აპოლოგეტიკა - გაფიცებთ უფალს, ნუ სდევნით სიმართლეს! - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
ზურაბ ნარმანია

გაფიცებთ უფალს, ნუ სდევნით სიმართლეს!
წმინდა ნიკოლოზის ხატი
ბაგენი მღვდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა არს.
ხოლო თქუენ მისდერკით გზისგან და მრავალი უძლურ?ყვენით შჯულსა შინა და განხრწენით აღთქმაი..."
(მალაქია, 2, 7)

ქრისტეს რჯული და მართლმადიდებლური ეკლესია ღვთაებრივი მნიშვნელობის ძირითადი ეროვნული მემკვიდრეობაა, საქართველოს მთავარი მახასიათებელი, ქართველი ხალხის უმაღლესი ღირებულების განძია. აგერ, XVIII საუკუნემდე იცოდა ქართველმა კაცმა, რომ ძველბერძენ მართლმადიდებელთა "წესნი და რიგნი" ღვთითკურთხეულია. ვახუშტი ბაგრატიონი ქართველთა შესახებ წერდა: "ხოლო კაცნი ამის ქუეყნისანი არიან სარწმუნოებით ქრისტიანენი, რომელთა მიიღეს ჰრომით ჟამსა დიდის კონსტანტინესასა და სილიბისტროსა წესნი და რიგნი ძუელნი ბერძენთა ბასილის კაბადუკიელისათა და შვიდის კრებისა უპყრიავთ მტკიცედ, არამედ მძლავრებით უკეთ ვინმე მიიქცის, ოდეს იცის ჟამი, კუალად ეგების ქრისტიანედ შემნანე".

რჯული არის კონკრეტული შინაარსისა და ფორმის მქონე კანონი, რომლის დარღვევაც ერთადერთი მიზეზია იმისა, რომ ლაზარე მკვდარია და რომლის აღსრულებაც ერთადერთი საშუალებაა სიკვდილზე გასამარჯვებლად.

"სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღვთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა და ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ გადაასხვაფერებენ და შეცვლიან მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი... ხოლო თუ ვერ შეძლებენ ამას, გადაიხრებიან ჯეროვანისაგან. მამათა მოძღვრების საშუალებით კი ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღოს, რას შეაქციოს ზურგი, როგორ უნდა შეცვალოს და წარმართოს თავისი ცხოვრება სიკეთისა და უმჯობესისაკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, რათა არ შეემთხვეს მას ვნება, ცოდვა და ჯეროვნად მოიქცეს მომავალი ტანჯვის შიშით... ხოლო ვინც პირველქმნილ კეთილმსახურების სჯულს არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შემობრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ იყოს ზემოთ მოხსენებული წმინდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტიანთა კრებულისაგან და ისინი, როგორც უცხოები, გაძევებულ და გაგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის მოკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას" (დიდი რჯულისკანონი, მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 19). ქართველი ერის მიერ მთელი ისტორიის განმავლობაში უმაღლეს ღირებულებად შერაცხული და უმჯობესი საქართველოს წმინდა სისხლით დაცული რჯულისკანონი უფლის ნება-სურვილს გვამცნობს, რათა აღვასრულოთ იგი და უზენაესის წინაშე სათნოვყოთ ჩვენი თავი. "გამოსცადენით, რა არის სათნო უფლისა" (ეფეს. 5, 10), რათა გავიგოთ, როგორ მივიღოთ ღვთის მადლი, რის გარეშეც ადამიანს არ ძალუძს კეთილის ქმნა (შდრ. კართაგენის საეკლესიო კრების კანონი 113).

სწორედ ამაშია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების საკრალური აზრი და მნიშვნელობაც: "დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწვლილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს..." (უცნობი ავტორი. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი). (ცთომა - წესის გამრუდება. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული).

როგორც იტყვიან, "თევზი თავიდან ლპება", ეკლესია კი სწორედ ის თავია, რომელსაც ერის სული და გონება აბარია და რომელიც ღვთის წინაშე პასუხისმგებელია თავისი ხალხის მომავალზე. ამიტომ არის, რომ საქართველოს ყოველი გამოღვიძება და აღზევება საეკლესიო განწმენდით იწყებოდა. ასეთი განწმენდა კი საღვთო რჯულისკანონით ხდებოდა, რომელშიც ერი ღმერთის მრისხანების მიზეზებსა და მისი შემორიგების საშუალებას პოულობდა.

ამჯერადაც ასე უნდა მოხდეს, რადგან "თუ ვინმე იღვწის, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არარჯულიერად იღვწის" (2 ტიმ. 2, 5).

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მთელი რიგი ფიზიკური თუ მეტაფიზიკური მიზეზების გამო ქართველთა ნებისმიერი ეროვნული ღონისძიება წარუმატებლობისათვის არის განწირული, თუ მისი მთავარი მიზანი არ იქნება უმაღლესი ფასეულობა - "ახალი იერუსალემი" და მისი განხორციელება არ წარიმართება საღვთო რჯულისკანონის საზღვრებში: "იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით" (ლუკა, 13, 24).

ეროვნულ კონსოლიდაციაზე ზოგადი და აბსტრაქტული საუბრები არაფერს მოგვიტანს. ერთიანობა მხოლოდ და მხოლოდ გონებრივი და მორალური კრიტერიუმების დაკანონებით და დამკვიდრებით მიიღწევა, რა თქმა უნდა, იმ აუცილებელი პირობით, რომ ეს კანონი იქნება ჭეშმარიტი და უცთომელი.

ასეთი უფლებითა და ნდობით საქართველოში მთელი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ქრისტეან-მართლმადიდებელთა საღვთო რჯულისკანონი სარგებლობდა, რადგან იგი ჭეშმარიტმა უფალმა - სულიწმიდამ უკარნახა ღმერთშემოსილ წმინდა მამებს. ღვთის სიტყვა კანონია და "არავის ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რომელიც დადებულია და რომელიც არის იესუ ქრისტე", - ამბობს წმინდა წერილი.

ერთსულოვნება საღვთო რჯულის რწმენასა და აღსრულებაში ერისადმი რჯულისკანონის უალტერნატივო მოთხოვნაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის მადლმოსილი და კურთხეული კანონია, რომლის ერთგულებამაც უმჯობესი ქართული ეპოქები შექმნა და რომლებმაც ბოლო დროს უნდა გაანათოს ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა.

ვინც გულისყურით ისმენს, უნდა გაიგოს ერთი ე.წ. მასონური აზრის პერიფრაზი: "ბიბლიური გველი დედამიწის ირგვლივ კრავს რკალს და პირით იჭერს საკუთარ კუდს. მის მოჯადოებულ წრეში ექცევა მთელი კაცობრიობა და ვერაფერი იხსნის მას... თუარა ერთი გენიალური სვლა, რომელიც ძალას აკარგვინებს გველის "უკანონობის საიდუმლოს".

საქმე ის გახლავთ, რომ ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო საიდუმლო ორგანიზაციის რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსი სწორედ "უკანონობის საიდუმლოს" ცნებაშია მოცემული. ეს ნიშნავს, რომ, თუ ქრისტეს მადლის მისაღებად შვიდ საიდუმლოზე დაფუძნებული ეკლესია და მისი სამწყსო რჯულს აღასრულებს, მასონური ფორმულა - პირიქით, ურჯულოებით ამოქმედებს "უკანონობის საიდუმლოს". ამას ოკულტურ ენაზე რელიგიურ ძალებთან მაგიური ძალების დაპირისპირებას უწოდებენ, ქრისტიანულად კი... ანტიქრისტეს ხრიკებს: "უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს" (თეს. 2, 7).

"ერთადერთი გენიალური სვლა", რომელიც გველის უკანონო სიბრძნეს უვნებელყოფს, არის ქრისტეს აღთქმის რწმენა და მისი რჯულისკანონის აღსრულება...

დადგა დრო, როცა საქართველომ მესიანური მამხილებლის გვირგვინი უნდა დაიდგას და კიდეც გაისმა პირველი ხმა, რომელიც საეკლესიო და საერო უკანონობას შეეხო...

გაისმა ასეთი ხმა და, როგორც მოსალოდნელი იყო, აღელდა უკანონობის სული... საეკლესიო ფალსიფიკაციის აღმოფხვრისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ღირებულებების პრაქტიკულად აღდგენის სრულიად გარდაუვალმა და სამართლიანმა მოთხოვნამ ზოგიერთებში და მათ წრეებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

უარყოფითად გამოგვეხმაურნენ წერილებზე "სულის მახვილი" (ჟურნალი "ცისკარი", 1989 წ. ?2) და "ასე აღდგება ლაზარე" (გაზეთი "წიგნის სამყარო", 1990 წ. ?3. 4. 5) თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, გიორგი გამრეკელი და თბილისის წმ. პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი არჩილ მინდიაშვილი. ამ უკანასკნელის წერილი, რომელიც, როგორც ჩანს, თვითონ ისე მოეწონა, რომ ხელმეორედ დაბეჭდა გაზეთ "დვრიტაში", გამოირჩევა ქრისტეანისთვის უცხო ღვარძლითა და სიმართლის დამალვის აშკარა მცდელობით. მან ისე წარმოადგინა დღევანდელი საეკლესიო მდგომარეობა, თითქოს აქ ყველაფერი წესრიგშია და გვიჯობს, ყველამ ჩვენს თავს მივხედოთ: "მკურნალო, განიკურნე თავი თვისი" (გაზეთი "წიგნის სამყარო", 1990 წ. 5).

მოგვიტეოს არჩილ მინდიაშვილმა, მაგრამ ნურას უკაცრავად; საქართველოს ბედი, უპირველეს ყოვლისა, ქართულ ეკლესიაზეა დამოკიდებული. ეკლესიის მდგომარეობა განსაზღვრავს ყოველი ჩვენგანის, ჩვენი მშობლებისა თუ შვილების, სრულიად საქართველოს აწმყოსა და მომავალს. ამიტომ ერის წინაშე უდიდესი დანაშაულია, შენიღბო და შეალამაზო, შეამსუბუქო და სიცრუით შეავსო სიღრმე იმ ტრაგედიისა, რომელმაც ღვთის მადლის გარეშე დაგვტოვა და რომლის შესახებაც არაფერი იცის ერმა...

რა არის სიცრუე და რა არის სიმართლე, რა არის შეჩვენებული და რა არის კურთხეული, რა არის ცოდვა და რა არის სათნო უფლის თვალში, ამის გასაგებად ერთადერთი საშუალებაა ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება, რომელიც მოცემულია დიდ რჯულისკანონში.

მართლმადიდებელთა წმინდა ეკლესიამ 787 წელს დაასრულა დოგმების მიღება; მან სრულქმნილად მიიჩნია რჯულის საწესჩვეულებო სისტემა და, საერთოდ, ყველაფერი, რაც ეკლესიასთან და საღვთო ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. წერილისამებრ, შვიდჯერ განიწმინდა სიტყვა (შდრ. ფს. 11, 7) და ბოლო, მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო წმინდა კრებამ ერთხელ და სამუდამოდ დააკანონა: "განვმტკიცდეთ საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც დასხმულნი არიან სულის საყვირთა, ყოვლად ქებულ მოციქულთა, წმინდა და მსოფლიო კრებებისა, განჩინების დადგენისათვის შეკრებილი ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის საყვირთა მიერ იყვნენ ყველა ისინი განათლებულნი და დაადგინეს, რაც უმჯობესი იყო. ვინც მათ შეაჩვენეს, ჩვენც შევაჩვენებთ, ვინც განკვეთეს - ჩვენც განვკვეთთ..." ამავე კრების პირველმა კანონმა რჯულისკანონის მიმართ სახარების სიტყვებით დაამტკიცა: "ანგელოზიც კი, თუ ის გახარებთ თქვენ რაიმეს, გარდა იმისა, რაც უკვე გეხარათ და მიგიღიათ, შეჩვენებულ იყოს".

ახლა ვნახოთ, ეწინააღმდეგება თუ არა ქრისტეან-მართლმადიდებელთა საღვთო რჯულს არჩილ მინდიაშვილის მსჯელობა. საღვთო რჯული კანონებისა და წესების განუხრელ დაცვას გვავალდებულებს, არჩილ მინდიაშვილი კი დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ კანონებს მომდევნო კრებები ცვლიან. ამის დასტურად იგი იმოწმებს შვიდი მსოფლიო კრების შიგნით მომხდარ ცვლილებებს, მაგრამ არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ამგვარი ცვლილებების ისტორია მერვე საუკუნეში მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო წმინდა კრებამ დაასრულა, საუკუნეთა საბოლოოდ სრულყო კანონი და ამიერიდან ამ კრებათა დადგენილებების შემცვლელი ანტიქრისტეს მოკავშირეა.

არჩილ მინდიაშვილი ცდილობს, გაამართლოს მომაკვდინებელი ცთომილებები და ყველაზე მთავარ საეკლესიო ღირებულებებს - კანონს, წესს მეორეხარისხოვან ფასეულობებად გვისახავს. იგი, ფაქტობრივად, კათოლიკური სწავლების მსგავსად ქადაგებს რჯულისკანონის განვითარების იდეას, საღვთო კანონებისა და წეს-ჩვეულებათა შეცვლის შესაძლებლობას. ასევე მსჯელობს რუსეთის ნიკონიანური აკადემიის აღზრდილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი გამრეკელი: "რაც შეეხება პატრიარქ ნიკონის რეფორმას, იგი თავისი ხასიათით და შინაარსით არ შეხებია დოგმატურ საკითხებს" (ჟურნალი "ცისკარი", 1990 წ. #2). ბასილი დიდი დაწერილ და დაუწერელ წეს-ჩვეულებათა შესახებ ამბობს: "... მოგვცეს ნება, რომ გვქონდეს მამათაგან ჩვენამდე მოღწეული გადმოცემა, რაც ვნახეთ დაუზიანებელ ეკლესიებში შემორჩენილი. ეს არ არის გამოგონილი ჩვეულებით დამტკიცებული და მას შეუძლია არა მცირე ძალისა და სისრულის მინიჭება საიდუმლოსთვის" (დიდი რჯულისკანონი. ბასილი დიდის ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ).

წერილში "ასე აღდგება ლაზარე" ჩვენ, თვით რჯულის უალტერნატივო სწავლებაზე დაყრდნობით, დოგმა და კანონი წარმოვადგინეთ, როგორც ერთმანეთის ტოლფასი ქრისტეანული ღირებულებები, რომლებსაც კანონი შემდეგ ფორმულირებას აძლევს: "ჩვენ ორივე უნდა ვიცოდეთ - წესთა ცთომელობაც და სჯულის ჩვეულებაც, - გვმართებს შერცხვენით მხილება მათი, რომლებიც ღვთის მოცემულ წესებს არ შეიწყნარებენ..." (მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 102), ა. მინდიაშვილი კი ქადაგებს, რომ ისინი არ განსაზღვრავენ რწმენას და მეორეხარისხოვან, საწესჩვეულებო, რიტუალურ მხარეს წარმოადგენენ. ბასილი დიდი ამბობს, რომ კეთილმსახურების წესები აღსარების მსგავსია, სხვანაირად რომ ვთქვათ, დოგმა და კანონი ერთმანეთისგან განუყოფელია, ხოლო დაკანონებული საკულტო წეს-ჩვეულებები დოგმაში მოცემულ შინაარსს გამოხატავენ და მის ხილულ ფორმას წარმოადგენენ. სწორედ კანონები და წესები ქმნიან იმ რელიგიურ სისტემას, მართლმადიდებლური აღმსარებლობისა და ღვთისმსახურების იმ სპეციფიკურობას, რომელშიც მდგომარეობს ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესიის ძალა და ღირსება. მართლმადიდებელი აღმსარებელი ღვთის მადლს, უპირველეს ყოვლისა, ღვთითკურთხეული ხილული მოქმედების მეშვეობით ღებულობს. კატეხიზმოს სწავლებით კი საიდუმლო ხილული მოქმედებაა: "საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, რომლითაც მოქმედებს მორწმუნეზე მადლი და ძალა ღვთისა. ...საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ.

საიდუმლოს აღმასრულებლად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონიერად არჩეული და კანონიერად ხელ-დასხმული მღვდელთმთავარი და მღვდელი.

საიდუმლოს აღსრულების დროს დაცულ უნდა იქნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება.

თითოეული საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-ღების დროს წყალი...) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ. ნათლის-ღებაში სამ-გზის წყალში შთაფლვა...) ...და ცნობილი ფორმა სიტყვათა" (სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად 1911 წლის გამოცემის მიხედვით, გვ. 156-157).

ე.ი., შვიდი საიდუმლო, რაზეც დაფუძნებულია ქრისტეს ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, არის ხილული მოქმედება, რომელიც უხილავად ზემოქმედებს მორწმუნის სულსა და სხეულზე. "ყველაფერი ღმერთისაგანაა, რომელმაც შეგვირიგა ჩვენ ქრისტეს მიერ, და მოგვცა მსახურება შერიგება" (2 კორ. 5, 18), ეს მსახურება კი სწორედ კანონებისა და წესებისგან შედგება, რომელთაც აქვთ ღვთის კურთხევა და ღვთის მადლი.

სწორედ ცთომილებებში (წესების გამრუდებაში) ხედავდა საქართველოს უბედურებათა მიზეზებს რუის-ურბნისის კრება: "ასეთი მადლის სიმდიდრისაგან გაშიშვლდა ცთომის მიერ და განდგომილ და შერისხულ მონათა მონობა მოუტანა თავს". რუის-ურბნისის კრებამ აღმოფხვრა რჯულისთვის უცხო ცთომილებანი (გაასწორა გამრუდებული წესები და დააკანონა: "ამიერიდან აღარავინ გაბედოს არაფრის ქმნა, გარდა იმისა, რასაც კანონი განაწესებს". სხვათა შორის, მინდა, შევახსენო ჩემს ოპონენტებს, რომ ამ პერიოდის საქართველოს დარღვეული არ ჰქონდა მართმადიდებლური აღმსარებლობის "დოგმატური მხარე", მაგრამ შეცვლილი იყო ზოგიერთი კანონი, წესი, რომლებიც, მინდიაშვილისგან განსხვავებით, დავით აღმაშენებელს მეორეხარისხოვან ფასეულობად არ მიუჩნევია და ამიტომაც შეალია ამდენი დრო და ენერგია რუის-ურბნისის კრების ურთულეს ორგანიზაციას და მისი ღვთისთვის სათნო მიმართულებით წარმართვას. ღვთის ნება-სურვილის დასადგენად არაკანონიკურ ტექსტებზე დაყრდნობა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დავით აღმაშენებელი არ მოიძიებდა ძველბერძნულ რჯულისკანონს, "დაბეჭდილს და შენახულს ყოველგვარი შემატებისა და მოკლების გარეშე", რომელიც არსენ იყალთოელს ათარგმნინა.

შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების შიგნით დაკანონებული წესების შეცვლით უგულებელვყოფთ და ვამახინჯებთ თვით საღვთო მოძღვრების შინაარსს, რომლის ხატებასაც წარმოადგენენ ეს ხილული მოქმედებები. არჩილ მინდიაშვილს კი არა, თვით ანგელოზს არა აქვს უფლება, შეცვალოს რჯულისკანონის დადგენილებები, რადგან, გადავაკეთებთ თუ არა ღვთის კანონს, წესს, უმალ ყალბ ფორმულებად ვაქცევთ მათ - ამით ვართმევთ წმინდა რელიგიურ ძალას. შეცვლილი ხილული მოქმედება ფუნქციონირებს "უკანონობის საიდუმლოს" მიმართ და, ამდენად, მაგიის უწმიდურ ძალას წარმოადგენს, მაგია კი, მოგეხსენებათ, სატანის იარაღია.

ყოველი საკულტო წესი, ქრისტეანული კანონი თუ დოგმა ჩართულია ქრისტეს მადლის გარდამოსვლის მთლიანი ღვთისმსახურების სისტემაში...

აი, დოგმისა და კანონის ურთიერთმიმართების არსი: "იესუ არის ქრისტე, ძე ღმერთისა" - არის დოგმა, ხოლო "მას უსმინეთ" - არის კანონი. გვიპასუხოს არჩილ მინდიაშვილმა, რომელია აქ პირველხარისხოვანი და რომელი მეორეხარისხოვანი? თუ დოგმასთან დამოკიდებულების კანონებსა და წესებს წავართმევთ აუცილებლობის მნიშვნელობას, აზრს კარგავს დოგმაც. რა აზრი აქვს დოგმას - "ქრისტე არის ღმერთი", თუკი არ აღვასრულებთ კანონს - "უსმინეთ მას?".

რატომ ჭირდება თანამედროვე სამღვდელოებას, დაუშვას კანონებისა და წესების შეცვლის შესაძლელობა, ახლავე ვნახავთ; არჩილ მინდიაშვილი 1990 წლის 22 თებერვლის "ახალგაზრდა კომუნისტში" წერდა: "20 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სამოციქულო განწესებანი გაჩნდა, ადამიანი შეიცვალა, მაგრამ განა ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ რაიმე ამ დადგენილებებში? (თითქოს არ იყოს შეცვლილი - ზ. ნ.) მისი უფლება არა აქვს არც ერთ ავტოკეფალურ ეკლესიას. იგი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მომდევნო კრებით. და აი, ნელ-ნელა მზადდება მე-8 მსოფლიო კრება. მოდი, სასოებით დაველოდოთ ამ ახალი კრების დადგენილებებს..." ქართული ნიკონიანური ეკლესიის წინამძღვარი სასოებით მოელის და ერსაც სასოებას თხოვს მერვე მსოფლიო კრებისადმი, რომელსაც ეკუმენური ერესის მსახურნი ამზადებენ. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, აღნიშნული მერვე მსოფლიო საეკლესიო საბჭო მიზნად ისახავს მსოფლიო ეკლესიებში გაბატონებული ცთომილებების დაკანონებას, რათა ამით შექმნას თავისი უკანონო გაერთიანების საფუძველი. მერვე მსოფლიო კრების დადგენილებებს დაემორჩილება ქრისტეს სახელს ამოფარებული ყველა ერეტიკული ეკლესია, მაგრამ მას არ დაემორჩილება მართალი, ქრისტეს რჯულის ერთგული ეკლესია, რომელმაც სისხლის ზღვები გადაცურა და კიდევ ერთი სისხლის ზღვა უნდა გადაცუროს ისე, რომ არაფერი დააგდოს რჯულიდან. 12 საუკუნის განმავლობაში ვერავინ მოახერხა ამ უკანონო კრების მოწვევა, დღეს კი, როგორც ვხედავთ, ამ კრებისადმი სასოებას გვიქადაგებენ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა ქრისტეს რჯულმა უნდა აღადგინოს მკვდრეთით და იგი ვერ დაემორჩილება რჯულისგან განდგომილი ეკლესიის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებებს. საქართველო დაემორჩილება მხოლოდ უზენაესის ნებას, რომელიც შვიდმა კრებამ აუწყა კაცობრიობას და რომლის ჭეშმარიტებაც დავით აღმაშენებელმა საქმით დაადასტურა. თუ დასაშვებია, დასაშვებია მხოლოდ ისეთი, რუის-ურბნისის მსგავსი კრება, რომელიც ძველბერძნული, წმინდა მართლმადიდებლური სიწმინდეების აღდგენას მოემსახურება და არა რჯულ-საწინააღმდეგო ცთომილებათა დაკანონებას. ახალი, ყალბი კანონების დამკვიდრება ქრისტეს რჯულისგან განდგომაა, რაც კარგად უნდა უწყოდეს ეკლესიის წინამძღვარმა, მაგრამ, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: "ურჩია ეს ხალხი, ისინი მატყუარა შვილები არიან, რომელთაც არ სურთ უფლის რჯულის გაგონება" (ესაია, 30, 9).

ბევრი რამ შეიძლებოდა გვეთქვა პირჯვრისწერის წესისა თუ რვაკიდურიანი ჯვრის ოთხ და ექვსკიდურიანი ჯვრით შეცვლის, შვიდი სეფისკვერის ნაცვლად ხუთი სეფისკვერის შემოღებისა და ალილუიას ორჯერ წარმოთქმის ნაცვლად სამჯერ წარმოთქმის უკანონობის შესახებ, მაგრამ ყოველივე ამას ამჯერად არ შევეხებით, თუმცა აღნიშნულ და სხვა მრავალ უკანონო ცვლილებათა მხილებისთვის საკმარისია, შევამოწმოთ და დავრწმუნდეთ, რომ ისინი მეშვიდე მსოფლიო კრების შემდეგ მოხდა, რამაც რეფორმატორები მოწყვიტა ქრისტეს ეკლესიასა და მის პირველგანჩინებულ საზღვრებს.

ქრისტეანობის ყველაზე დიდი ტრაგედია ნათლის-ღების საიდუმლოს ხილული წესის გაყალბება იყო. ამან გამოიწვია ის, რომ აღარ ხდება ცოდვებისგან განწმენდა და ადამიანის სულიერი დაბადება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღების სამოციქულო კანონის მეშვეობით არის შესაძლებელი. მართალია, ჩვენს ოპონენეტს არ სურს, რომ ნათლის-ღება იყოს პირველი კარი, რომელსაც ქრისტეს ეკლესიაში შეყავს ქრისტეანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხში, სჯობს, კანონიკურ სწავლებას ვენდოთ: "ნათლის-ღება არის კარი შემყვანებელი ქრისტეს ეკლესიაში" (მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს ქართული სახელმძღვანელო. მრწამსის მეათე წევრი, გვ. 157).

არჩილ მინდიაშვილი ნათლის-ღების წესის აღსრულებამდის მადლის გარდამოსვლის ცალკეულ ფაქტებს არარჯულიერად განმარტავს. პეტრე მოციქულის ქადაგებისას მსმენელებზე სულიწმინდის გადმოსვლის მაგალითი სწორედ რომ ეწინააღმდეგება მინდიაშვილის მტკიცებებს. ამ ფაქტში კარგად ჩანს, რომ თვით უფლის მადლი უკვე გარდამოსულიც რომ იყოს, ნათლის-ღების კანონიერი წესის აღსრულება აუცილებელია. ესეც არ იყოს, გამონაკლისების შესახებ რჯულისკანონი გვასწავლის: "იშვიათად მომხდარი ამბავი არასოდეს არ უნდა ჩავთვალოთ საეკლესიო კანონად". (დიდი რჯულისკანონი. კონსტანტინოპოლის ორგზისი წმინდა დიდი კრების კანონი 17).

ცრუ ობიექტურობის შესაქმნელად არჩილ მინდიაშვილი ცალმხრივად აღიარებს: "რა იყო მართლმადიდებლური ეკლესიის შეცდომა, ქართული იქნება ის, რუსული თუ ბერძნული? ის, რომ რაც მოციქულთა მიერ ნათლობაში დაშვებული იყო, როგორც გამონაკლისი (წყლის სამჯერ გადავლება თავზე სამების სახელით), დროთა განმავლობაში ამ ეკლესიებში მცონარებითა და სხვა რამ მიზეზით, იქცა ნორმად".

სიცრუეა, არავითარი კანონიკური ტექსტი ასეთი გამონაკლისის შესახებ არ არსებობს. ერთადერთი საბუთი, რომლითაც ოპონენტი ცდილობს, თავზე წყლის დასხმით მონათვლის სატანურ პრაქტიკას თუნდაც რაიმე გამართლება მისცეს - წმინდაწყლის ფალსიფიკაციაა. დიდი რჯულისკანონში ჩამოთვლილია კანონიკური წიგნები, რომლითაც ხელმძღვანელობს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. რაც შეეხება ე.წ. "დიდაქეს" - რომელიც, როგორც არჩილ მინდიაშვილს ჰგონია, უკანონობის საბუთად გამოადგება - კანონიკური ძეგლი არ არის. იგი არ მოიხსენიება რჯულისკანონში. მის შესახებ არ მოიპოვება არავითარი ცნობები კანონიკურ წიგნებში. "დიდაქე" აღმოაჩინეს 1873 წელს და მისი ქართული თარგმანი შესრულებულია (კათოლიკურ პარიზში) უახლოესი კრიტიკული გამოცემიდან. "დიდაქეს" აღნიშნული ვერსიის სიძველე ეჭვის ქვეშ დააყენა მეცნიერებამ: აღნიშნულ ძეგლს შეეხო კ. კეკელიძეც, რომლის აზრითაც "საქმე უნდა გვქონდეს უახლეს საუკუნეებში შესრულებულ თარგმანთან და არა ადრინდელ ვერსიასთან" (კ. კეკელიძე, ძვ. ქართ. ლიტ. ისტორია, თბ. 1980 წ. გვ. 560) ამ აზრისკენ იხრება ი. კვაჭაძე, (ი. კვაჭაძე, შენიშვნები "დიდაქეს" ქართული თარგმანის შესახებ, ლიტერატურული ძიებანი, III, თბ. 1947 წ. გვ. 375-377)" ("ჯვარი ვაზისა", 1988 წ. # 3). ყოველივე ეს აღნიშნულ ძეგლს უნარჩუნებს მხოლოდ მხატვრულ-ლიტერატურულ ღირებულებას და იგი არამც და არამც არ გამოდგება ადამიანის წყლიდან და სულიდან დაბადების უმნიშვნელოვანესი სამოციქულო კანონის შესაცვლელად.

ესეც არ იყოს, "დიდაქეში" არაფერია ნათქვამი ნათლის-ღების კანონში რაიმე ცვლილების დაშვებაზე. აქ გარკვევით წერია: "თუ არა გაქვს არც ერთი, არც მეორე სამგზის დაასხი თავზე წყალი". მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს სწავლებიდან კი ვიცით, რომ ასეთი გამონაკლისების დროს მონათლული ადამიანი თუ ცოცხალი დარჩა, მღვდელმა უნდა აღასრულოს ნათლისღების სრული და კანონიერი წესი. ე.ი., ამგვარად ნათელღებულს ეკლესია შეიწყნარებს, როგორც წარმართს და ხელახალი ნათლის-ღებით მისცემს მრევლთან შეერთების უფლებას (შდრ. მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს ქართული სახელმძღვანელო, ნათლის-ღება, გვ. 159).

ნათლის-ღების აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით არჩილ მინდიაშვილი წერს, რომ ჩვენ თითქოს ვიგონებთ კანონს.... საქართველოს საპატრიარქომ 1987 წლის საეკლესიო კალენდარში დასტამბა დიდი რჯულისკანონი. ამ წიგნში ნათლის-ღების სამოციქულო 50-ე კანონში წერია: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამი ნათლის-ღება..." სქოლიოში კი აღნიშნულია: "ხელნაწერთა სქოლიოებში არის შენიშვნა: შეისწავლე სამი ნათლის-ღება, სამი ჩაყოფის ნაცვლად" (აქ ბერძნულად და რუსულად მითითებულია "სამ-გზის შთაფლვა"). როგორც ბერძნულ, სლავურ, რუსულ რჯულისკანონში, მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს ქართულ სახელმძღვანელოში ნათლად და გასაგებად წერია: "ნათლის-ღება არის საიდუმლო, რომელშიაც მორწმუნე სხეულის სამ-გზის წყალში შთაფლვითა და მოწოდებით ღვთისა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა განიწმინდება ცოდვისაგან და მეორედ იშვება ახალ სულიერ ცხოვრებისათვის". ფაქტობრივად. იგივე წერია ზემოთ აღნიშული რჯულისკანონის 50-ე კანონშიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ სქოლიოში ჩამოტანილი სიტყვა - "სამ-გზის შთაფლვა" უნდა დავაბრუნოთ თავის კანონიერ ადგილზე და ამოვიღოთ რჯულისთვის უცხო სიტყვიერი ხატი: "სამი ნათლისღება".

არჩილ მინდიაშვილს სამოციქულო კანონის დარღვევა დიდ ცოდვად არ მიაჩნია, რადგან ფიქრობს, რომ რწმენას განსაზღვრავს მხოლოდ დოგმატური მხარე და კანონებისა და წესების შეცვლით არ იცვლება აღმსარებლობა. შეიცვალა საწეს-ჩვეულებო სწავლება, მაგრამ არ შეცვლილა დოგმა. ასე ფიქრობს არჩილ მინდიაშვილი, მაგრამ ასე არ ფიქრობს და არ გვასწავლის წმინდა ბასილი დიდი. იგი ჩვენს ყურადღებას წესისა და აღსარების მსგავსებაზე ამახვილებს: "თუ ნათლის-ღებისმიერი მოცემისაგან და კეთილმსახურების წესებით ვინათლებით, ასევე გვმართებს გვწამდეს, რომ უეჭველად ნათლის-ღების მსგავს აღსარებას აღვიარებთ, ამიტომ ნება უნდა მოგვეცეს ჩვენ, რომ სარწმუნოების აღსარებას ამავე წესით შესაფერისი დიდება მივცეთ" (დიდი რჯულისკანონი ბასილი დიდის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ). აქ გასაგებად გვეუბნებიან, "ამავე წესით შესაფერსი დიდება მივცეთ" ე.ი., ამ წესით ვადიდოთ უფალი... ნათლის-ღების სამოციქულო კანონში მოცემულია აღსარების მსგავსი შინაარსი: "დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლობით" (რომ. 6, 4), რასაც სიმბოლურად გამოხატავს თვით ქრისტეს მიერ კურთხეული ნათლისღების 50-ე კანონში აღწერილი წესი: "წყალში სამ-გზის შთაფლვა". რაც შეეხება თავზე წყლის დასხმით ნათლისღებას, იგი, უპირველეს ყოვლისა, ღვთის წინაშე უგუნურის თვითნებობაა, საუფლო კურთხევის მქონე სიწმინდის შეურაცხყოფაა, რითაც რიტუალურ სიმბოლოში ამოღებულია ქრისტეს სიკვდილში დამარხვის აღმნიშვნელი არსობრივი ელემენტი. გნებავთ, მისტიკური, გნებავთ, ფსიქოლოგიური, გნებავთ შინაარსობრივი თვალსაზრისით, თავზე წყლის დასხმით ნათლობა აღთქმის საწინააღმდეგოდ ზემოქმედებს და იგი არათუ განწმენდს, არამედ შებილწავს მოსანათლავს...

ქრისტეს საიდუმლოთა მოქმედების პრინციპების შესახებ ბასილი დიდი ამბობს: "საიდან არის კაცთა სამჯერადი შთაფლვა წყალში ნათლის-ღების დროს? ამას გარდა სხვა რამდენი რამ არის ნათლის-ღების დროს... რომელიც მიუწვდომელია დაწვრილებითი გამოძიებისა და გამოკვლევისათვის..." (ბასილი დიდის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ). თვითნებურ გამოკვლევასა და გამოძიებაში რომ არ შევცდეთ, თვით ნათლის-ღების სამოციქულო კანონის განუხრელი დაცვა გვმართებს, რადგან ამ კანონით განწმენდის რწმენა მართლმადიდებლური აღმსარებლობის სარწმუნოებრივი ელემენტია და მისი გადაკეთება მასში მოცემული შინაარსის შერყვნაა. სწორედ ამიტომ შეჩვენებულია ყველა, ვინც სამოციქულო კანონისგან განსხვავებული წესით მონათლავს, ხოლო ამგვარი ნათლის-ღების მიმღებს რჯულისკანონი შებილწულად აცხადებს, როგორც არგამრჩევს მღვდლისა ცრუ მღვდლისგან.

"არასათანადოდ ნათელ-ღებულის" შესახებ ჩვენს მიერ მოტანილი არგუმენტი არ იკმარა მინდიაშვილმა და გვედავება, რომ სამოციქულო კანონში აღნიშნული: "ვინც არ შეასრულოს სამ-გზის შთაფლვა... განიკვეთოს" არ ეხება მათ, რომლებმაც სამ-გზის შთაფლვა თავზე წყლის დასხმით შეცვალეს, არამედ ეხება მხოლოდ მათ, რომლებმაც შეასრულეს მხოლოდ ერთი შთაფლვა. უცნაურია, თუკი ერთგზის შთაფლულს არ ჩაეთვალა ნათლის-ღება, წყლის თავზე დასხმა როგორღა ჩაითვლება სამ-გზის შთაფლვად?...

საბედნიეროდ, რჯულისკანონი ამ საკითხს არაერთგზის ეხება. კანონი ამბობს, რომ ერეტიკოსები, რომლებიც თვით სწავლებაში (დოგმატურ მხარეში - ა.მ.), სარწმუნოებრივ საკითხებში ეწინააღმდეგებიან რჯულს, მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში ხელახლა არ ინათლებიან, თუკი ისინი ნათლის-ღებით არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისგან, ხოლო ნათლისღებით განსხვავებულნი ხელახალი ნათლის-ღებით უბრუნდებიან ჭეშმარიტ ეკლესიას: "მწვალებლებს, რომლებსაც სურთ გახდნენ მართლმადიდებლები, ეკლესია შეიწყნარებს სხვადასხვა წესით: ... ისინი შეაჩვენებენ თავიანთ შეხედულებებს და ყოველნაირ მწვალებლობას. შემდეგ მათ სცხებენ მირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე (მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგან ისინი ნათლისცემით არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისგნ)" და პირიქით, ისინი, რომლებიც მართლმადიდებლებისაგან განსხვავდებიან ნათლის-ცემით: "მიიღებიან, როგორც წარმართნი" (ე.ი. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ - ზ. ნ.). (კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრების კანონი 7). მართლმადიდებლებთან კი ნათლისღება 50-ე სამოციქულო კანონის თანახმად მონათვლაა, რომელშიც საუფლო სიკვდილში დამარხვაა გამოხატული.

დიდი და მცირე რჯულისკანონის სრულიად ზედაპირული თვალის გადავლებაა საჭირო, რათა დავრწმუნდეთ თუ რამდენად სერიოზული მდგომარეობაა შექმნილი; ქრისტეანად ყოფნა-არყოფნის საკითხს, უპირველეს ყოვლისა, ნათლის-ღების კანონი წყვეტს. იესუ ქრისტეს ნათლის-ღების შემდეგ უცხადებს მამა ღმერთი: "ძე ხარ ჩემი, დღეს მიშობიხარ შენ" (ებრ. 5, 5) და, რადგან არ არსებობს ნათლის-ღების კანონის შეცვლის თაობაზე არავითარი კანონიკური სწავლება, ის, რასაც მინდიაშვილი "მცონარებასა და სხვა რამ მიზეზებს" უწოდებს, ქრისტეს რჯულისა და ერის ღალატია. მთელი უბედურება იმაშია, რომ ნათლის-ღების აღნიშნული კანონის გაყალბებამ მოკლა ქართული სამღვდელოება, რადგან სამ საუკუნეზე მეტია, რაც თვით სამღვდელოება არარსებული კანონით ინათლება. ეს კი ნიშნავს, რომ არ ხდება მათი ქრისტეში განბანვა და ქრისტეანად დაბადება; ისინი კვლავ წარმართებად რჩებიან, წარმართი კი, ბუნებრივია, ვერ გახდება მღვდლობის მადლის მატარებელი იმ უბრალო მიზეზით, რომ, ქრისტეს რჯულის თანახმად, ნათლის-ღების საიდუმლო წინ უსწრებს მღვდლობის საიდუმლოს. უკანონოდ ნათელ-ღებულის ხელდასხმა კი ფიქციაა: "...მათ აღარა აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად (ეს ის წესებია, არჩილ მინდიაშვილს მეორეხარისხოვანი რომ ჰგონია. - ზ.წ.). პირველგანდგომილთ მამებისგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. მაგრამ, თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლის-ცემისა და ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმინდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს. ამის გამო მათგან ნათელ-ღებულების, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულების, ხელახლა ნათლის-ღებას ბრძანებს ეკლესია..." (წმინდა ბასილი დიდის პირველი ეპისტოლე კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ, კანონი 1). ამ მწარე სიმართლის მოსმენა გაუჭირდა და ამიტომ გვიწყრება არჩილ მინდიაშვილი: "პირქვე ლაფში სცემს და აეჭვებს მას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიერება და მასში აღსრულებულ საიდუმლოთა (ნათლობა, მღვდლობა და ა.შ.) მადლმოსილება". მინდიაშვილის მხრივ ეს ცრუ პატრიოტიზმია, გარეგნული ბრწყინვალებისა და დიდების მაძიებლობაა. სინამდვილეში კი შეცვლილია გასაღები "ქრისტეს ეკლესიაში შემყვანებელი პირველი კარის", რამაც სულიერად მოკლა საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო.

უსაფუძვლო და ალოგიკურია მტკიცება, თითქოს საქართველოს ძველ მართლმადიდებელთა საღვთო კავშირის მოქმედებას განხეთქილება შეაქვს ქართულ ეკლესიაში. ერის გადასარჩენად საღვთო სიწმინდეების აღდგენისა და მადლის გარდამოსვლის კანონის ამოქმედების აუცილებლობაზე ლაპარაკი არც ერთი ასპექტით არ გულისხმობს განხეთქილებას. პირიქით, რჯულის მადლმოსილების რწმენა და მისი მოთხოვნების აღსრულება სულიერი, მორალური და ფიზიკური ერთიანობის ერთადერთი საწინდარია.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ახლა არ არის საეკლესიო სიწმინდეთა მოძიების დრო, ახლა საქართველოს უჭირს!.. საქართველოს კარგა ხანია უჭირს და უჭირს სწორედ იმიტომ, რომ ღმერთისთვის არ გვცალია და სრულიად დავივიწყეთ მისი კანონები და, თუ ჯერაც გვიდგას სული, ამას მხოლოდ კაცთმოყვარე ღმერთის მოთმინებას უნდა ვუმადლოდეთ. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში ჯერ არ დამდგარა სიმართლის თქმის დრო, ალბათ, არ იცნობენ საღვთო სწავლებას სასუფევლისა და ჯოჯოხეთის შესახებ, თორემ შეგნებულად მხოლოდ ეშმაკს თუ შეუძლია, ახალ იერუსალემში შესასვლელი გზის განთავისუფლება მომავლისთვის გადადოს.

ნათლის-ღების სამოციქულო კანონის უგულებელყოფა სამოციქულო ხელდასხმის დაკარგვასა და ქრისტეს საკურთხევლის ჩაქრობას ნიშნავს. წმინდა მამები ამბობენ, რომ სამღვდელოება ქვეყნიერებისთვის იგივეა, რაც ადამიანისთვის სული და, როცა უკანონობის მიერ მოკლულია სასულიერო მწყობრი, სულიერად მკვდარია ასეთი ეკლესიის მფლობელი ერი. ამიტომ, თუ სული გაყიდული არ გვაქვს, უნდა ვიზრუნოთ, დაუყოვნებლივ გასწორდეს, უპირველეს ყოვლისა, საეკლესიო ცდომილებანი (გამრუდებული წესები), რის გამოც ისჯება ერი: "თუ ვერ გვასწავლა ჩვენ უფლის საშინელმა ხელმა, ვერც ამგვარმა დარტყმებმა ვერ მოგვიყვანა გონს, რომ ჩვენი უსჯულოებების გამო მიგვატოვა უფალმა, მიგვცა ბარბაროსთა ხელთ... რომ ამის გამო გადმოვიდა ჩვენზე ღვთის რისხვა, მაშინ რაღა გვეთქმის..." (დიდი რჯულისკანონი. ბასილი დიდის მეორე ეპისტოლე კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიელისადმი, კანონი 84).

საქართველოში ყოველდღე ათობით ადამიანი იღუპება გეენაში ვარდება, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ უკანონოდ ნათელღებული და უკანონოდ ხელდასხმული სამღვდელოების მიერ ასევე უკანონოდ ინათლება და ვერ თავისუფლდება ღვთის წინაშე ადამისა და თავისი ცოდვების პასუხისმგებლობისგან. ვინ იცის, "მცონარებითა და სხვა რამ მიზეზით" პირადად არჩილ მინდიაშვილს რამდენი ადამიანი მოუნათლავს თავზე წყლის დასხმის სატანური წესით და მათ შორის გარდაცვლილნი რამდენი განუმწესებია... სად? - ეს მან ბრწყინვალედ იცის, მაგრამ ჰყოფნის გამბედაობა...

ანალოგიურ მდგომარეობაშია მთელი მსოფლიო, მაგრამ ვიცით, რომ, თვით უფლის პირობისამებრ, ქრისტეს მეორედ მოსვლამდის სადღაც აუცილებლად უნდ აენთოს ჭეშმარიტი საკურთხეველი, სადღაც აუცილებლად უნდა ცოცხლობდეს სამოციქულო ხელდასხმის მქონე სამღვდელოება: "შენ ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ ერეოდიან მას" (მათ, 16, 18).

სწორედ ასეთი, რჯულის მკაცრად მპყრობელი, სამოციქულო ხელდასხმის მქონე სამღვდელოების ძიებამ მიგვაყენა ძველმართლმადიდებელთა დაუზიანებელ ეკლესიას.

სანამ ამ ეკლესიაზე მოკლედ გიამბობდეთ, მინდა, გავარკვიო მკითხველი, რომ მინდიაშვილი ცოდავს ან ცდება, როცა ჩვენ, რჯულის სიწმინდის მაძიებლებს, "რუსოფილებს" გვიწოდებს. ეს ეროვნულ გრძნობებზე თამაში და ამ გრძნობებით სპეკულაცია გახლავთ. არავითარი რუსული აღმსარებლობა არ არსებობს და, თუ არსებობს იგი, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნიკონიანურ ეკლესიაში. ხოლო რუსოფილები არიან ისინი, ვინც სახელმწიფოს მიერ მოსყიდული რუსული "პოლიტიკური ეკლესიის" ერეტიკულ აკადემიებში ღებულობენ "სასულიერო განათლებას" და შემდეგ საქართველოში ამკვიდრებენ მართლმადიდებლობის ნაცვლად ნიკონიანურ სწავლებას.

რაც შეეხება ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა ეკლესიას, იგი სრულიად თავისუფალია როგორც რუსული, ასევე ლათინური თუ აღმოსავლური მინარევებისგან და უკომპრომისო დამცველია ძველბერძნული აღმსარებლობისა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველმორწმუნე მართლმადიდებლები ფრიად შეზღუდულ ურთიერთობაში არიან რუსეთის ბუტაფორიულ ეკლესიასთან და მის რჯულისგან განმდგარ მრევლთან. ასე რომ, შოვინიზმი მათთვის უცხოა და აქ ყველაფერზე მაღლა ქრისტე და მის რჯული დგას.

ეს არის ეკლესია, რომელმაც ძველბერძნული აღმსარებლობის დასაცავად სამასი წელი ღვარა სისხლი და დღემდე მოიტანა ქრისტეს მადლი. ეს ის აღმსარებლობაა, რომელიც უშუალოდ მოციქულებმა უქადაგეს საქართველოს პირველივე საუკუნეში; ეს ის აღმსარებლობაა, რომლის ერთგულებამაც საღვთო შარავანდედით შემოსა გრიგოლ ხანძთელი და რომლის რჯულისკანონიც არსენ იყალთოელს ძველბერძნულიდან ათარგმნინა დავით აღმაშენებელმა, როგორც "უცთომელი კანონი".

სწორედ ძველბერძნული სწავლების ერთგულებისთვის ეწოდათ ძველმორწმუნე მართლმადიდებლები მათ, რომლებმაც შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ მიღებული უკანონო ნოვაციები არ მიიღეს, რადგან რჯული გვასწავლის: "რაც არ არის სჯულიერი ის უეჭველად არის უსჯულო (უკანონო)" (დიდი რჯულისკანონი. გრიგოლ ნოსელი ეპისკოპოსის კანონიკური ეპისტოლე მელიტინელი ეპისკოპოსის წმინდა ლიტოსადმი, კანონი 3).

მკითხველთა დასაბნევად და იმ მიზნით, რომ ძველმართლმადიდებლებს "რუსოფილური" იარლიყი მიაკერონ, როგორც გიორგი გამრეკელი, ისე არჩილ მინდიაშვილი წერენ, რომ ნიკონმა "სლავური ხატები და საეკლესიო-საღვთისმეტყველო წიგნები შეასწორა ბერძნულ-ბიზანტიური ხატწერისა და წიგნების მიხედვით". სინამდვილეში, სლავური კი არ შესწორდა ბერძნულის მიხედვით, არამედ ძველბერძნული - ღვთითკურთხეული და მადლმოსილი ხატები, წიგნები, წესები და კანონები შესწორდა უკვე სულიერად და ფიზიკურად განადგურებული საბერძნეთის ახალი სწავლების მიხედვით.

რუსმა და ბალკანელმა სლავებმა ბერძენთაგან მიიღეს ქრისტეანული სარწმუნოება და მათგან ისწავლეს ქრისტეანული "წესნი და რიგნი", საიდანაც გავიდა შვიდი საუკუნე და ნიკონმა კათოლიკურ რომში, ვენეციაში, პარიზში დაბეჭდილი ბერძნული წიგნების მიხედვით დაიწყო სლავურ წიგნებში შენახული ძველბერძნული სწავლების "გასწორება".

შორს წაგვიყვანდა ბერძენთა მიმართ ჯვაროსანთა თუ ოსმალთა ძალადობისა და სხვა ისტორიული გარემოებების აღწერა, რომლის ძალითაც საბერძნეთმა დაკარგა ეკლესიის ღვთივკურთხეული და მადლმოსილი სიწმინდე. ერთი რამ კი ფაქტია: ქრისტიანობის მიღებიდან შვიდი საუკუნის შემდეგ რუსეთში ნიკონიანური ერესის სამხილებლად მღვდლებმა ლაზარემ და ნიკიტამ უდიდესი შრომის ფასად ძველ წიგნებს დეტალურად შეადარეს ახალი წიგნები, - ცვლილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბერძნული მართლმადიდებლობა იმდენად შეცვლილი აღმოჩნდა, რომ ნიკონის რეფორმა რუსეთში ახალი სარწმუნოების შემოღებად ჩაითვალა (შდრ. "История Русской Церкви". Н. М. Никольский. გვ. 132-133). ქრისტეს რჯული კი სახარების სიტყვებით გვაფრთხილებდა: "გაქებ თქვენ, რადგან ყოველივე ჩემი გახსოვთ და როგორც გადმოგეცათ გადმოცემით, ისე გიპყრიათ" (1 კორინთ. 11, 2) და კიდევ: "იპყრენით გადმოცემანი, რომელნიც მიიღეთ, გინდა სიტყვიერად, გინდა წერილობით" (2 თესალონ. 2, 15), რომელთაგან ერთ-ერთი ესეც არის უეჭველად, რაც გადმოგვცეს პირველმა განმწესებლებმა... "ხოლო თუ ცხადად გაჩვენებთ ამ გადმოცემის სიძველეს, განა არ ჩათვლით ამას სიმართლედ? და ხომ იქნება ეს დასტური იმისა, რომ უძველესი რჯული შესაწყნარებელია, რადგან ჭაღარა ხანდაზმულობით არის პატივსაცემი" (ბასილი კესარიელის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეცხრე თავიდან სულიწმინდის შესახებ. დიდი რჯულისკანონი).

მრავალმა ისტორიულმა, გეოგრაფიულმა თუ პოლიტიკურმა წინამძღვარმა განაპირობეს ის, რომ რუსეთმა XVII საუკუნემდე ხელუხლებლად მოიტანა ძველბერძნული აღმსარებლობა თავისი ღვთისმსახურებითა და წეს-ჩვეულებებით. ამ პერიოდისთვის მთელს მსოფლიოში დაკარგულია ძველბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმინდე. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოში. ოსმალთა და კათოლიკებისგან განადგურებული საბერძნეთისგან, როგორც კ. კეკელიძე წერს: "იღებენ და ითვისებენ ყველაფერს, რისი გადმოღებაც კი შეიძლება" (კ. კეკელიძე, ქართ., ლიტ., თ., 1941 წ., ტ. I, გვ. 63). და ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება საღვთო რჯულს, რასთან დამოკიდებულების ხასიათიც განსაზღვრავს ერის ყოფნა-არყოფნის საკითხს: "უადვილეს არს ცისა და ქვეყნის გადავლა, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილის ამოვარდნა რჯულიდან" (ლუკა, 16, 17).

ცდომილებანი, რომელიც საღვთო რჯულის მოთხოვნათა წინააღმდეგ დაუშვა გვიანდელმა საბერძნეთმა და მასთან მთელმა მსოფლიომ, ართულებს რუსეთის ურთიერთობას რჯულისგან განმდგარ მსოფლიოსთან. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი საბაბი იმისა, რომ რუსეთის მეფე ალექსი და პატრიარქი ნიკონი, ერთი შეხედვით, ვითომცდა უმტკივნეულო დათმობაზე მიდიან და ცვლიან წეს-ჩვეულებათა იმ ყველაზე მნიშვნელოვან რიგს, რომლებიც უშუალოდ დოგმატებს განასახიერებენ და საიდუმლოს ამოქმედებენ. მათ გააუქმეს ყველაზე ძლიერი რელიგიური ფორმულები, რითაც შეასუსტეს საკურთხევლის ცეცხლი და, როგორც შემდეგ ვნახავთ, ამით შექმნეს საკურთხევლის სრული ჩაქრობის წინაპირობა. არადა, რჯული თითქმის ყოველ გვერდზე გვაფრთხილებს საღმრთო წერილისა და საღმრთო გადმოცემის განუხრელი დაცვის შესახებ: "თუ ვინმე ასწავლის ღვთის სახლსა და მასში მოწყობილი კრებების იოლად შეურაცხყოფას, შეჩვენებულ იყოს". ან კიდევ: "ვლოცულობთ, რათა ეკლესიაში ხდებოდეს ყველაფერი, რაც მოცემულია საღვთო წერილში და განწესებულია მოციქულთა მიერ" (დიდი რჯულისკანონი, ღანგრაში შეკრებილ წმინდა მამათა კანონი. 6-21).

რადგან არჩილ მინდიაშვილი, ფაქტობრივად ქადაგებს, რომ შვიდი მსოფლიო კრების შიგნით დაშვებული ცვლილებები შემდგომი ცვლილებების უფლებასაც იძლევა, მკითხველის გასარკვევად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები კანონების გამკაცრებაში გამოიხატა... ამის შესახებ წმინდა მამები განმარტავენ, რომ ქრისტეანები თავიდან, როგორც ჩვილნი, ქრისტეანული ცხოვრებისა და შემეცნების რძეს ღებულობდნენ, ხოლო, როცა მომძლავრდნენ სულიერად, უფრო მაგარი საკვები მიიღეს, რაც საღვთო რჯულისკანონით განხორციელდა... აქვე უნდა ითქვას, რომ ამ კრებების შიგნით მომხდარი ცვლილებები არასოდეს შეხებია წეს-ჩვეულებათა შესახებ სამოციქულო გადმოცემას, გარდა ლიტურგიისა, რომელიც იოანე ოქროპირმა ოდნავ შეამცირა. რაც დატოვა მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებამ, ის უცვლელად რჩება ქრისტეს მეორედ მოსვლამდის. სწორედ ამ კრებათა დადგენილებების ერთგულების ნიშნით არსებობს მართლმადიდებლობა, როგორც ჭეშმარიტი აღმსარებლობა.

აი, რას იცავდა რუს მართლმადიდბელთა ერთი ნაწილი, როცა ნიკონის რეფორმას არ დაემორჩილა. გიორგი გამრეკელს კი სამოციქულო სწავლების ერთგულება ტრაგედიად მიაჩნია: "ძველი წეს-ჩეულებების მიმდევრობა ხომ რუსეთის ეკლესიის ტრაგედიაა..." გამოდის, რომ მხოლოდ ძველმორწმუნე რუსი მართლმადიდებლებისთვის დაწერილა რჯულისკანონი: "...თითოეული საეკლესიო წესის უცვლელად შენახვა მიაჩნიათ მოსაწონად ჩვენს ღმერთშემოსილ მამებს" (მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 39), რასაც ტრაგედიად გვისახავს სასულიერო აკადემიის რექტორი, თუმცა იგი რამდენიმე აბზაცის წინ წერდა: "ავტორს ავიწყდება, რომ მართლმადიდებლობა არის სულის სიცოცხლე, რომელიც ვლინდება: დოგმატიკაში, ზნეობრივ და ასკეტურ სწავლა-მოძღვრებაში, შემოქმედებაში (ჰიმნოგრაფია, ხუროთმოძღვრება, ხატწერა და სხვა), წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებში, პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში", თუ ვიცით, რომ ეს ასეა, გაუგებარია, როგორღაა ძველ წეს-ჩვეულებათა ერთგულება ტრაგედია?...

კიდევ უფრო შორს მიდის ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა ტენდენციურ შეფასებაში არჩილ მინდიაშვილი. მართლმადიდებელი მღვდლის ანაფორით შემოსილი, იგი თავს უფლებას აძლევს უძველესი მართლმადიდებლობა და სისხლით დაცული მისი ეკლესია შეურაცხყოს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სლავურად ადიდებს უფალს. არჩილ მინდიაშვილს ჰგონია, რომ "განუსწავლელია" ამბაკუმი, რომელმაც სამოციქულო სწვალებას შესწირა თავი და რომელსაც, სხვათა შორის, ლ. ტოლსტოი და ფ. დოსტოევსკი გენიოსს უწოდებენ. რაც შეეხება მის სულიერ და ზნეობრივ ღირსებას, სრულიად შეუფერებელია, უწოდო "დაუმორჩილებელი სასულიერო პირი" და "ცრუ მოძღვარი" დეკანოზს, რომელმაც გაწამებული სიცოცხლისა და სისხლის ფასად ქრისტეს რჯულიდან არც ერთი სიტყვა არ დაუთმო სატანას... ქრისტეანისგან სხვას არაფერს ითხოვს რჯული: "დავადგინეთ წმინდა მამების მიერ დღემდე თითოეულ კრებაზე დამტკიცებული კანონების მტკიცედ დაცვა" (ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 1). და ეს ეხებოდა, როგორც საღმრთო წერილს, ისე საღმრთო გადმოცემას: "თუ დაუწერელი წესების დარღევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თავს ვავნებთ თვით სახარების არაჯეროვანი გაგებით. ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება" (დიდი რჯულისკანონი. ბასილი დიდის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმინდის შესახებ). - სწორედ ამ დაუწერელ წესებს განეკუთვნება ორი თითით პირჯვრის გარდასახვა და სხვა... მკითხველს დავპირდი, ამის შესახებ ახლა არაფერს ვიტყვი-მეთქი, მაგრამ ერთ რამეს კი მაინც აღვნიშნავ: როგორც გითხარით, არჩილ მინდიაშვილმა თავისი წერილი "მკურნალო, განიკურნე თავი თვისი" ორჯერ დაბეჭდა. წერილის პირველ ვარიანტში იგი საწესჩვეულებო სწავლებას მეორეხარისხოვნად, დოგმასთან დაუკავშირებელ ელემენტად გვისახავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისდა უნებურად, წამოცდა: "ძველად მარჯვენა ხელით გამოიხატებოდა ორი უმთავრესი დოგმა - ღვთის სამწმინდაარსობისა და ქრისტეს ორბუნებოვნებისა, ასევე ახლაც; შეიცვალა მხოლოდ თითების კომბინაცია". ე.ი. დოგმა დაკავშირებული ყოფილა წესებთან, მაგრამ როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, მის ავტორს ვერ გაურკვევია, რაში მდგომარეობს კავშირი ან რა მოსდის დოგმას, როცა სამი თითით ვცვლით ორი თითით პირჯვრის გარდასახვის სამოციქულო წესს, რომელშიც მოცემულია ორბუნებოვანი ქრისტესი და ერთარსება სამების ჯვართან მიმართების სახარებისეული სწავლება...

ახლა კვლავ ქრისტეს რჯულის ერთგულ ეკლესიას მივუბრუნდეთ; მატერიალურ ღირებულებებს დახარბებულმა რუსეთმა XVII საუკუნეში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ღირებულებებში გაცვალა რჯულში მოცემული ღვთის სიტყვა. დაიწყო ქრისტეანთა დევნა, იმ ქრისტეანთა, რომლებმაც არც ერთი წერილი არ დათმეს რჯულიდან. მრევლი დაიბნა, წარმოიქმნა სხვადასხვა ცდომილებანი, მაგრამ ერთმა ეკლესიამ, რომელმაც უფლის წინაშე შეინარჩუნა კანონიერება, გაუძლო სამასწლიან დევნას. იგი დღესაც, როგორც საუკუნეების უწინ საქართველო, საღვთო რჯულისკანონის საქმით მპყრობელია, რაც იოლი შესამოწმებელია...

ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა ჭეშმარიტი ეკლესია მეოცე საუკუნემდე რუსეთის ნიკონიანური ეკლესიიდან გამოქცეული მღვდლების საშუალებით ინარჩუნებდა ღმერთთან კავშირს. ამიტომ ეწოდათ მათ "ბეგლოპოპოვცები". საქმე იმაშია, რომ რუსეთმა, აგერ, XX საუკუნემდის შეინარჩუნა ნათლის-ღების სამოციქულო კანონი, რომელსაც არ შეხებია ნიკონიანური ნოვაცია. ეს კი ნიშნავდა, რომ რუსეთი კანონიერად ინათლებოდა და ინარჩუნებდა ძველბერძენთაგან მიღებულ სამოციქულო ხელდასხმას, რაც საშუალებას იძლეოდა, მიეღოთ მათგან გამოქცეული მღვდლები. ისინი განიწმინდებოდნენ მსოფლიოს პირველი საეკლესიო კრების მერვე კანონის თანახმად; ეს კანონი მათ მღვდლობის პატივს უნარჩუნებდა, როგორც კანონიერად ნათელ-ღებულ ქრისტიანებს და კანონიერად ხელდასხმულ მღვდლებს.

და აი, 1923 წ. 22 ოქტომბერს (4 ნოემბერს) ნიკონიანური ეკლესიიდან გადმოვიდნენ ჯერ ეპისკოპოსი ნიკოლა (ერში პოზდნევი), ხოლო მოგვიანებით ეპისკოპოსი სტეფანე (რასტორგუევი). მათ დაგმეს ნიკონიანური ერესი, განიწმინდნენ ზემოთ აღნიშნული კანონით და აღადგინეს ძველმართლმადიდებელთა სამდასოვანი საეკლესიო იერარქია. ამიერიდან კანონიერი ხელდასხმისა და ორი ეპისკოპოსის მფლობელ ეკლესიას შეეძლო დამოუკიდებლად ეარსება, დამოუკიდებლად ეშვა თავისი ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები.

რუსეთის ოფიციალურმა ეკლესიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ნიკონიანური უკანდახევის შემდეგ, მსოფლიო ერეტიკული ეკლესიისა და მრევლის მიბაძვით, ორი ეპიკოპოსის წასვლიდან მალევე დაარღვია ნათლის-ღების საიდუმლოს აღსასრულებლად მოცემული სამოციქული 50-ე კანონი. ასე ჩააქრო საკურთხეველი და მოკლა თავისი ეკლესია რუსეთმა (ისტორიამ გვიჩვენა, რომ სასჯელმა არ დააყოვნა).

ახლა გავსინჯოთ ის ერთადერთი ბრალდება, რომელსაც სამი საუკუნეა თავისი მრევლის მოსატყუებლად იყენებს რუსეთის ნიკონიანური ეკლესია და რომელიც ჩვენს ოპონენტებსაც ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა სამხილი ჰგონიათ: ისინი ფიქრობენ, რომ ძველმართლმადიდებელთა ასეთი ცდომილება არის განხეთქილება, მაგრამ არ უწევენ ანგარიშს, რომ განხეთქილებაც არის და განხეთქილებაც... აღნიშნული განხეთქილება კი რჯულისკანონის გარკვეული მუხლის საფუძველზე მოხდა. თვით უფალი ბრძანებს: "იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება" (ლუკა, 12; 15). ამ სიტყვებს იოანე ოქროპირი ასე განმარტავს: მშვიდობა ისადგურებს მაშინ, როცა დაავადებული მოიკვეთება, როცა ბოროტი გამოცალკევდება, მხოლოდ ასეა შესაძლებელი ცისა და დედამიწის გაერთიანება. ექიმიც ხომ მთელი სხეულის გადასარჩენად მოკვეთს ხოლმე ავადმყოფ ნაწილს. კარგია ერთსულოვნება, მაგრამ მხოლოდ ჭეშმარიტებასა და სიმართლეშია ერთსულოვნება კარგი.

ახლა ვნახოთ, რჯულის რომელი კანონის საფუძველზე გამოეყვნენ ძველი მართლმადიდებლები ნიკონის ერეტიკულ ეკლესიას: "ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როცა იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუ ეპისკოპოსი და ცრუ მოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან" (კონსტანტინოპოლის ორგზისი წმინდა კრების კანონი 15).

ა. მინდიაშვილისა და გ. გამრეკელის ლოგიკით, მართლმადიდებლები იმთავითვე განხეთქილების მოქმედნი ყოფილან, რადგან მათ რჯულისგან განდგომის გამო XI საუკუნეში შეაჩვენეს კათოლიკები და გამოეყვნენ. სინამდვილეში კი მართლმადიდებლებმა ამ გამოყოფით ქრისტეს ეკლესია იხსნეს ურჯულოებისგან ისევე, როგორც XVII საუკუნის რუსეთში მომხდარი გამოყოფით ძველმა მართლმადიდებლებმა სისხლისა და სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს სამოციქულო გადმოცემის მკაცრად მპყრობელი ეკლესია, რომელიც სათნოა უფლის თვალში.

ცნობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად დიდი ქრისტეანული ღვაწლისა, ამბაკუმი ძველმართლმადიდებლებს წმინდანად არ შეურაცხავთ და მის ხატზე არ ლოცულობენ, რადგან ისინი უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ექცევიან ქრისტეანულ სიწმინდეებს. ასე რომ, ძველმორწმუნეობა არის არა "ამბაკუმისტობა", როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, არამედ ღვთის კურთხევის მქონე ძველბერძნული აღმსარებლობა და ეკლესია, რომელმაც დღემდე მოიტანა სამოციქულო ხელდასხმა, ანუ მღვდლობა.

მღვდლობა კი ქრისტეანული არსებობის სულია...

რაც შეეხება ნიკონს, ქართველმა ნიკონიანელებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ რეფორმისა და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგების გამო იგი განიკვეთა. ნიკონისა და სხვა საეკლესიო საქმეების განსახილველად მეფე ალექსიმ 1666-1667 წლებში მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ აღმოსავლეთის პატრიარქები: პასი ალექსანდრიელი და მაკარი ანტიოქიელი. კრებამ ნიკონი დამნაშავედ ცნო და მღვდლობის პატივი აჰყარა. საყდრიდან განმდგარი ნიკონი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი რეფორმა ღვთის რჯულის საწინააღმდეგო იყო. მან მონასტერში დაიწყო ძველი წიგნების ბეჭდვა. ძველი ტექსტების აღდგენაზე მუშაობით ნიკონმა განაჩენი გამოუტანა თავის რეფორმას და იგი "უსარგებლოდ" აღიარა. ნიკონი გარდაიცვალა უბრალო ბერად 1681 წელს ისე, რომ არ შერიგებია ეკლესიას.

მოგვიტევონ ნიკონის ქართველმა მიმდევრებმა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ისინი კიდევ ერთხელ ჩაიხედავენ სახარებაში და დარწმუნდებიან, რომ ქრისტეანები კი არ კლავენ და აწამებენ ადამიანებს, არამედ უღმერთო ადამიანები დევნიან და აწამებენ ქრისტეანებს.

დაბოლოს, როგორ გგონიათ, ნიკონიანურმა რუსეთმა რატომ გადაღება ქართულ ეკლესიებში ძველბერძნული კანონიკური ხატწერის ნიმუშები? რას მალავდა იგი საღებავის სქელი ფენის ქვეშ და რას ამკვიდრებდა მათ ნაცვლად? - უპირველეს ყოვლისა, პირჯვრისწერისა და კურთხევის ძველბერძნულ, სამოციქულო წესს, როცა ერთარსება სამების ნიშნად შეერთებულია ცერი, ნეკი და არათითი და ქრისტეს ორბუნებოვნების ნიშნად აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები. ეს წესი, ისევე, როგორც სხვა ძველბერძნული წესები და კანონები, შენარჩუნებეული აქვს ძველმართლმადიდებელთა ეკლესიას, რის გამოც მის მრევლს და სამღვდელოებას ძველმორწმუნე მართლმადიდებლებს უწოდებენ.

ჩვენი ოპონენეტებისა თუ "ჯვარი ვაზისას" რედაქციის განცხადება იმის შესახებ, რომ ძველი მართლმადიდებლები სექტანტები და ერეტიკოსები არიან, უპასუხისმგებლო, დაუსაბუთებელი ცილისწამებაა. ელემეტარული ეთიკა მოითხოვს, რომ, როცა ეკლესიას სექტანტურს და ერეტიკულს ვუწოდებთ, დავასახელოთ, კერძოდ რაში მდგომარეობს ერესი, რაში მდგომარეობს ცდომილება. მითუმეტეს, როცა საქმე ეხება საღვთო სიწმინდეთა დამცველ უძველეს ეკლესიას და ცეცხლის წმინდა ნათლობით განბანილი ქრისტეანების სახელს, რომლებსაც მხეცური სისასტიკით გაუსწორდნენ ნიკონიანელი ჯალათები და რომლებიც სამასი წლის განმავლობაში დევნა სულის შემრყვნელმა რუსეთმა.

მართლაც, რუსეთის ეკლესიის შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა, რომ ამ გამოყოფით ძველმორწმუნე მართლმადიდებლებმა ჩაქრობისგან იხსნეს საკურთხეველი და შეინარჩუნეს მადლი, რადგან XX საუკუნეში რუსეთის ოფიციალურმა ეკლესიამ დაარღვია ნათლის-ღების აღსრულების ფორმა, რითაც მსოფლიო ეკლესიების მსგავსად დაკარგა ქრისტეანის შობის ერთადერთი საშუალება.

მრავალი მიზეზის გამო ჯერჯერობით ბევრი რამ რჩება უთქმელი, მაგრამ მთავარია, რომ დადგა დრო და საქართველო დაეძებს თავისი ბედუკუღმართობის მიზეზებს და მათგან თავის დაღწევის საშუალებებს...

გამოისახა პირველი კონტურები მსოფლიო ხალხების წინაშე იბერიის მესიანური ფუნქციისა, მაგრამ ეროვნული მოძრაობა ჯერ არ შესულა იმ სიმწიფესა და სიბრძნეში, როცა იგი საღვთო რჯულისკანონს დაეყრდნობა და ასე შექმნის ერთიანობის საფუძველს და წარმატების უტყუარ გარანტიას... და მაშინ მრისხანე იქნება იგი მათ მიმართ, რომლებიც ერს ღმერთთან ურთიერთობის უპირველეს საშუალებას უმალავენ, თავზე წყლის დასხმის არარსებული კანონით ნათლავენ და ამით უფლის საშინელ სამსჯავროს უქვემდებარებენ.

დარღვეულია ნათლის-ღების სამოციქულო 50-ე კანონი, ე.ი., არ სრულდება ხილული მოქმედება, რომელსაც განწმენდისა და ახალი ადამიანის შექმნის უხილავი ძალა აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენთვის ამაოდ არის დაღვრილი მაცხოვრის სისხლი მანამ, სანამ არ მივიღებთ კანონიერ ნათლობას და არ დავიბადებით წყლიდან და სულიდან.

რაც შეეხება ამ ცდომილების გასწორებას, რომელსაც არჩილ მინდიაშვილი ქართული ეკლესიის სახელით პირდება საქართველოს, უნდა ითქვას, რომ ეს არის ერის წინაშე მორიგი, ყოვლად დაუშვებელი სიცრუე. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ ემბაზების საეკლესიო ნაგებობებში შეტანით შეუძლებელია აღდგეს სამოციქულო ხელდასხმა და მღვდლობის მადლი. თვით სამღვდელოება უკანონოდ არის მონათლული და, სანამ კანონიერი მღვდლის მიერ არ მოინათლება და კანონიერი ეპისკოპოსისგან არ მიიღებს ხელდასხმას, არჩილ მინდიაშვილი და, მისივე ტერმინი რომ ვიხმაროთ, "ძმანი მისნი" ანაფორით შემოსილი ერისკაცები არიან და მათ არც ნათლობისა და არც ხელდასხმის უფლება არა აქვთ.

დაბოლოს: აღარ ვაპირებთ კამათს მათთან, ვინც არ არის გულახდილი და ერის წინაშე შეგნებულად ცრუობს. ისინი თავიანთ მსჯელობაში არღვევენ ეთიკის ელემენტარულ ნორმებს, რათა როგორმე შენიღბონ და შეავსონ ის სიცარიელე, რომელსაც თავის გასამართლებელი საბუთების უქონლობა ქმნის. "მწვალებელს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე; იცოდე, რომ ასეთი კაცი გარყვნილია და სცოდავს თავისივე თავის მიერ მსჯავრდადებული" (ტიტეს მიმართ, 3, 10-11).

მათ გასაგონად, რომლებიც ქრისტეს რჯულის აღდგენას ეწინააღმდეგებიან, ხმამაღლა ვაცხადებთ: საქართველოს ძველმართლმადიდებელთა საღვთო კავშირი არ შეწყვეტს ბრძოლას საქართველოში მართალი ეკლესიის აღდგენისთვის, თუ რჯულისკანონით არ დაგვისაბუთებენ, რომ ჩვენს მოთხოვნებში ან ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა ეკლესიაში არის რაიმე რჯულის საწინააღმდეგო ცდომილება.

ჩვენ მზად ვართ, საზოგადოების წარმომადგენელთა თანდასწრებით საქართველოს სამღდელოებასთან და სხვა მსურველებთან გავმართოთ დიალოგი, რათა ერმა გაიგოს სიმართლე, რომლის გარეშეც განწირულნი ვართ... მაგრამ ჯერჯერობით სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო ასეთი საუბრის გამართვა არ ხერხდება, რაც კიდევ ერთხელ ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენი ოპონენეტების გულახდილობას...

ძველმორწმუნე მართლმადიდებლებისთვის ქრისტეს რჯულის დასაცავად საკუთარი სიცოცხლის გაღება ისტორიული ხვედრია და ყველაზე დიდი ბედნიერებაა. საქართველოს ძველმართლმადიდებელთა ეკლესია და საღვთო კავშირი მზად არის ასეთი მსხვერპლის გასაღებად, ოღონდ კი საქართველო რაც შეიძლება მალე ეზიაროს ქრისტეს ძალასა და მადლს.
სანამ საქართველო ქრისტეს რჯულში ჩაიხედავს და გაიგებს სიმართლეს, ქრისტეს რჯულისთვის ბრძოლაში ძალას გვმატებს დავით აღმაშენებლის მოწოდება: "მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის რჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ". ამინ

oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому