აპოლოგეტიკა - ჩვენი პასუხი პროფ. ე. ჭელიძეს და კიდევ სხვებსაც - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არექიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

ჩვენი პასუხი პროფ. ე. ჭელიძეს და კიდევ სხვებსაც
ორი თითით პირჯვრისწერა
ამ რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ გვერდზე მივიღეთ უკიდურესი უხამსობითა და მუქარებით აღსავსე წერილი ვინმე Inkvizit Ori-სგან, რომელიც ე. ჭელიძესთან დაკავშირებულ ჩვენს შენიშვნათა გამო აღშფოთებას გამოთქვამდა. ავტორმა მოითხოვა მივსულიყავით სასულიერო აკადემიაში და იქ, პირისპირ გვეთქვა ე. ჭელიძისთვის ჩვენი სათქმელი "პირჯვრის წერაზეც და ნათლობაზეც", და იქადნიდა, რომ ე. ჭელიძე "2 წამში გაგვაფარჩაკებდა", რასაც შემდეგ უბილწესი გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოაყოლა.

უცნობმა პიროვნებამ ასევე მოითხოვა ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ფბ-გვერდის ადმინისტრატორის სახელი, ტელეფონის ნომერ და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაიმუქრა.

ჩვენ არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ არ ვართ ვალდებულნი, არა თუ გაურკვეველი ვინაობისა და მიზნების მქონე გარეწრებს მივაწოდოთ ჩვენი კონტაქტები (რომლებიც დამფრთხალი კურდღლებივით მიყურსულან, საგულდაგულოდ მალავენ საკუთარ ვინაობას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგვმართავენ), არამედ არ ვართ ვალდებულნი დავემორჩილოთ და შევასრულოთ თვით ოფიციალური ეკლესიის უმაღლეს სასულიერო პირთა განკარგულებები და მოთხოვნებიც კი, რადგან ჩვენს შორის არ არსებობს არც ევქარისტული ერთობა და არც იურიდიულ-კანონიკური ურთიერთმიმართება. ამიტომაც ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელთა წინაშე არანაირი ვალდებულებები არ გვაკისრია.

ან რატომ უნდა მივიდეთ ჩვენ ე. ჭელიძესთან? ე. ჭელიძე თუ მობრძანდა ჩვენთან პირისპირ სასაუბროდ, სანამ თავის სამარცხვინო წიგნს დაწერდა და ჩვენს სიტყვიერ ლანძღვასა და შეურაცხყოფას შეუდგებოდა? ცხადია არა! მაშ, თუ ასეა, და თუ ე. ჭელიძე საჭიროდ არ მიიჩნევს ჩვენთან შეხვედრასა და გასაუბრებას, არც ჩვენ ვართ ვალდებული მივეახლოთ ბ-ნ ე. ჭელიძეს სასულიერო აკადემიაში და იქ მოვახსენოთ ჩვენი შეხედულებები მის უდღეურ ნაშრომზე. ამას ჩვენ გავაკეთებთ იმ ფორმით, რა ფორმითაც თვით ე. ჭელიძე დაგვიპირისპირდა, ანუ წიგნიერად, და ჩვენს შეხედულებებს მის წიგნსა და სადავო საკითხებზე, მივაწვდით არა ე. ჭელიძეს, არამედ მორწმუნე საზოგადოებას.

თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ საპატრიარქოს წევრები ეს უკვე მერამდენედ ავლენენ უკიდურეს უხეშობასა და თავხედობას. გვრჩება შთაბეჭდილება რომ ამ ადამიანებს სახარება ან არ წაუკითხავთ ან კიდევ საჭიროდ არ მიიჩნევენ ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას, რომელთაგან უმთავრესი მოყვასის სიყვარულია.

რატომ ხდება ასე? რატომ გამოირჩევიან ასეთი არაქრისტეანული და უტიფარი გამოხდომებით საპატრიარქოს წარმომადგენლები? - იმიტომ ხომ არა, რომ თვით მათი მოძღვრები და მასწავლებლებიც უტიფრები და თავხედები არიან? ეს ობიექტურმა მკითხველმა და საზოგადოებამ განსაჯოს...

ვინმეს ჩვენი ნათქვამი ნიშნის მოგებით მსჯელობად თუ ეჩვენება, მაშინ გაეცნოს ე. ჭელიძის გამონათქვამებს ჩვენს წინააღმდეგ მისი წიგნიდან "სული - ცხოველი" (თბილისი 2012 წ.) და ეჭვიც კი არ დარჩება, ამგვარი გამოხდომების, თუ მთავარი მიზეზი არა, ერთ-ერთი მაინც, ე. ჭელიძე და მისნაირი "მეცნიერ"-მასწავლებლები რომ ბრძანდებიან.

ქვემოთ წარმოგიდგენთ მონაკვეთს ჩვენი მომავალი წიგნიდან, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო სახე. ეს მხოლოდ ე. წ. "შავი ნაწერია", რომელიც საჭიროებს გრამატიკულ და სტილისტურ შესწორებას, გარკვეულ ჩამატებებსა და გადაადგილებებსაც, მაგრამ ზემოთხსენებულმა თავხედურმა გამოხდომამ გვაიძულა მცირედით მაინც აგვეხადა ფარდა ე. ჭელიძის ვინაობისა და "მეცნიერული" მეთოდებისთვის, რომელსაც უფრო სრულყოფილად მომავალ ნაშრომში გაეცნობა ფართო საზოგადოება.


* * *

2012 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგემ, ფილოლოგმა და თეოლოგმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ ქართველ მორწმუნე საზოგადოებას შესთავაზა სხვადასხვა სარწმუნოებრივ-საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებული მორიგი ნაშრომი სახელწოდებით "სული ცხოველი". სამი განყოფილებისგან შემდგარი კრებულის (1. მრავალნათლიობა. 2. ერთი ნათლიის ნათლულთა ურთიერთნათესაობა. 3. სამგზისი დასხმით ნათლისღება) უდიდესი ნაწილი ეძღვნება დასხმითი ნათლობის საკითხს და ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა დაუფარავ ლანძღვას ამგვარი ნათლობისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო.  

ამ 584 გვერდიან წიგნში ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ პრობლემატიკას თუ 108 გვერდი ეთმობა, დანარჩენი 476 გვერდი "ანტისტაროვერულ" "კვლევას" ეძღვნება. მაგრამ კვლევაც არის და კვლევაც... იმას, რასაც ე. ჭელიძე აკეთებს ამ თავისი "მეცნიერული" ნაშრომის გვერდებზე, არაფერი აკავშირებს ჭეშმარიტ მეცნიერებასთან, თეოლოგიასთან და ეკლესიურ კვლევასთან. ეს არის ელემენტარული და იაფფასიანი სოფისტიკა, რომელიც ამოფარებულია "წყაროთმცოდნეობის" საფარველს და ლიტურგიკულ-ისტორიულ წყაროთა კვლევის სათნო ნიღაბს. ე. ჭელიძე, ისევე როგორც თავის პირველ "ანტისტაროვერულ" ნაშრომში "ეკლესია - სძალი უფლისა", აქაც პრობლემატიკას ზოგადსაეკლესიო ჭრილში კი არ განიხილავს, არამედ ფეხდაფეხ მისდევს კონკრეტულ ოპონენტთა მსჯელობას და ცდილობს მათ ტერმინოლოგიურ, თუ სხვა სახის უზუსტობებში გამოჭერას, რასაც შემდეგ ადვილად იყენებს კონკრეტული ოპონენტებისა და მთელი ძველმართლმადიდებლობის განსაქიქებლად.

აქ მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ე.ჭელიძის წიგნი "სული ცხოველი" გამოიცემოდა, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ფორუმებზე გაჩაღებული პოლემიკების შემდეგ, გადავწყვიტეთ დავა-კამათი მეტად აღარავისთან გაგვემართა (თუ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვექნებოდა საქმე), რადგან, ჯერ-ერთი, დიალოგები ინტერნეტში უმეტესწილად ონლაინ, ანუ პირდაპირი ლაპარაკის რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც ვერ უზრუნველყოფდა წყაროთა სიზუსტეს, ხოლო პოლემიკის ემოციურობიდან და საპატრიარქოს ადეპტებში დიალოგის კულტურის არქონიდან გამომდინარე, - კორექტულობასაც.

ამ ნაშრომის ("სული ცხოველი". თბ. 2012 წ.) ძველმართლმადიდებელთადმი მიძღვნილი IV თავის შესავალში ე. ჭელიძე აცხადებს: "მიმრქმელ-ნათლულთა ურთიერთობის განხილვის შემდეგ, კვლავაც სადღეისო ვითარებიდან გამომდინარე, დაისმის საკითხი თავად ნათლობის, ნათლისღების წესის აღსრულების მართებულობასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ (? - არქიეპ. პ.) ბოლო ხანებში კვლავ აღბორგდნენ "ურწმუნოების ახალ-ხმანი", საკუთარი თავის ვითომცდა "სტაროვერებად" ანთუ "ძველმართლმადიდებლებად" მხმობელნი, რომლებიც დიდად განბასრავენ საუკუნოვან ჭეშმარიტებას" (დასახ. შრ. გვ. 109). წლების წინ გულმტკივნეულად ვამხილეთ ისინი (იხ. ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ.) კეთილი იმედით, რომ შემოიქცეოდნენ მართლმადიდებელი ეკლესიისკენ, მაგრამ იმ ცნობების საფუძველზე, რაც ბოლო ხანს გვაქვს (ხაზგასმა ჩვენია - არქიეპ. პ.), კიდევ ერთხელ დავრწმუნდით: ამპარტავნებით დაბრმავებულ ეპილეპტიკოსთა თანალმობიერი განსწავლის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ წყლის ნაყვაა, სრულიად უნაყოფოა. ამიტომ, ამჯერად აღარ მოვმართავთ რაიმე სახის მსჯელობასა და განხილვებს საკუთრივ მათი მისამართით, რადგან, ტერტულიანეს თქმისებრ, აბსოლუტურ "აცილებას ვაძლევთ" საეკლესიო საკითხებთან მათთან ყოველგვარ პაექრობას... რომ "მტერმა" "მავნემ" არ დათესოს მასში ეჭვის რაიმე მარცვალი და ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს სრული წყაროთმცოდნეობითი გარკვეულობა ჰქონდეს წმიდა ნათლისღების მღვდელმოქმედებასთან დაკავშირებით" (ე. ჭ. "სული ცხოველი". თბ. 2012, გვ. 109).

ჩვენი ოპონენტი სრულიად მკაფიოდ გვიყენებს კონკრეტულ ბრალდებებს და ირწმუნება, რომ თითქოსდა ჩვენ "აღბორგებულნი" ვართ "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ" და მეტიც, იმასაც კი ირწმუნება, თითქოსდა "ხსენებულ "ურწმუნოების ახალ-ხმათა" მხრიდან განხორციელდა "უკიდურესად ცბიერი თავდასხმა ჭეშმარიტებაზე,, რომ მედეგობის ღერძი შერყეულიყო და მომხდარიყო ყოველივეს თანაშემღვრევა და აღზავება... " (იქვე, გვ. 111).

თავისი წიგნის სხვა ადგილას, ე. ჭელიძე კიდევ უმეტესი გააფთრებით და კადნიერებით გვიტევს და თავის მკითხველს არწმუნებს, რომ ჩვენი სახით საქმე აქვს არა მარტო "ეპილეპტიკოსებთან" (?!), არამედ "სხვადასხვაგვარად გაუკუღმართებულ და გზაგამრუდებულებზე" უარეს "გადამშთაფვლელებთან", რომლებთანაც "სრულიად ფუჭია ყოველგვარი განმსწავლელობა... რადგან ეს ის ხალხია, რომლებისთვისაც სრულიად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არარა მაგალითს ეკლესიის უწმიდესი ისტორიიდან, არარა განჩინებას წმიდა და ღმერთშემოსილი მამებისას, არარა საკრებო რჯულდებას, არარა განაწესს დიდი სჯულისკანონისას, გამუდმებით თუთიყუშივით იმეორებენ ერთსა და იმავეს ყოველგვარი ძველი წყაროსა და აბსოლუტურად ყოველგვარი არგუმენტის გარეშე და თავს იჯერებენ, რომ ამგვარი მოქმედებით იოლად შეძლებენ, ერთის მხრივ მათგან ჩადენილი ზემოხსენებული თავზარდამცემი დანაშაულის (იგულისხმება წყალპკურებულთა თავიდან ნათლობა - არქიეპ. პ.)გადაფარვას, მეორეს მხრივ კი ამ დანაშაულის ბადეში, კვლავ და კვლავ, სხვათა და სხვათა მოვერაგებასა და მოსათხევლებას" (იქვე. გვ. 127).

და ბოლოს, ე. ჭელიძე თავისი ეკლესიის ადეპტებს და მის მიერ დაბნეულ მორწმუნეებს ურჩევს "როდესაც ამ თავგასულთა (?! - არქიეპ. პ.) მხრიდან რაიმე ე. წ. სარწმუნოებრივი საკითხი აღიძვრის "ძვინად ეკლესიისა", მართლმადიდებელი მორწმუნისთვის სავსებით საკმარისი უნდა იყოს (და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეცდეს ვინმე ლიტონთაგანი), პასუხად მიუთითოს კონკრეტულ ფაქტზე, კონკრეტულ წმიდა წყაროზე (რაც სრულად შემუსრავს მოშუღარს) და ამით დაასრულოს "პაექრობა"" (იქვე. გვ. 127); ხოლო ამ მიზნის მისაღწევად, ანუ "პაექრობის მარტივად დასასრულებლად", ბ-ნ პროფესორს ძველი და წმიდა წყაროების საკუთარი ინტერპრეტაციების კრებული შეუდგენია, რათა სახელმძღვანელოდ მიეცა "მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისადმი, რომ "მტერმა" "მავნემ" (ანუ ჩვენ - არქიეპ. პ.), არ დათესოს მასში ეჭვის რაიმე მარცვალი და ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს სრული წყაროთმცოდნეობითი გარკვეულობა ჰქონდეს წმინდა ნათლისღების მღვდელმოქმედებასთან დაკავშირებით" (ე. ჭ. "სული ცხოველი". თბ. 2012, გვ. 109).

წიგნი "სული ცხოველი" აღსავსეა მეცნიერული ნაშრომის პრეტენზიის მქონე თხზულებისთვის სრულიად შეუფერებელი უტიფრობით და სოფიზმებით (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ჩვენს მომავალ ნაშრომში იხილავთ). მათი ავტორი, ე. ჭელიძე, რომელიც საკმაოდ ხმაურიან ტიტულებს ატარებს, გარდა იმისა, რომ სრულიად დაუსაბუთებლად გვიყენებს ბრალს კონკრეტულ ქმედებებში და მეცნიერისთვის შეუფერებელი ფრაზეოლოგიით აფასებს ჩვენს ნააზრევს ("დელირიუმი", "მეცნიერული ჩხრინკელი" (ანუ განავალი) და სხვა), აშკარად, ქრისტეანული, ადამიანური და მეცნიერული ეთიკის დარღვევით თავს გვესხმის როგორც "ცრუებს", "ბოროტების მთხზველებსა" და "ურწმუნოებს", რომლებიც თურმე ანგარიშს არ უწევენ (?) წმიდა მამათა არანაირ (?) სწავლებას და წმიდა კრებათა არანაირ (?) დადგენილებას, რაც გახლავთ ელემენტარული ტყუილი და ცილისწამება.

აქ არაფერს ვიტყვით იმის შესახებ, რომ ასეთი ტიტულატურის მატარებელ მეცნიერს ის მაინც უნდა ესმოდეს, ლიტურგიკულ საკითხებზე დავა (თუნდაც ეს ოფიციალური ეკლესიისთვის არასასიამოვნო და მიუღებელი იყოს) სულაც არ ნიშნავს ბრძოლას ვინმეს წინააღმდეგ; ხოლო მთელი რიგი ბრალდებები, რომელთაც ჩვენი მისამართით იმეტებს ბ-ნი ჭელიძე, სერიოზულ დასაბუთებებსა და დამტკიცებას საჭიროებს.

ჩვენ აქ ე. ჭელიძის კერძო შეხედულებათა გარჩევას არ შევუდგებით (ამას ჩვენ მოგვიანებით გავაკეთებთ), რომლის მიხედვითაც თურმე ძველმართლმადიდებლები "ჩქმალავენ და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ ახსენებენ, თუ როგორ სამარცხვინოდ იძლივნენ ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით (საინტერესოა სად და ვის მიერ "იძლივნენ" ისინი და რაში გამოიხატა ეს "ძლევა"? - არქიეპ. პ.), თუმცა... ავად მოხარულობენ, ვნება-ჟინით მოლიზღარობენ, გავიმარჯვეთო, განვაცრუეთო ჭეშმარიტება" (? - არქიეპ. პ.) (იქვე, გვ. 110-111).  

ე. ჭელიძის ამგვარი კადნიერი ბრალდება შეუძლებელია უპასუხოდ დარჩეს და არ გაირკვეს, ვისგან მოისმის "ურწმუნოების ხმა" და ვინ არის "ბოროტების მთხზველი" - ჩვენ თუ საქართველოს ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის სასულიერო აკადემიის პროფესორი ე. ჭელიძე?

ბ-ნ ე. ჭელიძის ფანებისგან ხშირად გვსმენია, და ამას თვით ე. ჭელიძეც იმეორებს, თითქოსდა არაფრის შესმენა არ გვსურს, რომ სრულიად უაზროდ ვეწინააღმდეგებით ჩვენი ოპონენტების "საფუძვლიან" არგუმენტებს და ამ წინააღმდეგობას ჩვენს "ფანატიზმად" რაცხენ. რამდენად სწორია ამგვარი ბრალდება? დღემდე ამისი მტკიცებულება არავისგან გვსმენია. ე. ჭელიძე არის ერთადერთი, ვინც ამას შეეცადა თავისი ახალი "ანტისტაროვერული" ნაშრომით "სული ცხოველი" და რამდენად "წარმატებით" ამას ჩვენს მომავალ წიტგნში თვალნათლივ განვსჯით.

ოპონენტთა ამგვარი მტკიცებულებებიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე (რომლებიც "მტრებად" და "მავნეებად" გვრაცხენ), ჩვენი მოვალეობაა ვაჩვენოთ, თუ რის საფუძველზე არ შევიწყნარებთ ე. ჭელიძის და ძმათა მისთა "დასაბუთებულ" "არგუმენტებს".

უმთავრესი მიზეზი ამ "არგუმენტაციის" შეუწყნარებლობისა არის მათი ის სიცრუე და სიყალბე, რომლითაც წარმოაჩენენ ისინი ამ ისტორიულ თუ ლიტურგიკულ "დასაბუთებებს". ყოველივე აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომის მიზანიც სწორედ ე. ჭელიძის მსჯელობის, მისი სოფისტიკის მხილებაში იხილვება. შევეცდებით ვაჩვენოთ, თუ რა ხრიკებს მიმართავს ძველმართლმადიდებელთა მოწინააღმდეგე ე. ჭელიძე თავისი "დასაბუთებების" წარმოდგენისას.

მრავალწლიანი პოლემიკური გამოცდილებიდან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნას, რომ ჩვენს ოპონენტებს ოფიციალური ეკლესიიდან ან სააზროვნო აპარატი არ უვარგათ, ან კიდევ შეგნებულად ცრუობენ, რათა სხვებიც მოატყუონ და ერთმანეთიც. ისინი ჩვენს მოტყუებასაც ცდილობენ, მაგრამ ეს არ გამოსდით, რის გამოც დავის ისეთ უხეშ და პრიმიტიულ ხერხს მიმართავენ, როგორიც არის პიროვნების შეურაცხყოფა... თუმცა ამის შესახებ ცოტა ქვემოთ, თავის ადგილას ვილაპარაკებთ.


* * *

თბილისის სასულიერი აკადემიისა და სემინარიის ოფიციალურ საიტზე (http://www.tsas.ge/index.php/component/content/article/47-2013-06-12-12-58-03/129-2013-06-12-19-49-05) პროფ. ე. ჭელიძის სამეცნიერო ტიტულატურა ასეა ჩამოყალიბებული: ღვთისმეტყველების დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი. ამრიგად, ბ-ნი ე. ჭელიძე არის მეცნიერი. ტიტულატურის მიხედვით მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია ფილოლოგია და ღვთისმეტყველება. ის აგრეთვე არის პატროლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ამავე დაწესებულებაში, რაც წმიდა მამათა დოგმატური-ზნეობრივი და ასკეტური ღვთისმეტყველების შესწავლის გარდა, მოიცავს ასევე ეკლესიის ისტორიის, საეკლესიო ხელოვნების, ეთიკისა და ესთეთიკის სფეროებს, რამეთუ თვით პატრისტიკა-პატროლოგია საკმაოდ ფართო პროფილის საგანია.

ბუნებრივია, რადგან საქმე გვაქვს მეცნიერთან, რომელიც საზოგადოებისა და ეკლესიისთვის ესოდენ მნიშვნელოვან სფეროებში მოღვაწეობს, რომელთა გარეშე საეკლესიო საკითხთა ცოდნა წარმოუდგენელია, ბუნებრივად უნდა გვეფიქრა, რომ მისი ზემოთხსენებული ნაშრომებიც მეცნიერული ობიექტურობისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების შესაბამისნი უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ როდესაც მეცნიერი მისდევს არა მეცნიერულ, არამედ იდეოლოგიურ თუ მერკანტილურ ინტერესებს, ის ღალატობს მეცნიერული კვლევის პრინციპებს და მთელს თავის ცოდნასა და განათლებას სწორედ ამ მიზანთა განხორციელებას ახმარს. ამის გამო ზარალდება მეცნიერებაც და მორწმუნეთა სულიც, რამეთუ ნებისმიერი საეკლესიო საკითხი, უპირველეს ყოვლისა სწორედ სარწმუნოებისა და მორწმუნეებისთვის არის მნიშვნელოვანი და არსებითი.

შესაძლოა ვინმე არ დაეთანხმოს ე. ჭელიძის ხსენებულ ნაშრომთა ჩვენეულ შეფასებას და გვითხრას, რომ ამგვარი ბრალდება საჭიროებს დამტკიცებას. გამომდინარე აქედან, სულ ორიოდ სიტყვით გვსურს აღვნიშნოთ ისიც, თუ რას შეიძლება ეწოდოს მეცნიერული ნაშრომი და რას არა, რა უნდა ახასიათებდეს მას, როგორც მეცნიერულს, და რა არა. ასევე, როგორია ცრუ, ანუ არამეცნიერული ნაშრომი და რა ნიშნები არსებობს მისი არამეცნიერულობის წარმოსაჩენად.


* * *

თავიდანვე მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ საკმაოდ გავრცელებულ ტერმინს "ღვთისმეტყველი" ან "ღვთისმეტყველების დოქტორი". პრეტენზია ამ გამონათქვამებთან ჩვენ არ გვაქვს, და არც მისი, როგორც წოდების მფლობელობასთან, ოღონდ გასარკვევია ერთი: რამდენად სამართლიანად ფლობენ ამ ტიტულს ზოგიერთები? ან თუ სამართლიანად ფლობენ, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ ტიტულს?

როგორც მეცნიერი უნდა უფრთხილდებოდეს თავისი მეცნიერულ წოდებას, ასევე ღვთისმეტყველიც უნდა იცავდეს ამ წოდების მინიჭებით ბოძებულ ღირსებას, და ეს ღირსება კვლავ და კვლავ მეცნიერულ-ფილოსოფიურ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული.

მკითხველი ალბათ მიხვდება, თუ რატომ აღვნიშნავთ ყოველივე ამას, დიახ, იმისთვის, რათა ვნახოთ რამდენად მეცნიერულია და რამდენად საღვთისმეტყველოა ის მეთოდები და განმარტებები, რომლებსაც ბ-ნი ე. ჭელიძე გვთავაზობს ჩვენს მიერ დასახელებულ ნაშრომებში.

თავიდანვე მოკლედ უნდა მივუთითოთ, რომ არსებობს ორგვარი ღვთისმეტყველება. ამ სიტყვის აბსოლუტური მნიშვნელობით ღვთისმეტყველი არის მხოლოდ ის, ვინც მიაღწია ღმრთის ხელთუქმნელი ნათლის ჭვრეტას, ხოლო შეფარდებითი მნიშვნელობით ღვთისმეტყველი შეიძლება იყოს ის, ვინც ლაპარაკობს ღმრთის შემეცნებაზე, რომლებიც განღმრთობილთ გააჩნდათ. რომ შევადაროთ ეს მეცნიერებას, უპირატესად მეცნიერებად იწოდებიან ისინი, ვინც იკვლევენ სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებს და აყალიბებენ ახალ ცოდნას მათ შესახებ, მაგრამ მეცნიერებად იწოდებიან ისინიც, ვინც გადმოგვცემენ ადრინდელ მკვლევართა ცოდნას სხვადასხვა საკითხებზე. თეოლოგიაში (ღვთისმეტყველებაში) ჩვენ თუ არ გაგვაჩნია ღმრთის უშუალო შემეცნება, მაშინ მას შევიმეცნებთ ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებების მეშვეობით, რომლებმაც ასეთი პირადი ცოდნა სულიწმიდის მადლით მოიპოვეს. ამიტომაც, ღვთისმეტყველება ერთის მხრივ ფუნქციონირებს, როგორც გამოცდილება და ნიჭი, ხოლო მეორეს მხრივ, როგორც მეცნიერება.

ამრიგად, აბსოლუტური და შეფარდებითი ღვთისმეტყველება (და ღვთისმეტყველები) ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდებიან. რადგან ე. ჭელიძის სახით ჩვენ საქმე გვაქვს სწორედ მეორე, შეფარდებით ღვთისმეტყველთან, უნდა განვმარტოთ, რომ შეფარდებითი ღვთისმეტყველება ეს არის კვლევის, ანუ მეცნიერების დარგი, რომლითაც არიან დაკავებულნი საღვთისმეტყველო ფაკულტეტების ღვთისმეტყველები (მეცნიერები). ისინი იკვლევენ ყველა ისტორიულ მოვლენას და გადმოსცემენ მნიშვნელოვან ცნობებს, რომლებიც ეხმარება სტუდენტებს (და ყველა დაინტერესებულ პირს) გახდნენ მოცემული საგნის მცოდნენი ან სასულიერო პირები და ღვთისმეტყველების სამეცნიერო ხარისხთა მფლობელები.

სამეცნიერო, ანუ აკადემიური ღვთისმეტყველება, უშუალოდ საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარების გარდა, მეცნიერულ დონეზე შეისწავლის ისეთ საგნებს, როგორიცაა: ტექსტების შესწავლა (სხვადასხვა საუკუნის ძველი და ახალი აღთქმის ხელნაწერები, ფილოლოგია, პალეოგრაფია) საეკლესიო ისტორია (მოიცავს საკუთრივ საკლესიო ისტორიას, დოგმატების ისტორიას და საეკლესიო დოგმატიკას), საეკლესიო ხელოვნება (არქიტექტურა, ხაწერა, გალობა და მათი ჩამოყალიბების ისტორია და პრინციპები), რელიგია და ქრისტეანული აღმსარებლობანი (კაცობრიობის აზროვნების და რელიგიური შეხედულებების განვითარების ფილოსოფიური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული მხარეები) და თანამედროვე ცხოვრება (სამოძღვრო ღვთისმეტყველება).

ამ ძალიან ზოგადი ნიშნებიდანაც კი, რომლებიც ჩვენ ჩამოვწერეთ, ცხადყოფილია, თუ საკითხთა რაოდენ დიდ სპექტრთან უწევს მუშაობა მეცნიერ-ღვთისმეტყველს და რაოდენ საპასუხისმგებლოა ამგვარ ნამუშევართან გაცნობა მორწმუნე ქრისტეანისთვის.


* * *

ვინც გასცნობია ე. ჭელიძის ზემოთხსენებულ ორივე ნაშრომს ("ეკლესია - სძალი უფლისა" და "სული ცხოველი"), ადვილად დარწმუნდებოდა, რომ მათში განხილულია როგორც წერილობითი წყაროები, ასევე საეკლესიო გადმოცემები, მათი დოგმატური შინაარსი, განხილულია ქრისტეანული ხელოვნების ნიმუშები (გრაფიკული გამოსახულებები და ხატწერა) და ისტორიის ზოგიერთი მოვლენები. მაგრამ ეს ყოველივე, თუკი ლაპარაკია მეცნიერ-ღვთისმეტყველის ნაშრომზე, უნდა ატარებდეს მეცნიერული ნაშრომისთვის აუცილებელ ნიშნებს.

ჩვენ აქ არ შევუდგებით საერო მეცნიერებებისა და ღვთისმეტყველების, როგორც მეცნიერების კვლევათა მეთოდების ურთიერთშედარებას. ეს მაინც იმდენად განსხვავებული სფეროებია, რომ შეიძლება კვლევის მეთოდებშიც იყოს განსხვავებები, თუმცა საერთოც ბევრია, რადგან ქრისტეანობა, და კონკრეტულად მართლმადიდებლობა, რაკიღა ცხოვრობს და არსებობს ამქვეყნად, ქმნის და იღვწის ამქვეყნად, ბუნებრივად, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ზოგიერთი გამოვლინება და შესწავლა (წმიდა ტექსტები, არქიტექტურა, გალობა, ხატწერა და სხვა), საერო მეცნიერებათა დახმარებით, საჭირო და აუცილებელი. მაგრამ მეცნიერებათა ამ ორ კატეგორიას (საეროსა და საღვთისმეტყველოს) შორის არსებობს იმგვარი საერთო ნიშნები, რომლის გარეშე არც ერთი და არც მეორე არ შეიძლება იწოდოს მეცნიერულად. ბუნებრივია ამ ნიშნების არქონის გამო, ის ვერც საღვთისმეტყველოდ იწოდება.  

სანამ უშუალოდ ამ ნიშნებს შევეხებოდეთ, საჭიროდ მივიჩნევთ გამოვყოთ მეცნიერების ისეთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორიცაა ისტორია და ისტორიული კვლევა. ამ თემაზე არსებობს უზარმაზარი ლიტერატურა, ჩვენ მხოლოდ უმცირესით ვისარგებლებთ და შევეცდებით მისი არსი გადმოვცეთ პოპულარული და ძალზედ მარტივი ენით. ამისთვის დავესესხებით ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ა. ნ. მედუშევსკის. კერძოდ მის სტატია "ისტორიული კვლევის მეთოდები", რადგან მასში ძალზედ მოკლედ და გასაგებად არის გადმოცემული ჩვენი სათქმელიც.

"ნებისმიერი მეცნიერების განვითარებაში დგება ისეთი პერიოდი, წერს ხსენებული ავტორი, როდესაც აშკარად დგება მოთხოვნილება კვლევის ცენტრში დადგეს არა იმდენად ფაქტების შესწავლა, რამდენადაც მათი ახსნის მეთოდები. ისტორიკოსების შეხედულებები თავიანთი მეცნიერების ამოცანებისა და მეთოდების შესახებ განსხვავებულია. ამაში, კერძოდ, იმალება მიზეზი იმისა, რომ დასკვნები ხშირად კეთდება ფაქტების შესწავლამდე, ან პირიქით, არ გვაქვს განზოგადოებები და ისინი უბრალო მონაყოლით არიც ჩანაცვლებულნი. ორივე შემთხვევაში იკარგება კვლევის აზრი. აკადემიკოსი ი. დ. კოვალჩენკო, წიგნის "ისტორიული კვლევის მეთოდების" (Методы исторического исследования М.: Наука, 1987) ავტორი, როგორც თვითონ წერს, მიისწრაფვოდა "ხელი შეეწყო ისტორიკოსებისთვის უფრო გააზრებულად დაუფლებოდნენ თავიანთი მეცნიერების ტექნოლოგიას".

ყოველი მეცნიერების მეთოდი უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება იმ მოვლენების თავისებურებებით, რომლებსაც ის სწავლობს. ისტორიის საგანი კაცობრიობის წარსული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისტორია სწავლობს იმას, რაც უკვე რეალურად აღარ არსებობს. არ გააჩნია რა შესაძლებლობა უშუალოდ დააკვირდეს წარსულ მოვლენას, ისტორიკოსი მათზე მსჯელობს ხელოვნებისა და საყოფა-ცხოვრებო საგნების შემორჩენილი ნიმუშების მიხედვით, უპირველეს ყოვლისა კი - წარსულის ხელნაწერი დოკუმენტებით. მათ შორისაა - მატიანეები, სამართლებრივი დოკუმენტები, წერილები, მემუარები და მრავალი სხვა.

იმისთვის, რათა ამ ფრაგმენტარული, წყვეტილი ცნობების მიხედვით შევიქმნათ წარსულის მეტ-ნაკლებად მთლიანი სურათი, უნდა ვიცოდეთ წყაროებთან მუშაობის სპეციალური მეთოდები. ამით არის დასაქმებული სპეციალური ისტორიული დისციპლინა - წყაროთმცოდნეობა. ის აღმოცენდა ისტორიულ დოკუმენტებთან მეცნიერთა მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად და ჩამოაყალიბა მათი ძიების, დათარიღების, ავტორობის დადგენის, მათში გადმოცემული ცნობების სანდოობის შემოწმების, და ბოლოს, მათი აზრის მართებული განმარტების მეთოდები. მხოლოდ ამ კვლევათა შედეგად გააჩნია ისტორიკოსს უფლება ამტკიცოს, რომ ესა თუ ის ფაქტი ნამდვილად მოხდა წარსულში. ამასთან მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ეტაპია - დოკუმენტის გარეგნული ნიშნების კრიტიკული ანალიზი: ხელწერა, წერილის მასალა, მელანი, წერის მეთოდები და სხვა...

მაგრამ უშუალოდ წყაროში გამოხატულ ცნობებს (მაგალითად, კონკრეტული მოვლენების, ფაქტების, სახელების) მნიშვნელოვნად აჭარბებს დაფარული, ანუ როგორც მას უფრო ზუსტად უწოდებენ, - სტრუქტურული ინფორმაცია. მოვლენის თვისებისა და დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით ის გამოხატავს მათთვის ნიშანდობლივ კავშირს. არსებითად, აქ ლაპარაკია კონტექსტის ლოგიკურ ანალიზზე, რომელშიც წყარო გადმოსცემს ფაქტებს. მაგრამ, აქ ადგილი რჩება ჰიპოთეზასაც, ჩნდება ფაქტების ნამდვილი თანაფარდობის სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. შეგახსენებთ ვ. ო. კლუჩევსკის აფორიზმს: "იქიდან, რაზეც ლაპარაკობენ წყაროები, უნდა მიხვდე, რაზე დუმან ისინი".

ისტორიული ანალიზი ისტორიკოსს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს შემოწმებული ფაქტები, რომელთა საფუძველზეც ყალიბდება ისტორიული პროცესის კონცეფცია. მაგრამ მთელი საქმე იმაშია, თუ რას მივიჩნევთ ისტორიულ ფაქტად. წარსულის მეცნიერება ამ საკითხს წყვეტდა გულუბრყვილო-რეალისტურ მანერაში. მისთვის ამგვარი ფაქტები წარმოდგენდა რეალობის ერთგვარ "აგურებს", რომელიც წყაროდან იყო ამოღებული იმისთვის, რათა შემდეგ შექმნილიყო ისტორიული სურათი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფაქტი - ცალსახა რამე როდია, როგორც ადრე ფიქრობდნენ. უპირველეს ყოვლისა ფაქტი - ეს არის სინამდვილის კონკრეტული გამოვლინება მის წარსულში ან აწმყოში, ანუ ეს არის ობიექტური რეალობა. მაგრამ ფაქტი-რეალობა, დაფიქსირებული მეცნიერების მიერ, გარდაიქმნება ფაქტ-შეგნებად, ფაქტ-ცნობიერებად, და აქ წარმოიშვება საკითხი მათი ურთიერთთანაფარდობის შესახებ.

არსებობს ასევე მარტივი და რთული ფაქტები. პირველი - ეს არის კონკრეტული მოვლენა, მეორე - უფრო მოცულობითი (მაგალითად, "ომი", "რევოლუცია" და სხვა), რომლებიც მრავალი უბრალო მოვლენის ერთობლიობას, კრებულს წარმოადგენს. ისინი განსხვავდებიან საგნობრივი შინაარსითც (ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და სხვა ფაქტები) და სხვა ფაქტებთან თავიანთი დამოკიდებულების სისტემებით.

იმისათვის, რათა დადგენილ იქნას ფაქტებს შორის რეალური კავშირი, ისტორიკოსი იყენებს მეთოდს: ისტორიულ-გენეტიკურს (მოვლენა განიხილება მის განვითარებაში); ისტორიულ-შედარებითს (მოვლენები ერთმანეთს შეეფარდებიან მათი თვისებების მსგავსებით); ისტორიულ-ტიპოლოგიურს (განსაზღვრავს მოვლენათა დამახასიათებელ ტიპებს) და ისტორიულ-სისტემურს (შეისწავლის მოვლენათა სისტემას) (А. Н. Медушевский, кандидат исторических наук. Методы исторического исследования).


* * *

ისტორიკოსის ეს მოკლე "კატეხიზმო" ჩვენ დაგვჭირდა იმისთვის, რათა შევძლოთ ახსნა, თუ რატომ არის ჩვენთვის მიუღებელი ოპონენტების მიერ აღქმული და შემდეგ, მათ მიერვე გადმოცემული ან ინტერპრეტირებული მთელი რიგი ისტორიული მოვლენები; და გვაქვს თუ არა ჩვენ უფლება არ მივიღოთ ოპონენტთა მიერ გადმოცემული ფაქტები ისე, როგორც ისინი მათ წარმოაჩენენ. მითუმეტეს, ამით ირკვევა გვაქვს თუ არა უფლება არ შევიწყნაროთ ის დასკვნები, რომლებიც შემდეგ გამოჰყავთ ამგვარი ისტორიული ფაქტებიდან. სანიმუშოდ დავასახელებთ ნავატიანელთა და ევნომეველთა ნათლობებს. მათ შესახებ ჩვენ თავის ადგილას უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ, მაგრამ, როგორც გამოჩნდება, საქმე ისე მარტივად როდია, როგორც ამას ჩვენი მეცნიერი-ოპონენტი წარმოაჩენს.

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძის მიერ განხილული ფაქტები (ისტორიული ხასიათის მოვლენები, გრაფიკული გამოსახულებები, ხელნაწერები) მახინჯდება კომპლექსურად, ანუ აქ გვაქვს არა მარტო ისტორიული თუ წყაროთმცოდნეობითი კვლევის პრინციპთა დარღვევები, არამედ, რაც მთავარია, დამახინჯებები მათგან გამოტანილ დასკვნებში, როდესაც ხსენებული ავტორი იყენებს მსჯელობის და განმარტებების სოფისტურ მეთოდებს.

აქ უკვე დგება აუცილებლობა გავერკვეთ, თუ რა ნიშნები ახასიათებს არამეცნიერულ ნაშრომს და შეიძლება თუ არა ე. ჭელიძის ორივე ნაშრომს ("ეკლესია - სძალი უფლისა" და "სული ცხოველი") არამეცნიერული ვუწოდოთ.


* * *

არის თუ არა ე. ჭელიძის "ეკლესია - სძალი უფლისა" და "სული ცხოველი"
სამეცნიერო ნაშრომები?

არის შემთხვევები, როდესაც ძნელია გაარჩიო რასთან გაქვს საქმე - მეცნიერულ ნაშრომთან თუ ფსევდომეცნიერულთან, რადგან ამგვარი წიგნების ავტორებად ხშირად გამოდიან რეალური მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა მიზნებით აყალბებენ იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც შემდეგ იწერება მათი ნაშრომები. ჩვეულებისამებრ ამგვარი რამ კეთდება ან კარიერული მიზნით ან იდეოლოგიური თვალსაზრისით.

როგორ დავამტკიცოთ ჩვენ, არამეცნიერებმა, რომ მეცნიერ-ღვთისმეტყველის, ფილოლოგის და პატროლოგის, პროფესორ ე. ჭელიძის ნაშრომები ("ეკლესია - სძალი უფლსა" და "სული ცხოველი") მეცნიერულია თუ არამეცნიერული?

მიუხედავად იმისა, რომ ე. ჭელიძემ, თავისი მძაფრი დაპირისპირებების წყალობით უკვე მოიხვეჭა სკანდალური მეცნიერის სახელი, საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის მრევლისთვის ის უფრო მეტი ავტორიტეტის მქონეა, ვიდრე მისი არამეცნიერი ოპონენტები. მართალია, ამ მომენტს, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, როგორც ამაში წმ. ანასტასი სინელის სიტყვებიც დაგვარწმუნებს, დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია, მაგრამ როდესაც სარწმუნოებრივ საკითხებზე მსჯელობა აგებულია მატერიალური ხასიათის დოკუმენტებზე, ფაქტებზე, ისტორიულ მოვლენებზე, რომელთაც ნათელს უნდა ჰფენდეს მეცნიერული კვლევა-ძიება, მაშინ მეცნიერის მსჯელობა მნიშვნელოვან წონას იძენს და მორწმუნეც ვალდებულია ანგარიში გაუწიოს ამ ფაქტებს, თუ ის ობიექტურად და მართებულად, მართლაც მეცნიერულ დონეზეა მოწოდებული. ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ ხსენებული ფაქტები არა თუ არ აკმაყოფილებენ შესაბამისი მეცნიერებებისთვის საჭირო მოთხოვნებს; ან, როგორც ეს ისტორიული მეცნიერებისთვის დამახასიათებელი მეთოდების განხილვისას ვნახეთ, უფლება გვეძლევა ეჭვი შევიტანოთ ამა თუ იმ ისტორიული ფაქტის ინტერპრეტაციაში, საერთოდ ლაპარაკიც კი ზედმეტია, როდესაც ვრწმუნდებით ისტორიული ფაქტების გაყალბებაში, წერილობითი ძეგლების თუ ნიმუშების არასწორ ინტერპრეტაციებში და, რაც მთავარია, მთელი ამ სიცრუის გასამართლებლად გამოყენებულ ფილოსოფიურ მეთოდოლოგიაში, რომელიც ცნობილია სოფისტიკის სახელწოდებით.  

მეცნიერს არ უნდა ახასიათებდეს უწიგნური, გაუნათლებლური და მდაბიური პათოსი (Питанов В. Ю. "Как отличить ученого от лжеученого, научную работу от псевдонаучной". http://www.pravklin.ru/publ/kak_otlichit_uchenogo_ot_lzheuchenogo_nauchnuju_rabotu_ot_psevdonauchnoj/12-1-0-579), რაც გამოიხატება თავმომწონეობაში და მაინც, თუ მეცნიერი ამგვარი პათოსით წერს თავის ნაშრომს, ის მეცნიერებისთვის შეუფერებელ ან ფსევდომეცნიერულ ნაშრომად უნდა იქნას აღიარებული. საზოგადოდ ასე წერენ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე მეცნიერები (ან შარლატანები) და ოპონენტთა უკიდურესი დამცირებით თავს იწონებენ მკითხველის წინაშე. როგორც წესი (და ამას ჩვენ თვალსაჩინოდ ვნახავთ ჩვენი ოპონენტის მსჯელობაში) "ამგვარი ნაშრომების ავტორები ხშირად არღვევენ ლოგიკის წესებს" (იქვე).

კვლევის ინტერპრეტატორული მეთოდი.
არსებობს ფაქტი და არსებობს მისი ინტერპრეტაცია. ამ მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტები დაინტერესებული პირის მიერ საკუთარი ინტერესების შესაბამისად განიმარტება. მაგალითად, ტენდენციურად დამოწმებულია მასალა, რომელიც შეიცავს გამონათქვამებს, მინიშნებებს ან გამოთქმული შეხედულებების დადასტურებებს, და შეიძლება განმარტებულ იქნას მათ სასარგებლოდ. ყველაფერი რაც კი ეწინააღმდეგება კომენტატორის შეხედულებას, უგულებელყოფილია. ამგვარი "განმარტების" პროცესში თითქმის ყოველთვის ირღვევა ლოგიკის წესები" (იქვე). და ჩვენ ამაშიც ბრწყინვალედ დავრწმუნდებით, როდესაც ე. ჭელიძის მიერ ინტერპრეტირებული ფაქტების განხილვას დავიწყებთ.

"უცთომელობა. ნებისმიერი მეცნიერი შეიძლება შეცდეს. მეცნიერება ხომ ამგვარ შეცდომათა გადალახვის ისტორიაა. ის, ვინც თავიდანვე ამტკიცებს თავისი თეორიების უცთომელობას, მეცნიერების გარეთ დგას, რადგან არღვევს მის ერთ-ერთი უძირითადეს პრინციპს" (იქვე). ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ე. ჭელიძის, როგორც ღვთისმეტყველის და პატროლოგის მოღვაწეობის სფერო მეცნიერებაა; მის მიერ საკვლევი საგნებიც (წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნების ნიმუშები, წერილობითი ძეგლები და ა. შ.) მეცნიერებას, უფრო სწორედ კვლევის მეცნიერულ მეთოდებს ეკუთვნის, მაგრამ "სამეცნიერო ცოდნა თავისი ბუნებით არ შეიძლება იყოს დასრულებული, ის განუწყვეტელი განვითარების პროცესში იმყოფება; ის, რაც დღეს ჭეშმარიტება გვგონია, ხვალ შეიძლება უარყოფილ იქნას. რომელ უცთომელობაზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი?!" (იქვე).

ხვალ შეიძლება არქეოლოგებმა აღმოაჩინონ "დიდაქეს" სულ სხვა ვერსია... ხვალ შეიძლება აღმოაჩინონ ისეთი წერილობითი წყაროები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ ჩვენი შეხედულება იმ ისტორიულ მოვლენებზე, ან ურთიერთობებზე, რომლებზე წარმოდგენაც დღეს მხოლოდ არსებული წერილობითი წყაროების საფუძველზე გაგვაჩნია (ცხადია, აქ არ ვგულისხმობთ წმიდა წერილს, რადგან მისი კანონის ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს არა მარტო მეცნიერული კვლევა, არამედ თეოლოგიურიც).

"ყურადღება უნდა მივაქციოთ ნაშრომში გამოყენებულ წყაროებს. ნაშრომი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს კვლევაზე ფიზიკის სფეროში და იმოწმებს ისეთ ავტორებს როგორიც არის რუდოლფ შტაინერი ან ელენე ბლავატსკაია, ცხადია, ამგვარი ნაშრომის მეცნიერულობაში დაგვაეჭვებს" (იქვე). ცნობილია, რომ ხშირად რელიგიურ-აღმსარებლობით პოლემიკაში მეცნიერებასაც იყენებდნენ და ისტორიულ და არქეოლოგიურ მონაცემებს საკუთარი დოქტრინების გასამართლებლად წარმოაჩენდნენ ხოლმე. ამის საუკეთესო დასტურია თუნდაც კათოლიკურ-პროტესტანტული პოლემიკა ისტორიული და არქეოლოგიური წყაროების წარმოჩენისა და ინტერპრეტაციის თვალსაზრისით; ან კიდევ XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის შემდეგ ოფიციოზის მიერ გაყალბებული ისტორიული და არქეოლოგიური წყაროები.  

ჩვენი ოპონენტი ე. ჭელიძეც, ხშირად იყენებს ლათინ ავტორებს, რომელთა კვლევებიდან მას გამოაქვს დასხმითი ნათლობების გამამართლებელი დასკვნები. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვით ლათინი მეცნიერები, თვითონვე არიან მიდრეკილნი ამგვარი ნათლობის გამართლებისკენ (პროტესტანტთა ზოგიერთ ფრთასთან, ან ბერძენ მართლმადიდებლებთან პოლემიკის გამო), გასაგები უნდა იყოს ამგვარი წყაროებისა და მათგან გამოყვანილი დასკვნების სანდოობის დაბალი ხარისხი. და საერთოდ, ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ, სად იკვეთება მეცნიერების ამა თუ იმ ვიწრო დარგისა და კონკრეტული სარწმუნოების საზღვრები... რამდენად ახდენენ მეცნიერული აღმოჩენები (მაგ. არქეოლოგიური) ზეგავლენას სარწმუნოებაზე, ან ამათუ იმ საეკლესიო წესის განვითარების ისტორიის შესწავლაზე.

მაგრამ "თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უძირითადეს ფუნდამენტს მაინც ფორმალური ლოგიკა წარმოადგენს. ლოგიკაში არსებობს განყოფილება, რომელიც ეძღვნება ცრუ არგუმენტაციას, ანუ არგუმენტაციას, რომელიც არაფერს ამტკიცებს, არამედ მხოლოდ დამტკიცებულობის ილუზიას ქმნის" (იქვე). იქ, სადაც იყენებენ ცრუ არგუმენტაციას, სოფისტიკურ ხერხებს და აშკარა გაყალბებებს, შეუძლებელია საქმე გვქონდეს მეცნიერულ ნაშრომთან.

და ბოლოს:   "პრინციპული შეუწყნარებლობა. ნებისმიერმა მეცნიერმა იცის ნებისმიერი სამეცნიერო ცოდნის ფარდობითობის პრინციპი. თავისი ბუნებით მეცნიერულ ცოდნას არ შეუძლია აცხადოს პრეტენზია აბსოლუტურობასა და უცვალებლობაზე. თუ წიგნის ავტორი მრისხანებით ლანძღავს თავის კრიტიკოსებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის ან ცუდი მეცნიერია, ან კიდევ ეს არის ფსევდომეცნიერული ნაშრომი. კრიტიკა ნებისმიერი სამეცნიერო ცოდნის აუცილებელი პირობაა, ის გვეხმარება ცოდნის კრისტალიზაციაში, ცალკეული ფაქტების გამოცალკევებაში გამონაგონისგან, მრავალი თეორიიდან მართებულის გამოცალკევებაში, არსებული ფაქტებიდან უფრო სანდოს გამოყოფაში და სხვა. კრიტიკის გარეშე მეცნიერება არ არსებობს" (იქვე).

"ნებისმიერი მეცნიერების პროგრესი, - წერს სხვა ავტორი, - წარმოუდგენელია სამეცნიერო პოლემიკის გარეშე. ისევე როგორც ნებისმიერი საქმიანობა, სამეცნიერო პოლემიკაც ითხოვს დაწერილი თუ დაუწერელი წესების დაცვას, რამეთუ ჭეშმარიტი მეცნიერის ამოცანა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, ნებისმიერი მეთოდებით დაამტკიცოს თავისი სამეცნიერო ჰიპოთეზები, კონცეფციები და თეორიები (მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე სურს), არამედ იმაში, რომ იპოვოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამოცანის ჭეშმარიტი გადაწყვეტილება. მითუმეტეს მნიშვნელოვანია ეს საღვთისმეტყველო მეცნიერებისთვის, რომელიც თავის მიზნად ისახავს არა მარტო წმიდად მეცნიერულ, არამედ სულიერ მიზნებსაც. ამიტომაც, სამეცნიერო პოლემიკაში ძალზედ მნიშვნელოვანია ეკლესიის წმიდა მამათა გამოცდილება, რომლებისთვისაც სარწმუნოების დოგმატების "ფორმულირება" თვითმიზანი კი არ გახლდათ, არამედ მორწმუნეთა შემოზღუდვა ამა თუ იმ მწვალებლური ცთომილებისგან. თავიანთ დოგმატურ ფორმულირებებს მამები ხვეწდნენ სწორედ პოლემიკაში, რომელიც წარმოებდა წერილობითი ან კიდევ ზეპირი დისკუსიის ფარგლებში.

ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ და აღვნიშნეთ, რომ ჭეშმარიტ მეცნიერს, რომელიც უტყუარ სიმართლეს ფლობს, არაფერში უნდა სჭირდებოდეს ოპონენტის ლანძღვა და მისი ღირსების სრული დაკნინებით მსმენელისა თუ მკითხველის გადმობირება. გადმობირება და მკითხველის განწყობის მიმხრობა სწორედ მატყუარებს სჭირდებათ, რადგან ისინი თვითონაც არ არიან დარწმუნებულნი საკუთარი მტკიცებულებების სიმართლეში, ხოლო თუ დარწმუნებულნი არიან, მაშინ მათ არ გააჩნიათ მეცნიერისთვის საჭირო ობიექტურობა, რამეთუ ლანძღვა-გინება არასოდეს ყოფილა ჭეშმარიტების დამადასტურებელი რაიმე არგუმენტი. მითუმეტეს არ უნდა სჭირდებოდეს მეცნიერს ოპონენტის ნათქვამის გაყალბება, როგორც ეს უკვე ვნახეთ ეპისკოპოს იონას (ერისკაცობაში მურთაზ ჩახავას) ერთ გამონათქვამთან დაკავშირებით (რომ ის არის მოსული იოანე მახარობლის "სულითა და ძლიერებით").

ნათქვამის გაყალბებისა და ამით ოპონენტის იდეოლოგიური განადგურების მეთოდი ჭელიძის ერთ-ერთი დამახასიათებელი მეთოდია, რომელსაც თავის მეორე ნაშრომშიც არ ღალატობს. მაგალითად, "სული ცხოველის" 406-ე გვერდზე, ე. ჭელიძე განიხილავს ფორუმ church.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას, რომელსაც ხელს "ძველმართლმადიდებელი" აწერს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დიალოგები ინტერნეტში უმეტესწილად ონლაინ, ანუ პირდაპირი ლაპარაკის რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც წყაროთა სიზუსტეს ვერ უზრუნველყოფდა, ხოლო პოლემიკის ემოციურობიდან და საპატრიარქოს ადეპტებში დიალოგის კულტურის არქონიდან გამომდინარე - კორექტულობასაც. წარმოვიდგინოთ, რა "მეცნიერული" ღირებულება შეიძლება ჰქონდეს სატელეფონო საუბარს, ან ქუჩაში კინკლაობას რაიმე თემაზე, როდესაც ადამიანები ემოციურად ერთმანეთს რაღაცას უმტკიცებენ?! იგივეა ინტერნეტში ონლაინიც (online, ინგლისურიდან: on line, რაც ნიშნავს - "ხაზზე ყოფნას", "კავშირზე ყონფას", "ქსელში ყოფნას" და ყოველთვის რეალური დროის რეჟიმს გულისხმობს) და ამიტომაც ონლაინ საუბარი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სერიოზული მეცნიერული არგუმენტაცია.

როგორც ქუჩაში მოლაპარაკე ადამიანს შეუძლია თავისი ზეპირად ნათქვამი ვერსიები წერილობით წყაროებში გადაამოწმოს და უფრო ზუსტად და დეტალურად ჩამოაყალიბოს თავისი ნათქვამი, უარყოს ის ან დაადასტუროს, ასევე ონლაინში (ან ტელეფონში) მოლაპარაკე ადამიანსაც შეუძლია და აქვს იგივეს გაკეთების უფლება; და სრულიად სასაცილოა ("მეცნიერულობაზე" ხომ არაფერს ვამბობ), როდესაც მავანი პროფესორი ონლაინ ნალაპარაკევს ოპონენტის გასანადგურებელ საბუთად რომ სახავს და მისი რელიგიური შეხედულების უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს და მეტიც, ინტერნეტში, ცოცხალ რეჟიმში გამოთქმულ ამ შეხედულებასაც კი ამახინჯებს.

წარმოიდგინეთ როგორ უნდა გაუჭირდეს მეცნიერს პოლემიკაში, რომ ამგვარ სრულიად არაკორექტულ მეთოდებს მიმართოს თავისი "არგუმენტაციის" დასამტკიცებლად.


* * *

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, თუ ე. ჭელიძის ბოლო, "ანტისტაროვერულ" ნაშრომს დავუბრუნდებით, პირველი, რაც ძველმართლმადიდებელთა საწინააღმდეგოდ დაწერილი განყოფილების გაცნობისას თვალში გვხვდება, ე. ჭელიძის არაკორექტულობა და მეცნიერისთვის შეუფერებელი უტიფრობა გახლავთ.

ძალიან გაგვიკვირდა ამ პიროვნების ასეთი ამჩატება. გასული საუკუნის 80-იან წლებში ვითარება ძველმართლმადიდებელთა და ოფიციალურ "მართლმადიდებელთა" შორის უფრო დაძაბული იყო, ვიდრე დღეს, როდესაც პრესის ფურცლებიდან ძველმორწმუნეობას მწერლები, აწ გარდაცვლილნი - ზურაბ ნარმანია და მურთაზ ჩახავა (შემდგომში საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქი) იცავდნენ. მათ წინააღმდეგ 1990 წელს ე. ჭელიძემ გამოსცა წიგნი "ეკლესია - სძალი უფლისა". თავისი იდეოლოგიურ-პროპაგანდისტურლი სტილით ჩვენს მიერ განსახილველი ნაშრომი ("სული ცხოველი") ამ ნაშრომისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ ერთი გარემოება მაინც თვალშისაცემია - პირველ ნაშრომში ("ეკლესია - სძალი უფლისა") ე. ჭელიძე ზომიერი და თავშეკავებულია, აქ ოპონენტების ლანძღვა და შეურაცხყოფა თითქმის არ გვხვდება, ხოლო თუ გვხვდება, ე. ჭელიძის მედიდური და ირონიული მინიშნებების სახით იმ შეცდომებზე, რაც ჩვენს ზემოთხსენებულ ავტორებს თავიანთ პუბლიკაციებში დაუშვიათ. მეტიც, თავისი წიგნის პირველივე თავი მან ასე დაასათაურა: "ურთიერთსიყვარულით და მეცნიერებით გავარკვიოთ" (ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი. 1990 წ. გვ. 1).

მაგრამ სულ სხვაგვარადაა საქმე ე. ჭელიძის მეორე, ანტი-"სტაროვერულ" ნაშრომში "სული ცხოველი" (თბილისი 2012 წ.), სადაც ავტორს სადავო საკითხთა "ურთიერთსიყვარულით და მეცნიერებით" გარკვევის პრინციპი სრულიად მივიწყნია.

ახალ ნაშრომში ხსენებული ავტორი დღევანდელ ძველმართლმადიდებელთა მიმართ, რომელთაც  "აღბორგებულ უწრმუნოთა ახალ-ხმათ"უწოდებს, უჩვეულო ბოღმასა და სიძულვილს ავლენს, აშკარად ეტყობა მრისხანება და შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, მიზეზობრივად თუ უმიზეზოდ, მაქსიმალურად დააკნინოს ჩვენი ადამიანური ღირსება, რაც მეცნიერისთვის და "მეცნიერულობის" პრეტენზიით გამოცემული ნაშრომისთვის შეუფერებელია. თუმცა, როგორც ეს მერყევ და ზნეობრივად არამდგრად ადამიანებს ახასიათებთ, ე. ჭელიძემ, თავის ახალ ნაშრომში ("სული ცხოველი") "ურწმუნოების ახალ-ხმათა" გარდა, დაუნდობლად და ანგარიშმიუცემლად აწ უკვე გარდაცვლილი ოპონენტებიც გალანძღა (ეპისკოპოსი იონა და ბ-ნი ზურაბ ნარმანია), რომლებთანაც ადრე საკითხებს "ურთიერთსიყვარულითა და მეცნიერებით" არკვევდა.


* * *

ბევრი პოლემიკური თხზულება წაგვიკითხავს ძველმართლმადიდებლობაზე, ისეთიც კი, სადაც ერთმანეთს ძველი წესების გამო "სტაროვერები" კი არა "ნოვოვერები", ანუ ოფიციალური ეკლესიის მეცნიერები ედავებიან, მაგრამ ასეთი ლანძღვა არსად შეგვხვედრია. სანიმუშოდ შეგვიძლია დავასახელოთ ცნობილი დაპირისპირება მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორებს ნ. კაპტერევსა და ნ. სუბოტინს შორის (ეს უკანასკნელი ამავე დროს, ამ სასულიერო აკადემიის რექტორიც გახლდათ). მათ შორის ვითარება უკიდურესად გამწვავებული იყო, აკადემიის რექტორი ნ. სუბოტინი, პროფ. ნ. კაპტერევს აკადემიიდან გაგდებითაც კი ემუქრებოდა, ხოლო სამეცნიერო მუშაობა XVII საუკუნის რუსული რასკოლის სფეროში 10 წლით აეკრძალა... მიუხედავად ამისა, როდესაც ნ. კაპტერევის ფუნდამენტალურ ნაშრომებს ეცნობი, გხიბლავს მისი მეცნიერული ალღო, თავშეკავებულობა და სიდინჯე. გრძნობ, რომ სიმართლე მის მხარეზეა და ოპონენტის სამხილებლად მისი მორალური შეურაცხყოფა თუ მიწასთან გასწორება არაფერში სჭირდება. ამისთვის მეცნიერს უტყუარი მეცნიერული არგუმენტაცია გააჩნია, რომელიც მრავალწლიან ლიტურგიკულ კვლევა-ძიებას ეფუძნება. აი ასეთად წარმომიდგენია მე მეცნიერული დავა და პოლემიკა.

რას ვხედავთ ამ მხრივ საპატრიარქოს იდეოლოგის, დღეისთვის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის, თბილისის სასულიერო აკადემიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგის ე. ჭელიძის ნაშრომში "სული ცხოველი"? - ამ დონის მეცნიერისთვის ყოვლად შეუფერებელ უხეშობას და ოპონენტებთან (ძირითადად ძველმართლმადიდებლებთან) აბსოლუტურად არამეცნიერულ კამათს (არამეცნიერულობაში ვგულისხმობ იმ მეთოდებს, რასაც ჭელიძე იყენებს ოპონენტების დასაკნინებლად და თავისი ზოგიერთი წყაროს გასამართლებლად). მეტიც, და ამას ქვემოთაც ვნახავთ, მას მეტად ოსტატურად და მოხერხებულად შეჰყავს მკითხველი ყალბი ლოგიკის ლაბირინთებში და არსებული ფაქტების (რომლის დახვავება ძლიერ უყვარს) მისეული ინტერპრეტაციით სასურველ დასკვნებამდე მიჰყავს.

ჩვენი ლანძღვა ხსენებული ნაშრომის ჩვენდამი მოძღვნილ ნაწილს წითელ ზოლად გასდევს, ალბათ აზრი არა აქვს ყველა ამ გამონათქვამის დაფიქსირებას, ზოგიერთი მათგანი ზემოთ უკვე დავიმოწმეთ, მაგრამ საკითხის სიცხადისთვის აქ კიდევ გავიმეორებთ:

"აღბორგებული (გაშმაგებული - არქიეპ. პ.) ურწმუნოების ახალ-ხმანი" (გვ. 109); "ამპარტავნებით დაბრმავებული ეპილეპტიკოსები" (იქვე); "ავად მოხარულნი, ვნება-ჟინით მოლიზღარნი..." (ლიზღი - კადნიერი ხუმარა, ურიდალა (სულხან საბას განმარტებითი ლექსიკონი) (გვ. 110)); "ლეყეცნი" ("ზეაღზვავებით ლეყეცობენ...") (იქვე); "მზაკვრულად ბოროტადმთხზველნი" (გვ. 111); "ლირბნი" ("ეს ურწმუნონი ლირბობენ" - გვ. 114. "ლირბი" - თავხედსა და ურცხვს ნიშნავს); "ცრუნი" (გვ. 119), "ფარისეველნი" (გვ. 122), "თავხედურად გამომწვევნი" (გვ. 123), "ბაგე-მტყუვარნი" (გვ. 124), "მბორგავნი" (გვ. 124), "ბოროტმზრახველნი" (გვ. 125), "გაუკუღმართებულნი" (გვ. 126), "თავგასულნი" (გვ. 127), "სიბილწის მოძღვარნი" (იხ. გვ. 349) და მრავალი სხვა, რომელთაც ქვემოთ, ჩვენი მსჯელობის კვალდაკვალ კიდევ შევხვდებით.

ე. ჭელიძის ამგვარი თავდასხმა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებზე გვაფიქრებინებს, რომ საქმე არ უნდა გვქონდეს მარტოდენ ოპონენტის მედიდურ ბუნებასთან, რამეთუ ჩვენ, დღევანდელ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს, მასთან უშუალო კონფლიქტი არ გვქონია და მისი მისამართით მსგავსი ტერმინოლოგია არსად გამოგვიყენებია რომ მისგან ამგვარი შეურაცხყოფანი დაგვემსახურებინა და გვეფიქრა, რომ ამას განაწყენებული ავტორი შურისძიების მიზნით აკეთებს. ვფიქრობ, საქმე უფრო რთულადაა, კერძოდ, ე. ჭელიძემ მიზნად დაისახა ძველმართლმადიდებელთა მორიგი განქიქება, რათა მორწმუნე საზოგადოებას არანაირი სიმპათია და ნდობა არ გაუჩნდეს მათ მიმართ. ამგვარ ხერხებს ე. ჭელიძე თავის პირველ ანტიძველმართლმადიდებლურ ნაშრომშიც ("ეკლესია - სძალი უფლისა") მიმართავდა, როდესაც თავიდანვე განაქიქებდა თავის ოპონენტებს და არა მარტო რეალურ, თუმცა უმნიშვნელო შეცდომათა, არამედ სრულიად შეკოწიწებულ ბრალდებათა საფუძველზე და ამით ნაშრომის დასაწყისშივე ცდილობდა მკითხველისთვის თავისი ოპონენტების ავტორიტეტის დაკნინებას.

დიახ, სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს ე. ჭელიძეს თავის მეორე, ანტიძველმართლმადიდებლურ წიგნშიც "სული ცხოველი". რაოდენ სამწუხაროა, რომ საზოგადოებასა და ოფიციალურ ეკლესიაში დაფასებული ეს პიროვნება, ფილოლოგი და პროფესორი, ესოდენ ცუდი მაგალითის მიმცემია მორწმუნე საზოგადოებისთვის (განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის) და თავისი ავტორიტეტით მსგავს ქმედებას ზნეობრიობის და კანონიკური ქცევის ნიმუშად უსახავს. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ოფიციალური ეკლესიის ადეპტები აღარც მომავალში მოერიდებიან ჩვენს ლანძღვას და უფრო გააფთრებით შეუტევენ ძველმართლმადიდებლობას.

შეიძლება პარადოქსულადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ჩვენი ოპონენტის უსუსურობა თვით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს შორის წინააღმდეგობაშიც იხილვება, მაგალითად, როგორ შეუძლიათ "ბრიყვებს" და "ეპილეპტიკოსებს" "მობლარდნონ" და "მოისათხველონ" მთელი საზოგადოება? მათ არგუმენტაციას არანაირი საფუძველი რომ არ ჰქონდეს, არც არავინ დაიჯერებდა მათ სიმართლეს, და ასეთი ფილოსოფიურ-სოფისტური ხრიკების მთელი არსენალის გამოყენება ე. ჭელიძესაც არ დასჭირდებოდა.

ვის შეუძლია იფიქროს, რომ იმგვარ "გონებაჩლუნგ" ადამიანებს, როგორადაც სახავს ე. ჭელიძე თავის დღევანდელ ძველმართლმადიდებელ ოპონენტებს, შეეძლოთ მთელი საზოგადოების ისე დარწმუნება, რომ საჭირო გახდა ორი სოფისტური ხრიკებით აღსავსე ნაშრომების გამოქვეყნება ამავე საზოგადოების "უკან მოსაბრუნებლად" ან "დასაცავად"?

"ურწმუნოების ახალ-ხმანი" ან ძალზედ ნიჭიერი და დახვეწილი პოლემისტები ყოფილან, რადგან სიცრუეთა "მობლარდნით" საზოგადოების "მოტყუება" მოუხერხებიათ ან თვით საზოგადოება ყოფილა ძალზედ ბრიყვი მასზე აღმატებული ან ოდნავ უკეთესი ბრიყვების იდეოლოგიაზე რომ წამოგებულა. აქედან კი დასკვნა: რომ არა "ბრძენთა ბრძენი" ე. ჭელიძე, ეს "ბრიყვი" საზოგადოება მთლიანად "უფსკრულში" გადაინთქმებოდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ საზოგადოება ბრიყვია. უბრალოდ ე. ჭელიძის მსჯელობა გულისხმობს ამას. ის წინააღმდეგობრივია და ერთის მხრივ გამომდინარეობს საზოგადოების მიმხრობის სურვილიდან, ხოლო მეორეს მხრივ, ოპონენტთა უკიდურესი დამცირება-დაკნინების ავადმყოფური ლტოლვიდან, რაც ასევე, მკითხველის, მორწმუნე საზოგადოების მიმხრობას ისახავს მიზნად.

დასასრულ, ჩვენს ამ მცირედ ამონარიდს მომავალი წიგნიდან დავასრულებთ წმ. ანასტასი სინელის დარიგებით.

წმ. ანასტასი სინელი აყალიბებს რა მონოფიზიტებთან პოლემიკის სულიერ-ზნეობრივ საფუძვლებს, პოლემიკის მეთოდოლოგიურ და საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურ აპარატსაც გვაძლევს და მიგვანიშნებს, რომ ამგვარი პოლემიკის საძირკველში დევს არა იმდენად ფილოსოფიის ან წიგნიერი ღვითსმეტყველების და პოლემიკური მეთოდების ცოდნა, არამედ "ღირსეულად ცხოვრებისა და სულიწმიდის მადლის მოხვეჭის" აუცილებლობა, რამეთუ ყოველგვარი მწვალებლობის მიზეზი, როგორც ეს წმიდა მამა გვასწავლის, სწორედ სიამაყის, ამპარტავნების, ვერცხლისმოყვარების და კაცთმაამებლობის ვნებებში ძევს. წმიდა მამა ამასთანავე ასწავლის, რომ მართლმადიდებლური დოგმატების წვდომა ინტელექტით კი არა, სულითა და გულით ხდება.

საგულისხმოა რომ წმიდა მამის სწავლებით "ვერც წმიდა წერილისა და ვერც წმიდა მამათა თხზულებების ცოდნა, ან კიდევ ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო აპარატის ფლობა, ვერც დახვეწილი პოლემიკური უნარები, ვერანაირად შეგვეწევიან მწვალებლებთან ბრძოლაში, თუ წინ სული წმიდა არ წაგვიძღვება. წმიდა მამის თქმით, ღმრთის წინამძღოლობა მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის არა მარტო პოლემიკურ ღვთისმეტყველებაში, არამედ მთელს ცხოვრებაში: იმისთვის, რათა იყო ჭეშმარიტი და სრულყოფილი ქრისტეანი. არასკმარისია გქონდეს ოდენ მართალი რწმენა და ღვთისმოსაობის საქმეები, არამედ საჭიროა თავმდაბლობაც. ჩვენი გონება ღვთისმოსაობის საქმეებით სულს აწესრიგებს, მაგრამ თუკი ამ სულში ჩასახლდება ამპარტავნება და მედიდურობა, ქრისტეს იქ უკვე აღარაფერი ესაქმება. მხოლოდ ის ქრისტეანია სრულყოფილი, რომელშიც მკვიდრობს ქრისტე, აღთქმის თანახმად: "ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ"" (იოანე 14:23) (Игумен Адриан (Пашин). Основы богословской полемики согласно преподобному Анастасию Синаиту).

ამჯერად აქ შევწყვეტთ ამონარიდების დამოწმებას ჩვენი მომავალი წიგნიდან, მაგრამ ვფიქრობთ, რაც ითქვა ისიც კარგად აჩვენებს ე. ჭელიძის არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას არა მარტო ჩვენთან, არამედ თავისივე ეკლესიის მრევლთან, საზოგადოებასთან და მეცნიერებასთან.

ე. ჭელიძის უტიფრობა, მისი "მეცნიერული" მეთოდოლოგია მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური ეკლესიის გარკვეული წრეების და თვით ე. ჭელიძის პირადი ამბიციების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, და ეს რომ ასეა, ამას ფართო საზოგადოება ჩვენს მომავალ წიგნში თვალნათლივ იხილავს.

თბილისი. 11 მაისი, 2015 წ.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому