აპოლოგეტიკა - "მღვდელ" დანიელ სისოევის მეზღაპრეობა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
მღვდელი ანდრია მარჩენკო

რატომ არ გამოვიჩინეთ ინტერესი
პატრ. ნიკონის რეფორმა
პატრიარქის მიერ ოქროს ჯვრით დაჯილდოვებული მისიონერისა და პროტოპრესვიტერის, ძველმოწესეთა მოწინააღმდეგის, დანიელ სისოევის სახელი, ძველმოწესეობაში გახდა საზოგადო და მას "სისოევშჩინა" ეწოდება.

"სისოევშჩინა" დღეს შეიძლება ვუწოდოთ ღია ცილისწამებას, რომელიც ფსევდომეცნიერულ რიტორიკასა და ქუჩურ ლანძღვასთან არის შეზავებული. საბედნიეროდ, ძველმორწმუნეობაში, ისე როგორც, მთელ რუს ერში, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც ძალუძთ ღირსეული პასუხი გასცენ მგმობარს, რომელიც მაღალ სინოდალურ ტიტულებს არის ამოფარებული. მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა დღევანდელ მონიტორინგში ჩვენ ვაქვეყნებთ მამა ვალენტინ ნოვოჟილოვისა და პოლემისტ პავლე შახმატოვის პასუხებს "მღვდელ" დანიელ სისოევისა და მის მსგავს "მკვლევარებისადმი".

დანიელ ალექსის ძე სისოევი (1974 – 2009). მისივე სიტყვებით, ნახევრად რუსი, ნახევრად თათარი. რუსეთის ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის მღვდელი, წმიდა მოციქულ თომას ტაძრის მოძღვარი მეტრო კანტემიროვსკაიას რაიონში. ეწეოდა აქტიურ სამისიონერო მოღვაწეობას, კერძოდ, ქადაგებდა მართლმადიდებლობას მუსლიმთა შორის. მოკლულ იქნა დაუდგენელი პიროვნების მიერ ტაძარში, სამღვდლო მოვალეობის შესრულების დროს.
ღვთისმეტყველების კანდიდატმა, რ.მ.ე.-ს "მღვდელმა" დანიელ სისოევმა, ჟურნალ «Русский Дом»-ში (# 4, 2007 წ.) გამოაქვეყნა პოლემიკური სტატია, რომლის დაბეჭდვა, ავტორის სიტყვით, განპირობებულია იმ "შემაშფოთებელი" გარემოებით, რომ ძველმოწესეობის ლიდერები სულ უფრო და უფრო მეტ სიმპათიებს იმსახურებენ რუს პატრიოტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებში. ის გაკვირვებულია, რომ ძველმოწესეებს მიიჩნევენ ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად, ხოლო ძველმოწესეობას საზოგადოების მორალური საფუძვლებისა და პატრიოტიზმის განმამტკიცებელ აუცილებელ პირობად. მამა დანიელის აზრით, ეს არის მითი, რომლის უარყოფასაც ის შეეცადა.

მართალია, მისი ნაშრომი არ არის დამაჯერებელი, სტატია ხასიათდება არგუმენტაციის საკმაოდ არასერიოზული დონითა და გადატვირთულია დაუსაბუთებელი საკუთარი მოსაზრებებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ნაშრომი აღქმულ იქნა არა როგორც გამოკვლევა, არამედ აგიტიკა, რომელიც სისოევის მომხრეებმა ციტატებად დაიტაცეს. რიბინსკში ერთ-ერთი ტაძრის გახსნაზე ჭორაობდნენ, რომ ჩვენ, ძველმოწესეები, თურმე ვართ სიონისტები და რევოლუციის სპონსორები. ამგვარმა ვითარებამ გვაიძულა გაგვეცა პასუხი.

წინასწარ ვიტყვით, რომ რ.მ.ე.-ს ზოგიერთმა იერარქმა დაგმო მამა დანიელის სტატია, მათ შორის იოანე მიროლიუბოვმაც, რომელმაც «Русский Дом»-ის მე-7 ნომერში გამოაქვეყნა თავისი მოსაზრებები. თუმცა, მან ჩათვალა, რომ "მღვდელ დანიელ სისოევის სტატიის დეტალური განხილვა აქ არაჯეროვანია".

ჩვენ კი გვსურს მას გავცეთ არსებითი პასუხი.

მამა დაინიელ სისოევი:

"მითი პირველი: ამბაკუმი და სხვა "სტაროვერები" იბრძოდნენ ძირძველი მართლმადიდებლობისთვის".

მამა დანიელს სურს ხაზი გაუსვას, რომ ძველმართლმადიდებლობა არსებითად არის წესთმორწმუნეობა; რომ ძველმართლმადიდებლებს არ სწამთ ქრისტე, არამედ ოდესღაც დაწესებული თანამიმდევრული ქმედებები.

მაგრამ რა არის წესი? წესი - ეს არის ღვთისმსახურება და საიდუმლონი. სხვა რაიმე დამატებითი წეს-განგებითი ქმედებები ძველმართლმადიდებლობაში ცნობილი არც არის. სიტყვა "ობრიადს" მე-17 საუკუნეში გააჩნდა სწორედ ასეთი შინაარსი. ირონიული და აბუჩად ამგდები ელფერი მან ხელოვნურად მოგვიანებით მიიღო. სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას, რომ თვით ღვთისმსახურება მე-17 საუკუნეში იწოდებოდა "გალობად". ამ ანალოგიით, ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეანები ეკლესიაში სამღერლად დადიან?

"ძველმორწმუნეებს... სწამთ მიწიერი საგნების, - წერს მამა დანიელი, - რწმენა, მოციქულ პავლეს სიტყვებით, არის "უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა" (ებრ. 11:1). ორი თითით პირჯვრისწერაში, ორჯერად ალილუიასა და უფლის სახელის დაწერილობაში კი რა არის უხილავი"?

და, რა არის უხილავი სამი თითით პირჯვრისწერაში, სამჯერად ალილუიასა და უფლის სახელის არასწორ დაწერილობაში? საკითხები, რომლებიც დაყენებულია ამგვარად, ეჭვ ქვეშ აყენებენ ქრისტეანულ სიმბოლოთა და თვით ღვთისმსახურების არსებობის საჭიროებასაც კი.

მამა დანიელის აზრებს რომ მივყვეთ და ღვთისმსახურების მეორეხარისხოვნობაზე ვილაპარაკოთ, უმნიშვნელოდ იქცევა თვით მღვდლის ფუნქციაც, არააუცილებელი გახდება ტაძარი და ეკლესია, როგორც ინსტიტუტი. მიუხედავად ამისა, ღვთისმეტყველების კანდიდატი გვთავაზობს ადამიანი პირისპირ დავტოვოთ ღმერთთან თავისუფალი ურთიერთობისთვის და ღმრთის თვითნებური, თავისუფალი აღქმისთვის. ზუსტად ასე მოიქცა ზოგიერთი რომაელი კათოლიკე, როდესაც გახდა პროტესტანტი. იგივე ხომ არა აქვს მხედველობაში "მართლმადიდებელი" ეკლესიის "მღვდელმსახურ" დანიელ სისოევსაც?

ღვთისშემეცნებასა და საეკლეიო საკითხებში ასეთი თვითნებობა ვიღაცას შეიძლება გარდაუვალ პროგრესად მოეჩვენოს, რომელიც კაცობრიობის ინტელექტუალური ძალების აღზევებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ, ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა კარგად ვიცით, რომ რელიგიური სისტემა, ასეთ შემთხვევაში, დაუბრუნდება პირველყოფილ მითოლოგიზირებულ დონეს და ქრისტეანობის მიერ ღვთისშემეცნებაში დაგროვილი ორიათასწლოვანი გამოცდილება ცრურწმენებში აითქვიფება. ეს კი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და მე-17 საუკუნეში ეს ნაბიჯი გსრულიად შეგნებულად გადადგეს.

თანამედროვე ისტორიკოსისთვის ძნელია იმის თქმა თუ რაში მდგომარეობდა პეტრესეული რეფორმები, რომლებიც ნიკონის რეფორმას მოჰყვა. მართლაც, შეუძლებელია ლოგიკურ დონეზე იმის ახსნა, რატომ მიჰყო ხელი მეფემ მანიაკალური სიჯიუტით არა თუ ეროვნული სახელმწიფოს, არამედ თვით ეროვნული თავისებურებების ამოძირკვას. მაგრამ, ყველაფერი ცხადი გახდება, როდესაც დაიწყებ იმის შეგნებას, თუ რამდენად რელიგიური იყო რუსეთის მოსახლეობა, ყოფა და კულტურა. იმდროინდელი რუსული, ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ქრისტეანული, მართლმადიდებლური. საზოგადოების ყველა წევრი საეკლესიო სტრუქტურაში იყო ჩართული. ღვთისმსახურებაზე დასწრება იყო როგორც ზნეობრივი, ასევე საზოგადოებრივი მოვალეობა.

ყველაზე რადიკალური პეტრე პირველი, თავის წინამორბედთა პოლიტიკის პირდაპირი გამაგრძელებელი, თავიდან იცილებდა მართლმადიდებლობას, როგორც რუსული სახელმწიფოებრიობისა და მოსახლეობის ეროვნული ხასიათის საფუძველს. მისი სისტემა, უეჭველად, იყო საერო, პროტესტანტული შეფერილობის.

ამგვარად, იმ დროს იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობდა არა უბრალოდ დევიზით "დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ", არამედ "ერის რელიგიურობის წინააღმდეგ". ეკლესიიდან უნდა გამოედევნათ ეროვნული ელიტა, გაეგზავნათ ის დასავლურ უნივერსიტეტებში, ფლოტში, ბიუროკრატიულ სტრუქტურებში. მაგრამ, პრაქტიკაში უფრო ადვილი აღმოჩნდა საკუთარი ელიტის შეცვლა უცხოურით, რომელსაც ძალაც კი არ შესწევდა მდგარიყო მრავალსაათიან ღვთისმსახურებაზე და დაეცვა სხვა რელიგიური მოთხოვნები.

თანამედროვე არარელიგიური ადამიანისთვის, ისტორიის ის მომენტი, როდესაც გათავისუფლდა იგი საზოგადოებრივი და ზნეობრივი მოვალეობებისგან, შეიძლება იყოს დიდი სიკეთე. უფრო ძნელია წარმოიდგინო სასულიერო პირი, რომელიც იცავს პეტრესეულ "მიღწევებს" აღშფოთებული მართლმადიდებლური მოსახლეობისგან, რომელიც გამოვლინდა ბულავინის ჯანყში.

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, - აღიარებს მამა დანიელ სისოევი, - რომ ძველმა წიგნებმა შეინარჩუნეს ზოგიერთი ძველი წესი, რომლებიც თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკიდან გაქრა... მაგრამ თუნდაც ამგვარი სიზუსტე განა ამართლებს განხეთქილების მომაკვდინებელ ცოდვას?"

ჩვენ უკვე ვიცით, რომ მამა დანიელისთვის ღვთისმსახურებას არც ისე დიდი მნიშნელობა გააჩნია, ის თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს (მე-17 საუკუნის რეფორმა ატარებდა სწორედ თვითნებურ ხასიათს) და შემოკლდეს (ღვთისმსახურება, რომელიც ტარდება რ.მ.ე.-ში არის ადრინდელი, ნიკონ პატრიარქამდელი ღვთისმსახურების შემოკლებული ვარიანტი).

ძველმართლმადიდებლურ წიგნთა სიზუსტე ამართლებს მორწმუნეთა თავდაჯერებულობას ძველი წესების მართებულობაში, აზრს აძლევს მათ სულიერ წინააღმდეგობას და სიმართლის მადევართ განაიარაღებს. საკითხავია, რისთვის სჯიდნენ და ასახლებდნენ რეფორმატორები რუს მართლმორწმუნეებს? ღვთისმსახურების შემოკლების გამო?

"არადა თვით წესები არავის დაუგმიაო, - აგრძელებს მამა დანიელი, - 1666-1667 წლების მოსკოვის კრებამ დაგმო არა წესები, არამედ ისინი, რომლებიც მისდევენ მათ ეკლესიის ნების საწინააღმდეგოდ".

ამ თეზისის ერთგულების დემონსტრირება მათ მოახდინეს წმ. ანა კაშინსკაიას უხრწნელ ნაწილებზე. როდესაც რეფორმატორებმა, ძველმოწესეთა მითითებით ნახეს, რომ წმინდანის მარჯვენა ხელი შეკრულია ორთითიანი წყობით, მისი პატიოსანი და უხრწნელი გვამი ტაძრიდან გაიტანეს და გადამალეს; ხოლო თვით ანა კაშინსკაია წმინდანთა დასიდან "ამოშალეს". მოცემულ შემთხვევაში წმ. ანა კაშინსკაიას, რომელიც ცხოვრობდა XIV საუკუნეში, ნამდვილად არ შეეძლო მიჰყოლოდა იმ ეკლესიის ნებას, რომელმაც ძველი გადმოცემები შეცვალა წმინდანის გარდაცვალებიდან სამი საუკუნის შემდეგ.

პატრიარქმა ნიკონმა, იმის შემდეგ, რაც ძალაუფლების დაკარგა, მცხოვან გრიგოლ ნერონოვის წინაშე აღიარა, რომ კარგია "ერთიც და მეორეც", წესებიცა და წიგნებიც (იხ. см. Зеньковский С.А. «Русское старообрядчество» М., Институт ДИ-ДИК, 2006 г. С. 191 ), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რეფორმატორულ სიახლეთა დანერგვის უაზრობას.

რუსებს თუ ისტორიისა და კლიმატური პირობების გამო ჩამოუყალიბდათ განსხვავებული ჩვეულებები; თუ ბზობის კვირას, მაგალითად, ჩვენ გზაზე ვაფენთ არა პალმის, არამედ ტირიფისა და რუსული ბზის რტოებს, განა ეს მიზეზი უნდა გახდეს იმისა, რომ გინდა თუ არა პალმები ახარო რუსეთში ბზობის სადღესასწაულოდ და ბუკვალურად იქნეს დაცული ბიბლიური სიუჟეტი. მიუხედავად ამისა, ნიკონის რეფორმას არ გააჩნდა ასეთი ლოგიკური საფუძველიც კი. მისი რეფორმის აზრი იყო უკიდურესად მარტივი - მთელი მართლმადიდებლური სამყაროს (უკრაინის, მცირე აზიის, ბალკანეთის, პალესტინისა და ეგვიპტის) რუსეთის მეფის (და პატრიარქის) მფარველობის ქვეშ გაერთიანების ილუზიამ (იხ. ბ. კუტუზოვი. მე-17 საუკუნის რეფორმა: "საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია?!") წააქეზა მეფე და პატრიარქი გაეტარებინათ საეკლესიო რეფორმა, რომლის შემდეგ რუსული ღვთისმსახურება გახდებოდა იმდროინდელი ბერძნულის იდენტური; გააკეთეს კი ეს ყოველივე უმარტივესი მეთოდით - უარყვეს ყოველივე რუსული და დანერგეს ყველაფერი ბერძნული.

ამგვარი რეფორმის საჭიროებასა და სარგებლიანობას უარყოფდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი (იხ. Зеньковский С.А. «Русское старообрядчество» М., Институт ДИ-ДИК, 2006 г. С. 177-178), რომელიც შემდგომში ახალ საფეხურზე აიყვანა პეტრე I, რომელმაც უკვე ბერძნული მართლმადიდებლობის ნაცვლად ნიმუშად აიღო ჩრდილოევროპული პროტესტანტიზმი.

ჰქონდა თუ არა აზრი ყოველივე ამის გაკეთებას თუკი, როგორც თვით მამა დანიელი ამტკიცებს, როგორც რუსეთში, ასევე ბიზანტიაში საღვთისმეტყველო წეს-განგებები დრო და დრო იცვლებოდა? თუ ასე იყო, მაშინ, რუსული ეკლესიის რომელიმე სხვა ადგილობრივ ეკლესიასთან შეთანაწყობის და უნიფიცირების არანაირი აუცილებლობა არ არსეობობდა.

შემდეგ პროპაგანდისტული სტატიის ავტორი ჩამოთვლის ძველმოწესეთა ყველა "ცოდვას": მიმართულებათა მრავალფეროვნებას, გაბატონებული ეკლესიიდან მღვდლების გადაყვანას და ა. შ. მაგრამ, ეს ცოდვაც რომ იყოს, ძველმორწმუნეთა ყველა ცოდვა ერთად აღებული ვერც კი დაჩრდილავს ნიკონის თუნდაც ერთ ცოდვას, რომელმაც თავისი პატივმოყვარეობისთვის გახლიჩა რუსი ერი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, რის შედეგადაც ერთი ნაწილი დანაწევრდა და გაიფანტა მთელს მსოფლიოში, ხოლო მეორე, რომელსაც სულიერი საყრდენი გამოეცალა, მალე უცხოტომელთა ზეგავლენის ქვეშ მოექცა.

როდესაც დეკანოზ ამბაკუმის საღვთისმეტყველო მსჯელობებსა და ყოფით საქციელს აკრიტიკებს, მამა დანიელი ძველმოწესეობის მთელ არსს აქცევს მხოლოდ ამ ერთ მოძღვარში მაშინ, როდესაც ძველმართლმადიდებლებისთვის ძირითადი და მთავარი არის ქრისტეს სწავლება, მის მოციქულთა ქადაგება და ეკლესიის წმიდა მამათა დადგენილებანი.

მამა დანიელ სისოევი:

"მითი მეორე: ყველა ძველმოწესე იყო რუსეთის პატრიოტი".

მამა დანიელი ძველმოწესეთა პატრიოტიზმის "მითს" ასეთი სიტყვებით ამხელს: "ძველმოწესეების მიერ არის ინსპირირებული სტეპკა რაზინის აჯანყება", "უდიდესი როლი ითამაშეს ძველმოწესეებმა პუგაჩოვის ჯანყშიც", "კოლოსალური როლი ითამაშა ძველმოწესეთა კაპიტალმა რუსეთის რევოლუციის მომზადებაში", "ძველმოწესეები ეხმარებოდნენ ნაპოლეონს ყალბი ფულის მოჭრაში".

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორს სურს გარკვეულ წრეებში პოპულარული გამოთქმა "იუდო-მასონები" "ძველმოწესეებით" შეცვალოს, რათა შემდეგ მოიხსენიოს ისინი ასეთ კონტექსტში: "ძველმოწესე ელცინი, ჰაიდარი, ჩუბაისი და მათი დანაშაულებრივი რეჟიმი...". და ასეც არის: ერთგან ვკითხულობთ: "რევოლუციური ბანდების ფინანსირებას ახორციელებდნენ არა მარტო ებრაული ბანკები, არამედ ძველმოწესეებიც".

ავტორი ვერ გრძნობს, რომ როდესაც ასეთი სახის ინფორმაციას აწვდის მკითხველს, მას აბსურდული ვითარების შეგრძნებას უყალიბებს.

არ გვაქვს რა ამ აბსურდული ბრალდებების უარყოფის სურვილიც კი (მკითხველმა თვითონ აიღოს რუსეთის ისტორიის წიგნი და შეიქმნას საკუთარი აზრი ყოველივე ზემოთქმულის შესახებ), გვინდა ყურადღება მივაპყროთ მამა დანიელის არგუმენტაციის სტილს და ბუნებას.

საკუთარ მოსახლეობასთნ სახელმწიფოს სხვადასხვაგვარ კონფლიქტებში, ახალმოწესე მღვდელი უცილობლივ სახელმწიფოს მხარეს დგას და ასეთ პოზიციას პატრიოტულად მიიჩნევს. საინტერესოა, რომ ის გმობს თვით ბულავინის აჯანყებას პეტრე პირველის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მიმართული იყო არა მარტო სახელმწიფო სისტემის რეფორმირების, არამედ თვით ცხოვრების ტრადიციული წყობის წინააღმდეგ. ამგვარად, თავისი არსით, ის ამართლებს მეფის პროტესტანტულ ძალადობას რუსეთის მართლმადიდებლური კულტურის წინააღმდეგ.

ამ ლოგიკის მიმდევარი მამა დანიელი, ცხადია, მხარს უნდა უჭერდეს სტალინის რეპრესიებსაც გლეხობის წინააღმდეგ 30-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ, მთლიანად მთელი ქვეყნის მოსახლეობის მასშტაბით.

მამა დანიელი, თავისი პოზიციით, ჩვენს წინაშე წარსდგება, როგორც ტოტალიტარიზმის აბსოლუტური აპოლოგეტი და არა როგორც სამშობლოს პატრიოტი. მაგრამ, მოდი თავი დავანებოთ ასეთ "პატრიოტს" და დავუბრუნდეთ ძველმართლმადიდებლობას.

საითაც უნდა გადაესროლა ბედს ძველმორწმუნენი ისინი უცხო მიწაზე ყოველთვის ინარჩუნებდნენ ცხოვრების რუსულ ყაიდას მაშინ, როდესაც რუსეთში ბატონობდა ცხოვრების ხან გერმანული წესი, ხან ფრანგული, ხან კიდევ ამერიკული. მამა დანიელი, მაგალითად, საყვედურობს ბელოკრინიცელ ძველმორწმუნეებს იმაში, რომ სოფ. ბელაია კრინიცა მათ გარდააქციეს ავსტრიულ ქალაქად და არ აკონკრეტებს, რომ უცხო სახელმწიფოში ცხოვრების მიუხედავად, ეს იყო რუსული მიწები რუსი მოსახლეობით. ეხლა ეს არის უკრაინის ჩერნოვცის გუბერნიის ოლქი. გამოდის, რომ მამა დანიელისთვის რუსია მხოლოდ ის, ვისაც გააჩნია რუსული მოქალაქეობა პასპორტში, ხოლო ის, ვინც პოლიტიკოსთა ნებით, საცხოვრებლად დარჩა ბალტიისპირეთში, ამიერკავკასიაში, შუა აზიაში; ვინც გაასახლეს პოლონეთსა და რუმინეთში, დაუწერელი სტალინური კანონის მიხედვით, ჩარიცხულნი არიან სამშობლოს მოღალატეების სიაში.

საკვირველია ღვთისმეტყველების კანდიდატის ზნეობრივი ორიენტირები. ვუსურვოთ მას მიწიერი მთავრობისადმი მხურვალე მსახურება, რომლის არქონაშიც ადანაშაულებს ის ძველმორწმუნეთ.

მამა დანიელ სისოევი:

"მითი მესამე. ძველმოწესეები ყოველთვის მიისწრაფოდნენ საზოგადოების მორალური საფუძვლების გასამყარებლად".

ამ "მითის" უარყოფისას მამა დანიელის ფანტაზია დადის უზნეობამდეც კი. დიახ, აღნიშნავს ის, ძველმოწესეები თითქოსდა ღვთისმოსავები არიან, ყველაფერს აკეთებენ ლოცვით, მაგრამ ამავდროულად ისინი პატივს სცემენ ძველი რუსეთის წარმართულ დღესასწაულებს, ივანე კუპალას დღესასწაულზე მრუშობენ და მკითხაობენ.

ამ შემთხვევაში ავტორის ანტისტაროვერული "არგუმენტაცია" გასცდა ზნეობრიობისა და მეცნიერულობის ყოველგვარ საზღვრებს.

წარმართობის ნაშთები დამახასიათებელია მთელი რუსული კულტურისთვის. ზოგიერთ გამოვლინებაში მათ არ გააჩნიათ მისტიური ხასიათი. მკითხაობა, ცხადია, დაუშვებელია, ხოლო მრუშობის წარმართული რიტუალები უბრალოდ წარმოუდგენელია. მაგრამ, ვიმეორებ, ეს არის რუსი ხალხის ზოგადი ნიშანი, რომელიც ცნობილია მრავალი ისტორიული წყაროდან, მხატვრული ნაწარმოებებიდან, ხალხური შემოქმედებიდან. ძველმოწესეები, რომელთა ძირითადი ნიშანი რელიგიურობაა, შეუძლებელია მისდევდნენ იმ ტრადიციებს, რომლებიც დაცილებულია ქრისტეანობას და ამორალურია. ასეთი ფაქტები უბრალოდ უცნობია ძველმოწესეობისთვის.

სხვა ბრალდება მდგომარეობს იმაში, რომ თითქოსდა ძველმოწესეები ამორალურად იწვავდნენ თავს და არ ელოდებოდნენ, როდესაც მათ ღვთისმოშიშებით დაწვავდნენ სრულიად ქრისტეანული ეკლესიის განკარგულებით.

თვითდაწვა მართლაცდა ფართოდ იყო გავრცელებული რუსეთში, ის ყოველთვის იგმობოდა ძველმოწესეთა მიერ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნიდან, განხეთქილების პირველივე დღეებიდან, როგორც მამა დოსითეოსის ქადაგებებში, ასევე ეფროსინეს სატირულ ლექსებში (იხ. Зеньковский С.А. «Русское старообрядчество» М., Институт ДИ-ДИК, 2006 г. С. 279-282). ეს იყო საშინელი მოვლენა, რომელსაც გამართლება არა აქვს. თუმცა, ყოველთვის შეიძლება მხარდაჭერის გამოთქმა იმ უბედური ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომელთა სარწმუნოება შეურაცხყვეს და ძალადობით ცდილობდნენ მათ "მოქცევას" "ჭეშმარიტი" მართლმადიდებლობისკენ.

არსებობს ასეთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში - თვითმკვლელობამდე მიყვანა. ის სრულიად ასახავს მამა დანიელის მიერ მოტანილ სიტუაციას.


* * *

"კარგია ლოცვა ახალი წიგნებით, არც ძველი წიგნებით ლოცვაა ცოდვა, ოღონდ არ იყოს ჩვენს შორის განხეთქილება, არამედ შეერთებულნი ვიყოთ ერთი სულითა და ერთი აზრით", - ასე ამთავრებს თავის სტატიას ავტორი.

ასეთი ნებართვა ოფიციალური ეკლესიიდან ძველმორწმუნეთა მიმართ გაიცა საკმაოდ გვიან, როდესაც ქვეყანაში რუსეთის გაბატონებული, "მართლმადიდებელი" ეკლესიის ყოველგვარი ჩარევის გარეშე დამყარდა სინდისისა და რწმენის თავისუფლება, როდესაც ძველმართლმადიდებლობის აკრძალვის მცდელობამ აშკარა ისტორიული ფიასკო განიცადა.

სადღეისოდ, შეუძლებელია არსებობდეს ლოცვითი ერთობა რუს ქრისტეანებს შორის. ეს უბრალოდ უნდა ვაღიაროთ და მშვიდობიანად ვიღვაწოთ ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად, საერო ცხოვრების ზნეობრივი საწყისების გასამტკიცებლად და ვილოცოთ თანამემამულეთა სულების საცხოვნებლად, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვა საეკლესიო იერარქიას.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому