ნათლობა - პაპისტები მოუნათლავები არიან და მათ არ გააჩნიათ ეკლესია - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
ჰორიტინელი და მეგალოპოლისელი მიტროპოლიტი იერემია

პაპისტები მოუნათლავები არიან და მათ არ გააჩნიათ ეკლესია
ნათლისღება
წინამდებარე წერილის გამოქვეყნების მიზეზი გახლავთ ლათინთადმი, კერძოდ მათი ე. წ. "ნათლობისა" და "ეკლესიისადმი" თანამედროვე ბერძნების დამოკიდებულების წარმოჩენა. ცხადია, ჩვენ, როგორც ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, არ ვიზიარებთ ბ-ნი მიტროპოლიტის შეხედულებას იმის შესახებ, რომ დედა-ეკლესია ეს საბერძნეთისა და მასთან ევქარისტულ ერთობაში მყოფ სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობაა. ჩვენი ღრმა რწმენითა, და ასევე, მთელი რიგი ისტორიულ-ლიტურგიკული სახის მომენტებიდან გამომდინარე, ერთადერთ და წმიდა დედა-ეკლესიად ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას მივიჩნევთ. მაგრამ ამჯერად ჰორიტინელი მიტროპოლიტის წერილს ვაქვეყნებთ იმ ადამიანთა საყურადღებოდ, რომლებიც ეჭვ ქვეშ აყენებენ უეჭველ მართლმადიდებლურ ღირებულებებს, კერძოდ კი იმათ, რომელიც ჩვენსა და ბერძენ მართლმადიდებელთა შორის საერთოა და ეკლესიის საფუძველს წარმოადგენს. ეს არის საკითხი ნათლისღებისა და მწვალებლებთან ურთიერთობის შესახებ. ჩვენს ოპონენტებს, ვისაც ჩვენი არ სჯერა და ძველმართლმადიდებელთა დამოკიდებულებას ლათინთა დასხმითი "ნათლობისადმი" მათ ახირებად მიიჩნევს, ვთხოვთ მიაქციონ ყურადღება ძველი და ახალი საუკუნეების ბერძენ იერარქთა პოლემიკას ლათინებთან და მათ დამოკიდებულებას როგორც ლათინთა წალსხურებითი "ნათლობისადმი", ასევე მათ ე. წ. "ეკლესიისადმი". ამ მხრივ მრავალი ბერძენი იერარქის წერილი იპყრობს ჩვენს ყურადღებას, და წინამდებარე პუბლიკაციაც ჩვენი პოზიციის ჭეშმარიტების ერთ-ერთ ამგვარ დასტურს წარმოადგენს.
ჰორიტინელი და მეგოლოპოლისელი მიტროპოლიტის წერილი პაპისტ არქიეპისკოპოსს

ღირსპატივსაცემ ბ-ნ ნიკოლოზს

კათოლიკეთა არქიეპისკოპოსს ნაქსოსისა, ტინოსისა, ადროსისა და მიკონოსისა

სიხარული და ჯანმრთელობა!

1. როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი ჩემს სამწყემსმთავრო მსახურებას ჰორიტინისა და მეგალოპოლისის წმიდა მიტროპოლიაში აღვასრულებ. ვმადლობ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, რომ მართლმადიდებელი დედა -ეკლესიის წიაღში დავიბადე და გავიზარდე.

ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი კოზმა ეტოლიელი, რომელსაც ბერძნები ბევრს უნდა უმადლოდნენ, რადგან, ის რომ არა, ჩვენი სამშობლო თავისუფალი ვერ იქნებოდა, დამონებულ ბერძნებს თავის ქადაგებაში ასე ამხნევებს: "ყველა სარწმუნოება ცრუა. აქედან მე შევიგნე, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტეანთა რწმენაა წმიდა და ძვირფასი. გიხაროდენ, რომ მართლმადიდებლები ხართ და გლოვობდეთ იმ უკეთურ მწვალებელთა გამო, რომლებიც სიბნელში ვლენან" (1).

ჩემი თქვენდამი წერილის მიწერის მიზეზი გახდა პირეის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ სერაფიმესადმი თქვენს მიერ მიგზავნილი პასუხის ტექსტი, რომელიც ცნობილი გახდა ინტერნეტში მისი პუბლიკაციის წყალობით. რადგან ამ წერილში თქვენ ეხებით მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების არსებით საკითხებს, გთხოვთ მიიღოთ და წაიკითხოთ ჩემი წერილიც, რომლის თქვენდამი მიწერა ჩემმა სამღვდელმთავრო სინდისმა მაიძულა, იმ ზომით რა ზომითაც განიცადა მან ეს საკითხი.


თქვენ ხართ მოუნათლავები

2. ჯერ-ერთი, კათოლიკეთა ძვირფასო და ღირსპატივსაცემო არქიესპისკოპოსო, მინდა განგიმარტოთ რატომ არ გიწოდებთ "ძმას" და მოგმართავთ როგორც "ღირსპატივსაცემს". რა თქმა უნდა, ზოგადი აზრით დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები ძმები არიან ერთურთისთვის, რამეთუ ერთი დედა-მიწის შვილებს წარმოადგენენ. ამგვარი გაგება ჩვენი მართლმადიდებლური ღვთისმსახურებისთვისაც არის დამახასიათებელი, რომელიც დედამიწას უგალობს, როგორც დედას, რომელსაც ხრწნისა და საბოლოო აღდგომისთვის უბრუნდება ყოველი ნაშობი. მაგრამ, სამწუხაროდ, სულ სხვაა, ღირსპატივსაცემო ბ-ნო ნიკოლოზ, სიტყვა "ძმის" გაგება საეკლესიო ურთიერთობაში, ამიტომაც, არ შემიძლია ასე გიწოდოთ და მოგახსენებთ რატომაც. სიტყვა "ძმა" (ἀδελφὸς) არსებითად შედეგება ორი სიტყვისგან "δελφὺς" (წიაღი, მუცელი) და "α", როგორც კრებსითი პრინციპი, და არა უარყოფითი. ამრიგად, ამ განმარტების თანახმად, "ძმები" იმგვარი ადამიანები არიან, რომლებიც ერთი დედის წიაღიდან წარმოიშვებიან, აქვთ თავიანთ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი უჩქეფთ და ერთსა და იმავე ოჯახს მიეკუთვნებიან. "წიაღი" (ტექსტის გამუქება ყველგან ჩვენია - რედ.), რომელმაც "შობს" ადამიანს და ქმნის მას ღმრთის შვილად - ნათლისღების წმიდა საიდუმლოა. სისხლი, რომლითაც იკვებებიან ღმრთის შვილები ქრისტეს სისხლია, რომელიც გოლგოთაზე, მისი ჯვარცმის დროს დაიღვარა, და ეს სისხლი საღმრთო ლიტურგიის წმიდა ბარძიმში იმყოფება. ხოლო ოჯახი, რომელსაც მიეკუთვნებიან ღმრთის შვილები, ეკლესიაა. ამრიგად, კათოლიკეთა ღირსპატივსაცემო არქიეპისკოპოსო, ვერ გიწოდებთ "ძმას", რადგან ერთი და იმავე დედის წიაღიდან არ ვართ ნაშობნი. ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები, ნათლისღების ემბაზში სამგზის შთაფლვით ვიშვით, მაშინ როდესაც თქვენ, კათოლიკეები, უბრალო სხურებას აღასრულებთ. ჩვენ არ გვაქვს თქვენთან თანაზიარობა ქრისტეს სისხლში, და თქვენ ჩვენთან ერთად ღმრთის ოჯახს, ანუ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეკუთვნით. რადგან ჩვენ არ თანავსწირავთ ერთად, არც შეიძლება "ძმები" ვიყოთ, გამომდინარე ამ სიტყვის ეკლესიოლოგიური გაგებიდან.

ჩემს მიერ ზემოთნათქვამის დასტურად დაგიმოწმოებთ ერთ შესაბამის ნაწყვეტს წმ. იოანე ოქროპირის თხზულებიდან: "ძმებად ადამიანებს ნათლისღება და საღმრთო საიდუმლოთა ზიარება შეიქს" (PG. 58, 718). და კიდევ ამავე წმიდა მამის ერთი ციტატა: "რა შეგვქმნის ურთიერთ ძმებად? მეორედშობის საბანელი, ანუ წმიდა ნათლისღება" (PG 63,  177). სხვა, ასევე წმიდა მამა და დიდი ღვთისმეტყველი, წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი, რომელსაც ჩვენ "წმიდა მამებთან თანაშერაცხილად" მივიჩნევთ, პაპისტებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ისინი მოუნათლავები არიან. ამიტომაც არ შეგვიძლია ძმები გიწოდოთ.


თქვენ არ გაგაჩნიათ ეკლესია

3. მაგრამ მე, როგორც მართლმადიდებელ ღვთისმეტყველს, თქვენზე, პაპისტებზე, არც იმის თქმა შემიძლია, რომ ხართ ეკლესია. რა თქმა უნდა, პირეელი მიტროპოლიტის, ბ-ნი სერაფიმესადმი მიწერილ თქვენს წერილში მთელი მონდომებით ცდილობთ დაამტკიცოთ, რომ წარმოადგენთ "ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას", რა თქმა უნდა, დამატებით "თქვენთან ერთად", ანუ ჩვენთან, მართლმადიდებელ ქრისტეანებთა ერთად. მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, უკვე საღვთისმეტყველო კვლევისა და შესწავლის შემდეგ, გეტყვით, რომ თქვენ, პაპისტები, არ წარმოადგენთ ეკლესიას. და კვლავ განვმარტავ რატომ. ღირსპატივსაცემო, შთამბეჭდავია ის, რომ წმიდა მამების ტექსტებში არსად ვხვდებით ეკლესიის განსაზღვრებას. ეკლესიის ზოგიერთი სახელმძღვანელო განმარტება, უმეტესწილად მეტ-ნაკლებად ცთომილ შეხედულებებს ეფუძნება. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თანახმად ეკლესია საიდუმლოა და ტერმინებით  არ განისაზღვრება. ვინ რა ზომით განიწმიდება და განათლდება ღმრთის მადლით, იმ ზომით და უპირატესობით შეიმეცნებს ეკლესიის ამ საიდუმლოს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი მოკლე სიტყვა მოციქულთასწორი კაცისა, წმ. მღვდელმოწ. ეგნატე ღმერთშემოსილისა, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, და ასეც განვიხილავთ, რომ მან მოგვცა განსაზღვრება იმისა, თუ რა არის ეკლესია. ეკლესიის ამ წმიდა მამის მიხედვით, ეკლესია ეს არის "საგანძური", წმიდა ტრაპეზი, ანუ ის, რაზეც მღვდელი აღასრულებს ლიტურგიას (2). ასე, რომ "ეკლესია" წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის თანახმად საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოა. მართლაც, ამ საიდუმლოში, ანუ საღმრთო ლიტურგიაზე, ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები, მთელი გულით შევიმეცნებთ იმას, თუ რა არის ეკლესია. მაგრამ მე მინდა წარმოგიდგინოთ ზემოთნათქვამის ბიბლიური მტკიცებულებაც, ანუ ის, რომ ეკლესია ეს არის საღმრთო ევქარისტიის აღსრულება. ამის დასამტკიცებლად დავიმოწმებ წმ. მოციქულ პავლეს მიერ კორინთელთა მიმართ მიწერილ პირველ ეპისტოლეს. ამ ეპისტოლეს 11-ე თავში მოციქული პავლე სრულიად მკაფიოდ ლაპარაკობს საღმრთო ევქარისტიის შესრულების ჟამს მორწმუნეთა შესაკრებელზე (σύναξη τῶν πιστῶν). და ამ შესაკრებელს ის "ეკლესიას" (Ἐκκλησία) უწოდებს. ამიტომაც ამბობს: "პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაჲმე მრწამს" (ახ. ქართ.: "ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც") (მუხლი 18). ამრიგად, რადგან "ეკლესია" ეს საღმრთო ევქარისტიის შესასრულებლად ერის შეკრება ყოფილა, ხოლო ეს საიდუმლო, რა თქმა უნდა, ქრისტეს უპატიოსნესი ხორცთან და სისხლთან ზიარებისთვის სრულდება, და რაკიღა ჩვენ და თქვენ, პაპისტებს, ლიტურგიის არც ერთად აღსრულება ძალგვიძს და არც საღმრთო საზრდოს ერთობლივი ზიარება, სრულიად ადვილად შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ თქვენ არ წარმოადგენთ არავითარ ეკლესიას. ამას მე ვამბობ ჩვენი, მართლმადიდებლური რწმენიდან გამომდინარე, ასევე იმას, რომ ეკლესია, რომელიც ქრისტემ დააფუძნა, - არის სწორედ მართლმადიდებლური ეკლესია.


თქვენ დაამახინჯეთ სარწმუნოების სიმბოლო


4. მესმის, რომ ძალზედ შეგაშფოთებდათ ჩემი ნათქვამი, ანუ ის, რომ ჩვენ, მართლმადიდებლები, შევადგენთ ერთადერთ და ჭეშმარიტ ეკლესიას, რომელიც ქრისტემ დააფუძნა, და არა თქვენ, პაპისტები. ის, რასაც მე გეუბნებით, სრულიად საწინააღმდეგოა იმისა, რასაც ასეთი დაბეჯითებით უმტკიცებდით თქვენს წერილში ჩემს თანამოძმეს, პირეელ მიტროპოლიტ ბ-ნ სერაფიმეს, რათა ჩვენ, მართლმადიდებელთ, "გვინდა ეს ჩვენ თუ არა", "გვესწავლა" "ყველასათვის ერთი ჭეშმარიტება", რომ თურმე თქვენ, პაპისტები, წარმოადგენთ "ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას"; და ეს რომ "შევიგნოთ", ამატებთ მეტად გამომწვევ სიტყვას, "რაც უნდა დაგიჯდეთ". არა, ბატონო, ნიკოლოზ, კათოლიკეთა არქიეპისკოპოსო! ეს მართლმადიდებელი ეკლესიაა ერთადერთიც და ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიაც. და ეს ასეა იმიტომ, რომ ჩვენ, მართლმადიდებლები, დაურღვევლად ვინარჩუნებთ იესუ ქრისტესა და წმიდა მამათა სწავლებას, რომლებიც მსოფლიო კრებებმა გადმოგვცეს, მაშინ როდესაც თქვენ, კათოლიკეებმა, ეს ყველაფერი შერყვენით და დაარღვიეთ.

გემუდარებით, ნუ მეტყვით, რომ ეკლესია მრავალი საუკუნეების განმავლობაში ცდებოდა, ხოლო თქვენ, პაპისტებმა, 9-ე საუკუნეში "უშიშრად", საკუთარი ხელებით "გაასწორეთ" სარწმუნოების სიმბოლო მასში Filioque-ს ("და ძისაგან" - რედ.) დამატებით. მე დავწერე სიტყვა "უშიშრად", რადგან სინამდვილეში თქვენი ეს ქმედება, კადნიერი და უტიფარია, რამეთუ არსებობდა მსოფლიო კრების მიერ ადრე მიღებული კანონი - არავის გაებედა წმიდა სიმბოლოს შეცვლა, და მისგან რაიმეს ამოღება ან მასში რაიმეს ჩამატება. ამ კანონს უდიდეს პატივს მიაგებდნენ III მსოფლიო კრების წმიდა მამები და მათ სარწმუნოების სიმბოლოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საპატივცემოდ ტერმინი "ღმრთისმშობელიც" კი არ დაამატეს. მაშინ როდესაც, თქვენ, პაპისტები, სრულიად არაორაზროვანი დადგენილებისა და მსოფლიო კრების წმიდა მამათა უბადლო მაგალითის საწინააღმდეგოდ, უკეთურად აღმართეთ თქვენი ხელი სიმბოლოს წინააღმდეგ - თან ისე, რომ სარწმუნოების სიმბოლოს წმიდა ტექსტის შეცვლისა არც კი შეგშინებიათ. ასე რომ, მარტო ამ ერთადერთი Filioque-ს ჩართვითაც კი მტკიცდება, რომ შეურყვნელად არ გაქვთ დაცული მამათა სარწმუნოება და ეკლესიის დოგმატიც შეცვლილი გაქვთ. ახლა კი მოისმინეთ, რას გეუბნებათ ჩვენი წმიდა და უდიდესი ღვთისმეტყველი, გრიგლო პალამა:

"მაშ ასე, ჩვენ არასოდეს შეგიწყნარებთ ერთობაში მანამ, სანამ თქვენ აღიარებთ, რომ სულიწმიდა ძისგანაც გამოდის" (3).


თქვენ ეშმაკის მორჩილი ორგანო ხართ


5. მე გირჩევთ ბ-ნო ნიკოლოზ მთლიანად წაიკითხოს წმიდა მამის ეს სიტყვა. საშინელებაა ის, რაც თქვენს დასახასიათებლად დავიწმოწმე ერთი წმიდა მამის თხზულებიდან, ეს "ბომბია" თქვენთან მიმართებაში! მომიტევეთ, გეთაყვა. არც მეტი არც ნაკლები, თავის სიტყვაში ეს უდიდესი ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ პალამა ამბობს, და არა მარტო ამბობს, არამედ ამტკიცებს კიდევაც, რომ პაპისტები სატანის მიერ მართვადი ერეტიკოსები ბრძანდებიან!

მომიტევეთ, ყოვლადუპატიოსნესო, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია ასე ამბობს, და ჩვენ, რა თქმა უნდა, შევიწყნარებთ მის სიტყვას, რადგან ჩვენი წმიდა და უდიდესი ღვთისმეტყველიც ასე ბრძანებდა. ამრიგად, თავისი ჰომილიის ამ პატარა ნაწყვეტში წმ. გრიგოლ პალამა ამბობს: "როგორც ჩანს, საცნაურ და უფრო მეტად დაწყევლილ გველს (ანუ ეშმაკს)... მისდამი მორჩილ ამ ლათინთა მეშვეობით (საშინელია ეს სიტყვა, ანუ წმიდა მამა ამბობს, რომ პაპისტები ეშმაკის მორჩილი იარაღები არიანო) შემოაქვს ახალი იდეები ღმრთის შესახებ, რომელიც ერთის შეხედვით მცირე ცვლილებას შეიცავს, მაგრამ საფუძველია უდიდესი ბოროტებისა და თავისი უადგილობითა და არაბუნებრივობით ღვთისმოსაობისთვის საშინელი შედეგების მომტანია, რაც ყველას ნათლად აჩვენებს, რომ ყველაზე უმცირესიც კი, რაც ღმერთს ეხება, არ შეიძლება იყოს უმცირესი" (4).


პაპიზმი ძველი მწვალებლობების გაგრძელებაა

6. თავიდან წმინდანი ამბობს, რომ ლათინთა (ჩვენებურად პაპისტთა) მწვალებლობა ძველი მწვალებლობების, კერძოდ არიანელობის, აპოლინარიზმის, ევნომეველობის, მაკედონიანელობის და სხვათა გაგრძელებააო.

გთხოვთ, პატივცემულო კათოლიკეთა ეპისკოპოსო, ასევე წაიკითხოთ რას გეუბნებათ წმინდანი Filioque-სთან დაკავშირებით თავისი სიტყვის სხვა პარაგრაფშიც. გთხოვთ გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება ამ ნაწყვეტისადმი: "როგორ ბედავთ მიიღოთ ის (Filioque), რაც ჭეშმარიტების ქადაგთ (ანუ წმიდა მოციქულებს), არასოდეს უსწასვლებიათ და, რაც არ გადმოუცია სულიწმიდას, რომელმაც ყოველი ჭეშმარიტება გვამცნო? როგორც ბედავთ მიიღოთ Filioque, რის შესახებაც არ მოწმობს და არაფერი უთქვამს თავისი ძვირფასი მოციქულებისთვის იესუ ქრისტეს, რომელმაც მათ ყველაფერი ამცნო, რაც მამისაგან ეუწყა და, რომელიც უშუალოდ იმისთვის მოვიდა, რათა ემოწმებინა ჭეშმარიტება? (იოანე 18:37); როგორ ბედავთ შემოიტანოთ უცხო დანამატი სარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც საერთო კრებაზე სულიერად რჩეულმა მამებმა დაწერეს და ჩვენც გადმოგვცეს?" (5)


მძაფრი საყვედური დიმიტრიადელ მიტროპოლიტს


7. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება იმას, რას ბრძანებს წმ. გრიგოლი Filioque-ს შესახებ, რომელიც თქვენ შეიტანეთ სარწმუნოების სიმბოლოში. ის ამ დანამატს "უცხოს" უწოდებს!... პაპიზმი, ბატონო კათოლიკეთა არქიეპისკოპოსო კუნძულთა: ნაქსოსისა, ტინოსისა, ანდროსისა და მიკონოსისა, მწვალებლობაა, და უეჭველად, როგორც ეს ზემოთაც მიგვითითა წმ. გრიგოლ პალამამ, და როგორც სხვა წმიდა მამებიც უთითებენ, უდიდესი მწვალებლობაც. ამიტომაც გამიკვირდა სხვა კლერიკოს ძმებთან ერთად თანამოძმე მღვდელმთავრის სიტყვა, რომელიც ამასწინათ წავიკითხეთ ინტერნეტში (მასში რომ სიცრუე არ გვენახა, ჭეშმარიტი სიტყვა იქნებოდა), რომელშიც ნათქვამია "არ უნდა მივაკუთვნოთ მწვალებლობებს არც კათოლიკური ეკლესია და არც მწვალებლებად არ უნდა შევრაცხოთ კათოლიკე ძმები".

ასე მოაზროვნე მართლმადიდებელი მღვდელმთავარი პირდაპირ წმიდა მამათა ღვთისმეტყველების საწინააღმდეგოდ მიდის, რომლებიც ერთხმად კიცხავენ პაპისტებს როგორც მწვალებლებს, რასაც მე დავამტკიცებ ჩემს სხვა გამოკვლევებში. მაგრამ ჩვენი თანამოძმე მიტროპოლიტის სიტყვის კითხვას თუ შევუდგებით, დავინახავთ რამდენად შორსაა ის წმ. გრიგოლ პალამასგან, რომლის სიტყვაც პაპისტი "ძმების" შესახებ, რომელსაც დიმიტრიადელი მიტროპოლიტი ძმურად ეხვევა და ესალმება, აქვე შემოგთავაზეთ...

ამიტომაც, უნდა გააუქმოთ ტერმინი "წმიდა" რომის პაპთან მიმართებაში და შეწყვიტოთ მისი "წმიდად" მოხსენიება.

8. თქვენო ღირსებავ, რადგან პაპისტები არ ეკუთვნიან ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, როგორიც არის მართლმადიდებლური ეკლესია, უნდა გააუქმოთ თქვენს წერილში სიტყვა "წმიდა",რამეთუ ქრისტეს ეკლესიის გარეთ შეუძლებელია იყოს ან სიწმიდე ან ცხონება. "Eхtra Ecclesia nulla salus" (ეკლესიის გარეთ ცხონება არ არის), თქვა ძველმა და დიდმა მამამ, ეკლესიოლოგმა, კართაგენის ეპისკოპოსმა წმ. კვიპრიანემ. სიწმიდე კეთილსურნელოვანი ყვავილია, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში იზრდება, რამეთუ მხოლოდ მასშია სარწმუნოების სწორი დოგმატები, სიწმიდე კი მის გარეშე წარმოუდგენელია.

"წმინდანებად ჩვენ ვხმობთ იმათ, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ვისაც გააჩნია სულიწმიდის ნიჭები და სწორი დოგმატები" (MPG 59, 443).

სხვა წმიდა მამა, წმ. ბასილი დიდი, ამბობს: "ამიტომაც, ყველა წმინდანი - ღმრთის, ძისა და სულიწმიდის ტაძრები ბრძანდებიან; მათში, ნათლისღების წმიდა საიდუმლოს მეშვეობით, ცხოვრობს ერთი ღვთაება, ერთი უფლება და ერთი სიწმიდე მამისა და ძისა და წმიდისა სულისა" (Adversus Eunomium lib. V PG. 29. 761B). მაგრამ პაპისტები ხომ მოუნათლავები არიან! შედეგად, გამოთქმა "უწმიდესი" პაპისადმი ან რომელიმე კათოლიკე ესპიკოპოსისადმი მიმართებაში, რომელიც მოუნათლავია და ეკლესიის გარეთ იმყოფება, წმიდა მამებისეული ღვთისმეტყველების თანახმად ცთომილი გამონათქვამია. ამიტომაც, ყოვლადპატიოსანო ბ-ნო ნიკოლოზ, მე არ შემიძლია ჩემს წერილში მოგესალმოთ როგორც "წმიდას". ვიღაცამ მითხრა, თითოსდა წმიდა მამათა ტექსტებში მოწიწებით მიმართვებსაც ხშირად ვხვდებითო მწვალებელთა მიმართ. დიახ, მეც დავადასტურებ და ვიტყვი, რომ მწვალებელ ნესტორისადმიც კი გვაქვს წმ. კირილეს მიმართვა "თქვენო ღვთისმოსაობავ" და "თქვენო ღირსებავ" (7).

მაგრამ მოდი ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ეს გამონათქვამები მწვალებელთა მიმართ გამოთქმულია მათ განკითხვამდე, ეკლესიიდან მათ გაგდებამდე, იმისთვის, რათა მათ სინანულის შესაძლებლობა მისცემოდათ და უკუეგდოთ საკუთარი ცდომილება. მათი განკითხვის შემდეგ კი წმიდა მამათაგან ამგვარი მიმართვები, და ტერმინების "წმიდა" და "უწმიდესის" გამოყენება არსად შეგვხვედრია. პაპისტებთან დაკავშირებით კი ჩვენ გვაქვს არა მარტო კრებათა დადგენილებები, არამედ მათ წინააღმდეგ გამოთქმული ანათემებიც. ასე, რომ ჩვენ არ ვამბობთ მათთან მისალმებისას "წმიდა" და "უწმიდესო". შეუძლებელია რამენაირი სიწმიდე არსებობდეს ეკლესიის გარეთ და ეს ეკლესიის დოგმატია.

სხვა ჩემი თანამოძმე, ასევე უარყოფითი აზრით მეუბნებოდა, რომ რაკიღა ვინმე ხელმძღვანელს "ღირსპატივდებულად" მივმართავთ, ამითაც საცთურს ვიწვევთ. მე მითხრეს, რომ ჩვენ პაპს "უწმიდესს" ვუწოდებთ მხოლოდ პატივისცემით გამო. დამპალი არგუმენტია! ხელმძღვანელს (იგულისხმება მღვდელმთავარი - რედ.) ჩვენ "ღირსპატივდებულს" იმიტომ ვუწოდებთ, რომ მართალია რეალურად არა აქვს ამისი პატივი, მაგრამ აქვს შესაძლებლობა და თუ მოისურვებს, იმ ადგილზე, რომელიც მას უპყრია, შეუძლია (და უნდა) იყოს კეთილიც და პატიოსანიც. მაგრამ პაპი და მისი პაპისტები, იმყოფებიან მწვალებლობასა და ცთომილებაში, ამიტომაც, სრულიად შეუძლებელია იყონ "წმიდანი" და "უწმიდესები"! Eхtra Ecclesia nulla salus (ეკლესიის გარეთ ცხოვნება არ არსებობს), და კიდევ: nulla sanctitas - არ არსებობს სიწმიდა ამდაგვართათვის.


პასუხები ძველი აღთქმის კომენტარებზე


9. დასასრულ, მხედველობის არედან მეტად მნიშვნელოვანი და საკმაოდ საჭირო საგანი რომ არ გამოგვრჩეს, ბ-ნო ნიკოლოზ, მე როგორც ძველი აღთქმის სპეციალისტი და ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ძველი აღთქმის ჰერმენევტიკას ვასწავლი, გამოვხატავ ჩემს უღრმეს წუხილს პაპისტების მიერ ცნობილი ფრაზის, "უფლის ანგელოზის" (მალ ახ იახვე) ცთომილი განმარტების გამო. ეს ფრაზა ხშირად გვხვდება ძველ აღთქმაში. წმიდა მამათა განმარტების თანახმად "უფლის ანგელოზი", რომელიც ძველი აღთქმის მართალთ, პატრიარქებსა და წინასწარმეტყველთ ეცხადება, წმიდა სამების მეორე იპოსტასია, ანუ ძე ღმრთისა, ჯერაც ხორცშეუსხმელი, რომელიც არც ჩქარობს განკაცებას და ამიტომაც განკაცებამდე ანგელოზის სახით ეცხადება. და წმიდა მამათა და ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველის ეს განმარტება მეტყველებს იმაზე, რომ ძველი აღთქმა წარმოადგენს ჯერ კიდევ არგანკაცებული ღმრთის ძის განცხადებას, ამიტომაც, ძველი აღთქმა არის ისეთივე წიგნი, როგორიც ახალი აღთქმა! ძველი და ახალი აღთქმები შეიცავენ ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას! "ორი აღთქმას, ორი მოძღვარსა და ორ ძმას აღამაღლებს ერთი უფალი" (წმ. იოანე ოქროპირი). ძველი აღთქმა განკაცებამდელ ქრისტეზე მოგვითხრობს, ხოლო ახალი აღთქმა განკაცებულზე.

თქვენ კი, პაპისტები, ღირსპატივდებულო ბ-ნო ნიკოლოზ, ფრაზას "უფლის ანგელოზი" განმარტავთ ქმნილი ანგელოზის აზრით და მით ჩვენს ქვეყანაში ძველი აღთქმის მნიშვნელობას აუფასურებთ. მე საუნივერსიტეტო კათედრიდან ხშირად და წუხილით ვამბობ ამ სიმართლის შესახებ რათა განვამტკიცო სტუდენტებში წმიდა მამათა განმარტებებისადმი მისწრაფება და წარვადგინო ძველი აღთქმის წიგნები როგორც იესუ ქრისტეს ძველაღთქმისეული გამოცხადება.


პაპისტებთან ღია დიალოგისკენ მოწოდება

10. მე გმადლობთ თქვენ, რადგან გეყოთ მოთმინება და ბოლომდე ჩაიკითხეთ ჩემი წერილი. გთხოვთ მომიტევოთ მოყენებული ტკივილი, რომელიც ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდათ. მაგრამ საეკლესიო ისტორია და ჩვენი ეკლესიის წმიდა მამათა ცხოვრება გვასწავლიან, რომ სარწმუნოების საკითხებში გულწრფელობა და პირდაპირობა აუცილებელი და საჭიროა. კიდევ შეგახსენებთ ღირსპატივდებულო, რომ თქვენთვის წინამდებარე წერილის მოწერა ჩემმა სამღვდელმთავრო სინდისმა მაიძულა. ჩვენ, მღვდელმთავრები, ჩვენი ხელდასხმისას დადებული ფიცის გამყიდველები ვიქნებოდით, ბოროტება სიკეთედ რომ მიგვეჩნია და ვიღაცისადმი კერძო სიყვარულის ან პირადი პასუხისმგებლობის გამო სიმართლე დაგვემალა და პროტესტი არ გამოგვეთქვა მაშინ, როდესაც ვხედავთ როგორ ირყვნება მართლმადიდებლური ზნეობა და რწმენა.

გამოუთქმელი სიხარულით დავიწყებდი ღია საღვთისმეტყველო დიალოგს მართლმადიდებელთა და პაპისტთა შორის არსებულ განსხვავებებზე, და ვიზრუნებდი ეს მასალები ინტერნეტშიც გამომეტანა, რათა ყველა დაჰკვირვებოდა მას და ინტერესი გამოეჩინათ მისდამი. მე გთხოვთ თქვენ ამას. ვიცი, ალბათ დასცინებთ ჩემს წერილს, რადგან თქვენს წერილში ჩემი თანამწირველისა და ძმის მიმართ, პირეელი მიტროპოლიტის ბ-ნ სერაფიმეს მიმართ მოგვეცით დახასიათება იმისა, თუ როგორ "გაერთეთ" მისი წერილით, რომელმაც ამავე დროს "ძლიერ დაგღალათ". მე ჩემი წერილის მსგავს შეფასებასაც ველი თქვენგან. მაგრამ, რადგან თქვენ გწამთ თქვენი დოგმატების ჭეშმარიტებისა, ჩვენთან დიალოგისა ნუ შეგეშინდებათ.

მე, ღირსპატივდებულო, მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მამებთან და ძმებტან ერთად ვხარობთ და ვისვენებთ, როდესაც გვესმის კოზმა ეტოლიელის სიტყვები, რომლითაც დავიწყე თქვენდამი მოწერილი ჩემი წერილი. მე მათ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მათი სიდიადისდა გამო:

"ყველა რწმენა ცრუა. აქედან შევიგნე, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტეანთა რწმენაა წმიდა და ძვირფასი. უნდა გიხაროდეთ, რომ მართლმადიდებელნი ხართ და გლოვობდეთ უკეთურ მწვალებელთა გამო, რომლებიც სიბნელეში ვლენან"!
2013 წლის 25 ნოემბერი. დიმიცანი.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით მოგესალმებათ + ჰორიტინელი და მეგალოპოლისელი მიტროპოლიტი იერემია, ათენის უნივერსიტეტის პატივდებული პროფესორი


1.  Μητροπολίτου Φλωρίνης Αὐγουστίνου, ΚΟΣΜA AITΩΛΟΣ, έκδ. ΛΑ´, σελ. 132

2. წმ. მღვდელმოწ. ეგნატე ღმერთშემოსილი, ეპისტოლე ეფესელთა მიმართ. 5:2; ტრალისელთა მიმართ 7:2. ამ ტექსტებს ეფუძნება თქვენი საკუთარი პატროლოგი Altaner-ი.

3. Ἐπὶ λέξει λέγει τὸ κείμενο: “Οὐδέποτ’ ἂν ὑμᾶς κοινωνοὺς δεξαίμεθα μέχρις ἂν καὶ ἐκ τοῦ Υἱοῦ τὸ Πνεῦμα λέγητε”, Περὶ τῆς ἐκπορεύεσεως τοῦ Ἁγίου Πνεύματος, Λόγος Α ́,ΕΠΕ Γηγορίου τοῦ Παλαμᾶ. Ἔργα 1, σελ. 74. 5

4. Γηγορίου τοῦ Παλαμᾶ. Περὶ τῆς ἐκπορεύεσεως τοῦ Ἁγίου Πνεύματος, Λόγος Α Ἔργα 1, σελ.68-70

5. Γηγορίου τοῦ Παλαμᾶ. Περὶ τῆς ἐκπορεύεσεως τοῦ Ἁγίου Πνεύματος, Λόγος Α Ἔργα 1, σελ. 76

6. Ἡ σὴ εὐλάβεια

7. ]Σὴ εὐσέβεια


რუსულიდან თარგმნა არქიეპისკოპოსმა პავლემ, თბილისი 2014 წ. 18 იანვარი.

წყარო: http://apologet.spb.ru/ru/1593.html

თავწყარო: გაზეთი Ορθόδοξος Τύπος 6 Δεκεμβρίου 2013, αρ. Φύλλου 2001. σελ. 1, 7

რუსული წყაროს, "Православный Апологет"-ის (http://apologet.spb.ru) რედაქციის მინაწერი: ჰორიტინელი მიტროპოლიტის, ცნობილი ღვთისმეტყველისა და ათენის უნივერსიტეტის პროფესორის, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის წერილის გადათარგმნა და გამოქვეყნება გადავწყვიტეთ მართლმადიდებელ მრევლსა და სასულიერო დასში უკვე არსებული საცთურის გამო, რომელიც გაჩნდა მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ ილარიონ ვოლოკოლამელის ფილოკათოლიკური გამონათქვამების გამო. მიტროპოლიტ იერემიას ღია წერილში გამოთქმულია მართლმადიდებლური ეკლესიის მეტად მკაფიო პოზიცია რომაულ-კათოლიციზმთან დაკავშირებით, რომ პაპიზმი ეს არის მწვალებლობა და სხვა არაფერი. ამ პოზიციის შეცვლა არავის შეუძლია. მისი შეცვლის ერთადერთი პირობა შეიძლება იყოს საჯარო, სრულიადკათოლიკურ დონეზე გამართული კრება, რომელიც უარს იტყვის რომაული-კათოლიციზმის უამრავ მწვალებლობაზე, დაწყებული filioque-დან და ერთ-ერთი უმთავრესი პაპისტური დოგმატიდან რომის პაპის მეთაურობისა და უნივერსალიზმის შესახებ, დამთავრებული მწვალებლური მარიოლოგიითა და საიდუმლოთა შესრულების დარღვევით დამთავრებული.

საბერძნეთში წარმოქმნილი მძაფრი პოლემიკა და ხანგრძლივი მიმოწერა მართლმადიდებელი მოძღვრებისა ნაქსოსის კათოლიკე არქიეპისკოპოსთან, აჩვენებს ფილოკათოლიციზმის უზარმაზარ ზეწოლას მართლმადიდებელ იერარქებზე, რომლებიც თვალს ხუჭავენ მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებაზე რომაულ-კათოლიციზმთან მიმართებაში, და თვით პაპისტ იერარქებს არ განუმარტავენ, თუ ვინ არიან ისინი და რას წარმოადგენს მათი ეკლესია. ამ საზიანო და დანაშაულებრივ დუმილში თავისი წვლილი მიუძღვის ეკუმენისტურ მოძრაობას და საღვთისმეტყველო დიალოგებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო შორდებიან სამოციქულო მართლმადიდებლობის სიწმიდეს, შლიან ეკლესიოლოგიურ საზღვრებს, ხოლო მათი მართლმადიდებელი მონაწილეები დარწმუნებით ამტკიცებენ საკუთარ მართლმადიდებლურობას და ამბობენ, რომ თითქოსდა აქვთ უფლება შეცვალონ მართლმადიდებლური ტერმინოლოგია და ცნებები, საკუთარ თავს მიაწერენ უფლებას, რომელიც აღემატება ყოველივე კანონიკურს და მართლმადიდებლური ეკლესიის სჯულმდებლობით ყოველგვარ ინსტანციას. ისინი აკეთებენ იმას, რისი გაკეთების უფლებას საკუთარ თავს არ აძლევდნენ არც სულიწმიდით გაბრძნობილი ეკლესიის წმიდა მამები, რომელთაც უფრო მეტი განათლება და შემეცნება ჰქონდატ, ვიდრე თანამედროვე მღვდელმთავრებს, და არც მსოფლიო კრებები. ამგვარი კადნიერება აღმაშფოთებელი და გამაოგნებელია!

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გამოვაქვეყნებტ მიტროპოლიტ იერემიას მეორე წერილს, რომელიც მან კატოლიკე არქიეპისკოპოს ნიკოლოზს მისწერა და რომელშიც კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათენაგორას მოქმედებათა შეფასებას იძლევა, რომელმაც გაბედა და ცალმხრივად მოუხსნა კრებითი ანათემები რომაელ-კათოლიკეებს, რომელიც მათ კონსტანტინოპოლის 1054 წლის კრებამ დაადო. მიტროპოლიტი იერამია ამ წერილში უთითებს ეკლესიის წმიდა მამებს, როგორც ეკლესიის შეურყეველ ავტორიტეტებს. ის ააშკარავებს პატრიარქ ათენაგორას საქმიანობის დამღუპველობას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

http://apologet.spb.ru/ru/1593.html.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому