ნათლობა - ბერძნული ნომოკანონი ნათლისღების შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
არქიეპისკოპოსი პავლე
ბერძნული ნომოკანონი ნათლისღების შესახებ
ნათლისღება
მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობა აღიარებს ნათლობის მხოლოდ შთაფვლით ფორმას და არა წყალპკურებითს, ჩვენი ოპონენტები ოფიციალური, ახალმოწესეობრივი ეკლესიიდან ასეთი "ლოგიკით" ცდილობენ თავიანთი პრაქტიკის გამართლებას: "... არა მხოლოდ სჯულისკანონი, არამედ, საზოგადოდ არც მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლობა არსად, არც ერთხელ მინიშნებითაც კი არ უარყოფს სამგზის დასხმით ნათლობას" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია _ სძალი უფლისა". "მეცნიერება". თბილისი 1990 წ. გვ. 118). ამიტომაც არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ბერძნულ ნომოკანონში, ყრმათა ნათლობისთვის დადგენილ განწესებებს, რომლებშიც, როგორც შთაფლვითი ნათლობის ერთადერთობის, ასევე ამ საკითხთან ძველბერძნული ეკლესიის დამოკიდებულების მნიშვნელოვანი მტკიცებებია წარმოჩენილი. ამ მხრივ საკმაოდ საყურადღებოა პროფ. ა. პავლოვის მიერ გამოცემული ბერძნული ნომოკანონები ("Номоканон при большом требнике". Одесса, 1872 г., др. изд. Москва 1897 г.), სადაც ბერძნული ტექსტების პარალელურად სლავური ტექსტებიც არის დაბეჭდილი (ტექსტებს ახლავს პროფ. ა. პავლოვის კრიტიკული გამოკვლევები).

მოციქულთა 50-ე კანონთან დაკავშირებით ნომოკანონის 201-ე განწესებაში ნათქვამია: "Глаголет 5-ое правило свв. Апостол, яко священник не крещай в три погружения, яко же предписася, едино Отчее, другое Сыновне, и третие Святого Духа, и аще не творяй во единой тайне, да извержется" (Номоканон, прав. 201. Одесса 1872, стр 171, другое изд. Москва 1897 г., стр. 350. , цит. журн. "Церковь" № 30, Сидней (Австралия) 1988 г., стр. 17). დავაკვირდეთ ნომოკანონის 201-ე განწესების ბერძნულ ვარიანტს. სლავური ტექსტის, "крещаяй в три погружения" _ პარალელურად დაბეჭდილია: "ბაპტიძონ ის ტრის კატადისის". სლავურ "крестить"-ს ბერძნულში შეესაბამება "ბატიზინ".

ბერძნული ენის სპეციალისტები განგვიმარტავენ, რომ ეს სიტყვა ნიშნავს მხოლოდ ჩაძირვას, წყალში დაფლვას. მღვდელი კ. ოკოლოვიჩი თავის ცნობილ ბროშურაში სათაურით: "Православному народу о католических заблуждениях" წერს, რომ თვით სიტყვა "ნათლობა" (ბერძნულად "ბაპტიზინ", ებრაულად "ტაბალ"), საკუთრივ ჩაძირვას, წყალში დაფლვას ნიშნავს. შედეგად, სიტყვებით "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათე 28:19), ნათლად არის მითითებული ნათლისღების ღვთაებრივი დაწესების მხოლოდ შთაფლვითი და არა რომელიმე სხვაგვარი ფორმა (იხ. კ. ოკოლოვიჩის ხს. ნაშრ. გვ. 18. ციტ. იქვე.).

ოფიციალური, რუსული ახალმოწესეობრივი ეკლესიის ერთ ერთი არქიმანდრიტი, იოსები, თავის ნაშრომში: "Почему вообще в православной церкви крестят именно погружением в воду" (изд. общество распростр. дух. и нравств. просвещения) - წერს: "Слово "креститься", - с подлинного греческого языка, на котором написаны св. Евангелия, и в которых употреблено это слово, означает именно окунываться, окунаться, погружаться в воду с головою" (გვ. 6. ციტ. იქვე). ნათქვამის დასამტკიცებლად არქ. იოსები იმოწმებს ბერძნულ-რუსულ ლექსიკონს (Греко русский словарь Синайского, 1870 г., ч. 1, стр. 171 და Еп. Евсевий. "Беседы о семи спасительных тайнствах" (გვ. 26. ციტ. იქვე), სადაც ნათქვამია, რომ ნათლისღების ბერძნული სახელწოდებანი "ტო ბაპტისმოს" და "ტო ბაპტისმა", განვიხილავთ მათ როგორც სინონიმებს თუ არა, ეტიმოლოგიურად და სიტყვათხმარების თვალსაზრისით, აღნიშნავენ შთაფლვას. ამ სიტყვების ხმარება ემთხვევა იმ დროს, როდესაც გვიან დამკვიდრებული ლათინური წესი წყალპკურებითი (თუ წყლის გადასხმითი) ნათლობისა საერთოდ არ იყო ცნობილი. ამრიგად, "ბაპტიზმა" შთაფლვას ნიშნავს და ეს არის მისი ერთადერთი ყოფითი მნიშვნელობა" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია _ სძალი უფლისა". "მეცნიერება", თბილისი 1990 წ. გვ. 85).

ძველ აღთქმაში, როგორც "ბაპტო", ასევე "ბაპტიძო", წარმოადგენენ იმ ებრაულ ზმნათა თარგმანებს, რომლებიც ლათინურად აღინიშნებიან სიტყვებით: ტინგო, იმმერგორ (2 ნეშტთა 5:14), სუბმერგორ (ფსალმ. 9:16; იერემ. 38:6; დანიელ 4:20; 5:23) და რამეში შთაფლვას, ჩაძირვას აღნიშნავენ (იხ. ლათინურ-რუსული და ლათინურ-ქართული ლექსიკონები. ზუსტად ამ მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვები ახალაღთქმისეულ წიგნებშიც (არქ. იოსები. დასახ. ნაშრ. журн. Церковь, № 30, 1988 г. Сидней).

ასე ესმით ეს სიტყვა ძველ სლავ მთარგმნელებსაც (იხ. მაგალითად: В. И. Венешевич. "Древл. Кормчая XIV титулов, без толкований. 50-ое Апост. прав. сп. 1906 г., т. 1, стр. 73). ასეა გაგებული ის სამგანმარტებიან სლავურ დიდ რჯულისკანონშიც ("Кормчая") (კერძოდ, იხ. მოციქულთა 50-ე და წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონები). მაგრამ, ბერძნული ნომოკანონის 201-ე განწესება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სიტყვით და აძლიერებს მას გამოთქმით "კატადისის". სხვადასხვა მიზნით, ბერძნული ორიგინალის მე-100 კანონში ის არაერთხელ არის გამოყენებული (იხ. პროფ. ა. პავლოვის. "Номоканон при больш. Требнике. Москва 1897, стр. 348, Одесса 1872, стр. 170 ციტ. იქვე). ჩაიხედეთ ბერძნულ-რუსულ ან გნებავთ ბერძნულ-ქართულ ლექსიკონებში და იქ იპოვით განმარტებას, რომ ეს სიტყვა აღნიშნავს მხოლოდ ჩაძირვას, შთაფლვას, შთასვლას, დაღმართს, ჩასვლას (А. Д. Вейсманн. "Греко-Русский словарь, изд. 5-ое, столб 665, 666, 669 და Григориевский "курс греческого языка, изд. 1903 г., стр. 183).

ამ მტკიცების სისწორეში ბერძნულ-რუსულ (ან ქართულ) ლექსიკონთა გარეშეც დარწმუნდებით თუ ხელთ გაქვთ სამგანმარტებიანი "დიდი რჯულისკანონი" (Трехтолковая кормчая), რომელშიც კანონთა ბერძნული ტექსტიც არის. ავიღოთ II მსოფლიო კრების მე-7 კანონი; აქ გვხვდება სიტყვა შთაფლვა, ჩაძირვა, შთაყოფა; კერძოდ, ამ კანონში ნათქვამია, "ევნომეველნი წყალში ერხელ შთაყოფით ნათელღებულნი..." (სლავ. "Евномиан же единократным погружением крещающихся"). აქ სიტყვა "погружение" (ქართულად შთაფლვა) ბერძნული "კატადისის"-იდან არის ნათარგმნი (იხ. "Трехтолковая кормчая", стр. 273). ამ სიტყვას ვხვდებით აგრეთვე I მსოფლიო კრების 95-ე კანონში. იგი აქაც შთაფლვად არის გადათარგმნილი (იქვე, გვ. 583. ციტ. "Церковь" . № 30, 1988 წ. გვ. 18). ეს სიტყვა გვხვდება ტიმოთე პრესვიტერის გადმოცემაშიც.

პროფ. ა. პავლოვის მიერ გამოცემულ "ნომოკანონში" ეს სიტყვა გვხვდება არა მხოლოდ მე-200, არამედ 201-ე (მოსკოვურ გამოცემაში გვ. 360) და 206-ე კანონებშიც (იქვე. გვ. 355) და სლავურად "погружение"-დ არის ნათარგმნი. ამ კანონთა შინაარსიდან გამომდინარე, მისი სხვაგვარად გადათარგმნა არც არის შესაძლებელი. ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, არავის გაუჭირდება, მიხვდეს, ბერძნული ნომოკანონი ნათლისღების საიდუმლოში შთაფლვის წესს ამკვიდრებს და არა წყალპკურებას (ციტ. ჟურნ. "Церковь", № 30, Сидней (Австралия), 1988 г., стр. 17, 18).

თვით პროფ. ა. პავლოვი, საეკლესიო კანონიკის ეს დიდი მცოდნე და ნომოკანონების ავტორიტეტული მკვლევარი, მე-200 განწესებასთან დაკავშირებულ კრიტიკულ შენიშვნაში სრულიად გარკვევით ამბობს, რომ ეს კანონი მოსანათლავის მხოლოდ შთაფლვით ნათლობას აწესებს და არავითარ შემთხვევაში წყალპკურებას (იქვე. გვ. 20). ბერძნული ნომოკანონის მე-200 განწესება, რომელიც შეიცავს საკმაოდ ზუსტ და ნათელ მითითებებს სანათლავი ჭურჭლის შესახებ, ასევე ცხად მითითებებს იძლევა თვით ფორმაზე ნათლისღებისა. იმისთვის, რომ ზუსტად ჩავწვდეთ ამ განწესების არსს, მივმართოთ მის ბერძნულ ტექსტს, რომელიც პროფ. ა. პავლოვის მიერ გამოცემულ ნომოკანონშია მოთავსებული (პარალელურად ფრჩხილებში ვათავსებთ ამ ტექსტის სლავურ თარგმანს). ამრიგად, მე-200 კანონი ასე იკითხება "кэ (и) баптизис (крещаеши) авто (его) ис (в) трис ( три) катадисис (погружения), итун (сиречь) ис (в) триа (три) бутимата (окунания)". "კატადისის" ნიშნავს შთაფლვას (იხ. Ивашковский. "Полный греко-русский словарь". Москва 1838 г., ч. 2, стр. 212, столб 2 ... Иеромонах Досифей. Еллино-российский лексикон, посв. имп. Александру ... Москва, т. 1, стр. 318, столб. 2. ციტ. იქვე). ეს სიტყვა წარმოდგება ზმნიდან "კატადიმი", "კატადიმო", "კატადიო", რაც ნიშნავს: "ვძირავ", "ვყვინთავ", "ვეფლობი", "ღრმად ვმალავ წყალში"; სწორედ ამ მნიშვნელობით არის ეს სიტყვა გამოყენებული უძველეს მწერლებთან, მაგ.: "ილიადაში", "ოდისევსში", პლუტარქესთან, ქსენოფანესთან, თუკიდიდესთან (ს. ივაშკოვსკი. ხსენ. ლექსიკონი. მე-2 ნაწილი, გვ. 212, სვ. 1, 2. ციტ. იქვე).

ბუკვალური გაგებით ჩაძირვა ნიშნავს წყალში ღრმად დამალვას, არა უბრალოდ ჩაშვებას წყალში, ვთქვათ, ყელამდე, ან თვალებამდე, არამედ მთლიანად, სრულ შთაფლვას, სრულ ჩაძირვას; მაგრამ, ტერმინ კატადისისის ამგვარი მკვეთრი და ძლიერი გამომხატველობის მიუხედავად, კანონის შემდგენლები ამასაც არ ჯერდებიან და ამატებენ "сиречь в три окунания" (იტუნ ის ტრია ბუტიმატა), ანუ სამი ჩაყურყუმელავება ("ბუტიმა" ნიშნავს ჩაყურყუმელავებას, ჩაყვინთვას) (Иер. Досифей. "Словарь..." т. 1, стр. 170). შედეგად ცხადი ხდება, რომ კანონი ითხოვს იმგვარ ჩაძირვას, ანუ შთაფლვას, რომლის დროსაც მოსანათლავი ჩაიყურყუმელავებს წყალში და წყლით სრულიად დაიფარება.

მოტანილი ციტატები თითქოსდა საკმარისი უნდა ყოფილიყო იმის დასამტკიცებლად, რომ ნათლისღების ერთადერთი სწორი ფორმა შთაფლვითია, მაგრამ არა! _ კანონში არის კიდევ ერთი დამატება: კე (и) კატიბაზის (опускаешь) ტო (его) იტუნ (сиречь) ბრეხის (мочишь) ტო ოლონ (его всего). ამ სამი სხვადასხვა გამოთქმით: "კატიბაზის" (ჩაუშვებ), "ბუტას" (შთაჰფლავ) და "ბრეხის" (დაასველებ) ერთი და იგივე ქმედებაა გადმოცემული. ზმნა "კატებაზო" ნიშნავს მხოლოდ ჩაშვებას (Иер. Досиф. "Словарь", т. 1, стр. 327, столб 2). "ბუტო" ნიშნავს ვყვინთავ (ныряю), წყალში ვძირავ (погружаю в воду) (იქვე. გვ. 171, სვეტი 1). "ბრეხო" არის დასველება (мочишь), მაგრამ არა იმდაგვარი, როგორც, ვთქვათ, დატენიანების დროს სველდება ხოლმე საგანი, არამედ უხვი დასველება, ანუ იმგვარი დასველება, როდესაც საგანზე იოტისოდენა მშრალი ადგილიც კი არ დაგრჩება" (С. Ивашковский. "Словарь...", ч. 1, стр. 402, столб. 1 და Иер. Досиф. "Словарь...", т. 1, стр. 172).

როგორც ვხედავთ, ნომოკანონის მე-200 და 201-ე კანონების შემდგენელმა წმ. მამებმა ბერძნული ლექსიკის ყველა შესატყვისი გამოიყენეს იმისთვის, რათა საფუძვლიანად და იმგვარი სიზუსტით გადმოეცათ ნათლისღების ფორმა და აზრი, ორგვარი განმარტების რაიმე საბაბიც კი არ დარჩენილიყო. კერძოდ, მოსანათლავი ისე უნდა დაიფლას წყლის სიღრმეში, რომ მთელი სხეულით ჩაიძიროს და თმის ერთი ღერიც კი არ დარჩეს დაუსველებელი.

ამგვარად, ბერძნული ნომოკანონის მე-200 და 201-ე განწესებებში გადმოცემული ნათლისღების წესი, რომელიც მოციქულთა 50-ე კანონის ზუსტ არსობრივ განმარტებას, გნებავთ ამ კანონის განმეორებას წარმოადგენს, მოსანათლავის სრულ, წყლის სიღრმეში სამგზის დაფლვით ნათლობას ითხოვს. ამ კანონის (ანუ ნომოკანონის მე-200 განწესების) ბერძნული ტექსტი, როგორც უკვე ვნახეთ, იმდენად ნათელია და ისე აშკარად ცხადყოფს მოსანათლავის მხოლოდ შთაფლვითი ნათლობის აუცილებლობას, რომ მისი სხვაგვარად გაგების არავითარი საფუძველი არა გვაქვს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბერძნული ნომოკანონი ამის გარდა, იძლევა მითითებებს თუ როგორ ჭურჭელში უნდა განიბანოს მოსანათლავი ყრმა. ამაზე უთითებს ბერძნული "პიდალიონიც", როდესაც აღნიშნავს: "თვით სახელწოდებანი ემბაზებისა, რომლებშიც ინათლებოდნენ ანუ განიბანებოდნენ (ცურავდნენ) მოსანათლავნი, გვიჩვენებს აუცილებლობას შთაფლვისა" (Пидалион. Греческая кормчая книга. Москва 1838, стр. 248).

კურთხევანში მოთავსებული ნომოკანონის ბერძნულ დედანში ყრმის მოსანათლავად გამოსადეგ ჭურჭელთა ოთხი სახეობაა მითითებული: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ემბაზი. ბერძნულ დედანში მის აღსანიშნავად ზის სიტყვა "კოლიმბიფრან" (მდედრ. სქესის ბრალდ. ბრუნვა) (პავლოვის ტექსტში გვხვდება "კოლომბიფრან", მაგრამ ეს, უბრალოდ, კორექტურაა, რამეთუ ეს სიტყვა ამავე კანონში უკვე სწორი მართლწერით 4-ჯერ არის გამოყენებული).

ბერძნულ ენაში ზმნა "კალიმბაო" წყალში შთაფლვას, ცურვას ნიშნავს, ხოლო ამ ზმნისგან ნაწარმოები არსებითი სახელი ("კოლიმბიფრა") ნიშნავს საერთოდ იმგვარ ადგილს, სადაც ცურვა, წყალში ჩაშვება, ბანაობაა შესაძლებელი. ე. ი. ეს არის საბანაო და საერთოდ, ყოველგვარი ღრმა ადგილი წყალში. ქრისტეანულ დამწერლობაში და, მითუმეტეს, საეკლესიო პრაქტიკაში, ეს სიტყვა ემბაზისა და საბანელის მნიშვნელობით იხმარება (იხ. Александр. Греко-французский словарь, ч. 2, стр. 80, ст. 1 - цит. "Церковь", № 30, 1988 г., стр. 21). ეს კია, რადგანაც ადვილი შესაძლებელია, რომ ნათლობის მომენტში სპეციალური ემბაზი ან საბანელი ("კოლიმბიფრა") ხელთ არ გვქონდეს, კანონი სრულიად კეთილგონივრულად უშვებს მოსანათლავი ყრმის სხვაგვარ ჭურჭელში ნათლობის შესაძლებლობას. მაგრამ დააკვირდით _ ასეთ შემთხვევაში კანონი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმ მოთხოვნას, რომ ნათლობა უცილობლივ შთაფლვით უნდა იქნეს აღსრულებული და არა სხვაგვარად. ამაზე მიუთითებენ იმ ჭურჭელთა ზომები და ფორმები, რომლებიც ბერძნულ ნომოკანონშია დასახელებული. კერძოდ, ემბაზის გარდა ნათლობისთვის შეიძლება ვისარგებლოთ ჭურჭლით, რომელიც ბერძნული სიტყვა "სკაფიდოპულონ"-ით აღინიშნება. ეს სიტყვა "სკაფია"-დან არის ნაწარმოები. ზმნა "სკაპტო" ნიშნავს ვთხრი, ვჭვრითავ, ვთლი. აქედან, "სკაფი" არის ამოჭრილი, ამოთხრილი ჭურჭელი (მაგ.: ნავი). ყოფითი გაგებით ის ნიშნავს აბანოს, ვარცლს, გობს (იხ. проф. С Ивашковский. Полный греко-русский словарь, т. 4, Москва 1869, стр. 363, столб 2). აქედან, "სკაფიდა" ანუ დიდი გობი, დიდი ვარცლი (Иер. Досифей. "Еллино-русский словарь. Москва 1811 г., .... ).

ძველი ბერძნები "სკაფის" და "სკაფიონ"-ს უწოდებდნენ ხის დიდ გოვზებს (აბანოს გოვზა, რუს. "шайка"), დიდ ტაშტებს (რუს. "таз"), რომლითაც ძილის წინ ტანის დასაბანად იყენებდნენ (იხ. Герман Ваас. "Внешний быт народов", Москва 1874 г., т. 1, ч. 2, стр. 222). თავისი სიდიდით, მოცულობით და სისუფთავით ეს ჭურჭელი გამოსადეგია იმისთვის, რომ მოსანათლავი ყრმა შთაფლვით იქნეს ნათელღებული. სწორედ ამ ჭურჭელზე მიუთითებს კანონი ემბაზის შემდეგ და მიანიშნებს: თუ არ გაქვს ემბაზი, ამ დიდი ვარცლით ისარგებლეო".

შემდგომ, ბერძნულ ტექსტში დასახელებულია ჭურჭელი "სკუტელან მეგალინ". სიტყვა "სკუტელა" ნიშნავს ხის დიდ ჯამს (თასს, ფიალას), მაგრამ კანონი მხოლოდ ამ სიტყვით არ შემოიფარგლა და დაამატა "მეგალინ". "მეგას" (მდედრ. მეგალი) ნიშნავს დიდს, საერთოდ საკმაოდ დიდს, უზარმაზარს (იხ. ბერძნული ენის ნებისმიერი ლექსიკონი, ასევე გრამატიკის სახელმძღვანელოები), რითაც კანონში მიანიშნეს, რომ საჭიროა არა უბრალოდ დიდი ჯამი, არამედ ისეთი, რომელშიც ჩაძირვა, შთაფლვაა შესაძლებელი. სიტყვა "მეგალი"-ს დამატებით _ კანონი ცხადად აჩვენებს, რომ დასახელებული ჭურჭელი საკმაოდ მოსახერხებელი უნდა იყოს ყრმის შთაფლვითი ნათლობისთვის (ნომოკანონის კიევურ გამოცემებში ზუსტად ასეა თარგმნილი: "Блюдо великое". (იხ. მღვდელმონაზონ ფილარეტის შრომებში. "Старопечатный Номоканон", изд. 2, стр. 40, ციტ. იქვე. გვ. 24).

დასასრულ, ბოლო ჭურჭელი, რომელიც ნათლისღებისთვის იქნებოდა გამოსადეგი, ბერძნულში ზოგადად არის მინიშნებული; კერძოდ, კანონში გვხვდება "ალლო, აგიონ კოხერისმენონ", რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს: "ყოველ სხვა (ალლო) ჭურჭელს (აგიონ), რომელიც წყლის შესანახად (კოხერისმენონ) გამოდგება". მთელი აზრი მოცემული განმარტებისა ამ ბოლო სიტყვაშია ("კოხერისმენონ") გადმოცემული. ის წარმოდგება ზმნისგან "ხეო", რაც ნიშნავს "ვასხამ", "ვიღვრები", აქედან, "კოხერისმენონ" ნიშნავს ჭურჭელს, რომელშიც წყლის შენახვა ან წყლის ჩასხმა შეიძლება. საერთოდ, ეს იყო ჭურჭელი, რომელშიც ინახებოდა წყალი ოჯახური მოთხოვნილებისთვის, კერძოდ, გოვზა ან კასრი. მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ მოცემული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, იგულისხმება ისეთი ჭურჭელი, რომელშიც იმ რაოდენობის წყალი ეტევა, რამდენიც შთაფლვითი ნათლობის აღსასრულებლად იქნებოდა საჭირო, რამეთუ კანონმა თავიდანვე მიუთითა შთაფლვაზე და, ასევე ჭურჭელთა იმგვარ ზომაზე და ფორმაზე, რომელშიც თავისუფლად შეიძლება ყრიმს შთაფლვით მონათვლა, ხოლო, რადგანაც ამგვარ ჭურჭელთა მრავალი სახეობა არსებობს, მათზე ზოგადად მიანიშნა სიტყვით "კოხერისმენონ". ასე, რომ არ იყოს, წყლის ჩასხმა და შენახვა სირჩასა (рюмка) და სათითეშიც კია შესაძლებელი.

ამრიგად, ნათლისღებისთვის საჭირო, გამოსადეგ ჭურჭელთან დაკავშირებული საეკლესიო მითითებანი რომ შევკრიბოთ, ამ კანონის აზრი ასე ჩამოყალიბდება: "Да имаши купель (колимбифран), или ванную (скафидопулон), или очень большую деревянную чашу (скутела мегалин), или всякий другой сосуд содержащий такое количество воды, которого вполне достаточно для погружения (алло агион кохерисменон). რაც ქართულად ასე იქნება: "უნდა გქონდეს ემბაზი ან საბანელი, ვარცლი ან საკმაოდ დიდი გოვზა, ან კიდევ ყოველი სხვაგვარი ჭურჭელი, რომელშიც იმდენი წყალი ჩაეტევა, რომ შთაფლვითი ნათლობა შეიძლებოდეს". ვფიქრობთ, თარგმანი ზუსტად შეესაბამება ბერძნულ ტექსტს და ასევე ზუსტად გადმოსცემს მის არსს.

ასე, რომ, ცხადი ხდება, ბერძნული ნომოკანონი ნათლობისთვის გამოსადეგ სხვადასხვა ჭურჭელზე მითითებით შთაფლვით ნათლობას ამკვიდრებს და არა წყალპკურებას. წყალპკურებითი ან წყლის თავზე დასხმითი ნათლობა რომ ოდესმე შეწყნარებული ან თუნდაც ცნობილი ყოფილიყო, როგორც გამონაკლის შემთხვევაში დასაშვები პრაქტიკა, განა რა გაუჭირდებოდათ წმ. მამებს, რომ ერთხელ მაინც მიენიშნებინათ მის შესახებ.

ბერძნული ნომოკანონის მე-200 და 201-ე (სლავურ ნომოკანონებში შესაბამისად 199-ე და მე-200) განწესებანი პირდაპირ მიანიშნებენ და ცხადყოფენ, რომ ძველ ბერძნულ ეკლესიაში არსოდეს ყოფილა დაშვებული წყალპკურებითი ნათლობა. აქედან გამომდინარე, თუ ბერძენი მამები, თვით მოციქულთა 50-ე კანონის გადმოცემისას, რაც ნომოკანონის მე-200 და 201-ე განწესებაშია ასახული, არათუ არაფერს ამბობენ წყალპკურებაზე, არამედ გარდა პირდაპირი მინიშნებისა, რომ მოსანათლავი წყალში სამგზის დაფლვით უნდა მოინათლოს, იქვე ყრმათათვის სანათლავი ემბაზების არქონის შემთხვევაში ჭურჭელთა იმგვარ ფორმებზე მიუთითებენ, რომლებშიც მოსანათლავი ჩვილის შთაფლვაა შესაძლებელი, ნათელია, - ბერძნული ეკლესიის პრაქტიკა ამკვიდრებს მხოლოდ შთაფლვით ნათლობას
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому