ისტორია - სიტყვა ქრისტეს ეკლესიის შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

სიტყვა ქრისტეს ეკლესიის შესახებ
საიდუმლო სერობის ხატი
"საუკუნითგან დაფარული ეს უდიდესი საიდუმლო უკანასკნელ ჟამს გამოეცხადა კაცთა მოდგმას, თუმც ძველთაგანვე საღმრთო სულის მადლით განბრძნობილ მრავალ წინასწარმეტყველთა და მართალთაგან იყო ნაუწყები, - ანუ კაცობრიობის გამოხსნა ცოდვის წყევისგან, რომელიც თავისი განკაცებითა და ჯვარცმით მოგვანიჭა მხოლოდშობილმა ძემ ღმრთისამ, ქრისტე იესუმ სახიერმა (კეთილმა) და ყოვლისშემძლემ, უფალმა უფლებათა და მეუფემ მეუფებათა, დაუსაბამომ, უსასრულომ, მარადიულმა, მყოფმა და არაქმნილმა, უცვალებელმა, უხილავმა და უსხეულომ; რომელიც მხოლოდ არის უკვდავი, მცხოვრები თვალშეუდგამ ნათელში და იდიდების მამითა და სული წმიდითურთ; რომელმან არარადან შექმნა ყოველი – ხილულიცა და უხილავიც. ჯერ მან უხილავ ანგელოზთა ურიცხვი მხედრობა შექმნა, ხოლო შემდეგ კი ხილული სამყარო: ცა, მიწა, წყალი და ნათლით განაბრწყინვა იგი. ცა გაანათა და განამშვენა მზით, მთვარითა და ვარსკვლავებით; მიწას მოჰფინა მცენარეულობა, ყვავილები და პირუტყვი, ხოლო ზღვა აღავსო მრავალგვარი ცხოველითა და თევზით, რამეთუ "მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს" (ფსალმ. 32: 9) (преп. Иосиф Волоцкий Просветитель, Слово 14).

"ანგელოზთა ძალთაგან ის ანგელოზი, რომელიც ამქვეყნად განწესებულთა მეთვალყურედ იყო დადგენილი და ღმერთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა დავალებული თავდაპირველად სიკეთისთვის შეიქმნა და კეთილი იყო, მაგრამ ვერ დაიტია ის ნათელი და პატივი, შემოქმედმა რომ მიანიჭა და თავისი ნების–მიერი მოქმედებით გარემიიქცა იმისგან, რაც ბუნების თანხმიერია და იმად იცვალა, რაც ბუნების საწინააღმდეგოა; ანუ ეშმაკი ღმრთისა და თავისი შემოქმედის მიმართ ამპარტავნობით აღივსო, წინაღუდგა მას და გახდა პირველი, ვინც სიკეთეს განეშორა, რის გამოც ბოროტებას ეწია" (წმინდა იოანე დამასკელი, "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", წიგნი I, თ. 3). ამიტომაც დაკარგა მან თავისი ხარისხი და პატივი და ჩამომხობილ იქნა ციდან მისი მომხრე ანგელოზებითურთ, რომელთაც ეწოდებათ დემონები.

ამის შემდეგ შემოქმედმა ინება, შეექმნა ერთგვარი მეორე ანგელოზი, ღვთის თაყვანისმცემელი, დედამიწაზე არსებული ყოველგვარი ქმნილების მეუფე და ზედამხედველი. მტვრისგან შეუქმნა სხეული, სიცოცხლის სუნთქვა კი თვითონვე შთაჰბერა, მიანიჭა თავისუფალი ნება და დაასახლა სამოთხეში. ცეცხლი არ წვავდა მას, წყალში არ იძირებოდა და ცხოველნი არ აყენებდნენ ვნებას.

დაამშვენა რა ყოველგვარი სათნოებით, ყოველი ხილული ქმნილების მეუფედ დააყენა იგი. მისგანვე შექმნა დედაკაცი, მისი თანაშემწე და მისცა მათ სჯული, თუ რომელი ხისგან ეჭმეოდათ და რომლის ნაყოფი იყო აკრძალული, რამეთუ ჯეროვანი იყო, ადამიანები დასაბამითგან მცნებათა დაცვაში გამოცდილიყვნენ. თუკი ადამიანი დაიცავს მცნებებს უცვალებლად დაემკვიდრება სამოთხეში, შეიმოსება უხრწნილებით, უკვდავებით, უცვალებელი სიმტკიცით და განდგომილი ანგელოზის ადგილს დაიკავებს ზეციურ სამყაროში.

ეშმაკს შეშურდა ღმრთის მიერ აღზევებული ადამიანისა და გველის მეშვეობით აცდუნა ჯერ დედაკაცი, დედაკაცის მიერ კი – ადამი. და დაარღვიეს პირველქმნილმა ადამიანებმა მათთვის მიცემული მცნება, გონება განაშორეს თავიანთ შემოქმედს და უსმინეს ეშმაკს, რომლის შთაგონებით გასინჯეს აკრძალული ხის ნაყოფი და ისურვეს ყოფილიყვნენ როგორც ღმერთი. ამიტომაც განდევნილ იქნენ სამოთხიდან, ღმრთის სიახლოვისგან და მიეცნენ სიკვდილს.

სწორედ ამ დროიდან ეშმაკმა უდიდესი ძალაუფლება მოიპოვა კაცთა მოდგმაზე.. გამრავლებისდა კვალად, ეშმაკი ბოროტებას ასწავლიდა ადამიანებს და მათაც, საკუთარი ვნებებით დატყვევებულებმა, დაივიწყეს ღმერთი.

ადამიანებში გავრცელდა მკვლელობა, მრუშობა, ჯადოქრობა და ათასგვარი ეშმაკობანი. ამ ბოროტების ამოსაძირკვად ღმერთმა კაცობრიობას მოუვლინა წარღვნა, მაგრამ წარღვნის შემდეგ, როდესაც კაცთა მოდგმა კვლავ გამრავლდა, ადამიანებმა ისევ მიივიწყეს ღმერთი, ქმნეს კერპები და ბილწ და უკეთურ "ღვთაებებს" (დემონებს) სცეს თაყვანი, რომელთაგან ერთნი იყვნენ "ღმერთნი" მრუშობისა, ხოლო სხვანი – ძალადობისა და ათასგვარი სისაძაგლისა; გამოჩნდნენ ჯადოქრები და გრძნეულები, მჩხიბავები და თილისმისმკეთებელნი.

თავიანთი "ღმერთების" მიბაძვით ადამიანები უსირცხვილოდ ეძლეოდნენ ყოველგვარ ვნებას და მათით იბილწებოდნენ; მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ის იყო, რომ ისინი ამ კერპებს, მათ მიერ გაღმერთებულ დემონებს, მსხვერპლად სწირავდნენ საკუთარ შვილებს, ვაჟებსა და ასულებს. საშინელი უკუნი და სიკვდილი მძვინვარებდა კაცთა მოდგმაზე, რამეთუ დამონებულნი იყვნენ ეშმაკს და ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩადიოდნენ ყველანი.

მაგრამ ჩვენმა შემოქმედმა არ უგულებელყო ასეთ სიბრმავესა და განსაცდელში შთავარდნილი კაცთა მოდგმა და მისი საბოლოო წარწყმედა არ დაუშვა, არამედ მოგვცა რჯული, მოავლინა წინასწარმეტყველნი და ხსნის გზაზე მიგვანიშნა, თუმცა კაცთა მოდგმის ამოყვანა ცოდვისა და ვნების ამ უფსკრულიდან მათ არ შეეძლოთ, რადგან თავადაც (თუმც, მეტ-ნაკლებად) ვნებებსა და ცოდვებს იყვნენ დაქვემდებარებულნი. კაცთა მოდგმის მაცხოვარი ყოველგვარი ცოდვისაგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო. კაცობრიობის გამოხსნა ცოდვის ვნებისაგან მხოლოდ ღმერთს თუ შეეძლო.
ადამიანის მაცდუნებელი მზაკვარი ეშმაკი ხედავდა, როგორ გაუყვა ღმრთის ქმნილება ვნების გზას. სიკვდილი მეუფებდა ადამიდან მოსემდე, ანუ მოსეს სჯულის შეწყვეტამდე ადამიანები სცოდავდნენ ძალდატანებით, ცოდვის მოსურვების გარეშეც, მოციქულის სიტყვისამებრ: "მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა" (რომ. 7:10).

წუხდა ღმერთი, კაცთა შემოქმედი. მას არ სურდა, ძალდატანებით გამოეტაცა კაცთა მოდგმა ეშმაკის ხელიდან, რამეთუ ღმერთი სამართლიანია და თავისი სამართლიანი მსჯავრით ადგენს სამართალს, უსამართლოებს კი სჯის. ამიტომაც, მას არ შეეძლო დაეშვა უსამართლოება და ძალდატანებით გამოეტაცა ეშმაკისთვის ადამიანი, რომელიც მას საკუთარი ნებით ემონა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი იქნებოდა უსამართლობისა და ცოდვის მოქმედი, რაც შეუძლებელია, რამეთუ ღმერთი სამართლიანია და უცოდველი.

ღმერთს ეშმაკთან მიმართებაშიც კი არ სურს იყოს უსამართლო. მას თავისი ყოვლისშემძლეობის ძალით რომ დაემარცხებინა ეშმაკი, ეს უკანასკნელი იტყოდა: "მე უსამართლო ვარ, მაგრამ ასეთია ღმერთიც, რამეთუ ის ყოველივეს იძულებითა და ძალდატანებით აკეთებს; მე გავიმარჯვე ადამიანზე, ღმერთმა კი (ძალდატანებით) იმარჯვა ჩემზე და ადამიანი უსამართლოდ წამართვა" და მართალიც იქნებოდა. მაგრამ უფალმა არ მისცა ეშმაკს ამის თქმის შესაძლებლობა და თავისი გამოუთქმელი და მიუწვდომელი განგებულებით ინება ეშმაკის დასამარცხებლად სამართლიანი ძლევამოსილება მიენიჭებინა კაცობრიობისთვის " (Просветитель, Слово 4).

"რა ხდება? კაცთა მოდგმა საჭიროებდა უმეტეს შეწევნას, ვიდრე ეს იყო წინასწარმეტყველთა ქადაგება და მხილება და მიიღო კიდეც: თავად სიტყვა ღმრთისა, უფალი იესუ ქრისტე, რომელიც არის მამის თანაარსი, ნათელი ნათელისგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენი ცხოვნებისთვის გარდამოხდა ციდან და სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცდა. მაშ ასე, ძე ღვთისა და სიტყვა ღვთისა, წყარო სიცოცხლისა, თავად განკაცდა და ყოველმხრივ გვემსგავსა ჩვენ, გარდა ცოდვისა (იქვე).

ქრისტე იშვა ბეთლემში. მისი დაბადება ანგელოზის მიერ პირველად ბეთლემელ მწყემსებს ეუწყათ, ხოლო შემდეგ - ბრძენ აღმოსავლელ მოგვებს, რომლებსაც უფლის ბაგისკენ ზეციური ვარსკვლავი მიუძღოდა. როდესაც წმიდა იოანე ნათლისმცემელმა ქრისტე იორდანეში მოინათლა, ზეციდან გაისმა ხმა მამისა, რომელმაც ბრძანა: "და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე" (მათე 3: 17), ხოლო სული წმინდა მტრედის სახით გარდამოვიდა მასზე. ამის შემდეგ დაიწყო მან ქადაგება, ახდენდა სასწაულებს, კურნავდა ხეიბართ, აცოცხლებდა მკვდრებს, დევნიდა უწმინდურ სულებს. აირჩია 12 მოწაფე და უბრძანა მათ, ეხარებინათ კაცთათვის ცათა სასუფეველი.

ეშმაკი საგონებელში ჩავარდა, რამეთუ ხედავდა მას, როგორც ხორცშესხულს, როგორც კაცს, მაგრამ ღმერთივით სასწაულმოქმედს; უფალმა იესუ ქრისტემ თავისი გამოუთქმელი განგებეულებით დაფარა თავისი ღმერთობა, რადგან არ სურდა ეშმაკი გაქცეოდა მას, არამედ ენება, რომ მასაც თავს დასხმოდა ისე, როგორც ესხმოდა ეშმაკი სხვა ადამიანებს.

როდესაც ეშმაკმა იხილა, როგორ მოძღვრავდა იესუ ცოდვილთ, განაყენებდა მათ ბოროტი გზიდან და სათნოებათა გზაზე აკვალიანებდა, რომელსაც მარადიულ ცხოვნებასთან მიჰყავს ადამიანი, თავს დაესხა ქრისტეს, როგორც ჩვეულებრივ კაცს, სხვა კაცთაგან არაფრით განსხვავებულს. სწორედ ეშმაკმა ასწავლა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, როგორ უნდა მოეკლათ იესუ.

ქრისტე უდანაშაულოდ გააკრეს ჯვარზე და მოკლეს. თავისი განკაცებით მან ისე დაფარა ღმრთეება, როგორც ანკესზე წამოგებული სატყუარა ფარავს ანკესს. ამიტომაც, როდესაც ეშმაკმა და სიკვდილმა შთაიყვანეს იგი ჯოჯოხეთს და ეგონათ რომ შთანთქავდნენ მის სულს ისევე, როგორც აქამდე ჩვეულებრივ მოკვდავთა სულებს ნთქავდნენ, უეცრად, მისი ღმრთაებრივი ძალმოსილებით განიგმირნენ! აი, მაშინ აჩვენა იესუმ თავისი ღმრთეება და საშინელი განაჩენი მეხივით დაატეხა მათ თავზე: "მე ვარ მარადიული ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისგან ჭეშმარიტისა, რომელიც გარდამოვხედ ზეცით და განვკაცდი. მიმითითეთ ჩემი ის ცოდვა, რისთვისაც მომკალით და საგეჰენიოდ გამასამართლეთ!" შეძრწუნებულნი ეშმაკნი ვერაფერს პასუხობდნენ.

ამრიგად, ქრისტემ თავისი ღვთაებრივი დიდებით დაამხო სიკვდილი და ეშმაკი, ჩააგდო ისინი ტარტაროზში და შეკრა თავის მეორედ მოსვლამდე. აღადგინა ადამი, ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა მართალთა სულები, აღდგა მკვდრეთით მესამე დღეს, ამაღლდა ზეცად მეორმოცე დღეს, სული წმიდა გარდამოუვლინა თავის მოწაფეებსა და მოციქულებს, რომლებმაც ქრისტეს ნათლით განანათლეს მთელი დედამიწა და ბნელში მყოფი კაცობრიობა ჭეშმარიტ ღვთისშემეცნებასა და ნათელს აზიარეს.

განკაცებული მაცხოვრისა და უფლის, იესუ ქრისტეს მადლით, მზის აღმოსავალიდან დასავლამდე ცხონდებოდნენ და დღემდე ცხონდებიან ადამიანები. ქრისტემ თავისი გამოუთქმელი სიბრძნით დაამარცხა ეშმაკი. როგორც მეთევზეები წამოაგებენ ხოლმე ანკესზე ჭიაყელა–სატყუარას, რათა დაიჭირონ სიღრმეში ჩამალული თევზი, ასევე ქრისტემაც, შეიმოსა რა კაცობრივი ბუნება, კეთილგონივრული ხერხით დაიჭირა მზაკვარი გველი. ასე დაიხსნა მან კაცთა მოდგმა ეშმაკისა და მისი მძლავრებისგან“ (преп. Иосиф Волоцкий, Просветитель, Слово 4).

იმის შემდეგ, რაც უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ ცოდვის წყვისა და სიკვდილის მეუფებისგან გამოიხსნა კაცთა მოდგმა და განუხვნა მას ზეცის კარები, დააფუძნა თავისი ერთი, წმიდა და საყოველთაო ეკლესია და ამცნო მას, მის მეორედ მოსვლამდე ცხოვნებად მიეყვანა ყველა დროის ყოველი ადამიანი. მიჰფინა ამ ეკლესიას სული წმიდის მადლი და უთხრა მოციქულებს: "ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე" (იოანე 14:16).

ამ ეკლესიის მოწყობა და მთელ დედამიწაზე მისი გავრცელება მაცხოვარმა დაავალა თავის მოციქულებს, რომელთაც დაუწესა მღვდელმთავრობა და საეკლესიო საიდუმლოებანი, ხოლო თავისი მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოუვლინა სული წმიდა. ეკლესიის თავი არის თვით ქრისტე. რითაც მან შეაერთა მიწიერი (მებრძოლი) ეკლესია ზეციერთან (მედღესასწაულესთან), რომელშიაც მკვიდრობენ ანგელოზნი და ამქვეყნიდან ზეციურ საცხოვრისში გადასული მართალნი, რომელნიც განუწყვეტელ ურთიერთობაში იმყოფებიან უფალ იესუ ქრისტესთან, მამა ღმერთთან და სული წმიდასთან.

მიწიერი (მებრძოლი) ეკლესია საეკლესიო საიდუმლოებებით იკურთხება და განიწმინდება მისი თავის, იესუ ქრისტეს, მიერ. ეკლესია არის ქრისტეს სხეული და არ არსებობს სხვა ეკლესია მის გარდა, რომლის მიერაც სულის ცხოვნება იყოს შესაძლებელი, რამეთუ ყველას აცხოვნებს ეკლესიის თავი იესუ ქრისტე.

წმინდა მოციქულები ეკლესიის განვრცობის საქმეში აკეთებდნენ იმას, რაც ამცნო და ასწავლა მათ ქრისტემ. ამისთვის თავიდანვე სიტყვიერად განუმარტავდნენ მორწმუნეებს ძველი აღთქმის წმინდა წერილს, მაცხოვრის სახარებისეულ სწავლებას. სული წმიდის შთაგონებით, მათ ეს სწავლება წერილობითაც წარადგინეს, რომელთაგანაც შემდეგ ახალი აღთქმის წმინდა წერილი ჩამოყალიბდა.

წმინდა მოციქულებმა სულის ცხოვნების მოსურნე ყველა მორწმუნე ადამიანს ამცნეს, განუხრელად მიჰყოლოდნენ წმინდა წერილს და ერწმუნათ მისი. სარწმუნოების საქმეებში ეხელმძღვანელათ საღმრთო რჯულით, რომელსაც ასევე მოიცავს ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წერილი. ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით, საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად მოციქულებმა შეადგინეს განსაკუთრებული სახელმძღვანელო განწესებანი, რომლებიც სრულიად თანხმიერნი არიან წმინდა წერილისა.

წმინდა წერილთან და ამ განწესებებთან ერთად, ქრისტეანის სარწმუნოებრივი ცხოვრების წარმართვისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საღმრთო გამოცხადების სხვა წყაროსაც, რომელსაც ეწოდება საღმრთო გადმოცემა; ქრისტეანები უძველესი დროიდანვე მკაცრად იცავდნენ ქრისტეს მცნებებს და მოციქულთა განაწესებს და არავითარ სიახლეს არ ამკვიდრებდნენ მათში.

ურწმუნო ებრაელთა და წარმართთა მხრიდან უსასტიკესი დევნის შეწყვეტის შემდეგ, როდესაც თვით ქრისტეანთა შორის გაჩნდნენ ერეტიკოსები, რომლებმაც დაიწყეს ქრისტეანული სარწმუნოების დოგმატებისა და სახარებისეული ზნეობრივი ნორმების შერყვნა, ქრისტეს ჭეშმარიტმა და ერთგულმა მიმდევრებმა მოიწვიეს მსოფლიო საეკლესიო კრებები და მათით განემტკიცეს ქრისტეს სარწმუნოება და უბიწოდ, შეურყვნელად და უცვალებლად დაიცვეს იგი.

მსოფლიო (და ადგილობრივი) კრებების მეშვეობით, ერთგულმა ქრისტეანებმა, ქრისტეს მებრძოლი ეკლესიისა და მისი ჭეშმარიტი შვილების სარწმუნოებრივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად, ისეთი წეს-განგებები დაადგინეს, რომლებიც სრულიად თანხმიერნი არიან როგორც მაცხოვრის მცნებებისა და მისი სარწმუნოებისა, ასევე წმიდა მოციქულთა კანონიკური განწესებებისაც.

ამავე დროს, ქრისტეს ერთგულ შვილთა შორის ჩნდებოდნენ ღმრთითსათნო მამები და მოძღვარნი, რომლებიც თავიანთ თხზულებებსა და ჰომილებში ცდილობდნენ, ყოველმხრივ განემარტათ ქრისტეანული სარწმუნეობის დოგმატები და მაცხოვრის სახარებისეული სწავლების ზნეობრივი ჭეშმარიტებანი.

ეკლესიისა და მისი ერთგული შვილებისთვის შედგენილი განწესებები სრულიად თანხმიერია მაცხოვრის მცნებებისა და მის წმიდა მოციქულთა განმარტებებისა. წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა თხზულებები და განწესებები განიხილებოდა მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე და ისინი, რომლებიც ნამდვილად მაცხოვრის მცნებებისა და მოციქულთა განმარტებების თანხმიერი იყო, სახელმძღვანელოდ იქნა მიჩნეული როგორც მთლიანად ეკლესიის, ასევე მისი ცალკეული წევრებისთვის.


ეკლესია ცნობს 7 მსოფლიო საეკლესიო კრებას:

პირველი მსოფლიო კრება ჩატარდა ქ. ნიკეაში 325 წ. ამ კრებაზე ჩამოყალიბდა სარწმუნოების სიმბოლოს პირველი შვიდი წევრი, დაიგმო არიოზის მწვალებლობა, რომელიც არასწორად ასწავლიდა ძე ღმერთის შესახებ და დადგენილ იქნა 20 განწესება საეკლესიო დისციპლინის განსამტკიცებლად.

მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება იყო ქ. კონსტანტინეპოლში 381 წ. კრებამ განსაზღვრა სარწმუნოების სიმბოლოს კიდევ ხუთი წევრი და დაგმო მაკედონიუსის სული წმიდის საწინააღმდეგო ერესი და ეპისკოპოსთა უფლება - მოვალეობების შესახებ მიიღო შვიდი კანონი.

მესამე მსოფლიო კრება შედგა ეფესოში 431 წ. მან ეკლესიის ყველა წევრისთვის სავალდებულოდ მიიჩნია სარწმუნოების სიმბოლო ("მრწამსი"), ყოველგვარი შემატებისა და შემოკლების გარეშე, რომელიც შედგება 12 წევრისგან და ჩამოყალიბებული იყო პირველ და მეორე მსოფლიო კრებებზე. ამ კრებამ დაგმო, აგრეთვე, ნესტორის სწავლება, მიიღო 8 განწესება და ერთი ეპისტოლე პანფილიის ადგილობრივი ეკლესიის კრებისადმი.

მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ჩარატდა ქ. ქალკედონში 451 წ. მან დაგმო ევტიქის მონოფიზიტური მწვალებლობა, რომლის მიხედვითაც ღვთაებრივმა ბუნებამ ქრისტეში თითქოსდა შთანთქა კაცობრივი ბუნება. კრებამ მიიღო 30 კანონი.

მეხუთე მსოფლიო კრება მოწვეულ იქნა კონსტანტინეპოლში 553 წელს. მან დაამტკიცა მეოთხე მსოფლიო კრების დადგენილებანი და დაგმო ერეტიკოს ნესტორის სამი მიმდევარი.

მეექვსე მსოფლიო კრება, რომელიც ტრულის საეკლესიო კრებადაც იწოდება, შედგა კონსტანტინეპოლში 680 წ. მან დაგმო მონოთელისტური ერესი, დაამტკიცა მესამე მსოფლიო კრების აკრძალვა სარწმუნოების ახალი სიმბოლოს შედგენის შესახებ და მიიღო 102 კანონი.

დასასრულ, მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა ქ. ნიკეაში 789 წ. მან დაგმო ხატმებრძოლური ერესი და მიიღო 22 კანონი.

ყველა 189 კანონიკური განწესება, რომლებიც შვიდივე საეკლესიო კრებამ მიიღო საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად, წმიდა მოციქულთა 85 განწესებასთან ერთად, ეკლესიის წმინდა გადმოცემას წარმოადგენს. ამ მსოფლიო კრებებზე განიხილებოდა ის განწესებებიც, რომლებიც ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე შეადგინეს და საეკლესიო მოწყობისა და ქრისტეანული ღვთისმოსაობისთვის სავალდებულოდ იქნა მიჩნეული (Слово и доклад архиеп Николы (Позднева) стр 17. Труды россииских соборов сторообрядцев приемлющих священство от Греко-Россииской церкви Деяния соборов Московского за (1922) г и Хвалинского (за 1925 г).

ქრისტეს ერთმა, წმიდა და საყოველთაო ეკლესიამ საყოველთაო სავალდებულო სარგებლობისთვის „დიდ რჯულისკანონში“ შეიტანა 9 ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონებიც. ეს ის ადგილობრივი, კრებებია, რომლებიც შედგა 314 და 879 წლების შუალედში:

1. ანკირიის კრება (ადგილობრივი კრებები ჩამოთვლილი გვაქვს იმ თანმიმდევრობით, რომლითაც ისინი შეიტანეს "დიდ რჯულისკანონში"), მოწვეული იყო პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამდე (დაახლ. 314 წ.) ერეტიკოს პავლე სამოსატელის წინააღმდეგ; ამ კრებამ მიიღო 25 კანონი.

2. ნეოკესარიის საეკლესიო კრებამ, რომელიც ასევე ჩატარდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამდე, საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად მიიღო 25 კანონი.

3. ღანგრის საეკლესიო კრება "მოწვეულ იქნა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ ვინმე ევსტათისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ. ისინი გმობდნენ სჯულიერ ქორწინებას, მათი დედაკაცები იცვამდნენ მამკაცურად და თმებს იჭრიდნენ, ეზიზღებოდათ ის ადგილები, სადაც დასვენებული იყვნენ წმიდა მოწამეთა ნაწილები და სხვა ამდაგვარი..." (Правила Поместных соборов с толкованиями, Москва, 1911 г. Правила св. поместн. соб. Гангского. Зонара. Вальсамон, стр. 84). ამ კრებამ მიიღო 21 კანონი.

4. ანტიოქიის ადგილობრივი საეკლესიო კრებაც პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ ჩატარდა. ეს იყო ანტიოქიის მეორე ადგილობრივი კრება (პირველი მოიწვია გალატიის მიტროპოლიტმა ქ. ანკირიაში ერეტიკოს პავლე სამოსატელის სამხილებლად და დასაგმობად. იხ. ზემოთ, § 1). ეს კრება შედგა კონსტანტინე დიდის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, მისი შვილის, კონსტანციუსის იმპერატორობის პერიოდში და მიიღო 25 განაწესი (იხ. იქვე, გვ. 109. ზონარა. ბალსამონი. Слав. Кормчая).

5. ლაოდიკიის ადგილობრივმა კრებამ, რომელიც ჩატარდა 365 წელს, შიდასაეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად მიიღო 60 კანონი.

6. სარდიკიის ადგილობრივი კრება რიგით მეექვსეა "დიდ რჯულისკანონში". კრებაზე შეკრებილმა დაახლოებით 341-მა ეპისკოპოსმა განიხილა ნიკეის პირველი მსოფლიო კრების დოგმატები, დაადასტურა ისინი და განსაზღვრა, რომ ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო უნდა იყოს უცვალებელი, ყოველგვარი შემატებისა და შემოკლების გარეშე; ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს საწინააღმდეგოდ მოაზროვნენი კი გადასცა ანათემას. ამ კრებამ საეკლესიო ცხოვრების მოსაწყობად და განსამტკიცებლად მიიღო 20 კანონი.

7. კართაგენის ადგილობრივი კრება შედგა ძველ რომში ჰონორიუსის, ხოლო კონსტანტინეპოლში თეოდოსი მცირის იმპერატორობის პერიოდში. ამ კრებამ შეადგინა 147 განწესება.

8. მერვეა კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრება, რომელმაც ეპისკოპოსის გასამართლებასთან დაკავშირებით მიიღო ერთი კანონი.

9. კონსტანტინეპოლშივე ჩატარდა კიდევ ერთი ადგილობრივი კრება, რომელიც რიგით მეცხრეა "დიდ რჯულისკანონში" და ორგზის კრებად იწოდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მე-9 საუკუნეში, წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში ჩატარდა კრება, რომელზეც ერეტიკოსებთან გამართულ პოლემიკაში მართლმადიდებლებმა გაიმარჯვეს. იმისთვის, რომ არ დაწერილიყო კრების აქტი და არ წარმოჩენილიყო ერეტიკოსთა საქვეყნო შერცხვენა, მწვალებლებმა კრებაზე დებოში მოაწყვეს, განაშიშვლეს მახვილნი და ჩაიდინეს მკვლელობანიც. ასე დამთავრდა ეს პირველი კრება, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, მართლმადიდებელი მამები კვლავ შეიკრიბნენ და იმავე ტაძარში ჩაატარეს მეორე კრება, რომელმაც დაასრულა პირველ კრებაზე დაწყებული მსჯელობა სარწმუნოებრივ დოგმატებზე და წერილობითაც გააფორმა. აი, რატომ ხმობენ ერთ კრებას ორგზისად (იქვე, გვ. 336). ამ კრების რამდენიმე სხდომა გაიმართა ღმრთის სიბრძნის (აია სოფიის) სახელობის ტაძარში, სადაც მამებმა მიიღეს 3 განწესება. კონსტანტინეპოლის ორგზისმა კრებამ (წმიდა სოფიას ტაძარში ჩატარებული სხდომებითურთ) სულ 20 განწესება მიიღო.

მთლიანობაში, "დიდ რჯულისკანონში" შეტანილმა ადგილობრივმა საეკლესიო კრებებმა მიიღო 334 განწესება, რომლებიც თავიანთი მნიშვნელობით უთანაბრდებიან მოციქულთა 85 და 7 მსოფლიო კრების მიერ მიღებულ განწესებებს.

მათ უერთდება ეკლესიის იმ წმიდა მამათა და ღვთისმოსავ იმპერატორთა მიერ შედგენილი კანონებიც, რომლებიც ცხოვრობდნენ ქრისტეს შობის მესამე ასწლეულიდან მერვე საუკუნემდე. ესენია: განწესებები, კანონიკური პასუხები, კანონიკური ეპისტოლეები და ამონარიდები წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა თხზულებებიდან:

ბასილი დიდის (92 კან.), დიონისე ალექსანდრიელის (1 ეპისტ.), პეტრე ალექსანდრიელის (14 კან. პას.), გრიგოლ ნეოკესარიელის (13 კან.), ათანასე ალექსანდრიელის ( 1 ამონაწერი), გრიგოლ ღვთისმეტყველის ( 1 ამონაწერი), ამფილოქე იკონიელის (1 ამონაწერი), წმიდა გრიგოლ ნოსელის ( 8 კან.), ტიმოთე ალექსანდრიელის ( 15 კან.), თეოფილე ალექსანდრიელის ( 14 კან.), კირილე ალექსანდრიელის ( 5 კან.), დიმიტრი კიზიკელი მიტროპოლიტისა, ნილოს მონაზვნისა, ნიკიტა სტოდიელი მონაზვნისა, ნიკოლოზ კონსტანტინეპოლელისა, ნიკიტა ჰირაკლიელისა, მეთოდე კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა, ნიკიფორე კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა და აღმსარებლისა, იოანე კვიპროსელისა, ტიმოთე პრესვიტერისა, ანასტასი სინელისა, ნიკონ შავმთელისა.

დიდ რჯულისკანონში“ შეტანილია აგრეთვე, ამონაწერები წმიდა წერილიდან; სხვადასხვა ადგილობრივ კრებათა დადგენილებები; განწესებანი კანონიერი და უკანონო ქორწინებისა და ნათესაური კავშირების შესახებ; იმპერატორთა: ლეონ დიდის, იუსტინიანე დიდის, კონსტანტინე დიდის, ალექსი კომნენოსის და სხვა წმიდა მამათა - კანონები სხვადასხვა საკითხთა შესახებ.

წმიდა მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა და წმიდა მამათა ყველა განწესება სარგებლობისთვის უფრო მარტივი და მოხერხებული რომ ყოფილიყო, იოანე სქოლასტიკოსმა შეიტანა წიგნში, რომელსაც ბერძნულად ეწოდება ნომოკანონი (ქართულად "სჯულისკანონი").

გარდა ამისა, ეკლესია, საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად და მრავალგვარი კანონიკური თუ დოგმატური საკითხის გადასაწყვეტად, სარგებლობს ისეთი წიგნებითაც, როგორებიცაა დიდი საეკლესიო განაწესი (წეს-განგებათა წიგნი "Церковное Око"), სევასტი არმენოპოლის, ნიკონ შავმთელის, მათე ბლასტარისის, ზონარას და პატრიარქ ბალსამონისეული განმარტებები.

ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეკლესია უკვე 2000 წელზე მეტია, რაც არსებობს. მთელი ამ დროის განმავლობაში მან განვლო ხუთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი:

პირველი პერიოდი მოიცავს 34-313 წლებს, როდესაც ებრაელთა და წარმართთა მხრიდან უსასტიკესი დევნის მიუხედავად, ეკლესია განივრცობოდა მთელს დედამიწაზე.

მეორე პერიოდი - ეს არის 313-1054 წლები, როდესაც დასრულდა ეკლესიის შიდა კანონიკური მოწყობა, სარწმუნოების სიმბოლოს დოგმატური ტერმინოლოგიის დაზუსტება და საერთო, საეკლესიო-საღვთისმსახურებო წეს-განგების ჩამოყალიბება. ამ პერიოდის ბოლოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გამოეყო რომისა და დასავლეთის მთელი რიგი ეკლესიები.

მესამე პერიოდი 1054-1453 მოიცავს. 1453 წელს დაეცა ბიზანტიის იმპერია და დასავლეთში დაიწყო საეკლესიო ცხოვრების რეფორმაცია. ამ პერიოდში კიდევ უფრო მტკიცდება ქრისტეს სახარებისეული სწავლების განუხრელი დაცვა და ეკლესიის ცხოვრების ძველი წყობა.

მეოთხე პერიოდი იწყება 1453 წლიდან და მთავრდება 1667 წელს, როდესაც აღმოსავლეთის ეკლესიები, რომლებიც ფინანსურად ბევრწილად იყვნენ დამოკიდებულნი რუსეთის სახელმწიფოზე მხარი დაუჭირეს პატრიარქ ნიკონის რეფორმას (1654-1677წწ.) და შეიწყნარეს 1667 წლის ყაჩაღთა კრების დადგენილებები. ამ კრებაზე ანათემას გადასცეს ძველი, საეკლესიო გადმოცემები და ყველა მათი მიმდევარი, რომლებსაც მოგვიანებით უწოდეს "ძველმოწესეები". ამ პერიოდის საეკლესიო ცხოვრება არეულია. სხვადასხვა რელიგიური თემის გამოყოფისა და საეკლესიო ცხოვრებაში სიახლეების დანერგვის გამო ქრისტეს ეკლესია უდიდეს განსაცდელშია.

მეხუთე პერიოდი იწყება 1667 წლიდან და გრძელდება დღემდე. ამ პერიოდში ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტებას იცავენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, რომლებმაც განუხრელად, ყოველგვარი შემატებებისა და შემოკლებების გარეშე დაიცვეს ყოველი საღვთისმსახურებო წესი. შეურყვნელად დაიცვეს ყველა საეკლესიო საიდუმლო და დოგმატური სწავლებანი.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაც, შეიძლება, პირობითად ხუთ პერიოდად დავყოთ:

პირველი პერიოდი შეიძლება განვსაზღვროთ 1 – 4-ე საუკუნეებით; საქართველოში წმიდა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულის, სიმონ კანანელის და მატათას შემოსვლიდან წმიდა ნინოს შემოსვლამდე და ქართლის მოქცევამდე. ქრისტეანობა ცხადდება ქართველი ერის სახელმწიფო რელიგიად. ეს არის საქართველოში ჭეშმარიტი ქრისტეანული სარწმუნოების გავრცელების პერიოდი. იწყება ეკლესიის ბრძოლა წარმართობასთან, რაც დასრულდა ქრისტეს ეკლესიის გამარჯვებით.

მეორე პერიოდი მოიცავს 4-10-ე საუკუნეებს. იწყება ქართული სასულიერო მწერლობის ისტორია, მისი ჩამოყალიბება; ითარგმნება ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილი; ვითარდება საეკლესიო ხუროთმოძღვრება. ათასგვარი განსაცდელის მიუხედავად, მტკიცდება მართლმადიდევლური სარწმუნოება; ყალიბდება ქართულენოვანი წირვა-ლოცვა. ამ პერიოდში მართლმადიდებლობა საქართველოში (ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში) წმინდა კონფესიურ ბრძოლებს აწარმოებს წარმართობის, სხვადასხვა ქრისტეანული სექტისა და კონფესიის (არიანელობა, ნესტორიანელობა, ანტიქალკედონიტობა, მონოფიზიტობა, პავლიკიანელობა და სხვ.) და აგრეთვე, მაჰმადიანობის წინააღმდეგ.

მესამე პერიოდი გრძელდება 10-13-ე საუკუნეები. ამ დროს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თავისუფლდება ანტიოქიის ეკლესიის დამოკიდებულებისგან, ეკლესიურად ერთიანდება მთელი საქართველო, ეკლესიაში მკვიდრდება პატრიარქის ტიტული. ეკლესია ზრუნავს თავისი რიგების სიწმინდეზე, რასაც რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე ახორციელებს. მიმდინარეობს აქტიური ლიტურგიკული მუშაობა.

მეოთხე პერიოდი მოიცავს 13-17-ე საუკუნეებს. ეს არის სასულიერო ცხოვრებისა და მწერლობის დაცემის ხანა, რომლის მიზეზი იყო ის აუწერელი უბედურება, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა გარეშე მტერთა შემოსევით. "მე-13 საუკუნიდან საქართველოს განუწყვეტლივ აოხრებენ და ავერანებენ მონღოლები, მე-15 საუკუნიდან - ოსმალები. მათ გაანადგურეს ყოველგვარი ცენტრები მწერლობისა და სწავლა-განათლებისა. საქართველო მოწყდა ბიზანტიას. ბერძნები თანდათან ეპატრონებიან ქართულ სამონასტრო კერებს" (პერიოდების აღწერისას ოდნავი ცვლილებით გამოვიყენეთ კ. კეკელიძის "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია", ტ. 1-ლი, თბ.: 1980, 11-65).

მეხუთე პერიოდი მოიცავს 17-20-ე საუკუნეებს. "საქართველოში ფუძნდება და ვითარდება წიგნის ბეჭდვის საქმე. ამ პერიოდში მიმდინარეობს კატეხიზმოებისა და სხვა სახის საეკლესიო წიგნების თარგმნა (ძირითადად რუსულიდან). თითქმის ყველა დოგმატური თხზულება ნათარგმნია რუსულიდან ანდა დაწერილია რუსული თეოლოგიის გავლენით" (იქვე, 472).

საქართველო სულ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს, რაც, საბოლოოდ, რუსეთთან საქართველოს მიერთებით მთავრდება. საქართველო რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად იქცევა. რუსები აუქმებენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და უერთებენ მას უკვე ნიკონ პატრიარქის მიერ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში რეფორმირებულ ეკლესიას. იკრძალება წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე, ნიკონიანელი ეგზარქოსები იწყებენ ეკლესიისა და, საერთოდ, ქართული სასულიერო კულტურის ძეგლების ძარცვას.

საქართველოდან გაძევებული, ხოლო შემდეგ ერეკლე მე-2-ის მიერ კვლავ მოწვეული ანტონ პირველი კათალიკოსი ახორციელებს საეკლესიო რეფორმას, რაც გამოიხატება ქართული ლიტურგიკული წიგნების გადაკეთებით რუსი და ბერძენი ახალმოწესეების მიერ "რეფორმირებული" და სახეშეცვლილი წიგნების მიხედვით. უქმდება პატრიარქის ტიტული. რუსეთის რეფორმირებულ ერეტიკულ-ნიკონიანურ ეკლესიასთან მიერთებით, საქართველოში ქრისტეს ეკლესია არსებობას წყვეტს. საქართველო ეფლობა ნიკონიანური სქიზმისა და მწვალებლობის წყვდიადში.

რადგანაც ქართული ეკლესიის ისტორიის ბოლო პერიოდი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიასთან არის გადაჯაჭვული, ჯეროვანი იქნება, მოკლედ მიმოვიხილოთ ამ ეკლესიის ისტორიაც, რომლის განვითარებასაც 5 პერიოდად ყოფენ.

პირველი პერიოდია რუსეთის ნათლისღებიდან მონღოლთა შემოსევამდე. ეს არის 989-1287 წლები.

მეორე პერიოდი მოიცავს 1287-1461 წლებს, როდესაც რუსეთის ეკლესია გაიყო ორ მიტროპოლიად;

მესამე პერიოდი მოქცეულია 1461-1589 წლებში, როდესაც რუსეთის ეკლესიის ცხოვრება მიმდინარეობდა ორი მიტროპოლიის მმართველობის ქვეშ.

მეოთხე პერიოდი - ეს არის 1589 წლიდან 1666-67 წლებამდე, როდესაც პატრიარქ ნიკონისა და იმდროინდელი კრებების მიზეზით მოხდა განხეთქილება და ჭეშმარიტი, ძველი და შეურყვნელი მართლმადიდებლობის ბაირაღი მოექცა ქრისტეს ერთგულ იმ მართლმადიდებელთა ხელში, რომელთაც, მოგვიანებით, ახალმოწესე ნიკონიანელებმა "სტაროვერები", ანუ "სტაროობრიადცები" უწოდეს.

დაბოლოს, მეხუთე პერიოდი 1666-67 წლიდან დღემდე. ესაა ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პერიოდი.

მას შემდეგ, რაც აბსოლუტურად ყველა აღმოსავლელმა იერარქმა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზების გამო, მხარი დაუჭირა მეფე ალექსისა და პატრიარქ ნიკონის რეფორმას; მას შემდეგ, რაც მათ 1654 წლიდან 1667 წლამდე მეთოდურად გაანადგურეს და შერყვნეს მართლმადიდებლური ღვთისმსახურება და ლიტურგიკული წიგნები, მეტიც, ერეტიკულად შერაცხეს ძველი, მართლმადიდებლური საეკლესიო გამოცემები, დაწყევლეს ისინიც და მათი მიმდევრებიც, რის გამოც სული წმიდა აღარ იმყოფება მათში.

ამ უმძიმეს პერიოდში, რომელიც თავისი დევნულობის სისასტიკით, ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის ეკლესიის პირველ სამსაუკუნოვან ბრძოლას უტოლდება, მართლმადიდებლობას, მის სიწმინდეს, იცავენ უკვე დევნულებაში მყოფი ძველმორწმუნენი.
საყოველთაო ეკლესიის ისტორიის ეს უკანასკნელი, მეხუთე პერიოდი განსაკუთრებულად მდიდარი და მრავალფეროვანია მთელი რიგი მოვლენებით. ძველმოწესეობა დაუღალავად იღვწის ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის განმტკიცებისთვის, რასაც ხელს უშლის გაბატონებული, ერეტიკული, საერო და საეკლესიო ხელისუფლება (როგორც რევოლუციამდელ, ასევე რევოლუციის შემდგომ პერიოდში).

ისტორიულად ცნობილია ძველმოწესეებზე საშინელი დევნის სისტემა, მაგრამ ვერავითარმა დევნამ ვერ დათრგუნა ძველმოწესე მართლმადიდებელთა თავგანწირვა და მებრძოლი სულისკვეთება. ეპისკოპოს პავლე კოლომენსკელის (მე-17 ს.) მკვლელობის შემდეგ, მთელი სამი საუკუნის განმავლობაში, ძველმოწესეობა აქტიურად ცდილობს, აღადგინოს სამდასოვანი იერარქია, რასაც, ღვთის წყალობით, მიაღწია მე-20 საუკუნეში.

საქართველოში ძველმოწესეობრივი მართლმადიდებლობის სახელი დაკავშირებულია აქ გადმოსახლებულ მღვდელ თევდორე გონჩაროვის (შემდგომში ეპისკოპოს ფილარეტის) სახელთან, რომელმაც მე-18 საუკუნიდან ერესის წყვდიადში მძინარე ქართველები აზიარა ჭეშმარიტი, ძირძველი მართლმადიდებლობის ნათელს.

ქართული ძველმართლმადიდებლობის აღორძინებასთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, პერმელი ეპისკოპოსი ლეონტის (კრეჩეტოვი). მისგან იღებს საქართველო მინავლებულ ქიროტონიას და შესაძლებლობას, კვლავ ააღორძინოს მართლმადიდებლობის ძველი წესი და ჩვეულება. ამ ადამიანისგან ეზიარა დღევანდელი საქართველო ერეტიკოსების მიერ დაწუნებულ და "ანათემირებულ" ქრისტეს ეკლესიის ძველ გამოცემებს. ეს არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეექვსე პერიოდი, რომელიც დაიწყო 1989 წლიდან და დღემდე გრძელდება.

ეკლესიის ისტორიის არც ეს პერიოდია მშვიდი. ამპარტავან და სჯულში განუსწავლელ ზოგიერთ იერარქთა თუ ცალკეულ ერისკაცთა ამბიციები, გარეგან მტერთან უსასტიკეს ბრძოლაში ჩაბმულ ეკლესიას შიგნიდან არყევენ. ძველი, მართლმადიდებლური ეკლესიისაგან განდგნენ მთელი რიგი ჯგუფები, რომლებმაც შექმნეს თავიანთი "ეკლესიები" და თემები. ფარულ ბრძოლას ეწევა ნიკონიანური ეკლესიაც, რომელიც სასულიერო ხარისხებს ამოფარებულ თავის აგენტებს ამკვიდრებს ძველმოწესეებში. ასე წარმოიქმნა რამოდენიმე სქიზმა, როგორც ეს იყო ყოველთვის, როდესაც ქრისტეს ჭეშმარიტ სხეულს გამოეყოფოდნენ საღმრთო სჯულისა და ეკლესიისადმი დაუმორჩილებელი და პირადი ამბიციებით აღტკინებული ადამიანები.

ყოველივე ზემოთ ნათქვამი ადასტურებს, რომ ქრისტე მაცხოვრის მიერ დედამიწაზე დაფუძნებული ეკლესია უნდა იყოს ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო, როგორც არის გამოხატული ეს ნიკეო-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლოში. მას ჰყავს ერთი დამფუძნებელი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, მხოლოდშობილი ძე ღვთისა, შობილი მამისგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ღმერთი ჭეშმარიტი, ღვთისაგან ჭეშმარიტისა, მამის ერთარსი, შობილი და არა ქმნილი, რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენი ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და სულისაგან წმიდისა და ქალწულ მარიამისაგან განკაცდა. ამ ეკლესიის წევრები არიან ყველა დროისა და ყველა ხალხის ის წარმომადგენლები, რომლებიც მიელტვიან ცხოვნებას (Труды россииских соборов старообрядцев... стр. 22) და წმიდა ნათლისღებით განბანილები თავიანთ სარწმუნოებრივ-სულიერ ცხოვრებას უკავშირებენ მხოლოდ ამ ერთ ეკლესიას.

"სწორედ ამ ეკლესიამ, ყოველგვარი შემატებისა და შემოკლების გარეშე, წმიდად და შეურყვნელად, უნდა დაიცვას ქრისტეანული სარწმუნოება, სახარებისეული სწავლება და მაცხოვრის მცნებები და ასწავლოს ისე, როგორც განგვიმარტეს ეს წმიდა მოციქულებმა და თავიანთ ღმრთითშთაგონებულ თხზულებებსა თუ საეკლესიო-კანონიკურ განწესებებში გადმოგვცეს დაამტკიცეს წმიდა მამებმა" (იქვე).
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому