ნათლობა - კონსტანტინოპოლის 1756 წლის, ადგილობრივი საეკლესიო კრების განსაზღვრება - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
კონსტანტინოპოლის 1756 წლის, ადგილობრივი საეკლესიო კრების განსაზღვრება
ნათლისღება
"სულის საცხოვნებლად ბოძებულ მრავალ საშუალებათაგან პირველი და უმთავრესი უფლის მიერ წმ. მოციქულთადმი ბოძებული ნათლისღებაა. რადგანაც, სამი წლის წინათ წამოიჭრა საკითხი, შეწყნარებული ყოფილიყო თუ არა ჩვენკენ გადმოსულ იმ ერეტიკოსთა ნათლობა, რომლებიც წმ. მოციქულთა, ღვთაებრივ მამათა და წმიდა კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიის გადმოცემათა საწინააღმდეგოდ ასრულებენ ნათლისღებას, ჩვენ, ვინც, ღვთის წყალობით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღვიზარდენით, წმინდა მოციქულთა და ღვთაებრივ მამათა კანონებით ვხელმძღვანელობთ და ვიცით ჩვენი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საიდუმლო (იგულისხმება 7 საეკლესიო საიდუმლო და სხვა მღვდელმოქმედებანი - ადმ.) - განვსაზღვრავთ: ერთი ღვთაერბრივი ნათლისღების ნათლისღების მიმღებნი ყოველივე ერეტიკულს, რაც ისე არ აღესრულება, როგორც ეს სული წმინდამ ამცნო მოციქულებს და რაც დღემდე უცვლელად აღესრულება ქრისტეს ეკლესიაში, გარყვნილ კაცთა გამონაგონად და მოციქულთა გადმოცემების საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ საყოველთაო აღიარებით, ზიზღით უკუვაგდებთ მათ და მათგან ჩვენკენ გადმოსულთ მოუნათლავთა და განუწმენდელთა თანასწორად მივიჩნევთ; მივდევთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მცნებას, რომელმაც უბრძანა თავის მოწაფეებს, მოენათლათ ყოველი სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა; მივდევთ მათ, რომელთაც განაწესეს მოსანათლავთა სამგზისი შთაფლვა და თითოეულ შთაფლვაზე წარმოთქმა წმიდა სამების ერთ-ერთი პირის სახელისა, წმიდა და მოციქულთასწორის, დიონისეს სიტყვისამებრ, რომელიც ბრძანებს, რომ მოსანათლავი უნდა მოინათლოს განშიშვლებული ემბაზში, ნაკურთხი წყლითა და ზეთით და ღვთაებრივ პირთა მოწოდებით; ხოლო ნათლისღებისთანავე ღვთიური ძალმოსილების მქონე წმ. მირონით უნდა იქნეს ცხებული, შემდგომ კი ყოვლადგანმწმენდელ ევქარისტიას ეზიაროს. ჩვენ ვიცავთ მეორე და მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებებს, რომლებიც ბრძანებენ, რომ ყოველი, ვინც მონათლული არ იქნება სამგზისი შთაფლვითა და ყოვლადწმიდა სამების პირთა მოწოდებით თითოეულ შთაფლვაზე, არამედ ნებისმიერი სხვა სახით იქნება, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქცევის შემთხვევაში მოუნათლავებად ჩაითვლებიან.

ვხელმძღვანელობთ რა ზემოხსენებული წმიდა და ღვთაებრივი დადგენილებებით, ერეტიკოსთა ნათლობას (იგულისხმება ლათინური წყალპკურება - ადმ.), როგორც წმ. მოციქულთა და ღვთაებრივ დადგენილებათა საწინააღმდეგოს და სრულიად გაუცხოებულს მათგან, როგორც უცხოს განბანვისა და, წმ. ამბროსისა და დიდი ათანასეს სიტყვისამებრ, სრულიად უსარგებლოს, რასაც არავითარი სიწმიდე არ შეუძლია მიანიჭოს მოსანათლავს და ოდნავადაც კი არ ემსახურება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდის საქმეს, ზიზღის და უარყოფის ღირსად მივიჩნევთ. ხოლო მოჩვენებითად, ვითომ მონათლულებს მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში ვიღებთ, როგორც მოუნათლავებს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე გადავნათლავთ მათ წმ. მოციქულთა და საკრებო დადგენილებების შესაბამისად, რომელსაც ურყევად ეფუძნება ქრისტეს წმიდა, სამოციქულო და მსოფლიო ეკლესია - დედა ყოველთა მართლმადიდებელთა. და აი, ამ ჩვენი სახალხო აღიარებითა და განჩინებით, ვამტკიცებთ ჩვენს მიერ გამოტანილ განსაზღვრებას, რომელიც სრულიად თანხმიერია წმ. მოციქულთა და საკრებო დადგენილებებისა და განვამყარებთ მათ ჩვენივე ხელმოწერით წელსა 1756-სა.

კირილე პატრიარქი კონსტანტინოპოლისა;

მათე პატრიარქი ალექსანდრიისა და

პართენი პატრიარქი იერუსალიმისა"

ციტ. (О правилах и чинопоследованиях присоединения неправославных христиан в православную церковь, изд. Вятск, 1869 г.).
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому