აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_XVIII_მტრის მიერვე გამხელილი სიყალბე - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
დეკანოზი ამბაკუმ პეტროვი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი XVIII
___________________________________________________________________________________________________________________________________

მტრის მიერვე გამხელილი სიყალბე

დასასრულ, ე. ჭელიძე, აქა-იქ ეყრდნობა ახალმოწესე მოძღვრის, ვინმე არქიმანდრიტ გრიგოლის შრომას "ჭეშმარიტად ძველი და ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესია" (Григорий Архиепископ Казанский. Истинно древняя и истинно православная церковь". 1835 г.), რომელსაც ორი თითით პირჯვრისწერის "სიყალბის" (გვ. 184), ორჯერადი ალილუიას (იქვე. გვ. 221), შვიდი სეფისკვერით ლიტურგიის მსახურების (გვ. 234) და სხვა საეკლესიო ჩვეულებათა უარსაყოფად და ახალმოწესეობრივ სიახლეთა დასაცავად იმოწმებს.

მაგალითად, ამ ნაშრომზე დაყრდნობით ის ირწმუნება, თითქოსდა "ყველა ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნი, რაც კი მითითებულია წიგნში "პომორული სიტყვისგებანი (Поморские ответы), როგორც ეს გარკვეულია, XVI ს-ის შუაწლებზე ადრინდელი არ არის" (იხ. ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 228). აქვე უარყოფილია ორჯერადი ალილუია და ნათქვამია, რომ თითქოსდა "ყველა ძველ ნაბეჭდ წიგნში, მათ შორის, ყველა იმ წიგნში, რომლებიც იოსების წინამორბედ პატრიარქებთან დაიბეჭდა, მითითებული იყო "ალილუიას" წაკითხვა ან გალობა სამგზის" (ე. ჭ. იქვე. გვ. 230).

ნუთუ ე. ჭელიძეს არ უნდა ცოდნოდა, რომ ორჯერადი ალილუია მესამე "დიდება ღმერთსა"-ს დამატებით არის უძველესი საგალობელი? ზემოთ უკვე ვაჩვენეთ, მაგრამ, ვფიქრობთ, აქაც ჯეროვანი იქნება კიდევ ერთხელ დავიმოწმოთ ქართული სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი უძველესი ძეგლი გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", სადაც ვკითხულობთ: "… არამედ დასაბამი მადლისაი ესე იხილვა ზაქარიას სიყრმისა ჟამთა: რამეთუ მწყემსი იყო კრავთაი კლარჯეთისა ქვეყანასა შინა. და ვითარცა მღდელმან შესაწირავი განჰმზადა წინაშე პატიოსანსა ჯვარსა და სხვანი ჩჩვილნი ყრმანი გარემოადგეს მას და დაუდუმებლად ხმითა ხმობდეს ანგელოზთა გალობასა: - "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანაი დიდებითა მისითა, ალელუია, ალელუია, დიდებაი ღმერთსა", - და კვირილეისონი ფრიად მრავალი თქვიან. ხოლო ზეცით მოწევნულ იყო სვეტი ფრიად ბრწყინვალე ნათლისა უმანკოსა მას ზედა მღდელსა ყრმასა და მგზავრ მომავალი ვინმე ეპისკოპოსი ანჩელი ხედვიდა სასწაულსა მას და მივიდა და ეზიარა ხელითა ღირსისა მის ყრმისაითა და თანაწარიყვანა ანჩს. ხოლო დეკანოზსა გამოუცხადა ზიარებაი თვისი და ეპისკოპოსისა მის ბრძანებითა ღირსთა კაცთა ტბას შინა აღზარდეს ნეტარი იგი ეპისკოპოსი ზაქარია. და  ესევითარნი კეთილნი სათნოებანი დაიმკვიდრნეს ანჩისა ეპისკოპოსთა" (ქართული პროზა. წიგნი  1. "საბჭოთა საქართველო". თბილისი. 1981. გვ 303-304).

შვიდ სეფისკვერზე ე. ჭელიძე ბრძანებს: "ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არსად, არცერთ უძველეს ლიტურგიკულ წყაროებში არცერთხელ არ არის მითითებული შვიდი სეფისკვერი. ამგვარი რამ პირველად ვლინდება მხოლოდ სლავურ სამყაროში XVI ს.-ის ბოლო წლებიდან (ხაზგასმა ჩვენია - არქიეპ. პ.) (იქვე. გვ. 244). ე. ჭელიძის დასკვნით: "არა თუ ხუთი სეფისკვერით წირვა წარმოადგენს სეფისკვერნაკლულ პროსკომიდიას, არამედ პირიქით შვიდი სეფისკვერით წირვა უნდა იწოდოს სებისკვერშემატებულ პროსკომიდიად" (ხაზგასმა ავტორისაა - არქიეპ. პ.) (იქვე. გვ. 244).

მზის მიმართულებით მოძრაობას კი "... ბნელეთისკენ სწრაფვას" უწოდებს, რომელი ჩვეულებაც თურმე (არქ. გრიგოლზე დაყრდნობით) "მხოლოდ XV-XVII საუკუნეებიდან იჩენს თავს" (იქვე. გვ. 247).

ცხადია, რომ საკითხის ისე "გაშუქება", თითქოსდა ძველი, მართლმადიდებლური ჩვეულებანი, რომელიც ძველმორწმუნეთა მიერ არის შენარჩუნებული, განეკუთვნებოდა XV-XVI საუკუნეებს, მიანიშნებს, რომ ავტორებს სურთ, ეს ჩვეულებანი არა ძველბერძნული მართლმადიდებლობიდან შეთვისებულ, არამედ საკუთრივ რუსულ საეკლესიო სახესხვაობად წარმოაჩინონ. მაგრამ ამგვარი მტკიცებების სიყალბეს წარმოაჩენენ თვით ოფიციალური, რუსულ-ნიკონიანური (ან სხვაგვარად "რუსულ-ბერძნული", "ახალმოწესეობრივი") ეკლესიის თვალსაჩინო სასულიერო პირები და მეცნიერები. აი, რას ბრძანებენ ძველ წეს-ჩვეულებათა შესახებ ამ განახლებული და რეფორმირებული ეკლესიის წარმომადგენლები:  

1) "1971 წლის რუსეთის ადგილობრივმა კრებამ საზეიმოდ უარყო XVII საუკუნეში ძველ წესებზე და მათ მიმდევრებზე დაწესებული წყევლა და ანათემატიზმა. ... მოხსენებაში, რომელიც ადგილობრივ კრებაზე მოისმინეს, ნიკონის რეფორმა დახასიათებული იყო, როგორც "რუსული საეკლესიო საწესჩვეულებო პრაქტიკის ნაჩქარევი და სასტიკი ნგრევა" (См. Поместный Собор Русской Православной Церкви (30 мая - 2 июня 1971 г.), Москва 1972. ციტ. Б. Кутузов. Трагическая ошибка или диверсия. Журн. "Церковь". № 1. 1992 г., стр. 43).

2) "რეფორმამდელი (პატრ. იოსების დროს ნაბეჭდი) საღვთისმსახურებო ტექსტების მიუკერძოებელი შედარება რეფორმისშემდგომ ტექსტებთან ეჭვსაც კი არ ტოვებს ძველი წიგნების უპირატესობასთან დაკავშირებით" (იქვე. გვ. 44).

3) მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნ. ფ. კაპტერევი წერს: "1667 წლის კრების მიერ ძველრუსული საეკლესიო წეს-ჩვეულებების გმობა, როგორც ამას ამ მოვლენის მიუკერძოებელი და დეტალური გამოკვლევა აჩვენებს, იყო სრული გაუგებრობა და შეცდომა..." (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Сергиев Посад. 1912 г., т. 2, стр. 529. ციტ. ჟურნ. "Церковь". № 1, 1992 г., стр. 43).

4) დეკანოზი იოანე ბელევცევი, ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორი, 1987 წ. მოსკოვში გამართულ 2-ე საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხულ თავის მოხსენებაში ამბობდა: "ნიკონის რეფორმა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით უსაფუძვლო და სრულიად არასაჭირო იყო" ("Никонова реформа была богословски не обоснованной и совершенно не нужной") (Русский церковный раскол XVII в. ციტ. ჟურნ.  "Церковь". № 1, 1992 г., стр. 43).

5) "გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, - ვკითხულობთ მკვლევარ ბ. კუტუზოვის ზემოთ დასახელებულ ბროშურაში, - რომ XVII ს-ის საეკლესიო განხეთქილებას შეიძლება ვუწოდოთ ეროვნული კატასტროფა, რომელიც გახლდათ იმ რეფორმის შედეგი, რომელსაც, როგორც ახლა ირკვევა, სულაც არ ჰქონია არც საღვთისმეტყველო და არც კანონიკური საფუძვლები და უბრალოდ, საერთოდ არ ყოფილა საჭირო ეკლესიისთვის" (Б. Кутузов. Трагическая ошибка или диверсия. Журн. "Церковь". № 1. 1992 г., стр. 44).

6) უკვე ხსენებული პროფესორი იოანე ბელევცევი აცხადებს: "ნიკონის რეფორმას არ ჰქონდა არც საღვთისმეტყველო და არც კანონიკური საფუძვლები. ის ხელოვნურად მოახვიეს თავს ეკლესიას" (იქვე. გვ. 44).

7) პროფ. ნ. ფ. კაპტერევი: "მათ (რეფორმატორთა - არქიეპ. პ.) მიერ მწვალებლურად აღიარებული ჩვეულებები სინამდვილეში წარმოადგენდა ბერძნული მართლმადიდებელი მსოფლიო ეკლესიის ქმნილებას და ადრე, მთელი ასწლეულების განმავლობაში, ის არსებობდა ძველ, მართლმადიდებელ ბერძნებში, და მათ გამო რუსების მწვალებლებად გამოცხადება არსებითად ნიშნავს, მწვალებლურად გამოაცხადო მთელი ძველი ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია" ("Этот теперь признанный ими еретический обряд в действительности был созданием православной греческой вселенской Церкви, что ранее, в течение нескольких столетий, он существовал у старых православных греков, и что обвинять за него русских в еретичестве, в сущности дела значило обвинять в еретичестве старую греческую православную Церковь") (Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Сергиев Посад. 1912 г. Т. II, стр.  528-529) (იხ. აგრეთვე: http://edinoslavie.ru/modules.php?name=News&file=article&sid=551) (URL-ის მიმართვის თარიღი: 20.10.2020).

ზემოთ დამოწმებული წყაროებიდან ცხადი ხდება, თუ როგორი "გამოწვლილვით" უკვლევია არქიმანდრიტ გრიგოლს მოცემული პრობლემა და როგორ იკვლევს მას თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი ე. ჭელიძე. ასე რომ, გასული საუკუნეებისა და თანამედროვე რუსი ახალმოწესე მოძღვრებისა თუ მეცნიერების აღიარებით, სლავური მართლმადიდებლობა სრულიად ძველბერძნული იყო (ე. ი. ისინი აღიარებენ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში შენარჩუნებულ წეს-ჩვეულებათა ძველბერძნულ წარმომავლობას) და ადასტურებენ, რომ XVII ს. რუსულ ეკლესიაში მომხდარი რეფორმა გაუმართლებელი იყო როგორც კანონიკური, ასევე თეოლოგიური თვალსაზრისით (ასეთი განჩინება გამოიტანა რუსეთის ადგილობრივი გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესიის 1971 წლის კრებამ), ცხადი ხდება თუ როგორ არაკომპეტენტურობას იჩენს ე. ჭელიძე, როდესაც "სიყალბედ", "ბნელეთისკენ სწრაფვად" და XVI საუკუნეში დამკვიდრებულ "სიახლეებად" მიიჩნევს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს.

"ყველაზე დიდი აღმოჩენა მეცნიერებისთვის, - წერდა ცნობილი ისტორიკოსი მ. დ. პრისელკოვი, ნ. კაპტერევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, - აღმოჩენა, რომელიც მყარად და გადაჭრით იქნა აღქმული როგორც მეგობრების, ასევე, როგორც ჩანს, მტრების მიერაც, მე მიმაჩნია ნიკოლოზ თევდორეს ძე კაპტერევის მითითება იმ ვითარებაზე, რომ ძველი რუსული წეს-ჩვეულებები (ჯვრის გამოხატვის ორთითიანი წყობა, ორჯერადი ალილუია და სხვა) სინამდვილეში გახლდათ ძველი საყოველთაო ჩვეულება... ხოლო სამთითიანი წყობა და სამჯერადი ალილუია გვიანდელი, XV-XVI საუკუნეების სიახლე" (Русский исторический журнал. № 5. 1918. Стр. 3,16).

ამრიგად, რუსულმა ისტორიოგრაფიამ და საღვთისმეტყველო-კანონიკურმა კვლევა-ძიებამ უკვე დიდი ხანია დაამტკიცა იმ ძველი წესების ძველბერძნული წარმომავლობის საკითხი, რომელსაც ასეთი დაჟინებით და ტენდენციურად აშუქებს ე. ჭელიძე.

როგორც ძველმორწმუნე, ასევე თვით ნიკონიანელ მეცნიერთა და ღვთისმეტყველთა მიერ ეს საკითხი იმდენად არის შესწავლილი, რომ რუსულ მეცნიერებაში, ამ მხრივ, პრინციპში აღარაფერი დარჩა საკვლევი. როგორც მოსწრებულად შენიშნავს ერთი ავტორი: "... აღმოჩნდა, რომ "რასკოლის" თავგამოდებული მამხილებლები მრავალი საუკუნის განმავლობაში თურმე საკუთარ თავს ამხილებდნენ!" (ანუ თავად ბრძანებულან "რასკოლნიკები" - არქიეპ. პ.) (А. П. Богданов. "Бунтари и правдоискатели в русской православной церкви". Москва. 1991. Стр. 509).

გვსმენია, რომ ე. ჭელიძის თაყვანისმცემლები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ მისდა სადიდებლად და ცოდნასა და განათლებას უქებენ თავიანთ კუმირს. არც თვითონ ერიდება საკუთარი თავის ხოტბა-დიდებას და სხვათა ძაგებას თავმომწონე პროფესორი, როდესაც ოპონენტებს "დაბოღმილებს", "ცრუმორწმუნეებს", "მოკირკიტეებს" უწოდებს, თავის თავს კი "ჭეშმარიტ მეცნიერად", მეტიც, ლამის წმინდანადაც კი ჰგულვობს, რამეთუ "კვლევა-ძიების ჟამს საღმრთო მადლი მიუძღოდა" თურმე ("ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 5).

ვფიქრობთ, ნათლად წარმოვაჩინეთ, თუ როგორი "მეცნიერია" ე. ჭელიძე და როგორ მეთოდებს მიმართავს ის თავისი "სამეცნიერო" კვლევა-ძიებებისთვის. შესაძლოა, ე. ჭელიძემ კარგად იცოდეს ძველბერძნული ან სხვა სამეცნიერო დისციპლინები, მაგრამ მას არ გააჩნია მეცნიერული ობიექტურობა და სინდის-ნამუსი, რის გამოც მისთვის ზედგამოჭრილია ერთი ქართველი პოეტის ნათქვამი:

"არა იქ ცოდნა რას გვარგებს, ყმა ვიყოთ ანუ ბერია,
ღმერთს არ ადიდებს, თვარამა ეშმაკმაც იცის ბევრია,
იცოდეს, ცოდნას არ უდგეს, იგი სულისა მტერია,
ეშმაკის მანქანებას ჰგავს, და მისი შესაფერია".


(დათუნა ქვარიანი. წამება წმ. მთავარმოწამისა გიორგისი. წმ. გიორგი. თბ. 1999 წ. გვ. 314).

აი, ასეთი, ეშმაკის მანქანების შესაფერია ე. ჭელიძის მეცნიერულ-თეოლოგიური და ლიტურგიკულ-კანონიკური "კვლევა-ძიება", რომლის შედეგადაც მოგვევლინენ ცრუმეცნიერული და სიყალბეებით აღსავსე ნაშრომები: "ეკლესია - სძალი უფლისა" და "სული - ცხოველი".
27
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому