აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I - პრეისტორია - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

წინამდებარე დავის პრეისტორია

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექტნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

წინამდებარე დავის პრეისტორია

ამ რამდენიმე წლის წინათ ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის ადეპტთა საიტზე Church.ge, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელთა შორის გაიმართა პოლემიკა სხვადასხვა საეკლესიო თემებზე. პოლემიკა და, საერთოდ, ამ საიტზე ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელთა შესვლა განპირობებული იყო იმ უსამართლო და ცილისმწამებლური კამპანიით, რომელსაც ოფიციალური მართლმადიდებლობა აგერ უკვე მეორე ათწლეულია პრესით, რადიო- ტელევიზიითა და ახლა უკვე ინტერნეტწყაროებით აწარმოებს.

ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესია თავგამოდებით იყენებდა მისთვის სახელმწიფოს მიერ ბოძებულ ყოველ საშუალებას, რათა წინ აღდგომოდა ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას და ხელს უშლიდა ქართველ ძველმორწმუნეებს ქართულ პრესაში გამოექვეყნებინათ ლიტურგიკულ და ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებული პუბლიკაციები ან გაევრცელებინათ საკუთარი რელიგიური გაზეთები ("ღვთიური გზა", "აღდეგინ ღმერთი" და "მართლმადიდებელი"). ასევე გვიკრძალავდნენ ტაძრის მშენებლობას და ხელს გვიშლიდნენ რელიგიური თემის რეგისტრირებაში.

მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლებიმა -  მცოდნეთა თუ უმეცართ, - ყველამ, ჩვენი ეკლესიის, მისი კონკრეტული წევრების და, საზოგადოდ, მთელი ძველმართლმადიდებლობის ლანძღვას მიჰყო ხელი. მეტიც, მათ ოფიციალურ "მიმოქცევაში" შემოიტანეს და ქართულ საზოგადოებაში დაამკვიდრეს ძველმართლმადიდებლობის აღმნიშვნელი რუსული "სტაროვერი", რითაც მოსახლეობას ქართველ ძველმართლმადიდებელთა ვითომცდა არაქართულობაზე, არაეკლესიურობაზე და მის ვიწროეროვნულ (რუსულ) წარმომავლობაზე მიანიშნეს.   

მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ძველმართლმადიდებელმა ქრისტეანებმა მაინც მოახერხეს გარკვეული პუბლიკაციების გავრცელება და საზოგადოების ცნობიერებამდე არსებული რელიგიური პრობლემატიკის მიტანა. ამან ოფიციალური "მართლმადიდებლობის" მესვეურნი ძლიერ შეაშფოთა. ყოველი აკრძალვა თუ შეურაცხმყოფელი გამოხდომა "სტაროვერების" წინააღმდეგ, რომელსაც ქართველი ძველმართლმადიდებლები ქართული პრესისა და საკუთარი გამოცემების საშუალებით წარმატებულ პასუხებს სცემდნენ, საზოგადოების ჯეროვან ყურადღებას იპყრობდა და მრავალ შეკითხვას უჩენდა. ცხადია, ეს ყოველივე "საეკლესიო ოფიციოზისთვის" ერთობ არასასურველი იყო. მათდა სამწუხაროდ, "სტაროვერების" წინააღმდეგ ეს უთანასწორო ბრძოლა საზოგადოებას სწორედ ძველმართლმადიდებელთადმი სიმპათიითა და ინტერესით განაწყობდა. საპატრიარქოს არაკორექტულმა ადმინისტრაციულმა მეთოდებმა სასურველი შედეგები ვერ გამოიღო.

იმდროინდელი "მღვდელ-დეპუტატის", არჩილ მინდიაშვილის, ასევე იმდროინდელი მღვდლის (ამჟამად ეპისკოპოსის) გიორგი გამრეკელის, არქიმანდრიტ რაფაელისა და სხვა მრავალი წიგნიერი თუ უწიგნური "სპეციალისტის" საეკლესიო-პოლემიკურ ასპარეზზე წერილობითმა გამოსვლამ, ოფიციალური მართლმადიდებლობის ბნელი და არაკანონიკური მხარეები კიდევ უფრო გამოააშკარავა. საპატრიარქო მიხვდა, რომ მისი "ქვეითი" ძალები ვერაფერს ხდებოდნენ ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ, საჭირო იყო "მძიმე არტილერიის" გამოყენება, ანუ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მანქანის მთელი ძალით ამოქმედება და მორწმუნე საზოგადოების თვალში ძველმართლმადიდებელთა საბოლოო იდეოლოგიური დასამარება. ამ მიზნის განსახორციელებლად ოფიციალური ეკლესიის საპატრიარქომ საქმეში თავისი მთავარი იდეოლოგ- პროპაგანდისტი, დახელოვნებული სოფისტი და იმ წლებში სასულიერო აკადემიის პატრისტიკის განყოფილების ლექტორი, ედიშერ ჭელიძე ჩართო.

ედიშერ ჭელიძემ ძველმართლმადიდებელთა "სამხილებლად" გამოსცა წიგნი სახელწოდებით "ეკლესია - სძალი უფლისა" (თბილისი 1990 წ.). საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ამ ნაშრომით ის ძველმართლმადიდებლობის, როგორც რელიგიური მოვლენის განხილვას, მისი წარმოშობის მიზეზებისა და ობიექტური ვითარებების დადგენას კი არ შეეცადა, არამედ მიზნად დაისახა ქართველი ძველმართლმადიდებლების პუბლიკაციებში არსებული უზუსტობების "დაჭერა" და მათი "თითზე დახვევა". სიმართლე უნდა ითქვას, ოფიციალური საპატრიარქოსადმი ფანატიკურად განწყობილი ბრბოს წიაღში ე. ჭელიძემ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია და თავისი გაქლესილი იდეოლოგიით საზოგადოება კვლავ ძველმართლმადიდებელთა საწინააღმდეგოდ განაწყო. ოფიციალურმა საპატრიარქომ მცირედით "ამოისუნთქა", თუმცა უკვე გახმოვანებულმა ჭეშმარიტებებმა საზოგადოების საგრძნობი ნაწილი ძველმართლმადიდებლობისკენ მაინც მიახედა.

ამ მოვლენების პარალელურად, ოფიციალურ საპატრიარქოს სხვა თავსატეხიც უჩნდება: ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გაწევრიანებისა და მწვალებლებთან აღვირახსნილი ურთიერთობების გამო, რაც ქართულ ტაძრებში ერეტიკოსთა უპრაგონო შეშვებასა და უპასუხისმგებლო ზიარებებში გამოიხატებოდა, ოფიციალურ ეკლესიაში მძლავრმა საპროტესტო მოძრაობამ იფეთქა (რად ღირს თუნდაც ჩვენი ყოფილი ოპონენტის, აწ განსვენებული გ. გაბაშვილის გახმაურებული პუბლიკაცია სათაურით: "პატრიარქ ილია II- ს სულიერი მოღვაწეობა დიდი სჯულისკანონის ფონზე". რელიგიური ალმანახი "ივერიის გაბრწყინება". 1995 წელი, 27 აპრილი).

გაბატონებულ მართლმადიდებელ ეკლესიას რამდენიმე მონასტერი და სასულიერო პირი აუმხედრდა, რომელთაგან ზოგიერთმა მოგვიანებით გაწყვიტა კიდევაც მასთან ევქარისტული ურთიერთობა.

საზოგადოებას გაუჩნდა ეჭვი ოფიციალური ეკლესიის "უცთომელობასა" და "სიწმიდეში". ერთი მხრივ, ძველმართლმადიდებელთა და მეორე მხრივ, გაბატონებული ეკლესიის წიაღშივე გაჩენილ მოწინააღმდეგეთა მხრიდან "ოფიციოზის" მიმართ საეკლესიო სამართლის მივიწყებული ძეგლით, "დიდი სჯულისკანონით" აპელირებამ გამოიწვია ის, რომ ქართული საზოგადოება საეკლესიო საკითხების უკვე კანონიკური და სწავლა- მოძღვრებითი მხარითაც დაინტერესდა.

ძველმართლმადიდებელთა ადმინისტრაციულ-იდეოლოგიური შევიწროვება იქამდე მივიდა, რომ იმ დროს თბილისში ფრიად მომრავლებულ ქუჩაში მოვაჭრეებს ძველმართლმადიდებელთა გაზეთების გაყიდვა-გავრცელება აუკრძალეს. ამ პროცესს ხელს უშლიდნენ როგორც ფანატიკოსი "პატრიარქისტები", ასევე ამავე ეკლესიის სასულიერო პირებიც.

ამ პერიოდში (ეს XX საუკუნის 80-90-იანი წლებია) საქართველოში ნელ-ნელა ფეხს იდგამს ინტერნეტი. ეს ის დროა, როდესაც კომპიუტერი მასობრივად ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია. მაგრამ, როგორც ეს ყოველი ტექნიკური სიახლეების დანერგვას მოსდევს ხოლმე, კომპიუტერული ტექნიკაც გაიაფდა და ინტერნეტიც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. გაიხსნა საინფორმაციო საიტები, საზოგადოებამ ყურადღება გაზეთების გამყიდველებიდან ინტერნეტსივრცეს მიაპყრო.

ამ პროცესს ხელი შეუწყო სოციალური ქსელების, უპირველეს ყოვლისა, Fაცებოოკ-ის პოპულარობამაც და ოფიციალური საპატრიარქოს იდეოლოგიურ ტერორიზმს საფუძვლები შეერყა. ამიერიდან, ინტერნეტის საჯაროობისა და ინტერაქტივობის წყალობით, ბუნებრივად დაირღვა ყველა ამკრძალავი ბარიერი, რაც კი საპატრიარქოს შეეძლო ოფიციალური საშუალებებით აღემართა. ის პირისპირ დარჩა თავის ოპონენტებთან, რომელთაც ადმინისტრაციული ღონისძიებებით უკვე ვეღარ დაუპირისპირდებოდა. აქედან გამომდინარე ინტერნეტსივრცის ათვისებას საპატრიარქოც შეუდგა.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინტერნეტრესურსია საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებული ზემოთ ხსენებული საიტი ცჰურცჰ.გე (ასე იმიტომ ვამბობთ, რომ ამ საიტს საპატრიარქოს ოფიციალური სასულიერო პირები მეთვალყურეობენ). ამიერიდან ბრძოლამ ოფიციალური საპატრიარქოს "კანონიერების" დასაცავად უკვე ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა.

იმ დროს ფინანსური და ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერის) არქონის გამო ინტერნეტში ინტენსიური მუშაობის შესაძლებლობა არ გაგვაჩნდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მეტ- ნაკლებად მოგვარდა და ძველმართლმადიდებელთა აქტივობამაც საგამომცემლო სფეროდან ინტერნეტსფეროში გადაინაცვლა, სადაც საპატრიარქოს ადეპტების მხრიდან მთელი ძალისხმევით მიმდინარეობდა ქართველი "სტაროვერების" განქიქება. ამგვარი იდეოლოგიური ბრძოლის საპასუხოდ ჯერ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი (წწწ.ოლდორტჰოდოხ.გე) შეიქმნა, შემდეგ კი გადაწყდა, შექმნილიყო პროექტი, რომელიც გამოვიდოდა "ძველმართლმადიდებლის" საზოგადო სახელით და ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს პასუხს გასცემდა. გამომდინარე აქედან, ჩვენი ეკლესიის წევრები დარეგისტრირდნენ არა მარტო ცჰურცჰ.გე-ს, არამედ ოფიციალური საპატრიარქოს მომხრეთა სხვა საიტებზეც; თუმცა მთავარი პოლემიკური პაექრობა სწორედ ხსენებული ფორუმის სივრცეში გაიმართა.

ამ მოვლენებსა და ინტერნეტფორუმ ცჰურცჰ.გე-ს ფუნქციას ასე დეტალურად იმიტომ ვეხებით, რომ საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ამ ფორუმზე გამართულმა ჩვენმა პოლემიკამ მასში მონაწილე ზოგიერთი წევრი ძლიერ გააღიზიანა. პოლემიკაში განვიხილავდით ნათლობის, პირჯვრისწერის, საეკლესიო რეფორმისა და სხვა წვრილმან თუ მსხვილმან პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პოლემიკამ თანდათან წარმოაჩინა, რომ ჩვენს ოპონენტებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ზოგიერთ საკითხზე. მაგალითად, არ იცოდნენ, რომ ორი თითით პირჯვრისწერა ძველად, საქართველოშიაც გამოიყენებოდა. ბევრი ვიკამათეთ ნათლისღების შესახებაც, რომლის გარშემო დავამ კულმინაციას მიაღწია. ბოლოს ფორუმ ცჰურცჰ.გე-ს ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა (კერძოდ, ვინმე "აფხაზმა") გვამცნო, რომ ე. ჭელიძე ახალ პასუხს გვიმზადებდა. "აფხაზი" გვწერდა: "... როგორც ვიცი მალე ბატონი ედიშერი უფრო ვრცლად აპირებს აღნიშნულ საკითხზე სტატიის დაწერას. ამიტომ დაველოდოთ. თუმცა ეს ყოველივე მათთვის იქნება სასარგებლო, ვინც გულწრფელია, მაგრამ ვინც წინასწარ უკვე კატეგორიულადაა განწყობილი, ცხადია, აზრი არა აქვს".

http://church.ge/index.php?showtopic=8307&st=180


მოკლედ, ხსენებული ფორუმის მესვეურების ამ არაორაზროვანი მინიშნებით, ჩვენ "არაგულწრფელნი" და "წინასწარ კატეგორიული განწყობილებებით" დამუხტული ადამიანები ვყოფილვართ. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეეფერება და წინამდებარე ნაშრომში შევეცდებით ნათელი მოვფინოთ ამ ჭეშმარიტებას, ვაჩვენოთ, თუ რის გამო უარვყოფთ ასეთი კატეგორიულობით მათ (უფრო სწორად, ე. ჭელიძის) "არგუმენტაციას".

საიტ Church.ge-ს ადმინისტრატორთა და სხვა მრავალ "ანტისტაროვერთა" გასახარად, ე. ჭელიძემ 2012 წელს გამოსცა წიგნი სახელწოდებით: "სული - ცხოველი", რომელიც ძირითადად ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ არის მიმართული. ძირითადადო იმიტომ ვამბობთ, რომ ამ 584-გვერდიან წიგნში ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ პრობლემატიკას (მრავალმიმრქმელობა, სასულიერო პირთა მიმრქმელობა და ერთი ნათლიის, ანუ ერთი მიმრქმელის მიერ სულიერ შვილთა ნათლისღებისმიერი ურთიერთნათესაობა) თუ 108 გვერდი ეთმობა, დანარჩენი 476 გვერდი "ანტისტაროვერულ" "კვლევას" ეძღვნება. მაგრამ კვლევაც არის და კვლევაც... იმას, რასაც ე. ჭელიძე აკეთებს ამ თავისი "მეცნიერული" ნაშრომის გვერდებზე, არაფერი აკავშირებს ჭეშმარიტ მეცნიერებასთან, თეოლოგიასთან და ეკლესიურ კვლევასთან. ეს არის ელემენტარული და იაფფასიანი სოფისტიკა, რომელიც ამოფარებულია "წყაროთმცოდნეობის" საფარველს და ლიტურგიკულ-ისტორიულ წყაროთა კვლევის სათნო ნიღაბს.

ე. ჭელიძე, ისევე როგორც თავის პირველ "ანტისტაროვერულ" ნაშრომში "ეკლესია -  სძალი უფლისა", აქაც პრობლემატიკას ზოგადსაეკლესიო ჭრილში კი არ განიხილავს, არამედ ფეხდაფეხ მისდევს კონკრეტულ ოპონენტთა მსჯელობას და ცდილობს მათ ტერმინოლოგიურ თუ სხვა სახის უზუსტობებში გამოჭერას, რასაც შემდეგ ადვილად იყენებს კონკრეტული ოპონენტებისა და მთელი ძველმართლმადიდებლობის განსაქიქებლად.

აქ მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ე.ჭელიძის წიგნი "სული ცხოველი" გამოიცემოდა, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ფორუმებზე გაჩაღებული პოლემიკების შემდეგ გადავწყვიტეთ, დავა-კამათი მეტად აღარავისთან გაგვემართა (თუ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვექნებოდა საქმე), რადგან, ჯერ ერთი, დიალოგები ინტერნეტში უმეტესწილად ონლაინ, ანუ პირდაპირი ლაპარაკის რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც ვერ უზრუნველყოფდა წყაროთა სიზუსტეს, ხოლო პოლემიკის ემოციურობიდან და საპატრიარქოს ადეპტებში დიალოგის კულტურის არქონიდან გამომდინარე - კორექტულობასაც.

დავრწმუნდით, რომ პოლემიკაში შესვლა მხოლოდ განათლებულ, ზრდილობიან და სიმართლის მიმღებ ადამიანებთან თუ შეიძლება. პროფ. ედიშერ ჭელიძის "ფანკლუბთან" და ოფიციალური ეკლესიის იდეოლოგიის თვალდახუჭულ დამცველებთან ამის გაკეთება ყოვლად შეუძლებელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ჩვენი პოლემიკური სტრატეგია და უფრო ლიტურგიკული და ისტორიული წყაროების შესწავლა-გამოქვეყნებისთვის მიგვემართა იდეით: საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ჩვენს პრობლემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული და ლიტურგიკული წყაროები, რომლებიც ნათელს მოჰფენდა სადავო საკითხს და დაინტერესებულ პირებს მათ აღქმასა და შესწავლას გაუადვილებდა.

ბუნებრივია, რომ საკუთარი თავის განათლებასაც იმავე პრინციპებით ვუდგებით და უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ ასეთ ობიექტურ მასალას. საბოლოო და გადაწყვეტილი არაფერია, საღვთისმეტყველო-მეცნიერულ და ლიტურგიკულ კვლევას მრავალი ბუნდოვანი საკითხის გაშუქება და შესაბამისად, შტატუს Qუო-ს შეცვლაც შეუძლია. სწორედ ამიტომაც არც გვიფიქრია, გავცნობოდით ე. ჭელიძის 2012 წელს გამოცემულ წიგნს "სული ცხოველი"  და მთელი ჩვენი დრო და ენერგია ეკლესიის ისტორიისა და სხვადასხვა ლიტურგიკულ-თეოლოგიური საკითხის შესწავლას მივუძღვენით.

მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგჯერ დგება ისეთი განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც აუცილებელი ხდება პოლემიკაში ჩაბმა და მოწინააღმდეგისთვის ჩვენი სასოების განმარტება. 2014 წლის ივნისის თვეში სულიერმა შვილებმა მომმართეს თხოვნით, კომენტარი გამეკეთებინა ე. ჭელიძის ნაშრომზე "სული - ცხოველი", რადგან სხვადასხვა ადგილას გამართულ პოლემიკებში ოპონენტები თითქმის ყოველთვის, როდესაც ძველმართლმადიდებელთა არგუმენტებს ვერ პასუხობენ, ისინი ე. ჭელიძის ან ერთ ("ეკლესია - სძალი უფლისა") ან მეორე ("სული - ცხოველი") ნაშრომს იმოწმებენ და მის ნააზრევს ეყრდნობიან. თვით ე. ჭელიძეც თავის ნაშრომში "სული - ცხოველი" ერთგან ირონიით შენიშნავს, რომ, სანამ მის მიერ დასმულ საკითხებს "ძველები" (ე. ჭელიძის ტერმინია - არქიეპ. პ.) პასუხს გასცემდნენ, "საუკუნეობით მოუწევთ ლოდინი" (შეად. ე. ჭელიძე. "სული - ცხოველი". თბილისი 2012. გვ. 439).

რადგან ასეა, და შესაძლოა ზოგიერთმა ე. ჭელიძის მორიგი ანტიძველმართლმადიდებლური გამოხდომისადმი ჩვენი დუმილი ე. ჭელიძის სიმართლედ და ჩვენს გამტყუნებად აღიქვას, ხოლო თვით ე. ჭელიძე იმდენად არის დარწმუნებული თავისი პოზიციის სიმართლეში და აქედან გამომდინარე, გათამამებულიც, რომ სჯერა, მისთვის პასუხის გაცემას "საუკუნეებს მოვანდომებთ", გადავწყვიტეთ, ჩაგვეხედა ე. ჭელიძის ახალ, 584 გვერდიან წიგნში და მასში გამოფენილ იდეებთან და ბრალდებებთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულება გამოგვეთქვა.

<<<

2

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика