აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. XVI - წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი მაგნუსს 2 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

ლიტურგია

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი XVI

____________________________________________________________________________________________________________________________


წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი მაგნუსს

გაგრძელება

დასაწყისი წინა გვერდიდან

* * *


რა არის საიდუმლო? რა არის მასში უმთავრესი? რისი შეცვლა შეიძლება საიდუმლოში და რისი არა? (ან დროთა განმავლობაში რა იცვლებოდა საიდუმლოში და რა არა?).

ნესტორ ყუბანეიშვილის სახელმძღვანელოში მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად, რომელიც ოფიციალურმა "მართლმადიდებელმა" ეკლესიამ 1990 წელს  ხელახლა გამოსცა, ნათქვამია: "საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, რომლითაც მოქმედებს მორწმუნეზე მადლი და ძალი ღვთისა.

ამ რიგად საიდუმლოში გაირჩევა: 1) საღმრთო დაწესება;  2) ხილული მოქმედება; 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა.

ღმერთი არის ერთი წყარო და მომცემი მადლისა, ამიტომ არავის სხვას, გარდა ღვთისა, არ შეეძლო დაწესება საიდუმლოებისა, რომელშიც კაცს ენიჭება მადლი"
(გვ. 62).

როდის არის საიდუმლო ნამდვილი? - ამის პასუხად ხსენებულ "კატეხიზმოში" ვკითხულობთ: "მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ.

საიდუმლოს აღმსრულებლად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონიერად არჩეული და კანონიერად ხელ- დასხმული მღვდელმთავარი და მღვდელი.

საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება.

თითოეული საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-ღებისთვის - წყალი, მირონ-ცხებისთვის - მირონი, ზიარებისთვის - პური და ღვინო და სხვა) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ. ნათლის-ღებაში სამ-გზის წყალში შთაფლვა და სხვა).

საიდუმლოს სინამდვილისთვის საჭიროა კიდევ "მოწვევა სულისა წმიდისა და ცნობილი ფორმა სიტყვათა, რომლებითაც მღვდელი განსწმენდს საიდუმლოს ძალითა სულისა წმიდისა". მოწვევა სულისა წმიდისა და წარმოთქმა დაწესებულ სიტყვათა აძლევს გარეგან მოქმედებას საიდუმლოს შესრულების დროს -  საიდუმლო-მადლიან მნიშვნელობას" (იქვე. გვ. 63).

ამრიგად, ძალზე მარტივად და გასაგებად ნათქვამია, თუ რა არის უცვალებელი საიდუმლოში, რომელიც თვით უფალს დაუწესებია და მოციქულთა და მისი მემკვიდრეების მიერ დღემდე უცვალებლად გადმოგვეცა. ეს არის - ღვთისგან მოცემული კუთვნილება.

საიდუმლოს ღვთისგან მოცემულ კუთვნილებაში კი, როგორც ხსენებული კატეხიზმოს ავტორ- გამომცემლები ბრძანებენ, იგულისხმება საიდუმლოს აღსრულების ფორმა, ნივთიერება და წარმოსათქმელი ფორმულა, რომლითაც მღვდელმსახური გარდამოიწვევს სულიწმიდას შესასრულებელ საიდუმლოზე, რომელიც ანიჭებს მას "საიდუმლო-მადლიან მნიშვნელობას".

ახლა ვნახოთ, რა არის ნათქვამი ამავე კატეხიზმოში ნათლისღების საიდუმლოზე: "ნათლისღება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამგზის შთაფვლითა და მოწოდებით ღვთისა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, განიწმიდება ცოდვისაგან და მეორედ იშვება ახალ სულიერ ცხოვრებისთვის" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ., გვ. 63).

იქვე ნათქვამია, რომ ნათლობის საიდუმლო შედგება ხილული და უხილავი მხარისგან: "ნათლობის ხილულ მხარეს ეკუთვნის: 1) მასალა საიდუმლოსათვის - წყალი; 2) შთაფვლა წყალში სამგზის და 3. სიტყვები: "ნათელს იღებს მონა ღვთისა სახელითა მამისათა ამინ, და ძისათა ამინ, და სულისა წმიდისათა ამინ".

ხოლო ნათლისღების უხილავი მოქმედება "განამართლებს და განწმენდს მორწმუნეს, როგორც პირველქმნილ, ისე პირად, საკუთარ ცოდვებისგან, რომელიც უქმნია ნათლისღებამდე" (იქვე. გვ.63- 65).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეხიზმოს თანამედროვე გამომცემლებმა სქოლიოში დაუმატეს შენიშვნა, რომლის თანახმადაც "...თუ საჭიროება მოითხოვს, მაგ. თუ ბავშვი ძალიან ავადაა, შეიძლება ეს საიდუმლო შეასრულოს ერის კაცმაც და ქალმაც; ამასთან ერის კაცმა უნდა მხოლო შთაფლას ბავშვი წყალში, ან ასხუროს წყლით და სთქვას: "ნათელს იღებს მონა ღვთისა (სახელი ) სახელითა მამისათა..." და სხვა" (იქვე, გვ. 64).

გარდა იმისა, რომ ახალმოწესეთა გაბატონებული ეკლესია თავისი ამგვარი განმარტებით (ვგულისხმობთ წყალპკურების მიჩნევას ნათლობად) სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ წმიდა მამათა სჯულმდებლობას, საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება, რადგან ხსენებული კატეხიზმო წყალპკურებას განსაკუთრებულ, გამოუვალ მდგომარეობაში (ვთქვათ, მძიმედ დაავადების შემთხვევაში) მიიჩნევს დასაშვებად. მაშინ, როდესაც გაბატონებული ეკლესიის სამღვდელოება ამგვარი წესით "ნათლავს" სრულიად ჯანმრთელ და საღსალამათ ადამიანებს.

ახალმოწესე მოძღვარი "არქიმანდრიტი" რაფაელი წერს: "მართალია, ეკლესიის კანონებში ნათქვამია, რომ ნათლობა დაფლვითი წესით უნდა შესრულდეს, მაგრამ მეძველწესეების მტკიცების საპირისპიროდ, პკურებითი წესით მონათვლაც იყო დაშვებული, თუმცა გამონაკლისის სახით, - ავადმყოფობის, სასიკვდილო საფრთხის თუ წყლის ნაკლებობის შემთხვევაში" (არქიმანდრიტი რაფაელი. "საუბრები მართლმადიდებლობაზე", თბილისი, 1994 წ. გვ. 107).

ამის შემდეგ განა გამოცანად არ რჩება რომ ისეთ წყალუხვ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რა სახის "სასიკვდილო საფრთხე" ემუქრება გაბატონებულ ეკლესიას ან ისეთი რა "ავადმყოფობა" სჭირს, მასობრივად, წყალპკურებით რომ "ინათლებიან", თუმცა ეს "გამოცანა" კარგად ამოხსნა ამავე ეკლესიის მოძღვარმა არჩილ მინდიაშვილმა, როდესაც ქართულ ეკლესიებში გამონაკლისი წესის საყოველთაოდ დამკვიდრება მღვდელმსახურთა მცონარებას მიაწერა (იხ. ა. მინდიაშვილი. "მართლმადიდებლობის ზეიმი", თბილისი, 1994 წ. გვ. 74). ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ მცონარების გარდა, ამ უსჯულოებას ანგარებაც უდევს საფუძვლად, მაგრამ ამის შესახებ როგორმე სხვა დროს ვილაპარაკებთ.

ხოლო ე. ჭელიძე დასხმით ნათლობას არათუ "უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში" აღსასრულებელ ფორმად მიიჩნევს, არამედ შთაფლვითი ნათლობის ტოლფასოვან და სრულფასოვან კანონიკურ ნორმადაც კი ასაღებს და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მას თურმე ისევე უნდა ვიცავდეთ, როგორც შთაფლვით ნათლობას.

ამრიგად, საკუთარ კატეხიზმოში მოცემული განმარტების საპირისპიროდ, ოფიციალურმა ეკლესიამ ისე დაამახინჯა სწავლება ნათლობის შესახებ, რომ უკვე გამონაკლისად იქცა ნათლობის კანონიკური ფორმა, წყალში სამჯერადი შთაფლვა, ხოლო წყალპკურება, პირიქით, აღიარებულია საყოველთაო წესად (მეტიც, ამ ბოლო დროს ბერძნები უკვე ამკვიდრებენ ე. წ. "აერობაპტიზმას". ანუ ჰაერში "ნათლობას". პანაიოტოს ი. ბუმისი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, ნაშრომში "კანონიკური სამართალი", რომელიც ქართულ ენაზეც გამოიცა პროფ. ექვთიმე კოჭლამაზაშვილისა და დეკანოზ იოანე მამნიაშვილის რედაქტორობით, საგანგებო შემთხვევებში, "თუკი არსებობს საშიშროება, რომ ჩვილი მოკვდეს", დასაშვებად მიიჩნევს  ე. წ. ჰაერით ნათლობას, ანუ "ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების სახელით"" (პანაიოტოს ი. ბუმისი. "კანონიკური სამართალი", თბილისი 2007 წ., გვ. 80).

* * *


მაგრამ, მოდი, კვლავ ჩვენს თემას და წმ. კვიპრიანე კართაგენელის გამონათქვამს დავუბრუნდეთ. მოკლედ, ნებისმიერი საეკლესიო საიდუმლოს უმთავრეს ნიშანს, როგორც ღვთისგან ბოძებულ უცვალებელ კუთვნილებას, მისი აღსრულებისთვის საჭირო ნივთიერება, ფორმა (ხილული მხარე) და სულიწმიდის გარდამოსაწვევი ფორმულა წარმოადგენს, რომლის გამარტივება ან გაუქმება ძალას უკარგავს საიდუმლოს და აყალბებს მას. "საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, -  ვკითხულობთ ხსენებულ "კატეხიზმოში", -  რომლითაც მოქმედობს მორწმუნეზე მადლი და ძალი ღვთისა".

მაგრამ, რას გულისხმობდა წმ. კვიპრიანე, როდესაც ამბობდა "მაცხოვნებელ საიდუმლოებებში, საჭიროების მოთხოვნისამებრ და ღვთის მიერ თავისი გულმოწყალების განვრცობის კვალობაზე, ყოველივეს უბოძებს მორწმუნეებს საღვთო შემოკლებანი" (ე. ჭელიძის თარგმანი - არქიეპ. პ.) (რუს. თარგმ.: "В спасительных таинствах, в случае крайней необходимости по щедроте Божией, и в сокращении даруется от Господа верующим все" - "მაცხოვნებელ საიდუმლოებებში, უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, ღმრთის წყალობით, შემოკლებითაც მიეცემა მორწმუნეს ყოველივე ღვთისგან")?

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ წმ. კვიპრიანე არ განმარტავს თუ რას გულისხმობს "შემოკლებაში" (ე. ჭელიძის თარგმანით: "საღვთო შემოკლებანში"), ის არ გვეუბნება, მაგალითად, როგორ შეიძლება შემოკლდეს ზიარების საიდუმლო, მირონცხება, ხელდასხმა და ა. შ. მაგრამ, ამბობს, თუ უკიდურესი საჭიროება დადგა, შესაძლო არისო ამ საიდუმლოთა შემოკლებაც. რადგან წმ. კვიპრიანე არაფერს გვეუბნება თუ რა იგულისხმება "საღვთო შემოკლებებში" და საიდუმლოს რომელ მხარეს ეხება ეს შემოკლება, ე. ჭელიძემ გადაწყვიტა, თვითონ განუმარტოს მკითხველს ეს საკითხი და სანიმუშოდ აიღო ზიარების, ანუ ევქარისტიის საიდუმლოს "შემოკლების" საკითხი.

ე. ჭელიძის აზრით, "მოძღვრის მსჯელობა ამ შემთხვევაში ეხება არა მხოლოდ ნათლისღებას, არამედ ზოგადად მაცხოვნებელ საეკლესიო საიდუმლოებებს, რომელთაგან ყველაზე აღმატებულია ზიარება ანუ ევქარისტია და, რა თქმა უნდა, მოძღვარიც პირველ რიგში მას გულისხმობს. შესაბამისად სავსებით აშკარაა, რომ მოცემულ კონტექსტში გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ" იმდენადვე განეკუთვნება მაცხოვნებელ ნათლისღებას, რამდენადაც მაცხოვნებელ ზიარებას, ხოლო ზიარებასთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნავდით, სწორედ საჭიროების მოთხოვნისამებრ ანუ საკუთრივ "სიმოკლისთვის" ირჩია მრევლმა და პრაქტიკაშიც დაიკანონა იოანე ოქროპირის ლიტურგია (თავდაპირველი იაკობისეული ვრცელი ლიტურგიის სანაცვლოდ), რის ანალოგადაც უადრეს პერიოდში (და კონკრეტულად კიპრიანეს დროს) ცნობილი იყო მოკლე ლიტურგია პეტრე მოციქულისა. აი, ამაზე ხდება მოცემულ შემთხვევაში საგანგებო ხაზგასმა წმ. კვიპრიანეს მხრიდან, როდესაც იგი იყენებს გამოთქმას "საღვთო შემოკლებანი"" (ე. ჭ. "სული - ცხოველი", თბ. 2012, გვ. 296).

ფორმათა შემოკლების თემას ჩვენ კიდევ შევეხებით, აქ კი მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ერთობ დიდი განსხვავება ნათლისღების შესრულების ფორმობრივ განსხვავებასა და იაკობის ლიტურგიის შემოკლებას შორის, რადგან წმ. იოანე ოქროპირს არანაირად არ შეუცვლია (და საერთოდ, არავის არასოდეს შეუცვლია) წმ. ზიარების საიდუმლოში "ღვთისგან მოცემული კუთვნილება". გავიხსენოთ, რას ამბობდა ნესტორ ყუბანეიშვილი (და მის კვალობაზე თვით გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესია) საეკლესიო საიდუმლოთა სწორად აღსრულების თაობაზე: "საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ. ... საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება.

თითოეულ საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-ღებისთვის - წყალი, მირონ-ცხებისთვის - მირონი, ზიარებისთვის - პური და ღვინო და სხვა) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ. ნათლის-ღებაში სამ-გზის წყალში შთაფლვა და სხვა).

ამრიგად, თუ წმ. კვიპრიანე კართაგენელის შეხედულებით ნათლისღების საიდუმლოში, სადაც ღვთისგან მოცემული კუთვნილება არის "სამ-გზის წყალში შთაფლვა" და ფორმულა: ინათლება მონა (ან მხევალი) ღვთისა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამენ", "საღმრთო შემოკლება" გულისხმობს სწორედ ამ ღვთისგან ბოძებული კუთვნილების (ანუ შთაფლვის) შეცვლას დასხმით (და ეს რომ ასე აქვს გააზრებული წმ. კვიპრიანეს, ვნახავთ ქვემოთ); და თუკი, როგორც ე. ჭელიძე აღნიშნავს, წმ. კვიპრიანეს მიერ მრავლობითში წარმოთქმული ფრაზა: "მაცხოვნებელ საიდუმლოებებში" ასეთ "საღმრთო შემოკლებებს" მარტოოდენ ნათლისღების საიდუმლოში არ გულისხმობს, არამედ ევქარისტიაშიც, მაშინ ე. ჭელიძის მიერ ლიტურგიის ხანგრძლივობის შემოკლება ვერანაირად ვერ პასუხობს მის მიერ დასახულ ამოცანას. რამეთუ ევქარისტიაში ლიტურგიის ხანგრძლივობა (ამა თუ იმ ლოცვის დამატება თუ შემოკლება) კი არ ცვლის მის ფორმას, არამედ თვით საიდუმლოს აღსრულების მასალა (პური და ღვინო) და ფორმა. ანუ, ჩვენ თუ ევქარისტიის საიდუმლოს ნათლისღებასავით შემოკლებაზე ვილაპარაკებთ, მაშინ გამოდის, რომ წმიდა მამას, "უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში" დასაშვებად მიუჩნევია პურისა და ღვინის ნაცვლად სხვა ნივთიერებების (მასალის) შეწირვა უფლის ხორცად და სისხლად. ხოლო რამდენად მისაღები შეიძლება იყოს ამგვარი რამ, ლიტურგიკაში ჩახედული მკითხველისთვის მიგვინვდვია.  

ე. ჭელიძე, ცხადია, თავს არიდებს ამგვარ წინააღმდეგობას და აქცენტი შეგნებულად გადააქვს ლიტურგიის ხანგრძლივობის შემოკლებაზე (და არა უშუალოდ საიდუმლოს აღსრულების "ღვთისგან ბოძებულ კუთვნილებაზე" - პურსა და ღვინოზე, რომელიც ლიტურგიაზე შეიცვალვის იესუ ქრისტეს ხორცად და სისხლად). ე. ჭელიძის თქმით ხომ "საკუთრივ "სიმოკლისთვის" ირჩია მრევლმა და პრაქტიკაშიც დაიკანონა იოანე ოქროპირის ლიტურგია (თავდაპირველი იაკობისეული ვრცელი ლიტურგიის ნაცვლად)" (იქვე. გვ. 296).

აბსოლუტურად მცდარი და მიუღებელია ე. ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა მრევლმა ირჩია და პრაქტიკაშიც დაიკანონა წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია "სიმოკლისთვის"... ე. ჭელიძეს ძველი, წმ. იოანე ოქროპირის დროინდელი და თავისი დღევანდელი, თვითნებობების მოყვარული ეკლესია ერთმანეთში ერევა. ე. ჭელიძის თქმიდან გამოდის, რომ ძველი ეკლესია სიზარმაცით ყოფილა გამორჩეული, რადგან ოქროპირის ლიტურგია "სიმოკლისთვის" აურჩევია... ეს კიდევ არაფერი, იმდროინდელი მრევლი სჯულმდებელიც ყოფილა და ეს მის მიერ არჩეული ლიტურგია "პრატიკაშიც დაუკანონებია" (საინტერესოა როგორი იყო ლიტურგიათა "არჩევისა" და "დაკანონების" პრინციპები - კრებაზე მტკიცდებოდა მრევლის არჩევანი თუ სტიქიურად? თუ კრებაზე, რომელია ეს "სამრევლო" კრება?).

წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიასთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი:  წმ. ბასილი დიდი 91-ე კანონში წერს: "მადლობის (ევქარისტიის) პურის ან სასმელის კურთხევის დროს სათქმელად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა ჩვენ წერილობით რაიმე? არც მხოლოდ იმით დავკმაყოფილდებით, რაც მოიხსენიეს მოციქულმა ან სახარებამ, არამედ მათზე ადრე და მათ შემდეგაც ვახსენებთ სხვა მრავალსაც, როგორც საიდუმლოს მიმართ დიდი ძალის მქონეს. ეს კი მიღებული გვაქვს დაუწერელი მოძღვრებისგან" ("დიდი სჯულისკანონი". ბასილი დიდის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ).

ამის თანახმად წერენ და განმარტავენ ამ კანონს ზონარა, ბალსამონი და არისტინეც, რომელთა განმარტებებს სიმოკლისთვის არ დავიმოწმებთ. ხოლო ის, რომ პირველი საუკუნეების ეპისკოპოსებს თავიანთი ლოცვები და სხვადასხვა სახის სიახლეები შეჰქონდათ ლიტურგიაში, ჩანს შემდეგი მოწმობიდან: წიგნში "რომაული ლიტურგიის შესახებ" (О римской литургии) ვკითხულობთ: "უნდა შევნიშნოთ, რომ ძველად კერძო ეკლესიები... ერთმანეთს შორის განსხვავდებოდნენ წესებით, გალობითა და ლოცვებით" (გვ. 80-81). "ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში, - წერია სხვა წიგნში, - ეპისკოპოსები, როდესაც ლიტურგიას ატარებდნენ, შესაწირ ძღვენზე წარმოთქვამდნენ საკუთარ ლოცვებს, ვისაც როგორ შეეძლო, თუმცა მოციქულების მიერ მითითებულ შედგენილობასა და ღვთისმსახურების წესებს იცავდნენ" (Вероучение, богослужение, чиноположение и правила церковного благочиния египетских христиан (коптов), стр. 118) (ციტ. Д. С. Варакин. Рассмотрение примеров приводимых в защиту реформ бывшего патриарха Никона. http://starajavera.narod.ru/varakin.html). "ბერძნებს, - ნათქვამია სხვა წიგნში, - ბეჭდვითი საქმის გამოგონებამდე, როდესაც ისინი ხელნაწერი ლიტურგიებით ხელმძღვანელობდნენ, საკუთარი დაუდევრობით თუ სხვა მიზეზებით უშიშრად შეჰქონდათ ლიტურგიაში ახალი სიტყვები და მოქმედებები და, მათ პრაქტიკულადაც კი აღასრულებდნენ. უჩვეულო სიახლეები ლიტურგიაში განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო რომისადმი დაქვემდებარებულ ეკლესიებში..." (Новая скрижаль, гл. 6, § 2, стр. 150) (იქვე).

შესაძლოა ეს უკანასკნელი მოწმობა განეკუთვნება ბასილი დიდზე და იოანე ოქროპირზე უგვიანეს დროებას, მაინც ნათლად ათვალსაჩინოებს ძველი ლიტურგიების მდგომარეობას, რომელთა მოწესრიგება, უკიდურეს შემთხვევაში, არ შეიძლება ჩაითვალოს დაუშვებელ, ცოდვილ ცვალებადობად ან მოციქულთა ლიტურგიის გაუქმებად.

ზემოთ მოტანილ სამ მოწმობას გვსურს დავუმატოთ კიდევ ერთი ისტორიული ცნობა, რომელიც მოცემულ საკითხს ეხება და რომლის მიხედვით: "IV საუკუნეში, როდესაც შეწყდა ქრისტეანთა დევნა და ეკლესიას შესაძლებლობა მიეცა თავისუფლად კეთილმოეწყო საკუთარი ღვთისმსახურება, აღმოჩნდა, რომ ლიტურიის სფეროში მრავალგვარობა და განსხვავება იყო არა მარტო ცალკეულ, ადგილობრივ ეკლესიებს შორის, არამედ ერთსა და იმავე ეკლესიის სხვადასხვა სამრევლოებს შორისაც კი; ეს განსხვავებანი ეხებოდა ლოცვებს, რომელთაც ერთი და იგივე შინაარსი ჰქონდათ, მაგრამ გადმოცემის ფორმის მიხედვით განსხვავდებოდნენ. აღიარებულ იქნა ლიტურგიათა მოწესრიგების საჭიროება და ისიც, რომ სხვადასხვა ეკლესიათა ლიტურგიები უნდა ყოფილიყო ერთგვაროვანი და თანხმიერი. ამ მიზნით წმ. ბასილი დიდმა გადაამოწმა და შეამოკლა მანამდე გამოყენებული ძველი ლიტურგიები, რომლებიც მოციქულ იაკობის სახელს ატარებდნენ" (Три литургии. Заметка в Современном календаре 1898 г., изд. Ступина, месяц сентябрь).

აქ დამოწმებული მონაცემები ადასტურებს, რომ წმიდა ბასილი დიდმა კი არ გააუქმა, არამედ მხოლოდ მოაწესრიგა მოციქულის ლიტურგია, რომელიც სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში განსხვავებული იყო, ზოგან კი უზუსტობები და დაუშვებელი დანამატებიც შეტანილიყო.

ამის შემდეგ "ამ წმიდა მამამ (ოქროპირმა) აიღო იგივე წესები და ჩვეულებები, რაც ბასილი დიდის ლიტურგიაშია მოცემული. მან მხოლოდ შეამოკლა ლოცვები" (гл. 7, § 1, стр. 190), - ასე წერია ჩვენ მიერ ზემოთ დამოწმებულ წიგნში "სამი ლიტურგია" (Три литургии): "წმ. ბასილი დიდის შემდეგ ამ საქმეში მოღვაწეობდა წმ. იოანე ოქროპირი, რომელმაც ლიტურგია კიდევ უფრო შეამოკლა. თუმცა, ასეთი შემოკლება, მიღწეულ იქნა ლოცვათა ზუსტი გადმოცემით და ზოგიერთი ლოცვის საიდუმლოდ კითხვის ჩვეულების დამკვიდრებით. ლიტურგიის არსებითი შინაარსი კი ხელუხლებელი დარჩა" (Современный календарь 1898г., изд. Ступина) (იქვე).

"მან (ოქროპირმა), - წერს პროფესორი პოკროვსკი, - ხელუხლებლად დატოვა ლიტურგიის სამოციქულო საფუძველი, შეინარჩუნა მისი ზოგადი წყობა, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა ეკლესიათა მონაპოვარია, მაგრამ შეიტანა მასში ახალი, მის მიერ შედგენილი ლოცვები, ნაწილობრივ მის მიერ რედაქტირებულნი" (Отдых христианина, февраль 1908 г., стр. 13).

როგორც პირველი, ასევე ბოლო მოწმობებიდან ნათლად ჩანს, რომ არც წმ. ბასილი დიდს და არც წმ. იოანე ოქროპირს მოციქულთა ლიტურგია არ შეუცვლიათ, არამედ მხოლოდ მოაწესრიგეს და სრულყვეს იგი. ისეთი განსხვავებანი ლიტურგიებს შორის, როგორიც დღეს გვაქვს ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს შორის, უძველეს დროშიც იყო და ეს არ ითვლებოდა რაიმე ცოდვად, უბრალოდ, მაშინ ის არსებობდა როგორც ამა თუ იმ ეპისკოპოსის ქრისტეანული სულის სიმაღლის გამოხატულება და არ იყო დაცული მოციქულთა რომელიმე სპეციალური კანონით.

იმის საჩვენებლად, რომ ძველ ლიტურგიებს შორის არსებობდა გარეგანი, არაარსებითი განსხვავება, სასარგებლოდ გვიჩნს, გაგაცნოთ ამონარიდი წიგნიდან "ძველი ლიტურგიების კრებული" (Собрание древних литургий), რომელიც სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის გამოცემის, "Христианское чтение"-ს რედაქციამ შეადგინა. აქ ვკითხულობთ: "იესუ ქრისტეს მიერ დაწესებული და მის მიერ წმიდა მოწაფეთა და მოციქულთათვის გადაცემული საღმრთო ლიტურგია არსებითად ერთი იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის და თვით აღმოსავლეთის არამართლმადიდებელ ეკლესიებშიც კი, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ნესტორიანული და მონოფიზიტური ეკლესიები...

შემდეგ, ყველა ძველ ეკლესიაში ლიტურგია ერთია არა მარტო მის უმთავრეს ნაწილებში, არამედ ძირითადი თემის ერთობაშიც, რომელიც მის უმთავრეს ნაწილში - წმიდა შესაწირავის, მადლობის ლოცვაშია გამოხატული. ერთია ის, აგრეთვე, უმთავრესი ევქარისტული ლოცვების, ანუ ასამაღლებლების უცვალებლობაში, რომლებიც აერთიანებენ ამ ლოცვებს. ამ თვალსაზრისით ძველ ქრისტეანულ ეკლესიებს, მართლმადიდებლურსაც და არამართლმადიდებლურსაც, თამამად და სრული უფლებით შეუძლიათ განაცხადონ, რომ მათ აქვთ მოციქულთა ლიტურგია და მას უცვალებლად იცავენ მოციქულთა დროიდან. მაგრამ, ქრისტეანული სამყაროს სხვადასხვა ქრიტეანული ეკლესიის ლიტურგიებს დეტალიზაციისა და ცალკეული მომენტების კუთხით, ანუ არაარსებითი გარეგნულობის მხრივ თუ განვიხილავთ, ისინი ერთნაირი არ არის.

ლიტურგიის გარეგანი მხარე ქრისტეანული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო... რადგან, მოციქულთაგან ლიტურგია წერილობითად კი არ მოგვეცა ან რაიმე ჩანაწერის სახით, რომელიც მოციქულებმა დატოვეს და მისი დაცვა ყოველ დეტალსა და ასოში უცვალებლად დაგვავალეს, არამედ ზეპირი გადმოცემით, რომლის მიხედვითაც ამცნეს ყველა ეკლესიას, უცვალებლად დაეცვათ მხოლოდ მათ მიერ გადმოცემული არსებითი მომენტები. Xოლო, რაც შეეხება არაარსებითს, როგორიც არის მაგალითად, წმ. წერილის საკითხავთა რაოდენობა და თანმიმდევრობა ან საგალობელთა და ლოცვათა რაოდენობა და ტექსტი; ასევე სხვადასხვა საწესჩვეულებო მოქმედებანი და სხვა, თავიანთი მოწაფეების შეხედულებაზე დატოვეს...

ის, რომ ლიტურგია მოციქულთაგან მიგვიღია არა წერილობით, არამედ ზეპირი გადმოცემით, პირდაპირ და სრულიად ცხადად არის ნათქვამი წმ. ბასილი დიდის წიგნში "სულიწმიდის შესახებ" (О Святом Духе, гл. 27); თუ ჩვენამდე მოაღწიეს ლიტურგიებმა, რომლებიც ატარებენ იაკობ და მარკოზ მოციქულთა სახელებს და, თუ არსებობს ძველი მოწმობები ამ მოციქულთა, როგორც ლიტურგიის დამწერთა შესახებ, ეს რაიმე წერილობით ლიტურგიკულ წყაროზე კი არ მიუთითებს, რომლებიც მათ ეკლესიას დაუტოვეს, არამედ იმაზე, რომ სწორედ ამ მოციქულთაგან გადმოეცა ლიტურგია იერუსალიმისა და ალექსანდრიის ეკლესიებს, რომლებიც ამ ეკლესიათა დამაარსებლები და ეპისკოპოსები იყვნენ.

უეჭველია იაკობისა და მარკოზის მონაწილეობა უძველესი ლიტურგიის მოწესრიგების საქმეში და მათი ლიტურგიების ზეგავლენა სხვა ქრისტეანულ ეკლესიათა ლიტურგიებზე. ამის დასტურად გამოდგება ყველა ძველი ლიტურგიის მსგავსება და თანხმობა უმთავრესსა და არსებითში. ხოლო მსგავსება და თანხმობა, შეუძლებელია ავხსნათ სხვა რომელიმე მიზეზით, რადგან შემთხვევითობის დაშვება მოცემული მოვლენის ასახსნელად გონივრული პასუხის უარყოფის ტოლფასი იქნებოდა.

ამგვარად, გადმოცემა იაკობისა და მარკოზის ლიტურგიების შესახებ მის ერთადერთ და სწორ გააზრებაში, სულაც არ იმყოფება წინააღმდეგობაში ბასილი დიდის სიტყვებთან, რომ ადრე არავის გადმოუცია ლიტურგია წერილობითი სახით, ასევე სხვა ისტორიულ ფაქტებთან, რომელთა შესახებაც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ.

იმავეს ამტკიცებენ სხვა თანამედროვე მკვლევრები და ლიტურგისტები; მაგალითად, პროფ. პოკროვსკი წერს: "მოციქულთათვის ქრისტე მაცხოვრის მიერ ბოძებული მცნება: "ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა" მოციქულთა ლიტურგიის ამოსავალი წერტილი გახდა. მოციქულთა დროინდელ ლიტურგიაზე მინიშნებებს ჩვენ ვხვდებით მოციქულთა საქმეებსა და ეპისტოლეებში; მოციქულებრვი კაცთა დროინდელ ლიტურგიებზე - ეგნატე ღმერთშემოსილთან, მომდევნო საუკუნეების (II-III სს.) ლიტურგიებზე - ეკლესიის მამებთან და საეკლესიო მწერლებთან: იუსტინე ფილოსოფოსთნ, ირინეოს ლიონელთან, კლიმენტ ალექსანდრიელთან, ტერტულიანესთან, ორიგენესთან, კორნელიუს რომაელთან, ფირმილიანე კესარია-კაპადოკიელთან, მოციქულთა დადგენილებებსა და განწესებებში, გრიგოლ ნეოკესარიელთან, პლინიუს მცირესთან და მრავალი სხვა.

შესაძლოა ეს ცნობები მეტად მოკლეა და არასაკმარისი, მაგრამ მაინც გვაიძულებენ ვაღიაროთ, რომ უკვე პირველდაწყებით ქრისტეანობაში არსებობდა გარკვეული წყობა ლიტურგიისა, რომელიც თავიდან საიდუმლო სერობის "თვითმხილველ" მოციქულთაგან ამავე სერობის სახით ჩამოყალიბდა. იუსტინე მოწამე მოკლე ცნობებს გვაწვდის ჩვენთვის უკვე ძვირფას ცნობებს თვით ლიტურგიის წყობის შესახებ: პურსა და თასზე ღვინითა და წყლით, სულიწმიდის ქებაზე ძის სახელით და მამის დიდებაზე, მადლობაზე, მორწმუნეთა ქრისტეს უპატიოსნესი ხორცითა და სისხლით ზიარებაზე. ცხადია, რომ მოციქულთა მარცვალი ლიტურგიისა II საუკუნეში იზარდა და გარკვეული ნაყოფიც გამოიღო. ამას ირიბად ადასტურებს ჩვენამდე მოსული გადმოცემა მოციქულთა: იაკობის, ასევე მარკოზის, პეტრეს და თადეოსის მიერ ლიტურგიის შედგენის თაობაზე. ამ მოციქულთა ლიტურგიებმა ჩვენამდე წერილობითადაც მოაღწია (ცხადია, იგულისხმება მოციქულთა ზეპირი გადმოცემების გვიანდელი ჩაწერა - არქიეპ. პ.). ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაც მათშია და რაც სადღეისოდ გადმოგვეცა, ყოველივე თავის ისტორიას მოციქულთა დროიდან იღებს; და უეჭველია, რომ მათი შინაარსის უდიდესი ნაწილი მოციქულთა საუკუნის შემდეგ, მოგვიანებით დაიწერა; მაგრამ მათში არის ერთი საერთო საფუძველი, რომელიც გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ ყოველ მათგანში არსებობს უძველესი ეპოქის ლიტურგიკული ერთობა. დეტალებში ეს ლიტურგიები ძლიერ დასცილდნენ ერთმანეთს, და ასეთი დაცილების დასაწყისი უეჭველად ქრისტეანობის პირველ საუკუნეებს უკავშირდება.

მოციქულთა ეპოქაში, რომლებსაც ყოველთვის მჭიდრო ურთიერთკავშირი ჰქონდათ, არ შეიძლებოდა გაჩენილიყო მსხვილი ლიტურგიკული განსხვავებები; ისინი ეხებოდა მხოლოდ ევქარისტული ლოცვების ფორმულირებას, რომელშიც თავისუფალი იმპროვიზაცია დაშვებული გახლდათ. მაგრამ ქრისტეანობის გავრცელებასთან და აქ ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების გამრავლებასთან ერთად, მწვალებლობათა და განხეთქილებათა აღმოცენებასთან ერთად, რომლებიც ლიტურგიკული საშუალებებითაც კი სარგებლობდნენ თავიანთი ცრუსწავლების პროპაგანდის მისაღწევად, ნელ-ნელა მომწიფდა აუცილებლობა ზუსტად ყოფილიყო ფორმულირებული უმთავრესი ლიტურგიკული ლოცვები და დაწესებულ იყო განსაზღვრული ლიტურგიკული წყობა.

დადგა IV საუკუნე, ქრისტეანული ეკლესიის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა: დევნილი ეკლესიიდან ის მფარველობაში აღმოჩნდა, შემდეგ კი გაბატონებული მდგომარეობაც დაიკავა; დადგა საეკლესიო ყოფიერების ფართო, ორგანიზებული მოწყობის აუცილებლობა; მომწიფდა მსოფლიო კრებათა ეპოქა, რომელიც ერთ ერთი უძლიერესი საშუალება იყოს ორთოდოქსიისა და საეკლესიო ერთობის გასამყარებლად.

კონსტანტინოპოლი გახდა იმპერიის დედაქალაქი; პატარა ბიზანტიამ მალე იცვალა თავისი იერსახე: მასში გაჩნდნე ვილები, სასახლეები, ბრწყინვალე ქრისტეანული ტაძრები; კონსტანტინოპოლის ქრისტეანული მოსახლეობა  ძლიერ გაიზარდა; ლიტურგიის მოწყობის და მოწესრიგების დროც დადგა. ამ მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯი სწორედ ბასილი დიდმა გადადგა, რომელსაც ეკლესიური საკითხების მოგვარებაში თავისი უდიდესი როლი ჰქონდა: მან პირველმა მოგვცა ვრცელი ლიტურგიული მასალის სისტემატიზაციისა და ერთ მწყობრ სისტემად ჩამოყალიბების ბრწყინვალედ შესრულებული მცდელობა. ისეთი მცდელობა, რომელმაც გააერთიანა ადგილობრივი მოთხოვნილებები, შეავსო ყოველგვარი გაუთვალისწინებლობა..."
(журнал "Отдых христианина". февраль 1908 г., стр. 6-9).

"აქედან გამომდინარეობს მხოლოდ ერთადერთი სწორი დასკვნა, რომ ბასილი დიდმა მოციქულთა ლიტურგია კი არ შეცვალა, არამედ მას, ზემოთ დასახელებულ მიზეზთა გამო, ერთი, გარკვეული სახე მიანიჭა. ასე მოიქცა წმ. იოანე ოქროპირიც, რომელმაც, როგორც ეს ზემოთ ვნახეთ, კი არ შეცვალა წმ. ბასილი დიდის ლიტურგია, არამედ მხოლოდ ზოგიერთი ლოცვა გადმოსცა შემოკლებით"» (Д. С. ВАРАКИН. Рассмотрение примеров приводимых в защиту реформ бывшего патриарха Никона. О литургии. Библиотека журнала "Церковь". Москва 1999).

ამრიგად, "ამ ორმა ბუმბერაზმა მსოფლიო მოძღვარმა მთელი თავიანთი ძალა და ღონე გამოიყენა იმისთვის, რათა შეურყვნელად შეენარჩუნებინათ მოციქულთა ლიტურგია და გაეწმინდათ იგი დანაშრევებისა და დანამატებისგან, რომელიც მასში ძველი ეკლესიის ეპისკოპოსებს შემოჰქონდათ; ლიტურგიასთან მიმართებაში მათ გააკეთეს მხოლოდ ის, რასაც თვით მოციქულები არ უკრძალავდნენ არავის თავიანთი დადგენილებებითა და კანონებით" (დ. ს. ვარაკინი. იქვე).

ასე რომ, ე. ჭელიძის მცდელობა, წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია წარმოაჩინოს ევქარისტიის, ეკლესიის ამ უმთავრესი საეკლესიო საიდუმლოს "საღმრთო შემოკლებად", ისევე ავანტიურისტული და ყალბია, როგორც სხვა დანარჩენი.

და ბოლოს, ე. ჭელიძის განმარტებაში თავს იჩენს ალოგიკურობაც. თავად განსაჯეთ, თუ ლიტურგიის ფორმის შეცვლა-შემოკლება მისი ლოცვების შემოკლებას გულისხმობს, რაც ლიტურგიის ხანგრძლივობას ამოკლებს და ეს არანაირად არ ეხება პურსა და ღვინოს, ანუ უფლის მიერ ამ საიდუმლოსთვის ბოძებულ საღმრთო კუთვნილებას, მაშინ ნათლისღების საიდუმლოს შემოკლებაც სწორედ ზოგიერთი ლოცვის ამოღებას და ნათლობის ხანგრძლივობის შემოკლებას უნდა გულისხმობდეს და არა წყალში შთაფლვის, ანუ ნათლისღების საიდუმლოსთვის ბოძებული საღმრთო კუთვნილების ცვალებადობას.

ხოლო, თუ, ე. ჭელიძის აზრით, საიდუმლოს "შემოკლება" სწორედ მისი ძირითადი ფორმის, უფლის მიერ დაწესებული კუთვნილების შემოკლებას გულისხმობს, მაშინ ევქარისტიაშიც ეს სწორედ პურსა და ღვინოს უნდა ეხებოდეს და არა თვით ლიტურგიის ხანგრძლივობას. ეს კი ნამდვილად იქნებოდა ლიტურგიის დარღვევა, ისევე, როგორც ნათლობის დარღვევაა წყალპკურებითი ფორმის გამოყენება.

სხვათა შორის, ძველმართლმადიდებლურ პრაქტიკაში არსებობს კიდევაც შემოკლებული ნათლისღება, როდესაც საჭიროა სასწრაფო ნათლობა და ნათლისღების საიდუმლოს მთელი წეს-განგების სრული შესრულების დრო არ რჩება. მაგრამ ეს შემოკლება არანაირად არ ეხება ნათლისღების შესრულების თვით ფორმას, წყალში სამგზის შთაფლვას. ასეთ შემთხვევაში, საწყისი ლოცვების შემდეგ მღვდელი (ან ერისკაცი, თუ გამოუვალი მდგომარეობაა და ახლომახლო მღვდელმსახური არსად არ არის), ჩაიყვანს მოსანათლავს წყალში და სამგზის შთაფლავს მას მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე. წყლიდან ამოსვლის შემდეგ კი წაიკითხავენ 31-ე ფსალმუნს და სასრულ ლოცვებს. ხოლო შემდეგ, როგორც კი მონათლული შეძლებს ეკლესიაში მისვლას, მას ნათლისღების წეს-განგებას თავიდან ბოლომდე შეუსრულებენ (წყალში შთაფლვის გარდა, რადგან ეს მოქმედება უკვე შესრულდა), მირონცხებისა და ზიარების ჩათვლით.


***


სიტყვამ მოიტანა და, რაკიღა შევეხეთ საეკლესიო საიდუმლოებათა ფორმების ცვალებადობის საკითხს, სანამ კვლავ წმ. კვიპრიანეს ნათქვამის განხილვას განვაგრძობდეთ, ჯეროვანი იქნება, აქვე ჩავრთოთ ე. ჭელიძის სხვა მოსაზრებებიც "ფორმობრივ ცვალებადობასთან" დაკავშირებით.

დასხმით-პკურებითი "ნათლობის" გამართლებას ემსახურება ე. ჭელიძის მსჯელობა საეკლესიო საიდუმლოთა რიტუალური მხარის ცვალებადობის შესახებ.

თავისი პირველი "ანტისტაროვერული" წიგნის "ეკლესია - სძალი უფლისა"-ს 142-148-ე გვერდებზე ე. ჭელიძე ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში საეკლესიო საიდუმლონი იცვლებოდა. ხოლო ამგვარი ცვალებადობის ნიმუშებად მას მოჰყავს წმ. იოანე ოქროპირის მიერ "ოდნავ შემცირებული" ლიტურგია და ასევე წმ. მაქსიმე აღმსარებლის გამონათქვამები სხვადასხვა საიდუმლოთა, მათ შორის ჟამისწირვისა (ლიტურგიის) და ნათლობის რიტუალურ მხარესთან დაკავშირებით (იხ. იქვე. გვ. 143-144). მეტიც, ე. ჭელიძე საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ, წმიდა მამის თქმით, ეს ცვლილებები გამოწვეული იყო "სწორედ დროის მოთხოვნით, ეპოქის გათვალისწინიებით" (იქვე. გვ. 144).

ე. ჭელიძის ამ მსჯელობაზე ჩვენ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რადგან ის ადრინდელ ძველმართლმადიდებელ პოლემისტთა იმ შეხედულების საპირისპიროდ არის გამოთქმული, რომელთა მტკიცებითაც სამოციქულო გადმოცემები და ჩვეულებები არ იცვლებოდა და საუკუნეთა განმავლობაში უცვალებლად გადმოდიოდა ქრისტეანთა ერთი თაობიდან მომდევნო თაობაზე. მაგრამ ე. ჭელიძის ამ მსჯელობას, ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის ადეპტები ხშირად გვიმოწმებენ ნათლისღების საიდუმლოში, შთაფლვითი წესის დასხმით შეცვლის გასამართლებლად. შეფარვით, შესაძლოა, ამას თვით ე. ჭელიძეც გულისხმობდეს.

მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, რომ დროის მოთხოვნილების მიხედვით თითქოსდა შესაძლებელი იყოს საეკლესიო საიდუმლოებათა შეცვლა, მათი რიტუალური სახეცვლილება. მაგრამ, რა სახის ცვლილებებია ეს და საიდუმლოს რომელ მომენტებს ეხება? რამდენად გამართლებულია საიდუმლოს გარეგანი მხარის შეცვლა "დროის მოთხოვნილებებიდან" გამომდინარე და რამდენად სამართლიანად ეფუძნება ამგვარი ცვლილებები წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებებს? ამ საკითხის გასარკვევად ჯერ უნდა ვნახოთ, საეკლესიო საიდუმლოთა რომელ მომენტებზეა ლაპარაკი, შემდეგ კი გავარკვიოთ თვით საიდუმლოს რაობა და ისიც თუ რა არის მასში ცვალებადობას დაქვემდებარებული და რა უცვალებელი.

1. "მირონცხების შემდეგ წმიდა ზიარების მისაღებად მიჰყავს (მღვდელს - ე. ჭ.) იგი (მოსანათლავი - ე. ჭ.). ამგვარი რამ გამართლებული იყო დროის ვითარებასთან შესაგუებლად, აწ კი უმეტესი კრძალულებით, საღვთო საიდუმლოთა სრული ლიტურგიით აღსრულდება (ზიარება - ე. ჭ.)" (იქვე. გვ. 145).

ჩვენი პასუხი: წმ. მაქსიმეს მიერ აღწერილი ეს ცვლილება არანაირად არ ეხება თვით ზიარების საიდუმლოს, არამედ იმას, თუ როგორ უნდა ეზიაროს ახალმონათლული. ჩვენ კი ვლაპარაკობთ უშუალოდ საიდუმლოს უმთავრეს მომენტზე და არა ზოგადად საიდუმლოში არსებულ სხვადასხვა რიტუალზე, რაც უხვად ახლავს შვიდივე საეკლესიო საიდუმლოს. თუ რას ვგულისხმობთ, ამას უფრო დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ. აქ კი ვიტყვით, - ე. ჭელიძის მიერ მოყვანილი ეს მაგალითი ვერანაირად გაამართლებს შთაფლვითი ნათლობის შეცვლას დასხმითი წესით და საერთოდ, საიდუმლოს უმთავრესი მომენტების ცვალებადობას. აქ ლაპარაკია სულ სხვა მომენტზე, ჩვენ კი აბსოლუტურად სხვა მომენტებზე ვამახვილებთ ყურადღებას. Uბრალოდ, ე. ჭელიძე საკითხს აქაც აბუნდოვანებს, ატყუებს მკითხველს, თითქოსდა საეკლესიო საიდუმლოს ცვალებადობა დასაშვები იყოს და არ განუმარტავს არც საიდუმლოს რაობას და არც იმას, თუ რა არის უმთავრესი ყოველ საიდუმლოში. როგორც უკვე ვთქვი, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. სხვათა შორის, ახალმონათლული ქრისტეანის ზიარება დღესაც, ისევე როგორც ძველად, ნათლისღების საიდუმლო, მოსანათლავის შთაფლვის შემდეგ აღესრულება, ლიტურგიის გარეშე, ე. წ. სათადარიგო ძღვენის მეშვეობით, რომელიც დიდ მარხვაში, დიდ ხუთშაბათს შეიწირება და გამოიყენება ავადმყოფთა და ახალმონათლულთა საზიარებლად.

2. "ერთგან ბარძიმთან დაკავშირებით ასეთ რიტუალურ განსხვავებას ასაჩინოებს წმ. მაქსიმე: "იცოდე, რომ არა მხოლოდ წმიდა პური დაიგებოდა დაბურვილად, არამედ, აგრეთვე, საღვთო სასმისიც, რაც არ ხდება ამჯამად" (იქვე. გვ. 145).

ჩვენი პასუხი: არც ეს მომენტი შეიძლება იქნას მიჩნეული მნიშვნელოვან ცვლილებად საეკლესიო საიდუმლოსთვის (კონკრეტულად ევქარისტიის საიდუმლოსთვის). თუ რატომ, ნაწილობრივ ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ. დაწვრილებით - ქვემოთ.

3. "ამჯერად მოვიტანთ წმ. დიონისეს ხსენებულ შრომაზე დართულ ერთ მეტად მნიშნელოვან კომენტარს, რომელიც კონკრეტულად ჟამისწირვის რიტუალურ ცვალებადობას ასაჩინოებს. ... ახალქართულად მოტანილი კომენტარი ასეთი სახის იქნება: "იცოდე, რომ ჟამისწირვის ეს წესი იმ დროს (ე. ი. წმ. დიონისე არეოპაგელის ჟამს. - ე. ჭ.) ამ სახით იყო დაცული, ანდა თვით იმ ადგილებში იყო ამგვარად დაწესებული, რადგანაც ადგილობრივ ეკლესიათა წესებში ჩვეულებრივია სხვადასხვაობა … ეს ცნობა, -  წერს ე. ჭელიძე, -  ეჭვმიუტანლად ადასტურებს, რომ საეკლესიო საიდუმლოთა ოდენ ფორმობრივი ცვალებადობა და სხვადასხვაობა ვლინდებოდა არა მხოლოდ ერთმანეთისგან დაშორებულ საუკუნეებში, არამედ ერთი დროს, ერთი ეპოქის, ერთი საუკუნის სხვადასხვა ეკლესიაში" (იქვე. გვ. 146).

ჩვენი პასუხი: მაგრამ, ჯერ-ერთი, აქ ლაპარაკია მხოლოდ ჟამისწირვაზე და თანაც არა მის უმთავრეს, უფლისგან ბოძებულ კუთვნილებაზე, რომლის გარეშეც საიდუმლო საიდუმლოდ არ იწოდება, არამედ იმ არაარსებით ცვლილებებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ადგილი ჰქონდა დროთა განმავლობაში. სანიმუშოდ, ერთ-ერთ ასეთ საკითხს, სხვა მსგავს საკითხებზე რომ ნათელი წარმოდგენა გვქონდეს, ქვემოთ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ.

ის ცვლილებები, რომლებიც შეხებია საეკლესიო საიდუმლოთა წეს- განგებებსა და რიტუალებს, არ ამართლებს ნათლისღების საიდუმლოში შთაფლვის შეცვლას დასხმით. ამგვარი ცვლილებები თუ ხდებოდა, ის ეხებოდა საიდუმლოს არა ძირითად, არაარსებით მხარეს. ხოლო არსებითი საიდუმლოში არის სწორედ ღმრთისგან ბოძებული კუთვნილება.

ზემოთ უკვე განვმარტეთ, თუ რა არის საიდუმლო, რისი შეცვლა შეიძლება საიდუმლოში და რისი არა (ან დროთა განმავლობაში რა იცვლებოდა საიდუმლოში და რა არა?). აქ მხოლოდ მოკლედ გავიმეორებთ, რომ საიდუმლოში გაირჩევა სამი უმთავრესი მომენტი: 1) საღმრთო დაწესება; 2) ხილული მოქმედება; 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა.

1) საღმრთო დაწესება, ნიშნავს, რომ ღმერთი არის ერთადერთი წყარო და მომცემი მადლისა, ამიტომ "არავის სხვას, გარდა ღვთისა, არ შეეძლო დაწესება საიდუმლოებისა, რომელშიც კაცს ენიჭება მადლი" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად, თბ. 1990 წ. გვ. 62).

2) ხილული მოქმედება.  ხსენებული "კატეხიზმო" სწორად გვასწავლის, რომ "მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ.

საიდუმლოს აღმსრულებლად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონიერად არჩეული და კანონიერად ხელდასხმული მღვდელმთავარი და მღვდელი.

საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება.

თვითოეულ საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-ღებისთვის - წყალი, მირონ-ცხებისთვის - მირონი, ზიარებისთვის - პური და ღვინო და სხვა) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ. ნათლის-ღებაში სამ-გზის წყალში შთაფლვა და სხვა).

3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა. საიდუმლოს სინამდვილისთვის საჭიროა კიდევ "მოწვევა სულისა წმიდისა და ცნობილი ფორმა სიტყვათა, რომლებითაც მღვდელი განსწმენდს საიდუმლოს ძალითა სულისა წმიდისა". მოწვევა სულისა წმიდისა და წარმოთქმა დაწესებულ სიტყვათა აძლევს გარეგან მოქმედებას საიდუმლოს შესრულების დროს - საიდუმლო-მადლიან მნიშვნელობას" (იქვე. გვ. 63).

ამრიგად, საიდუმლოში უცვალებელია ყოველივე ის, რაც თვით უფალს დაუწესებია და რაც მოციქულთა და მისი მემკვიდრეების მიერ დღემდე უცვალებელად გადმოგვეცა. ეს არის - ღვთისგან მოცემული კუთვნილება.

საიდუმლოს ღვთისგან მოცემულ კუთვნილებაში კი, როგორც ხსენებული კატეხიზმოს ავტორ-გამომცემლები ბრძანებენ, იგულისხმება საიდუმლოს აღსრულების ფორმა, ნივთიერება და წარმოსათქმელი ფორმულა, რომლითაც მღვდელმსახური გარდამოიწვევს სულიწმიდას შესასრულებელ საიდუმლოზე, რომელიც ანიჭებს მას "საიდუმლო-მადლიან მნიშვნელობას".

ამავე კატეხიზმოში, როგორც ეს ზემოთ უკვე ვნახეთ და განვმარტეთ, ძალიან მარტივად და გასაგებად არის ნათქვამი, რომ ნათლისღების საიდუმლოში, რომლის დამწესებელი არის თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, საღმრთო კუთვნილება, რისი შეცვლაც დაუშვებელია, არის ნივთიერება (ნათლისღებაში წყალი), გარეგნული მღვდელმოქმედება, ანუ ფორმა (ნათლისღებაში წყალში სამგზის შთაფლვა) და წარმოსათქმელი ფორმულა (ნათლისღებაში თითოეულ შთაფლვაზე წმ. სამების თოთოეული იპოსტატის სახელის წარმოთქმა. ნათლისღების ფორმულა ასე იკითხება: "ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამენ").

ამრიგად, როდესაც საეკლესიო საიდუმლოს ფორმობრივ ცვალებადობაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ამ საიდუმლოში არ უნდა იცვლებოდეს ღმრთისგან ბოძებული კუთვნილება, საიდუმლოს ის უცვალებელი ნიშნები, რომელთა გარეშეც საიდუმლო ასეთად ვერ ჩაითვლება.

ე. ჭელიძის მიერ ზემოთ მოტანილი მაგალითები საიდუმლოს ცვალებადობის და მით უმეტეს ნათლისღებაში შთაფლვის დასხმით შეცვლის გამამართლებელ არგუმენტებად ვერანაირად ვერ გამოდგება, რადგან ეს ცვლილებები არ ეხება უმთავრესს, ანუ "ღმრთისგან ბოძებულ უცვალებელ კუთვნილებას" -  მასალას, საიდუმლოს შესრულების ფორმას და წარმოსათქმელ ფორმულას.

წმ. იოანე ოქროპირის მიერ "შემცირებული" ლიტურგიის შესახებ უკვე დეტალურად ვილაპარაკეთ და ვნახეთ, როგორ ამაოდ ცდილობს ე. ჭელიძე ამ ლიტურგიკული საკითხის თავის სასარგებლოდ წარმოჩენას. მაგრამ კიდევ უფრო რომ ცხადვყოთ ჩვენი სათქმელი და ისიც, რომ ზოგიერთი არაარსებითი ჩვეულების ცვალებადობა არ ამართლებს საეკლესიო საიდუმლოთა ფორმის ცვალებადობას, მოვიყვანთ ერთ მაგალითს იმავე ლიტურგიკული პრაქტიკიდან, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენთან მოპაექრეთ არაერთხელ დაუმოწმებიათ. კერძოდ, ფორმათა ცვალებადობის მომხრენი თავიანთი შეხედულების დასტურად გვიმოწმებენ კოვზით ზიარების ტრადიციას, და გვეუბნებიან, რომ ადრე ყოველ ქრისტეანს ზიარება ხელში ეძლეოდა, ახლა კი ეს კოვზით ზიარებით შეიცვალა (ხელით მხოლოდ სასულიერო პირები ეზიარებიან საკურთხეველში).

მაგრამ ზოგიერთმა ოპონენტმა არ უწყის, კოვზით ზიარებას სიახლედ და ხელით ზიარების ცვალებადობად ვერ ჩავთვლით, რადგან კოვზით ზიარება უძველესი დროიდანვე არსებობდა. "კოვზიდან ზიარება არც კი შეიძლება არასამოციქულო გადმოცემად იწოდოს, რადგან ყველა მორწმუნე ქრისტეანი ლიტურგიის დაფუძნების დღიდან თვლიდა საჭიროდ უფლის პატიოსან ხორცთან და სისხლთან ზიარებას. მათ შორის კი, ბუნებრივია, იქნებოდნენ ყრმებიც, რომელთაც არ შეეძლოთ ზიარების საკუთარი ხელით მიღება და უეჭველია იქნებოდნენ ისეთი ავადმყოფებიც, რომელთაც ასევე არ შეეძლოთ თავიანთი სნეულების გამო საკუთარი ხელით წმიდა ზიარების მიღება და თუ წმიდა მოციქულებმა არსად თქვეს, ყრმები და ავადმყოფნი არ აზიაროთო, ცხადია, ისინიც აუცილებლად უნდა ეზიარონ და გამოიყენონ კოვზი ზიარების მისაღებად" (Д. С. Варакин იხ. ზემოთ ხს. შრ. О лжице).

ღირ. ეფრემ ასურელი (IV ს.) წერს: "უხორცო სერაფიმმა გავარვარებული მუგუზლით განწმინდა ესაია. მუგუზალი კი ორი ბუნებისგან, ხისა და ცეცხლისგან შედგება. ასევე საზიარებელი პურიც არა მარტო პურია, არამედ ღვთაებრივი ხორციც არის. ამიტომაც, როდესაც საზიარებლად მოდიან ქრისტესმოყვარენი, არა თუ კაცისგან იღებენ საშინელ ზიარებას ან მღვდლისგან, არამედ როგორც თვით სერაფიმისგან იმ ცეცხლოვანი კოვზით, რომელიც იხილა ესაიამ" (ჰომ. 107). მაგრამ ესაიას მიერ ხილულ სერაფიმს ხელში მაშა (ძვ. ქართ. "მარწუხი") ეჭირა და არა  კოვზი (ესაია 6:6); და თუკი ღირ. ეფრემ ასურელმა ის კოვზით შეცვალა, ცხადია, რომ იმ დროს ეკლესიაში არა მარტო ხელით, არამედ კოვზით ზიარების ჩვეულებაც უდავოდ არსებობდა.

ასე რომ, ზიარებას ძველთაგანვე ხელითაც იღებდნენ და კოვზითაც, მაგრამ მოგვიანებით ხელით ზიარებას ზოგიერთი არაღვთისმოშიში ბოროტად იყენებდა, რის შესახებაც ისტორიკოს ბარონის წიგნში ვკითხულობთ: "პრისკილიანე, დიდად გონიერი და მჭევრმეტყველი კაცი, და კიდევ ორი ეპისკოპოსი, ინსტანტე და სალვიანე აცთუნა ვინმე მარკოზმა, მანიქეველი მოგვის მოწაფემ მემფისიდან... ეს პრისკილიანელები ევქარისტიას ეკლესიაში კი არ ჭამდნენ, არამედ სახლში მოჰქონდათ; ამიტომაც, როდესაც მათ შესახებ შეიტყვეს ეპისკოპოსებმა, კრება მოიწვიეს, პრისკილიანე და მისი თანამზრახველები განიკვეთეს და დააწესეს ზიარება იქვე, ეკლესიაში მიეღოთ პირით და არა ხელით და დაუყოვნებლივ ეჭამათ..." (Лето Господне 381, число 20).

გასაგებია, რომ წმიდა ზიარების მიღებიდან მის ჭამამდე შესაძლებელი იყო ამ წმიდა ძღვენის ნამცეცების დაყრაც, ამით კი მისდამი ღვთისმოშიშება იკარგებოდა. გარდა ამისა, წმიდა ზიარების ამგვარი მიღების დროსაც კი ადგილი ჰქონდა აღმაშფოთებელ მკრეხელობას, როგორც ეს 9 ნოემბრის საკითხავ თვენში, ღირ. თეოკტისტეს ცხოვრების ბოლოშია აღწერილი. სელევკიაში ერთი მწვალებელი ვაჭრის მართლმორწმუნე მონას აუღია წმიდა ზიარება, რომელსაც კიდობანში ინახავდა; როდესაც ამის შესახებ მის ბატონს გაუგია, სიწმიდის განადგურება გადაუწყვეტია, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ქრისტეს უპატიოსნესი ხორცის მთელ ნაწილს თავთავები გამოეღო... მოგვიანებით წმიდა მამებმა ერისკაცთ ზიარების ხელში მიღება და ეკლესიიდან მისი გატანა აუკრძალეს, ყველაზე მეტად კი წმ. იოანე ოქროპირმა გაილაშქრა. რადგან მისი პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში ერთ დედაკაცს ეკლესიაში მიღებული წმ. ზიარება სახლში მიჰქონდა ჯადოქრული რიტუალის აღსასრულებლად. როდესაც ეს გაიგო წმ. ოქროპირმა, ამცნო ყველა ეკლესიას, რათა ამიერიდან ხელში არავისთვის მიეცათ ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი, არამედ კოვზით, ღვინოსთან ერთად, რომელიც არის სისხლი ქრისტესი, პირდაპირ ეკლესიაშივე ეჭმიათ ზიარებად მოსულთათვის. თუ ადრე საზიარებელს ღვინის სახით არსებულ ქრისტეს სისხლს ცალკე ჭურჭლით ასმევდნენ, ზიარებას კი ხელში აძლევდნენ, წმ. იოანე ოქროპირის დროიდან უფლის ხორცსაც და სისხლსაც კოვზით აძლევენ საზიარებლებს და უფლის ხორცთან ხელით მიკარების უფლებას მხოლოდ სამღვდლო პირებს რჩებათ, და არავითარ შემთხვევაში ერისკაცთ (დ. ს. ვარაკინი. იქვე).

"ამრიგად, ძველ ეკლესიაში ერთი ჩვეულებაც იყო და მეორეც; კოვზითაც ეზიარებოდნენ და ხელითაც, მაგრამ მოგვიანებით, უკვე ხსენებულ მიზეზთა გამო, დატოვეს მხოლოდ კოვზით ზიარების წესი. თანაც ეს წესი უფრო სრულყოფილია, ვიდრე ზიარების ხელით მიცემის ჩვეულება, რადგან თავიდან არის აცილებული ზემოთ ხსენებული ბოროტგანზრახვები, ხოლო რაიმე გადმოცემის ან საეკლესიო წესის სრულყოფა დანაშაული კი არ არის, არამედ ნებადართული საქმე, როგორც ამას გვამცნებს ღირ. ბიკენტი ლირინელი, რომელიც წმ. მოციქულ პავლეს სიტყვების განმარტებაში: "ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო" (1 ტიმ. 6:20), ბრძანებს: "ქრისტეს ეკლესიაში სრულყოფილება უნდა იყოს და საკმაოდ დიდიც... ოღონდ ეს სრულყოფა სარწმუნოების ცვლილებას არ უნდა იწვევდეს. სრულყოფა იმაში გამოიხატება, როდესაც რაღაც საგანი სრულ იქმნება თავის თავში, ხოლო ცვალებადობა იმაში, როდესაც რაღაც უკვე აღარ იქნება ის, რაც ადრე იყო.

ამრიგად, დაე სრულ იქმნეს და წარემატოს წლებისა და საუკუნეების განმავლობაში გონიერება, ცოდნა, სიბრძნე როგორც თითოეული მორწმუნისა, ასევე მთელი ეკლესიისა, მხოლოდ ერთსა და იმავე სწავლებაში, ერთსა და იმავე აზრში, ერთსა და იმავე ცნებაში. ღადგან, თუ ერთხელ მივცემთ ნებას უკეთურ სიცრუეს, შეცვალოს, დაამახინჯოს და შერყვნას ჭეშმარიტება, ვშიშობ თქმასაც კი, რა საფრთხე შეიძლება თავს დაგვატყდეს ეკლესიის გაპარტახებისა და რელიგიის განადგურების სახით; და თუკი უარვყოფთ კათოლიკე სწავლების ერთ რომელიმე ნაწილს, ჩვენი ამგვარი ნებართვითა და ჩვეულებით ერთიმეორის მიყოლებით, ჭეშმარიტების სხვა ნაწილთა უარყოფასაც დაიწყებენ. ხოლო შემდეგ, როდესაც ნაწილებს სათითაოდ უარყოფენ, რაღა დარჩება თუ არა მთლიანობის ერთობლივი უარყოფა? მეორე მხრივ, ძველს თუ შეურევენ ახალს და შინაურს გაურევენ უცხოს, წმიდას კი უწმინდურთან შეაზავებენ, ჩვეულება იგი აუცილებლად გავრცელდება ყველგან და ისე, რომ უკვე ეკლესიისგან აღარაფერი დარჩება -  არც ერთობა, არც მთლიანობა, არც სიმტკიცე, არც უხრწნელობა. არამედ იქ, სადაც ადრე უხრწნელი ჭეშმარიტების ტაძარი იყო, უკეთურ და ბილწ ცთომილებათა ჭაობი დაიბუდებს. დე, განაშოროს ჩვენი გონებისგან ყოველი სიბილწე ღმრთის სახიერებამ! დე, დარჩეს ის უკეთურთა უგუნურებად!.. ხოლო ვინც კათოლიკეა (ანუ მართლმადიდებელია - რედ.), პირიქით, ნამდვილად ახასიათებს გადმოცემათა და წმიდა მამათა ცნებების დაცვა, უხმარ სიახლეთა გმობა და, მოციქულის სიტყვისამებრ, იმ სწავლებათა შეჩვენება, რაც მოციქულთაგან არ მიგვიღია (Памятные записки, главы 22, 23 и 24).

ასე რომ, წმიდა ზიარების მიღება კოვზით, ხელის ნაცვლად, ნამდვილად უკეთესი, ბიკენტი ლირინელის სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულყოფილი ჩვეულებაა, რომელიც ეკლესიამ სიწმინდეზე იმ მკრეხელობის აღსაკვეთად დააწესა, ზემოთ რომ ვახსენეთ" (დ. ს. ვარაკინი. იქვე).

კარგად თუ დავუკვირდებით, ყველა ლიტურგიკული ჩვეულება, რომელსაც ჩვენი ოპონენტები საეკლესიო საიდუმლოთა (განსაკუთრებით ნათლისღების) ფორმობრივი მხარის ცვალებადობის გასამართლებლად იყენებენ, ძველადვე უფრო სრულყოფილი ფორმის დასამკვიდრებლად და ზოგიერთი ბოროტგანზრახვის აღსაკვეთად დაიშვებოდა. თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ცვლილებები იყო უმნიშვნელო და ისინი საეკლესიო საიდუმლოს ღმრთისგან მოცემულ კუთვნილებას არ ეხებოდა.

ნათლისღება რომ ყველა ფორმით არ არის დასაშვები, ეს განწესებულია წმ. მოციქულთა 50-ე კანონში (სადაც ალტერნატიული ნათლობები მოცემული არ არის და გასაგებადაა ნათქვამი, რომ, ვინც არ მონათლავს სამგზის შტაფვლით, უნდა დაემხოს თავისი პატივისგან"). სლავურ "Кормчая"-ში, კანონის სქოლიოში არის ასეთი შენიშვნა: "Крещаемого погружати, а не обливати". საინტერესოა, რატომ დასჭირდათ წმიდა მამებს ასეთი მინიშნების გაკეთება? (უფრო დეტალურად ამაზე ზემოთ, თავში: "წმ. მოციქულთა 50-ე კანონი" ვილაპარაკეთ). გარდა ამისა, ნათლობის საკითხზე არსებულ ყველა განწესებაში ნათქვამია, რომ უნდა შესრულდეს სამგზისი შთაფლვით წყალში და არსად არ არის მითითებული ალტერნატიული ნათლობები.

"ვინცა ვინ არა ნათელს სცემდეს სამგზის შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი"). ეს არის კანონი ძველი ბერძნული "კურთხევანიდან", თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი მონოფიზიტების (იაკობიტების) მიღების წესიდან. ამ კანონში ის კი არ არის ნათქვამი: "ვინცა ვინ არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა ან პკურებითა"-ო, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ: "სამგზის შთაფვლითა".

დანარჩენი, რასაც ნათლისღების საიდუმლოს ამატებენ ჩვენი ოპონენტები ფორმობრივი თვალსაზრისით, არის მხოლოდ და მხოლოდ მათი ფანტაზია დამყარებული ისეთ აპოკრიფულ და საეჭვო ძეგლებზე, როგორიც "დიდაქეა".

ჩვენი ოპონენტები ოფიციალური ეკლესიიდან ნათლისღებაზე და მასთან დაკავშირებულ სარწმუნოებრივ მხარეზე საკუთარი შეხედულებების მიხედვით მსჯელობენ.

რატომღაც ისინი არ ფიქრობენ ერთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ, სიმბოლიზმის მნიშვნელობაზე ეკლესიაში. ვინმემ რომ მკერდზე ჯვარი თავდაყირა დაიკიდოს და ასე ატაროს, ჩაითვლება თუ არა ის მკრეხელად და თუ ამის ქადაგებასაც დაიწყებს, იქნება თუ არა მწვალებელი? -  რა თქმა უნდა, იქნება! რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, რომელიც დატვირთულია შინაარსით და მისი დარღვევა შინაარსის დარღვევას იწვევს. შეიძლება ადამიანი აღიარებდეს წმ. სამებას, მაგრამ ნათლავდეს არასწორად. რწმენა მართებული ჰქონდეს, მაგრამ მისი ფორმობრივი გამოხატულება არა!

თუ ვიტყვით, რომ ამ ფორმებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ რაღა საჭირო იყო თუნდაც მოციქულთა 50-ე კანონში,ერთგზისი შთაფვლის უარყოფა? Iტყოდნენ: - "თქვენი ნათლობა უფრო კონკრეტულად გამოახატავს ერთი ღმერთის სამპიროვნებას, ვიდრე მაშინ, როდესაც ნათლობას აღასრულებთ სამების სახელზე; ჩვენც ვაღიარებთ სამებას, უბრალოდ ამას ერთგზისი შთაფლვით ვაკეთებთო. რას უპასუხებდნენ? - ბერძნები ამგვარი პოზიციის გამო ლათინებს XI საუკუნეში თავიდან ნათლავდნენ (ამის შესახებ დეტალურად ქვემოთ ვილაპარაკებთ).

როგორ ფიქრობთ, ის მწვალებლები, რომელთა წინააღმდეგაც მიიღეს მოციქულებმა ნათლობის ფორმულა, არ იცავდნენ თავიანთ მწვალებლურ ფორმას? იცით, რამდენი ფორმაა (სიმბოლოა) მართლმადიდებლურ ლიტურგიკაში? რა იქნება, მათაც თუ მცირე მნიშვნელობის მქონედ ჩავთვლით? პასუხს წმ. ბასილი დიდი მოგვცემს: "თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე, უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში". ხედავთ, "სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში"- ო, "სახარებათა ვნება" კი დოგმატურ სწავლებათა შერყვნას ნიშნავს.

გაგრძელება იქნება

<<<

26

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика