აპოლოგეტიკა - მცირედი შენიშვნები "მიტროპოლიტ" იოანე გამრეკელსა და "დეკანოზ" იაკობ ჩიჩილაძეს - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

მცირედი შენიშვნები "მიტროპოლიტ" იოანე გამრეკელსა და "დეკანოზ" იაკობ ჩიჩილაძეს
ორი თითით პირჯვრისწერა
ოფიციალური ეკლესიის ადეპტები ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებით კვლავ თავიანთი უმეცრებითა და უტაქტობით გვაკვირვებენ. ცნობილია, რომ ძველმორწმუნეთა მოძულე ახალმოწესეები რომელ თემასაც გინდა შეეხონ, - იქნება ეს რუს ათონელ ბერებს შორის გაჩენილი ე. წ. ონომატოდოქსია (სახელღმერთობა), თუ ტოტალიტარული სექტების ცრუსწავლებები, - ამა თუ იმ შედარებისთვის (იქნება ეს დაკავშირებული ფანატიზმთან, უცოდინრობასთან თუ სხვა), აუცილებლად იხსენიებენ ძველმართლმადიდებელთ ("სტაროვერებს"), და მათ მიერ მოტანილი უმეცრებისა თუ ფანატიზმის ნიმუშად სახავენ.  

ჩვენ არაერთხელ შევეხეთ ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის ამგვარ გამოხდომებს. ერთ-ერთ ასეთ წერილში (არქიეპ. პავლე. "როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით") ვწერდით კიდეც, რომ: "მიუხედავად იმისა საქართველოში უკვე 20 წელიწადზე მეტია არსებობს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია და გამოიცემა ძველმართლმადიდებლური ლიტერატურა (ამ ბოლო დროს შესაძლებელი გახდა ინტერნეტში საიტის განთავსებაც), მორწმუნე საზოგადოებას ჩვენს შესახებ მართებული ინფორმაცია ჯერაც არ გააჩნია. მიზეზი მარტივია: ოფიციალური საპატრიარქო და მისი ადეპტები ყოველმხრივ ცდილობენ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობისა და ავტორიტეტის დაკნინებას, მოიხსენიებენ მას ხან სქიზმად, ხან "სექტად" და თანაც ისეთ სექტანტებს შორის, როგორებიც არიან ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, ბახაისტები, იეღოვას მოწმეები და სხვა. სამწუხაროდ, ამ მიმართებით, ოფიციალური ეკლესიის გამოცემულ ბეჭდვით წყაროებსა და მასმედიაში სრული განუკითხაობაა, "სტაროვერებზე" ბეჭდავენ იმას რაც მოეპრიანებათ. გვაბრალებენ ყველაფერს, რაც ან თავში მოუვათ ან ენის წვერზე მოადგებათ".  

სულ ახლახან ამგვარი პოლიტიკის მორიგი  გამოხდომაც აღმოვაჩინეთ: 2012 წელს საეკლესიო გამომცემლობა "ახალ ივერიონს" გამოუცია ალექსანდრე დვორკინის წიგნი "სექტოლოგია. ტოტალიტარული სექტები". ამ წიგნის პირველ ტომში (გვ. 626), სადაც ლაპარაკია ფსევდოტანტრისტებზე, "შამბალას აშრამებზე" და სხვებზე, წიგნის ავტორი წერს: "თავდაპირველად ტანტრასანგჰელ ბერებს წითელი სამოსი ეცვათ, შივაიტი მოსაგრეების მსგავსად, თუმცა თანდათან გაირკვა, რომ ასეთი სამოსი, პირველ რიგში, სათანადოდ ვერ ათბობდა და, ამასთან, არღვევდა ტანტრისტული სექტების უმთავრეს პრინციპს - "არ გამოირჩეოდე სხვათაგან". ამასთან, სადაშივაჩაიას (როგორც ჩანს, უკიდურესი თავმოყვარეობის გამო) არ სურდა კრიშნაიტების კვალობაზე ჯამბაზის როლში გამოსვლა. მან შემოიღო სამოსი, რომელიც "სტაროვერი" მღვდელმონაზვნების კაბასა და ნახევარმანტიას წააგავდა (იმავე შავი ფერისა), რომელითაც ავადჰუტები მხოლოდ მღვდელმსახურების დროს იმოსებოდნენ". საგულისხმოა, რომ ქართველ მთარგმნელს (ვინმე ირაკლი ბერიძეს. სიტყვამ მოიტანა და წიგნის რედაქტორია - ნინო ლარცულიანი. კონსულტანტები: "მიტროპოლიტი" იოანე (გამრეკელი) და "დეკანოზი" იაკობ ჩიჩილაძე), წიგნის ტექსტში "სტაროვერების" დანახვაზე ჩვენ გავხსენებივართ და იქვე ფრჩხილებში მიუწერია: "ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით საქართველოში ისინი თავს "ძველმართლმადიდებლებს" უწოდებენ. ხოლო სიტყვა "ძველმართლმადიდებელი", თითქოსდა ჩვენ შეუსაბამონი ვიყოთ ამ ტერმინისა, წინწკლებში ჩაუსვამს.

წიგნის ავტორს, რომლის თარგმნითაც შეუწუხებია თავი ბ-ნ ირაკლი ბერიძეს, წარმოდგენაც არა აქვს იმ ელემენტარულ ისტორიულ ფაქტზე, რომ არც მღვდელმონაზვნების კაბა, რომელიც "სტაროვერებს" ეცვათ ნიკონის დროიდან, და არც "ნახევარმანტია", შეუძლებელია "სტაროვერული" იყოს. ავტორს ამ შესამოსელებთან კრიშნაიტელების თუ ფსევდოტანტრისტების შესამოსელის მსგავსებაზე თუ სურდა საუბარი, უნდა მიენიშნებინა, რომ "ნახევარმანტია" და "მღვდელმონაზვნის კაბა" ნიკონამდელი შესამოსელია და მას "სტაროვერობის", როგორც რელიგიური მიმართულების გაჩენამდე, ბევრად უფრო ადრე ატარებდნენ.

ამის შესახებ არის ცნობა საეკლესიო "პროლოგში" (1) ცნობილი ახალმოწესე მღვდელმსახურის დეკანოზ გრიგოლ დიაჩენკოს (1850-1903) წიგნში "Полный церковно-славянский словарь" ("სრული საეკლესიო-სლავური ლექსიკონი". მოიცავს X-XVIII სს. ტექსტებს) მცირე მანტიის (ანუ "ნახევარმანტიის" როგორც მთარგმნელი წერს) შესახებ ვკითხულობთ: "Мантийца – небольшая мантия, служащая для покрития плеч" და იქვე მოჰყავს ამონაწერი ფრაზა პროლოგიდან:  "… оставив ему малую мантийцу". Пролог. Ноябрь. 17) ციტ. Полный церковно-славянский словарь. Изд. "Отчий дом". Москва. Стр. 297. რეპრინტული გამოცემა).

საგულისხმოა, რომ ყველაზე ძველ წყაროთაგან მცირე მანტია მოხსენიებულია ტაბენესეს მონასტრის განაწესში, რომელიც წმ. პახომი დიდს უკარნახა ანგელოზმა. ტექსტი შემოგვინახა ნეტ. იერონიმემ, რომელიც ამ მონასტრის წეს-განგების შესავალში და 81-ე პუნქტში ასახელებს ტანისამოსს, რომელსაც ტაბენესეს მონასტერში ბერები ატარებდნენ, კერძოდ: ლევიტონი, სარტყელი, პარამანდი (საბეჭური), კუნკული, მანტია (მცირე) და სანდლები; მოგზაურობისას მიჰქონდათ კვერთხი. ამ ტანისამოსიდან ზოგიერთის შესახებ ნათქვამია იმ კანონშიც, რომელიც ანგელოზმა უკარნახა წმ. პახომი დიდს.

წმ. პალადი ჰელენოპოლელის "ლავსაიკონში", სადაც მოცემული წმ. პახომი დიდის ბერ-მონაზვნური განაწესი, ვკითხულობთ: "ამ სიტყვების შემდეგ ანგელოზმა მას (წმ. პახომის - არქიეპ. პ.) სპილენძის ფურცელი გადასცა, რომელშიაც ასეთი რამ ეწერა: "ყოველ ბერს იმდენი საზრდო და სასმელი დაუწესე, რამდენის მიღებასაც შეძლებს. საქმეც შესაბამისი მიუჩინე... საერთო საზრდო ერთ სამყოფელში განაწესე. ძილის დრო რომ მოვა... ღამით სელის პერანგები შეიმოსონ, ზემოდან სარტყელი შემოირტყან. თითოეულმა თხის თეთრი მოსასხამი ატაროს და მის გარეშე არც დაიძინოს და არც საზრდო იხმიოს... საიდუმლოსთან ზიარებისას სარტყელები მოიხსნან, მოსასხმელებიც გაიხსნან და მხოლოდ კუნკულებით შევიდნენ" (წმ. პალადი ჰელენოპოლელის "ლავსაიკონი". "ანგელოზისაგან მონასტრისთვის წეს-განგების დაწესება". გამომც. "ახალი ივირონი", თბილისი 2010 წ. გვ. 101).

ეფრემ მცირისეულ თარგმანში (რომელიც ხსენებული გამოცემის ბოლოშია დართული) ეს ადგილი ასე ჟღერს: "... ხოლო შეიმოსედ ღამით კუართსა სელისა და მორტყმულ იყვნედ და რაითა თითოეულსა მათგანსა აქუნდეს ხალენი თხისაი, მოქმნილი სპეტაკი და თვინიერ მისსა ნუცა ჭამედ, ნუცა დაიძინებედ. ხოლო მოუხდებოდინ რაი ზიარებად საიდუმლოთა ქრისტესთა შაბათსა და კვირიაკესა, სარტყელნი განიხსნედ და ხალენი აღძარცუედ და კუნკულითა ხოლო შევიდოდენ..." (იქვე. გვ. 261).

საგულისხმოა, რომ სწორედ ეს მცირე მანტია იგულისხმება ამბა დოროთეს "სწავლანშიც", სადაც ნეტარი მამა აღწერს რა ბერ-მონაზონთა შესამოსელს, ბრძანებს: "ხოლო სახენი ჩვენნი ესე არიან, სამოსელი უსახელო და სარტყელი ტყავისა, და სქემა და კუნკული..." (სულთა სასაგებლონი სწავლანი ღირ. მამისა ჩვენისა აბბა დოროთესი. საქ. საეკლ. კალენდარი 1991 წ. გვ. 355). უეჭველია, რომ ეს "სამოსელი უსახელო" ბერების მცირე მანტიაა და ამ ჭეშმარიტებას სლავურ-რუსული თარგმანიც ადასტურებს: "… и что значит одеяние, в которое мы облеклись: должны сообразоваться с ним и подвизаться подобно отцам нашим. Одеяние которое мы носим состоит из мантии, неимеющей рукавов, кожанаго пояса, аналава и куколя, а все это суть символы". (Преп. Отца нашего аввы Дорофея душеполезныя поучения и послания. Каоуга. 1895, Репр. Москва "Актис" 1991 г.) (ქართ.: "რას ნიშნავს ჩვენი სამოსი, რომელშიც ვიმოსებით: უნდა შევესაბამებოდეთ მათ და ვიღვწოდეთ მამათა მსგავსად. შესამოსელი, რომლითაც ვიმოსებით შედგება უმკლავო მანტიისგან (ხალენი, მოსასხამი - არქიეპ. პ.), ტყავის სარტყელისგან, საბეჭურისა და ბარტყულისგან, ყოველივე მათგანი კი არის სიმბოლური დატვირთვის მატარებელი").

თანამედროვე ოფიციალურ-"მართლმადიდებელ" ეკლესიებში, მაგალითად რუსეთში, მცირე მანტია, მართალია უკვე აღარ აცვიათ და გატანილია მოხმარებიდან, ზოგიერთ მონასტერში მაინც შენარჩუნებულა და კელიებში აცვიათ ბერებს, როგორც ამას თვით ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ. "Мантийца, из холстины, застегивавшаяся на шее и покрывавшая плечи. Пр. Кассиан называет ее нешироким плащом, и противополагает развевающимся плащам светского тщеславия. У нас соответствует ей длинная мантия; но в иных обителях и у нас употребляется эта именно мантийца, только в келиях впрочем" (http://azbyka.ru/otechnik/?Pahomij_Velikij/ustav=11#sel=13:2,13:39) (ქართულად: "ტილოს მცირე მანტია, რომელიც კისერთან იკვრება და მხრებს ფარავს. ღირ. კასიანე (რომაელი - არქიეპ. პ.) მას მოკლე მოსასხამს უწოდებს... ჩვენში მას შეესაბამება გრძელი მანტია; თუმცა ჩვენშიც კი, ზოგიერთ სავანეში სწორედ ეს მცირე მანტია გამოიყენება, ოღონდ მხოლოდ სენაკებში").

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წმინდანი სერაფიმე საროველი მრავალ ხატზე სწორედ მცირე მანტიითა გამოსახული.



სერაფიმე საროველის ხატები, სადაც მოსაგრეს მხრებზე მოფარებული აქვს მცირე მანტია.
სწორედ ამ მანტიას უწოდებენ წიგნის ავტორი, მისი მთარგმნელი და კონსულტანტები "სტაროვერულს", რომელიც თურმე ძალზედ წააგავს ფსევდოტანტრისტულ მოსასხამებს.

ამრიგად, ეს უკვე მერამდენედ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ძველმორწმუნეებს (იგივე ძველმართლმადიდებლებს) საეკლესიო ყოფა-ცხოვრებაში, შესამოსელსა და ღვთისმსახურებაში არ შემოუტანიათ არანაირი სიახლე და 17- ე საუკუნის რეფორმის შემდეგ ისინი მხოლოდ ადრე, რეფორმამდე არსებულ, თვით ბერძენთაგან მიღებულ ტრადიციებს ინარჩუნებდნენ. ამდენად, ის შესამოსელი, რომელიც ალექსანდრე დვორკინს "სტაროვერული" ჰგონია, 17-ე საუკუნის განხეთქილებამდელი მისი წინაპრების შესამოსელია და არა "სტაროვერების". ხოლო თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მთელი ეკლესიურ-რელიგიური ცხოვრების (უმცირესი გამონაკლისის გარდა) ბერძნულ წარმომავლობას, თამამად შეეძლო დაესახელებინა ბერძენი მღვდელმონაზვნებიც.

მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ძველმოწესეთა მოძულე ნიკონიანელებს ამგვარი "წვრილმანები" არ ადარდებთ... ალბათ ავტორი იმედოვნებდა, რომ კრიშნაიტებსა და ტანტრისტებს შორის (თუნდაც ამგვარი აბსურდული შედარებით) "სტაროვერების" მოხსენიება მკითხველს ძველმართლმადიდებლებზე ამ აღმოსავლური რელიგიურ-ფილოსოფიური მიმართულებების მსგავსი სექტის შთაბეჭდილებას დაუტოვებდა. ამგვარი ჩანაფიქრი ააშკარავებს, რომ ერთის მხრივ, წიგნის ავტორს თავისი ნაშრომი უბირი და გაუნათლებელი მასისთვისა აქვს გათვლილი, რაც წიგნის ავტორის თვალსაწიერისა და ინტელექტის შეზღუდულობაზე მიანიშნებს; ხოლო მეორეს მხრივ, უსუსურობაზე ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა სიმართლის წინაშე, რაკიღა ასეთი არაკორექტული მეთოდებით უწევთ ბრძოლა მათ წინააღმდეგ.

რაც შეეხება წიგნის ქართველ მთარგმნელსა და მის კონსულტანტებს, კერძოდ, "მიტროპოლიტ" იოანე (გიორგი) გამრეკელსა და "დეკანოზ" იაკობ ჩიჩილაძეს, უნდა ვუთხრა მათ: გრცხვენოდეთ ბატონებო, როდესაც ასე მოურიდებლად აღრევთ ძველმართლმადიდებლურ ტანისამოსს ფსევდოტანტრისტთა შესამოსელში და ამ უცხო რელიგიის გვერდით ძველმორწმუნეთა მოხსენიებით, ძველ ქრისტეანთა სახელს შეურაცხყოფთ. თუ ვინმე მეტყვის, რომ წიგნის ავტორის, ალექსანდრე დვორკინის შეცდომაზე პასუხს თქვენ არ უნდა გთხოვდეთ, ვუპასუხებ, რომ გარკვეულწილი პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე თქვენც გეკისრებათ, როგორც წიგნის თარგმნისა და გამოცემის კონსულტანტებს. ის, რაც ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ აცვიათ, თქვენიცაა, ოღონდ მიგვიწყნიათ. ეს არის ძველი, მართლმადიდებლური ტრადიცია, რომელსაც ძველმორწმუნე ქრისტეანები პატიოსნად იცავენ და ინარჩუნებენ. ამისთვის მათ ფსევდოტანტრისტების გვერდით მოხსენიება კი არა არამედ პატივისცემა და მოწიწება ეკუთვნით.

თქვენ როგორც კონსულტანტებს გმართებდათ სქოლიოში მაინც მიგენიშნებინათ, რომ ავტორი (ალ. დვორკინი) ცდება, როდესაც მცირე მანტიას და ბერმონაზონთა "კაბებს" სტაროვერულს უწოდებს და მათ ფსევდოტანტრისტულ შესამოსელს ამსგავსებს, რადგან მათ (მანტიებსა და შავი ფერის ბერულ შესამოსელს) აღმოსავლელი ბერები, როგორც ვნახეთ, უძველესი დროიდან, თითქმის პახომი დიდის პერიოდიდან იყენებენ.

იმედია მომავალში მაინც უფრო ყურადღებით მოეპყრობით ძველ, მართლმადიდებლურ გადმოცემებს.

_____________________________________________

1. პროლოგი (ბერძნ. πρόλογος) - სლავურ-რუსული საეკლესიო-სამოძღვრო კრებული, სხვაგვარად სვინაქსარი. პროლოგში მოცემულია წმიდანთა ცხოვრების მოკლე აღწერები, ასევე ბასილი დიდის, იოანე ოქროპირისა და სხვა მამათა ჰომილიები, რომლებიც განთავსებულია წელიწადის დღეთა მიხედვით. წიგნის სახელწოდება მომდინარეობს იქიდან, რომ მისმა სლავურ ენაზე მთარგმნელებმა შესაბამისი ქვესათაური მთელი კრებულის სახელწოდებად მიიჩნიეს. პროლოგის პროტოტიპებია ბერზნული მინოლოგიონი და სვინაქსარები; უძველესი სლავურ-რუსული თარგმანები ცნობილია XII საუკუნიდან, მაგრამ ყველაზე უძველესი უეჭველად განეკუთვნება ბულგარეთსა და სერბეთში ქრისტეანობის გავრცელების პერიოდს. ცხადია, რომ პროლოგში დროთა განმავლობაში შეჰქონდათ ცვლილებები, რადგან მას ემატებოდა რუსი წმინდანების ცხოვრებებიც.

პირველი ნაბეჭდი პროლოგი გამოიცა 1641 წელს და პირდაპირ მაკარი მიტროპოლიტის დიდ საკითხავ თვენზეა დამოკიდებული. მოგვიანებით გამოიცა რამოდენიმე ათეული პროლოგი, რომლებიც იცვლებოდნენ შინაარსისა და რედაქტირების თვალსაზრისით. პროლოგის საკითხავები იყოფა სამ ჯგუფად: წმინდანთა ცხოვრება, სწავლანი და საეკლესიო-სამოძღვრო გადმოცემანი. ეს უკანასკნელი ჯგუფი აღებულია აღმოსავლეთ წმინდანთა ცხოვრებებიდან და სხვადასხვა პატერიკებიდან.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому