აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_IV_იმის შესახებ თუ ვის უნდა ვმორჩილებდეთ და ვის არა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმა
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი IV
___________________________________________________________________________________________________________________________________

"როდესაც განიკვეთება უარესი, ზეცა უკეთესს შეუერთდება", ანუ იმის შესახებ თუ ვის უნდა ვმორჩილებდეთ და ვის არა

ზემოთ (თავი "დოგმატი და წეს-ჩვეულება") უკვე ვნახეთ, რამდენად უსამართლოა ახალმოწესე რეფორმატორთაგან ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა დადანაშაულება წეს-ჩვეულებებისა და დოგმატების ურთიერთაღრევაში. ასევე ვისაუბრეთ იმ მოსაზრებაზე, რომ წეს-ჩვეულებებს ეკლესიაში არა მთავარი (მათი თქმით "დოგმატური"), არამედ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე ვნახეთ, თუ რამდენად უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოსდა რეფორმატორული "მართლმადიდებელი" ეკლესიისადმი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა დაუმორჩილებლობა ეფუძნება "წეს-ჩვეულებებისადმი პირველხარისხოვან დამოკიდებულებას".

მაგალითად, ჩვენი ოპონენტი ზ. ნოდია ამ მიმართებით გვიყენებს ტიპურ და გავრცელებულ ბრალდებას, რომელიც ხშირად გაისმის ძველმართლმადიდებელთა მისამართით და რომელიც ეხება XVII ს.-ის რუსეთში მომხდარ განხეთქილებას. ზ. ნოდია ამ სქიზმაში ადანაშაულებს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთ და მიიჩნევს, რომ ისინი არასწორად, არასაკმარისი მიზეზების გამო გამოყოფიან ეკლესიას.

როგორც ზემოთ ვნახეთ, მან "სტაროვერებს" (ასე გვიხსენიებს ჩვენი ოპონენტი) ორი "თავბრუდამხვევი უვიცობა" დააბრალა: 1. საწესჩვეულებო ტრადიციის აყვანა დოგმატის რანგში და 2. ცრუ ესქატოლოგიურობა (ზ. ნ.  "ქართველ "სტაროვერთა" სამხილებლად". "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე". გვ. 193-194).

პირველი ორი "უვიცობის" ჩამოყალიბების შემდეგ, ზ. ნოდიას ახსენდება, რომ თურმე არსებობს მესამეც, რომლის მიხედვითაც საჭირო ყოფილა "მთავარში ერთობა და მეორეხარისხოვანში თავისუფლება" და რომ პირჯვრისსაწერ თითთა სხვადასხვა წყობა ადგილობრივ ეკლესიებში "საუკუნეთა მანძილზე მონაცვლეობდა" (იქვე. გვ. 195). მაგრამ, რადგან ეს უკანასკნელი მესამე პუნქტი პირველი "თავბრუდამხვევი უვიცობის" შემადგენელი ნაწილია და, ავტორის მიერ "მთავარისა" (დოგმატის) და "მეორეხარისხოვანის" (საწესჩვეულებო ტრადიციის) ურთიერთმიმართების ჭრილში განიხილება, თვით ჩვენი ოპონენტის თავბრუდამხვევ უვიცობას უფრო წარმოაჩენს, ვიდრე "სტაროვერებისას".

დოგმატისა და წეს-ჩვეულებების მიმართების საკითხი წინა თავში განვიხილეთ და ვნახეთ, თუ რა კავშირი აქვს მათ დოგმატურ სწავლებასთან და რომ წმიდა მამები სულაც არ მიიჩნევდნენ მათ "მეორეხარისხოვან" გადმოცემებად.

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის გახლავთ, რომ ეკლესიის საწესჩვეულებო მხარეს დოგმატად და პირველხარისხოვან საკითხად განიხილავდნენ თვით მეფე ალექსი მიხეილის ძე და პატრიარქი ნიკონი, ასევე მათი მხარდამჭერი აღმოსავლელი იერარქები, რაც მათ მიერ კრებითად მიღებულ დადგენილებებში, სხვადასხვა კრებულსა და ცალკეულ განკარგულებებში აისახა (უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ). მეტიც, ისინი ძალდატანებით და ჟანდარმული მეთოდებით ამკვიდრებდნენ - ახალ საწესჩვეულებო - "მეორეხარისხოვან" ტრადიციას, რომელთანაც, როგორც ზ. ნოდია გვარწმუნებს, "თავისუფალი" მიმართება დასაშვები ყოფილა.

ერთ ადგილას ზ. ნოდია წერს: "წერტილისოდენა სიახლისთვის - განა შეიძლებოდა ეკლესიის განხეთქვა?!" (იქვე. გვ. 211) მაგრამ, თუ ეს მიზეზი "წერტილისოდენა" იყო, რაღა აზრი ჰქონდა საეკლესიო რეფორმის ჩატარებას? რატომ გადაეცა ანათემას ეს "წერტილისოდენა" გადმოცემები? რატომ გამოცხადდა ისინი "მწვალებლობად"? და საერთოდ, შეიძლება თუ არა მწვალებლობა იყოს "წერტილისოდენა"? ან კიდევ, განა მწვალებლობა, თუნდაც "წერტილისოდენა", არ დაღუპავს ადამიანს და ამ შეხედულებიდან გამომდინარე, არ აშკარავდება, რომ თვით რეფორმატორები სულაც არ მიიჩნევნდნენ საწესჩვეულებო მხარეს "წერტილისოდენა" ცთომილებად და მას დოგმატის რანგში განიხილავდნენ, რის გამოც იღებულბდნენ შესაბამის გადაწყვეტილებებსაც?!

ცხადია, აქაც აშკარაა, რომ ზ. ნოდია არ არის ჩახედული არა მარტო საეკლესიო-კანონიკურ საკითხებში, არამედ თვით XVI ს-ის რუსეთის საეკლესიო განხეთქილების ისტორიულ პერიპეტიებში, არ იცის ამ განხეთქილების არც სარწმუნოებრივი მხარე და არც პოლიტიკური. ამგვარი ადამიანის პუბლიცისტიკას ზიანის გარდა არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია. ამ მხრივ, მისი წიგნი "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" დიდი საცთურის შემცველია, რადგან მკითხველს, ერთი მხრივ, აწვდის ისტორიული სახის აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას, მეორე მხრივ კი, ასევე არასწორად განუმარტავს მთელ რიგ კანონიკურ და დოგმატურ საკითხებს, რაშიც ქვემოთ მრავალჯერ დავრწმუნდებით.

მაშ, იბადება კითხვა: რას ნიშნავს საწესჩვეულებო მხარისადმი "თავისუფალი" მიმართება, რომელზეც ზ. ნოდია ამახვილებს ყურადღებას? რატომ არის საწესჩვეულებო ტრადიცია მეორეხარისხოვანი? რას წარმოადგენს იგი - უშინაარსო, უაზრო თეატრალურ სანახაობას თუ შინაარსით დატვირთულ რაიმე სწავლებას? და ბოლოს, რატომ არის საეკლესიო გადმოცემების ერთგულება "სიჯიუტე", "ფანატიზმი" და "წესთმორწმუნეობა" მხოლოდ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანებისთვის, ხოლო მართლაც ფანატიკოსი რეფორმატორებისთვის - არა. ამ კითხვებზე პასუხები არცერთი მოპაექრისგან არც წარსულში მიგვიღია და არც ახლა გვაქვს.

და ბოლოს, თუკი საწესჩვეულებო მხარესთან დასაშვებია ასეთი თავისუფლება და ის ასეთი "მეორეხარისხოვანი" საკითხი ყოფილა, რას ერჩოდნენ ამ ძველ წეს-ჩვეულებებს პატრიარქი ნიკონი და მისი მომხრე აღმოსავლელი იერარქები? რატომ აცხადებდნენ მას მწვალებლობად? რატომ აკერებდნენ ათასგვარ დამამცირებელ იარლიყს, ადარებდნენ მრავალგვარ ცრუ-მოძღვრებას ("სომხობას", "არიანელობას", "ნესტორიანელობას"), რაც უკვე სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ რეფორმატორებიც ხედავდნენ მასში არა "თავისუფალი" მოპყრობის საგანს, არამედ უმკაცრეს დოგმატურ გადმოცემას, დოგმატური შინაარსის შემცველ უცილობელ ფორმას, რომლის შეცვლა მწვალებლობის ტოლფასია?! ამ ფაქტის დაუნახაობა არის ან სულიერის სიბრმავის, ან გონებრივი სიჩლუნგის, ან კიდევ საკითხის არსის შეგნებული გაყალბების გამოხატულება.

რადგან ზ. ნოდიას მიერ ჩამოყალიბებული "მესამე პუნქტი" (პირჯვრისწერის საკითხი), როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს "პირველი პუნქტის" (დოგმატებისა და წეს-ჩვეულებების ურთიერთმიმართების) შემადგენელ ნაწილს. მასზე არ შევჩერდებით. მით უმეტეს, რომ ამ თემას (პირჯვრისწერას) ჩვენ დავუთმეთ წინამდებარე ნაშრომის მეორე ნაწილი. "მეორე პუნქტი" ("ცრუ ესქატოლოგიურობა") განხილული იქნება ქვემოთ, თავის ადგილას. ამიტომაც, ფაქტობრივად, აქ ჩვენ შევეხებით საკითხს, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა გამოყოფა მოძალადე, მწვალებელ იერარქთაგან. უნდა ვაჩვენოთ, როდის და რა პირობებშია საეკლესიო გამოყოფა ნებადართული, საქები და სრულიად მართლმადიდებლური ქმედება. თანაც ისე, რომ ამ ქმედებით სულაც არ ირღვევა ეკლესიის ერთობა და უსჯულო იერარქთაგან გამოყოფილი მართლმადიდებელი ქრისტეანები უცილობლივ ქრისტეს ეკლესიის წევრებად რჩებიან.

საკმაოდ ზუსტად და კარგად არის ეს ნაჩვენები ორგზისი კრების 15-ე კანონში, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, მანამ კი ვნახოთ რა ეპითეტებით "ამკობს" ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთ ზ. ნოდია უსჯულო მოძღვართაგან გამოყოფის გამო, რათა ქვემოთ მოტანილი მტკიცებულებების ფონზე უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს ამ ადამიანის უტიფრობა და უვიცობა.

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ზ. ნოდია ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთ მოიხსენიებს ახალი ტერმინით "ძველმოწესე პროტესტანტები" (იხ. კიდევ: "სტაროვერული პროტესტანტობა" (გვ. 211), "ამბაკუმიანური პროტესტანტიზმი" (გვ. 212) და სხვა), რომელიც ადრე არსად შეგვხვედრია. ძველმართლმადიდებლობისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში "სტაროვერები" არსად მოიხსენიებიან "ძველმოწესე პროტესტანტებად" (старообрядческие протестанты).

რა თქმა უნდა, თავად სიტყვა პროტესტანტში ცუდი არაფერია. უცხო სიტყვათა ლექსიკონებში მოცემული განმარტების მიხედვით, ტერმინი "პროტესტანტი" მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან პროტესტატიო, ონის ფ (პროტესტორ), რაც ნიშნავს "საზეიმო განცხადებას", წარმოთქმას, დარწმუნებას. ცალკეულ შემთხვევებში კი - წინააღმდეგობას, უთანხმოებას (იხ. ვიკიპედია). აქედან პროტესტანტი (პროტესტანტის) არის ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს.

მაგრამ, ამავე დროს, პროტესტანტიზმი - ეს არის ქრისტეანობის სამი განშტოებიდან ერთ-ერთი, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან ანტიკათოლიკურ, შუა საუკუნეების ეკლესიის ევროპულ რეფორმაციასთან.

ამიტომაც, იბადება კითხვა: რა აქვს საერთო "ძველმოწესე სტაროვერობას" ევროპულ პროტესტანტიზმთან ან რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან? - არაფერი! მართალია, ზ. ნოდია არ ავლებს პირდაპირ პარალელს ევროპულ პროტესტანტიზმთან, მაგრამ აქ შეიმჩნევა შეფარული განზრახვა მკითხველის ცნობიერებაში ასოციაციურად მაინც დამკვიდრდეს "სტაროვერი პროტესტანტი" არა მართლმადიდებელ, არამედ ევროპული პროტესტანტიზმის მსგავს ქრისტეანად. ხოლო, რადგან ძირითადად პროტესტანტიზმი გახდა ევროპაში სექტანტობის ბუდე და წყარო, "სტაროვერი პროტესტანტი" სექტანტობის მხრივაც უნდა იწვევდეს ასოციაციას. ასეთია, სავარაუდოდ, ზ. ნოდიას მიერ შემუშავებული ტერმინის დანიშნულება. თუმცა, თავისი წიგნის 215-ე გვერდზე ჩვენი "დამრიგებელი" "პუბლიცისტი" მაინც ვერ ითმენს და გარკვეულმხრივ "სტაროვერებსა" და "პროტესტანტებს" მაინც აიგივებს. "ესენი (ანუ "სტაროვერები" - არქიეპ. პ.), - წერს ავტორი, - ხან ნათლობას აყენებენ წინ, ხან ორ თითს, ხან წეს-ჩვეულებებს, რომელსაც სარწმუნოებასთან აიგივებენ და ეს ყველაფერი არეული აქვთ იმიტომ, რომ მთავარს, ეკლესიას არიან მოწყვეტილები. ამ მიდგომით, არაფერი განსხვავება არაა - ლუთერანებსა (პროტესტანტებს) და სტაროვერებს შორის..." (იქვე. გვ. 215).

ცხადია, ზ. ნოდიას ეს არაკორექტული ხრიკი წარმოაჩენს მის ზიზღს ძველმართლმადიდებელთა მიმართ და, ტერმინოლოგიური აღრევის გამოყენებით, მკითხველში ასეთივე ზიზღის გამოწვევას ცდილობს. ღმერთმა შეუნდოს მას ეს მკრეხელობა.  

ხსენებულ წიგნში ზ. ნოდია გადმოგვცემს საკუთარ "ეკლესიოლოგიურ" დაკვირვებებს (საკუთარს - იმიტომ ვამბობთ, რომ გადმოცემული შეხედულებების წყაროები არსად მითითებული არ გახლავთ). მისი აზრით, არსებობს "სასქიზმო" და "არასასქიზმო" დანაშაულებანი, რომლებიც განაპირობებენ დამნაშავეთაგან (სასულიერო იერარქთაგან) გამოყოფა-არგამოყოფის მართებულობას.

ჩვენი "პუბლიცისტი" წერს: "ამგვარი მიზეზით (იგულისხმება ზ. ნოდიას მიერ ჩამოყალიბებული "სტაროვერთა" პირველი ორი "უვიცობა" - არქიეპ. პ.) და ასე მოკლე დისტანციაზე (სიც!) და ერთბაშად არ ხდება და (Sic!) არც დაქცევა ეკლესიისა და არც გაქცევა დაზიანებული ხომალდიდან, ანუ სქიზმა... საწყის ეტაპზე, სასქიზმო პრობლემის  ჩანასახობრივი უმნიშვნელობის გამო ეკლესიისგან განმიჯვნა, ისეთივე ანეგდოტურია (ტრაგიკული რომ არ ყოფილიყო), როგორიცაა - "ჭიამ თვალი წამოიგდო - ქვეყანა იქცევა და რაში მჭირდებაო". ცხადია გვიპასუხებენ - თავისით არ წასულან - ინკვიზიციურად აოტესო, მაგრამ - მათმა უკომპრომისო არ დათმობამ განაპირობა ჯერ - ანათემირება 1667 წლის საეკლესიო კრებაზე, მერე კი - ლტოლვილობა" (ზ. ნ. იქვე. გვ. 195) (ავტორის სტილი ყველგან დაცულია - არქიეპ. პ.).

მოტანილი ციტატიდან ჩანს, რომ, ზ. ნოდიას აზრით, რუს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს ეკლესია დაუტოვებიათ:

1. "სასქიზმო პრობლემის ჩანასახობრივი უმნიშვნელობის" პირობებში.

2. მათ არ ცოდნიათ, რომ ეკლესიის დაქცევა არ ხდება "ასე მოკლე დისტანციაზე და ერთბაშად".

3. ამიტომაც, ამ უმნიშვნელო მიზეზების გამო, ეკლესიისგან გამიჯვნა შეუფასებია "ანეკდოტურ" ქმედებად და მეტი ეფექტურობისთვის თან დაურთავს ხალხური გამონათქვამი, რომელიც ხაზს უსვამს კონკრეტული მოქმედების უაზრობას.

4. და ბოლოს, გაკეთებულია გამაოგნებელი დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად ამართლებს ძველმორწმუნე ("სტაროვერ") ქრისტეანთა საშინელ დევნას, ენით აუწერელ წამებას და ხოცვა-ჟლეტას. ზ. ნოდიას აზრით, ეს ყველაფერი "სტაროვერებს" თვითონ გადმოუწვევიათ საკუთარ თავზე "უკომპრომისო არდათმობის" გამო, რამაც, ისევ ჩვენი ოპონენტის აზრით, "გამოიწვია ჯერ 1667 წლის ანათემები, შემდეგ კი მათი ლტოლვილობაც" (იქვე. გვ. 195).

სხვაგან ზ. ნოდია ნიანგისეული "თანაგრძნობით" წერს: "დიდი გულდაწყვეტით და გაგებით ვეკიდებით მათ ტრაგედიას და შეიძლება იმის გაგებაც, რამაც ისინი დააშინა, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ საამისო გამოსავალი არ იყო სქიზმა და სიჯიუტით საქმის აქამდე მიყვანა. აი ესაა შეცდომა" (გვ. 208).

შემდეგ კი დაასკვნის: "მეორეს მხრივ, ინკვიზიციური მეთოდებით ანგარიშსწორება "პროტესტანტებისადმი" მეფისა და პატრიარქის მხრიდან, ასევე შეცდომა იყო, მაგრამ - ეკლესია და სახელმწიფო დადგა ნგრევის საფრთხის წინაშე და გაუმართლებლად მაქსიმალისტური ზომები იქნა გამოყენებული" (გვ. 208-209). მაშასადამე, "სტაროვერების" დასჯა განპირობებული ყოფილა "სახელმწიფოს ნგრევის საფრთხით", რაც კიდევ დასტურდება ოპონენტის სხვა ციტატით, რომლის მიხედვითაც, სტაროვერებმა თურმე "კინაღამ შუაზე გადატეხეს სახელმწიფო და რომელთაც მე-17-დან მე-20 სს-მდე მკაცრად, კანონის დონეზე (?) სდევდნენ იმპერატორები" (გვ. 212).

რა თქმა უნდა, ზ. ნოდიას ეს შეხედულებები ახლოსაც კი არ არის სიმართლესთან, რასაც ქვემოთ ნათლად წარმოვაჩენთ, მაგრამ მოდი, ჯერ განვაგრძოთ მისი "ეკლესიოლოგიური" დაკვირვებების ციტირება.

ზ. ნოდიას ოფიციალური ეკლესიის მადლმოსილების და, აქედან გამომდინარე, სიწმიდის ნიშნად მიაჩნია თავისი ეკლესიის "წმინდანთა მრავალრიცხოვნობა". ის წერს, რომ 17-ე ს-ის განხეთქილებისას, "თურმე არ ყოფილა წაქცეული რუსეთის ეკლესია (არც სხვა ადგილობრივი ეკლესიები)", როგორც ეს "რუს პროტესტანტებს ეგონათ". ანუ, "არ დასრულებულა ეკლესიის ისტორია, რაც დაადასტურა მომდევნო პერიოდში წმინდანთა მრავალრიცხოვნებამ" (იქვე. გვ. 195).

საზოგადოდ, "წმინდანთა" დასი ჰყავს თითქმის ყველა მწვალებლურ ეკლესიას, მათ ცხოვრებებშიც მრავალი სასწაულია აღწერილი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მოცემული ეკლესიის მადლმოსილებას. მართალია, ქრისტეს ეკლესიის მადლმოსილი წმინდანები სასწაულმოქმედნი იყვნენ, მაგრამ დაუშვებელია მწვალებელთა ეკლესიები მათ წიაღში მომხდარი სასწაულების გამო გამოვაცხადოთ მადლმოსილ და მაცხოვნებელ ეკლესიად. ამ თემაზე დეტალურად ქვემოთ ვილაპარაკებთ, სადაც ვაჩვენებთ, რომ შეუძლებელია სასწაული იყოს ჭეშმარიტების კრიტერიუმი. ჭეშმარიტების კრიტერიუმი სასწაული კი არა, სჯულიერებაა და ეს სრულიად მკაფიოდ და ნათლად გვასწავლა ჩვენმა მაცხოვარმა (მათე 7:22-23; 16:4).

განსაკუთრებით უცნაურ სწავლებას გვთავაზობს ზ. ნოდია სქიზმის შესახებ. ავტორმა აშკარად არ იცის, რომ სქიზმა ნებისმიერ შემთხვევაში დასაგმობი ქმედებაა. თავისი წიგნის 210-ე გვერდზე "სტაროვერთა" შესახებ ის წერს: "ამ ბუნტს თვითონვე შეეწირნენ, ფიზიკურადაც და სულიერადაც. ნაადრევად და არასწორად, რამდენადაც ეს არ იყო საკმარისი და ჯეროვანი მიზეზი სქიზმისთვის".

ე. ი. გამოდის, "სტაროვერების ბუნტი" დროული რომ ყოფილიყო და თან "საკმარისი და ჯეროვანი მიზეზი" ჰქონოდა სქიზმაში გასასვლელად, ზ. ნოდიას თვალში ის უცილობლივ კანონიკურ ქმედებად შეირაცხებოდა. რადგან თავად სქიზმა (ამ ლოგიკიდან გამომდინარე) ცუდი საქმე როდია, თუკი ის "დროულად", "სწორად", "საკმარისი მიზეზების გამო" და "ჯეროვნად" შესრულდება.

მაგრამ ბ-ნ "პუბლიცისტს" უნდა ვაუწყოთ, რომ სქიზმისთვის შეუძლებელია არსებობდეს "საკმარისი" მიზეზი, რადგან სქიზმა ეკლესიისგან, ქრისტეს სხეულისგან, თვით ქრისტესგან გაშორებაა და ის ყოველთვის, ნებისმიერ შემთხვევაში ცოდვაა; რამეთუ ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული, შეუძლებელია იყოს შემცოდე, მორწმუნეთა დამაბრკოლებელი, მწვალებლური სწავლებების შემცველი, რომ ქრისტეანებმა ეკლესიისგან გამოყოფით და გაქცევით უშველონ თავს. მაგრამ ზ. ნოდიასთვის სულაც პირიქითაა! შაკმარისია, მოიძებნოს "საკმარისი" მიზეზი, რომ სქიზმაში გასვლა მაცხოვნებელ საქმედ წარმოჩინდეს. ამის დასტურად ზ. ნოდია გვთავაზობს სრულიად უცნაურ სწავლებას "მაცხოვნებელი სქიზმის" შესახებ, რომელიც უკვე "დღის წესრიგშია" (იქვე. გვ. 205).

ზ. ნოდიას სწავლებით, სქიზმა "მაცხოვნებელია" მაშინ, როდესაც ის განხორციელებულია არა "სტაროვერული" უმეცრებით, რომლებსაც "მთავარი და მეორეხარისხოვანი" ვერ გაურჩევიათ, არამედ როდესაც ჩნდება უფრო სერიოზული უთანხმოება, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, ეკუმენისტური მწვალებლობა, რომელიც, ზ. ნოდიას თქმით "არსობრივად, მოედო ათეოკტრატიულ და ნეოწარმართულ სახელმწიფოებრიობასთან შერწყმულ სრულიად მსოფლიო ეკლესიის იერარქატს და ეკლესიის ძირგამომთხრელი საქმიანობა შიგნიდან, ანუ მწვალებლურად ისე მიმდინარეობს, რომ შეუქცევადი ხასიათისაა და მასთან სქიზმა, მაცხოვნებელი სქიზმა - დღის წესრიგშია უკვე!" (გვ. 205).

მაგრამ, შეუძლებელია სქიზმა "მაცხოვნებელი" იყოს, რამეთუ სქიზმა არ გულისხმობს ჭეშმარიტების დაცვას, არ გულისხმობს ეკლესიის დაცვას მწვალებლობათაგან. სქიზმისა და სქიზმატიკოსის ცნებები წმიდა მამებმა განუკუთვნეს არაკანონიკურად მოქმედ პირებსა და დაჯგუფებებს, ამიტომაც, სქიზმატები ყოველთვის განიხილებიან, როგორც ეკლესიის მაცხოვნებელი სხეულიდან მომწყდარი ნაწილები, რომელთა განკურნება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ამ ჭეშმარიტებას ადასტურებს თუნდაც კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების 15-ე კანონის ბალსამონისეული განმარტება, სადაც ნათქვამია, რომ მწვალებელი ეპისკოპოსისგან მართლმორწმუნეთა გამოყოფა ეკლესიას იცავს განყოფისა და განხეთქილებისაგან, ანუ სქიზმისგან (უფრო ვრცლად იხ. ქვემოთ).  

თავდაპირველად განხეთქილებად (სქიზმად) მიიჩნეოდა ეკლესიისგან ქრისტეანთა ამა თუ იმ ჯგუფის ნებისმიერი გამოყოფა. მოგვიანებით საეკლესიო სამართალში დაიწყეს ამგვარი გამოყოფის საფუძვლების განხილვა და კლასიფიკაცია. კერძოდ, ესენია: 1) მწვალებლობა, 2) საკუთრივ განხეთქილება და 3) კიდეშესაკრებლობა. განხეთქილება კვალიფიცირდება, როგორც ეკლესიის იურისდიქციისგან გამოყოფა და განცალკევებულ ქრისტეანთაგან დამოუკიდებელი თემის ჩამოყალიბება დოგმატური სწავლების შეუცვლელად.

ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიის განმატებით - "სქიზმა" (ბერძნ. σχίσმα), ანუ განხეთქილება ახალ აღთქმაში აღნიშნავდა ყოველგვარ საეკლესიო გაყოფასა და უთანხმოებას, მაგრამ მოგვიანებით, სქიზმა ეწოდა ეკლესიის წიაღში მომხდარ ისეთ განყოფას, რომელიც დოგმატებს არ ეხება (https://dic.academic.ru/dic.nsf/brokgauz_efron/98681/ Схизма) (URL-ს მიმართვის თარიღი: 07.09.2020).

ასე რომ, სქიზმა განსხვავდება როგორც ერესისგან (რწმენის რომელიმე ჭეშმარიტების ჯიუტი უარყოფა), ისე აპოსტასიისგანაც (ქრისტიანული რწმენისგან განდგომა, მისი სრული უარყოფა).

წმ. ბასილი დიდის თქმით: "ძველებმა (...) ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება და ზოგს კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა).

მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისაგან მთლად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს.

განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან გაყოფილები.

კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისთვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე, თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას - ეს არის თვითნებური თავყრილობა, კიდეშესაკრებლობა" (წმინდა ბასილი კესარია-კაპადუკიის ეპისკოპოსის პირველი ეპისტოლე კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 400).

ვიხილოთ სხვა წმიდა მამათა სწავლებებიც განხეთქილების, ანუ სქიზმის შესახებ.

ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის დოქტორის, დეკანოზ ალექსანდრ ფედოსეევის განმარტებით "განხეთქილებად იწოდება წმიდა ეკლესიასთან სრული ერთობის დარღვევა, თუმცა დოგმატებზე და საიდუმლოებებზე ჭეშმარიტი სწავლების შენარჩუნებით. მაგრამ ეკლესია არის ერთობა, ხოლო მისი ყოფიერება ქრისტესთან ერთობაში მოიაზრება: "რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად" (1 კორ. 12:13). (...) განხეთქილება კი არის განყოფა, განცალკეება, კრებითობის უარყოფა და დაკარგვა" (Доктор богословия и философии протоиерей Александр Федосеев. Раскол https://azbyka.ru/raskol-cerkovnyj)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 07.09.2020).

წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი (I ს.): "ნუ სცთებით ძმანო! რამეთუ უკუეთუ ვინმე განმბრძარველსა და განწვალებულსა ჭშმარიტებისაგან შეუდგეს, სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდროს" (მეექუსე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ფილადელფიელთა მიმართ. საქ. საეკლესიო კალენდარი. 1988 წ. გვ. 572).

წმ. კვიპრიანე კართაგენელი (III ს.): "მას, ვინც ეკლესიის ამ ერთიანობას არ იცავს, როგორ შეუძლია ეგონოს, რომ სარწმუნოებას იმარხავს?! ვინც წინ აღუდგება და უპირისპირდება ეკლესიას, რა იმედი უნდა ჰქონდეს მის წიაღში ყოფნისა?!" (მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი. "ეკლესიის ერთობის შესახებ".
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kvipriane_eklesiis-ertoba.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 07.09.2020).

მისივე: "ეკლესიისგან ყოველი განდგომილი ემსგავსება მემრუშე დედაკაცს, ეკლესიის აღთქმები მისთვის უცხო ხდება; ვინც ქრისტეს ეკლესიას მიატოვებს, დაკარგავს ქრისტეს მიერ მისთვის წინასწარ განკუთვნილ ჯილდოს. იგი ეკლესიისთვის ხდება უცხო, უხმარი, მტერი. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. ეკლესიას განშორებული კაცი მხოლოდ მაშინ შეძლებდა ცხონებას, ნოეს კიდობნის გარეთ დარჩენილთაგან ვინმე რომ გადარჩენილიყო. უფალი ასე შეგვაგონებს: რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (მთ. 12,30)".

მისივე: "ვინც სხვაგან, ეკლესიის გარეთ, შეკრებს, იგი განაბნევს ქრისტეს ეკლესიას".

მისივე: "ვერ ექნება მაცხოვრის სამოსი ქრისტეს ეკლესიის დამარღვეველს".

მისივე: "ქრისტეს ეკლესიის გარეთ თავშეყრილთ ნუთუ სჯერათ, რომ ქრისტე მათთან არის?

ასეთებმა თუნდაც თავს-იდვან რწმენის აღიარებისთვის სიკვდილი - მათ ლაქას სისხლიც ვერ ჩამორეცხს. განხეთქილების წარუხოცავ და მძიმე დანაშაულს ტანჯვაც ვერ განწმენდს. ვინც ეკლესიაში არ არის, მოწამე ვერ იქნება; ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს ის, ვინც მიატოვა ეკლესია, რომელიც თავად მეუფებს. ქრისტემ გვიბოძა მშვიდობა და გვიბრძანა, ვიცხოვროთ თანხმობითა და ერთსულოვნებით; მცნებად დაგვიდო, დაურღვევლად და მტკიცედ დავიცვათ ერთიანობა და სიყვარული - ის კი, ვინც არ დაიმარხა ძმათა სიყვარული, მოწამე ვერ იქნება".

მისივე: "ეკლესიის წინააღმდეგ ამხედრებული და უგულებელმყოფელი საღვთო განგებულებისა - არის საკურთხევლის მტერი, ქრისტეს მსხვერპლის უარმყოფელი, სარწმუნოების მოღალატე, ღვთისმსახურების მგმობი, ურჩი მონა, ურჯულო ძე, საძულველი ძმა. მან არად ჩააგდო ეპისკოპოსები, მიატოვა ღვთის მღვდლები, გაკადნიერდა და აღმართა სხვა საკურთხეველი, მიუღებელი სიტყვებით შეადგინა სხვა ლოცვა, მოჩვენებითი მსხვერპლშეწირვებით შებილწა უფლის ჭეშმარიტი მსხვერპლი; და არც უნდა შეისმინოს, რომ საღვთო წეს-განგების საწინააღმდეგოდ აღძრული უგუნური კადნიერებისთვის საღვთო განგებულებისამებრ დაისჯება კიდეც. მაგალითად, კორე, დათანი და აბირონი, რომლებიც წინ აღუდგნენ მოსესა და მღვდელ აარონს და მსხვერპლშეწირვის უფლების მითვისებას შეეცადნენ, მყისვე დაისაჯნენ თავიანთი საქციელისთვის: გაირღვა მიწა და ხახადაღებულმა უფსკრულმა ცოცხლად შთანთქა ისინი. ღვთის რისხვა მარტო შფოთის ამტეხთ როდი ეწია - უფლის ცეცხლმა დაუყოვნებლივ დაფერფლა იმავე უგუნურების ყველა მონაწილე, მიმდევარი და მათი თანამოაზრენი - სულ ორასორმოცდაათი კაცი (რიცხვ. 16). ღმერთმა ამით შეგვახსენა, რომ ურჯულოთა მიერ საღვთო წეს-განგების დასარღვევად თვითნებურად წამოწყებული ყველა მცდელობა ღვთის წინააღმდეგ არის მიმართული. ასე დაემართა მეფე ოზიასაც: როდესაც მან ხელთ აიღო საცეცხლური და საღვთო რჯულის საწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მსხვერპლშეწირვის უფლება, თანაც არ მოისურვა, დაეთმო და დამორჩილებოდა მღვდელ აზარიას, რომელიც უკრძალავდა ამის გაკეთებას, ღვთის რისხვა დაატყდა - შუბლზე კეთრი გაუჩნდა - შეურაცხყოფილმა ღმერთმა სხეულის იმ ნაწილზე დაასვა დაღი, რომელზედაც ღვთის სათნომყოფელს გამოესახება ხოლმე უფლის ნიშანი (2 ნეშტ. 26). ასევე დაისაჯნენ აარონის ძენიც, რომელთაც საკურთხეველზე გააჩაღეს უცხო ცეცხლი, რისი დანთებაც უფალმა აკრძალა - ისინი მყისვე დაიწვნენ შურისმაძიებელი ღმერთის წინაშე (ლევ. 10). ზუსტად მათ ბაძავენ და მიჰყვებიან ღვთის მცნებათა უგულებელმყოფელნი და უცხო მოძღვრებით გატაცებულნი ნერგავენ კაცთაგან შემოღებულ წესებს. უფალი თავის სახარებაში ასეთ ადამიანებს ამხელს და კიცხავს: "და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ" (მარკ. 7,8).

მისივე: "ეკლესიის მიღმა მყოფი სიკვდილის ფასადაც ვერ ეღირსება ეკლესიის ჯილდოს".

ნეტ. ავგუსტინე (IV ს.) ბრძანებდა: "ჩვენ გვწამს წმიდა და საყოველთაო ეკლესიის. მაგრამ მწვალებლები და სქიზმატიკოსებიც უწოდებენ თავიანთ თემებს ეკლესიას. თუმცა, მწვალებლები, არასწორად მსჯელობენ რა ღმერთზე, ამახინჯებენ თვით რწმენას, ხოლო სქიზმატიკოსები უსჯულო განყოფით განეშორებიან ძმურ სიყვარულს, თუმცა სწამთ იგივე, რაც ჩვენ. ამიტომაც, არც მწვალებლები ეკუთვნიან საყოველთაო ეკლესიას, რომელსაც ღმერთი უყვარს და არც სქიზმატიკოსები" (სარწმუნოების სიმბოლოს შესახებ. თ. X) (Блаженный Аврелий Августин. О Символе Веры. Глава X. Соборная (вселенская) Церковь. ჰტტპ://აზბყკა.რუ/ოტეცჰნიკ/Aვრელიჯ-Aვგუსტინ/ო-სიმვოლე-ვერყ/).

დიონისე ალექსანდრიელი (III ს.) ნავატუსის მიმართ ეპისტოლეში წერს: "როგორც ამბობ, თუ შენდა უნებურად წაგიყვანეს, დაამტკიცე ეს ნებაყოფლობითი დაბრუნებით. უმჯობესი იქნებოდა, ვნებულიყავ ყოველივესთვის, ოღონდ არ გაგეთიშა ეკლესია. არანაკლებ დიდებას მოგიტანდა მოწამეობა მისი ერთობისთვის, ისევე როგორც მოწამეობა კერპთაყვანისცემაზე უარის თქმის გამო; ჩემი აზრით კი მეტიც, რადგან უკანასკნელ შემთხვევაში ყოველი კაცი საკუთარი სულის გამო მოწამეობს, ხოლო პირველ შემთხვევაში - მთელი ეკლესიის გამო. ახლაც კი, თუკი დაარწმუნებ ძმებს ან ძალას დაატან, დაუბრუნდნენ ერთობას, შენი სიქველე შენს ბოროტებაზე უფრო მძლავრი აღმოჩნდება და ეს უკანასკნელი არც ჩაგეთვლება, ხოლო პირველი შექებული იქნება. მაგრამ, თუკი საძმოს დამორჩილებას ვერ შეძლებ, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, საკუთარი სული მაინც აცხოვნე" (Письмо к раскольнику Новату, Церковная История Евсевия Памфила, VI, 45. იხ. ასევე: ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. დიონისეს ეპისტოლე ნოვატუსის მიმართ. წიგნი VI, XLV. გამომც. "ახალი ივირონი". თბ. 2007 წ. გვ. 287-288).

წმ. ირინეოს ლიონელი (130-202): "ქრისტე განსჯის განხეთქილების მოქმედთ, რომელთაც არა აქვთ ღმრთის სიყვარული და უფრო საკუთარ გამორჩენაზე ფიქრობენ, ვიდრე ეკლესიის ერთობაზე, ხლეჩენ (რა) ქრისტეს ბრწყინვალე სხეულს შემთხვევითი და მცირე მიზეზების გამო..." (Св. Ириней Лионский. Пять книг против ересей. Книга четвертая Глава XXXIII. 7. С. Петербург. 1900. Репр. "Паломник" // "Благовест". 1996 г. Стр. 408).

ამრიგად, წმიდა მამათა სწავლებით, სქიზმა, ანუ განხეთქილება - ეს არის ღმრთისსაწინააღმდეგო საქმე, მიმართული ეკლესიის დაშლისა და დარღვევისკენ. მათ სწავლებაში ერთი სიტყვითაც კი არ მოიპოვება რაიმე ე. წ. "მაცხოვნებელი სქიზმის" შესახებ, რასაც ჩვენი მწვალებელი "პუბლიცისტი" ზ. ნოდია გვიჩიჩინებს.

რაც შეეხება უსჯულო და მწვალებელ იერარქთაგან გამოყოფილ მართლმორწმუნეთ, მათ წმიდა მამები "მაცხოვნებელ სქიზმატიკოსებს" ან "მაცხოვნებელ სქიზმას" კი არ უწოდებენ, არამედ ეკლესიას და სქიზმისაგან ეკლესიის დამცველთ. ამგვარ ქრისტეანებზე "დიდი სჯულისკანონი" სრულიად მკაფიოდ და ცალსახად ბრძანებს, რომ: "ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთ ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან" ("დიდი სჯულისკანონი". საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 375-376).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ წმ. კვიპრიანე კართაგენელი სიტყვაში "ეკლესიის ერთობის შესახებ" მწვალებელთაგან განშორებულ მართლმორწმუნეთაც ახსენებს და ბრძანებს: "აღმსარებელთა უდიდესი და საუკეთესო ნაწილი მტკიცედ იცავს სარწმუნოებას, უფლის რჯულსა და განაწესის ჭეშმარიტებას. ზურგს არ შეაქცევენ ეკლესიის მშვიდობას ისინი, რომელთაც ახსოვთ, რომ მათ ღვთის ნებით ეკლესიაში მიიღეს მადლი. ეს ადამიანები განეშორნენ მათ მუხანათობას, რომლებთანაც აერთიანებდათ აღმსარებლობა, და ამით გადაურჩნენ ცოდვით დასნეულებას, ამიტომაც მეტ შექებას იმსახურებენ თავიანთი რწმენისთვის. ისინი - სახარების ჭეშმარიტი ნათლით გაბრწყინებულნი, უფლის წმინდა და კაშკაშა ნათებით გასხივოსნებულნი, მათთან მბრძოლი ეშმაკის მძლეველნი - ისეთივე შექების ღირსნი არიან ქრისტეს მშვიდობის დაცვისთვისაც" (იქვე) (მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი. ეკლესიის ერთობის შესახებ. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kvipriane_eklesiis-ertoba.htm)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 07.09.2020).

მეტიც, კარგად თუ დავაკვირდებით სქიზმატიკოსების წმიდა მამათა მიერ მოცემულ დახასიათებას, ანუ იმას, თუ ვინ არიან, რა ვითარებაში მოქმედებენ და რას ისახავენ მიზნად სქიზმატიკოსები, კარგად შევამჩნევთ პატრიარქ ნიკონისა და მეფე ალექსი მიხეილის ძის მსგავსი სქიზმატიკოსების უტყუარ დახასიათებებს; და ეს დახასიათებები ზუსტად შეესაბამება არა მარტო მათ, არამედ მთელი სამი საუკუნის განმავლობაში ამ უკანონო რეფორმების გამტარებელ ახალმოწესე "მართლმადიდებელ" მღვდელმთავრებსა და "წმინდანებსაც", რომლებიც შეურაცმხყოფელ ეპითეტებს არ იშურებდნენ ძველი საეკლესიო გადმოცემების სალანძღავად და სერაფიმე საროველის მიბაძვით ირწმუნებოდნენ, თითქოსდა ორი თითით პირჯვრის გადამწერი ქრისტეანნი, რაგინდ მმარხველი და მლოცველები ყოფილიყვნენ, თავს მაინც ვერ იცხოვნებდნენ, რადგან მართლმადიდებლობა თურმე "არ ცნობდა პირჯვრისწერის ამგვარ (ორთითიან) სახეს" (Серафим (Чичагов), священномученик. Летопись Серафимо-Дивеевского монастыря. Глава XIV. Беседы отца Серафима с монашествующими и мирянами. https://predanie.ru/serafim-chichagov-svyaschennomuchenik/book/118459-letopis-serafimo-diveevskogo-monastyrya) (URL-ს მიმართვის თარიღი: 07.09.2020).

აღმოჩნდა კი პირიქით, ძველმორწმუნეთ კი არა, სერაფიმე საროველს და სხვა ე. წ. წმინდანებს არ ცოდნიათ ეკლესიის უძველესი გადმოცემები და დაუგმია კრებითი დადგენილებით დაცული უძველესი მართლმადიდებლური საეკლესიო წესი (ამის თაობაზე უკვე ითქვა წინამდებარე წიგნის მეორე ნაწილში, თავში "პირჯვრისწერის შესახებ"). აქედან გამომდინარე, სერაფიმე საროველი ძირძველი მართლმადიდებლური გადმოცემების მგმობარია და არა "წმინდანი". თუმცა ამის შესახებ - ცოტა მოგვიანებით.

წმ. კვიპრიანე კართაგენელი, როდესაც კორეს, დათანისა და აბირონის ქმედებას ახსენებს და მათ სქიზმატიკოსთა მოქმედებას უთანაბრებს, სრულიად მკაფიოდ ბრძანებს: "ღმერთმა ამით შეგვახსენა, რომ ურჯულოთა მიერ საღვთო წესგანგების დასარღვევად თვითნებურად წამოწყებული ყველა მცდელობა ღვთის წინააღმდეგ არის მიმართული. ... ზუსტად მათ ჰბაძავენ და მიჰყვებიან ღვთის მცნებათა უგულებელმყოფელნი და უცხო მოძღვრებით გატაცებულნი ნერგავენ კაცთაგან შემოღებულ წესებს. უფალი თავის სახარებაში ასეთ ადამიანებს ამხელს და კიცხავს: " და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ"" (მარკოზი 7:8) (ასევე, ზემოთ - წმ. კვიპრიანე კართაგენელი. "ეკლესიის ერთობის შესახებ").

ამრიგად, წმიდა მამებისთვის არ არსებობს "სქიზმის" ცნების დადებითი შინაარსი. სქიზმა არის ეკლესიის მტრობა. წმ. კვიპრიანეს თქმით, სქიზმატიკოსი ემსგავსება: "მემრუშე დედაკაცს", იგი ეკლესიისთვის ხდება "უცხო და უხმარი"... სქიზმის ლაქას "სისხლიც ვერ ჩამორეცხს განხეთქილების წარუხოცავ და მძიმე დანაშაულს ტანჯვაც ვერ განწმენდს"; სქიზმატიკოსი არის "საკურთხევლის მტერი, ქრისტეს მსხვერპლის უარმყოფელი, სარწმუნოების მოღალატე, ღვთისმსახურების მგმობი, ურჩი მონა, ურჯულო ძე, საძულველი ძმა". ამიტომაც, შეუძლებელია სქიზმის რაიმე "მაცხოვნებელი" ფორმა არსებობდეს, როგორც ამას "პუბლიცისტი" ზ. ნოდია "მჭევრმეტყველებს".

არსებობს კიდევ სხვა ღიმილისმომგვრელი და უცნაური სწავლებები ჩვენი "პუბლიცისტის" ნაშრომში (რად ღირს თუნდაც მისი მტკიცება, რომ "დიდი სჯულისკანონი - დოგმატიკაა"! (იქვე. გვ. 196, 217)), მაგრამ მათი სათითაო განხილვა, ჯერ ერთი, საკმაოდ შორს წაგვიყვანს და მეორეც, ჩვენს ძირითად თემას ჩამოგვაცილებს. ამიტომაც შემოვიფარგლებით მხოლოდ იმ ფაქტის კონსტატირებით, რომ აშკარაა ზ. ნოდიას აბსოლუტური გაუნათლებლობა როგორც სჯულის ასევე ეკლესიის შესახებ სწავლებებში. ზ. ნოდიას სწავლება "მაცხოვნებელი სქიზმის" შესახებ ადოგმატური და მწვალებლურია. ხოლო "დიდი სჯულისკანონის" დოგმატურობის შესახებ - პირდაპირ სასაცილო.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ზ. ნოდიას წარმოდგენა ქრისტეს ეკლესიაზე დიამეტრალურ წინააღმდეგობაშია მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიასთან და შეიცავს დოგმატურ ცთომილებას, რადგან:

1. ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლური დოგმატი ასწავლის, რომ ეკლესია არის განუყოფელი ორგანიზმი, რომელიც არც იხლიჩება და არც იყოფა, რადგან ის არის ქრისტეს მისტიკური სხეული, რომლის თავი არის თვით ქრისტე. შეიძლება ამ სხეულს გამოეყონ ცალკეული წევრები, მაგრამ თვით სხეული უვნები და მთლიანი რჩება. ამიტომაც ტერმინი "ეკლესიის განხეთქვა", "ეკლესიის გახლეჩა" დოგმატურად არაზუსტი ტერმინებია. მეტიც, სწავლება იმის შესახებ, რომ ეკლესია შეიძლება გაიხლიჩოს ან განსქდეს, აშკარა მწვალებლობაა და იმსახურებს ანათემას.

2. ძველმორწმუნე ქრისტეანებს არ "განუხეთქავთ" ეკლესია, პირიქით, მათ ის შეინარჩუნეს (შეად. ორგზისი კრების 15-ე კანონს. იხ. ასევე ქვემოთ). როგორც ეს ზემოთ უკვე ვაჩვენეთ და კვლავაც ვნახავთ, ეკლესიაში შფოთი და არეულობა შემოიტანეს პატრიარქმა ნიკონმა და მისმა მომხრეებმა (მათ შესახებ უფრო დაწვრილებით კიდევ ვილაპარაკებთ).

ზემოთ უკვე ვიხილეთ თუ როგორი კავშირი აქვს გადმოცემებს (წეს-ჩვეულებებს) დოგმატებთან, ვიხილეთ წმ. მამათა სწავლება და კრებათა განწესებანი ამ საკითხზე; ვიხილეთ თვით ნიკონიანური ეკლესიის დამოკიდებულებაც ამ საკითხთან, რომელიც ძველმორწმუნე ქრისტეანთა წეს-ჩვეულებებთან დამოკიდებულების მსგავსია. ასე რომ, ჩვენი ოპონენტის ზემოთ მოტანილი ბრალდება ძველმართლმადიდებელთა "სქიზმატურობის" შესახებ აბსურდია.

მეტიც, ზოგადსაეკლესიო და ჭეშმარიტად მართლმადიდებლურ სწავლებასთან დაუმორჩილებელი და შეუთანხმებელი თვით ახალმოწესეთა სქიზმატური კონფესია გახლავთ. თავად განსაჯეთ, საწეჩვეულებო გადმოცემებს "მეორეხარისხოვანი" ან "რეგიონული" მნიშვნელობა რომ ჰქონოდა, რაღა საჭირო გახდებოდა პატრიარქ ნიკონის რეფორმა, რომელიც მან 1654 წელს წამოიწყო საეკლესიო წესების უნიფიცირებისთვის, ანუ მიზნად ისახავდა საღვთისმსახურებო წიგნების შესწორებას, "კითხვა-სხვაობათა აღმოფხვრას და ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ერთიანი წესების შემოღებას" (იხ. ა. მინდიაშვილი. "მართლმადიდებლობის ზეიმი" (თბ. 1994 წ.); ასევე, "არქიმანდრიტი" რაფაელი. "საუბრები მართლმადიდებლობაზე" (თბ. 1994 წ.)?!

თვით 17-ე საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმატორ-უნიფიკატორებს არ მიუჩნევიათ საეკლესიო წესები "მეორეხარისხოვნად" და "უმნიშვნელოდ", რაც მათივე ქმედებით და ზემოთ დამოწმებული სიტყვებითაც დასტურდება; ან, თუკი საეკლესიო წესებს მხოლოდ "მეორეხარისხოვანი" და "რეგიონული" მნიშვნელობა აქვს, განა სამართლიანი არ არის ერთი რუსი ისტორიკოსის შენიშვნა, რომელიც ამასთან დაკავშირებით წერდა: "თუ წეს-ჩვეულება არ არის დოგმა და ეკლესია წეს-ჩვეულებებისგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების საწინააღმდეგოს არ შეიცავდეს რასმე; და თუკი თითოეულ ეროვნულ ეკლესიას ეძლევა კურთხევა თავისი საწესჩვეულებო თავისებურებებით იყოს გამორჩეული, რომელი უფლებითაც საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდა ჩვენი, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც; და თუკი ჩვენი ადგილობრივი საწესჩვეულებო თავისებურებები, არც ცალ-ცალკე და არც ერთად აღებული, მართლმადიდებლობის საწინააღმდეგოს არაფერს შეიცავს, ხოლო ორი თითით პირჯვრისწერის წესი - ამ თავისებურებათაგან უმთავრესი, უძველესი დროიდან თვით ბერძენთაგან მიგვიღია და შეგვითვისებია; მით უმეტეს, რომ პატრიარქ ნიკონამდე აღმოსავლელი მღვდელმთავარნი, რომლებიც ოდესმე სწვევიან რუსეთს, არასოდეს წუნობდნენ არც ორი თითით პირჯვრისწერას და რაც სხვა რომელიმე საეკლესიო ჩვეულებას თუ თავისებურებას; და თუკი ეს ასეა-მეთქი, გეკითხებით, რა უფლებით ან რის საფუძველზე, თანაც მაინცადამაინც პატრიარქ ნიკონის დროს დასჭირდათ ჩვენს სტუმრებს (იგულისხმებიან ის ბერძენი იერარქები, რომლებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს ნიკონზე და პრაქტიკული მონაწილეობა მიიღეს იმდროინდელ საეკლესიო რეფორმებში - არქიეპ. პ.) ამ თავისებურებათა დაწუნება და მათ გამო ჩვენი მოძულება? განა ჩვენს უდიდეს ეკლესიას არ ჰქონდა ან არა აქვს უფლება, დაიცვას საეკლესიო გადმოცემა იმ სახით, როგორი სახითაც ის თვით ბერძენთაგან მიუღია დასაბამიდანვე და დაიცვას ის მაშინ, როდესაც საკუთრივ საბერძნეთში ამ გადმოცემებს უკვე დიდი ცვლილებები განუცდია?" (В. Е. Макаров. К вопросу о причинах разделения русской церкви. Москва. 1911 г., стр. 69).

სწორედ აქ ლოგიკურად იბადება ასეთი კითხვაც: აქვთ თუ არა განდგომის (ან დაუმორჩილებლობის) უფლება მართლმადიდებელთ და რა შემთხვევაში ან ვის განუდგებიან ისინი? როდესაც განდგომაზეა ლაპარაკი, უნდა გვახსოვდეს, რომ განდგომის უფლება და შესაძლებლობა (ცხადია, ჯეროვანი გაფრთხილებების შემდეგ) გვაქვს ყოველთვის, როდესაც ეკლესიაში პირველიერარქთა (ეპისკოპოსთა, მთავარეპისკოპოსთა ან პატრიარქთა) მიერ ან მათი ხელშეწყობით მკვიდრდება მწვალებლობა.

კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების 15-ე კანონის თანახმად: "... ვინც ცოდვის მიზეზით (იგულისხმება ხორციელი ცოდვა. ხაზგასმა ყველგან ჩვენია - არქიეპ. პ.) თავის მღვდელმთავარს განუდგება, განხეთქილებას მოიმოქმედებს და ეკლესიის ერთობას დაარღვევს".

საღმრთო ჟამისწირვიდან მღვდელმთავრის ხსენების ამოღება ნებადართული არ არის ხორციელ ცოდვაში მისი მხილებისა და საეკლესიო კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე და მის საბოლოო დასჯამდე (იქვე). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების 15-ე კანონი მწვალებელ იერარქთან ლოცვით-ევქარისტული ერთობის შეჩერების უფლებას იძლევა საკრებო განჩინებამდეც" (იხ. "დიდი სჯულისკანონი". თბილისი. 1975 წ. გვ. 445. ასევე "საქ. საეკლესიო კალენდარი". 1987 წ. გვ. 376).

პატრიარქი თეოდორე ბალსამონი ამ კანონს ასეთ განმარტებას აძლევს: "თუ ვინმე თავის ეპისკოპოსს ან მიტროპოლიტს, ან პატრიარქს გამოეყოფა არა საბრალდებო საქმეთა (ამ სიტყვაში პატრიარქი ბალსამონი ხორციელ ცოდვებს გულისხმობს. იხ. Правила поместных соборов с толкованиями. Изд. Общества лух. Просвещения. Москва. 1911 г., стр. 387 - არქიეპ. პ.), არამედ მწვალებლობის გამო, რომელიც ეკლესიაში კადნიერად ასწავლის მართლმადიდებლობისთვის უცხო დოგმატებს და საქმის სრულ გამოძიებამდე, მით უფრო გამოძიების შემდეგ თავს განაშორებს, ანუ გამოეყოფა თავის წინამძღვარს, არათუ სასჯელს არ დაექვემდებარება, არამედ ჯეროვან პატივსაც კი იმსახურებს, რამეთუ ეპისკოპოსს კი არ გამოეყო, არამედ ცრუეპისკოპოსსა და ცრუ მოძღვარს - ქების ღირსია ამგვარი ქმედება, რამეთუ ეკლესიას კი არ განყოფს, არამედ იცავს მას განყოფისაგან და აკავებს განხეთქილებას. კეთილად განაწესებს კანონი, რომ ქებას იმსახურებენ ისინი, რომლებიც მწვალებლურ დოგმატთა მქადაგებელთა და განცხადებულ მწვალებელთ (კრებით) განკითხვამდე გამოეყოფიან" (Правила поместных соборов с толкованиями. Изд. Общества лух. Просвещения. Москва. 1911 г., стр. 387).

საინტერესოა ბალსამონის შემდეგი შენიშვნაც: "თუ პირველიერარქს მწვალებლობა უპყრია საიდუმლოდ, მერყეობს და არ ამჟღავნებს, განკითხვამდე მას არავინ უნდა გამოეყოს, რამეთუ შესაძლებელია საბოლოო განსჯამდე დატოვოს მწვალებლობა და კვლავ შეუერთდეს მართლმადიდებლობას" (იქვე. გვ. 388).

ამდენად, თუ მოძღვარი ან პირველიერარქი ჯიუტად არ იცავს თავის მწვალებლურ შეხედულებას, მერყეობს და მართლმადიდებლური აზრთაწყობისა და სწავლებისკენ მოქცევისა და დამკვიდრების იმედს ტოვებს, - ბალსამონის განმარტებით, - არ უნდა გამოვეყოთ მას, მითუმეტეს, თუკი ასეთი პირველიერარქი თავის შეხედულებებს ჯერ კიდევ საიდუმლოდ, გაუცხადებლად ატარებს (ანუ ამ შეხედულებებს ჯერ კიდევ არ მიუღია საჯარო ხასიათი), რამეთუ არ გვაქვს საფუძველი, საკითხის საბოლოო გამორკვევამდე ასეთ პირველიერარქს ჩამოვშორდეთ (ამის შესახებ იხ. აგრეთვე ეპ. პავლე "ვიდრე ხუალ, მორწმუნეო". თბილისი. 1999 წ. გვ. 84-85).

ამასვე ბრძანებს წმ. მოციქულთა 31-ე კანონი, რომლის თანახმადაც, "კლერიკოსებს უფლება აქვთ გამოეყონ თავიანთ ეპისკოპოსებს, თუკი მათ საეკლესიო სამსჯავროზე უკეთურებასა და უსამართლობაში ამხელენ, სხვა მიზეზით ამის გაკეთების უფლება არა აქვთ (იხ. მათე ბლასტარისი. "სინტაგმა". "სქიზმატიკოსთა შესახებ". Альфавитная синтагма Матфея Властаря. Москва. 1996 г., стр. 394), რამეთუ, "არ არის სამართლიანი მათი თანაზიარობისგან განდგომა მანამ, სანამ სასამართლო ჯეროვანი გამოძიების შემდეგ მას არ დაამხობს..." (ციტ. იქვე. გვ. 394).

ასევე განაწესებს კონსტანტინოპოლის ორგზისი კრებაც 13-ე კანონში: "როდესაც ვინმე პრესვიტერი ან დიაკვანი, ხორციელ ვნებებთან დაკავშირებული ბრალდებებით, ყოველგვარი უკეთურებისა და უსამართლობისგან გაუცხოებულ ეპისკოპოსს მოიძულებს და კრებით გამოძიებამდე საღმრთო ჟამისწირვაში მის სახელს არ აამაღლებს, ვბრძანებთ: დაემხოს ამდაგვარი და ყოველი სამღვდლო ხარისხისგან პატივაყრილი გახდეს" (იქვე. გვ. 395).

მაგრამ ეს განწესებები გულისხმობს იმგვარ შემთხვევებს, როდესაც საქმე ეხება იერარქთა ხორციელ ცოდვებს. რადგან შესაძლებელია, რომ პატიოსან იერარქებს უდანაშაულოდ დასწამონ ცილი ხორციელ ცოდვებში, რითიც შეიძლება ეშმაკს უდანაშაულო მოძღვართა წინააღმდეგ ერის ამხედრების შესაძლებლობა მიეცეს, ჯეროვანი გამოძიების, ცოდვის გამოაშკარავების, სამართლიანი მხილების, კრებითი განსჯა-გამოძიებისა და სამსჯავროს გარეშე მოძღვართა განკითხვა და მათთან ლოცვით-ევქარისტული კავშირის გაწყვეტა კატეგორიულად აკრძალულია, ხოლო ამ კანონის მოძალადეთ, როგორც სქიზმის მოქმედთ, სამღვდლო პატივაყრა ემუქრება.

სანამ ყოველივე ზემოთ ნათქვამს შევაჯამებდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია, შევეხოთ ეკლესიისგან გამოყოფის, ანუ სქიზმის ცნებასაც, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ასევე არასწორად განმარტავენ და, რადგანაც თვით ეკლესიის ცნებითაც არასწორად მანიპულირებენ (მაგალითად, ჩვენი ოპონენტები: ა. მინდიაშვილი, რაფაელ კარელინი და სხვები ეკლესიის ჭეშმარიტების კრიტერიუმად სახელმწიფოში მის გაბატონებას და გეოგრაფიულ განვრცობას მიიჩნევენ, რაც, სხვათა შორის, ოფიციალური, ნიკონიანურ-რეფორმატორული ეკლესიის სწავლებადაც კი წარმოგვიდგება მათ ნაშრომებში), ამიტომაც, ჯერ ის უნდა აღვნიშნოთ თუ რას ვგულისხმობთ ეკლესიის ცნებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეკლესიისგან გამოყოფა. აქვე ვიტყვით, რომ, რადგანაც ოპონენტები უფრო მეტად მათი ეკლესიის ავტორიტეტთა და მოძღვართა განმარტებებს ენდობიან, ჩვენც ხშირად დავეყრდნობით მათ. ძველი სლავების თქმისა არ იყოს "მტრის მოწმობა საუკეთესო დასტურია" (от враг свидетельство достоприятнейше суть).

ქრისტეს ეკლესიად იწოდება ქრისტეს მორწმუნე თავისუფალ და გონიერ ქმნილებათა, ანუ ანგელოზთა და ადამიანთა ერთობა, რომლებიც მასში (ანუ ქრისტეში), როგორც ერთიან თავში, არიან შეერთებულნი" (Догматическое богословие Макария. С. Петербург. 1857 г., репринт, т. 2, стр. 145). წმ. წერილში ეკლესია განმარტებულია, როგორც "გუამი" ქრისტესი (ეფეს. 1:23) "და იგი (ქრისტე) არს თავი გუამისა მის ეკლესიისაი..." (კოლას. 1:18).

სხვაგვარად, ეკლესია მოიცავს ქრისტეს აღმსარებელ ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, როდის ცხოვრობენ ან სად იმყოფებიან ისინი, ცოცხლები არიან თუ უკვე ამა ქვეყნიდან გარდასულნი. წმიდა მამები თავიანთ თხზულებებში არცთუ იშვიათად შენიშნავენ, რომ ქრისტეანული ეკლესიის სახელწოდების ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ არა მხოლოდ მაცხოვრის შემდეგ, არამედ მის განკაცებამდე დაბადებული მორწმუნენიც. ასე მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს მოციქულის სიტყვებს: "ერთ ხორც და ერთ სულ..." (ეფეს. 4:4) და კითხულობს: "მაშ, რა არის ერთი სხეული?.. ყველა ის მორწმუნე, ვისაც ოდესმე უცხოვრია სამყაროში, არსებობდნენ და იარსებებენ მომავალშიც. ასევე ისინიც, რომლებიც ქრისტეს მოსვლამდე ღმერთს სათნო-ეყვნენ, არიან ერთი სხეული. რატომ? იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ქრისტე" (ე. ი. იყვნენ ქრისტეს მორწმუნენი - არქიეპ. პ.) (Догматическое богословие Макария. С. Петербург. 1857 г., репринт, т. 2, стр. 146).

რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება ეკლესიის სრული რაობა, რამეთუ ის საკმაოდ ვრცელია და მოცულობითი. ამ საკითხს ჩვენ კიდევ შევეხებით წინამდებარე ნაშრომის მესამე ნაწილში, უბრალოდ, აქ ეკლესიის არსს, როგორც მორწმუნე ადამიანთა ერთობას, ხაზს იმიტომ ვუსვამთ (ეკლესიის წევრები არიან გარდაცვლილნი მართალნი და წმინდანები, ასევე, უფლის ნათელმოსილი წმიდა ანგელოზები), რომ სწორედ ისინი არიან მებრძოლი ეკლესიის წევრები, რომლის წიაღში ვითარდება ესა თუ ის სქიზმა ან მწვალებლობა და მრავალგვარი გაყოფა.

ამრიგად, სრულიად უეჭველი და ცხადია, რომ, როგორც ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრების 6-ე კანონის განმარტებაში ბრძანებს ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კანონისტი მათე ბლასტარისი, ეკლესია არის არა ტაძარი, არამედ მორწმუნეთა თავყრილობა (ერთობა); რამეთუ ტაძარი, წმიდა ისიდორე პელუსიელის (V ს.) თქმით, კერძოდ, "საეკლესიო შესაკრებელ ადგილს" უნდა ეწოდოს" (Альфавитная синтагма Матфея Властаря. Москва. 1996 г., стр. 396). ეს განმარტება თავის მხრივ სიტყვა-სიტყვით იმეორებს ღანგრის 6-ე კანონის ზონარასეულ განმარტებას (იხ. Правила поместных соборов с толкованиями. Изд. Общества лух. Просвещения. Москва. 1880 г., стр. 114).

ეკლესია - ეს არის მებრძოლი (ამქვეყნიური) და მოზეიმე (ზეციური) ეკლესიის ერთობა ქრისტეში. იგი ქრისტეს მისტიკური სხეულია და ამ სხეულის თავი არის სწორედ ქრისტე.

ამდენად, ეკლესიისგან გამოყოფა სწორედ ამ ცოცხალი ერთობისგან გამოყოფას ნიშნავს და არა ამა თუ იმ სახელმწიფოში გაბატონებული რომელიღაც მწვალებლური კონფესიისგან გამოცალკევებას. ამ შემთხვევისთვის უპრიანი იქნებოდა, გაგვეხსენებინა წმ. მარკოზ ეფესელის (1392-1444) სიტყვები, თქმული პაპისტთა მიმართ: "რამდენადაც განვეყოფი მათ, იმდენად მივუახლოვდები ჭეშმარიტებას".

ასე რომ, ეკლესია, წმ. მამათა თქმით, ტაძართა სიმრავლე ან, უფრო ზუსტად, კედლები და სახურავი კი არ არის, არამედ ქრისტეს მორწმუნეთა სჯულიერი ერთობა (წმ. ისიდორე პელუსიელი, წმ. იოანე ოქოროპირი, ღირ. ნიკონ ჩერნოგორელი). სწორედ ამაშია ეკლესიური ერთობის საიდუმლო.

ამრიგად, ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია, ხოლო ქრისტეანთა ერთობა ეკლესიის თავთან -ქრისტესთან ერთობაა. სწორედ ამ მისტიკური ერთობიდან გამოცალკევებაა სქიზმა, მიუხედავად იმისა, გაბატონებულ მდგომარეობას ინარჩუნებს ეს ეკლესია სახელმწიფოში თუ არა.

მაშასადამე, ქრისტესთან მისტიკურ ერთობას შესაძლებელია გამოეყოს ისეთი დაჯგუფება, რომელიც სახელმწიფოს მმართველთა დახმარებით ინარჩუნებს გაბატონებულ მდგომარეობას, ტაძრებს, საეკლესიო ქონებას, მაგრამ ეს ვითარება აბსოლუტურად არ უნარჩუნებს მას მისტიკურ ერთობას ქრისტესთან, რამეთუ, როგორც უკვე აღინიშნა, წმ. მამათა თქმით, ეკლესია ტაძართა სიმრავლე ან გაბატონებული მდგომარეობა კი არ არის, არამედ მართლმორწმუნეთა ქრისტეში ერთობა. ეკლესია არის იქ, სადაც შენარჩუნებულია ეს ერთობა; არ არსებობდა, არ არსებობს და არც იარსებებს ისეთი ვითარება, რომელიც შეძლებს მის აღმოფხვრას. ეკლესიის ისტორიაში ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესც ქრისტეანები უტაძროდაც კი დარჩენილან, მაგრამ არავის აზრადაც კი არ მოსვლია მათი გამოცხადება სქიზმატებად.

უტაძროდ დარჩენილ ქრისტეანებს ხვატსა თუ წვიმაში, დარსა თუ ავდარში ღია ცისქვეშ ულოციათ, მაგრამ ამის გამო ეკლესია მადლგაცლილად ან სქიზმატურად არავის შეურაცხავს. ეს ყოველივე კი მოწმობს, რომ ეკლესია, თუნდაც მას ყველა ტაძარი ჩამოართვან, მაინც ეკლესიად რჩება, რადგან ის, რაც ეკლესიად ჰყოფს შესაკრებელს - ღვთის მადლია, რომელიც სარწმუნოებრივ-სჯულიერი ერთობით განმტკიცებულ ოდენ ქრისტეს შვილებში ნარჩუნდება. ჭეშმარიტია ნათქვამი, რომ"ადგილი კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი ადგილს" და ეს განწესება დადგენილია იმ შემთხვევისთვის, როდესაც "ეკლესია (ე. ი. ტაძარი, შესაკრებელი ადგილი - არქიეპ. პ.) ურწმუნოებს (ან მწვალებლებს) უპყრიათ და იქ მისვლა არ შეიძლება" (წმ. მოციქულთა პეტრეს და პავლეს განწესებები. კანონი 9. "დიდი სჯულისკანონი". საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 176).

ასე რომ, თუ იერარქები ცდილობენ ეკლესიაში დაამკვიდრონ უღვთოება, მართლმადიდებელთ უფლება აქვთ, გამოეყონ მათ (მით უმეტეს, თუ მწვალებელთა მხარეს დგას ხელისუფლება და მთელი ძალაუფლებაც ხელთ უპყრიათ).

რუს მართლმადიდებელთაც, სანამ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი მოძღვრები ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ და არ ანგრევდნენ ძველ ღვთისმოსაობას, აზრადაც არ მოსვლიათ მათგან განდგომა, მაგრამ, როდესაც XVII ს-ის რუსეთში სამათხოვროდ ჩამოსულ და ავანტიურისტ ბერძენ იერარქთაგან შეგულიანებულმა მეფემ და ნიკონ პატრიარქმა წმ. სიძველეების დაშლა-დარღვევას მიჰყვეს ხელი, რაც უმნიშვნელოვანესია, შერაცხეს ისინი მწვალებლობად და ჭეშმარიტი სარწმუნოების დარღვევად, ძველმორწმუნენი არ დაეთანხმნენ ამ უღვთო წამოწყებას, რამაც ღმერთზე ამაოდ ამხედრებულები კიდევ უფრო გააცოფა.

რამდენიც უნდა ეძებონ, ჩვენი მოწინააღმდეგეები წმ. წიგნებში ვერ იპოვიან ისეთ მტკიცებას, თითქოსდა მართლმადიდებელ სამწყსოს არ ჰქონდეს უფლება, განუდგეს არა მართლიად მადიდებელ მოძღვართ. აი, რას გვასწავლიან მართლმადიდებელი წმიდა მამები: წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი (I-II ს.): "ნუ სცთებით ძმანო! რამეთუ უკუეთუ ვინმე განმბრძარველსა და განწვალებულსა ჭეშმარიტებისაგან შეუდგეს, სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდროს და უკუეთუ ვინმე ტყუვილისა მეტყუელსა ქადაგსა არა განეშოროს, გეჰენიასა შინა დაისაჯოს, რამეთუ არცა მწვალებელთა ჯერ არს შეერთებაი და არცა მართლმადიდებელთგან განშორებაი" (მეექუსე ეპისტოლე წმ. ეგნატისი. ფილადელფიელთა მიმართ. საქ. საეკლ. კალენდარი. 1988 წ. გვ. 972).

იგივე წმიდა მამა ბრძანებს: "და ეგრეთვე ყოველივე კაცი, რომელსა განკითხვაი და გულისხმისყოფაი ღმრთისაგან მიეღოს და ეგევითარი-იგი გამოუცდელსა მწყემსსა შეუდგეს და მტყუვარი ეჭვ, ვითარცა ჭეშმარიტი შეიწყნაროს, ვითარცა გამხრწნელი სულისა თვისისაი დაისაჯოს" (მეთერთმეტე ეპისტოლე წმ. ეგნატისი. ეფესელთა მიმარტ. ციტ. იქვე. გვ. 616).

წმ. იოანე ოქროპირი: "უმეთაურობა ყველგან ბოროტებაა, მრავალ უბედურებათა მიზეზია, უწესივრობისა და არეულობის საწყისია, განსაკუთრებით ეკლესიაში, რადგან მით მეტად საშიშია იგი, რაც მეტია და მაღალია მეთაურობის უფლებები. თუმც არანაკლები ბოროტებაა ხელქვეითთა დაუმორჩილებლობაც, რამეთუ იმისგანაც იგივე უბედურება წარმოიშვება... მაგრამ, - იტყვის ზოგიერთი, - არის მესამე ბოროტებაც, როდესაც მეთაური არის უვარგისი. ვიცი ეს არცთუ მცირედი ბოროტებაა და უმეთაურობაზე უმეტესიც კი არის, ამიტომაც უმჯობესია, უმეთაუროდ (ე. ი. ეპისკოპოსის გარეშე - არქიეპ. პ.) დარჩე, ვიდრე გმართავდეს ცუდი მეთაური. პირველ შემთხვევაში ერი ვარდება განსაცდელში, ზოგჯერ ცხონდება კიდეც, უკანასკნელ შემთხვევაში კი გამუდმებულ განსაცდელშია და მიექანება უფსკრულისკენ" (Св. Иоанн Златоуст. Беседа 34 на посл. К евреям).

თვით მაცხოვარს, ეკლესიის დამფუძნებელს, მოძღვართა (ეპისკოპოსთა) ბრმა და განურჩეველი მორჩილება კი არ უბრძანებია ჩვენთვის, არამედ მართალი მოძღვრების სწავლებით, მათდამი მონიჭებული მშვიდობის, სიყვარულისა და მცნებათა განუხრელი დაცვით განსაზღვრა თუ ვის უნდა ვმორჩილებდეთ და ვის არა. მწვალებელთადმი მორჩილება მას არ უბრძანებია! პირიქით, თუკი მოძღვარნი ზემოთ ხსენებულ პირობათა საწინააღმდეგოდ წარმართავენ მათდამი მობარებული ერის ცხოვრებას, მაშინ ერიდეთო ბრძანა, რამეთუ "მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ" (მათე 7:15) და ასეთ დარიგებას გვაძლევს: "და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა" (მათე 5:30).

წმ. ათანასე დიდი ამ სიტყვებს ასე განმარტავს: "უცთომელი და მაცხოვნებელი გზით მავალნო, განვაგდოთ ჩვენგან თვალი მაცდური, მაგრამ არა გრძნობისმიერი, არამედ გონისმიერი; ასე მაგალითად, თუკი ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, როგორც თვალნი ეკლესიისა, უკეთურად ცხოვრობენ და ერს აცთუნებენ, ჯერ არს მათი განგდება, რამეთუ უმჯობეს არს მათ გარეშე შევიკრიბოთ სალოცავ სახლში, ვიდრე მათთან ერთად, ვითარცა ანასთან და კაიაფასთან ერთად შთავცვივდეთ ცეცხლის გეჰენაში" (Часть 4, стр. 479. Творения св. Афанасия Александрийского, т. 4. Москва 1994 г. Из бесед на Евангелие от Матфея, гл. 5, стр. 429).

საკუთრივ განხეთქილებისთვის კი უნდა ითქვას, რომ სიტყვით "განხეთქილება" აღინიშნება დავა ან უთანხმოება, რომელიც ქრისტეს მიერ ბოძებული მშვიდობისა და სიყვარულის უკმარობისაგან მომდინარეობს. მაგრამ მშვიდობა და სიყვარული მაცხოვარს ჩვენთვის უპირობოდ არ უბოძებია, არამედ ასე ბრძანა: "მშვიდობას დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქუენ" (იაონე 14:27). და კიდევ: "... ჩემ თანა მშვიდობაი გაქუნდეს" (იოანე 16:33). ხოლო სიყვარულის შესახებ ასე ბრძანებდა: "უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა" (იოანე 15:10). ამიტომაც ქრისტეანენი ვალდებულნი არიან ერთმანეთში ჰქონდეთ ქრისტეს სიყვარული, ხოლო ქრისტეს მშვიდობა ჩვენში იქნება მანამ, სანამ განუხრელად შევასრულებთ მის მცნებებს.

მაგრამ, თუკი ქრისტეს მოყვარულად ვერ ჩაითვლება მის მცნებათა დამრღვევი, მაშინ ცხადია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავადაც არღვევს მათ და სხვებსაც ქრისტეს მცნებათა დარღვევისკენ უბიძგებს, ქრისტეანთა სულების წარწყმედას ესწრაფვის, შეუძლებელია იწოდებოდეს ქრისტესმიერ ძმად და დაუშვებელია მისი შეყვარება, რამეთუ ამგვარი შემთხვევისთვის ქრისტე ბრძანებს: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშKდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშKდობისა, არამედ მახKლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თKსისა და ასული - დედისაგან თKსისა და სძალი – დედამთილისაგან თKსისა და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თკსნი" (მათე 34-36).

აი, როგორ განმარტავს ამ სიტყვებს ეკლესია: "ერთობა ყოველთვის კი არ არის სიკეთე, ზოგჯერ განყოფაც სიკეთეა; არც მშვიდობაა ყოველთვის საქები, ბევრჯერ ისეც ხდება, რომ მშვიდობას ზიანი მოაქვს და საღმრთო სიყვარულს განიშორებს; როდესაც ჭეშმარიტების საზიანოდ ვერთდებით, დიდად ვცოდავთ და არა ჯეროვან არს. ამგვარი მშვიდობის მოსაცემად არ მოსულა ქრისტე, არამედ, პირიქით, თუ ეს სიკეთისთვის არის საჭირო, ურთიერთგანყოფასაც კი გვიბრძანებს. არა ყოველი მშვიდობა და ერთობაა სიკეთე, არამედ ისეც ხდება, რომ ზოგჯერ დავა და განყოფა უდიდესი და საღმრთო საქმეა. ნურავინ შეიყვარებს მზაკვართ და ნურც მშვიდობას იქონიებს მათთან. არამედ, მამაც რომ იყოს ან დედა, ან შვილი, ან ძმა, თუ ქრისტეს სჯულს მტრობენ, შეეწინააღმდეგე მათ, როგორც მტრებს ჭეშმარიტებისა" (Толковое Евангелие в неделю всех святых).

აი, როგორ განმარტავს წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.) ჩვენი უფლისა და მაცხოვრის სიტყვებს: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა, ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა" (მათე 10:34): "... მაშ, როგორღა ამცნებდა მათ (მოციქულებს - არქიეპ. პ.) მიეგოთ მშვიდობა ყოველი სახლისთვის, რომელსაც ესტუმრებოდნენ? ან რატომ გალობდნენ ანგელოზნი "დიდება მაღალთ შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშვიდობა" (ლუკა 2:14)?

რატომღა გვახარებდა ყველა წინასწარმეტყველი იმავეს? იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მაშინ ისადგურებს მშვიდობა, როდესაც დასნებოვნებული მოიკვეთება, როდესაც მტრული განიოტება. მხოლოდ ამგვარად შეიძლება ცისა და მიწის შეერთება. რამეთუ თვით მკურნალიც ხომ მაშინ კურნავს სხეულის ნაწილებს, როდესაც მას უკურნებელ ასოებს მოჰკვეთს. მსგავსადვე იქცევა მხერდართმთავარიც, როდესაც არღვევს შეთქმულთა მზაკვარებას და ასე ამყარებს მშვიდობას. ასე იყო ენათა აღრევის დროსაც, მაშინ კეთილი უთანხმოებით დაირღვა ბოროტეული მშვიდობა. პავლემაც განხეთქილება ჩათესა მის წინააღმდეგ ამხედრებულთა შორის (საქმე 23:6), ხოლო ნაბოთეს წინააღმდეგ ერთობა ხომ ყოველგვარი ომზე უარესი გახლდათ (3 მეფ. 21)?!

ყოველთვის კარგი როდია თანამოაზრეობა; ზოგჯერ ყაჩაღებიც კი ერთიანდებიან. ასე რომ, ეს ბრძოლა ქრისტეს განსაზღვრებამ კი არ გამოიწვია, ასეთი იყო კაცთა ნება. თვით ქრისტეს ენება, ადამიანები ერთიანნი და თანხმიერნი ყოფილიყვნენ ღვთისმოსაობაში, მაგრამ, რადგანაც ადამიანები განეყვნენ ერთმანეთს (მათ შორის) ბრძოლაც წარმოიშვა...

"როდესაც განიკვეთება უარესი, ზეცა უკეთესს შეუერთდება..." ამიტომაც არ კმაყოფილდება ამ გამონათქვამით და განგვიმარტავს თვით სახესაც კი ამ ბრძოლისა, რითაც აჩვენებს შინაომების მთელ სიმძიმეს და ბრძანებს: "რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა" (მათე 10:35). არა მხოლოდ მეგობრები და თანამოქალაქენი აუმხედრდებიანო ერთმანეთს, არამედ "მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი" (მათე 10:36). ანუ, ბრძოლა იქნება არა მხოლოდ შინაურებს შორის, არამედ მათ შორისაც, რომელთაც ჭეშმარიტი სიყვარული აკავშირებს და შეკრულნი არიან მჭიდრო (ნათესაური) კავშირებით" (Полное собр. Твор. Св. Иоанна Златоуста в 12 томах, т. VII, кн. 1, изд. Св. Иоанн Златоуст. Беседа 35. Москва. 2000, стр. 383-385).  

კლიმენტი ალექსანდრიელის (II-III სს.) განმარტების მიხედვით, როდესაც სახარების მიერ გვემცნო: "რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა" (ლუკა 14:26), არ უნდა შევცბუნდეთ, რამეთუ მათდამი სიძულვილს კი არ გვამცნებს ღმერთი მშვიდობისა, რომელმაც მტერთა შეყვარებაც კი გვიბრძანა... არამედ, თუ ვინმეს ჰყავს უკეთური მამა ან ძე, რომელიც შეიძლება დამაბრკოლებელი შეიქმნეს სარწმუნოებისა და ზეციური ცხოვრების მსურველთათვის, მათთან არ შეიძლება თანხმიერნი და თანამოაზრენი ვიყვნეთ, ვალდებულნი ვართ ამ სულიერი მტრობის გამო გავწყვიტოთ ხორციელი კავშირებიც კი.

დავუშვათ, ყოველივე ეს სადავოა, მაგრამ, აი, მოდის შენთან შენი (ხორციელი) მამა და გეუბნება: "მე გაგაჩინე და გაგზარდე; აწ ჩემი ისმინე და ერთად აღვასრულოთ ეს უკეთური საქმე; ხოლო ქრისტეს სჯული უგულებელყავ". სხვას ვერაფერს გეტყვის ღმრთისმგმობი და ბუნებით მკვდარი, სულით მკვდარი და ქრისტეში ჯერ კიდევ არმცხოვრები (შეად. ეფეს. 2:1-3). მეორე მხრივ კი, გესმის მაცხოვრისა, რომელიც გეუბნება: "ადამიანო, ამქვეყნად უბედურებისა და სიკვდილისთვის დაბადებულო, გაგათავისუფლე, განგკურნე, გამოგისყიდე და სიცოცხლე მოგეცი, გიჩვენებ ღმრთის პირს, სახიერ (კეთილ - არქიეპ. პ.) მამას. ნუ მოუწოდებ მიწიერ მამას, მიანებე მკვდრებს დამარხონ თავიანთი მკვდრები, ხოლო შენ მე გამომყევი. შეგიყვან ნეტარებაში, მიგაახლებ გამოუთქმელ და გაუგონარ სიმდიდრეს, რომელიც არავის თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და არ გაუვლია კაცს გულში (შეად. 1 კორ. 2:9) და რისი წვდომა სურთ თვით ანგელოზებს (1 პეტრე 1:12), რაც განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ (1 კორ. 2:9).

როგორც შენი დამპურებელი, საზრდელად საკუთარ თავს გაძლევ (იგულისხმება წმ. ევქარისტია - არქიეპ. პ.), დღემდე უკვდავების წყაროთი გარწყულებ, ვარ შენთვის ზეციური სწავლების მოძღვარი. შენთვის გავიბრძოლე თვით სიკვდილამდე და განვიცადე იგი შენი ცოდვებისთვის, რომლითაც მოწყლულ იქმენ ადრე ჩადენილი ცოდვისა და ღმრთისადმი ორგულობისთვის. და აჰა, გესმის რა ორივე მხრიდან ასეთი სიტყვები, მიიღე გადაწყვეტილება შენდა სასიკეთოდ, მიემხრე იმ ხმას, რომელიც ცხოვრებისკენ მოგიწოდებს და თუ ძმაც იმავეს გპირდება, ან ძე, ან ცოლი, ან სხვა ვინმე, დე, მათი მძლეველი შენში იყო შენთვის მებრძოლი ქრისტე" (Св. Климент Александрийский. "Кто из богатых спасется", гл. 22, 23. Калуга. 2000 г., стр. 30-31).

ეკლესიის სიწმიდე, მისი საყოველთაოობა და მართლმადიდებლურობა მაშინ ნარჩუნდება, როდესაც მასში დაცულია წმ. სამოციქულო გადმოცემა და სხვადასხვა ვითარებაში, ზემოთ ხსენებულ პირობათა დაცვით ეკლესია მწვალებელთა თანაზიარობისგან თავს განარიდებს, რამეთუ, როგორც წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს: "მის მიერ იესოს ღმრთეების წილმიმღებნი ვხდებით, ზიარებად კი ითქმის და არის კიდეც ჭეშმარიტად, რადგან, ერთი მხრივ, მის მიერ ქრისტეს ვეზიარებით ჩვენ და წილმქონე ვხდებით მისი ხორცისა და ღმრთეებისა, მეორე მხრივ კი, მის მიერვე ვეზიარებით და ვუერთდებით ურთიერთსაც, რადგან, ვართ რა ერთი პურის წილმიმღებნი, ყველანი ქრისტეს ერთი სხეული, ერთი სისხლი და ურთიერთის ასოები ვხდებით, ქრისტეს თანამესხეულეებად წარმოჩენილნი. ამიტომ, მთელი ძალით ვეკრძალოთ, რომ არ მივიღოთ ზიარება მწვალებელთაგან, არცთუ მივცეთ მათ, რადგან უფალმა თქვა: "არ მისცეთ ძაღლებს სიწმინდეები, არც დაყაროთ თქვენი მარგალიტები ღორების წინა" (მათე 7,6), რათა არ გავხდვთ წილმქონე ბოროტმადიდებლობისა და იმათი სასჯელისა.

მართლაც, თუ ზიარება უეჭველად არის შეერთება ქრისტესთან და ურთიერთთან, მაშ, უეჭველადვე ყველას, ჩვენთან ერთად თანაწილმიმღებს, არჩევანისამებრ ვუერთდებით, რადგან ეს შეერთება არჩევანის მიერ ხდება…" (წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეექვსე. უფლის წმინდა და უბიწო საიდუმლოთა შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/86.htm).

ამიტომ არის, რომ წმ. მამები კატეგორიულად ითხოვენ მწვალებლებთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტას, როგორც ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XII ს. ) ბრძანებს: "არის შემთხვევები, როდესაც განყოფაც კარგია" ("მახარობელი". მათეს სახარება 10:34-36).

ამდენად, ზემოთ ჩამოყალიბებული საეკლესიო სწავლების საფუძველზე, სრულიად სამართლიანად მოქცეულან ძველმორწმუნენი, როდესაც არ დაემორჩილნენ პატრიარქ ნიკონის მიერ შემოთავაზებულ, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხო სიახლეებს; არ დაეთანხმნენ სრულიად მართლმადიდებლურ გადმოცემათა და წეს-ჩვეულებათა გმობასა და მწვალებლობად მათ გამოცხადებას და გამოეყვნენ მას, როგორც საეკლესიო რეფორმატორსა და ნოვატორს, მართლმადიდებლობის მგმობელ ერეტიკოს მოძღვარს".
4
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому