აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III - XI - ძველმართლმადიდებელთა ესქატოლოგია და სწავლება ანტიქრისტეს შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი III

შეუმუსრავი ეკლესია

17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის.  
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

სასწაულთა შესახებ

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

შინაარსი


თავი XI

_______________________________________________________________________________________________________________________________


ძველმართლმადიდებელთა ესქატოლოგია და სწავლება ანტიქრისტეს შესახებ

როგორც ზემოთ ვნახეთ, ზ. ნოდია ძველმართლმადიდებლებს ორ "თავბრუდამხვევ უვიცობაში" ადანაშაულებს (ხს. წიგნი. გვ. 193). პირველი "თავბრუდამხვევი უვიცობა", მისი აზრით, თურმე გამოხატული ყოფილა იმაში, რომ ძველმოწესეებს "საწესჩვეულებო ტრადიცია აყვანილი ჰყავდათ დოგმატის რანგში, ანუ მთავარი და მეორეხარისხოვანი გაიგივებული ჰქონდათ" (იქვე. გვ. 193-194). ეს სიცრუე უკვე განვიხილეთ და ნათლადაც დავინახეთ, რაოდენ არაობიექტურად და საკითხის არცოდნით განიხილავს ჩვენი ოპონენტი მოცემულ თემას.

მეორე "უვიცობა" ეხებოდა ესქატოლოგიურ საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ზ. ნოდია წერს: "... ისინი (იგულისხმებიან "სტაროვერები" - არქიეპ. პ.) დააქცია და გააქცია, სწორედ პირველს პლიუს მეორე უვიცობამ, ანუ ცრუ ესქატოლოგიურობამ, რომლის მიხედვითაც ეგონათ, რომ ვენეციურ, ანუ დასავლურ სტამბებში დაბეჭდილი წიგნებიდან შემოდიოდა ანტიქრისტე, რაც დასცემდა რუსულ მართლმადიდებლურობას! (მკითხველი, ალბათ, გრძნობს, რომ დამოწმებული წინადადება ხასიათდება აზრის დაუსრულებლობით. მკითხველს უკვე ვამცნეთ და ახლაც შევახსენებთ, რომ ასეთია ზ. ნოდიას წერის მანერა, რასაც ჩვენ ხელუხლებლად ვტოვებთ - არქიეპ. პ.). მომდევნო წინადადების მიხედვით, ცრუ ესქატოლოგიურობა გამოხატული ყოფილა კიდევ იმაში, რომ ძველმოწესეებს ჰგონებიათ "ანტიქრისტე მოვიდა და თავს ვუშველოთო" " (იქვე. გვ. 194-195).

ანტიქრისტეზე ძველმოწესეთა "შეხედულების" ჩამოყალიბების შემდეგ ზ. ნოდია უეცრად გადადის მასონებზე და წერს: "რომც დავუშვათ - თითქოს მასონებს სჭირდებოდათ ადგილობრივი ეკლესიების საერთო კონტროლისა და მართვისთვის მსოფლიო ეკლესიის ერთ თარგზე მოყვანა, რათა გაეერეტიკოსებინათ, მაინც დიდი შეცდომაა მათი საქციელი, რამეთუ, ამგვარი მიზეზით და ასე მოკლე დისტანციაზე და ერთბაშად არ ხდება არც დაქცევა ეკლესიისა და არც გაქცევა დაზიანებული ხომალდიდან, ანუ სქიზმა..." (იქვე).

თავისივე გამოგონილ ამ "ესქატოლოგიურ" სიცრუეს ძველმოწესეთა რწმენაზე, რომ ანტიქრისტე შემოვიდა "ვენეციური წიგნებიდან", ზ. ნოდია "მეტისმეტად გაფაციცებულ და ესქატოლოგიურ კომპლექსს" უწოდებს (გვ. 210). რაში გამოიხატა ეს მეტისმეტი "გაფაციცებულობა"? ზ. ნოდიას განმარტებით, ძველმოწესეებს "თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა (იგულისხმება ეკლესიის დაქვრივება და დევნულობა - არქიეპ. პ.) გაუიგივებიათ ბოლო ჟამთან, ანუ მათ ჰგონებიათ, რომ ბოლო ჟამი უკვე დადგა, მაგრამ, რაც დრო გაიწელა, უეპისკოპოსოდ დარჩენილებს მიუმართავთ "დროებითი დაქვრივების" ვარიანტისთვის და  დაუწყიათ "ნადირობა" გადამრბენ კლერიკოსებზე..." (გვ. 206).

ნიშანდობლივია, რომ ზ. ნოდიას არ მოჰყავს მის მიერ ტირაჟირებული ამ სისულელის არც ერთი დამადასტურებელი სანდო დოკუმენტი. მკითხველმა მას უბრალოდ უნდა დაუჯეროს. რას ნიშნავს, მაგალითად, ზ. ნოდიას "მტკიცებულება", თითქოსდა ძველმოწესეებს ეგონათ, რომ "ვენეციურ, ანუ დასავლურ სტამბებში დაბეჭდილი წიგნებიდან შემოდიოდა ანტიქრისტე, რაც დასცემდა რუსულ მართლმადიდებლურობას"? სად წერია ამგვარი სიბრიყვე? სად არის ნათქვამი, რომ ძველმოწესეები ანტიქრისტეს ვენეციაში დაბეჭდილი წიგნებიდან ელოდნენ? ან როგორ უნდა შემოვიდეს უსჯულოების კაცი წიგნებიდან? როგორ წარმოუდგენია ეს თვით ზ. ნოდიას? ანტიქრისტეს ფანტომი უნდა ამომხტარიყო წიგნების ფურცლებიდან თუ წიგნები უნდა გადაქცეულიყო ანტიქრისტედ? ამგვარი უაზრობის წერა მისი ავტორის მარტო გაუნათლებლობასა და უცოდინრობაზე კი არ მეტყველებს, არამედ სერიოზულ ფსიქიკურ შერყეულობაზეც, რომელსაც, დიაგნოზიდან გამომდინარე, ან კვეთებულის ლოცვა სჭირდება, ან კიდევ სტაციონარულ-მედიკამენტოზური მკურნალობა.

მაგრამ, მაინც რისი თქმა სურს ჩვენს "პუბლიცისტს"? ზემოთ მოტანილი მთელი მისი აბდაუბდიდან ის აზრი იკვეთება, რომ ნიკონის რეფორმის დროს ძველმოწესეებს ჰგონებიათ ანტიქრისტე უკვე მოვიდა და თავს ვუშველოთო და უახლოესი მეორედ მოსვლის მოლოდინში ეკლესიიდან უეპისკოპოსოდ გაქცეულან. მაგრამ, რადგან, ვინც ანტიქრისტე ეგონათ, ის ნამდვილი ანტიქრისტე არ აღმოჩნდა, "დროც გაიწელა" და მეორედ მოსვლაც არ დადგა, მაშინ "ძველმოწესეებს" ტაქტიკა შეუცვლიათ, "უეპისკოპოსოდ დარჩენილებს "დროებითი დაქვრივების" ვარიანტისთვის მიუმართავთ" და  გადამრბენ კლერიკოსებზე "ნადირობა" დაუწყიათ..." (გვ. 206).

აი ეს აზრი გამოდის ზ. ნოდიას მსჯელობიდან და თამამად ვაცხადებთ - ეს არის სრული ბოდვა და სიცრუე!

დავიწყებთ მასონობიდან. ჯერ ერთი, წინადადებით: "რომც დავუშვათ - თითქოს მასონებს სჭირდებოდათ ადგილობრივი ეკლესიების საერთო კონტროლისა და მართვისთვის მსოფლიო ეკლესიის ერთ თარგზე მოყვანა" ზ. ნოდია კარდინალურად უპირისპირდება საკუთარ თავს, რადგან ეჭვქვეშ აყენებს ეკუმენისტური მოძრაობის არსს: "ერთ თარგზე მოიყვანოს ადგილობრივი ეკლესიები საერთო კონტროლისა და მართვისთვის". ჩვენ არ შევჩერდებით მასონობის თემაზე და კიდევ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ამ საიდუმლო მოძრაობას ეკუმენიზმი, მაგრამ, უსჯულოების საიდუმლოს ეს მამოძრავებელი ძალა რომ ნამდვილად დაინტერესებულია ეკლესიათა გაერთიანებითა და ერთი სინკრეტული რელიგიის შექმნით, დღეისთვის უცხო არავისთვის არ არის. მეტიც, როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, თვით 17-ე საუკუნის რუსეთის რეფორმის მომზადებასა და იეზუიტების ხელით მის განხორციელებას მასონებს უკავშირებენ. ამიტომ, ზ. ნოდიას ეს თვითწინააღმდეგობა გაკვირვებასაც იწვევს და კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს მის ფსიქიკურ არამდგრადობაზე.

მეორეც, მასონების თემას თავდაპირველ ძველმოწესეებთან ზ. ნოდია ხელოვნურად აკავშირებს, რადგან ძველმოწესეებს მასონობაზე კრინტიც კი არ დაუძრავთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, დეკანოზ ამბაკუმს ან ძველი ღვთისმოსაობის რომელიმე სხვა დამცველს ნიკონის რეფორმები მასონობისთვის დაეკავშირებინოს ან სადმე, რომელიმე თავიანთ არზაში, ან მამახილებელ წერილებში მოეხსენიებინოთ.  ძველმოწესეები რეფორმატორებს მრავალგვარი ეპითეტებით "ამკობდნენ", უწოდებდნენ მათ "მწვალებელთ", "ლათინებს", "პაპისტებს", ერთგან დეკანოზი ამბაკუმი ღვთის მტერ ნიკონს "ძაღლსაც" კი უწოდებს და სხვა, მაგრამ სიტყვა "მასონი" მათ ნაწერებში არსად გვხვდება და ეს იმიტომ, რომ იმხანად რუსეთში მასონები ჯერაც არ ფუნქციონირებდნენ და სრულიად ბუნებრივად ძველმოწესეები მათ ვერც მოიხსენიებდნენ. შესაძლოა, მათ არც არაფერი ცოდნოდათ მასონობის შესახებ, რომელიც იმ პერიოდში დაფუძნდა ინგლისში და ამ სახელწოდებით ახალფეხადგმული იყო.

სანაცვლოდ, მასონობასთან პატრიარქ ნიკონის რეფორმას ახალმოწესე ისტორიკოსები აკავშირებენ. აი რას წერს ცნობილი ისტორიკოსი და პუბლიცისტი. ვ. ფ. ივანოვი თავის წიგნში "მართლმადიდებლური სამყარო და მასონობა" ("Православный мир и масонство"). წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ "წიგნი შეიცავს "თავისუფალ ქვისმთლელთა" კონსპექტურ ისტორიულ ნარკვევს; მასში მოთხრობილია თუ როგორ შემოვიდნენ მასონები რუსეთში, ასევე მათ როლზე 1905-1917 წლების ამბოხებებში. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით, რომელიც მოიცავს პერიოდს XVII საუკუნიდან ვიდრე XX საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს მასონობისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური სექტების, ოკულტური და თეოსოფიური საზოგადოებების, ე. ბლავატსკაიას, ნ. რერიხის, ს. ბულგაკოვის, ნ. ბერდიაევის შემჭიდროებულ და ამავდროულად ღრმა ანალიზს, რომელთა სწავლებებსაც გაძლიერებულად ავრცელებენ ჩვენს დროშიც" (Иванов Василий - Православный мир и масонство. https://royallib.com/book/ivanov_vasiliy/pravoslavniy_mir_i_masonstvo.html).

პატრ. ნიკონთან და XVII ს. საეკლესიო რეფორმასთან მასონობის კავშირზე ვ. ფ. ივანოვი წერს: "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილების დასაწყისი ინგლისის რევოლუციას ემთხვევა. სავსებით ობიექტურად უნდა ვაღიაროთ, რომ განხეთქილების ჭეშმარიტი მიზეზები დღემდე სრულიად გამორკვეული არ არის. განხეთქილების მიზეზს ეძებენ საღვთისმსახურებო წიგნების გასწორების საქმეში, რადგან, როგორც ამბობენ, დროთა განმავლობაში ამ წიგნებში, გადამწერთა შეცდომის წყალობით, სხვადასხვა სახის მრავალი შეცდომა დამკვიდრებულა. მაგრამ სინამდვილეში, საუკუნეთა განმავლობაში ერთი და მონოლითურად შეკრული რუსული ეკლესიის განხეთქილების მიზეზი გამოურკვეველი და ბნელია. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ
განხეთქილება მასონთა ინტრიგების შედეგად მოხდა, რომლებმაც ამ მიზნებისთვის გამოიყენეს იეზუიტები, კათოლიკეები და პროტესტანტები.

ერთი რამ უეჭველია, - განხეთქილების გაღრმავებას ხელი შეუწყვეს კიეველმა მეცნიერებმა, რომლებიც იმხანად კათოლიციზმითა და პროტესტანტიზმით იყვნენ მოწყლულნი, ასევე მოწინავე რუსმა ადამიანებმა, რომლებიც მასონების მიერ იყვნენ დამუშავებულნი და ამ დროისთვის დიდ თანამდებობებსა და ზეგავლენას ფლობდნენ მოსკოვის სახელმწიფოში. პატრიარქი ნიკონი ბნელმა ძალებმა გამოიყენეს მართლმადიდებელი სამწყსოს გასახრწნელად და დასაფანტად, ასევე თავისი თანამოძმე მართლმადიდებლების დევნისთვის, რომლებიც არ ურიგდებოდნენ იმას, რომ უცხო და დაუპატიჟებელი "რეფორმატორები" ანგრევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და წმიდათაწმიდა სიძველეებს დევნიდნენ.

გაიმარჯვა მასონურმა პრინციპმა - "დაჰყავი და იბატონე". ერთი, მთლიანი და მონოლითური მართლმადიდებლური სამწყსო დაიფანტა. დაიწყო "რასკოლნიკების" ფიზიკური განადგურება ცეცხლითა და მახვილით. ძალადობამ წინააღმდეგობა და სარწმუნოებისთვის თავდადების მხურვალე სურვილი გამოიწვია, რის გამოც "რეფორმატორთა" ინკვიზიციას ასიათასობით მართლმადიდებელი ქრისტეანი შეეწირა, მილიონობით ადამიანი საკუთარი კერიიდან უცხო ქვეყნებში გაიხიზნა.

ურთიერთგაუგებრობისა და სიბრმავის ატმოსფეროში ერთი, მართლმადიდებელი ეკლესია ორ შეურიგებელ და მტრულ ბანაკად დაიყო, რომელთა შორისაც, მესამე ძალის სასიხარულოდ, დაუოკებელი შუღლი ჩამოვარდა. მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილებამ ხელ-ფეხი გაუხსნა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს მართლმადიდებლობასთან ბრძოლისა და საკუთარი იდეების ქადაგებისთვის. ინგლისური რევოლუციის იდეებმა და ამ რევოლუციის მონაწილე მასონებმა, რომლებმაც თბილად მოიკალათეს რუსეთის გულში, მის დედაქალაქ მოსკოვში, ხელი შეუწყვეს განხეთქილების კიდევ უფრო გაღრმავებას და მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ უფრო დაშლას" (В. Иванов. Православный мир и масонство. Раскол Русской Православной Церкви. Харбин, 1935 г.) (http://rus-sky.com/history/library/ivanov.htm).

ამრიგად, ნიკონის რეფორმასთან მასონობის კავშირზე ლაპარაკობენ არა ძველმოწესეები, არამედ ახალმოწესე მკვლევრები, რომლებმაც ეს კავშირი თავიანთი ისტორიული კვლევა-ძიების საფუძველზე აღმოაჩინეს, ზ. ნოდია კი ამ ფაქტს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეჭვქვეშ აყენებს.

ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ძველმოწესეთა ესქატოლოგიას.

"ესქატოლოგია, - ეს არის რელიგიური წარმოდგენებისა და შეხედულებების სისტემა, დაკავშირებული სამყაროს აღსასრულთან, გამოსყიდვასთან და საიქიო ცხოვრებასთან, ასევე სამყაროს ბედთან და მის გადასვლასთან ხარისხობრივად ახალ მდგომარეობაში. ესქატოლოგია არის ღვთისმეტყველების დარგი, რომელიც სწავლობს შეხედულებათა ამ სისტემას ამა თუ იმ რელიგიური დოქტრინის ჩარჩოებში" (wikipedia.org). ესქატოლოგია "ნიადაგ არსებობს ქრისტეანულ თეოლოგიაში, როგორც დოგმატიკის სავალდებულო ელემენტი, რომელიც მთელ საღვთისმეტყველო კომპოზიციას დასრულებულ სახეს ანიჭებს" (Прилуцкий А. М. К герменевтике старообрядческих эсхатологических представлений // Вестник Тверского государственного университета. Сер. Филология. - 2010. - № 31).

"ესქატოლოგიზმი, - წერს სხვა ავტორი, კერძოდ, ნ. ი. რომანოვა, - შუასაუკუნეობრივი ქრისტეანული მსოფლმხედველობის ძირითადი თვისებაა. მართლმადიდებლურ ტრადიციაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილების შემდეგ ესქატოლოგიური შეხედულებები ინტენსიურად ვითარდება ძველმოწესეობაში და სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი მის მიმართულებებში - პოპოვცებში (ზომიერება) და ბეზპოპოვცებში (რადიკალიზმი)". (Н. И. Романова. Эсхатологические представления старообрядцев) (Вестник Кемгуки 18/2012. Стр. 42). ამ სხვადასხვაობას ზ. ნოდია აბსოლუტურად არ ითვალისწინებს, რის გამოც ერთმანეთში ურევს "მღვდლიანებისა" (поповцы) და "უმღვდელოთა" (безпоповцы) ესქატოლოგიურ წარმოდგენებს. ეს არის სრული უვიცობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტი უკვე მერამდენედ ავლენს.

"როდესაც XVIII-XIX საუკუნეთა ესქატოლოგიურ განწყობებზე ვლაპარაკობთ, - წერს ნ. ი. რომანოვა, - აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი კონფესიური სპეციფიკა, კერძოდ, როგორ გამოიხატებოდა ეს განწყობანი მღვდლიანთა (в поповских) და უმღვდელოთა (в беспоповских) მიმართულებებში. შეიძლება ითქვას, რომ მღვდლიან ძველმოწესეებს უფრო ოპტიმისტური დამოკიდებულება ახასიათებთ სამყაროსადმი, ვიდრე უმღვდელოებს, ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი უკიდურესი პესიმიზმით, ამიტომაც მღვდლიანთა ესქატოლოგიური დოქტრინა ზომიერ ხასიათს ატარებს. უმღვდელოთა მიმართულებებში, პირიქით, ესქატოლოგიური დოქტრინა ღრმად რადიკალურია. "ბეზპოპოვცების" უკიდურესი ესქატოლოგიურობა განსაკუთრებით დამახასიათებელია ე. წ. "მოხეტიალეთა"  მიმართულებისთვის (страннический толк), წუთისოფლისგან განშორების მისეული ქადაგებებით, ფულისა და პასპორტების უარყოფით, წუთისოფელთან ყოველგვარ კავშირურთიერთობაზე უარის თქმით. ბოლო ჟამზე გამუდმებული ფიქრი ახასიათებს "ბეზპოპოვცების" პომორულ მიმართულებასაც. პომორელებს მოჰყვება ესქატოლოგიური ტრადიცია, რომელშიც განსაკუთრებულ აქცენტს დღევანდელობის ნიშნებზე აკეთებენ, რომლებიც ასახულია სახარებაში, ამიტომაც ხშირად პომორელის ფსიქოლოგიაში შეიმჩნევა აპოკალიპტური შიში" (იქვე. გვ. 43).

სამღვდელოების მიმღები ძველმოწესეები ხშირად კიცხავდნენ "ბეზპოპოვეცთა" ამგვარ რელიგიურ პესიმიზმს. მაგალითად, სამღვდელოების მიმღები ცნობილი ძველმოწესე ვ. პ. რიაბუშინსკი (1873-1955) წერდა: "რელიგიური პესიმიზმი - ეს ძალზე საშიში განწყობაა: ის ადამიანის სულს საცთურთა და ხიბლთა შესაპყარს ხდის, ამიტომაც ხშირია "ბეზპოპოვცობიდან", რომელიც ასე თუ ისე, მაინც დაკავშირებულია მართლმადიდებლობასთან, გადასვლა ხლისტობაში, ბაპტიზმში, ნებისმიერ სხვა სექტასა და სარწმუნოებაში. რელიგიურ პესიმიზმს აქვს კიდევ ერთი მხარე: ის საკვებს ითხოვს რომ იარსებოს და არ გადაშენდეს, არადა, წლების განმავლობაში ეს საკვები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა - ნიკონის დროიდან გავიდა მთელი ასწლეული, სამყარო კი ისევ იდგა, დევნულება შემცირდა და ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები, რომლებიც წმიდა წერილში იყო მითითებული, ამ დროს არ აღსრულდა. შედეგად, ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ არსებულ სწავლებას (როგორიც ჰქონდათ "ბეზპოპოვცებს" - არქიეპ. პ.) სჭირდებოდა დამატება ან მისი უხილავი მყოფობის შესახებ განმარტებებით შეცვლა" (Печальный юбилей. По материалам журналов "Церковь", 1909 г. - № 3; 1913 г. - № 9; "Старообрядческий церковный календарь", 1913 г. // Сибирский старообрядец. - 1998. - № 16. - С. 11., с. 83-84) (იქვე. გვ. 44).

ნ. ი. რომანოვას აზრით, "განსხვავება "მღვდლიანთა" და "უმღვდელოთა" ესქატოლოგიურ შეხედულებებში შეიძლება აიხსნას იმით, რომ უმღვდელოთაგან განსხვავებით, მღვდლიანმა ძველმოწესეებმა შეძლეს დაეცვათ მძლავრი ცენტრალიზებული იერარქიული დამოუკიდებელი ეკლესია მისთვის დამახასიათებელი ყველა ქრისტეანული საიდუმლოს შენარჩუნებით, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ცხოვნება. ამგვარი ძველმოწესეები (ანუ სამღვდელოების მიმღებნი) უფრო მყარნი იყვნენ თავიანთ მსოფლმხედველობრივ პოზიციებში. ნაკლებად პესიმისტური "მღვდლიანები" ამტკიცებდნენ, რომ, მართალია, ოფიციალური ეკლესიის მთელი იერარქია გადაიხარა მართლმადიდებლური სარწმუნოებისგან, მღვდლობის მადლი, ეკლესიის სწავლებით, მწვალებლებშიც ნარჩუნდება (ამის შესახებ უფრო დეტალურად ზემოთ ითქვა) და ამიტომაც, მისი აღდგენა მათგან დასაშვებია. ამის გამო მღვდლობის მადლი დედამიწიდან საერთოდ როდი გაქრა და ანტიქრისტე, არც ფიზიკურად და არც სულიერად დედამიწაზე ჯერ არ მეფობს, ამიტომაც "მღვდლიანი" ძველმოწესეები მუდმივად იღებდნენ თავიანთ წიაღში ოფიციალური ეკლესიიდან გადმომავალ სასულიერო პირებს, ბოლოს კი ჯერ ეპისკოპატი აღადგინეს, შემდეგ კი მასთან ერთად მთელი საეკლესიო იერარქია და ორგანიზაცია განამტკიცეს" (იქვე).

"პეტრესა და ბირონის რეჟიმების საშინელებანი, შემდეგ ნიკოლოზისეული ცვლილებები ბეზპოპოვცების წარმომადგენლებს შთააგონებდა აზრს მადლის გაქრობაზე და კერძოდ, მღვდლობის მადლის აღხოცვაზე. ბეზპოპოვცების მიმართულებები ვერ გრძნობენ ისეთ სიძლიერეს, როგორც მღვდლიან ძველმოწესეებს აქვთ: ბეზპოპოვცები არიან დაქუცმაცებულნი, გაფანტულნი, მათ აქვთ სუსტი ცენტრალიზაცია, - ზოგჯერ ისიც არა აქვთ, ნაკლებად მყარი იერარქია (უფრო სწორად არცა აქვთ ეს იერარქია), არა აქვთ ეკლესიის ინსტიტუტი, აქედან მღვდლების არყოლა და ქრისტეანისთვის აუცილებელი ზოგიერთი საიდუმლოს ვერშესრულება ბეზპოპოვცურ მიმართულებას დაურწმუნებლობას, გაუბედაობას და მომავლის წინაშე შიშს ანიჭებს. სწორედ აქედან გამომდინარე ცდილობენ ბეზპოპოვცები, როგორმე "თავი გაიმართლონ" ღვთის წინაშე (საიდუმლოთა მიღების შეუძლებლობის გამო) და აგებენ თეორიას სულიერი ანტიქრისტეს შესახებ" (იქვე).

ამრიგად, ის ესქატოლოგიური თავისებურებანი, რომელზეც ასე დამახინჯებულად მსჯელობს ზ. ნოდია, დამახასიათებელი იყო სამღვდელოების უარმყოფელ ("ბეზპოპოვეც") და არა სამღვდელოების მიმღებ ძველმოწესეთათვის. მაგრამ დემაგოგიურ-პროპაგანდისტული მიზნებით აღტყინებული ოპონენტი ამ ფაქტს არად დაგიდევს. მისი მიზანია იდეოლოგიური ბრძოლა ძველმართლმადიდებლობის წინააღმდეგ და როგორ ხრიკებს გამოიყენებს ამისთვის, მნიშვნელობა არა აქვს. მისი მიზანია დეზინფორმაცია და აფრქვევს კიდევაც მას თავისი უნიათო და ცთომილებებით აღსავსე წიგნიდან "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე".

აქ უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ნიკონის რეფორმების დაწყებიდან ესქატოლოგიური განწყობის გაძლიერებას და იმ შეხედულების გავრცელებას, თითქოსდა ანტიქრისტე უნდა მოსულიყო 1666 წელს ხელი შეუწყო ისეთმა გამოცემებმა, როგორებიც იყო "Книга о вере", ანუ "წიგნი სარწმუნობაზე". ეს წიგნი შედგენილია 1644 წელს, ანუ ათი წლით ადრე პატრიარქ ნიკონის რეფორმების დაწყებამდე და დაიბეჭდა 1648 წელს (ანუ რეფორმის დაწყებამდე 6 წლით ადრე) და "Кириллова книга", ანუ "კირილეს წიგნი",  რომელიც ასევე დაიბეჭდა 1644 წელს მოსკოვის ბეჭდვით სახლში (ანუ რეფორმამდე ათი წლით ადრე).

--------------------

54.  1. "Книга о вере" ("წიგნი სარწმუნოების შესახებ"). ძველი სარწმუნოების პირველმა დამცველებმა საჯაროდ გამოაცხადეს დადებითი დამოკიდებულება ყველა ბეჭდვითი გამოცემისადმი, რომელიც დასტამბული იყო პატრიარქ ნიკონის აღსაყდრებამდე (Демкова Н. С., Титова Л. В. Полемический трактат пустозерских узников "Ответ православных" в составе сборников XVII века // Общественное сознание и литература XVIXX вв. Новосибирск, 2001. С. 181). აზრი იმის შესახებ, რომ ეს წიგნები "ჭეშმარიტია", შემდეგში წამყვანი ფაქტორი გახდება ძველმოწესეთა (ძირითადად "ბეზპოპოვეცთა"  - არქიეპ. პ.) ავტორიტეტთა სისტემის ჩამოყალიბებაში (Беляева О. К. К вопросу об использовании памятников древнерусской письменности в старообрядческих полемических сочинениях первой чет­верти XVIII в. // Общественное сознание, книжность, литература периода феодализма. Новосибирск, 1990). ამ სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა გამოცემამ "წიგნი სარწმუნოების შესახებ", რომელიც მოსკოვში 1648 წელს დაისტამბა. ძველმოწესეობის დამცველები აპელირებდნენ ტექსტის მიმართ, რომელიც მოწონებული და გამოცემული იყო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ, რაც გარკვეულ სიძნელეებს უქმნიდა ოპონენტებს - ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლებს" (Н.С. Гурьянова. "Книга о вере" в системе авторитетов старообрядчества) (ttps://www.portal-credo.ru/site/?act=lib&id=1489).

2. "Кириллова Книга" ("კირილეს წიგნი"). რელიგიური პოლემიკური კრებული (წიგნის სახელწოდება მომდინარეობს მისი პირველი ნაწილის დასათაურებიდან: "Казанье святого Кирилла, патриарха Иерусалимского"), რომელიც 1644 წელს გამოაქვეყნა მოსკოვის ბეჭდვითმა სახლმა. წიგნის პირველდაწყებითი ვარიანტი შედგენილი იყო 1620 წელს და ის მოიცავდა უკრაინა-ბელორუს, ბიზანტიელ და რუს ავტორთა ანტიკათოლიკურ, ანტიუნიატურ, ანტიპროტესტანტულ და ანტისომხურ თხზულებებს. ეს კომპილაცია იწოდებოდა "Просветитель Литовский" ("ლიტვურ განმანათლებლად") ან "Изложение о вере" ("სარწმუნოების გადმოცემად") და გამოიყენებოდა მწვალებელთა მართლმადიდებლობისკენ მოქცეულთა კატეხიზაციისთვის. გამოქვეყნების მიზეზი გახდა მზადება საღვთისმეტყველო დისპუტისთვის (1644 წლის იანვარი - 1645 წლის აგვისტო), რომელიც უნდა გამართულიყო დანიელი მეფისწულის ვალდემარის ირინა მიხეილის ასულზე ქორწინებასთან დაკავშირებით. "კირილეს წიგნის" გამოქვეყნების შემდეგ ის გახდა რუსული სულიერი ცხოვრების ნაწილი, აქტიურად ციტირდებოდა პოლემიკურ თხზულებებში. "კირილეს წიგნის" ეგზემპლარები მიუტანეს კიევის მიტროპოლიტ პეტრე მოგილას, ხოლო ლათინური თარგმანი იური კრიჟანიჩმა გაგზავნა ვატიკანში. 17-ე საუკუნეში "კირილეს წიგნს" ეყრდნობოდნენ ბერძნულთან შედარებით რუსული საეკლესიო ტრადიციის უპირატესობის დასამტკიცებლად. ათონზე, 1649 წელს "კირილეს წიგნის" ეგზემპლარი საჯაროდ დაწვეს. ორი თითით პირჯვრისწერასთან დაკავშირებულ სასარგებლო სტატიათა, ასევე ესქატოლოგიური წინასწარმეტყველებათა გამო "კირილეს წიგნი" ერთ-ერთი უმთავრესი ავტორიტეტი გახდა ძველმოწესეობრივ წიგნიერებაში. ის განმეორებით გამოიცა გროდნოში (1786 და 1791 წლებში), ასევე მოსკოვის ედინოვერცულ ტიპოგრაფიაში 1900 წელს (Лит.: Лилов А. О так называемой Кирилловой книге. Казань, 1858; Голубцов А. П. Прения о вере, вызванные делом королевича Вальдемара и царевны Ирины Михайловны. М., 1888; Цветаев Д. Протестанты и протестантство в России до эпохи преобразований. М., 1890; Каптерев Н. Ф. Патриарх Никон и его противники в деле исправления церковных обрядов. 2-е изд. Сергиев Посад, 1913; Niess Н. Kirche in Rußland zwischen Tradition und Glaube? Gött., 1977; Rothe Н. Zur Kiever Literatur in Moskau. II // Slavistische Studien zum IX Internationalen Kongreß in Kiev, 1983. Кöln; W., 1983; Новые материалы для описаний изданий Московского печатного двора: Первая половина XVII в. М., 1986. С. 47-48; Опарина Т. А. Иван Наседка и полемическое богословие киевской митрополии. Новосиб., 1998 (http://knowledge.su/k/kirillova-kniga)).
 
--------------------

ამ გამოცემათა შემდგენლები ანტიქრისტეს მოსვლას 1666 წლისთვის ვარაუდობდნენ (როგორც ჩანს, გარკვეული ზეგავლენა ამ შეხედულებაზე იქონია ამ წელიწადის ბოლო სამმა ციფრმა - 666, რომელსაც იოანეს "გამოცხადება" მხეცის რიცხვს (გამოცხ. 13:18) უწოდებს), ამიტომაც, მრავალი ძველმოწესე თავიდან ანტიქრისტეს პატრიარქ ნიკონს მიიჩნევდა. მაგრამ იმის შემდეგ, რაც 1666 წელს მოსკოვის საეკლესიო კრებამ დაგმო ძველი საეკლესიო გადმოცემები მათ მიმდევრებთან ერთად და საპატრიარქო საყდრიდან გადააყენა ნიკონი, მას უკვე ანტიქრისტეს "წინამორბედად" თვლიდნენ, ხოლო თვით ანტიქრისტეს სამეფოს ახლო მომავალში ელოდნენ. ამ შეხედულებას იზიარებდა დეკანოზი ამბაკუმიც, რომლის თხზულებებში აშკარად იკვეთება, რომ ის პატრ. ნიკონს ანტიქრისტეს წინამორბედს უწოდებს და არა ანტიქრისტეს. ასე, მაგალითად, თხზულებაში "Книга бесед" ამბაკუმი ნიკონს ანტიქრისტეს წინამორბედად აცხადებს ("Мы же, со отцы и братиею, не умолчав, почали обличать еретика, предтечу антихристова. Он же нас, муча много, и розослал в ссылки всех") (Беседа первая.  Повесть о страдавших в России за древлецерковная благочестная предания) (http://www.wysotsky.com/0009/133.htm#54).

თხზულებაში "Книга толкований" ("განმარტებათა წიგნი") დეკანოზი ამბაკუმი აღწერს მართლმადიდებლურ გადმოცემას დანის ტომის იუდეველი მეძავი დედაკაცისგან ანტიქრისტეს დაბადების შესახებ ("...А противник, еже есть антихрист, зачнется от блуда, от жены жидовки, от колена Данова"), რომელშიც შესახლდება სატანა... დეკ. ამბაკუმი იმეორებს წმიდა მამათა სწავლებას იმის შესახებ, რომ ანტიქრისტე, თავის უახლოეს წინამორბედ ნიკონივით, თავიდან ყველას თავს მშვიდობისმოყვარედ, მორჩილად, მოწყალედ და კაცთმოყვარედ მოაჩვენებს ("Исперва будет казатися людям кроток, и смирен, и милостив, и человеколюбив: слово в слово как Никон, ближней предтеча его") ("Книга толкований". Толкование Псалмов)) (იქვე).

დეკანოზ ამბაკუმის თქმითვე, ანტიქრისტეს დროს გამოჩნდებიან ილია და ენოქი, რომელთაც ხორციელი სიკვდილი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ანტიქრისტეს დროს გამოჩნდებიან და ხორციელად ევნებიან მისგან, თუმცა, სამი დღის შემდეგ კვლავ აღსდგებიან მკვდრეთით და ცად ამაღლდებიან ("... и Илия и Енох не вкусили смерти плотски, но при антихристе и те плотию постраждют и, на стогнах убиты, полежав три дни и пол, оживут паки и на небо взыдут" (Письмо Афанасию) (იქვე).

ასე რომ, ზ. ნოდიას და მისნაირ "პუბლიცისტთა" მტკიცებულება, თითქოსდა მთელი ძველმართლმადიდებლური საზოგადოება ნიკონში ხედავდა ანტიქრისტეს, გახლავთ მტკნარი სიცრუე.

თავისთავად ის ესქატოლოგიური განწყობა, რომელიც სუფევდა ნიკონის რეფორმის წლებში (1654-1667) და თუნდაც ის, რომ ანტიქრისტეს მოსვლას ხსენებული გამოცემების ზეგავლენით 1666 წელს ელოდნენ, სრულიად ბუნებრივი და გასაგებია, რადგან ასეთი ესქატოლოგიური განწყობა არაერთხელ ყოფილა მართლმადიდებლობის ისტორიაში.

ესქატოლოგიური განწყობა, რომელიც დევნილ საზოგადოებაში ჩნდება, სრულიად ბუნებრივი და გასაგები მოვლენაა, რადგან აპოკალიპტური განწყობილებანი სწორედ ასეთ პირობებში ვითარდება ხოლმე. ამას ქრისტეანობის (მართლმადიდებლობის) ისტორიაც ადასტურებს და შეუძლებელია, რომელიმე ისტორიული ეპოქის "გამამტყუნებელ" მიზეზად გამოდგეს. ასეთად მისი მიჩნევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სწავლება მყარად გაუჯდება კონკრეტულ რელიგიურ თემს ან საზოგადოებას და უფრო მყარ ან დასრულებულ ფორმას მიიღებს იმ ზომით, რომ მისი სწავლების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი გახდება, როგორიც არის თუნდაც დღეისთვის ბეზპოპოვცური სწავლება "სულიერი" ანტიქრისტეს შესახებ.

ესქატოლოგიური მისწრაფებანი თავიდანვე ახასიათებდა ქრისტეანებს. მრავალი საუკუნის განმავლობაში ეკლესიის ცხოვრება გამსჭვალული იყო ესქატოლოგიური მოლოდინით, რომელიც ხან ძლიერდებოდა და ხან კიდევ იკლებდა. ესქატოლოგიურ განწყობას ყოველთვის ამძაფრებდა კატაკლიზმები, დევნულებები, სოციალურ-პოლიტიკური ძვრები და სხვა. მორწმუნეთა ფსიქოლოგია ასეთ პირობებში ქმნიდა სამყაროს აღსასრულის ერთგვარ მოდელს და ელოდა მის დასრულებას. სწორედ ამისი დასტურია პირველ საუკუნეთა ესქატოლოგიური განწყობილებანი, ბევრწილად განპირობებული იყო ქრისტეანთა წინააღმდეგ განხორციელებული საშინელი დევნულებით. იმდროინდელი ქრისტიანები ფიქრობდნენ, რომ სამყაროს აღსასრული უკვე ახლოვდება. ამის გამო წმ. მოციქულ პავლეს დასჭირდა სპეციალური განმარტებების მიცემა, რათა ესწავლებინა მათთვის თუ როგორია ანტიქრისტეს გამოჩენის პირობები. თესალონიკელ ქრისტეანთა მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში წმიდა მოციქული ბრძანებს: "გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს. ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს. რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:1-7).

ცნობილი არქიეპისკოპოსი და ზ. ნოდიასთვის დიდი ავტორიტეტი ამბერკი ტაუშევი განმარტავს: "თესალონიკელთა ცოდვა მდგომარეობდა არა იმაში, რომ ისინი ელოდნენ "ქრისტეს დღის დადგომას", რადგან უფლის დღის მოსვლას, თვით უფლის მცნებისამებრ, ყოველთვის  უნდა ველოდოთ (იხ. ლუკა 12:35, 39-40, 46), არამედ იმაში, რომ თვითონ არ უნდა ვაწესებდეთ ამ დღეს, მისი დადგომის მომენტს, რამეთუ ეს არავინ უწყის ღმრთის გარდა" (მათე 25:13; 24:36) (https://ekzeget.ru/bible/2oe-poslanie-k-fessalonikijcam-ap-pavla/glava-2/tolkovatel-averkij-tausev-arhiepiskop).

I და II საუკუნეების მიჯნაზე ქრისტეანებს კიდევ უფრო გაუძლიერდათ საშინელი დღის მოახლოების მოლოდინი და აქედან გამომდინარე მოთხოვნები მორწმუნეთა მიმართ. III-IV საუკუნეებიდან საეკლესიო ცნობიერებაში მკვიდრდება აზრი, რომ სამყაროს აღსასრული მეშვიდე ათასწლეულის შემდეგ უნდა დადგეს. რუსულ ისტორიაში ესქატოლოგიური მოლოდინი განსაკუთრებით მძაფრი იყო XIV-XV საუკუნეებში. სამყაროს აღსასრულის ყველა ნიშანს ანტიქრისტეს მეუფებასთან აიგივებდნენ და "სტაროვერული" ესქატოლოგია აქ არაფერ შუაშია. მართალია, საეკლესიო რეფორმამდე დასტამბულ წიგნებში (ვგულისხმობთ წიგნებს: "Книга о вере" და "Кириллова книга") გადმოცემულმა ესქატოლოგიურმა შეხედულებებმა გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ძველმოწესეთა ესქატოლოგიურ წარმოდგენებზე, მაგრამ რადიკალურ ფორმაში ის მხოლოდ ე. წ. "ბეზპოპოვცებში" გადაიზარდა.

ძველმართლმადიდებელთა ესქატოლოგიური შეხედულებებისა და საერთოდ, ესქატოლოგიის თემა საკმაოდ ვრცელია იმისთვის, რათა აქ დეტალურად გადმოვცეთ, ამისი საჭიროება არც არსებობს. დაინტერესებულ მკითხველს მივუთითებთ ვ. ლურიეს წიგნზე "სამი ესქატოლოგია", სადაც მოკლედ და გასაგებად არის განხილული რუსული ესქატოლოგია განხეთქილებამდე და განხეთქილების შემდეგ (Лурье В. М. "Три эсхатологии. Русская эсхатология до и после Великого Раскола" // Мир Православия. Сб. научных статей. Вып. 3. Волгоград, 2000, с. 150-178) (ინტერნეტში: http://www.hgr.narod.ru/3esht.htm).

<<<

17

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика