სხვადასხვა - ეპისკოპოს პავლეს მიმართვა ბელოკრინიცელ ეპისკოპოს ანტიპას - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოს პავლეს მიმართვა
ე. წ. ბელოკრინიცელ ეპისკოპო ანტიპას
ძველმართლმადიდებლური ტაძარი
ზემოთ ფოტოზე: ყოვლადმიწდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი ქ. ფოთში (მალთაყვა)
(საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია)

2012 წლის 7 აპრილი

თქვენ მშვიდობა, ბ-ნო ანტიპა!


მოგესალმებათ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე. თქვენი საიტის დათვალიერებისას შევნიშნე, რომ იყენებთ ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ სახელწოდებას - "საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია" და თქვენს საიტზე, "ივერიის (საქართველოს) ძველმართლმადიდებლური ეკლესიის" სახელით გამოდიხართ. ამგვარი მოქმედება არის არა მარტო უტაქტობა, არამედ ჩვენი უფლების ხელყოფაც. თქვენ ჯერ მონათლულიც არ იყავით საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესია რომ მოქმედებდა.



ბელოკრინიცელი ეპისკოპოსი ანტიპა (სხულუხია) (ქ. ზუგდიდი)
(2015 წლის იანვრის მდგომარეობით ეპ. ანტიპას შეჩერებული აქვს მღვდელმოქმედება)


გარდა იმისა, რომ სახელთა თანხვედრა ადამიანებში იწვევს გაუგებრობას და ეკლესიათა იურისდიქციულ გაურკვევლობას, თქვენს მიერ არჩეული სახელწოდება იურიდიულ პრობლემასაც გვიქმნის. საქმე იმაშია, რომ ჩვენმა ეკლესიამ გადაწყვიტა დარეგისტრირება და რაოდენ დასანანი იქნება თუ საჯარო რეესტრი თქვენს გამო უარს გვეტყვის, რადგან  ივერიის (საქართველოს) ძველმართლმადიდებლური ეკლესიის სახელით უკვე შეტანილი გაქვთ განცხადება.   

სახელის შეცვლას ჩვენ ოფიციალური ეკლესიის გამოც მოგვთხოვენ და ეს გასაგებიცაა, მათ ტერმინ "მართლმადიდებელზე" მონოპოლია აქვთ გამოცხადებული, მაგრამ რატომ უნდა მოხდეს ეს თქვენს გამო? და თუ მოხდება, ამას შესაბამისი გაგრძელება მოჰყვება, კერძოდ, ოფიციალური წერილით მივმართავთ თქვენს მიტროპოლიებს მოსკოვსა და რუმინეთში, სადაც საქმის კურსში ჩავაყენებთ თქვენს ხელმძღვანელობას. მათ მივაწვდით ცნობებს, რომ თქვენ, როგორც ბელოკრინიცული მართლმადიდებლობის წარმომადგენელი, უტაქტოდ იქცევით და უხეშად ისაკუთრებთ სხვა კონფესიის სახელწოდებას.

მეტიც, თქვენი საიტის მკითხველი შესაძლოა საერთოდ ვერ გაერკვეს რა ჰქვია თქვენს ეკლესიას, რადგან აქ დაფიქსირებული გაქვთ ლამის 4 სახელწოდება:

1. კოლხეთის ძველმართლმადიდებელი ეკლესია;

2. ივერიის (საქართველოს) ძველმართლმადიდებელი ეკლესია;

3. ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესია (ასე იწოდება თქვენი საიტი: Real Orthodoxy, რაც სრულიად განსხვავდება Old orthodoxy-სგან. ინგლისური სიტყვა Real ნიშნავს "ნამდვილს", "ჭეშმარიტს" და არა "ძველს").

იქნებ ზუსტად გაგვარკვიოთ თქვენს სახელწოდებაში? რა გქვიათ? როგორ ირჩევთ სახელწოდებებს, - სიტუაციის მიხედვით თუ რაც მოგეპრიანებათ?

თქვენი ეკლესიის ოფიციალური სახელწოდებაა: Русская Православная Старообрядческая Церковь (მოკლე აბრევიატურით: РПСЦ) (იხ. მაგალითად, თქვენი ეკლესიის ოფიციალური საიტი: http://rpsc.ru). იმის შემდეგ, რაც თქვენ საქართველოში დააფუძნეთ ბელოკრინიცული იერარქია, აუცილებლად უნდა აგეღოთ იმ ეკლესიის ოფიციალური სახელწოდება, რომელსაც ეკუთვნით. თქვენ კი ამის საწინააღმდეგოდ იქცევით და ირჩევთ ჩვენი ეკლესიის სახელწოდებას. ეს შეიძლება იყოს ან უმეცრების ან კიდევ შეგნებული ლავირებისა და არასერიოზულობის შედეგი.

ამდენად, სანამ თქვენს კონფესიას დაარეგისტრირებდეთ, მოგიწოდებთ შეუცვალოთ მას ახლანდელი სახელწოდება და მისცეთ ის, რომელი ეკლესიის წარმომადგენელიც თქვენ ბრძანდებით. აგრეთვე შესაბამისად უნდა იწოდოთ სოციალურ ქსელებშიც, მაგ.: "ფეისბუკზე", სადაც გამოდიხართ iveria (georgia) old-orthodox-ის სახელწოდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ თქვენ გააგრძელებთ მოღვაწეობას "საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის" სახელით, ჩვენს შორის ეკლესიური კონფლიქტი გარდაუვალი გახდება.

იმედია, გაითვალისწინებთ ჩვენს მითითებას.

პატივისცემით: საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე.

P. S. კიდევ ერთხელ გთავაზობთ თქვენი ეკლესიის ოფიციალური საიტის ლინკს http://rpsc.ru. ნახეთ რა ეწოდება თქვენს ეკლესიას, გადმოთარგმნეთ ის ქართულად და გააცანით საზოგადოებას. ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენი ეკლესიის სახელწოდების მისაკუთრებას და მისი სახელით გამოსვლას კი თავი დაანებეთ.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому