აპოლოგეტიკა - მართლმადიდებლობის აპოლოგია 1 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

მართლმადიდებლობის აპოლოგია

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი II)
პატრიარქი ნიკონი და მეფე ალექსი მიხეილის ძე


შესავლის მაგიერ,

ანუ

თვალახვეულთა შეხედულებებზე აღმოცენებული უსამართლობა

1999 წელს ჩვენსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდამჭერი ალმანახის "ივერიის გაბრწყინების" რედკოლეგიას შორის გაიმართა საღვთისმეტყველო დისპუტი, რომელიც მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთში მომხდარ საეკლესიო რეფორმასა და განხეთქილებას ეხებოდა.

დისპუტში, რომელშიც ჩვენი მხარე ხელმძღვანელობდა დევიზით "ჭეშმარიტების საძიებლად და არა ერთურთის დასამარცხებლად", განზრახული გვქონდა, წარმოგვეჩინა ნიკონ პატრიარქის რეფორმების აბსურდულობა და უკანონობა და ის მიზეზები, რამაც განაპირობა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება. მაგრამ, სამწუხაროდ, ოპონენტებმა დისპუტში პრიორიტეტი მიანიჭეს არა საღ აზრს ან ობიექტურ და მეცნიერულ კვლევა-ძიებას, არამედ დემაგოგიას, რის გამოც მათი წერილები უმთავრესად მიკერძოებული და ალოგიკური ხასიათისაა.

ჩვენს პირველ ნაშრომში სახელწოდებით "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო" (თბილისი 1999 წ.), შევეცადეთ, მკითხველისთვის და თვით ოპონენტებისთვისაც გვეჩვენებინა თუ რამდენად არამეცნიერული და დემაგოგიური იყო კვლევის მათი მეთოდები როგორც რასკოლის მიზეზების, ასევე, მთელი რიგი საეკლესიო საკითხების განხილვაში. ჩვენთან პოლემიკაში ოპონენტების უხეშობა ლანძღვამდეც კი მიდიოდა, მაგრამ, მოპირისპირე მხარის ფანატიზმს თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელი იყო ამის აცილება. მიუხედავად ამისა, მიზნად არ დაგვისახავს ოპონენტების მკაცრად განსჯა, მით უმეტეს, ბატონ გ. გაბაშვილისა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი პოლემიკის მეორე ეტაპის დაწყებიდან მცირე ხანში ტრაგიკულად დაიღუპა...

დიახ, არ გვსურს მათი მკაცრი განსჯა თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს თანამემამულეებს, სამწუხაროდ, ჯეროვანი წარმოდგენა არა აქვთ არც პატრიარქ ნიკონის (მე-17 ს.) რეფორმაზე და არც იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან, თუკი, როგორც ცნობილი რუსი მკვლევარი და ბელეტრისტი პ. მელნიკოვი ბრძანებს "უხეშობა და უმეცრება (რომელიც საზოგადოდ ახასიათებდა იმ დროებას - არქიეპ. პ), ირეკლებოდა XVIII საუკუნის უგანათლებულეს მწერალთა თხზულებებში და არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიაც, რომლებმაც ცივილიზაციის გზებზე ბევრად გაასწრეს რუსთა ქვეყანას" (И.Мельников (А. Печерский), собр. соч. в восьми томах, т. 8, "Письма о расколе", изд. "Правда". Москва, 1976 г., стр. 14). Gრა შეიძლება იცოდნენ ამ საკითხში განუსწავლელმა ჩვენმა ოპონენტებმა? თვით პ. მელნიკოვის აღიარებით: "განხეთქილებიდან ორასი წლის განმავლობაში არც რუსეთის ადმინისტრაციას და არც რუსულ ლიტერატურას, ფაქტობრივ, არაფერი გაუკეთებიათ ამ საკითხის გასარკვევად... ადმინისტრაციამ ჯერ კოცონები დაანთო, შემდეგ წვერის ტარებისთვის გადასახადები დააწესა, რასკოლნიკები მასხარის ტანისამოსში გამოაწყო, ბოლოს კი რასკოლის მთელი საქმე შეუღწევადი, საკანცელარიო საიდუმლოებით შემოსა.

ლიტერატურა მედიდურად და დეტალურად, ჯერ იმაზე მსჯელობდა, სულის საცხონებლად რამდენი თითით უნდა დაგვეწერა პირჯვარი და რამდენჯერ გვეთქვა "ალილუია" და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო რასკოლში მოჩვენებითი თვისებების ძიება, რაშიც თავისი შეხედულება რასკოლთან და რასკოლნიკებთან არც პირად სიახლოვეზე დააფუძნა და არც რელიგიასა და სოციალურ ურთიერთობებთან მათ დამოკიდებულებაზე". "ამჯერად, როდესაც კოცონთა საშინელი ჟამი უკვე გავლილია, - წერს მელნიკოვი, - განვლილია გასაიდუმლოების უცნაური პერიოდი და სქოლასტიკური სიტყვისგების ბნელი დროება... ამჯერად, როდესაც ეს ყველაფერი აღიარებულია, როგორც რასკოლის განადგურების უბადრუკი და წარუმატებელი მცდელობა, იმაზე მეტი მაინც ვერ შევიტყვეთ, რამდენიც იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მეტიც, ჩვენ მათზე უფრო ნაკლები ვიცით, რამეთუ უბრალო ხალხს მათზე უფრო დავცილდით" (ციტ. იქვე. გვ. 6).

ქართველ ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ იდეოლოგიური და დემაგოგიური ბრძოლის იმ მეთოდების ფონზე, რასაც ადგილი აქვს ჩვენს რეალობაში და ხშირად გამოიხატება ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ხან "სექტად", ხან "რასკოლად" გამოცხადებაში ან კიდევ სექტანტთა ჩამონათვალში ე.წ. "იეღოვას მოწმეთა" და "ბახაისტთა" გვერდით მოხსენიებაში, საინტერესოა ზემოთ ხსენებული ნიკონიანელი მკვლევარის შემდეგი აღიარებაც: "რასკოლის საკითხში ცნებათა აღრევისა და უმეცრების უმთავრესი მიზეზი უნდა ვეძებოთ ზუსტი ცნობების სიმწირესა და იმ ცნებათა განსაზღვრებებში, რომლითაც ახასიათებდნენ რუსი ხალხის ცხოვრებაში მომხდარ იმ ნახევრად გასაგებ მოვლენას, რომელიც ჩვენში "რასკოლის" (განხეთქილების - არქიეპ. პ.) სახელწოდებითაა ცნობილი.

ეს სახელწოდება არის მეტად არაზუსტი და მას მეტად ფართო მნიშვნელობას ანიჭებენ" (იქვე. გვ. 23, 24). ავტორის თქმით, "არ შეიძლება ამ განხეთქილების შემდეგ წარმოქმნილი მრავალი მართლმადიდებლური და სექტანტური მიმართულების გაერთიანება და თავმოყრა ერთ ტერმინში". ანუ არ შეიძლება ერთი საზოგადო ტერმინით დავახასიათოთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიმართულებანი. ისეთი ტერმინოლოგიური განურჩევლობა, როდესაც ადამიანები არსებით განსხავებას ვერ ხედავენ "რასკოლნიკების" სახელით "მონათლულ" მიმართულებებს შორის, ბუნებრივად იწვევდა ისეთ შეცდომებს, "რომელთაც, შეუძლებელი იყო, მოეტანათ რაიმე სარგებლობა" (იქვე გვ. 24).

"ამავე დროს, ღონისძიებათა იმ სისტემის პირობებში, რომელიც გამოიყენებოდა "რასკოლის" წინააღმდეგ ბოლო ორასი წლის განმავლობაში (იგულისხმება მე-17-19 სს. პერიოდში - ეპ. პ.), თანაც თუ გავითვალისწინებთ ჩვენში გაბატონებულ იმ შეხედულებებსაც, რომლებიც აბსოლუტურად შორს იყო რასკოლის დეტალური შეცნობისაგან, უეჭველად უნდა აღმოცენებულიყო უსამართლობა... დიახ, უსამართლობა არსებობდა და ის იყო შეცდომის უცილობელი შედეგი" (იქვე. გვ. 25). რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ იმის თქმას, რომ პ. მელნიკოვი და მასთან ერთად ბევრი სხვა მკვლევარიც, საბოლოო ჯამში, ძველმართლმადიდებელთა გამართლებას ესწრაფვის, მაგრამ მათ ნაშრომებში აქა-იქ მაინც შეიმჩნევა სწრაფვა მეტი ობიექტურობისაკენ მათთვის ამ ბნელით მოცული საკითხის ნათელსაყოფად.

ჩვენც იგივე გვინდა ვუსურვოთ ჩვენს ყველა ოპონენტს, რომელიც შეხებია ან შეეხება "რასკოლის" საკითხს. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება იმ უსამართლობის თავიდან აცილება, რაიც გახლავთ უმეცრებით გამოწვეულ შეცდომათა მწარე შედეგი. მეტიც, მე-19 საუკუნეში მოღვაწე ამ ავტორის აღიარებით "ეს მოვლენა (იგულისხმება საეკლესიო განხეთქილება მე-17 ს. რუსეთში - ეპ. პ.), რომელიც აგერ უკვე ორი საუკუნეა არსებობს (დღეისთვის 2-საუკუნენახევარზე მეტი - ეპ.პ), არსებითად, ჯეროვნად არც არის გამოკვლეული. არც ადმინისტრაციამ და არც საზოგადოებამ საფუძვლიანად არც უწყიან, რა არის "რასკოლი" (იქვე. გვ. 5). და თუკი თვით რუსებს ისეთი უბედურება დამართნიათ, რომ ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ ამ მოვლენის არსი, რაღა შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სარგებლობენ იმ რუსი ნიკონიანელი ავტორების თხზულებებით, რომელთა ნაშრომებს ცალმხრივსა და ტენდენციურს უწოდებს მრავალი მეცნიერი და მკვლევარი, ხოლო მოსკოვის ოფიციალური საპატრიარქოს აღიარებით, რევოლუციამდელი ეს ლიტერატურა ძველმორწმუნეებს აკრიტიკებდა "არაკორექტული და მიუღებელი მეთოდებით" ("Вдъ-Информ", Москва. ციტ. "Русь православная" (изд. старообрядческой митрополии) 1999 г., стр. 11 (51, 52).

პ. მელნიკოვი უფრო ობიექტური კვლევისკენ მოუწოდებდა მის თანამემამულეებს და წერდა, რომ "რასკოლის" მეცნიერულ-ანალიტიკური გამოკვლევისთვის საჭიროა შევისწავლოთ:

იმ სასულიერო პირთა თხზულებები, რომლებიც წერდნენ რასკოლის შესახებ;

თვით ძველმოწესეთა ნაშრომები: როგორც ისტორიული, ასევე პოლემიკური;

სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებათა საარქივო მასალები (ციტ. იქვე. გვ. 7).

მეტიც, მისი თქმით, "არა მხოლოდ წიგნების მეშვეობით მართებდათ "რასკოლის" შესწავლა (გვ.13), არამედ უნდა ეცხოვრათ ძველმოწესეთა ცხოვრებით მათ მონასტრებში, სკიტეებში, მამულებში, სენაკებსა თუ ტყეებში და ა.შ. შეესწავლათ მათი ყოფა ცხოვრებისეულ გამოვლინებებში, იმ გადმოცემებსა და რწმენაში, რომელიც ქაღალდზე არ დაწერილა, მაგრამ თაობიდან თაობაში წმიდად და ხელუხლებლად არის დაცული..." (იქვე. გვ. 13) სწავლობდნენ (ან სწავლობენ) კი ძველმოწესეობას ასეთი ფორმით და მეთოდებით? რა თქმა უნდა არა! მელნიკოვის თქმით: "აქამდე რასკოლს სწავლობდნენ ხელის ცეცებით, თანაც თვალახვეულები. თუმცაღა არც სადღეისოდ მოუხსნიათ ადმინისტრატორებსა და მეცნიერ-მკვლევარებს თავიანთ თვალთაგან ეს სახვევები" (იქვე. გვ. 25). ასეთია ის სამწუხარო რეალობა, რომელიც დამახასიათებელი იყო 200 წლის წინანდელი რუსეთისთვის და დამახასიათებელია დღევანდელი საქართველოსთვისაც.

საინტერესოა არა მარტო იმის გარკევა თუ რატომ და ვისი მიზეზით მოხდა ეს განხეთქილება, არამედ ისიც თუ რამდენად არის ნიკონიანურ-რეფორმატორული "მართლმადიდებლობა" დაცილებული ჭეშმარიტ, ძირძველ სარწმუნოებას. სწორედ ამ ვითარების წარმოჩენას ვცდილობთ ჩვენც წინამდებარე ნაშრომში, სადაც ოპონენტთა პუბლიკაციებიდან ამონაწერების კომენტირებისა და კითხვა-პასუხის ფორმით წარმოდგენილია თუ რას ასწავლიდა და ასწავლის რუსულ-ქართული ნიკონიანური ეკლესია არა მარტო ნიკონიანური რასკოლის თუ რეფორმის, არამედ მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრების საკითხებშიც. "რასკოლის" მიზეზების უცოდინრობისთვის არავის განვიკითხავთ, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი. იქნებ, დადგა დრო ობიექტურად, მიუკერძოებლად და უემოციოდ განვიხილოთ, რატომ არის ასეთი განსხვავებები ნიკონიანურ და ძველმართლმადიდებლურ საეკლესიო სწავლებებს შორის. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა შეწყდეს საკითხის არსში ჩაუხედავი ადამიანების ქილიკი და ცილისწამება ძველმორწმუნეთა მისამართით?


თავი 1.

ნიკონიანური რეფორმის, საეკლესიო წიგნებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ,
და კიდევ იმის შესახებ, თუ რა მიზეზებმა განაპირობა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება



1. საეკლესიო წეს-ჩვეულებათა და დოგმატთა ურთიერთმიმართებისთვის

კითხვა: როგორ ხსნიან ოპონენტები "ივერიის გაბრწყინებიდან" ძველმოწესეობას ზოგადად და რას ამბობენ ქართველი ძველმართლმადიდებლების შესახებ?

პასუხი: "ივერიის გაბრწყინება" (ამონაწერი 1) წერს: "სტაროობრიადელობა" არის საეკლესიო ცხოვრებაში სიძველეთმიმდევრობა გარეგნულად, ე.ი. საეკლესიო წეს-ჩვეულებებში მკაცრი საეკლესიო მიდგომით "ძველმოწესეობა" თავისთავად ჯერ კიდევ არ გახლავთ განხეთქილება, ან მწვალებლობა, მანამდე, სანამ არ არღვევს საეკლესიო მშვიდობასა და ერთიანობას (ხაზგასმა ჩვენია - ეპ. პ.); მაგრამ როგორც კი იწყება წეს-ჩვეულებათა აღრევა სარწმუნოების დოგმატებთან, წეს-ჩვეულებებისა და საღვთისმსახურო წიგნებისთვის "ბუკვალურად" უცვლელი მნიშვნელობის მინიჭება, და, როგორც წეს-ჩვეულებებისადმი ამგვარი დამოკიდებულების შედეგი, საეკლესიო ხელისუფლებისა და ზოგადსაეკლესიო სწავლებისადმი დაუმორჩილებლობა, - მაშინ იგი იძენს ხასიათს განხეთქილებისა... რუსული ძველმოწესეობა, ეს არის XVII საუკუნეში წარმოქმნილი საეკლესიო განხეთქილება, რაც რუსეთის პატრიარქ ნიკონამდელი საეკლესიო წეს-ჩვეულებათა მკაცრად და განუხრელად დაცვაში მდგომარეობს. ქართველი "სტაროვერები" ამჟამად თავიანთ ფესვებს მოწყვეტილნი (?) არიან: მათ ჩრდილოელ კოლეგებთან ლოცვითი კავშირი გაწყვეტილი აქვთ და ფაქტობრივად წარმოდგებიან დამოუკიდებელ კულტად, რომელსაც სათავე რუსულ "რასკოლში" ედო, მაგრამ აწ თავისი გზით ვითარდება..." ("ივერიის გაბრùყინება". ?4 (36) 7 ოქტომბერი. 2000 2. გვ. 8. სვ. 1.).

ჩვენს ოპონენტებს "ივერიის გაბრწყინებიდან" უნდა ავუხსნათ, რომ ტერმინი "კულტი" "რელიგიურ გადმოცემათა, წეს-განგებათა, ლოცვათა და საღვთისმსახურო რიტუალთა ერთობლიობას აღნიშნავს" (Словарь иностранных слов. Москва, 1955, стр. 382). ამიტომაც "თავისი გზით განვითარებულ კულტს" აუცილებლად უნდა ?ქონდეს ის თავისებურებები, რაც მას იმ კულტისგან განასხვავებს, რომლისგანაც გამოვიდა.
ოპონენტები არ აკონკრეტებენ, თუ რითი განსხვავდება საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დღევანდელი "საკულტო მსახურება" მისი "სათავის", რუსული "რასკოლის" დროს არსებული ძველმართლმადიდებლური "საკულტო მსახურებისგან".

თუმცა, რაც არ არსებობს, იმას როგორ მიუთითებენ?! თუ "კულტის" "განვითარებაზეა" ლაპარაკი, ეს ტერმინი ზედგამოჭრილია ნიკონიანური საკრებულოსთვის, რომლის რეგრესი მართლმადიდებლობიდან მწვალებლობისკენ თვალსაჩინოა, რაშიც მკითხველი წინამდებარე ნაშრომიდანაც დარწმუნდება.

კითხვა: არის თუ არა "სტაროობრიადელობა" სიძველეთმიმდევრობა გარეგნულად?

პასუხი: დავიწყოთ იმითი, რომ ტერმინი @ჯ,ჰზლ@ საეკლესიო ტერმინად დამკვიდრდა ახალ ნიკონიანურ-პეტრესეულ ეკლესიაში, იმპერატორ პეტრე I-ის ეპოქაში. ამ ბოლო დროს, როგორც იქნა, თვით ახალმოწესე ნიკონიანელებმაც შეიგნეს, რომ ეს სიტყვა უცხოა საეკლესიო-სალიტურგიკო ტერმინოლოგიისთვის.

ეკლესიამ იცის "რიგი", "ხარისხი", "დასი" (чин) "წეს-განგება", "თანამიმდევრობა" (чино-последование) - "წეს-ჩვეულება" (обычай) მაგრამ არა @ჯ,ჰზლ@-ი. "ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ტერმინს @ჯ,ჰზლ@ - აცხადებს ერთ-ერთი ნიკონიანელი ღვთისმეტყველი, - როგორც საკმაოდ არასრულს, ლოგიკური თვალსაზრისით ცთომილსა და ბუნდოვანს" (Мистерия и обряд. Православная русь, 1940, № 3. Православный путь, 1939, вып. 1, стр. 71).

რაც შეეხება "სტაროობრიადელობას ", ის "გარეგნული სიძველეთმიმდევრობა" მაშინ იქნებოდა, ამ სიძველეებში (ე.ი. ძველ წეს-ჩვეულებებში) ჩადებული აზრი და შინაარსი რომ შეეცვალა ან დაეკარგა და მხოლოდ შინაარსგამოცლილი ფორმა შეენარჩუნებინა. მაგრამ, რადგანაც ძველმოწესეობაში არაფერი ამდაგვარი არ არსებობს, შეცდომაა იმის მტკიცება, თითქოსდა "სტაროობრიადელობა" არის საეკლესიო ცხოვრებაში "სიძველეთმიმდევრობა გარეგნულად".

და ბოლოს, გვიკვირს, როგორ თავსდება ოპონენტების ცნობიერებაში ერთმანეთის გამომრიცხავი ორი ცნება. ანუ, ძველმორწმუნეებს, ძველ წეს-ჩვეულებათა ერთგულების გამო უწოდონ "ობრიადების მიმდევარნი" და შერაცხონ "ობრიადოვერებად" მაშინ, როდესაც ნიკონის რეფორმა სწორედ ძველი გადმოცემების ("ობრიადების") გასაუქმებლად და მათ სანაცვლოდ ახალი "ობრიადების" დასამკვიდრებლად განხორციელდა.

განა ეს ფაქტი იმაზე არ მიანიშნებს, რომ ნიკონიანელი რეფორმატორები თავადვე ანიჭებდნენ "ობრიადებს" განსაკუთრებულ მნიშვნელობას?! და, საზოგადოდ, თუ "ობრიადებისადმი" ერთგულება ცოდვაა, "ობრიადოვერობაა", მაშინ რატომ არის ეს ცოდვა მხოლოდ ძველმორწმუნეთათვის, ხოლო ნიკონიანელ-"ნოვოობრიადელთათვის" კი არა?!

კითხვა: რა მიმართება აქვთ საეკლესიო წეს-ჩვეულებებს სარწმუნოებრივ დოგმატებთან და რა შეიძლება ითქვას ბრალდებაზე, რომ ძველმორწმუნენი საღვთისმსახურებო წიგნებს ანიჭებენ ბუკვალურად უცვლელ მნიშვნელობას?

პასუხი: უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო წეს-ჩვეულებებს, ანუ "ობრიადებს" (როგორც მათ ნიკონიანელები უწოდებენ), საკმაოდ დიდ მნიშნელობას ანიჭებს ქრისტეს წმიდა და მართლმადიდებლური ეკლესია. ამას ნათელყოფს საეკლესიო და წმ. მამათამიერი სჯულმდებლობა. აი, რამდენიმე მაგალითი:

მეშვიდე მსოფლიო კრება ბრძანებს: "ანათემა ყველაფერს, რაც საეკლესიო გადმოცემათა, წმიდა მამათა მოძღვრებისა და განწესებების საწინააღმდეგოა" (ამ კრების ეპისტოლე ალექსანდრიელთა მიმართ. საქმენი).

ღირ. ბიკენტი ლირინელის (V ს.) თქმით: "... თუ ისეთ რამეს შეიტყობს ეკლესია, რაც ეწინააღმდეგება წმინდანებს, რაც ახალია და აქამდე უცნობი, იმას არა ვითარცა რელიგიის, არამედ ვითარცა ცთუნების კუთვნილად მიიჩნევს" (ნ. საგარდა. ქრისტეანული რწმენა და ცხოვრება. ციტ. "ლაზარეს აღდგინება" V. გვ. 33-34).

მეექვსე მსოფლიო კრება განაჩინებს: "სამგზის ანათემა ყოველგვარ სიახლეს" (საქმე 8).

კონსტანტინოპოლის პატრიარქი მეთოდე აღმსარებელი (IX ს.) განდგომილებს უწოდებს იმათაც, "ვისაც სიახლე შეაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და სანაცვლოდ მათ საწინააღმდეგოს ამკვიდრებს" (ახალი სჯულის ფიცარი. 17:4, 5. ციტ. იქვე.).

ბერძნული რჯულისკანონის ("პიდალიონი") მიხედვით "სადაც არ არის განწესება ან დაწერილი კანონი, განწესებისა და დაწერილი კანონის ძალა აქვს წეს-ჩვეულებას, რომელიც მრავალი წლითაა გამოცდილი და არ ეწინააღმდეგება დაწერილ კანონს" (II მსოფლიო კრების მე-7 კანონის განმარტება. ციტ. იქვე გვ. 388).

მეშვიდე მსოფლიო კრება მე-7 კანონში განაწესებს: "წმიდა ადათ-წესების პყრობა საჭიროა დაწერილი თუ დაუწერელი კანონმდებლობის თანახმად" (ციტ. იქვე).

ამგვარი მაგალითების დამოწმება უხვად შეგვიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად თუ რა ადგილი უჭირავს ეკლესიაში წმიდა გადმოცემებს, იგივე წმ. საეკლესიო წეს-ჩვეულებებს და როგორი მიმართებაა ამ მხრივ სარწმუნოებრივ დოგმატებთან.

წმ. საეკლესიო კანონებში ხშირად პირდაპირ აღნიშნულია წეს-ჩვეულების კავშირი დოგმატთან, ანუ ის მომენტი თუ როგორ არის ასახული წეს-ჩვეულებაში ესა თუ ის სარწმუნოებრივ-დოგმატური სწავლება.

ყოველივე ეს განსაკუთრებული სიცხადით არის გადმოცემული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტის წმ. ბასილი დიდის (IV ს.) ეპისტოლეში ნეტარი ამფილოქე იკონიელისადმი, რომელიც წმ. ეკლესიამ შეიტანა "დიდ რჯულისკანონში" და მით კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მის საყოველთაო მნიშვნელობას.

წმ. ბასილი დიდი საეკლესიო წეს-ჩვეულებებს უდიდესი ძალის მქონედ მიიჩნევს და გვასწავლის: "თუ დაუწერელი გადმოცემების დარღვევას მივყოფთ ხელს ვითომდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, უხილავად ვავნებთ თვით სახარებას ძირითად საკითხებში, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება" (Правила свв. отцов с толкованиями. Правила св. Василия Великого, правило 91. Москва, 1884 г., იხ. აგრეთვე: Творения иже во святых отца нашего Василия Великаго, архиеп. Кесарии Каппадокийския, часть III Москва 1993, стр. 332).

იგივე წმ. მამა ბრძანებს: "ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვთ, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (კანონი. 87 და 91) (ციტ. იქვე). "დიდი რჯულისკანონის" კომენტატორი ზონარა წმ. ბასილი დიდის ხსენებულ განწესებაში განმარტავს: "წმინდანი (ე.ი. ბასილი დიდი - ეპ.პ.) გვასწავლის იმ ჩვეულებათა შესახებ, რომლებიც დაუწერელი გადმოცემითაა ბოძებული და ამბობს, რომ თუ უარვყოფთო მათ (ე.ი. დაუწერელ ჩვეულებათა - ეპ.პ.) დაცვას, მაშინ თვით სახარებას ვავნებთო არსებით პუნქტებში, ანუ თვით სარწმუნოებას, რომელიც გვეუწყა სახარებით" (Правила свв. отцов... стр. 435).

პატრ. ბალსამონის განმარტებით კი, "წმ. ბასილი დიდის მიერ ჩამოთვლილი საეკლესიო წეს-ჩვეულებები (მ.შ. პირჯვრისწერის წესიც - ეპ. პ.) დაურღვეველია აბსოლუტური აუცილებლობით და ძალაში უნდა იყოს მარადის" (იქვე. გვ. 439).

ასე, რომ "მრავალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ ებოძა ეკლესიას დაუწერელი გადმოცემით (სინოპსისი, იქვე. გვ. 438) და, თუკი მათ სიწმიდეს და უცვალებლობას თავდადებით იცავდნენ ძველმორწმუნენი, ჩანს, მათ ამით არაფერი შეუცოდავთ. ხოლო, არის თუ არა საკმარისი მიზეზი ამ წესების შერყვნის გამო მმართველი და რეფორმატორი იერარქების წინააღმდეგ ამხედრება, განვსაჯოთ როგორც ზემოთ მოტანილი ციტატებით, ასვე წმ. ბასილი დიდის შემდეგი სიტყვებითაც:

"ეკლესიაში დაცული დოგმატები და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მოციქულთაგან საიდუმლოდ გადმოგვეცა. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს, საკამათოდ არავინ თვლის" (იქვე. გვ. 427).

მაშასადამე, წმ. ბასილი დიდის განმარტებით, ეკლესიაში არსებობს დოგმატური სწავლება, რაც წერილობით ან გადმოცემებით მიგვიღია. ეს გადმოცემები (წესები) მას (ეკლესიას) წმ. მოციქულთაგან საიდუმლოდ მიუღია (ჩამოთვლის ზოგ მათგანს. იხ. წმ. ბასილის ხსენებული განწესება) და აი, ორივეს - როგორც დოგმატებს, ასევე წესებს - ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას არავინ თვლისო საკამათოდ, ვისაც "საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც გააჩნია".

სამწუხაროა რომ, სწორედ ის, რაც წმ. მამის თქმით, არავისთვის უნდა იყოს საკამათო, ოპონენტებს სადავოდ და საკამათოდ გაუხდიათ. და ბოლოს, რაც შეეხება საღვთისმსახურებო წიგნებისთვის "ბუკვალური" მნიშვნელობის მინიჭებას: "ბუკვალური" მნიშვნელობა შეიძლება მიანიჭო რაღაც გამონათქვამს და არა წიგნს.

საღვთისმსახურებო წიგნებში გადმოცემულია საღმრთო და წმინდანთა ისტორიები, მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატური სწავლება, ხოლო რამდენად უცვლელი და უცთომელი უნდა იყოს საღმრთო ისტორიის და წმინდანთა ცხოვრების ამსახველი ლიტურგიკული ტექსტები და, ასევე, მათში გადმოცემული დოგმატიკა, ნათლად ჩანს "დიდი რჯულისკანონიდან" და წმ. მამათა ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან.

მაშ, რაში უნდა დავადანაშაულოთ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანი, რომელიც ასე მოწიწებით ეპყრობა ეკლესიის ამ სიმდიდრეს, უფრთხილდება და იცავს მას ყოველგვარი ცვლილებისაგან?

იქნებ ოპონენტებმა გვიპასუხონ, რითი შეიძლება შეიცვალოს ისეთი საღვთისმსახურებო წიგნები, როგორიცაა, მაგალითად, დიდმარხვის ტრიოდიონი, ზატიკა, ოქტოიხი, თვენი, პროლოგი და მრავალი სხვა?

მართლმადიდებლური საღვთისმსახურებო წიგნები და მათი ტექსტები ხელშეუხებელია! მათი შეცვლა მართლმადიდებლობის ღალატისა და იუდა ისკარიოტელის გამცემლობის ტოლფასია! ასე რომ, ძველმორწმუნე ქრისტეანთ, ნამდვილად ორთოდოქსთ, წმ. საღვთისმსახურებო წიგნების დღემდე უცვალებლად და შეურყვნელად დაცვისთვის ქება ეკუთვნით და არა გინება.

კითხვა: მართალია თუ არა ოპონენტთა მტკიცება, თითქოს რუსეთის პატრიარქმა ნიკონმა მოახდინა საეკლესიო წეს-ჩვეულებებისა და საღვთისმსახურო წიგნების რევიზია და ისინი ზუსტად შეუსაბამა ძველბერძნულს? (იქვე. გვ. 8 სვ. 2).

პასუხი: ცნობილი ნიკონიანელი აკადემიკოსის, ე. გოლუბინსკის თქმით: "უმეტესწილად საქმე ისეა გაგებული, თითქოსდა ნიკონის მიერ საღვთისმსახურებო წიგნების შესწორების მიზანი ძველბერძნულ და ძველსლავურ ხელნაწერებთან იდენტურობა იყო. მეტიც, სწორედ ამგვარად მიიჩნევდნენ კიდეც ნიკონის მიერ გატარებულ რეფორმას. ეს გაგება სრულიად უმართებულოა, რამეთუ ნიკონმა ჩვენი საღვთისმსახურებო წიგნები მისი თანამედროვე ბერძნული საღვთისმსახურო წიგნების მიხედვით გადააკეთა, რათა სრულ თანხმობაში მოსულიყო მათთან. ამიტომაც სრულიად შეუსაბამოა იმის მტკიცება, თითქოსდა წიგნების შესწორება ძველი ბერძნული და ძველი სლავური (ლიტურგიკული) ხელნაწერების მიხედვით წარმოებდა" (Богословский вестник, 1892 г. отд. 2, стр. 305, 307-310).

როდესაც ბერძენი და იეზუიტი ავანტურისტების მიერ წაქეზებულმა პატრ. ნიკონმა, ალექსი მეფემ და მათმა მხარდამჭერმა რეფორმატორებმა რუსეთის ეკლესიის იმდროინდელ ბერძნულ ეკლესიასთან სრული იგივეობის მიღწევა გადაწყვიტეს, ძველი რუსული საეკლესიო წიგნების ბერძნულ დედნებთან შედარების საბაბით, მიზნის მისაღწევ აუცილებელ ღონისძიებად არა საეკლესიო რევიზიის, არამედ თვით საეკლესიო რეფორმის ჩატარება დაისახეს მიზნად.

როგორც პროფ. ნ. კაპტერევი და "რასკოლის" საკითხის სხვა მრავალი ავტორიტეტული მკვლევარები გვამცნობენ, - ნიკონის რეფორმის მიზანი იმდროინდელი ბერძნული ეკლესიის განმაახლებლურ პრაქტიკასთან იგივეობის მიღწევა იყო.


2. უდიდესი კატასტროფა ანუ რეფორმა, რომელიც არ სჭირდებოდა ეკლესიას

კითხვა: ვინ დაარღვია საეკლესიო მშვიდობა XVII ს. რუსეთის ეკლესიაში?

პასუხი: გაქრისტეანების დროიდან (XI ს.) ვიდრე მე-17 საუკუნემდე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უცვლელად და მტკიცედ ინარჩუნებდა ყველა იმ საეკლესიო გადმოცემასა და ჩვეულებას, რაც IX-XI საუკუნეებში გადმოეცა ბიზანტიისგან. მაგრამ მე-17 ს.-ის მეორე ნახევარში ზოგიერთი ბერძენი იერარქისა და იეზუიტების ფარული აგენტების მიერ მოსყიდულმა და წაქეზებულმა მეფემ, ალექსი თევდორეს ძემ და ნიკონ პატრიარქმა წამოიწყეს საეკლესიო რეფორმა, რომელსაც, როგორც ამას თვით დღევანდელი ნიკონიანელი მკვლევარები აღიარებენ: "გადაუჭარბებლად შეიძლება ეწოდოს უდიდესი კატასტროფა. დღეისათვის აშკარაა, რომ, როგორც საღვთისმეტყველო, ასევე კანონიკური თვალსაზრისით, ის (რეფორმა - ეპ.პ.) სრულიად უსაფუძვლო იყო და, მეტიც, უბრალოდ, არც კი სჭირდებოდა ეკლესიას" (Б. Кутузов. Трагическая ошибка или диверсия. Журн. Церковь. 1992 г. დ а № 1, стр. 43, 44).

ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორის, პროტოპრესვიტერ იოანე ბელევცევის აზრით, "რეფორმა, რომლის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად მეფე ალექსი მიხეილის ძე მოგვევლინა, აბსოლუტურად ზედმეტი (არასაჭირო) იყო" (Белевцев И. Русский церковный раскол XVII. в. Доклад проф. прот. ЛДА Иоанна Белевцева на 2-ой международной церковно-научной конференции в Москве, 11 мая, 1987 г. ციტ. იქვე, გვ. 44).

რასკოლის საკითხის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნ.ფ. კაპტერევი კი წერდა: "მეფე ალექსიმ და პატრ. ნიკონმა, ასევე მათმა მემკვიდრეებმა და მიმდევრებმა დაიწყეს რუსულ ეკლესიაში ძველის სანაცვლოდ მანამდე უცნობი, ახალი წესებისა და ჩვეულებების, ახალი საღვთისმსახურებო წიგნებისა და წეს-განგებების დამკვიდრება; ეკლესიასთან, თვით რუსეთთან და რუს ხალხთან ახლებური მიმართების დაფუძნება. დაიწყეს იერარქიის, საეკლესიო საიდუმლოებების და ღვთისმოსაობის შესახებ ახალი შეხედულებების გადმონერგვა.

რუს ხალხს თავს მოახვიეს სრულიად სხვა მსოფლმხედველობა, სხვაგვარი აღქმა და სხვა. ყოველივე ამან გამოიწვია განხეთქილება. განხეთქილება სინამდვილეში, ნიკონიანურ რეფორმათა მოწინააღმდეგეებს არ მოუწყვიათ: ისინი, უბრალოდ, ადრინდელი, ძველი სარწმუნოებისა და გადმოცემების ერთგულნი დარჩნენ. მათ არ უღალატეს ძველ მართლმადიდებლობას, არ უღალატეს არც რუსულ და არც აღმოსავლეთის წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას" (Н. Ф. Каптерев. Характер отношений России к православному востоку, стр. 14, 15, იხ. აგრეთვე. В. Макаров. К вопросу о причинах разделения русской церкви, Москва, 1911 г.).

ხოლო საეკლესიო მშვიდობას, წმ. მამათა განმარტებით, ის კი არ არღვევს ვინც იცავს ძველ სარწმუნოებასა და გადმოცემას, არამედ ის "ვისაც სიახლე შეაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და ამკვიდრებს მათ საწინააღმდეგოს " ("ახალი სჯულის ფიცარი" 17:4,5. ციტ. "ლაზარეს აღდგინება" V. გვ. 33-34). ბრძანებს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ღირ. მეთოდე აღმსარებელი (IX ს.) და ამის ჩამდენებს განდგომილებს უწოდებს.

ასე რომ, საეკლესიო მშვიდობა მე-17 ს. რუსეთში ძველი სარწმუნოებისა და ძველი გადმოცემების მცველებმა კი არ დაარღვიეს, არამედ ეკლესიაში სიახლეთა შემომტანმა ნიკონიანელმა რეფორმატორებმა, რომლებმაც ეს არ იკმარეს და მწვალებლობად სრულიად მართლმადიდებლური ძველი საეკლესიო წესები შერაცხეს.

კითხვა: რამდენად მართალია, რომ ძველმორწმუნენი არ ემორჩილებოდნენ მართლმადიდებელ საეკლესიო ხელისუფალთ და, საერთოდ, ვის უნდა ემორჩილებოდეს მართლმადიდებელი ქრისტეანი და ვის არა?

პასუხი: ძველმორწმუნე მართლმადიდებელნი ყოველთვის ემორჩილებოდნენ მართლმადიდებელ საეკლესიო ხელისუფალთ, მაგრამ, როდესაც მათ, ნიკონ პატრიარქის მეთაურობით, დაიწყეს ძველი საეკლესიო წესების რღვევა, მწვალებლობად გამოცხადება და შეჩვენება, დიდი რჯულისკანონისა და წმ. მამათა მოთხოვნების თანახმად გაწყვიტეს ერთობა ძველ გადმოცემათა შეურაცხმყოფელ და საეკლესიო მშვიდობის დამარღვეველ იერარქებთან. რამეთუ, ქრისტეს ის კი არ უბრძანებია, მწვალებლებს და საეკლესიო გადმოცემათა უარმყოფელებს დაემორჩილეთო, არამედ, პირიქით, თავისი წმიდა მოციქულთა პირით გვამცნო, რომ მათ განვშორებოდით.

ამასვე ბრძანებს კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-13 და მე-15 კანონები და წმ. მოციქულთა 31-ე კანონის ბალსამონისეულ განმარტებაც. მწვალებელთაგან განშორებას გვიბრძანებენ ცალკეული წმ. მამებიც: წმ. მ. ათანასე დიდი, იოანე ოქროპირი, კლიმენტი ალექსანდრიელი, იოანე დამასკელი და მრავალი სხვა. მეტიც, თუ დაუმორჩილებლობაზეა ლაპარაკი, ასეთად სწორედ გაბატონებული ნიკონიანურ-რეფორმატორული ეკლესია წარმოსდგება, რამეთუ სწორედ ის არ ეთანხმება და არ ემორჩილება ძველსა და ზოგადსაეკლესიო სწავლებას, ზოგადსაეკლესიო გადმოცემას; ამკვიდრებს სიახლეებს, უარყოფს და წყევლის ძველ საეკლესიო გადმოცემას და ეს მაშინ, როდესაც წმ. მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში ყველას "გადმოცემების მტკიცედ პყრობას" უბრძანებს (შეად. 2 თესალონიკ. 2:15). ნიკონიანელი რეფორმატორები დანაშაულად უთვლიან ძველმორწმუნე ქრისტეანებს ამგვარ ერთგულებას და ამკვიდრებენ საკუთარ "გადმოცემებს", რაც არც წმ. მამათაგან გვისწავლია და არც მოციქულთაგან.

თუკი წმ. მოციქული პავლე გვაქებს იმისთვის, რომ "მისი (ანუ მოციქულის - ეპ. პ.) ყველაფერი გვახსოვს და როგორც გადმოგვეცა ისე ვიმარხავთ გადმოცემას" (1 კორინთ. 11:2), ესენი გვაგინებენ, გვკიცხავენ და გვრაცხენ სქიზმატებად. იმ დროს, როდესაც წმ. მამები განდგომილებად და ცთომილების მემკვიდრეებად მიიჩნევენ ეკლესიაში "ძველი წესების უარმყოფელთ და მათ სანაცვლოდ ახლის დამამკვიდრებელთ" (იხ. ზემოთ წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი და ღირ. ბიკენტი ლირინელი (V ს.)), ნიკონიანელები პირიქით, ძველ საეკლესიო გადმოცემათა მიმდევართ მიიჩნევენ განდგომილებად და ცთომის მემკვიდრეებად.

მაშ, უნდა დამორჩილებოდნენ თუ არა ძველმორწმუნე ქრისტეანენი წმ. მოციქულთა და წმ. მამათა გადმოცემების უარმყოფელთ, დამარღვეველთ საეკლესიო ერთობისა და მშვიდობისა? რა თქმა უნდა არა! რამეთუ ქრისტეს უწმიდესი მოციქული უფლის ჩვენის, იესუ ქრისტეს, სახელით გვამცნობს: "ძმანო, განეშორეთ ყველა ძმას, რომელიც უწესოდ იარება და არა იმ გადმოცემისამებრ, რაც შეითვისა ჩვენგან" (2 თესალონიკ. 3:6). და კიდევ: "ძმანო, მტკიცედ იდექით და იპყარით გადმოცემა, რომელიც გისწავლიათ სიტყვითა თუ ჩვენი წერილით" (2 თესალონი. 2:15). "ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ იგი და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნას" (2 თესალონიკ. 3:14).

კითხვა: იყო თუ არა ნიკონიანელ რეფორმატორთა სწავლება ზოგადსაეკლესიო, როგორც ამას ოპონენტები ირწმუნებიან?

პასუხი: ნიკონიანელ რეფორმატორთა სწავლება კი არ იყო ზოგადსაეკლესიო, არამედ ის ძველბერძნული, რომელსაც იმ დროისთვის ფლობდნენ მართლმადიდებელი რუსები და რომელიც ნიკონის მხარდამჭერი ბერძენი რეფორმატორების მიერ ჯერ მწვალებლობად (!) გამოცხადდა, ხოლო შემდეგ მანამდე უცნობი და ახალი "გადმოცემებით" შეიცვალა. ამ მტკიცებულების დასტურად შეგვიძლია, დავიმოწმოთ მაგალითად მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნ. კაპტერევი, რომელიც ფუნდამენტურ ნაშრომში, Патриарх Никон и царь Алексей Михайлович წერდა: "პასუხისმგებლობის უმთავრესი წილი როგორც პატრ. ნიკონის საეკლესიო - საწესჩვეულებო რეფორმის, ასევე მისი გატარების ხასიათისთვის ეკისრება მის მრჩეველს და ხელმძღვანელ, მოწყალების მთხოვნელ, აღმოსავლელ იერარქებს, უმთავრესად კი ანტიოქიის პატრიარქ მაკარის.

ეს უკანასკნელი თავისი რჩევებითა და მითითებით, სახალხო ქადაგებებითა და წერილობითი განცხადებებით, თითქოსდა ორი თითით პირჯვრისწერა სომხური ერესია, და მისი სახალხო შეჩვენებითა და სხვა ამდაგვარი ქმედებებით, არა მხოლოდ უცილობლივ ატყუებდა ნიკონს, არამედ იმდენად ქმედითად მონაწილეობდა ნიკონის რეფორმებში, რომ მაკარის წაქეზება და წახალისება რომ არა, ნიკონს, შესაძლოა, რუსულ საეკლესიო სიძველეთა დარღვევა ვერც გაებედა.

მეტიც, ნიკონს, ალბათ, თავზარი დაეცემოდა, რომ გაეგო და დარწმუნებულიყო: არასწორად და სიახლედ გამოცხადებული ძველი რუსული "ობრიადების" შეცვლით, სინამდვილეში ის ცვლიდა ძველბერძნულ მართლმადიდებლურ ჩვეულებებს, რომლებიც რუსებმა მიიღეს თვით ბერძნებისგან და აქამომდე უცვლელად ჰქონდათ შენარჩუნებული; მაშინ, როდესაც გვიანდელმა ბერძნებმა თავიანთივე ძველი წეს-ჩვეულებები შეცვალეს ახლით, რის გამოც დროთა განმავლობაში აშკარად წარმოჩინდა სხვაობა მათსა და რუსულ წეს-ჩვეულებებს შორის.

გამომდინარე აქედან, პატრ. ნიკონი თავისი რეფორმებით ძველბერძნულ ჩვეულებებს კი არ აღადგენდა, როგორც ეგონა და წარმოედგინა, არამედ, პირიქით, ახალბერძნული წესებით ცვლიდა ძველბერძნულს, რომელიც იმხანად მხოლოდ რუსებში იყო შემონახული" (Н. Ф. Каптерев. Патр. Никон и царь Алексей Михайлович, том. 1, Сергиев Посад. 1909 г. Репринт. Москва 1996 г., гл. V стр. 205).


3. ძველმართლმადიდებლობის დაფუძნებისათვის საქართველოში

კითხვა: რა მიზეზებმა განაპირობა ძველმოწესეობის დაფუძნება საქართველოში?

პასუხი: საქართველოში ძველმოწესეობის, იგივე ძველმართლმადიდებლობის დაფუძნება განაპირობა საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერამ რუსეთის ნიკონიანური რეფორმისადმი და თვით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გადაკეთებამ რუსულ-ნიკონიანურად.

კორნელი კეკელიძის თქმით, ანტონ I-მა კათალიკოსმა (მე-18 ს.) ქართულ ეკლესიას მიანიჭა რუსული ფიზიონომია (უფრო დაწვრილებით იხ. ეპ. პავლე. "ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი" (ანტონ I კათალიკოსი). თბილისი 1999 წელი). ანტონ I-მა საქართველოში ხორცი შეასხა იმას, რასაც ნიკონმა რუსეთში, რომელმაც მართლმადიდებლური ეკლესია იმდროინდელი, ბერძნული, ერეტიკული ეკლესიის მიხედვით გადააკეთა. სწორედ ამ გადაკეთებული, რუსულ-ნიკონიანური ეკლესიის თარგზე აჭრეს ქართული ეკლესია და მიუერთეს კიდეც მას.

"ჩვენ ვიცით, - წერს კორნელი კეკელიძე, - რომ მე-18 საუკუნეში არ დარჩენილა თითქმის არც ერთი საეკლესიო წიგნი, რომელიც სლავური (ანუ ახალრუსული - ეპ. პ.) წიგნების მიხედვით არ შესწორებულიყო. ჩვენს ეკლესიებში ახლა ხმარებაშია სწორედ ეს, მეთვრამეტე საუკუნის რედაქცია" (კ. კეკელიძე. ანტონ კათალიკოსის სალიტურგიკო მოღვაწეობიდან. საღვთისმეტყვ. კრებული. 1991 წ. ?1. გვ. 126-120).

ანტონ I-ის მიერ დაწყებული საქმე, - რომელიც საბოლოოდ მის მიერვე შემზადებულ ნიადაგზე საქართველოს რუსეთთან შეერთებით დასრულდა, - "დააგვირვვინეს" რუსმა ეგზარქოსებმა, რომლებიც აქ აკეთებდნენ ყველაფერს, რაც კი მოესურვებოდათ. მათ გაანადგურეს ქართული ეკლესია: ხელი მიყვეს მის ძარცვას, გაზიდეს ხელნაწერები, ხატები და საეკლესიო მნიშვნელობის მრავალი ნივთი თუ ნაკეთობა. რაც ვერ წაიღეს, გაანადგურეს. თხრიდნენ წმ. ნინოს საფლავსაც კი.... (უფრო დაწვრ. იხ. მაგ.: "ლაზარეს აღგინება" V. "ერთმორწმუნე მძარცველები").

წირვა-ლოცვა ტარდებოდა მხოლოდ რუსულად (ცხადია რუსული წიგნების მიხედვით). ყველა წესი თუ ჩვეულება, რაც კი შეიძლებოდა შემორჩენოდა ისედაც გაპარტახებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, გაუქმდა. ქართული ეკლესია მთლიანად დაემსგავსა რუსულს, იმ რუსულს, რომელიც ბერძენი იერარქების დახმარებით გადააკეთა ნიკონ პატრიარქმა. სავარაუდოა, რომ სწორედ რუსული ეკლესიიდანვე დაინერგა აქ წყალპკურებითი "ნათლობის" წესიც, რამაც სრულიად გააუქმა სამღვდლო იერარქია. ამდენად, საქართველოში სადღეისოდ მართლმადიდებლობის სახელით გაბატონებულია და ფუნქციონირებს რუსულ-ბერძნულ-ნიკონიანური, რეფორმატორული სექტა, რომელიც საკუთარ თავს მართლმადიდებლური ეკლესიის მემკვიდრედ აცხადებს და აქტიურად ეწინააღმდეგება ძველმართლმადიდებლობას. იმისთვის, რომ საქართველოში გაცოცხლებულიყო ჭეშმარიტი ნათლობა, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება (ჯვრისწერა) და ზეთისკურთხევა; აღდგენილიყო ჭეშმარიტად სამოციქულო ქიროტონია (ხელდასხმა) და საეკლესიო ცხოვრება, დაფუძნდა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია.


4. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წარმომავლობა

კითხვა: ვისგან მიიღო განუწყვეტელი სამოციქულო ქიროტონია საქართველოს ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ და თავის მხრივ, იმ ეკლესიას, ვისგანაც ის მიიღო, ?ქონდა თუ არა ქიროტონია განუწყვეტლად?

პასუხი: დასავლეთი XI-XVII საუკუნეებში შთავარდა პაპისტურ და ლუთერანულ-პროტესტანულ მწვალებლობებში, ხოლო აღმოსავლეთმა უნიატებისა და იეზუიტების ზემოქმედებით, XIV საუკუნიდან მოყოლებული, ცვალა ძველი გადმოცემები და თავიანთ ეკლესიებში აშკარად ლათინურ-პროტესტანტული შეხედულებები დაამკვიდრა; მე-17 საუკუნეში მხარი დაუჭირა უკანონო რეფორმას რუსეთში და დაწყევლა ძველი მართლმადიდებლური გადმოცემები, რითაც განუდგა ძველ სარწმუნოებას და თვითონვე მოექცა მწვალებლობის კლანჭებში. გამომდინარე აქედან, საჭირო გახდა მოძიება ქრისტეს ეკლესიის იმ ჭეშმარიტი და შეურყვნელი შტოსი, რომელიც გადაურჩა ბოროტ ძალთა შემოტევას და უბიწოდ შეინარჩუნა მართლმადიდებლური სარწმუნოებაც და სამოციქულო ხელდასხმაც.

ფაქტობრივად, საყოველთაო ეკლესიის საზღვრები შემცირდა ერთი ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებამდე, რაიც სრულებითაც არ არის უცნაური ან ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგო. ვინც მცირედით მაინც ჩახედულია მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიაში, მან კარგად უწყის, რომ ეკლესიის საყოველთაოობა არასოდეს ყოფილა განპირობებული არსებული გეოგრაფიული განვრცობით და ქრისტეანთა რიცხოვნული რაოდენობით. კათოლიკურობა (საყოველთაოობა) თავისი არსით არც გეოგრაფიულ საზღვრებამდე და არც ციფრებამდე არ დაიყვანება. საყოველთაოობა, სიწმიდის დარად, არის ის თვისება, რაც შინაგანად ახასიათებს ეკლესიას.

მაცხოვარმა ბრძანა: "ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ 16:18). ქრისტეს ეს სიტყვები სარწმუნოა, თუმც ამ სიტყვებში მითითებული არ არის საზღვრები ეკლესიისა, რომელსაც ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან. არსად არის ნათქვამი, კერძოდ რომელი ეკლესია იქნება ეს - კონსტანტინოპოლის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის თუ სხვა" - წერს ცნობილი ნიკონიანელი ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი (იხ. ალმანახი "ლიმონარი". ?1 გვ. 40-43).

როგორც ვხედავთ, თავად ცნობილი ნიკონიანელი ღვთისმეტყველიც სრულიად მართლმადიდებლურად აღიქვამს ბოლო ჟამს საყოველთაო ეკლესიის საზღვრების შემცირებას ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებამდე, მით უფრო, ეს ადგილობრივი ეკლესია ონტოლოგიურად, არსებითად, საყოველთაო ეკლესიისგან (გეოგრაფიული განვრცობის გარდა) არაფრით განსხვავდება.

სწორედ ამიტომ, მაშინ, როცა მე-17 საუკუნისთვის ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ძველი სარწმუნოებისა და გადმოცემების უკანონო ანათემის, წყევლა-კრულვისა და ათიათასობით უდანაშაულო ადამიანის ხოცვა-ჟლეტის გამო ქრისტეს სხეულისგან, ეკლესიისგან განმდგარი რუსული, გაბატონებული და მისი მხარდამჭერი, აღმოსავლეთის თითქმის ყველა ადგილობრივი ეკლესია მწვალებლობამ მოიცვა, ჭეშმარიტება მხოლოდ რეფორმატორთაგან დევნილ ძველმორწმუნეთ შერჩათ.

ხოლო ძველმორწმუნეობის ისტორიის მიუკერძოებელი და ობიექტური ანალიზის საფუძველზე, ყველაზე საიმედო და სანდო იერარქია, რომელიც უმკაცრესი ყურადღებითა და სკურპულოზურობით ინარჩუნებს მის ხელთ არსებულ სიწმიდეს: ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და ქიროტონიის უწყვეტობას, - აღმოჩნდა ძველმორწმუნეთა ის შტო, რომელთაც რუსები "გაქცეულ მღვდელთა" (беглопоповцы") იერარქიას უწოდებენ. ამ იერარქიას ასეთი სახელწოდება მიეცა გაბატონებული ეკლესიიდან ძველმორწმუნეობაში გადასულ მღვდელმსახურთა გამო, რომელთაც ნიკონიანელი რეფორმატორები "გაქცეულებს" უწოდებდნენ.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ვივარაუდოთ, რომ ნიკონიანური ეკლესიიდან ძველმორწმუნე მართლმადიდებელთაკენ "გამოქცეულ" მღვდლებს შორის ყოფილიყვნენ ხელდაუსხმელი ავანტიურისტები ან წყალპკურებით მონათლულები, რითაც ამ იერარქიის ჭეშმარიტებაც ეჭვქვეშ დადგებოდა?

პასუხი: "ბეგლოპოპოვცების" იერარქიის უტყუარობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, რაშიც თვით ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა დაუძინებელი მტრების, ნიკონიანელი მისიონერების თხზულებებიდანაც ვრწმუნდებით. ნიკონიანელი მისიონერები ერთხმად ადასტურებენ, რომ ნიკონ პატრიარქის რეფორმებიდან და ძველმორწმუნეთა მხარდამჭერი ეპისკოპოსის, პავლე კოლომნელის მოკვლის შემდგომ მღვდლების ამარა დარჩენილ ძველმორწმუნეებში ეს იერარქიული ხარისხი არასოდეს დაშრეტილა.

მართალია, სხვადასხვა პერიოდებში მღვდლების რაოდენობა რამდენიმე ათასიდან ასეულებამდე და ზოგერ ათეულებამდეც კი ჩამოდიოდა, მაგრამ ისინი ყოველთვის არსებობდნენ. ნიკოლოზ I პერიოდშიც კი (1827), როდესაც უმკაცრესი ღონისძიებები გაატარეს ძველმართლმადიდებლური სამღვდელოების წინააღმდეგ, "ბეგლოპოპოვცები" მღვდლებს მაინც ინარჩუნებდნენ. 1827 წელს ნიკოლოზ I გააუქმა ყველა ის შეღავათი, რაიც ძველმოწესეებმა ეკატერინე II-სა და ალექსანდრე I-სგან მიიღეს. ძველმართლმადიდებლობაში გადმოსულ მღვდლებს ეკრძალებოდათ გადასვლა ერთი მაზრიდან მეორეში; 1832 წლის განკარგულებით, ძველმოწესეებისკენ ახალგადასულ მღვდლებს უკან, საეპარქიო მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში დაბრუნებას აიძულებდნენ.

ამავე საუკუნის 30-იან წლებში გაანადგურეს ირგიზის მონასტრები... იმ მღვდლების რაოდენობა, რომლებსაც 1822 წლის განკარგულებით ნება მიეცათ, სიკვდილამდე ყოფილიყვნენ თავიანთ ადგილებზე, საკმაოდ მცირე აღმოჩნდა ხოტინიდან ბაიკალამდე და პეტერბურგიდან ლენქორანამდე 5 მილიონი ძველმორწმუნისთვის. მით უმეტეს, რომ მღვდლებს არა მხოლოდ ერთი გუბერნიიდან მეორეში, არამედ ერთი მაზრიდან მეორეში გადასვლაც კი ეკრძალებოდათ.

40-იანი წლების მიწურულს თვით მოსკოველ ძველმორწმუნეებს შერჩათ მხოლოდ სამი მღვდელი, ... თუმცა გადმოსული მღვდლები, რომელთაც მალავდნენ და საეკლესიო მსახურების აღსასრულებლად ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავდათ, ამ პერიოდშიც მრავლად ჰყავდათ (ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედია. სტ. "Беглопоповцы").

ასეთმა ვითარებამ ძველმორწმუნეთა ერთი ნაწილი აიძულა, აქტიურად ეძებნა ეპისკოპოსი, რომელიც ეკლესიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის დამოუკიდებლად შეძლებდა მღვდლების ხელდასხმას. მათ, ფულადი კომპენსაციისა და კონტრაქტის საფუძველზე, 1846 წელს ძველმოწესეობისკენ გადმოიყვანეს ბერძენი მიტროპოლიტი ამბროსი. ამბროსისთან დაკავშირებულმა ამ და სხვა ვითარებებმა ძველმოწესეობის ორად გაყოფა გამოიწვია. იმ ნაწილს, რომელმაც მიიღო ამბროსი, ეწოდა "ბელოკრინიცელები" (მიტრ. ამბროსის შემოერთება მოხდა სოფ. ბელაია კრინიცაში, რომელიც იმხანად ავსტრიის შემადგენლობაში შედიოდა), ხოლო მეორე ნაწილს დარჩა სახელი "ბეგლოპოპოვცებისა", რადგან ეს ნაწილი იერარქიის შენარჩუნებას აგრძელებდა ოფიციალური, რუსულ-ნიკონიანური ეკლესიიდან გადმოსული მღვდლების ხარჯზე (იხ. ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედია, იგივე სტ. გვ. 155-157).

"ბელოკრინიცელთა" იერარქიის მთელი არსებობის მანძილზე, - ნათქვამია ამ ენციკლოპედიაში, - არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ "ბეგლოპოპოვცებს" მიეღოთ "ავსტრიელების" (ანუ "ბელოკრინიცელების" - ეპ. პ.) მიერ ხელდასხმული მღვდელი. ჩანს, ისინი სრულიად უგულებელყოფენ ბელოკრინიცელთა ეკლესიას და არც მასში სამღვდელო ქიროტონიის მადლის არსებობას ცნობენ" (ციტ. იქვე. გვ. 156).

"ბეგლოპოპოვცების" სხვა განმასხვავებელი თვისებაა, ისიც, რომ, როდესაც მათთან გაქცეული მღვდელი გადმოდის, ისინი საგულდაგულოდ კრებენ ცნობებს მის შესახებ" (მაგ.: ხომ არ ჰქონდა აკრძალული მღვდელმსახურება ან ხომ არ იყო მოუნათლავი და ა.შ. - ეპ. პ. ციტ. იქვე).

ამრიგად, ეს უტყუარი ისტორიული ცნობები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ რამდენად უფრთხილდებოდნენ მღვდლებს ძველმორწმუნე "ბეგლოპოპოვცები" და როგორ სიფრთხილეს იჩენდნენ მათკენ გადმოსული მღვდლების მიღების დროს. ეს კი გამორიცხავს ყველა იმ დამაეჭვებელ ვარაუდს, რომელიც კი შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით გაჩნდეს.


5. როგორ "ასწორებდნენ" წიგნებს რუსი და ბერძენი რეფორმატორები

შეკითხვა: რამდენად მართალია "ივერიის გაბრწყინების" რედკოლეგიის მტკიცება, რომ "1653-1656 წლებში აგრეთვე მიმდინარეობდა შესწორება წიგნებისა, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში გადამწერთა არაკომპეტენტურობისა თუ დაუდევრობის გამო მრავალი შეცდომა და უზუსტობა შერევნოდა..."?

პასუხი: ნიკონიანური რეფორმის ავტორიტეტული მკვლევარი და ისტორიკოსი პროფ. ნ. კაპტერევი ბრძანებს: "არასოდეს და არავის მიერ არ დამახინჯებულა და არ შერყვნილა ჩვენში ძველი საეკლესიო წესები. ისინი არსებობდნენ იმ სახით, რა სახითაც მივიღეთ ბერძნებისგან (წმ. ვლადიმირის დროს (988 წ.) - ეპ. პ.), ოღონდ თვით ბერძნებში ზოგიერთი წესი მოგვიანებით შეიცვალა, ხოლო ჩვენ ძველი, უცვალებელი ჩვეულების ერთგულნი დავრჩით. ესაა მიზეზი, რამაც შემდეგში გააჩინა ასეთი სხვაობა მოსკოვურ წეს-განგებებსა და გვიანდელ ბერძნულ ჩვეულებებს შორის" (ციტ. В. И. Буганов. А. П. Богданов. Бунтари и правдоискаьели в Русской Православной Церкви. Москва 1991 г., стр 508).

საეკლესიო მოღვაწეები და მკვლევარებიც ადასტურებენ, რომ "რუსული ენის შერყვნას დასაბამი მიეცა სწორედ XVII ს-ში. წიგნების "შესწორების" პროცესში" (Б. Кутузов. "Трагическая ошибка или диверсия. Журн. "Церковь", № 1, 1992 г.). ცნობილი ფილოლოგი ნ.ი. ილმინსკი მთელი რიგი მაგალითების საფუძველზე აჩვენებს XVII საუკუნეში განახლებულ ტექსტებთან ძველი თარგმანების უპირატესობას" (იხ. (Сове Б. И. Проблема исправления богослужебных книг в России. Богосл. труды. 1970 г. № 5 с указ соч. Архиеп. Саввы Тверского. т. 8, стр. 94. ციტ. იქვე).

ერთ-ერთი ნიკონიანელი მკვლევარის, ბორის კუტუზოვის თქმით: "თანამედროვე საღმრთისმსახურებო წიგნების რეფორმამდელ წიგნებთან შედარება უფლებას გვაძლევს დავასკნათ, რომ ახალი ტექსტები მნიშვნელოვანწილად ჩამოუვარდება მაღალხარისხოვან ძველ ტექსტებს" (ჟურნ. Церковь, 1992 წ. გვ. 49).

რეფორმის შემდგომი ტექსტების მცდარობისა და არასწორი თარგმანის მრავალი მაგალითი მოჰყავს პროფ. მ. დ. მურეტოვსაც, ხოლო ცნობილი ფილოლოგი ნ. ი. ილმინსკი "მთელი რიგი მაგალითებით გვიმტკიცებს ძველი ტექსტების უპირატესობასა და სიზუსტეს (თარგმანში) მე-17 ს-ში განახლებულ ტექსტებთან შედარებით" (Сове Б. И. Проблема испраления богослужебных книг вРоссии. Богосл. труды. 1970 г. № 5 с указ. соч. архиеп. Савы Тверского, т. 8, стр. 94).

სწორედ ამგვარი "შესწორებების" შედეგად ლიტურგიკულ ტექსტებში აღმოჩნდა უამრავი სხვადასხვა ხასიათის - გრამატიკული, ისტორიული და თვით დოგმატური ხასიათის შეცდომებიც კი, ამიტომაც, თავისუფლად შეიძლება დავასკვნათ, რომ გასწორების ნაცვლად რეფორმატორებმა საღვთისმსახურო წიგნები მთლად გააფუჭეს.

ბ. კუტუზოვის სამართლიანი შენიშვნით: "ძველი და ახალი ტექსტების შედარება გვაფიქრებინებს, რომ ხშირად წარმოებდა ტექსტთა საგანგებოდ შენიღბული და შეგნებული შერყვნა პრინციპით: "რაც უარესია - მით უკეთესია". რუსეთში ნიკონის რეფორმის ყველა ნებაყოფლობითი მომხრე მართლმადიდებლობის მტერი იყო, რამეთუ რეფორმა იძლეოდა იმის შესაძლებლობას, დაუსჯელად ემასხარავებინათ ეკლესია და ამასხარავებდნენ კიდეც მას..." (ბ. კუტუზოვი. დასახ. სტ. ჯურნ. "Церковь", 1992 г. № 1).


6. პატივაყრილი "ავტორიტეტი" და უმეცარი რეფორმატორები

შეკითხვა : ოპონენტები ავტორიტეტად მიიჩნევენ ანტიოქიის პატრიარქ მაკარის და წერენ, რომ რეფორმის პროცესში "ინფორმაციას რუსები ანტიოქიის პატრიარქ მაკარისგან იღებდნენ. საწესჩვეულებო ცვლილებები დამტკიცებულ იქნა 1655 და 1656 წლების რუსეთის საეკლესიო კრებებზე, რომელთაც პატრიარქი მაკარიც ესწრებოდა". ვინ იყო ეს მაკარი და რამდენად დიდი ავტორიტეტია იგი?

პასუხი: ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ანტიოქიის პატრიარქი მაკარი არ არის არც ეკლესიის წმინდანი და არც თუნდაც მცირეოდენი მნიშვნელობის მქონე ავტორიტეტი. ნიკონ პატრიარქმა 1667 წლის კრებაზე მისი გასამართლების შემდეგ ამხილა პატრ. მაკარი და მეფის წინაშე განაცხადა, რომ მაკარი არავითარი "პატრიარქი" არ ყოფილა. ის იყო საკუთარი კათედრიდან ჩამომხობილი იერარქი (სხვათა შორის, ასეთები იყვენ რეფორმისა და 1667 წლის კრების სხვა უცხოელი მონაწილეებიც). "ადვილი წარმოსადგენია, - წერს პროფ. ნ. კაპტერევი, - თუ როგორ უნდა შეშფოთებულიყო ჩვენი მთავრობა, როდესაც ნიკონისგან შეიტყო, რომ რუსეთის საქმეების მოსაწესრიგებლად და მათ (ე.ი. "სტაროვერების" - ეპ. პ.) გასასამართლებლად ჩამოსული პატრიარქები არა მოქმედი, არამედ გადაყენებული პატრიარქები ყოფილან. პატრიარქთა დამხობის ამბავი მართალი აღმოჩნდა, რასაც ისინი თავადაც ვერ უარყოფდნენ" (Проф. Н. Ф. Каптерев. патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Москва 1996 г., т. 2, стр. 407-471).

პროფ. ნ. კაპტერევის გამოკვლევით, პატრიარქები პაისი და მაკარი (რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ეკლესიის რეფორმირებასა და ძველმორწმუნეთა წყევლა-კრულვაში - ეპ. პ.) თავიანთი კათედრებიდან ჩამოუყრია თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქ პართენის და ამ საქმეში მასთან სრულიად სოლიდარული ყოფილა "ყველა ბერძენი იერარქი და, საერთოდ, ყველა ბერძენი" (იქვე). "ცხადია, - წერს იგივე ავტორი, - რომ პატრიარქები პაისი და მაკარი მსოფლიო პატრიარქის (კონსტანტინოპოლელი პართენის) მიერ კრებითი განჩინებით დაამხეს..." (იქვე).

აი, ასეთი "ავტორიტეტი" გახლავთ პატრ. მაკარი.

შეკითხვა: შეესაბამება თუ არა სიმართლეს ოპონენტთა მტკიცება იმის შესახებ, რომ "კორექტირებული წეს-ჩვეულებებისა და რედაქტირებული ლიტურგიკული წიგნების მიხედვით ღვთისმსახურების დაკანონება რუსეთის ეკლესიის საშუალო და ქვედა იერარქიული კიბის სასულიერო პირებსა და მრევლში ბევრმა (ძირითადად თეოლოგიურად გაუნათლებელმა მასამ) მწვალებლური სიახლის შემოღებად აღიქვა, რამაც საეკლესიო განხეთქილება გამოიწვია, რომლის მიმდევარნიც რეფორმამდელი წეს-ჩვეულებების განუხრელად დაცვის დროშის ქვეშ განუდგნენ დედა-ეკლესიას და თავი ჭეშმარიტ, ძველმოწესე მართლმადიდებლებად გამოაცხადეს - ასე წარმოიქმნა ე.წ. "რუსული რასკოლი" ("ივ. გაბრწყ." იქვე. სვ. 2). რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?

პასუხი: ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თუ რა "კორექტირებულ" წეს-ჩვეულებებზე და "რედაქტირებულ" წიგნებზეა საუბარი. კონკრეტულად, ეს იყო ძველბიზანტიური საეკლესიო გადმოცემის ანათემირება და ახალი, ეკლესიისთვის უცხო ჩვეულებების გადმონერგვა, რასაც მწვალებლობად კი არ "აღიქვამდა", არამედ რეალურ შეფასებას აძლევდა იერარქიული კიბის ნებისმიერი კეთილსინდისიერი და ღვთისმოშიში წარმომადგენელი. ანუ, ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემების მწვალებლობად გამოცხადება და მისი წყევლა ჭეშმარიტად მწვალებლობაა და "იერარქიული კიბის სასულიერო პირებმა და მრევლმა" ეს მოვლენა სრულიად სწორად შეაფასა მწვალებლობად. თვით რეფორმატორებიც კი გაუნათლებლები აღმოჩნდნენ, თანაც იმ დონეზე, რომ მართლმადიდებლურ ჩვეულებებს ერეტიკულისგან ვერ არჩევდნენ, ამიტომაც დაწყევლეს ისინი. ეს ანათემები საყოველთაოდ ცნობილია. ცნობილია, აგრეთვე, მათ მიერ ძველ ჩვეულებათა მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი ეპითეტები. ასეთი ქმედება სრულიად მართებულად იქნა აღქმული მწვალებლობად.

საგულისხმოა, რომ "სტაროვერთა" ერთ-ერთი აქტიური ოპონენტის და ცნობილი "ანტისტაროვერული", ნაშრომის "ეკლესია - სძალი ულისა" ავტორის, ედ. ჭელიძეს მტკიცებით, "ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა გულისხმობს უცთომელ ჭვრეტას,... რომ ეკლესია, რომელიც ერეტიკოსსა და მართლმორწმუნეს ვერ ასხვავებს და რომელიც მართლმადიდებლად რაცხს მწვალებელს, თავადაც მწვალებელია" (ედ. ჭელიძე. თბ. 1990 წ. გვ. 17).

ბ-ნმა ჭელიძემ ამ დებულებით ულმობელი, მაგრამ, ფაქტობრივად, სამართლიანი განაჩენი გამოუტანა იმ საკრებულოს რომლის წევრიც თვითონ ბრძანდება და რომლის დასაცავადაც ხსენებული ნაშრომის დაწერით მეტად გაისარჯა; თუ არა მწვალებლური, რა შეიძლება ვუწოდოთ იმ ეკლესიას, რომელიც წმინდანს ერეტიკოსისგან ვერ არჩევდა და ძველ წმინდანთა (მაგ. წმ. ანნა კაშინსკაიას), უხრწნელი სხეულები ტაძრებიდან გაჰქონდა და ანადგურებდა? ცხადია, იგი ვერც მართლმადიდებლურ საეკლესიო გადმოცემებს არჩევდა მწვალებლურისგან.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому