აპოლოგეტიკა - ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო_8 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
ძველმართლმადიდებლური ლიტურგია


8. "ორგულო, აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა!"

მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმართ ორგვარი ცთომილება შეიძლება არსებობდეს: ერთი – უმეცრებით გამოწვეული გაუთვითცნობიერებლობით და მეორე – შეგნებული წინააღმდეგობით. პირველი ხასიათის ცთომა უცოდინრობა და დაბნეულობაა, ხოლო მეორე - განდგომილება და ერესი. პირველი კატეგორიის ცთომილებისთვის ნეტ. ავგუსტინე ბრძანებდა, რომ შესაძლებელია შემწყნარებლურად მივუდგეთ ასეთი ცთომის ავტორებს, თანდათანობით, დროთა განმავლობაში მათი გამოსწორების იმედით, მაგრამ ისე კი არა, რომ მომავალშიც შეუცვლელი დარჩეთ ეს აზრები (Блаж. Авгстин. Творения. Часть 7. изд. втор. «О книге Бытия» Киев. 1912 репринт./ / «Паломник» 1997 с. 108.).

მეორე კატეგორიის ცთომილებისთვის კი მეტი სიმკაცრე გვმართებს, კერძოდ, წმ. იოანე ოქროპირისა და ღირ. მაქსიმე ბერძენის სწავლების შესაბამისად: ვინც, დარიგების მიუხედავად, მტკიცედ მიეკრობა ყალბ მოსაზრებას და ჭეშმარიტების წინააღმდეგ გაილაშქრებს იმ ზომით, რომ მართლმადიდებლობად მოქცევის იმედსაც კი არ იტოვებს – ერეტიკოსია (იხ. Преп. Максим Грек. ч. 1. Казань 1859 гл. 25. с. 528 по изд. 1894 с. 421 იხ. აგრეთვე Преп. Максим Грек. Старописменная с. 87).

ისიც უნდა ვუწყოდეთ, რომ სხვაა ცოდვა, რომლის წყევისგან ქრისტეს მაცხოვნებელი სისხლითა ვართ გამოსყიდულნი და სხვაა ის უკეთურება, რომელიც ამ მიუწვდომელის საფასურისა და ღვთისმოსაობისგან განდგომაში მდგომარეობს და ერესად იწოდება (Альфа и омега гл. 1.) (თუმცა ერთიც და მეორეც ქრისტეს ცხოველმყოფელი მსხვერპლის მადლით, სინანულით განიბანება და კვლავ ღმერთთან თანაზიარ გვყოფს). სრულიად სამართლიანია აზრი, რომ “ერესი, ეს არის ჭეშმარიტებისადმი ჯიუტი წინააღმდეგობა, ეკლესიისადმი სარწმუნოებრივ საგნებზე საკუთარი ცთომილი შეხედულებების თავსმოხვევა. თუ სხვა ყოველგვარი ცოდვა გამოწვეულია ადამიანური ნების უძლურებით, ერესი გამოწვეულია ნების სიჯიუტით”. ის არის ჭეშმარიტებისადმი შეგნებული წინააღმდეგობა და ჭეშმარიტების სულის გმობა, ამიტომაც იგი მიუტევებელია: “მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე, უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არის იგი თვით დასჯილ” (ტიტეს. 3:10-11) (Архимандрит Алипий (Кастальский). «Протестантские тенденции в книге священника Александра Борисова» «Поделвшие Нивы». Едипство Церкви. Богосл. конференйия 15-16 ноября. 1994 г. Москва 1996. с. 60).

სხვათა შორის, იმავე ნების სიჯიუტით, - რომლითაც მიმართავენ ჩვენი ოპონენტები ეპისკოპოს იონას მისი წიგნის გამო და ასევე მთელ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას – მათ უკვე სრულიად მკაფიოდ ჩამოაყალიბეს სწავლება, როგორც ცთომილი ადგილების შემცველი თხზულებების და კრებულების, ასევე საკუთარი ცთომილი შეხედულებების უამრყოფელი მართლმორწმუნის შეუწყნარებლობის შესახებ, რაც ამ საკითხზე მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოა! ოპონენტთა ამ სწავლებით ირღვევა პიროვნების ერეტიკოსად გამოცხადების ან ცთომაში ჩავარდნილი, მაგრამ მონანული მართლმორწმუნის შეწყნარების მართლმადიდებლური პრინციპები!

ოპონენტთა ასეთი სიჯიუტე შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მწვალებლობა!

შედარებისთვის მოვიყვანთ მაგალითს, რომელიც კარგად წარმოაჩენს ერეტიკოსთა მხილებისადმი მართლმადიდებლურ მიდგომას და ამავე მაგალითზე და თვით ოპონენტთა აღმსარებლობაზე დაყრდნობით დავამტკიცებთ, რომ:

ერეტიკული აზრების შემცველი წიგნების უარყოფისას ოპონენტები არიან მიკერძოებულნი და მათ მიერ ჩამოყალიბებული პრინციპებითაც კი - თავად ბრძანდებიან ერეტიკოსები.

ვინც ბიულეტენ “ივერიის გაბრწყინებას” კითხულობს, ალბათ, შეამჩნევდა, რომ ამ ბიულეტენის რედკოლეგიაშია (ე.ი. ჩვენს ოპონენტებს შორის არის) ბატონი ვასილ ბურკაძეც. ეს ის ბურკაძეა, რომელსაც წმ. მამათა რამდენიმე თხზულება უთარგმნია და შეუტანია კრებულში “სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა” და “ლიმონარი”. ჩვენს ოპონენტ ბურკაძეს თავის თარგმანში დაუშვია უამრავი ერეტიკული ცთომილება, რაც სრულიად სამართლიანად ამხილა გაბატონებული ეკლესიის სასულიერო აკადემიის ლექტორმა ბატონმა ედიშერ ჭელიძემ. აი, რას წერს იგი:

“სარწმუნოებრივი საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ 1995 წ. გამოიცა ჩვენი ბროშურა სათაურით: “ზოგი სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხის შესახებ”, რომლებშიც განვიხილავდით ზ. და გ. აროშვილებისა და ვ. ბურკაძის (მთარგმნელის) (ხაზგასმა ყველგან ჩვენია – არქიეპ.პ.) კარგად ცნობილ გამოცემას “სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა” რაც ცნობილია, რომ სამაგიდო წიგნია ანტიეკუმენისტებისთვის, წარმოჩენილი გვქონდა გამოცემის ცალკეულ ტომებში დეკლარირებული და მასობრივად გავრცელებული უმძიმესი დოგმატური ცთომილებები. მოველოდით, რომ ჩვენი კრიტიკის უშუალო ობიექტები და აღნიშნულ გამოცემასთან (აგრეთვე, მის გავრცელებასთან) დაკავშირებული სასულიერო პირები გულწრფელად დაგმობდნენ მხილებულ უმძიმეს ცთომილებებს, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი ზემოთ მითითებული ბროშურა გამოიცა (ლაპარაკია 1995 წელზე – არქიეპ.პ.) და მას სრული დუმილით შეხვდა ყველა ვინც მეტნაკლებად პასუხს აგებს აღნიშნულ ცთომილებებზე. გამოქვეყნდა მხოლოდ ერთი და ისიც ჩვენდამი მკვეთრად უარყოფითი სტატია (შესაძლებელია აქ იგულისხმება ბატონ გ. გაბაშვილის სტატია “ახალი ბარლაამ კარლამბრიელი”, რაც ბურკაძის აპოლოგიაა – არქიეპ.პ.). მეტიც ჩვენი კრიტიკის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ადრესატები, აურაცხელი დოგმატური ცთომილებით დასნეულებულნი, მოგვევლინენ სწორედ დოგმატიზმისა და კანონიკის მგზნებარე დამცველებად (იგივეს იმეორებს ბატონი ბურკაძე ჩვენთან მიმართებაშიც – არქიეპ.პ.).

რამდენადაც ჩვენს მიერ წარმოჩენილი დარღვევები კრიტიკის არც ობიექტს არ უღიარებია, შესაბამისად, აღნიშნულ დარღვევებს ამჟამად, ერთი წლის შემდეგ, ცხადია მივიჩნევთ არა უმეცრულ, არამედ განზრახულ, შეგნებულ ცთომილებად, რაც სხვა არაფერია თუ არა ერესი და მწვალებლობა" (ედიშერ ჭელიძე “ანტიერეტიკონი” თბ. 1997 წ. გვ. 3).

ამრიგად, როგორც ვხედავთ, ჩვენი ოპონენტებიდან ერთ-ერთს, ბატონ ვ. ბურკაძეს სრულიად სამართლიანად აქვს დადებული მწვალებლის ყადაღა წმ. მამათა თხზულებების თარგმანში დაშვებული და მოუნანიებელი ერეტიკული ცთომილებებისათვის. საინტერესოა, რომ ბატონი გ. გაბაშვილი (მთელ რედკოლეგიასთან ერთად), ვინც საკმაოდ დიდი ძალისხმევა მოანდომა ამ გამოცემათა სულის ჩამდგმელი ძმების აროშვილების კრიტიკას, ბატონ ჭელიძეს გამაფრთხილებელი მხილების მიუხედავად, კრინტსაც კი არ ძრავს ამ გამოცემებზე, ლოგიკის მიხედვით, ბატონ გაბაშვილს, თავის ამფსონებთან ერთად, ე.წ. “ავსენტის სინოდთან”-აც ისევე უნდა დაეწყო პოლემიკა, როგორც ჩვენთან. გახსოვთ, ალბათ, დისპუტის დასაწყისში ოპონენტთა მეტად პრეტენზიული განაცხადი მეუფე იონას წიგნთან დაკავშირებით, სადაც ისინი გვწერდნენ: “სანამ თქვენ ოფიციალურად არ შეაფასებთ და არ დაგმობთ თქვენი ორგანიზაციის აღნიშნულ თეორიულ სახელმძღვანელოს, ვითარცა – ერესიარქისეულ(?) ერეტიკულ თხზულებას, და მკვეთრად არ გაემიჯნებით მის ავტორს, მისივე მხრიდან საკუთარი წერილობითი საცუთრის ჯიუტად დაცვის შემთხვევაში, - ... სავსებით სამართლიანად კვალიფიკაციას მოგცემთ, როგორც – “სტაროვერების” წიაღიდან გამოსულ სექტანტ ერეტიკოსებს... ამრიგად, ვიდრე ზემოთქმულს არ მოიმოქმედებთ... მანამდე დადებული გექნებათ, და – სრულიად კანონიკურად, სხვათაშორის უკვე მხილებულ მწვალებელთა ყადაღა...”(“ივერიის გაბრწყინება”, #3 (24) 1998 წ. გვ. 17. სვ. 3) მაშინ, როცა ბატონ გაბაშვილს და მის რედკოლეგიას არავითარი ამგვარი მოთხოვნა არ წამოუყენებია ვ. ბურკაძის მთარგმნელობითი მოღვაწეობის შედეგად მწვალებლობით აღსავსე კრებულებთან დაკავშირებით; გაუგებარია, როგორ ხდება რომ ერთ ოპონენტთან მიმართებაში წიგნის გამო პირდაპირ განგაშია ატეხილი და მისი დაგმობის გარეშე დისპუტის გამართვას საჭიროდაც კი არ მიიჩნევენ და “ერეტიკოსებად” გვაცხადებენ, ხოლო მეორე, პრაქტიკულად ანალოგიურ შემთხვევაში, მსგავსი გარემოება აბსოლუტურად იგნორირებულია? თუკი ოპონენტისთვის ჩვენი კონფესიის პირველიერარქის მიერ გამოცემულ წიგნში აღმოჩენილი ცთომილებები ულტიმატუმის საბაბად იქცევა, რატომ არ ხდება იგივე სხვა ოპონენტებთან მიმართებაში მათ მიერ გამოცემული ერეტიკული წიგნების გამო?

ორ სხვადასხვა ოპონენტთან, ფაქტობრივად, ერთი და იგივე სიტუაციაა, ოპონენტების ასეთი, რადიკალურად ურთიერთგამომრიცხავი მიმართება კი ათვალსაჩინოებს, რომ კონკრეტული კრებულის დაგმობა მასში აქა-იქ არსებული მიუღებელი ცთომილების გამო ოპონენტთან დისპუტის გამართვის წინაპირობად გამოცხადება “ივერიის გაბრწინების” რედაქციის შეუვალი და მყარი აღმსარებლობითი ერთგულებით გამოწვეული პრინციპი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ასე უნდა ყოფილიყო ე.წ. “აქვსენტიანელებთან” მიმართებაშიც. ამგვარი პირობითი დისპუტის გამართვა ჩვენთვის ბატონ ჭელიძეს რომ მოეთხოვა, გასაკვირი არ იქნებოდა, რადგან მან ოპონენტთა ერთ კატეგორიასთან ეს უკვე გააკეთა, მაგრამ გასაკვირია ეს “ივერიის გაბრწყინების” ლიდერისგან, რომელიც “აქვსენტიანელ” სასულიერო პირებთან ისე აწარმოებს დიალოგს, რომ მათ მიერ გამოცემულ კრებულებთან დაკავშირებით, რომლებშიც უმძიმესი ერეტიკული ცთომილებებია აღნუსხული, ხმა გაკმენდილი აქვს.

ბატონ გაბაშვილს დუმილის მიზეზი წმ. მამათა თხზულებების ერეტიკულად მთარგმნელ-გამავრცელებელი, მისი „მარჯვენა ხელი“, ბიულეტენ „ივერიის გაბრწყინების“ აქტიური წევრი, ხოლო 1998 წ. 5(26)-ე ნომრიდან მთავარი რედაქტორის მოადგილე ბატონი ვასილ ბურკაძეა.

ბატონ ედიშერ ჭელიძეს ერთწლიანი გამაფრთხილებელი მხილების მიუხედავად, არ გვსმენია, რომ (როგორც ვიცით თვით ბატონი ჭელიძეც გვამცნობს) ბატონ ბურკაძეს სადმე დაეგმოს არათუ ეს წიგნები, არამედ საკუთარი მცდარი თარგმანებიც. სავარაუდოა, რომ თავადვე ბრძანდება საკუთარი ერეტიკული თარგმანების გამავრცელებელიც, რომლებიც ათასობით ადამიანს შეიძლება სულის შესაპყარ მახედ შეექმნას.

ამრიგად, ბატონი ვ. ბურკაძე გამოცხადებული ერეტიკოსია, ამიტომაც მათან საეკლესიო ლოცვით (ან ევქარისტულ) ურთიერთობაში შემავალი ყველა ადამიანი არის ერეტიკოსი, რამეთუ ღირ. თევდორე სტოდიელი ბრძანებს: “არა მარტო მწვალებელბს... მიითვალავს გველი თავის სამფლობელოში, არამედ მათაც, ვინც განურჩევლად ეხება ასეთებს და შედის მათთან ურთიერთობაში” (Добротолюбие т. 4. Москва 1888 с. 444).

თუკი ბატონი ვ. ბურკაძე ეჭვმიუტანლად ერეტიკოსია, ზემოხსენებული განწესების თანახმად მასთან ურთიერთობაში შემავალი ბატონი გაბაშვილიც, მთელი თავისი რედაქციითურთ, ასევე ერეტიკოსია და ასეთი მტკიცების სამართლიანობაში გვარწმუნებს თვით ოპონენტთა ლოგიკაც.

ვფიქრობთ, სადავო წიგნის უარყოფასთან დაკავშირებით აშკარაა ოპონენტთა უსამართლობა და მიკერძოება, რამეთუ, ისინი ეპისკოპოს იონას წიგნს “რა უნდა ვაკეთოთ” ერეტიკულად მიიჩნევენ, ხოლო ჩვენ ამ ნაშრომის ნაწილობრივი დაგმობისთვის ერეტიკოსებად გვთვლიან, ხოლო ბურკაძის ერეტიკულ საქმიანობას სავსებითაც არ გმობენ და მის მიერ დაშვებულ ცთმობილებებზე თვალებს ხუჭავენ. ბატონ ედიშერ ჭელიძეს სიტყვებით რომ ვთქვათ, “მიზეზი ამგვარი გაუკუღმართებისა ერთადერთია: მიგვაჩნია, რომ დავიწყებული იქნა ყოველგვარი სასიკეთო (მითუმეტეს, საეკლესიო) მოქმედებების საფუძველი, უფლის სიტყვები:

“რაისა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა შენისასა არა განიცდი?... ორგულო, აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისგან ძმისა შენისა” (მათე 7:3-5).

დიახ, უფლის კანონით, ვიდრე დვირე არ ამოგვიღია ჩვენი თვალებიდან, სხვის თვალში წველს არ უნდა ვხედავდეთ. სხვაგვარად, ვიდრე თვით ჩვენ არ განგვიშორებია ერესის ბიწი, სხვის მაკურნებლად ვერ გამოვჩნდებით, ანუ ყოველი ჩვენი მოქმედება (რაგინდ გარეგნულად მართლმადიდებლური და შეურიგებელი) არათუ მხოლოდ უნაყოფო იქნება, არამედ დამღუპველიც” (ედ. ჭელიძე “ანტიერეტიკონი” თბ. 1997 წ. გვ. 5-7).

ბატონ ედ. ჭელიძეს ხსენებულ ბროშურაში ჩამოთვლილი აქვს ის მწვალებლობები, რომლებიც ბატონ ბურკაძის მონდომებით დღეისათვის უამრავი ადამიანის სულს აბინძურებს; კერძოდ, ესენია: 1. სწავლება სამების “შედგენილობის” შესახებ, 2. არიანული ერესი. 3. მაკედონიანური ერესი, 4. ტრითეიზმის (სამღმერთიანობის) ერესი, 5. მონოფიზიტური ერესი, 6. აპოლინარიზმი, 7. პატრიპასიანიზმი და სხვა, “ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ...” (ედ.ჭელიძე “ანტიერეტიკონი” თბ. 1997 წ. გვ. 5-7).

ვსარგებლობთ ოპონენტებისგან არჩეული და შემოთავაზებული პრინციპებით და ბატონ ედ. ჭელიძეს სიტყვებით ვეკითხებით:

1. "თვლით თუ არა, რომ ზემოთაღნიშნული მწვალებლობანი ყოვლად უპირობოდ დასაგმობია?

2.
თვლით თუ არა უმძიმეს ცთომილებად წმინდა მამის შრომაში მთარგმნელ-გამომცემელთა და მკურთხეველთა მიერ ერეტიკული სწავლების ჩართვას და მკითხველისადმი იმავე წმინდანის სახელით მათ მიწოდებას?

3. თვლით თუ არა, რომ ამ მწვალებლობათა დამლოცველ-მკურთხეველნი
(და მთარგმნელიც – არქიეპ.პ.) უმძიმესზე უმძიმეს ცოდვაში არიან?

4. თვლით თუ არა, რომ ვინც ამ მწვალებლობათა შემოქმედთ
(მათ შორის ბატონ ბურკაძესაც – არქიეპ.პ.) ფსევდომართლმადიდებლური განცოფებით და მწვალებლური ენამტკივნეულობით კბილებამდე იცავს, წერილობით თუ სიტყვიერად, მათზე მეტად მძვინვარე ერეტიკოსია?

5.
თვლით თუ არა, რომ ბეჭდვითი ორგანო (მათ შორის “ივერიის გაბრწყინება” – არქიეპ.პ.), რომელიც თავის წიაღში რაცხს ზემორე ერესთა ავტორთ (კერძოდ, მთარგმნელ გ. ბურკაძეს – არქიეპ.პ.), უთუოდ ერეტიკული განცოფებითაა სნეული?

6. თვლით თუ არა, რომ... ციტირებული სიტყვების თანახმად, “გველი თავის სამფლობელოში მიითვალავს არა მარტო მწვალებლებს, არამედ მათაც, ვინც განურჩევლად ეხება ასეთებს და შედის მათთან ურთიერთობაში”, არიან ერეტიკოსები? თუ ამ სიტყვებისა მართლა გჯერათ, რა ხვედრს არგუნებთ საკუთარ თავს, ხართ რა ზემორე მწვალებლობათა ავტორებთან და შესაბამისად, ზემორე მწვალებლობასთან აბსოლუტურად თანაზიარნი?"


გაგრძელება იხ. შინაარსი:
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому