აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. VI - მიკვა - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

გზა - მართლად სავალი

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექტნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი VI
____________________________________________________________________________________________________________________________

"მიკვა"

უფლის ნათლისღების გარეგნული მხარის (ანუ შთაფლვის) და საერთოდ, წმ. იოანე ნათლისმცემლისეული ნათლობის გარეგნული არსის გასაგებად აუცილებელია, მოკლედ მაინც გავეცნოთ ებრაელთა შორის სჯულდებულ განბანვის რიტუალს.

წმ. იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებას და მის მიერ მაცხოვრის ნათლობას უვრცელესი ნაშრომი მიუძღვნა რუსეთის ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა სიმეონ ვიშნიაკოვმა. მისი თხზულებიდან ამონაწერები (რომელიც ასევე საკმაოდ ვრცელია) დამატებებითა და სურათებით 1893 წელს გამოსცა ათონის წმ. პანტელეიმონის სახელობის მონასტერმა, ხოლო 1995 წ. მისი რეპრინტული გამოცემა განახორციელა წმ. თორიცკო-სერგიევოს ლავრის მონასტერმა აწ გარდაცვლილი პატრიარქის ალექსი II - ის კურთხევით.

ამ ნაშრომში, წმიდა წერილისა და წმიდა მამათა შესაბამისი ადგილების დამოწმებით, დეტალურად არის გადმოცემული თუ როგორ მონათლა მაცხოვარი წმიდა იოანე ნათლისმცემელმა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ნაშრომიდან.

მღვდელმონაზონი სიმეონი წერს: "რადგან იოანე ნათლისმცემლისეული ნათლობის სარიტუალო მხარე დაკავშირებულია ებრაული განბანვის რიტუალთან, რომლითაც ისინი განიწმინდებოდნენ, "წმიდა იოანეს ქადაგება უცხო არ ყოფილა იუდეველთათვის - ისინი ჯერ კიდევ ებრაელი ხალხის პატრიარქთა დროიდან განიწმინდებოდნენ წყალში სრული შთაფლვით" (Святый великий пророк и предтеча и креститель Господень Иоанн. Свято-Троицкая Сергиева Лавра. 1995 г., стр. 96).

"იუდეველები, სხვა წარმართული ხალხებისგან განსხვავებით, ყოველთვის გამოირჩეოდნენ განბანვების რიტუალებით... მოსეს სჯულში დაწესებული იყო სრული განბანვა (ცხადია, აქ არ იგულისხმება ხელ-პირის დაბანა - არქიეპ. პ.), ასე რომ, ვერავინ გაბედავდა მიახლოებოდა წმიდათა წმიდას მანამ, სანამ ტანს არ დაიბანდა და თავის სამოსს არ გარეცხავდა. რელიგიური მნიშვნელობის განბანვის გარდა, იუდეველები თავიანთი კერძო, საშინაო ლოცვების წინაც კი უნდა განბანილიყვნენ; ამიტომაც ცდილობდნენ ისინი, სამლოცველო სახლები აეშენებინათ მდინარეთა და წყაროთა ახლოს, რათა ყოველთვის ადვილად მისაწვდომი ყოფილიყო განბანვისთვის საჭირო წყლის რაოდენობა. იუდეველები წარმართობას უყურებდნენ, როგორც კეთრს, ხოლო წარმართებს კეთროვანებს უწოდებდნენ... ამ დაავადებისგან (ანუ კეთრისგან - არქიეპ. პ.), ისევე, როგორც სხვა უწმინდურებისგან განწმენდა, როგორც ეს რჯულშია მითითებული, უნდა აღსრულებულიყო სრული განბანვით. ამის ნათელი დადასტურებაა კეთროვანი ნემანის შვიდგზის განბანვა იორდანის წყალში (4 მეფ. 5:1-14).  

როდესაც ნემანი თავისი ცხენებითა და ეტლით ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა,
"გაუგზავნა მოციქული ელისემ და შეუთვალა: წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები" (4 მეფ. 5:10). "გაბრაზდა ნემანი, წავიდა და თქვა: აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავის ღვთის სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი. განა დამასკოს მდინარეები არბანა და ფარფათა ისრაელის ყველა მდინარეს არ სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ განვიწმიდები? გატრიალდა და წავიდა ბრაზმორეული. მიეახლნენ მისი მორჩილნი, ელაპარაკნენ და ასე უთხრეს: ჩემო მამავ! საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: იბანე და განიწმიდებიო! ჩავიდა, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში, ღვთისკაცის სიტყვისამებრ, და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა" (4 მეფ. 5:11-14).

ამრიგად, როგორც კეთროვანებს განწმენდნენ ებრაელები სრული განბანვით წყალში, ასევე წარმართებს, სულით "კეთროვნებს", იუდეველობაში გადმოსვლის შემთხვევაში განბანდნენ წყალში სრული შთაფლვით. მამრობითი სქესის პროზელიტები (იუდეველობისკენ მოქცეული წარმართები) ინათლებოდნენ (ცხადია, ნათლობის არა ახალაღთქმისეული გაგებით - არქიეპ. პ.) წინადაცვეთიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გამოჯანმრთელებისთანავე, ხოლო მდედრობითი სქესის პროზელიტებს მხოლოდ შთაფლავდნენ წყალში და აცმევდნენ ახალ ტანისამოსს" (სიმეონ ვიშნიაკოვის დასახ. ნაშრ).

განბანვის ამ რიტუალს ებრაელები "მიკვას" (ან "მიკვეს") უწოდებენ, რაც ბუკვალურად რიტუალური სიბინძურის განსაბანად შეგროვილ წყალს, წყლის რეზერვუარს ნიშნავს (შეად. "ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა" (დაბ. 1:10)). მოკლედ, ეს არის წყლის რეზერვუარი რიტუალური სიბინძურისგან განბანვის აღსასრულებლად (Микве. http://www.eleven.co.il/article/12762).

მიკვაში განბანვა განწესებული იყო იმ შემთხვევაში, როდესაც ბიბლია ითხოვდა "სხეულის წყლით განბანვას" (ლევ. 14:9; 15:5, 7; 16:4, 24; რიცხვ. 19:7-8 და სხვა), ასევე რიტუალური სიწმინდის დარღვევის შემთხვევებში, როგორიც არის მკვდრის სხეულთან (რიცხვ. 19:11-13) ან რომელიმე უწმინდურ ობიექტთან შეხება (ლევ. 5:2- 3; 11:24- 35); ასევე, თესლის დინებისა (მამაკაცებში) და მენსტრუალური სისხლის დინების შემთხვევები დედაკაცებში. მიკვაში განბანვა განწესებული იყო მშობიარობის შემდეგაც და იუდაიზმში გადმოსვლის შემთხვევაშიც (Микве. http://www.eleven.co.il/article/12762).

რიტუალური უწმინდურობის თითოეული სახეობისთვის განწმენდა სხვადასხვაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მიკვაში შთაფლვის გარეშე განწმენდა არ სრულდებოდა. რიტუალური უწმინდურობისგან გასაწმენდად საჭირო იყო მიკვაში შთაფლვა. გაუწმიდურებულ ადამიანს ტაძარში შესვლა ეკრძალებოდა. მღვდლებიც ასევე უნდა განბანილიყვნენ მიკვაში, თუ გაუწმიდურდებოდნენ.

"მოსეს მიერ დაწესებული წყლით განბანვა, - განაგრძობს მღვდელმონაზონი სიმეონ ვიშნიაკოვი -  უბრალო საწესჩვეულებო დაწესება როდი იყო, მასში მოიაზრებოდა ერთგვარი საიდუმლო განმწმენდელი ძალა, რადგან მხოლოდ ამ განბანვის შემდეგ ეძლეოდათ ებრაელთ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღების უფლება. სიმბოლურად ის მიანიშნებდა სულის განწმენდას, ანუ ცოდვათა მიტევებასა და მთელი ცხოვრების განახლებას. ამ თვალსაზრისით, ძველაღთქმისეული განბანვები წარმოადგენდა აჩრდილს, ანუ წინასახეს იმ განწმენდისა, რომელიც მაცხოვრის გამომსყიდველი მსხვერპლის შემდეგ ახალაღთქმისეულ ეკლესიაში დაწესდა" (მღვდელმონაზონი სიმეონ ვიშნიაკოვი. დასახ. ნაშრ. გვ. 99).


ამრიგად, ჩვენ მსჯელობა მიგვყავს იქითკენ, რათა ადვილად წარმოსადგენი გავხადოთ ნათლობის ის სახე, როგორაც იორდანეში ნათლავდა ხალხს წმ. იოანე ნათლისმცემელი. ძველებრაული განბანვებიდან და "მიკვადან" ჩვენი სიტყვის დაწყება იმით არის განპირობებული, რომ იოანეს დროისთვის, ებრაელებში უკვე მტკიცედ იყო დამკვიდრებული წყალში განბანვის, "მიკვას" ტრადიცია, და აქედან, არც იოანესეული ნათლობა იყო მისთვის უცხო და მიუღებელი. ამიტომაც, "გამოდიოდა მისკენ იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი შემოგარენი იორდანესი. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს" (მათე 3:5).

"წმ. იოანეს ქადაგება ნათლისღების შესახებ, - განაგრძობს პროტოპრესვიტერი სიმეონ ვიშნიაკოვი იოანე ნათლისმცემელისადმი მიძღვნილ წიგნში, - არ ყოფილა იუდეველთათვის რაიმე სიახლე და აქამდე გაუგონარი რამ. განბანვით ნათლობას, ანუ წყალში შთაფლვას, როგორც რელიგიურ წესს, ჯერ კიდევ მისდევდნენ ებრაელი ერის ძველი პატრიარქები. ასე მაგალითად, იაკობი მესოპოტამიიდან ქანაანში დაბრუნების შემდეგ, უფლის ბრძანებით, ბეთელში სამსხვერპლოს ასაგებად რომ ემზადებოდა, განკარგულებას აძლევს თავის შინაურებს: "უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი. ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი" (დაბ. 35:2-3).

ეგვიპტიდან მეწამული ზღვის გავლით საკვირველ გამოსვლას, რომ წინ ღრუბელი მოუძღოდა, წმ. მოციქულ პავლეს თქმით, ეს ნათლისღების საიდუმლოს მომასწავებელი იყო იუდეველთათვის: "მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა. ყველამ მოსეს მიერ ნათელ-იღო ღრუბელსა და ზღვაში" (1 კორინთ. 10:1- 2) (Святый великий пророк, предтеча и креститель Господень Иоанн. Историческо-истолковательное изложение его жизни, служения и учения. Извлечено из книги протоиерея Симеона Вишнякова. Москва 1893. Репр. Св. Троицкая Сергиева Лавра. Москва 1995 г., стр. 96).

ნათლისღების ძველაღთქმისეული წინასახეების ჩამოთვლისას ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.) თავის ცნობილ ანტილათინურ თხზულებაში "გრდემლი" (თ. 20-ე. ნათლისღებისათვის) ბრძანებს: "განა ნათელი და უცხადესი სახე არ იყო ნათლისღებისა და წყლისაგან აღმოშობისა, როცა დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანისას განაპო მეწამული ზღვა და მთელი ებრაელი ერი განიყვანა მასში. როგორც განმარტავს და იტყვის თავად მოციქული პავლე: "არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ, ხოლო ის კლდე იყო ქრისტე". ეს იყო ცხადი, მეორედ შობა წყლითა, რომ ფეხით თავამდე და მრავლად უმაღლეს თავისა იყო წყალი.

ასევე დავითის მიერ თქმული: "გულისხმა ჰყავ ვითარმედ უფალმან წყლით რღუნა (წარხოცვა) დაამკვიდროს და დასჯდეს უფალი მეუფედ". რა უნდა იყოს "წყლით რღვნა", რომელიც დაამკვიდრა უფალმა? რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ნათლისღება, რომელიც წარხოცავს ყოველგვარ სიბილწეს ცოდვისას, რაც ქრისტეს თანამკვიდრად გვხდის და გვანიჭებს ღვთის შვილობას; რანაირად იქნება წყლით რღვნა, თუკი ადამიანი წყლისგან არ აღმოიშვა, არამედ წყალი ისხურა ან იცხო ერთ რომელიმე ასოთაგანზე, ხოლო სხეულის უდიდესი ნაწილი დარჩა წყალს მიუახლებელი? წყლით რღვნა გულისხმობს, რომ კაცი სრულად ჩავიდეს წყალში და აღმოიშობოს მისგან, რომლის დროსაც წმიდა სამების სახელით სულისა და ხორცის ყოველგვარი სიბილწე წარიხოცება; როგორც სხეულის ბიწი ვერ განიწმინდება მთელი სხეულის განბანვის გარეშე, ასევე სულიც - სულიწმიდის გარეშე. ყოველი საიდუმლო ხილული მხარით განმტკიცდება, ხოლო უხილავი მხარე სრულყოფს მას.

ნათლისღების შესახებ განცხადებულად მოასწავებდა ელისეს მიერ წყლის სიღრმეთაგან რკინის ამოღება, რამეთუ მცირედი წყლის გარეგანი შეხება ან სხურება კი არა, მხოლოდ წყალსა შინა სრულად და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვილობას. აგრეთვე, ელისეს სიტყვით, ნემან ასურელის განშიშვლებულად განბანვა იორდანეში (4 მეფ. 5:1-14) განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, რამეთუ მან წყალი სხეულის მცირედ ნაწილზე კი არ იცხო ან ისხურა, არამედ განშიშვლებული ჩავიდა მდინარეში და ამგვარად აღმოიშვა წყლისგან. მრავალი ამგვარი მაგალითი სმენოდა ნიკოდიმოსს და ამიტომაც ეუბნებოდა უფალი: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არა იცი"? და ყოველივე ამის ჭეშმარიტად მცოდნე იოანე ნათლისმცემელი ებრაელებს განშიშვლებულთ ნათლავდა მდინარე იორდანეში და ეტყოდა:
"ვინც მომავლინა, მანვე მიბრძანა, რათა ამგვარად ვქმნა".

ნათლობის წინასახე იყო წარღვნაც, როგორც ბრძანებს ამას წმ. მოციქული პეტრე: "გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას. ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით (1 პეტრე. 3:20, 21)" (იქვე).

"სხვათა შორის, - ბრძანებს ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.), - ის (ანუ მოციქული - არქიეპ. პ.) წარღვნას განაკუთვნებს ნათლისღებას და ამბობს, რომ ეს წყლები მოასწავებდნენო ჩვენს ნათლისღებას, რამეთუ მასში დემონები იღუპებიან და ხოლო კიდობანში, ანუ ეკლესიაში მყოფნი მორწმუნენი ცხონდებიან, და როგორც წყალი ჩამორეცხს სიბინძურეს, ასევე ნათლისღებაც, გარეგნული ნიშნის მეშვეობით ადამიანს სულიერი ბიწისგან განბანს" (Феофилакт, блж. Толкование на первое послание Святого Апостола Петра).

წმ. ბასილი დიდი: "ისრაელი რომ არ გასულიყო ზღვაში, ვერ განშორდებოდა ფარაონს; და შენც, თუ წყალში (ნათლობისა) არ გახვალ, ვერ გამოხვალ მძლავრობისგან ეშმაკისა" (свт. Василий Великий, Творения иже во святых отца нашего Василия Великаго, Архиепископа Кесарии Каппадокийской. 4-е изд., ч. 4, ТСЛ 1901 стр. 195).

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV ს.): "ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში" (1 კორ. 10:2) და ამას ჰქონდა წინასახეობრივი მნიშვნელობა..." (Творения иже во святых отца нашего Григория Богослова Архиепископа Константинопольского. Ч. 3, М. 1844, стр. 267- 268).

მისივე: "ნათლობას ჩვენ ვუწოდებთ ნიჭს, მადლს, განბანვას, ცხებას, განათლებას, სამოსს უხრწნელობისა, მეორედ შობის საბანელს, ბეჭედს და ყოველივეს, რაც ჩვენთვის პატივდებულია... საბანელია იგი, განმბანელი ცოდვებისგან..." (Творения иже во святых отца нашего Григория Богослова Архиепископа Константинопольского. Ч. 3, М. 1844, стр. 274).

"ქრისტეს შობამდე მცხოვრებ რაბინებს, - ვკითხულობთ პროტოპრესვიტერ სიმეონ ვიშნიაკოვის წიგნში, - დაცული ჰქონდათ გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სინას მთაზე, უფლისგან სჯულის მიღებამდე სამი დღით ადრე, ებრაელებმა არა მარტო თავიანთი ტანისამოსი განბანეს, არამედ თვითონაც განიბანნენ. შემდეგში წყლით განბანვა, როგორც სჯულით დაწესებული რელიგიური მოქმედება, აღსრულდებოდა არა მარტო ადამიანებზე, არამედ ნივთებზეც. უფრო ნათელი რომ გახდეს ის, რაც შემდეგ იქნება ნათქვამი იოანეს ნათლისღების შესახებ, ყურადღება უნდა მივაპყროთ წყლით განბანვის, განწმენდის ჩვეულებას, რომელიც არსებობდა ძველ ხალხებშიც.

ყველა ხალხი, რომლებმაც კი დაგვიტოვა ცნობები თავის წესებსა და ჩვეულებებზე, ხშირად მიმართავდა წყლის განწმენდის პროცედურებს, ანუ განბანვას. არ არსებობდა არც ერთი ქალაქი და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვნად დასახლებული პუნქტი, სადაც არ ყოფილიყო შენობა, რომელიც ამ მიზნისთვის იქნებოდა განკუთვნილი. საჯარო აბანოები ზოგჯერ საზოგადოების ხარჯზე შენდებოდა და ქალაქში ყველაზე საუკეთესო ნაგებობათა შორის მიიჩნეოდა; მათ ამშვენებდნენ მდიდრული ფერწერითა და ქანდაკებებით. მათკენ მისასვლელი გზები ფერადი მარმარილოთი იყო მოკირწყლული..." (Святый великий пророк, предтеча и креститель Господень Иоанн. Историческо-истолковательное изложение его жизни, служения и учения. Извлечено из книги протоиерея Симеона Вишнякова. Москва 1893. Репр. Св. Троицкая Сергиева Лавра. Москва 1995 г., стр. 97).

"ძველად საკმაოდ ხშირად დადიოდნენ საზოგადოებრივ აბანოებში, როგორც ჯანმრთელობის აღსადგენად, ასევე რელიგიური მოსაზრებებითაც, თუმცა დროთა განმავლობაში ამგვარი ადგილები უფრო განცხრომისა და ნეტარების ადგილებად იქცა... ძველ წარმართ ხალხებში დღესასწაულებსა და ზეიმებს წინ უძღოდა კერპთშეწირვები, განბანვები და სხვა რელიგიური მოქმედებები. მაგრამ, ღმერთებისადმი ასეთი მსახურება რომ აღევლინათ, საჭირო იყო, ყოველი ადამიანი განწმენდილიყო სიბინძურისგან; არადა, ვის შეეძლო წმიდად ჩაეთვალა თავი ყოველდღიური მრავალრიცხოვანი შეხვედრების ან შეჯახებების შემდეგ, როდესაც ყოველი ადამიანი ასე თუ ისე შეიძლებოდა შეხებოდა რაიმე უწმიდურსაც? სწორედ ამიტომაც იყო ძველად ასე ხშირი წყლის პროცედურებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის განბანვები, რაც შემდეგ ჩვეულებად და ცხოვრებისეულ წესად გადაიქცა.

იუდეველები უფრო ყურადღებით ეკიდებოდნენ წყლით განბანვას, ვიდრე წარმართები. ისინი ხშირად განიბანებოდნენ არა მარტო სხეულებრივი სისუფთავისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არამედ სჯულის მოთხოვნების დასაცავადაც. მოსეს სჯულში განწესებული იყო განბანვა ყოველგვარი მსხვერპლშეწირვის წინ, ასე რომ, ვერავინ მიეახლებოდა საკურთხეველს მანამ, სანამ წყლით არ განიბანდა მთელ სხეულს და არ გარეცხავდა სამოსელს. ამ წესის დამრღვევი განიკვეთებოდა ერისგან. რელიგიური მოქმედებების გარდა, რომელიც ტაძარში სრულდებოდა, იუდეველები მოვალენი იყვნენ, განბანვები საშინაო ლოცვების წინაც აღესრულებინათ; სწორედ ამიტომაც ცდილობდნენ ისინი სახლები აეშენებინათ წყაროთა ახლოს, რათა ყოველთვის ხელთ ჰქონოდათ წყლის საჭირო რაოდენობა განბანვისთვის. ასეთ განბანვით რიტუალებს იუდეველები ასრულებდნენ მაშინაც კი, როდესაც წარმართთა ტყვეობაში ცხოვრობდნენ.

როგორც უკვე ვთქვით, იუდეველები წარმართობას უყურებდნენ, როგორც კეთრს, წარმართებს კი კეთროვნებად მიიჩნევდნენ. თვით უფალი ზოგჯერ კეთრით სჯიდა კერპთაყვანისცემის ცოდვაში შთავარდნილებს. ამ სნეულებისგან განწმენდა, ისევე, როგორც სხვა სიბინძურისგან, უნდა აღსრულებულიყო სჯულში მითითებული განბანვებით. სწორედ ამიტომაც ყველა წარმართი, ვინც იუდეველობაში გადმოდიოდა, უნდა მონათლულიყო წყალში შთაფლვით. მამრობითი სქესის პროზელიტების (იუდეველობისკენ მოქცეულ წარმართების) ნათლობა სრულდებოდა წინადაცვეთიდან რამდენიმე დღის, ანუ გამოჯანმრთელების შემდეგ. ხოლო ქალები მხოლოდ შთაიფლებოდნენ წყალში, შემდეგ იცვამდნენ ახალ, გაწმენდილ ტანისამოსს.

მოსეს სჯულით განწესებული განბანვები არ იყო მხოლოდ წმიდად საწესჩვეულებო განწესება; მათში მოიაზრებოდა გარკვეული განმწმენდელი ძალა, რადგან მხოლოდ ამგვარი განბანვის შემდეგ ეძლეოდა მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღების უფლება იმას, ვისაც ადრე, რაიმე გარეგნული უწმიდურების გამო, ეს არ შეეძლო. სიმბოლურად ისინი სულის განწმენდას, ანუ ცოდვათა მიტევებას და მთელი ცხოვრების განახლებას გულისხმობდნენ. ამ მიმართებით ძველაღთქმისეული განბანვები წარმოადგენდა აჩრდილს ან ხატს სხვა, უფრო ქმედითი განბანვისა და განწმენდისა, რომელიც მადლის სჯულის დაფუძნების პერიოდში გამოჩნდა. ამიტომაც, მართალია, მოსეს სჯულისეულ განბანვებს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ეპყრა მნიშვნელობის მიხედვით, მაგრამ მათ მაინც არ ჰქონდა ის განმწმენდელი ძალა, რომელსაც მათ ფარისეველთა ცრუმორწმუნოება მიაწერდა, და რომელთაც წმიდა მოციქული პავლე "უმწეო და უბადრუკ საწყისთ" (გალატ. 4:9) უწოდებდა" (იქვე. გვ. 98-99).

"იოანესეული ნათლისღება, - განაგრძობს ხსენებული ავტორი. - გამოხატავდა მისი მსახურების ზოგად ხასიათს. როგორც უფლის წინამორბედს, მას უნდა მიეთითებინა მომავალი ღმრთის კრავისკენ, რომელიც იქნებოდა ამღები "ცოდვათა სოფლისათა", ასევე მის ნათლობას ჰქონდა ის მიზანი, რათა შემოკრებილი ერი მისულიყო ქრისტესთან. ამიტომაც ეკლესიის წმიდა მამები, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი, იოანეს ნათლისღებას ქრისტეს ნათლისღების შესავალს და მომზადებას უწოდებენ.

როდესაც წმ. იოანე ერს მიმართავდა, აგრძნობინებდა მათ შინაგანი, გულიდათი განწმენდის აუცილებლობას საპირისპიროდ პირფერ-ფარისეველთა, ოდენ გარეგნულ განბანვას მიიჩნევდნენ საკმარისად და არც ყურადღებას აქცევდნენ და არც იღვწოდნენ საკუთარი გულების განსაწმენდად, რომლებიც მტაცებლობითა და უსამართლობით რომ ჰქონდათ სავსე. "ნათლავდა იოანეც, ბრძანებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, მაგრამ უკვე არა იუდეველურად, რამეთუ ნათლავდა არა მარტო წყლით, არამედ სინანულითაც". მეორე მხრივ, ნათლისღების შესახებ ხალხთან ქადაგებისას იოანეს საუკეთესო შესაძლებლობა ეძლეოდა, ექადაგა ქრისტეს შესახებ. თავის მსმენელებს ის ეუბნებოდა, რომ მოვიდა, რათა ისრაელისთვის ეუწყებინა იმის შესახებ, ვინც მათ სულიწმიდით მონათლავდა. რადგან არც ერთ ძველ წინასწარმეტყველს არ უქადაგია ნათლისღების შესახებ და არ აღუსრულებია ნათლისღება, იოანემ თავისი ამ უჩვეულო დანიშნულებით მრავალი ადამიანის ყურადღება მიიქცია და სამარადისოდ დაუმკვიდრა მას ნათლისმცემლის სახელი. იოანე ხმამაღლა აუწყებდა მთელ ისრაელს მესიის მოსვლის შესახებ, რომლის წინამორბედადაც რაცხდა საკუთარ თავს. დასასრულ, წმ. იოანეს ნათლისღება ადამიანებს ქრისტეს ნათლისღების მისაღებად განაწყობდა"
(იქვე. გვ. 102).

"ნათლისღება საკუთრივი აზრით არის მხოლოდ ის, რომელიც ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ დააფუძნა; სხვა სახის ნათლობები ასე მხოლოდ იმ ზომით იწოდება, რომელიც მათ ამ ღმრთითდაფუძნებულ ნათლისღებასთან მიმართებაში აქვთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ქრისტეს ნათლისღების წინასახეებია. ასე იწოდება, მაგალითად, მსოფლიო წარღვნა, როდესაც წყალში დაინთქა კაცობრიობის ძველი მოდგმა, მაგრამ ამავე დროს გამზადდა ახალი, რომელიც ნოეს კიდობანში გადარჩა: ამის მიხედვით თანადავეფლობით ჩვენ ქრისტეს ჩვენში ძველი კაცის მოსაკვდომად და ახლის დასაბადებლად. ამავე დროს, უფლის მიერ შევდივართ მის წმიდა ეკლესიაში და ვიწყებთ განახლებულ ცხოვრებას.

წმ. კვიპრიანე ამბობს: "როგორც კიდობანში მყოფთა გარდა არავის შეეძლო, გადარჩენოდა უსამართლობის აღმხოცველ ამ მსოფლიო ნათლისღებას (წარღვნას), მსგავსადვე ვერავინ გადარჩება, თუ ეკლესიაში არ მიიღებს ნათლისღებას". ტერტულიანის თქმით: "როგორც წარღვნის შემდეგ, რომლითაც აღიხოცა ძველი უსამართლობა, კიდობნიდან გაშვებული და უკან, ზეთისხილის რტოთი დაბრუნებული მტრედის მიერ ეუწყა დედამიწას ზეცის წყრომის შეწყვეტა, ასევე ჩვენს ხორცზე, როდესაც ძველ უსჯულოებათა განბანვის შემდეგ ამოდის ის ემბაზიდან, უხილავად გარდამოდის ღმრთის მშვიდობის მაუწყებელი სულიწმიდა".

მეწამული ზღვის გავლაც ნათლისღებად იწოდება, რადგან ის მოასწავებდა ქრისტეანულ ნათლისღებას, რომელიც ათავისუფლებს კაცს ეშმაკის მძლავრებისგან ისევე, როგორც გათავისუფლდა მეწამულ ზღვაში გამავალი ისრაელი ეგვიპტელთა მონობისგან. სწორედ ამიტომაც, წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ ყველა ებრაელი მოინათლა ღრუბელსა და ზღვაში. ღრუბელი სულიწმიდის მადლის წინასახეა, ხოლო ზღვა - ნათლისღების წყლებისა. ნეტარი ავგუსტინეს თქმით: "მეწამული ზღვა - ნათლისღებას ნიშნავს; მოსე, რომელიც ერს წინ უძღოდა - ქრისტეს სახეა; ეგვიპტიდან გამომავალი ერი - მორწმუნეთა; ფარაონისა და ეგვიპტელთა წარწყმედა გამოსახავს ეშმაკისა და მისი ანგელოზების დაღუპვას, რომლებიც მოსდევენ მორწმუნეთ. როგორც მოსემ გაათავისუფლა ებრაელი ერი ეგვიპტის მონობისგან, ასევე ქრისტემ გაათავისუფლა კაცთა მოდგმა ეშმაკის მონობისგან. ასე რომ, ძველაღთქმისეული განბანვა ასევე ნათლობის წინასახე გახლდათ, რაც განგვწმენდს ცოდვის მწიკვლისგან ისევე, როგორც განბანვები წმენდენ სხეულს სიბინძურეთაგან".

მეორეც, ნათლისღების სახელი ეწოდა იმასაც, რაც კი რამენაირად განაწყობდა ადამიანს ქრისტეს ნათლისღების მისაღებად. იოანესეული ნათლისღება ქრისტეს ნათლისღების წინასახე გახლდათ. მას არ გადმოჰყავდა მოსანათლზე სულიწმიდა და წარმოადგენდა ახალი სჯულისა და მადლის საიდუმლოს ერთგვარ შესავალს. "იოანეს ნათლობა, -  ამბობს წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.), - მართალია, იუდეველთა განბანვებზე ამაღლებულია, მაგრამ ჩვენს ნათლისღებაზე მდაბიო. ის ერთგვარი ხიდი იყო ერთსა და მეორეს შორის და პირველი მოჰყავდა მეორესთან. ძველაღთქმისეულ დაწესებებთან მას საერთო ჰქონდა ის, რომ წინასახე იყო ქრისტეს ნათლისღებისა, ხოლო ახალაღთქმისეულ საიდუმლოებებთან ის, რომ უახლოესად განაწყობდა ადამიანს მადლის მისაღებად და გააჩნდა მსგავსება ქრისტეანულ ნათლობასთან, რამეთუ აღესრულებოდა წყალში ქრისტეს სახელით".

და ბოლოს მესამე, ნათლისღებად იწოდება ისიც, რაც ადამიანში ისეთივე მაცხოვნებელ ქმედებებს აღძრავს, როგორსაც თვით ქრისტეანული ნათლისღება. ასე მაგალითად, ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრული, ცრემლით სინანული და ქრისტეანებზე სულიწმიდის მადლის გარდამოღვრაც ნათლისღებად იწოდება"
(იქვე. გვ. 103- 104).

"იოანეს ნათლისღებაში შეგვიძლია ვნახოთ ყველა, სამივე მიმართება: 1) თავისი აღმასრულებლით, წყლით, შთაფლვით და გამოთქმით ის საკმაოდ მკაფიოდ მიუთითებდა ქრისტეს ნათლისღებაზე; 2) ამზადებდა ადამიანებს მაცხოვრის მიერ დაფუძნებული ნათლობის მისაღებად; 3) ქრისტეანული ნათლობის მსგავსად, იოანესეულ ნათლობასაც გააჩნდა ძალა დაეხსნა ადამიანი ჩადენილ ცოდვათაგან (მაგრამ არა პირველდაწყებითი ცოდვისგან და ცოდვის მონობისგან -  არქიეპ. პ.), ოღონდ იმ ზომით, რა ზომის გულწრფელობითა და გულითადობით იქნებოდა განწყობილი იგი სინანულისადმი და რაოდენ წმიდა და უანგარო სიყვარულით - მოყვასისადმი.

უფლის წინამორბედი თვითონ, პირადად იყო აღმასრულებელი მის მიერ ნაქადაგები ნათლობისა. ის წყალს როდი ასხამდა თავზე მოსანათლავს, რამეთუ ამისთვის წყლის მცირე რაოდენობაც საკმარისი იქნებოდა, მაშინ როდესაც სახარება ნათლად უთითებს, რომ წმ. იოანე ნათლისღების აღსასრულებლად სწორედ ისეთ ადგილებში ჩერდებოდა, სადაც ბევრი წყალი იყო (შეად. იოანე 3:23 - არქიეპ. პ.); - არ გაჩერებულა ის მდინარის ნაპირას ან ქვაზე, რათა მასთან მოსულთა ნათლობა ასე აღესრულებინა (ავტორის თქმით, ასე შეცდომით გამოსახავენ ნათლისმცემელს ცნობილი მხატვარ-ფერმწერებიც კი. იხ. დასახ. შრ. გვ. 106. სქოლიო - არქიეპ. პ.) არამედ თვითონ კისრამდე შედიოდა წყალში. შემდეგ, მანამ, სანამ მოსანათლავი წყალში იდგა, დაადებდა ხელს თავზე და ითხოვდა, რათა მოსანათლავს მოენანიებინა თავისი ცოდვები; ბოლოს კი შთაჰფლავდა მას წყალში და ამოიყვანდა წყლიდან, სადაც ნათელღებული ლოცულობდა" (Святый великий пророк, предтеча и креститель Господень Иоанн. Исторически-истолковательное изложение его жизни, служения и учения. Извлечено из книги протоиерея Симеона Вишнякова. Москва 1893. Репр. Св. Троицкая Сергиева Лавра. Москва 1995 г., стр. 105). უნდა აღინიშნოს, რომ ავტორის ეს შენიშვნა ზუსტად იმეორებს ცნობილი ეგზეგეტის ექვთიმე ზიგაბენის (XII ს.) განმარტებას მათეს სახარების 3-ე თავის 16-ე მუხლზე: "როგორც ზოგიერთი ამბობს, - წერს ზიგაბენი, - ნათლისმცემელი ყველა მოსანათლს წყალში კისრამდე აყენებდა და მანამდე აჩერებდა, სანამ ის არ დაამთავრებდა აღსარებას, და მხოლოდ აღსარების შემდეგ ამოდიოდა წყლიდან, - მაგრამ ქრისტე, რომელსაც ცოდვები არ გააჩნდა, არ იყო გაჩერებულ წყალში, ამიტომაც ამბობს მახაროიბელი, რომ ის მაშინათვე ამოვიდა წყლიდან" (იხ. http://bible.optina.ru/new:mf:03:16) (7).  

_________________

7. ავტორი იძლევა დამატებით განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით და წერს: "სწორედ ასე რომ ნათლავდა იოანე და არა სხვაგვარად, მითითებულია ლუკა მახარობლის მიერ წმ. ფილიპესგან საჭურისის მონათვლის შემთხვევაშიც: "ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო? ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას" (საქმე 8:36-39). სიტყვით "მონათლა" აქ გადმოტანილია ის ბერძნული სიტყვა, რომელიც წყალში შთაფლვას ნიშნავს" (Словом "окрестил" переведено здесь греческое слово, которое значит "погрузил в воде") (Святый великий пророк, предтеча и креститель Господень Иоанн. Исторически-истолковательное изложение его жизни, служения и учения. Извлечено из книги протоиерея Симеона Вишнякова. Москва 1893. Репр. Св. Троицкая Сергиева Лавра. Москва 1995 г. Примечания и объяснения, стр. 322).

_________________


"წყალში შთაფლვით, - განაგრძობს სიმეონ ვიშნიაკოვი, - ნათელღებული ადასტურებდა თავისი სინანულის გულწრფელობას და ამავე მოქმედებით გამოხატავდა თვის მოვალეობას - მომავალში წმიდად დაეცვა თავისი სული ყოველგვარი ცოდვისმიერი სიბილწისგან" (იქვე).

"საინტერესოა აღინიშნოს, რომ იუდეველურ განბანვებს სპეციალური ფორმულა ან საიდუმლოსთვის საჭირო სიტყვები, რომლებიც ამგვარი განბანვის მიზნისა თუ ძალის მიმანიშნებელი და განმსაზღვრელი იქნებოდა, არ ჰქონია. იოანესეულ ნათლისღებაში წყალი იკურთხებოდა სიტყვებით, რომლებსაც შეეძლო, წყლისთვის ამაღორძინებელი და განმწმენდელი ძალა მიენიჭებინა... უფლის ნათლისმცემელი მდუმარე როდი აღასრულებდა თავის ნათლისღებას. ამაზე საკმაოდ მკაფიოდ მიუთითებს წმ. მოციქული პავლე, რომელიც ბრძანებს: "იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე" (საქმე 19:4). აქედან გამომდინარე, წმიდა წერილის ძველი და ახალი კომენტატორები ასკვნიან, რომ წმ. იოანეს სანათლავ ფორმულას ჰქონდა ასეთი სახე: "მე გნათლავ შენ და გაზიარებ სარწმუნოებას ქრისტესი, რომელიც მოვა.

წმ. ამბროსი მედიოლანელი (IV ს.) ამბობს, რომ იოანე ნათლავდა ცოდვათა მისატევებლად, მაგრამ არა საკუთარი სახელით, არამედ სახელით იესუ ქრისტესი. ნეტარი იერონიმეს (342-419) თქმით, "ისინი, ვინც იოანესგან ინათლებოდა, უფალ იესუ ქრისტეს სახელით ინათლებოდა, რომელიც მის შემდეგ უნდა მოსულიყო" (იქვე. გვ. 106).

იმას, რომ წმ. იოანე ნათლისმცემელი მასთან მისულებს ნათლავდა შთაფლვით, მოწმობენ წმიდა მამებიც. ასე მაგალითად, წმ. ბასილი დიდი ბრძანებს: "იოანეს ნათლობის მსურველნი აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს, მათ სიმძიმეს და იმის შემდეგ, რაც იოანესგან შთაიფლებოდნენ იორდანეს წყლებში, ღებულობდნენ მიტევებას" (იქვე. გვ. 115).

"ქრისტე უნდა დამორჩილებოდა წყლით განბანვის ებრაულ ჩვეულებას, რათა საღმრთო მცნებათა დამრღვევ კაცთა საცხოვნებლად მოსულს მთლიანად აღესრულებინა ძველი სჯული. და უფალიც, რომელიც მოვიდა არა სჯულის დასარღვევად, არამედ მის აღსასრულებლად, მკაცრად ექვემდებარებოდა მის განწესებებს, რაც ყოველგვარ საფუძველს აცლიდა მის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მარადის იმის მცდელობაში იყვნენ, როგორმე რაიმე ცთომილება ეპოვნათ ქრისტეს საქმეებსა და ქადაგებებში. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: "ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყვ თქუენ, რაისათვის არა გრწამს ჩემი?" (იოანე (8:46)).

ყოველივე ზემოთ ნათქვამს მივამატებთ წმ. მამათა და ეკლესიის მოძღვართა პასუხს კითხვაზე თუ რატომ მოინათლა იოანესგან ქრისტე, რომელიც ყველა პატიოსანზე უპატიოსნესი და ყველა წმიდაზე უწმიდესია?

წმ. ეპიფანე ბრძანებს (III-IV სს): "უფალი იოანესგან მოინათლა არა იმიტომ, რომ ამ განბანვას საჭიროებდა, არამედ იმიტომ, რათა ბოლომდე აღესრულებინა ყოველივე, რაც მის მიერ მიღებული კაცობრივი ბუნებისთვის არის დამახასიათებელი, და ეჩვენებინა, რომ ის ჭეშმარიტად განკაცდა და ჭეშმარიტად ადამიანია. ამ მიზეზით შთახდა ის იორდანეს წყლებში მოსანათლად, მაგრამ ისე, რომ ამით უფრო მეტი მიანიჭა, ვიდრე შეეძლო მიეღო ის, რაც არანაირად სჭირდებოდა; რამეთუ წყლები მან თავისი ნათლით განანათლა და მიანიჭა ისეთი განსაკუთრებული ძალა, რომლის მიღებითაც მისი მორწმუნენი, ნათლისღების წყლებს რომ მიეახლებიან, უფლის მიერ წყლისთვის მინიჭებული ძალით შეიმოსებიან და მისივე ნათლით განათლდებიან" (იქვე. გვ. 162).

"იორდანეს წყალი, - ადასტურებს წმ. ამბროსი, - ვერასოდეს შეძლებდა კაცთა ცოდვების მობანვას, მაცხოვრის სხეულთან შეხებით რომ არ კურთხეულიყო" (იქვე).

"წყალში შთაფლვით, - აღნიშნავს ნეტ. ავგუსტინე, - მაცხოვარმა ყველა წყალი და წყარო აკურთხა" (იქვე).

ნეტარი იერონიმეს თქმით: "მან (ქრისტემ) ინება იოანეს ნათლისღებასთან ნებაყოფლობითი მისვლა და მოუდრიკა თავი მის ხელს, რათა ეჩვენებინა, რომ ყოველთვის ნებაყოფლობით ასრულებდა მოსეს სჯულს (მაგ.: წინადაცვეთას), და არა რაიმე გარეგანი იძულების გამო (მაგ.: მშობლების ნება-სურვილით)"» (იქვე). იხ. ძველი მიკვები:




ყუმრანის მიკვა



ძველი მიკვა



თანამედროვე მიკვა



მიკვაში განბანვა


მაშ ასე, რამდენადაც შესაძლო იყო, ლაკონურად და სქემატურად წარმოვადგინეთ ის ჭეშმარიტება, რომ იოანე იორდანეში ნათლავდა შთაფლვით და არა სხვაგვარად, რაც იმას ცხადყოფს, რომ თვით მაცხოვარიც ისე უნდა მონათლულიყო, როგორც ყველა. ამას თვით ახალაღთქმისეული ლიტურგიკული პრაქტიკაც გვიდასტურებს, რაც კარგად და ზედმიწევნით სწორედ ნათლისღების დღესასწაულზე, დიდი აიაზმის კურთხევის საიდუმლოში გამოიხატება. ამ დროს, ლიტურგიულად, ნიშნად იმისა, რომ ქრისტე იორდანეში სწორედ შთაფლვითად მოინათლა და არა დასხმითად, იორდანეში ქრისტეს ნათლისღება გამოიხატება ჯვრის სამჯერადი შთაფლვით წყალში, რომლის შემდეგაც წყალს ღმრთის მადლი და ძალი ენიჭება.  ამის დასტურად მოვუსმინოთ, რას ბრძანებს ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური დავით ქვლივიძე ერთ თავის ინტერვიუში, რომელიც ინტერნეტ-რესურს "ამბიონზე" გამოქვეყნდა:

კითხვაზე "რატომ აღესრულება ნათლისღების დღესასწაულზე დიდი აიაზმა?" ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახური დავით ქვლივიძე პასუხობს: "ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ეკლესია წყლის კურთხევას აღასრულებს, რასაც დიდი აიაზმა - წყლის კურთხევა ეწოდება. არსებობს დიდი და მცირე აიაზმა. დიდი აიაზმა მხოლოდ ნათლისღების დღესასწაულის წინადღეს და თავად ნათლისღების დღესასწაულზე აღესრულება; ქრისტიანებსაც განსაკუთრებული კრძალვა, სასოება და რწმენა აქვთ მისდამი. წყლის კურთხევის დროს ღვთისმსახურნი სამჯერ შთაფლავენ ჯვარს წყალში და ჯვარს გამოსახავენ, რაც
სიმბოლურად განასახიერებს უფლის სამჯერ შთაფვლას მდინარე იორდანეში...

უფალი ნათლობას უწოდებს სულიერ შობას და ბრძანებს: "რომელი არა იშვას წყლითა და სულით, მას ვერ ხელე-წიფების ხილვად სასუფევლისა ღვთისა". აქედან გამომდინარე, ნათლობას ჰქვია სულიერი შობა, რომელიც აღესრულება წყლითა და სულით, სულიწმიდის მადლით. ამდენად, წყალს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თავად უფალმა წყალში შთასვლით ინება ნათლისღება, - წყალში ჩავიდა და ნათელ იღო. უფალს ნათლისღება არ სჭირდებოდა, მაგრამ ნათლისღებით მოგვცა მაგალითი ნათლობისა.

ნათლობის დროს წყალში შთასვლით მაცხოვარმა მთელი სამყაროს წყლები აკურთხა, წყლის ბუნება შეცვალა, მას მაკურნებელი ძალა მიეცა, ამიტომაც აღესრულება ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევა - წყალკურთხევის საიდუმლო" (http://www.ambebi.ge/sazogadoeba/94805-nathslissghesbis-khasti-da-sadghessasstsasuslod-aghsssruslesbusli-disdi-aiazsma.html).

ასე შეარცხვენს პროფესორ ე. ჭელიძეს თავისივე ეკლესიის ერთი უბრალო მღვდელმსახური, რომელიც დიდი აიაზმის კურთხევის გულწრფელი და არაპოლემიკური მიმართულების მქონე განმარტებისას, სრულიად სწორად და მართებულად ხსნის დიდი აიაზმის კურთხევის წესსა და წარმომავლობას; და სრულიად მართებულადვე აღნიშნავს, რომ მაცხოვარი იორდანეში სწორედაც რომ შთაფლვით მოინათლა და არა დასხმით, როგორ ამას ჩვენი "სახელგანთქმული" ოპონენტი იუწყება.

მეტიც, ახალმოწესეთა ეკლესიაში არსებობს ტრადიცია, როდესაც უფლის განცხადების დღეს, დიდი აიაზმის კურთხევისას, დიდი აიზმით აკურთხებენ დიდ წყალსაცავებს: ტბებს, ზღვებს ან მდინარეებს და მათში განიბანებიან ხორციელ სნეულებათაგან განსაწმენდად. განბანვის ეს ტრადიცია სწორედ იორდანეში ქრისტეს ნათლისღებას უკავშირდება. ამ მხრივ ნიშანდობლივ და საინტერესო ამბავს გადმოგვცემენ თვით ახალმოწესეები თავიანთ თხზულებებში. ასე, მაგალითად, ჟურნალ "კარიბჭეში" ვკითხულობთ: "შვიდი მთავარი საიდუმლოს გარდა არსებობს მცირე საიდუმლოებანიც, თუმცა კი ღვთის მადლით არანაკლებ ძალმოსილნი. ამგვარი გახლავთ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა, რომელიც დედა ეკლესიამ ნათლისღების მწუხრზე დააწესა. ამ დროს უბრალო წყალი მღვდლის ლოცვის მეოხებით განიწმინდება და სასწაულებრივ ძალას იძენს. მისდამი ქრისტიანებს განსაკუთრებული სასოება აქვთ. ყოველ დილით, როცა უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, დიდი აიაზმის წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ.

ამ დღეს ნაკურთხი წყლისადმი დიდი რწმენა ჰქონდათ ძველ ქართველებსაც. ამბობენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც კი არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულისა თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას. ზოგიერთ სოფელში ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს კი ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ მოასხურებს - ამგვარად თითქოს თავიანთ მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულს.

ეს ამბავი კი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ულამაზეს ადგილას, დგას ჭულევის მონასტერი. მის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩანჩქერი გადმოჩქეფს. აი, ამ წყალს აკურთხებდნენ ხოლმე ნათლისღებისას. იმ წელსაც ასე იყო. უამრავი მლოცველი მიაწყდა მონასტერს. ძალზე ციოდა და თოვლიც იდო, მაგრამ ხალხი ამან ვერ დააბრკოლა. ჩანჩქერთან ყინული ამოამტვრიეს და მამა სტეფანემ (ახლა უკვე ეპისკოპოსმა) დიდი აიაზმის წესით აღასრულა კურთხევა. ლოცვის დამთავრების შემდეგ კი ყველა შევიდა წყალში და განიბანა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ორი თვის ბავშვი მოეყვანა. პატარა ავად იყო. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ... მშობლებმა ისიც ჩააყურყუმალავეს წყალში. მოხდა სასწაული - მომაკვდავმა ბავშვა მოიხედა და მალე სრულად გამოჯანმრთელდა..." (ჟურნალი "კარიბჭე", № 1, 2005 წ. მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა. ციტ.: http://www.orthodoxy.ge/sakhli/aiazma.htm).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურნი, რომლებიც ასეთ მნიშვნელობას ანიჭებენ უფლის განცხადების დღეს დიდი აიაზმით ნაკურთხ წყალსაცავებში ხორციელ განბანვას და სრული, შთაფლვითი განბანვით ცდილობენ მრავალგვარ სნეულებათაგან განკურნებას, სულიერ სნეულებას, რომელიც უფლის ჯვარცმით, სისხლის დათხევით, საფლავში დამარხვითა და მესამე დღეს აღდგომით მოგვენიჭა, -  პკურებით გამოსახავენ?! აქვს კი ამგვარ ქცევას ლოგიკა? რა უფრო მეტია - უფლის ნათლისღება იორდანეში თუ მისივე ჯვარცმით, დაფლვითა და აღდგომით მონიჭებული ნათლისღება? რას უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ქრისტეანისთვის - ხორცის განბანვას და ხორციელი სნეულებების განკურნებას თუ სულის განბანვას სულიერი მწიკვლისაგან და ცოდვის მონობისგან გათავისუფლებას? და თუკი ხორციელი სნეულებებისგან განსაწმენდად სხურებას საკმარისად არ მიიჩნევენ ოპონენტნი და აქტიურად ბანაობენ დიდი აიაზმით ნაკურთხ ზღვებსა თუ მდინარეებში, როგორ არის შესაძლებელი სულიერი განწმენდის, ცოდვისა და ეშმაკის მონობისგან გამათავისუფლებელი საბანელის, იგივე ქრისტეანული ნათლისღების პკურებითად ან სხურებითად აღსრულება?

სხვათა შორის, ეს ჩვეულება, რომელიც საქართველოში, სავარაუდოდ, რუსეთიდან დამკვიდრდა, არცთუ დიდად მოსწონს რუსეთის ოფიციალურ "მართლმადიდებელ" ეკლესიას. ასე მაგალითად, კრებულში, რომლის სახელწოდებაა: "Настольная книга священнослужителя" ("მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნი") (1913 წ.), ნათქვამია: "ზოგიერთ ადგილას არსებობს ამ დღეს (იგულისხმება უფლის ნათლისღების დღესასწაული - არქიეპ. პ.) მდინარეებში ბანაობის ჩვეულება (განსაკუთრებულად ისინი ბანაობენ, ვინც წინა დღეებში განცხრომას ეძლეოდა, მკითხაობდა ან სხვა, და ამ ბანაობას მსგავსი ცოდვებისგან განწმენდის ძალას ანიჭებს). ასეთი ჩვეულება შეუძლებელია გავამართლოთ მაცხოვრის მიერ წყალში შთაფლვისადმი ან პალესტინელ მომლოცველთა ჩვეულებისადმი მიბაძვით, რომლებიც იორდანეში ბანაობენ ყოველჟამ. აღმოსავლეთის მომლოცველთათვის ეს უსაფრთხოა, რადგან იქ ისე არ ცივა და ისე არ ყინავს, როგორც ჩვენთან. ამგვარი ჩვეულების სასარგებლოდ არ შეიძლება მეტყველებდეს ეკლესიის მიერ უფლის ნათლისღების დღეს ნაკურთხი წყლის განმკურნებელი და განმწმენდელი ძალისადმი რწმენაც, რადგან ზამთარში ამ მიზნით ბანაობა ნიშნავს, უფლისგან მოითხოვო სასწაული და სრულიად უგულებელჰყო სიცოცხლე და ჯანმრთელობა" (წყარო: http://azbyka.ru/dictionary/03/voda_svyataya-all.shtml).

როგორც იტყვიან - კომენტარი ზედმეტია!

დიდი აიაზმით ნაკურთხ წყალში, რომელსაც ეკლესია "საპკურებელ წყალს" უწოდებს (ამის შესახებ ცალკე ვილაპარაკებთ), ოფიციალური ეკლესიის "მართლმადიდებლები" ხორციელ სნეულებათაგან განსაწმენდად ყურჭუმობენ და ყურყუმალაობენ, ხოლო იმ წყალს, რომელიც ქრისტეს ჯვარცმით გვებოძა, ცოდვათა სრულად აღმხოცველია და რომელსაც წმიდა მამები "კუბოს" და "დედას",  "მეორედ შობის საბანელსა" და "აღმომშობს" უწოდებენ - მხოლოდ ისხურებენ. ასეა გაუკუღმართებული მათი გონება და როგორც ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.) ბრძანებდა: "ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მოწმე ამგვარი ქცევის გამმართლებელი. ... არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რჯული და განაწესეს ამგვარი უწესო მოძღვრება. "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს", ვინაიდან წყლისა და სულისაგან მეორედ შობა გვიბრძანა უფალმა, როგორც ყრმა იშვება დედის მუცლიდან, ასევე გვევალება მეორე შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ერთი რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა. განა შესაძლებელია სხეულის ერთი, რომელიმე ასო, გინდ თავი ან რომელიმე სხვა იშვას დედის მუცლისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხეულისა მუცელშივე დარჩეს. თუმცა შობა კი ერქმევა, მაგრამ განა იქნება იგი სიცოცხლის შემძლებელი სრული კაცი? ასევე შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილის განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება.

ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს. არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის და ისიც არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც და ვგონებ, რომ ამგვარი რამ არავის არსად სმენია, რამეთუ საქმე საეჭვო რჯულად არ განწესდება, არამედ ქრისტესი, მისთა მოციქულთა და მათ მიმბაძავ ღვთისმეტყველ მამათა რჯულია მტკიცე და უცვალებელი"
(კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. "გრდემლი". თ. 20. ნათლისღებისთვის).

მაგრამ, მოდი, კვლავ იორდანეში მაცხოვრის ნათლისღების საკითხს დავუბრუნდეთ.

***


როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, "მასთან მოსულებს იოანე ნათლავდა იორდანეს სიღრმეში და, შეიყვანდა რა კისრამდე წყალში, ამ მდგომარეობაში ამყოფებდა მანამ, სანამ მოსანათლავი ცოდვათა აღიარებას არ დაასრულებდა, რის შემდეგ უკვე შთაჰფლავდა მთლიანად და მისთვის ჩვეული სანათლავი სიტყვებით (იხ. ზემოთ). მაგრამ რადგან იესუ უცოდველი იყო, ნათლისმცემელმა მხოლოდ ხელი დაადო თავზე, შთაჰფლა ის იორდანეში და იესუც მყისვე ამოვიდა წყლიდან" (Святый великий пророк, предтеча и креститель Господень Иоанн. Исторически-истолковательное изложение его жизни, служения и учения. Извлечено из книги протоиерея Симеона Вишнякова. Москва 1893. Репр. Св. Троицкая Сергиева Лавра. Москва 1995 г. Примечания и объяснения, стр. 322).

ახლა ვნახოთ, რას ამბობენ თანამედროვეობის ცნობილი ღვთისმეტყველები და სასულიერო პირები და ასევე ძველი წმიდა მამები მაცხოვრის იორდანეში ნათლისღების შესახებ. დავრწმუნდეთ, რომ ე. ჭელიძის მტკიცება - იორდანეს უკუქცევის გამო ქრისტეს ჩარჩენა კოჭებამდე წყალში, სრული სიცრუე და აბსურდია.

ნიკოლოზ სერბიელი (ველიმიროვიჩი) (1880-1956), რომელიც სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ბრძანებს: "ქრისტე შთაიფლვის წყალში არა იმისთვის, რათა განწმინდოს საკუთარი თავი, არამედ იმისთვის რათა სიმბოლურად ჩაძიროს ძველი კაცი. წყალში თავისი შთაფლვით ის საცნაურად იმეორებს ნოეს დროს მომხდარ მსოფლიო წარღვნას და ფარაონის დაძირვას მეწამულ ზღვაში მთელი თავისი მხედრობითურთ. მსოფლიო წარღვნის დროს დაინთქა ცოდვილი კაცობრიობა, მეწამულ ზღვაში დაიხრჩო ცოცხალი ღმრთის მტერი ფარაონი. ქრისტემ კაცთა ცოდვები საკუთარ თავზე აიღო. ნებაყოფლობით დათანხმდა, ჩაეძირა საკუთარი თავი ცოდვილი კაცობრიობის ნაცვლად; ნებაყოფლობით მიიღო საკუთარ თავზე ცოცხალი ღმრთის მტრისა და დანთქმული ფარაონის ბედი. ის წყალში შთაფლავს მთელს თავის სხეულს, როგორც კუბოში. ის შთაიფლება მყისიერად და შემდეგ აღსდგება, ამოდის წყლიდან. ამით ის იმეორებს იმ საშინელ გაკვეთილს, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანებს და ჯერ ნოეს დროს ჩაძირა ცოდვილნი წარღვნის წყლებში, შემდეგ კი ფარაონი მეწამულ ზღვაში. ამით ის (ქრისტე) ხილული სახით, მაგრამ უსიტყვოდ ამბობს იმას, რაც მოგვიანებით უთხრა იუდეველი ხალხის მოძღვარს ნიკოდიმოსს, კერძოდ: "ამენ, ამენ გეტყვ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ (საეკლ. სლავურშია: "свыше" - არქიეპ. პ.), ვერ ველ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი" (იოანე 3:3). ხოლო მეორედ (ანუ ზეგარდმო) ჯერ კიდევ ამ ქვეყნად მყოფი შეიძლება დაიბადოს მხოლოდ ის, ვინც მოკვდება ძველი კაცისთვის, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რომელშიც მოკვდება ძველი კაცი, ცოდვილი ადამიანი. ის, ვინც შთაიფლება თავის ცოდვებთან ერთად და აღსდგება ცოდვათაგან განწმენდილი. ვინც ხორცით შტაიფლვის, როგორც ხორციელი ადამიანი, აღსდგება სულიერად, როგორც სულიერი ადამიანი. ვინც თანა დაემარხვის ქრისტეს ნათლისღებაში, ვითარც საფლავში (კოლას. 2:12). ვინც დაფლავს თავის სიამაყეს, ამპარტავნებას, თავმოყვარეობას და ძველი, ცოდვილი ადამიანის ყოველგვარ სიბილწეს, აღადგენს საკუთარ თავში მორჩილებას, თავმდაბლობას და სიყვარულს" (Из собрания творений святителя Николая Сербского (Велимировича), выпущенного издательством Сретенского монастыря. http://www.pravoslavie.ru/44160.html).

"ერთი სიტყვით, - განაგრძობს იგივე მოძღვარი, - ვინც დამარხავს საკუთარ თავს, როგორც ცოდვილი, და აღმოიშობა, ვითარც მართალი - მიბაძავს ქრისტეს, რომელმაც მაგალითი მისცა თავისი ნათლობით იორდანეში. "ახალი ცხოვრების დაწყებამდე, უნდა დავასრულოთ ძველი", - ამბობს ბასილი დიდი. ო, რამდენად მრავალმნიშვნელოვანი და მრავალსაგულისხმოა ქრისტეს ნათლობა, რომელიც წყალში მისი შთაფვლით აღსრულდა! მხოლოდ ღმრთის უსაზღვრო სიბრძნეს შეეძლო მოეწყო კაცთათვის ესოდენ სასარგებლო და დამმოძღვრელი ნათლობა იორდანეში. მხოლოდ ამ უსაზღვრო სიბრძნეს, რომელიც დღევანდელივით ხედავს წარსულს და მომავალს, შეეძლო დაეკავშირებინა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისი და დასასრული და ეჩვენებინა ცოდვილი კაცობრიობის წარღვნის კავშირი ქრისტეს შთაფლვასთან წყალში. მხოლოდ ამ ენით გამოუთქმელ სიბრძნეს შეუძლია ერთ ხატით, ერთი ქმედებით, ერთმნიშნელოვნად თქვას იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ეს კაცთა ყველა ენას შეუძლია დედამიწაზე. რამეთუ, ჩვენი ცხონების მთელი ეს ხატი იორდანეში ქრისტეს ნათლობით არის გამოხატული" (იქვე).

"და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხალა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე" (მათე 3:16-17). სულიწმიდა მაშინ კი არ გადმოვიდა ქრისტეზე, როდესაც ის შთაფლული იყო წყალში, არამედ მაშინ, როცა ამოვიდა წყლიდან. ამით ღმრთის სიბრძნეს სურს გვიჩვენოს, რომ ძველ კაცზე, რომელიც ცოდვისთვის ცხოვრობს და მკვდარია ღმრთისთვის, სული ღმრთისა არ გადმოდის. ღმრთის სული მხოლოდ იმ ადამიანზე გადმოდის, რომელიც მეორედ (ზეცითგან) იშვება, სულიერად აღმოიშობა, კვდება ცოდვისთვის და ცოცხლდება ღმრთისთვის" (იქვე).

"ამგვარად, იორდანეში ქრისტეს ნათლობა დაკავშირებულია კაცობრიობისთვის წმიდა სამების განცხადებასთან. არ არსებობს ამაზე უფრო დიდი გამოცხადება, რამეთუ მის მიერ იხილვება ჩვენს თვალწინ ღმრთის სამერთობა. მაცხოვარმა იორდანეზე ბეჭედი ახსნა ამ საიდუმლოს, უდიადესს ცაშიც და დედამიწაზეც. ჩვენ ვამბობთ "დედამიწაზეცო" რადგან ღმრთის სამერთობის საიდუმლო ამავე დროს თვით ადამიანის, მისი სამებობის უდიდესი საიდუმლოა, როგორც ეს წმიდა წერილის დასაწყისშივეა ნათქვამი: "ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ. 1:26). ამიტომ იწოდება ქრისტეს ნათლისღება ღმრთის განცხადებად, რამეთუ ღმერთი იორდანეზე გამოჩნდა ისეთად, როგორიც ის არის, და რამდენადაც ეს დაეტევა მოკვდავ ადამიანს. ეს დღესასწაული კიდევ იწოდება განათლებად, რამეთუ ის განაბრწყინვებს ადამიანის სულს უღრმესი საღმრთო საიდუმლოს შემეცნებით. ის განათლებად იწოდება კიდევ იმიტომ, რომ ქრისტეს წყალში შთაფლვით ნათლობა განანათლებს ჩვენს გონებას, განწმენდს ჩვენს გულს და აკეთილშობილებს ჩვენს სულს ჩვენი ცხოვნების საქმის შემეცნებით, რომელიც მდგომარეობს ძველი კაცის დამარხვაში და ახლის შობაში, ან კიდევ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ცოდვილი და ხრწნადი ბუნების სიკვდილში და უკვდავისა და უცოდველის გაცოცხლებაში.

ყველაფერი ის, რაც ქრისტეს ნათლისღების დროს აღსრულდა, თითოეული ჩვენგანის ნათლობის დროსაც აღსრულდება
("უფალმა, რომელიც განაგებს ჩვენს ცხოვრებას, დააწესა ჩვენთვის აღთქმა ნათლობისა, რომელსაც აქვს სიკვდილისა და სიცოცხლის ხატი... წყალი სახეა სიკვდილისა, რომელიც დასამარხად იღებს სხეულს, ხოლო სული ჩაასხამს მაცოცხლებელ ძალას, რომელიც განაახლებს ჩვენი სულის ცხოვრებას და მას ცოდვის სიკვდილიდან პირველქმნილ სიცოცხლედ გარდაქმნის". წმ. ბასილი დიდი. ნათლისღებისათვის). წყალში შთაფლვით ჩვენ ვკვდებით ქრისტესთან ერთად, ხოლო წყლისგან აღმოშობილნი ვუერთდებით ცოცხალ ქრისტეს" (იქვე).

პროფ. მ. კაზანსკი თხზულებაში: "Крещение Господа нашего Иисуса Христапо известиям евангелистов" ("ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათლობა მახარობელთა მიხედვით") ბრძანებს: "ცნობებს უფლის ნათლისღების შესახებ ჩვენ ვპოულობთ მხოლოდ სინოპტიკოსებთან. რაც შეეხება იოანეს, ეს მახარობელი დუმს ნათლისღების ფაქტზე, რადგან, ალბათ, ვარაუდობს, რომ მისი სახარების მკითხველმა სინოპტიკური სახარებებიდან ეს კარგად უწყის. ის გვამცნებს მხოლოდ ნათლისმცემლის დასტურს მის დროს იესუზე მტრედის სახით გარდამომავალ სულზე, რის მიხედვითაც ნათლისმცემელი, მისთვის ადრე უწყებული გამოცხადების მიხედვით, იცნობს იესუში მესიას, რომელმაც უნდა მონათლოს სულით წმიდით" (М.Казанский. Чтения в Обществе любителей духовного просвещения, 1885).

"მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან" (მათე 3:13). როდის "მაშინ"? წინარე ტექსტთან კავშირით ცხადი ხდება, რომ იესუ იოანესთან იორდანეზე სწორედ იმ დროს მივიდა, როდესაც ეს უკანასკნელი, როგორც სინანულის მქადაგებელი, ერის ნათლისცემას განახორციელებდა, უკვე საკმარისად გაარკვია, ვინ არის თვითონ და ვინ არის ის, ვისი მოსვლაც მან იწინასწარმეტყველა.

საერთო ჯამში, მათეს თანხმიერად გადმოგვცემს ამაზე მარკოზ მახარობელიც (1:9). მაგრამ მასთან ვხვდებით ზოგიერთ თავისებურებებს. ასე, მაგალითად, ადგილს, საიდანაც ქრისტე მივიდა იოანესთან სანათლავად, მათე გალილეას უწოდებს, ხოლო მარკოზი უფრო აკონკრეტებს და გალილეის ნაზარეთად ხმობს. შემდეგ, ჩვეულებრივი გამოთქმის ნაცვლად: "და მოინათლა იესუ იორდანეში"
(
Εν τω Ιορδάνη), მარკოზი ბრძანებს εις τον Ίορδάνην. მარკოზთან მსჯელობის ასეთი ფორმა ბლეიკის აზრით აიხსნება იმით, რომ, იესუს ნათლობა იყო მდინარეში შთაფლვით" ("В общем согласно с Матфеем передает дело и евангелист Марк (1:9). Но у него есть и некоторые особенности. Так, место, откуда Иисус Христос пришел к Иоанну креститься, Матфеем указывается вообще Галилея, а Марком определеннее Назарет Галилейский. Затем, вместо обыкновенного выражения: и крестился Иисус в Иордане, Εν τω Ιορδάνη, Марк ставит εις τον Ίορδάνην. Такой способ речи у Марка объясняется, по Блейку, тем, что крещение Иисуса было чрез погружение в течение") (М.Казанский. Чтения в Обществе любителей духовного просвещения, 1885).

"ამიტომაც ნათლისმცემელი მარტო ღმერთკაცის წმიდა პირისახის დანახვაზე გრძნობს თავის უღირსობას და აკავებს მას მისი ნათლობისგან და ეუბნება: "მე მმართებს შენთან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან?" (მათე 3:14). იოანე გაკვირვებულია და არ ძალუძს იმის გაგება, რატომ სურს უცოდველ და წმიდა ადამიანს სინანულის ნათლობის მიღება ცოდვათა მისატევებლად, თანაც ცოდვილი ადამიანისგან, და ამიტომ აცხადებს, რომ ის თვითონ საჭიროებს ნათლობას იესუსგან. მაგრამ იესუ ქრსიტე, ა. ვ. გორსკის ბრწყინვალე შენიშვნით, "ღმრთის ძისთვის შესაფერისი სიდიადითა და კაცის ძისთვის შესაფერისი თავმდაბლობით", რომელმაც იცის, რას აკეთებს და რისთვის, რას შთაფლავს წყალში და რისი მიღება სურს წყლისგან, ვის სჭირდება ნათლობა და რისთვის, პასუხად იოანეს ეუბნება: "აცადე აწ (
άφες άρτι), რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე" (М.Казанский. Чтения в Обществе любителей духовного просвещения, 1885, ст. 15).

პროტოპრესვიტერი ს. ვიშნიაკოვი თხზულებაში "Мысли свв. отцов и учителей Церкви о крещении Иисуса Христа" ("წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა აზრი იესუ ქრისტეს ნათლისღების შესახებ") ბრძანებს: "ყოველივე ზემოთ ნათქვამს მივამატებთ წმ. მამათა და ეკლესიის მოძღვართა პასუხს კითხვაზე თუ რატომ მოინათლა იოანესგან ქრისტე, რომელიც ყველა პატიოსანზე უპატიოსნესი და ყველა წმიდაზე უწმიდესია? წმ. ეპიფანე ბრძანებს: "უფალი იოანესგან მოინათლა არა იმიტომ, რომ ამ განბანვას საჭიროებდა, არამედ იმიტომ, რათა ბოლომდე აღესრუელბინა ყოველივე, რაც მის მიერ მიღებული კაცობრივი ბუნებისთვის არის დამახასიათებელი, და ეჩვენებინა, რომ ის ჭეშმარიტად განკაცდა და ჭეშმარიტად ადამიანია. ამ მიზეზით შთახდა ის იორდანეს წყლებში მოსანათლად, მაგრამ ისე, რომ ამით უფრო მეტი მიანიჭა, ვიდრე შეეძლო მიეღო ის, რაც არანაირად სჭირდებოდა; რამეთუ წყლები მან თავისი ნათლით განანათლა და მიანიჭა ისეთი განსაკუთრებული ძალა, რომლის მიღებითაც მისი მორწმუნენი, ნათლისღების წყლებს რომ მიეახლებიან, წყლისთვის მინიჭებული მისი ძალით შეიმოსებიან და მისივე ნათლით განათლდებიან" (ს. ვიშნიაკოვი. დასახ შრ. გვ. 162).  

"იორდანეს წყალი, - გვიდასტურებს წმ. ამბროსი. - ვერასოდეს შეძლებდა კაცთა ცოდვების მობანვას, მაცხოვრის სხეულთან შეხებით რომ არ კურთხეულიყო".

"წყალში შთაფლვით, - აღნიშნავს ნეტ. ავგუსტინე, - მაცხოვარმა ყველა წყალი და წყარო აკურთხა"  (იქვე).

ნეტარი იერონიმეს თქმით: "მან (ქრისტემ) ინება იოანეს ნათლისღებასთან ნებაყოფლობითი მისვლა და მოუდრიკა თავი მის ხელს, რათა ეჩვენებინა, რომ ყოველთვის ნებაყოფლობითვე ასრულებდა მოსეს სჯულს (მაგ.: წინადაცვეთას), და არა რაიმე გარეგანი იძულების გამო (მაგ.: მშობლების ნება-სურვილით)" (იქვე).

წმ. იოანე ოქროპირის თქმით კი, იოანესაგან ნათლისღების მიღებით მაცხოვარმა დააფუძნა ჭეშმარიტი ნათლისღება, რომელიც შემდეგ უნდა ექადაგა. "მხოლოდ იოანეს ნათლისღებისადმი დაქვემდებარებით უნდა მიეღო ძეს კაცისა სულიწმიდის უწყება, რომელიც მასზე გადმოვიდა, და ამავდროულად ციდან უნდა გაცხადებულიყო მისი ღმრთის ძეობა. მოინათლა რა იოანესგან, იესუ ქრისტე არწმუნებდა ყველას მიეღოთ მის მიერ დაწესებული ნათლისღება, რომლის ქმედითობის ჩვენება მან სულიწმიდის გარდამოსვლით ინება" (Святый великий пророк, предтеча и креститель Господень Иоанн. Исторически- истолковательное изложение его жизни, служения и учения. Извлечено из книги протоиерея Симеона Вишнякова. Москва 1893. Репр. Св. Троицкая Сергиева Лавра. Москва 1995 г. Примечания и объяснения, стр. 162).

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, "მასთან მოსულებს იოანე ნათლავდა იორდანეს სიღრმეში და, შეიყვანდა რა კისრამდე წყალში, ამ მდგომარეობაში ამყოფებდა მანამ, სანამ მოსანათლავი ცოდვათა აღიარებას არ დაასრულებდა, რის შემდეგ უკვე შთაჰფლავდა მთლიანად და მისთვის ჩვეული სანათლავი სიტყვებით (იხ. ზემოთ). მაგრამ რადგან იესუ უცოდველი იყო, ნათლისმცემელმა მხოლოდ ხელი დაადო თავზე, შთაჰფლა ის იორდანეში და იესუც მყის ამოვიდა წყლიდან" (ასეა ნათქვამი XIII ს.-ის ბიზანტიელი ღვთისმეტყველისა და ეგზეგეტის ექვთიმე ზიგაბენის (XIII ს.) განმარტებაში მათეს სახარების 3-ე თავის 16-ე მუხლზე - არქიეპ. პ.) (Святый великий пророк, предтеча и креститель Господень Иоанн. Исторически- истолковательное изложение его жизни, служения и учения. Извлечено из книги протоиерея Симеона Вишнякова. Москва 1893. Репр. Св. Троицкая Сергиева Лавра. Москва 1995 г. Примечания и объяснения, стр. 322).

"მე გნათლავთ თქვენ წყლით, - ნათქვამია 19-ე საუკუნის სულიერ-ზნეობრივ საკითხავ გამოცემაში "Троицкие листки", - უღაღადებდა წინამორბედი ისრაელს, მაგრამ ჩემს შემდეგო მოდის ის, ვინც ჩემზე ძლიერია, და ვისი ხამლთა შეკვრის ღირსიც არ ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულით წმიდითა და ცეცხლით... მაგრამ აი, ეცხადება იოანეს ის, ვისზეც იუწყებოდა, თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე; აი, შემმოსველი ცისა ვითარც ღრუბელთა, და შემმოსველი ნათლისა ვითარც სამოსლისა, როგორც კაცი განიძარცვება სამოსლისგან და შთაიფლვის წყლებში იორდანისა, რითაც განწმენდს ბუნებას წყლისა... ამ დროს კი გრგვინავს ხმა ზეცითგან: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ"!..." (Троицкие листки. Иордан. http://dearfriend.narod.ru/books/mvb/1-07.html).

"თვრამეტ საუკუნეზე მეტი გავიდა იმ დროიდან. - ნათქვამია იმავე წყაროში, - იყო დრო, როდესაც იორდანეს ნაპირებზე წმიდა სავანეები ჰყვაოდა; და იმ ადგილას, სადაც უფალმა იოანესაგან ნათელ-იღო, წმ. იოანე ნათლისმცემელის მონასტერი იდგა; მისი ნანგრევები დღემდე შემორჩენილა; იორდანეს უდაბნოში მრავალი განდეგილი ცხოვრობდა, რომელიც იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებას ბაძავდა. ახლა კი გაუკაცრიელდა ნაპირები ამ წმიდა მდინარისა; სამაგიეროდ, იმ დროიდან, რაც კი იორდანე ქრისტეს საბანელი გახდა, რამდენი ათასი ღვთისმოსავი მომლოცველი ეწვია მის ნაპირებს! ყოველწლიურად (ჩვეულებისამებრ, ვნების შვიდეულის პირველ დღეებში) მორწმუნეთა მთელი ქარავნები, ათასობით და მეტი, მოდიან ისინი აქ თურქ ცხენოსანთა თანხლებით, რომლებიც მათ უდაბნოს ველურ ბინადართაგან - ბედუინებისგან იცავენ, კარვებს შლიან და ღამეს ათევენ იორდანეს ნაპირებთან. როგორი აღფრთოვანებით შთაიფლებიან ისინი იორდანეს წმიდა წყლებში, რომლის დროსაც გალობენ ღმრთის განცხადების ტროპარს: "რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო!"... ღვთისმოშიშებით ჩქარობენ ჭურჭლის, სამგზავრო ტიკჭორებისა და რუმბების იორდანეს წყლით ავსებას, ცდილობენ, სამახსოვროდ მოამტვრიონ ტოტი ნაპირზე ამოსული ლელქაშიდან ან აღმოიღონ ქვა მდინარის ფსკერიდან, რათა შემდეგ ეს ყველაფერი შორეულ სამშობლოში თან წაიღონ!... არ არსებობს იორდანეზე წმიდა მდინარე მსოფლიოში, ბავშვებმაც კი იციან მისი სახელი" (Троицкие листки. Иордан. lt http://dearfriend.narod.ru/books/mvb/1-07.html).

და ბოლოს, საღვთისმსახურებო ტექსტებში ნათლად არის ნათქვამი, რომ იორდანეში შთაფლვით უფალმა განწმინდა "წყლის ბუნება და მთელი დედამიწა" (Погружением Своим в воды Иордана Господь освятил "все естество вод" (2 января, вечерня, стиховная стихира на Слава и ныне) и всю землю (5 января, повечерие, трипеснец, 4-я песнь, 1-й тропарь; 2 января, утреня, канон, 9-я песнь, 5-й тропарь).

"Со Мною аще кто снидет и спогребется Крещением, со Мною славы насладится и воскресения,
Христос ныне возвещает" (4 января, повечерие, канон, 7-я песнь, 3-й тропарь).

ქრისტესადმი ყოველი მორწმუნის წყალში სამგზისი შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში, მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე, გამოხატავს ქრისტეს სიკვდილსა და დაფლვას, ხოლო წყლიდან ამოსვლა - მესამე დღეს მისი აღდგომისადმი თანაზიარობას (იხ. 5 января, повечерие, канон, 7-я песнь, 3-й тропарь).

ამრიგად, იორდანეში მაცხოვრის ნათლისღებასთან დაკავშირებით გაირკვა, რომ ძველმართლმადიდებელთა სწავლება სრულიად თანხმიერი ყოფილა ძველი წმიდა მამებისა და თვით ახალმოწესე ღვთისმეტყველთა ქადაგებებისა, რომლის მიხედვითაც ქრისტე იორდანეში მოინათლა შთაფლვით და არა დასხმით; და, რომ ამ საკითხში ძველმართლმადიდებლები ინარჩუნებენ თავიანთ ძველმართლმადიდებლურობას, რომელსაც დასხმითი ნათლობის მეხოტბე ე. ჭელიძე ეჭვქვეშ აყენებს და სრულიად დაუმსახურებლად შეურაცხყოფს მათ.

უკვე ამ ფაქტიდან გამომდინარე, არანაირი საჭიროება არ არსებობს, დეტალურად განვიხილოთ ე. ჭელიძის მიერ იორდანეში უფლის დასხმითად ნათლობის ვითომცდა დამამტკიცებელი ისეთი არგუმენტი, როგორიც არის პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებები, რამეთუ ეკლესიის უეჭველი და დოგმატიზებული სწავლებით - მაცხოვარი იორდანეში მოინათლა შთაფლვით და არა დასხმით. ჩვენ ეს ვაჩვენეთ როგორც ებრაული გადმოცემებიდან (კერძოდ "მიკვა"-ს რიტუალიდან), ასევე ლიტურგიკული (ანუ პრაქტიკული) ღვთისმეტყველებიდან და წმიდა მამათა სწავლებებიდან გამომდინარე.

პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებები უფლის დასხმითად ნათლობას რომ აღნიშნავდნენ, მაშინ გვეცრუება ეკლესია (შორს ჩვენგან ამგვარი აზრი!), როდესაც მის საპირისპიროდ იორდანეში უფლის შთაფლვით ნათლობას ქადაგებს და არა დასხმითს; ან პირიქით, იტყუებიან (ან ცდებიან) პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებების ავტორები, როდესაც ისინი იორდანეში მაცხოვრის ნათლისღებას კოჭებამდე წყალში გამოსახავენ (ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოსახულებები გაიგება პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც ეს ე. ჭელიძეს სურს, და არა სიმბოლურად).  

აქედან კი იბადება კითხვა, პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებებითა და გვიანდელი საუკუნეების ხატმწერლობით რას გვასწავლის ეკლესია? ქრისტეს როგორ ნათლობას გვიქადაგებს იგი -  შთაფლვითს თუ დასხმითს? თუ ე. ჭელიძის ვერსიას შევიწყნარებთ, მაშინ გვიანდელ ეკლესიას დავიწყნია (ნუმც იყოფინ!) ქრისტეს ნათლისღების ფორმა, შეუცვლია პირველი საუკუნეების სწავლება და ჩვენთვის გადმოუცია ის, რაც სინამდვილეში არ ყოფილა; ხოლო თუ გვიანდელი ეკლესია უფრო აზუსტებს ქრისტეს ნათლობის სცენას და ხატებზე სწორედ იმ ნათლობას გამოსახავს, რასაც ადგილი ჰქონდა იორდანეში (ანუ შთაფვლას), მაშინ ცრუობენ პირველი საუკუნეების გრაფიკული გამოსახულებები, რომლებზეც ქრისტე მუხლებამდე ან კოჭებამდე წყალში დგას.

როგორ გავიგოთ ეს ყოველივე? ნუთუ ეკლესია საკუთარ თავს ეწინააღმდეგება?

მეცნიერს, უპირველეს ყოვლისა, ამ წინააღმდეგობის გარკვევა მართებდა და არა "სტაროვერების" უმისამართო ლანძღვა, მაგრამ ე. ჭელიძისგან ამგვარი ფლიდობა არ უნდა გაგვიკვირდეს, ის ხომ უფრო დემაგოგია, ვიდრე მეცნიერი, რომელსაც საკითხის ობიექტურობა სულაც არ აინტერესებს. მთავარია, დასხმით- პკურებითი "ნათლობის" ხელმოსაჭიდი "ხავსები" იპოვოს, მთავარია, როგორმე გაამართლოს დასხმით- პკურებითი "ნათლობა", სხვა დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ჩვენ კი ვიტყვით, ისეთი სწავლა- მოძღვრებითი და საღმრთო ისტორიის გადმოცემისას, როგორიც ქრისტეს ნათლისღებაა, შეუძლებელია ეკლესია საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდეს და ხან ერთს ასწავლიდეს და ხან მეორეს.  

ზემოთ უკვე ვნახეთ ძველი წმიდა მამების სწავლება ქრისტეს ნათლობის შესახებ, სადაც ისინი მაცხოვრის იორდანეში შთაფლვაზე საუბრობენ და არა დასხმა- პკურებაზე. აქედან გამომდინარე, გრაფიკულ გამოსახულებებზე თუ ვიმსჯელებთ, გვიანდელი საუკუნეების (IV-XVII სს.) ხატმწერლობა დოგმატურად და ისტორიულად უფრო ზუსტად ასახავს ქრისტეს ნათლისღებას, ვიდრე პირველი საუკუნეების გრაფიკული მხატვრობა.

ამისი დამტკიცება არც არის საჭირო იმის შემდეგ, რაც ვნახეთ ლიტურგიკული ტექსტები და წმიდა მამების განმარტებები, რომლებიც იორდანეში ქრისტეს შთაფლვაზე ლაპარაკობენ. მაგრამ საკითხის უფრო მეტი სიცხადისთვის, ასევე იმისთვის, თუ რას უნდა ნიშნავდეს პირველ საუკუნეთა გრაფიკულ ნიმუშებზე გამოსახული ქრისტეს ნათლისღება, მივმართოთ თვით ამ გამოსახულებათა შესახებ ეკლესიურ სწავლებას და ლიტურგიკულ კვლევას.

ამრიგად, გავარკვიეთ, რომ იოანესეული ნათლისღება, თავის მხრივ, ეფუძნებოდა ებრაული განბანვების იმ წესს, რომელსაც ისინი "მიკვა"-ს უწოდებენ. რადგან ქრისტეს უნდა აღესრულებინა მოსეს სჯულის ყველა მოთხოვნა, ბუნებრივია, მან "მიკვაც" შეასრულა და იორდანეში იოანესგან შთაფლვით განიბანა. "მან (ქრისტემ) ინება იოანეს ნათლისღებასთან ნებაყოფლობითი მისვლა და მოუდრიკა თავი მის ხელს, რათა ეჩვენებინა, რომ ყოველთვის ნებაყოფლობით ასრულებდა მოსეს სჯულს და არა რაიმე გარეგანი იძულების გამო" (ნეტარი იერონიმე. ციტ.: Святый великий пророк, предтеча и креститель Господень Иоанн. Москва 1893. Репр. Св. Троицкая Сергиева Лавра. Москва 1995 г.).

"უფალი იოანესგან მოინათლა არა იმიტომ, რომ ამ განბანვას საჭიროებდა, არამედ იმიტომ, რათა ბოლომდე აღესრულებინა ყოველივე, რაც მის მიერ მიღებული კაცობრივი ბუნებისთვის არის დამახასიათებელი, და ეჩვენებინა, რომ ის ჭეშმარიტად განკაცდა და ჭეშმარიტად ადამიანია. ამ მიზეზით შთახდა ის იორდანეს წყლებში მოსანათლად, მაგრამ ისე, რომ ამით უფრო მეტი მიანიჭა, ვიდრე შეეძლო მიეღო ის, რაც არანაირად სჭირდებოდა; რამეთუ წყლები მან თავისი ნათლით განანათლა და უბოძა ისეთი განსაკუთრებული ძალა, რომლის მიღებითაც მორწმუნენი, ნათლისღების წყლებს რომ მიეახლებიან, წყლისთვის მინიჭებული ამ ძალით შეიმოსებიან და მისივე ნათლით განათლდებიან" (წმ. ეპიფანე. იქვე. გვ. 162).

წმიდა მართლმადიდებლური ეკლესია თავისი წმიდა მამების პირით ქადაგებს იორდანეში ქრისტეს ნათლობას სწორედ შთაფვლით და არა დასხმით. ეს ცხადად ჩანს ლიტურგიკული ტექტსებიდანაც და თვით დიდი თუ მცირე აიაზმის კურთხევის წესებიდან, სადაც წყლის კურთხევის დროს, იორდანეში მაცხოვრის შთაფლვითი ნათლობის სახედ ეპისკოპოსი ან მღვდელი წყლით სავსე ემბაზში ჯვარს სამჯერ შთაფლავს.

წმ. იოანე დამასკელი (675-753 (780)), ჩამოთვლის რა ნათლისღების წინასახეებს, ამბობს: "მეხუთეა უფლისმიერი ნათლისღება, რითაც მან ნათელიღო, მაგრამ ნათელიღო არა იმიტომ, რომ თვით საჭიროებდა განწმენდას, არამედ ჩემეული განწმენდა იკუთვნა მან, რომ შეემუსრა წყალზე ვეშაპთა თავები (ფს. 73,13), გადაერეცხა ცოდვა და მთლიანად წყალში შთაეფლა ძველი ადამი, რომ წმინდაეყო ნათლისმცემელი, აღესრულებინა რჯული, გამოეცხადებინა სამების საიდუმლო და გამხდარიყო ჩვენთვის სახე და ნიმუში ნათლისღებისა, ხოლო ჩვენ ნათელვიღებთ უფლის სრული ნათლისღებით, რაც არის წყლისა და სულის მიერ". საგულისხმოა, რომ წმ. იოანე დამასკელის ეს სიტყვები, რომლებიც ამოღებულია მისი ცნობილი თხზულებიდან "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა". თარგმნილია თვით ე. ჭელიძის მიერ. ეს თარგმანი გამოქვეყნებულია საიტზე: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/82.htm). აქ ე. ჭელიძე თვითონ ამხელს საკუთარ ცრუპენტელობას, როდესაც სავსებით სწორად და გასაგებად გვითარგმნის წმ. იოანე დამასკელის სწავლებას იმის შესახებ, რომ მაცხოვარმა "მთლიანად შთაფლა წყალში ძველი ადამი" და გახდა ჩვენთვის "სახე და ნიმუში ნათლისღებისა".

წმ. იოანე დამასკელი არ არის ერთადერთი წმიდა მამა, რომელიც განგვიმარტავს, რომ იორდანეში ქრისტე სწორედაც რომ შთაფლვით მოინათლა და არა დასხმით. ერთ-ერთი ყველაზე უადრესი მოწმობა გვაქვს წმ. მელიტონ სარდელთან (II ს.), რომელიც ნათლისღებას "კოსმიურ ასპექტში" განიხილავს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმინდანის თანახმად, მთელი დედამიწა "განიბანება" (
λούεται "ბანაობს", ანუ "ინათლება") მდინარეებითა და წვიმებით; ოკეანეს "მზის ემბაზსა" (το του ήλιου βαπτιστήριον) და "მთვარის საბანელს" უწოდებს (το της σελήνης λουτρόν), რომელშიაც ორივენი, ვარსკვლავებთან ერთად "საიდუმლო ნათელს იღებენ" ("თუ გსურს იხილო, როგორ შთაიფლვიან ზეცის მნათობნი, ისწრაფე ოკეანისკენ, და იქ გიჩვენებ საკვირველ სანახაობას, ზღვას უსამანოს, გამოუკვლეველ სიღრმეს, წმიდა წყალსა და უვრცელეს ოკეანეს - ემბაზს მზისა, ვარსკვლავთა განბრწყინვებას, მთვარის საბანელს; ხოლო, როგორ განიბანებიან საიდუმლოდ - ჩემგან შეიტყვე" (Сочинения древних христианских апологетов. Мелитона, епископа Сардийского, "О крещении", Изд. Фонд "Благовест" / Фонд "Алетейя". Санкт-Петербург. 1999, стр. 648-649). მაგრამ, თუკი ზეციური მნათობნი, - სვამს კითხვას წმ. მელიტონი, ამგვარად (ანუ "შთაფლვით" - არქიეპ. პ.) განიბანებიან, რატომ არ შეეძლო ქრისტეს მონათლულიყო იორდანეში? რადგან ის არის მეფე ცათა, თავი ქმნილებისა (κτίσεως ήγεნმών), "მზე აღმოსავლეთისა", ანუ "ერთადერთი მზე", რომელიც მიცვალებულთ ჯოჯოხეთში აღმოუბრწყინდა, მოკვდავთ კი წუთისოფელში" (იქვე). იქვე აღვნიშნავდით, რომ ნათლობის საიდუმლოს ხედვის მსგავსი, "კოსმიური პერსპექტივა" წმ. მელიტონთან აიხსნება მისი პოლემიკით "ფსევდოგნოსტიკოსებთან", რომლებშიც ამ საიდუმლოს უარყოფა ფართოდ იყო გავრცელებული" (ა. სიდოროვი. პატროლოგიის კურსი: ტატიანე, ათენაგორა, წმ. თეოფილე, წმ. მელიტონი, ჰერმესი, მილტიადე, აპოლინარი.

http://www.portal-slovo.ru/philology/37476.php?ELEMENT_ID=37476&PAGEN_1=6

არ იქნება ზედმეტი აღინიშნოს ასევე პირველქრისტეანული მწერლობის უძველესი ძეგლი "მოციქულთა დადგენილებები", რომლის შედგენასაც საეკლესიო ტრადიცია წმ. კლიმენტი რომაელს (I ს.)მიაწერს და რომელშიც ვკითხულობთ, რომ იოანე იორდანეში ყველას შთაფლვით ნათელსცემდა და არა დასხმით: "ამრიგად, მე ვარ მათე, თორმეტთაგან ერთ-ერთი მოციქული, რომელიც ამ სწავლებით გესაუბრებით. ადრე მეზვერე ვიყავი, მაგრამ ახლა, როდესაც ადრინდელი საქმეები შევინანე, შეწყალებულ ვიქმენ. მებოძა მოციქულობისა და ღმრთის სიტყვის ქადაგების პატივი. და მონანული ზაქე, რომელიც შეიწყნარა უფალმა, ადრე ასევე მეზვერე იყო. აი მეომრები და მეზვერეთა ბრბო, რომლებიც მივიდნენ უფლის მოწაფესთან სინანულისთვის და ისმენენ წინასწარმეტყველ იოანესგან შთაფლვის შემდეგ: "ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს". მსგავსადვე ხალხებიც არ იქნებიან უარყოფილნი, თუ ისინი შეინანებენ და უარყოფენ ურწმუნოებას..." (Апостольские Постановления (через Климента, епископа и гражданина Римского). ჩონსტიტუტიონეს აპოსტოლიცაე. Книга вторая. § 39).

ნეტ. იერონიმე: "ის ინათლება მონის მიერ და ამ დროს ზეცითგან ისმის ხმა ღმრთისა. შთაიფლვის წყალში, მაგრამ ზეციდან გარდამოვალს მტრედი, სული წმიდა მტრედის სახით" (Блаж. Иероним, часть 17, стр. 280, изд. 1905 г.).

წმ. ამბროსი მედიოლანელი: "ქრისტე იმისთვის კი არ მოინათლა, რათა წყლით განბანილიყო, არამედ იმისთვის, რათა მის ნაკადში შთაფლვით თვით ეკურთხებინა და განეწმინდა წყალი" (Св. Амвросий Медиоланский, Поучительныя слова, слово 10, на Крещение Господне, стр. 80, 81, изд. 1838 г. в Москве).

წმ. ეფრემ ასურელი (IV ს.): "გოლიათი იმ მახვილით მოკვდა, რომლითაც თვითონ კლავდა; ხოლო სატანა, იმ ხორცით, რომელიც წარწყმიდა, დამხობილ იქნა და მხილებულ იმაში, რომ ღმერთი როდია. მსგავსად სამი შთაფლვისა, რომლის მეშვეობით მოინათლა მაცხოვარი, სამჯერვე გამოცდილ იქნა ის სატანისგან" (რუს. თარგმ.: "По подобию трех погружений, посредством которых крестился Спаситель, Он был (трижды) и искушаем") (часть 8, стр. 64. ინტერნეტში: Толкования преподобного Ефрема Сирина на Четвероевангелие. Глава 4. https://predanie.ru/efrem-sirin-prepodobnyy/book/68300-tolkovaniya-na-novyy-zavet/#toc85)

მისივე: "... მღვდელმთავრად კი მას იმის გამო კი არ უწოდა, რაც გვეძლევა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით, არამედ იმის გამო, რაც სულიერად გვეძლევა მისგან, ანუ იმით, რათა ის ყოფილიყო განმწმენდელი შთაფლვითი ნათლობით და არა პკურებით" (რუს. თარგმ.: "Первосвященником же назвал Его не ради того, что сообщается нам посредством жертвоприношений, но по причине того, что в Нем дается нам духовно, то есть тем, чтобы Он был Очистителем нас через крещение (погружение), а не окропление" (Св. Ефрем Сирин, на послание к евреом, часть 7, глава 2, стих 17, стр. 263. ინტერნეტში იხ. აქ:  https://predanie.ru/efrem-sirin-prepodobnyy/book/68300-tolkovaniya-na-novyy-zavet/#toc 85) (იქვე).

ამრიგად, როგორც ზემოთ დამოწმებული მრავალი წყაროდან დავრწმუნდით, იოანესეული ნათლისღების, ასევე იორდანეში ქრისტეს ნათლისღების ისტორიული მოწმობების, წმიდა წერილის ეკლესიური განმარტების, ლიტურგიკული ღვთისმეტყველების (ღვთისმსახურების) და თვით მაცხოვრის ნათლისღების თეოლოგიური შინაარსის საწინააღმდეგოდ, ე. ჭელიძე ლათინი ავტორების მიბაძვით, ცდილობს, იორდანეში მაცხოვრის ნათლისღება თავზე წყლის დასხმით აღსრულებულ ნათლობად წარმოაჩინოს.

<<<

15

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика