აპოლოგეტიკა - ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო_9 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
ძველმართლმადიდებლური ლიტურგია


9. ვისწავლოთ სწორი აზროვნება

მეტად მნიშვნელოვან ეკლესიოლოგიურ და ლიტერატურულ საკითხებზე სერიოზული მსჯელობის ნაცვლად ოპონენტები გვთავაზობენ პასკვილს, რომელიც იაფფასიან ბულვარულ გაზეთს უფრო მოუხდება ვიდრე სერიოზულ საღვთისმეტყველო ჟურნალს.

საკუთარი უმეცრებითა და ღვარძლით შეზარხოშებულ ოპონენტებს ძირითადი, სადავო პრობლემებიდან მკითხველის ყურადღება ხშირად არაფრისმთქმელ წვრილმანებზე გადააქვთ და ირონიითა და სარკაზმით ცდილობენ მის “გართობას”. “გასართობად” კი ამჯერად მოუნიშნავთ ჩვენს ბიულეტენში დაბეჭდილი მეუფე იონას წერილი “შური, ამპარტავნება და უმეცრება” (იხ. დანართი 3). ამ წერილის დაბეჭდვით, “ივერიის გაბრწყინების” რედკოლეგიისა და მათი “იმამის” აზრით, “გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგვიდენია, რომელიც ლამის “ერესს” ემიჯნება. რადგანაც ოპონენტთა შეხედულებით, ეპისკოპოს იონას წერილი საკუთარი “მწვალებლური წიგნის აპოლოგიაა”, მათთვის თურმე “ყოველივე ცხადი გამხდარა”: “ოპონენტები (ე.ი. ჩვენ – არქიეპ. პ.) ვერ ელევიან თავიანთი ბელადის მწვალებლურ ნაცოდვილარს, რის გამოც კვლავ მისი თანაზიარნი რჩებიან” (“ივერიის გაბრწყინება” #5 (26) 1998 წ. გვ. 14 სვ. 3). “ივერიის გაბრწყინების” რედაქციას მიაჩნია, რომ “მწვალებლური წერილის დაბეჭდვით მეწინავედ და უკომენტაროდ “ძველმართლმადიდებელთა” “საეკლესიო” ბეჭდვით ორგანოში, მათ სრულ ერთაზრობაზეა მიმანიშნებელი უდავოდ!” (ხაზგასმები ავტორისაა – არქიეპ. პ.) (იქვე გვ12 სვ.2).

მეუფე იონას წერილის ჩვენს ბიულეტენში გადმობეჭდვასთან დაკავშირებით “მართლმადიდებლის” მე-5 ნომერშივე მკითხველს მივაწოდეთ არგუმენტირებული მტკიცება (იხ. დანართი 2, გვ. 101-102), რომელსაც ოპონენტები რატომღაც “არანორმალურ (?) არგუმენტს” უწოდებენ და ასეთ კომენტარს ურთავენ: “ცხადია, რომ მას (ე.ი. მე, ეპისკოპოს პავლეს – არქიეპ. პ.) მაცდური აბიაბრუებს და “ემღერება”... ბატონი “პავლეს” კალმიდან აშკარად ეშმაკი “წრიპინებს” – წინააღმდეგ შემთხვევაში, რით აიხსნება ის არაადამიანური ლოგიკა (ხაზგასმა ჩვენია – არქიეპ.პ.), რომლის მიხედვითაც “... ოპონენტთა პრეტენზია მაშინ იქნებოდა მართებული, პირველიერარქთან ევქარისტული კავშირი გაწყვეტილი რომ მქონოდა ?..”

ოპონენტების აზრით: “თუ ნებისმიერ ჭკუათმყოფელს დაეკითხებით (ალბათ, აქ მათი მსგავსი “ჭკუის კოლოფები” იგულისხმება – არქიეპ.პ.), ის მოგიგებთ, რომ ოპონენტთა (ე.ი. “ივერიის გაბრწყინების” – არქიეპ.პ.) პრეტენზია სწორედ ახლაა სამართლიანი, რაკი თქვენს “პირველიერარქთან” ლოცვით კავშირში იმყოფებით, ანუ როდესაც თქვენ ჩახავასთან ერთობაში მყოფი უკომენტაროდ ბეჭდავთ მისეულ აპოლოგიას მწვალებლობისა, - ეს იმას ნიშნავს, რომ იზიარებთ და თანაუგრძნობთ აღნიშნულ პოზიციას! ჩახავასთან კავშირში, რომ არ ყოფილიყავით და ასეთ ვითარებაში დაგებეჭდათ მისი წერილი, ეს ფაქტი ნეიტრალური მკითხველის მხრიდან აღიქმებოდა ვითარცა პოლემიკა ხორავასა და ჩახავას შორის, მსგავსად თქვენი და ჩვენი სარედაქციო წერილებისა “ივერიის გაბრწყინების” 24-ე ნომერში: მაგრამ ხორავასა და ჩახავას შორის არსებული მისტიური ერთობის ფონზე პირველის მიერ მეორეის მწვალებლური წერილის დაეჭდვა მეწინავედ და უკომენტაროდ “ძველმართლმადიდებელთა” “საეკლესიო” ბეჭდვით ორგანოში – მათ სრულ ერთაზრობაზეა მიმანიშნებელი უდავოდ! (ხაზგასმები ავტორისაა – არქიეპ. პ.) (“ივერიის გაბრწყინება” # 6 (27) 1998 წ. გვ. 12 სვ. 1, 2).

არ ვიცი, რა შთაბეჭდილება რჩება ზემოთ მოტანილი “კომენტარებიდან” მკითხველს, მაგრამ მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტეანს, ჩემი ოპონენტები ცირკის ტაკიმასხარებად მესახება, რომელთა ხელობაც სეირის მოყვარე მაცქერალთა გართობაა! ალბათ, ახერხებენ კიდეც ამას თავიანთ გულშემატკივრებში, ოღონდაც, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ვერ ამჩნევენ, თავად ეშმაკი როგორ ერთობა მათ ზურგს უკან!
იმის გამო, რომ ოპონენტები ჩვენს მსჯელობას “არაადამიანურ ლოგიკად” და “დემონისმიერ გენობადაბნელებად” თვლიან, აუცილებლად და საჭიროდ მივიჩნევთ თვით ლოგიკის ცნების განმარტებას. მითუმეტეს, ერთგან ოპონენტები საგნების, ცნებების და კატეგორიების სრულ ურთიერთაღრევასაც გვაბრალებენ.

ლოგიკური აზროვნება (ან მსჯელობა) – ეს იგივე სწორი აზროვნებაა, ხოლო ლოგიკურია აზროვნება მაშინ, თუ მოცემული დებულებიდან აუცილებლობით არის გამოყვანილი ახალი დებულება. სანამ ოპონენტების მიერ “არაადამიანური” და “დემონური გონებადაბენებით” შერაცხილ ჩვენს მსჯელობას მივუბრუნდებოდეთ, აქვე ზოგიერთი ფილოსოფიური ტერმინის განმარტებაც გავიხსენოთ, რათა განსახილველი მასალის ლოგიკურობის კრიტერიუმები დადგინდეს.

ცნობილია, რომ “როგორც ჩვეულებრივი, ისე განსაკუთრებით მეცნიერული მსჯელობის დროს, ადამიანი წინასწარ წამოაყენებს რაიმე აზრს და შემდეგ შეეცდება, იგი გაამართლოს: როგორ მოხდა ეს და ეს? რა იყო ამის მიზეზი? როგორ ავხსნათ ეს? ასეთი კითხვები დგება მეცნიერთა წინაშე ყოველდღიურად.”*(ვ. ქვაჩახია “ფილოსოფიის შესავალი” თბილისი 1983 წ. გვ. 63).

“დებულება მაშინ ითვლება დასაბუთებულად, როდესაც იგი გამომდინარეობს (გამოყვანილია) ისეთი დებულებიდან, რომელთა ჭეშმარიტებაში არ ვეჭვდებით...” ანუ “დასაბუთება არის დებულების ჭეშმარიტების გამართლება”. ეს კი ყოველთვის დასკვნის ფორმაშია მოცემული. დასაბუთების მთელ პროცესს – თეზისის არგუმენტებით გამართლებას – დემონსტრაცია ეწოდება. ჩვენთან მიმართებაში ოპონენტების დემონსტრაცია ყალბია, რასაც ქვემოთ ვაჩვენებთ!
ოპონენტთა დემონსტრაცია რომ უარვყოთ, ჯერ თავიანთი თეზისების მცდარობა უნდა დავუმტკიცოთ. ამისი განხორციელება შეიძლება სხვადასხვაგვარად.
შეიძლება დავამტკიცოთ მცდარობა არგუმენტისა, რომლითაც მოცემული თეზისი იყო დასაბუთებული.

ვაჩვენოთ არასწორი კავშირი აზრებს შორის - ე.ი. დასკვნის წესების დარღვევა (ე.ი. თუ დებულების ჭეშმარიტება, რომლიდანაც გამოყვანილია სხვა დებულება, არ დადასტურდება – არქიეპ.პ.).
შეიძლება პირდაპირ მოვიტანოთ საბუთები, რომლებიც მოცემული თეზისის მცდარობას ამტკიცებენ (იქვე გვ. 81).

ამრიგად, რადგანაც დასაბუთებაში სამი ნაიწლია, შეცდომებიც სამივე ნაწილში – თეზისში, საფუძველშივე და არგუმენტაციაშია საძიებელი.

შეცდომები თეზისში მაშინ გვაქვს, როდესაც იმ თეზისის ნაცვლად, რომელიც უნდა დაგვესაბუთებინა, სხვა თეზისი ავიღეთ. არ არის გამორიცხული, რომ დასამტკიცებელი თეზისი უნებლიეთ კი არა, წინასწარი განზრახვით შეცვალონ. ამას განსაკუთრებულად არაკეთილსინდისიერად დავაში იქმან და მას ეწოდება თეზისის იგნორირება (Ignoratio elechi). როდესაც ნამდვილი თეზისი იგნორირებულია (ნებით თუ უნებლიეთ) და საბუთები მოტანილია ამ თეზისის შემცველი, გარკვეული ნიშნებით მიმსგავსებული თეზისის სასარგებლოდ, შემდგომ მსჯელობაში ყველაფერი სწორადაც რომ აიგოს, მასში უკვე თავიდანვეა დაშვებული არსებითი ხასიათის შეცდომა, - არ ვასაბუთებთ იმას, რისი დასაბუთებაც იყო საჭირო.

საფუძველში შეცდომა მრავალგვარია, აქედან უმთავრესია: ა) მცდარი მსჯელობის გამოყენება საფუძვლად – ამას მცდარი საფუძვლის შეცდომა ეწოდება. არაიშვიათია შემთხვევა (რაც კარგად ჩანს ჩვენი ოპონენტების მსჯელობაში – არქიეპ.პ.), როდესაც ან შეცდომით, ან წინასწარ განზრახვით მოჰყავთ მცდარი საბუთი იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა, იგი ვერ შეამჩნიონ და დასაბუთება მისაღებად მიიჩნიონ. ბ) წრე დასაბუთებაში შეცდომას წარმოადგენს და მისი არსი ისაა, რომ რაიმე X თეზისი საბუთდება Y საფუძვლით, ხოლო როდესაც Y ჭეშმარიტების დამტკიცებას გვთხოვენ, მიმართავენ X-ს.

დასაბუთებაში შეცდომების მესამე სახეა შეცდომები არგუმენტაციაში – ე.ი. თუკი საფუძვლები და თეზისი, სხვა სიტყვებით, წინამძღვრები და დასკვნები ერთმანეთთან სწორად არ არის დაკავშირებული. ძნელი არაა შევამჩნიოთ, რომ ყველა ეს შეცდომა იგივე იქნება, რა შეცდომებიც დასკვნის პროცესში იყო. *(იხ. ვ. ქვაჩახია “ფილოსოფიის საფუძვლები” თბილისი 1993 წ. გვ. 81-82).

სწორი ან ლოგიკური აზროვნება ემყარება გარკვეულ კანონებს. ტრადიციულ ფორმალურ ლოგიკაში დადგენილი იყო აზროვნების ოთხი კანონი:

1) იგივეობის, 2) წინააღმდეგობის შეუძლებლობის, 3) გამორიცხული მესამის და 4) საკმაოდ საფუძვლის კანონები.

1. იგივეობის კანონის მოთხოვნა იმაშია, რომ, თუ გარკვეული მსჯელობის, აზრთა მსვლელობის დროს ცნებას გამოვიყენებთ, იგი იმავე (იგივეობრივი) მნიშვნელობისა უნდა იყოს აზრთა მთელი მსვლელობისას.
2. წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონის მოთხოვნაა, რომ სწორ აზროვნებაში გამორიცხული უნდა იყოს წინააღმდეგობა (ვთქვათ, საგანზე ერთ შემთხვევაში დავაფიქსიროთ რაიმე ნიშანი, სხვა შემთხვევაში (სხვა დროს) კი მასზე ყურადღება აღარ გავამახვილოთ; მაგალითად, მსჯელობაში დავუშვათ აზრი, რომ ამა და ამ მიზეზის ან ნიშნის გამო ადამიანი არის ერეტიკოსი, ხოლო სხვა ადამიანი ზუსტად იგივე მიზეზის ან ნიშნის გამო ერეტიკოსი არ არის – არქიეპ.პ.).
წინააღმდეგობებისგან თავისუფალი აზროვნება, სწორი, ლოგიკური, მით უფრო მეცნიერული აზროვნების ერთ-ერთი პირობაა – ასეთია ამ კანონის არსი.

3. გამორიცხული მესამის კანონი გვიჩვენებს, რომ თუ გვაქვს ორი ერთმანეთის საპირისპირო მსჯელობა, მათგან ან ერთია ჭეშმარიტი, ან მეორე; მესამე გამორიცხულია.

4. რაც შეეხება მეოთხე – საკმაო საფუძვლის კანონს – იგი მოითხოვს, რომ ყოველ აზრს ჰქონდეს საკმაო საფუძველი. რომლისგანაც ის აუცილებლად გამომდინარეობს, ამის გამო ამბობენ, და სრულიად სამართლიანად, რომ ეს კანონი საერთოდ ლოგიკური აზროვნების არსის ბუნების გამოთქმაა და რაიმე სპეციფიკურ კანონს არ წარმოადგენს.

“მოკლედ... ასეთი იყო ძველი ფორმალური ლოგიკის მიერ დადგენილი წესები და კანონები და ეს სწორია თანამედროვე ლოგიკის მიმართაც”. (იქვე. 82-86).

ახლა კი ამ კანონებისა და წესების გამოყენებით შევუდგეთ ოპონენტთა მიერ ჩვენდამი წამოყენებული “სამხილების” განჩხრეკას და გავარკვიოთ, “ვინ ვინ არის”.

რადგანაც ჩვენი და ოპონენტების მსჯელობანი უერთიერთგამომრიცხავია, აუცილებლობა მოითხოვს ლოგიკის გამორიცხული მესამე კანონის დამტკიცებას, რომელიც ადგენს, რომ “ორი ურთიერთდაპირისპირებული მსჯელობიდან ერთ-ერთი აუცილებლად ჭეშმარიტია, მესამე გამორიცხულია!”

თავიანთი ფანტასტიკური ბრალდებების საფუძვლად ოპონენტებმა შეიმუშავეს ასეთი დებულება: რადგანაც “... წიგნს აქვს პრეტენზია, რომ იგი არის საბოლოო ქადაგება მსოფლიოში სახარებისა, (!) ოპონენტთა აზრით “რა უნდა ვაკეთოთ” – ეს არის ... “ულტრააპოკრიფული სახარება”, ხოლო მსგავს ლიტერატურას მართლმადიდებლური ეკლესია მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში კი არ ასწორებდა, არამედ მთლიანობაში გმობდა (ხაზგასმა ყველგან ჩვენია – არქიეპ.პ.) და ანადგურებდა!... თქვენი პირველიერარქისეული თხზულება – გვწერენ ოპონენტები – ულტრააპოკრიფული “სახარებაა” შემდეგი მიზეზების გამო: ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი მურთაზ ჩახავა, იმყოფება რა უმძიმეს რელიგიურ ხიბლში, საკუთარ თავს რაცხს “წმ. იოანე ღვთისმეტყველად” (?), ან – “წმ. იოანე ღვთისმეტყველის მისიის მატარებელ აპოკალიფსური ჟამის ქრისტეს მოციქულად, რომელმაც წმ. ილია და წმ. ენოქ წინასწარმეტყველებთან ერთად, უნდა უქადაგოს ქრისტიანობა ღვთისგან განდგომილ ბოლო დროის კაცობრიობას და ამხილოს დიდი ანტიქრისტე. სწორედ ამ ბოლო ქადაგების კონტექსტში დაწერა მან თხზულება, სათაურით – “რა უნდა ვაკეთოთ” და თავისი ეს ესქატოლოგიური გულისნაღები წიგნს ეპიგრაფადაც კი წაუმძღვარა: “და აჰა, აწ იქმნეს წიგნი ესე ქადაგებად სახარებისა ბოლოი, მღვიძარებად მიძინებულ სოფლისა და სუმევად ყოველთა წყალნატრულთა!”... ბატონმა მურთაზ ჩახავამ თავი ქრისტეს მეორედ მოსვლის მახარებლად და მსოფლიო მოძღვრად გამოაცხადა: “მეორედ მოსვლის უწინარეს, მცირედსა ჟამსა განსრულებისასა გამოჩნდეს კაცი ვინმე კეთილი (ე.ი. მურთაზ ჩახავა – რედ.), დაჰმოძღვროს ქვეყანაი (ხაზგასმა ჩვენი – “ივ. გაბრწყინების” რედ.) და მაშინ კეთილნი გზაზე დადგებიან” (“რა უნდა ვაკეთოთ” გვ.5). თუკი ბატონი მურთაზ ჩახავა თვითმარქვია მახარებელია, მაშინ ისიც უნდა აღიაროთ, რომ “რა უნდა ვაკეთოთ” ულტრააპოკრიფული “სახარებაა”, რომლის გასწორებაც ახალ გამოცემაში შეუძლებელია. რაკი ის თავიდან ბოლომდე შეთხზულია (ხაზგასმა ჩვენია – არქიეპ. პ.) ხიბლისმიერი სულისკვეთებით და მასში ყოველი სიტყვა დემონური ოცნებითაა გამსჭვალული და თუ ეს ასეა, მაშინ თქვენი პირველიერარქისეული ოპუსი უნდა უარყოფილ იქნას მთლიანობაში, უპირობოდ, საერთო წესისდა მიხედვით, როგორც იგმობოდა აქამდე წმ. წერილის აპოკრიფული წიგნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩავთვლით, რომ იგი თქვენს მიერ შეწყნარებულია, ხოლო “აპოკრიფული სახარების” შევსებული და შესწორებული გამოცემა ალბათ, დაგვეთანხმებით რბილად, რომ ვთქვათ, უცნაურად ჟღერს”. *(“ივერიის გაბრწყინება” #3 (24) 1998 წ. გვ. 17. სვ. 2 და #4 (25) 1998 წ. გვ. 12 სვ. 2-3).

ოპონენტთა ამ დასკვნას დაეფუძნა ბრალდებაც ჩემს მიმართ, რომლის თანახმადაც: “ის არასრული გამიჯვნაც კი (ხსენებული წიგნისგან – არქიეპ.პ.), რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თქვენ სრულიად განაქარვეთ, როდესაც თქვენივე სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარეობითა და ლოცვა-კურთხევით გამომავალ ბიულეტენში დაბეჭდეთ მეწინავედ ბატონ მურთაზ ჩახავას წერილი სათაურით: “შური, მზვაობრობა და უმეცრება!”... სადაც იგი “ეშვებით იცავს” თავის ულტრააპოკრიფულ “სახარებას”. *(იქვე გვ. 13 სვ. 1).

ოპონენტები ამ აზრს იმეორებენ ბიულეტენის მე-6 (27) ნომერშიც, სადაც წერენ: “მწვალებლური წერილის დაბეჭდვა მეწინავედ და უკომენტაროდ” “ძველმართლმადიდებელთა” “საეკლესიო” ბეჭდვით ორგანოში, მათ (ე.ი. ჩემსა და ეპ. იონას – არქიეპ.პ.) სრულ ერთაზრობაზეა მიმანიშნებელი უდავოდ” (გვ. 12 სვ. 2) ვფიქრობთ, ნათლად ვაჩვენეთ ოპონენტების ის დებულება, რომელიც მათი მსჯელობის შემდგომი, ლოგიკური განვითარების საფუძველია. მისგან არის გამოყვანილი ჩვენი “ერეტიკულობის” საბოლოო დასკვნაც.

იმის წარმოსაჩენად არის თუ არა სწორი და ლოგიკის კანონების შესაბამისი ოპონენტთა მსჯელობა თავიდანვე გვმართებს, გავარკვიოთ, რამდენად სწორად არის მოწოდებული საფუძვლის (ჩვენს შემთხვევაში “ულტრააპოკრიფული სახარების” (ცნება) განმარტება, რათა შემდგომ გავარკვიოთ, სწორია თუ არა ამ შეხედულებაზე აგებული დებულების დანასკვი (რაც შეეხება ეპისკოპოს იონას განცხადებას “მსოფლიო მოძღვრებაზე”, ამაზე როგორც ამ წიგნის დასაწყისში (იხ. გვ. 19, ასევე ცალკე პუბლიკაციაში (იხ. დანართი მე-2, გვ. 101) უკვე საკმარისად ვილაპარაკეთ, ამიტომაც ამ საკითხს აქ აღარ შევეხებით).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპონენტთა მთელი მსჯელობა ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ ეპისკოპოს იონას წიგნი ულტრააპოკრიფული “სახარება”, ეს დასკვნა ზემოთ დამოწმებული წიგნის მე-3 გვერდზე მოცემული სიტყვების საფუძველზე გაუკეთებიათ. ამ ბრალდებას ჩვენ დასაბუთებული პასუხი გავეცით (იხ. დანართი მე-2 გვ. 100-101), მაგრამ იმ წერილის გამო ოპონენტებს კრინტიც არ დაუძრავთ. მეტიც, თვით სახარების რაობის განმარტებაც არ მოუციათ. მართალია, ეპისკოპოსი იონა თავის წიგნს “სახარების ბოლო ჟამის დროინდელ ქადაგებად” მიიჩნევს, მაგრამ რას გულისხმობს ავტორი “სახარების ქადაგების ცნებაში”, აქ არ ჩანს. ამდენად, ოდენ ეპისკოპოს იონას სიტყვების დამოწმება ამ საგანზე ნათელ წარმოდგენას ვერ იძლევა და მათი აკვიატებული შეხედულებების მამტკიცებლად ვერ გამოდგება; თუ ლოგიკის პრინციპებით ვიმსჯელებთ, დასკვნის გამოტანისას ოპონენტები საფუძველი ცნების (“სახარება”) განსაზღვრებას არ გვაძლევენ, რაც აზრს აბუნდოვნებს და საგანზე (ანუ “სახარების” რაობაზე, ცნებაზე) ოპონენტთა კონკრეტული შეხედულებების გაგების საშუალებას არ იძლევა. არადა, სწორი აზროვნება, რაზეც მათ დიდი პრეტენზიები აქვთ, სწორედ ცნების შინაარსის დადგენიდან (“ცნების განსაზღვრება”) იწყება. ამ მომენტს იმდენად აქვს მნიშნველობა, რომ შესაძლებელია ჩვენ ვსაუბრობდეთ ერთსა და იმავე საგანზე, ერთსა და იმავე ცნებაზე და ა.შ. მაგრამ სხვადასხვაგვარად გვესმოდეს მისი რაობა, რაც ბუნებრივად წარმოშობს სხვადასხვაგვარ დანასკვს. მოკლედ, ჩვენგან განსხვავებით, ოპონენტების მიერ წამოყენებულ ბრალდებაში ცნების შინაარსი განსაზღვრული არ არის. ეს ვითარება კი (როგორც ქვემოთ ვნახავთ) მეტად მცდარს ხდის მათ განმარტებას.

სწორედ ამიტომაც ბიულეტენ “მართლმადიდებლის” მე-5 (16) ნომერშივე შევეცადეთ, მოგვეცა “სახარების” ცნების განსაზღვრა (იხ. დანართი 2 გვ. 100) და ამით ოპონენტთა უსაფუძვლო ბრალდების აბსურდულობა წაროგვეჩინა. ჩვენგან განსხვავებით, ოპონენტების მიერ წამოყენებულ ბრალდებაში “სახარების” ცნების შინაარსი განსაზღვრული არ არის. ეს გარემოება არ არის შემთხვევითი. ის ფაქტი, რომ ისინი “სახარების” ცნებას ეპისკოპოს იონას მიერ თავისი სამახარებლო ფუნქციის პრეტენზიიდან “განსაზღვრავენ”, ანუ ამ ცნების გაგება გამოჰყავთ მხოლოდ იმ განცხადებიდან, რომ ეს წიგნი ბოლო ჟამის სამახარებლო (უფრო ზუსტად – მამხილებელი) ფუნქციის მატარებელია, შესაძლებლობას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ოპონენტები შეცდომას უშვებენ კონკრეტული აზრის ლოგიკური დასაბუთების სამივე შემადგენელ ნაწილში: თეზისში, საფუძველში და არგუმენტაციაში და ეს “შეცდომა” დაშვებულია მოფიქრებით, წინასწარგანსაზღვრულად, რასაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაკეთილსინდისიერ დავაში იქმან და რასაც თეზისის იგნორირება ჰქვია. ასე, რომ ოპონენტების მიერ ეპისკოპოს იონას წიგნის “სახარებად” ხოლო მისი ავტორის “იოანე მახარობლად” გამოცხადება დემონსტრირებულია ლოგიკის, ანუ სწორი აზროვნების ყველა წესის იგნორირებითა და დარღვევით.

შეგახსენებთ, რომ ეპისკოპოს იონას განცხადებული, - წიგნის “სამახარებლო”, მისია კანონიკური სახარებების ცნებათა განსაზღვრის არაიდენტურია! ამიტომაც წიგნის ავტორის სიტყვებიდან, - “და აჰა, აწ, იქმნეს წიგნი ესე ქადაგებად სახარებისა ბოლოი...” – არავითარ შემთხვევაში არ გამომდინარეობს, რომ ეს წიგნი “ულტრააპოკრიფული სახარებაა”, რამეთუ არსებობს სამახარებლო მისიის ან სახარების ქადაგების სხვა გაგება, რომელსაც მოციქულები სახარების პირველი ქადაგებისგან განასხვავებენ და ესქატოლოგიური დატვირთვა აქვს. ჩვენი მტკიცება გამომდინარეობს წმ. მართლამდიდებლური ღმერთშემოსილი მამების სწავლებიდან; ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მნათობი, წმ. იოანე ოქროპირი წერს, რომ ბოლო ჟამს სახარების ქადაგება ურწმუნოთა და წარმართთა დასჯას ნიშნავს (უფრო ზუსტად იხ. დანართი მე-2 გვ. 100-101) ეპისკოპოსმა იონამაც ასე მოინიშნა წიგნში მოტანილი სამხილებელი (სახარებისეული) მისია, რასაც ოპონენტმა კვლავ დუმილით აუარა გვერდი. სწორედ ამ მტკიცებათა საფუძველზე წარმოვაჩინეთ თუ რას გულისხმობდა ავტორი, როდესაც ამ წიგნს ბოლო ჟამს ქადაგების მისიას ანიჭებდა(კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ აქ მნიშვნელობა არა აქვს თუ რამდენად შეესაბამება ეს მტკციება სინამდვილეს, რამეთუ ჩვენ უნდა უკუგვეგდო ბრალდება, რომლის მიხედვით წიგნი – მასში არსებული ზოგიერთი ცთომილების გამო ნაწილობრივ რომ უარვყავით და არა მთლიანად, - არის სახარება; შედეგად უნდა წარმოგვეჩინა, რომ ის არ წარმოადგენს ერთ მთლიანობას, აქედან გამომდინარე სრულ დაგმობას რომ ითხოვს, დაეფუძნებოდა სწორედ ზემოთ მოტანილ მტკიცებას, რაც სრულიად ლოგიკურად წარმოაჩენს ჩვენს ქმედებას).
სადავო წიგნის ერთ მთლიან თხზულებად წარმოჩენის მეორე “არგუმენტი” პირველზე უფრო სუსტია. კერძოდ, ოპონენტებს მოაქვთ საკუთარი მტკიცება, რომელიც თვით წიგნის შინაარსითა და შემადგენლობით ემხილება. კერძოდ, ისინი წერენ, თითქოსდა წიგნი “თავიდან ბოლომდე შეთხზულია ხიბლისმიერი სულისკვეთებით” (ხაზგასმა ჩვენია – მ.პ.) *(იხ. “ივ. გაბრწყინება” #4 (25) 1998 წ. გვ. 12 სვ. 3) ოპონენტების დასკვნები იმიტომაც არის მცდარი, რომ თავიდან ბოლომდე საკუთარ მტკიცებებს ეყრდნობიან, ხოლო ამ მტკიცებებში (როგორც საერთოდ ჩვენთან პოლემიკაში) მეტად დაუდევრად ეპყრობიან ტერმინოლოგიას. ასეა აქაც, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ ეს წიგნი სხვადასხვა დროს დაწერილ სტატიათა კრებულია, რომელიც ავტორმა ერთ წიგნად შეკრა. ასე რომ, ის სრულებითაც არ არის თავიდან ბოლომდე შეთხზული ერთი მთლიანი ნაწარმოები. მით უმეტეს, რომ მასში უამრავი არაავტორისეული სტატიებიც გვხვდება (მაგ.: მე-3 ნაწილში), აქვე მოცემულია ამონაწერი წმ. მამათა თხზულებებიდან, რაც ეპისკოპოს იონას შეთხზულად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. აქედან ოპონენტების მოთხოვნა “პირველიერარქიული ოპუსი უარყოფილ იქნას მთლიანობაში, უპირობოდ... როგორც იგმობოდა აქამდე წმ. წერილის აპოკრიფული წიგნები” – აბსურდულია!

მესამე ბრალდებად წარმოგვიდგება “მწვალებლური” წერილის დაბეჭდვა. რამდენად „მწვალებლურია“ ეს წერილი, მკითხველი თავად დარწმუნდება, რამეთუ თვალსაჩინოებისთვის ჩვენს წინამდებარე წიგნში (მე-3) დანართის სახით არის შეტანილი; მისი გაცნობის შემდეგ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების კატეხიზმურ დონეზე მცოდნეც კი დაგვიდასტურებს, რომ წერილში მწვალებლური არაფერია. იგი თავიდან ბოლომდე ზნეობრივი ღვთისმეტყველების ნიმუშია და ძირითადი დოგმატური ღვთისმეტყველების საკითხებზე მსჯელობა აქ საერთოდ არ არის მოცემული. ერთადერთი, რაც ამ წერილში ოპონენტთა აღშფოთებას იწვევს და რის გამოც “ერეტიკულად” შეურაცხავთ, - არის სიტყვები: “დაიწერა რა რჯულის საფუძველზე გონიერთა საფხიზლოდ წიგნი “რა უნდა ვაკეთოთ”, იმავე წამს აბობოქრდით და კვანტურ ფიზიკაზე დაგვიწყეთ დავა. ცრუნო! ამპარტავანნო! რჯულის მძაგებელნო!..”

ამრიგად, რადგან წიგნი არ არის არც თავიდან ბოლომდე შეთხზული ქმნილება და არც “სახარება” და რადგანაც, ზოგიერთი ცთომილების მიუხედავად (რასაც თვით მისი ავტორიც არ უარყოფს და აპირებს მათ გასწორებას), წიგნის ძირითადი ნაწილი სავსებით მართლმადიდებლურია და ასრულებს უსჯულოების მამხილებელ საღმრთო დანიშნულებას, წიგნის ავტორისეული აპოლოგიაც ხსენებულ წერილში სწორედ ამ თვალსაზრისით შევიწყნარეთ და გამოვაქვეყნეთ კიდეც. მითუმეტეს, რომ ბიულეტენი “მართლამდიდებელი” ჩემი კერძო საკუთრება არ გახლავთ! ის ეკლესიას ემსახურება. აქედან, თუკი ზოგიერთი სადავო საკითხის გარკვევამდე, იმ თვითშეგნებით და აშკარა მტკიცებულებებით, რომ მისი წიგნის ძირითადი ნაწილი მართლმადიდებლურია, პირველიერარქთან ევქარისტული თანაზიარობა შენარჩუნებული მაქვს, რა უფლებით უნდა მეთქვა უარი ეკლესიის საზოგადო ბიულეტენში მისი წერილის დაბეჭდვაზე?

ამდენად, იმის განსაზღვრა, თუ ვისი კალმიდან “წრიპინებს” ეშმაკი, აქ ობიექტური მკითხველისთვის მიგვინდია, ხოლო თუ ვინ არის “გონებადაბნეული და არაადამიანური ლოგიკის მქონე”, ნათლად ჩანს წინამდებარე წიგნიდან.

წიგნის შეფასების ოპონენტებისეული დასკვნა მცდარია, რადგანაც მცდარია დასაბუთება, არგუმენტაცია, ხოლო ეს უკანასკნელი მცდარია იმიტომ, რომ თვით დებულება, რომლის არგუმენტირებულ დასაბუთებას ცდილობენ ავტორები, ყალბია. და ეს სიყალბე წინასწარ განსაზღვრული ქმედებაა, რომლის არც მიზანი და არც მოსალოდნელი შედეგი მხედველობის არიდან არ გამოგვპარვია (უფრო დაწვრილებით იხ. დანართი 2). ასევე ყალბია ჩვენს წიგნში განხილულ ყველა სადავო საკითხისადმი მიმართული (იქნება ეს სექტის, ეკლესიის, ერესის, სახარების თუ ცნებათა და მოვლენათა განმარტება) ოპონენტთა მთელი დემონსტრაცია (ე.ი. დებულებათა არგუმენტირება დასკვნის ჩათვლით). ოპონენტების ბრალდებებს არათუ არასაკმარისი, ზოგჯერ საერთოდ არავითარი საფუძველიც კი არ გააჩნია (ეს ლოგიკის მე-4 კანონის საწინააღმდეგოა), მათ ბრალდებებში, არგუმენტაციაში არის წინააღმდეგობა (რაც ლოგიკის მეორე კანონის საწინააღმდეგოა). ოპონენტები, როგორც ეს უკვე წარმოვაჩინეთ “აქვსენტის სინოდთან” დაკავშირებით (იხ. გვ. 59-63), ხოლო ქვემოთ “პატრიარქ” ილია II-სა და ჟურნალ “ჯვარი ვაზისა”-ს მოღვაწეობასთან მიმართებაში ვაჩვენებთ, ეწინააღმდეგებიან ლოგიკის არა მარტო მეორე, არამედ პირველ კანონსაც (“იგივეობის კანონი”), რომლის თანახმადაც: თუ, მსჯელობის, აზრთა მსვლელობის დროს რაიმე ცნებას გამოვიყენენებთ, იგი იმავე (იგივეობრივი) მნიშვნელობისა უნდა იყოს აზრთა მთელი მსვლელობისას. ასევე, არ შეიძლება, რომ ერთ შემთხვევაში გამოვთქვათ რაიმე ნიშანი, სხვა შემთხვევაში კი იგი უგულებელვყოთ (“წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი”).

სწორ აზროვნებაში წინააღმდეგობა გამორიცხულია!

ოპონენტები ჩვენთან პოლემიკაში სწორედ ამ უწესობას მიმართავენ, რითაც თავიანთ მსჯელობაში ლოგიკური აზროვნების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას გამორიცხავენ!

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ “ივერიის გაბრწყინების” რედაქტორის მოადგილის, ჩვენს ოპონენტთაგან ერთ-ერთის, ბატონ ვ. ბურკაძის მთარგმნელობით მოღვაწეობაზე, რომლის ერეტიკული თარგმანები კრებულად გამოსცეს ძმებმა გელა და ზურაბ აროშვილებმა (შემდგომში ე.წ. “აქვსენტის სინოდის” სამღვდლო პირებმა). მათთან პოლემიკაში *(იხ. “ივერიის გაბრწყინება” #1 1991 წ. გვ. 31-35) ოპონენტებს ამ ერეტიკული წიგნების დაგმობა არ მოუთხოვიათ, მაშინ, როდესაც ჩვენთან კამათისას ეს დაბრკოლების ლოდად აქციეს. იგივე ხდება გაბატონებულ ნიკონიანურ ეკლესიასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, - ოპონენტთა თქმით, “ანტიმართლმადიდებურ საქმიანობაში”, ქადაგებები და ლამის სატანიზმში მხილებული “პატრიარქის” და “საპატრიარქოს” ჟურნალ “ჯვარი ვაზისა”-ს მიმართ, სადაც “პატრიარქის” ანტიმართლმადიდებლური მოღვაწეობის ამსახველი მასალები და ქადაგებები იბეჭდებოდა.

თავისი ჟურნალის 1998 წ-ის მე-6 ნომერში ბატონი გაბაშვილი იუწყება, რომ 1995 წელს “ივერიის გაბრწყინების” I ნომერში გამოაქვეყნა წერილი სათაურით – “პატრიარქ ილია II-ის სარწმუნოებრივი მოღვაწეობა დიდი სჯულისკანონის ფონზე”. “ამ ნაშრომით – წერს გაბაშვილი – საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს ბრალი დავდეთ ეკუმენისტური მწვალებლობების სასარგებლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საზიანო საქმიანობაში” (1. “ივერიის გაბრწყინება” #6 (27) 1998 წ. გბ. 4 სვ. 1 სხვათა შორის, ავტორი აქ მეტად არბილებს “პატრიარქისადმი” წაყენებულ ბრალდებებს, “ივერისს გაბრწყინება” მაშინ წერდა: “საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პიროვნულ-ხორციელ ცოდვაზე (მაგ.: თუკი იგი ეკლესიის ანდა საპატრიარქოს სახელით ეწევა საბანკო საქმიანობას, ანუ მევახშეობას და ა.შ.) საჯარო მსჯელობის უფლება საერო პირს არა აქვს – ეს საეკლესიო კრების, ან – უფრო დაბალი ინსტანციის წმ. სინოდის, პრეროგატივაა, - მაგრამ როდესაც ეკლესიის მწყემსმთავრის მიერ იმღვრევა მართლმადიდებლობის სიწმინდე, ირღვევა სარწმუნოებრივ საკითხებთან დაკავშირებული საეკლესიო კანონები და იბილწება ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი წმიდათაწმიდა ტრადიციები, - მაშინ მთელი მორწმუნე ერის ვალია ხმა აღიმაღლოს სულიერი მგლის წინააღმდეგ და ამხილოს მისი უსჯულოება...” (“ივ. გაბრწყინება” #1 1995 წ. გვ. 4 სვ. 1).

ცოტა ქვემოთ კი ბატონი გაბაშვილი ამ “სულიერი მგლის” საქმიანობაზე უწყება: “პატრიარქ ილია II-ს ბიოგრაფია აღსავსეა მწვალებლებთან ზღვარგადასული რელიგიური ურთიერთობის ფაქტებით...” და ჩამოთვლის ამ ფაქტებს, კერძოდ ლოცვა კათოლიკეებთან ერთად და ტაძარში მათთვის “ზიარების” მიცემა (იქვე გვ. 5 სვ. 2); და (სვ. 5, 6, 2); ლოცვა პროტესტანტებთან ერთად ტაძარში, და “ლიტურგიის” აღსრულების შემდეგ მათთვის ზიარების მიცემა (იქვე გბ. 6 სვ. 1). სომეხ-გრიგორიანელებთან ერთობლივი ლოცვა ლიტურღიაზე (იქვე სვ. 1-2) და კვლავ აღწერს პატრიარქ ილია II ერთობლივ ლოცვას გრიგორიანელებთან, პროტესტანტებთან და პაპისტებთან (იქვე სვ. 2).

“დიდი რჯულისკანონის” მოთხოვნით, სასულიერო პირი ვინც უნდა იყოს იგი, ასეთი “მოღვაწეობისთვის” უნდა დაემხოს პატივისაგან (იხ. მოციქულთა კანონები: 4-ე, 46-ე, 65-ე და სხვა)
“საინტერესოა – წერს ბატონი გაბაშვილი, - რა პასუხს აძლევს იგი (ე.ი. ილია II – არქიეპ.პ.) სული წმიდას – ქრისტეს წმ. მოციქულების, წმ. კრებებისა და წმ. მამების მიერ დიდი რჯულის კანინის შემოქმედს. რომელმაც დააწესა: თუ ვინმე სასულიერო პირი, ან ერისკაცი ურიათა, ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს” (წმ. მოც. კან. 65 დიდი სჯულის კანონის თანამედ. ქართ. ენაზე გვ. 170 ციტ. იქვე გვ. 6 სვ. 2).

ეს შეკითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება!

ბატონი გაბაშვილი თავის ამ სტატიაში ილია II-ის ერეტიკული მოღვაწეობის ამკაციებიდან ამსახველი მაგალითების გარდა გვაცნობს მის „არამართლმადიდებლურ საჯარო გამონათქვამებსაც“ (ციტ. იქვე სვ. 3). გაბაშვილის თქმით, ერთ-ერთ განცხადებაში მისი „უწმინდესობა და უნეტარესობა“ იუდა ისკარიოტელის აშკარა სულიერ მემკვიდრედ წარმოგვიდგა (იქვე. ეს სიტყვა იქ. გვ. 6 სვ. 4). ჩვენი ოპონენტის სულიერ მამას, ყოფილ „სულიერ მგელს“, ხოლო ამჟამად „გამოღვიძებულ ახალ ნოეს“ (იხ. „ივ. გაბრწყინება“ #7) „არანაკლები ღვაწლი ეკლესიის სეკულარიზაციის საქმეშიც მიუძღვის (ამის დამადასტურებელი მასალებიც იხილეთ იქვე გვ. 6-7) და როგორც თვით ბ-ნი გაბაშვილი აღიარებს, ამავე დროს „ახალი ნოე“ – „პატრიარქი ილია II, - სუკის მიერ გადაბირებული აგენტიც ბრძანდება (იხ. „ივერიის გაბრწყინება“ 1997 წ. #17. გვ. 7 სვ. 2). ოღონდ „გამოღვიძების“ შემდეგ სუკის აგენტობაზე აიღო ხელი თუ არა, არ გვამცნობს.

და ბოლოს, ბატონი გაბაშვილი თავისი სულიერი მოძღვრის მთელ მოღვაწეობას ასეთ შეფასებას აძლევს: „როგორც ზემოთ ვნახეთ პატრიარი ილია II სულიწმიდის მიერ ეკლესიიდან უხილავად განკვეთილია მწვალებლებთან ხშირი და მჭიდრო სულიერი კონტაქტის გამო; თუკი ამას დავურთავთ მის და მისდამი დაქვემდებარებული სასულიერო პირების ლოცვით კავშირებს აშკარა სატანისტებთან (იხ. გაზ. – იბერია-სპექტრი“ #105 და #108 „ეკუმენური მოძრაობის ინფერნალური ხასიათი“. წერილი I და წერილი II)აღმოჩნდება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი უხილავად არა თუ განკვეთილია, არამედ ანათემირებული და შეჩვენებულიცაა და ფაქტიურად სულიწმიდის მგმობელის რანგში იმხილება; ხოლო მსოფლმხედველობრივად იგი ერეტიკოსია, ვინაიდან მიმდევარია ეკუმენიზმის ახლადმოვლენილი მწვალებლობისა...“ (იქვე გვ.7).

თანაც ბეჯითად ირწმუნებიან, რომ: „1995 წელს გამოქვეყნებული წერილით ჩვენ ცილი არ დაგვიწამებია პატრიარქისათვის (ხაზგასმა ჩვენია – მ.პ.), რამეთუ იქ დაცული ყველა ბრალდება, საპატრიარქოს ჟურნალ „ჯვარი ვაზისა“-ს სხვადასხვა დროის პუბლიკაციებიდან ამოღებულ ფაქტებს ეყრდნობოდა მთლიანად!“ *(იქვე გვ. 4 სვ. 3) ე.ი. „ჯვარი ვაზისა“-ც ჩართული ყოფილა ამ ერეტიკულ საქმიანობაში, რამეთუ მასში იბეჭდებოდა სიტყვები, ქადაგებები და მოღვაწეობა ილია II, რომელზე დაყრდნობითაც გ. გაბაშვილმა ანტისაეკლესიო და ერეტიკულ ქმედებაში ამხილა თავისი სულიერი მამა.

იბადება შეკითხვა: მაშინ ამ პუბლიკაციებისთვის რატომ არ ამხილა მან საპატრიარქოს ჟურნალის რედკოლეგია და მისი მაკურთხეველნი და რატომ არ მოითხოვა ის, რასაც ჩვენ გვიკიჟინებს?

თუკი ჩვენს ბიულეტენში დაბეჭდილი პირველიერარქის წერილის გამო, სადაც გადმოცემულია ზნეობრივი (და არა „ერეტიკული“) სწავლება და წიგნის („რა უნდა ვაკეთოთ“) მართლმადიდებლური მიზნობრივი გამართლების გამო (უფრო დაწვ. იხ. ზემოთ) ჩვენი „მხილება“ კანონზომიერია, რატომ იგივე კანონზომიერებით არ ამხილეს „ჯვარი ვაზისას“ რედკოლეგია ბატონმა გაბაშვილმა და მისმა ამფსონებმა, მითუმეტეს, რომ, ჩვენი იერარქისაგან განსხვავებით, რომელიც მის ნაშრომში შემჩნეულ ცთომილებათა გასწორებაზე უარს არ ამბობს, ე.წ. საქართველოს მართლმადიდებლური „ეკლესიის“ საპატრიარქომ, - როგორც ოპონენტები იუწყებიან, - ბატონ გაბაშვილის მხილებას დუმილით უპასუხა, რაც მისივე მტკიცებით: „გახლდათ ბრძოლის ერთგვარი ფორმა, გარკვეული კონტრზომა, და არა ვთქვათ, კაპიტულაცია, ან – შენდობა“ („ივ. გაბრწყინება“ #6 (27) 1998 წ. გვ. 4 სვ. 1).

ან, თუკი ჩვენი ზემოთ აღწერილი „დანაშაულებრივი“ მოქმედება ეპისკოპოს იონას „მწვალებლურ წერილთან“ „ერთაზრობაზე“ მიანიშნებს, რომელი „ლოგიკის“ საფუძველზე არ მიიჩნევს თავიანთი სულიერი მამის თანამოაზრეებად „ჯვარი ვაზისას“ რედაქტორებს, რედკოლეგიას, გამომცემლებს და მაკურთხებლებს, რომლებიც აშკარად მწვალებლურ პუბლიკაციებს ბეჭდავდნენ?!

ბატონი გაბაშვილი თავს იმით იმართლებს, რომ ის „ქამურად მოექცა თავის სულიერ მამას“ (ილია II, შიოლაშვილს), განსხვავებით მაგ.: „პროტორესვიტერ“ გიორგი გამრეკელის, „არქიმანდრიტ“ ლაზარე აბაშიძისა და „დეკანოზ“ ზურაბ ანთაძისა, რომელთაც გამოუჩენიათ „სიბრძნე“ და, ესოდენ მწვალებლური და მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ქმედებების მიუხედავად, „მამასთან“ თანაზიარობა არ გაუწყვეტიათ (იხ. „ივ. გაბრწყინება“ 1998 წ. #6 (27) „ახალმა ნოემ გაიღვიძა და ღმერთს სათნო-ეყო!“ გვ. 4).

საინტერესოა, რაღა ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ გაბაშვილისნაირი ქამობა და ავუმხედრდეთ ჩვენს სულიერ მოძღვარს და პირველიერარქს, თანაც იმგვარი კეთილგონივრული ქმედების გამო, რაც პიროვნების მიერ საკუთარი შეცდომების აღიარებაში გამოიხატება, მითუმეტეს, რომ ბატონ ილია შიოლაშვილს ჯერჯერობით თავისი მწვალებლური გამონათქვამები და ქმედებები არ შეუნანებია და არ დაუგმია?!

გაგრძელება იხ. შინაარსი:
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому