აპოლოგეტიკა - ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო_6 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
ძველმართლმადიდებლური ლიტურგია


6. ისევ “რა უნდა ვაკეთოთ?”

ამრიგად, მოწინააღმდეგეთა ეს პროვოკაციაც ჩაიფუშა, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ჩვენ (თუნდაც ერეტიკოსების მიერ სწორად გამოთქმულ) მართლმადიდებლურ სწავლებას სრულებითაც არ უარვყოფთ და საეკლესიო გადმოცემებსაც ნაკლულად როდი შევიცავთ. თუ კვლავ არ დაგვეთანხმებიან, მაშინ თავიანთი ბრალდება ფაქტებით უნდა დაამტკიცონ, თუმცა ვეჭვობთ, ეს შეძლონ, რამეთუ არ არსებობს არავითარი ფაქტი იმისა, რომ ჩვენ საღმრთო გადმოცემის რომელიმე ნაწილს უარვყოფდეთ!

ოპონენტებმა ჩვენი “სექტანტობა” ხომ “დაგვიმტკიცეს”, ახლა ვნახოთ, როგორი სიყოჩაღითა და არგუმენტაციით ცდილობენ ჩვენი “ერეტიკოსობის” დამტკიცებას და გვემუქრებიან: “... ჩვენს ოპონენტებს, თვითმარქვია “სტაროობრიადცებს” მათივე კატეგორიებით დავუმტკიცოთ თავიანთი ერეტიკოსობა”-ო. ამ მეტად გაბედული განზრახვის შესასრულებლად ჩემი ვრცელი ციტატა გადმოუბეჭდავთ, რომელშიც ვწერდი: “ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას კიდეც რომ გაეთავისებინა მეუფე იონას ცთომილებები, შეუძლებელი იქნებოდა “სექტა” გეწოდებინათ მისთვის, რამეთუ ამ შემთხვევაში მთლიანი, საეკლესიო სწავლების უარყოფასთან და მისი რომელიმე ნაწილის აღიარებასთან, ანუ - ნაკლულოვან მოძღვრებასთან კი არ გვექნებოდა საქმე, არამედ ამა თუ იმ დოგმატური საკითხის არასწორ გაგებასთან, რაც ჭეშმარიტად იქნებოდა ერესი, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ეკლესია იქნებოდა ერეტიკული, მაგრამ - არა სექტანტური...” (ხაზგასმა ოპონენტებისა - არქიეპ.პ.) “როგორც ვხედავთ, - წერს “ივერიის გაბრწყინება”, - ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავუმტკიცოთ “ძველმართლმადიდებლური ეკლესიის” მიერ ბატონ მურთაზ ჩახავისეული ერეტიკული თხზულების - “რა უნდა ვაკეთოთ” გათავისების ფაქტი (ხაზგასმა ავტორებისაა - არქიეპ.პ.) (იქვე გვ. 13 სვ. 3).

“მარცხენა მხრიდან” მოწოდებული იდეებით აღტყინებული ოპონენტები გახელებულად ისწრაფვიან ჩვენს გამოცხადებას სექტანტებად, ამიტომაც დასახული გეგმის განხორციელებას ეშმაკის შთაგონებულნი ასე იწყებენ: “საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას” გაწყვეტილი აქვს კავშირი რუს “სტაროვერებთან” და წარმოსდგება სრულიად დამოუკიდებელ ერთეულად “მსოფლიო მართლამდიდებელი ეკლესიის” თვითცნობიერებითა და პრეტენზიით; ამ “მსოფლიო ეკლესიის” “სამღვდელოება” შედგება ორი “მღვდელმთავრის” (ჩახავა, ხორავა), ერთი “მღვდლისა” და ორი “დიაკონისგან”.

მსჯელობის ქვეტექსტი აშკარად მიუთიტებს, რომ ავტორის აზრით, შეუძლებელია მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია არსებობდეს: 1. როგორც სრულიად დამოუკიდებელი ერთეული; 2. ჰყავდეს ორი (ან ერთი) მღვდელმთავარი და კლერიკოსთა უმცირესი რაოდენობა და 3. არ იყოს განფენილი მთელ მსოფლიოში. აღნიშნული აზრი გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიოლოგიის გამოძახილია, რომელსაც, როგორც ჩანს, ოპონენტებიც იაზრებენ. ეს მოსაზრებები ერთდროულად რამდენიმე ერეტიკული სწავლების შემცველია, რომელტაც სხვა დროს უფრო დაწვრილებით განვიხილავთ, ამჯერად კი შედარებიტ მცირედი განმარტეტებით დავკმაყოფილდებით.

უპირველესად, უნდა განვმარტოთ კიდევ ერთი სიტყვა, რომელსაც პროფ. ანდრია კურაევის თქმით, ულმობელ ექსპლუატაციას უწევენ ჩვენი ოპონენტების დარი ფლეტონისტები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ბელზებელი მართლმადიდებლობაზე პაროდიების შეთხზვას ავალებს მათ. ეს არის სიტყვა “კათოლიკე”. ბერძნული “კათ-ოლონ” სიტყვასიტყვით “საყოველთაოს” ნიშნავს; ე.ი. თვით სიტყვა ერთგვარ სისრულეზე მიანიშნებს. მაგრამ დასავლური ქრისტეანობის აღმოსავლურისგან განმასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანი კიდევ იმაშია, რომ რომაელნი (ე.ი. პაპისტები – არქიეპ.პ.) ამ საყოველთაოობის ქვეშ გეოგრაფიულ და რაოდენობრივ სისრულეს გულისხმობენ მაშინ, როდესაც მართლმადიდებლობაში ონტოლოგიური, ხარისხობრივი სისრულე იგულისხმება. დედამიწაზე ერთი მართლმადიდებელი ადამიანიც რომ დარჩეს (მართლმადიდებელი არა მხოლოდ სახელით, არამედ სულითაც), მის სიცოცხლეში და აღმსარებლობაში ეკლესია ყოველთვის “კათოლიკურად” დარჩება. წმ. კირილე იერუსალიმელი ცხადად მოწმობს: “ეკლესია კათოლიკედ (საყოველთაოდ) იწოდება იმიტომ, რომ ის მთელ სამყაროშია, და იმიტომაც, რომ ის საყოველთაოდ, ყოველგვარი ნაკლულევანების გარეშე ყოველივე აუცილებელის მასწავლებელია; საყოველთაოდ მოაქიმე და ყოველგვარი ცოდვისგან განმკურნებელია; მასში მოიპოვება ყოველივე, რაც კი წოდებულია სათნოებად” (Огласительные слова с. 340-341. ციტ. Диакон А. Кураев. «традиция, догмат, обряд». Москва – Клин. 1995 с. 362).

მეტიც, ავტორის მოწმობით, თვით პაპისტ ღვთისმეტყველთაგან ზოგიერთნი, კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში დამკვიდრებული გამარტივებული ინტერპრეტაციებისა და ჩვენი ოპონენტების მბოდვარე იდეებისგან განსხვავებით, სრულიად მართლმადიდებლურად აღიქვამენ კათოლიკურობის (ანუ საყოველთაოობის) არსს. აი, მაგალითად, რას წერს “კათოლიკურობის” არსის შესახებ ანრი დე ლიუბაკი: “სიტყვას – “კათოლიკოს” კლასიკურ ბერძნულ ენაზე ფილოსოფოსები უნივერსალურ მტკიცებათა აღსანიშნავად იყენებდნენ. ზენონი წერდა ტრაქტატებს უნივერსალურობაზე – “კათოლიკა”-ს. ზედსართავი სახელი “ოლოს” ყოვლის გამომსახველს ნიშნავს, ხოლო ზმნიზედა “კათ-ოლიკონ”, “კათ-ეკასტონ”-ისგან განსხვავებით, ერთობლიობას, ერთობას ნიშნავს. არისტოტელესთან არსებობს ზოგიერთი განსხვავება “კათოლუ”-სა და “კინონს” (საერთო, ერთობლივი) შორის; ამასთანავე, უნივერსალური ერთადერთად გაიგებოდა. შეუძლებელი იყო მისი აღრევა რაოდენობასთან. ეკლესიის კათოლიკურობა მოცემულ სინამდვილეში არსებული გეოგრაფიული განვრცობით და მიმდევართა რიცხოვნებით განპირობებული არ არის (არადა, ჩვენი ოპონენტები სწორედ ამ მომენტებს ანიჭებენ მეტად დიდ მნიშვნელობას – არქიეპ.პ.), რამეთუ სულთმოფენობის ცისკარს ის უკვე კათოლიკური იყო... კათოლიკურობა, თავისი არსით, არც გეოგრაფიამდე და არც ციფრამდე არ დაიყვანება; კათოლიკურობა, სიწმინდის დარად, ისეთი რამეა, რაც შინაგანად ახასიათებს ეკლესიას. ეკლესია არათუ ყველას შეკრებისაკენ მიისწრაფვის, ის ყველას შეკრების უნარსაც ავლენს. ასე ესმოდათ კათოლიკურობა პირველი საუკუნის უდიდეს აპოლოგეტებს – თუმცა შემდგომში გეოგრაფიული ხასიათის შეხედულებებს საკმაოდ ზედმეტი მნიშვნელობა მიენიჭა1. (“მაგ.: ამტკიცებენ რომ ეკლესია კათოლიკეა, ანუ დედამიწაზე განვრცობილი სხვა საზოგადოებებზე უმეტესად განვრცობილია” – ჩენსურე დე ლა შორბონნე ცონტრე Eმილე – 1761. Анри де Любак. Католичество. с. 32 ციტ. ა.კურაევის დასახ. ნაშრ. გვ. 363)

ჩვენს წინააღმდეგ აყეფებულ ოპონენტთა დასაშოშმინებლად მივმართოთ მათ ე.წ. “ეკლესიის” “წმინდანებსაც”, რომლებიც საკმაოდ გამოკვეთილად ადასტურებენ ოპონენტთა ბრალდებების უაზრობას. ნიკონიანელი მთავარეპისკოპოსი ამბერკი თავის წერილში “მარილი განქარდეს” – დასასრულის მოახლოების ნიშანი”, იმოწმებს ეპ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვებს: “სრულდება საღმრთო წერილის წინასწარმეტყველება, რომ წარმართობიდან ქრისტეანობაზე მოქცეული ხალხები განუდგებიან ქრისტეს სჯულს. განდგომილება სრულიად ცხადად არის ნაწინასწარმეტყველევი და ეს მოწმობს თუ რაოდენ სარწმუნო და ჭეშმარიტია ყოველივე, რასაც საღმრთო წერილი ამბობს.

ამიტომ ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტეანს, მხილველს განდომილების პირქუში სურათისა, შეუძლია რაიმე შიში დაეუფლოს. ზოგიერთს კი მაინც იპყრობს რაღაც უგუნური და გულუბრყვილო შიში, არჩევს, წაუყრუოს ამ განდგომილებას და ვერ შეამჩნიოს იგი, მაგრამ შეშმარიტმა ქრისტეანმა ხომ თვით ისეუ ქრისტეს სიტყვებიდან იცის, რომ “ჯერ არს ესე ყოფად” (მარკ. 13:7).
ამიტომაა დანიშნული დუმილი განდგომილების თაობაზე, საკუთარი თავისა და სხვების მოტყუება, რომ ყველაფერი რიგზეა და არაფერია შესაშფოთებელი...
მართლმადიდებლობის მზე ესვენება...

დროის სულისკვეთებისა და საზოგადოების განწყობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეკლესიის შენობა, რომელიც კარგა ხანია ბარბაცებს, სწრაფად და სასტიკად შეირყევა და ამის შეჩერებას ვერავინ შეძლებს. - კი მაგრამ, - იტყვის მავანი, - რომელ დაცემაზე ლაპარაკობთ, როდესაც გვაქვს ქრისტეს მტკიცე აღთქმა: “და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათ. 16:18)?

ქრისტეს სიტყვები, ცხადია, სრულიად სარწმუნოა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ამ სიტყვებში მითითებული არ არის საზღვრები ეკლესიისა, რომელსაც ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან. არსად არ არის ნათქვამი, კერძოდ რომელი ეკლესია იქნება ეს - კონსტანტინეპოლის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის თუ სხვა, ლაპარაკია უბრალოდ ეკლესიაზე, მაშასადამე, სოფლის აღსასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ჭეშმარიტი ეკლესია კი არ აღიგვება პირისაგან მიწისა, არამედ იარსებებს” (იხ. ალმანახი “ლიმონარი” #1 გვ 40-43).

როგორც ვხედავთ, ეპ. ეგნატე თავისი შორეული სულიერი შთამომავლებისგან განსხვავებით, მართლმადიდებლურად აღიქვამს ბოლო ჟამს ეკლესიის საზღვრების ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებამდე შემცირებას. თუმცა ეს ადგილობრივი ეკლესია ონტოლოგიურად, არსებითად, მსოფლიო ეკლესიისგან (გეოგრაფიული განვრცობის გარდა) არაფრით განსხვავდება. ეპ. ეგნატეს ეს სწავლება სავსებით მართლმადიდებლურია და ეთანხმება წმ. გადმოცემას, რომლის უარყოფას ესოდენ უსინდისოდ გვაბრალებენ ოპონენტები, აქ კიდევ ერთხელ დასტურდება ის ჭეშმარიტება, რომ ჩვენ კი არა, თვითონ უარყოფენ მათი “წმინდანების” მიერ დაცულ მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიასა და გადმოცემას.

ოპონენტებს ჩვენი რიცხობრივი სიმცირეც აბრკოლებს, მათთვის წარმოუდგენელია ეკლესიის გეოგრაფიულ-სივრცობრივი საზღვრების ერთი ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებამდე და ეკლესიის მსახურთა რაოდენობისა – ორ ეპისკოპოსამდე, ერთ მღვდლამდე და ორ დიაკვნამდე შემცირება. არადა, სწორედ მათი სასიქადულო “წმინდანი” და მეტად ნიჭიერი ღვთისმეტყველი ამ ფაქტს (თუნდაც არა მის დროს, მაგრამ მომავალში აღსრულებადს) სრულიად ბუნებრივად და მართლმადიდებლურად აღიქვამს! მართალია, ის, როგორც ნიკონიანელი “ეპისკოპოსი”, აქ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას არ იგულისხმებდა, მაგრამ აქ მთავარი ის მართლმადიდებლური სწავლებაა, რომლის თანახმადაც ეკლესიის საზღვრების შემცირება შეიძლება ერთი ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებამდეც.

იგივე უნდა ითქვას ეკლესიის მსახურთა და მორწმუნეთა რაოდენობაზეც. “ბრძენ” ოპონენტებს აბრკოლებთ ის გარემოება, რომ “ამ მსოფლიო ეკლესიის” “სამღვდელოება” – როგორც ისინი წერენ ჩვენს შესახებ, - შედგება ორი “მღვდელმთავრის” (ჩახავა, ხორავა), ერთი მღვდლის” და ორი “დიაკვნისგან” და “აღნიშნული მასშტაბის” მსოფლიო ეკლესია მათთვის მიუღებელია; კვლავ ეპ. ეგნატეს სიტყვებით შევეცდებით ეშმაკისგან ჭკუადაბინდულთა გამოფხიზლებას და მათივე სათაყვანებელი “წმინდანის” პირით ვეტყვით: “ეკლესია ეკლესიად რჩება ყველა მისი აღთქმითა და მადლომოსილი უფლებებით, მაშინაც კი, თუ მის წიაღში დარჩება თუნდაც ერთი ეპისკოპოსი და რამოდენიმე მორწმუნე, ხოლო სხვა ყოველი კიდევაც “შეირყევა” და კიდევაც “დაეცემა”, მას მოერევიან ჯოჯოხეთის ბჭენი, თავის თავს კვლავინდებურად ეკლესიას რომ უწოდებდეს”.1(მთ. ეპ. ამბერკი. “მარილი განქარდეს”. ალმანახი “ლიმონარი” #1 გვ. 43).

ამრიგად, “ეკლესიის მდგომარეობა მშვიდად უნდა მივიღოთ, მაგრამ, ამასთან, უნდა გვესმოდეს იგი. ესეც ღმერთმა დაუშვა!”(იქვე). ეს სიტყვები ზედგამოჭრილია ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაზე.

ისევ ჩვენს ოპონენტებს მივუბრუნდეთ: “ისმება კითხვა: - წერენ ისინი – როდესაც აღნიშნული მასშტაბების “მსოფლიო ეკლესიაში” ორიდან – ერთი “ეპისკოპოსი”, მითუმეტეს – “პირველიერარქი” წერს და გამოსცემს თითქმის ათასგვერდიან “თეოლოგიურ” ტრაქტატს, თანაც “სახარების” პრეტენზიით და ავტორი, ამავდროულად მკითხველს საკუთარ თავს წარუდგენს “ქრისტეს მეორედ მოსვლის მახარებელისა”(იოანე მოციქულის) და “მსოფლიო მოძღვრის” სტატუსით, ხოლო მიმდევრები აღნიშნულ თხზულებას საჩუქრად ურიგებენ ქართული ერის “ელიტას” (შერჩევით) – არის თუ არა ეს ნაშრომი “გათავისებული” საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში?” (ხაზგასმა ავტორებისაა – არქიეპ.პ.). ვფიქრობთ, შეურაცხადის გარდა, ნებისმიერი, თუნდაც მიკერძოებული მსაჯული, იძულებული იქნება აღიაროს, რომ ბატონ “პავლე” ხორავას მიერ “დაგმობამდე” ეს წიგნი უპირობოდ იყო მიღებული ბატონ მურთაზ ჩახავასეულ ორგანიზაციაში, ვითარცა – ყველა ადეპტის სახელმძღვანელო (თუ როგორ შეისწავლა იგი “მრევლმა”, - ეს სხვა საკითხია) (“ივერიის გაბრწყინება” #5 (26) გვ. 13-14).

უპირველესად გავარკვიოთ, რას ნიშნავს ტერმინები “გათავისება” და “სახელმძღვანელო”. ცნება “გათავისებას” წერილობით ნაწარმოებთან მიმართებაში შეიძლება ჰქონდეს ორი აზრი: პირველი: მისაკუთრება (ანუ როდესაც ვინმე სხვის ნაწერს ან თხზულებას მიისაკუთრებს, თავისად გამოაცხადებს. ამ გაგებით პლაგიატიც გარკვეულწილად “გათავისებაა”) და მეორე: ნაწარმოების შინაარსთან სრული გონებრივი (და, გნებავთ – სულიერი) თანხმობა. ამ ბოლო თვალსაზრისით ნაწარმოებში გატარებული აზრის ან მტკიცების გათავისება მასთან სრულ დათანხმებას ნიშნავს. საკუთრივ “გათავისებასა” და “თანხმობას” შორისაც არსებობს განსხვავება, კერძოდ, შეიძლება დაეთანხმო ადამიანის ამა თუ იმ მოსაზრებას, შესაძლებლად მიიჩნიო მისი არსებობა, მაგრამ არ გაითავისო იგი. ასეთია, მაგალითად, კერძო საღვთისმეტყველო აზრი ან თეოლოგუმენი, როდესაც შეგვიძლია დავეთანხმოთ (ან არ შევეწინააღმდეგოთ) ამა თუ იმ მოსაზრებას, დავუშვათ ამ აზრში გატარებული მტკიცების შესაძლებლობა, ოღონდ უპირატესობა მივანიჭოთ სხვა აზრს. მაგრამ, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად ეთანხმება გამოთქმულ მოსაზრებას, ეთანხმება იმ ზომით, რომ საკუთარი ცნობიერების ნაღვაწიც კი აღიქვამს, მაშინ აქვს მას გათავისებული ეს შეხედულება. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ, როგორც “თანხმობის”, ასევე “გათავისების” უარყოფა თავისუფლად შესაძლებელია. როდესაც ეკლესიის იერარქის ნაშრომი ან ეკლესიის ამა თუ იმ იერარქის კურთხევით რაიმე თხზულების თარგმანი გამოდის, ცხადია, შეუძლებელია ის უცებ გამოვაცხადოთ ამ ეკლესიის მიერ გათავისებულად. პირველი გაგებით, ანუ ეკლესიის კუთვნილებად ცხადდება მხოლოდ ეკლესიის მიერ კანონიზირებული წიგნები. ხოლო ის წიგნები, რომელთა კანონიზაციას ეკლესია არ ახდენს, საკითხავ, ანუ სამოძღვრებო წიგნებად ითვლება.

ჩვენი ეკლესიის მიერ ამ წიგნის პირველი გაგებით გათავისების ფაქტი მაშინ იქნებოდა დადასტურებული, ეკლესიას მისი კანონიზება რომ მოეხდინა, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა და არც მოხდება, რამეთუ პაპისტურისგან განსხვავებით მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხოა ყოველგვარი აზრისა თუ ეკლესიის მოძღვართა ყოველგვარი სწავლების კანონიზაცია.

ოპონენტებმა რომ ბრალდების მეორე თვალსაზრისის თანახმად დამტკიცება შეძლონ, ჩვენ უნდა ვეთანხმებოდეთ წიგნში გამოთქმულ ყველა გამონათქვამსა და მოსაზრებას, ანუ წიგნში დაშვებული ცთომილებანი ჩვენი, ძველმართლმადიდებლური ეკლესიის სწავლა-მოძღვრებას უნდა წარმოადგენდეს, ამის მტკიცება კი შეუძლებელია ორი მიზეზით:

პირველი: წიგნში დაშვებული ცთომილებების გასწორებას აუცილებლად მიიჩნევს თვით მისი ავტორი. ე.ი. ცთომილებები, რომელთა გათავისებას მთელ ეკლესიას აბრალებენ, თვით ამ წიგნის ავტორის მიერაც უარყოფილია, ანუ ის უარყოფს იმ სწავლებებს, რომლებიც ცთომილებად იქნა მიჩნეული. აქედან, “ერეტიკოსის” ყადაღას არათუ ეკლესიის მრევლსა და კლერიკოსთ, არამედ წიგნის ავტორსაც ვერავინ დაადებს. მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში პრაქტიკულად არ არის ცნობილი შემთხვევა, ერეტიკოსად გამოეცხადებინოთ კაცი, რომელიც თავის ცდომილებებს აღიარებს; მაშ, როდის უნდა შეეშვან ოპონენტები “ღია კარის მტვრევას?!”

მეორე: თუკი შეუძლებელია თვით წიგნის ავტორის ერეტიკოსად გამოცხადება, როგორღა მოხერხდება ასეთად გამოცხადდეს ეკლესიის მრევლი, რომელსაც არც ერთი ამ ცთომილებათაგანი გათავისებული არა აქვს და მეტიც – თვითონვე მოითხოვა მათი გასწორება?! ოპონენტები ამ გამოცანის ასეთ “ახსნას” გვთავაზობენ: თუკი “მიმდევრები აღნიშნულ თხზულებას საჩუქრად ურიგებენ ქართველი ერის “ელიტას” (შერჩევით), არის თუ არა ეს ნაშრომი “გათავისებული” “საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში?” ამრიგად, ამ ნაშრომის “გათავისების ფაქტი” “გვიმტკიცდება” იმით, რომ თურმე წიგნს ფოსტალიონებივით ვარიგებდით ქართველი ერის “ელიტაში”. ჩვენთვის უცნობია, ვინ მიაწოდა ასეთი ცნობა ან რა მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ასეთ აზრს ამ სიტყვების ავტორი.

წიგნის, “რა უნდა ვაკეთოთ” თითქმის ყველა ეგზემპლარი (სულ 1000 ცალი) გავრცელებულია მისი ავტორის მიერ. მეტიც: არცერთი წიგნი, რაც მის ბინაში ან რეზიდენციაში ინახებოდა, წიგნის შეძენის მსურველთა გამოჩენის შემთხვევაშიც კი არ გაცემულა მის უნებართვოდ, მაგრამ, დავუშვათ ასეც ყოფილიყო, მაინც გაუგებარია, რანაირად იქნება ეს ჩვენგან წიგნის “გათავისება”. წიგნის თითქმის ყველა ეგზემპლარი გამოცემისთანავე, მრევლის მიერ მის ჯეროვან გაცნობამდე დარიგდა; ხოლო გამოცემამდე არც ეკლესიას და არც მე მისი გაცნობის შესაძლებლობა არ გვქონია. ამ 800-გვერდიან ნაშრომს გამოცემისთანავე, ორიოდე დღეში რომ ვერ გავეცნობოდით, ესეც რომ ცხადია. თანაც მთელი ეკლესია ასეთ მოკლე ხანში მას ვერ გაითავისებდა, ან საიდან შეიძლება ვიცოდეთ, ვინ გაითავისა იგი და ვინ არა? არადა, ოპონენტები ისეთი დაბეჯითებით ირწმუნებიან ეკლესიის მიერ ამ წიგნის “მთლიან გათავისებას”, თითქოსდა ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაეტარებინოთ. ჩვენს ეკლესიაში ამ ნაშრომის გარშემო განწყობილება ასე ყალიბდებოდა: მე, როგორც ეპისკოპოსმა, ცთომილებების აღმოჩენისთანავე შევთავაზე ავტორს მათი გასწორება, სხვებიც ასე მოიქცნენ. ეკლესიაში დაიწყო კამათი და მსჯელობა. მივმართეთ ავტორს. წარვუდგინეთ მას სადავო საკითხებთან დაკავშირებული ჩვენს ხელთ არსებული წმ. მამათა ყველა სწავლება. ავტორი ყველა ამ საკითხში დაგვეთანხმა და ყოველივე ამის შესახებ ჩვენს ბიულეტენში დაიბეჭდა ინფორმაცია (იხ. დანართი #1 გვ. 91-93) თქვენი აზრით, ეს ყოფილა “გათავისება”? ნუთუ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შემდეგ მკითხველისთვის ცხადი არ გახდება, როგორ უსაფუძვლოდ ცდილობენ, დაგვწამონ წიგნში აღმოჩენილი ზოგიერთი ცთომილების “გათავისება”?! მრევლის მიერ ჩვენი ეპისკოპოსის ნაშრომის შესწავლა სრულებითაც არ მიგვაჩნია მეორეხარისხოვან და “სხვა საკითხად”, როგორც ამას ოპონენტები ირწმუნებიან. პირიქით, ეს გარემობა უმთავრესი და უმნიშვენელოვანესია. ამრიგად, ეს წიგნი ჩვენს მიერ “გათავისებული” რომ არ არის, მტკიცდება მასში არსებული ცთომილებების აღიარებით და არა შეუმოწმებელი დასკვნებით, როგორსაც მიმართავენ ჩვენი ოპონენტები. ეს, რაც შეეხება “გათავისებას”, ახლა კი ვნახოთ, არის თუ არა მოცემული წიგნი “სახელმძღვანელო” ძველმართლმადიდებლური ეკლესიისთვის.

აღვნიშნავთ, რომ სახელმძღვანელოდ ესა თუ ის წიგნი შეიძლება მიჩნეული იქნეს იმ ზომით, რა ზომითაც აღიარებს მას მთლიანობაში მკითხველი. რადგანაც ხსენებულ ნაშრომს უარვყოფთ ნაწილობრივ, ანუ მთლიანობაში არ ვაღიარებთ მას უცთომელად, ბუნებრივია, რომ მთლიანად კრებულში გადმოცემული აზრები ჩვენთვის სახელმძღვანელო ვერ იქნება. მეტიც: ეს გარემოება ლოგიკურად გამომდინარეობს პირველი მტიცებიდან, რომლის მიხედვითაც ეს წიგნი მთლიანობაში ჩვენს მიერ გათავისებული არ ყოფილა და, რაკიღა გათავისებული არ არის, ბუნებრივია, სახელმძღვანელოც ვერ იქნება. სახელმძღვანელოდ ეს წიგნი შეიძლება მაშინ გახდეს ჩვენთვის, როდესაც მასში არსებული ყველა ცთომილება გასწორდება. ესე არ იყოს, ესა თუ ის წიგნი სახელმძღვანელოდ დამწერის შეკვეთით არ ცხადდება, არც ვინმეს (თუნდაც ეპისკოპოსისა) სურვილით. არათუ წიგნის, თვით საეკლესიო კანონების აღიარებაც კი მეტად ხანგრძლივი პროცესია. წიგნს ან მოსაზრებას სახელმძღვანელოდ დროთა განმავლობაში აკანონებს ეკლესია და არა ესა თუ ის პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი. ამა თუ იმ წიგნების თუ საეკლესიო კანონების მთელი ეკლესიისთვის სახელმძღვანელოდ დაწესების ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს ეკლესიის მიერ წმ. წერილის კანონის ჩამოყალიბების დაწესების ისტორია. ასე, რომ დასავო ნაშრომის ირგვლივ ჩვენი ოპონენტების ბრალდება, თითქოსდა ის ჩვენი ეკლესიის “სახელმძღვანელოა”, ისეთივე აბსურდული თვითმტკიცებაა, როგორც ჩვენგან მისი “გათავისება”.


გაგრძელება იხ. შინაარსი:
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому