აპოლოგეტიკა - ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო_1 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
ძველმართლმადიდებლური ლიტურგია


1. ჩვენი ოპონენტები "ივერიის გაბრწყინებიდან"

(ფსიქოლოგიური პორტრეტისთვის)

მატერიალური თუ იდეოლოგიური ზემოქმედებით საზოგადოებას შეუძლია, შექმნას იმდენად აუტანელი და მტანჯველი ატმოსფერო, რომელთან მიმართებაში ზედგამოჭრილი იქნებოდა სოკრატეს გამოთქმა: "ჯოჯოხეთი - ეს უცხო ადამიანთა გარემოცვაა".

თანამედროვე ცხოვრება და ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ელემენტარულ ჭეშმარიტებაში, რომ ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სხვა ადამიანთა სულიერ და ფიზიკურ ყოფას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა დამნაშავეთა სამყაროს, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ ინდივიდებს, არამედ თვით იმ საზოგადოებას, რომელიც ირგვლივ მყოფთა სულიერი და მატერიალური ცხოვრებისთვის აუტანელ პირობებს ქმნის, რითაც, სხვათა შორის, თვითვე შობს დამნაშავეობას. ამგვარი საზოგადოება ცალკეულ ინდივიდუმზე უმეტესად ბოროტმოქმედია, რამეთუ იგი სულიერად, ზნეობრივად და ფიზიკურადაც სპობს ადამიანს.

ბუნებრივია, რომ ასეთი უარყოფითი ხასიათის მქონე ატმოსფეროს შემმუშავებელ მექანიზმში სხვადასხვა: მატერიალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ რელიგიური ინტერესების მქონე ადამიანები მონაწილეობენ. მათი ცდა, გავლენა მოახდინონ ერის ცნობიერებაზე, გარკვეული ქვენა გრძნობებით არის განპირობებული და თავიანთი მოქმედებით, სიტყვითა თუ საქმით უდიდეს ტრავმას აყენებენ და ანგრევენ ადამიანთა ფსიქიკას. ისინი მავნე ადამიანები არიან და სიკეთის ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოაქვთ ყველასთვის. არსებითად, ეს არის დესტრუქციული ძალები, რომლებსაც (შესაძლებელია მათთვის გაუცნობიერებლადაც კი) სხვა არანაკლებ უარყოფითი ძალები მართავენ. ამ მექანიზმში განსაკუთრებულ როლს საკუთარი არასრუფასოვნების კომპლექსით დაავადებული პიროვნებები ასრულებენ და სხვა ადამიანებთან მათი ურთიუერთობის დონე უხეშ, შეურაცხმყოფელ და უტაქტო გამონათქვამთა ზღვარს ვერ სცილდება. ცნობილია, რომ არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებულნი სხვის შეურაცხყოფას ხშირად მიმართავენ საკუთარი "რეიტინგის ასაწევად". მათთვის ეს არის შეუცვლელი ხერხი, რომლის შემწეობითაც, როგორც ითქვა, სხვების თვალში საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებას ცდილობენ. კულტურული თვალსაზრისით ესენი "გაუთლელი" ადამიანები არიან და, მით უფრო მაღალია საზოგადოებაზე მათი ზეგავლენის კოეფიციენტი, რამდენადაც სულიერად მახინჯი და მათსავით ზნედაცემული ინდივიდებისგან არის შეკოწიწებული თვით საზოგადოება. მაღალგანვითარებულ, ზნეობრივ, სულიერ და კულტურულ გარემოცვაში მათ გასაქანი არა აქვთ, მაგრამ თუ საზოგადოებაც მანკიერია, მაშინ თავს ისე გრძნობენ, როგორც "თევზი წყალში"; ალალ-მართალი ადამიანებისთვის კი ასეთ გარემოში ცხოვრება მართლაც რომ ჯოჯოხეთია! ყური მიუგდეთ საზოგადოების ხმას, დააკვირდით, როგორ ადამიანებს უსმენს და პატივს მიაგებს იგი და გაიგებთ _ როგორია თვით საზოგადოება.

არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებულნი არცთუ იშვიათად ათასგვარ სექტაში, პარტიასა თუ "ეკლესიაში" ერთიანდებიან, სადაც შესანიშნავად ავსებენ ერთურთს და სიმართლესაც ერთობლივი ძალით უტევენ. ვფიქრობ, სწორედ ასეთ ადამიანთა დაჯგუფებაა ბიულეტენ "ივერიის გაბრწყინების" რედაქცია. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს მათი საქმიანობა. ვინც ამ ბიულეტენის პუბლიკაციებს გაეცნობა, მისთვის ცხადი გახდება, რომ ადამიანთა ამ ჯგუფისთვის უცხოა ნებისმიერი კეთილშობილური ზრახვა; გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი ერთადერთი მიზანია, შეურაცხყონ მათდამი და მათი ე. წ. ნიკონიანური "დედა-ეკლესიისადმი" კრიტიკულად განწყობილი  ადამიანები. ამგვარ ადამიანებთან დისპუტს თითქმის აზრი ეკარგება, რადგან კამათს ოდენ გონიერ და კულტურულ ადამიანებთან მართავენ და, თუ მაინც ვაქვეყნებთ ჩვენს მოსაზრებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცილისმწამებლური გამოხდომებით ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, _ აქტიურად მონაწილეობენ ძველმართლმადიდებელთა საწინააღმდეგოდ მიმართულ იმ ისტერიულ კამპანიაში, ოფიციალურმა "საპატრიარქომ" რომ წამოიწყო კარგა ხნის წინათ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან დუმილი ამ ყბადაღებული კამპანიის ხელშეწყობის ტოლფასი იქნება. როდესაც ოპონენტთა ჩვენდამი და, საერთოდ, ადამიანებისადმი არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, ძირითადად ბატონ გიორგი გაბაშვილთან კერძო, მაგრამ ერთობ ხანმოკლე უერთიერთობასა და ბიულეტენ "ივერიის გაბრწყინების" პოლემიკური პუბლიკაციებიდან შექმნილ შთაბეჭდილებებს ვეყრდნობით. მაგრამ, ჩვენს დაკვირვებებს სუბიექტურობა რომ არ დასწამონ და ნათქვამს დამაჯერებლობა არ აკლდეს, დაკვირვებები მეცნიერ-ფსიქოლოგთა გამოცდილებას შევუდარეთ და ძალიან მოკლედ ოპონენტების სახასიათო პორტრეტის რამდენიმე შტრიხის ჩამოყალიბებას შევეცადეთ, რათა უკეთ ჩავწვდომოდით იმ დამამცირებელ გამოთქმათა, აშკარა ტყუილთა და ახირებათა მიზეზებს, რომელთაც ოპონენტები ჩვენთან ურთიერთობაში მიმართავენ.

ცნობილია, რომ ადამიანის მეტყველებით შესაძლებელია მისი ფსიქიკური პორტრეტის ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ჩვენი ოპონენტების პორტრეტი მეტად არასახარბიელოა; ცნობილია, რომ ყველა ადამიანს, მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობის წყალობით, სხვადასხვა საკითხისა და თვით ადამიანებისადმი საკუთარი მიდგომა ახასიათებს. ჩვენს ოპონენტებზე როცა ვმსჯელობთ, ეს მიდგომა ძირითადად ერთი პიროვნების, კერძოდ _ ბ-ნ გიორგი გაბაშვილის შინაგანი კულტურით (უფრო სწორად _ უკულტურობით) და ამპარტავნული ნებით არის განპირობებული, რაც მტკიცდება თუნდაც ამ პიროვნების კერძო, პოლემიკურ წერილებისა და "ივერიის გაბრწყინების" რედკოლეგიის სახელით დაწერილ წერილთა ურთიერთშედარებებით. ისინი ტყუპის ცალივით ჰგვანან ერთმანეთს და ობიექტურ და მიუკერძოებელ მკითხველს მათში ერთი ადამიანის ხელწერის ამოცნობა  არ გაუჭირდება.

ამდენად, ეჭვის შეტანაც არ შეიძლება იმაში, რომ ისინი ერთი ადამიანის, კერძოდ, გ. გაბაშვილის "ნაღვაწია" და, რაოდენ სამწუხაროა, რომ ბ-ნ გ. გაბაშვილში ათქვეფილი ეს "პიროვნებები" სინდისის ქენჯნასაც არ განიცდიან იმ უტიფრობისთვის, რასაც მათი სახელით სჩადის მათივე ბელადი საკუთარ ბიულეტენში. მათზე ზედგამოჭრილია ქართული ანდაზა: "ხარი ხართან დააბი, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო". "კრიტიკა შეიძლება სასარგებლოც იყოს, _ ბრძანებს ერთი ფსიქოლოგი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას კეთილი სურვილით გამოთქვამენ; როდესაც მოსაუბრის კრიტიკას ისმენ და გრძნობ, რომ ის გულწრფელია და კეთილი მიზანი ამოძრავებს _ უნებურად პატივისცემით იმსჭვალები იმ ადამიანის მიმართ, რომელიც სიმართლეს გეუბნება, მითუმეტეს, თუკი კრიტიკა თბილად და სიყვარულით არის გამოთქმული. მაგრამ, თუკი ადამიანები არაკეთილშობილური მოსაზრებებით გეპაექრებიან, ამოძრავებთ შური, ზიზღი და ამპარტავნება, უკეთეს შემთხვევაში "საკუთარ ჭიას ახარებენ", უარეს შემთხვევაში კი შენს წინააღმდეგ ამხედრებენ საზოგადოებას.

"სრულებითაც არ არის სავალდებულო ჩვენთვის მავნე ადამიანი ასევე მავნე იყოს სხვებისათვის. შესაძლებელია, მისი მავნეობა ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირებაში გამოიკვეთოს და მტრულად განსაკუთრებული წყობის პიროვნებაზე რეაგირებდეს" (Лилиан Гласс. "Вредные люди". Пособие как с ними бороться. "Питер", С. Петербург. 1997, г. стр. 59). ასეთ შემთხვევაში უპირველეს როლს თამაშობს შინაგანი კულტურა, სულიერი ორიენტაცია, სარწმუნოება, პირადი თვისებები, სულიერი და ხორციელი ვნებანი. ცნობილია, რომ ეს ყოველივე ადამიანის ხასიათს აყალიბებს და მასში ამა თუ იმ დადებით ან უარყოფით თვისებებს გამოიმუშავებს. ამერიკელი ფსიქოლოგი ლილიან გლასი მავნე ადამიანთა 30-მდე ტიპს ჩამოთვლის, რომლებიც მათთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევიან. ჩვენი ოპონენტების საპოლემიკო წერილების მიუკერძოებელი ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი ავტორები შეიძლება ადამიანთა იმ კატეგორიაში გავაერთიანოთ, რომელთაც ფსიქოლოგი სპეციალური სახელწოდებით მოიხსენიებს და უარყოფით თვისებათა მთელ კომპლექსს მოიცავს. ესენია: ტალახში ამომსვრელი, თვითკმაყოფილი დესპოტი, ჭკუის დამრიგებელი, ბრალმდებელი კრიტიკოსი და ქედმაღალი ყოვლისმცოდნე.

"ტალახში ამომსვრელი" მეტად მავნე ადამიანია. ფსიქოლოგის აზრით, ავტოკატასტროფაში არ იღუპება იმდენი ადამიანი, რამდენსაც "ტალახში ამომსხვრელი" კლავს სულიერად თავისი უხიაგი გამოთქმებით. მისი ენა მძაფრი სამართებელია. საზიზღარი ადამიანია "ტალახში ამომსვრელი", ოპონენტთა შეურაცხყოფა და მათი ლაფში ამოსვრა ხომ მისი თვითმიზანია. მისი განსაკუთრებული თვისებაა თვითდაჯერებულობა, არის ირონიულად ქედმაღალი არასასიამოვნო და სარკასტული. ის მუდამ გამცირებს, გემუქრება, გაკრიტიკებს. ადამიანებში მხოლოდ უარყოფითს ხედავს, დადებითის შემჩნევა არც სურს და არც შეუძლია. "ტალახში ამომსვრელი" იმდენად დაბალი თვითშეფასების მქონეა, რომ შეუძლია, არა მხოლოდ თქვენში, არამედ თქვენს გარშემომყოფ ნებისმიერ პიროვნებაშიც "იპოვოს" რაღაც "ნაკლი" და სასიამოვნო თრთოლვა განიცადოს, როდესაც შეურაცხყოფს ან ამცირებს ადამიანს.

ტალახში ამომსვრელნი ხშირად ამბობენ საეჭვო კომპლიმენტებს, მათი განცხადებები ყოველთვის გესლიანი და მქირდავი ქვეტექსტის შემცველია. არსებობს კომპლიმენტთა ისეთი სახე, რომელიც განსაკუთრებული სარკაზმით, ღვარძლითა და ბოროტებით წარმოითქმება და რომელთაც ჩვენ ორაზროვან კომპლიმენტებს ვუწოდებთ. სწორედ ასეთად გვევლინება "ივერიის გაბრწყინების" რედაქცია ერთ-ერთ თავის ღია წერილში (იხ. "ივ. გაბრწყ., 1998 წ, # 4), სადაც ჩემი მისამართით გამოყენებულია მიმართვა "მოწყალეო ხელმწიფეო"! ცუდი ამაში თითქოსდა არაფერია, მაგრამ ასეთი მაღალფარდოვანი, ხაზგასმული სიტყვიერი რევერანსის სიყალბე და ნამდვილი დანიშნულება, როდესაც ის წერილობით გამოითქმის, ოპონენტთა საერთო განწყობილების ფონზე აშკარავდება. მიმართვის ტონი რაც შეიძლება ცხადად წარმოაჩენს მოსაუბრის ნამდვილ განწყობას. ასეთი ირონიული ქვეტექსტის შემცველი მომართვის შემდეგ ოპონენტთაგან გულთბილი და, რაც მთავარია, გულწრფელი დამოკიდებულების იმედი არ უნდა გვქონდეს.

უკვე თავიდანვე, დისპუტის დაწყებისთანავე, მიმართვიდანვე, ცხადი გახდა, რომ ოპონენტებს ურთიერთგაგების კეთილშობილური მიზანი არ ამოძრავებდათ. მათი მიზანი "მოწინააღმდეგის" დამცირება და ამით საკუთარი თავის აღზევება იყო. ტალახში ამომსვრელისთვის აუცილებელია თქვენი დამცირება, რათა საკუთარი თავის წინაშე ამაღლდეს. ისინი იმდენად მერყევნი და თვითგამანადგურებელი აზრებით არიან დატვირთულნი, რომ საკუთარი თავის პატივისცემის მისაღწევ ერთადერთ საშუალებად სხვათა დამცირებას თვლიან და საკუთარ სიმდაბლემდე მათ ჩამოქვეითებას ცდილობენ.

ადამიანთა სხვა ფსიქოლოგიური ტიპი, რომელთა თვისებებს ჩვენი ოპონენტების ხასიათში ვპოულობთ, არის თვითკმაყოფილი დესპოტი. მათ ახასიათებთ არაგულწრფელობა, ქედმაღლობა, ეგოიზმი, შარიანობა, ტენდენციურობა, არათანმიმდევრულობა, მეწვრილმანეობა, უხეშობა, მქირდაობა; სიჩლუნგეც მათი თვისებაა. ფსიქოლოგ გლასის მტკიცებით, თვითკმაყოფილი დესპოტი იმდენად დაჯერებულია თავის სრულყოფილებაში და უცოდველობაში, რომ ყველას თავისი "აღმატებულების" სიმაღლიდან უყურებს. ჩლუნგი, თავმოყვარე და შარიანი იმას ელოდება, რომ ყველანი მის მიერ დადგენილი კანონებით იცხოვრებენ. ჩვენი ოპონენტები "ივერიის გაბრწყინებიდან" წერენ, რომ ჩვენთან პოლემიკას (დისპუტს) თურმე ჩვენი დეკოდირების (?) მიზნით დათანხმებულან, თითქოსდა ძველმორწმუნეთა სახით რაღაც ფარულ საზოგადოებასთან ჰქონდეთ საქმე. დისპუტის წესების დადგენასაც თვითონვე შეეცადნენ, რათა, როგორც თვითკმაყოფილ დესპოტებს ახასიათებს, მათი სურვილისამებრ "ეჭრათ და ეკერათ".

ქედმაღალი ოპონენტები თავმომწონედ ირწმუნებიან, თითქოსდა ჩვენ ყელგამოწეულები ვევდრებოდით მათ დისპუტის გამართვას და თავიანთ მაცდურ ბიულეტენში ჩვენი წერილების დაბეჭდვას ვთხოვდით; ღიმილის მომგვრელია ეს ქედმაღლობა! არც ერთი ჩემი პუბლიკაციის დაბეჭდვა "ივერიის გაბრწყინების" რედაქციისთვის არ მითხოვია და არც მომავალში ვთხოვ, მიუხედავად იმისა, მექნება თუ არა საშუალება ჩემი შეხედულებების გამოსახატავდ! "ივერიის გაბრწყინებას" ჩემს პუბლიკაციებს ვუგზავნიდი იმ მიზნით, რათა ოპონენტებთან დიალოგის კულტურა დამეცვა და ჩემს მიერ მომზადებული პასუხის წინასწარ უწყებით საპასუხო პუბლიკაციის დროული მომზადების საშუალება მიმეცა; ან რაში უნდა დამჭირვებოდა ოპონენტთა ბიულეტენი, როდესაც აზრის გამოთქმას მშვენივრად მოვახერხებდი ბიულეტენ "მართლმადიდებელში"?

როდესაც "მართლმადიდებლის" რედაქტორი, ბ-ნ ზვიად ნოდიას ინიციატივით დისპუტი დაიგეგმა, გადავწყვიტე, ოპონენტებისთვის მიმეცა შესაძლებლობა, დისპუტი მათივე შეხედულებებიდან გამომდინარე წარემართათ, ანუ შევთავაზე, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი შეხედულებები ჩვენზე და იმ სხვაობებზეც, რომელთა ირგვლივაც უნდა გამართულიყო პოლემიკა. ჩვენ მხოლოდ მოპასუხის როლით დავკმაყოფილდით: ამით უნდა გვეჩვენებინა მათ მიერ ძველმართლმადიდებლობაზე გამოთქმული შეხედულებების მცდარობა. სამწუხაროდ, ოპონენტები აბსოლუტურად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ დისპუტისთვის. მათ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ ჰქონიათ ჩვენს ეკლესიაზე.  მეტიც, როგორმე სიბნელიდან რომ ამოგვეყვანა, ოპონენტებს მივაწოდეთ როგორც ძველმართლმადიდებლობის მომხრეთა, ასევე მის მოწინააღმდეგეთა ნაშრომებიც, მაგრამ... თავიანთი ამპარტავანი და ქედმაღლური ხასიათიდან გამომდინარე, თვითკმაყოფილი დესპოტები არასოდეს აწერენ ხელს კაპიტულაციას, დისპუტის "ღირსეულად" დამთავრებისა და გამარჯვების კვარცხლბეკზე აღსასვლელად ოპონენტები თავიანთი სრულიად უაზრო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. კერძოდ, მათი "ულტიმატუმის" მიხედვით, სრულიად უნდა დაგვეგმო ეპისკოპოს იონას ნაშრომი "რა უნდა ვაკეთოთ", რომელშიც გვხვდება რამდენიმე ცდომილება. ეს მოთხოვნაც მათი ხასიათიდან მომდინარეობს, რამეთუ "თვითკმაყოფილი დესპოტები, ჩვეულებისამებრ, ბოღმის, ბრაზისა და სიძულვილისგან სკდებიან, ვინაიდან ოპონენტთადმი მაინცდამაინც შემწყნარებლები არ არიან. დესპოტთა სნობიზმი იმაში გამოიხატება, რომ მონდომებით ფარავენ თავიანთ არასრულფასოვნებას, რადგანაც მისი გამჟღავნება მათ პოზიციას ასუსტებს, თვითდაჯერებულობას არყევს და მოწყვლადნი ხდებიან" (ლილიან გლასი. დასახ. ნაშრ.). სწორედ ამით აიხსნება მეუფე იონას წიგნის "რა უნდა ვაკეთოთ" სრული დაგმობის მეტად უაზრო მოთხოვნა.

არსებობს კრიტიკან ადამიანთა კიდევ ერთი ტიპი, კერძოდ, _ დამრიგებლის, გამრიგე-მოსამართლის ტიპი, ასეთ ტიპს "ავტობუსის მძღოლებს" უწოდებენ. ისინი ყველას უთითებენ თუ სად უნდა ჩამოვიდნენ. ესენი მანიპულატორები, ცუდმედიდნი, ორპირნი, თავდაჯერებულნი, შეუპოვარნი, თავხედნი, უტიფარნი, არაპატივისმცემელნი და შეზღუდულნი არიან. "ავტობუსის მძღოლი" ყოველთვის ნერვიულობს, როდესაც რაღაც მისი კონტროლიდან გამოდის; როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც ეს მას სურს. იწყებს ბობოქრობას, მოვლენისადმი ინტერესს კარგავს, რადგანაც თვლის, რომ გარშემომყოფთა ყოველ მოქმედებას თავად უნდა აკონტროლებდე. მისთვის სასურველ საქმეს მთელი ძალით უტევს, მაგრამ, როდესაც ჩანაფიქრი არ გამოდის, პანიკაში ვარდება და ნერვიული ხდება (იქვე). შესაძლებელია, მათი ბუნების სწორედ ეს მხარეა მიზეზი ჩვენი ოპონენტების გაავებისა: ისინი იმედოვნებდნენ, რომ მეუფე იონას წიგნის სრული დაგმობით იოლად მოგვიცილებდნენ თავიადნ, მაგრამ როდესაც ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდა, გაავებულები სიუხეშით შეეცადნენ მანიპულირებას. მათ სურდათ უხეშობის ამ ორომტრიალში ჩვენი ჩართვა.

"გამრიგე მოსამართლეები" მართლაც ნერვიულობენ, როდსაც თუნდაც უმნიშვნელო მოვლენათა მსვლელობას ვერ აკონტროლებენ. საქმე იმაშია, რომ თუკი ამ ტიპის ადამიანები ამა თუ იმ ადამიანთან ან სიტუაციის კონტროლირებას ვერ ახერხებენ და მოვლენა მათი სურვილისა და ბრძანებების საწინააღდმეგოდ ვითარდება, კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე. ამის გამოა, რომ, ირონიითა და მედიდურობით აღსავსე წინა პუბლიკაციებისგან განსხვავებით, ამ ბოლო წერილებში ოპონენტებმა, როგორც იტყვიან "ძაღლები აუშვეს" და თავიანთი ბიულეტენის 1998 წლის 26-ე და 27-ე ნომრებში გაავებით იყეფებიან. ჩვენი ოპონენტბის წერილებში ჩვენდამი გამომჟღავნებული დამოკიდებულების ფსიქო-ანალიზი კიდევ რამდენიმე ისეთ თვისებას წარმოაჩენს, რომელთაც მეტად დიდი მნიშვნელობა აქვთ მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის დასახასიათებლად.

ფსიქოლოგი გლასი ამ ხასიათებს აერთიანებს ბრალმდებელი კრიტიკოსის  და ქედმაღალი ყოვლისმცოდნეს ტიპებად. თავად განსაჯეთ: ასეთი ადამიანი _ წერს ფსიქოლოგი, _ ჯერ შეკითხვას მოგცემს, შემდეგ კი მას თვითონვე უპასუხებს და ახსნა-განმარტებებსაც მოაყოლებს (იქვე). გაიხსენეთ "დისპუტის წინაპირობაში" ("ივერიის გაბრწყინება", # 3 (24), 1998 წ. გვ. 17) ოპონენტები წერდნენ: "ქართველ "სტაროვერებთან" დისპუტის გამართვაზე თანხმობა განვაცხადეთ შემდეგი პირობით: პირველ რიგში მათ უნდა უპასუხონ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს (ხაზგასმა ჩვენია _ არქიეპ. პ.), რომლებიც მიმართული იქნება ბატონ მურთაზ ჩახავასეული დაჯგუფების სტატუსის განსაზღვრისაკენ: სქიზმატები არიან ისინი თუ სექტანტი ერეტიკოსები?"

ამრიგად, როგორც ოპონენტთა ამ მოთხოვნიდან ჩანს, მათ ჩვენთვის უნდა მოეცათ შეკითხვები იმისთვის, რათა გაერკვიათ თუ ვინ ვართ ჩვენ, მაგრამ ამ არარსებულ "შეკითხვებს" დასმამდე ჩვენს მაგივრად თვითონვე "უპასუხეს" და ის, რაც ჩვენი პასუხების შემდეგ უნდა გარკვეულიყო, ადრევე "გაარკვიეს" და შესაბამისი "ახსნა-განმარტებაც" მოაყოლეს. კერძოდ, დისპუტის დასაწყისშივე "სექტანტებად" და "ერეტიკოსებად" გამოგვაცხადეს. ასე, რომ ჩვენი "პაციენტები" ამერიკელი ფსიქოლოგის მიერ მოცემულ ყველა ნიშან-თვისებას ატარებენ. ვნახოთ სხვა ნიშნებიც, რომლებიც ადამიანთა ამ ფსიქოტიპს ახასიათებს.

ბრალმდებელი კრიტიკოსი სულ იმუქრება, არის უხეში, პროვოკატორი, "ყოვლისმცოდნე", სასტიკი, თავდაჯერებული, ენაკვიმატი, აუტანელი, არაკეთილმოსურნე, ჩლუნგი, ექსცენტრიული, შეუცნობელი, არასაიმედო, არარეალისტური, ზედაპირული, ფხუკიანი, არაგულწრფელი, მზაკვარი და მომთხოვნი. ბრალმდებელი კრიტიკოსი ცდილობს ყოველივეს თქვენზე დაბრალებას მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი "სიმართლე" აჩვენოს: როდესაც გაკრიტიკებთ, ის ცდილობს, გაგრძნობინოთ თქვენი უსუსურობა. ვერავინ მოიგებს კრიტიკოსის გულს. იმის სანაცვლოდ, რომ გკითხოს, ბრალდებას გიყენებს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არ სურს საკუთარი უმეცრების გამომჟღავნება და მეორეც: ეს მას, როგორც "ჭკუის დამრიგებელს", თქვენზე ძალუფლებისა და კონტროლის მოსაპოვებლად სჭირდება.

კრიტიკოსი თავს ავალდებულებს იპოვოს თქვენში რაიმე ნაკლოვანება, რატა შემდგომ მძაფრი, ცინიკური და მკაცრი ტონით ამცნოს გარშემომყოფთ ამის შესახებ. ბრალმდებელი კრიტიკოსის მოთხოვნები იმდენად აბსურდულია, რომ მათი დაკმაყოფილება ყოვლად შეუძლებელია! ის ყველაფერზე თავს გესხმით, ნებისმიერ სიტუაციაში დაგცინით, ეძებს თქვენში ნაკლოვანებებს. კრიტიკოსთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ თქვენ უეჭველად დაავადდებით, რამეთუ წარმოუდგენლად ძნელია, ხანგრძლივი კავშირი გქონდეთ ამგვარ ადამიანებთან. კრიტიკოსი მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ ყველაზე უმნიშვნელო საგნებშიც კი ნაკლოვანებებს ეძებს, რომლებშიც, როგორც წესი, თავადაც ვერ ერკვევა.

ახლა ვნახოთ ოპონენტთა შემდეგი ბრალდება: "წიგნი ("რა უნდა ვაკეთოთ" _ არქიეპ. პ.), წმ. წერილის დარადაა დაყოფილი თავმუხლებად, რაც ასევე მიანიშნებს ბიბლიის ტოლფარდ მის მაღალ მდგომარეობაზე სექტის შიგნით" ("ივ. გაბრწყ.", # 3 (24), 1998 წ. გვ. 17, სვ. 2). განა ახირება და "კრიტიკანობა" არ არის, ადამიანს დააბრალო ასეთი მკრეხელობა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საკუთარი ნაწარმოები თანამედროვე ბიბლიის მსგავსად თავებად და მუხლებად დაუყვია. მე შემთხვევით არ გამომიყენებია სიტყვა "თანამედროვე", რამეთუ ძველი ბიბლია, როცა ის სულიწმიდის კარნახით შექმნეს წმ. წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა, არანაირ თავმუხლებად დაყოფილი არ ყოფილა. ბიბლია (თანამედროვე სახით) "იოჰან გუტენბერგის გამოგონების პირმშოა" (ჟურნ. "სიტყვა", # 1, 98. გვ. 11, სვ. 3). ბიბლიის დღევანდელი დაყოფა თავებად პირველად XIII საუკუნის დასავლეთში კარდინალ ჰუგოს შემოუტანია, ხოლო მუხლებად ის XVI ს. მცხოვრებ პარიზელ ტიპოგრაფს, რობერტ სტეფანს დაუყვია. მეტიც, თავიდან ბიბლია არათუ თავ-მუხლებად, არამედ თვით ცალკეულ სიტყვებადაც კი არ ყოფილა დაყოფილი. სიტყვები პატარა ასოების გარეშე, ბერძნული ანბანის დიდი ასოებით იწერებოდა. პატარა ასოებით ტექსტის გადმოცემას და სიტყვების ერთმანეთისგან დაშორებას დასაბამი ეძლევა XI საუკუნიდან. ხოლო სასვენი ნიშნები ალდუს მალციუსის მიერ XVI ს-ში წიგნის ბეჭდვის გამოგონების შემდეგ ჩნდება (Еп. Аверкий. "Руководство к чтению Священного писания Нового Завета". Часть первая. Четвероевангелие. Москва 1995 г., стр. 10).

წერილობით ძეგლებში ამ საშუალებათა გამოყენება მეტად აადვილებს ნაწარმოების აღქმას და, ცხადია, ბიბლია ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. გამომცემელთა მიერ თავ-მუხლებად არის დაყოფილი მრავალი სასულიერო და საერო ხასიათის შრომა. ასე, მაგალითად, საეკლესიო მწერლობაში წმ. მამათა უამრავი თხზულებაა დაყოფილი თავ-მუხლებად. საერო ნაწარმოებებიდან "ვეფხისტყაოსნის" დასახელებაც საკმარისია. ასე, რომ ოპონენტთა მათრახი, "ბიბლიის დარი" ნაწარმოების "შექმნის" ბრალდებით არა მხოლოდ ეპისკოპოს იონას, არამედ შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნისა" და თვით წმიდა მამათა თხზულებების გამომცემლებსაც გადასწვდება. მომავლისთვის, როდესაც ოპონენტები ამ ბრალდების განმეორებას გადაწყვეტენ, არ დაავიწყდეთ, ბიბლიის ტოლფარდი ნაწარმოების გამოცემაში ამხილონ ყველა ავტორი, რომელთა ნაშრომები ყდაშია ჩასმული, რამეთუ, როგორც "გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების" საქართველოს წარმომადგენლობა გვამცნობს, პირველი ყდაში ჩასმული წიგნი თურმე ბიბლია ყოფილა. ბიბლიამ მისცა  დასაბამი ფურცელთა ყდაში ჩასმის ტრადიციას, ანუ, შეიძლება ითქვას, ბიბლიით იწყება წიგნის (კოდექსის) ისტორია (იხ. ჟურნ. "სიტყვა". ბიბლია. პირველდაწყებითი ცოდნა. თბილისი 1998 წ., გვ. 10, სვ. 2).

ქედმაღალი ყოვლისმცოდნე ფსიქოტიპთა ის ბოლო ჯგუფია, რომელსაც თავისუფლად მივაკუთვნებთ ჩვენს ოპონენტებს. ქედმაღალი ყოვლისმცოდნე პირდაპირ "მოსიარულე ენციკლოპედიაა". მან ყველაფერი იცის, თუმცა არავინ არაფერს ეკითხება. არის პრეტენზიული, ბუზღუნა, არასაიმედო, შეზღუდული, ეგოისტი, შარიანი, უგუნური, ჯიუტი, არაგულწრფელი, გესლიანი, არაკეთილმოსურნე და კრიტიკული. ამ "ყოვლისმცოდნემ" მხოლოდ ერთი რამ არ იცის _  როგორ მოექცეს სხვებს. ადამიანებში აბსოლუტურად ვერ ერკვევა, როდესაც გესაუბრებათ, ისე იქცევა, თითქოსდა დიდი პატივი დაგდოთ. უყვარს გაბღენძილი ლაპარაკი და სხვისი ნებისმიერი აზრის უარყოფას არ დააყოვნებს. მასთან კამათი შეუძლებელია, ხოლო რაიმე შინაარსიანი საუბრის გაბმა _ მითუმეტეს, რამეთუ ყოვლისმცოდნემ ყველაფერი იცის და არ სჭირდება, მეტი იცოდეს, მით უფრო, თუკი თქვენ ცდილობთ მის განათლებას (Лилиан Гласс. "Вредные люди". Пособие как с ними бороться. "Питер". С. Петербург. 1997 г., стр. 70, 101, 106-110).

აი, ასეთები არიან ჩვენი ოპონენტები, რაც ცხადია მათი პუბლიკაციებიდან. თუ ვინმეს ჩვენი არა სჯერა, ვურჩევ, ბატონ გიორგი გაბაშვილსა და მის ამფსონებს უფრო ახლოს გაეცნოს და მათთან ურთიერთობაში მიიღოს ეს "სიამოვნება".

გაგრძელება იხ. შინაარსი:
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому