აპოლოგეტიკა - ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო_2 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
ძველმართლმადიდებლური ლიტურგია


2. სიზმრად ნანახი რეინკარნაცია

ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ზემოქმების მოსახდენად და კიდევ იმისთვის, რათა უარყოფითად დამუხტონ და ჩვენს მიმართ მტრულად, ხოლო საკუთარ ყალბ მტკიცებათა მიმართ ნდობით განაწყონ მკითხველი, ოპონენტები მეტად მზაკვრულ და ბინძურ ხერხს მიმართავენ: თავიანთი ბიულეტენის 1998 წლის მე-5 (26) ნომრის მე-10-13 გვერდებზე საერთო სათაურით: "მე-20 საუკუნის მიწურულის ევრაზიელ ქრისტემტყუვრებისა და ცრუწინასწარმეტყველთა ფოტოგამოფენიდან" ბეჭდავენ ცრუწინასწარმეტყველთა და ცრუმესიათა: სეკო ასახარას, მარია ცვიგუნის, იური კრივონოგოვის, ალლა სუვოროვას (კურტბარტის) და ბესარიონ ტოროპის ფოტოებს. ამ გალერეას ამავე რუბრიკით ემატება ჩვენი ეპისკოპოსის, იონას ფოტოსურათიც წარწერით: "მურთაზ ჩახავა - ყოფილი კომუნისტი, "საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის სუპერერეტიკული სექტიდან".

ქვეტექსტი ნათელია: ზემოთ ჩამოთვლილ ცრუმესიათა დარად ეპისკოპოსი იონაც საკუთარ თავს თურმე "იოანე მახარობლად" აცხადებს; ქრისტემტყუვართა გვერდით ძველმართლმადიდებლური ეკლესიის "სუპერსექტად" გამოცხადება, ხოლო მისი ეპისკოპოსის ურჯულოთა მარაქაში გაყვანა ოპონენტთა კიდევ ერთი უნამუსო წამოწყებაა, რომელიც მათ სიცოფეს წარმოაჩენს. იმაზე, თუ რა წარმოდგენა აქვთ ოპონენტებს სექტაზე ან შესაძლებელია თუ არა ყოფილი პარტიული ეპისკოპოსი გახდეს, ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ, ამჯერად კი აღვნიშნავთ, რომ აზრი, თითქოსდა ეპისკოპოსი იონა "იოანე მახარობლად" აცხადებს თავს, მოწოდებული და დამკვიდრებულია საქართველოში გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის სასულიერო აკადემიის ლექტორის, ბ-ნ ედიშერ ჭელიძის მიერ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ერისკაცობაში, 1989 წელს ბ-მა მურთაზ ჩახავამ საკუთარი ხარჯებით გამოსცა თეოლოგიური ნაშრომი "ერი, ღმერთი და კანონი" (გამომცემლობა "მერანი"), რომელიც, როგორც ბ-ნი ჭელიძე აღნიშნავს, "სამპლანიანია": მეცნიერული, თეოლოგიური და წინასწარმეტყველური. წიგნის მესამე, წინასწარმეტყველურ ნაწილში განხილულია იოანე-ზოსიმეს ცნობილი ძეგლი: "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", სადაც ავტორის (ბ-ნ მ. ჩახავას) მიერ გახსნილია ძეგლში კოდირებული ინფორმაცია _ საქართველოს ბოლოჟამინდელი (ანუ მეორედ მოსვლის წინა პერიოდის) მესიანური მისიის არსი" (ედიშერ ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი 1990 წ. გვ. 31).

წიგნში, წმ. მამათა და ძველ მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით, მოწოდებულია ცნობა მეორედ მოსვლის წინა ჟამს სამი წინასწარმეტყველის: ილიას, ენუქისა და იოანეს მობრძანების თაობაზე, რომლის ჩახავასეულ განმარტებას, სამწუხაროდ, ფრიად ყალბ ინტერპრეტაციას აძლევს ბატონი ე. ჭელიძე და ავტორს ანტიმართლმადიდებლური იდეების ქადაგებას სწამებს. ის წერს: "ბატონი ჩახავა ცდილობს მკითხველს წინასწარ წარმოუდგინოს ამ უსაიდუმლოესი ჟამის (მეორედ მოსვლის - არქიეპ. პ.) წინა პერიოდის სურათი და კონკრეტულად იოანე ღვთისმეტყველის შესახებ ასეთ უცნაურ აზრს გამოთქვამს:

"ბიბლიური ცნობების მიხედვით ილიასა და ენოქს ციდან უწევთ ჩამოსვლა, რადგან ისინი ცოცხლად იქნენ აყვანილნი ცაში, ხოლო იოანე მობრძანება ალბათ ჩვეულებრივ დაბადებას უნდა ჰგავდეს, ე. ი. უნდა გამოჩნდეს კაცი იოანეს სახელით, მისივე სულიერებით და ძლიერებით" (იქვე. გვ. 31).

"ავტორი, - აგრძელებს ბ-ნი ჭელიძე, - რომელიც არაერთგზის აღნიშნავს იოანე მახარებლის სიკვდილს 110 წლის ასაკში, მიიჩნევს, რომ მეორედ მოსვლის წინა პერიოდში მისი გამოჩენა, ილიასა და ენოქისაგან განსხვავებით, ალბათ ჩვეულებრივ დაბადებას უნდა ჰგავდეს", - ე. ი. ბატონ ჩახავას ვარაუდით, იოანე ღვთისმეტყველი, ალბათ, ჩვეულებრივი წესით უნდა დაიბადოს, ანუ იგი კვლავ უნდა იშვას ხორციელად. შეხედულება მეორედ მოსვლის წინა პერიოდში იოანე ღვთისმეტყველის ჩვეულებრივი დაბადების შესახებ საფუძველშივე უარყოფს მართლმადიდებლურ მოძღვრებას. "ჩვეულებრივი დაბადება" - სხვა არა არის რა, თუ არა 110 წლის ასაკში გარდაცვლილი იოანეს კვლავ შობა ბავშვის სახით, ანუ მისი კვლავ ხორცშესხმა, რეინკარნაცია, მეტემფსიქოზი, და ამ საკითხზე სიტყვის გაგრძელება ზედმეტად მიგვაჩნია" (იქვე გვ. 31, 32).

ვინც ბატონ მურთაზ ჩახავას ნაშრომის ზემოთ ხსენებულ ადგილს იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ბატონი ე. ჭელიძე აყალბებს და ამახინჯებს ბატონ მ. ჩახავასგან გადმოცემულ ცნობას იოანე ღვთისმეტყველის გამოჩენის თაობაზე.

ჯერ ერთი, შეგახსენებთ, რომ მტკიცება მეორედ მოსვლის წინ იოანე ღვთისმეტყველის გამოჩენის შესახებ, რომელიც ბევრს დღემდე ასე "უცნაურად" ეჩვენება, სრულიადაც არ ეკუთვნის ბატონ მ. ჩახავას, არამედ უძველესი მართლმადიდებლური გადმოცემაა. აი, ის წყაროები, რომელთაც ეყრდნობა ბატონი მ. ჩახავა:

ძველსლავური წიგნი "ალფა და ომეგა": თუ მისი (ე. ი. ქრისტეს - არქიეპ. პ.) პირველი მოსვლის წინ წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი იყო, მეორედ მოსვლის წინაჟამს ილიას, ენოქის და იოანე ღვთისმეტყველის მოვლინება ნებავს" ("ალფა და ომეგა", თ. 66, ფურც. 210).

ნეტარი იერონიმე: "ღვთისმეტყველი იოანე წინასწარმეტყველ ილიას მსგავსად სხეულებრივად მოვა" (Творения, часть 15, стр. 170).

წმ. იპოლიტე რომაელი: "იხილე კაცთმოყვარება ღვთისა, თუ ვითარ მფარველობს კაცთა მოდგმას, რამეთუ წინასწარმეტყველთაც კი მოავლენს ჩვენდა დასამოძღვრად, მოსაქცევად და ანტიქრისტეს გამოჩენის საუწყებლად, დანიელის სიტყვისამებრ და იქნება იმ ჟამს, რომ შვიდეულის ნახევარს აიღებენ ორივე წინასწარმეტყველნი (ილია და ენოქი) იოანესთან ერთად, რაც არის ათას ორას სამოცი დღე, და ანტიქრისტეს გამოჩენას აუწყებენ მსოფლიოს" (Слово блаж. Ипполита Римского в неделю мясопустную, о скончании мира, об антихристе и о втором пришестви Господа нашего Исуса Христа).

მეორეც, ბატონი მ. ჩახავა არსად ამბობს, რომ იოანე ღვთისმეტყველი (ერთი თორმეტ მოციქულთაგანი) ხელახლა უნდა დაიბადოსო, არამედ წერს: "უნდა გამოჩნდეს კაცი, იოანეს სახელით, მისივე სულიერებით და ძლიერებით" (ამ ციტატას ბატონი ე. ჭელიძეც იმოწმებს); ე. ი. კაცი იოანეს სახელით და არა თვით იოანე მახარობელიო. მაშ, რა შუაშია აქ რეინკარნაცია და მეტემფსიქოზი?

და კიდევ: ანდრია კესარიელი აპოკალიპსისის მე-10 თავის მე-10, 11 მუხლების განმარტებაში ამბობს: "...მინიშნებულია, რომ ყოველივე, ნაუწყებიდან საღმრთო გამოცხადებისთანავე კი არ აღსრულდება, არამედ სახარების მეშვეობით, ხოლო ნეტარს (იოანეს - არქიეპ. პ.) მომავლის შესახებ ამ გამოცხადების ქადაგება მკითხველისთვის სამყაროს აღსასრულამდე მოუწევს; ან კიდევ, ეს ნიშნავს, რომ ის (ე. ი. იოანე - არქიეპ. პ.) არ იგემებს სიკვდილს, ხოლო ქვეყნიერების აღსასრულს კვლავ გამოჩნდება, რათა წინ აღუდგეს ანტიქრისტეს საცდურს" (Литературная учеба. 1991 г., кн. 1, Андрей Кесарийский. "Толкование на Апокалипсис", стр. 115).

აქვე უნდა დავსძინოთ, რომ ბოლო ჟამს იოანე ღვთისმეტყველის გამოჩენის აზრს აღიარებდა წმ. მაქსიმე ბერძენიც (XIV ს.). მაგრამ, რადგანაც იოანე თვითონაც არ უარყოფს სახარებაში თავის სიკვდილს (ცნობილია, რომ მან ცოცხლად ჩაამარხვინა თავი და, როცა კვლავ მოინახულეს, ადგილზე აღარ დახვდათ) ისევე, როგორც არ უარყოფს იოანე მახარობლის სიკვდილს ეკლესიის ცნობილი ისტორიკოსი ევსები პამფილი (კესარიელი) (IVს.) ("საეკლესიო ისტორია", წიგნი III, 31:2) - აპოკალიპსისის 10:11 მუხლის ორგვარი გაგების საფუძველიც გაჩნდა.

პირველი ვერსიით: იოანე მახარობელი ჯერაც ცოცხალია და ისევ გამოჩნდება მეორედ მოსვლის წინ, რათა დამოძღვრას მსოფლიო.

მეორე ვერსიით: იოანე ღვთისმეტყველი გარდაიცვალა, ხოლო ბოლო ჟამს უნდა გამოჩნდეს სხვა კაცი იოანეს სახელით, მისი სულიერებითა და ძლიერებით, და მეტემფსიქოზი აქ არაფერ შუაშია.

ასე, რომ ბატონ ე. ჭელიძის მიერ ბატონ მ. ჩახავასადმი წაყენებული ბრალდება, რბილად რომ ვთქვათ, მეტად არაზუსტია. თუ "კაცის დაბადება იოანეს სახელით", ხოლო მისი გამოჩენა და მოღვაწეობა "იოანე ღვთისმეტყველის სულიერებითა და ძლიერებით" რეინკარნაციის, მეტემფსიქოზის ქადაგებაა, მაშინ ყოველი ანალოგიური განმარტება სხვა შემთხვევაშიც რეინკარნაციად და მეტემფსიქოზად უნდა მიიჩნიოს ბატონმა ჭელიძემ და, აქედან გამომდინარე, მან თვითონ მაცხოვარიც კი უნდა დაადანაშაულოს "მეტემფსიქოზის" ქადაგებაში, რადგანაც იოანე ნათლისმცემელზე ბრძანა: "ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყველას, მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ" (იხ. მათე 17:10-13; 11:14; მარკ. 9:11). მაგრამ იოანე ნათლისმცემლის ეს მოსვლა განა თვით ლუკას სახარებაშივე ილიას სულიერებითა და ძალით მოვლინებად არ განიმარტა? (ლუკა 1:17) და თუკი დაბადებულა კაცი, - იოანე ნათლისმცემელი, - და მოსულა ილიას სულიერებითა და ძალით, რატომ არის შეუძლებელი "დაიბადოს კაცი იოანეს სახელით" და გამოჩნდეს იგი "იოანე ღვთისმეტყველის სულიერებითა და ძლიერებით"?

ახალ ძველი აღთქმის (IV მეფ. 2:8-10, 14, 15) ის მონაკვეთი გავიხსენოთ სადაც წერია: "... უთხრა ილიამ ელისეს: მთხოვე, რა გაგიკეთო ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან, მიუგო ელისემ: შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე. უთხრა: ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება, თუ ვერა, და არ აგისრულდება". და შედგომ: "... ილიას სული გადმოვიდა ელისეზე". როგორღა გახდა შესაძლებელი, ელიას სულის ორმაგი წილი (ელიასი, რომელიც დღესაც სხეულებრივად ცოცხლობს და ანტიქრისტეს მეფობის ჟამს უნდა გამოჩნდეს, გადმოსულიყო ელისეზე? ან როგორ შეეძლო საკუთარი სულის მქონე ელისეს, სული მიეღო მეორე ადამიანისა? (წარმოიდგინეთ, რა განგაშს ასტეხდნენ ოპონენტები ამის მსგავსი რამ ჩახავასგან რომ გაეგოთ). მაგრამ განა ეს სიტყვები სიმბოლურად არ განგვიმარტეს წმ. მამებმა და მრჩობლი (ორმაგი) მადლის მესაკუთრედ არ მიიჩნიეს ელისე? (იხ. წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წ. IV, თ. 24).

ამრიგად, ძველ, მართლმადიდებლურ წყაროთა მიერ განცხადებული ამბის, - იოანე წინასწარმეტყველის მობრძანების რეინკარნაციად შერაცხვა, არც მეტი, არც ნაკლები, მკრეხელობა და მართლმადიდებელ მამათა შეურაცხყოფაა და, რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, - ეს არის ღვთის გმობა, რამეთუ ეჭვქვეშ აყენებს საღმრთო განგებულებას მესამე წინასწარმეტყველის, იოანეს გამოჩენის შესახებ.

თუ "ივერიის გაბრწყინების" თანამშრომლები "იოანე მახარებელზე" მინიშნებისას ჭელიძისეულ განმარტებას ეყრდნობოდნენ, ეს განმარტება, როგორც ნახეთ, სინამდვილეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ჩვენი ეპისკოპოსის პრეტენზიას "იოანე მახარებლის სულიერებასა და ძლიერებაზე", ეს ერთგვარად სადავო საკითხია და ამაზე მსჯელობისაგან ამჯერად თავს შევიკავებ, იოანე მახარებლის ზეცაში ცოცხლად აყვანასა და მის კვლავ ჩამოსვლას კი ვიზიარებთ, როგორც ამას გვასწავლიან ანდრია კესარიელი, წმ. ნეტარი იერონიმე, წმ. ანდრია სალოსი, წმ. იპოლიტე რომაელი და სხვები.

როგორც უკვე ითქვა, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეპისკოპოსი იონა ადრე კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მაგრამ ივიწყებენ, რომ იგი პარტიული იყო მონათვლამდე. ე. ი. მანამ, სანამ ის ჭეშმარიტი ნათელღებით ძველმართლმადიდებელი ქრისტეანი გახდებოდა. ოპონენტების სივერაგე აქ იმაში გამოიხატება, რომ კომუნისტებისადმი ხალხში არსებული ანტიპათიით მანიპულირებასა და ეპისკოპოსის წარსულზე მინიშნებით, მისი სასულიერო ღირსების გაუფასურებას ცდილობენ. ამას ისეთი კადნიერებით იქმან, თითქოსდა თვითონ მუდამ "ანგელოზები" ან "მამა აბრაამის ბატკნები" იყვნენ. ამასთან, ადამიანის წარსულისა და აწმყოს ამგვარი ურთიერთ შეპირისპირებით ისინი უარყოფენ ცოდვილთა მოქცევის ქრისტესმიერ პრინციპებს და ეს მაშინ, როდესაც ქრისტე ბრძანებს: "ჩემთან მოსულს არ გავაგდებ და მის ცოდვებს არ გავიხსენებ" (შეად. ესაია 43:25; 44:22; ეზეკ. 18:32).

ისინი მანიპულირებით ცდილობენ ადამიანებს ეჭვი აღუძრან პიროვნების წარსულის გამოქექვით. ჩანს, არც კი უწყიან, თუნდაც ერთ ადამიანსაც რომ მიუდგე ასეთი პრინციპით, ამით შეურაცხჰყოფ არა მარტო საძრახისი წარსულის მქონე მრავალ წმინდანს, არამედ თვით ჩვენს უბიწო და უცოდველ უფალს, იესუ ქრისტეს.

უფალი რომ ცოდვილს შეიწყნარებს და მისი მოქცევის შემთხვევაში თავდაპირველ პატივში აღადგენს, ეს ჩანს უძღები შვილის იგავიდან, სადაც მოქცეული შვილის მისაღებად ზეციერი მამა ასეთ ბრძანებას გასცემს: "გამოიღეთ სამოსელი პირველი, და შეჰმოსეთ მას, და შეაცუთ ბეჭედი ხელსა მისსა და ხამლნი ფერხთა მისთა, და მოიბით ზურაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და გაცოცხლდა, წაწყმედილ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად" (ლუკა 15:22-24).
მაშ, თუკი მამა ზეციერი ხარობს ცოდვილთა მოქცევაზე, რატომღა გლოვობენ ჩვენი ოპონენტები ყოფილი კომუნისტის მოქცევას? ხომ არ ემსგავსებიან იმ ერეტიკოსებს, რომლებიც ცოდვილთა მოქცევას უარყოფდნენ?!

თუკი ნათლობის შემდეგ კომპარტიის ყოფილი წევრის გაეპისკოპოსება შეუძლებელია ან საძრახისი, განა უფრო საძრახისი არ უნდა იყოს სიძვა-მრუშობის შემდეგ მოციქულთა სწორი ღვაწლი აღება? მაშ, დავგმოთ წმ. მარიამ მაგდალინელი, "რომლისგანაც განსრულ იყვნეს შვიდნი ეშმაკნი" (მარკ. 16:9), ან სამარიტელი დედაკაცი წმ. ფოტინე, რომელსაც "ხუთ ქმარ ესხნეს" (იოანე 14:18). მათ ხომ თავიანთი მქადაგებლური ღვაწლით მრავალი წარმართი მოაქციეს ქრისტეანობაზე? ან რაღა ვთქვათ თვით მოციქულებზე, _ ოპონენტთა პრინციპით, წარსულისთვის ხომ არ დავგმოთ და უარვყოთ მებაჟე მათე, რომლის საქმიანობა ისევე საძრახისი და საძულველი იყო იმდროინდელ ისრაელში, როგორც "კაგებე"-ს თანამშრომლობა ან კომპარტიის წევრობაა დღეს?! ან რა მოვუხერხოთ სავლედყოფილ წმ. მოციქულ პავლეს, რომელიც, შეიძლება ითქვას კომუნისტებზე არანაკლებ სდევნიდა ქრისტეანებს "ვიდრე სიკუდილამდე" (საქმე 22:20)?

სავლე "ფრიად მავნე იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ" (საქმე 8:3). მღვდელმთავართაგან უფლებამოსილი მრავალ წმინდანს ყრიდა საპყრობილეში და ეთანხმებოდა მათ დახოცვას. ყველა სინაგოგაში მრავალგზის აწამებდა ქრისტეანებს და აიძულებდა, ეგმოთ. გამძვინვარებული სდევნიდა მათ ვიდრე უცხო ქალაქებამდე (შეად. საქმე 25:10, 11).

ასე, რომ პირველად ვიყავიო "მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ". მაგრამ "დედის მუცლითგან გამორჩეული" (გალატ. 1:15), შეწყალებულ ვიქმენო, რამეთუ "უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა", _ ბრძანებს პავლე (1 ტიმ. 1:13). მაშ, ხომ არ დავგმოთ და სამოციქულო ღვაწლისთვის უღირსად ჩავთვალოთ უფლის "რჩეული ჭურჭელი" (საქმე 9:15) პავლე? თან იქნებ ქრისტეანობის პირველ საუკუნეებშიც გადმოვიხედოთ და კიცხვას მივცეთ მოგვყოფილი ეპისკოპოსი წმ. კვიპრიანე (IIIს.), ან არცთუ მოსაწონი წარსულის მქონე იპონიის ეპისკოპოსი ნეტარი ავგუსტინე (IVს.)?

ცხადია, ჩვენ, მორწმუნენი ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან უფლის ბრძანებაა: "ჩემთან მოსულს არ გავაგდებ და მის ცოდვებს არ გავიხსენებ", ხოლო ოპონენტების კაცთმოძულეობას ცოდვილთადმი მათი დამოკიდებულება წარმოაჩენს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპონენტები "სუპერ-ერეტიკულ სექტანტებსაც" გვიწოდებენ. ვნახოთ, შეესაბამება თუ არა მათი ეს მტკიცება სინამდვილეს.

გაგრძელება იხ. შინაარსი:
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому