნაყოფნი მიწისა, მოახდინონ ნიშები და სასწაულები ქარების მოძრაობით, წვიმითა და გვალვით; გამოაშრონ მიწა და ა. შ. ლაპარაკობენ ადამიანივით და ააშკარავებენ ადამიანთა აზრებსა და ფიქრებს, რადგან ხვდებიან მათ შესახებ სხეულებრივი მოძრაობების, განსაკუთრებით კი გამომეტყველების მიხედვით, რომლებიც ადამიანის ამა თუ იმ ფიქრს შეესაბამება. წინასწარმეტყველებენ შორეულ და ახლო მომავალსაც. ადამიანის მდგომარეობის წინასწარმეტყველება მათაც შეუძლია, ვისაც საექიმო საქმე ზედმიწევნით კარგად უსწავლია. ასე წინასწარმეტყველებდნენ სარკინოზნიც, რომლებიც სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, სავარაუდოდ ცნობდნენ მათ, ვინც ომში დაიღუპებოდა. ასე არიან დემონებიც, ჭვრეტენ რა ადამიანის ბუნებას, ადამიანის მომავალს წინასწარმეტყველებენ. როგორც უხორცო სულნი, ისინი ადვილად განიხილავენ ადამიანის სხეულს, ძალას, მოქმედებებსა და ჯანმრთელობას, რისთვისაც არავითარი საექიმო საქმის შესწავლა არ სჭირდებათ. ისინი ცნობენ - თუმცა ეს წინასწარ არ უწყიან - სიკვდილის მოახლოებასაც; იგივე უნდა ითქვას მოგვებსა და მკითხავებზეც, რადგან დემონებმა იციან, ვინ სად რა მოიპარა, სად გადამალეს მოპარული და ამ ყოველივეს ამცნობენ თავიანთ მსახურთ ადამიანთა გასაკვირვებლად და საცთუნებლად.

ერთხელ რამდენიმე ძაძით მოსილი მწვალებელი ბერი წმიდა პახომის ეახლა თავის მონასტერში. ბერებმა თავიანთი წარმომადგენელი მიუგზავნეს წმიდა მამას და შეუთვალეს: "გამოგზავნილნი ვართ ჩვენი მამის მიერ, რათა დიდ პახომის ვუთხრათ: თუ მართლა ღმრთის კაცი ხარ, როგორც გვსმენია, და თუ ღმერთი მართლა გისმენს, მოდი, ერთად გავიაროთ ფეხით მდინარეზე, რათა ყველამ უწყოდეს, ვისა აქვს ჩვენ შორის ღმრთის წინაშე უმეტესი კადნიერება". როდესაც ძმებმა ამის შესახებ პახომის ამცნეს, წმინდანი აღშფოთდა და უთხრა: "მათი ლაპარაკიც კი არ უნდა მოგესმინათ! განა არ უწყით, ასეთი გამოცდები უცხო რომ არის ღმრთისთვის, ჩვენი მოსაგრეობისთვის და განგვაშორებს მართლმადიდებლურ რწმენას? საღად მოაზროვნე ერისკაციც კი ვერ მოიფიქრებდა ამას. ან ღმრთის რომელი კანონი გვიბრძანებს ამგვარი რამის გაკეთებას? პირიქით, მაცხოვარი სახარებაში გვამცნებს: "... დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა" (მათე 6:3). არაფერია იმგვარ უგუნურებაზე საშიში, როდესაც მივატოვებთ საკუთარი ცოდვების გლოვას, არ ვიზრუნებთ იმაზე, როგორ ავიცილოთ მომავალი ტანჯვა და გონებით ყრმანი მივეცემით მსგავს გამოცდას".

ძმებმა ჰკითხეს: "კი მაგრამ, ღმრთისგან გაუცხოვებული ეს მწვალებელი როგორ ბედავს ასეთი საქმისკენ მოგიწოდოს?"

ნეტარმა მამამ მიუგო: "ღმერთი თუ დაუშვებს, შეძლებდა კიდევაც, ოღონდ ეშმაკის შეწევნით, და ფეხით გადავიდოდა მდინარეზე, როგორც ხმელეთზე საკუთარი უკეთური მწვალებლობის გასაძლიერებლად და მრავალი ცთუნებულის წარსაწყმედად. წადით და უთხარით ამ ამბის მომტანთ: "ასე ამბობს-თქო ღმრთის კაცი პახომი: მთელი ჩემი ღვაწლი და მონდომება, იმაში კი არ მდგომარეობს, ფეხით როგორმე გავიარო მდინარეზე, არამედ იმაში, რათა ღმრთის საუკუნო სამსჯავროზე თავიდან ავიცილო განსჯა, გადავიარო ცეცხლის მდინარე, რომელიც ქრისტეს საყდრის წინ აბობოქრდება და უფლის ძალით დავძლიო ეშმაკის მრავალი მზაკვარება"".

ამის შემდეგ კი ძმებს უბრძანა, დიდი წარმოდგენა არ შექმნოდათ საკუთარ თავზე თავიანთი მოსაგრეობის გამო და არც დემონთა და სხვა სახის ხილვათადმი სწრაფვა გასჩენოდათ. არ დაჰყოლოდნენ სხვათა მსგავს მოთხოვნებს და არც თვითონ გამოეცადათ ღმერთი ამგვარი სათხოვარით, რამეთუ ნათქვამია: "...არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი" (მათე 4:7).

მწვალებელთა სასწაულმოქმედების გამოცანას კარგად განგვიმარტავს წმ. ათანასე ალექსანდრიელიც.

ერთხელ წმიდა ათანასე ალექსანდრიელს ჰკითხეს: "რანაირად ახდენენ ასე ხშირად მწვალებლები სასწაულებს?"
პასუხი: "ამან არავინ უნდა გააკვირვოს, რამეთუ გვსმენია რაც თქვა უფალმა: "მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ:არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათ 7:22-23).

ხშირად სასწაულის მიზეზი ხდება არა სასწაულმოქმედის ცხოვრება, არამედ მომსვლელთა სარწმუნოება, რადგან წერილს არს: "შენმა რწმენამ გადაგარჩინა" (მათე 9:22). მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ მწვალებლობაში მყოფიც ბევრს იღვწის ღმრთის მიმართ და ჯილდოდ კურნებათა ნიჭს ამქვეყნად იღებს, რათა მომავალ საუკუნეში ესმას: "...შვილო, გაიხსენე, რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე" (ლუკა 16:25); ახლა კი შენი არაფერი გვმართებს. ასე რომ, დაფიქრდით, იგივე არ შეგემთხვეთ მართლმადიდებელთაც".

ასე ლაპარაკობენ წმიდა მამები სასწაულმოქმედ მწვალებლებზე, რომლებიც ისე განამტკიცებენ საკუთარ მწვალებლობას, როგორც ეს მართლმადიდებლობაშიც ხდება. მაგრამ, გარდა ამისა, არ უნდა გამოვიკვლევდეთ ღმრთის განგებულებას და დაშვებებს, არამედ უფრო გვეშინოდეს, და ყურადღებით ვიცავდეთ საკუთარ თავს, ვეძიებდეთ ჭეშმარიტ რწმენას და ველტვოდეთ სიწმიდეს მართლმადიდებლობისა, ასევე წმიდა მამათა სწავლებებს, ღმრთის მცნებათა შესრულებას და გვქონდეს უდიდესი მორჩილება. ხოლო ის, ვინც გადაუხვევს სარწმუნოებას ან რწმენით, ან საქმით, უფსკრულში დაინთქმება.

ასე რომ, ზოგიერთი მოწმობის მიხედვით, მწვალებელთა შორისაც გვხვდებიან გულწრფელი მოსაგრეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სასწაულებსაც იქმან. მრავალი მათგანი თავისებურად სათნო და გულწრფელი იყო, მაგრამ ცხოვნებისთვის მათ, როგორც ღირ. ნიკონ შავმთელი ამბობს, ერთადერთი პირობა არ ჰყოფნიდათ - შვილობა ერთი, ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესიისა. ასე ამბობენ წმიდა მამები. ამიტომაც, სანამ მოსაგრის სასწაულებით განვცვიფრდებოდეთ ან მწვალებელთა ზნეობრივი თუ საკვირველი საქმეებით გავოცდებოდეთ, ყურადღება მივაპყროთ იმას, შეიცავენ თუ არა ისინი მართლმადიდებლურ სარწმუნოებას.


4. სასწაულები ურწმუნოთა შორის

ახლა კი ყველაზე უკიდურეს მაგალითებსაც მოვუხმოთ; სასწაულები თურმე არაქრისტეანთა შორისაც აღსრულდება. ღირ. ნიკონის წიგნში ვკითხულობთ:

კითხვა წმ. ათანასე სინელს: "რა ძალით იქმან ურწმუნონი ნიშებსა და სასწაულებს, რა ძალით წინასწარმეტყველებენ?"

პასუხი: "ნიშები და სასწაულები, წინასწარმეტყველებანი და კურნებანი, რომელსაც ხშირად ახდენენ ურწმუნონი, რაიმე აუცილებლობით ან ღმრთის განგებულებით ხდება; ასე იყო ეს ბალაამის შემთხვევაში და მოგვი დედაკაცის შემთხვევაშიც. ასევე, მოციქულებმა ერთხელ ნახეს ვინმე ურწმუნო, რომელიც ქრისტეს სახელით ეშმაკებს დევნიდა; მოციქულებმა აუკრძალეს მას ამის კეთება და მის შესახებ ქრისტეს მოახსენეს, რაზეც მაცხოვარმა უპასუხა: "ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა" (მარკოზი 9:39-40). ამიტომაც, თუ ნახავ, რომ მწვალებელი ან ურწმუნო ღმრთის მიუწვდომელი განგებით რაიმე სასწაულს იქმოდეს, ნუ გაიკვირვებ, და ამ მიზეზით მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ნუ დაეჭვდები. ხშირად, მსგავსი ნიშები მომსვლელთა რწმენის გამო ხდება და არა იმათი ღირსების გამო, ვინც მათ აღასრულებს. ასე მაგალითად, არსაიდან ჩანს, კაცის ნაშობთა შორის უდიდეს იოანეს (ნათლისმცემელს - არქიეპ. პ.) რაიმე სასწაული ექმნას; მაშინ როდესაც იუდა, ასე თუ ისე სასწაულებს იქმოდა, რამეთუ მაცხოვრის მიერ ისიც იყო იმ წარგზავნილთა შორის, რომლებიც აღადგენდნენ მიცვალებულთ და კურნავდნენ კეთროვანთ. ამიტომაც, ნუ გაიკვირვებ, თუ ხედავ რომელიმე უღირსს ან ბოროტმორწმუნეს, ან ურწმუნოს, რომელიც იქმს ნიშებსა და სასწაულებს და აცთუნებს მრავალთ.

მართლმადიდებელი კაცის სიწმიდეს ნიშები და სასწაულები კი არ ადასტურებს, არამედ მისი რწმენა და ცხოვრება. რადგან ხშირად არა მარტო ცოდვილნი მართლმადიდებელნი, არამედ მწვალებელნი და ურწმუნონიც კი იქმოდნენ ნიშებს და წინასწარმეტყველებდნენ კიდევაც, მაგრამ არა მათი სიწმიდის გამო, არამედ, როგორც ვთქვით, ღმრთის განსაკუთრებული დაშვებისა და განგებულების გამო, როგორც იყო ეს ბალაამის, საულის, ნაბუქოდონოსორის და კაიაფას შემთხვევაში, გარკვეული მიზნით მათშიც მოქმედებდა სულიწმიდა, თანაც, ისინი ისევ ისეთივე უკეთურებად რჩებოდნენ და ცოდვილებად, როგორებიც მანამდე იყვნენ. ასე რომ, ჩვენთვის მიუწვდომელი განგებულებით, ნიშებსა და სასწაულებს ცოდვილებიცა და ურწმუნონიც იქმან, რაც არ წარმოადგენს სიწმიდის ნიშანს. მასზე მხოლოდ მოსაგრის ღვაწლის ნაყოფი მეტყველებს, უფლის სიტყვისამებრ: "მათი ნაყოფით იცნობთ მათ".  

ჭეშმარიტად სულიერი კაცის ნაყოფზე კი მიუთითებს მოციქული: "ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული" (გალატ. 5:22-23). და თუ ადამიანი ასეთ ნაყოფს მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, სასწაულებს იქმს თუ არა, წმიდაა და მეგობარია ღვთისა. რამეთუ, შეუძლებელია ღმრთის ჭეშმარიტი მონა სულიერი ნიჭების გარეშე დარჩეს: ან სიბრძნეს მიიღებს ღმრთისგან, ან შემეცნებას, ან მტკიცე რწმენას, ან კურნების მადლს და სულიწმიდისგან ბოძებულ კიდევ მრავალ სხვა უნარს, რომელიც მოციქულმა ჩამოთვალა. ვინც ამგვარ ნაყოფთა გარეშე აღასრულებს ნიშებსა და სასწაულებს, ერთი იმათგანია, რომელიც განკითხვის დღეს იტყვის: "უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?" - უფალი კი მიუგებს: "არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, მოქმედნო უსჯულოებისანი" (შეად. მათე 7:22-23).

მოციქულთა დადგენილებებში ნათქვამია: "ყოველი წინასწარმეტყველი როდია ღირსი და ყოველი დემონთგანმსხმელი როდია წმიდა. რამეთუ უკეთური მოგვი ბარლაამიც წინასწარმეტყველებდა, საულიც და კაიაფაც. ხშირად ეშმაკიც წინასწარმეტყველებს და მასთან მყოფი დემონებიც იუწყებიან მომავალს, მაგრამ ეს სულაც არ მეტყველებს მათ ღვთისმოსაობას. ცხადია, უკეთურები რომც წინასწარმეტყველებდნენ, ამით სულაც არ ავლენენ საკუთარ ღვთისმოსაობას, და დემონთგანმსხმელნიც, - დემონთა გასვლის გამო - ღირსი მამები ვერ ხდებიან, არამედ მათთან ერთად გაიზიარებენ საუკუნო ტანჯვას" (Климент папа римский. Постановления апостольские изреченные в восьми книгах. Книга восьмая. § 2).

ამის შესახებ ამბობს ოქროპირიც: "ანტიქრისტე, რომელიც ღმრთის დაშვებით მოვა, მისი მსახური დემონების შეწევნით მრავალ ნიშსა და სასწაულს მოახდენს ისე, რომ, თუ შეძლებს შეაცდენს მორწმუნეთაც. და ამაში არაფერია საკვირველი, ის ხომ ამას დემონის უხილავი შეწევნით მოიმოქმედებს. ცნობილია, რომ სხვა მოგვები და ჯადოქრებიც სხვადასხვა სასწაულს სწორედ დემონთა შეწევნით იქმოდნენ, ასეთები იყვნენ იანე და იამბრე, რომლებიც უპირისპირდებოდნენ მოსეს და თავიანთი კვერთხებიც მიაქციეს გველებად, წყალი სისხლად, წარმოქმნეს მრავალნი გომბეშონი, რომლებმაც აავსეს ეგვიპტის მიწა. და კვლავ, სიმონ მოგვი, რომელიც მოციქულთა დროს ათასგვარ ნიშსა და მოჩვენებით სასწაულს იქმოდა: აიძულებდა ქანდაკებას ევლო, ცეცხლში მწოლიარე არ იწვოდა, ჰაერში დაფრინავდა, ქვას პურად აქცევდა და სხვა; მეტიც, გარდაიქცეოდა გველად და ადამიანებს სხვადასხვა ცხოველად წარმოუდგებოდა; აღებდა დახურულ კარებს, წყვეტდა რკინის ჯაჭვებს და მრავალი სხვა. ერთხელ სიმონ მოგვმა ერთი კაცის ქორწილში სასწაულთა მთელი თაიგული დაახვავა: სახლის ჭურჭელი თავისით მოდიოდა სტუმრებთან ისე, რომ მიმტანები აღარ ჩანდნენ; გადააადგილებდა აჩრდილებს და მათ მიცვალებულთა სულებს უწოდებდა. ის შეურიგდა მასზე გადაკიდებულ მრავალ ჯადოქარს, წვეულებაზე დაპატიჯა, ჯერ ხარი დაუკლა, შემდეგ კი გაუმასპინძლდა და ხორცთან ერთად ათასგვარი სნეულება და დემონებიც შეჰყარა. ხოლო, როდესაც კეისარი გამოეკიდა მოსაკლავად, სხვა ადამიანის სახე მიიღო და შორს გაიქცა".


5. მსგავსი მოვლენები ჩვენს დროში

ზემოთ განვიხილეთ ისეთი ადამიანებისგან მოხდენილი სასწაულნი, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ სათნო ცხოვრებით და იყვნენ არა მარტო მწვალებლები, არამედ ურწმუნონიც კი. ახლა კი მოკლედ ვიტყვით ჩვენს დროში ცნობილ ნიშთა და სასწაულთა შესახებაც. ესენია: ხატების მასობრივი მირონდინება და სისხლდენა (თვით იერარქთა პორტრეტებისაც კი!), რომლებიც არა მარტო მართლმადიდებლურ, არამედ არამართლმადიდებლურ აღმსარებლობებშიც შეიმჩნევა.

შეგახსენებთ, რომ ღმრთის სასწაულნი მისი განსაკუთრებული განგებით და მზრუნველობით გვეძლევა, ასევე მართლმორწმუნეთა გაძლიერებული ლოცვის შედეგად, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. უფალმა სასწაულები იმისთვის მოგვცა, რათა წყალობა მიეცეს ადამიანს, რომ ირწმუნოს ღმერთი, გამოსწორდეს და ინუგეშოს. როდესაც ღმრთისმოშიშ ქრისტეანებს ღმრთის წყალობით სასწაული ეღირსებოდათ, ისინი თრთოლით მიეახლებოდნენ უფალს და მადლობით შესწირავდნენ სიტყვიერ მსხვერპლს მოღებული წყალობისთვის, რასაც უერთდებოდა მათი უღრმესი სინანული და საკუთარი უღირსობის მტკიცე შეგნება.

არის კი ასე დღევანდელ "მრავალსერიულ" მირონმდინარე ხატების, პორტრეტების და ქაღალდის კალენდრების შემთხვევაში, რაც სხვაგვარად მადიდებელთა საზოგადოებაში ბადებს სურვილს მეტი და მეტი სასწაულებისა და არა მარტო თავიანთ ტაძარში, არამედ სახლებშიაც კი?

ადამიანებს უჩნდებათ დაუოკებელი სურვილი, საკუთარ სახლში ჰქონდეთ "სასწაულმოქმედი" ხატი, რაც მათ თავიანთი რწმენის "ჭეშმარიტებაში" არწმუნებთ; ამის გამო სჯერათ, რომ "მართლიად ცხოვრობენ და სწამთ", სინამდვილეში კი ეს არის უკიდურესი საცთური და ხიბლი, რომელსაც უბედურების გარდა არაფერი მოაქვს.

სასწაულთა ხილვის ამგვარ ცოდვილ მიდრეკილებას, ღმრთისგან მის "გამოთხოვას" საკმაოდ მკაცრად გმობენ წმიდა მამები, რადგან ეს ადამიანის სულმოკლეობისა და ურწმუნოების, უფრო მეტად კი მედიდურობის გამოხატულებაა, - ასეთი ადამიანები ხომ საკუთარ თავს სასწაულის ხილვის ღირსად მიიჩნევენ.

ღირ. ისააკ ასურელი ასე მსჯელობს ამ საგანზე: "უფალი ყოველთვის მსწრაფლშემწეა ჩვენი სულებისა, მაგრამ საჭიროების გარეშე როდი ავლენს თავის ძალას, რათა მისი შემწეობა ჩვეულებრივ საქმედ არ წარმოგვიჩნდეს და არ დავკარგოთ მისდამი ჯეროვანი მოშიშება. ასე იქცევა ის, როდესაც განაგებს წმინდანთა ცხოვრებას: უშვებს მათზე მრავალ განსაცდელს, რათა იღვაწონ მათი ძალის შესაბამისად, იშრომონ და ილოცონ ღმრთის მიმართ; ამასთან კი იმასაც აჩვენებს, რომ ერთი წამითაც არ წყვეტს მათზე თავის მზრუნველობას. გაჭირვების ჟამს საჭიროა ღმრთის შეწევნის მოხმობა; მაგრამ საჭიროების გარეშე ღმრთის გამოცდა - უბედურების მომტანია. ჭეშმარიტად, უსამართლოა ის, ვინც ამას ითხოვს. ნამდვილი მართლმორწმუნენი მუდმივად საკუთარ უღირსობაზე ფიქრობენ; სწორედ იქიდან ჩანს მათი ჭეშმარიტება, რომ საკუთარი თავი უკიდურეს ცოდვილებად და ღმრთის ყურადღების ღირსად არ მიაჩნიათ" (სიტყვა 36-ე).

მაშინ, როდესაც დღევანდელი მცირედმორწმუნე და ვნებებში დანთქმულ საზოგადოებას ეშმაკი გამოცდის. დაცემული ადამიანის ბუნებას ადვილად იპყრობს ზებუნებრივი მოვლენა და ეშმაკიც უხვად სთავაზობს მას ასეთ სანახაობას: გონებით დაბრმავებულთა და თავქარიანთ ის უმზადებს წარწყმედის გზას და თავად ურწმუნოებს ამზადებს უკანასკნელი "სასწაულმოქმედის" - ანტიქრისტეს მისაღებად.

ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, როდესაც მართალი რწმენა, სულიერი ცოდნა და განსჯა უკიდურეს მდგომარეობამდე გაღატაკდება: "აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24). "აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ"-ო (მათე 24: 25), - უფალი გვეუბნება.

ნეტარი თეოფილაქტე უფლის სიტყვების განმარტებაში ბრძანებს: "როდესაც ანტიქრისტე მოვა, მრავალი ცრუქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი იქნება გამოსული ქვეყნად, რომლებიც ეშმაკის მზაკვარებით ისეთ მოვლენებს დაატრიალებენ მაყურებელთა თვალწინ, რომ, თუ არ იფხიზლებენ, მართალთაც კი აცთუნებენ. მე (უფალმა) წინასწარ გამცნეთ ამის შესახებ, და არ ექნება გამართლება თქვენს საქციელს, რადგან შეგეძლოთ თავი დაგეცვათ მაცთურთაგან".

როგორ დავიცვათ თავი ეშმაკის მზაკვარებისგან, რაც მისი ცრუსასწაულების სახით გვევლინება?

- სულიერი მღვიძარებით და მართლმადიდებლობის სიწმიდის დაცვით.

- ღმრთის მცნებათა დაცვით და წმიდა მამათა თხზულებების სწავლით.

- არ ვეძებოთ სასწაულნი და არც ვისურვოთ, არამედ მხოლოდ სულის ცხოვნებაზე ვიზრუნოთ.

- არ უნდა ვიკვლევდეთ ღმრთის განგებას და დაშვებებს, თუ რა მიზეზით ხდება სასწაული თვით ურწმუნოთა შორისაც კი.

არამედ მეტი ყურადღება მივაპყროთ წმიდა მამებს, რომელთა მიერ ღმრთის განგებას არაერთხელ გადაურჩენია შემცდარნი და იმ მაგალითებსაც, რომლებიც ღირ. ნიკონს თავის თხზულებაში მოჰყავს. ეს მაგალითები ჩვენდა სამოძღვროდ და ჭკუის სასწავლებლად დაიწერა.

საეკლესიო გადმოცემის ცოდნა, განსჯადობა და სულიერი მღვიძარება ის ძირითადი საძირკველია, რომელიც დაგვიცავს ცრუსასწაულთა და საერთოდ, სასწაულმიდრეკილებებისგან. სულიერი განსჯა კი თავმდაბლობიდან მოდის. "მხოლოდ ის შეიძლება იყოს ბრძენი, ვისაც თავმდაბლობა გაააჩნია; მორჩილების არმქონე კი სიბრძნეს ვერ მოიხვეჭს" (ღირ. ისააკ ასურელი. სიტყვა 89-ე).


6. დასკვნები

ამრიგად, შევეცადოთ, მოკლედ შევაჯამოთ ღირ. ნიკონის ნაშრომიდან ციტირებული ადგილები.

1. მართლმადიდებელ ცოდვილთა მიერ აღსრულებული სასწაულები სულაც არ მოწმობენ მათ ღვითმოსაობასა და სიწმიდეზე.

2. მწვალებელთა მიერ აღსრულებული სასწაულები არ მოწმობენ მათი სარწმუნოების სიწმიდეზე.

3. მწვალებელთა შორის გვხვდებოდნენ გულწრფელი მოსაგრეებიც, რომლებიც ცდილობდნენ ღვთის მცნებათა აღსრულებას, მაგრამ, ამასთან, მოკლებულნი იყვნენ ერთობას ჭეშმარიტ, მართლმადიდებელ ეკლესიასთან. რის გამოც ზოგიერთნი თავიანთი ღვაწლის გამო სასწაულმოქმედების ნიჭს იღებდნენ, სხვები კი ნიშებსა და სასწაულებს იქმოდნენ ან მათდამი მოსულთა რწმენის მიხედვით, ან კიდევ ღმრთის მიუწვდომელი განგებულებით. როგორც ერთ, ასევე მეორე კატეგორიის მწვალებელთათვის სახარებაში ნათქვამია: "მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენისახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათე 7:22-23).

4. თავისთავად ყველა სასწაული როდია ჭეშმარიტების კრიტერიუმი, არამედ ის შინაარსს იძენს გამომდინარე იქიდან, თუ ვინ და რა მიზნით ასრულებს მას.

5. ჭეშმარიტების ერთადერთი კრიტერიუმი მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმიდე და ღმრთის მცნებათა დაცვაა.

6. ცრუ სასწაულთა მეოხებით დემონები ცდილობენ ან ზნეობრიობასთან, ან სარწმუნოებასთან მიმართებაში ადამიანთა ხიბლსა და ცთომილებებში გადაგდებას.


7. ძველმართლმადიდებლური აპოლოგეტიკის მოწმობა

ყოველივე ზემოთ თქმულის დასტურად, საინტერესო იქნება, დავიმოწმოთ XIX საუკუნის ერთი ძველმართლმადიდებლური წყარო. სამწუხაროდ, არ გვაქვს მისი ზუსტი ატრიბუტირების შესაძლებლობა - ეს არის როგოჟის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ჰექტოგრაფი. აი, როგორ პასუხს აძლევს ის ჩვენი პოლემისტი ახალმორწმუნე მისიონერის კითხვას, რომელიც ნიკონიანურ (ახალმოწესეთა) ეკლესიაში აღსრულებულ სასწაულებზე მიუთითებს:

სასწაულებთან და სასწაულმოქმედებასთან შეიძლება სხვადასხვა დამოკიდებულება გვქონდეს: ზოგი მათ სრულიად ენდობა და ამა თუ იმ საზოგადოების მართლმადიდებლურობის დასტური ჰგონია, სადაც ის ზოგჯერ აღესრულება; სხვები - პირიქით, არასოდეს აღიარებენ მათ ჭეშმარიტების კრიტერიუმად. ხოლო ჩვენ, ჭეშმარიტების საკმარისი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, სასწაულების უარყოფას არ შევუდგებით, მაგრამ მათ არც ჭეშმარიტების და ამა თუ იმ საზოგადოების მართლმადიდებლურობის კრიტერიუმად დავსახავთ, სადაც გინდ აღესრულებოდეს იგი. რამეთუ, როგორც ეკლესიის ისტორია გვიჩვენებს, სასწაულებს ზოგჯერ ისეთი ადამიანებიც ახდენდნენ, რომლებსაც მართლმადიდებლური ეკლესია მწვალებლებად და ურწმუნოებად მიიჩნევდა.

შემდეგ: ნებისმიერი თავისუფალი საქმე ადრიდანვე დასახულ მიზანს გულისხმობს; ასეა ნებისმიერი ცნობილი სასწაულიც და მათაც შეგნებული და გონიერი საფუძველი უნდა ჰქონდეთ: უნდა არსებობდეს არა მარტო ხილული, არამედ ნამდვილი აუცილებლობაც. ამასთან, ადამიანის განკურნება, რომელიც ღმრთის დაშვებით იტანჯება, არ შეიძლება საბოლოო მიზანი იყოს. მიზანი ყოველთვის შეიმჩნევა რაიმე სასწაულის აუცილებლობის მეშვეობით, არწმუნებს თუ არა ის ვინმეს ღმრთის ჭეშმარიტებაში ან ადასტურებს თუ არა მას. იმ დროს, როდესაც წერა-კითხვა საკმარისად გავრცელებული არ იყო ან კიდევ მცირედმორწმუნეობის გამო, არსებობდა ზებუნებრივი ნიშების აუცილებლობა, მსგავსად იმისა, როდესაც წარმართულ რუსეთში მიტროპოლიტმა მიქაელმა ცეცხლზე შედგა სახარება, რომელიც არ დაიწვა. "სასწაული არა მარტო განსაცდელში მყოფთა გამო დაიშვება, - ვკითხულობთ ძველსლავურ განმარტებით სახარებაში, - არამედ ურწმუნოთა გამოც, რომლებიც ამით ქრისტესკენ მოიზიდებიან".

პეტრე ალექსეევის საეკლესიო ლექსიკონში სიტყვა "სასწაულმოქმედებაზე", უპირველეს ყოვლისა დამოწმებულია კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს 13-ე თავი, რომელიც ასე განიმარტება: "ამ თავთან დაკავშირებით არის შენიშვნა, რომ სასწაულმოქმედების ნიჭები სახარების სწავლების გავრცელებისა და დამკვიდრების შემდეგ შეწყდა. სასწაულები ჯერ კიდევ ავგუსტინეს დრომდე შეწყდა, როგორც ჩანს ეს მისი წიგნიდან "ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის შესახებ" (თავი 25). სასწაულნი ებოძა ურწმუნოებს, მორწმუნეთ კი წმიდა წერილი მიეცა. ხოლო ბოლო ჟამის ეკლესია, რომელიც მართლმორწმუნეთაგან შედგება, უფრო წმიდა წერილს ეყრდნობა, ვიდრე სასწაულებს. ამიტომაც, დღეს სასწაულთა აუცილებლობა გადავიდა. წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა, როგორც საყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესიის ცოცხალი ხმა, ნებისმიერ სასწაულზე უფრო დამაჯერებელი და საიმედოა: "წმიდა წერილი მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულზე უფრო სარწმუნოა" - ბრძანებს ოქროპირი (Маргарит, слово 4). ბნელი და გაუგებარია სასწაული, რადგან ისინი ცოდვილებსაც, მწვალებლებსაც და თვით წარმართებსაც კი აღუსრულებიათ. მოგვებიც იქმოდნენ სასწაულებს და დღემდე იქმან; ხოლო თუ რომელ შემთხვევაში და რა ძალით აღესრულება ისინი - ჩვენი შემეცნების შესაძლებლობებს აღემატება.

ასე მაგალითად, ცნობილია, რომ ზოგიერთები დევნიდნენ ეშმაკთ ისე, რომ ქრისტეს მოწაფენი სულაც არ ყოფილან. წარმართი იმპერატორები ვესპასიანე და ადრიანე, გავრცელებული ხმების თანახმად, სასწაულთ იქმოდნენ: კურნავდნენ ბრმებს და სხვადასხვა დაავადებით დასნეულებულ ადამიანთ. ცნობილია აპოლონიუს ტიანელის ცრუ სასწაულებიც. ნიკონ შავმთელის წიგნში მოთხრობილია მრავალი ასეთი ცრუსასწაულმოქმედის შესახებ. ასეთი იყო, მაგალითად, ერთი მწვალებელი ეპისკოპოსი, რომელიც სასწაულებს იქმოდა; მრუში ბერი, რომლის გვამი, ბერის გარდაცვალების შემდეგ, მრავალთ კურნავდა; სხვა ბერი სასწაულებს იქმოდა ქარტიით; ქმრის მიერ მოკლული მეძავის გვამიც კი სასწაულთმოქმედი აღმოჩნდა; მწვალებელი სომეხი სასწაულებს სიცოცხლეშიც იქმოდა და სიკვდილის შემდეგაც. 9 იანვრის პროლოგში მოთხრობილია ერთ ასეთ "სასწაულმოქმედზე".

მართლმადიდებლური ეკლესიისგან რომაული-კათოლიციზმის განდგომიდან ორასი წლის შემდეგ ერთი კათოლიკე (პაპისტი - არქიეპ. პ.) მღვდელი, სახელად ფულკი, სასწაულებს იქმოდა: დევნიდა დემონებს, კურნავდა ბრმებს, ყრუებს, მუნჯებს, კოჭლებს; ვისაც სურდა, კურთხევას აძლევდა, ხოლო ვისაც სურდა - სჯიდა (Робертс, История христианской церкви, 1891 г., стр. 131). იმავე "ისტორიაში" კათოლიკური ეკლესიის სხვა სასწაულმოქმედებიც არიან ნახსენებნი. ამიტომაც, მართლმადიდებლური ეკლესიის და ადამიანის ღმრთითმოსაწონი ცხოვრების ოდენ სასწაულებით დადასტურება, - ძლიერ საშიში და ცოდვით აღსავსე საქმეა, რამეთუ ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგება.

ამჯერად ჩვენ მივუახლოვდით მნიშვნელოვან დასკვნას: თუ, როგორც ღირ. ნიკონი ამბობს, მრავალრიცხოვანი ცრუ სასწაულით ეშმაკი მართლმორწმუნეთა ზნეობრივ ან სარწმუნოებრივ შეცდენას ცდილობს, მაშინ სამართლიანი იქნება, დავსვათ შეკითხვა: როგორია ჩვენი დროის სასწაულთა საერთო აზრი, რომლებიც სხვადასხვა აღმსარებლობებსა და რელიგიებში უხვად გვევლინება? არ არის საჭირო განსაკუთრებული მჭვრეტელობა, რათა დავასკვნათ, რომ ამა სოფლის თავადი წარმატებით ავრცელებს მორიგ ზღაპარს:

- "ღმერთი ყველგან არის", დანარჩენი - ადამიანების მიერ გამოგონილი შეზღუდვები და პირობითობებია;

- ეკლესიის საზღვრები მარტო მართლმადიდებლური აღმსარებლობით როდი შემოიფარგლება;

- წმინდანები და მადლი ყველა კონფესიაშია;

- სათნოების საზოგადო ხასიათს მართლმადიდებლობის სიწმიდეზე უმეტესი მნიშვნელობა აქვს;

- ყველაზე მნიშვნელოვანი "ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია".

ასეთი შეხედულება სრულიად შეეფერება ჩვენი დროის სულისკვეთებას. აქ საქმე გვაქვს ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების შეცვლასთან, ანუ თანამედროვეობის ეკლესიოლოგიურ მწვალებლობასთან. ამით ქრისტეანობას აცლიან პირველ მცნებას (ღმრთისადმი სიყვარულს. იხ. მათე 22:37-38). ამით ქრისტეანობა ხდება მხოლოდ ჰუმანიტარული სწავლება, რომელსაც ამა სოფლის თავადი ცრუსასწაულთა დახმარებით ნერგავს. ბეჭდვითი სიტყვის სიჭარბის მიუხედავად, თანამედროვე ქრისტეანი ყოველთვის როდია გაცნობილი წმიდა გადმოცემას, რის გამოც ათასგვარი ილუზიით იკვებება და სარწმუნოების შინაარსი საზოგადო ზნეობრივ ნორმებამდე და "ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებამდე" დაჰყავს. ღირ. ნიკონის თხზულებაზე დაყრდნობით შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ მართლმადიდებლური გადმოცემა (ანუ წმ. ეკლესიის სწავლება) რომელიც ესოდენ არასასიამოვნო და უცნობია ჩვენი თანამედროვეებისთვის, მსგავსი "ჰუმანიზმისთვის" უცხოა და გადაჭრით უარიყოფა.
16
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому