აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_IX_ჯვრის გამოსახვის შესახებ 5 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ჯვრის გამოსახვა
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________

6. ჯვრის გამოსახატავი წყობა VIII-XVII საუკუნეებში და პირჯვრისსაწერ თითთა წყობის "ცვალებადობის" თეორია

ამრიგად, ჩვენ ვნახეთ, რომ ე. ჭელიძის მიერ ნაჩვენები მაგალითები, რომელთა შორისაც ის საერთოდ არც ახსენებს ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის ფორმას, არანაირად არ წარმოადგენს პირჯვრის წერის ისტორიას I საუკუნიდან VIII საუკუნემდე (VII საუკუნის ჩათვლით). მეტიც, პირველი შვიდი საუკუნე საკმაოდ მკაფიოდ მეტყველებს ეკლესიაში პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის ორთითიანი წყობის არსებობაზე. მის შესახებ ასწავლიან წმიდა მამები და აღიარებენ, რომ ის არის უძველესი საეკლესიო გადმოცემა.

რა ხდება მომდევნო პერიოდში, ანუ VIII საუკუნის შემდეგ? ამის შესახებ ე. ჭელიძე გვამცნობს: «რაც შეეხება პირჯვრისწერის მომდევნო პერიოდის ისტორიას, მოკლედ აღვნიშნავთ, რომ როგორც დიდი ხანია გარკვეულია, VIII ს-ის დამდეგიდან სამონაზვნო წრეში შემდეგ კი საერთოდ საეკლესიო ცხოვრებაში ერთი თითისა და უმთავრესად მხოლოდ შუბლზე პირჯვრისწერის ნაცვლად მკვიდრდება სამი თითით პირჯვრისწერა შუბლზე, შემდეგ კი შუამკერდზე, შემდეგ მარჯვენა მხარზე, ბოლოს კი მარცხენაზე.

ამგვარი წესი დღემდეა შენარჩუნებული ბერძნულ-ქართულ ეკლესიაში. რაც შეეხება რომაულ ეკლესიას, ისიც XIII ს-ის დამდეგამდე პირჯვრის ხსენებულ წესს მისდევდა, მაგრამ XIII ს-ის დამდეგს შეცვალა იგი და დაამკვიდრა პირჯვრისწერა მთელი ხელით (მჭიდროდ მიტყუპული თითებით) მარცხენა მხრიდან მარჯვნივ. სხვათაშორის, კათოლიკური აღმსარებლობის მეცნიერები არც მალავენ, რომ მათი წესი პირჯვრისწერისა XIII ს-ზე ადრინდელი არ არის და წარმოადგენს სამი შეკრული თითით პირჯვრისწერის ბიზანტიური წესის შეცვლას. მაგალითად, ცნობილი წყაროდმცოდნე ჰ. ლეკლერკი აღნიშნავს: "პირჯვრის წერის თანამედროვე სახე არის VIII ს-ზე ადრინდელი და მისი შემოტანა მიეკუთვნება მონაზვნებს. ამ დროიდან პირჯვრისწერა სრულდება მარჯვენა ხელის პირველი სამი შეკრული თითით, როდესაც ბოლო ორი მოკეცილია და ეს სამი თითი დაიდება ჯერ შუბლზე, შემდეგ მკერდზე, შემდეგ მარჯვენა მხარზე, ბოლოს კი მარცხენაზე. ეს წესი დღემდე არსებობს ბერძნულ ეკლესიაში. ლათინურ ეკლესიაში, პირიქით, XIII ს-ის დამდეგს მოხდა ცვლილება, სადაც დამკვიდრდა წესი, რომელიც გულისხმობს თითებშემჭიდროებული გაშლილი ხელის შეხებას ჯერ მარცხენა მხარზე, შემდეგ მარჯვენაზე"» (იხ. ჰ. ლეკლერკი, ნიშანი ჯვრისა, ქრისტიანული არქეოლოგიისა და ლიტურგიკის ლექსიკონი, ტ. III, II ნაწილი, 1914, გვ. 3143-3144) (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა" გვ. 201).

არ ვიცით, რატომ არის ასე სანდო კათოლიკე მეცნიერი ჰ. ლეკლერკი, რომლის თანახმადაც, თურმე ქრისტეანები პირველი შვიდი საუკუნის განმავლობაში პირჯვარს იწერდნენ სამი თითით, მაშინ როდესაც სამი თითით პირჯვრისწერის ჩვეულება არსად განუმარტავთ ამ საუკუნეთა წმიდა მამებს. რუსი მეცნიერები სწორედ წყაროთმცოდნეობითად ამტკიცებენ, რომ სამი თითით პირჯვრისწერა XIII საუკუნიდან მკვიდრდება საბერძნეთში და არა უადრეს, მანამ კი ბერძნები პირჯვარს იწერდნენ ორი თითით და არა სამით. ამის შესახებ ქვემოთ ჩვენ უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ.

შემდეგ ე. ჭელიძე წერს: "ამგვარია პირჯვრისწერის წყაროდმცოდნეობითი ისტორია დასაბამიდან დღემდე. როგორც ვნახეთ, VII ს-ის ჩათვლით (ე.ი. იმ ეპოქაში, როდესაც გაიმართა შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება) წმიდა მამები პირჯვარს იწერდნენ მარტოდენ თითით შუბლზე (იშვიათად, სხვა ნაწილებზე). VIII ს-ის დამდეგიდან მკვიდრდება მარჯვენა ხელის პირველი სამი შეკრული თითით პირჯვრისწერა შუბლზე, მკერდზე, მარჯვენა მხარზე და მარცხენაზე. ეს წესი დღემდეა დაცული ბერძნულ-ქართულ ეკლესიებში. ამავე წესს XIII ს-ის დამდეგამდე იცავდნენ ლათინებშიც, რომლებმაც XIII ს-ის დამდეგიდან გადააკეთეს იგი".

ე. ჭელიძის ეს ცნობა არ შეესაბამება სინამდვილეს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საჭიროა უფრო დეტალურად განვიხილოთ მეცნიერთა აზრი პირჯვრის საწერი თითთაწყობის განვითარებაზე.

უკვე აღვნიშნეთ, რომ ახალმოწესეთა გაბატონებულ ეკლესიაში გავრცელებულია აზრი, თითქოსდა თავიდანვე ქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა უფრო მოგვიანებით გაჩნდა (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 194, 200, 201). სხვათა შორის ისიც ვთქვით, რომ ე. ჭელიძე დასახელებულ ნაშრომში ერთი და სამი თითით პირჯვრისწერის შესახებ ბრძანებს: "ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - არქიეპ. პ.), რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსი სამება აღინიშნება. კერძოდ, ერთი თითი მოასწავებს ერთარსებას ღვთისას, სამი კი სამპიროვნებას, ხოლო მართლმადიდებლობაში ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსებაა. სწორედ ამ აზრით, ერთი თითით პირჯვრისწერა იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა და ამ ორ ფორმობრივ სახესხვაობას სრულიად ერთი ძალი, ერთი შინაარსი, ერთი სახისმეტყველება აქვს" (იქვე. გვ. 206-207).

ანდა, თუკი ჯვრის სასწაული წმ. ბასილი დიდის თქმით, იესუ ქრისტეს სახელის მიმართ გამოიხატება და მისივე თქმით, ჭეშმარიტად მოციქულთა გადმოცემაა, როგორ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ქრისტეს სახელის მიმართ ჯვრის გადასახვას ერთი თითით პირჯვრისწერაც გულისხმობდეს? ხომ გვარწმუნებენ, ერთი თითით და სამი თითით ჯვრის გამოსახვა ტრიადოლოგიური თვალსაზრისით ერთი და იგივეა და წმ. სამების ღვთაებრივი ბუნების ერთარსობის მაჩვენებელი არისო (ე. ჭ. დასახ. შრ. გვ. 207); მაშ, სად არის აქ ქრისტეს სახელი? როგორ გინდათ მოიაზროთ მწვალებლების მიერ ღვთაებრივ პირთა თანაარსობის საჩვენებლად მიჩნეულ სიმბოლოში (ერთ ან სამ თითში) მაცხოვრის ღმერთკაცობრივი ბუნება?

არც ისტორიული მოწმობებით და არც თითების წყობაში გადმოსაცემი დოგმატური შინაარსის მიხედვით (ერთარსება სამება და განკაცებული მაცხოვარი), არც ერთი და არც სამი თითით პირჯვრისწერის წესის სჯულიერება არ დასტურდება!

ამიტომაც, ერთი თითით პირჯვრისწერის გასამართლებლად გასული საუკუნეების ახალმოწესეთა მკვლევრებმა ჩამოაყალიბეს თეორია პირჯვრის საწერი თითების წყობის "ცვალებადობის" შესახებ, რომელიც მიღებულია საქართველოს გაბატონებული მართლმადიდებელი ეკლესიის ადეპტთა მიერაც.

იმისთვის, რათა სრული წარმოდგენა გვქონდეს თუ რა შეხედულებას ადგას ოფიციალური ახალმოწესეობრივი ეკლესია ამ საგანზე, გავეცნოთ პროფ. ნ. კაპტერევის მოსაზრებას პირჯვრის საწერი და კურთხევის გასაცემი თითთა წყობის განვითარების ისტორიის შესახებ, რადგან მას, მეტ-ნაკლები სიზუსტით, იზიარებენ სხვა მეცნიერებიც და თვით ოფიციალური ახალმოწესეობრივი ეკლესიის სასულიერო პირებიც.

"თავდაპირველი და ყველაზე უძველესი ფორმა ჯვრის გამოსახატავი თითების წყობისა, - წერს პროფ. ნ. კაპტერევი, - რომელსაც ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში იყენებდნენ და ეკლესიის რწმენით (იგულისხმე ახალმოწესეთა ეკლესია - არქიეპ. პ.), თავის დასაბამს იღებს მოციქულთა დროიდან, იყო ერთი თითით პირჯვრისწერა, - ანუ, მაშინ ჯვარს გამოსახავდნენ ერთი თითით" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Том I. Сергиев Посад. 1909. Репрё Москва 1996. Гл. V, стр. 183. იხ. ასევე: https://www.sedmitza.ru/lib/text/439645) (URL-ს მიმართვის თარიღი: 21.09.2020).

კაპტერევის აზრით, ამის დამადასტურებელი მთელი რიგი უეჭველი მოწმობები არსებობს. "ასე მაგალითად, - წერს ის, - წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: როდესაც პირჯვარს იწერ, წარმოიდგინე მთელი მნიშვნელობა ჯვრისა… არა უბრალოდ თითით უნდა გამოვსახოთ ჯვარი, არამედ გონებითა და სარწმუნოებით".

"წმ. ეპიფანე ლაპარაკობს ვინმე მის ნაცნობ მართლმადიდებელ ქრისტეანზე იოსებზე, მას "აუღია წყლით სავსე ჭურჭელი და თავისი თითით გამოუსახავს მასზე ბეჭედი ჯვარი". ერთი თითით ჯვრის გამოსახვაზე წერენ: ნეტარი იერონიმე, ნეტარი თეოდორიტე, საეკლესიო ისტორიკოსი სოზომენე, წმ. გრიგოლ დეოლოღოსი, იოანე მოსხი (სავარაუდოდ ნ. კაპტერევისთვის ცნობილი არ იყო იოანე მოსხის "ლიმონარის" ქართული დედანი, სადაც ლაპარაკია არა ერთ, არამედ ორ თითზე - არქიეპ. პ.) და VIII საუკუნის პირველ მეოთხედში ანდრია კრიტელი. მხოლოდ კირილე იერუსალიმელთან ვხვდებით ასეთ მოწმობას: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით, ბეჭედი ჯვარი".

"თვით ჯვარი პირჯვრისწერის წესში ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში გამოისახებოდა სხვაგვარად, ვიდრე შემდგომ პერიოდში. კერძოდ: ერთი თითით მაშინ ჯვარს იწერდნენ შუბლზე, ზოგჯერ პირზე, თვალებზე, გულზე და საერთოდ სხეულის ცალკეულ ნაწილებზე. ისეთი პირჯვრისწერა, რომელიც ამჟამად გამოიყენება და იწყება შუბლიდან, გადმოდის ჭიპზე, ადის მარჯვენა მხარზე და შემდგომ გადადის მარცხენაზე, ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში საერთოდ არ გამოიყენებოდა არამედ, - გასული საუკუნეების მკვლევართა აზრით, - ჩვეულებად გვიან, სავარაუდოდ IX საუკუნიდან დამკვიდრდა" (ნ. ფ. კაპტერევი. ციტ. იქვე. გვ. 183-184).  

"ძველქრისტეანული ერთთითიანი წესი დროთა განმავლობაში, დაწყებული IX საუკუნიდან, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ორთითიანი წყობით შეიცვალა, რომელმაც განდევნა ერთთითიანი წყობა და ბერძნებში გაბატონებული გახდა. ეს უეჭველი მოწმობებით დასტურდება.

ყველაზე ადრინდელი და ძალზე მნიშვნელოვანი მოწმობა ბერძნების მიერ ორთითიანი წყობის გამოყენების თაობაზე ეკუთვნის ნესტორიანელ მიტროპოლიტ ილია გევერს, რომელიც IX ს-ის მიწურულსა და X ს-ის დასაწყისში ცხოვრობდა. მონოფიზიტების, მართლმადიდებლების, ანუ მელქიტების (როგორც სირიელი ნესტორიანელები უწოდებდნენ მათ) და ნესტორიანელების შერიგების მსურველი ილია გევერი ამბობს: "ნესტორიანელები, მელქიტები და იაკობიტები შეუთანხმებელნი არიან ჯვრის გამოსახვის საკითხში, რაც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოა. კერძოდ, ერთნი ჯვარს გამოხატავენ ერთი თითით, მარცხნიდან მარჯვნივ; სხვები ორი თითით, ოღონდ პირიქით, მარჯვნიდან მარცხნივ. იაკობიტები, რომლებიც პირჯვარს იწერენ ერთი თითით, მარცხნიდან მარჯვნივ, ამით მიანიშნებენ, რომ სწამთ ერთი ქრისტესი, რომელმაც გამოსყიდულნი ცოდვიდან (მარცხენა მხარე) მორწმუნენი მადლისკენ (მარჯვენა მხარე) გადაიყვანა. ხოლო ნესტორიანელები და მელქიტები (ანუ მართლმადიდებლები) ჯვარს გამოხატავენ ორი თითით - მარცხნიდან მარჯვნივ, რითაც აღიარებენ, რომ ჯვარზე ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნება შეერთებული იყო, რომ ეს იყო ჩვენი ცხოვნების მიზეზი და რომ რწმენას დასაბამი მიეცა მარჯვენა მხრიდან, ხოლო ურწმუნოება და ცთომილება განდევნილ იქნა მარცხენიდან"  (იქვე. გვ. 184).

ილია გევერის, გარდა უკვე დიდი ხანია ცნობილია XII საუკუნის კიდევ ორი ცნობა იმის თაობაზე, რომ მართლმადიდებლები მაშინ ჯვრის გამოსახატავად იყენებდნენ ორ თითს. ასე, მაგალითად, XII საუკუნის ერთი ბერძენი ამხელს ლათინ მღვდელმთავრებს იმაში, რომ ისინი აკურთხებენ ხუთი თითით, ხოლო თვითონ, მონოთელიტებივით, პირჯვარს იწერენ ერთით, "მაშინ როდესაც თითები ჯვრის გამოხატვისას უნდა განლაგდეს ისე, რომ მათით აღინიშნებოდეს ქრისტეს ორი ბუნება და ღვთაების სამპიროვნება" (დედანში: "... персты в знаменованиях должны быть располагаемы так, чтобы ими обозначались два естества (во Христе) и три лица (в Божестве))" (იქვე), ანუ მართებულ წესად მიიჩნეოდა ორთითიანი წყობა.

დამასკელი ბერი პეტრე, რომელიც დაახლოებით 1157 წელს წერდა (თუმცა, ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ის უფრო ადრე ცხოვრობდა), ამბობს, რომ "ჯვრის გამოსახვისას ორი თითი და ხელის მთლიანობა ავლენენ ჩვენს ჯვარცმულ უფალს იესუ ქრისტეს, ერთ იპოსტასში ორი ბუნებით შესამეცნებელს" ("в крестном знамении два перста убо и едина рука являют распятого Господа нашего Иисуса Христа, во двою естеству и в едином составе познаваема") (იქვე. გვ. 184-185).

"დამოწმებული ცნობების ძალის დაკნინებას ცდილობენ იმ მოსაზრებით, რომ ეს მოწმობანი, თუ ისინი ორი თითით პირჯვრისწერაზე მეტყველებენ, მიანიშნებენ მხოლოდ იმაზე, რომ ამგვარი წესი ოდენ მონოფიზიტ და ნესტორიანელთა შორის მცხოვრებ სირიელ ქრისტეანებში არსებობდა, ასე რომ, ამ მოვლენას უნდა ვუყურებდეთ, როგორც მხოლოდ ადგილობრივ ჩვეულებას, როგორც სპეციფიკურად სირიულ მოვლენას, რომელიც უცნობი იყო და რომელსაც არასოდეს მისდევდა კონსტანტინოპოლის საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესია, რომელშიც ორი თითი საერთოდ არ გამოიყენებოდა.

მაგრამ ასეთი გაგება უსამართლოა და სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან სადღეისოდ ნაპოვნია ორი ისეთი მოწმობა, რომლებიც ყოველგვარ ეჭვს გარეშე აყენებენ იმ ფაქტს, რომ XI ს-ის მიწურულსა და XII ს.-ის დასაწყისში ორი თითით ჯვრის გამოსახვის წესი ნამდვილად არსებობდა თვით კონსტანტინოპოლის ეკლესიაში".

"აი, პირველი მოწმობა: "იაკობიტელი პატრიარქი იოანე VIII აბდონი, რომელიც ცხოვრობდა ანტიოქიაში, რომელიც იმ დროს ბერძნებს ეკუთვნოდა, ბრალდებულ იქნა მილიტინელი მიტროპოლიტის ნიკიფორეს მიერ ბერძენ იმპერატორ რობან არგიროპულოსის წინაშე იმაში, რომ თითქოსდა ის საკუთარი სარწმუნოებისკენ ბერძენთა გადაბირებას ცდილობდა. იმპერატორმა იოანეს კონსტანტინოპოლში ჩამოყვანა ბრძანა. 1029 წლის 15 ივლისს იოანე აბდონი 6 ეპისკოპოსთან, 20 პრესვიტერთან და იაკობიტ ბერებთან ერთად, მიტროპოლიტ ნიკიფორეს თანხლებით, ბიზანტიაში ჩავიდა.

აქ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოიწვია კრება, რათა მართლმადიდებლობისკენ იაკობიტთა მოქცევა ეცადა, მაგრამ ისინი ურყევნი აღმოჩნდნენ თავიანთ ცთომილებაში. მაშინ ბერძენთა პატრიარქმა ისევ მოიწვია კრება, რომელზეც გაიმართა დავა იოანე აბდონს, სიმნაიდელ ეპისკოპოს ელიასა და პატრიარქს შორის. "როდესაც, ხანგრძლივი დავის შემდეგ, - წერს ასემანი, - ვერ მოახერხეს ჩვენების გადაბირება, მოითხოვეს მათგან მხოლოდ ის, რომ ევქარისტიის საიდუმლოში ღვინისთვის ზეთი არ შეერიათ და პირჯვარი დაეწერათ ორი და არა ერთი თითით" ("Когда же, после долгого спора, не могли преклонить наших к своему мнению, потребовали от них единственно того, чтобы не примешивали елея в евхаристии и крестились не одном перстом, а двумя")
(იქვე. გვ. 185-186. იხ. ასევე: Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и его противники в деле исправления церковных обрядов. Времена патриаршества Иосифаю Москва, 1887 г., стр. 80).

"ამგვარად, - აგრძელებს პროფ. ნ. კაპტერევი, - 1029 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად, შეეცადა რა მართლმადიდებლობისკენ მოექცია იაკობიტთა პატრიარქი იოანე VIII და მისი თანამგზავრნი, კრებაზე მათგან საზეიმოდ მოითხოვა, რათა პირჯვარი დაეწერათ არა ერთი, არამედ ორი თითით. ცხადია, რომ XI საუკუნის დასაწყისში როგორც თვითონ კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ასევე სხვა ბერძენი იერარქები, პირჯვრისწერისას იყენებდნენ ორ თითს, რომელსაც ისინი მართლმადიდებლურ თითთაწყობად მიიჩნევდნენ, საპირისპიროდ იმდროინდელი მონოფიზიტური ერთთითიანობისა".

მეორე მოწმობა ასეთია: «ბიზანტიელი იმპერატორები არაერთხელ ცდილან სომხების შემორიგებას მართლმადიდებლობასთან, რის გამოც მათ არაერთხელ უცდიათ მათთან საეკლესიო ურთიერთობა. ამ მიზნით იმპერატორმა მანუილ კომნინოსმა 1170 წელს სომხებს მიუგზავნა ერთ-ერთი კონსტანტინოპოლელი მეცნიერი, სახელად თეორიანე, რათა საღვთისმეტყველო საუბრები ჩაეტარებინა მათთან. თეორიანემ აღწერა სომხებთან თავისი გასაუბრება. მეორე გასაუბრების შესახებ, სხვათა შორის, თეორიანე გვამცნობს ასეთ საინტერესო დეტალებს: "როდესაც ეს (წინამსწრობი სიტყვა) ითქვა, ადგა ერთი სირიელი მღვდელი და თეორიანეს ჰკითხა: რატომ იწერთ თქვენ (ე. ი. კონსტანტინოპოლელი ბერძნები) პირჯვარს ორი თითით, განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთიმეორისგან? შედეგად, თქვენი აზრით, ქრისტეშიც ორი ბუნება გაყოფილია. მაგრამ თეორიანემ თითქოსდა ხუმრობით უპასუხა: ქრისტეს ორი ბუნების განსაცალკევებლად კი არ ვაკეთებთ ამას, არამედ მას შემდეგ, რაც დაგვიხსნა ეშმაკის მონობისგან, დაგვმოძღვრა, აღვმსდგარიყავით მის წინააღმდეგ და გვებრძოლა, რამეთუ ხელებით ვიქმთ სიკეთეს, წყალობას და სხვა სათნოებებს და ეს არის ღვაწლი; ხოლო თითებით, აღვიბეჭდავთ რა შუბლს ქრისტეს ბეჭდით, წინ აღვუდგებით ეშმაკს, ვძლევთ მას და დავითთან ერთად ვადიდებთ უფალს: "კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლაი" (ფსალმ. 143:1). "თითსაო" კი არ უბრძანებია დავითს (ანუ როგორც თქვენ აკეთებთ - სომხები), არამედ თითებსაო (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Том I. Сергиев Посад. 1909. Репр. Москва 1996. Гл. V, стр. 186).

«მაშასადამე, როდესაც სირიელმა მღვდელმა უსაყვედურა კონსტანტინოპოლელ ბერძნებს, რომელთა წარმომადგენელი იყო თეორიანე, "რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით?" და ჰკითხა "განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთიმეორისგან", თეორიანეს დაუდასტურებია, რომ კონსტანტინეპოლელი ბერძნები პირჯვარს ნამდვილად იწერდნენ ორი თითით. გამოდის, რომ 1170 წელს კონსტანტინოპოლის ეკლესიაში პირჯვრის გამოსახვისას უეჭველად გამოიყენებოდა ორი თითი, რაც იმ დროს წარმოადგენდა თვალსაჩინო ნიშანს მართლმადიდებელთა მონოფიზიტთაგან განსხვავებისა"» (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V. Церковно-обрядовые реформы Никона) (იქვე, გვ. 187).

"გასაგებია, - განაგრძობს პროფ. ნ. კაპტერევი, - თუ რატომ შეცვალეს ბერძნებმა (არაუგვიანეს IX საუკუნისა) ერთი თითით პირჯვრისწერის ძველი წესი ორი თითით. როდესაც გამოჩნდა მონოფიზიტთა მწვალებლობა, მან ერთი თითით პირჯვრისწერის მანამდე არსებული ფორმა თავისი სწავლების პროპაგანდისთვის გამოიყენა, რადგან ერთ თითში ხედავდა ქრისტეს ერთი ბუნების შესახებ თავისი სწავლების სიმბოლურ მინიშნებას. მაშინ მართლმადიდებლებმა, მონოფიზიტების საწინააღმდეგოდ, ჯვრის ნიშში დაიწყეს ორი თითის გამოყენება, როგორც ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სიმბოლური გამოხატულება. ისე მოხდა, რომ ერთი თითით პირჯვრისწერა იქცა მონოფიზიტობის თვალსაჩინო ნიშნად, ორი თითი კი - მართლმადიდებლობისა.

მონოფიზიტობასთან ხანგრძლივმა და შეუპოვარმა ბრძოლამ, რომელსაც ბერძნული ეკლესია ეწეოდა, ბუნებრივად აიძულა მართლმადიდებლები, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინათ ორი თითით პირჯვრისწერისთვის, როგორც თვალსაჩინო და გასაგებ მინიშნებად იმისა, რომ ამგვარად პირჯვრის მაწერალი იყო მართლმადიდებელი ქრისტეანი. მით უმეტეს, რომ სირიაში, ეგვიპტესა და სხვა ბერძნულ ქალაქებში მართლმადიდებლური მოსახლეობა აღრეული იყო მონოფიზიტებთან.

ამით აიხსხნება, თუ რატომ ითხოვდა  კონსტანტინოპოლის პატრიარქი და ეპისკოპოსი იაკობიტელი პატრიარქისა და მისი თანხმლები პირებისგან, ჯვარი გამოესახათ არა ერთი, არამედ ორი თითით; მეორე მხრივ, ამითვე აიხსნება, თუ რატომ იცავდნენ ასე ჯიუტად ერთ თითს მონოფიზიტები და არანაირად არ სურდათ, ყოველგვარი მტკიცებულების, ზოგჯერ კი ბერძენთა მხრიდან პირდაპირი მუქარების მიუხედავად, თავიანთი ერთი თითი მართლმადიდებლური ორი თითით შეეცვალათ. მათი აზრით, ეს იქნებოდა ნიშანი იმისა, რომ მათ აშკარად უაღალატეს თავიანთ რწმენას, რადგან პირჯვრისწერაში თითების გამოყენების მიხედვით ცნობდნენ ამა თუ იმ პირის მართლმადიდებლობისადმი ან მონოფიზიტობისადმი კუთვნილებას" (იქვე. გვ. 187-188).

"ზემოთ ხსენებულ მიზეზთა გამო, ბერძნებმა ძველქრისტეანული ერთი თითით პირჯვრისწერა ორი თითით პირჯვრისწერით შეცვალეს, რომელსაც ოთხას წელზე მეტ ხანს ინარჩუნებდნენ, შემდეგ კი ის სამი თითით პირჯვრისწერამ ჩაანაცვლა. მიზეზი, სავარაუდოდ, შემდეგშია: ბერძნებმა ერთი თითით პირჯვრისწერის ძველ წესზე უარი თქვეს არა იმიტომ, რომ თავიდანვე მკაცრად მართლმადიდებლური და ეკლესიის დიდ მამათა მიერ აღიარებული ეს ფორმა თანდათანობით თავისთავად არამართლმადიდებლური გახდა, არამედ იმიტომ, რომ მისით ისარგებლეს მონოფიზიტებმა, რომლებმაც ამ წესს, მართლმადიდებელთა საცთუნებლად, დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება. ასე რომ, ერთი თითით პირჯვრისწერა გახდა მონოფიზიტობის სიმბოლო, ორი თითით კი მართლმადიდებლობისა; ასევე, ორი თითით პირჯვრისწერაზეც ბერძნებმა უარი თქვეს არა იმიტომ, რომ თავისთავად ის არამართლმადიდებლურ წესად გარდაიქმნა, არამედ სრულიად სხვა მიზეზთა გამო.

თუკი ორი თითით პირჯვრისწერის გამოჩენა და მისი გამოყენების ხანგრძლივობა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამოკიდებული იყო მონოფიზიტობაზე (?) და მხოლოდ მასთან ბრძოლის პერიოდში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა, როგორც კი მონოფიზიტობა შეწყდა, კონსტანტინოპოლის ბერძნულმა ეკლესიამ, რომელმაც მოისურვა, თვით პირჯვრის საწერი თითების ფორმითაც განსხვავებული ყოფილიყო არა მარტო ერთი თითით პირჯვრისმაწერალ მონოფიზიტთაგან, არამედ ნესტორიანელთაგანაც, რომლებიც ყოველთვის მკაცრად მისდევდნენ ორი თითით პირჯვრისწერის წესს, რადგან მათ ამ ფორმას დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება ქრისტეში შერწყმული ორი ბუნების შესახებ და ორი თითით პირჯვრისწერის ფორმაში ხედავდნენ თავიანთი სწავლების სიმბოლურ გამოხატულებასა და დასტურს, - ეს ორი თითიც უფრო ბუნებრივი და თითოეული ქრისტეანისთვის დამახასიათებელი სიმბოლოთი, სამი თითით შეცვალა, რომელიც ამავე დროს უმთავრესი ქრისტეანული დოგმატის, წმ. სამების ერთობის გამომხატველი სიმბოლო გახლდათ".

შემდეგ პროფ. ნ. კაპტერევი წერს: "ბერძენთა გადასვლა ორთითიანი წყობიდან სამთითიანზე, სავარაუდოდ, XII საუკუნის დასასრულს დაიწყო და XIII საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, როდესაც ეს წესი უკვე საბოლოოდ გაბატონდა. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რუსებმა, მათზე უადრეს კი სხვა მართლმადიდებელმა სლავებმა, ქრისტეანობა მიიღეს ბერძნებისგან მაშინ, როდესაც, როგორც ვნახეთ, კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ორი თითით პირჯვრისწერის წესი აღიარებული იყო ერთადერთ და სწორ ფორმად და მას ყველა მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კუთვნილების აღმნიშვნელ სიმბოლოდ იყენებდა.

ბერძნებისგან ქრისტეანობის მიღების შემდეგ რუსებმა კონსტანტინოპოლელი საეკლესიო იერარქებიც მოიწვიეს, რომლებმაც სარწმუნოებაშიც დამოძღვრეს ისინი და ბერძნული ეკლესიის ყოველი წესი და რიგი იქაც დაამკვიდრეს. აქედან გასაგებია, რომ რუსეთის განმანათლებელმა კონსტანტინოპოლელმა ბერძნებმა, უპირველეს ყოვლისა, რუსებს ასწავლეს პირჯვრისწერა, როგორც მართლმადიდებლობისადმი კუთვნილების ყველასთვის თვალსაჩინო ნიშანი. ცხადია, რომ ბერძნებმა ახალგანათლებულ რუსებს პირჯვრისწერა მათი ჩვეულებისამებრ ასწავლეს, ანუ ისე, როგორც ეს იმ დროს იყო დამკვიდრებული ბერძნებს შორის და, რაკიღა მაშინ მართებულ და მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის პირჯვრისწერის აუცილებელ ფორმად ორთითიანი წყობა ითვლებოდა, ბუნებრივია, ბერძნებმაც სწორედ ასეთი ფორმა დაამკვიდრეს მათ მიერ მოქცეულ ყველა სლავ ხალხს შორის. აი, საიდან გაჩნდა რუსეთში ორი თითით პირჯვრისწერის წესი" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Том I. Сергиев Посад. 1909. Репр. Москва 1996. Гл. V. Стр. 188-189. ინტერნეტში:  https://www.sedmitza.ru/lib/text/439645) (URL-ს მიმართვის თარიღი: 21.09.2020).

ამრიგად, მოკლედ თუ შევაჯამებთ პროფ. ნ. კაპტერევის სწავლებას, მივიღებთ ასეთ სურათს: ახალმოწესე მეცნიერთა და ღვთისმეტყველთა მტკიცებით პირველ საუკუნეში პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით. პირჯვრისწერის ეს ჩვეულება ეკლესიაში IX საუკუნემდე გრძელდება, მაგრამ ამ პერიოდში, მონოფიზიტ-იაკობიტთაგან განსასხვავებლად, რომლებიც ერთი თითით პირჯვრისწერას უკავშირებდნენ თავიანთ მწვალებლურ სწავლებას ქრისტეზე, მართლმადიდებლური ეკლესია გადადის ორი თითით პირჯვრისწერაზე, რომელიც გამოხატავდა მაცხოვრის ორი ბუნების აღსარებას და უპირისპირდებოდა მონოფიზიტთა სწავლების სიმბოლურ გამოხატულებას (ერთ თითს).

სწორედ ამ მიზეზით, როგორც პროფ. ნ. კაპტერევი ირწმუნება, "ძველბერძნული ერთი თითი დროთა განმავლობაში, დაწყებული IX საუკუნიდან, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში იცვლება ორი თითით, რომელმაც ერთი თითით პირჯვრისწერის წესი გამოდევნა და ბერძენთა შორის საყოველთაო გავრცელება პოვა" (იქვე).

მოგვიანებით (XIII ს. მიწურულისთვის) ეკლესიაში ეს ორი თითი იცვლება სამით.

პროფ. კაპტერევის მოსაზრებით "ორი თითით პირჯვრისწერის გამოჩენა და მისი გამოყენების ხანგრძლივობა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამოკიდებული იყო მონოფიზიტობაზე და მხოლოდ მასთან ბრძოლის პერიოდში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა.

როგორც კი შეწყდა მონოფიზიტობა, კონსტანტინოპოლის ბერძნულმა ეკლესიამ, რომელმაც მოისურვა, თვით პირჯვრის საწერი თითების ფორმითაც განსხვავებული ყოფილიყო არა მარტო ერთი თითით პირჯვრის მაწერალ მონოფიზიტთაგან, არამედ ნესტორიანელთაგანაც, რომლებიც ყოველთვის მკაცრად მისდევდნენ ორი თითით პირჯვრისწერის წესს და ამ ფორმას უკავშირებდნენ თავიანთი მწვალებლურ სწავლებას ქრისტეში შერწყმული ორი ბუნების შესახებ, ეს ორი თითიც უფრო ბუნებრივი და თითოეული ქრისტეანისთვის დამახასიათებელი სიმბოლოთი - სამი თითით შეცვალა, რომელიც ამავე დროს იყო უმთავრესი ქრისტეანული დოგმატის, წმ. სამების ერთობის სიმბოლო.  

ორიდან სამთითიან წყობაზე ეს გადასვლა, ბერძნებში სავარაუდოდ XII საუკუნის დასასრულს დაიწყო და XIII საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა, როდესაც მათში უკვე საბოლოოდ გაბატონდა" (Н.Ф. Каптерев. История Перстосложения. Из книги Н.Ф. Каптерева "Патриарх Никон и царь Алексей Михайлович". https://pravbeseda.ru/library/index.php?page=book&id=465) (URL-ს მიმართვის თარიღი: 21.09.2020) (იხ. ასევე: Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Том I. Сергиев Посад. 1909. Репр. Москва 1996. Гл. V. Стр. 188-189. ინტერნეტში: https://www.sedmitza.ru/lib/text/439645) (URL-ს მიმართვის თარიღი: 21.09.2020).

ახალმოწესეთა ეს სწავლება პირჯვრის საწერ თითთა "ცვალებადობის" შესახებ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. იგი აშკარად ტენდენციურია და მრავალ გაუგებრობასა და წინააღმდეგობას შეიცავს.

თავად განსაჯეთ, ამ თეორიის მიხედვით: ქრისტეანები პირჯვარს ეკლესიის დაფუძნებიდანვე იწერდნენ ერთი თითით, რომელიც იცვლება, "არაუგვიანეს IX საუკუნისა" (Н. Ф. Каптерев დასახ. ნაშრ. თ. V. გვ. 187), თანაც მონოფიზიტების გამო, რომლებიც მართლმადიდებელთა მსგავსად პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით და მას თავიანთ მწვალებლურ შეხედულებას უკავშირებდნენ. მაგრამ რატომ "არა უგვიანეს IX საუკუნისა"?

მონოფიზიტური მწვალებლობა არა IX, არამედ ბევრად უფრო ადრე, V საუკუნეში აღმოცენდა - ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება (451 წ.) ხომ მონოფიზიტური მწვალებლობის დასამხობად მოიწვიეს! საგულისხმოა, რომ ეს მწვალებლობა, რომელიც უკავშირდება ვინმე ევტიქის სახელს, ნესტორიანელობასთან დაპირისპირებაში აღმოცენდა.  

ევტიქი ნესტორიანელობას სწორედ მონოფიზიტური სწავლების პოზიციიდან უპირისპირდებოდა. ის ასწავლიდა, რომ ორი ბუნების შეერთების შემდეგ ქრისტეს ჰქონდა სხვა, მესამე ბუნება. აქედან იბადება კითხვა: რატომ არის გაწელილი ორთითიანი წყობის წარმოშობის ვარაუდი V-IX საუკუნის შუალედში, თანაც მონოფიზიტთა გამო, თუკი მონოფიზიტური მწვალებლობა აღმოცენდა V საუკუნეში და დაგმობილი იქნა IX საუკუნემდე ოთხი საუკუნით ადრე, ქალკედონის IV (451წ.) მსოფლიო კრებაზე? - ეს გაუგებარია!

თუკი ორთითიანი წყობა მონოფიზიტობის მხილებას უკავშირდებოდა, განა უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, ღვაწლმოსილ მეცნიერს ორთითიანი წყობის აღმოცენება ევარაუდა არა ბუნდოვნად, დროის გაწელილ პერიოდში (V-IX საუკუნეებში), არამედ უშუალოდ V საუკუნიდანვე, როდესაც დაგმობილ იქნა ეს მწვალებლობა?!

კიდევ უფრო მეტად მიუღებელია ის მტკიცება, თითქოსდა მონოფიზიტთა გამო შეცვლილი თითების წყობა მოგვიანებით კვლავ შეცვალეს, ოღონდ უკვე ნესტორიანელთა გამო, რომელიც მონოფიზიტობამდე აღმოცენდა და დაგმობილ იქნა III მსოფლიო კრებაზე 431 წელს, ანუ IV მსოფლიო კრებაზე უადრეს.

გაუგებარია აგრეთვე ისიც, თუკი ეკლესია მწვალებელთა გამო ცვლიდა პირჯვრისსაწერ თითთა წყობას, რატომ არ შეცვალა მან იგი ნესტორიანელთა გამოჩენისთანავე, რომლებიც კაპტერევის თქმით, "პირჯვარს ყოველთვის იწერდნენ ორი თითით?"

რატომ იცვლება თითების წყობა მხოლოდ მონოფიზიტთა გამო, რომლებიც ნესტორიანელების შემდგომ გაჩნდნენ და რატომ არ შეიცვალა იგი უფრო ადრე ნესტორიანელთა გამო?

თუკი ყველა ქრისტეანი, მიუხედავად კონფესიური კუთვნილებისა, პირჯვარს ერთნაირად იწერდა, რატომ არ შეცვალა ეკლესიამ პირჯვრისწერის წესი არიანელების გამოჩენისთანავე (IV ს.), რომლებსაც, ამ ლოგიკას თუ ვერწმუნებით, პირჯვარი ასევე უნდა გადაეწერათ ერთი თითით? (22)

--------------------

22. არიანელები უარყოფდნენ როგორც  ქრისტეს, ასევე სულიწმიდის ღვთაებრიობას, შესაბამისად, ისინი უარყოფდნენ ტრიადოლოგიურ დოგმატს და თავიანთი რწმენის ვერც სამი თითით და ვერც ორი თითით გამომხატველნი ვერ იქნებოდნენ, თუკი თითებს თავიდანვე იყენებდნენ დოტმატური შინაარსის (სარწმუნოებრივი აღმსარებლობის) გამოსახატავად. აქედან ბუნებრივად გამოდის ის აზრი, რომ თუკი ერთი თითით ჯვრის გამოსახვა ქრისტეანთა თავდაპირველი და საზოგადო წესია, ხოლო არიანელებს, როგორც წმ. სამების უარმყოფელთ, ერთი თითით პირჯვრისწრაში სწორედ თავიანთი სწავლება უნდა მოეაზრებინათ, და კიდევ, გამომდინარე მეცნიერთა მტკიცებიდან, თურმე მართლმადიდებლები პირჯვრის საწერ თითებს ცვლიდნენ მწვალებლებთან პოლემიკის პროცესში და უარყოფდნენ იმ წყობას, რომელსაც მწვალებლები თავიანთი სწავლების გამოხატულებად მიიჩნევდნენ, მაშინ, ერთთითიანი პირჯვრისწერა ორი თითით მათ სწორედ არიანელებთან პოლემიკაში უნდა შეეცვალათ და არა მონოფიზიტებთან ბრძოლის პროცესში და თანაც მონოფიზიტობის გაჩენიდან ოთხი საუკუნის შემდეგ, ანუ IX საუკუნეში, რაც საკმაოდ ალოგიკური და აბსურდულია.  

-------------------

არიანული მწვალებლობა ამხილა I-მა მსოფლიო კრებამ (325 წ.);

II მსოფლიო კრებამ (381 წ.) ამხილა აპოლინარიზმი;

III მსოფლიო კრებამ (431 წ.) - ნესტორიანელობა;

IV-მ (451 წ.) - მონოფიზიტობა.

ამ მსოფლიო კრებათა ეპოქაში ყველა, მწვალებლური თუ მართლმადიდებლური კონფესია პირჯვარს თურმე ერთი თითით იწერდა, მაგრამ ეკლესიამ თითების წყობის შეცვლა რატომღაც მხოლოდ მონოფიზიტობის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა, თანაც IX საუკუნეში, ანუ ოთხი საუკუნით გვიან, რათა თითების წყობაში გამოეხატა თავისი სწავლა-მოძღვრებითი განსხვავება დასახელებული მწვალებლობისგან და ამით ხაზი გაესვა საკუთარი დიოფიზიტური აღმსარებლობისთვის.

მაგრამ რატომ არ აკეთებდა ამას ეკლესია თავიდანვე, სხვადასხვა მწვალებლობის აღმოცენების პროცესში? რატომ მაინცადამაინც მონოფიზიტობის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა მან თითებით აღმსარებლობის გამოხატვა?

რატომ შეცვალა ეკლესიამ მის მიერ სრულიად მართლმადიდებლურად მიჩნეული ორი თითით პირჯვრისწერის წესი სამი თითით, თანაც ნესტორიანელთა გამო, რომლებიც მონოფიზიტებზე უადრეს იყვნენ? - ამ შეკითხვებზე პასუხს არავინ იძლევა!

ამრიგად, მსოფლიო კრებათა პერიოდში მწვალებლებთან დავა ძირითადად მიმდინარეობს ტრიადოლოგიურ და ქრისტოლოგიურ დოგმატთა გარშემო. ახალმოწესე რუსი მეცნიერებისა და მათი ქართველი თანამოაზრეების თქმით, ამ მსოფლიო კრებათა ეპოქაში მართლმადიდებლებიცა და მწვალებლებიც პირჯვარს თურმე ერთი თითით იწერდნენ, მაგრამ ეკლესიამ თითების წყობის შეცვლა რატომღაც მხოლოდ მონოფიზიტობის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა. თანაც იმ მოსაზრებით, რომ თითების წყობაში გამოეხატა თავისი სწავლა-მოძღვრებითი განსხვავება დასახელებული მწვალებლობისგან და ამით ხაზი გაესვა დიოფიზიტობისა და მართლმადიდებლობისადმი თავისი კუთვნილებისთვის.

აბსურდულია ე. ჭელიძის და, მის მიერ დამოწმებული ბერძენი მეცნიერის, ბერნარდაკისის შეხედულება, რომლის მიხედვითაც, "VIII ს-ის დამდეგიდან სამონაზვნო წრეში შემდეგ კი საერთოდ საეკლესიო ცხოვრებაში ერთი თითისა და უმთავრესად მხოლოდ შუბლზე პირჯვრისწერის ნაცვლად მკვიდრდება სამი თითით პირჯვრისწერა ..." (ე. ჭ. იქვე. გვ. 200-201). თანაც, ეს ამბავი თურმე "დიდი ხანია გარკვეულია" (იქვე). სინამდვილეში კი ყველაფერი (ვგულისხმობთ მეცნიერთა აზრს პირჯვრისწერის განვითარების თაობაზე) აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია.

თითქოსდა ამათზე უფრო თანმიმდევრულია არქიეპისკოპოს ფილარეტ ჩერნიგოველის (გუმილევსკი) (1805-1866) თეორია, რომელიც თავის წიგნში "მონღოლთა პერიოდამდელი რუსეთის ეკლესიის ღვთისმსახურება" (Богослужение русской церкви домонгольского времени. https://my-shop.ru/shop/books/1205784.html) (URL-ს მიმართვის თარიღი: 21.09.2020). ჯვრის გამოსახვასთან დაკავშირებულ ტრაქტატში წერს: "ცნობილია, რომ მსოფლიო ეკლესიის ქრისტეანები სხვადასხვა დროს განსხვავებულად გამოისახავდნენ პირჯვარს, იმისდა მიხედვით, თუ დროის ვითარებიდან გამომდინარე, რწმენის რა აზრი ან რა გრძნობა უნდა გამოხატულიყო ამ გარეგანი მოქმედებით. ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში პოლითეისტებისთვის (მრავალღმერთიანნი) ღმრთის ერთობა რომ ეჩვენებინათ, ისინი ჯვარს გამოსახავდნენ ერთი თითით.

არიოზის გამოჩენის შემდეგ, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მტრობით წმ. სამების მიმართ, ზოგიერთმა პირჯვრისწერა დაიწყო სამი თითით, თუმცა საზოგადო წესად მაინც ერთთითიანობა რჩებოდა.

ვერ მოასწრო ამან (სამმა თითმა) დამკვიდრება და ერთი თითის შეცვლა, რომ V საუკუნეში გაჩნდა მონოფიზიტობა, რომელმაც მართლმადიდებლები აიძულა მიემართათ სხვა ნიშნისთვის.

მონოფიზიტები დიდი მოშურნეობით განაგრძობდნენ ერთი თითით პირჯვრისწერის გამოხატვას, რადგან, მათი აზრით, სწორედ ეს ფორმა ამყარებდა მათ შეხედულებას ქრისტეს ერთბუნებოვნების შესახებ. მაშინ მართლმადიდებლებმა, რომელთაც ქრისტეს ორბუნებოვნების აღსარება სურდათ არა მარტო ბაგით, არამედ ჯვრის ნიშნითაც, ჯვრის გამოსახვა დაიწყეს ორი თითით.

X საუკუნის დასაწყისში ეს ორი ნიშანი - ერთი თითი და ორი თითი - ორი სხვადასხვა სარწმუნოებრივი აღმსარებლობის, მონოფიზიტობისა და დიოფიზიტობის (მართლმადიდებლობის) გამოხატულებად მიიჩნეოდა. ასე იყო სირიასა და სომხეთში, სადაც მონოფიზიტობა განსაკუთრებული სიძლიერით მოქმედებდა. ამასთან, ჯვრის გამოსახვის სამთითიანი წესი სულ უფრო და უფრო მკვიდრდებოდა, განსაკუთრებით იქ, სადაც მონოფიზიტობა ნაკლებად აშფოთებდა ადამიანთა გონებას: მას
(სამ თითს - არქიეპ. პ.) ჰქონდა ის უპირატესობა, რომ ის ყველასთვის ნათლად გამოხატავდა ქრისტეანობის ერთ-ერთ უმთავრეს დოგმატს - წმიდა სამების ერთობას, ხოლო სხვებს განიშორებდა ამაო ბრძნობისგან" (Богослужение русской церкви до монгольского времени. ЧОИДР, 1847, № 7 (отд. І, с. 1-42) Стр. 29-32).

ამრიგად, ფილარეტ ჩერნიგოველი ზოგადად ეთანხმება პირჯვრისსაწერი თითების წყობის განვითარების თეორიას და პროფ. ნ. კაპტერევისგან განსხვავებულად ხატავს თავის ვერსიას. თუმცა არც მის თეორიას აქვს მყარი საფუძვლები. ის მხოლოდ მწვალებლურ სწავლებათა შინაარსიდან და ისტორიიდან გამომდინარეობს და არანაირი გამოხატულება წმიდა მამათა სწავლებებში ან პირველქრისტეანულ გრაფიკულ გამოსახულებებში, მით უმეტეს გვიანდელ ხატმწერლობაში, არა აქვს. ეს კი ძალზე უცნაურია, რადგან მართლმადიდებლურ ხატებზე (17-ე საუკუნემდე) სამთითიანი წყობა არსად გვხვდება, მაშინ, როდესაც ორთითიანი წყობა გრაფიკულ გამოსახულებებსა და ხატებზე პირველივე საუკუნიდან გვხვდება (ასევე არსებობს ე. წ. "ორატორული ჟესტებიც", მაგრამ სამი თითი არც მათ შორის არის სადმე).

ეს კიდევ არაფერი! - თუ ეკლესია ასე წარამარა ცვლიდა თითების წყობას პირჯვრისწერის წესში, თანაც იმ მიზნით, რომ ამ ნიშნითაც განსხვავდებოდეს მწვალებელთაგან და, თუკი სამი თითით პირჯვრისწერა ამ თვალსაზრისით დაწესდა, მაშინ როგორ ასხვავებდნენ (ან განასხვავებენ) სამი თითით პირჯვრისმაწერალი მართლმადიდებლები საკუთარ თავსა და თითებში გადმოცემულ დოგმატურ სწავლებას ე. წ. "მართლმადიდებელ" უნიატთაგან.

ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ, კათოლიციზმთან უნიონალური შეთანხმების თანახმად, წმ. სამების საიდუმლოში, რომლის აღსანიშნავადაც კრავენ პირველ სამ თითს, უნიატი "მართლმადიდებლები" აღიარებდნენ "ფილიოკვეს" კათოლიკურ დოგმატს, რომლის მიხედვითაც სულიწმიდა გამოდის როგორც მამისგან, ისე ძისგანაც.

რატომ არ იცავენ ახალმოწესე მართლმადიდებლები ძველი ეკლესიის პრინციპს (თუკი ასეთი არსებობდა) და არ აუქმებენ სამი თითით პირჯვრისწერის წესს და არ მოიფიქრებენ თითების ახალ კომბინაციას პირჯვრის გადასაწერად? თავიანთივე სწავლების თანახმად, მათ ასე უნდა გააკეთონ და პირჯვარი გადაიწერონ მუშტით, რამეთუ მწვალებელთა გამო ყველა წყობა უნდა უარყონ - აღმსარებლობითი ნიშის გამოსახატავად თითებზე ნორმალური კომბინაცია აღარ დარჩა...

ამბობენ, რომ ორთითიან პირჯვრისწერას უარყოფდნენ იმიტომ, რომ თურმე ასე იწერდნენ პირჯვარს სომხები (ასევე ნესტორიანელები) (ასეთ განსაზღვრებებს შეიცავს, მაგალითად, 1666-1667 წლების მოსკოვის დიდი კრების დადგენილებები) (23).

_____________

23.
შეად.: "Еще же и писание, еже есть сложено от некоторого расколника и скрытаго еретика Арменския ереси, и напечатася невежеством и неразсудно в книзе псалтире со возследо-ванием и во иных, сиречь о сложении перстов, яко знаменатися повелевает по обычаю еже еретики Армени знаменаются крестом, не приимати сие и никтоже от ныне сему писанию да верует, ниже да держит, но искоренити повелеваем от та-ковых печатных и писменых книг» (Служебник, 1667, л. 12 второй фолиации; Деяния соборов 1666-1667 гг., л. 15-15 об. четвертой фолиации; Субботин, ИИ, с. 237; ср.: Доп. АИ, V, № 102, с. 472).

_____________


ჯერ კიდევ განხეთქილებამდე ასეთი ბრალდება გამოუთქვამთ ბერძნებს არსენ სუხანოვთან (1600-1668) დავაში პირჯვრისსაწერი თითების წყობასთან დაკავშირებით (1650 წ.). რაზეც არსენ სუხანოვს, იცავდა რა ორი თითით პირჯვრისწერას, სრულიად სამართლიანად უთქვამს: "სომხები ასეც რომ იწერდნენ პირჯვარს, ამის გამო ქრისტეს ჯვრის გამოსახვის გადმოცემას არ გავაუქმებთ. რით არის ცუდი სომხები თუ რამეს ძველი გადმოცემის მიხედვით აკეთებენ? ხოლო, თუ ბერძენი თვითონ შეცვლის თავის გადმოცემას, რა არის ამაში კარგი?" ("Аще и армяне, якоже вы сказываете, так крестятся; но мы того ради старого предания креста Христова не перекладываем. Есть ли армянин добро делает по старому преданию, чем то виновато? А есть ли и грек сам изволит вновь и претворит старое предание, чем то право?") (Прения с греками о вере (По изданию С. А. Белокурова,  М. 1891 г.) http://starajavera.narod.ru/arseniyPrenia.html) (URL-ს მიმართვის თარიღი: 21.09.2020).

და საერთოდ, უნდა ვიკითხოთ, თუკი მართლმადიდებლობა თავის სწავლებებსა და ღვთისმსახურებაში მისდევს წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას, წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა განწესებებს, სად და ვისგან მოგვცემია წესი, მწვალებელთა გამო ვცვალოთ საკუთარი მართლმადიდებლური წეს-ჩვეულებები და განგებები?!

მართლმადიდებლური ეკლესია თავის წესებს მხოლოდ იმიტომ რომ ცვლიდეს, მას მწვალებლებიც მისდევენ და საკუთარ მწვალებლურ შეხედულებებს უკავშირებენო, მაშინ ჭეშმარიტ ეკლესიას მოუწევდა არა მარტო პირჯვრის საწერი თითების კომბინაციების შეცვლა, არამედ მთელი ლიტურგიკული პრაქტიკისაც და ყველა იმ წეს-ჩვეულებისაც, რომელიც აღსავსეა დოგმატური შინაარსით და რომელსაც მწვალებლებიც ანალოგიურად ასრულებენ. აქედან კი ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩააგდებდა ეშმაკი ეკლესიას ათასგვარი მწვალებლობის მოფიქრებითა და მართლმადიდებლობასთან მათი გარეგნული, ფორმობრივი მიმსგავსებით.

ამასთან დაკავშირებით, ეკლესიის ისტორიიდან გვახსენდება ცნობილი დაპირისპირება წმ. კვიპრიანე კართაგენელსა და რომის პაპ სტეფანეს შორის, როდესაც წარმოიშვა დავა ეკლესიაში მწვალებელთა მიღების შესახებ. აქ არ შევეხებით ამ ისტორიული მოვლენის პერიპეტიებს, რადგან ეს არ ეხება ჩვენს განსახილველ თემას, აღვნიშნავთ მხოლოდ იმ პრინციპს, რომელსაც მწვალებელთა მიღების საკითხში მისდევდა რომის პაპი სტეფანე და რომელსაც წმ. კვიპრიანე კართაგენელი წარმატებით იგერიებდა.

პროფ. ვასილ ბოლოტოვი (1854-1900) თავის ცნობილ ნაშრომში "ლექციები ძველი ეკლესიის ისტორიაზე" წერს: "რომაული საეკლესიო პრაქტიკის მომხრეები, თავიანთი გადაწყვეტილების მოტივაციად ასახელებდნენ იმ ფაქტს, რომ თვით ნავატიანოსნი კათოლიკე ეკლესიიდან მათკენ გადასულებს თავიდან ნათლავდნენ. შედეგად, კათოლიკე ეკლესიას per antithesin (ანუ ამ პრაქტიკის საპირისპიროდ - არქიეპ. პ.) გადანათვლის გარეშე უნდა მიეღო ნავატიანოსნი. ეს მოტივი კვიპრიანემ ბრწყინვალედ უკუაგდო ერთადერთი სწორი პრინციპის დაპირისპირებით: კათოლიკე ეკლესიამ უნდა იაროს თავისი სამეუფო გზით და არ მიაქციოს ყურადღება იმას, რაც ხდება მწვალებლებში; მან უნდა შეიგნოს თავისი უმაღლესი ღირსება და იხელმძღვანელოს მხოლოდ საკუთარი საფუძვლებითა და მდგომარეობით. ყურადღების მიქცევა იმაზე თუ რა ხდება მწვალებლებში საშიშია, კიდევ იმით, რომ ამან შეიძლება საკმაოდ შორს წაგვიყვანოს. მაგალითად, ნავატიანელებში არსებობს იერარქია; მაშ, იმისთვის, რათა არ ვემსგავსოთ ნავატიანოზთ, ხომ არ მართებს კათოლიკე ეკლესიას, უარი თქვას იერარქიაზეც?" (профессор Василий Васильевич Болотов. Лекции по истории Древней Церкви. 3. Спор о крещении еретиков. https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Bolotov/lektsii-po-istorii-drevnej-tserkvi) (URL-ს მიმართვის თარიღი: 21.09.2020).

ასე რომ, მართლმადიდებლურ ეკლესიას ამგვარი პრინციპი არასოდეს ჰქონია და, პიჯვრის საწერი და კურთხევის გასაცემი თითთაწყობის შეცვლა მწვალებლობათაგან განსხვავებულობის თვალსაზრისით, თავიდან ბოლომდე რეფორმატორ "მართლმადიდებელთა" მონაჩმახია. სანიმუშოდ ავიღოთ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ფორმა.

ცნობილია, რომ მართლმადიდებლური ეკლესია სხვადასხვა კატეგორიის მწვალებელთ სამი სხვადასხვა წეს-განგებით (ნათლისღებით, მირონცხებითა და სინანულით) შეიწნარებდა და დღემდე ასე შეიწყნარებს.

პირველთ, ანუ ნათლისღებით მისაღებთ, მართლმადიდებლობისგან სწავლა-მოძღვრების გარდა, ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების წესიც განასხვავებდათ (არღვევდნენ ნათლისღების ფორმას, სამგზის შთაფლვას და ასევე სანათლავ ფორმულას, ანუ არ ნათლავდნენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით).

მეორეთა და მესამეთ, ანუ მირონცხებითა და სინანულით მისაღებ მწვალებელთ, ეკლესია ნათლისღების საიდუმლოს არ უმეორებდა (და არც დღეს უმეორებს), რადგან ამ კატეგორიის მწვალებლებში ნათლისღება გარეგნული ფორმით და ფორმულით მართლმადიდებლურისგან არაფრით განსხვავდება.

მაშ, ვიკითხოთ, თუკი საიდუმლოს ფორმა დოგმატური შინაარსის შემცველია და მწვალებელთა პრაქტიკასთან გარეგნული მსგავსების შემთხვევაში მისი სხვაგვარი ფორმით შეცვლა ეკლესიის პრინციპია, რატომ არასოდეს ცვლიდა ეკლესია ნათლისღების საიდუმლოს გარეგან ფორმას? რატომ დარჩა პირველი საუკუნიდან დღემდე ნათლისღების ფორმად სამგზის შთაფლვა და წმ. სამების იპოსტასთა სახელების წარმოთქმა? მით უმეტეს, ცნობილია, რომ მწვალებლები თავიანთ მწვალებლურ სწავლებებს ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების გარეგნულ ფორმასაც უკავშირებდნენ; სხვაგვარად რომ ვთქვათ, მწვალებლები ნათლავდნენ საკუთარი რწმენის შესაბამისად, რომელიც, გარეგნული ფორმის თვალსაზრისით, მართლმადიდებლურისგან არაფრით განსხვავდებოდა.

მაგალითად, არიანელები, რომლებიც სამგზის შთაფლვით ნათლავდნენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, აბსოლუტურად განსხვავებულად ასწავლიდნენ წმ. სამების შესახებ. მათ ფორმულირებებში სამების აღსარებას არ ჰქონდა ის აზრი, რაც ჰქონდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მიუხედავად ამისა, ოდენ გარეგნული ფორმობრივი მსგავსება საკმარისი იყო იმისთვის, რათა არიანელები ეკლესიაში მირონცხებით შეეწყნარებინათ.

მაგრამ, რატომღაც ასე არ არის (ცხადია, ე. ჭელიძის და მისნაირი "მეცნიერების" თვალსაზრისით) პირჯვრის საწერ თითებთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ ვნახეთ, მიტრ. ფილარეტ ჩერნიგოველი თითების წყობის შეცვლას არიანელების სწავლებასაც უკავშირებს, რომლებიც პირჯვარს იწერდნენო ერთი თითით. მაგრამ, იმავე არიანელთა გამო, მართლმადიდებლურ ეკლესიას ნათლისღების გარეგნული ფორმა არ შეუცვლია და არიანელები გარეგნულად სრულიად წააგავდნენ მართლმადიდებლებს ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების მხრივაც.

სხვათა შორის, როგორც ეს ჩვენი წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილშიც ვნახეთ, ამ ვითარებას გარკვეული გაუგებრობა გამოუწვევია ესპანეთში მცხოვრებ ქრისტეანებზეც. ისინი მართლმადიდებლებსა და არიანელებს ერთმანეთისგან ვერ არჩევდნენ, რადგან ორივენი ნათლობას ასრულებდნენ ერთნაირად, სამგზისი შთაფლვით, და ყოველ შთაფლვაზე წმ. სამების თითო იპოსტასის მოწოდებით, ანუ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ამის გამო, ერთ ესპანელ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს, არიანელთაგან რომ განსხვავებულიყო ნათლისღების გარეგნული ფორმის აღსრულების მხრივაც, ნათლისღების აღსრულება დაუწყია ერთგზისი შთაფლვით, რაც შემდგომ რომის პაპმა წმ. გრიგოლ დიალოგოსმაც მოიწონა და ამის გამო ეს ფორმა მთელი სამი საუკუნე დასავლეთის ეკლესიის ამ ოლქში მყარად დამკვიდრდა. ეკლესიამ ამგვარი ცვლილება არ შეიწყნარა და მეტიც, XI-ე საუკუნეში დასავლელ ქრისტეანებს აღმოსავლელი ქრისტეანები თავიდან ნათლავდნენ.

მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს პირჯვრისწერის წესთან დაკავშირებით. რატომღაც, როგორც კი მართლმადიდებელთა და მწვალებელთ ერთნაირი პირჯვრისსაწერი თითების წყობა აღმოაჩნდებათ, მართლმადიდებლებმა, მწვალებელთაგან განსასხვავებლად, დაუყოვნებლივ უნდა შეცვალონ ეს წყობა. მაგრამ, ნუთუ ეკლესიისთვის თანაბრად ღირებული არ არის ყველა მისი გადმოცემა? თუ მარტო პირჯვრისწერას უფრთხილდება ეკლესია, მარტო მას იცავს და სხვა გადმოცემებზე არ ზრუნავს? ნუთუ მარტო პირჯვრისწერას გააჩნია დოგმატებთან მიმართება და სხვა გადმოცემებს არა? რას გვასწავლის ამის შესახებ ძველი ეკლესია?

წმ. ბასილი დიდი ბრძანებს: "ეკლესიაში დაცული სჯული და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან, საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისათვის და ამას არავინ თვლის საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს. თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თავს ვავნებთ თვით სახარების  არაჯეროვანი გაგებით, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება".

მაშასადამე, წმ. ბასილი დიდის მიხედვით დაუწერელი გადმოცემები იმდენად მნიშვნელოვანნი და დიდი ძალის მქონენი ყოფილა, რომ მათი დარღვევა სახარების "არაჯეროვანი გაგების" ტოლფარდ ქმედებად მიიჩნევა, რაც დიდად საზიანოაო ჩვენთვის.

ნიშანდობლივია, რომ ამ "დიდი ძალის მქონე" გადმოცემებიდან წმ. ბასილი დიდი "თავდაპირველად ახსენებს პირველსა და საერთოს" - პირჯვრისწერის წესს და აღნიშნავს: "მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა წერილობით?"

და კიდევ: "ლოცვის დროს აღმოსავლეთის მხარეს თაყვანისცემა რომელმა წიგნმა გვაუწყა ჩვენ? მადლობის (ევქარისტიის) პურის ან სასმელის კურთხევის დროს სათქმელად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა ჩვენ წერილობით რაიმე? ... ვახსენებთ სხვა რამ მრავალსაც, როგორც საიუდმლოს მიმართ დიდი ძალის მქონეს. ეს კი მიღებული გვაქვს დაუწერელი მოძღვრებისგან. ხოლო ვაკურთხევთ აგრეთვე ნათლისღების წყალს და ცხების ზეთს და ვლოცულობთ ნათლისმღებელზე, რომელი წერილობითი გადმოცემისგან მიგვიღია ეს? განა დაფარული და საიდუმლო უწყებისგან არა? ხოლო თუ რა არის ზეთის ცხება, რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? საიდან არის კაცთა სამჯერადი ჩაყოფა წყალში ნათლისღების დროს? ამის გარდა სხვა რამდენი რამ არის ნათლისღების დროს: სატანისაგან და მისი ანგელოზებისაგან განშორება რომელი წერილიდან არის? განა არ არის ეს გაუმხელელი და უთქმელი მოძღვრებიდან, რომელიც მიუწვდომელია დაწვრილებითი გამოძიებისა და გამოკვლევისთვის და რომელიც საიდუმლოდ შემოინახეს ჩვენმა მამებმა, ღმრთის საიუდმლოთა დუმილით შენახვაში განსწავლულებმა?" (წმ. ბასილი დიდის მიერ ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის 27-ე თავიდან სულიწმიდის შესახებ. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 429. იხ. ასევე:

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=258%3A-27-&catid=34%3A2009-12-29-11-31-18&Itemid=59&lang=ka (URL-ს მიმართვის თარიღი: 21.09.2020).

მაშ, შეიძლება თუ არა ამ "დიდი ძალის მქონე" წესების შეცვლა, თუკი მწვალებლები მათ შესრულებაშიც დაგვემსგავსებიან? და თუ არ შეიძლება, ვინ და რის საფუძველზე დაადგინა ამ გადმოცემათაგან ერთ-ერთი უპირველესის, პირჯვრის საწერი და კურთხევის გასაცემი თითების წყობის წარამარა შეცვლა, თანაც იმის გამო, რომ ჯვრის გამოხატვას მწვალებლებიც მართლმადიდებლებივით ქმნიან? (24)

_______________

24. მაგალითად, როგორც პროფ. ბ. უსპენსკი წერს "დღეისთვის სომხები, ისევე როგორც ბერძნები, პირჯვარს იწერენ სამი თითით და სამ თითს უკავშირებენ სამების სიმბოლიკას" ("В настоящее время армяне, подобно грекам, крестятся тремя перстами, связывая троеперстие с символикой Троицы") (Успенский Б. А. Крестное знамение и сакральное пространство: Почему православные крестятся справа налево, а католики - слева направо? - Языки славянской культуры. Москва. 2004. გვ. 133. შენიშვნა 65). მაშასადამე, ახალმოწესე "მართლმადიდებლებმა" თითების წყობა იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც ამას მათივე მეცნიერები განგვიმარტავენ, დღესაც უნდა შეცვალონ... მაგრამ, რატომღაც ასე აღარ აკეთებენ. ალბათ, იმიტომ, რომ თითებზე უკვე კომბინაციები აღარ დარჩა, მწვალებელთა რომელიმე სწავლებას რომ არ მიემსგავსოს.

_______________

როგორც სამართლიანად შენიშნავს პროფ. ა. ალმაზოვი "მწვალებლებს ყოველთვის მრავალი რამ გადმოჰქონდათ მართლმადიდებლური პრაქტიკიდან" (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 248), მაგრამ ამის გამო  ოდესმე თუ შეუცვლიათ მართლმადიდებელთ თავიანთი საეკლესიო-საღვთისმსახურებო პრაქტიკა? ამიტომაც, უნდა დავსვათ კითხვა: რატომ იცვლებოდა მწვალებელთა გამო მაინცადამაინც პირჯვრის საწერი თითების წყობა და სხვა დანარჩენი არა?

შეუცვლია თუ არა ოდესმე მართლმადიდებლურ ეკლესიას პირჯვრისწერის მიმართულება, რომელშიაც ასევე დოგმატური და ზნეობრივი შინაარსი მოიაზრება? და რადგან მიმართულება შეიძლება მხოლოდ ორი არსებობდეს (ერთი _ მარჯვნიდან მარცხნივ და მეორე _ მარცხნიდან მარჯვნივ), რაღა უნდა ქნას ეკლესიამ, თუკი ორივე მიმართულებას სხვადასხვა ჯურის მწვალებლები გამოიყენებენ და ამით მართლმადიდებლურს მიემსგავსებიან?  

განა თვით წმიდა პავლე მოციქული არ გვაქებს იმის გამო, რომ "ვიცავთ გადმოცემებს" (იხ. I კორინთელთა 11:2) და საუკუნეთა სიღრმიდან გვარიგებს: "ძმებო, იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით" (II თესალონიკელთა 2:15); და კიდევ: "ჩვენ კი გამცნობთ ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, ჩამოშორდით ყოველ ძმას რომელიც უწესოდ იქცევა და არა გადმოცემებისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ" (II თესალონიკელთა 3:6).

მაშ, რა ხდება? მაშ, თუკი ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონია წმიდა გადმოცემებს, რომელთა შორისაც არის მარჯვენა ხელის თითებით ჯვრის გამოსახვის უძველესი ჩვეულება, ვინ და რატომ ბედავს მის წარამარა შეცვლას და თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი ჩვეულება მართლმადიდებელთა მიბაძვით მწვალებელთაც უპყრიათ? _ ხდება ის, რომ ახალმოწესე მწვალებლები, რომლებმაც თვითონაც არ იციან, საიდან მოიტანეს სამი თითით პირჯვრისწერა, ტყავში ძვრებიან წმიდა მამებისა და ეკლესიისთვის უცნობი და გაურკვეველი წარმომავლობის წესის დასაცავად. ქმნიან ეკლესიისთვის ყოვლად მიუღებელ პრეცედენტს, რასაც პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის სრულიად მართლმადიდებლური წესი ეწირება. ეს კი, თავისთავად, აბსოლუტურად არამართლმადიდებლური და არაეკლესიური ქმედებაა.

აშკარაა, რომ პროფ. კაპტერევი და სხვები (მათ შორის ჩვენი თანამედროვე მეცნიერები ე. ჭელიძის ჩათვლით) იყენებენ სწორედ რომის პაპ სტეფანეს პრინციპს და ირწმუნებიან, თითქოსდა საჭიროა, ეკლესიამ უარი თქვას თავის მართლმადიდებლურ გადმოცემებზე მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი გადმოცემა შენარჩუნებულია მწვალებლებშიც. ჩვენ კი, ამ შემთხვევაში, სრულიად სამართლიანად ვაღიარებთ წმ. კვიპრიანე კართაგენელის მოტივაციას და ვამტკიცებთ, რომ ეკლესია არანაირად არ არის ვალდებული, ცვალოს თავისი წეს-ჩვეულებები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მწვალებლებსაც გააჩნიათ, თუნდაც სხვაგვარი შინაარსით.

აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ახალმოწესეთა სწავლება "თითების წყობის ცვალებადობაზე" ისეთივე ყალბი და უსუსურია, როგორც ერთი თითით და სამი თითით პირჯვრისწერის "გამამართლებელი" მათი ყველა "არგუმენტი".
13
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому