ნათლობა - შთაფლვითი ნათლობის შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
შთაფლვითი ნათლობის შესახებ
ნათლისღება
ქრისტიანები ღმრთის ტაძარში სალოცავად დადიან. მაგრამ ეკლესიაში მორწმუნეები მარტო ლოცვებს როდი აღასრულებენ. ტაძრებში განსაკუთრებული მღვდელმსახურებანიც აღესრულებიან, რომელთაც საიდუმლოებებს უწოდებენ. ეკლესიის სწავლებით, საიდუმლო - ეს არის მღვდელმოქმედება, რომელიც დაწესებულია ქრისტესა და მის მოციქულთა მიერ, რომელთა მეშვეობით მორწმუნეებს ხილულად მოენიჭებათ ღმრთის უხილავი მადლი. საიდუმლოებანი - ქრისტიანუილ ცხოვრების საფუძველია. მათ გარეშე სულის ცხონება შეუძლებელია.
 
მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს შვიდ საიდუმლოს: ნათლობა, მირონცხება, აღსარება (სინანული), ზიარება (ევქარისტია), ჯვრისწერა (ქორწინება), ზეთის კურთხევა და მღვდლობა (ხელდასხმა). ეკლესია ასწავლის, რომ მათი შესრულება მხოლოდ უმაღლეს მღვდელმსახურებს ძალუძთ - ეპისკოპოსებსა და მღვდლებს. ამიტომაც მათ უმცროსი მღვდელმსახურები - დიაკვნებიც ეხმარებიან.
 
მღვდელმსახურთა ძალაუფლება საიდუმლოთა აღსრულებაში, მორწმუნეთა დამოძღვრასა და მათ ხელმძღვანელობაში მდგომარეობს. ის ეპისკოპოსის ხელდასხმით გადადის. იერარქი ლოცვით დაადებს ხელს ღირსეული ადამიანის თავს, და ამის შემდეგ ხელდასასხმელი კანდიდატი იღებს სულიწმიდის მადლს ეკლესიის სამსახურებლად.
 
როგორც რწმენა შედგება უხილავი დოგმატებისგან და ხილული წეს-ჩვეულებებისგან, ასევე ყოველი საიდუმლო შედგება ღმრთის უხილავი მადლისა და გარეგანი, ხილული მღვდელმოქმედებისგან. ამის შესახებ წერდა ნეტ. ავგუსტინე იპონიელი: "სიტყვა მოდის ნივთიერებასთან და საიდუმლოც აღსრულდება". ამ გამონათქვამს ათვალსაჩინოებს ნათლობის საიდუმლო, რომელშიც ღმრთის მადლი საიდუმლოს ნივთიერებას - წყალს უერთდება.
 
ნათლობას ხშირად უწოდებენ უმთავრეს საიდუმლოს, რადგან მის გარეშე ქრისტიანი და ეკლესიის წევრი ვერავინ გახდება; ვერავინ მიიღებს ცოდვათა მიტევებას და ცხონების სასოებას. ასე ბრძანებს თვით უფალი: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში", "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება".
 
წმინდა ნათლისღება - სულიწმიდით შობაა - ის არა მარტო განწმენდს და აცხოვნებს, არამედ ადამიანს ქმნის ღმრთის შვილად: "ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ" (ინ. 1:12-13).
 
წყლით ნათლისღება - უძველესი საიდუმლოა. მას ქადაგებდა იოანე ნათლისმცემელი, და თვით უფალმაც მიიღო იგი იორდანის წყლებში.
 
ახალ აღღქმაში ყველგან, სადაც კი ლაპარაკია ნათლისღებაზე, გამოყენებულია სიტყვა "ბაპტისმა". ის მომდინარეობს ზმნიდან "ბაპტიძო" – "შთაფლვა". ამგვარად, "ბაპტისმა" ნიშნავს "შთაფლვას". თვით სიტყვაც კი მიგვანიშნებს ფორმაზე საიდუმლოს აღსრულებისა.
 
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იცის ნათლობის მხოლოდ ერთი ფორმა - ადამიანის სრული სამგზისი შთაფლვა წყალში. შთაფლვა აღესრულება წმიდა სამების სახელით, როგორც ქრისტემ ამცნო მოციქულებს: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით".
 
მოციქული პავლე წერდა, რომ შთაფლვა მაცხოვრის დამარხვის სახეა: "მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში".
 
წმ. იოანე ოქროპირი ასე აკონკრეტებს ამ ჭეშმარიტებას: "წყალში სიმბოლურად გამოიხატება კუბო და სიკვდილი, აღდგომა და სიცოცხლე, და ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. როდესაც ჩვენ საკუთარ თავებს შთავყოფთ წყალში, როგორც კუბოში, მასთან ერთად იმარხება მთელი ძველი კაცი და, დაეფლობა რა ქვემოთ, სრულად დაიფარება. შემდეგ კი, როდესაც ამოვიწევით (წყლიდან), ამოდის ახალი ადამიანი... და ეს სამგზის აღსრულდება" (Творения святого отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского, в русском переводе. Издание СПб. Духовной Академии, 1902. Том 8, Книга 1-2, Беседы на Евангелие святого Апостола Иоанна Богослова, с. 5-604) (ქართ. ენაზე იხ.: წმ. იოანე ოქროპირი. განმარტება იოანეს სახარებისა. თბილისი 1993 წ. გვ. 167-168).
 
ამასვე ასწავლიდა წმ. იოანე დამასკელი: "სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება" (Точное изложение православной веры. Кн. 4. Глава IX. О вере и крещении) (ქართ. იხ.: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეორე. რწმენისა და ნათლისღების შესახებ. https://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/82.htm).
 
არავინ და არასოდეს დაეჭვებულა იმაში, რომ არსებობს ნათლისღების მხოლოდ ერთი ფორმა. წმ. ბასილი დიდი, როგორც ზემოთ ითქვა, წერდა: "საიდან არის მოსანათლავის სამგზის შთაფლვა წყალში?" საიდუმლოს აღსასრულებლად ტაძრებში არსებობს განსაკუთრებული ემბაზები: მცირენი - ბავშვებისთვის და უფრო მოცულობითნი - დიდებისთვის. დიდები შეიძლება ღია წყალსაცავებშიც მოინათლონ, მაგალითად: მდინარეებში, ტბებში ან ზღვაზე.
 
წმ. სიმეონ თესალონიკელი, ღვთისმსახურების ცნობილი კომენტატორი, ასე გადმოსცემს ნათლისღების თანმიმდევრობას: "მოსანათლავი წყალში სრულიად შიშველი შეჰყავთ, თითქოსდა ის ხელახლა უნდა იშვას ისე, როგორც შექმნილ იქნა... იერარქი ან მღვდელი, დაადებს რა მას ხელს თავზე, რადგან ყოველივე მასში აღესრულება, რაც კი ეხება გრძნობათა ქმედითობას და (გონების) მეთაურ ძალას, და, შთაფლავს რა მას წყალში ერთხელ, იტყვის: "ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა", და იმწამსვე აღმართავს მას წყლიდან. შემდეგ კვლავ შთაფლავს და იტყვის: "და ძისათა", და კვლავ ამოწევს წყლიდან. შემდეგ კი, შთაფლავს რა მესამედ, იტყვის: "და სულისა წმიდისათა".
 
უბრალო ერისკაცს, რომელსაც ხელდასხმა არ გააჩნია, არ შეუძლია საიდუმლოთა აღსრულება. მას არ შეუძლია მიიღოს აღსარება, იმსახუროს ლიტურგია, ჯვარი დაწეროს ვინმეს ან მონათლოს. თუმცა, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია მომაკვდავის სამგზისი შთაფლვის შესრულება. თუკი მომაკვდავი ცოცხალი დარჩება, საჭირო გახდება მისი მიყვანა მღვდელთან, რომელიც დაასრულებს ნათლისღებას და საჭირო ლოცვებსაც წაუკითხავს.
 
გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუკი ცოტაა წყალი ან შეუძლებელია მომაკვდავის მაღლა აწევა, ნათლება შეიძლება შესრულდეს მოსანათლავზე წყლის სამგზის დასხმით. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში ის შეიძლება აღსრულდეს რაიმე ფრქვევადი ნივთიერებით, მაგალითად, ქვიშით.
 
მაგრამ ასეთი ნათლობები ნამდვილია, ქმედითია და გამართლებულია მაშინ, როდესაც მომაკვდავი კვდება ან გარდაიცვლება. თუკი ის ცოცხალი გადარჩება, მაშინ მას უნდა შეუსრულდეს ის რაც აკლდა, ანუ მოინათლოს სწორად - წყალში სამგზის შთაფლვით.
 
რომის ეკლესიამ  გადაუხვია სამოციქულო გადმოცემას და შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში საყოველთაოდ წყლის დასხმითი და პკურებითი წესებით შეცვალა. ხოლო ბიზანტიის ეკლესია, მათ შორის სხვა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიებიც არასოდეს აღიარებდნენ ასეთ საიდუმლოს შესრულებულად. ამიტომაც ძველთაგანვე ლათინები, თუკი ისინი მოექცევიან მართლმადიდებლობისკენ, თავიდან, სამგზისი შთაფლვით ინათლებიან.
 
ლათინთა გავლენით XVII ს-დან დასხმითი ნათლობა გავრცელდა მართლმადიდებელთა შორისაც, მაგ., უკრაინელებში, და ბელორუსებში, რომლებიც მაშინ პოლონეთის მეფის ძალაუფლების ქვეშ იყვნენ. 1620 წელს მოსკოვში შედგა საეკლესიო კრება, რომელმაც დაადასტურა ნათლობა რეჩი პოსპოლიტასგან იმ გამოსულთა ნათლისღება, რომლებსაც არ შეეძლოთ დაემტკიცებინათ, რომ მონათლულნი არიან სამგზის შთაფლვით.
 
ალექსი მიხეილის ძისა და ნიკონ პატრიარქის დროს რუსეთში მრავალი განსწავლული უკრაინელი და ბელორუსი ბერი ჩამოდიოდა. მეფე და პატრიარქი აღფრთოვანებულნი იყვნენ მათი განათლებულობით და, რა თქმა უნდა, ვერ ბედავდნენ ისინი თავიდანვე მოენათლათ მართლმადიდებლური წესით.
 
ამ ბერებმა თან მოიტანეს სწავლება ლათინური დასხმითი ნათლობის შესახებ. ახალი წიგნების მეშვეობით ისინი გამყარდნენ ახალმოწესეობრივ (უკვე მეფე ალექსი მიხეილის ძისა და პატრ. ნიკონის მიერ) რეფორმირებულ ეკლესიაში.
 
ძველმორწმუნეები არ აღიარებენ დასხმით ნათლობას, ამიტომაც ისინი ახალმოწესეებს, რომლებიც მათკენ ოფიციალური ეკლესიებიდან გადმოდიან, თავიდან ნათლავენ სამგზის შთაფლვით.
 

დიმიტრი ალექსაანდრეს ძე ურუშევის წიგნიდან: «Что такое Старообрядчество».

წყარო: https://cliuchinskaya.blogspot.com/2021/06/blog-post.html
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому