ლიტურგიკა - საიდან მომდინარეობს ორშაბათის მარხვა? - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საიდან მომდინარეობს ორშაბათის მარხვა?
ორშაბათის მარხვა
ავტორი: პროფ. ივანე დანიელის ძე მანსვეტოვი.
 
შვიდეულის სამარხვო დღეებიდან თავისი მნიშვნელობით გამოირჩევიან ოთხშაბათი და პარასკევი. ამ დღეებში მარხვის ჩვეულება ქრისტიანული ეკლესიის უძველეს დადგენილებათა რიგს ეკუთვნის, დამოწმებულია მთელი რიგი უძველესი ისტორიული მოწმობებით და გააჩნია კანონიკური სანქცია.
 
ამრიგად, ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა ჩამოყალიბდა და განმტკიცდა ყველაზე ადრეულ პირველქრისტიანულ ეპოქაში და, თავისი გამოჩენით წინ უსწრებს რა დაწერილ წეს-განგებებს, მით გვათავისუფლებს ვალდებულებისგან უფრო დეტალურად ვილაპარაკოთ მასზე. სულ სხვა არის ორშაბათის მარხვა: ის არასოდეს ყოფილა დაკანონებული (რუს.: положительный) საეკლესიო დაწესება და ამიტომაც სავალდებულო ხასიათი არ გააჩნდა. იმის გამო, რომ ის ემთხვეოდა ფარისეველთა ჩვეულებას ემარხულათ შვიდეულის (კვირის) მეორე და მეხუთე დღეებში, ორშაბათი სავალდებულო სამარხვო დღედ თავიდანვე არ მიიჩნეოდა. მოციქულთა დადგენილებები კრძალავენ კიდევაც თვალთმაქცებთან ერთად მარხვას ორშაბათსა და ხუთშაბათს (1). ებრაელებთან ერთად მარხვას ქრისტიანებს უკრძალავს მოციქულთა 70-ე კანონიც (2).
 
______________
 
1. მოციქულთა დადგენილებები: "ხოლო თქვენი მარხვა ნუ იქნება თვალთმაქცებთან ერთად, რომლებიც მარხულობენ მეორე და მეხუთე დღეს შაბათიდან" (მოციქულთა დადგენილებები. თ. 7. § 23. იხ. Апостольские постановления / Изд. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2013. ასევე: https://azbyka.ru/otechnik/6/apostolskie-postanovlenija/#source – "ძველმართლ". რედ.).
 
2. მოციქულთა კანონები. "ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგანი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს, ანდა მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს (როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი), განკვეთილ იქნეს; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ასეთივე ქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს" (წმიდა მოციქულთა 85 კანონი. კანონი 70-ე. http://library.church.ge // იხ. ასევე: იხ. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 170.
 
______________
 
მოციქულთა დადგენილებების მიხედვით, ქრისტიანს ევალება ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვა, ან ხუთდღიანი მარხვა კვირის (შვიდეულის) განმავლობაში, როდესაც ცალკე არ გამოიყოფა არც ორშაბათი და არც ხუთშაბათი. ათანასე დიდი საზოგადოდ სავალდებულო მარხვებს განაკუთვნებს ოთხშაბათს, პარასკევს და დიდ მარხვას, თავისუფალ მარხვებს კი - ყველა დანარჩენ დღეებში მარხულობას; ხოლო შაბათსა და კვირას მარხვა უსიტყვოდ აკრძალულია.
 
ამრიგად, ძველქრისტიანული ყოფისთვის მოცემული არ იყო არანაირი საფუძველი ორშაბათი დღე მარხვის დღედ ექცია, და თუ ეს ვითარება მაინც მოხდა, არა ძველი საეკლესიო დადგენილებების, არამედ განსაკუთრებული ასკეტური ჩვეულებებისა და პირადი ღვთისმოსაობის საფუძველზე.
 
ასე, მაგალითად, შვიდეულის საზოგადოდ სავალდებულო სამარხვო დღეების გარდა, რომლებსაც ბერები მკაცრი თავშეკავებით იცავდნენ, ისინი ამასთან ერთად სხვა დღეებშიც მარხულობდნენ, თუმცა არც ისე მკაცრად. სამი დღიდან ნაკლებად მკაცრ მარხვად შემდეგში გამოიყო ორშაბათი და, მიემატა რა ოთხშაბათსა და პარასკევს, საფუძველი მისცა ყოველკვირეული სამდღიანი მარხვის ჩვეულებას საერო ორდღიანი მარხვის ნაცვლად.
 
ეს თანმიმდევრობა განსაკუთრებულად მკაცრად იყო დაცული დიდი წლიური მარხვების პერიოდში და აქედან დაიწყო მან თავისი წეს-განგებითი ისტორია. საკმაოდ სავარაუდოა, რომ მცირე წლიურ მარხვებში მარხვა გრძელდებოდა არა ხუთი დღე, არამედ მხოლოდ სამი; სამშაბათი და ხუთშაბათი ნახევრად სამარხვო დღეები იყო, რომლებიც საღამოს იხსნილებოდა, ერისკაცები კი ჭამდნენ ყველსა და კვერცხს. ამის ანალოგიას შეადგენს ე. წ. jejunium triduanum, რომელსაც, ისიდორე სევილიელის (~560-636 წ.) მითითებით, იცავდნენ ბერები ადვენტის პერიოდში (3) და ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მოიცავდა.
 
_______________
 
3. "ადვენტი" - წინასაშობაო პერიოდის სახელწოდება, რომელიც მიღებულია ლათინური (კათოლიკური) ეკლესიის ქრისტიანთა და ზოგიერთ პროტესტანტულ დენომინაციას (მაგ. ლუთერანებში) შორის. ის არის აღმოსავლური წინასაშობაო მარხვის ანალოგიური. ადვენტი - ეს არის მოლოდინის დრო, რომელიც წინ უძღვის ქრისტეს შობას, რომლის დროსაც ქრისტიანები სადღესასწაულოდ ემზადებიან. – (ვიკიპედია). – "ძველმართლ". რედ.
 
_______________
 
ბერძნული წეს-განგებების მიხედვით ის ცნობილი ხდება საკმაოდ გვიან და სტოდიურ ხელნაწერებში არ იხსენიება. ათანასე ათონელის "მოკლე მონახაზში" ორშაბათი, მართალია, სადიდმარხვო საკვების განაწესში ერთხელ გამოიყოფა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ, მაშინ როდესაც, მის ორიგინალში, "სტოდიური მონახაზი", ორშაბათის, როგორც განსაკუთრებული დღის შესახებ სიტყვაც კი არ არის ნათქვამი.
 
ეს ვითარება გვაფიქრებინებს ხომ არ არის ეს ათონური რედაქციის გვიანდელი დანამატი, ისევე, როგორც სხვა განსხვავებები ύποτύπωσις-თან (4) შედარებით.
 
________________
 
4. იპოტიპოსისი (῾Υποτύπωσις) - ბიზანტიური, სამონასტრო წეს-განგება, რომელიც შეიცავს სტოდიური წარმოშობის მოკლე გადმოცემას ცალკეული ლიტურგიკულ და დისციპლინარულ ჩვეულებათა შესახებ. სტოდიური ტრადიციის საღვთისმსახურებო ნორმატული ტექსტებისა (მ. შ. სტოდიური სვინაქსარის) და "საკვების განაწილების" შესახებ სტოდიური განაწესის საფუძველზე, "იპოტიპოსისი" შედგენილია არა უადრეს IX ს-ის შუაწლებისა და არა უგვიანეს IX ს-ის მიწურულისა (Православная Энциклопедия. Ипотипосис. https://www.pravenc.ru/text/673781.html - "ძველმართლ." რედ.).
 
________________
 
გვიანდელ, იერუსალიმურ წეს-განგებებში, ორშაბათი, საკვებთან დაკავშირებით, ყველგან უტოლდება ოთხშაბათსა და პარასკევს და კვირის (შვიდეულის) სხვა დღეებისაგან გამოიყოფა. ტიპიკონის ამ დარგით ის იძენს არსებობის უფლებას არა მარტო მონაზვნურ, არამედ ჩვეულებრივ საერო ყოფიერებაში და გადადის სლავურ წეს-განგებებშიც. არ დავიმოწმებთ რა სხვადასხვა წყაროებს ორშაბათის მარხულობის შესახებ, მივუთითებთ მხოლოდ ნიკონ შავმთელზე, რომელთანაც ეს მარხვა განსაკუთრებული რუბრიკით არის გამოყოფილი, სადაც მის წარმომავლობაზე რამოდენიმე შენიშვნაა მოცემული. მისი თქმით, "შვიდეულის მეორე დღის მარხვა ნახსენებია იოანე მმარხველის კანონარში, ხოლო იერუსალიმის წეს-განგებაში ის მიკუთვნებულია საყოველთაო (კრებით) მარხვებს, რომლებიც საღმრთო წერილით ოთხშაბათთან და პარასკევთან ერთად გადმოგვეცა".
 
ერისკაცებში ეს მარხვა გადმოვიდა ეპითიმიური განაწესებიდან და მონაზვნურ ჩვეულებათადმი მიბაძვის შედეგად. ეპითიმიაში მყოფთათვის მარხვა ძლიერდებოდა. როგორ და რა ზომით, აჩვენებენ ეპითიმიური ნომოკანონები და, სხვათა შორის, იოანე მმარხველის ცნობილი ნომოკანონიც. მასში ორშაბათის მარხვა მონანულთათვის სავალდებულოდ მიიჩნევა, და ნაჩვენებია, რითი განსხვავდება ის შვიდეულის სხვა დღეებისგან საკვებთან მიმართებაში. აქედან გადავიდა ის სულიერ შვილთა დარიგებებში და რუსული წარმოშობის საერო წეს-განგებებში.
 
უმთავრესად ამ გზით განმტკიცდა ორშაბათობა რუსულ ყოფიერებაში. მაგრამ, მიუხედავად მისი ფართო გავრცელებისა რუსეთსა და საბერძნეთში, ამ მარხვის ახსნა-განმარტება არსად შეგვხვედრია; ეს სიცარიელე მით უფრო უცნაურია, რომ ბიზანტიელი და რუსი მწიგნობრები ამ მიმართებით იჩენდნენ დიდ ცნობისმოყვარეობას, უყვარდათ კაზუისტური საკითხებით დასაქმება და, ნიკონ შავმთელიდან მოყოლებული, ცდილობენ წამოაყენონ ორშაბათობის, როგორც საეკლესიო ჩვეულების მნიშვნელობა.
 
 
წყარო: И. Мансветов. О постах православной восточной церкви / Москва : тип. М.Г. Волчанинова, 1886 (обл. 1887).
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому