აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_IX_ჯვრის გამოსახვის შესახებ 7 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ჯვრის გამოსახვა
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________

8. წმ. დიდმოწამე ბარბარას მაგალითი

თავისი ფანტასტიკური და აშკარად მწვალებლური იდეის დასამტკიცებლად, ანუ ჯვარცმულის აღსარებისთვის ერთი ან სამი თითით პირჯვრისწერის "ერთმნიშვნელოვნების" (იქვე. გვ. 207) წარმოსაჩენად ეჭელიძე იყენებს წმიდა დიდმოწამე ბარბარას მაგალითს. მიუხედავად იმისა, წმ. ბარბარეს ცხოვრებაში არაფერია ნათქვამი თუ რამდენი თითით უნდა ვიწერდეთ პირჯვარს, - ერთით, ორით თუ სამით, თავისი სოფისტიკით განთქმული ჩვენი "მეცნიერი" მაინც ცდილობს, თავისი მწვალებლური სწავლება დაუკავშიროს ეკლესიის წმინდანს და დამატებით "არგუმენტად" წარმოაჩინოს იგი.

ე. ჭელიძე წერს: "კონკრეტულად ჯვრის ნიშის გამოსახვასთან დაკავშირებით ერთი თითისა და სამი თითის ერთმნიშვნელოვნება სრულიად არაორაზროვნად გააცხადა წმ. დიდმოწამე ბარბარამ. შევეხოთ ამ საკითხს უფრო დაწვრილებით" (იქვე. გვ. 207).

სანამ ე. ჭელიძის ციტირებას განვაგრძობდეთ, უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენი ოპონენტი წმ. ბარბარას ცხოვრებიდან ამოწერილ მაგალითს იყენებს არა იმის საჩვენებლად, თუ როგორ ასწავლიდა წმიდა დიდმოწამე ბარბარა ღმერთის, ანუ მამის, ძის და სულიწმიდის ერთარსობას და წმ. სამების მეორე იპოსტასის, ძე ღმერთის განკაცებასა და ჯვარცმას; რომ ღმერთი ერთია და სამპიროვანი, რომ ეს სამპიროვანი ღმერთი ერთი ღმერთია და არა სამი ღმერთი, არამედ სწორედ "ჯვრის ნიშის (ანუ პირჯვრისწერის) გამოსახვასთან დაკავშირებით".

ახლა "შევეხოთ ამ საკითხს უფრო დაწვრილებით" და ვნახოთ, რას წერს ე. ჭელიძე წმ. დიდმოწამე ბარბარას მიერ თითებით ნაჩვენებ სიმბოლოებთან დაკავშირებით. თავიდან ჩვენი "მეცნიერი" გვთავაზობს წმ. ბარბარას შესახებ არსებულ მონაცემებზე თხრობას მისეული ინტერპრეტაციით:

"III ს-ის II ნახევარში ერთ-ერთ წარჩინებული წარმართის ასულმა, ბარბარამ ქრისტესმიერი ცხოვრების გზა აირჩია. ამის შესახებ არაფერი უწყოდა მისმა მამამ, რომელიც თვალისჩინივით უვლიდა თავის შვილს. ერთხელ მამამ განიზრახა ბარბარასათვის მდიდრული აბანოს აშენება და რადგანაც თვით იგი მშენებლობას ვერ დაესწრებოდა, გამგზავრების წინ კირითხუროებს ეს ამცნო, რომ კედელში ორი სარკმელი დაეტანებინათ. აბანო რომ აშენდა, ბარბარა შევიდა შიგ. ესათნოვა ქალწულს კეთილშენებული კედლები, მაგრამ როდესაც ორი სარკმელი იხილა მან, კირითხუროებს მესამე სარკმლის ქმნაც დაავალა. ხელოსნებმა იუარეს ეს, რადგანაც ეშინოდათ სახლის პატრონისა. მაშინ ბარბარამ ერთად უჩვენა მათ სამი თითი, რითაც სამება მოასწავა, სიტყვით კი ეს უთხრა: "სამი, სამი სარკმელი გამოკვეთეთ, ხოლო მამას მე დავარწმუნებ, რომ ასე ჯობდა".

კირითხუროები აასრულებენ ბარბარას ბრძანებას. შემდეგ, გამშვენებულ აბანოში წყლის სადინართან მიდის ღვთივსულიერი ქალწული და ემბაზის მარმარილოზე თითით გამოსახავს ჯვარს. წმინდანის თითით გამონიშული ჯვარი იმდენად მადლმოსილი აღმოჩნდება, რომ სამარადისოდ აღიბეჭდება იგი მარმარილოს ქვაზე... როდესაც მგზავრობიდან დაბრუნებული სახლის პატრონი სამ სარკმელს ნახავს, განრისხდება იგი, მაგრამ გაიგებს რა, რომ ბარბარას ნება იყო ამგვარი, მოინახულებს თავის ასულს და სამი სარკმლის შესახებ ჰკითხავს. ბარბარა მამას ემბაზის მარმარილოზე თავისი თითით ქმნილ ჯვარს დაანახებს, შემდეგ კი სიტყვიერად გააცხადებს სამებას და ასევე, როგორც კირითხუროებს, მამასაც თითების მიერ სამებას წარმოუჩენს, თანაც ამავე თითებით ჯვარს გამოსახავს და წარმოთქვამს: "მამა, ძე და სულიწმიდა, - ეს სამი ნათობს მთელ ქვეყანაზე, ხოლო სამი იგივე ერთია" (იქვე. გვ. 207-208).

ე. ჭელიძის "თხრობა" თითქმის სრულიად ემთხვევა მის მიერვე დამოწმებული წყაროების გადმოცემას, ასევე სხვა წყაროებსაც, ოღონდ ერთი განსხვავებით: ე. ჭელიძე თავის მკითხველს არწმუნებს, რომ, როდესაც წმ. დიდმოწამე ბარბარამ მამას "თითების მიერ სამება წარმოუჩინა", თითქოსდა "ამავე თითებით ჯვარი გამოსახა". ეს ბოლო მტკიცებულება არ შეესაბამება სინამდვილეს. ის არ მოიპოვება არც ერთ ტექსტში, იქაც კი, რომელიც თვით ბ-ნმა "მეცნიერმა" დაიმოწმა. ამიტომაც, ის თავიდან ბოლომდე მტკნარი სიცრუეა. მოდი, დავრწმუნდეთ ამაში.

აქ ჯეროვანი იქნება, გავიხსენოთ, როგორ აყალბებდა ე. ჭელიძე წმ. მელეტი ანტიოქიელის მიერ თითებით ნაჩვენები დოგმატური სწავლების, კერძოდ, სამების ერთარსობის სიმბოლოს თითების წარმოჩენას. როდესაც წმ. მამამ "ღვთისმეტყველების გამართული კანონი წარმოაჩინა. ... აჩვენა სამი თითი, შემდეგ ორი მოკეცა და ერთი გაშლილი დატოვა, და ამოუშვა ღირსადქებული ხმა: "სამად გავიაზრებთ, მაგრამ როგორც ერთზე ისე ვსაუბრობთ" (თეოდორიტე კვირელი. "საეკლესიო ისტორია". თავი XXVII. ანტიოქიაში გამართული სინოდისა და წმინდა მელეტის წინააღმდეგ იქ შეკრებილთა შესახებ. გამომცემლობა "ახალი ივირონი". თბილისი 2008 წ. გვ. 148).

ზუსტად ასე იქცევა წმ. დიდმოწამე ბარბარაც. როდესაც ის "ჩამოვიდა კოშკიდან, რომ ენახა, თუ როგორ შენდებოდა აბანო" და  იხილა, რომ "სამხრეთის მხარეს ორი სარკმლით ნათდებოდა იგი, ბრალი დასდო ხელოსნებს და ასე უთხრა მათ: "რატომ არ დაუმატეთ ორ სარკმელს მესამეც, რომელიც კეთილმშვენიერებასთან ერთად მეტ ნათელსხივოსნებასაც შემოიტანდა?" მათ მიუგეს: "მამაშენისაგან გვებრძანა ასე". მაშინ წმ. ბარბარამ დააძალა მათ "გამოეკვეთათ სხვა სარკმელიც, მაგრამ ხელოსნები შეყოყმანდნენ შემატებაზე და მარჯვედ მოიმიზეზეს შიში მისი მამისადმი. მაშინ ბარბარამ ერთად წარმოაჩინა თითებიდან სამი და თქვა: "სამი, სამი სარკმელი უნდა გამოკვეთოთ, ხოლო თუკი ამის გამო განრისხდება მამა, მე გავცემ მას პასუხს. დაემორჩილნენ ხელოსნები და შეასრულეს ბრძანება" (ე. ჭ. იქვე. გვ. 208).

მაგრამ წმ. დიდმოწამე მარტოდენ ამით როდი დაკმაყოფილდა: "როდესაც აბანოს მთელი მორთულობა განეგო, უფრო დაკვირვებით დაათვალიერა იგი წმინდანმა და რადგანაც მისი გული სახიერი სულის მადლით იყო მოცული, ხოლო ქრისტესმიერი რწმენა თავისუფლებით აღავსებდა მას, ემბაზის წინ დადგა და აღმოსავლეთით მზირალმა მის მარმარილოზე თითით გამოწერა ჯვრის საღვთო სახე, შთამომავლობისათვისაც რომ საცნაური ყოფილიყო, რაც მან ქმნა, და რომ ქადაგებულიყო ქრისტეს ძალი, თითით აღნიშნული სახე ჯვრისა".

ამრიგად, წმ. ბარბარამ ჯერ მუშებს უბრძანა, აბანოსთვის მესამე სარკმელი წმ. სამების ნათლით ამქვეყნად მომავალ კაცთა განათლების სიმბოლოდ დაემატებინათ, ხოლო შემდეგ თითით ჯვარიც გამოსახა მარმარილოზე ქრისტეს ძალის ქადაგების ნიშნად. არც ერთ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე არ გვაქვს (ისევე, როგორც წმ. მელეტის შემთხვევაში) ერთი თითით ან სამი თითით პირჯვრისწერასთან. ზემოთ ჩვენ ასევე აღვნიშნეთ და შესაბამისი მაგალითებიც დავიმოწმეთ, რომ ხშირად წმინდანები ჰაერში, წყალზე ან სხვადასხვა საგანზე ჯვარს გამოხატავდნენ სწორედ იმიტომ, რომ ამით "ქრისტეს ძალის მინიშნება" სურდათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი იყო პირჯვრისწერის ან კურთხევის გაცემის ფორმა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს მაგალითები (მათ შორის წმ. დიდმოწამე ბარბარას შემთხვევაც) არანაირად არ მიანიშნებენ პირჯვრისწერაზე ან კურთხევის გაცემაზე. ცხადია, ერთი თითით პირჯვრისწერის და პირჯვრის საწერი თითების წყობის განვითარების თეორიის აპოლოგეტები ცდილობენ ამ ორი მომენტის ერთმანეთში აღრევას და თითით ჯვრის გამოსახვის შემთხვევებს თითით პირჯვრისწერის ან კურთხევის გაცემის დასტურად რაცხენ, რაც შეცდომაა.

როდესაც ადამიანი რაიმეს ხატავს ან წერს,  ის ბუნებრივად ხელში იღებს ერთ ფანქარს, ერთ ფუნჯს, ერთ კალმისტარს და არა ორს ან რამდენიმეს. ამიტომაც იქ, სადაც არ გამოიყენება სახატავი ან საწერი საშუალება და ადამიანი საკუთარი ხელით ცდილობს რაიმეს გამოსახვას, სახატავად ან საწერად ყოველთვის მხოლოდ ერთ თითს იყენებს და არა ორს ან სამს... ასეა სტიქიონებზე (ჰაერში, წყალზე და სხვა) თუ სხვადასხვა საგნებზე თითით ჯვრის გამოსახვის შემთხვევაშიც. აქ ჯვარი იხატება (გამოისახება) და ის ასეთ შემთხვევაში დაკავშირებულია არა წმიდა სამების თითოეულ იპოსტასთა ერთარსობის აღმსარებლობით ნიშანთან, არამედ ქრისტეს ძალმოსილებასთან, ჯვართან. მაშინ, როდესაც თითებით პირჯვრისწერა ან კურთხევა, როგორც ამაში პირველსაუკუნეთა გრაფიკული ნამუშევრებიც დაგვარწმუნებს, ყოველთვის გამოხატავდა წმ. სამების ერთობის და ქრისტეს ორბუნებოვნების აღმსარებლობით ნიშანს.

მაგრამ, მოდი, კვლავ წმ. ბარბარას მაგალითს დავუბრუნდეთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ წმ. ბარბარას მაგალითში თვალსაჩინოვდება ორი სხვადასხვა მინიშნება, კერძოდ, ქრისტეს ძალზე (ჯვარზე) და წმიდა სამებაზე. და ეს მინიშნება გამოხატულია ცალ-ცალკე და არა ერთბაშად ერთსა და იმავე სიმბოლოში (ვთქვათ,ფ ერთ ან სამ თითში).

რა თქმა უნდა, ე. ჭელიძე და მისი მიმდევრები ამაში არ დაგვეთანხმებიან და მიგვანიშნებენ შემდეგ თხრობაზე წმ. ბარბარას უკვე დამოწმებული ცხოვრებიდან, სადაც ვკითხულობთ: "მცირე ხნის შემდეგ მამაც დაბრუნდა, ყოველივე მოიხილა მან  სახლში და აბანოც ნახა. როდესაც სამხრეთის მხარეს ორ სარკმელთან ერთად მესამეც იხილა გამოკვეთილი, იკითხა, თუ ვინ ქმნა ეს მისი ბრძანების გარეშე. როდესაც ხელოსნებმა ბარბარას გადააბრალეს ახალი სარკმლის გამოჭრა, მოუწოდა მან თავის ასულს და ჰკითხა მიზეზი, მან კი არათუ უარყო, არამედ პირიქით იწყო რწმუნება მისი, რომ ამგვარად უნდა ქმნილიყო კიდეც და რომ კარგადაც იქმნა. წამშივე განრისხდა მამა და უთხრა ასულს: "მითხარ მე, როგორ და რის გამო სჯობია ასე?" მან მიუგო: "იმის გამო, რომ სამი ბევრად განირჩევა ორისაგან, რადგანაც სამი სარკმელი ნათელყოფს ამქვეყნად მომავალ ყოველ კაცს. ამის თქმით ყოვლითურთ გააცხადა მან წმიდა სამების სიდიადე.

ბარბარას მამა შეაშფოთა უცხო და უჩვეულო სიტყვამ, განიმარტოვა შვილი, აბანოს ემბაზთან მივიდა და ჰკითხა მას: "როგორ არის ყოველი კაცის ნათელმყოფელი სინათლე სამი სარკმლისა?" ბარბარამ მიუგო: "მისმინე და გულისხმაყავ ჩემგან თქმული". მყისვე ჯვრის ნიშანი დაანახა მან მამას, თანაც თითებითვე უჩვენა იგი და უთხრა: "იხილე - მამა, ძე და სულიწმიდა. ამ ნათლით სულიერად ბრწყინავს ყველა ქმნილება" (წმ. სვიმეონ მეტაფრასი, ღვაწლი წმიდისა, დიდებულისა და კეთილადმძლისა ქრისტეს დიდმოწამისა ბარაბრასი, პგ. 116, სვ. 304-308. ციტ. ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 211).

"მამასთან სიტყვისგების ჟამს წმ. ბარბარა ჯერ ერთი თითით ქმნილ ჯვარს დაანახებს მას, მაგრამ რატომ უჩვენებს ის მამას სამ თითს? - იმიტომ, რომ "სამი სარკმლის ჭეშმარიტებას ანუ სამების საიდუმლოს თითებით წარმოუჩენს" (ე. ჭ. იქვე, გვ. 209).

ამასვე ადასტურებს ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ძველქართული თარგმანი, რომლის გადამწერადაც, ე. ჭელიძის თქმით,  არსენ იყალთოელი მიიჩნევა (იქვე. გვ. 212).

ბარბარა ეკითხება ხელოსნებს: "რომლისა მიზეზისათვის არა განაღეთ მესამეცა სარკუმელი, უმეტესისა ნათელცისკროვნებისა თანა კეთილშუენიერებისაცა შექმნად შემძლებელი?” ხოლო იგინი (ხელოსნები, ე.ჭ.), ვითარმედ "ესრეთ გიბრძანა მამამან შენმან" იტყოდეს რაი, ბარბარა სხვისაცა განღებასა აწუევდა-ვე ძლიერად და ვითარ მცონარებდეს იგინი (ხელოსნები, ე.ჭ.) განღებისათვის შიშსა მამისასა წინამოყოფელნი პირშუენიერად სიტყვისგებისა, სამნი ერთბამად უჩუენნა თითნი ნეტარმან და "სამნი, ჰრქუა, სამნი განანათლენით სარკუმელნი" (XI-XII სს-ის ხელნ. H-1347, რომლის გადამწერადაც არსენ იყალთოელი მიიჩნევა, 134).

სრულიად აშკარაა, რომ წმ. ბარბარა მამას სამ თითს უჩვენებს იმის სასწავლებლად, რომ ღმერთი ერთია და სამპიროვანი; ანუ ასწავლის წმიდა სამების საიდუმლოს და არა პირჯვრისწერას. თუმცა ე. ჭელიძე სულ სხვა ინტერპრეტაციას აძლევს ამ შემთხვევას. მოდი, კვლავ ე. ჭელიძეს მოვუსმინოთ: "ბოლოს, მოვიტანთ კიდევ ერთ ციტატას ხსენებული ძველი ქართული თარგმანიდან, სადაც აღწერილია, თუ როგორ უჩვენებს ბარბარა მამას, უპირველესად, იმ ჯვრის აღბეჭდილობას, რომელიც მან მარმარილოზე ერთი თითით ქმნა, შემდეგ როგორ წარმოუჩენს მასვე თითებით სამს, როგორ გამოუსახავს ჯვარს ამ სამების აღმნიშვნელი თითებით და როგორ გაუცხადებს სიტყვიერად სამების საიუდმლოს.

ბარბარა ასე მიმართავს მამას: "სამნი სარკუმელნი განანათლებენ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად". ხოლო იტყოდა მოსწავებასა წმიდასა სამებისა. ამას ზედა აღშფოთებული მამაი, თბისაგან წარმყვანებელი მისი და თვით ემბაზისა მის აბანოისა მიწევნილი, "ვითარ უკუე სამთა სარკუმელთა ნათელი, ჰკითხვიდა, განმანათლებელ იქმნების ყოვლისა კაცისა?" და იგი მიუგებდა: "მამაო მოიხილე და გულისხმა-ყავ თქუმული". ამის თანა მყის ჯუარისაი უჩუენა სასწაული, მერმე თითთა მიერცა დაუსახა და "იხილე, თქუა, რამეთუ მამაი და ძეი და სული წმიდაი ნათლისა ამის მიერ აგებულსა შინა საცნაურად განანათლებს" (H-1347, 134v) (იქვე. გვ. 212-213).

ამ თარგმანის მიხედვით ცხადი ხდება, რომ წმ. ბარბარამ, როგორც ეს ზემოთაც აღინიშნა, მამას ჯერ მის მიერ თითით მარმარილოში გამოკვეთილი ჯვრის სასწაული, შემდეგ კი თითებით სამების საიდუმლო აჩვენა ("დაუსახა") და თქვა: "იხილე, თქუა, რამეთუ მამაი და ძეი და სული წმიდაY ნათლისა ამის მიერ აგებულსა შინა საცნაურად განანათლებს" (იქვე).

ძველქართული "დასახვა" აქ არ ნიშნავს პირჯვრის გამოსახვას. ნ. ჩუბინაშვილის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით "დავსახავ", ანუ გამოსახვა ნიშნავს - "სახით მიმსგავსებას (ვეფხისტ. 647), რუს. изображать, или уподоблять. (იხ. ნიკო ჩუბინაშვილი ქართული ლექსიკონი რუსულის თარგამანითურთ, ალ. ღლონტის რედაქციით და გამოკვლევით (1961 წ. გამოცემის მიხედვით) (http://meskhi.net/lexicon/#d).

ამ განმარტებიდან გამომდინარე, წმ. ბარბარას მიერ სამი თითის ჩვენება (თან არც კი ვიცით, ეს სამი თითი მან შეაერთა თუ უბრალოდ აღმართა) მოქმედება უნდა გავიგოთ, როგორც "სახით მიმსგავსება", ჩვენება. წმინდანმა მამას თითებით სამების საიდუმლო განუმარტა ისევე, როგორც წმ. მელეტიმ ქნა ეს ანტიოქიაში შეკრებილთა წინაშე.

მაგრამ ე. ჭელიძე აკეთებს ასეთ დასკვნას: "ზემორე ტექსტები სრულიად გარკვევით, სრულიად პირდაპირ გვაუწყებს, რომ ორივე შემთხვევაში, ე.ი. როგორც ერთი თითის მიერ, ასევე "ერთბამად სამითა თითითა" ჯვრის გამოსახვის დროს დიდმოწამე ბარბარა წმიდა სამებას მოასწავებს, წმიდა სამებას სახისმეტყველებს, ცხადყოფს იმ სამს, რომელიც ერთია" (იქვე. გვ. 213).
ეს არის შეკოწიწებული "არგუმენტი", რადგან კარგად ჩანს, რომ მარმარილოზე თითით ჯვრის გამოსახვა არ უკავშირდება მოგვიანებით სამი სარკმლის თითებით (სამი თითით) განმარტებას, რომლითაც სამების ნათელი მიენიშნა. წმ. ბარბარამ მამას ქრისტეს ძალის ნიშანი, ჯერ მარმარილოზე თითით დახატული ჯვარი აჩვენა, ხოლო სამი სარკმლის საიდუმლო სამი თითით წარმოუჩინა.

მაგრამ, მოდი, ჩვენმა ოპონენტებმა ჩვენი დასკვნები პასუხისმგებლობისგან თავის არიდებად ან ნათქვამის დამახინჯებად რომ არ ჩაგვითვალონ, დავუშვათ, რომ საქმე მართლაც ისეა, როგორც ე. ჭელიძეს წარმოუდგენია, ანუ "როგორც ერთი თითის მიერ, ასევე "ერთბამად სამითა თითითა" ჯვრის გამოსახვის დროს დიდმოწამე ბარბარა წმიდა სამებას მოასწავებს, წმიდა სამებას სახისმეტყველებს, ცხადყოფს იმ სამს, რომელიც ერთია". და რა სახის დასკვნა უნდა გაკეთდეს აქედან, რომ წმ. ბარბარას დროს ქრისტეანები (და თვით წმიდა დიდმოწამე ქალწულიც) პირჯვარს სამი თითით იწერდა?

ამგვარი მტკიცებულება ეწინააღმდეგება არა მარტო მეცნიერ-ღვთისმეტყველთა უკვე უდავოდ დამტკიცებულ ჭეშმარიტებას, რომელიც ზემოთ დეტალურად განვიხილეთ და დავრწმუნდით, რომ სამი თითით პირჯვრისწერის წესი მართლმადიდებლურ სამყაროში მკვიდრდება არა უადრეს 13-ე საუკუნისა; არამედ თვით ე. ჭელიძის მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც, სამი თითით პირჯვრისწერა შემოდის VIII საუკუნიდან: "დიდი ხანია გარკვეულია, VIII ს-ის დამდეგიდან სამონაზვნო წრეში შემდეგ კი საერთოდ საეკლესიო ცხოვრებაში ერთი თითით (... უმთავრესად მხოლოდ შუბლზე) პირჯვრისწერის ნაცვლად მკვიდრდება სამი თითით პირჯვრისწერა..." (იხ. ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. გვ. 200-201).

მაშასადამე, III საკუნის 2-ე ნახევარში მცხოვრები წმინდანისთვის სამი თითით პირჯვრისწერის წესი აბსოლუტურად უცნობი იქნებოდა, თუკი პირჯვრისწერის ეს წესი, როგორც უკვე ეჭვმიუტანლად დამტკიცებულია, შემოვიდა საუკუნეებით უგვიანეს. ზემოთ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ე. ჭელიძე სამი თითით პირჯვრისწერის წესის დამკვიდრების თარიღშიაც იტყუება, რადგან ცნობილია, რომ პირჯვრისწერის ეს წესი ბიზანტიაში დამკვიდრდა არა უადრეს XIII საუკუნისა, რადგან მანამდე აქ და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში გაბატონებული იყო ორი თითით პირჯვრისწერა.

ამრიგად, წმ. ბარბარას სამი თითითაც რომ გამოესახა ჯვარი და მამისთვის "წმიდა სამება მოესწავებინა", მისი მიჩნევა წმ. ბარბარას დროს ჩვეულ პირჯვრისწერის წესად ყოვლად შეუძლებელია. ამას ადასტურებენ მეცნიერები და თვით ე. ჭელიძეც, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სამი თითით პირჯვრისწერა ბევრად უფრო გვიანდელი ჩვეულებაა და ის წმ. ბარბარას დროს არ არსებობდა.

მიუხედავად ამისა, ე. ჭელიძე არა მარტო თანამედროვე მეცნიერთა და ღვთისმეტყველთა შორის მყარად დამტკიცებულ აზრს ეწინააღმდეგება პირველ საუკუნეებში სამი თითით პირჯვრისწერის არარსებობის შესახებ, არამედ საკუთარ მტკიცებულებასაც, რომლის მიხედვითაც, სამი თითით პირჯვრისწერის წესი გვიანდელი გამონაგონია. კერძოდ, ე. ჭელიძე წერს: "წმ. დიდმოწამე ბარბარა სწამებს, რომ ჯვარი უნდა გამოისახოს ან ერთი თითით ან "ერთბამად სამითა თითითა". ჯვრის გამოსახვის ორივე ეს სახეობა ერთარსება სამებას ანუ სიმბოლურად "სამ სარკმელს” სახისმეტყველებს. ამას ემოწმება მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლობა, რომელმაც დიდმოწამედ შერაცხა ბარბარა და რომელმაც ბარბარას მარტვილობის ზემოციტირებული აღწერილობანი წმიდა საკითხავად განაწესა ეკლესიაში, ამასვე სწამებს წმ. სვიმეონ მეტაფრასტი და ბარბარას მოწამეობის ამსახველი ძველქართული ტექსტები, რომლებიც ზემოთ დავიმოწმეთ".

ჯერ ერთი, როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ და აღვნიშნეთ, წმ. ბარბარა სამი თითით პირჯვრისწერის მასწავლებელი ვერანაირად იქნებოდა, რადგან ეს წესი, ე. ჭელიძისვე მიხედვით, შემოდის მე-8 საუკუნიდან, ხოლო უფრო ავტორიტეტული გამოკვლევებისა და მტკიცებულებების მიხედვით - 13-ე საუკუნიდან.

მეორეც, წმ. ბარბარას ცხოვრებიდან ჩანს, რომ წმიდა დიდმოწამე მამას ცალკე უჩვენებს მის მიერ მარმარილოზე თითით გამოსახულ ჯვარს და ცალკე უხსნის მას აბანოს ორ სარკმელზე მესამე სარკმლის დაშენების მნიშვნელობას (წმიდა სამების საიდუმლოს). ე. ჭელიძე, მისთვის დამახასიათებელი სოფისტიკით ერთმანეთში ურევს ამ მომენტებს და მათი მნიშვნელობების აღრევით ცდილობს, ამტკიცოს სამი თითით პირჯვრისწერის უძველესობა, რითაც საკუთარ თავსაც კი ეწინააღმდეგება.

და მესამე: მეტად ღიმილისმომგვრელი მტკიცებულება, რომელიც უკვე მერამდენედ გვხვდება, კერძოდ, თითქოსდა: "ამას (ანუ ე. ჭელიძის ზემოთ განხილულ ცრუ შეხედულებას - არქიეპ. პ.) ემოწმება მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლობა, რომელმაც დიდმოწამედ შერაცხა ბარბარა და რომელმაც ბარბარას მარტვილობის ზემოციტირებული აღწერილობანი წმიდა საკითხავად განაწესა ეკლესიაში, ამასვე სწამებს წმ. სვიმეონ მეტაფრასტი და ბარბარას მოწამეობის ამსახველი ძველქართული ტექსტები, რომლებიც ზემოთ დავიმოწმეთ".

მოკლედ ვიტყვით, რომ არც ძველბერძნული მართლმადიდებლობა და არც წმ. სვიმეონ მეტაფრასტი არ ემოწმებიან წმ. ბარბარას ცხოვრების განხილული მომენტის ე. ჭელიძისეულ ინტერპრეტაციას და იმ დასკვნებს, რაც ამ ვაიმეცნიერს გამოჰყავს.

ე. ჭელიძის ამ ცრუ დასკვნას ვერ შველის ვერც მისი ბოლო "არგუმენტი", კერძოდ ერთი ციტატა "ხსენებული ძველი ქართული თარგმანიდან, სადაც აღწერილია, თუ როგორ უჩვენებს ბარბარა მამას, უპირველესად, იმ ჯვრის აღბეჭდილობას, რომელიც მან მარმარილოზე ერთი თითით ქმნა, შემდეგ როგორ წარმოუჩენს მასვე თითებით სამს, როგორ გამოუსახავს ჯვარს ამ სამების აღმნიშვნელი თითებით და როგორ გაუცხადებს სიტყვიერად სამების საიუდმლოს".

"ბარბარა ასე მიმართავს მამას: "სამნი სარკუმელნი განანათლებენ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად". ხოლო იტყოდა მოსწავებასა წმიდასა სამებისა. ამას ზედა აღშფოთებული მამაი, თვისაგან წარმყვანებელი მისი და თვით ემბაზისა მის აბანოისა მიწევნილი, "ვითარ უკუე სამთა სარკუმელთა ნათელი, ჰკითხვიდა, განმანათლებელ იქმნების ყოვლისა კაცისა?" და იგი მიუგებდა: "მამაო მოიხილე და გულისხმა-ყავ თქუმული". ამის თანა მყის ჯუარისაი უჩუენა სასწაული, მერმე თითთა მიერცა დაუსახა და "იხილე, თქუა, რამეთუ მამაი და ძე და სული წმიდაი ნათლისა ამის მიერ აგებულსა შინა საცნაურად განანათლებს" (H-1347, 134v).

აი, ჭეშმარიტი მიზეზები იმისა, თუ რატომ გამოაჭრევინა წმ. ბარბარამ აბანოში მესამე სარკმელი და რატომ უჩვენა მამას სამი თითი. სარკმელთა რაოდენობით "... იტყოდა მოსწავებასა წმიდასა სამებისა", ხოლო თითთა მიერ ჩვენებით ეტყოდა, რომ ღმერთი არის "მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ".
რატომ მიანიშნა მარმარილოზე თითით გამოხატულ ჯვარზე? ამისი კარგი განმარტება მოცემულია დ. როსტოველის მიერ შედგენილ წმინდანთა ცხოვრებაში: "რატომ უბრძანე დაემატებინათ მესამე სარკმელი? მან (ბარბარამ - არქიეპ. პ.) უპასუხა:

- სამი უმჯობესია ორზე, რადგან შენ, მამავ ჩემო, ორი სარკმლის გამოჭრა ბრძანე, როგორც ვფიქრობ, ორი ზეციური მნათობის, მზისა და მთვარის შესაბამისად, რათა მათით განათებულიყო აბანო, მე კი ვუბრძანე დაემატებინათ მესამე, სამების ნათლის ნიშნად, რამეთუ სამი აქვს სარკმელი მიუწვდომელ, გამოუთქმელ და დაუღამებელ ნათელს სამებისა ("во образ Троичного Света, ибо у неприступного, неизреченного, незаходимого и немерцающего Света Троичного, Три Окна...") (აქ იგულისხმება ერთი ღმერთი სამი იპოსტასი - შემდგ. შენიშვნა), რომლითაც განათლდება ყოველი კაცი მომავალი სოფლად.

ბარბარას მამა შეაშფოთა უცხო და უჩვეულო სიტყვამ, განიმარტოვა შვილი, აბანოს ემბაზთან მივიდა, სადაც წმიდა ბარბარას თითით ქვაზე ჯვარი იყო გამოსახული, მაგრამ ჯერაც არ ენახა და ჰკითხა მას:

- როგორ არის ყოველი კაცის ნათელმყოფელი სინათლე სამი სარკმლისა?

- მისმინე და გულისხმაყავ ჩემგან თქმული. - მიუგო ბარბარამ. - მამა, ძე და სულიწმიდა, სამი პირი ერთარსება ღმრთისა, რომელიც მიუწვდომელი ნათელია, განანათლებს და აცოცხლებს ყოველ სუნთქვას. სწორედ ამისთვის ვუბრძანე, მოეწყოთ აბანოში სამი სარკმელი, რათა ერთი მათგანი ყოფილიყო ნიშნად მამისა, მეორე ძისა და მესამე სულიწმიდისა, რათა თვით კედლებიც კი ადიდებდნენ სახელს წმიდისა სამებისა ("Выслушай внимательно, отец мой, и пойми, что я говорю: Отец, Сын и Святой Дух, Три Лица Единого в Троице Бога, живущего во свете неприступном, просвещают и оживляют всякое дыхание. Для того я и велела устроить в бане три окна, чтобы одно из них изображало Отца, другое Сына, третье - Духа Святого, так чтобы и самые стены прославляли Имя Святой Троицы).

შემდეგ ბარბარამ ხელით მარმარილოზე გამოსახულ ჯვარზე მიანიშნა და უთხრა:

- მე ასევე გამოვსახე ღმრთის ძის ნიშანი, რომელიც მამის ნებითა და სულიწმიდის შეწევნით, კაცთა ცხოვნებისათვის განკაცდა ყოვლადწმიდა ქალწულისგან, ნებსით ჯვარს ეცვა, რომლის გამოსახულებასაც ახლა შენ ხედავ. ჯვრის ნიში აქ იმიტომ გამოვსახე, რათა მისმა ძალამ იოტოს აქედან ყოველგვარი ბოროტი ძალა" ("Затем указав рукою на крест, изображенный на мраморе, она сказала: Я также изобразила и знамение Сына Божия: по благоволению Отца и содействием Святого Духа, для спасения людей, воплотился Он от Пречистой Девы и волею пострадал на кресте, изображение которого ты видишь. Начертала я здесь знамение креста для того, чтобы сила крестная отгоняла отсюда всю силу бесовскую" (Жития Святых по изложению святителя Димитрия, митрополита Ростовского. Месяц декабрь. Издательство прп. Максима Исповедника, Барнаул, 2003-2004. 4 декабря. Житие и страдание святой великомученицы Варвары. Стр. 45).

ამრიგად, ზემორე ტექსტები სრულიად გარკვევით, სრულიად პირდაპირ გვაუწყებენ, რომ "ერთბამად სამი თითის" ჩვენებით წმ. დიდმოწამე ბარბარა საკუთარ მამას ასწავლიდა წმიდა სამების საიდუმლოს და ცხადყოფდა იმ სამს, რომელიც ერთია. ხოლო ჯვარზე მინიშნებით ქრისტეს განკაცების საიდუმლოსა და ჯვრის მნიშვნელობას. ამიტომაც, წმ. ბარბარას ცხოვრებაში ერთი ან სამი თითით პირჯვრის გადაწერის მოაზრება მხოლოდ და მხოლოდ ე. ჭელიძისა და სხვა ახალმოწესე მეცნიერთა აკვიატებული ფანტაზიის ნაყოფია.

არ ჩავუღრმავდებით წმ. ბარბარას ცხოვრების აღწერის ისტორიას, მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ამ წმიდა დიდმოწამის ცხოვრების მრავალი რედაქცია არსებობს, რომლებიც დეტალებში განსხვავდებიან ერთმანეთისგან. "ტექსტოლოგიური და მითოპოეტური თვალსაზრისით, წმ. ბარბარას ცხოვრებას სწავლობდა მრავალი მკვლევარი. მიიჩნევა, რომ ბარბარას ცხოვრება შეიცავს ზოგიერთ მითოლოგიურ ელემენტს არგოსელი მეფის აკრისიოსის ქალიშვილისა და პერსევსის დედის დანაის შესახებ (Wirth Al Danae in christlichen Legenden Wien, 1892 См. также Грегуар Р. Литературные и богословские модели в западной агиографии // Монастырская культура Восток и Запад/Сост Е Г Водолазкин СПб, 1999 С. 80). მასში იხილვება, ასევე, "ცნობილი ეპიკური მოტივი კოშკში მზეთუნახავი გოგონას ჩამწყვდევის შესახებ" (Творогов О В Житие Варвары /Словарь книжников Вып. 1. С. 259 См. также Александров А. В. Образный мир агиографической словесности Одесса 1997 С. 22-27).

წმიდა ბარბარას ცხოვრებას მდიდარი ხელნაწერი ტრადიცია აქვს და არსებობდა რამდენიმე რედაქციით. კვლევით ლიტერატურაში ყველაზე ძველ რედაქციად მიიჩნევა სირიული, რომლის უძველესი ხელნაწერი განეკუთვნება VIII საუკუნეს და ეს რედაქცია იოანე მესვეტეს მიეწერება. მაგრამ ყველაზე მდიდრული მაინც ბერძნული ტრადიციაა. აქ უნდა მივუთითოთ მთელ რიგ ანონიმურ თქმულებებზეც და ცხოვრებაზე, რომელიც სვიმეონ მეტაფრასს მიეწერება, და მთელი რიგი ჰომილიებისა, რომლებიც შედგენილია წმ. დიდმოწამე ბარბარას ხსნების დღისთვის და განეკუთვნება წმ. იოანე დამასკელს, არსენი კერკირელს და გიორგი გრამატიკოსს. ეს ჰომილიები მნიშვნელოვანია შემდგომი, უფრო გვიანდელი ტრადიციისთვის, თანაც არა იმდენად ბერძნულისთვის, რამდენადაც ლათინურისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ტექსტს არსებობის ასეთი მდიდარი ტრადიცია აქვს, ბარბარას ცხოვრებაში გვხვდება მთელი რიგი არსებითი უთანხმოებანი, რომლებიც თვით ბარბარას ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. მათი უმეტესობა მითითებული ი. იაკუშევის (Я. Якушев) ნაშრომში Житие св. великомученицы Варвары // Труды Киевской духовной академии Киев, 1916 თ I, кн 1 С 1-60, Кн 2-3 С 169-236 См также рец Оксиюк М. //Труды Киевской духовной академии Киев, 1915 Кн 10-11 С 168-174).

ყურადღება მივაპყროთ თუნდაც ერთ-ერთ მათგანს - წმიდა დიდმოწამის სიკვდილის თარიღს. ავტორთაგან ერთნი, როგორც ამას ი. იაკუშევი აჩვენებს, წმ. ბარბარას მოწამეობას განაკუთვნებენ მეფე მაქსიმიანე თრაკიელის (235-238) პერიოდს, ეკლესიის ისტორიკოსები კი ასახელებენ მაქსიმიან გალერიუსის (305-311) პერიოდს და სავარაუდოდ, სამართლიანადაც: წმიდა ბარბარამ მოწამეობრივი გვირგვინი დაიდგა სირიის ქალაქ ილიოპოლში, IV საუკუნის დასაწყისში, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ ქრისტეანთა დევნულების პერიოდში..." (М. А. Федотова. Житие святой Варвары в Древней Руси. Стр. 76-77) (http://feb-web.ru/feb/todrl/t53/t53-076.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 21.09.2020).

ასეთივე მდგომარეობაა სლავურ ხელნაწერებშიც, სადაც წმ. დიდმოწამე ბარბარას ცხოვრება განსხვავებებით არის აღწერილი. იგივე ითქმის ქართულ თარგმანებზეც. "ლიტერატურული ძიებანის" 2005 წლი 26-ე ნომერში (ნაწილი I)), ეკა ჩიკვაიძის პუბლიკაციაში ვკითხულობთ:  "პირჯვრის გამოსახვა არაერთხელ გამხდარა ეკლესიის წიაღში წამოჭრილი დავის საგანი. საეკლესიო ტრადიციათა მიდევნა-გათვალისწინების მიზნით წმინდა მამათა სწავლებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია პრობლემურ საკითხთა შესახებ უძველეს წერილობით ძეგლებში დაცული წყაროები.

ამ თვალსაზრისით ხშირად აგიოგრაფიულ თხზულებებსაც მიმართავენ. სწორედ პირჯვრის გამოსახვის წესზე მსჯელობისას იმოწმებს წმინდა ბარბარეს კიმენურ და მეტაფრასულ რედაქციებს ედ. ჭელიძე ნაშრომში "ეკლესია - სძალი უფლისა" (გვ. 209-215). სასწაული, რომელიც საბანელში ჯვრის გამოსახვით გამოვლინდა, მრავალმხრივაა საყურადღებო და უშუალოდ უკავშირდება წმინდა ბარბარესა და დიოსკორეს შორის გამართულ დოგმატურ პოლემიკას. ეს ეპიზოდი შესულია ორივე მეტაფრასულ და კიმენურ რედაქციებში. ვნახოთ, როგორაა აღწერილი მარმარილოზე თითით ჯვრის სასწაულებრივად გამოსახვის ეპიზოდი ჩვენთვის საინტერესო ხელნაწერებში:

α - ხოლო სრულებაი-რაი მიიღო აბანომან, გარდა მოვიდა ქალწული... თითთა თვისთანი (486 I).

კიმენი - ვითარცა მიიწია შუა აბანოსა მას, გამოსახა სახე ჯუარისაი თითითა თვისითა ზედა მარმარილოსა მას და მაშინ გამოჩნდა ჯუარისა მისგან წყალი ცხოველი (57r).

β - და ვინაჲთგან მადლითა სახიერისა სულისაYთა აღსავსე იყო გული მისი სარწმუნოებითაცა ქრისტHს მიმართისა... მხილველად (134r).

ნიშანდობლივია, რომ სამივე პარალელურ პასაჟში ჯვრის გამოსახვის სასწაული აღსრულდება თითით - ერთი თითით კიმენისა და H1347/Gel5-ის მიხედვით, ხოლო სამით - A128/Ath2-ში: "მწუერვალნი თითთა თვისთანი"(!). ეს სხვაობა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ დიდმოწამე იმავე ბ რედაქციაში ჯერ კირითხუროებს, შემდეგ კი მამას სამი თითით გამოუსახავს ჯვარს, რასაც ქალწულის მიერ ქრისტიანობის აღიარებაც მოჰყვება (მემარმარილოებს "სამნი ერთბამად უჩუენნა თითნი ნეტარმან "და სამნი, - ჰრქუა - სამნი განანათლენით თქუენ სარკუმელნი" (134r), ხოლო "შორიელი გზიდან დაბრუნებულ მამას მყის ჯუარისაი უჩუენა სასწაული, მერმე თითთა მიერცა დაუსახა და "იხილე - თქუა, რამეთუ მამაი, ძე და სული წმიდაი ნათლისა ამის მიერ აგებულსა ყოველსა საცნაურად განანათლებს" (134v)"
(ეკა ჩიკვაიძე. დოგმატურ-საღვთისმეტყველო საკითხები "წმიდა ბარბარეს წამების" მეტაფრასულ რედაქციებში (მეორე წერილი). ლიტერატურული ძიებანი 2005 №26 (ნაწილი I)).

ე. ჭელიძის მსგავსად, ხსენებული ავტორიც არასწორად განმარტავს წმ. ბარბარას მიერ სამი თითით წმ. სამების ერთარსობის სიმბოლოს წარმოჩენის საკითხს. ავტორის (ეკა ჩიკვაიძის) თქმით, "იმავე ბ რედაქციაში ჯერ კირითხუროებს, შემდეგ კი მამას სამი თითით გამოუსახავს ჯვარს", რასაც ავტორი მის მიერვე ფრჩხილებში მოქცეული ციტატით "ადასტურებს" ("სამნი ერთბამად უჩუენნა თითნი ნეტარმან "და სამნი, - ჰრქუა - სამნი განანათლენით თქუენ სარკუმელნი")".

ნუთუ ხსენებულმა ავტორმა არ უნდა იცოდეს, რომ თითების "ჩვენება" და "გამოსახვა" ერთი და იგივე ქმედება არ არის? ან არ ჩანს ამ ციტატიდან, რომ ბარბარამ პირჯვარი კი არ გადაიწერა სამი თითით, არამედ, როგორც ეს უკვე ზემოთ განვმარტეთ, სამების ერთარსობის სიმბოლო წარმოაჩინა, როგორც ოდესღაც წმ. მელეტიმ ანტიოქიაში შეკრებილ ხალხს ასწავლა წმ. სამების დოგმატი. ეკა ჩიკვაიძის მომდევნო მსჯელობაზე ჩვენ არ შევჩერდებით, რადგან ის სიტყვა-სიტყვით იმეორებს ე. ჭელიძის მსჯელობას წიგნიდან "ეკლესია - სძალი უფლისა", რომელზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ.

ამრიგად, ფაქტია, რომ არსებობს წმ. ბარბარას ცხოვრების მრავალი ურთიერთგანსხვავებული რედაქცია, სადაც ერთი და იგივე მოვლენა ან სხვადასხვანაირად არის აღწერილია ან საერთოდ ნახსენებიც კი არ არის. როდესაც ვლაპარაკობთ ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებაში გადმოცემულ ამბებზე, რომლებიც ეხება პირჯვრისწერის და ნათლისღების საკითხს, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი საეჭვო, გაურკვეველი და ურთიერთგამომრიცხავი "ფაქტები" საეკლესიო საიდუმლოს ეჭვმიუტანელ პრაქტიკად დავნერგოთ ან უკვე დანერგილი პრაქტიკის გასამართლებლად გამოვიყენოთ?!

მართალია, როგორც ეკა ჩიკვაიძე წერს, "საეკლესიო ტრადიციათა მიდევნა-გათვალისწინების მიზნით წმინდა მამათა სწავლებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია პრობლემურ საკითხთა შესახებ უძველეს წერილობით ძეგლებში დაცული წყაროები. ამ თვალსაზრისით ხშირად აგიოგრაფიულ თხზულებებსაც მიმართავენ" (იქვე), მაგრამ დუშვებელია მათი საეკლესიო პრაქტიკის უეჭველ საფუძვლად დადება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის სხვა წყაროებს ეწინააღმდეგება და მეტიც, არ ეთანხმება ეკლესიის მიერ კრებით დადგენილებებზე მიღებულ განწესებებს.

ორი თითით პირჯვრისწერაზე კი არსებობს ორი ადგილობრივი კრების დადგენილება (კონსტანტინოპოლისა და რუსეთის), და მეტიც, კონსტანტინოპოლის კრების დადგენილება (სავარაუდოდ IX-XII სს.) მთელი ეკლესიის პრაქტიკაში დაინერგა, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცეულ იაკობიტ-მონოფიზიტთა მიღების წესი. გვიანდელ საუკუნეებში არც ერთ ადგილობრივ კრებას არც ეს წეს-განგება გაუუქმებია (პირიქით, რუსეთის ადგილობრივმა ეკლესიამ გაიმეორა კიდეც თავის ე. წ. "ასმუხლიან" კრებაზე (1551 წ.) და არც ხსენებული განწესების ფორმულა: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა, ვითარ იგი ქრისტეცა, იყავნ შეჩუენებულ".  მაშ, რა უნდა შეცვალოს წმ. ბარბარას ცხოვრებიდან ამოწერილმა ამბავმა იმის შესახებ, რომ დიდმოწამემ ჯერ მარმარილოზე თითით გამოსახა (ანუ დახატა) ჯვარი, შემდეგ კი დაბრუნებულ მამას სამი თითით სამების საიდუმლო წარმოუჩინა და მის მიერ დახატული ჯვრის ჩვენებით ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის საიდუმლოც აუხსნა.

ყველაფერი ისეც რომ იყოს, როგორც ამას ე. ჭელიძე განმარტავს თავის წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა", და ბარბარას სამი თითითაც რომ გამოესახა (თუმცა არ გამოუსახავს) ჯვარი, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ სამი თითით პირჯვრისწერის დამადასტურებელ ფაქტად, რადგან:

1. ამგვარ გამოსახვას ჰქონდა განმარტებითი დანიშნულება და ის არ წარმოადგენდა იმდროინდელ ქრისტეანთა პირჯვრისწერის ტრადიციას. სამი თითით პირჯვრისწერა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვით ე. ჭელიძის აღიარებითვე, საკმაოდ მოგვიანებით, VIII საუკუნიდან შემოდის, ხოლო სხვა მეცნიერთა უფრო დასაბუთებული მოწმობებით XIII საუკუნიდან. როგორ იქნებოდა წმ. ბარბარა იმგვარი ტრადიციის მქადაგებელი, რომელიც მაშინ არავინ უწყოდა, მათ შორის არც თვით ბარბარამ და მხოლოდ საუკუნეების შემდეგ იქნა შემუშავებული?

2. წმ. ბარბარამ მამას სამი თითით უჩვენა სამების საიდუმლო, ხოლო შემდეგ (თითებითვე ან თითით) მიანიშნა მის მიერ მარმარილოზე გამოსახულ ჯვარზე, რაც ასევე არ წარმოადგენს სამი თითით პირვჯრისწერის დამადასტურებელ მომენტს.

3. რაც შეეხება მარმარილოზე თითით გამოსახულ ჯვარს, არც ის წარმოადგენს ერთი თითით ჯვრის გამოსახვის ტრადიციას. გაუგებარია, როგორ არის შესაძლებელი მარმარილოზე თითით ჯვრის დახატვის შემთხვევა ერთი თითით პირჯვრისწერის მტკიცებულებად იქნას გამოყენებული, რადგან აქ აშკარად ჩანს საგანზე ჯვრის დახატვის და არა პირჯვრისწერის ფაქტი.

ამრიგად, ვფიქრობთ, ყოველივე ზემოთთქმული საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ წმ. დიდმოწამე ბარბარას ცხოვრებიდან აღებული და განხილული კონკრეტული ფაქტი არ ადასტურებს არც ერთი და არც სამი თითით პირჯვრისწერის ან კურთხევის გაცემის ტრადიციას.
15
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому