აპოლოგეტიკა - ძველმოწესეთა შესახებ და, რომ აუცილებელია შთაფლვით ნათლობა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
იღუმენი კირილე (სახაროვი)

Русская народная линия

ძველმოწესეთა შესახებ და, რომ აუცილებელია შთაფლვით ნათლობა

(ამონარიდები იღუმენ კირილეს ინტერვიუდან)
ნათლისღების საიდუმლო
ინტერვიუ სრულად იხ. აქ:

http://ruskline.ru/analitika/2012/04/19/o_staroobryadcah_i_o_vazhnosti_pogruzhatelnogo_kreweniya/

19.04.2012

გამოსვლა "სახალხო რადიოთი" ("Народноe радио...")

_____________________________________________________________________


იღუმენი კირილე: "... ჩემთვის გასული წელი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩემი თემის წევრებთან ერთად, შესაძლებლობა მქონდა არაერთხელ ჩამეტარებინა პარაკლისი ძველი ჩვეულების მიხედვით და თანაც არა მარტო დედაქალაქის რამოდენიმე ტაძარში, არამედ ჩემს მცირე სამშობლოში, დონბასში, მამის სამშობლოში ვორონეჟში, მღვდელმთავარ ტიხონ ზადონელის ნაწილებთან. იგივე პარაკლისები გადავიხადე საქართველოში, ათონზე და სინას მთაზე.

"... წმიდა წერილიდან ვიცით, რომ აქ ანტიოქიაში, ქრისტეს მორწმუნეები პირველად იწოდნენ ქრისტეანებად. ვისურვებდი, რომ აქტიურად მიმდინარეობდეს ისეთი პრობლემის გადაწყვეტა, როგორიცაა ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება, რომელიც კანონების თანახმად სრული შთაფლვით უნდა შესრულდეს. ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა. სასიხარულოა, რომ მოსკოვის საპატრიარქოში ჩვენ უკვე ვხედავთ ამ ტენდენციას, განსხვავებით კიევის თვითგამოცხადებული საპატრიარქოსგან. მახსოვს, ამ წარმონაქმნის მეთაურთან საუბრისას მესმა ასეთი სიტყვები: ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესია დაასხმითი ნათლობით. ეს, რა თქმა უნდა, ნონსენსია. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია; ეს არის ის ერთ-
ერთი წყალგამყოფი, რომელსაც უდიდეს ყურადღებას აქცევენ ძველი სარწმუნოების, ანუ ძველმოწესეობის წარმომადგენლები.
წამყვანი: მაშ, ჩვენ ძველმოწესეობაზე გადავდივართ. არა, მამაო? მოდი, დავიწყოთ საუბარი იმით, რატომ გაგაჩნიათ ასეთი დიდი ინტერესი ძველმოწესეობის მიმართ? და რატომ იბრძვით იმისთვის, რათა ჩვენი საეკლესიო ცხოვრება აღივსოს ჩვენი ეკლესიის ისტორიის ძველმოწესეობრივი პერიოდის საწესჩვეულებო გადმოცემებით?

მამა კირილე: იმის შესახებ, თუ რატომ გამიჩნდა ასეთი ინტერესი, დეტალურად დავწერ ჩემი მოგონებების პირველ ნაწილში. მე დონბასის მკვიდრი ვარ და ლუგანსკის ოლქში, სადაც დავიბადე, ერთადერთი ძველმოწესეობრივი ტაძარი სოფ. გოროდიშჩეში მდებარეობდა პერევალსკის რაიონში, საიდანაც მე ვარ. იქ ცხოვრობენ ჩემი ნათესავები, მე მათ ხშირად ვსტუმრობდი. ეკლესიაში სადღაც 13 წლისამ შევაბიჯე. პარალელურად მიმდინარეობდა ჩემი შეხება ძველმოწესეობის სამყაროსთან. ჯერ-ერთი, ეს არის კატუნსკის წიგნი სერიიდან "თანამედროვე რელიგიები - "ძველმოწესეობა". ასე ეწოდებოდა ამ წიგნს. მახსოვს, საშუალო სკოლაში სწავლისას მთლიანად წავიკითხე ეს სერია. როდესაც პირველად ვეწვიე ტაძარს ჩვენს რაიონულ ცენტრში, ქალაქ ალჩევსკში, ტაძრის არაამქვეყნიურმა ატმოსფერომ გამაოგნა; ანუ ირგვლივ ხმაურია, ამაოებაა, ხოლო იქ, ტაძარში სუფევდა საკვირველი სიჩუმეა და მდუმარებაა, ლამპრები საოცრად ლივლივებდნენ და ხოლო ირგვლივ საკმევლის სასიამოვნო სურნელება იფრქვეოდა. ეს ენით აუწერელია სურნელია, რომელიც მთელი ცხოვრება გახსოვს.

წამყვანი: მამაო, თქვენს ნათესავებს შორის ძველმოწესეებიც იყვნენ თუ ეს თქვენი პირადი აღტყინებაა?

მ. კირილე: არა, ნათესავებში ძველმოწესეები არავინაა. მამაჩემი წარმოშობით ვორონეჟის ოლქიდანა არის, რომელიც პეტრეს ეპოქაში რუსეთის სხვადასხვა გუბერნიის წარმომადგენლებით ივსება... ასე, რომ ძველმოწესეობრივი ფესვები არ გამაჩნია, მხოლოდ წიგნების კითხვა, შეხვედრები, პირადი დაკვირვება და შთაბეჭდილებები. აი, მაგალითად, გასულ წელს, 460 წელი შეუსრულდა "სტოგლავის კრებას". ის ჩატარდა 1551 წელს ჯერ კიდევ ახალგაზრდა იოანე მრისხანის მეფობისა და მიტროპოლიტ მაკარის მმართველობისას, რომელიც ჩვენმა ეკლესიამ რუსეთის ნათლისღების 1000 წლისთავზე წმინდანად შეარაცხა. ამ კრებაზე მოწესრიგდა საეკლესიო ცხოვრება: მიღებულ იქნა 100 თავი, 100 პუნქტი, აქედანაც სახელწოდება "ასმუხლიანი კრება" ("Стоглавый Собор").

მსმენელის კითხვა ძველმოწესეებზე: არიან თუ არა ისინი ეკლესიის წიაღში? და როგორი დამოკიდებულება აქვს მამაოს პატრიარქ ნიკონთან: ღირსია თუ არა ის წმინდანად შერაცხვისა?

მ. კირილე: რაც შეეხება პირველ კითხვას, საყოველთაოდ ცნობილია, რომ უმეტეს შემთხვევაში ყოველი კონფესია საკუთარ თავს ერთადერთ და განსაკუთრებულ ეკლესიად მიიჩნევს. ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ვიმყოფებით, და 16 ადგილობრივი ეკლესიიდან ერთ-ერთის წევრები ვართ, რომლებიც ერთობლიობაში შეადგენენ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას. ძველმოწესეები, თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ ისინი ფლობენ სისრულეს ეკლესიისა. რაც შეეხება პატრიარქ ნიკონს, ჩემის აზრით, რბილად რომ ვთქვათ, ამგვარი საფუძველი არ არსებობს.

როგორი კეთილშობილურიც უნდა ყოფილიყო რეფორმის გატარების მისი განზრახვა, ჩვენ ხომ შედეგის მიხედვით ვმსჯელობთ და არა სხვაგვარად, განა ასე არ არის? და როგორი შედეგი გვაქვს, - საკმაოდ სავალალო: რუსეთის საუკეთესო ნაწილის უდიდესმა ნაწილმა არ მიიღო ეს რეფორმა და ამის გამო რეპრესირებულ იქნა. საეკლესიო განხეთქილების ჭრილობა დღემდე მოუშუშებელია. თანაც წაიკითხეთ ნიკონისადმი წაყენებული ოფიციალური ბრალდების ტექტსი, რომელსაც ხელი პატრიარქმა იოაკიმემ მოაწერა. ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია ნიკონის საქმეები, რომლებიც მორალურ ნორმებს ეწინააღმდეგება. საერთოდ, ეს გლობალური საკითხებია, მე უფრო დაბალ საფეხურზე შემოგთავაზებდით ჩამოსვლას, კერძოდ: თუ ჩვენს შორის აღმოცენდა სერიოზული წინაღობა, რომელმაც ჩვენი გაყოფა გამოიწვია, უნდა გავერკვეთ, ასე რატომ მოხდა? ბოლოს და ბოლოს, უნდა დავიწყოთ სისტემატური მსჯელობა, თუნდაც საკითხის ისტორიიდან, - რითი დაიწყო ეს ყველაფერი? როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, მაგალითად, კოლომნის ეპისკოპოს პავლესთან, რომელიც რეფორმისადმი დაუთანხმებლობის გამო რეპრესირებულ იქნა? ხოლო თუ ამბაკუმი და მისი მეგობრები ცოცხლად დაწვეს "მეფის კარის გმობის გამო", ანუ პოლიტიკური დანაშაულისთვის, მაშინ, იქნებ, რომანოვების სახლმა შეინანოს რეპრესიების ასეთი მხეცური ფორმა და მით მაგალითი მისცეს საეკლესიო ინსტანციას?

შემდეგ, თუ საეკლესიო იერარქიაში ყველა მერყეობს და ძველმოწესეთა დევნულებისთვის სინანული ვერაფრით გამოუხატავთ, იქნებ ქვემოდან დაგვეწყო ეს პროცესი, - კერძო საუბრებში, ასევე საჯარო გამოსვლებისას, ან სამრევლოებში და მონასტრებში, ან მიტევების კვირას? სწორედ ასე მოიქცა ჩვენი თემი რამოდენიმე წლის წინათ. საერთოდ, ძველმოწესეებთან ერთობის აღდგენის პერსპექტივას ყოველთვის პესიმისტურად ვაფასებდი. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა ვაკეთოთ. ერთი რამ ცხადია, თუ ეს რაღაც სასწაულით მაინც მოხდა, თანაც საეკლესიო სიმართლისადმი ერთგულების ნიადაგზე, ყოველგვარი ზეწოლისა და მზაკვრობების გარეშე, წარმოიდგინეთ, როგორ იხარებდა ზეცა, და როგორი მძლავრი იმპულსი იქნებოდა ჩვენი აღორძინების დასაწყებად.

წამყვანი: მამაო თქვენ საკმაოდ დაჯერებით მსჯელობთ ორი თითით პირჯვრისწერის ტრადიციის აღორძინებაზე, ხომ არ მიგვიყვანს ეს რაიმე უწესივრობებთან, შიდასაეკლესიო განხეთქილებასთან, თუ ამის დანერგვა საყოველთაოდ დაიწყება?

მ. კირილე: ჩვენი მრევლის უზარმაზარი მასა სრულიად ვერ არის ორიენტირებული ამ საკითხში, მეტიც, ასეთი მდგომარეობაა სასულიერო პირებსა და მღვდელმთავრებს შორისაც. თეორიულად მათთვის სულერთია როგორ გადაიწერენ პირჯვარს, აქედან, ცხადია შუბის მტვრევას არ დაიწყებენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ორი თითით პირჯვრისწერა ცთომილებაა, და ლამის მწვალებლობაც კი; რომ ნიკონის რეფორმამ გააუქმა ეს უმეცრება და ჩვენი საღვთისმახურებო წეს-განგება თავდაპირველ ნიმუშებამდე დაიყვანა, ანუ დაამკვიდრა ის წყობა თითებისა, რომლითაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო იწერდა პირჯვარს. ეს არასწორია. ეს შტამპი დიდი ხანია უარყვეს მართლმადიდებელმა მეცნიერებმა, ისეთებმა, როგორებიც იყვნენ მაგალითად, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი კაპტერევი და გოლუბინსკი. ორი თითით პირჯვრისწერის თავდაპირველ გავრცელებას ჩვენ ვხვდებით საბერძნეთში, რომში, ვენეციაშ, ათონზე, რუსეთზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

ასე, მაგალითად, ყველა ხატზე, რომელიც ლუკა მახარობელის ფუნჯს მიეწერება, ყრმა ქრისტე ორთითიანი წყობითაა გამოსახული. ორ თითს ვხედავთ: ქრისტეს ვერცხლის ქანდაკებაზე რომში, წმ. მოც. პეტრესა და პავლეს ტაძარში, ასევე აპოლინარი ახლის (VI ს.) რავენის ტაძრის მოზაიკაზე, ასევე "სულიწმიდის მოციქულებზე გარდამოსვლის" მოზაიკურ გამოსახულებაზე, რომელიც კონსტანტინოპოლის სოფიის ტაძრის გუმბათზე მდებარეობს (VI ს.), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კორსუნის ხატზე, რომელიც რუსეთის ნათლისრებიდან სულ რაღაც ხუთ წელიწადში დაიწერა, ვენეციაში, წმ. მოციქულ მარკოზის სახელობის ტაძრის მოზაიკური ხატზე (XI ს.) და მონრეალის ტაძრის მთავარ შესასვლელში (XIII ს.), ტროიცე-სერგიევოს ლავრაში დაცულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის XIV საუკუნის ხატი, რომელზეც ასევე ორი თითია გამოსახული, 1392 წლის სახარების გარეკანზე, სადაც ღირ. სერგი რადონეჟელია გამოსახული, კვლავაც ორ თითიან წყობას ვხედავთ.

1551 წელს ასმუხლიანმა კრებამ ანათემითაც კი დაიცვა ორი თითით პირჯვირსწერა. სხვათა შორის, ამ ანათემის ტექსტი სიტყვა სიტყვით არის აღებული ძველბერძნული კურთხევანიდან.

ორი თითით პირჯვრისწერაზე წერს სრულიად რუსეთის პატრიარქი იობი ქართველ მიტროპოლიტ ნიკოლოზს. როდესაც 90-იან წლებში ბასილი ნეტარის ტაძარში ვმსახურობდი, ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას ნეტარი ბასილის ძველ გამოსახულებას კანკელზე, სადაც წმინდანს ორთი თითი აქვს აღმართული პირჯვრისაწერად.

მალოროსიაში (უკრაინა - რედ.) ნიკონის მსგავსი რეფორმა ყოველგვარი რყევების გარეშე ჩატარდა მიტროპოლიტ პეტრე მოგილას დროს (XVII ს. 30-40-იანი წლები). მაგრამ XVII ს.-ის 20-იან წლებში ცნობილ ავტორიტეტულ წიგნებში, რომლებიც კიევში გამოიცა, სწორედ ორთითიან წყობაზე იყო ლაპარაკი ("Книга о вере", "Большой Катехизис" და სხვა). სხვათა შორის, მალოროსიასთან შეერთებამაც მოახდინა ზეგავლენა ნიკონის რეფორმაზე - ერთიან სახელმწიფოში საღვთისმსახურებო წეს-განგებების სტანდარტიზაციის მიზნით. ანუ აქ შეიმჩნევა ასეთი იმპერიული ქვეტექსტი, როდესაც საეკლესიო სიმართლე მსხვერპლად ეწირება პოლიტიკურ შეხედულებას. ორთითიან პირჯვრისსაწერ წყობას ვხედავთ წმ. ღვთისმოსავ ანნა კაშინსკაიას და ღირ. ილია მურომელის უხრწნელ ნაწილებზე. მაშინ, როდესაც სამი თითით პირჯვირსწერის სასარგებლოდ არ გვაქვს არც ერთი ავტორიტეტული მოწმობა (ხაზგასმა ჩვენია - რედ.).

ორი თითით პირჯვრისწერა, წმიდად ვიზუალური თვალსაზრისით, თავისი მოზეიმე სახით ნამდვილად იპყრობს გულს ადამიანისა. ხოლო მის საღვთისმეტყველო შინაარსზე ხომ აღარაფერს ვამბობ: აქ სამებაც გამოსახულია, როგორც განმგები ჩვენი ცხოვნებისა, - რადგან ის ჭეშმარიტმა ღმერთმა, მამამ, ძემ და სულწმიდამ აღასრულა. მამამ კეთილინება გამოეგზავნა ძე ჯვარზე სავნებად, ძემ გამოგვისყიდა თავისი ჯვარცმით, ხოლო სულიწმიდამ ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის ნაყოფი მოგვანიჭა. მაგრამ ჯვარცმული იყო ქრისტე, და არა სამება. ამიტომაც, განა ლოგიკური არ იქნება პირჯვრისსაწერად სწორედ ღმერთკაცის სიმბოლოს, ორი თითის გამოყენება? ჯვარს ქრისტე ეცვა და არა სამება. ამიტომაც, განა უფრო ლოგიკური არ იქნება შუბლზე დავიდოთ ორი თითი, ნიშანი და სიმბოლო ღმერთკაცისა? დააკვირდით იმას, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე "Державная" ყრმა ქრისტეს თითები ასევე ორთითიანი წყობით არის შეკრული. დროა შევწყვიტოთ შეუთანხმებლობა, როდესაც ერთი და იგივე წმინდანი სხვადასხვა ხატმწერების მიერ ხან ორი თითით გამოისახება, ხან კიდევ ე. წ. "სახელობითი კურთხევით". სულ ახლახან ვნახე ვიდეოფილმი XX საუკუნის უდიდეს მოღვაწეზე, მხცოვან სამსონზე. ნაჩვენები იყო მხცოვანის ხატი ორთითიანი წყობით.

წამყვანი: ახსენებენ ღირ. სერაფიმე საროველს, რომელიც ასწავლიდა, რომ იმქვეყნად შეკრულნი არიანო ისინი, ვინც ორი თითით იწერს პირჯვარს.

მ. კირილე: რამოდენიმე წლის წინათ დივეევოში ვიყავი მოსალოცად. მახსოვს, კეთილმოწესე დედაო დიდხანს არ გვიშვებდა, სულ გვევედრებოდა კიდევ ერთხელ და ერთხელ ძველი საგალობლები გვეგალობა. არსებობს ღირ. სერაფიმეს ამგვარი დამოკიდებულების განმარტების რამდენიმე ვარიანტი. ჩემის აზრით, ყველა მათგანს აქვს არსებობის უფლება. ეს არის მოგვიანებითი ჩანართი წმინდანის ცხოვრებაში ოფიციალური მიმართულების სულისკვეთებით, ასევე მასობრივი წაშლა ფრესკებიდან და ხატებიდან ორთითიანი წყობისა და მათ ნაცვლად სახელობითის გამოსახვისა ("ნაკერები"ამ ფრესკებს დღემდე ამჩნევია).

უსაფუძვლო არ არის ღირ. სერაფიმეს კრიპტოძველმოწესეობის ვერსიაც, ანუ ის საიდუმლოდ უთანაგრძნობდა ძველ ღვთისმოსაობას, რაზეც ბ. პ. კუტუზოვიც წერს. მართლაც, როგორ იყო შესაძლებელი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩვეულებრივ მონასტერში ასე თამამად გეტარებინა მცირე მანტია და ძველრუსული "ლესტოვკა"? ხომ არ იყო ეს ღირ. სერაფიმეს შინაგანი განწყობის გარეგანი გამოხატულება? ლოგიკურია ვივარაუდოთ, სწორედ ამის გამო ხომ არ იდევნებოდა ღირ. სერაფიმეც?

შემდეგ, შეეძლო კი ღირ. სერაფიმეს, როდესაც იმქვეყნად ორი თითით პირჯვრისმაწერალთა შეკრულობაზე რომ მსჯელობდა, ეგულისხმა ეკლესიის ერთული შვილები, რომლებიც ძველ წეს-განგებას მის წიაღში უკვე 1800 წლიდანვე მიჰყვებოდა (იგულისხმებიან ე. წ. "ედინოვერცები", რომლებიც იმყოფებოდნენ ოფიციალური ეკლესიის მწყემსმთავრობის ქვეშ, ოღონდ ნება მიცემული ჰქონდათ ძველი წესებით ემსახურათ - რედ.)? და ბოლოს, კვლავ შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კრებითი პოზიცია კერძო შეხედულებას ყოველთვის აღემატება, რაოდენ ავტორიტეტულიც გინდა იყოს ეს კერძო პირი. სხვათა შორის, ჩვენს ტაძარში არის ღირ. სერაფიმეს რევოლუციამდელი ხატი, სადაც ღირ. მამა ორთითიანი წყობით გამოუსახავთ.

როდესაც იმ ადამიანთა გამონათქვამებზე ლაპარაკობენ, რომლებიც ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა, მე ვკითხულობ: "რას იტყვით ამასწინათ კანონიზირებულ მიტროპოლიტ ფილარეტზე (დროზდოვი), რომელმაც აკურთხა რამოდენიმე ათეული ედინოვერული ეკლესია, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათზე, ვინც ეკლესიის წიაღს შეაფარა თავი, რეფორმატორთა წყევლა არ მოქმედებდა? ან მღვდელმოწამე ბენიამენზე, რომელიც ვიკარიული ეპისკოპოსის რანგში პეტროგრადის მიტროპოლიის ედინოვერულ ეკლესიებს მფარველობდა? ან ედინოვერულ კეთილმოწესე დეკანოზზე, კონსტანტინეზე რა ვთქვათ, რომელიც ასევე ახალმოწამეა?

ჩემის აზრით, დღეს უპირველეს ყოვლისა საჭიროა სინანული. ეს არის პირველი, რაც გადაუდებლად უნდა გაკეთდეს, როგორც გააკეთა ეს რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიამ თავის კრებაზე 2000 წელს. იხილეთ, რა გამოდის, რეპრესირებულია მრავალი ათასი მოშურნე ძველი ღვთისმოსაობისა. არსებობს უდავო დოკუმენტები იმისა, რომ ოფიციალური ეკლესიის სასულიერო პირები მონაწილენი იყვნენ ამ დევნულებისა. საკმარისად მძვინვარე დევნულება იყო დედოფალ სოფიას და ანნა ივანოვნას, ასევე ნიკოლოზ I დროს, პეტრე I დროებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მხოლოდ ეკატერინე II-ისა და შემდგომ პავლე I-ის მმართველობის დროს დაიწყო ძველრუსულ საეკლესიო წყობისადმი დამოკიდებულების გადასინჯვა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 1929 წელს გააუქმა საშინიელი კრულვები, რომლებიც 1667 წლის კრებამ ძველი წესებისა და მათი მიმდევრების მიმართ გამოთქვა. ხოლო 1971 წლის კრებამ ეს დადგენილება დაამტკიცა. და აი ახლა ძველმოწესეებს ეუბნებიან - მოდი დავძმობილდეთ, შემოგვიერთდით, კიდევ რაღა გინდათო.

კი მაგრამ როგორ? დაღვრილია სისხლის მდინარეები იმ ადამიანებისა, ვინც ეწინააღმდეგებოდა ნიკონის საეჭვო რეფორმას, რომელმაც ჩვენს ეკლესიაში ლათინური გავლენა, ეპ. ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) თქმით კი "დასავლური ფუფხი" დაამკვიდრა.

რეფორმის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ძველ ღვთისმოსაობას იცავდნენ, და რომელიც ნათლისღებასთან ერთად ძველი ბიზანტიისგან მიგვიღია, "რასკოლნიკებს", ერეტიკოსებს, დამნაშავეებს უწოდებდნენ. ჭრიდნენ თითებს ორთითიანი პირჯვისწერის გამო, აჭრიდნენ ცხვირებს, ანაწევრებდნენ და ა. შ. , ახლა კი ამბობენ - დიდი ბოდიში, შეცდომა მოგვივიდა, ცოტა ვიწროდ გავიხედეთ, ცალმხრივად, შეიძლება ასეც ლოცვა. მაშინ რა საჭირო იყო ამდაგვარი დავიდარაბა, უამრავი უდანაშაულო რუსი მართლმადიდებელი რისთვის დაიღუპა?

დღეს ამბობენ, მოდი, ნუ გამოვქექავთ წარსულს, მოდი ვიმეგობროთ - მაგრამ, ეს წააგავს სიტუაციას, როდესაც ერთმანეთს გადაეკიდა ორი მეზობელი, ერთმა მეორე სცემა და შეურაცხყო, შემდეგ კი ეუბნება: მოდი დავივიწყოთ და ვიმეგობროთ. იქნება კი ასეთი მიდგომა ნაყოფიერი? განა ჯერ ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა არ იქნებოდა ჯეროვანი? სწორედ ეს იქნებოდა წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, რომელიც "დაძაბულობის განმუხტვას" ხელს შეუწყობდა; შეარბილებდა "პოსტტრავმატულ შოკს" უსასტიკესი დევნულებისა, რომელიც გენურ დონეზე გადაიცემა. ხოლო შემდეგ, უცილობლივ, საჭიროა მთელი სისრულით ნიკონამდელი საეკლესიო წეს-განგების აღდგენა. აიღეთ, მაგალითად, ფსალმუნი, თანამედროვე მკვლევარებმა (კუტუზოვი, სმირნოვი და სხვ.) ძველი ფსალმუნის რედაქცია შეადარეს ახალს და შემთხვევათა თითქმის 100%-ში ძველ რედაქციებს მიანიჭეს უპირატესობა.

თითქოსდა, რა მნიშვნელობა აქვს ორჯერ იტყვი ალელუიას თუ სამჯერ. მაგრამ, იხილეთ, რა გამოდის. ორჯერადი ალელუია დააკანონა 1551 წლის ასმუხლიანმა კრებამ ღირ. ეფროსინე ფსკოველის ხილვის საფუძველზე, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა მას ასე ეგალობა, სხვაგვარი გალობა კი აუკრძალა. მეტიც, ორჯერადი ალილუიას მხარს უჭერს კანონიზირებული წმინდანი და კრებითი დადგენილება.

ამ დროს რას იქმან მოსკოვის 1666-1667 წლის კრების მონაწილეები, რომელთა შორის არც ერთი წმინდანი არ ყოფილა, სამაგიეროდ იყვნენ ღაზის მიტროპოლიტის, პაისი ლიგარიდის მსგავსი გარეწრები? ისინი საშინელ წყევლა-კრულვას უთვლიან ჩვენს ძველ ღვთისმოსაობას, აუქმებენ ასმუხლიანი კვრების მთელ რიგ დადგენილებებს, რომლებიც, თურმე გაუნათლებელ მამებს უგუნურებით მიუღიათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ღირ. ეფროსინე ფსკოველი 1683 წელს წმინდანთა დასიდან ამორიცხეს, ისევე როგორც წმ. ანნა კაშინსკაია. სხვათა შორის, ერთ-ერთი ახაალმოწესე მღვდელმთავარი ცდილობდა წმინდა ანნა კაშინსკაიას თითები "გაესწორებინა", რომელიც ორთითიანი წყობით იყო შეკრული, მაგრამ თითები კვლავ ადრინდელ წყობა უბრუნდეობოდა. მაშინ წმინდა ანნას დეკანონიზაციაც გადაწყვიტეს. სასაცილოც არის და სატირალიც!

ავიღოთ თუნდაც სარწმუნოების სიმბლო. მის მეშვიდე წევრში, სადაც ლაპარაკია ქრისტეს მეუფებაზე, ძველ რედაქციაში ეწერა: "Его же Царствию несть конца" ("და სუფევას მისას არა აქვს დასასრულ"), ანუ ლაპარაკია აწმყო დროზე, ახალ რედაქციაში კი ასე "შესწორდა" – "Его же Царствию не будет конца" ("სუფევას მისას არ ექნება დასასრულ"), - ანუ როგორც კათოლიკეებთან, მომავალ დროში. ამ ცვლილებას ორაზროვნება შეაქვს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ვიფიქროთ, რომ ქრისტეს მარადიული სუფევა მის განკაცებასთან, ჯვარზე ვნებასთან, და ამაღლებასთან ერთად ჯერაც არ დამდგარა, არამედ მომავალში მოვა. ცხადია, ამგვარი სწავლება ეხმიანება იუდაურ წარმოდგენას იმაზე, რომ მესია ჯერაც უნდა მოვიდეს სამყაროში და მთელს მსოფლიოზე უნდა გაბატონდეს.

მერვე წევრში - ამოაგდეს სიტყვა "ჭეშმარიტი", რომელიც სული წმიდის ღმრთაებრიობას ადასტურებს. არადა თვით ქრისტემ დაურთო ეს სიტყვა სულიწმიდას (იოანე 14:17). ეს სიტყვა ხაზს უსვამს სულიწმიდის თანასწორობას წმიდა სამების სხვა იპოსტასებთან.

და საერთოდ, ძველი და ახალი ტექსტების შედარებისას გიჩნდება გრძნობა, რომ წიგნებს "ასწორებდნენ" მხოლოდ იმისთვის, რათა მათში არაფერი ყოფილიყო ისე, როგორც ძველად. პატრიარქი ნიკონი ასეც ეუბნება არსენი ბერძენს (წიგნის შემსწორებელს), რომელიც რომის იეზუიტურ კოლეგიაში არიზარდა, რომ წიგნები "როგორც მოეპრიანებოდა ისე ესწორებინა, ოღონდ არა ძველებურად", რაც არსენიმ ბრწყინვალედ შეასრულა.
ავიღოთ კიდევ ისეთი დეტალი, როგორიცაა ბეჭედი პროსფორაზე. რეფორმამდე ბეჭედი შეიცავდა სრულ ინფორმაციას მაცხოვარზე და იმის შესახებაც, რომ ის არის მეუფე დიდებისა, ძე ღმრთისა, მაცხოვარი კაცთა მოდგმისა, ცხებული ღმრთისა. რომ ის ჯვარს ეცვა, აღსდგა მკვდრეთით, და სიკვდილით სიკვდილი დასთრგუნა. რეფორმის შემდეგ ბეჭედი სხვაგვარი გახდა, რომელიც არაფერს იუწყება ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს შესახებ. გაუარესების ფაქტი სახეზეა.

მსმენელის კითხვა: რადიო "რადონეჟით" გამოსვლისას, ნ. კარტაშევასთან საუბარსი თქვენ სერაფიმე საროველთან დაკავშირებით თქვით: "თუ ის ჩვენ პატივს არ მოგვაგებდა, ჩვენც არ მივაგებთ". ამ პასუხში, ცხადია ამპარტავნება გამოსჭვივის.

მ. კირილე: მინდა შეგახსენოთ, რომ წმ. ნიკოლოზის სახელობის ჩვენი სამრევლო ბერესნევკაზე მოსკოვის საპატრიარქოს ძველმოწესეობრივი სამრევლოა. ჩვენ ოფიციალური კურთხევა გაგვაჩნია პატრიარქისგან ჩვენი ტაძრის მსახურება აღვასრულოთ ძველი ღვთისმსახურების მიხედვით. რაც შეეხება თქვენს მტკიცებას, რომ მე თითქოსდა ასეთი რამ ვთქვი სერაფიმე საროველზე, მინდა დაბეჯითებით გითხრათ, რომ არაფერი მსგავსი მე არ მითქვამს. ჩვენს ტაძარში არსებობს ღირ. სერაფიმეს ხატი ორთითიანი წყობით, რომელიც, სხვათა შორის, რევოლუციამდეა დაწერილი. ჩვენ სრულიად პატივისცემით ვეპყრობით ღმრთის ამ წმინდანს.

წამყვანი: პროცენტული შეფარდებით ახლა რა ადგილი უპყრიათ ძველმორწმუნეებს რუსეთში? რამდენია მათი რაოდენობა?

მ. კირილე: როგორც ცნობილია მოსკოვის სახელმწიფოს მცხოვრებთა 1/3-მა არ მიიღო 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფრომა. რევოლუციის წინარე პერიოდის სტატისტიკა ასეთია: რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა მილიონზე მეტი ძველმოწესე (როგორც სამღვდელოების მიმღებნი, ასევე უმღვდელონიც). სინამდვილეში რეალობა სულ სხვაგვარია. ერთი მილიონი ძველმოწესე ცხოვრობს რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდავეთში, რუმინეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ა. შ.

წამყვანი: დიდება უფალს. დიდი მადლობა. ჩვენ ძველმოწესეობის თემას ალბათ საშობაო დღესასწაულების შემდეგ დავუბრუნდებით. თუ ღმერთი ინებებს და კვლავ შევხვდებით ამ სტუდიაში, კიდევ ერთ გადაცემას გავაკეთებთ.

წამყვანი
: ვერცხლის საუკუნის ცნობილი პოეტი ნ. კლუევი ძლიერ იყო მიდრეკილი ძველმოწესეობისკენ. მის შესახებ ცნობილია, რომ მხარს უჭერდა ბოლშევიზმს, განიხილავდა მას როგორც ხალხის ნების აღმაფრენას, რომელმაც დაამხო გერმანულ-რომანული უღელი, ფესვებთან დაბრუნებად. არსებობს შეხედულება, რომ ძველმოწესეებიც უმეტესწილად მხარს უჭერდნენ ამ იდეას. რა თქმა უნდა, მხედველობაშია არა ტროცკის ან კამენევის ბოლშევიზმი, არამედ ამგვარი, ნაციონალური ტიპის ბოლშევიზმი. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

მამა კირილე: წინა გადაცემაში, როდესაც ძველმოწესეობაზე მსჯელობა დავასრულეთ, თქვენ, სერგი ნიკოლოზის ძევ, წარმოჭერით საკითხი ძველმოწესეთა დამოკიდებულებაზე მონარქიასთან, მათ მონაწილეობაზე სხვადასხვა სახალხო მოძრაობებთნ, გლეხთა აჯანყებებთან და ა. შ.

წამყვანი: დიახ, შესაძლოა, მათი მონაწილეობა შედეგი იყო იმ დარგოვილი წყენისა და უსამართლობისა, რომელიც მათ მიმართ საუკუნეების განმავლობაში გამოიჩინეს და რამაც ამგვარ გამოხატულებამდე მიიყვანა.
მ. კირილე: პრინციპში, ისინი მონარქისტები არიან. მაგალითად, ისინი პატივს მიაგებენ მიხაილ რომანოვს, როგორც უკანასკნელ მართლმადიდებელ მეფეს, - როგორც ისინი მიიჩნევენ. თვით მონარქიზმის იდეას ისინი არ უარყოფენ. რუსეთის იმპერიაში მცხოვრებნი, ისინი განსხვავებულ დამოკიდებულებას გრძნობდნენ მმართველი მონარქების მხრიდან. მათ მდგომარეობა ეკატერინე II-სა და პავლე I-ის დროს ერთის მხრივ, და ნიკოლოზ I-ის დროს მეორეს მხრივ, ძლიერ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მე უკვე აღარაფერს ვამბობ ნიკოლოზ II-ზე რომლის დროსაც, 1905 წელს გამოვიდა რჯულთშემწყნარებლობის განკარგულება. 1905-დან 1917 წლების პერიოდს ისინი "ძველმოწესეობის ოქროს ხანას" უწოდებენ.

მაშინ ძველმოწესეებმა ასობით ტაძარი ააშენეს, გამოსცემდნენ გაზეთებს, გამოდიოდნენ მათ მგალობელთა სახელგანთქმული გუნდები და ა. შ. თქვენ კლუევი ახსენეთ, ასევე ნაციონალ-ბოლშევიკური ტენდენციები, მე კიდევ უფრო ღრმად მინდა ჩავეძიო. აი, მაგალითად, რაზინი, გლეხების ამბოხი მისი მეთაურობით. ამას ძველმოწესეთა ანტიმონარქიული განწყობის დასამტკიცებლად იყენებენ. მაგრამ, თქვენ ხომ იცით, რომ ზუსტად არ არის ცნობილი, იყო თუ არა რაზინი ძველმოწესე. დიახ, მის მხარეს ბევრი კაზაკი იბრძოდა, რომლებმაც არ მიიღეს ნიკონის რეფორმა. ცხადია ისიც, რომ მეამბოხეთა ძირითადი მოტივები სოციალური იყო. და რაც მნიშვნელოვანია - მეამბოხეთა მიმართვა პატრიარქ ნიკონისადმი გამხდარიყო ამ აჯანყების მებაირახტრე სრულიად ეწინააღმდეგება რაზინის აჯანყების "ძველმოწესეობრივ ხასიათს".

პუგაჩოვის მოძრაობაშიც ვერ ვხედავთ აქცენტს ძველ სარწმუნოებაზე. ცნობილია, რომ პუგაჩოვი ძველმოწესეებთან კი არა, ჩვეულებრივ, "ნიკონიანურ" ტაძარში იყო მონათლული. რაც შეეხება კონდრატ ბულავინს და მის აჯანყებას, ეს უკვე პეტრე პირველის მმართველობის დროს მოხდა. იქ დიახ, ძველმოწესეობრივი მოტივები მეტ-ნაკლებად გამოსჭვივის. სხვათა შორის, აჯანყების ეპიცენტრი იყო უკრაინის ლუგანსკის ოლქი, საიდანაც ვარ წარმოშობით. მე-20 საუკუნეში თუ გადავალთ და სამოქალაქო ომის წლებს გადავავლებთ თვალს (იგულისხმება მე-20 საუკუნის დასაწყისი - რედ.) უნდა გკითხოთ, იცით თუ არა, რომ ციმბირში, მაგალითად, წითლებს აქტიურად ებრძოდნენ იესუს პოლკები ("Полки Иисуса" - თეთრგვარდიელთა სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ კონტრევოლუციურად განწყობილი სამღვდელოების მიერ იყო შექმნილი საბჭოთა რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლველად - რედ.), რომლებიც ძველმოწესეებისგან შედგებოდნენ?

წამყვანი: არა, ეს არ ვიცოდი.

მ. კირილე: ძველმოწესეები, როგორც წესი, იყვნენ მტკიცე, შეძლებული მეურნეები, ისინი, ვისაც კულაკებს უძოდებდნენ - მათ დააკერეს ასეთი იარლიყები, და, ამიტომაც, ისინი, მათი თემები, ანკლავები და მათი საცხოვრებელი ადგილები ყველაზე უპირველესად ექვემდებარებოდნენ რეპრესიებს. ისევე როგორც ედინოვერცებს (ძველმოწესეების განშტოება. იმყოფებიან მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ - რედ.), ანუ მათ, ვიცნ მისდევდა ძველ წეს-განგებებს მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში. მათ სოციალურად უცხო ელემენტებად მიიჩნევდნენ. საერთოდ ძველმოწესეები ცხოვრების კონსერვატიული წყობის მომხრენი იყვნენ. მათში, რა თქმა უნდა, ყველაზე სასიამოვნო მოგონება უკავშირდებოდა ცალკეულ მონარქთა ცხოვრებას და, ალბათ, როდესაც ზემოთხსენებულ მოძრაობებში ღებულობდნენ მონაწილეობას, იმედოვნებდნენ რომ მიაღწევდნენ ძველ სარწმუნოებასთან მიმართებაში დისკრიმინაციული ხასიათის შეზღუდვათა გაუქმებას და მის თავისუფალ აღიარებას.

ჩემი მოგონებების მეორე ნაწილში მოთავსებულიმაქვს ჩემი მიმოწერა მ. ლევ ლებედევთან, რომელიც უკვე დიდი ხანია გარდაცვლილია. ჩვენ ერთმანეთი დანილოვოს მონასტერში გავიცანით 1984 წელს. ის მე მწერდა გუჩკოვისა და რიაბუშინსკის შესახებ, რომლებსაც კონტაქტები ჰქონდათ ტახტის მტრებთან. საბა მოროზოვზე, რომელიც ერთი პერიოდი მატერიალურად უჭერდა მხარს რევოლუციონერებს. სხვათა შორის, მან თვითმკვლელობით კი არ დაასრულა სიცოცხლე, როგორც წერენ, არამედ მოჰკლეს იმიტომ, რომ შეწყვიტა კრამოლნიკების დაფინანსება და განუდგა მათ. თვითმკვლელობა ინსპირირებული იყო. ძველმოწესეები ზედმეტად მგრძნობიარენი არიან ამგვარ საკითხებში, მათ ძალზედ დეტალურად გამოიძიეს ეს ვითარება, რომლის შემდეგაც ს. მოროზოვს წესიც აუგეს. ამის შესახებ დეტალურად არის ნათქვამი ძველმოწესეთა ჟურნალ "Церковь"-ის ბოლო ნომერში (იგულისხმება 2012 წლის ბოლო ნომერი - რედ.).

წამყვანი: მამაო, მოდი ახლა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. საბჭოთა პერიოდში, როდესაც ეკლესია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, ისეთი საიდუმლოში, როგორიცაა ნათლობა, ყველგან სხურებითი წესით ნათლობის პრაქტიკა გავრცელდა. რატომ ანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას ამ საკითხს. მე მომისმენია შეხედულება, რომ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.

მ. კირილე: როგორც მე მესმის, ჩვენი დღევანდელი საუბარი დამამთავრებელია და ამიტომაც, ძველმოწესეობის შესახებ მსჯელობის კონტექსტში ლოგიკურია შევეხოთ ამ საკითხსაც. არასერიოზული იქნებოდა, გვემსჯელა ძველმოწესეებთან განსხვავებებზე და არ შევხებოდით ნათლობის საკითხს. რაც შეეხება მის "მეორეხარისხოვნობას" - მე არ გეთანხმებით. საერთოდ ყველაფერი, რაც კი სარწმუნოებას ეხება პირველხარისხოვანი და მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათ" (ლუკა 11:42). ნათლობა - ეს არის კარი, რომელსაც შევყავართ ეკლესიის წიაღში. მისი აღსრულება განსაკუთრებულ მიდგომას ითხოვს. წმიდა მამაები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ დაუშვებელია რაიმეს გამოტოვება ნათლობის საიდუმლოში. რაც შეეხება შთაფლვას, სწორედ ის არის კიდევაც ნათლობა, რადგან ცნობილია, რომ ამ საიდუმლოს აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვის თარგმანი ("ბაპტისმა" - რედ.) სწორედ "შთაფლვას" ნიშნავს.

წამყვანი: ნუთუ ასე მნიშნელოვანია შთაფლვის აღსრულება?

მ. კირილე: ეს უმთავრესი მომენტია, როდესაც აღესრულება არა მარტო სიმბოლური, არამედ რეალური თანადამარხვა და თანააღდგომა ქრისტესთან ერთად. მოციქულთა 50-ე კანონი ბრძანებს, რომ თუ მღვდელი არ მონათლავს სამგზის შთაფლვით, უნდა დაემხოს. საინტერესო დეტალია: გასული საუკუნის დასაწყისში ცნობილმა ძველმოწესე მოღვაწემ, ურალის ეპისკოსომა არსენიმ (Арсений Уральский) დეტალურად განიხილა ნათლობის წეს-განგება და მასში მოახდინა უმნიშვნელო გადაადგილებანი, შეიტანა მასში უმნიშვნელო ცვლილებები, რომლებიც მას უფრო ლოგიკური ეჩვენებოდა. მაგრამ, ძველმოწესეთა კრებამ ეს უარჰყო, ანუ ამ საკითხში გამოვლენილ იქნა განსაკუთრებული დელიკატურობა.

შთაფლვის შესახებ ლაპარაკობენ წმინდანები ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, კირილე იერუსალიმელი, გრიგოლ ნოსელი და სხვები. წყალში მთლიანი შთაფლვა - ქრისტესადმი მთლიანი მიძღვნაა თავისა. გარეგანი ფორმა ასახავს შინაგან სულიერ მდგომარეობას. კანონთა ერთმა თავდადებულმა მოშურნემ სამასამდე წყარო შეკრიბა, სადაც ნათლისღების საიდუმლოში სწორედ შთაფლვის აუცილებლობაზეა ლაპარაკი.

ჩვენი კრებები - ვლადიმირისა 1274 წელს და მოსკოვის 1620 წლის კრება, რომელიც პატრ. ფილარეტის დროს მოიწვიეს, აღარაფერს ვამბობ "სტოგლავზე" - მკაცრად ითხოვენ შთაფლვის აღსრულებას ნათლისღების საიდუმლოში. მიუხედავად ამისა, 1667 წლის კრებამ, რომელმაც დაამტკიცა ნიკონის რეფორმა, გააუქმა ლათინთა, როგორც პკურებულთა ეკლესიაში სრული ნათლისცემით მიღება. ამის შემდეგაც კი შთაფლვით ნათლობას იცავდნენ პატრიარქი ადრიანე (ნიკონის შემდგომი პატრიარქი - რედ.) და სინოდალური პერიოდის მთელი რიგი მღვდელმთავრები, მაგალითად, ასტრახანის არქიეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკი, რომელიც დანილოვოს მონასტერშია დაკრძალული.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ბარნაულისა და ლუგანსკის ეპარქიულმა სამმართველოებმა გამოსცეს ცირკულარები, რომლებშიც მღვდლებს ებრძანებათ მონათლონ მხოლოდ შთაფლვით. ამავე საკითხზე რამოდენიმე წლის წინ ცირკულარი გამოსცა ოდესის მიტროპოლიტმა აგათანგელოზმაც. მახსენდება, გასულ წელს, როდესაც თვითაღიარებული კიევის პატრიარქ ფილარეტ დენისენკოსთან შეხვედრა რომ მქონდა, მე წამოვჭერი ეს საკითხი. მან გამაოცა თავისი რეაქციით: "ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესია დასხმითი ნათლობით". მომიტევეთ, მაგრამ, აქ თავი ვერ შევიკავე, რადგან ეს ჩემი მუდმივი სასაუბრო თემაა, ამ თემას ვამუშავებ მრავალი წელია. ძალზედ ანთებულად დავიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, ჩემი თანამოსაუბრე შესამჩნევად დაიძაბა. მართლაც, ნონსენსია - მართლმადიდებელი ეკლესია დასხმითი ნათლობით. დასხმას მიმართავდნენ უკიდურეს შემთხვევაში. ჩემი სამღვდლო მსახურების 25 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოვნათლე უმძიმესი ავადმყოფი ამგვარი ნათლობით, ისიც საავადმყოფოს პალატაში. ის ფეხზეც ძლივს იდგა. სამჯერ გადავავლე წყალი ვედროდან. ერთხელ პარალიზებული მოვნათლე. შევძელი მისი სამჯერ შთაფლვა აბაზანაში.

ახლა მე არ შევეხება კატეხიზაციის პრობლამას, არც იმას, რომ წყალი უნდა იყოს ცოცხალი, და არა ადუღებული - მკვდარი. არც იმაზე ვიტყვი რამეს, რომ ნათლობა - ეს არის საზოგადო საქმე, მთელი თემის დღესასწაული, და ის სწრაფად და მოსასტუმრებლად არ უნდა ტარდებოდეს, სადღაც ტაძრის კუთხეში.

დასხმითი ნათლობის გასამართლებლად ზოგჯერ მოჰყავთ ქვიშით მონათლულის მაგალითი. ამის შესახებ ნათქვამია "სულიერ საძოვარში" (იოანე მოსხის "სამოთხე", ანუ "ლიმონარი" - რედ.). უდაბნოში მიმავალმა ბერემა სარწმუნოებისკენ მოაქციეს ერთი ახალგაზრდა ებრაელი, რომელიც შემდეგ, ღამით ავად გახდა. ძმებმა ის ქვიშით "მონათლეს", ხოლო როდესაც ქალაქში ეპისკოპოსთან ჩავიდნენ, მან ქვიშით "მონათლულის" თავიდან წყალში ნათლობა განაწესა და ქვიშით ნათლობა არად ჩააგდო.

მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ნათლობა ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. მღვდელს უდიდესი კონცენტრირება და ყურადღება მოეთხოვება ამ დროს, რადგან რეალურად გრძნობ მტრის ძალის წინააღმდეგობას. არასოდეს არ ხდება ნათლობა საცთურების გარეშე. მახსოვს, ერთხელ შეფუცვების ლოცვებს ვკითხულობდი დანილოვოს მონასტრის მეტოქიონში, რომელიც სოფ. დოლმატოვოში მდებარეობს. ტაძრის შესასვლელში ვიდექი, როდესაც დიდი შავი ძაღლი ლამის შემომივარდა ტაძარში. როდესაც თემს ახალი წევრი ემატება, მრავალ ადამიანში ვლინდება ის, რომ თურმე მონათლულნი ყოფილან მოუმზადებლად, ნაჩქარევად, კათაკმევლობისა და შეფუცვების ლოცვები წაუკითხავთ "ხუთ წამში". ხოლო რუსეთის ნათლისღების ათასი წლის იუბილეს შემდეგ (80-იანი წლების დასარული და 90-იანი წლების დასაწყისი), როდესაც ჩატარდა მასობრივი ნათლობები, მრავალი დასხმითად მოინათლა, ბევრს მხოლოდ შუბლი დაუსველეს, ზოგს კი მიაპკურეს... ბევრი დარღვევაა სინანულის საიდუმლოშიც. პრაქტიკულად ყოველ ადამიანს აქვს რაღაც პრობლემა. დედაკაცი, რომელსაც არ წაუკითხეს მეორმოცე დღის ლოცვები, ასევე იშვიათი მოვლენა როდია. დაკნინებულია საკლესიო მზრუნველობის საქმე, შეინიშნება დაუდევრობა, კონვეიერულობა. უეჭველია, რომ ამან ძლიერ იმოქმედა სულიერ დონეზე, მაგალითად იმაზე, რომ თემურის ცხოვრება ამგვარ პირობებში ძალზედ დაბალია და არადამაკმაყოფილებელი.

წამყვანი: დიახ, სიტუაცია საკმაოდ გაუარესდა. რა უნდა ვქნათ? თქვენის აზრით რა გზები არსებობს ამ პრობლემის გადასაწყვეტად?

მ. კირილე: როგორც სხვა უბედურებები, ესეც ნიკონის ავადსახსენებელი რეფორმებიდან გვერგო, როდესაც დაიწყო საეკლესიო საფუძვლების რყევა. იმ დროიდან, განსაკუთრებით კი პეტრეს ეპოქიდან, მალოროსიიდან გამოსულნი ჩვენთან კათედრებსაც იკავებდნენ, ხდებოდნენ ტაძრის მოძღვრები და მონასტრების იღუმენები. ისინი უკვე დაქვემდებარებულნი იყვნენ დასავლურ, ლათინურ ზეგავლენას და ყველგან მათთვის ჩვეულ დასხმით ნათლობას ამკვიდრებდნენ. XX საუკუნემ კიდევ უფრო გააუარესა ეს მდგომარეობა - ერთის მხრივ ობნოვლეცებმა თავიანთი ლიბერალური მიდგომით, და მეორეს მხრივ "დასავლეთელების" სიუხვემ, რომლებიც ომის შემდეგ დიდი რაოდენობით მოდიოდნენ ჩვენს სასულიერო სკოლებში და რჩებოდნენ რუსეთში.

ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მდგომარეობის სერიზულობის შეგნებას. საჭიროა ღრმა სინანული ამ საიდუმლოსადმი ასეთი მკრეხელური და ზერელე დამოკიდებულებისთვის. ყოველი მღვდელი და ეპისკოპოსი უნდა ინანიებდეს ამ ცოდვას და ეს კრებით დონეზე უნდა გააკეთოს. ამის შემდეგ კი სასტიკად აიკრძალოს ეს უმსგავსება (იგულისხმება დასხმითი ნათლობა - რედ.), ხოლო ამ კანონის დამრღვევნი მკაცრად უნდა დაისაჯნონ. ყველას უნდა დაევალოს ააგოს ბაპტისტერიუმი, განსაკუთრებით საკათედრო ტაძრებში, დიდი ქალაქების სამრევლოებში. ამ საქმეს ყველაზე სერიოზული ყურადღება უნდა დაეთმოს სასულიერო სასწავლებლებში, ეპარქიალურ შეკრებებზე, საეკლესიო გაზეთებსა და ჟურნალებში.

აწ გარდაცვლილი პატრიარქი ალექსი II არაერთხელ მოუწოდებდა ნათლობის შთაფლვითი ფორმის აღდგენისკენ. მის მოწოდებაში, რომელიც მიმართულია მართლმადიდებელთა ძმობის კავშირის 1991 წლის სხდომის მონაწილეებისადმი, ყურადღებას იპყრობს სიტყვები: "ყრმები უნდა მოინათლონ ნებისმიერ პირობებში მხოლოდ შთაფლვით. მოზრდილთა ნათლობისთვის საჭიროა ყველა ტაძარში გამოიძებნოს საშუალება ბაპტისტერიუმის ასაშენებლად, ხოლო ნათლობას წინ უნდა უძღოდეს კატეხიზაცია".

აი, ამგვარი დარღვევები, რბილად რომ ვთქვათ, ძალზედ აშფოთებთ ჩვენს ძმებს, ძველმოწესეებს. ერთხელ ჩემს ნაცნობ ძველმოწესე მღვდელს ვეწვიე, რომელიც მოსკოვის გარეუბანში მსახურობს. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ 70-იანი წლებიდან, მე მაშინ საერო სასწავლებლის სტუდენტი ვიყავი, ის კი - პრეობრაჟენსკის სასაფლაოსთან მდებარე ბეზპოპოვცების სამლოცველოს მრევლი. ჩვენ რამოდენიმე წელი არ გვენახა ერთმანეთი. როდესაც შევხვდით, უმთავრესი თემა, როგორც წესი, ნათლობა იყო. ყოველ ძველმოწესეს, განსაკუკთრებით მღვდელს გააჩნია ნეგატივების მთელი საბარგული მოსკოვის საპატრიარქოს ტაძრებთან შეხებისგან. დღესაც ასეა, შეხვედრისას, კვლავ ნათლობის მაგალითები ქ. კალუგის საკათედრო ტაძრის პრაქტიკიდან, სადაც მოსანათლს ტანგაუხდელად ნათლავენ, და თანაც მხოლოდ თავს უსველებენ... მან მიჩვენა წიგნი "Самарский батюшка", რომელშიც არის ფოტოსურათი, როგორ "ნათლავს" მღვდელი ადამიანს ჭურჭლიდან წყლის დასხმით.

საჭიროა კატეგორიულად აიკრძლოს ამგვარი ფოტოსურათები საეკლესიო გამოცემებში, ასევე არ იქნას გაშვებული ვიდეო მასალები. გულახდილად გეტყვით, ყოველთვის, როდესაც მსგავს შემთხვევებს ვაწყდები, ვიღაცას ვავალებდი წერილი მიეწერა იმ ადამიანისთვის, ვინც ამას აკეთებდა და თანაც იმ კანონებსაც ვუთითებდით, სადაც შთაფლვით ნათლობაზეა ლაპარაკი.

წამყვანი: მამაო, მსახურება ძველი წეს-განგების მიხედვით უფრო ხანგრძლივია. როგორ შეესაბამება ეს თანამედროვე ცხოვრების ტემპებს?

მ. კირილე: ნათლობაზე თუ ვიმსჯელებთ, მინდა გითხრათ, რომ როგორც წესი, ყველა მადლობელია. ადამიანებს უხარიათ, როცა ხედავენ, რომ ყველაფერი სრულდება აუჩქარებლად, ზომიერად, მკაფიოდ. ძველი წეს-განგებით მსახურება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ხანგრძლივია. ჩვენ ღამისთევით ლოცვას ვიწყებთ მცირე მწუხრიდან დღის 15 საათზე, მაშინ როდესაც მსახურების დაწყების ზარისცემა ქრისტე მაცხოვრის ტაძრიდან გვესმის 17 საათზე, როდესაც ჩვენ ვაღწევთ კულმინაციას - ანუ სახარებას ვკითხულობთ და შემდეგ ვემთხვევით მას; ამ დროს მდინარე მოსკოვის მეორე მხარეს ისმის ღამისთევითი ლოცვის დასრულების ზარისცემა. რა თქმა უნდა, ცოდვა გამხელილი ჯობს, ყველა როდი მოდის მსახურების დასაწყისში.

წამყვანი: მამაო, ორი წუთიღა დაგვრჩა ეთერის დასრულებამდე. რას იტყოდით ჩვენი ციკლის დასასრულს ძველმოწესეობის თემასთან დაკავშირებით.

მ. კირილე: ძველმოწესეებთან შეერთების რაიმე პერსპექტივებზე თუ ვისაუბრებთ, აქ ვითარება ჩიხურია, თუმცა ძალზედ ვისურვებდი, რომ ჩვენი ხალხი უფრო შემჭიდროვებული და კონსოლიდირებული ყოფილიყო. შესაძლოა მოხდეს სასწაული, მოხდეს ისე, რომ ღმერთი ჩაერიოს ამ კვანძის გახსნაში ისე, როგორც ეს მას ნებავს. თუ ვილაპარაკებთ საგნებზე, რომლებიც ზედაპირზე დევს, ისინი, როგორც ვფიქრობ, ასე უნდა გადაწყდეს: ნათლობა ჯეროვნად უნდა აღსრულდეს, უნდა შევიგნოთ ძველი ღვთისმოსაობის დევნულების უსამართლობა, ხოლო შევიგნებთ რა, შევინანოთ, რათა მით, სიმბოლურად რომ ვთქვათ, "გავასუფთავოთ ნიადაგი" კონსტრუქციული დიალოგისთვის, ხოლო შემდეგ რა მოხდება ღმერთმა უწყოდეს, დე იყოს ნება მისი.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому