აპოლოგეტიკა - წერილები ძველმოწესეობაზე - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
ანდრია უხტომსკი

წერილები ძველმოწესეობაზე

(მნიშვნელოვანი შემოკლებით)
საკურთხევლის ჯვარი
ანდრია უხტომსკი (ერისკაცობაში თავადი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე უხტომსკი) (1872 – 4 სექტემბერი 1937). ეპისკოპოსი, რომელიც შემოუერთდა ძველმოწესეობას, რომლისადმი თავის სიმპათიებს ამჟღავნებდა სიყრმის ასაკიდანვე. ანდრია უხტომსკი იყო რიურიკის შთამომავალი, "ედინოვერობაში" მოღვაძე ცნობილი პიროვნების, აკადემიკოს ა. ა. უხტომსკის ძმა. 1907 წლიდან ის არის გაბატონებული ეკლესიის ეპისკოპოსი. ცნობილი იყო თავისი მოღვაწეობით უფის კათედრაზე (1913 წ.). 1915 – 1916 წწ. მან ეპარქიებში დააგზავნა ოფიციალურ ეკლესიაში თამბაქოს მწეველ სასულიერო პირთა სამხილებლელი სამოძღვრო შეგონებანი. 1917 წლის 31 მაისს ეწვია როგოჟის სასაფლაოს, სადაც ბელოკრინიცელ ეპისკოპოსებს შესთავაზე გაბატონებულ ეკლესიასთან ძველმოწესეობის შეერთების რომანტიკული გეგმა, რომლის მიხედვითაც, შეერთება უნდა აღსრულებულიყო მოსკოვში, წითელ მოედანზე. რევოლუციის შემდეგ არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული და დევნილი. 1925 წელს, მისი ერთ ერთი გადასახლების დროს, აშხაბადში, შეეცადა მიერთებოდა ძველმოწესეთა ბეგლოპოპოვცურ მიმართულებას (დღევანდელ რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას - მთარგმნ.). 1928-1931 წლებში იყო დაპატიმრებული. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ არ ისურვა მიერთებოდა სერგიანელებს, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ბედი. ის რეგულარულად ლოცულობდა როგოჟის სასაფლაოზე. 1932 წლის 1 აპრილს კიდევ ერთხელ გადაასახლეს, სადაც, გადასახლებაში მყოფს, როგოჟის სასაფლაოდან (იმდროინდელ ძველმოწესეთა სულიერი ცენტრი. ამ სასაფლაოსთან მდებარეობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის უზარმაზარი ტაძარი - მთარგმნ.) გაუგზავნეს წმიდა ძღვენი (ზიარება), წმიდა სანაწილე და ომფორი. დახვრიტეს ბოლშევიკებმა იაროსლავის პოლიტიზოლატორში.
სემინარისტული სიცრუე ძველმოწესეობაზე

ჩვენი ე. წ. "სასულიერო სემინარიების" დიდ ცოდვებს შეიძლება განვაკუთვნოთ მთელი სემინარისტული ლიტერატურა რუსული განხეთქილების და ძველმოწესეობის შესახებ. XVII საუკუნის სქიზმაზე შეთხზული მთელი სახაზინო-სემინარისტული ისტორია და ამ ვითომცდა "სტაროვერული განხეთქილების" ¾ არის სრული სიცრუე. ჩვენი ღვთისმეტყველებისთვის ჩვეული, გაბატონებული შეხედულებით, XVII საუკუნის სქიზმის ¾ არის ხალხური სიბრიყვის და გაუნათლებლობის პროდუქტი.

სიტყვა-სიტყვით ასე ბრძანებდნენ და წერდნენ აივაზოვის, სკვორცოვის და მსგავსი, ჩვენი სინოდალური მისიონერები. რუსი მოაზროვნეების მხოლოდ უმნიშვნელო ჯგუფიღა თუ უყურებდა ამ სქიზმას სხვაგვარად. დიდ რუს მოაზროვნეთა შორის, რომელთაც შეეძლოთ რუსულ განხეთქილებაზე მოეთხროთ ისტორიული სიმართლე, იყო ნიკიტა პეტრეს ძე გილიაროვ-პლატონოვი. მის კალამს ეკუთვნის მოკლე, მაგრამ ბრწყინვალე თხზულება სათაურით: "განხეთქილების ლოგიკა" (იხ. Логика равкола. Письма И. С. Аксакову. // Гиляров-Платонов Н. П. Сборник сочинений, т. 2, стр. 192-235. То-же Русь. 1885 7, 8 и 10; Русское обозрение. 1895 г. 10).

გილიაროვმა ამ თხზულებაში ბრძანა, რომ რელიგიისადმი საშინელი, გულგრილი დამოკიდებულების მქონე, გაბატონებული სახაზინო-პოლიციური "მართლმადიდებლობის" შემყურე ყოველი პატიოსანი და სინდის-ნამუსიანი ადამიანი, უნდა გამოეყოს ამ სახელმწიფო ეკლესიას და მიუერთდეს ძველმოწესეობას.

და მართლაც, "რასკოლი", სასამართლო-პლიციური დევნის მიუხედავად, დროთა განმავლობაში ძალიან განვითარდა. მაშინ როდესაც, სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მყოფი ეკლესია თავისი ღვთისმსახურების გარყვნას მანამდე აგრძელებდა, სანამ საქმე საშინელ გარასპუტინებამდე არ მიიყვანა. მეფის სასახლის ეს ბინძური და ბილწი კურო ეკლესიის მსახურებსაც კი აშკარად მბრძანებლობდა, მართლმადიდებლები კი სდუმდნენ და ეგუებოდნენ ყოფიერების ყოველგვარ სიბინძურეს.

ამ დროს ძველმოწესეები გულმოდგინედ იცავდნენ საუკეთესო რუსი ადამიანების, რუსი წმინდანების დანატოვარსა და თავიანთ მშობლიურ, ქრისტეანულ კულტურას. ამ მიმართებით განსაკუთრებლად აღსანიშნავია მოსკოვის მიტროპოლიტ ფილარეტის აზრი, რომელიც ამბობდა, რომ მიუწვდომელნი არიან გზანი ღმრთისანი და, რომ XVIII – XIX საუკუნეებში მხოლოდ რუსულმა ძველმოწესეობამ გადაარჩინა რუსული იერარქია გაკათოლიკებისგან და არისტოკრატია პროტესტანტიზმისგან.

საყოველთაო რუსული ღმრთისგანდგომილების ფონზე, ძველმოწესეობა დღემდე ბრწყინავს თავისი ერთგულებით ქრისტესა და მისი ეკლესიისადმი. მან სისხლით დაიცვა თავისი იერარქია, რომელსაც მართალია მრავალი კანონიკურად სადავოდ ხდის, მაგრამ უეჭველად ერთგულია საეკლესიო საწყისების და არ დაექვემდებარა ცეზაროპაპიზმის საცთურს.

ძველმოწესეობამ თავის თემებში შეინარჩუნა საეკლესიო, საზოგადო კრებითი ცნობიერება და თავისუფლების, ძმობისა და თანასწორობის ჭეშმარიტად ქრისტეანული პრინციპი. ამრიგად, ორსაუკუნოვანი დევნულების, ძველმოწესეობის არსზე ჩამოყალიბებული "მეცნიერული" სიცრუისა და საერთოდ, მასზე თავსდატეხილი ნებისმიერი ცილისწამებისა თუ განსაცდელის მიუხედავად, ძველმოწესეობამ ჩვენს დრომდე მოიტანა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა და უბიწოდ და წმიდად დაიცვა საეკლესიო-საზოგადოებრივი ცხოვრების იდეალი.

მოიცათ! მოიცათ! როგორ, თქვენ მხოლოდ ორმოცდაათი წლისამ გაბედეთ ამის დაწერა? ადრე რატომ სდუმდით? - შეიძლება იკითხოს ვინმემ და მას სრულიად სამართლიანად ჩავთვლი, ოღონდაც მცირეოდენი შესწორებით: მე ძველმოწესეობაზე სიმართლეს ვამბობდი 1901 წლიდან. დიახ, ვამბობდი, თუმცა ძალზე გაუბედავად. მაშინ გრგვინავდნენ ისეთი ავტორიტეტები, როგორებიც იყვნენ სუბოტინი, ივანოვსკი და თვით პობედონოსცევი. რომელ კრიტიკას შეეძლო დაეხშო ან მოედრიკა გაბატონებული ბოროტი სისტემის ეს ხმა სინდისის თავისუფლების დევნის ამ საშინელ პერიოდში? მაგრამ, ამჯერად საჭიროა სწრაფად და ქმედითად გასწორდეს რუსეთში ესოდენ ბოროტებათა და უსინდისობათა დამბადებელი წარსული დროების შეცდომები.


ძველმოწესეობა, როგორც არასწორი ტერმინი

ძნელი სათქმელია - საიდან გაჩნდა ეს ტერმინი: "ძველმოწესეობა", მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეტად არაზუსტი ტერმინი, ვინაიდან სრულებითაც ვერ გამოხატავს იმ უზარმაზარი ისტორიული მოვლენის არსს, რომელიც ძველმოწესეობის სახელითაა ცნობილი.

ძველმოწესეობაზე არსებობს რამოდენიმე შეხედულება: ერთნი ფიქრობენ, რომ ეს არის რუსული უკულტურობის გამოვლინება. ასე უყურებდნენ მას ჩვენი მისიონერები და პოლიციური ხელისუფლების ჟანდარმები. სხვები ფიქრობდნენ, რომ ეს არის გლეხების საპროტესტო მოძრაობა (земское движение) იმ რეფორმებიდან მოყოლებული. მესამენი ძველმოწესეობას უყურებდნენ, როგორც საეკლესიო-კულტურულ მოვლენას, რუსი ხალხის უდიდეს მცდელობას გამრყვნელი ზემოქმედებისგან დაეცვა რუსეთი. ეს უკანასკნელი შეხედულება სრულიად სამართლიანია. ძველმოწესეობამ ნამდვილად შეინარჩუნა თავის წიაღში ჭეშმარიტი ხალხური, რუსული კულტურა, სრულიად თავისუფალი რუსული რესპუბლიკა.

მეფის ხელისუფლებისგან, დაწყებული პეტრე პირველით, ძველმოწესეები განიცდიდნენ მხოლოდ დევნა-შევიწროვებას. იმპერატორები ითხოვდნენ უპირობო მორჩილებას. ძველმოწესეები კი ესწრაფვოდნენ აზრის თავისუფლებასა და თავისუფალ საზოგადოებრივ ცხოვრებას. იმპერატორები ერის ცხოვრებაში ამკვიდრებდნენ გერმანული ცივილიზაციის საწყისებს. ძველმოწესეები კი პროტესტს გამოთქვამდნენ ამ ძალადობის წინააღმდეგ და მას თავისუფალი ეროვნული სულისა და ეროვნული კულტურის ქადაგებით უპირისპირდებოდნენ.

მართალია, ძველმოწესეობის ლიდერები ხშირად ვერ ახერხებდნენ სწორად და გამართულად გამოეთქვათ თავიანთი აზრები, მაგრამ ჭეშმარიტების ინსტინქტი, ჭეშმარიტი სიმართლის შეგრძნება მათ არასოდეს ტოვებდა. მეტიც, სწორედ სიმართლის ამ გრძნობით შთაგონებულებმა უძლეს ორასწლოვან ტანჯვა-წამებას სიმართლისთვის. მაშინ როდესაც, მრავალრიცხოვანი მისიონერები ეწეოდნენ უღირს და ბოროტ პოლიტიკას ძველმოწესეების მიმართ; ერთის მხრივ ისინი ხელისუფლების წინაშე ძველმოწესეებს ხეპრე და თავიანთ უმეცრებაში გაჯიუტებულ ადამიანებად წარმოაჩენდნენ; მეორეს მხრივ კი ამავე საერო ხელისუფლებას აქეზებდნენ ძველმოწესეების წინააღმდეგ, თითქოსდა ისინი ყოფილიყვნენ სახელმწიფო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებელი და მოჯანყე ელემენტები.

ამ პოლიტიკის შედეგად, რუსი ერის ყველაზე ძლიერი, კულტურული ნატურები განდევნილ იქნენ კავკასიაში, რუმინეთსი, ციმბირში და მონღოლეთშიაც კი. და გარბოდნენ ძველმოწესეობის იარლიყ მიკერებული რუსები სხვის ქვეყნებში. ტოვებდნენ საკუთარ მიწა-წყალს, ყველასგან შეურაცხყოფილნი, ცილნაწამებნი და გარიყულნი. მათ წინააღმდეგ აღმართული საზოგადო მოძრაობა აღბეჭდილია იმ იდეოლოგიით, რომ ისინი თურმე არიან წესთმორწმუნეები და ფანატიკოსები.

სინამდვილეში, ძველმოწესეები არასოდეს ყოფილან წესთმორწმუნენი, არამედ მათ ყოველთვის ახსოვდათ ის ფსიქოლოგიური ჭეშმარიტება, რომ გარემოება - ან აღზრდის, ან რყვნის ადამიანს. და აი, იცავდნენ რა თავიანთ უფლებას თვითგამორკვევისა, ძველმოწესეები იჩაგრებოდნენ და იდევნებოდნენ კიდევაც თავიანთი ეროვნული ყოფიერების დაცვისთვის. სწორედ მათი წიაღიდან აღმოცენდნენ პირველი რუსი შეგნებული მოქალაქეები. ხოლო ისინი, რომლებიც დევნიდნენ ძველმოწესეებს, იყვნენ მონები და ლაქიები და ასეთებად დარჩნენ დღემდე.

ადრე თუ ისინი ცილს სწამებდნენ ძველმოწესეებს, ამჟამად ცილს სწამებენ ე. წ. "სტაროცერკოვნიკებს" (პატრ. ტიხონის მიმდევრებს - მთარგმნ.), რომლებიც "ჟივოცერკოვნიკთა" (მიტრ. სერგი სტაროგოროდსკისა და საერტოდ, ე. წ. "ობნოვლენცების" სახელმწიფო ეკლესიის - მთარგმნ.) უსჯულოებას ამხელენ.

ამჟამად დევნილი "სტაროცერკოვნიკები" არიან XVII-XVIII საუკუნეების ძველმოწესეები. XVII-XVIII საუკუნეების გაბატონებული ეკლესია კი, ამჟამინდელი "ცოცხალი ეკლესიაა" თავისი საპყრობილეებითა და ციხე-სიმაგრეებით, თავისი გამცემლობითა და ანტიეკლესიურობით.


ძველმოწესეობა და უწესობა

ტერმინ "ძველმოწესეობაში" თუ ვიგულისხმებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთგულად იცავენ სიძველეებს, მაშინ რა უნდა ვუწოდოთ მათ, ვინც უღალატა ძველ საეკლესიო ცხოვრებას? ცხადია, მათ უნდა ვუწოდოთ "ახალმოწესეები", მაგრამ მათ არ შემოუტანიათ არც ერთი ახალი წესი ან ჩვეულება, არამედ მხოლოდ დაამახინჯეს ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემა. მათ დაამკვიდრეს ახალი საღვთისმსახურო წიგნები, და ამასთან ერთად, ერთი ნახევრადმკრეხელური ფორმულით: "თუკი მოძღვარი ინებებს" - დაარღვიეს ყოველგვარი განაწესი.

ამგვარად, სრულიად მიუკერძოებლად შეიძლება ძველმოწესეობის საპირისპირო ცხოვრების ახალ მიმართულებას ვუწოდოთ უბრალოდ - უწესობა. ძველმოწესეობასთან დარჩა საეკლესიო დისციპლინა და საეკლესიო ღვთისმოშიშება, ახალმოწესეებში კი, როგორც მათი პრივილეგია, განვითარდა რელიგიური დოყლაპიობა, უზნეობა და საზოგადო უპრინციპობა.

ძველმოწესეები თავიანთთვის იცავდნენ საეკლესიო ცხოვრების თავისუფლებას, და არსებითად იყვნენ კიდევაც ეროვნული კულტურის ნამდვილი დამცველები, ბიბლიური თეოკრატიის იდეით აღჭურვილი ნამდვილი რესპუბლიკელები. მაშინ, როდესაც ახალმოწესეები ყოველთვის იყვნენ უწესონი, რომლებიც ქედს მხოლოდ პოლიციური სახელმწიფოებრიობის გარეგნული ბრწყინვალების წინაშე იხრიდნენ და სულის სიღრმეში წარმოადგენდნენ მათი დამპურებელი ყოველგვარი მთავრობის მონებსა და ლაქიებს.

ეს პრინციპი, რომელიც სრულიად ანტიხალხური და ანტიკულტურულია, ცხოვრების პრაქტიკაში ზოგჯერ გამოიხატებოდა უკიდურესი ცინიზმით. ასე მაგალითად, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ერთმა ამაყმა რჩეულმა, არაკჩეევმა, როდესაც მას უთხრეს, რომ ყველა მისი ღონისძიება მავნეა სამშობლოსთვისო, უპასუხა: "რა თავში ვიხლი სამშობლოს, ოღონდ "ბატუშკა" მეფე იყოს კმაყოფილი"-ო. ასეთმა წყეულმა მლიქვნელობამ მეფის წინაშე დაწერა საბოლოოდ რუსეთის ისტორიის ის სამარცხვინო თავი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება დავარქვათ "რასპუტინშჩინა".

ამ პერიოდში, უგუნური მეფე თითქმის გახლისტდა, ხოლო ეკლესიის მსახურებმა სრულიად დაივიწყეს თავიანთი მოვალეობა ეკლესიური ერის წინაშე და დაემონენ უკანონო ხელისუფლებას. ასეთები არ იყვნენ ძველმოწესენი. ისინი შეძრწუნებულნი უყურებდნენ ანტიქრისტეს ამ სუნთქვას და მთელი ამ ნიკონიანური იერარქიის დაცემას, თავისი მისიონერული თუ კომისიონერული რეგლამენტებითურთ, წინასწარ ჭვრეტდნენ.
მალე აღსრულდა კიდეც ეს წინათგრძნობა და ყოველივე სფუძვლებამდე გაცამტვერდა. გაბატონებულ ეკლესიას თავისი წყლულები გამოაჩნდა. გაბატონებული იერარქია ხალხისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა, რომელსაც არც იცნობდა და არც სჭირდებოდა.

ძალადობაზე აღზრდილი ერი, რომელიც არ იყო მიჩვეული არც საკუთარი თავისა და არც სხვის პატივისცემას, - არარელიგიური, უზნეო, გაველურებულ და მრისხანე ბრბოდ გადაიქცა. სწორედ ამ ბრბოს უყიჟინებდნენ რუსი რევოლუციონერები: "მიგვიფურთხებია რუსეთისთვის, გაუმარჯოს მსოფლიო რევოლუციასო". არაკჩეევისა და მისთანათა მოწაფეებისგან ფეხიდან თავამდე შეურაცხყოფილი და თავლაფდასხმულ-გაველურებული რუსი ბრბო აღფრთოვანებისგან ექსტაზში ვარდებოდა.

ასე, თანდათანობით, სამეფო ხელისუფლების სისტემატურმა დანაშაულობებმა ეკლესიის წინაშე მოუტანა რუს ხალხს ის მწარე ნაყოფი, რომელსაც ეწოდება:

სრული უწესობა და საეკლესიო ცხოვრების გარყვნა. ეს არის იერარქიის მოწყვეტა ხალხისგან და ერისთვის დამღუპველი ზნეობრივი უპრინციპობა. ამგვარი უზნეობის შედეგად კი - ჯანსაღი ინტერნაციონალიზმის ნაცვლად, როდესაც ზნეობრივად მტკიცე ერი, პატვის მიაგებს სხვა ეროვნებას, მისი ანტიპოდი, - კოსმოპოლიტიზმი მოიწია.


ნიკონიანელობა, როგორც ცეზაროპაპიზმი

ძველმოწესეები ყოველთვის აყვედრიან "ახალმოწესეებს" "ნიკონიანელობას" და ადარებენ მას ყველაზე მძიმე და უხეშ მწვალებლობებს. ისეთებს, როგორიც იყო, მაგალითად, არიანელობა. ხოლო, ნიკონიანელი მისიონერები ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ არავითარი "ნიკონიანელობა" არ არსებობს; რომ, რაიმე მწვალებლობის დაბრალება გაბატონებულ "მართლმადიდებლობაზე" არის უმეცარ ადამიანთა უბირი ცილისმწამებლობა. რადგან საცენზურო პირობების გამო არც ერთ მხარეს არ შეეძლო სიმართლის თქმა ბოლომდე. თუმცა, გაბატონებული ეკლესიის ნიკონიანელობა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს თუ ესმოდა, მრავალთავის ის მართლაცდა წარმოჩინდებოდა როგორც მართლმადიდებლობის პაროდია.

მაგრამ, აი, რევოლუციამ მრავალი რამ გამოააშკარავა და დაამტკიცა. მან აჩვენა თუ რაოდენ სწორი იყო ძველმოწესეების შეფასება და რაოდენ მართებულად ესმოდათ მათ ეკლესიის სახელმწიფოებრივი მფარველობა. თუმცა ამგვარი მფარველობის საცთურს არსოდეს მიცემულან. რევოლუციამ გამოააშკარავა გაბატონებული იერარქიის სრული არაეკლესიურობა. ეს იერარქია მართლაც ის მარილი აღმოჩნდა, რომელსაც თავისი ძალა დაკარგვოდა.

აი, რაოდენ ტრაგიკული აღმოჩნდა ნიკონის უმნიშვნელო შეცდომის შედეგი. "ნიკონიანელობა", პრინციპში, დაიწყო იქიდან, როდესაც მეფე ალექსი მიხეილის ძემ ნიკონს "დიდი მოურავი" უწოდა ("великий государь"). ამ ახალ და "დიდ მოურავს" მალე თავბრუ დაეხვა ძალაუფლებისგან და თვითნებურად, საეკლესიო კრებასთან შეუთანხმებლად, განკარგულებები გასცა. სამღვდელოებამ გააფრთხილა პატრიარქი, რომ მას არ ჰქონდა უფლება ასე ერთპიროვნულად ემბრძანებლა ეკლესიაზე და, რომ მისი უფლებები მხოლოდ ერის დამოძღვრით იფარგლება. პატრიარქი განაწყენდა და თავისი განკარგულებების მკაცრად შესრულება მოითხოვა. დეკანოზმა ამბაკუმმა უარი თქვა მათ შესრულებაზე, თუმც გულმა უგრძნო, რომ მალე "გაიზამთრებდა" და დაიწყებოდა სასტიკი დევნულება.

პატრიარქმა გადაწყვიტა კეისრის მახვილს დაყრდნობოდა საეკლესიო რეფორმის საქმეებში... თუმც მალევე, თვითონვე მოიწყლა ამავე მახვილისგან. კეისარმა კი იმპერატორ პეტრე I სახით, გადაწყვიტა ეკლესიასთან მიმართებაში უკვე ხელიდან არ გაეშვა ეს მახვილი და დაიწყო საეკლესიო იერარქიის მბრძანებლობა ზუსტად ისევე, როგორც თავის სასაცილო ქვეშევრდომებს მრძანებლობდა.

იმ დროიდან მღვდელმთავართა როლი მეფის ბრძანებათა უსიტყვო და მდუმარე შესრულებით შემოიფარგლა. შეიცვალა მთელი საეკლესიო კრებითობა. აი, ეს არის რუს ეპისკოპოსთა "ნიკონიანელობა".

არის თუ არა ეს მწვალებლობა?

განწესებებში ასეთ მწვალებლობაზე მითითებული არ არის; მაგრამ, რევოლუციამ მიანიშნა, რომ ეს არის უბოროტესი ერესი, რომელიც ანადგურებს მთელს საეკლესიო ორგანიზმს. ნიკონიანელობამ შვა ჩვენი ყბადაღებული "ცოცხალი ეკლესია" (Живая церковь). ნიკონიანელობაც და "ცოცხალი ეკლესიაც" არის პრაქტიკული არიანელობა. ნიკონიანელობა, ისევე როგორც "ცოცხალი ეკლესია" არის ქრისტესადმი სრული ურწმუნოება, როგორც ღმრთისა და მისი წმიდა ეკლესიისა.

"ნიკონიანელობა" სრული დავიწყებაა იმ ჭეშმარიტებისა, რომ ღმრთის ეკლესია დააფუძნა ქრისტემ და, რომ ის (ანუ ეკლესია - მთარგმნ.) ცოცხლობს მორწმუნეთა წმიდა გულებში და არა ქვის კედლებში. აი, სწორედ ამგვარი ნიკონიანელობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ძველმოწესე-მართლმადიდებლები 200 წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, მართლები იყვნენ.

ამჟამად ის ცეზაროპაპიზმი, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა რუსული ეკლესიის პეტერბურგულ პერიოდში, სამუდამოდ უნდა გადაგდებულ იქნას ცუდ გადმოცემათა სკივრში და ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფა უნდა იქნეს აღიარებული რუსული ცხოვრების აქსიომად, საეკლესიო და სამოქალაქო თვალსაზრისით. ეს კი შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მართლმადიდებლური თემი ისეთივე ორგანიზებული იქნება, როგორც არის ის ორგანიზებული ძველმოწესეებთან: არჩევითი საეკლესიო-სამრევლო საბჭოთი და არჩევითი თავისუფალი მსახური ეკლესიისა, და არა სახელმწიფო ხელისუფლების ლაქია.

ეს იქნება აღდგენა იმ პატიოსანი და თავისუფალი რუსული ცხოვრებისა, როდესაც რუსეთში არსებობდნენ თავისუფალი თემები, რომელთაც ჯერ კიდევ არ განეცადათ ძალადობა საერო ხელისუფლებისგან. ასე ცხოვრობდნენ რუსები მოსკოველ წმ. საკვირველთმოქმედთა პერიოდში, რომლებიც იყვნენ ნამდვილი ძველმოწესეები და შეეძლოთ ელაპარაკნათ სიმართლე მეფეთათვის, თუმცა ამისთვის განიცდიდნენ ტანჯვა-წამებას (როგორც, მაგალითად, წმ. მიტროპოლიტი ფილიპე).

როდესაც ვკიცხავთ გაბატონებული იერარქიის "ნიკონიანელობას", ჩვენ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ "ნიკონიანელობაში" არ სცოდავდა მრავალი მღვდელმთავარი, - მაგალითად, ვორონეჟელი მიტროფანე და ტიხონი; იმპერატრიცა ეკატერინეს მიერ წამებული მღვდელმოწამე, არსენ მაცეევიჩი და სხვა მრავალნი. ასეთი ადამიანები არიან ეკლესიის მნათობნი საყოველთაო უკუნ სიბნელეში.


ძველმოწესეობის ბრძოლა ძალადობასთან

ძველმოწესეობის თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორია ეს არის პროტესტი სახელმწიფოს ძალადობის წინააღმდეგ და უთანასწორო ბრძოლა მასთან. ჩვეულებისამებრ, ჩვენი მატყუარა სემინარიული მეცნიერება ძველმოწესეებს წარმოგვიჩენდა ჯიუტ მეამბოხეებად, ორი თითით პირჯვრისწერის, ორჯერადი ალილუიას, მზის მიმართულებით ლიტანიობის და სხვა ძველ ჩვეულებათა უაზრო დამცველებად... ძველმოწესეებზე გავრცელებული ეს ბოროტი ტყუილი მცირედმოაზროვნე რუსი ობივატელის თვალში სრულიად ჩრდილავდა ძველმოწესეობის ჭეშმარიტ არსს.

ძველმოწესეობის ჭეშმარიტი არსი კი ჭეშმარიტი საეკლესიო-კრებითი ცხოვრების, საეკლესიო თავისუფლების დაცვასა და ძალადობასთან ბრძოლაში მდგომარეობს. პატრ. ნიკონმა გასცა განკარგულება ელოცათ სამი თითით, - ძველმოწესეებმა დაიწყეს ორი თითით პირჯვრისწერის ჩვეულების დაცვა, როგორც საეკლესიო თავისუფლების სიმბოლოსი; პატრიარქმა ბრძანა ძველი ხატების განადგურება, - ძველმოწესეები ისევ შეუდგნენ თავიანთი სიწმინდეების დაცვას - დაიწყეს ხატების გადამალვა; პატრიარქმა დაიწყო ძველი საეკლესიო-საღვთისმსახურო წიგნების განადგურება, სანაცვლოდ შემოიტანა "შესწორებული" საეკლესიო-საღვთისმსახურო წიგნები. ძველმოწესეებმა მის ამ ღონისძიებაზე განაცხადეს, რომ მათთვის ძვირფასია ძველი წიგნები, რომლებითაც ლოცულობდნენ მოსკოველი საკვირველთმოქმედნი; ახალ წიგნებში შემოიტანეს იესუს სახელის ახალი (სლავური დამწერლობისთვის უცხო და არაბუნებრივი - მთარგმნ.) დაწერილობა (ნიკონიანელებმა დაიწყეს მაცხოვრის სახელის დაწერა ორი იოტათი - Иисус, ნაცვლად ერთი იოტათი დაწერილი სახელისა Исус - რედ.). ნიკონმა შემოიტანა სამჯერადი ალილუია და სხვა ჩვეულებები. ძველმოწესეებმა კი ის თქვეს, რომ ისინი არაფერს მიიღებენ მოძალადე პატრიარქისგან; რომ, ისინი ითხოვენ მხოლოდ ერთს - შეეშვან მათ და მისცენ ნორმალური ცხოვრების უფლება.

მაშინ, საეკლესიო ხელისუფლებამ იჩივლა საერო ხელისუფლებასთან და განუცხადა, რომ თითქოსდა ძველმოწესეები ჯანყდებიან ყოველივე იმის წინააღმდეგ, რასაც მეფე აღიარებს; და მაშინ, სოლოვეცის მონასტრით დაწყებული და მოსკოვის მსროლელთა პოლკით დამთავრებული, დაიწყო ყოველგვარ "ჯანყთა" დაშოშმინება მეფის ძალაუფლების გამოყენებით.

გაბატონებულმა ეკლესიამ დაიწყო თავისი სიახლეების: სამჯერადი ალილუიას, სამი თითით პირჯვრისწერის, ახალი საეკლესიო წიგნების და ა. შ. დანერგვა დაპატიმრებებით, სასჯელებით, დევნით და წამებით. ამის შემდეგ ძველმოწესეებმა მოიძულეს ყოველივე, რაც კი გამოდიოდა ნიკონიანელთა ხელიდან; პეტრე დიდი მათ თვალში გადაიქცა ნამდვილ ანტიქრისტედ. ამიტომაც, როდესაც ამ ანტიქრისტემ გადაწყვიტა ჩარეულიყო თვით საეკლესიო თემის ორგანიზაციაში; როდესაც არჩევითი მღვდლები იმპერატორის მიერ დანიშნული მღვდლებით შეიცვალნენ, მაშინ, ძველმოწესეებმა თავს უშველეს გაქცევით. მათ თავი შეაფარეს ტყეებს, გაიხიზნენ უცხო ქვეყნებში. მიდიოდნენ ყველგან, საითაც კი შეეძლოთ, ოღონდ როგორმე თავი დაეღწიათ წყეული რუსული ძალადობისთვის სინდისის თავისუფლებაზე.

ასეთია მოკლედ ძველმოწესეობის ისტორიის მარტივი ფილოსოფია. მისწრაფება შეენარჩუნებინათ თავიანთი რელიგიური ყოფიერება, ძველმოწესეებს უჯდებოდათ კატორღად, ტანჯვად, წამებად და სიკვდილადაც კი. მათი ტაძრები და მონასტრები ირბეოდა და იძარცვებოდა ნიკონიანელთა მიერ. ასე იყო ყოველთვის, თვით რევოლუციამდეც კი. ასეთი იყო დანაშაული. სასჯელი კი მოვიდა "ცოცხალი ეკლესიის" (ანუ ე. წ. "ჟივოცერკოვნიკების" - მთარგმნ.) სახით, რომელმაც თავისი ცილისწამებებით დააპატიმრა ყველ პატიოსანი მღვდელმთავარაი და გაძარცვა თავისივე მართლმადიდებელი ტაძრები. ძველმოწესეები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ მამებმა დაანგრიეს სხვისი ტაძრები, შვილებმა კი მამათა ტაძრებიო. ძალადობა არასოდეს რჩება დაუსჯელი!

ძველმოწესეობის ორსაუკუნოვანი ტანჯვა სამარადისოდ "დაამშვენებს" რუსი ხალხის ისტორიას, რადგან ეს არის ისტორია სულის ბრძოლისა უხეშ ძალასთან.


ძველმოწესეთა დიდი ვაება

რამდენადაც ლამაზია და ყოველგვარი გაკვირვებისა და მიბაძვის ღირსია ძველმოწესეობის დამოკიდებულების გარეგნული გამოხატულებანი ნიკონიანურ ეკლესიასა და საერო ხელისუფლებასთან, იმდენად მძიმეა მის შინაგან ისტორიაზე ლაპარაკი. იქ იყო გმირული ბრძოლა უსამართლობასთან; შიგნით კი მიმდინარეობდა განუწყვეტელი დაყოფა სხვადასხვა სექტებად (განსაკუთრებით ეს ეხება ე. წ. "ბეზპოპოვცებს" - მთარგმნ.). ეს დაყოფა თითქმის გარდაუვალი იყო ძველმოწესეთა სხვადასხვა მხრიდან უმკაცრესი და უსასტიკესი დევნულების გამო; მიუხედავად ამისა, ამ დაყოფათა გამო მხოლოდ მწარე გლოვაღა თუ ძალგვიძს, რადგან ძველმოწესეთა ძალამ, ამ განჰყოფათა გამო, საკმაოდ იზარალა.

ძველმოწესეთა დაყოფა ძირითადად გამოიწვია იმან, რომ ნელ-ნელა ისინი მოაკლდნენ თავიანთ იერარქიას. ამის შედეგად აღმოცენდნენ "ბეზპოპოვცები", რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პატიოსანი, კანონიერი ეპისკოპოსების არყოფნის გამო, მღვდლების უარყოფაც არის საჭირო (განხეთქილებამდელი მღვდლების ამოწურვის შემდეგ და ძველმოწესეობა თავის იერარქიას ინარჩუნებდა ოფიციალური, ნიკონიანური ეკლესიიდან გადმოსული მღვდლების ხარჯზე. რადგან "ბეზპოპოვცები" არ აღიარებდნენ ნიკონიანურ იერარქიას, ცხადია არც მათ მიერ ხელდასხმულ მღვდლებს ღებულობდნენ. ამიტომაც დარჩნენ ისინი მღვდლების გარეშე, რის გამოც ეწოდათ კიდევაც "ბეზპოპოვცები" - მთარგმნ.).

ძველმოწესეთა მეორე ნაწილი, რომელიც თავის პრაქტიკაში ეყრდნობოდა ეკლესიის ისტორიის მაგალითებს, თავის წიაღში ბერძნულ-რუსული ეკლესიიდან გადმოსულ მღვდლებს მეორე კატეგორიის მწვლებელთათვის დაწესებული წეს-განგებით ღებულობდა. ეს ძველმოწესენი ყოველმხრივ ცდილობდნენ ჰყოლოდათ საკუთარი ეპისკოპოსი, მაგრამ კარგა ხნის განმავლობაში ვერ იპოვეს ისეთი, ვინც ისურვებდა მათკენ გადმოსვლას. ასე გაგრძელდა დაახლოებით ასი წელიწადი. მაშინ აღმოცენდა "ედონოვერობა", როდესაც მრავალმა ძველმოწესემ აღიარა ბერძნულ-რუსული ეკლესია, მაგრამ კატეგორიულად უარყო ეკლესიის დამოკიდებულება საერო პირთგან, დაწყებული "უწმინდესი" სინოდის ობერ-პროკურორიდან. ედინოვერობა, კანონიკურად სრულიად მისაღები იყო, მაგრამ ძველმოწესეები იმდენად იყვნენ დაშინებულნი "სხვადასხვა სახით დევნულებებით და იმდენად არ ენდობოდნენ გაბატონებულ იერარქიას, რომ ამ მოძრაობას შეუერთდნენ მხოლოდ ათეულები, ასეულები და ათსები კი ისევ შეურიგებელ ძველმოწესეთა რიგებში დარჩნენ.

XIX საუკუნის შუა წლებში ამ ძველმოწესეებმა, საკმაოდ რთული და კანონიკურად სადავო გზით შესძლეს მოეპოვებინათ ეპისკოპოსი, რომლისგანაც მიიღო დასაბამი ბელოკრინიცელთა იერარქიამ. მაგრამ, ბელოკრინიცელთა იერარქიამ თავისი დასაბამი ისეთი სადავო წყაროსგან მიიღო, რომ მრავალმა ძველმოწესემ ბელოკრინიცელთა იერარქიის მიღებას ოფიციალური ეკლესიიდან "გამოქცეული" მღვდლების ანაბარა დარჩენა არჩია. ასე ჩამოყალიბდა ძველმოწესეთა 4 ძირითადი ჯგუფი: ბეზპოპოვცები (беспоповцы), ედინოვერცები (единоверцы), ბელოკრინიცელები (белокриницкие) და ბეგლოპოპოვცები (беглопоповцы). რომელთაც, თავის მხრივ, ასევე ჰქონდათ საკუთარი განშტოებები.

რა თქმა უნდა, ეს იყო უდიდესი უბედურება ძველმოწესეობისთვის. და, ცხადია, ის რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა აღმოფხვრილიყო და ძველმოწესეობა განკურნებულიყო მასში გაჩენილი სისხლმდინარე ჭრილობისგან, რათა შესძლებოდა საერთო ძალებით დახმარებოდა ზოგად რუსულ ცხოვრებას. როგორ შეიძლება ამის განხორციელება? ვის ძალუძს ამ ორი გადამტერებული ნაწილის გამთლიანება? რომლის მხარეზეა ღმრთის სიმართლე? სად არის ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია? - იქ, სადაც არის ჭეშმარიტი სიყვარული და სადაც სუნთქავს ღმრთის სული.

და ცხადია, რომ არა კაცობრივი ძალისხმევით, არამედ ყოვლისგანმანათლებელი სულიწმიდის მადლით შეეძლებათ ურთიერთ გადაკიდებულ ძმებს დაივიწყონ წარსული წყენები და შეერთდნენ. ხოლო მწყემსთავრები განანათლოს ისე, რომ კი არ იბატონონ ღმრთის მემკვიდრეობაზე, არამედ მორჩილად მწყემსონ ფარა ქრისტესი. ასე, რომ საჭიროა ვევედროთ ქრისტეს, რათა მან მოახდინოს სასაწაული და აღადგინოს რუსეთის ეკლესიის მოწყლული ნაწილები, რათა აღსდგეს რუსეთში ერთი, წმიდა და საყოველთაო ეკლესია, რომელიც თავის თავში შეიყვანს ძველმოწესეობასაც და ახალმოწესეობის საუკეთესო და ჯანსაღ ნაწილსაც.


ძველმოწესეობის სიმართლე და განხეთქილების აღსასრული

უზარმაზარია ძველმოწესეობის ისტორიული დამსახურება ეკლესიისა და რუსი ხალხის წინაშე. ძველმოწესეობას კიდევ შეუძლია უდიდესი სიკეთე გაუწიოს რუს ხალხს მომავალში. მაგრამ, ყველას მართებს ახსოვდეს, რომ ძველმოწესეობა არის რელიგიურ-კულტურულ-ყოფითი მოვლენა და არა მხოლოდ ვიწრო საწესჩვეულებო საკითხი. და ეს გადაჭარბებულად როდია ნათქვამი, არამედ არის ისტორიული სიმართლე. ამის დასამტკიცებლად შეგვიძლია დავიმოწმოთ შემდეგი ფაქტები:

1) ძველმოწესეები, როდესაც იცავდნენ სახარებისეული ქრისტეანობის სიწმინდეს, წინ აღუდგნენ იერარქიის თავნებობას და დაიცვეს რუსული მართლმადიდებლობის სიწმინდე.

2) ძველმოწესეები მთელი თავიანთი ცხოვრება მიისწრაფვოდნენ მიეღწიათ სულის ჭეშმარიტი თავისუფლების, სოციალური თანასწორობისა და საეკლესიო ძმობისთვის. და ამ თვალსაზრისითაც ძველმოწესეთა სამრევლოები სანიმუშოა ყველა ქრისტეანისათვის.

3) ძველმოწესეებმა საკლესიო წესების მიმართ გამოიმუშავეს შესანიშნავი ფორმულა. ისინი ამბობენ, რომ წეს-ჩვეულებები - ეს არის ძვირფასი ჭურჭელი, რომელიც საკუთარ წიაღში იცავს საეკლესიო გრძნობებს. ეკლესიის გადმოცემებისა და საერთოდ, საეკლესიო ყოფიერებისადმი უპატივცემობამ, გაბატონებულ ეკლესიაში გამოიწვია სრული უდისციპლინობა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია საეკლესიო თემის სრული დაღუპვა.
4) ძველმოწესეებმა ჩვენს დრომდე მოიტანეს სულიერი მწყემსის - სამრევლოს მამისა და მლოცველის, საზოგადოებრიობის სინდისის წინამძღოლის წმიდა და ნათელი იდეალი. ძველმოწესეებში არასოდეს ყოფილა გავრცელებული თქმულება: "что ни поп, то батька", რომელიც საფუძველშივე არყევდა სამრევლო ცხოვრებას გაბატონებულ ეკლესიაში. ძველმოწესეებისთვის სამრევლო მღვდელი - უეჭველად არჩევითი, - ნამდვილად არის ის სანეთელი, რომელიც კაშკაშებს თავისი ნათელით ღმრთის საყდრის წინაშე.

5) ენერგიულად ეწინააღმდეგებოდა რა იერარქიის ამაყ და პაპისტურ პრეტენზიებს, ძველმოწესეები არასოდეს წყვეტდნენ პროტესტს სინდისზე ძალადობის წინააღმდეგ სამეფო ხელისუფლების მხრიდან და როდესაც პეტერბურგის რეჟიმმა გადაწყვიტა ცხვრის რქაში შეემწყვდია საეკლესიო ცხოვრება, ძველმოწესეებმა ყოველი ღონე იხმარეს, რათა შეენარჩუნებინათ საკუთარი თავისუფალი სამრევლო ცხოვრება და ამ თავისუფლებას ისინი ახორციელებდნენ მაშინ, როდესაც "გაბატონებული" იერარქია საკუთარი ხელით უთხრიდა ორმოს საკუთარ საეკლესიო ცხოვრებას.

ასეთია ძველმოწესეობის სიმართლე - ბრწყინვალე, უდავო და ნათელი.

ამჯერად კი საჭიროა ვევედროთ უფალს, რათა გარდამოგვივლინოს წვეთი მადლისა მათ, ვისაც გული შესტკივა საეკლესიო ჭრილობებზე და გაგვაბრძნოს, რათა მოვნახოთ გზები ძველმოწესეობისა და საყოველთაო ეკლესიის შესაერთებლად. საჭიროა შევინარჩუნოთ ძველმოწესეობის მთელი სიმართლე. ეს განხეთქილება, რომელიც არის XVII საუკუნის ცეზაროპაპიზმის შედეგი და ძველმოწესე მოწამეთა სისხლზეა დაფუძნებული, უნდა ჩაბარდეს ისტორიას. ამ "განხეთქილებას" ჩვენს ცხოვრებაში უკვე აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი, საფუძველი და გამართლება.

_____________________

წყარო: Логика раскола: Письма И.С..Аксакову. // Гиляров-Платонов Н.П. Сборник сочинений. Т.2 С.192-235. То же – ж. Русь. 1885 №№7, 8 и 10; Русское Обозрение. 1895 №10 (прим. ред.).

საკითხი იმის შესახებ ძველმოწესეთა რომელ იერარქიას ეკუთვნოდა ანდრია უხტომსკი ჯერ კიდევ ღიად არის დარჩენილი, რადგან ჯერაც სათანადოდ არ არის დამუშავებული საარქივო დოკუმენტები. ყოველ შემთხვევაში, გაბატონებული ეკლესიის ეპისკოპოსთა ბიოგრაფიული ლექსიკონის შემდგენელი მიტრ. მანუელი (ლემეშევსკი) დარწმუნებული წერს, რომ ეპისკოპოსი ანდრია "გადავიდა ძველმოწესეობაში".
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому