აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_IX_ჯვრის გამოსახვის შესახებ 2 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ჯვრის გამოსახვა
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________

2. სამ-თითობითი სიკერპე და პირჯვრისწერის ნამდვილი წესი

თავის ახალ, ანტიძველმართლმადიდებლურ თხზულებაში "სული - ცხოველი" ე. ჭელიძე პირჯვრისწერისა და კურთხევის საკითხს საერთოდ არ ეხება, თუ არ ჩავთვლით ერთ ღვარძლიან შენიშვნას, სადაც ის პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის ორთითიანი წყობისადმი ძველმართლმადიდებელთა დამოკიდებულებას "ორ-თითობით სიკერპეს" უწოდებს და წერს, რომ ძველმართლმადიდებელთა აზრით, ეს არის "ვითომცდა მოციქულთაგან მომდინარე ერთადერთი "დოგმატური" წესი" (გვ. 420, სქოლიო). პირჯვრისწერის საკითხს ძირითადად ეძღვნება მისი პირველი ანტიძველმართლმადიდებლური ნაშრომი "ეკლესია - სძალი უფლისა" (თბ. 1990 წ.), ამიტომაც, ჩვენც სწორედ ამ ნაშრომში გადმოცემულ მსჯელობას მივყვებით.

როგორც ჩვენი წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილში აღვნიშნეთ, ადრინდელ ძველმართლმადიდებელ პოლემისტთა შეცდომებზე პასუხისმგებელნი არა ვართ, რადგან კერძოდ გამოთქმული შეხედულებები არ შეიძლება განზოგადდეს მთელ ეკლესიაზე და დაუშვებელია, ადრინდელ პოლემისტთა წარუმატებლად ან არასწორად დაყენებულ საკითხებზე ჩვენ ვაგოთ პასუხი.

"ძველმართლმადიდებელთა აზრით, - წერს ჩვენი ოპონენტი, - სამოციქულო დროიდან მომდინარეობს პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის ერთადერთი მართებული წესი (ხაზგასმა ჩვენია - არქიეპ. პ.): შეკრულია ცერი, არათითი და ნეკი, ხოლო აღმართულია საჩვენებელი თითი და შუათითი" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 178).

მიუხედავად იმისა, რომ ე. ჭელიძე თავის ნაშრომში ედავება ადრინდელ ძველმართლმადიდებელ პოლემისტებს, მოცემულ აბზაცში სიტყვები "ძველმართლმადიდებელთა აზრით" მაინც განზოგადებად გვეჩვენება.

რაც უნდა ბევრნი იყვნენ ძველმართლმადიდებლები, რომლებიც რომელიმე შეხედულებას იზიარებენ, თუ მას საეკლესიო-კანონიკური საფუძვლები არ გააჩნია, მაინც კერძო აზრად რჩება და არა ზოგადსაეკლესიო შეხედულებად. თუმცა, ჩვენ არც კი ვიცით, თუ რამდენი ძველმართლმადიდებელი იზიარებს ე. ჭელიძის მიერ ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ "სამოციქულო დროიდან მომდინარეობს პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის ერთადერთი მართებული წესი: შეკრულია ცერი, არათითი და ნეკი, ხოლო აღმართულია საჩვენებელი თითი და შუათითი".

საქმე ის არის, რომ დანამდვილებით არავინ იცის, როგორ იწერდნენ პირჯვარს ან როგორ აკურთხებდნენ პირველ საუკუნეებში. სამწუხაროდ, ამგვარი ცნობის შემცველი წერილობითი წყაროები შემონახული არ არის. არსებობს ცალკეული მაგალითები წმიდა მამათა გამონათქვამების სახით, რომლებსაც მეცნიერები ერთი თითით პირჯვრისწერას განაკუთვნებენ და მიიჩნევენ, რომ პირველი საუკუნეთა ქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით. მაგრამ, ასევე არსებობს I-VIII საუკუნეთა პერიოდის უამრავი მოწმობა (ძირითადად გრაფიკული ნამუშევრები), რომლებიც სრულ უფლებას გვაძლევენ ვივარაუდოთ, რომ ქრისტეანები პირველივე საუკუნეებიდან იწერდნენ პირჯვარს ორი თითით. ამაში გვარწმუნებს ასევე წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მონოფიზიტების წინააღმდეგ მიღებული შეჩვენების ფორმულა (ამის შესახებ ქვემოთ); არც ის არის გამორიცხული, თავიდან პირჯვრისწერის ან კურთხევის გაცემის ორივე წესი პარალელურად არსებულიყო, რადგან იმ დროისთვის ჯერაც არ არსებობდა ის მიზეზები, რომლებმაც მოგვიანებით საჭირო გახადა პირჯვრისსაწერ წყობაში უპირატესობა მინიჭებოდა სარწმუნოების ძირითად აღმსარებლობით ნიშნებს (ქრისტეს ორბუნებოვნებას და სამების ერთობას).

მეტიც, სიკერპეს და ისიც სამთითობითს იჩენდნენ სწორედ ძველმორწმუნეთა მოწინააღმდეგე რეფორმატორები, რომლებიც სამი თითით პირჯვრისწერის წესს მიაწერდნენ მოციქულთა წარმომავლობას და საეკლესიო ანათემებით, საშინელი წყევლითა და კრულვით ებრძოდნენ ყველას, ვინც არ იზიარებდა ამ შეხედულებას (11) 1667 წლის მოსკოვის დიდი კრების სრულიად მცდარი განმარტებით: სამი თითით პირჯვრისწერას თურმე თავისი დასაბამი მოციქულთაგან მიუღია, როგორც დაუწერელი საეკლესიო გადმოცემა. სამი თითი (დიდი, საჩვენებელი და შუათითი) გამოხატავენ სამებას; მაშინ როდესაც, როგორც კრება ფიქრობს, ორთითიანი პირჯვრისსაწერი წყობა სამებას გამოხატავს არათანაბარი თითებით (დიდით, უსახელო თითით და ნეკათი), რაც კრების აზრით, "უსჯულო და მგმობარი" ჩვეულებაა ("пребеззаконно и хульно"). ვინც ასე იქცევა (ე. ი. პირჯვარს იწერს ორი თითით), ემსგავსება არიანელებს, ნესტორიანელებს, სულიწმიდის მგმობართ, აპოლინარიანელთ და სხვა მწვალებელთ, რადგან ისინი აღიარებდნენ წმიდა სამების პირთა არათანასწორობასა და განყოფას: მამას უმეტესად მიიჩნევდნენ, ძეს - უმცირესად, სული წმიდას კი ამაზე უფრო უკნინესად. კრებაზე განსაზღვრულ იქნა, რომ თეოდორიტეს სახელით არსებული თხზულება და მელეტის (ანტიოქიელის) ცხოვრება, რომლებშიც გადმოცემულია სწავლება ორი თითით პირჯვრისწერა-კურთხევის შესახებ, მათ მხოლოდ მიეწერებათ (თეოდორიტეს სიტყვა არ არსებობს ბერძნულ ორიგინალში, ხოლო მელეტის სიტყვა დამახინჯებულია)".

_____________

11. მოსკოვის 1666 წლის კრების დადგენილებაში ნათქვამია: "Аще ли же кто и не покорится Святой Восточной Церкви и сему Освященному Собору, или начнет прекословити, и противлятися нам и мы таковаго противника, данною нам властию от Всесвятаго и Животворящаго Духа, аще ли будет от освященнаго чина, извергаем, и обнажаем его всякаго священнодействия, и проклятию предаем. Аще же от мирскаго чина будет, отлучаем, и чужда сотворяем, от Отца и Сына и Святаго Духа: и проклятию и анафеме предаем, яко еретика и непокорника; и от православнаго всесочленения, и стада, и от церкве Божия отсекаем, яко гнил и непотребен уд, дондеже уразумится и возвратится в правду покаянием. А кто не уразумится, и не возвратится в правду покаянием, и пребудет во упрямстве своем: да будет и по смерти отлучену и часть его и душа со Иудою предателем, и с распеншими Христа жидовия: и со Арием, и с прочими проклятыми еретиками. Железо, камение и древеса, да разрушатся, и да растлятся: а той, да будет не разрешен, и не растлен, И яко тимпан, во веки веков, аминь".

ციტ. http://ruvera.ru/articles/deyaniya_rdc_23_26_aprelya (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

იხ. ასევე: https://ru.wikipedia.org/wiki/Большой_Московский_собор (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

_____________

1971 წლის რუსეთის ადგილობრივი საეკლესიო კრების დოკუმენტებს შორის (ამ კრებამ გააუქმა 1667 წელს ძველმორწმუნეთა და ძველ მართლმადიდებლურ გადმოცემათა წინააღმდეგ გამოთქმული ანათემატიზმები) ირიცხება ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტის, ნიკოდიმოსის მოხსენება "ძველ წესებზე კრულვის მოხსნის თაობაზე" (Доклад митрополита Лениградского и Новгородского Никодима об отмене клятв на старые обряды. Документы Поместного Собора Русской Православной Церкви 1971 года. http://www.edinoverie.com/img/18E.pdf) (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

სხვა საკითხებს შორის, მიტრ. ნიკოდიმოსის მოხსენებაში ორი თითის პირჯვრისწერის შესახებ ვკითხულობთ: "საწესჩვეულებო ხასიათის საკითხებთან დაკავშირებით და ასევე თავისი რეფორმების მხარდასაჭერად პატრიარქი ნიკონი მიმართავდა მოსკოვში ჩამოსულ ანქიოტიის პატრიარქ მაკარის, სერბ მიტროპოლიტ გაბრიელს და სხვა იერარქებს, რომლებიც ღვთისმსახურებაზე რუსებს უცხადებდნენ, რომ მართლმადიდებელ ქრისტეანს მართებს პირჯვრისსაწერად პირველი სამი თითის შეკვრა, ხოლო, ვინც ორი თითით ისახავს პირჯვარს, ბაძავს მწვალებლებს და შეჩვენდება.

შემდეგში მოვლენები შეჩვენებებითურთ ასე განვითარდა: 1656 წლის აპრილის დასაწყისში მოსკოვში ჩამოვიდა მოლდაველ მხედართმთავარ სტეფანეს მიერ წარმოგზავნილი მოლდაველი მიტროპოლიტი გედეონი თხოვნით, მოლდავეთის მიწები შესულიყო რუსეთის პროტექტორატის ქვეშ, და მოსკოვში, სამის ნაცვლად, უკვე ოთხი აღმოსავლელი მწყემსმთავარი იმყოფებოდა. ნიკონმა გადაწყვიტა, ყველა მათგანისთვის ერთდროულად წერილობით მიემართა როგორც საკუთარი, ასევე სხვა რუს მღვდელმთავართა სახელით და, მიუთითებდა რა, რომ მოსკოვში "ვიეთნიმე დავობენ" პირჯვრისსაწერი თითების წყობის შესახებ და ერთნი პირჯვარს იწერენ მარჯვენა ხელის სამი თითით, ხოლო სხვები ორით, სთხოვდა ამ მღვდელმთავრებს ეუწყებინათ, ჭეშმარიტება და ესწავლებინათ, როგორ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს.

პატრიარქ ნიკონის ამ წერილზე ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიმ მისცა შემდეგი შინაარსის წერილობითი პასუხი: "თვით მოციქულთაგან (?), წმიდა მამათაგან და შვიდი მსოფლიო კრებისგან (?) მიღებული გვაქვს გადმოცემა, პატიოსანი ჯვარი გამოვისახოთ მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით, და მართლმადიდებელ ქრისტეანთაგან ვინც ჯვარს ასე არ კრავს, ანუ აღმოსავლეთის ეკლესიის გადმოცემის მიხედვით, რომელიც მას სარწმუნოების დასაბამიდან დღემდე უპყრია, მწვალებელია... ამიტომაც წყეულ არს და განიკვეთება იგი მამისა და ძისა და სული წმიდისგან: ჭეშმარიტებას ვადასტურებ საკუთარი ხელმოწერით" (Доклад митрополита Лениградского и Новгородского Никодима об отмене клятв на старые обряды. Документы Поместного Собора Русской Православной Церкви 1971 года. http://www.edinoverie.com/img/18E.pdf) (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

ანტიოქიის პატრიარქის შემდეგ იგივე წყევლა გაიმეორა და საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა სერბმა პატრიარქმა გაბრიელმა, მას კი ცალ-ცალკე მიჰყვნენ ნიკეელი მიტროპოლიტი გრიგოლი და მოლდაველი მიტროპოლიტი გედეონი.

1656 წლის 23 აპრილს მოსკოვში შედგა კრება, რომელმაც ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ დაადგინა: "ამიერიდან ვინც იცის და არ დაემორჩილება საკუთარ სახეზე ჯვრის გამოსახვის... ადრინდელ მართლმადიდებლურ ჩვეულებას, რომელიც აქ დაცული იყო ფსალმუნში თეოდორიტეს სიტყვის დაბეჭდვამდე, და არ გამოისახავს პირჯვარს მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით, წმიდა, ერთარსი, განუყოფელი და თანაბრად თაყვანსაცემი სამების ნიშნად, არამედ იცავს ეკლესიისთვის მიუღებელ წესს, აერთებს ორ მცირე თითს დიდ თითთან, რომელშიც წმიდა სამების უთანაბრობა იუწყება, ხოლო ორ საშუალო თითს აღმართავს, რომელიც გულისხმობს ორ ძესა და ორ ბუნებას, ნესტორიანული მწვალებლობის თანახმად ან სხვა რომელიმე სახით გამოისახავს პირჯვარს: შვიდი მსოფლიო კრების მამათა და სხვა ადგილობრივ კრებათა კანონებით, ასევე აღმოსავლეთის ოთხი მსოფლიო პატრიარქის მიერ ეკლესიიდან განკვეთილად ვაცხადებთ თეოდორიტეს სიტყვითურთ ისევე, როგორც შეაჩვენა მეხუთე (მსოფლიო) კრებამ მისი ცრუ მსჯელობა ალექსანდრიელი არქიეპისკოპოსის კირილესა და მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ, ჩვენც შევაჩვენებთ" (Доклад митрополита Лениградского и Новгородского Никодима об отмене клятв на старые обряды. Документы Поместного Собора Русской Православной Церкви 1971 года. http://www.edinoverie.com/img/18E.pdf) (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

აქ ახლა არ შევუდებით იმ სისულელის გარჩევას, რაც 1656 წლის 23 აპრილის მოსკოვის და 1667 წლის დიდმა კრებამ "დაადგინეს" ორი თითით პირჯვრისწერასთან დაკავშირებით და, რომ თითქოსდა ეს წყობა შეიცავს ნესტორიანულ მწვალებლობას; ამისი შესაძლებლობა ჩვენ ქვემოთ კიდევ მოგვეცემა. ასევე არაფერს ვიტყვით არათანაბარი სიგრძის თითებით წმ. სამების ღვთაებრივ პირთა თანასწორობის გამოხატვაზე (12), აქ აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ მოსკოვის 1656 წლის კრების ეს ყოვლადმკრეხელური განწესება 1667 წლის საეკლესიო კრებამაც დაამტკიცა.

______________

12. 1666-1667 წლების კრებებზე ძველი გადმოცემების წინააღმდეგ ამხედრებული რეფორმატორები ამტკიცებდნენ: "ეს ფუჭად მეტყველნი (ძველმოწესენი) კიდევ ამბობენ, თითქოსდა ორი თითი, მეორე საჩვენებელი და მესამე შუა, ქრისტეს ღმერთკაცობას გამოხატავდეს, ხოლო სამი თითი: პირველი, მეოთხე და ბოლო, ნეკა, დახრილი და შეერთებულია ორი თითის ქვეშ სამების ნიშნად, და მეტყველებენ, თითქოსდა ეს სამი არათანაბარი თითებით სამების საიდუმლო გამოიხატებოდეს. ყველასთვის ცხადია, რომ წმიდა სამებაში არათანაბრობას აღიარებდნენ არიანელები და ნესტორიანელები, სულიწმიდის მგმობელნი, აპოლინარელნი და სხვა წყეული მწვალებლები. ზოგი მამას უწოდებდა მეტს, ძეს კი ნაკლებს, სულიწმიდას კი ამაზე მეტადაც აკნინებდნენ, ვითარც მონას. ასევე იქცევიან ესენიც (ძველმოწესეებიც), რადგან სამი განსხვავებული, არათანაბარი თითი, ზემოთხსენებულ წყეულ მწვალებელთა მსგავსად, თითქოსდა სამებას წარმოაჩენდეს" (Деяния соборов 1666-1667 гг., л. 32 четвертой фолиации; Субботин, ИИ, с. 271; Доп. АИ, V, № 102, с. 502). ზუსტად ასე ედავებოდა მოგვიანებით ძველმოწესეებს ეგნატე რიმსკი-კორსაკოვი, ციმბირისა და ტობოლსკის მიტროპოლიტი, რომელიც თავის 1696 წლის ეპისტოლეში ირწმუნება, რომ "დიდი თითი (ცერი) მამა ღმერთის აღმნიშვნელია, საშუალო ძე-ღმერთისა, ხოლო საჩვენებელი სულიწმიდისა" (საინტერესოა სად ამოიკითხა ამგვარი "სიბრძნე" ამ ეგნატემ? - არქიეპ. პ.). მსგავსი არგუმენტაციაა გამოთქმული სიმეონ პოლოცკის "სამწყსო კვერთხში" ("Жезл правления") (იხ. Симеон Полоцкий, 1667, л. 59 (обличение и возобличение 21-е) და ხოლმოგორელი არქიეპისკოპოსის ათანასეს "სულიერ დარიგებაში" ("Увет духовный") (Афанасий Холмогорский, 1682, л. 133 об.).
______________

ცნობილია, რომ 1666-1667 წლებში, პატრიარქ ნიკონთან დაკავშირებულ საკითხთა გამო მოსკოვში მოიწვიეს ე. წ. დიდი კრება, რომელზეც განიხილეს იქნა ძველმოწესეთა საკითხიც. კრებამ მოიწონა პატრიარქ ნიკონის რეფორმა, ხოლო ყველა, ვინც ამ რეფორმას არ ღებულობდა, როგორც მწვალებლები და დაუმორჩილებლები, ანათემას გადასცა (ციტ. იქვე).

1667 წლის მოსკოვის დიდმა კრებამ ძველმოწესეების მიმართ სულ სხვა პოზიცია დაიკავა, ვიდრე მოსკოვის 1666 წლის იერარქთა კრებამ. 1667 წლის კრების სხდომებს, რომელსაც პატრიარქ პაისი ალექსანდრიელთან ერთად პატრიარქი მაკარი ანტიოქიელიც ხელმძღვანელობდა, ძველმოწესეობასთან დაკავშირებით, ანტიოქიელ პატრიარქ მაკარისა და 1656 წლის მოსკოვის კრების სულისკვეთებით, თავისი საბოლოო განაჩენი გამოიტანა. კრებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო კიდევ იმიტომ, რომ ძველმოწესეებს უყურებდნენ, როგორც მწვალებლებს. ამის დასტურს ვპოულობთ 1667 წლის კრების "საქმეებში", სადაც ორი თითით პირჯვრისწერის მიმართ ბუკვალურად ნათქვამია შემდეგი: "ყველამ იცის, რომ ვინც წმიდა სამებაში აღიარებს არათანასწორობას, როგორც არიანელნი და ნესტორიანელნი, ასევე სულიწმიდის მგმობელნი და აპოლინარიელნი და სხვა მწვალებელნი, წყეულნი არიან" ("Всем убо явлено есть, яко исповедаше во Святей Троице неравенство, яко ариане, и несториане, и духоборцы, и аполлинариане и прочии проклятии еретицы") (ციტ. იქვე).

ამრიგად, როგორც ვხედავთ, ძველმართლმადიდებლებს კი არ გამოუჩენიათ "ორ-თითობითი სიკერპე", როგორც ე. ჭელიძე ირწმუნება, არამედ რეფორმის პროცესში და შემდეგაც "სამ-თითობითი სიკერპე" გამოუჩენიათ პატრიარქ ნიკონს და რეფორმის მომხრე ბერძენ იერარქებს, რომლებმაც განაცხადეს, თითქოსდა სამი თითით პირჯვრისწერა ყოფილიყო "მოციქულთაგან მომდინარე ერთადერთი "დოგმატური" ჩვეულება"".

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ორი თითით პირჯვრისწერის არათუ სამოციქულო, არამედ უფლისმიერ წარმომავლობას ამტკიცებს თვით უძველესი, მართლმადიდებლური ეკლესია და არა რომელიმე "სტაროვერი", როგორც ეს ე. ჭელიძეს ჰგონია. ამ მხრივ, მოსკოვის 1667 წლის კრების ზემოთ ხსენებული დადგენილება თითქოსდა სამი თითით პირჯვრისწერა მომდინარეობდეს მოციქულთაგან და კრება წყევლა-კრულვით "უკაფავს გზას" ამ სიყალბეს, ულმობლად შეურაცხყოფს ძველ ეკლესიასაც, რადგან მას არასოდეს მიუღია დადგენილება სამი თითით პირჯვრისწერის ან კურთხევის გაცემის შესახებ და არც არსად გამოუხატავს რწმენა, რომ სამი თითით პირჯვრისწერა მოციქულთა გადმოცემაა.

ხოლო იმ დადგენილებებში, რომელიც მას მიუღია, არაფერია ნათქვამი არც სამთითიან წყობაზე და არც სახელობითზე (რომლითაც გამოისახება ლიტერები: Iჩ Xჩ). მეტიც, მის დადგენილებებში გამოხატულია სწორედ იმისი რწმენა, რომ ორი თითით პირჯვრისწერა მომდინარეობს თვით მაცხოვრისგან. აი, რას ეწინააღმდეგება მოსკოვის 1667 წლის სწავლებანი.

მკითხველი აუცილებლად დაინტერესდება, თუ რის საფუძველზე ვამტკიცებთ, რომ, უძველესი ეკლესიის გადმოცემით, ორი თითით პირჯვრისწერა უფლისგან და მოციქულებისგან გადმოგვეცა. ეს რწმენა გამოხატულია ფორმულაში, რომელიც მართლმადიდებლობისკენ მოქცეულმა მონოფიზიტმა უნდა წარმოთქვას. ფორმულა ასეთია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება". ხოლო მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ მონოფიზიტთა მიღების სრული წეს-განგება მოცემულია არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში" (ასევე ძველსლავურ კურთხევანებში). მოგვიანებით მოსკოვის ასმუხლიანმა კრებამ ("სტოგლავმა" - რუს. Стоглавый собор) 1551 წელს სიტყვა სიტყვით მიიღო იგივე დადგენილება. აშკარაა, რომ მას ეს ფორმულა აღებული აქვს უძველესი კურთხევანებიდან. სლავურად იგი ასე ჟღერს: "Аще ли кто двема персты не благословляет, якоже и Христос, или не воображает двема персты крестнаго знамения, да будет проклят святии отцы рекоша" (Стоглав. Гл. 31 (ЛА). Изд. второе. Казань 1887 г., стр. 64) ("როგორც წმიდა მამებმა ბრძანეს, ვინც ორი თითით არ აკურთხებს, ვითარ ქრისტე, ან ორი თითით არ გამოისახავს პირჯვარს, დე წყეულ იყოს").

მკითხველი ალბათ დაინტერესდება, თუ სად შეიძლებოდა, როგორც ასმუხლიანი კრება ბრძანებს, წმიდა მამებს გამოეთქვათ ამგვარი ანათემა და რა მიზნით? და ასევე, რა შინაარსს ატარებს მოცემული ანათემატიზმა და რატომ არის ის შეტანილი არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში"?

ამის პასუხს გვაძლევს ქ-ნ მაია რაფავას პუბლიკაცია "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი" (იხ. საქ. სსრ. მეცნ. აკადემიის მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. თბილისი 1975 წ. № 1. გვ. 17-31). ქ-ნი მაია რაფავა "დოგმატიკონში" არსებულ ანტიმონოფიზიტურ ტრაქტატთან დაკავშირებით წერს: "ძველ ქართულ მწერლობაში სათანადოდ აისახა სომხურ მონოფიზიტობასთან უთანხმოებისა და ბრძოლის სურათი. ეს მხოლოდ ბერძნული ეკლესიის სიტორიაში  მომხდარი ფაქტების განმეორება და გამოძახილი არ იყო. ქართულ სინამდვილეში ამ უთანხმოებას საკუთარი ორგანული საფუძველი გააჩნდა, რაც ქართული ქალკედონური და სომხური ანტიქალკედონური აღმსარებლობის მატარებელთა მეზობლობითა და უშუალო კონტაქტებით იყო გამოწვეული. ამდენად, სომხური მონოფიზიტური მოძღვრების კრიტიკას ქართული ეკლესიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

ეს ვითარება შესანიშნავად აისახა არსენი იყალთოელის "დოგმატიკონში". კრებულში სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ მიმართული 8 სტატია გვხვდება. ერთ-ერთი მათგანია "შეჩუენებანი იაკობიტთა და ყოველთა ერთბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა" (306რ-307ვ). "დოგმატიკონის" გარდა "შეჩვენება" სხვა კრებულებშიც გვხვდება. იგი დასტურდება 16 ხელნაწერში. ესენია: S
1463 (XI-XII, 248 (XIX), 312 (XVI), 1716 (1830), 3038 (XIX); H 137 (XVII-XIX), 1000 (XVIII); Q 50 (1777); A 64 (XVIII), 124 (XI-XII), 267 (1778), 727 (XVIII), 737 (XIV), 848 (1767), 1086 (XVIII), 1132 (XVIII)".

მეცნიერი ამტკიცებს, რომ "შეჩვენება" თარგმნილია ბერძნულიდან (იქვე. გვ. 17) და ბრძანებს: "ამრიგად, ტექსტი თარგმნილია ბერძნულიდან და მთარგმნელად ივარაუდება არსენი იყალთოელი" (იქვე. გვ. 18).

"შეჩვენების" ტექსტის საღვთისმსახურებო დანიშნულება განისაზღვრება მწვალებელთა მიღების წესით. ანუ არსენის "შეჩვენება" "წარმოადგენს მწვალებელთ მიღების წესს, ოღონდ ეს წესი ითვალისწინებს მხოლოდ სომეხ-იაკობიტთა მიღებას ეკლესიის წიაღში" (იქვე. გვ. 20). "შეჩვენების" ტექსტის წყაროსთან დაკავშირებით მეცნიერი აღნიშნავს, რომ მისი წყარო კურთხევანია (13).

"და მართლაც, არსენის "შეჩვენებას" თავისი დედანი ბერძნულ ევხოლოგიონში ანუ კურთხევანში დაეძებნა. ეს არის სინას ბიბლიოთეკის № 980 ხელნაწერი... ქართული ტექსტი ზუსტად მისდევს ბერძნულს ზოგიერთი სხვაობის გარდა... სხვაობა ბერძნულ ორიგინალსა და ქართულ თარგმანს შორის უთუოდ რედაქციული ხასიათისაა. როგორც ჩანს, ქართულ თარგმანს სხვა ბერძნული რედაქცია უდევს საფუძვლად. საკონტროლოდ ამ შემთხვევაში სხვა რომელიმე თარგმანი გამოდგებოდა და მართლაც, აღმოჩნდა "შეჩვენების" სლავური თარგმანიც. ორ სლავურ ხელნაწერში დადასტურდა "შეჩვენების" ტექსტი. ერთია მოსკოვის სინოდალური ბიბლიოთეკის № 310 ხელნაწერი (16-ე ს-ისა), მეორე - სოლოვიოვის ბიბლიოთეკისა, № 475). სლავური თარგმანი გამოყენებული აქვს ა. დიმიტრიევსკის. საყურადღებოა ავტორის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ ეს წესი საგანგებო ინტერესს იწვევს. იგი წარმოადგენს ორიგინალს XVI ს. რუსულ ღვთისმსახურებაში ცნობილი წესისა" (იქვე. გვ. 21).

"კერძო ღვთისმსახურების წესთაგან საგანგებო ყურადღებას იმსახურებს მეცნიერებაში აქამდე უცნობი წესები: Per> }Armen<on kai }Iakobitwn სტატია: "Per> }Armen<on" წარმოადგენს ორიგინალს ჩვენი ძეგლებით ცნობილი წესისათვის "Аще кто в ереси быв, крещен сый к Богу обратися либо хвалисин, ли жид, ли еретик кто", საიდანაც მრავალთავში შევიდა დადგენილება პირჯვრისწერის თაობაზე" (იქვე. გვ. 21. იხ. აგრეთვე ქ-ნ მაია რაფავას მიერ მითითებული წყარო: А. Дмитриевский. Богослужение в русской церкви в XVI веке. Ч. I, გვ. 54-60) (14).


______________

13. კურთხევანი - ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა ლოცვათა ან კურთხევათა საშუალებით განწმენდის წესები. კურთხევანის მიხედვით სრულდება ნათვლა, საეკლესიო ქორწინება, მიცვალებულის წესის აგება და სხვა.

14. დიმიტრიევსკის ნაშრომში ხსენებული დოკუმენტი განთავსებულია არა ძირითადი ნაშრომის (Богослужение в русской церкви в XVI веке. Ч. I) 54-60-ე გვერდებზე, არამედ განყოფილებაში "Дополнения и поправки", რომელსაც გვერდების თავისი ნუმერაცია აქვს. აი, ამ განყოფილების 54-60-ე გვერდებზეა განთავსებული მწვალებელთა მიღების ზემოთხსენებული წესი: "Аще кто в ереси быв, крещен сый к Богу обратися либо хвалисин, ли жид, ли еретик кто". სწორედ ამ წეს-განგებაში ვხვდებით იმავე განწესებას, რაც მოცემულია არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში" და რომელიც შემდეგ გაიმეორა ასმუხლიანმა კრებამ, როდესაც ამბობდა, რომ მსგავსი შეჩვენება წმიდა მამათაგან ჰქონდათ მიღებული. აი პირჯვრისწერასთან დაკავშირებული ანათემატიზმა ამ წეს-განგებიდან: "Иже не крестится двема перстома якож и Христос, да будет проклят" (ქართ. თარგმ.: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება") (იხ. А. Дмитриевский. Богослужение в русской церкви в XVI веке. Ч. I. Дополнения и поправки. Стр. 54-60).

______________

მაია რაფავას დასკვნით, "როგორც სლავურ, ისე ქართულ თარგმანებს სხვადასხვა ბერძნული ორიგინალი უდევთ საფუძვლად, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი ბერძნული ტექსტია ევხოლოგიონიდან" (იქვე. გვ. 22). აქვე ვკითხულობთ, რომ ქართული თარგმანს დასახელებული კურთხევანის ბერძნული დედნისგან განასხვავებს ის, რომ: "1) "შეჩვენებას" არა აქვს ისეთი დაკანონებული შესავალი, რაც ყველა წესსა და კანონს აქვს და აქვს ბერძნულ კურთხევანში არსებულ წესსაც. 2) ნაწარმოების სათაურია: "შეჩუენებანი იაკობიტთა და ყოველთა ერთბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა". ასეთი დასათაურება, განსხვავებით კურთხევანის სხვა ცნობილი დასათაურებებისგან, როგორიც გააჩნია მწვალებლობისგან მოქცეულის მიღების წესს, განპირობებულია იმით, რომ "ჩვენს ნაწარმოებს (ანუ არსენ იყალთოელის "შეჩუენებას..." - არქიეპ. პ.) სხვა მიზანდასახულობა აქვს, კერძოდ პოლემიკურ-დოგმატიკური და 3) ხელნაწერთა უმრავლესობაში (გვიანი დროის ხელნაწერებში) შეჩვენებას არ ახლავს რიტუალის აღმნიშვნელი ტექსტი. იმის შემდეგ, რაც ჩამოთვლილია ბრალდებები, რისთვისაც ანათემა ეცხადებათ მწვალებლებს და მოცემული ზოგადი ხასიათის დასკვნა ორთოდოქსალური დოქტრინისა და წმ. სამების შესახებ, იკითხება ტრაფარეტული ფრაზა: "დიდებასა აღავლენს ჭეშმარიტისა ღმრთისა და მამისა და ჭეშმარიტისა ღმრთისა და ძისა ყოვლად წმიდითა და ცხოველსმყოფელი სულითა, უკუნისამდე!" (იქვე. გვ. 23-24).

"ასეა თუ ისე, - განაგრძობს შემდეგ მეცნიერი, - არსენი იყალთოელის "შეჩვენება" სომეხ მონოფიზიტთა მიღების წესში მომხდარ ამ სახეცვლილებას ასახავს. ქართულმა ნუსხებმა გამოავლინეს ბერძნულში ორგვარი სახის ტექსტის არსებობა: ვრცელი, როგორც ის დასტურდება ადრინდელ ნუსხებში, და მოკლე, როგორიც ის არის გვიანი დროის ხელნაწერებში" (იქვე. გვ. 25).

"შეჩვენების" რომელი ვარიანტი თარგმნა არსენ იყალთოელმა?" (იქვე).

მეცნიერი ასახელებს ორ ვარიანტს, რომლის სიტყვასიტყვით გადმოცემას აქ არ შევუდგებით, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ ის იზიარებს იმ ვარაუდს, რომლის მიხედვითაც: "არსენი იყალთოელს თავიდანვე ხელთ ჰქონდა "შეჩვენების" ვრცელი რედაქციის ბერძნული ნუსხა. მაგრამ მისი, როგორც მთარგმნელის და "დოგმატიკონის" შემდგენლის, მიზანი იყო, მოეცა სომეხ მონოფიზიტთა წინააღმდეგ მიმართული დამოუკიდებელი ნაწარმოები, ამდენად, წესისა და განგებისთვის მიეცა მხოლოდ თეორიულ-პოლემიკური ხასიათი ლიტურგიკული შინაარსის გარეშე. ამ მიზნით მან სათაურსა და შესავალში ასეთი ნაწარმოების სტილის შესაფერისი ცვლილებები შეიტანა. ამ ვარაუდს თითქოს მხარს უჭერს ის გარემოება, რომ "დოგმატიკონის" შედგენის დროისთვის (XI ს. ბოლო - XII ს. დასაწყისი) მკვეთრად გამოისახა ტენდენცია: სომხურ მონოფიზიტებთან მწვავე პოლემიკური ტონით ბრძოლისა" (იქვე).
"ასეა თუ ისე, - წერს ხსენებული მეცნიერი, - დასკვნა ერთია: "შეჩვენება" ბერძნულადვე არსებობდა მოკლე და ვრცელი ვარიანტის სახით. არსენი იყალთოელმა თარგმნა ტექსტის ორივე ნაწილი - როგორც ანათემები, ისე რიტუალის ტექსტიც" (იქვე. გვ. 26).

მაია რაფავას აზრით "შეჩვენების" დაწერის ქრონოლოგიურ საზღვრებად მიჩნეულია IX-XI საუკუნეები. "... "შეჩვენება" დაწერილი უნდა იყოს IX-XI სს.-ში. ამაზე მეტად დავიწროვება ქრონოლოგიური ჩარჩოებისა ჯერჯერობით არ ხერხდება".

ამრიგად, ქ-ნი მაია რაფავას დასკვნებს თუ შევაჯამებთ, მივიღებთ ასეთ სურათს: არსენ იყალთოელის მიერ ნათარგმნი ტექსტი, რომლის სახელწოდებაა: "შეჩუენებანი იაკობიტთა და ყოველთა ერთბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა" ბერძნული წარმომავლობისაა.

1. "ტექსტი თარგმნილია ბერძნულიდან და მთარგმნელად ივარაუდება არსენი იყალთოელი" (იქვე. გვ. 18).

2. ""შეჩვენების" ტექსტის საღვთისმსახურებო დანიშნულება განისაზღვრება მწვალებელთა მიღების წესით. ანუ არსენის "შეჩვენება" "წარმოადგენს მწვალებელთ მიღების წესს, ოღონდ ეს წესი ითვალისწინებს მხოლოდ სომეხ-იაკობიტთა მიღებას ეკლესიის წიაღში" (იქვე. გვ. 20).

3. "შეჩვენების" წყარო კურთხევანია.

4. ტექსტს გააჩნია პოლემიკურ-დოგმატიკური მიზანდასახულობა.

5. "შეჩვენების" დაწერის ქრონოლოგიურ საზღვრებად მიჩნეულია IX-XI საუკუნეები.

ამრიგად, შეჩვენების ფორმულა "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება", რომელიც შევიდა როგორც არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში", ასევე სლავურ "კურთხევანებში", ბერძნული წარმომავლობისა ყოფილა. მისი თავწყარო ბერძნული "ევქოლოგიონია".

ახლა ვიკითხოთ: რა მნიშვნელობა ენიჭება თვით არსენ იყალთოელის "დოგმატიკონს" და მასში შეტანილ ანტიმონოფიზიტთა წინააღმდეგ მიმართულ პოლემიკურ თხზულებებს?

"დოგმატიკონი" არის არსენ იყალთოელის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაშრომი, "ფილოსოფიური და პოლემიკურ-დოგმატური ტრაქტატების კრებული". როგორც კ. კეკელიძე წერს, ამ ძეგლში თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საჭირო იყო ქართველებისთვის, "ქრისტეანობის დოგმატურ-ფილოსოფიური შინაარსის შესაგნებად" (კ. კეკელიძე. "ქართული ლიტერატურის ისტორია". I, გვ. 278. ციტ. ივ. ლოლაშვილი. "არსენ იყალთოელი". თბილისი, 1978 წ. გვ. 104). ამიტომაც, მის შესამკობად შეუთხზავთ იამბიკოც:


"დოგმატიკონი ვარ მე წიგნი რწმენითა,

სჯულთა საღმრთოთა გონების მქონეთა მრთუმელი,

ქრისტეანთა მზეებრ მანათობელი

იუდეანთა და სარკინოზთა მარღვ და

უთაოთა სომეხთა პირის დამხშველი"

სწორედ ამ ნაშრომში შეუტანია არსენს მონოფიზიტთა ეკლესიაში მიღების წესიც სათაურით: "შეჩვენებაი იაკობიტთა და ყოველთა ერთბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა", რომელიც, ქართველ მეცნიერთა აზრით, უეჭველად IX-XI საუკუნეებშია შედგენილი.

არსენ იყალთოელის "დოგმატიკონზე" განმარტებას იძლევა თვით ე. ჭელიძე, რომელმაც საპატრიარქოს ტელევიზიით გამოსვლისას, გადაცემაში "ერთსულოვნების სალონი" (2015.01.06.) არსენ იყალთოელის "დოგმატიკონის" მნიშვნელობაზე განაცხადა (გთავაზობთ სტენოგრამას): "თავად ამ ძეგლის მნიშვნელობა სახელწოდებაშივეა გამოკვეთილი. ძეგლი, რომელსაც "დოგმატიკონი" ეწოდება, ერისთვის (თუ ეროვნული გაგებით ვიტყვით) და საეკლესიო ისტორიისთვის აბსოლუტურად იმავე მნიშვნელობის მატარებელია, რისაც საზოგადოდ ჭეშმარიტ მოძღვრებაში და ეკლესიის ისტორიაში დოგმატიკა. დოგმატიკაა ის გვირგვინი საეკლესიო მოღვაწეობისა, ის მწვერვალი, რომლითაც აბსოლუტურად ყველაფერს მნიშვნელობა ეძლევა. საკმარისია რაიმე სახეობას, გნებავთ ქრისტიანულ მოღვაწეობას ან საკუთრივ მღვდელმსახურებით მოღვაწეობას მოაკლდეს დოგმატური უცთომელობა, რომ ის აბსოლუტურად კარგავს მნიშვნელობას, თავად დოგმატური და საეკლესიო გაგებით. ეს იქნება მარტვილური ხვედრი, ეს იქნება ასკეტური მოღვაწეობა, ეს იქნება მწიგნობრული მოღვაწეობა თუ სხვა, აბსოლუტურად ყველაფერი არა მხოლოდ მნიშვნელობას კარგავს, პირიქით, წარწყმედის გზაზე დგება, თუ მას დოგმატური უცთომელობა მოაკლდება. ამიტომ ითვლება დოგმატიკა საზოგადოდ გვირგვინად საეკლესიო მოღვაწეობისა... დაუცხრომელი დამაშვრალობა ეკლესიის მამებისა ... და საუკუნეთა მანძილზე მთელი ეს მონაპოვარი მართლმადიდებელი ეკლესიისა ... VIII საუკუნის შუაწლებში პირველად წმიდა იოანე დამასკელმა თავის სწორუპვარ დოგმატურ სახელმძღვანელოში შეაჯამა.

ანალოგიური ღვაწლი გასწია თარგმანების სახით XI საუკუნის მიწურულისა და XII საუკუნის დამდეგს წმინდა არსენ იყალთოელმა, რომელმაც მთელი ეს დოგმატური საუნჯე, როგორც გვირგვინი და ერთადერთი ცხოველმყოფელობითი სულიერი რამ ძალა, ასეთ საუნჯედ ჩვენ მოგვიმუშაკა, ... რითაც ამ დოგმატიკის, ამ კრებულის შედგენით და ამ კრებულის ჩვენდამი დატოვებით არსენ იყალთოელმა, პარალელს თუ გავავლებთ, ზედმიწევნით იგივე სულიერი ღვაწლი გასწია ღვთის წინაშე, რაც, მაგალითად, ბერძნულმა და სხვა ენებზე საყოველთაოდ ცნობილმა ძეგლმა, VII მსოფლიო კრების დოგმატურმა დანართმა, რომელსაც მართლმადიდებლობის სინოდიკონი ეწოდება და რომლის მნიშვნელობა ... კიდევ უფრო ცხადი გახდება... რამეთუ ეს ძეგლი თავის დროზე ყოველთვის ლიტურგიკული ძეგლი იყო, დიდმარხვის პირველ კვირიაკეს მართლმადიდებლობის ზეიმზე იკითხება და ტრიოდიონში, მარხვანში შედიოდა. ამ გაგებითვე ითარგმნა ის თავის დროზე ექვთიმე მთაწმინდელისგან, მაგრამ ეს ძეგლი არის თანამდევი, მართლმადიდებლობის სინოდიკონზე მოგახსენებთ, თავის თავში გამაერთიანებელი ყველა დოგმატური და ანტიერეტიკული საეკლესიო განჩინებისა, დაწყებული მსოფლიო კრებებით და დაგვირგვინებული წმიდა გრიგოლ პალამას მოღვაწეობით, მთელი ეპოქალური გაერთიანება ჭეშმარიტი სწავლებისა.

არსენ იყალთოელმა მხოლოდ ის ძეგლები შემოკრიბა ამ ძეგლში
(იგულისხმება "დოგმატიკონი" - არქიეპ. პ.), რომელთა დასკვნებსაც გამოკვეთილად დოგმატური ღირებულება აქვთ ... მთელი კრებულის მნიშვნელობა იმავე ანდრძით შეიძლება წარმოჩნდეს, როდესაც პირველ ძეგლს "დოგმატიკონისას", როგორც მნიშვნელობით, ამ კუთხით, ყველაზე გამორჩეულს დოგმატური მიზანდასახულობით, მან, არსენ იყალთოელმა, ბოლოში ამგვარი შეფასება მისცა: ეს არის კერძოდ წმიდა ანასტასი სინელის სახელწოდებითაც გამორჩეული "წინამძღვარი", რომ ეს ჭეშმარიტად წინამძღვარია ეკლესიისა. რატომ? იმიტომ, რომ ესაა ის ძეგლი და ესაა ის თვალი, რითაც ხედავს ეკლესია; ესაა ის ბაგე, რითაც მეტყველებს ეკლესია; ესაა ის სასმენელი, რითაც ისმენს ეკლესია; ესაა ის საყნოსელი, რითაც იყნოსავს ეკლესია კეთილსურნელებას მადლისას და ესაა ის ისარი, რითაც ეკლესია განგმირავს გესლიანთა მხეცთა სიბოროტესა. ეს მან "წინამძღვარს" დაურთო, მაგრამ მთელი "დოგმატიკონი" ამგვარი გახლავთ. ესაა "დოგმატიკონის" სულიერი რაობა, გამოკვეთილი მნიშვნელობა იმ გაუკუღმართებულ და ცხონების გზიდან გადამდრეკ სწავლებათა აღმოსაფხვრელად, რაც ყოველთვის იყო არა მხოლოდ XII საუკუნეში, რაც, სამწუხაროდ, ვიდრე ეს ყოფა გრძელდება, კვლავ შენარჩუნებულია, დღესაც გახლავთ და დღესაც "დოგმატიკონის" მნიშვნელობა არანაკლებ, თუ ამ ტერმინს გამოვიყენებთ, აქტუალურია, როგორც თავის დროზე იყო.

ნებისმიერი ის მწვალებლობა, რაც ამომწურავად, ძირფესვიანად არის მხილებული და დაგმობილი ამ ძეგლში, იქნება ეს ნესტორიანიზმი და მისი ქვესახეობანი, მონოფიზიტობა და მისი ქვესახეობანი, ორიგენიზმის ცალკეული გამოვლინებანი, ანტიკათოლიკური პირველი ძეგლი მასშია და სხვა და სხვა, აი ეს ყველაფერი, დღესაც კვლავ აქტუალურია და დღეს კიდევ მეტად აქტუალურია იმიტომ, რომ ეს შტრიხები, აი, ეს მწვალებლური გაუკუღმართებანი, სამწუხაროდ გარეგნულად მართლმადიდებლურ მრევლშიც ძალიან მკვეთრად იჩენს თავს, იმიტომ რომ ადამიანს თავისი სარწმუნოება არ გაუზომავს, მას არა აქვს, როგორც ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ბერ-მონაზვნობაზე ვსაუბრობდით, ... საზომი, რომ გაზომო და ხშირად პირადი ინიციატივით იწყებ რაღაცას. ... მას არ გაუზომავს თავისი რწმენის მართებულობა, არის თუ არა ეს ჭეშმარიტი ქალკედონიზმი თუ ეს არის რაღაც ცრუ დიოფიზიტობა ნესტორიანიზმისა, თუ ეს არის ცრუ აღმსარებლობა ერთპიროვნებისა, მონოფიზიტობისა და სხვა. ეს არის საზომი სარწმუნოებისა. ჩვენ ასე შეგვიძლია ვთქვათ, "დოგმატიკონი", ეს არის კრებული უკლებლივ ყველა, ოდნავ მაინც მნიშვნელობის მქონე გაუკუღმართებასთან დაკავშირებით; თუ დავეუფლებით ჩვენ ამ ძეგლს, თუ შევისწავლით, თუ დავამკვიდრებთ სასწავლებელში, რომ შეისწავლებოდეს ეს ძეგლი, როგორც სისტემური კურსი მაცხოვნებელი მოძღვრების დოგმატური ფორმულირებისა, ყველა ისარსა და გესლს თავიდან განვირიდებთ და ჩვენ შევძლებთ ჩვენს თავში შევამოწმოთ სარწმუნოება - ვართ კი მართლმადიდებელნი, როგორც ამას ჩვენც ვფიქრობთ, თითქოს გვწამს და გვგონია ასეა, თუ რომელიღაც სარწმუნოების გესლით ვართ იმდენად მოწამლულნი, რომ ეს ვერ გაგვიცნობიერებია.

ასე რომ, ეს გახლავთ საზომი სარწმუნოებისა, იყო ყოველთვის, დღესაც უეჭველად არის და ამიტომ ის ღვაწლი, რაც ამ ძეგლის ტექსტობრივ გამოცემასთან დაკავშირებით არის განხორციელებული, ეს არის უაღრესად დასაფასებელი და რა თქმა უნდა ხელშესაწყობი და ყველანაირად ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი"
("ერთსულოვნების სალონი". 2015.06.01)

წყარო: "ერთსულოვნების სალონი - დოგმატიკონი - მივიწყებული საგანძური" https://www.youtube.com/watch?v=mtEDruJbKaE (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

კითხვაზე, რა დანიშნულება ჰქონდა დოგმატიკონს - ეს იყო სახელმძღვანელო ეკლესიისთვის თუ კიდევ სხვა რაიმე დანიშნულების? - ე. ჭელიძე პასუხობს: "არსენ იყალთოელს აქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი მიზანდასახულობა - აიღოს პირადი პასუხისმგებლობა ქართულ ენაზე დოგმატური ძეგლების სრული კორპუსის შექმნისა ყველა მნიშვნელოვან გაუკუღმართებასთან დაკავშირებით. მეცნიერულ ველზე არის გარკვეული პაექრობანი, არის თუ არა ეს ძეგლი მისი თარგმნილი ... ერთი რამ ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად გამოკვეთილად ვთქვათ, რომ კრებულის არქეტიპი, რაც უშუალოდ არსენმა შეადგინა ყველა ძეგლის მიხედვით, აუცილებლად მისი თარგმანი იქნებოდა, გამომდინარე იმ ზოგადი პრინციპისგან, რაც აბსოლუტურად გამჭვირვალეა: მას არც ერთი სხვისი თარგმანი იქ არ შეაქვს. არა იმიტომ, რომ თავისი თარგმანის გამოჩინება უნდა - პასუხისმგებლობას იღებს ყველა თარგმანზე. როცა დოგმატურ ძეგლს ან თარგმნი, ან დოგმატურ ძეგლს შენ თვითონ ადგენ, ან კრებულს ადგენ, უდიდესი პასუხისმგებლობა გმართებს. ნებისმიერი სხვა ჟანრი სხვა პასუხისმგებლობის დამტევია, მაგრამ ეს პირდაპირ უკავშირდება საეკლესიო სწავლებით ცხონების საქმეს და იქ ყველაფერი არის უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე. ერთი სიტყვის ცთომილებაც კი თარგმანში შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ამიტომ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ... მას ეფრემ მცირის თარგმანიც კი არ შეაქვს. რამდენიმე ათეული წლის წინ თვითონ მონაწილეობდა იმ თარგმანში, ანდერძში იხსენიება. როდესაც ჩვენმა უდიდესმა მოძღვარმა ეფრემ მცირემ თარგმნა იოანე დამასკელის ცნობილი გარდამოცემა, ეფრემი თვითონვე ადგენდა კრებულებს, მაგრამ მას შეჰქონდა სხვა თარგმანები, მათ შორის ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანები და სხვა, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. არსენი ასე არ იქცევა. არა იმიტომ, რომ ვინმეს თარგმანს უგულებელყოფს, ეს ყოვლად შეუძლებელია, არამედ ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ყველა ტექსტზე, რომლებიც კი აი ამ კრებულში ერთიანდება. ... ანუ დანიშნულება ამ ძეგლისა იყო, ერთის მხრივ გამოკვეთილი, რომ ჭეშმარიტი დოგმატური სწავლება დაფუძნებულიყო ქართულ ენაზე... ქართულ ენაზე მთელი საეკლესიო დოგმატიკა თავისი ურყევი და უზედმიწევნითესი ტერმინებით დადგენილი და ფორმულირებული უკვე მისწოდებოდა მკითხველს და მეორე, ეს სკოლარულად დაფუძნებულიყო" (ერთსულოვნების სალონი. 2015.06.01.  https://www.youtube.com/watch?v=mtEDruJbKaE) (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

ამრიგად, ე. ჭელიძე სრულიად მკაფიოდ განგვისაზღვრავს წმ. არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილი და "დოგმატიკონად" წოდებული კრებულის შინაარსსა და მნიშვნელობას:

1. ეს არის დოგმატური შინაარსის შემცველი ტექსტების კრებული, რომელსაც მიზნად აქვს მწვალებელთა მხილება. ე. ჭელიძის თქმით, "მთელი "დოგმატიკონი" ამგვარი გახლავთ. ეს არის "დოგმატიკონის" სულიერი რაობა, გამოკვეთილი მნიშვნელობა იმ გაუკუღმართებულ და ცხონების გზიდან გადამდრეკ სწავლებათა აღმოსაფხვრელად, რაც ყოველთვის იყო არა მხოლოდ XII საუკუნეში", არამედ, "კვლავ შენარჩუნებულია, დღესაც გახლავთ", რის გამოც "დღესაც "დოგმატიკონის" მნიშვნელობა არანაკლებ აქტუალურია, როგორც თავის დროზე იყო" (იქვე).

2. მეტიც, არსენ იყალთოელის "დოგმატიკონის" მნიშვნელობა, ჩვენი ოპონენტის განცხადებით, "დღეს კიდევ მეტად აქტუალურია იმიტომ, რომ ეს მწვალებლური გაუკუღმართებანი, სამწუხაროდ, გარეგნულად მართლმადიდებლურ მრევლშიც ძალიან მკვეთრად იჩენს თავს, იმიტომ, რომ ეს არის საზომი სარწმუნოებისა".
ე. ჭელიძის თქმით, ეს არის კრებული, რომელიც განიხილავს უკლებლივ ყველა, თუნდაც მცირეოდენი მნიშვნელობის მქონე გაუკუღმართებასთან დაკავშირებულ სწავლებას.

როგორც ზემოთ ქ-ნი მაია რაფავას პუბლიკაციიდან ვნახეთ, არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი" შეიცავს სომეხ-იაკობიტთა მამხილებელ წეს-განგებასაც, რომელსაც არსენმა მოაცილა ლიტურგიკული ნაწილი და დაუტოვა ცთომილებათა შეჩვენებანი, რადგან ამ შეჩვენებებს მან მწვალებელთა მამხილებელი პოლემიკური მიზანდასახულობა მიანიჭა. სწორედ ამ შეჩვენებათა შორის გვხვდება ჩვენთვის საინტერესო ორი პუნქტი, რომლიდანაც ერთი ეხება ნათლისღებას და მეორე პირჯვრისწერას.

ნათლისღებასთან დაკავშირებით ნათქვამია: "ვინცა ვინ არა ნათელ-სცეს სამითა შთაყოფითა სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, შეჩუენებულ იყავნ!" და ამ ფორმულაში ერთი სიტყვითაც კი არ არის დაცული დასხმით-პკურებითი "ნათლობა".

პირჯვრისწერასთან დაკავშირებით კი ნათქვამია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება!" (მ. რაფავა. ხს. პუბლ. გვ. 29).

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს ერთი დასკვნა: შთაფლვას ნათლისღებაში და თითების წყობას პირჯვრისწერაში აქვს დოგმატური მნიშვნელობა, რადგან ისინი ასახავენ მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატურ სწავლებას.

ნათლისღებაში შთაფლვით გამოიხატება ქრისტეს ჯვარცმით, სიკვდილის შემდგომი დამარხვითა და მესამე დღეს ბრწყინვალე აღდგომით ადამიანის ცოდვის წყევისგან გამოსყიდვისა და მისი ნათელ-ღების საიდუმლო. ხოლო პირჯვრისწერა-კურთხევის ორთითიანი წყობით - დიოფიზიტურ-ქალკედონიტური აღმსარებლობა.

შთაფლვაც და ორი თითიც ხსენებულ დოგმატურ სწავლებათა გარეგანი გამოხატულებებია, რომელთა დარღვევა ბუნებრივად შლის ამ დოგმატებთან სწორ მიმართებას და გარდაქმნის მათ, "უკეთეს" შემთხვევაში, არაფრის მაქნის ქმედებად, ხოლო უარეს შემთხვევაში (და ასეც არის) - მწვალებლური, მართლმადიდებლური დოგმატიკის საწინააღმდეგო შეხედულების გამოხატულებად.

მაშ, თუკი იაკობიტელთა მწვალებლობა მონოფიზიტობის ნაშიერია, რაც კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქის სახელს უკავშირდება, უეჭველია, რომ მონოფიზიტთა და იაკობიტთა მიღების წესიც, იმავე დროს და იქვე, კონსტანტინოპოლში უნდა ყოფილიყო დადგენილი, რასაც ადასტურებენ ცნობილი რუსი მეცნიერები და მკვლევრები. ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა ის, რომ ქართული ეკლესიაც, ბერძნულის დარად, ზემოხსენეულ მწვალებელთა მიღებისას ამ წესით სარგებლობდა. როგორც უკვე ვნახეთ, ეს წესი არსენ იყალთოელის "დოგმატიკონშია" მოცემული და მას ეწოდება "შეჩუენებაი იაკობიტთა და ყოველთა ერთ ბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა".

ტექსტში, რომელიც ბერძნულიდან არის თარგმნილი, ჩამოთვლილია იაკობიტური (და მონოფიზიტური) ცთომილებანი, რომელთაც ანათემას უთვლის ამ მწვალებლობიდან მართლმადიდებლობად მოქცეული ქრისტეანი. მასში ნათქვამია: "რომელი საძაგელისა მისგან წვალებისა იკობიტთა და ხაჩეცართაისა უბიწოსა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა სარწმუნოებასა ყოვლითა სულითა და გულითა მოუხდებოდის, შეჩუენებაი თანა-აც ყოველთავე აქა მოხსენებულთაი". მათ შორის:

"ვინცა ვინ არა ნათელსცეს სამითა შთაფლვითა სახელსა ზედა მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, შეჩვენებულ იყავნ!"

"ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება!" (მაია რაფავა. "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი". ჟურნ. "მაცნე". ენისა და ლიტერატურის სერია. 1975 წ. # 1. გვ. 29).

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მონოფიზიტთა მიღების წესში არსებული ყველა ბრალდება, - რომელიც "შეჩვენებაში" არის გადმოცემული, თეორიულად ცნობილი და პრაქტიკულად დაკანონებული იყო არსენ იყალთოელის დროს. ამას ადასტურებს თვით ეკლესიაში მონოფიზიტთა მიღების ხსენებული წეს-განგება.

აქედან კი გამომდინარეობს, რომ არსენ იყალთოელის დროს ორი თითით ჯვრის გამოსახვა როგორც პირჯვრისწერისთვის, ასევე კურთხევის გასაცემად დოგმატური შინაარსის მატარებელი და ქართულ საეკლესიო პრაქტიკაში დამკვიდრებული წესი გახლდათ. სწორედ ამ წესს უარყოფდნენ მონოფიზიტები (აქედან გამომდინარეობს ბრალდებაც) და, როგორც პროფ. კაპტერევის მოწმობიდანაც ჩანს, თავიანთი დოგმატური შეხედულებისამებრ, კერძოდ ქრისტეს ერთბუნებოვნების აღსანიშნავად, ერთი თითით გამოხატავდნენ ჯვარცმული ქრისტეს აღსარებას.

შეჩვენების მოცემული ფორმულა გამორიცხავს თითების წყობის ყოველ სხვაგვარ კომბინაციას პირჯვრის საწერად ან კურთხევის გასაცემად. მონოფიზიტების მიღების წესში ის იმიტომ აღმოჩნდა, რომ ერთი თითით ჯვრის გარდასახვაში, რომელშიც გამოხატულია მონოფიზიტური სწავლება ქრისტეს ერთბუნებოვნების შესახებ - ჯვარცმული მაცხოვრის ორბუნებოვნების აღსარება დარღვეულია, ხოლო "ასმუხლიანი" კრების (1551 წ.) მიერ ეს კრულვა, ასევე ქრისტოლოგიური და ტრიადოლოგიური დოგმატის დარღვევის საპირისპიროდ, უკვე სამი თითით პირჯვრისმაწერალთა საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული; ეს წვალება იმხანად ვრცელდებოდა რუსეთში. ამის შესახებ წერს ცნობილი მკვლევარი სერგი ზენკოვსკი (1907 - 1990): "...собор решительно настоял, чтобы русская церковь пользовалась древним двухперстным знамением и запретил пользоваться "новым" трехперстным знамением, введенным в греческой церкви в тринадцатом-четырнадцатом веке, которое начало в то время (ე.ი. 1551 წლისთვის, როდესაც მოწვეულ იქნა "ასმუხლიანი" კრება) распространяться и в России" (С. Зенковский. Русское старообрядчество. Москва, "Церковь", 1995 г., стр. 37).

მოკლედ, ცხადია, რომ "სწორედ მონოფიზიტურმა მწვალებლობამ მოიფიქრა ერთი თითით ჯვარცმულის აღსარების გამოსახვა" (Н. Каптерев. Время патриаршества Иосифа, вып. 1, стр. 83. Арсений Уральский. Оправдание старообрядческой святой Христовой Церкви в ответах на притязательные и недоумительные вопросы нашего времени. Яссы, 1887 г., стр. 84). და თუკი ერთი თითით ჯვარცმულის აღსარების გამოსახვა მონოფიზიტთა გამონაგონი ყოფილა, როგორ არის შესაძლებელი ვამტკიცოთ, რომ პირველქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ან აკურთხებდნენ ერთი თითით?!

პირჯვრისწერის წესი რომ უბრალოდ წესი იყოს და არ ახლდეს მას დოგმატური შინაარსი, ანუ არ გამოხატავდეს მასში მოაზრებულ აღმსარებლობით ნიშანს, ვერ მოხვდებოდა მწვალებელთა მიღების წეს-განგებაში და მისი, როგორც მწვალებლობის, შეჩვენებას მწვალებელს ვერ დაავალდებულებდნენ. მაგრამ, რაკიღა პირჯვრისწერის ამ ფორმის დარღვევა შეტანილია სომეხ-იაკობიტთა ეკლესიისკენ მოქცევის წესში, თვით "დოგმატიკონის" დანიშნულებიდან და უშუალოდ სომეხ-იაკობიტთა ეკლესიაში მიღების წეს-განგების დანიშნულებიდან ჩანს, რომ მის შინაარსს სწორედაც რომ დოგმატური მნიშვნელობა აქვს.

ე. ჭელიძის მორიგი სიცრუის მიხედვით, თურმე "არ მოიპოვება საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერის გადაწერის არც ერთი ძველბერძნული მოწმობა. ამიტომ ყველა ის მრისხანე გამონათქვამი თუ წყევლა ორი თითით პირჯვრისწერის უარმყოფელთა მიმართ სრულიად უნიადაგოა, რადგანაც საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერა უცხოა ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990. გვ. 203).

ამ სიცრუის დასამხობად ისიც კი საკმარისია, რაც ზემოთ გადმოვეცით და აღვნიშნეთ, რომ თვით მართლმადიდებლური ეკლესია,  სომეხ-მონოფიზიტთა მიღების წესში განაწესებს რა ანათემატიზმას ორი თითით ჯვრის არგამომსახველთა წინააღმდეგ, ამ წესის გადმოცემას მიაწერს თვით უფალსა და ჩვენს მაცხოვარს იესუ ქრიტეს და ეს გახლავთ წმიდა და ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის ურყევი რწმენა, რომელსაც ბ-ნი ე. ჭელიძე აშკარად არ იზიარებს.

პირჯვრისწერის წესი რომ მოციქულთაგან გადმოგვეცა, ამას არავინ ეჭვობს. როგორც წმ. ბასილი დიდი მოწმობს: "ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას არავინ თვლის საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს. თუ დაუწერელი გადმოცემების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თვით სახარებას ვავნებთ უმთავრეს საკითხებში, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება. თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს, მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ, ვინ გვასწავლა წერილობით?" (წმ. ბასილი დიდის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის 27-ე თავიდან სულიწმიდის შესახებ. იხ. "დიდი რჯულისკანონი". თბილისი. 1976 წ.).

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ, თუ პირჯვრისწერა სამოციქულო გადმოცემაა, მაშინ, ცხადია, პირჯვრის საწერი თითების წყობაც ასევე მოციქულთა გადმოცემას უნდა წარმოადგენდეს, როგორც მოწმობს ღირსი მაქსიმე ბერძენი, რომელიც თავისი წიგნის მე-40 თავში ორი თითით პირჯვრისწერას მოციქულთა საიდუმლო გადმოცემას უწოდებს. მოგვიანებით ორი თითის სამით შემცვლელებმა პირჯვრის საწერი თითების წყობა მოციქულებსვე მიაწერეს, თითქოსდა მათგან და მსოფლიო კრებათა მამათაგან ესწავლოთ იგი. კერძოდ, ნიკონ პატრიარქის განსაკუთრებულ თხოვნაზე, მოეცათ განმარტება პირჯვრის საწერი თითების შესახებ, იმდროინდელმა აღმოსავლელმა იერარქებმა პატრ. მაკარი ანტიოქელმა, მიტროპოლიტებმა: გაბრიელ სერბიელმა, გრიგოლ ნიკიელმა და გედეონ მოლდაველმა მიუგეს: "სარწმუნოების დასაბამიდან მიგვიღია გადმოცემა თვით წმიდა მოციქულთაგან და წმიდა მამათაგან, ასევე შვიდი მსოფლიო კრებისგან პატიოსანი ჯვრის ნიშანი გამოვსახოთ მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით..." (რუს.: "Предания прияхом с начала веры, от свв. Апостол и свв. отец и седми соборов творити знамение честного креста с тремя первыми персты руки..." (Митр. Макарий. История русской церкви, т. 12, стр. 169. Л. Ф. Пичугин. "Старая вера". Москва, 1991 г., стр. 8).

ასე რომ, თვით ახალმოწესე ბერძენი იერარქები და რუსი პატრიარქი ნიკონი, მაკარი ანტიოქელის მეთაურობით მიიჩნევდნენ, რომ სამი თითით პირჯვრისწერა თურმე წმ. მოციქულთაგან მოდის.

ამგვარად, ისინი აღიარებენ, რომ პირჯვრისწერის დროს საჭიროა თითების გარკვეულ წყობად შეკვრა და ეს წყობა მოციქულთაგან გადმოგვეცა. ოღონდ გაბატონებულ "მართლმადიდებელთა" რწმენით, ეს გადმოცემა მდგომარეობს სამი თითით პირჯვრისწერის წესში, ძველმართლმადიდებელთა რწმენით კი ორი თითით პირჯვრისწერის ჩვეულებაში. მაგრამ არიან ისეთებიც (და მათ შორის ე. ჭელიძეც), რომლებიც ფიქრობენ, რომ თავიდან ქრისტეანები პირჯვარს თურმე იწერდნენ ერთი თითით, რითაც არა მარტო მათ მიერვე ავტორიტეტულად აღიარებული მოსკოვის 1667 წლის დიდი კრების მოწინააღმდეგეებად გამოდიან, რომელმაც დაადასტურა 1654-56 წლების დადგენილებები ორი თითით პირჯვრისწერის წინააღმდეგ, (15) არამედ ამავე კრებების საშინელი წყევლა-კრულვისა და ანათემების ქვეშაც ექცევიან, რადგან პატრ. ნიკონის დროინდელი კრება - საწინააღმდეგოდ თანამედროვე ახალმოწესე ღვთისმეტყველთა და მკვლევართა მტკიცებულებისა - დაბეჯითებით და გადაჭრით ირწმუნება, რომ პირჯვარს პირველივე საუკუნიდან იწერდნენ სამი თითით და არა ერთით. მეტიც, ამ კრების "მამები" წყევლა-კრულვას უთვლიან ყველას, ვინც კრების ამ დადგენილებებს არ ეთანხმება.

_______________

15. 1653 წელს, რუსეთის ეკლესიაში, ორი თითით პირჯვრისწერა პატრიარქმა ნიკონმა გაუქმებულად გამოაცხადა. ეს გადაწყვტილება ეპისკოპოსთა კრებამ (გარდა პავლე კოლომნელისა) დაამტკიცა 1654 წელს. ორთითიანი წყობა ოფიციალურად დაგმო რუსეთის ეკლესიამ 1656 წლის 24 თებერვლის კრებაზე, ხოლო 1656 წელს, დიდმარხვის პირველივე კვირას, რომელსაც "მართლმადიდებლობის ზეიმი" ეწოდება, ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიმ, სერბმა პატრიარქმა გაბრიელმა და მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიძინების ტაძარში საზეიმოდ დაწყევლეს ისინი, ვინც პირჯვარს ორი თითით დაიწერდა. 1656 წლის კრების დადგენილება შემდეგ დაამტკიცეს მოსკოვის 1666-1667 წლის კრებებმა. ძველმართლმადიდებლებთან პოლემიკაში ოფიციალური ახალმოწესე "მართლმადიდებლები" ორთითიან წყობას XV საუკუნის მოსკოველ მწიგნობართა გამონაგონს უწოდებდნენ (პროფ. სუბოტინი), ასევე ლათინურ ან სომხურ ჩვეულებას. ორთითიანი წყობის კრიტიკით გამოდიოდა სერაფიმე საროველი და ის წმიდა წეს-განგებების საწინააღმდეგოდ მიაჩნდა (იხ. მისი: "Наставления преподобного Серафима старообрядцам").

http://samoderzhavnaya.ru/pages/nastavleniya_prepodobnogo_serafima_sarovskogo_staroobryadcam (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

მაგრამ ამ ბოლო დროს დაიწყეს მტკიცება, რომ სერაფიმესგან ორთითიანი წყობის განკიცხვა მის თხზულებებში გვიანდელი ჩანართია, "რომელსაც რედაქტირება ვინმე ელაგინმა გაუწია და რომელსაც თვითნებური ჩართვები ძალიან უყვარდა".

_______________




სურათზე: წიგნი "Скрижаль". Печатный двор, X. 1655; дополнительные статьи 2. VI. 1656 (стр. 429)

ასე რომ, წყევლა-კრულვასა და ანათემებს ე. ჭელიძესა და მისი შეხედულების ყველა მოზიარეს, რომლებიც პირჯვრისწერის თავდაპირველ წესად ერთ თითს მიიჩნევენ, უთვლიან არა "სტაროვერები", არამედ თვით მათივე საეკლესიო კრებები, რომლებიც დასაბამიერ წესად სამ თითიან წყობას აღიარებენ; და ასევე ძირძველი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც იაკობიტ-მონოფიზიტთა მიღების წეს-განგებაში შეაჩვენებს ყველას, ვინც კი პირჯვარს არ გადაიწერს ორი თითით, რომელიც წმიდა ეკლესიის რწმენით თვით უფლისა და მაცხოვრისგან მიგვიღია. როგორც პროფ. ბ. უსპენკის წერს: "ანათემის ფორმულა იმეორებდა უფრო ადრინდელ ბერძნულ ტექსტებს, X-XII სს. ბერძნული საღვთისმსახურებო კრებულებს, რომლებიც ცნობილია "ევქოლოგიონის" სახელწოდებით (Успенский Б. А. Крестное знамение и сакральное пространство. Почему православные крестятся справа налево, а католики - слева направо? Москва: Языки славянской культуры, 2004. С.160. IშBN 5-9551-0033-4 стр. 101) из греческих богослужебных сборников Евхологиев X-XII веков, переведенных на славянский, из чинопоследования: "Απόταξις τν αιρετικν Αρμενιν" (იხ. Бенешевич В. Н. Древнеславянская кормчая. XIV титулов без толкования. Т. 2, стр. 173) და აგრეთვე: А. А. Дмитриевский. Описание литургических рукописей, хранящихся в библиотеках Православного Востока. თом 2: Eუცჰოლოგიონ стр. 424).




ფოტოზე: Бенешевич В. Н. Древнеславянская кормчая. XIV титулов без толкования. Т. 2, стр 173




ფოტოზე: А. А. Дмитриевский. Описание литургических рукописей, хранящихся в библиотеках Православного Востока. Tом 2: Euchologion, стр. 424.

კარგად დაუკვირდნენ ე. ჭელიძე და მისი თაყვანისმცემლები თუ ვინ და რომელ ენაზე გამოთქვამს ორი თითით პირჯვრისწერის უარმყოფელთა საწინააღმდეგო ანათემას, და ასევე, თუ ვის განაკუთვნებს ძველი ეკლესია ორთითიანი წყობის გადმოცემას:



ფოტოზე: А. А. Дмитриевский. Описание литургических рукописей, хранящихся в библиотеках Православного Востока. Tом 2: Euchologion, стр. 424.

ბერძნულად: "Ε τις ο σφραγίζει τος δυσδακτλοις καθς κα Χριςτς,  νάθεμα" (А. А. Дмитриевский. Описание литургических рукописей, хранящихся в библиотеках Православного Востока. Tом 2: Euchologion, стр. 424.)

ქართულად: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენებულ იყავნ" (არსენ იყალთოელი (XI-XII სს.). "დოგმატიკონი").

სლავურად: "Иже кто не знаменуется двема персты, якоже и Христос, да есть проклят" (ასმუხლიანი კრება. Святой Стоглавый Собор. Глава 31. 1551 г.).

ამრიგად, თვალსაჩინოდ ნაჩვენებია, რომ ორი თითით ჯვრის გამოსახვის უარმყოფელთ წყევლა-კრულვას და ანათემებს უთვლიან ჯერ კიდევ მონოფიზიტობის დროიდან და მას, როგორც უკვე ვნახეთ და ქვემოთ კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ, საკმაოდ სერიოზული საფუძვლები გააჩნია.


3. I-VIII საუკუნეების პერიოდის პირჯვრისწერის "ისტორია", ანუ ყალბი საფუძვლები და არასწორი განმარტებები

მაგრამ, მოდი, ნუ დავჯერდებით მარტო ზემოთქმულს და ე. ჭელიძის არაობიექტურობის სამხილებლად კიდევ უფრო დეტალურად განვიხილოთ ის საფუძვლები, რომელთა დაყრდნობითაც ცდილობს იგი თავისი ყალბი შეხედულებების გამართლებას.

მკითხველისთვის, ალბათ, უინტერესო არ იქნება გაიგოს, თუ რას ეფუძნება ეს ავტორი, როცა აცხადებს, თითქოსდა: "არ მოიპოვება საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერის გადაწერის არც ერთი ძველბერძნული მოწმობა" და, რომ "საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერა უცხოა ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 203).

ასევე საჭიროა გავარკვიოთ, საიდან მომდინარეობს აზრი, რომლის მიხედვითაც ქრისტეანები თავდაპირველად ერთი თითით იწერდნენ პირჯვარს და როგორ მოხდა, რომ შემდგომ ერთი თითით პირჯვრისწერა სამი თითით შეიცვალა. უფრო სწორად გავეცნოთ I-VIII საუკუნეების პერიოდის პირჯვრისწერის ისტორიას იმ კუთხით, რომელი კუთხითაც "აშუქებს" მას საქართველოს "მართლმადიდებელი" ეკლესიის ოფიციალური საპატრიარქოს იდეოლოგი.

უშუალოდ საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერის შესახებ მსჯელობას ე. ჭელიძე იწყებს იმის განცხადებით, რომ "ჯვრის გამოსახვის პრაქტიკა საყოველთაოდ გავრცელებულია ქრისტიანთა შორის უკვე II ს-ში. საგულისხმოა, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი (დაახლ. 140-215 წწ.) ჯვარს უწოდებს "საუფლო ნიშნის სახეს" (იხ. ხალიჩები, წიგნი VI, პგ. IX, სვ. 205 ა)" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 187).

ე. ჭელიძე შემდგომ აღნიშნავს: "უძველესი წყაროები ცხადყოფენ, რომ თავდაპირველად მორწმუნენი უმთავრესად მხოლოდ შუბლზე ან პირისახეზე იწერდნენ პირჯვარს" (იქვე) და ამ აზრის დასამტკიცებლად იმოწმებს პირველი საუკუნეების ცნობილ ქრისტეან მწერლებსა და წმიდა მამებს: ტერტულიანეს ( II ს.), წმ. კვიპრიანე კართაგენელს (III ს.), წმ. კირილე იერუსალიმელს (IV ს.), წმ. იოანე ოქროპირს (IV ს.), ნეტ. იერონიმეს (IV ს.) და ასევე ნეტ. თეოდორიტესა და ევსები კესარიელის ისტორიულ თხზულებებს (იხ. ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 187-191).

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ "ადრექრისტიანულ ეპოქაში, გარდა შუბლისა ან პირისახისა, ზოგჯერ ჯვარს გამოისახავდნენ სხვა ნაწილებზეც, კერძოდ გულზე, საკუთრივ პირზე, თვალებზე და სხვა" (იქვე. გვ. 192). ამის დასტურად კი იმოწმებს: წმ. გრიგოლ ნოსელს (IV ს.), წმ. ეპიფანე კვიპრელს (IV ს.), წმ. ნილოს სინელს (V ს.), წმ. სვიმეონ სალოსის ცხოვრებას (VI ს.) და ასკვნის: "ყოველივე ზემოთქმული ეჭვმიუტანლად ადასტურებს, რომ ადრექრისტიანულ ეპოქაში (I-IV სს.) პირჯვარს გამოისახავდნენ უმთავრესად მარტოდენ შუბლზე (როგორც სხეულის უმეტესად საღვთო ნაწილზე), იშვიათად კი სხვა ნაწილებზეც (თვალები, პირი, გული, მკერდი)" (იხ. იქვე. გვ. 192-194).

ის, რომ ადრინდელ საუკუნეებში ქრისტეანები პირჯვარს გამოისახავდნენ საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, სადავო არ არის.

მეტიც, ამდაგვარი ჩვეულება (სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჯვრის გამოსახვა) შენარჩნუებულია ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში იმით, რომ საეკლესიო საიდუმლოებებში ხშირად გამოისახება ე. წ. "მცირე ჯვარი" სხეულის სხვადასხვა ნაწილზე (მაგ.: ნათლისღების საიდუმლოში, ზეთის ცხებისას და ასევე მირონცხების საიდუმლოში: შუბლზე, თვალებზე, ნესტოებზე, ბაგეზე, ლოყებზე, ყურებზე, მკერდზე, ზურგზე, მხრებზე, ხელებზე...), ამიტომაც, ამ ჭეშმარიტებას სადავოდ არავინ ხდის და ჩვენც არავის ვედავებით. მაგრამ სადავო და საეჭვო მსჯელობები ე. ჭელიძის ხსენებულ ნაშრომში სწორედ ამის შემდეგ იწყება.

ე. ჭელიძე წერს: "ცხადია, საეჭვო არ არის, რომ შუბლზე და სხეულის ცალკეულ ნაწილებზე პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით. ეს წესი დამოწმებულია მრავალი წმიდა მამის მიერ" (იქვე. გვ. 194).

რატომ ამახვილებს ე. ჭელიძე ასეთ ყურადღებას ჯვრის ნიშის გამოსახვაზე სხეულის სხვადასხვა ნაწილსა და ზოგიერთ საგანზე? ამით ის ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს ძველმართლმადიდებელთა განმარტება პირჯვრისწერის მოძრაობისა და მიმართულების თაობაზე (შუბლი - ჭიპი - მარჯვენა მხარი - მარცხენა მხარი. ცხადია, მარტო შუბლზე თუ იწერ ჯვარს, ჭიპი და მხრები გამორიცხულია). მაგრამ ძველმართლმადიდებლური სწავლება განმარტავს იმ გვიანდელ პრაქტიკას, რაც მართლმადიდებლობაში დამკვიდრდა, და ამიტომაც, ის არანაირ შეცდომას არ წარმოადგენს. მეტიც, ზუსტად ასევე განმარტავენ პირჯვარს (ოღონდ სამთითიან ჩვეულებას) ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლებიც. ასე, რომ თუ "ჭიპი" და "მხრები" შეცდომაა, მაშინ ის შეცდომაა ოფიციალური ეკლესიისთვისაც. რაც შეეხება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და საგნებზე ჯვრის გამოსახვას, აქ აუცილებელია ყურადღება მივაპყროთ ჯვრის გამომსახველ მოძრაობას: ზემოდან - ქვემოთ; ქვემოდან მარჯვნივ და მარჯვენა მხარიდან - მარცხენა მხარეს. უფრო მოკლედ: ზემოდან - ქვემოთ; მარჯვნიდან - მარცხნივ.

ზემოთ ჩვენ უკვე დავიმოწმეთ ადგილი პროფ. ბ. უსპენსკის წიგნიდან, სადაც ვნახეთ, რომ IX საუკუნიდან ბერძნები თვით ჯვრის გამოსახვის მოძრაობასაც კი ანიჭებდნენ უდიდეს მნიშვნელობას და ლათინთა მიერ ჯვრის გამოსახვას მარცხნიდან მარჯვნივ უკუღმართულ პირჯვრისწერად მიიჩნევდნენ. ამ თემაზე უფრო დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ: Успенский Б. А. Крестное знамение и сакральное пространство: Почему православные крестятся справа налево, а католики - слева направо? (М.: Языки славянской культуры, 2004. § 2. Две традиции осенения себя крестным знамением: крещение справа налево и слева направо. Соотнесенность с порядком благословения. Стр. 15).

ახლა ვნახოთ, რა მაგალითები მოჰყავს ჩვენს ოპონენტს ერთი თითით პირჯვრისწერის დამადასტურებლად და დავრწმუნდეთ, რომ ეს მაგალითები არანაირად არ ადასტურებენ თითით პირჯვრისწერის ჩვეულებას ძველ საუკუნეებში.

"წმ. ეპიფანე კვიპრელის (IV ს.) სახელგანთქმულ შრომაში "წვალებათა წინააღმდეგ", მოთხრობილია თუ როგორ გადასწერა პირჯვარი იოსებ ტიბერიადელმა ებრაელ მწვალებელთა მიერ შერყვნილ ჭურჭელს. წმ. ეპიფანე გვაუწყებს: "თავისი თითით ჯვრის ბეჭედი გადაწერა მან ჭურჭელს" და მოუწოდა იესუს სახელს" (იხ. წმ. ეპიფანე კვიპრელი, წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი I, ტომი II, XXX, იხ. პგ. 41, სვ. 428; ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ.195).

"სოზომენეს (Vს.) "საეკლესიო ისტორიაში" მოთხრობილია სასწაულმოქმედი ეპისკოპოსის, წმ. დონატეს ამბავი, რომელმაც პირჯვრის გადაწერით განირიდა გააფთრებული მხეცის თავდასხმა, ისტორიკოსი გვაუწყებს: "იმ დროს მრავალი ვინმე გაბრწყინდა ეპისკოპოსთა შორის მთელ მსოფლიოში, როგორც, მაგალითად ევროიის ეპისკოპოსი დონატე, რომლის შესახებ იმ ადგილის მკვიდრნი მრავალ სასწაულს სწამებენ, ყველაზე უფრო კი - მის მიერ ვეშაპის მოკვლას, რომელიც შარაგზის მახლობლად მიწისქვეშა ღრმულში იყო დაბუდებული და იტაცებდა ცხვრებს, თხებს, ხარებს, ცხენებს, ადმიანებს. დონატს არ ჰქონდა არც მახვილი, არც ფარი, არც ისარი, როდესაც გამოუხტა მას მხეცი, მაგრამ, როდესაც მან იგრძნო ეს, თავდამსხმელის მსგავსად თავი უკუიგდო და მხეცის პირისპირ ჰაერში თითით გამოსახა ჯვრის ნიშანი და ჰნერწყვა მას, ხოლო როდესაც ნერწყვი მოხვდა მხეცს, მყისვე დაეცა იგი" (სოზომენე, საეკლესიო ისტორია, წიგნი VII, თავი 26, პგ. 67, სვ. 1497; ე. ჭელიძე. იქვე).

"შეგვეძლო მოგვეტანა წმიდა მამათა სხვა მოწმობანიც ერთი თითით პირჯვრისწერის შესახებ, - აღნიშნავს ე. ჭელიძე, - მაგრამ ვფიქრობთ ზემოდამოწმებული ნიმუშები დამატებას აღარ საჭიროებს. ამჯერად მოვიტანთ მხოლოდ ერთ საბუთს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთრივ თავზე პირჯვრის გადაწერის ძველბერძნული მართლმადიდებლური წესის ნათელსაყოფად. ვგულისხმობთ ურჩეულესი მამის წმ. იოანე ოქროპირის ვრცელ და დაწვრილებით უწყებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს. მოგვაქვს სათანადო ციტატა წმ. იოანე ოქროპირის სახელგანთქმული შრომიდან "განმარტება მათეს სახარებისა".

"როგორც გვირგვინი, ისე ვატაროთ ჯვარი ქრისტესი, რადგანაც მის მიერ სრულ-იქმნება ყველა ჩვენეული (საიდუმლო), თუნდაც რომ ახალშობა იყოს საჭირო, ჯვარი მოგვეახლება, თუნდაც რომ საიდუმლო საზრდოს მიღებას აღვასრულებდეთ ანდა ხელდასხმას ან კიდევ სხვას ამგვარს, ყველგან ძლევის ეს სიმბოლო წარმოგვიდგება. ამიტომ, ფრიადი გულმოდგინებით გამოვწეროთ იგი სახლზე, კედლებზე, სარკმელზე, შუბლზე და გონებაზე, რადგანაც ის არის ნიშანი ჩვენი ზოგადი ხსნისა და განთავისუფლებისა, აგრეთვე უფლისმიერი გულკეთილობისა, რომელიც მოყვანილ იქნა დასაკლავად, როგორც ცხვარი (საქმე, 8,32). ასე რომ, რაჟამს პირჯვარს იწერ, გაიაზრე ჯვრის არსი, დაშრიტე შენში სიფიცხე და ყველა სხვა ვნება. რაჟამს პირჯვარს იწერ, ფრიადი მხნეობით აღივსე შუბლი და გაათავისუფლე სული. ყოვლითურთ შეიცან იგი, ვინც თავისუფლებას განიჭებს. პავლემაც სწორედ აქეთკენ, ჩვენთვის ღირსეული თავისუფლებისაკენ გვიწინამძღვრა ჩვენ და ამგვარი მოგზაურობის ჟამს საუფლო ჯვარი და სისხლი მოიხსენა მან, როდესაც თქვა: "სასყიდლით სყიდულ-ხართ; ნუ იქნებით მონა კაცთა" (I კორ. VII,23). ამით იმას გვაუწყებს (პავლე), რომ უნდა შეიცნო შენთვის გაღებული სასყიდელი და არ დაემონო კაცთაგან არავის; ხოლო პავლე "სასყიდლად" ჯვარს ამბობს, რადგანაც არა ჯერ არს ოდენ ლიტონად აღვიბეჭდოთ იგი თითით, არამედ უპირველესად - ნებაყოფლობითა და ფრიადი სარწმუნოებით. თუკი ამგვარად გარდაისახავ მას შენს პირისახეზე, ვერავითარი უწმინდური ეშმაკი ვერ შეძლებს შენს ახლოს დგომას, რადგანაც იხილავს იგი (ეშმაკი) მახვილს, რომელიც განგმირავს მას, იხილავს ხანჯალს, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრის" (წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება წმ. მათეს სახარებისა, 59-ე ქადაგება, თავი 4, იხ. პგ. 58, სვ. 537; ციტ. ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 194-197).

როგორც ნათლისღების შემთხვევაში, სადაც კი ე. ჭელიძე ნახავს ტერმინებს "სხურება" ან "პკურება" და იმწამსვე (მისი ქვეტექსტის ან წინასახეობრივი მნიშვნელობის გაუთვალისწინებლად) ნათლისღების დასხმით-პკურებითი წესის დასტურად სახავს, ისე აქაც, საკმარისია სადმე შეამჩნიოს სიტყვა "თითი", რომ იმწამსვე ერთი თითით პირჯვრისწერის დამადასტურებელ ფაქტად გამოაცხადოს. წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამს ჩვენ საგანგებოდ დავუბრუნდებით, მანამ კი ე. ჭელიძის ერთ დაფარულ ხრიკს მივაქციოთ ყურადღება. საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჯვრის გამოსახვის ძველ ჩვეულებას ე. ჭელიძე "პირჯვრისწერას" უწოდებს. მეტიც, ამ ტერმინით აღნიშავს ის არა მარტო ადამიანის მიერ საკუთარი სხეულის ნაწილების ჯვრით აღბეჭდვას, არამედ სხვა საგნებისა თუ არსებების ჯვრით აღბეჭდვასაც. მოდი, თავიდან მივყვეთ.  

ე. ჭელიძე აცხადებს: "ცხადია, საეჭვო არ არის, რომ შუბლზე და სხეულის ცალკეულ ნაწილებზე პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით. ეს წესი დამოწმებულია მრავალი წმიდა მამის მიერ" (იქვე. გვ. 194).

ამგვარი მტკიცება არის ნონსენსი. როგორ არის შესაძლებელი, მაგალითად, გულზე, მხრებზე, ზუგრზე, მუხლებზე, ფეხებზე (იხ. ნათლისღების საიდუმლოს წეს-განგება) ჯვრის გამოსახვას "პირჯვარი" უწოდო?

ეტიმოლოგიურად სიტყვა "პირჯვარი" საკუთარ პირისახეზე ჯვრის გადაწერას გულისხმობს ("პირი" + "ჯვარი"). გასაგებია, რომ დღეს სიტყვა "პირჯვრისწერა" გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჯვრის გამოხატვის ნიშნად, მაგრამ ამგვარი გამოყენება არაზუსტია. ამ ტერმინის რელიგიური შესატყვისობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, უნდა იყოს "ჯვარის-წერა", "ჯვრის გამოსახვა".

ნიკო ჩუბინაშვილის (1908-1993) ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, სიტყვა "პირჯვარისწერა" საერთოდ არც არის განმარტებული. ნ. ჩუბინაშვილს ამ სიტყვის განმარტებისთვის მკითხველი გადაჰყავს ტერმინზე "ჯვარის-წერა", რომლის გასწვრივ ვკითხულობთ ამ ტერმინის განმარტებას: "ჯვარის წერა" - (პირს ჯვარს ვიწერ, დავიწერ) გამოსახვა მარჯვენა ხელით ჯვარისა პირზედ და გულზედ, перекреститься) (იხ. ნიკო ჩუბინაშვილი. ქართული ლექსიკონი რუსულის თარგამანითურთ, სისტემისაებრ საბა-სულხან ორბელიანისა. 1812-1825 წწ. ალ. ღლონტის რედაქციით და გამოკვლევით (1961 წ. გამოცემის მიხედვით. http://meskhi.net/lexicon/#j) (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

ამგვარად, ხალხურ მეტყველებაში გავრცელებული "პირჯვრისწერა" თავისი ეტიმოლოგიური და რელიგიური შინაარსით არ შეესატყვისება ჯვრის სხვადასხვა საგანსა თუ საკუთარი სხეულის ნაწილებზე გამოსახვის ტრადიციას. ტერმინი "პირჯვარის წერა" მომდინარეობს თავისი პირვანდელი შინაარსიდან, ანუ საკუთარ პირისახეზე ჯვრის გამოსახვის ჩვეულებიდან, რომელიც, როგორც ამას თვით ე. ჭელიძე გვიჩვენებს, პირველივე საუკუნიდან არსებობდა. მოგვიანებით ტერმინმა "პირჯვარის-წერა" ხალხურ მეტყველებაში თანდათანობით განზოგადოებული ხასიათი მიიღო და ის უკვე მარტო პირისახეზე ჯვრის გამოხატვის მნიშვნელობით აღარ გამოიყენება.

რადგან ენას ახასიათებს განვითარება და დროთა მსვლელობაში ხშირად სიტყვები იცვლება, სრულიად ბუნებრივია, რომ ზოგი ნელა სცილდება ძველ მნიშვნელობებს, ზოგი მთლიანად კარგავს კავშირს პირველად მნიშვნელობასთან, ზოგის მნიშვნელობა ვიწროვდება, ზოგისა კიდევ ფართოვდება. სიტყვის მნიშვნელობის ამგვარი ცვლილება სიტყვის ცხოვრებაში არსებული ბუნებრივი მოვლენაა (ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ გაეცნოს, შ. ძიძიგურის ნაშრომს "ენის ცხოვრება". თბ. მერანი. 1988).

ზუსტად ასეთი მდგომარეობა გვაქვს "პირჯვარის წერასთანაც". უეჭველია, რომ ეტიმოლოგიურად ის სწორედ საკუთარ პირისახეზე ჯვრის გამოსახვიდან იღებს სახელწოდებას, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი მნიშვნელობა განზოგადდა და დღეს "პირჯვარის წერას" უკვე სხვადასხვა საგნებზე ჯვრის გამოსახვასაც უწოდებენ; თუ ადრე "პირჯვარის გამოსახვა" საკუთარ სახეზე ჯვრის ნიშის აღბეჭდვას ნიშნავდა და წარმოადგენდა მოქმედების გამომხატველ ტერმინს, მოგვიანებით მან ამავე მოქმედების აღმნიშვნელი კერძო სახელის მნიშვნელობა შეიძინა. ანუ ამ მოქმედებას ხალხურ მეტყველებაში "პირჯვრისწერა" ეწოდა.

მაგრამ, თუ ხალხური მეტყველებისთვის ეს ბუნებრივი და მისაღებია, იქ, სადაც ლაპარაკია პრინციპულ საეკლესიო-საწესჩვეულებო მომენტებზე, რომლის არსს მის აღმნიშვნელ ტერმინთან ღრმა კავშირი და დიდი მნიშვნელობა აქვს, ამგვარი ცვალებადობა დაუშვებელია, რადგან აქ სიზუსტის დაცვა აუცილებელია.

მაშ, რა პრეტენზია შეიძლება გვქონდეს ე. ჭელიძესთან, რაში შეცდა ის ან რაში გვატყუებს, თუკი გულზე, ფეხზე ან სხვა საგანზე ჯვრის გადაწერას ხალხურ მეტყველებაში მისაღებ ფორმას "პირჯვრისწერას" უწოდებს და ამ მოქმედებას მისი კერძო სახელწოდებით მოიხსენიებს?

საქმე ის არის, რომ ე. ჭელიძეს აუცილებლად სჭირდება დამტკიცება იმისა, რომ საკუთარ თავზე, გინდ საკუთარი სხეულის ცალკეულ ნაწილებზე (პირისახეზე, შუბლზე, თვალებზე, გულზე და ა. შ.) პირჯვარს პირველივე საუკუნეებიდან იწერდნენ ერთი თითით. ამ აზრის დასამტკიცებლად კი მოჰყავს იმგვარი მაგალითები, რომლებიც სიტყვის პირდაპირი და სრული მნიშვნელობით ვერანაირად ვერ იქნება "პირჯვრისწერის" გამომხატველი მოქმედება. ეს ის შემთხვევებია, როდესაც უფრო უპრიანია ვთქვათ "ჯვრის გადასახვა", "ჯვრის გამოსახვა" და არა "პირჯვრისწერა". უფრო გასაგები რომ გახდეს ჩვენი მსჯელობა, განვიხილოთ მაგალითები.
ე. ჭელიძე წერს: "წმ. ეპიფანე კვიპრელის (IV) სახელგანთქმულ შრომაში "წვალებათა წინააღმდეგ", მოთხრობილია, თუ როგორ გადაწერა პირჯვარი იოსებ ტიბერიადელმა ებრაელ მწვალებელთა მიერ შერყვნილ ჭურჭელს. წმ. ეპიფანე გვაუწყებს, რომ: "თავისი თითით ჯვრის ბეჭედი გადაწერა მან ჭურჭელს" და მოუწოდა იესუს სახელს" (იხ. წმ. ეპიფანე კვიპრელი, წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი I, ტომი II, XXX, იხ. პგ. 41, სვ. 428).

ბუნებრივია, რომ აქ ტერმინი "პირჯვარი" სრულიად უადგილოა... როგორ არის შესაძლებელი, ჭურჭელს "პირჯვარი" გადაწერო? რა პირი აქვს უსულო საგანს? ე. ჭელიძეს უნდა ეთქვა: "ჯვარი გადაწერა" უსულო საგანს, მაგრამ, რადგან მას სურს პირველი საკუნეებიდანვე ერთი თითით პირჯვრისწერის ჩვეულების ტრადიციის დამტკიცება, აქცენტირებასაც სწორედ ტერმინ "პირჯვრისწერაზე" აკეთებს.

ვნახოთ რუსული თარგმანი: "Встревоженный муж, воспламенясь ревностью к Господу, выходит за город и, велев принести воды в сосуде, разумею в капсаке (ν καψάκ) (а туземцы называют его какубион (κακούβιον)), берет этот сосуд с водою при всех (собралось же на зрелище множество иудеев, желая видеть, что произойдет и что вознамерится сделать Иосип), - этот муж велегласно, собственным своим перстом положив на сосуде печать креста и призвав имя Иисусово, сказал так: "именем Иисуса Назорея, Которого распяли отцы мои и отцы сих всех предстоящих здесь, да будет в воде сей сила к уничтожению всякого чародейства и волхвования..."" (На восемьдесят ересей Панарий, или Ковчег. Против эбионитов, десятой и тридцатой ереси. § 12. https://predanie.ru/epifaniy-kiprskiy-svyatitel/book/69560-tvoreniya/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

ქართულად ასე იქნება: "აღელვებული და ღმრთისადმი მოშურნეობით ანთებული კაცი, გადის ქალაქგარეთ და უბრძანებს, მოუტანონ წყლით სავსე ჭურჭელი, ვგულისხმობ კაპსაკს, რომელსაც იქაურები კაკუბიონს უწოდებდნენ, იღებს ამ წყლით სავსე ჭურჭელს და ყველას თანდასწრებით (სანახაობაზე მრავალი იუდეველი შეკრებილიყო, რადგან სურდათ ენახათ რა მოხდებოდა და რის გაკეთებას აპირებდა იოსები), - ამ კაცმა საკუთარი თითით ჯვრის ბეჭედი დაადო ჭურჭელს, ხმამაღლა მოუწოდა იესუს სახელს და თქვა: "იესუ ნაზორეველის სახელით, რომელიც ჯვარს აცვეს ჩემმა და ყველა აქ მდგომის წინაპრებმა, დე ამ წყლის ძალამ განაქარვოს მისგან წარმოებული ყოველგვარი ჯადოქრობა...".

იგივე მაგალითი მოჰყავს ცნობილ რუს მეცნიერს, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორ ნ. კაპტერევსაც (1847-1918), რომელიც წერს: "Св. Епифаний говорит о некоем знакомом ему православном муже Иосифе, что он, "взяв сосуд с водою собственным своим перстом напечатлел на нем крестное знамение"" (ქართულად: "წმ. ეპიფანე ამბობს ვინმე მის ნაცნობ მართლმადიდებელ ქრისტეან იოსებზე, რომ მას "აუღია წყლით სავსე ჭურჭელი და თავისი თითით გამოუსახავს მასზე ჯვრის ნიშანი". ამ მაგალითში სრულიად ცხადად არის ნათქვამი რომ ამ იოსებს პირჯვარი კი არ გადაუწერია ერთი თითით, არამედ "წყლით სავსე ჭურჭელზე თავისი თითით ჯვარი გამოუსახავს"  (Каптерев Н.Ф. История перстосложения. https://pravbeseda.ru/library/index.php?page=book&id=465) (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

განსხვავება ე. ჭელიძისა და პროფ. ნ. კაპტერევის თარგმანებს შორის არის ის, რომ პროფ. ნ. კაპტერევის მიერ დამოწმებულ რუსულ თარგმანში ხსენებული ადგილი ასე ჟღერს: "напечатлел на нем крестное знамение" ("აღბეჭდა იგი ჯვრის ნიშნით"), ხოლო ე. ჭელიძეს ეს ადგილი "პირჯვრისწერად" უთარგმნია. "პირჯვრისწერად" თარგმნის საფუძველს არ იძლევა თვით ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ძველბერძნული ტექსტიც:




მას უფრო ზუსტად ასახავს ნ. კაპტერევის მიერ დამოწმებული თარგმანი.

ამრიგად, არავითარ "პირჯვრისწერაზე" აქ ლაპარაკი არ არის. თითით ჭურჭელზე ჯვრის ნიშის დადება, დახაზვა, დახატვა ან ჰაერში ასეთივე ნიშის გამოსახვა მხოლოდ ჯვრის გრაფიკულად გამოსახვის მაჩვენებელია და არა საკუთარ თავზე ერთი თითით პირჯვრისწერის გადასახვისა. ამის დასტურია ე. ჭელიძის მიერ "პირჯვრისწერის" ნიმუშად მოტანილი მეორე მაგალითიც.

ჩვენი ოპონენტი წერს: "სოზომენეს (Vს.) "საეკლესიო ისტორიაში" მოთხრობილია სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსის, წმ. დონატეს ამბავი, რომელმაც პირჯვრის (?) გადაწერით განირიდა გააფთრებული მხეცის თავდასხმა, ისტორიკოსი გვაუწყებს: "იმ დროს მრავალი ვინმე გაბრწყინდა ეპისკოპოსთა შორის მთელ მსოფლიოში, როგორც, მაგალითად ევროიის ეპისკოპოსი დონატე, … როდესაც გამოუხტა მას მხეცი, მაგრამ როდესაც მან იგრძნო ეს, თავდამსხმელის მსგავსად თავი უკუიგდო და მხეცის პირისპირ ჰაერში თითით გამოსახა ჯვრის ნიშანი და ჰნერწყვა მას, ხოლო როდესაც ნერწყვი მოხვდა მხეცს, მყისვე დაეცა იგი" (სოზომენე, საეკლესიო ისტორია, წიგნი VII, თავი 26, პგ. 67, სვ. 1497).

აი, ასე ცრუობს ე. ჭელიძე და არც კი რცხვენია! სად არის აქ ნათქვამი, რომ წმ. დონატემ "პირჯვრის გადაწერით განირიდა გააფთრებული მხეცის თავდასხმა"? დონატემ ვეშაპი (იგივე გველი) განირიდა არა პირჯვრის გადაწერით, არამედ ჰაერში თითით ჯვრის გამოსახვით. დონატემ თითქოსდა ჰაერში ჯვარი დახატა (გამოსახა) და მხეცს წინაღობად აღუმართა. ამგვარ ქმედებას არავითარი კავშირი არა აქვს პირჯვრისწერის წესთან და კურთხევის გაცემასთან.  

წმ. გრიგოლ დიალოგოსი (540-604) (რომელსაც ერთი თითით პირჯვრისწერის გასამართლებლად ეყრდნობა პროფ. კაპტერევი) თავის "გასაუბრებაში იტალიელ მამათა და სულის უკვდავების შესახებ" გვიყვება ვალერიის პროვინციაში მცხოვრები ვინმე ღვთივსათნო კაცის მარტირიუსის ამბავს, რომელსაც ასეთი სასწაული მოუმოქმედნია. იმ მხარეში, სადაც მარტირიუსი ცხოვრობდა, ადგილობრივ მცხოვრებთ ჩვეულებად ჰქონიათ პურის ცხობის წინ მოზელილ ცომზე გამოესახათ ჯვარი ისე, რომ პური თითქმის ოთხ ნაწილად იყოფოდა. ერთხელ მასთან ერთად მცხოვრებ ძმებს, რომლებიც პურს აცხობდნენ, მოზელილ ცომზე ჯვრის გამოსახვა დაავიწყდათ. წმინდანმა ეს შეამჩნია, მაგრამ უკვე გვიან იყო... ძმებმა მოზელილი ცომი ღუმელში შედეს და ნაკვერჩხალი და ფერფლი დააყარეს... მაგრამ წმიდანმა იმწამსვე იმ მიმართულებით, სადაც ნაკვერჩხალქვეშ პური იდო, თითით ჯვარი გამოსახა. ამისგან პურმა გამოსცა ისეთი ხმა, როგორიცა აქვს ცეცხლის სიმხურვალისგან გამტყდარ თიხის ჭურჭელს. როდესაც ღუმლიდან გამომცხვარი პური გამოიღეს, იხილეს მასზე ჯვარი, რომელიც გამოსახულ იქნა არა შეხებით, არამედ რწმენით" (Святого отца нашего Григория Двоеслова Собеседования о жизни италийских отцов и о безсмертии души. Москва, 1996 г., кн. первая, гл. 11, стр. 60, 61).

ნეტარი თეოდორიტე (რომელსაც იმოწმებს პროფ. კაპტერევი) თავის თხზულებაში "ღმრთისმოყვარეთა ისტორია" წმ. ივლიანეს ცხოვრების აღწერისას გვიყვება თუ როგორ გამოსახა ჯვრის ნიში თითით ამ წმინდანმა მის წინააღმდეგ აღმართულ გველს და მოჰკლა. "…როცა ეს ცხოველი თავს დამესხა და პირი გააღო ჩემს ჩასაყლაპად, გამოვსახე თითით ჯვრის ნიშანი (უფრო ზუსტად: "გამოვავლინე თითით ძლევის ნიშანი" (Блаж. Феодорит Кирский. История Боголюбцев, изд. "Паломник", 1996 г., Комментарий, стр. 312, ком.: 41), მოვუწოდე ღმრთის სახელს, განვაგდე ჩემგან ყოველი შიში და ვიხილე თუ როგორ დაეცა უსულოდ გველეშაპი" (იქვე, გვ. 157).

ჩვენი წელთაღრიცხვის ადრეულ საუკუნეებში ქრისტეანებს შორის სხვადასხვა სულიერ თუ უსულო საგანზე ჯვრის გამოსახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო. წმიდანთა ცხოვრებაში ხშირად შევხვდებით მაგალითებს, როდესაც ესა თუ ის წმინდანი ამა თუ იმ მიზეზით ჯვარს გამოსახავს რაიმე საგანს, რასაც ე. ჭელიძე "პირჯვრისწერას" უწოდებს, თუმცა სინამდვილეში ამგვარი მოქმედება კონკრეტულ საგანზე ჯვრის გამოსახულების დახატვას ან აღბეჭდვას ისახავს მიზნად და სულაც არ წარმოადგენს პირჯვრისწერის წესის დამადასტურებელ მოწმობას.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ რიგითი ქრისტეანის ან ბერის მიერ საგანზე ჯვრის გამოსახვა ყოველთვის როდი ნიშნავს ამ საგნის კურთხევას, რომელიც, საზოგადოდ, მღვდელმსახურის პრეროგატივაა. ამიტომაც, თუ მართლმადიდებელმა იოსებმა წყლის ჭურჭელზე, წმ. მარტირიუსმა პურის ცომზე ან კიდევ წმ. ივლიანემ ჰაერში თითით ჯვარი გამოსახეს, ამით პირჯვრისსაწწერი ან კურთხევის გასაცემი წესი კი არ აჩვენეს, არამედ ის, რომ მათ სწამდათ ჯვრის მადლმოსილი ძალისა და მოისურვეს ამ ძალის წარმოჩენა. ამ მიზნის მისაღწევად კი სულაც არ იყო აუცილებელი ორი ან სამი თითის შეკვრა. მათ, თუ შეიძლება ითქვას, "დახატეს", "გამოსახეს" ჯვარი და ამით მისი ძალა წარმოაჩინეს. ახალმოწესეობის აპოლოგეტები კი ამ სრულიად გასაგებ და მარტივ ქმედებას რატომღაც პირჯვრისწერის წესად აღიქვამენ. ტერმინოლოგიური აღრევის და მისგან გამომდინარე შინაარსობრივი ბუნდოვანების ამგვარ მეთოდს მიმართავს ე. ჭელიძეც, როდესაც გადმოგვცემს, მაგალითად, წმ. ბარბარეს († 306) ცხოვრებაში გადმოცემულ შემთხვევას, მაგრამ ამის შესახებ დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ.

ამრიგად, თითქმის ყველა ზემოთ ხსენებულ და ასევე მეცნიერთა მიერ აღწერილ სხვა შემთხვევებში ლაპარაკია თითით ჯვრის დახატვაზე, რაღაცისკენ მის გამოსახვაზე და არა საკუთარ თავზე ჯვრის გადაწერაზე, ანუ პირჯვრისწერაზე. რატომღაც ამ ვითარებას თითით პირჯვრისწერის აპოლოგეტები ყურადღებას არ აქცევენ და ირწმუნებიან, რომ სწორედ ხსენებული შემთხვევები ადასტურებს, რომ თურმე პირველქრისტეანები პირჯვარს (?) ერთი თითით იწერდნენ. მაგრამ მოტანილი მაგალითებიდან ეს არანაირად არ ჩანს.

გვედავებიან, რომ ორ თითით პირჯვრისწერის ან ჯვრის გამოსახვის შესახებ არც ერთ წერილობით ძეგლში არ არის ლაპარაკი, ვიდრე გვიანდელ საუკუნეებამდე (მაგალითად, XII ს.-მდე). მაგრამ ასეთი შეპასუხება უსამართლოა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძველ საუკუნეებში, პირჯვრის საწერ წყობაში აღმართულ ორ თითზე რატომ უნდა ყოფილიყო აქცენტირება, თუკი ამგვარი აქცენტირება (და არა თვით წყობა) სწორედ მონოფიზიტებთან დავის პერიოდში გაჩნდა? წყობა ისედაც არსებობდა, მაგრამ, რადგან ის გულისხმობდა არა მარტო ორ თითს, არამედ დანარჩენ თითებსაც, რომლებიც სამების ერთობის ნიშნად არის შეკრული, მას ბუნებრივად "თითებით" პირჯვრისწერას უწოდებდნენ და არა ორთითიან წყობას. შესაძლოა მამები ამიტომაც ლაპარაკობენ თითებზე და არა მარტო ორ თითზე. XVII საუკუნის ძველმორწმუნეთა სულიერი წინამძღოლი დეკანოზი ამბაკუმი (1620-1682) ავტობიოგრაფიულ "ცხოვრებაში" ახსენებს არა ორი, არამედ ხუთი თითით პირჯვრისწერას და კურთხევას, რაც იმას ნიშნავს, რომ პირჯვრის საწერი თითების წყობაში იგულისხმება არა მარტო მაღლა შემართული ორი თითი, არამედ ის სამიც, რომელიც წმ. სამების აღსარების ნიშნად არის შეკრული.

დეკანოზი ამბაკუმი წერს: "Никон волк со дьяволом предали тремя персты креститца; а первые наши пастыри, яко же сами ПЯТЬЮ ПЕРСТЫ крестились, такожде ПЯТЬЮ ПЕРСТЫ и благословляли по преданию святых отцов наших: Мелетия антиохийскаго и Феодора Блаженнаго, епископа киринейскаго, Петра Дамаскина и Максима Грека. Еще же и московский поместный бывый собор при царе Иване так же слагая персты креститися и благословляти повелевает, яко ж прежнии святии отцы, Мелетий и прочии, научиша" (Житие протопопа Аввакума, им самим написанное. http://old-russian.chat.ru/12avvak.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).

თანამედროვე რუსულზე: "А первые наши пастыри как сами ПЯТЬЮ ПЕРСТАМИ крестились, так ПЯТЬЮ ПЕРСТАМИ и благословляли по завету святых отцов наших, Мелетия Антиохийского и Феодорита Блаженного, Петра Дамаскина и Максима Грека. Еще же и московский поместный собор, бывший при царе Иване, так же слагать персты и креститься и благословлять повелевает, как и прежние святые отцы, Мелетий и прочие, научили" (Издательство "Пушкинский Дом", Санкт-Петербург, 2010, стр. 79-80).

სასიამოვნოა აღინიშნოს, რომ "ცხოვრება დეკანოზ ამბაკუმისა მისგანვე დაწერილი" თარგმნილია ქართულადაც (თარგმნა და შენიშვნები დაურთო ია მელიქიძემ), სადაც ხსენებული ადგილი ასე იკითხება: "...მგელმა ნიკონმა, ეშმაკის შემწეობით, სამი თითით პირჯვრისწერა შემოიღო; ხოლო თავდაპირველნი მწყემსნი ჩვენნი ხუთი თითით იწერდნენ პირჯვარს და ასევე ხუთი თითით აკურთხებდნენ, როგორც გვასწავლიდნენ ჩვენი წმიდა მამები: მელეტი ანტიოქიელი, კირინიის ეპისკოპოსი ნეტარი თეოდორიტე, პეტრე დამასკელი და მაქსიმე ბერძენი. მოსკოვის ადგილობრივმა კრებამაც (1551 წელს ჩატარდა მოსკოვის ადგილობრივი საეკლესიო კრება "Стоглавый Собор", რომელმაც დაადგინა, რომ მორწმუნეებს პირვჯარი მხოლოდ ორი თითით უნდა გამოესახათ - მთარგმნ. შენიშვნა. # 150, გვ. 110.), მეფე ივანეს დროს რომ ჩატარდა, პირჯვრისწერისა და კურთხევის დროს თითების დაჭერა იმგვარადვე დააწესა, როგორც მელეტი და სხვა წმიდა მამანი გვასწავლიდნენ" (ცხოვრება დეკანოზ ამბაკუმისა მისგანვე დაწერილი. გამომც. "საბჭ. საქართველო", თბილისი 1987 წ. გვ. 79-80).

ამგვარად, აქ სრულიად მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ის წყობა, რომელსაც ორთითიანი ეწოდა ჩვენ მიერ უკვე ნახსენები მიზეზების გამო, სინამდვილეში არის ხუთთიანი წყობა, რადგან ჯვრის გამოსახვაში მონაწილეობას იღებს ხუთივე თითი - სამი შეკრული და ორი აღმართული.

მაგრამ, როდესაც ეკლესია დაუპირისპირდა ერთი თითით პირჯვრისწერის მონოფიზიტურ სწავლებას, პირჯვრისწერის მართლმადიდებლურ ტრადიციაში აქცენტირება გაკეთდა სწორედ ორ თითზე, რადგან პირჯვრისწერისას სწორედ ის არის ჯვართან მიმართებაში, მათ ვიდებთ შუბლზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ქრისტეს განკაცების, ჯვარცმის, მკვდრეთით აღდგომის, ამაღლების, მამის მარჯვენით ჯდომისა და მეორედ მოსვლის ნიშნად. ამიტომაც ეწოდა ამ წყობას ორთითიანი. დღესაც კი, როდესაც წყობაში ორი თითის გარდა, მონაწილეობს სამების ერთობის აღმნიშვნელი სამი თითი (ცერა, არათითი და ნეკა), მას მაინც ორთითიან წყობას უწოდებენ. და მეორეც, უსამართლოა მტკიცება, თითქოსდა ძველ საუკუნეებში არ არსებობდეს მითითება ორ თითზე. ამის დამადასტურებელ მაგალითებს ქვემოთ ვიხილავთ.

ახლა კი განვიხილოთ ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ზოგიერთი მაგალითი, რომელიც თითქოსდა პირველ საუკუნეებში ერთი თითით პირჯვრისწერის არსებობას ადასტურებს.
10
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому