აპოლოგეტიკა - გზააბნეული ღვთისმეტყველება 6 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
ფ. მელნიკოვი

გზააბნეული ღვთისმეტყველება
გზააბნეული ღვთისმეტყველება

თავი XIII

სინანულის შესახებ

1.
სინანულის საიდუმლო, გაბატონებული ეკლესიის სიმბოლური და დოგმატური სახელმძღვანელოების მიხედვით, შედგება რამოდენიმე მომენტისგან. მაგრამ მათგან ყველაზე არსებითად მიიჩნევა მონანული ადამიანის წუხილი ჩადენილ ცოდვათა გამო. "წმ. მამები და ეკლესიის მოძღვრები, - ნათქვამია მიტროპოლიტ მაკარის "ღვთისმეტყველებაში", - ერთხმად აღიარებენ, რომ სულის შემუსვრილობა და წუხილი ცოდვათა გამო აუცილებელი კუთვნილებაა სინანულისა" (Макарий (Булгаков). Православно-догматическое... Т. IV. § 224. С. 248).

წუხილი ცოდვათა გამო უნდა იყოს გულწრფელი და პატიოსანი. სხვაგვარად, სინანული მხოლოდ ფარსი და ტყუილი აღმოჩდნება. "სინანულისთვის არსებითია, რომ ვინც ინანიებს, მას შეუძლებელია შეგნებული არ ჰქონდეს თავისი ცოდვების სიმძიმე და მომაკვდინებელი შედეგი ამ შეცოდებათა; არ შეიძლება არ გრძნობდეს თავის დანაშაულსა და უღირსებას ღმრთის წინაშე; არ შეიძლება გულით არ სწუხდეს და არ გლოვობდეს თავის შეცოდებას, - და იქ, სადაც არ არის ასეთი გულწრფელი შენანება ცოდვათა გამო, იქ არც შეიძლება იყოს გულწრფელი სინანული, არამედ მხოლოდ გარეგნული მოქმედებაღა დარჩება" (Макарий (Булгаков). Православно-догматическое... Т. IV. § 224. С. 247).

"რაც შეეხება ცოდვათა გამო წუხილს, - განმარტავს მიტროპოლიტი მაკარი, - უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის გამომდინარეობდეს არა ცოდვათა გამო დასჯის შიშიგან, არა მხოლოდ ჩვენთვის სავალალო შედეგების წარმოდგენით, როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ ცხოვრებაში, არამედ, უპირატესად, ღმრთის სიყვარულისგან, რომლის ნებაც დავარღვიეთ; უნდა გამომდინარეობდეს იმის ცოცხალი შეგრძნებიდან, რომ ჩვენი ცოდვებით შეურაცხვყავით ჩვენი უდიდესი კეთილისმყოფელი და მამა; აღმოვჩნდით უმადურნი მის წინაშე და ამიტომაც, უღირსნი ვართ მისი წყალობისა" (იქვე).

იგივეა ნათქვამი "მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" (Православное исповедание. 1900. Ответ на 112 вопрос. С. 74), "ვრცელ კატეხიზმოში" (Пространный Катехизис. Изд. 70-е. С. 60) და ეპისკოპოს სილვესტრის "დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალში", ასევე სხვა საღვთისმეტყველო და კანონიკურ წიგნებში. "არსებითი და აუცილებელია, - ამბობს ეპისკოპოსი სილვესტრი, - მონანული ქრისტეანის მხრიდან, ცოდვათა მიტევება რომ მიიღოს, ყოველთვის შეინანოს სრულიად და გულწრფელად, რომ მიეტევოს მას უმძიმესი ცოდვები, თუმცა ამგვარი მიდგომის გარეშე მას არც უმცირესი ცოდვა მიეტევება" (Сильвестр, еп. Опыт... Т. V. § 152. С. 40).

მაგრამ, სრულიად განსხვავებული შეხედულება გამოიმუშავა სინანულის საიდუმლოზე მმართველმა სინოდმა. მონანულის გულის შემუსვრილობას, მის გულწრფელ აღსარებას და მის ნებას სინოდი არ ანიჭებდა არავითარ მნიშვნელობას. ის სინანულის საიდუმლოს უყურებდა, როგორც სამოქალაქო მორჩილების ერთგვარ გამოხატულებას, რომელიც უნდა ეტარებინა ნებისმიერ მოქალაქეს, სურდა მას ეს თუ არ სურდა. ამგვარი მორჩილებისადმი უარის თქმის შემთხვევაში მოქალაქეს სასჯელი ელოდა. 1721 წლის 29 მარტს მმართველმა სინოდმა გამოიტნა რეზოლუცია აღსარების საიდუმლოსთან დაკავშირებით: "ყველა სამრევლოში თვით მღვდლებმა, სადაც უნდა იყოს, მიაქციოს ყურადღება ვინ ინანიებს და ვინ არა; იქონიოს ყოველწლიური წიგნი, სადაც შეტანილნი იქნებიან მონანულნი და გამოაგზავნონ ეპარქიებში, სულიერ მწყემსთავართან, და თუკი აღმოჩნდება, რომ წიგნში ვინმე არ იქნება შეტანილი ვითარც მონანული, იმ სამრევლოს მღვდლებს დაეკისროთ სხვადასხვა სახის ჯარიმები..." (უფრო სრულად ეს განკარგულება რუსულ ენაზე ასე ჟღერს: "Надзирать в приходах самим священником, и прикащиком и старостом, где случитца, и кто будет исповедыватца и неисповедыватца, тому всему иметь книги погодно и присылать их по эпархиям в Духовные Приказы, и кто по тем книгам явитца без исповеди, и с таких править тех приходов священником штрафы, с разночинцев и с посадских: первой — по рублю, второй — по два рубля, третий — по три рубля, а с поселян: первой — по десяти денег, другой — по гривне, третий — по пяти алтын, а которые в таковых противностях явятца, и о тех подавать ведомости в губерниях губернатором и лантратом, а им по тем ведомостям таковым чинить наказание, а потом им ту исповедь исполнять же") (Полное собрание постановлений и распоряжений по ведомству православного исповедания. Т. I. № 52. С. 67).

ცხადია, რომ ასეთ "სინანულში" ლაპარაკიც კი არ შეიძლება გულის შემუსვრილობაზე, წუხილზე ცოდვათა გამო და სინანულის გულწრფელობაზე. ასეთი აღსარება, რომელიც დოგმატიზირებული იყო სინოდალური ხელისუფლების მიერ, შედგება მხოლოდ ორი "ნივთიერებისგან": ძალადობისა და ფარისევლობისგან. ეს არის არა საიდუმლო, არამედ ტყუილი და მკრეხელობა.

სინანულის საიდუმლოს სინოდმა დაუკავშირა არა მხოლოდ ჯარიმები და სასჯელები, არამედ სამოქალაქო კოდექსიც: " В Москве из слобод, - ნათქვამია სინოდის იმავე რეზოლუციაში, - и в городех, и в селех, и в волостях, и везде в бурмистры, и во всякия службы выбирать таких, которые со свидетельством отцев духовных и приходских людей, что они по вся годы исповедываютца, а которые не исповедываютца, и таких отнюдь ни в какие службы не выбирать" (ანუ, ამ განკარგულების მიხედვით, "ქალაქებში, სოფლებში და ოლქებში, ყველგან, ბურგომისტრებად და ყველა თანამდებობის მსახურებად უნდა არჩეულ იქნან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი სულიერი მამების მოწმობით, ყოველწლიურად აბარებენ აღსარებას, ხოლო ვინც აღსარებას არ აბარებს სულიერ მოძღვარს, ამგვარნი არანაირ თანამდებობაზე არ უნდა აირჩიონ" - მთარგმნ.) (Полное собрание постановлений... . Т. I. № 52. С. 67).

სინოდმა სინანულის საიდუმლოს სამოქალაქო ცენზი დაუწესა. ვისაც ეს ცენზი გააჩნია ის შეიძლება გახდეს ბურგომისტრი ან სხვა რომელიმე ჩინოვნიკი, ამ საეკლესიო ცენზის გარეშ კი სამოქალაქო სამსახურისკენ ყველა გზა დაკეტილია. სინანულის საიდუმლოზე, როგორც სამოქალაქო მორჩილებისა და ზედამხედველობის საშუალებაზე, მკრეხელური შეხედულება, სინოდმა გამოთქვა არაერთხელ. 1722 წლის 12 აპრილს, სინოდმა კვლავ გამოსცა რეზოლუცია: "ვინც არ ჩააბარებს აღსარებს, პირველად უნდა დააჯარიმონ, მეორედ ორმაგად დააჯარიმონ, მესამედ კი სამოქალაქო სასჯელის მისაღებად წარმოაგზავნონ" (Там же. Т. П. № 532. § 24. С. 175). სინანულის საიდუმლოს ასეთი მკრეხელური გაგება, როგორც ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ამ საიდუმლოს დოგმატურ განმარტებას.

2. თავის თხზულებებში სინოდმა ისე დაამახინჯა სინანულის საიდუმლო, რომ იგი პოლიციური დევნის საშუალებად, ხოლო მღვდელი ყველაზე საშიში პროვოკატორად გადააქცია. 1722 წლის აპრილში, ამბობს მღვდელი ა. სინაისკი, "გამოვიდა უზენაესი განკარგულება, რომელშიც ითხოვდნენ, რათა მღვდლებს სამოქალაქო ხელისუფლებისთვის მოეხსენებინათ მათთვის აღსარების საიდუმლოში განდობილი "წინასწარგანზრახული ბოროტებანი", თუკი ამ დანაშაულებათა ჩამდენები არ შეინანებდნენ და თავიანთ განზრახვაზე ხელი არ აიღებდნენ. ხოლო ბოროტ განზრახვაში, რომლის გაცხადებაც ევალებოდა მღვდელმსახურს, შედიოდა: ხელმწიფის ღალატი ან ჯანყის მოწყობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასევე მისი აღმატებულებისა და მეფის ოჯახის წინააღმდეგ; ყოველივე მის წინააღმდეგ, რასაც შეეძლო ზიანი მოეტანა საეკლესიო და სახელმწიფო სარგებლობისთვის. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოცემულ სინოდის განკარგულებაში ნათქვამია, რომ "ზოგიერთი ბოროტმოქმედი, აღიარებს რა ცოდვებს თავის მოძღვართან, თავის ბოროტ ზრახვებს აცხადებს არა სინანულით და განზრახვისგან ხელის აღებით, არამედ ამ უკეთური მიზნის აუცილებელი აღსრულების სურვილით, სულიერი მამები კი, ვერ ბედავენ ვინმეს გაანდონ ამგვარი განცხადებანი, რადგან ცოდვად მიაჩნიათ ის, რაც სინამდვილეში არ არის ცოდვა, არამედ ცოდვის აღკვეთა და მათი ამგვარი დუმილისგან ხდება მრავალი საზიანო ამბავი" (Синайский А. Отношение... . С. 231).

"ეს განკარგულება, - აგრძელებს მღვდელი სინაისკი, - თავისი უჩვეულობით, არაკანონიკურობით და "რეგლამენტის" სხვა პუნქტებთან წინააღმდეგობით, აღმაშფოთებელია როგორც მართლმადიდებელთა, ასევე "რასკოლნიკთათვისაც", მითუმეტეს, რომ წინასწარგანზრახული ბოროტების სფერო, რომელიც შესაძლოა ბოროტმოქმედს ემცნო მღვდლისთვის აღსარებაზე, სულიერი მოძღვრის შეხედულებით და თავნებობით, შესაძლოა გადაჭარბებულიც კი ყოფილიყო და ორივე, მოძღვარიც და სულიერი შვილიც, უნდა გამგზავრებულიყვნენ საიდუმლო კანცელარიაში, ან ფერისცვალების "პრიკაზში" (XVII-XIX საუკუნეების რუსეთში, ადმინისტრაციული ერთეული - მთარგმნ.), რათა იქ დაედასტურებინათ ორივეს აღსარებაზე ნათქვამი ცოდვები" (იქვე).

სინოდი მღვდლებს უბრძანებდა გაემჟღავნებინათ არა მარტო იმ ადამიანთა ცოდვები, რომლებსაც გააჩნდათ "ბოროტი ზრახვები სახელმწიფოსა და სამეფო ოჯახის მიმართ", არამედ "ეკლესიის მიმართაც", ასევე სხვადასხვაგვარი "ქურდობები" (Духовный Регламент. 1897. С. 98 и 100). იმის შემდეგ რაც მღვდლები ენის მიმტანებად და სახელმწიფოს აგენტებად გარდაქმნა, სინოდმა მათ დაავალა მკაცრად და ზუსტად შეესრულებინათ ენის მიმტანთა მოვალეობანი. მღვდელი, რომელიც არ დაემორჩილებოდა ამგვარ განკარგულებებს და "არაკეთილსინდისიერად" შეასრულებდა მისდამი დაკისრებულ ენის მიმტანის მოვალეობას, მკაცრად ისჯებოდა, თვით გადასახლებითაც კი (იხ. Духовный Регламент. 1897. С. 99).

სინოდი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მღვდლებისგან მოწოდებული ასეთი შეტყობინებები, რომლებიც ეხებოდა ადამიანთა ცოდვებს, არის სწორედ იესუ ქრისტეს მცნების აღსრულება. "რადგან, ამგვარი შეტყობინებით, - განმარტავს სინოდი, - მოძღვარი კი არ გასცემს მიდამი მიცემულ აღსარებას და კანონებს კი არ არღვევს, არამედ პირიქით, ასრულებს უფლის მცნებას, რომელმაც ბრძანა: " ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა" (მათე 18:15-17).

"კრებულში" სინოდი ცხადია გულისხმობს ფერისცვალების "პრიკაზს", სადაც უნდა გამოცხადებულიყო მღვდელი და მოეხსენებინა თავისი სულიერ შვილთა ცოდვები. სინოდის ამ სწავლებით ყველა მღვდელი, რომელიც მკაცრად იცავს აღსარების საიდუმლოში გაცხადებულ ყველა ცოდვას, უნდა გამოცხადდეს წმ. სახარების დამრღვევად და ქრისტეს სწავლების მოწინააღმდეგედ. "როგორც უნდა გაემართლებინათ საეკლესიო-სამთავრობო ხელისუფლებას თავისი უცნაური განკარგულებები, სადაც ამტკიცებდნენ, რომ თითქოსდა ის არ ეწინააღმდეგება აღსარების საიდუმლოს არსს და სასარგებლოა სახელმწიფო ინტერესებისთვის, ყველასთვის ცხადი იყო, რომ მღვდელი ხდებოდა საშიში ადამიანი, რომელსაც შეეძლო შური ეძია თავისი სულიერი შვილების წინააღმდეგ და შეეძლო ასევე სრულიად წარეწყმიდა ისინი, რადგან ბოროტად უნდა ესარგებლა მათი ნდობით" (Синайский А. Отношение.... С. 232).

"ამგვარად, - ასკვნის მამა ა. სინაისკი, - პირველი ღონისძიება, რომელიც ეხება ქრისტეანის ერთ ერთ უწმიდეს მოვალეობას, თავისუფალი მიღებისა და შესრულების ნაცვლად, მრავალს განდრეკდა ეკლესიისგან მისი მოთხოვნების გართულებით და ზოგიერთ ცოდვათა გამოაააშკარავებით, რაიც აიძულებდა მონანულ ადამიანთ დაემალათ შეცოდებანი და ეთქვათ ტყუილი. აცბუნებდა ასეთი ვითარება მთავრობის განკარგულებების შემსრულებელ მღვდლებსაც. მათგან ერთნი ასრულებდნენ ამ გართულებულ აღსარებას, სხვები მას არღვევდნენ და არ აცხადებდნენ თავიანთი სულიერი შვილების ცოდვებს, თავს კი მრავალი საპატიო მიზეზით იმართლებდნენ" (Синайский А. Отношение.... С. 234).

ამრიგად, საეკლესიო საიდუმლოთა რიცხვში სინოდმა შეიტანა პოლიციური ინსტიტუტი, რომელსაც დანაშაულებრივად და მკრეხელურად უწოდა სინანულის საიდუმლო.

3. ყოველგვარი დევნულების შედეგად, რომელიც აღუმართავთ საერო და სასულიერო ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ, ვინც რაიმეში არ ეთანხმება სინოდალურ დადგენილებებს, იშვიათად თუ ვინმეს შესძლებია ამ საშინელი აღსარებისგან თავის არიდება.

ამ აღსარებისკენ ძალით მიათრევდნენ ყველას: მისდამი მორწმუნეებს და ურწმუნოთ, მართლმადიდებლებს და მწვალებლებს, მცირედ შემცოდე ადამიანებს და საშინელ მკვლელებს. ყველა მათგანისგან ითხოვნდნენ არა მარტო აღსარებას, არამედ ზიარებასაც. როგორი ცოდვა და ბოროტება არ ჩაუდენია ამ მონანულ ადამიანთა ამ ჭრელსა და მრავალგვაროვან ბრბოს, რომელიც მმართველი სინოდისა და მთავრობის მუქარის შიშით მიდიოდა აღსარებაზე.

ზოგიერთი მათგანი, ზიარება რომ არ მიეღო, რადგან მაინცა და მაინც დიდ სიწმინდედ არ მიაჩნდა იგი, იგონებდა ათასგვარ ცოდვას, რომლისთვისაც უზიარებლობის მრავალწლიანი ეპითიმიით უნდა დასჯილიყო. მაგრამ სინოდმა განკარგულება გასცა ყველა დამნაშავისთვის ეპატიებინათ დანაშაული, მიეტევებინათ ყოველი ცოდვა, როგორი სახისაც უნდა ყოფილიყო იგი. "თავს იკატუნებენ და ათასგვარ ცოდვას იბრალებენ, რათა უარი თქვან წმიდა ევქარისტიაზე, რომელსაც ასე უღმრთოდ გმობენ, ამიტომაც, წმიდა ეკლესიამ, რომელსაც მხოლოს გააჩნია ძალაუფლება დროისა და ადამიანთა ზნეობის შესატყვისად გამოსცეს განკარგულებანი თავისი შვილების გამოსასწორებლად. ამიტომაც, მიუტევებს ის ყველა მონანულს თავის ცოდვებს, როგორიც უნდა იყოს იგი და დაუბრკოლებლად აძლევს ზიარებას" (Синайский А. Указ. соч. С. 233).

არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სინოდმა აღსარების საიდუმლო საგამომძიებლო განყოფილებად და სამოქალაქო მორჩილების ფორმად რომ აქცია, მეტიც, მან სინანული ლათინური სალხინებლის მსგავს რამედაც გადააკეთა, ხოლო თითოეულ მღვდელს ისეთი უფლებამოსილებები მიანიჭა, რომელიც რომის პაპსაც კი შეშურდებოდა.

ნებისმიერი მონანული, ვინც კი უნდა მისულიყო მღვდელთან აღსარებაზე, და როგორი ფარისევლობისა და სიმულაციისთვისაც უნდა მიემართა; როგორი საშინელი ცოდვებითაც ყოფილიყო დამძიმებული მისი სული, ყველაზე ბოროტი და საშინელი ღმრთისმგმობიც რომ ყოფილიყო - მღვდელი, რომელიც აღსარებაზე აიყვანდა ამგვარ ადამიანს, მოვალე იყო გაეხსნა ის მისი ცოდვებისგან და ამგვარი "მიტევების" შემდეგ ცოდვილი იმდენად "განიწმინდებოდა", რომ შეეძლო თვით ქრისტესაც კი ზიარებულიყო.

საოცარი "საიდუმლოა" არა?!

ამ "საიდუმლოსა" და ლათინურ სალხინებელს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ უკანასკნელში ცოდვილი მაინც ისჯება, მაშინ როდესაც, გაბატონებული ეკლესიის სინანულის საიდუმლოში არავითარი სასჯელი არ არსებობს.

4. მისცა რა უფლება თავის მღვდლებს განურჩევლად მიეტევებინა ცოდვები და ნებისმიერი ეპითიმიისგან გაეხსნა ყოველი ცოდვილი, სინოდმა ეპითემიების დადება საერთოდ არასაჭიროდ ჩათვალა. რა საჭიროა ის, თუ სინანულის საიდუმლო მხოლოდ მღვდლის ფუნქციებზეა დაყვანილი? გაბატონებული ეკლესიის თანამედროვე ღვთისმეტყველები, საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეპითემიები არა თუ საჭირო არ არის სინანულის საიდუმლოში, ეპითიმიის შესახებ თვით სწავლებაც კი ლათინური მწვალებლობა ყოფილა. მიმოიხილავს რა "დიდი კატეხიზმოს" სწავლებას ეპითიმიების შესახებ, ცნობილი რასკოლოვედი, პროფ. ნ. ი. ივანოვსკი, ამბობს: "ეს სწავლება არ შეიძლება ვაღიაროთ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებად, რადგან ის ატარებს ლათინთა სწავლების ხასიათს ამ საგანზე" (Ивановский Н.И. Критический разбор учения беспоповцев о церкви и таинствах. Казань, 1892. С. 254).

პროფ. ივანოვსკი იმედოვნებს, რომ "არავინ დაიწყებს დავას იმ მნიშვნელობაზე, რასაც "დიდი კატეხიზმო" ანიჭებს ეპითიმიებს სინანულის საიდუმლოში და საკითხში მონათლულთა და მოუნათლავთა იმქვეყნიური ხვედრის შესახებ, რომელიც განთავსებულია 66-ე გვერდზე. პირველ ადგილას ის ეპითიმიას მიიჩნევს სინანულის საიდუმლოს შემადგენელ ნაწილად; უკანასკნელში კი სასხვათაშორისოდ აკეთებს შენიშვნას, რომ ვინც ეპითიმიას არ შეასრულებს, ბოროტ და ღმრთივსაძაგელ საქმეებშია დანთქმული. ამაზე კი უნდა შევნიშნოთ, რომ მსგავსი სწავლება ეპითიმიების შესახებ არ ეკუთვნოდა და არ ეკუთვნის მართლმადიდებლურ ეკლესიას, არამედ უნდა ვაღიაროთ ლათინურ სწავლებად" (იქვე. გვ. 247), ანუ მწვალებლობად.

"დიდი კატეხიზმოს ავტორი, - განმარტავს ივანოვსკი, - ეპითიმიას სრულიად აუცილებლად მიიჩნევდა სულის ცხოვნების საქმეში, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ის სინანულის შემადგენელ ნაწილად აღიარებდა მას. მაგრამ დიდი რუსი მწიგნობრები და თვით სრულიად რუსეთის პატრიარქი ფილარეტი ამგვარ სწავლებას არამართლმადიდებლურად მიიჩნევდნენ" (იქვე. გვ. 253).

პატრიარქი ფილარეტი აქ დამოწმებულია სრულიად უადგილოდ. რუსეთის ეკლესიის ამ წმიდა მღვდელმთავარს არსად არაფერი უთქვამს ეპითიმიის, როგორც სინანულის საიდუმლოს შემადგენელი ნაწილის წინააღმდეგ. თვით. პროფ. ივანოვსკი, ცხადია, უარყოფს ეპითიმიის აუცილებლობას სინანულის საიდუმლოში (იხ. Ивановский Н.И. Критический разбор учения беспоповцев о церкви и таинствах. Казань, 1892. С. 254). ის არ არის წინააღმდეი დაშვებულ იქნას ეპითიმია, როგორც სულიერი მკურნალობის საშუალება, მაგრამ არა როგორც სასჯელი. ასე უყურებენ ეპითიმიას გაბატონებული ეკლესიის სხვა ღვთისმეტყველნიც.

ეპისკოპოს სილვესტრის "ღვთისმეტყველებაში" დამოწმებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქის, იერემიას შემდეგი გამონათქვამი: "კანონებით განსაზღვრულ სასჯელთა შესახებ, რომელთაც თქვენ სრულიად უარყოფთ (ეუბნება პატრიარქი კონსტანტინოპოლელ ღვთისმეტყველებს), ჩვენ ვფიქრობთ: თუ ისინი ეკლესიის მსახურთა მიერ ვითარც სამკურნალო წამალი, დადებულია ამპარტავნებზე, მევახშეებზე, თავშეუკავებლებსა და გარყვნილებზე, ასევე შურიანებზე, კაცთმოძულეებზე და სხვადასხვა ვნებებით მოწყლულებზე, ფრიად სასარგებლოა და გამოსწორების საქმეში შეეწევა ყოველ მონანულს. ამიტომაც, წმ. მამები განგვიწესებდნენ ეპითიმიების დადებას მოქცეულებსა და მონანულებზე" (Сильвестр. Опыт.... Т. V. § 152. С. 49).

მაგრამ, საკვირველია როგორ გამორჩათ თანამედროვე ღვთისმეტყველებს, სინანულის საიდუმლოს შესახებ დოგმატური სწავლების მოთავსება თავიანთ სიმბოლურ წიგნებში. საყოველთაოდ ცნობილ "მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" ნათქვამია, რომ ეპითიმია, რომელსაც ადამიანს აძლევენ აღსარების შემდეგ არის სასჯელი ცოდვებისთვის და რომ ის იმდენად აუცილებელია, რომ შედის სინანულის საიდუმლოში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. "მეხუთე საიდუმლო არის სინანული, - ნათქვამია "მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში", - გულის შემუსვრილობა ცოდვათა გამო, რომელსაც აღიარებს ის მღვდლის წინაშე იმ განზრახვით, რომ გამოასწორებს თავის ცხოვრებას და მზად არის შეასრულოს ყოველივე, რასაც მღვდელი დაადებს მას სასჯელის სახით" (Православное Исповедание. Ответ на 112 вопрос. С. 74). "მოძღვარს არ ძალუძს გახსნას ცოდვილი, თუკი არ იცის რისგან უნდა გახსნას და როგორი დაადოს ეპითიმია" (იქვე. გვ. 75).

სასჯელის ქვეშ კი იგულისხმება ეპითიმია, რომლის გარეშეც, "მართლმადიდებლური აღმსარებლობის" სწავლებით, შეუძლებელია იყოს სინანულის საიდუმლო. "სინანულს განეკუთვნება ეპითიმია, - ამტკიცებს გაბატონებული ეკლესიის ეს წიგნი, - რომელსაც განსაზღვრავს და ადებს სასულიერო მოძღვარი. ეპითიმიებში შედის: ლოცვები, მოწყალებანი, მარხვები, მომლოცველობა, მუხლმოყრანი და მსგავსნი, იმისდა მიხედვით, რა უფრო ჯეროვანი იქნება სულიერი მოძღვრის თვალსაზრისით" (იქვე).

"მართლმადიდებლური აღმსარებლობის" ასეთი სწავლება სინანულის საიდუმლოს შესახებ, ეპისკოპოს სილვესტრის, პროფ. ივანოვსკისა და გაბატონებული ეკლესიის სხვა ღვთისმეტყველთა განცხადებით, არის ლათინური მწვალებლობა. აიღეთ ნებისმიერი "კურთხევანი" ნებისმიერ მართლმადიდებელ ეკლესიაში, - ურჩევს ძველმოწესეებს მისიონერი დ. ალექსანდროვი, - და სინანულის საიდუმლოს წეს-განგებაში იპოვით მითითებას მოძღვრისადმი განწესებათა მიხედვით დაადოს მონანულს ეპითიმიები" (იხ. მაგ. Требник малого формата по издан. 1882 г., стр. 76, 77, 78, 79 и 80).

აიღეთ "მართლმადიდებლური აღმსარებლობის" ბოლო ან თუნდაც ადრინდელი გამოცემები და 113-ე პასუხში წაიკითხავთ, რომ სინანულის დროს, აღსარებაზე, "საჭიროა მონანულს მიეცეს განაწესი და ეპითიმია"; აიღეთ მაკარის "დოგმატური ღვთისმეტყველება", წიგნი, რომლის მიხედვითაც ასწავლიან და ამზადებენ მომავალ ღვთისმსახურებს ოფიციალურ ეკლესიასი და იქაც წაიკითხავთ ეპითიმიების შესახებ თუ რატომ და როგორ უნდა დაედოს ის მონანულ ქრისტიანთ" (იხ. ტომი 2-ე, გვ. 336-348, 1857 წლის გამოცემის მიხედვით).

დაბოლოს, თუ თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ სიგელს, რომელსაც ეპისკოპოსი აძლევს ყოველ ახლადხელდასხმულ მღვდელს ნახავთ, რომ იქ მოცემულია დარიგება, როგორ უნდა მოიქცეს მღვდელი სინანულის საიდუმლოში, ვის როგორი ეპითიმია დაადოს და სამარადიოსოდ გაგიქრებათ სურვილი დაადანაშაულოთ ეკლესია ეპითიმიათა გაუქმებაში" (Александров Д. Беседа со старообрядцем по вопросу об епитимиях. С. 32-33).
ერთის სიტყვით, რასაც გინდათ იმას მიიღბთ. გნებავთ რომ ეპითიმია იყოს სინანულის საიდუმლოში, რომ ის აუცილებლად იყოს აღიარებული, როგორც საიდუმლოს შემადგენელი ნაწილი, - აჰა, თქვენ ამის შესახებ გაბატონებული ეკლესიის სავალდებულო სწავლება. მაგრამ იქნებ თქვენ სულაც არ გნებავთ ეპითიმია? კი ბატონო, ნუ მიიღებთ მას. გაბატონებულმა ეკლესიამ ჯერ კიდევ პეტრე I დროიდან გააუქმა იგი, როგორც არასაჭირო და მავნე საგანი. დიახ, აღიარებენ, რომ თვით სწავლებაც კი ეპითიმიების შესახებ, რომლითაც შემცოდე ადამიანებს სჯიან ცოდვებისთვის, გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა მიერ ლათინურ მწვალებლობად არის მიჩნეული.

აი, ასეთი ორმაგი და ურთიერთგამომრიცხავი სწავლებაა ეპითიმიის შესახებ მოცემული გაბატონებული ეკლესიის კანონიკურ, საღვთისმეტყველო და პოლემიკურ წიგნებში.

5. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში სინანულის საიდუმლო ვაჭრობის საგნად არის გადაქცეული. ცოდვათა მიტევებისთვის იქ ფულს იხდიან. ადრინდელი ეპითიმიების ნაცვლად ლათინურ ეკლესიაში დამკვიდრებულია ე. წ. ინდულგენციები, ანუ ცოდვათაგან გამათავისუფლებელი სიგელები. რუსეთის გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები ამხელენ ლათინურ ეკლესიას ამ სიახლისთვის და ამტკიცებენ, რომ ინდულგენციები გამორიცხავენ თვით სინანულის საიდუმლოს არსს და უზნეო აქტად მიიჩნევენ (См.: Иннокентий. Богословие обличительное. Т. II. Гл. IV. Чл. II. §§ 184-193).

"დასავლეთის ეკლესიაში, - ამბობს ეპისკოპოსი სილვესტრი, - IX საუკუნიდან, განსაკუთრებით კი XI-დან დაშვებულ და კანონად მიღებულ იქნა არა მარტო შემოკლებანი, არამედ ზოგიერთი ძველსაეკლესიო ეპითიმიების სრული გაუქმება, და თანაც არა იმიტომ, რომ ყურადღებას აქცევდნენ შემცოდეთა სინანულის ხარისხს, არამედ მხოლოდ პაპისადმი მიტანილი სინანულის ქარტის ან სურვილების საფუძველზე, რომლებიც "შემაგრებული" იყო შემოწირულობებით, რაზეც პაპი პასუხობდა შეუვალი და გამაფრთხილებელი სიგელებით, ე. წ. ინდულგენციებით, რომელმაც მალე საკმაოდ ვრცელი და მრავალგვაროვანი დანიშნულება მიიღო" (Сильвестр. Опыт... Киев, 1897. Т. V. § 152. С. 41).

ეპისკოპოსი სილვესტრი შეგვახსენებს, რომ ძველ ეკლესიაში "აუცილებლად მიიჩნეოდა მეტ-ნაკლებად მძიმე და ხანგრძლივი ეპითიმიები, რომლებიც წარმოადგენდნენ სინანულის საიდუმლოს დამატებას და მიზნად ისახავდა ცოდვილის განკურნებას სულიერ სნეულებათაგან და მისი მოყვანას სრულ სინანულსა და გამოსწორებაში" (იქვე). ინდულგენციები აუქმებენ ამ კურნებას სინანულის საიდუმლოში და ცოდვილის ამ სინანულსა თუ გამოსწორებას, თავსიდებს განტევების სიგელი. მაგრამ, განა იგივე არ დააწესა რუსულმა სინოდალურმა ეკლესიამ? მან, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, სრულიად გააუქმა ეპითიმია აღსარების დროს და გამოსცა განკარგულება "საერთოდ არ გამოიყენონ იგი" (Духовный Регламент. 1897. В прибавл. С. 107) და ნება დართო მღვდლებს აღსარებაზე მოსული ადამიანები გაეხსნათ ყველა ცოდვისგან, როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი. "ვინც აღსარებაზე საკუთარ ცოდვებს შეინანებს, როგორიც უნდა იყოს იგი, ეკლესია ზიარების საიდუმლოზე დაუშვებს დაუბრკოლებლივ", - ნათქვამია სინოდალურ დადგენილებაში (Полное собрание постановлений... 1872. Т. II. № 454. С. 107).

ხოლო ვინ იყვნენ ეს მონანულები, სინოდი აღნიშნავს იმავე დადგენილებაში. ესენი იყვნენ არა გულწრფელად მონანული ცოდვილები, არამედ "ბოროტგანმზრახველი ადამიანები" და "ევქარისტიის უღმერთო მგმობარები", რომლებიც უარყოფითად ეკიდებოდნენ სინანულის საიდუმლოს (იქვე. გვ. 107).

სწორედ სინოდმა გასცა განკარგულება ნება დაერთოთ არანაირი ყურადღება არ მიეპყროთ "მათი სინანულის ხარისხზე", არც მათ მიერ განცხადებულ ცოდვებზე. განა ეს უკანმოუხედავი ნებართვა - ინდულგენცია არ არის? ინდულგენცია ხომ, საკუთრივ სიგელი არ არის (რადგან, თავისთავად ქაღალდს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს), არამედ ეპითიმიის გარეშე და გარკვეულ ფულად ანაზღაურებაზე ცოდვების მიტევებაა. ინდულგენცია, რომელიც რუსეთის გაბატონებულ ეკლესიაშია დანერგილი, უფრო საშინელია, უფრო უზნეოა, ვიდრე პაპის ინდულგენცია. ეპისკოპოსი სილვესტრი ამბობს: "დასავლეთის ეკლესიაში გაჩნდა თვითნებური და უსაფუძვლო სწავლება ეპითიმიების, როგორც არა ზნეობრი-პედაგოგიური ან სულიერ-მკურნალობითი საშუალების შესახებ, არამედ როგორც დროებით სასჯელზე, რომელიც ცოდვილმა უნდა მიიღოს ამ და მომავალ ცხოვრებაში, ღმრთის სიმართლის დასაკმაყოფილებლად, რომლის გახსნა და შეკვრა, ინდულგენციების მეშვეობით შეუძლია პაპს თავისი ძალაუფლებით" (Сильвестр. Опыт... Т. V. § 152. С. 42). ამ სწავლების მიხედვით, პაპი ინდულგენციებით უცვლის მონანულს ცოდვილს დანაშაულს, რომელიც უკანასკნელმა თავისი ცოდვებისთვის უნდა იტვირთოს. თავის აპოლოგეტურ თხზულებებში პაპისტები აცხადებენ, რომ "განტევებას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც უკვე შერიგებულია ღმერთს. განტევება თავისთავად არ ცვლის აღსარებას, პირიქით, აუცილებლად გულისხმობს მას...". ინდულგენციები რომაელ-კათოლიკეებთან გაიცემა სხვადასხვა ვადით. ეს ნიშნავს, რომ "თუ ვინმე განტევებას მიიღებს, ვთქვათ 100 დღით, ის გათავისუფლებულია მის მიერ ჩადენილი ცოდვების იმ ნაწილისგან, რაც მას ღმერთმა უბოძა საჯარო სინანულისთვის. ხოლო თუ მიეცა სრული განტევება, ეს ნიშნავს, რომ მისგან სრულიად იხსნება სასჯელი ცოდვათათვის, ოღონდ იმ პირობით, რომ მოიძულებს მათ, გმობს ყველა მათგანს, არა მხოლოდ სასიკვდილო, არამედ მცირე ცოდვებსაც, რომელსაც ყოველდღიურად სჩადის. ვისაც უყვარს თუნდაც ერთი უმცირესი ცოდვა, და არ ინანიებს მას, სრულ განტევებას ვერ მიიღებს" (См. римско-католическое сочинение: Забужный И. В защиту веры. СПб., 1908. Гл. 5. С. 182).

ასე ესმით და ასე განმარტავენ პაპის მიერ გაცემული ინდულგენციების არსს რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ღვთისმეტყველები და აპოლოგეტები. ინდულგენციები, ამ განმარტებათა მიხედვით, გაიცემა მხოლოდ ეპითიმიათა სანაცვლოდ და, ცხადია, ყოველთვის ჯეროვანი ანაზღაურების შემდეგ. მართალია, ცოდვათა მიტევების ამგვარი გაგების პირობებში ინდულგენციის გაცემა მაინც უზნეოა რადგან აუქმებს სინანულს საიდუმლოს. სინოდალური ინდულგენციები ამაზე უფრო უზნეოა, რადგან განხსნის ცოდვებს, "როგორიც უნდა იყოს", და თანაც იმისთანა ადამიანებისა, რომლებიც სინანულის საიდუმლოზე მოვიდნენ არა საკუთარი სინდისის კარნახით ან გულწრფელი სინანულის შეგრძნებით ჩადენილ ცოდვათა გამო, არამედ იძულებით, სამოქალაქო სასჯელთა შიშით.

რომაელ-კათოლიკეებთან მაინც ყურადღებას აქცევენ ინდულგენციის მიმღებ პირთა შინაგან განწყობას და თვით ინდულგენციები გაიცემა ცოდვილი ადამიანის სინანულის ხარისხის მიხედვით. რუსულ, გაბატონებულ ეკლესიაში კი სინოდმა განკარგულება გასცა გაეხსნათ ყველა ცოდვილი, მიუხედავად ჩადენილი დანაშულისა.

რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში ინდულგენცია არ უკავშირდება ზიარებას, ის არის მხოლოდ სასჯელი და გათავისუფლება სასჯელთაგან. რუსულ გაბატონებულ ეკლესიაში კი სინოდმა დააწესა ყველა ცოდვისგან გასხნა იმისთვის, რათა აღსარებაზე მოსული ცოდვილი სწორედ ზიარებით დაესაჯა. სინოდის რეზოლუციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ზიარება უნდა მისცენ იმ პირებსაც, რომლებიც გაურბიან ზიარებას და ამ მიზეზით იგონებენ საშინელ ცოდვებს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათ მიერ გამოცხადებული ცოდვების გამო, აარიდებდნენ მათ ზიარებას და სულიერ წარწყმედას. მაგრამ, ნურას უკაცრავად! სინოდმა გასცა განკარგულება უეჭველად გაეცათ მათთვის ინდულგენცია (გახსნა) და დაესაჯათ ისინი ზიარებით. სინოდმა ბრწყინვალედ იცოდა, რომ სწორედ ამგვარ პირთა ზიარება არის საშინელი სასჯელი. სწორედ იმიტომ, რომ სინოდმა ეს იცოდა, გასცა განკარგულება, რაც უნდა დასჯდომოდათ, ეზიარებინათ ამგვარი ადამიანები.

როდესაც ლათინებს ამხელენ ინდულგენციებისთვის, გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები ამბობენ, რომ "როგორც მოციქულთა დროინდელ ეკლესიაში, ასევე იმ დროის შემდეგ ჩვენ ვხედავთ მკაცრად ზნეობრივ და სულიერ მოთხოვნილებებთან შესატყვის აღსარებით დისციპლინას, მაგრამ ვერაფერს იმგვარს ვერ ვამჩნევთ, რაც გამოიგონეს დასავლეთში ინდულგენციების ან პაპის იმგვარი სიგელების სახით, რომლებითაც, შინაგანი სინანულის განცდის გარეშე, სრულიად მიეტევებოდეთ ცოდვილთ თავიანთი შეცოდება და თავისუფლდებოდნენ ეპითიმიებისგან მხოლოდ ფულადი ანაზღაურების ხარჯზე, რაც ეკლესიაში ოდითგანვე მიაჩნდათ ყველაზე მიუტევებელ მკრეხელობად" (Сильвестр. Опыт... Т. V. § 152. С. 43).

ცხადია, აქ, სინოდალური ღვთისმეტყველები განიკითხავენ თავიანთ ეკლესიასა და იერარქიას. სწორედ რუსული ეკლესიის სინოდმა გამოსცა განკარგულება "სრული ეპითიმიებისგან და ყოველგვარი ცოდვისგან გაეხსნათ ყველა ცოდვილი". სინოდალური ღვთისმეტყველები რომის ეკლესიას ცოდვად და მკრეხელობათ უთვლიან ინდულგენციებით ვაჭრობას. მაგრამ, ავიწყდებათ, საკუთარ, შემაზრზენ მკრეხელობაზე, რომლის გარეშეც გაბატონებულ ეკლესიაში არ სრულდება არც ერთი საიდუმლო. თუკი ფულადი ანაზღაურების მიხედვით ცოდვათა მიტევება დანაშაულია, განა უმეტესი დანაშაული არ არის ამის გაკეთება ძალადობის სახელით და სხვა სარწმუნოებისა და შეხედულებების ადამიანებზე დაცინვის მიზნით? მეტიც, განა შესაზარი არ არის ზიარების საიდუმლო გარდააქციო პოლიციური დევნის საშუალებად? ევქარისტიისა და სინანულის საიდუმლონი გაბატონებულმა ეკლესიამ პოლიციის სამსახურში ჩააყენა და გარდაქმნა ისინი სახელმწოფო ხელისუფლების სასტიკ და სულიერად გამანადგურებელ იარაღად. ამგვარი მკრეხელობის წინაშე უფერულდება რომის პაპის ყოველგვარი ინდულგენცია, როგორი უზნეო და უპატიოსნოც უნდა იყოს იგი.

6. ისეთი ინდულგენციები, როგორიც დაამკვიდრა რომის კათოლიკურმა ეკლესიამ, დიდი ხანია რაც მიღებულია ბერძნულ ეკლესიაშიც და არაერთხელ გაუციათ იგი ბერძენ პატრიარქებსაც რუსეთში, ცხადია, რუს სასულიერო და საერო ხელისუფალთა ნებართვით. ცნობილ აღმოსავლელ პატრიარქ ათანასე პატელარიოსზე, რომელმაც საბედისწერო ზეგავლენა მოახდინა პატრიარქ ნიკონზე, მიტროპოლიტ მაკარის ნაშრომში "რუსეთის ეკლესიის ისტორია" ნათქვამია, რომ როდესაც ის მოსკოვში იყო, მეფე ალექსი მიხეილის ძეს სთხოვა 500-მდე ინდულგენციის დაბეჭდვა. მეფისადმი მირთმეულ სავედრებელ არზაში ის წერდა: "მომეც ნებართვა, მეფეო, შენდამი მვედრებელს, შენს სამეფო სტამბაში დავბეჭდო 500 განტევების სიგელი, რადგან, როდესაც შენთან, ზაპოროჟიელი კაზაკების გავლით, მოვდიოდი მოსკოვში, დრო და დრო ჩემთან მოდიოდა მრავალი ჩერკასელი, და თავიანთი ჩვეულების მიხედვით, მთხოვდნენ განტევების სიგელს, მე კი არავინ მყავდა, რათა გამეგზავნა კიევში მათ დასაბეჭდად. როდესაც მე, შენთვის მლოცველი, მოსკოვიდან უკან გავბრუნდები, ზაპოროჟიელი კაზაკები ისევ მთხოვენ განტევების სიგელებს, სხვები კი ისევ აღსარებაზე მოვლენ. მეფეო, შემიწყალე და მომიტევე". როგორც მიტრ. მაკარი აღნიშნავს, პატელარიოსის ეს თხოვნა მეფეს დაუკმაყოფილებია (Макарий (Булгаков). История... Т. XII. С. 122-123).

როგორ მიუტევებდა ცოდვებს ამ ინდულგენციებით პატრიარქი ათანასე, რომელიც, სხვათა შორის, შემდგომ, ნიკონიანურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, მოწმობს ათანასეს თანამედროვე სერბი მღვდელი იური კრიჟანიჩი. "მე მინახავს, - ჰყვება იგი, - კიევში, რუსულად დაბეჭდილი განტევების სიგელები, რომლებსაც რუსეთში ჰყიდდა ბიზანტიელი პატრიარქი ათანასე, მაგრამ როგორ და რა ფასში მათ, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ განტევების ამგვარ სიგელებს შეძლებულ ადამიანებს აძლევდნენ გარკვეულ საფასურში: მათ მიეტევებოდათ ყოველგვარი ცოდვა, და მათში სიტყვითაც კი არ იყო ნახსენები აღსარება ან სინანული. ხოლო ღარიბი ადამიანები უფრთხილდებიან ამ სიგელებს, როგორც დიდ საგანძურს და თავიანთ ახლობლებს ანდერძს უტოვებენ, რათა ეს სიგელები საფლავში ჩააყოლონ... მინახავს ერთი მიტროპოლიტი, რომელიც, სადაც კი რომელიმე შეძლებულ ადამიანთან მივიდოდა, უპირველეს ყოვლისა იკითხავდა ხომ არ სურდა მას ცოდვათა მიტევება. როდესაც შეძლებული კაცი განაცხადებდა თანხმობას, მიტროპოლიტიც აკურთხებდა წყალს ამ კაცის სახლში, აპკურებდა მასაც და მთელს მის ოჯახს, შემდეგ დაადებდა ხელსა და წიგნს სახლის პატრონის თავზე და წაიკითხავდა ცოდვათა დიდ სიას, რომელიც მიეტევებოდა ამ კაცს ყოველგვარი სინანულის გარეშე" (Крыжанич Ю. // Русская Беседа. М.: Изд. Бессонова, 1859. С. 192; Макарий (Булгаков). История... Т. XII. С. 123).

ამ მოწმობიდან ჩანს, რომ ათანასეს გარდა, სხვა იერარქებიც საკმაოდ ხშირად იყენებდნენ ინდულგენციებს. გამოცემაში "Чтения в Императорском обществе истории и древностей Российских" ნათქვამია, რომ პატრიარქი მაკარი ანტიოქიელიც, როდესაც ის მოსკოვში ცხოვრობდა და აქეზებდა ნიკონს თავისი ბრიყვული საეკლესიო რეფორმის ჩასატარებლად, "ყველას აძლევდა განტევებას" (Чтения в императорском обществе истории и древностей Российских. 1871. Книга 3, июль — сентябрь. С. 54).

ბოგდან ხმელნიცკი მოწმობს იერუსალიმის პატრიარქ პაისიზე, რომ ამ უკანასკნელმა საჯაროდ, ცოდვათა ყოველგვარი აღსარების გარეშ მიუტევა წარსული და მომავალი ცოდვები და ხმელნიცკის უთხრა: "წადი და ეზიარე" (Макарий (Булгаков). История... Т. XII. С. 25). "თვითონ პატრიარქმა, - აცხადებს ბოგდან ხმელნიცკი, - მაკურთხა კიევში დამეწყო ეს ომი, დამაქორწინა ჩემს მეუღლეზე, მომიტევა ცოდვები აღსარების გარეშე და მიბრძანა სრულიად ამომეწყვიტა პოლონელები: როგორ არ უნდა დავემორჩილო დიდ და უწმიდეს მეუფეს, ჩვენს მეთაურსა და ძვირფას სტუმარს" (იქვე. გვ. 28).

სადღეისოდ ყველა აღმოსავლელი პატრიარქი გასცემს ცოდვათაგან განტევების სიგელს ყოველგვარი აღსარების გარეშე, რომელსაც, ოღონდ ფული გადაიხადონ და ყველას აძლევენ. იერუსალიმში, უფლის საფლავთან, ბერძენი სამღვდელოება აღასრულებას განსაკუთრებულ "მიმტევებელ" ლიტურგიებს, რომელთა ღირებულება არის 25 რუბლი (ყოველი ლიტურიგიისთვის). ბერძენი იერარქების თქმით, ასეთი ლიტურგიები ადამიანებს ათავისუფლებს ყოველგვარი ცოდვებისა და დანაშაულობებისგან. 25 რუბლად შესაძლებელი ყოფილა მთელი ცათა სასუფევლის ყიდვა ქრისტეთურთ. რა იაფია...

ლიტურგიის გარდა, ბერძნებმა კიდევ მოიფიქრეს "განტევების" პანაშვიდები. რეკლამებში, რომელსაც ათასობით ეგზემპლარად ავრცელებენ უფლის საფლავთან მომსახურე სასულიერო პირები, ამ პანაშვიდს საკვირველი ძალა მიეწერება: "საღმრთო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ აღესრულება პანაშვიდი, რომელშიც მონაწილეობს ორმოცამდე მღვდელმსახური და რომელზეც ყოველი მათგანი ამბობს განტევების ლოცვას, რომლითაც, უფლის სახელით, ყოველგვარი წყევლა-კრულვისაგან, იქნება ეს მღვდლის თუ მშობლის, გულნატკენი ადამიანისა თუ შემთხვევით გამვლელის და იტყვიან, როგორც ეს ხშირად გვესმის, "ეშმაკსაც წაუღიხარ" და მისთანანი; ან კიდევ საკუთარი თავის წყევლისგან, ასევე დავიწყებული ცოდვებისგან, რომლებიც სულს ჰკრავენ, - გაიხსნებიან უფალში გარდაცვლილი ადამიანები.

რა კარგია, - შეუკვეთავ ერთ ასეთ პანაშვიდს და მორჩა, თავისუფალი ხარ ყოველგვარი ცოდვისგან თვით სიკვდილის შემდეგაც კი. აი, შეუკვეთავს, მაგალითად, ს. ა. ტოლსტაია ასეთ პანაშვიდს თავისი მეუღლის . ნ. ტოლსტოის სულის საცხოვნებლად, რომელიც მღვდელმსახურებმა დასწყევლეს და დაბრძანდება ის საიქიოში ამავე მღვდელმსახურებთან ერთად უკუნითი უკუნისამდე. ერთი პანაშვიდი, ერთ წამში ათავისუფლებს სინოდალური ბორკილებისგან. "ასეთი მზრუნველია ჩვენი დედა ეკლესია, - ამბობენ ბერძენი იერარქები თავიანთ საპანაშვიდო რეკლამებში, - და ასე ზრუნავს ის ჩვენი ნეტარებისთვის".

სინანულის საიდუმლოს ირგვლივ ბერძენმა პატრიარქებმა და რუსმა სინოდალურმა ხელისუფლებამ შექმნეს იმდენი დანაშაულებრივი მკრეხელობა, რომ მათ მიღმა სინანულის საიდუმლო საერთოდ არც ჩანს. მისი "არსებობის" შესახებ შეიძლება ვისმინოთ მხოლოდ გაბატონებული ეკლესიის საღვთისმეტყველო წიგნებიდან. ხოლო რეალობაში, ოფიციალურ ეკლესიაში, სინანულის საიდუმლო საერთოდ არ არის ის, რასაც თავიანთ საღვთისმეტყველო სტატიებსა და კანონიკურ წიგნებში წერენ. წიგნებიც კი, როგორც ეს უკვე ვაჩვენეთ, სრულიად განსხვავებულად ასწავლიან ამ საგანზე. აღმოსავლურ ეკლესიებში სინანულის საიდუმლოს თანდათანობით ივიწყებენ და გამოდის გამოყენებიდან. მაგალითად, ბულგარეთის ეკლესიაში, რომელიც მჭიდრო კავშირშია რუსეთის სინოდალურ ეკლესიასთან, " Церковные Ведомости"-ს ცნობით, სინანულის საიდუმლო არ უძღვის წინ ზიარებას და საერთოდ იშვიათად აღესრულება" (Церковные Ведомости. 1910. № 30. С. 1269-1270).

7. დასასრულ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ თვით გაბატონებული ეკლესიის შემქმნელი, ყოფილი პატრიარქი ნიკონიც მისდევდა სინანულის საიდუმლოზე არსებულ ამ ახალ სწავლებას. სინოდის მიერ გამოთქმული შეხედულების საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც მღვდელმსახურებს ევალებოდათ აღსარებაზე ყოველგვარი ცოდვებისგან გაეხსნათ ყველა ადამიანი, ნიკონმა გამოსცა განკარგულება, რომელიც მკაცრად კრძალავდა აღსარებაზე ქურდებისა და ყაჩაღების მიღებას, თვით "მათი დასჯის უკანასკნელ წუთებშიც კი", რისთვისაც აღმოსავლელმა პატრიარქებმა ის ძველ, უკვე მხილებულ მწვალებელთა, ნავატიანესა და ევსტათიანეს მსგავს ერეტიკოსად შერაცხეს. ნიკონი ამ მწვალებლობაში აღესრულა (Макарий (Булгаков). История... Т. XII. С. 393). არ შეუნანიათ ეს ცოდვა არც აღმოსავლელ პატრიარქებს, რომლებიც დღემდე ვაჭრობენ ინდულგენციებით. არ შეუნანია თავისი დანაშაულობანი და მწვალებლობანი არც რუსეთის სინოდს. მათ მიერ "აღსარებული" მწვალებლობანი მტკიცედ და შეურყევლად დგანან დღემდე.


თავი XIV

ქორწინების შესახებ

1.
გაბატონებულ ეკლესიაში დღემდე გაცხარებით დავობენ ჯვრისწერის საიდუმლოს შესახებ. ერთნი ამტკიცებენ, რომ ქორწინების საიდუმლო უნდა აღსრულდეს მხოლოდ ერთი სარწმუნოების აღმსარებელთა შორის და შერეული ქორწინებანი აკრძალული და უკანონოა. სხვები კი, პირიქით, ირწმუნებიან, რომ ქორწინების საიდუმლო შეიძლება სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებზეც აღსრულდეს; რომ შერეული ქორწინებაც კანონიერი და წმიდა საიდუმლოა. საკითხი შერეული ქორწინებების შესახებ განიხილებოდა ოფიციალური ეკლესიის უმაღლეს ინსტანციებში და კიევის მისიონერთა კრებაზეც, თუმცა ერთ აზრამდე ვერც ამ საკითხში მივიდნენ. გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები სულ სხვადასხვაგვარად ასწავლიან ქორწინების შესახებ და ყოველი მხარე ჯიუტად დგას თავის შეხედულებაზე.

ცნობილი მღვდელ-მისიონერი მამა დ. ალექსანდროვი, რომელიც ოფიციალური ეკლესიის წინასაკრებო მზადების სემინარებში მონაწილეობდა, ამ მზადების VI განყოფილებას წარუდგინა მოხსენება შერეულ ქორწინებათა შესახებ. მრავალ საეკლესიო კანონთა საფუძველზე, საყოველთაო, მართლმადიდებლური ეკლესიის უცვალებელ სწავლებასა და წმიდა მამათა განმარტებებზე დაყრდნობით, მოხსენების ავტორი ამტკიცებს, რომ შერეული ქორწინებანი უკანონოა და, რომ "ქრისტეანული სინდისი არ შეიძლება მას შეურიგდეს".

"ჯეროვანი სინანულისა და მართლმადიდებლობასთან შემოერთების გარეშე, - კითხულობს ალექსანდროვი, - როგორ უნდა დასწეროს ჯვარი (ანუ დააქორწინოს) მართლმადიდებელმა მღვდელმა, ილოცოს და ღმერთს სთხოვოს მადლის გარდამოწვევა ეკლესიიდან განკვეთილ, "მწვალებლად და მეამბოხედ" შერაცხილ და ანათემირებულ ადამიანზე? განა ეს შესაძლებელია? განა შეიძლება ამას შეურიგდეს მართლმადიდებელი მწყემსის სინდისი, მითუმეტეს, რომ საეკლესიო კანონებითაც მსგავსი ქორწინება უეჭველად აკრძალულია" (Журналы и протоколы заседаний предсоборного присутствия. Т. П. С. 321).

თავისი ამ აზრის დასამტკიცებლად ალექსანდროვს მოჰყავს მეოთხე მსოფლიო კრების 14-ე, მეექვსე მსოფლიო კრების 72-ე, ლაოდიკიის 10-ე და 31-ე და კართაგენის 10-ე კანონები, ასევე მათი არისტინეს, ბალსამონისა და ზონარასეული განმარტებანი. იმოწმებს ეკლესიის წმიდა მამებს: წმ. კვიპრიანე კართაგენელს, ნეტ. თეოდორიტეს, ტერტულიანეს და სხვებს. საყოველთაო ეკლესია წმიდა მამათა და მთელი რიგი კრებების მეშვეობით ერთხმად ადასტურებს, რომ მართლმადიდებელის ქორწინება ერეტიკოსთან არის არარაობა. "რადგან, ამბობენ, რა აქვს საერთო მგელს კრავთან, როდესაც ისინი სულ სხვადასხვაგვარად ფიქრობენ და მათი ცხოვრების წესის მიხედვითაც ერთმანეთს მტრობენ? და არა მარტო ბრძანებენ (წმ. მამები) ამგვარი ქორწინების დარღვევას, არამედ ეკლესიიდანაც კი განკვეთენ მას, ვინც მსგავს რამეს გაბედავს" (Кормчая. Полный перевод. С. 275-276).

თუკი, იმოწმებს მამა ალექსანდროვი გაბატონებული ეკლესიის სახელგანთქმულ კანონისტს, ეპისკოპოს იოანე სმოლენსკელს, "ყოველი განურჩეველი ზიარობა მართლმადიდებელი ქრისტეანებისა ადამიანებთან, რომლებიც უცხონი არიან სარწმუნოებისა ან განკვეთილნი არიან ეკლესიისგან, არ შეიძლება მოწონებულ იქნას ეკლესიის მიერ, რომელიც ზრუნავს თავისი შვილების ზნეობრივ სიწმინდეზე, გრძონებებსა და მთელს ცხოვრებაზე" (მოც. 45:65, 1; ლაოდ. 32, 37, 39 და სხვა), მით უფრო არ დაუშვებს ის შერეულ ქორწინებას, რომელიც თავისი თვისებით აერთებს შეუღლებულებს და შედეგად, შეაერთებს აზრთა სხვაობასაც ყველაზე უმთავრეს საკითხებში (სარწმუნოებასა და ღვთისმოსაობაში), ერთად შეაკავშირებს წმიდასა და უწმინდურს, ნათელსა და ბნელს, სარწმუნოებისადმი ერთგულებას მისდამი ღალატთან და მტრობასთან... რადაგან, ქორწინება, მართლმადიდებლური ეკლესიის გაგებით, არის საიდუმლო; მაშ რა თანაზიარობა შეიძლება ჰქონდეს მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებებთან პირს, რომელიც ეკლესიას არ ეკუთვნის?" (Иоанн Смоленский. Т. II. С. 288-289). "როგორ შეუძლია მღვდელს, - ამატებს მამა ალექსანდროვი, - ილოცოს, აღასრულოს ქორწინება სქიზმატიკოსისა მართლმადიდებელთან და პირიქით?" შემდეგ ავტორს მოჰყავს წმ. მოციქულთა 10-ე კანონი, რომელიც კრძალავს ეკლესიურ ერთობას განკვეთილებთან. "ამას დავამატებთ იმასაც, - ამბობს ალექსანდროვი, - რომ კანონებში ნათქვამია, თუკი ეპისკოპოსი ან მღვდელი, თანაეზიარება განკვეთილს, თვითონაც განიკვეთოსო" (Журналы и протоколы... Т. П. С. 323). მართლმადიდებლური ეკლესია, - დაბეჯითებით აცხადებს მისიონერი ალექსანდროვი, - თავისი მღვდელმთავრების მეშვეობით რომ დათანხმდებოდეს შერეულ ქორწინებას, ეს "უდიდეს საბაბს მისცემდა ძველმოწესეებს დაედანაშულებინათ მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს სწავლებასა და წმიდა კრებათა კანონების დარღვევაში" (იქვე. გვ. 320).
კიდევ უფრო მკაცრად გმობს შერეულ ქორწინებებს ვოლინსკის არქიეპისკოპოსი ანტონი; ის მათ ანტიქრისტეანულად ქმედებად მიიჩნევს. "ანტიქრისტეს სამეფოს შემამზადებელ ქმედებებს ჩვენში განეკუთვნება, - აცხადებს ის თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში, - რევოლუცია, რომელმაც გარყვნა ხალხი და ჩვენს უმაღლეს სკოლაში გამყარებული უღმრთო და პორნოგრაფიული ლიტერატურა, დუმის (იმდროინდელი რუსეთის სათათბირო - მთარგმნ.) კანონმდებლობა დღესასწაულთა შემცირების შესახებ, შერეული ქორწინებანი, მწვალებლებთან რელიგიური დაახლოვება კალენდარში ახალი სტილის შემოღებით, განსაკუთრებით კი - საეკლესიო-სამრევლო სკოლების გაუქმება" (Антоний, архиепископ волынский. Окружное послание //Современное Обозрение / Приложение к журналу “Кормчий”. 1910. № 26. С. 102). არქიეპისკოპოს ანტონის შეხედულებას შერეულ ქორწინებებზე გაბატონეული ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი, ღვთისმეტყველი, კანონისტი და მისიონერი იზიარებს.

მაგრამ, ამ შეხედულების პარალელურად, რომელიც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არის გამოთქმული არქიეპისკოპოს ანტონის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში, გაბატონებული ეკლესიის სინოდალურ იერარქიაში მიღებულია და განმტკიცებულია სრულიად სხვა რწმენა შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით. 190 წლის წინათ (ავტორის დრომდე - მთარგმნ.) მმართველმა სინოდმა დააკანონა "ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან" ჩაითვალოს "სწორად და კანონიერად" (Духовный Регламент. М., 1897. С. 157).

"ბერძნულ-რუსულმა ეკლესიამ, - მოწმობს ამის შესახებ არქიეპისკოპოსი ნიკიფორე ასტრახანელი, - ნება დართო შერეული ქორწინებისა და მართლმადიდებელთა მხრიდან განხილვის შემდეგ, არამართლმადიდებელთა ქორწინებით კურთხევა შესაძლებლად მიიჩნია" (Никифор Астраханский. Ответы. 1854. Ответ на 11 вопрос. С. 356-357). "უნდა ვიცოდეთ, - განმარტავს სინოდი თავის რეზოლუციაში "Рассуждении о браках правоверных лиц и иноверными", რომ მართლმადიდებელი ქმრის ქორწინება არა თუ არამართლმადიდებელ, არამედ საერთო ურწმუნო ცოლთან, ასევე მართლმადიდებელი დედაკაცის დაქორწინება ურწმუნო ან არამართლმადიდებელ ქმართან, თავისთავად არ წარმოადგენს უწმინდურებას და ღმრთივსაძულველ ქმედებას..." (Духовный Регламент. С. 155).

სინოდი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა მის მიერ შედგენილ "Рассуждениe"-ში დაამტკიცოს, რომ შერეული ქორწინება ეკლესიაში ნებადართულია და სრულიად კანონიერია. ეს "Рассуждениe" სახელმძღვანელოდ შევიდა "რეგლამენტში". ასე, რომ მღვდელმთავრები "ფიცს დებენ ღმრთისა და მის წმიდა სახარების წინაშე, რომ ყოველთვის იხელმძღვანელებენ იმით, რაც რეგლამენტში არის დაწერილი და განწესებული". ფიცის დამდები ეპისკოპოსი ამბობს: "ყოველივე ამას აღვასრულებ სინდისით და პატიოსნებით, არ ვიქნები მლიქვნელი და სახისმოყვარე, არ შევუშინდები მტრობას, შურს, სიჯიუტეს და არანაირ ვნებას". "ფიცს ვდებ და დე, ღმერთი იყოს ჩემი პირობის მოწმე, რომ არ ვტყუი. ხოლო თუ მოვიტყუო, იგივე ღმერთი იყოს ჩემი სამართლიანი განმკითხველი" (იქვე. გვ. 6-8).

200 წელზე მეტია რაც გაბატონებული ეკლესიის მღვდელმთავრები წარმოთქვამენ ამ დანაშაულებრივ ფიცს ქრისტეს მცნებისა და საეკლესიო კანონების საწინააღმდეგოდ. შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებულ ახალ კანონმდებლობაზე მმართველმა სინოდმა, 1905 წლის 26 ოქტომბერ - 9 ნოემბერში გამოიტანა ახალი დადგენილება, რომელშიც ნათქვამია: "უწმინდესი სინოდი, 1905 წლის 17 აპრილის უზენაესი განკარგულების 11-ე პუნქტის საფუძველზე, რომელიც ეხება რჯულთშემწყნარებლობის განმტკიცების საკითხს, განსაზღვრა: მიეცეს უფლება ეპარქიალურ ხელმძღვანელობას მართლმადიდებელ ეკლესიაში დააქორწინოს, მთხოვნელი (სქიზმატიკოსის) ეკლესიასთან შეერთების გარეშე. ამასთანავე, რადგან შესაძლებელია მსგავსივე თხვონით მოგვმართონ ძველმოწესეებმაც და სექტანტებმაც, ეპარქიალურ ეპისკოპოსებს მიეცეთ უფლება თვითონ დააკმაყოფილონ ასეთი თხოვნები და სასულიერო საქმეების ჯეროვანი ხელმძღვანელობისთვის დაიბეჭდოს იგი "საეკლესიო უწყებანში" ("Церковных Ведомости") (Православный Путеводитель. 1906. № 1. С. 9-10).

ეს კანონი, როგორც სასულიერო ხელისუფლების გამოცემა, აუცილებელია გაბატონებული ეკლესიის მსახურთათვის. წინასაკრებო საგანმგებლომ (საკრებულომ) ხმათა უმეტესობით ასევე გადაწყვიტა ეღიარებინა შერეულ ქორწინებათა შესაძლებლობა და კანონიკურობა (Церковные Ведомости. 1907. № 11. С. 75-80).

ამგვარად, ვოლინსკელი არქიეპისკოპოს ანტონის სიტყვებით თუ ვიტყვით, მმართველი სინოდი 190 წლის წინათ რაც პირქვე დაემხო "ანტიქრისტეს ქმედების" წინაშე, დღემდე ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. მასვე ექვემდებარებიან თვით ანტონი ვოლინსკელები და მისიონერ ალექსანდროვები. "სინოდმა, - როგორც იუწყება აკადემიური ჟურნალი "Церковный Вестник", - შესაძლებლად არ ჩათვალა გაეთვალისწინებინა არქიეპისკოპოს ანტონის შეხედულება შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით და გადაწყვიტა ძალაში დაეტოვებინა ადრინდელი პრაქტიკა, რადგან ეკლესიას უფლება არა აქვს გააუქმოს ის, რაც სახელმწიფო კანონმდებლობით არის განმტკიცებული და შერეული ქორწინებების აკრძალვა მხოლოდ გამოიწვევდა ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებას, ერის რელიგიურ-ზნეობრივ ცხოვრებას კი ვერავითარ სარგებლობას ვერ მოუტანდა" (Церковный Вестник. 1910. № 38).

აკადემიური ჟურნალის ხელმძღვანელობა იმასაც კი აცხადებს, რომ "ძველ საეკლესიო კანონებთან დაბრუნება დაუშვებელია, რადგან ეს იქნებოდა მკვდარი ასოსადმი უპირატესობის მინიჭება ეკლესიის ცოცხალი სულის წინაშე, რომლის საფუძველს მშვიდობა და სიყვარული წარმოადგენს" (Церковный Вестник. 1910. № 38).

აღმოჩნდა, რომ შერეული ქორწინების მოწინააღმდეგნი, რომლებიც გაბატონებულ ეკლესიაში ძველი კანონების აღდგენას ცდილობენ, თურმე ეკლესიის ცოცხალი სულის წინააღმდეგ მიდიან და მის საფუძველს - მშვიდობას და სიყვარულს ანგრევენ. ყველა ეს ანტონეი, იოანები, ალექსანდროვები, "Церковного Вестник"-ის განცხადებით, რომლის რედაქტორები არიან გაბატონებული ეკლესიის მოწინავე ღვთისმეტყველები, ყოფილან მკვდარი ასოს გონებაჩლუნგი და უგუნური თაყვანისმცემლები.

იმისთვის, რათა ვაჩვენოთ, რომელ სულს სცემენ თაყვანს გაბატონებლი ეკლესიის მოდური ღვთისმეტყველები, რომლებიც იზიარებენ მის ორსაუკუნოვან შეხედულებას შერეული ქორწინებების კანონიკურობის შესახებ და რომელ მშვიდობასა და სიყვარულზე ლაპარაკობენ, დავიმოწმებთ შერეული ქორწინების ერთ შემთხვევას, რომელიც გამოქვეყნებულია 1907 წლის "ტომსკის საეპარქიო უწყებანში" ("Томские Епархиальные Ведомости").

"ორმა ინტელიგენტმა გადაწყვიტეს ქორწინება, - ნათქვამია ამ გამოცემაში. სიძე, - რუსეთის არმიის ოფიცერი, აღმსარებლობით მაჰმადიანი; პატარძალი - გიმნაზიის კურსდამთავრებული გოგონა, მართლმადიდებელი. კანონით, ქრისტეანის დაქორწინება არაქრისტეანთან აკრძალულია, მაგრამ პატარძალმა გამოსავალი იპოვა, - ის გადავიდა ლუთერანობაში, რომელიც მსგავს ქორწინებებს დასაშვებად მიიჩნევს. ლუთერანობის მიღების შემდეგ ქორწილი ჯერ თათრულ მეჩეთში გადაიხადეს, სადაც ჩვეულებრივი საქორწინო ამალით, თუმცა უკვე მართლმადიდებლური ხატების გარეშე, ყოფილი მართლმადიდებელი ქალწული გაემართა თავის ნათესავებთან ერთად, რომლებიც, ცხადია, ასევე მართლმადიდებლები იყვნენ. მეჩეთში შესვლის წინ მოლამ ყველასგან მოითხოვა ფეხსაცმლის გახდა, რათა მეჩეთში ფეხშიშველნი შესულიყვნენ. ჩვენმა ქრისტეანებმა ეს რიტუალი ზუსტად შეასრულეს. თავისთავად, თათრულ მეჩეთში ყველა მათგანი იდგა ყურადღებით, დაძაბულად, ერთმანეთში გადალაპარაკებასაც ვერ ბედავდნენ, სანამ თათრის მოლა კითხულობდა და ლაპარაკობდა თავის ენაზე. მეჩეთიდან მოლას მიერ დაქორწინებულნი უკვე ლუთერანული კირხისკენ გაემართნენ. აქ მოხდა მეორე ქორწინება. ჯერ ხომ თათრულად აღესრულა, ახლა კი ქრისტეანულად სრულდებოდა. ქრისტეანები არაქრისტეან თათრებზე დაბლა დადგნენ. ლუთერანთა ჩვეულებისამებრ, ლოცვას სკამზე მჯდომარენი ისმენდნენ. როდესაც საუფლო ლოცვის, "მამაო ჩვენოს" კითხვის დრო დადგა, პასტორმა სიძე-პატარძალს მოსთხოვა მუხლი მოეყარათ. პატარძალმა მორჩილად შეასრულა ეს მოთხოვნა, მაგრამ თათარმა სიძემ გადაჭრით უარყო და პასტორს განუცხადა, რომ როგორც მაჰმადიანს მას არ შეუძლია მუხლი მოიყაროს ქრისტეანულ ტაძარში და ტაძრის კედელზე დაკიდული ჯვარცმული ქრისტეს წინაშე, რომელსაც ღმერთად არ აღიარებს.

- ვიცი, რომ არ გწამთ ქრისტესი, როგორც ღმრთისა, მაგრამ თუნდაც ზრდილობის გამო აღასრულეთ ეს წესი, უთხრა პასტორმა.

- არ შემიძლია მუხლი მოვიყარო თქვენი კერპის წინაშე, - მოუჭრა თათარმა.

- თქვენი პატარძალი თანახმაა, - შეეცადა ვითარების განმუხტვას პასტორი.

- ეს მისი საქმეა, ჩვენ კი საკუთარ კანონს არ ვარღვევთ.

ამდენად, თათარმა სიძემ მუხლი არ მოიყარა ქრისტეს წინაშე და ქორწინების მთელი რიტუალის განმავლობაში სკამზე იჯდა და იქცეოდა როგორც ჭეშმარიტი თათარი, ქრისტეანული ტაძრისადმი ყოველგვარი მოწიწებისა და პატივისცემის გარეშე. პატარძალი კი კვერს უკრავდა თავის მეუღლეს".

აი, რა უპირისპირდება "კანონის მკვდარ ასოს" და რა ითვლება "ეკლესიის ცოცხალ სულად".

მისიონერი ალექსანდროვი, როგორც ვნახეთ, შიშობს, რომ ძველმოწესებს დიდი საფუძველი ექნებათ იმისთვის რომ დაადანაშაულონ გაბატონებული ეკლესია ქრისტეს სწავლებისა და საეკლესიო კრებათა კანონების დარღვევაში, თუკი მისი ეკლესია დათანხმდება შერეულ ქორწინებებს. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ის არა მარტო დაეთანხმა ამ კანონს, არამედ შერეული ქორწინებები კანონიერადაც მიიჩნია, ხოლო მისი ღვთისმეტყველები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ სწორედ ის, ვინც იცავს საეკლესიო კანონებს, ეკლესიის ცოცხალი სულის, ანუ ქრისტეს მტერია. ხოლო, პირდაპირ თუ ვიტყვით, - ანტიქრისტეა. ურთიერთ დავასა და კინკლაობაში, გაბატონებული ეკლესიის მღვდელმთავრებმა სრულიად დაკარგეს უნარი ქრისტეს სული გაარჩიონ ანტიქრისტეს სულისგან და ჯიუტად ამხელენ ერთმანეთს ქრისტესადმი წინააღმდეგობასა და ანტიქრისტეს თაყვანისცემაში.

2. დიდ დავას იწვევს გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა და რელიგიურად მოაზროვნეთა შორის საკითხი, რა უფრო მეტია: ქორწინება თუ ქალწულება? მეტად საინტერესო ცნობას გვაძლევს ამასთან დაკავშირებით "Миссионерское Обозрение"-ს რედაქტორი ნიკიტა გრინიანკინი. დავა წარმოებდა პეტერბურგის რელიგიურ-ფილოსოფიური საკრებულოს სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ზოგიერთი მღვდელმთავრები და სინოდალური ეკლესიის აკადემიური ღვთისმეტყველები. "დიდი კამათი კი გაიმართა, მაგრამ თავი და ბოლო ვერ გაუგეს ამ საქმესო", აღნიშნავს ირონიით ნიკიტა გრინიანკინი. არადა წყდებოდა საკითხი, რა უფრო მეტია: ქორწინება თუ ქალწულობა, - აბსოლუტურ პლანში, თავისთავად ცხადია, რომ ეს საკითხი გადაუჭრელია. გასაგები ტენდენციით აღძრული "მაძიებლები" ამტკიცებდნენ, რომ "ისტორიული ქრისტეანობა" ქალწულობას ქორწინებაზე მაღლა აყენებს. იმავე აზრისა იყო ზოგიერთი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველიც, მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, ქორწინებაში ხედავდნენ ერთგვარ ბიწიერებას.
სხვები გამოთქვამდნენ აზრს ქორწინებისა და უბიწოების თანასწორობის შესახებ, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების გარეშე. მესამენი ამტკიცებდნენ, რომ ქორწინება უბიწოებაზე მეტია, რადგან მასში, და არა ქალწულებაში, ხორციელდება (გარკვეული ზომით) ადამიანისთვის დამახასიათებელი ბედნიერება. ერთი ღვთისმეტყველი ქორწინების უპირატესობას ამტკიცებდა ყოვლადწმიდა სამების ოჯახური ცხოვრებით, რომელშიც არის მამა, დედა - სულიწმიდა, რომელიც თურმე, როგორც ღვთაებრივი არსება, მდედრობითი სქესის ყოფილა, და ძე. გაკვრით შეეხნენ საჭურისობის საკითხს (მათე 19:12), რომელშიაც ერთნი გულისხმობდნენ ფიზიკურ საჭურისებს, სხვანი - ქალწულებს, მესამენი კი - ისეთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნეს რაღაც საქმეს, მაგალითად, მეცნიერებას, ხელოვნებას და ა. შ. ერთი სიტყვით, ასკვნის გრინიანკინი, იმდენი ურთიერთგამანადგურებელი აზრი ისმოდა, რომ გამოდიოდა სრული უაზრობა მათემატიკური სიზუსტით (Миссионерское Обозрение. 1903. № 10. С. 1495).

სინოდალური ეკლესიის ღვთისმეტყველი უნდა იყო, რომ მიხვიდე ისეთ სრულ უაზრობამდე და ამტკიცო, რომ სულიწმიდა არის "მდედრობითი სქესის".

3. იმავე რელიგიურ-ფილოსოფიურ საზოგადოებაში გაიმართა მომქანცველი დავა იმის შესახებ, თუ რა არის ქორწინების საიდუმლო, თუმცა ამ საკითზე ვერანაირ თანხმობამდე ვერ მივიდნენ. ვ. ვ. როზანოვი ამბობდა, რომ "ქორწინება არის ბინძური ჩიჩობი, რომელსაც ეკლესიამ მიამაგრა პლომბი წარწერით: ანგელოზური სიწმინდის მაუდი". არა, ეს არასწორია, - ედავებოდა მას ბ-ნი გრინიანკინი, "ქორწინება მაუდია, მაგრამ ღვთაებრივი ქარხნის წარმოების" (Записки религиозно-философских собраний. С. 228). გრინიანკინი არც ისე დაშორებია იმ ღვთისმეტყველს, რომელიც სულიწმიდას მდედრობითი სქესის არსებად მიიჩნევდა; თვით უფალ ღმერთს, რომელიც ადამიანებს შეაერთებს ქორწინების საიდუმლოში, ფაბრიკანტების წარმოება მიაწერა. გ. როზანოვის შეკითხვაზე: "როგორ ფიქრობთ, თანაცხოვრება ქმნის საიდუმლოს თუ ჯვრისწერა?" - ბ-ნმა გრინიანკინმა ამოღერღა: "რამდენად სწორია არ ვიცი, მაგრამ, საიდუმლოდ ითვლებოდა ფაქტიური თანაცხოვრება ჯვრისწერისა და ეკლესიის კურთხევის შემდეგ" (იქვე. გვ. 329). გაბატონებული ეკლესიის პატენტიანი ღვთისმეტყველი, რომელიც ჩასწვდა მთელს აკადემიურ სიბრძნეს, შესწავლილი აქვს თავისი ეკლესიის მთელი ღვთისმეტყველება, ქორწინების შესახებ მარტივ და უბრალო შეკითხვაზე იძულებულია უპასუხოს, რომ არ იცის. აი ასე, სავალალო მდგომარეობამდე არიან დაბნეულნი თანამედროვე, გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები. რა არის ქორწინების საიდუმლო მათ დღემდე ვერ გაარკვიეს. მათთვის, შესაძლოა ყველაფერი ერთი იყოდს, რა "ბინძური ჩიჩობი" და რა "ნამდვილად ღვთაებრივი ფაბრიკის მაუდი", მათთვის ერთი და იგივეა.

4. რატომ უნდა გვიკვირდეს გაბატონებული ეკლესიის მისიონერთა და ღვთისმეტყველთა უმეცრება, როდესაც თვით მმართველ სინოდს ეშლება ქორწინების საიდუმლოს განსაზღვრება. 1729 წ. მან დააწესა არ თავიდან არ დაექორწინებინა წარმართები. "მმართველმა სინოდმა, - ნათქვამია მის დადგენილებებში, - მოისმინა ცარიცინის გარნიზონიდან მღვდელმონაზონ ნიკოდიმოს ლინკევიჩის მოხსენების ასლი ნათლობის მიმღებ ყალმუხელების შესახებ, რომლებიც 1727 და 1728 წლებში, ორმოცამდე ოჯახი, ცოლებითა და შვილებითურთ, რეესტრის მიხედვით კი ორივე სქესის 176-მდე ადამიანი მოინათლა. მღვდელმონაზონი გვეკითხება უნდა დავაქორწინოთ თუ არა ისინი, ვინც ნათლობამდე დაქორწინებული იყო, რათა არ მოხდეს ჯანყი და უკმაყოფილება? ამასთან დაკავშირებით განვაწესეთ: ის ყალმუხები, რომლებიც ნათლობამდე იყვნენ დაქორწინებულნი, თავიდან არ დააქორწინონ, არამედ იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობდნენ, ყოველივე ამის შესახებ კი ზემოთაღნიშნულ მღვდელმონაზონ ნიკოდიმოს ლინკევიჩს და მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ბარლაამს, ასტრახანისა და სტავროპოლის მხარის ეპისკოპოსს, მიეცეთ განკარგულება" (Полное собрание постановлений и распоряжений по ведомству православного исповедания. Т. VI. № 2214. С. 315).

ძველმართლმადიდებელთა ქორწინებას გაბატონებული ეკლესია მიიჩნევს კანონიკურად. ამაში გვარწმუნებს ერთ ერთი თვალსაჩინო მისიონერი ბ-ნი ანტონოვი (Антонов. Ответы на 105 вопросов. С. 187). რაკიღა სინოდმა გასცა განკარგულება თავიდან არ დააქორწინონ წარმართობაში დაქორწინებული ყალმუხები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ნათლობას, უნდა დაექორწინებინა თუ არა ეკლესიის მიერ კანონიერი ქორწინების მქონე ძველმოწესეები, რომლებიც ქორწინებაში შეუღლებულნი იყვნენ ქრისტეს სახელით? როგორი მკაცრი დამოკიდებულებაც უნდა ჰქონდეს სინოდს ძველმოწესეებთან, როგორაც უნდა სძულდეს ისინი, ყოველ შემთხვევაში, უნდა აღიარებდეს, რომ ძველმოწესეები უფრო ახლოს არიან ქრისტესთან, ვიდრე წარმართი ყალმუხები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, ძველმოწესეებისადმი სინოდის აშკარად უკანონო დამოკიდებულებას. 1808 წლის 14 აგვისტოს სინოდალურ მითითებაში გადმოცემულია მოთხოვნა ძველმოწესეთა თავიდან ქორწინების შესახებ (Общее собрание законов [Свод законов]. Т. II. № 1257). ეს მოთხოვნა შევიდა ნეჩაევის მიერ შედგენილ წიგნში "Практическое руководство для священников" (Нечаев. Практическое руководство для священников. 1887. § 90. С. 230-231). ე. ი. ყალმიხები თავიდან არ უნდა დააქორწინონ, ხოლო ძველმოწესეები დააქორწინონ. განა უცნაური არ არის? ასეთი გასაოცარი განკარგულება შეიძლება ავხსნათ მხოლოდ სინოდის სატანური გახელებით ძველმოწესეების წინააღმდეგ, ან კიდევ ქორწინების საიდუმლოზე განსვავებული გაგებით. ამ გამოცანის გარკვევა გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველებისთვის მიგვინდვია.

5. რაც შეეხება სხვადასხვა რანგის ნათესაურ კავშირებში ქორწინების ნებართვას, აქაც ღვთისმეტყველები, მისიონერები და სინოდი სხვადასხვა მხარეს იქაჩებიან. 1910 წ. მისიონერულმა გაზეთმა "Колокол", ავტორიტეტულად განაცხადა, რომ ორი ღვიძლი ძმის დაქორწინება ორ ღვიძლ დაზე დაუშვებელია. ასეთი შეერთება უსჯულოა (Колокол. 1910. № 1163). მაგრამ ჟურნალ "Духовная Беседа"-ს რედაქციის მიერ 1910 წელს გამოცემულ ცნობარ-კალენდარში "სასულიერო და საერო პირთათვის" ნათქვამია, რომ "წმ. სინოდმა გაითვალისწინა ლიტვის მცხოვრებთა განსაკუთრებული პირობა და ლიტვის არქიეპისკოპოსს მისცა უფლება დაექორწინებინა მოქალაქე თავისი პატარძლის (ძმის ცოლის) დასთან, ანუ, ღვიძლ ძმებს აქვთ უფლება დაქორწინდნენ ღვიძლ დებთან; ან კაცი ვინმე დაქორწინდეს თავისი სიძის ღვიძლ დასთან; ანუ, და-ძმას ერთის მხრივ მიეცა უფლება დაქორწინდნენ ღვიძლ და-ძმასთან: (Календарь-справочник для пастырей и мирян. 1910. С. 16). ასეთი ქორწინებები, მეექვსე მსოფლიო კრების 54-ე და ნომოკანონის 53-ე განწესებებით, უნდა დაირღვეს, როგორც უსჯულო, მათი მაკურთხებელი მღვდელი კი უნდა დაემხოს პატივისგან.

სინოდმა ასევე გასცა ნებართვა ნათლიმამა დაქორწინდეს ნათლიდედაზე. 1873 წლის 19 აპრილს, მან ნება დართო პოლკოვნიკ ანდრია ლისეცკის დაქორწინებულიყო ქვრივ ანა გულდინსკაიაზე, რომლის შვილიც, დაქორწინებამდე, ლისეცკიმ მონათლა. ამგვარი ქორწინება სინოდის განკარგულებით ნებადართულია (Свод узаконений и заметок по вопросам пастырской практики. Изд. 2-е. М., 1875. С. 187-188).

რომელი მხრითაც უნდა მივუდგეთ ქორწინების საკითხს, ყველა მხრიდან ვხედავთ გაბატონებული ეკლესიისა და მის იერარქთა აზრთა და რწმენის სხვადასხვაობას. ჭეშმარიტად, მათზეა ნათქვამი: "что мужик, то вера; что баба, то устав" (რუსული ხალხური ანდაზა).
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому