აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I - სიცრუის ტექნოლოგია_ზოგადი აკრძალული მეთოდები - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

გზა - მართლად სავალი

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექტნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


ზოგადი აკრძალული მეთოდები

მაშ ასე, პოლემიკა, როგორც იტყვიან, "გახურდა". მოწინააღმდეგეს ძლიერი არგუმენტებით ვუტევთ, ვარღვევთ მის დაცვას და აპოელირებას ვახდენთ სუსტ პუნქტებზე. მოწინააღმდეგე გრძნობს, რომ მალე დაეცემა და სრულიად გაპარტახდება. რას იზამს ის, აღიარებს დამარცხებას და თავისი მეხოტბეების თვალში დამცირდება? არავითარ შემთხვევაში! სწორედ აქ გამოიყენებს იგი ეშმაკობას -  ჯერ შედარებით მოკრძალებულს.  


1. თეზისის შეცვლა

ამ ხრიკს მრავალი სახესხვაობა გააჩნია:

ა) ყველაზე მარტივი - როდესაც მოწინააღმდეგის თეზისზე თავდასხმის დროს უარყოფენ მის რომელიღაც არგუმენტს ან ააშკარავებენ შეცდომას მსჯელობაში და ამას თეზისის უარყოფად ასაღებენ.


შესაძლოა, თეზისი სრულიად ჭეშმარიტია; უბრალოდ, ოპონენტმა ვერ შეძლო მისი კორექტული დასაბუთება. ასეთ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი მოდავეები თავს ესხმიან შეცდომებს თავიანთ ოპონენტთა მსჯელობაში, ამხილებენ მას და აცხადებენ, რომ მის მიერ წამოყენებული თეზისი უარყოფილია. თქვენ შეძელით ჩვენება იმისა, რომ თეზისი არ არის დამტკიცებული, თქვენვე ირწმუნებით, რომ თეზისი მცდარია. ეს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რამეა. მაგრამ დავის სიმხურვალეში ვერავინ (ვერც მსმენელი) ვერ ამჩნევს, როგორი მოხერხებით შეცვალეს თეზისი, ანუ დასაბუთების უარყოფა გაასაღეს თეზისის უარყოფად.

მაგალითად, ოპონენტი ამტკიცებს თეზისს "ქურდობა დანაშაულია" და არგუმენტად მოჰყავს მტკიცება, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქურდობს, აუცილებლად დაისჯება. თქვენ თავს ესხმით ამ არაკორექტულად წამოყენებულ არგუმენტს და ადვილად ანგრევთ მას, რადგან მოგყავთ მსხვილი ქურდობის მრავალრიცხოვანი მაგალითი, როდესაც დამნაშავენი სრულიად დაუსჯელნი დარჩენილან. ამის შემდეგ კი გამარჯვებულის იერით აცხადებთ, რომ თეზისი "ქურდობა დანაშაულია" -  ყალბია. ადვოკატი, რომელიც სასამართლოში გამოდის, მიჰყვება პროკურორის არგუმენტაციას, აჩვენებს ბრალდებისთვის მის უკმარობას და ზოგჯერ აკეთებს ისეთ დასკვნას, რომ ბრალდებული უდანაშაულოა. პუბლიკა მას ეთანხმება, თუმცა ადვოკატმა მხოლოდ ის აჩვენა, რომ ბრალეულობა ჯერაც არ არის დამტკიცებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ - ბრალეულობის დაუმტკიცებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებული დამნაშავე არ არის.

წიგნებში: "ეკლესია - სძალი უფლისა" და "სული - ცხოველი" ე. ჭელიძე, რომელიც თავგამოდებით იცავს წყალპკურებით "ნათლობას", ხშირად იყენებს თავისი ოპონენტების მიერ არსწორად, ანუ არაკორექტულად დაყენებულ არგუმენტაციას, ანადგურებს მას და შემდეგ გამარჯვებულის იერით წყალპკურებითი ნათლობის კანონიკურობას ირწმუნება. თუ ზემოთ მოყვანილ მაგალითს ვერწმუნებით, აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყალპკურებითი ნათლობის საწინააღმდეგო წარუმატებელი (არაკორექტული) არგუმენტის უარყოფა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამგვარი "ნათლობის" კანონიკურობას. ე. ჭელიძემ შესაძლოა დაამტკიცოს ჩვენ მიერ წამოყენებული კონკრეტული არგუმენტის არასწორობა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სადავო საკითხი ავტომატურად მოხსნა.


2. თეზისის გაფართოება ან შევიწროება

დავის პროცესში ცდილობენ მაქსიმალურად გააფართოონ ოპონენტის თეზისი, თანაც ამას ხაზგასმით კი არ აკეთებენ, ისე აჩვენებენ, თითქოსდა უბრალოდ გაიმეორესო ოპონენტის მიერ წარმოთქმული ფრაზა. მაგალითად, თქვენ ამბობთ: "რაოდენ სამწუხაროა, რომ მრავალი ახალგაზრდა დღეს სამსახურს ვერ პოულობს!" ოპონენტი "იმეორებს" თქვენ ამ თეზისს და ამბობს: "თქვენ ამტკიცებთ, რომ ყველა ახალგაზრდისთვის დღეს ძნელია სამსახურის პოვნა? ეს სიცრუეა!" და წარმატებით ანადგურებს თქვენს მტკიცებულებას, რომ "მრავალი (და არა ყველა) ახალგაზრდა დღეს სამსახურს ვერ პოულობს". თანაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ განადგურდა სწორედ პირველდაწყებითი თეზისი.

ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ თქვენი ტერმინები "ზოგიერთი", "უმეტესობა", "ნაწილი" ოპონენტმა არ შეცვალოს გაფართოებული მნიშვნელობის მქონე სიტყვებით: "ყველა" ან "მთლიანობა" და სხვა.

მტკიცების დროს ასევე ცდილობენ შეუმჩნევლად შეავიწროვონ საკუთარი თეზისი. მაგალითად, თქვენ გამოთქვით მოსაზრება: "საბჭოთა მწერლებს ლიტერატურაში არაფერი ღირებული არ შეუქმნიათ". თქვენს ამ თეზისზე თავდასხმისას მოწინააღმდეგე თუ მიგითითებთ ა. ახმატოვზე ან მ. ბულგაკოვზე, რომლებმაც შესანიშნავი მხატვრული ნაწარმოებები შექმნეს, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თეზისის გასამართლებლად ჩაურთოთ - "მე ეს მწერლები საბჭოთა მწერლებად არ მიმაჩნია", ანუ შეავიწროოთ "საბჭოთა მწერლის" ცნება.


3. თეზისების გაძლიერება და შერბილება

ეს ხრიკი ზემოთ აღწერილი ხერხის მსგავსია. ოპონენტი ამბობს: "ჩვენს დემოკრატებს შორის არცთუ მცირეა არაკომპეტენტური ადამიანი". თქვენ აფართოებთ და აძლიერებთ ამ თეზისს: "როგორ ფიქრობთ, ყველა ჩვენი დემოკრატი იდიოტია?" რა თქმა უნდა, ის ასე არ ფიქრობს, მაგრამ მან ვერ შენიშნა ტერმინების შეცვლა, რაც შედეგად გამოიწვევს იმას, რომ უარს იტყვის თავის თეზისზე. ან კიდევ სხვა მაგალითი. თეზისი: "ამ ფირმის შემოსავლის წყარო ეჭვს იწვევს". თავდამსხმელი ოპონენტი აძლიერებს მას: "თქვენ იმისი თქმა გინდათ, რომ ეს ფირმა ნაქურდალს ეფუძნება?"

საზოგადოდ, თეზისის შეცვლა - ლამის ყველაზე გავრცელებული ხერხია ყოველგვარ კრიტიკაში. ყურადღება მიაქციეთ სამეცნიერო, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ გამოცემებში (აღარაფერს ვამბობთ ყვითელ პრესაზე) ასეთ ხერხებს. ძალიან ხშირად რეცენზენტი ავტორის შეხედულებას ისე ამარტივებს და ამახინჯებს, რომ ლამის სულელურადაც კი წარმოაჩენს მას და შემდეგ საბოლოოდ ანადგურებს. მკითხველი, რომელიც არ იცნობს ორიგინალურ თხზულებას, ერწმუნება კრიტიკოსს და უკვირს ავტორის სიჩლუნგე. ხოლო ავტორისთვის შემდგომში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, "გასუფთავდეს" ამგვარი კრიტიკისგან და დაამტკიცოს, რომ ის აქლემი არ არის.

ჩვენს შემთხვევაში ამისი მაგალითია ე. ჭელიძის მიერ "კოჭებამდე წყალში მდგომი ქრისტეს შთაფლვის შეუძლებლობის" არგუმენტი, რომელსაც ქვემოთ, დეტალურად განვიხილავთ. ე. ჭელიძე ძალზედ ხშირად მიმართავს ამგვარ მეთოდს (თეზისების შეცვლა და გაძლიერება ან შერბილება); მეტიც ის არათუ ცვლის ტერმინებს, არამედ საერთოდ იგონებს კიდევაც "არგუმენტებს", რომლებიც ჩვენ არ გამოგვიყენებია და პასუხს ამ საკუთარ გამონაგონს აძლევს, საქმეს კი ისე წარმოუჩენს მკითხველს, თითქოსდა მან სულ ახლახან მოწინააღმდეგის მორიგი სულელური მტკიცებულება გაანადგურა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველივე ამას ე. ჭელიძე ოპონენტების დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ეპითეტებითაც კაზმავს (ეს მკითხველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის არის საჭირო), საქმეც იჩარხება - მკითხველს ეჭვიც აღარ ეპარება "სტაროვერების" სიჩლუნგეში. ამგვარი მზაკვრობის მაგალითებს ქვემოთ უხვად იხილავთ.


4. პირობითად ნათქვამის უპირობო მტკიცებულებად წარმოჩენა

თეზისის შეცვლის ერთ-ერთი ხრიკი მდგომარეობს იმაში, რომ აზრი, რომლის სისწორე დაშვებულია ცნობილი ვარაუდების (პირობითობის) საფუძველზე, გარკვეული პირობების შემთხვევაში, იცვლება იმავე აზრით, ოღონდ ვარაუდების გარეშე. მაგალითად, ვიღაც ამტკიცებს: "ჩვენი წარმოების თანამედროვე სტრუქტურების პირობებში სასაქონლო-ფულად ურთიერთობებზე გადასვლა უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებლობას".

თქვენ ასე ესხმით თავს ამ არგუმენტს: "მაშასადამე, თქვენ მიიჩნევთ, რომ სასაქონლო-ფულადი ურთიერთობა საზიანოა?! გამოდის, თქვენ ადმინისტრაციულ- მბრძანებლური სისტემის მომხრე ხართ?!" რა თქმა უნდა, არა - ადამიანი შეიძლება მთელი სულით და გულით გამოდიოდეს სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების, საბაზრო ურთიერთობების სასარგებლოდ, მაგრამ მიაჩნდეს, რომ ამისთვის საჭიროა წარმოების გარდაქმნა. მაგრამ, ვაი რომ, პუბლიკა ხშირად არ ითვალისწინებს ამ დეტალებს, დაშვებებს, პირობითობებს და მათ ეშმაკურად ჩახლართულ აზროვნებად, არასაჭირო ბრძნობად მიიჩნევს. სწორედ მაშინ ეხვევა ის (საზოგადოება) მოხერხებული სოფისტის ბადეში, რამეთუ მნიშვნელოვანი მდგომარეობების უმეტესი ნაწილი, რაც ეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებას, თითქმის არასოდეს არ არის სწორი აბსოლუტური თვალსაზრისით, - ეს მდგომარეობები ყოველთვის ითხოვს მითითებას მათი კონკრეტული გამოყენების პირობებზე. ხოლო სოფისტი შეგნებულად გვერდს უვლის პირობითობას, დაკონკრეტებას და მონდომებით ანადგურებს სასარგებლო და სწორ იდეას, ხოლო პუბლიკა, სამწუხაროდ, სწორედ მას უჯერებს და სოფისტის მჭევრმეტყველებით გაბრიყვებული მხურვალე ტაშს უკრავს.

ვფიქრობ, თქვენც არაერთხელ შეხვედრიხართ თეზისის უხეში შეცვლის ფაქტებს. საბჭოთა პერიოდში გავრცელებული იყო ასეთი მეთოდი: თუ გაბედავდით და გამყიდველის ან რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების მოხელის მომსახურეობის გამო გამოთქვამდით რაიმე უკმაყოფილებას, პასუხად იმწამსვე მოისმენდით: "თქვენ რა, არ მოგწონთ საბჭოთა ხელისუფლება?" ან "თქვენ რა, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგი ხართ?" დღესაც იგივე ხდება, ოღონდ შებრუნებული ნიშნით. გამოთქვამ ეჭვს პრეზიდენტის (ან ნებისმიერ სხვა) არჩევნებთან დაკავშირებით და გეტყვიან: "თქვენ რა, დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიხართ და ტოტალიტარიზმს ემხრობით?!" ძალიან ხშირად როდესაც ვაკრიტიკებთ ოფიციალური საპატრიარქოს საეკლესიო ცხოვრების ამა თუ იმ სფეროს, ან ვედავებით რომელიმე ლიტურგიკული მნიშვნელობის საკითხში, გვესმის ასეთი ბრალდება: "თქვენ რა დედა-ეკლესიას არ ცნობთ?!","თქვენ რა, ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ გამოდიხართ?".

ეს ხრიკი ამაზრზენია თავისი სიბრიყვით. წინამდებარე ჩვენს ნაშრომში აღშფოთების შეძახილისგან თავს შევიკავებთ და შევეცდებით, ის მაინც ავუხსნათ ოპონენტს, რომ ჩვენს თეზისსა და იმას შორის, რასაც ის მოგვაწერს, საერთო არაფერია.

ე. ჭელიძესთან ჩვენს დავაში გაფართოებული მნიშვნელობის ასეთ თეზისად შეიძლება განვიხილოთ ჩვენი ოპონენტი მეცნიერის ბრალდება, თითქოსდა ჩვენ "თავს ვესხმით ჭეშმარიტებას" (ე. ჭ. "სული - ცხოველი". თბ. 2012. გვ. 111), რომ "აღბორგებულნი" ვართ "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ" (გვ. 109), რომელსაც აძლიერებს ჩვენდამი მომართული ისეთი ეპითეტებით, როგორიც არის "მტრები", "მავნეები", "ეპილეპტიკოსები", "უკიდურესად ცბიერები", "ბოროტმთხზველები" (გვ. 110-111) და მრავალი სხვა. რა უნდა ვუთხრათ ე. ჭელიძეს და მის თანამოაზრეებს? ვეტყვით იმას, რომ ნათლისღებაზე და სხვა საეკლესიო საკითხებზე ჩვენს შეხედულებებსა და იმას შორის, რასაც ე. ჭელიძე მოგვაწერს, საერთო არაფერია. უფრო დეტალურად კი ამას წინამდებარე ნაშრომში იხილავთ.  

ამავე კატეგორიის სხვა მაგალითია ევნომეველთა ნათლობასთან დაკავშირებული საკითხიც. ე. ჭელიძე ფორუმ church.ge-ზე "ძველმართლმადიდებლის" სახელით გამოსულ პირთან დავაში მიმართავს თეზისის გაფართოების მეთოდს და თავის ოპონენტს "ამხელს" იმაში, რაც მას პრაქტიკულად, ვარაუდის სახით აქვს გამოთქმული. ამ შემთხვევას უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით, აქ კი მოკლე ნაწყვეტს გაგაცნობთ ამ დავიდან.

"ძველმართლმადიდებელი" წერს: "ასევე, არ არის გამორიცხული (თუმცა ამის დაბეჯითებით მტკიცება არ მსურს), როგორც ეს მწვალებლურ საზოგადოებებში ხშირად ხდება, ევნომეველთა შორისაც ყოფილიყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნათლავდნენ ერთგზის შთაფლვით. ყოველ შემთხვევაში, ათანასე პაროსელი, წყალდასხმითი ნათლობის თავგადადებული მოწინააღმდეგე წერს: "ლათინები უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ევნომეველნი, რომლებიც თუმც კი ერთჯერადი, მაგრამ მაინც შთაფლვითად ინათლებოდნენ... ამიტომაც, ლათინთაგან გადმოსულები უცილობლივ თავიდან უნდა მოინათლონ".

გამონათქვამები, "არ არის გამორიცხული", "ამისი დაბეჯითებითი მტკიცება არ მსურს" მსჯელობის სწორედ არაკატეგორიულ ფორმაზე მიგვანიშნებს. ავტორი გამოთქვამს თავის შეხედულებას, რომელიც შეიძლება ჩასწორდეს ან კატეგორიულობით დაცულ არ იქნას და თავისი ამ ვარაუდის საფუძველსაც იქვე ასახელებს: "ყოველ შემთხვევაში, ათანასე პარიოსი (პაროსელი), წყალდასხმითი ნათლობის თავგადადებული მოწინააღმდეგე წერს: "ლათინები უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ევნომეველნი, რომლებიც თუმც კი ერთჯერადი, მაგრამ მაინც შთაფლვითად ინათლებოდნენ... ამიტომაც, ლათინთაგან გადმოსულები უცილობლივ თავიდან უნდა მოინათლონ" (ციტ. http://www.christian-spirit.ru/v9/9.(8).htm).

მიუხედავად ამისა, ე. ჭელიძე სავსებით უგულებელყოფს, რომ ეს ვარაუდის დონეზე გამოთქმული მოსაზრებაა და "ძველმართლმადიდებელის" წინააღმდეგ თავდასხმას მისი მტკიცების აბსოლუტურობაზე აგებს.


5. ემოციურად შეფერილი ცნებების გამოყენება

ეს არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ხერხი, მეტიც, არა იმდენად ხერხი, რამდენადაც ლაპარაკის შეგნებული მანერა, რომელსაც იყენებენ ის ადამიანები, შემთხვევით ან უბრალოდ რომ არაფერს იტყვიან და ყოველთვის იპოვიან ისეთ სიტყვას, რომლითაც პოზიტიურად ან ნეგატიურად მოსავენ მოწოდებულ ინფორმაციას. მაგალითად, ვიღაც დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, ისინი იტყვიან: "კედლებს მიღმა გამოამწყვდიეს"; ან ვთქვათ, სიტყვა ჩამოვარდა არმიაზე, ესენი ტუჩებს ზიზღით დაბრეცენ და იტყვიან: "მკვლელები!"; ახალგაზრდებს შეამკობენ ეპითეტებით - "ბიჭბუჭები", "ცხვირმოუხოცავები", "ცინგლიანები"... და ა. შ.

დავაში ასეთი მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეგნებულად, როდესაც ყველაფერი ის, რაც ოპონენტის თეზისის სასარგებლოდ მეტყველებს, წარმოითქმის ნეგატიური ან დამამცირებელი ტონით, ხოლო საკუთარი არგუმენტები გადმოცემულია ამაღლებულ ტონებსა და გამონათქვამებში.

საქმის არსი სულაც არ იცვლება იმით, სახელმწიფო მოხელეს "სატრაპს" უწოდებთ თუ "სახელმწიფო მოღვაწეს", ამით უკეთესნი ან უარესნი ისინი ვერ გახდებიან. მაგრამ ამგვარი ხრიკის წყალობით სოფისტებს შეუძლიათ, პუბლიკას შეუქმნან შთაბეჭდილება, თითქოსდა დავაში იცავენ რაღაც ამაღლებულს, კეთილშობილურს, ხოლო მათი მოწინააღმდეგე სამარცხვინო, საძაგელ პოზიციაზეა. ამგვარი მეთოდი წითელი ზოლივით გასდევს ე. ჭელიძის ორივე ნაშრომს, რომელიც მან ძველმართლმადიდებელთა "მხილებას" მიუძღვნა.

უფრო ზოგადად, ამგვარი დავის თუ ზემოქმედების მოხდენის ბრწყინვალე ნიმუშია საზოგდოებრივი პრესა თუ ტელევიზია, მოკლედ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. დააკვირდით, ჩვენ თითქმის არასოდეს გვაწვდიან ცნობებს ნეიტრალურ ტერმინებში, როგორც უბრალო ინფორმაციას, არამედ ცდილობენ ის ჩვენამდე მოიტანონ ისეთი სიტყვებით, რომლებმაც უნდა გაგვიჩინოს ამ ინფორმაციისადმი გარკვეული დამოკიდებულება - პოზიტიური ან ნეგატიური. ამგვარად, გაზეთები, რადიო, ტელევიზია, გამოდიან არა მარტო მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა როლში, არამედ პროპაგანდის, შთაგონების, გაბრიყვების საშუალებებად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვინც ამ მეთოდს იყენებს, ის ცდილობს თავისი მსმენელის გაბრიყვებას, ასე ვთქვათ, მათი ცნობიერების მართვას. ასე იქცევა ე. ჭელიძეც - ის აბრიყვებს მისივე ეკლესიის მრევლს და სამღვდელოებას, რადგან მისი წიგნი, როგორც ამას თვითონვე აღნიშნავს, დაიწერა სწორედ მათ საყურადღებოდ.

უნდა ითქვას ისიც, რომ, ამგვარი "არგუმენტაციის" გამოყენების მხრივ, ე. ჭელიძემ თავის ანტი- "სტაროვერულ" თხზულებაში "სული ცხოველი" ბევრად გადააჭარბა საქართველოში ძველმართლმადიდებლობის ყველა არსებულ კრიტიკოსს ერთად აღებულს, დაწყებული გასული საუკუნის 80- იანი წლებიდან, დამთავრებული ჩვენი დროით. არავის არასოდეს ასეთი რაოდენობისა და ამგვარი შეურაცხმყოფელი და ოპონენტის დამაკნინებელი ეპითეტი არ გამოუყენებია, როგორც ე. ჭელიძემ გააკეთა თავის წიგნში "სული - ცხოველი" (თბ. 2012 წ.). მათი აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და საჭირო არც არის, რადგან ჩვენ მათ თანდათანობით შევეხებით მსჯელობის თანმიმდევრობისას.  

მკითხველს კი შევაგონებთ, - ყურადღებით იყავით და გაითვალისწინეთ ყველაფერი, რასაც გეუბნებიან, გადმოცემული უნდა იყოს ნეიტრალური ტერმინებით!


6. იარლიყების მიწებება

ეს არის წინა ხრიკის მგავსი უზნეო მოქმედება. ზოგჯერ თქვენი არგუმენტაციის საპასუხოდ ოპონენტისგან გესმით: "ეს მარქსიზმია! ფაშიზმია! ტოტალიტარიზმია! ასე ლაპარაკობენ მხოლოდ წითელ-ყავისფერები (ანუ კომუნისტები და ფაშისტები)! აი ეს კი სიონიზმია!" და ა. შ.

მიიჩნევენ, რომ რომელიმე მსჯელობის ან გამოთქმის შეფასებით ან ამა თუ იმ სექტისადმი მისი მიკერებით, უკვე ბოლო მოუღეს მას. მაგრამ, არსებითად, მსჯელობა ხომ ჯერაც არავის განუხილავს?! იქნებ, სიმართლე მეორე მხარეს არის?! ზოგჯერ არაკორექტულად გამოთქმულ სწავლებაშიც კი არის ჯანსაღი, სწორი იდეები, სხვაგვარად ხომ ის ვერანაირ გავრცელებას და მხარდაჭერას ვერ პოვებდა.

ხსენებული მეთოდის არაკორექტულობა იმაშია, რომ ოპონენტის არგუმენტების განხილვა, მისი ჭეშმარიტების ან სიცრუის დამტკიცების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, იცვლება შეფასებით.

ეს ხრიკი უნდა მოვიგერიოთ. დავუშვათ, ჩვენს არგუმენტზე ოპონენტი ყვირის: "ეს ობსკურანტიზმია!" ანუ გვაკერებენ ერთ-ერთ ოდიოზურ იარლიყს. იმწამსვე უნდა დავაკისროთ მას მტკიცებულების უღელი: "მეეჭვება, ეს ობსკურანტიზმი იყოს. შეეცადეთ ამის დამტკიცება!" ან: "არ მესმის, რას გულისხმობთ "ობსკურანტიზმში". იქნებ, განმიმარტოთ, გეთაყვა!"

ჩვენს შემთხვევაში ხშირად გვესმის, რომ "სტაროვერები" "სექტანტები" და "რასკოლნიკები" არიან. გარდა იმისა, რომ მსმენელზე თუ მკითხველზე ზემოქმედებას ცდილობენ რუსული ტერმინებით ("სტაროვერი" - ძველმორწმუნე, "რასკოლნიკი" - განხეთქილების მოქმედი), რითაც მიანიშნებენ, თითქოსდა ამ შემთხვევაში საქმე აქვთ რაღაც რუსულ მოვლენასთან, ოპონენტები, ამგვარი შეფასებებით თავსაც იმხელენ, რამეთუ მათ ჯერაც არსად განუხილავთ არც ტერმინ "სექტის" რაობა და არც "განხეთქილებისა" XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის და XVIII საუკუნის საქართველოს ეკლესიის რეფორმისა და რუსულად მის გადაკეთებასთან მიმართებაში.

ოფიციალური ეკლესიის "პოლემისტთა" მხრიდან ძველმართლმადიდებლებთან დავა ყოველთვის მთავრდება მათი ძველმართლმადიდებლობის შეფასებით და არა განხილვით.

ადამიანები საკმაოდ ხშირად აკერებენ ერთმანეთს ნეგატიურ იარლიყებს, თუმცა ყოველთვის ნათლად როდი წარმოუდგენიათ, რა დგას ამ იარლიყების უკან. ღოდესაც ასეთებს განმარტებას სთხოვ, თუ მაინც რას გულისხმობდნენ, უკან იხევენ, რადგან პასუხი არ გააჩნიათ.

ცხადია, ე. ჭელიძე, როგორც იარლიყების მიკერების ოსტატი, არც ამ მეთოდზე ამბობს უარს და პირდაპირ "შესაშურ" მაგალითებს აძლევს იარლიყების მოყვარულთა კასტას. ამის მაგალითებსაც უხვად წარმოგიჩენთ ე. ჭელიძის განსახილველი ნაშრომიდან, აქ კი სულ რამდენიმე მათგანს დავიმოწმებთ: "დაბრმავებული ეპილეპტიკოსები" (გვ. 109), "ურწმუნოების ახალ-ხმანი" (გვ. 110), "ცრუნი" (გვ. 111, 119), "ორგზის ნათელღებულნი" (იქვე), "ურწმუნონი" (გვ. 114), "სულშებნედილნი" (გვ. 122), "მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელნი" (გვ. 123), "ღვთისმკვლელნი" (იქვე), "ბაგე-მტყუარნი" (გვ. 124), "ბოროტმზრახველნი" (გვ. 125), "თავგასულნი" (გვ. 127), "გლისპნი და გვეცნი" (გვ. 378), "ტყუილის მამისადმი დამონებულნი" (გვ. 406), "ვერაგები" და "ჩლუნგნი" (გვ. 410, 420) და მრავალი სხვა, რომლებიც მთელ მის ნაშრომშია გაბნეული.


7. ნაჩქარევი განზოგადება

ზოგჯერ, შესაძლოა, ოპონენტი დაეთანხმოს მოპირისპირე მხარის რომელიმე კონკრეტულ მაგალითს და აქ მას შეიძლება ხმამაღალი ყიჟინით მიაწერონ, რომ დასთანხმდა საზოგადო მტკიცებულებასაც, რომელსაც ის, შესაძლოა, სულაც არ აღიარებდეს. მაგალითად: "თანახმა ხართ, რომ ლეიბმანი სპეკულანტია?" - "თანახმა ვარ". - "და თანახმა ხართ, რომ ბერმანიც სპეკულანტია?" - "დიახ, ეს ხომ ყველამ იცის". "აი ხედავთ, თქვენც აღიარებთ, რომ იქ ყველანი სპეკულანტები არიან!".

განსაკუთრებული კადნიერებით ეს ხრიკი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ოპონენტი ისე არ პასუხობს, როგორც მოწინააღმდეგეს სურს, და მისი სიტყვებიდან შეუძლებელია სასურველი დასკვნების გამოყვანა. მიუხედავად ამისა, შეიძლება უნამუსოდ მიაწერონ მას საზოგადო მდგომარეობის აღიარება.

ამავე მეთოდს შეიძლება განვაკუთვნოთ უზომო გადაჭარბება: "ვშიშობ, სიდოროვის პროექტი ოდნავ წარუმატებელია", -  ამბობს ერთი. "არა, მისი ყველა პროექტი წარუმატებელია, -  ამბობს მეორე. -  და საერთოდ, მან არ იცის მუშაობა, გასაგდებია აქედან!" ან კიდევ: "გურამი გუშინ წარუმატებლად გამოვიდა გამოცდაზე".
"ჰო, ის ყოველთვის ცუდად პასუხობს. და საერთოდ, ის ცუდი სტუდენტია, რა ესაქმება მას ინსტიტუტში?!".

ე. ჭელიძის მთელი წიგნი ("სული - ცხოველი") ამგვარი უზომოდ გადაჭარბებული შეფასებების, დამცირებებისა და შეურაცხყოფების  კრებულია. ის თითქმის ყველა გვერდზე ცდილობს, მის ოპონენტებზე (განსაკუთრებით ჩვენზე) შექმნას რაც შეიძლება კნინი შეხედულება, რომ მკითხველმა მხოლოდ მას დაუჯეროს და არა მის ოპონენტს. ამგვარი მეთოდით ე. ჭელიძე ახდენს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასაც და საკითხში გაურკვეველ მკითველს თავგზას უბნევს.


8. სანაძლევო

რაც უნდა საკვირველი და სასაცილო იყოს, ე. ჭელიძე ჩვენთან პოლემიკაში დავის ამ არაკორექტულ ფორმასაც მიმართავს. ამ მეთოდს მაშინ იყენებენ, როდესაც მოდავე ოპონენტი დარწმუნებული არ არის საკუთარ თავში. ასეთ შემთხვევაში მისი "აღება" შეიძლება დაფრთხობით, თუ მას სანაძლეოს დავუდებთ. "კარგი, -  ეუბნებიან მას, -  საკმარისია სიტყვების რახარუხი. შენ კაცი ვერაფერს შეგასმენს. მაგრამ, რაკიღა ასე დარწმუნებული ხარ შენს თავში, მოდი, დავნაძლევდეთ. გამტყუნდები -  სრულიად გაიპარსავ თავს (ან ჩახტები ტალახში, გადაიხდი დიდ თანხას და ა. შ.)". ან კიდევ ასე: "დე, იყოს ისე, როგორც შენ ამბობ. ისე მოვიქცეთ, როგორც შენ გინდა. მაგრამ იცოდე, შედეგებზე პასუხს მხოლოდ შენ აგებ". მოწინააღმდეგე თუ სულით ძლიერი არ არის, მან შეიძლება უკან დაიხიოს და უარი თქვას თავის თეზისზე ან წინადადებაზე და გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. მან შეიძლება ისეთ შემთხვევაშიც დაიხიოს უკან, როდესაც სანაძლეო თანხა (ან პირობა) განსახილველ საკითხის მნიშვნელობაზე გადაჭარბებულად მოეჩვენება. ამიტომაც ამ ხერხის გამოყენებისას, ჩვეულებისამებრ ფსონს რაც შეიძლება მაღლა წევენ.

სრულიად ცხადია, რომ ეს არის აკრძალული, არაკორექტული მეთოდი: ოპონენტი შეიძლება არსებითად მართალი იყოს, მაგრამ არ სურდეს გარისკვა, რამეთუ რისკი ზედმეტად ეჩვენება. მაგალითად, მე დარწმუნებული ვარ, რომ მთვარეზე სიცოცხლე არ არსებობს და მზად ვარ, ვედავო იმას, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მაგრამ, თუკი მე მეტყვიან: "თუ აღმოჩნდება, რომ მთვარეზე მართლა ყოფილა სიცოცხლე, მაშინ თავი უნდა მოგაჭრან (ან დაგხვრიტონ)". ასეთ შემთხვევაში დავფიქრდები, ღირს კი დაბეჯითებით ვამტკიცო ჩემი შეხედულება. აი, ამგვარი რისკის შიშით სრულიად სწორმა იდეამ ან გადაწყვეტილებამ შეიძლება დაუთმოს კადნიერ და მკრეხელურ ცთომილებას.


"სული - ცხოველის" 439-ე გვერდზე, ე. ჭელიძე ტერმინ "საპკურებელ წყალთან" დაკავშირებით სვამს კითხვას, რომელსაც დამცირებით "საშინაო დავალებად" გვისახავს და შემდეგ, ოპონენტისადმი კვლავ ირონიული დამოკიდებულებით (ბრჭყალებში სვამს მის მიერვე ჩვენთვის მოკერებულ ტერმინს "ძველმეჭეშმარიტე") ირწმუნება: "სანამ "ძველმეჭეშმარიტე" მისთვის მიცემულ საშინაო დავალებას "წარმატებით" გაართმევდეს თავს... საუკუნოდ მოგვიწევს"-ო ლოდინი.

მართალია, სათქმელი აქ პირდაპირი სანაძლეოს სახით არ არის მოცემული, მაგრამ ნაძლევის ნიშნები აქ აშკარად შეიმჩნევა და ამგვარ ფუნქციას ამ წინადადებაში ასრულებს სიტყვა "გარწმუნებთ", ასევე ვადა (ლოდინი "ასი წლის" განმავლობაში), რომელიც წესით ამ "რწმუნების" დამადასტურებელ პირობას უნდა წარმოადგენდეს.

ასი წელი ფიქრი ჩვენ არ დაგვჭირდება არათუ ე. ჭელიძის ერთი რომელიღაც კონკრეტული აფერის, არამედ მთელი მისი წიგნის საპასუხოდ (და არც არასოდეს დაგვჭირდება). მაგრამ ე. ჭელიძე ამგვარი "სანაძლეოს" დადებით მკითხველზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს და ხრიკით საკუთარი ჭეშმარიტების შეუვალობაში არწმუნებს. ეს არაკორექტული დავის ერთ-ერთი მეთოდია, რის გამოც, პოლემიკის ჭელიძისეული სოფისტური მეთოდოლოგიის მიმოხილვაში ისიც ჩავამატეთ.


9. ზედმეტად სწრაფი ლაპარაკი

ჩვენი პოლემიკა წერილობითია და არა ზეპირსიტყვიერი, მაგრამ მაინც, მკითხველს რომ სრული წარმოდგენა ჰქონდეს პოლემიკის არაკორექტულ და არასწორ მეთოდებზე, მომდევნო ხრიკიც ჩავრთეთ, რაც გამოიხატება ფრაზით "ზედმეტად სწრაფი ლაპარაკი". თუ ოპონენტი იგრძნობს, რომ მოწინაღმდეგე ნელა აზროვნებს, შეეცდება ილაპარაკოს სწრაფად, თანაც ისე, რომ მოდავემ ვერ შეძლოს ნათქვამისადმი აზრის მიდევნება. ყოველწამს ხომ არ იკითხავს - ახლა რა თქვიო?! ამასთან, ამ სწრაფ ლაპარაკში ჩართავენ უცხო ან ნაკლებად გასაგებ სიტყვებს და მეცნიერულ ტერმინებს: "მუტატის მუტანდის", "გენდერული", "ექსკლუზიური", "პენიტენციარული" და ა. შ. მოწინააღმდეგეს ძალიან მალე ან საერთოდ გაეფანტება აზრი და უაზროდ დაიწყებს თავის ქნევას, ან დანებდება და პოლემიკას შეწყვეტს.

მაგრამ თუ ოპონენტი არ წამოეგება ამ ხრიკებს და მტკიცედ განავითარებს თავის არგუმენტებს ისე, რომ მოწინააღმდეგეს ძლიერ შეავიწროებს, მაშინ მიმართავენ უფრო ძლიერ საშუალებებს და მას "დივერსიას" უწოდებენ.


10. დივერსია

დივერსიად იწოდება მარტივი გავრცელებული ხერხი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩიხში მომწყვდეული ოპონენტი სწრაფად ცვლის დავის თემას (ასეთი რამ ახასიათებთ, მაგალითად, ე. წ.  "იეჰოვას მოწმეებს"). თემა იცვლება ასე: "მოდი. ახლა სხვა მხრიდან მოვუაროთ..." "აი, კიდევ ერთი, ძალზედ საინტერესო საკითხი..." "რას ვდავობთ სულ ერთსა და იმავეზე, მოდი, შევეცადოთ სხვა მხრიდან მივუდგეთ საკითხს..." აქ შეიმჩნევა დავის თემის გადაგდების მცდელობა, რომელიც ოპონენტისთვის წარუმატებლად წარიმართა, და, არ სურს რა საკუთარი დამარცხების აღიარება, თემის გადაგდებას ცდილობს.

ზოგჯერ გამოხატავენ მარაზმატულ გაფანტულობას, ან ეჭიდებიან ოპონენტის რაიმე შენიშვნას, იწყებენ სრულიად განსხვავებულ საკითხებზე მსჯელობას და ა. შ. ამ მეთოდს იყენებენ მაშინ (ცხადია ის უფრო მოქმედებს ზეპირსიტყვიერი პოლემიკის დროს), როდესაც ოპონენტები უკვე გრძნობენ თავიანთ დამარცხებას და ამისი აღიარება არ სურთ.


11. დავის გაჭიანურება

დივერსია თუ არ გამოვიდა, მაშინ ცდილობენ დროის გაწელვას, რათა მოწინააღმდეგემ დაკარგოს მოთმინება და თვითონ თქვას უარი დავაზე. აქაც ბევრი მეთოდი არსებობს. ძალიან გამაღიზიანებლად მოქმედებს ადამიანზე საკუთარი მოხერხებული რეპლიკების ან მოწინააღმდეგის წარუმატებელი გამონათქვამების უსასრულოდ გამეორება, მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგე ასწორებს ამ შეცდომას და ბოდიშს იხდის. გამეორებებს და ერთი და იმავე შეკითხვის მრავალჯერადად დასმას შეუძლია, ოპონენტი იქამდე მიიყვანოს, რომ ის ან საერთოდ დაივიწყებს თავის არგუმენტებს, ან, უბრალოდ, ხელს ჩაიქნევს და დავას შეწყვეტს. გამარჯვება კი არაკორექტულად მოდავე პოლემისტს დარჩება.


12. გზის აბნევა

შეიძლება მოწინააღმდეგეს დაუსვან მრავალი შეკითხვა, თანაც სხვადასხვა მიზანდასახულობით.

ასეთია, მაგალითად, შეკითხვები, რომლებიც მიზნად ისახავს ოპონენტის დისკრედიტაციას: "უკვე აღარ ცემ საკუთარ ცოლს?" "უკვე აღარ ლოთობ?" "უკვე აღარ ეწევი რეკეტს?" და მისთანანი... პოლემიკაში ასეთი და მისი მსგავსი შეკითხვების დასმა მიზნად ისახავს ოპონენტისა და მისი პოზიციის დისკრედიტაციას.

პედანტური შეკითხვები: "კარგია, რომ ამტკიცებ თოვლი თეთრიაო. მაგრამ, მოდი, დავაკონკრეტოთ, რას ნიშნავს, რომ "თეთრია"? და რას უწოდებ შენ "თოვლს"? იმ ფიფქებს, რომლებიც ციდან ცვივა, თუ ნამქერს, ქუჩაში რომ ყრია?" მისწრაფება სიზუსტისკენ, რა თქმა უნდა, საქებარია, მაგრამ, თუ ისე ვლაპარაკობთ რომ ჩვენი ნათქვამი ყველასთვის გასაგებია, ამგვარი დაწვრილმანება მხოლოდ სხვა მიზნებს ემსახურება. შეიძლება ჩავაცივდეთ ნებისმიერ სიტყვას, გამონათქვამს და, როდესაც ამას აკეთებენ განსახილველი თემის არსთან კავშირის გარეშე, ეს უკვე არაკეთილსინდისიერი ხერხია, რომელსაც ასევე არაკეთილსინდისიერი პოლემისტები მიმართავენ.

და ბოლოს, კითხვები შეიძლება დასვან განსახილველი თემიდან გადახვევის მიზნით. უსასრულო დავა "გითქვამს" - "არ გითქვამს" და მისი მსგავსი ხრიკები ყოველთვის ოპონენტის "გზიდან გადაყვანას" ისახავს მიზნად. ასეთი ჩაციებები და შეკითხვები საშინლად წელავს ზეპირ პოლემიკას და მას ურთიერთშორის საქმის გარჩევად აქცევს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში დავის საგანი საერთოდ მივიწყებულია.

აზრი არა აქვს სოფისტის ყოველი ხრიკის ცალ-ცალკე მხილებას, ეს პოლემიკას საკმაოდ შორს და განზე გაიყვანს. საკმარისია ყურადღება არ მივაქციოთ ემოციურ გამოხდომებს, სიტყვის გადატანებს, ცნებათა აღრევებს, უაზრო ბრალდებებს და დავა პირველდაწყებით თემას დავუბრუნოთ.

ამ შემთხვევაში ჩვენც ასე ვიქცევით. პოლემიკის აკრძალულ, არაკორექტულ და მეტიც, უსინდისო მეთოდებზე აქ თავიდანვე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ შემდეგ, ე. ჭელიძის ანტი-"სტაროვერულ" თხზულებებში ამ ხერხებზე მინიშნებებითა და დაკონკრეტებით "განზე" არ გავიდეთ, დასახეულ თემას არ ავცდეთ და მკითხველიც ყოველთვის იმ თემის გარშემო გვყავდეს კონცენტრირებული.

ამიტომაც, თავიდანვე აღვნიშნავთ რა იმ მეთოდებს, რასაც ე. ჭელიძის ნაშრომში ვხვდებით (და საკმაოდ ხშირადაც), უშუალოდ თემების განხილვისას ამ მეთოდებზე უკვე აღარ შევჩერდებით. მკითხველი, გამომდინარე ჩვენი ამ მოკლე მიმოხილვიდან პოლემიკის აკრძალული და არაკორექტული ხერხების შესახებ, თვითონ მიხვდება, ე. ჭელიძის ამა თუ იმ მტკიცებულებაში აფერის რომელ სახეობასთან აქვს საქმე.

ახლა განვაგრძოთ პოლემიკის აკრძალული მეთოდების განხილვა ისეთი ხრიკით როგორიცაა "დავის გაწყვეტა".


13. დავის გაწყვეტა

ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ზეპირსიტყვიერ პოლემიკაში. წარმოიდგინეთ, რომ ოპონენტმა ცოცხალ პოლემიკაში ვერ შეძლო დივერსიის გამოყენება, ვერც შეცვლის მეთოდები და მოწინააღმდეგეც ბეჯითად და მტკიცედ აბრუნებს მას დავის საგანთან. მაშინ, არაკეთილსინდისიერი პოლემისტი თავისი ოპონენტის გასაჩუმებლად მიმართავს ხრიკს, რომელსაც "დავის გაწყვეტას" უწოდებენ. ეს შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა საშუალებით.

ყველაზე მარტივია - არ მისცე ოპონენტს სიტყვის თქმის საშუალება. ასეთ დროს ლაპარაკობს მხოლოდ ერთი, ამტკიცებს, მსჯელობს, მოჰყავს არგუმენტები, რომლებიც შეეძლო გამოეთქვა ოპონენტს და თვითონვე სცემს პასუხს, ოხუნჯობს და იცინის საკუთარ ხუმრობებზე, ამცირებს ოპონენტს და ა. შ. ცხადია, თუ ოპონენტს ლაპარაკის შესაძლებლობას არ მისცემთ, არავითარი დიალოგი და დავა არ შედგება. ის გადაიქცევა ერთ- ერთი პოლემისტის მონოლოგად.

მაგრამ მაინც, თუ ისე მოხდა, რომ მოწინააღმდეგემ შეძლო ერთი სიტყვის ჩასმა ამ მონოლოგში, იმწამსვე გააწყვეტინებენ და ეტყვიან: "აჰა, ვიცი, რის თქმასაც აპირებ. მოდი, მე თვითონ ჩამოვაყალიბებ შენს სათქმელს..." ან "მოიცა, მოიცა, მე ვიცი, რომ შენ სინამდვილეში ასე არ ფიქრობ, გულის სიღრმეში მეთანხმები კიდეც, ასე არ არის?"

და უფრო დახვეწილი: "გიპასუხებდი, დაგიმტკიცებდი, მაგრამ არ გამოვა: შენ თვითონაც კარგად უწყი, რომ ამაზე ლაპარაკი საშიშია". თუ ერთ-ერთ ოპონენტს არ შეუძლია აზრების გამოთქმა ცენზურული მოსაზრებებით, მაშინ დავა, რა თქმა უნდა, შეწყდება.


14. წინასწარ აკვიატებული ინტერპრეტაცია, ანუ "ორმაგი სტანდარტი"

ერთსა და იმავე საგნებს, მოვლენებს, ცნობებს ახასიათებენ პირდაპირ საწინააღმდეგო ნიშნით, იმისდა მიხედვით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მისდამი მოსაუბრეს. მაგალითად: "ჩემს ქალიშვილს ძალიან გაუმართლა, არაჩვეულებრივი ქმარი ჰყავს. ჩემს გოგოს ჯერაც სძინავს, ის რომ ჩუმად დგება, გაიქცევა მაღაზიაში, მოამზადებს საუზმეს და, სუფრას რომ გაშლის, ცოლს მერე აღვიძებს. აი, ბიჭს კი არ გაუმართლა! მისი ცოლი ძროხასავით ფშვინავს, ჩემი ბიჭი კი იძულებულია, ცოლზე ადრე ადგეს, გაიქცეს მაღაზიაში, ჩადგეს რიგში, მოზიდოს სახლში პროდუქტები და მზარეულივით გაზქურასთან მდგომმა ნაირნ-ნაირები დაუმზადოს. ქალბატონიც მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე ყველაფერი მზად არის და სუფრაც გაიშლება, ინებებს გამოღვიძებას და საწოლიდან გამოძრომას!".  სიტუაცია აბსოლუტურად ერთი და იგივეა, ოღონდ გადმოგვცეს სხვადასხვანაირად.

მოკლედ, ეს არის ხრიკი, როდესაც ერთი და იმავე კატეგორიის, მნიშვნელობის ან არსის მქონე საგნები თუ მოვლენები დახასიათებულია იმ კუთხით, რა კუთხითაც ეს ხელს აძლევს მოდავეს.

სხვათა შორის, ამგვარ "ორმაგ სტანდარტს" ხშირად მიმართავენ პოლიტიკოსები, როდესაც, მაგალითად, იმ ქვეყნის პატრიოტებს და მებრძოლებს, რომელიც პოლიტიკური პარტნიორია "პატრიოტებს" და "გმირებს" უწოდებენ, ხოლო იმ ქვეყნის პატრიოტებს, რომელთანაც ერთგვარი დაპირისპირება არსებობს, იგივე პოლიტიკოსი, - "მკვლელად" და "ტერორისტად" მოიხსენიებს. ასე ხდება რომელიმე ქვეყნის პარტიზანული მოძრაობა ერთი პოლიტიკური ფრთისთვის - პატრიოტთა მოძრაობა, ხოლო სხვა პოლიტიკური ფრთისთისთვის - ტერორიზმი. საქართველოს უახლესი ისტორიაც ამისი ბრწყინვალე მაგალითია. რუსეთი ტერორისტებს უწოდებდა ქართველ პარტიზანებს, რადგან საქართველო არ იყო მისი პოლიტიკური პარტნიორი, ხოლო რომ ყოფილიყო, მაშინ რუსეთი მათ არა ტერორისტებად, არამედ პატრიოტებად გამოაცხადებდა.

ცხადია, ასეა რელიგიურ "ფრონტზეც", როდესაც, მაგალითად, ძველმართლმადიდებლებს "სექტანტებს" და "რასკოლნიკებს" უწოდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაგვარად მთელ რიგ წინააღმდეგობებს წააწყდებიან, რაც, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევთ. ძველმორწმუნეთა სასულიერო პირების ტიტულატურას წინწკლებში სვამენ ("ეპისკოპოსი", "მღვდელი" და ა. შ.), ხოლო აშკარა მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა, ასევე სექტანტთა სასულიერო პირებსა და ტიტულატურას სრულად და თვით "წმიდათა" კატეგორიაშიც კი მოიხსენიებენ. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ოფიციალური საპატრიარქოს პრაქტიკა, როცა ის გასული საუკუნის თავის საეკლესიო კალენდრებში მწვალებლური საზოგადოებების ("ეკლესიების") წარმომადგენლებს თავიანთი სრული ტიტულატურით მოიხსენიებს, ყოველგვარი წინწკლებისა და ზედწოდების (სექტანტი, ერეტიკოსი, სქიზმატიკოსი) გარეშე.


15. მოთმინებიდან გამოყვანა, ანუ "მსახიობური ხრიკი"

ამბობენ, რომ ეს მეთოდი პირველად თეატრალურ გარემოში მსახიობთა შორის არსებული ურთიერთშუღლის შედეგად აღმოცენდა. ხრიკის არსი მარტივია: ადამიანს საპაასუხისმგებლო გამოსვლის წინ ეუბნებიან ისეთ სისაძაგლეს, რომ მოთმინებიდან გამოჰყავთ და აკარგვინებენ წონასწორობას. ამ ხრიკს ნიჭიერი მსახიობების მიმართ იყენებდნენ უნიჭოები, როდესაც სცენაზე გასვლის წინ რაიმე ისეთს ეტყოდნენ (მაგალითად, "ცოლი გღალატობს და შენ კიდევ სცენა გადარდებს?"), რაც მას მოთმინებიდან გამოიყვანდა. ამგვარი ინციდენტის შემდეგ მსახიობი, რომელსაც კონცენტრირება მხოლოდ როლზე უნდა მოეხდინა, იბნეოდა, კარგავდა წონასწორობას და როლსაც ცუდად ასრულებდა, ეს კი მის, როგორც მსახიობის ავტორიტეტზე უცილობლივ აისახებოდა.  

ზუსტად ასეა დავაშიც. როცა იგრძნობს, რომ საქმე აქვს ძლიერ პოლემისტთან, რომელსაც შეუძლია ოპონენტის კედელთან მიყენება, მაშინ არაკეთილსინდისიერი მოდავე ისეთ რამეს იტყვის, რაც მოწინააღმდეგის წონასწორობიდან გამოყვანისკენ არის გამიზნული; და ეს თუ შეძლო, მაშინ მას უკვე არც დისკუსიის თავი ექნება და არც იმ თემის განხილვისა, რომელიც თავიდანვე იყო დასახული. მოწინააღმდეგე ან თავს დაანებებს დავას, ან, თუ ანკესზე წამოეგო, თვითონ დაიწყებს შეურაცხყოფის მიყენებას, რაც უკვე დავის ჩაშლისა და სადავო საკითხთა გაბუნდოვანების წინაპირობაა.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ ე. ჭელიძის მიერ ჩვენდამი მომართული უტაქტო და უტიფარი ეპითეტები სწორედ ამ მიზნით არის გამოყენებული.


16. მიმიკა

ოპონენტი შეიძლება გააღიზიანოს თვალის ჩაპაჭუნებამ, რითაც აუდიტორიას ანიშნებენ: "ხედავთ, მე როგორი ყოჩაღი ვარ, ხოლო ჩემი მოწინააღმდეგე კი რა უხეიროა"; ჟესტებით -  თითის დატრიალება საფეთქელთან, აქაოდა, ჩემი ოპონენტი მთლად ჭკუაზე ვერ არისო… და სხვა. ასეთ ხრიკებს მიმართავენ ზეპირსიტყვიერ პოლემიკაში და ეს, რაღა თქმა უნდა, დავის სრულიად არაკორექტული მეთოდია.


17. ინტონაცია

ოპონენტზე ზემოქმედების ერთ- ერთი უძლიერესი ხერხია ინტონაცია, ოღონდ ამ შემთხვევაში მოდავე თვითონაც კარგად უნდა აკონტროლებდეს საკუთარ ხმას (წერილობითი დავის შემთხვევაში კი წერის მანერას). ზოგჯერ სრულიად უწყინარი სიტყვები შეიძლება ისეთი ინტონაციით წარმოთქვა, რომ გააცოფო შენი ოპონენტი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხშირად ადამიანთა გულებს ეკლად ესობა არა სიტყვები, არამედ ტონი, რომლითაც ისინი წარმოითქვა. შეიძლება სრულიად არასასიამოვნო რამ ადამიანს უთხრა მეგობრული, სანდო ტონით და ის არ განაწყენდეს; და პირიქით, სრულიად უბრალო და უწყინარი ფრაზა ისე წარმოთქვა, რომ კედელ- კედელ ატარო შენი ოპონენტი. ასეთ რამეს ნებისმიერი ჩვენგანი შეხვედრია ცხოვრებაში.


18. ხიჭვი

ეს არის გარეგნულად უწყინარი, მაგრამ შეფარვით სხვა მნიშვნელობის მქონე, საწყენი აზრის შემცველი ფრაზა. "ხიჭვებით" სავსეა ე. ჭელიძის ორივე ანტიძველმართლმადიდებლური ნაშრომი, განსაკუთრებით კი მეორე - "სული - ცხოველი" (თბ. 2012 წ.).


19. შეურაცხყოფები

იმის შემდეგ, რაც არანაირი ხრიკი არ გასდით - არც დივერსია, არც დავის შეწყვეტა; შედეგს არ იძლევა ჟესტები და ინტონაციები, რჩება უკანასკნელი საშუალება, რაც საერთოდ არ არის მიღებული წესიერ ადამიანებს შორის, მაგრამ პანიკაში ჩავარდნილ ოპონენტს უკვე წესიერებაზე ფიქრის დარდი აღარა აქვს და ის აშკარა უხეშობასა და შეურაცხყოფებზე გადადის.

თუ ოპონენტთან დავაში გამომწვევად მოიქცევით, შეეცდებით მის ისე შეურაცხყოფას, რომ ის საბოლოოდ წყობილებიდან გამოვიდეს და შეურაცხყოფას შეურაცხყოფით უპასუხოს, მაშინ საქმე ან ჩხუბით უნდა დამთავრდეს, ან სამუდამო დამდურებით, დავის საგანი კი ორივე მხარეს მიავიწყდება და ყოველ მორიგ ინტელექტუალურ შეპაექრებაში მას ყოველთვის გაექცევიან თქვენი ოპონენტები. თუ მხოლოდ ეს გამოძრავებთ, მაშინ, კი ბატონო, შეუტიეთ, მიაყენეთ ადამიანს ათასგვარი შეურაცხყოფა, რომ მას მომავალში თქვენთან არათუ დავის და რაიმე სერიოზულ თემაზე მსჯელობის, არამედ დალაპარაკების და ნახვის სურვილიც კი არ გაუჩნდეს. არ არის გამორიცხული, ე. ჭელიძეს ესეც ჰქონდა სათვალავში, რადგან მის ნაშრომში "სული - ცხოველი" ასეთი შეურაცხმყოფელი გამონათქვამები სულაც არ არის სანთლით საძებარი.

ზემოთ ჩვენ ჩამოვწერეთ ის იარლიყები, რომელსაც ე. ჭელიძე გვაწებებს, ახლა იხილეთ გამონათქვამები, რომლითაც ის აფასებს ჩვენს მსჯელობას და ცოდნას: "უამპარტავნულეს ხიბლში მყოფნი და უმწვერვალესი ტკბობის მქონენი" (გვ.122), "ესოდენი წარწყმედულობის წინაშე მდგომთ იმის დრო აქვთ, რომ სხვათა საძნოდ (საწინააღმდეგოდ) მბორგალებდნენ, სხვებს შეაგონებდნენ?" (გვ. 124), "თუთიყუშივით იმეორებენ ერთსა და იმავეს..." (გვ. 127, 230), "... გადაშთაფლულები გველსიტყვაობენ..." (გვ. 262), "ამპარტავნული სიცრუის ვნებით არიან მოწყლულნი..." (გვ. 300), "... გველმესიტყვენი და ლიტონთა სასმენელთი მეორედნათლობის მარადწარმწყმედი საცთურის შთამგესლვლელნი თავიანთ თავს ძველმართლმადიდებლებს უწოდებენ..." (გვ. 303), "... ბორგნეულობით დაგვკიჟინებენ თანამედროვე გადაშთაფლულები" (გვ. 319), "... უუკეთურესი განცოფებულობა" (გვ. 322), "... სიბილწის მოძღვარნი" (გვ. 349), "გლისპნი და გვეცნი" (გვ. 378), "... ვერაგობანი და აზრგაუმტარი უმეცრებითი სიჩლუნგე..." (გვ. 406), "ვნებიან ზრახვათა თარგი" (გვ. 408), "ერეტიკული გონება" (იქვე), "დელირიუმი" (ბოდვა) (გვ. 410), "წერა-კითხვის უმეცარი" (იქვე), "... როგორ მკსინვარებს "ძველმართლმადიდებელი""... (გვ. 418), "გონითი სიჩლუნგენი და ვერაგობანი" (გვ. 420), "... ფარისევლურად შევრდომილ- შემეზვრილი უძღები შვილი" (გვ. 423), "... დიაგნოზს ვერ დავუსვამთ სულიერი აშლილობის იმ ხარისხს, რაც ... ტექსტების ამგვარ "გაგებაში" ჩანს..." (გვ. 435), "არანაირი სურვილი გვაქვს "ძველთა" ე. ჭ. მეცნიერული ჩხრინკელში ქექვისა" (გვ. 436) (ძვ. ქართ. "ჩხრინკელი" -  სკორე, ნეხვი, განავალი, ფუნა - არქიეპ. პ.) და მისთანანი.

არიან ადამიანები, რომელთათვისაც ცემა არ არის იმდენად დამამცირებელი, რამდენადაც საკუთარი შეცდომის აღიარება ან სხვა ადამიანის გონებრივი უპირატესობის დანახვა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც პოლემისტი ასეთ მეთოდს მიმართავს, მას გონებრივადაც ცუდადა აქვს საქმე და განსახილველ საკითხში მართებულობა- არამართებულობის მხრივაც. რამეთუ მართალ და წესიერ ადამიანს, რომელიც საკითხს პატიოსნად განიხილავს, მოწინააღმდეგის ასეთი დამცირება და არაკორექტული პოლემიკის მთელი არსენალის გამოყენება არაფერში უნდა სჭირდებოდეს.

სამწუხაროდ, აკრძალული მეთოდები იმდენად ბევრია, რომ მათი ამომწურავი სიის ჩამოწერაც კი შეუძლებელია. ზოგჯერ ძნელია გაიგო, რას გულისხმობს ამა თუ იმ ხრიკის არსი. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ყველაფერთან არსებობს აკრძალული არგუმენტებიც.

სანამ ამ უკანასკნელ თემაზე გადავიდოდეთ, მინდა მკითხველს ვაუწყო, რომ ჩამოთვლილის გარდა არსებული სხვა ხრიკები, რომელიც ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ, შესაძლოა, თვით მკითხველმაც აღმოაჩინოს ე. ჭელიძის ხსენებულ ნაშრომებში და თვით ჩვენს ამ წიგნშიც იქ, სადაც მისი თხზულებებიდან ("ეკლესია -  სძალი უფლისა" და "სული - ცხოველი") ამოკრებილ მაგალითებს მოვიხმობთ.

<<<

5

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика