აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I - სიცრუის ტექნოლოგია_თეოლოგიისა და მეცნიერული კვლევის შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

გზა - მართლად სავალი

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექტნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თეოლოგიისა და მეცნიერული კვლევის შესახებ

თბილისის სასულიერი აკადემიისა და სემინარიის ოფიციალურ საიტზე (www.tsas.ge ან  http://tsas.ge/ge/?page_id=2017) ე. ჭელიძის სამეცნიერო ტიტულატურა ასეა ჩამოყალიბებული: ღვთისმეტყველების დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი. ამრიგად, ბ - ნი ე. ჭელიძე არის მეცნიერი. ტიტულატურის მიხედვით, მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია ფილოლოგია და ღვთისმეტყველება. ის, აგრეთვე, არის პატროლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ამავე აკადემიაში, რაც წმიდა მამათა დოგმატური-ზნეობრივი და ასკეტური ღვთისმეტყველების შესწავლის გარდა, მოიცავს ასევე ეკლესიის ისტორიის, საეკლესიო ხელოვნების, ეთიკისა და ესთეტიკის სფეროებს, რამეთუ თვით პატრისტიკა-პატროლოგია საკმაოდ ფართო პროფილის საგანია.

რადგან საქმე გვაქვს მეცნიერთან, რომელიც მოღვაწეობს საზოგადოებისა და ეკლესიისთვის ესოდენ მნიშვნელოვან სფეროებში, რომელთა გარეშე საეკლესიო საკითხთა ცოდნა წარმოუდგენელია, ბუნებრივად უნდა გვეფიქრა, რომ მისი ზემოთ ხსენებული ნაშრომებიც მეცნიერული ობიექტურობისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმთა შესაბამისი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ, როდესაც მეცნიერი მისდევს არა მეცნიერულ, არამედ იდეოლოგიურ თუ მერკანტილურ ინტერესებს, ის ღალატობს მეცნიერული კვლევის პრინციპებს და მთელ თავის ცოდნასა და განათლებას სწორედ ამ ინტერესთა სამსახურში აყენებს. ამის გამო ზარალდება მეცნიერებაც და მორწმუნეთა სულიც, რამეთუ ნებისმიერი საეკლესიო საკითხი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სარწმუნოებისა და მორწმუნეებისთვის არის მნიშვნელოვანი და არსებითი.  


შესაძლოა, ვინმე არ დაეთანხმოს ე. ჭელიძის ხსენებულ ნაშრომთა ჩვენეულ შეფასებას და გვითხრას, რომ ამგვარი ბრალდება საჭიროებს დამტკიცებას. გამომდინარე აქედან, სულ ორიოდ სიტყვით გვსურს აღვნიშნოთ ისიც, თუ რას შეიძლება ეწოდოს მეცნიერული ნაშრომი, რა უნდა ახასიათებდეს მას, როგორც მეცნიერულს და ასევე, როგორია ცრუ, ანუ არამეცნიერული ნაშრომი.


თავიდანვე მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ საკმაოდ გავრცელებულ ტერმინს "ღვთისმეტყველი" ან "ღვთისმეტყველების დოქტორი". პრეტენზია ამ გამონათქვამებთან ჩვენ არ გვაქვს, ოღონდ გასარკვევია ერთი: რამდენად სამართლიანად ფლობენ ამ ტიტულს ზოგიერთები? ან თუ სამართლიანად ფლობენ, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მას?


როგორც მეცნიერი უნდა უფრთხილდებოდეს თავისი მეცნიერულ წოდებას, ასევე ღვთისმეტყველიც უნდა იცავდეს ამ წოდების მინიჭებით ბოძებულ ღირსებას.


მკითხველი, ალბათ, მიხვდება თუ რატომ აღვნიშნავთ ყოველივე ამას. დიახ, იმისთვის, რათა ვნახოთ, რამდენად მეცნიერულია და რამდენად საღვთისმეტყველოა ის მეთოდები და განმარტებები, რომლებსაც ბ- ნი ე. ჭელიძე გვთავაზობს ჩვენ მიერ დასახელებულ წიგნებში.


1. ორგვარი ღვთისმეტყველება

თავიდანვე მოკლედ უნდა მივუთითოთ, რომ არსებობს ორგვარი ღვთისმეტყველება. ამ სიტყვის აბსოლუტური მნიშვნელობით ღვთისმეტყველი არის მხოლოდ ის, ვინც მიაღწია ღმრთის ხელთუქმნელი ნათლის ჭვრეტას, ხოლო შეფარდებითი მნიშვნელობით ღვთისმეტყველი შეიძლება იყოს ის, ვინც ლაპარაკობს ღმრთის შემეცნებაზე, რაც ებოძათ განღმრთობილთ. შევადაროთ ეს მეცნიერებას: მეცნიერებად უპირატესად იწოდებიან ისინი, ვინც იკვლევს სხვადასხვა მოვლენებს და აყალიბებს ახალ ცოდნას მათ შესახებ, მაგრამ, მეცნიერებად იწოდებიან ისინიც, ვინც გადმოგვცემს მკვლევართა ცოდნას სხვადასხვა საკითხებზე. რაც შეეხება თეოლოგიას (ღვთისმეტყველებას) თუ არა გვაქვს ღმრთის უშუალო შემეცნება, მაშინ მას შევიმეცნებთ ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებებიდან, რომლებმაც ასეთი პირადი ცოდნა სულიწმიდის მადლით მოიპოვეს. ამრიგად, ღვთისმეტყველება ფუნქციონირებს, როგორც გამოცდილება და ნიჭი, და როგორც მეცნიერება.


მაშასადამე, აბსოლუტური და შეფარდებითი ღვთისმეტყველება (და ღვთისმეტყველები) განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რადგან ე. ჭელიძის სახით ჩვენ საქმე გვაქვს სწორედ მეორე, შეფარდებით ღვთისმეტყველთან, უნდა განვმარტოთ, რომ შეფარდებითი ღვთისმეტყველება, ეს არის კვლევის, მეცნიერების დარგი, რომლითაც არიან დაკავებულნი საღვთისმეტყველო ფაკულტეტების ღვთისმეტყველები (მეცნიერები). ისინი იკვლევენ ყველა ისტორიულ მოვლენას და გადმოსცემენ მნიშვნელოვან ცნობებს, რომლებიც ეხმარება სტუდენტებს (და ყველა დაინტერესებულ პირს), გახდნენ მოცემული საგნის მცოდნენი ან სასულიერო პირები და ღვთისმეტყველების სამეცნიერო ხარისხთა მფლობელები.


სამეცნიერო, ანუ აკადემიური ღვთისმეტყველება მეცნიერულ დონეზე, გარდა უშუალოდ საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარებისა, შეისწავლის ისეთ საგნებს, როგორიც არის: ტექსტების შესწავლა (სხვადასხვა საუკუნის ძველი და ახალი აღთქმის ხელნაწერები, ფილოლოგია, პალეოგრაფია), საეკლესიო ისტორია (მოიცავს საკუთრივ საკლესიო ისტორიას, დოგმატების ისტორიას და საეკლესიო დოგმატიკას), საეკლესიო ხელოვნება (არქიტექტურა, ხაწერა, გალობა და მათი ჩამოყალიბების ისტორია და პრინციპები), რელიგია და ქრისტეანული აღმსარებლობანი (კაცობრიობის აზროვნების და რელიგიური შეხედულებების განვითარების ფილოსოფიური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული მხარეები) და თანამედროვე ცხოვრება (სამოძღვრო ღვთისმეტყველება).


ამ ძალიან ზოგადი ნიშნებიდანაც კი, რომლებიც ჩვენ ჩამოვწერეთ, ცხადია, თუ საკითხთა რაოდენ დიდ სპექტრთან უწევს მუშაობა მეცნიერ-ღვთისმეტყველს და რაოდენ საპასუხისმგებლოა ამგვარ ნამუშევართან გაცნობა მორწმუნე ქრისტეანისთვის.


ვინც ე. ჭელიძის ზემოთ ხსენებულ ნაშრომებს გასცნობია, ადვილად დარწმუნდებოდა, რომ მათში განხილულია როგორც წერილობითი წყაროები, ასევე საეკლესიო გადმოცემები, მათი დოგმატური შინაარსი, განხილულია ქრისტეანული ხელოვნების (გრაფიკული გამოსახულებები და ხატწერა) და ისტორიის ზოგიერთი მოვლენა. მაგრამ ეს ყოველივე, თუკი ლაპარაკია მეცნიერ- ღვთისმეტყველის ნაშრომზე, უნდა ატარებდეს მეცნიერული ნაშრომისთვის აუცილებელ ნიშნებს.


აქ არ შევუდგებით საერო მეცნიერებებისა და ღვთისმეტყველების, როგორც მეცნიერების, კვლევათა მეთოდების ურთიერთშედარებას. ეს მაინც იმდენად განსხვავებული სფეროებია, რომ შეიძლება კვლევის მეთოდებშიც იყოს განსხვავებები, თუმცა საერთოც ბევრია, რადგან ქრისტეანობა, და კონკრეტულად მართლმადიდებლობა, რაკიღა ცხოვრობს და არსებობს, ქმნის და იღვწის ამქვეყნად, ბუნებრივად, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ზოგიერთი გამოვლინების (წმიდა ტექსტები, არქიტექტურა, გალობა, ხატწერა და სხვა) შესწავლა საერო მეცნიერების დახმარებითაც არის საჭირო და აუცილებელი. მაგრამ არსებობს იმგვარი საერთო ნიშნები მეცნიერებათა ამ ორ კატეგორიას (საეროსა და საღვთისმეტყველოს) შორის, რომლის გარეშე არც ერთი და არც მეორე არ შეიძლება იწოდოს მეცნიერულად. ბუნებრივია ამ ნიშნების არქონის გამო, ის ვერც საღვთისმეტყველოდ იწოდება.  


2. ისტორია და ისტორიული კვლევა.

სანამ უშუალოდ ამ ნიშნებს შევეხებოდეთ, საჭიროდ მივიჩნევთ, გამოვყოთ მეცნიერების ისეთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორიცა არის ისტორია და ისტორიული კვლევა. ამ თემაზე არსებობს უზარმაზარი ლიტერატურა, ჩვენ მხოლოდ უმცირესით ვისარგებლებთ და შევეცდებით მისი არსი გადმოვცეთ პოპულარული და ძალზე მარტივი ენით. ამისთვის დავესესხებით ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ა. ნ. მედუშევსკის სტატიას: "ისტორიული კვლევის მეთოდები", რადგან ამ სტატიაში მოკლედ და გასაგებად არის გადმოცემული ჩვენი სათქმელიც.


"ნებისმიერი მეცნიერების განვითარებაში დგება ისეთი პერიოდი, - წერს ავტორი. - როდესაც აშკარად ჩნდება მოთხოვნილება, კვლევის ცენტრში დადგეს არა იმდენად ფაქტების შესწავლა, რამდენადაც მათი ახსნის მეთოდები. ისტორიკოსების შეხედულებები თავიანთი მეცნიერების ამოცანებისა და მეთოდების შესახებ განსხვავებულია. ამაში, კერძოდ, იმალება მიზეზი იმისა, რომ დასკვნები ხშირად კეთდება ფაქტების შესწავლამდე, ან პირიქით, არ გვაქვს განზოგადებები და ისინი უბრალო მონაყოლით არის ჩანაცვლებული. ორივე შემთხვევაში იკარგება კვლევის აზრი. აკადემიკოსი ი. დ. კოვალჩენკო, წიგნის "ისტორიული კვლევის მეთოდების" (Методы исторического исследования М.: Наука, 1987) ავტორი, როგორც თვითონ წერს, მიისწრაფოდა, "ხელი შეეწყო ისტორიკოსებისთვის, უფრო გააზრებულად დაუფლებოდნენ თავიანთი მეცნიერების ტექნოლოგიას".


ყოველი მეცნიერების მეთოდი, უპირველეს ყოვლისა, განისაზღვრება იმ მოვლენების თავისებურებებით, რომლებსაც ის სწავლობს. ისტორიის საგანია კაცობრიობის წარსული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისტორია სწავლობს იმას, რაც უკვე რეალურად აღარ არსებობს. უფრო ზუსტად, არსებობს თავის ზემოქმედებაში თანამედროვეობაზე. რადგან მას არა აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ დააკვირდეს წარსულ მოვლენას, ისტორიკოსი მათზე მსჯელობს ხელოვნებისა და საყოფაცხოვრებო საგნების შემორჩენილი ნიმუშების მიხედვით, უპირველეს ყოვლისა კი წარსულის ხელნაწერი დოკუმენტებით. მათ შორის არის  მატიანეები, სამართლებრივი დოკუმენტები, წერილები, მემუარები და მრავალი სხვა. ყოველი ამ წყაროთაგან შეიქმნა გარკვეულ ისტორიულ პირობებში, ასახავს მათდამი თავის დამოკიდებულებას; ზოგჯერ მეტად სუბიექტურს ან მიკერძოებულსაც კი, შესაძლოა - სანდოს ან არასანდოს.


იმისთვის, რათა ამ ფრაგმენტული, წყვეტილი ცნობების მიხედვით შევიქმნათ წარსულის მეტ-ნაკლებად მთლიანი სურათი, უნდა ვიცოდეთ წყაროებთან მუშაობის სპეციალური მეთოდები. ეს ევალება სპეციალურ ისტორიული დისციპლინას - წყაროთმცოდნეობას. ის აღმოცენდა ისტორიულ დოკუმენტებთან მეცნიერთა მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად და ჩამოაყალიბა მათი ძიების, დათარიღების, ავტორობის დადგენის, მათში გადმოცემული ცნობების სანდოობის შემოწმების, და ბოლოს, მათი აზრის მართებული განმარტების მეთოდები. მხოლოდ ამ კვლევათა შედეგად აქვს ისტორიკოსს უფლება, ამტკიცოს, რომ ესა თუ ის ფაქტი ნამდვილად მოხდა. ამასთან, მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ეტაპია - დოკუკმენტის გარეგნული ნიშნების კრიტიკული ანალიზი: ხელწერა, წერილის მასალა, მელანი, წერის მეთოდები და სხვა...


მაგრამ უშუალოდ წყაროში გამოხატულ ცნობებს (მაგალითად, კონკრეტული მოვლენების, ფაქტების, სახელების აღწერას) მნიშვნელოვნად აჭარბებს დაფარული, ანუ როგორც მას უფრო ზუსტად უწოდებენ, სტრუქტურული ინფორმაცია. მოვლენის თვისებისა და დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით ის გამოხატავს მათთვის ნიშანდობლივ კავშირს. არსებითად, აქ ლაპარაკია კონტექსტის ლოგიკურ ანალიზზე, რომელშიც წყარო გადმოსცემს ფაქტებს. მაგრამ აქ ადგილი რჩება ჰიპოთეზასაც, ჩნდება ფაქტების ნამდვილი თანაფარდობის სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. შეგახსენებთ ვ. ო. კლუჩევსკის აფორიზმს: "ისტორიული კრიტიკის ზეიმი: იქიდან, რაზეც ლაპარაკობენ წყაროები, უნდა მიხვდე რაზე დუმან ისინი".


ისტორიული ანალიზი ისტორიკოსს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს შემოწმებული ფაქტები, რომელთა საფუძველზეც ყალიბდება ისტორიული პროცესის კონცეფცია. მაგრამ მთელი საქმე ის არის, თუ რას მივიჩნევთ ისტორიულ ფაქტად. წარსულის მეცნიერება ამ საკითხს წყვეტდა გულუბრყვილო- რეალისტურ მანერაში. მისთვის ამგვარი ფაქტები წარმოდგენდა რეალობის ერთგვარ "აგურებს", წყაროდან რომ იყო ამოღებული იმისთვის, რათა შემდეგ შექმნილიყო ისტორიული სურათი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფაქტი ცალსახა რამე როდია, როგორც ადრე ფიქრობდნენ. უპირველეს ყოვლისა, ფაქტი - ეს არის სინამდვილის კონკრეტული გამოვლინება მის წარსულში ან აწმყოში, ანუ ეს არის ობიექტური რეალობა. მაგრამ ფაქტი-რეალობა, დაფიქსირებული მეცნიერების მიერ, გარდაიქმნება ფაქტ-შეგნებად, ფაქტ- ცნობიერებად და აქ წარმოიშობა საკითხი მათი ურთიერთთანაფარდობის შესახებ.


ამგვარი მიდგომის შედეგად შეიძლება გამოვყოთ ფაქტების სამი განსხვავებული კატეგორია: ისტორიული სინამდვილის ფაქტები, ისტორიული წყაროს ფაქტები და, ბოლოს, მეცნიერულ- ისტორიული ფაქტები. ამგვარად, ისტორიული სინამდვილის ფაქტები ჩვენ წინაშე წარსდგებიან ორმაგ პრიზმაში - ჯერ წყაროს ავტორის, შემდეგ კი მეცნიერ- ისტორიკოსის ცნობიერებაში (შეგნებაში).


არსებობს, ასევე, მარტივი და რთული ფაქტები. პირველი - ეს არის კონკრეტული მოვლენა, მეორე - უფრო მოცულობითი (მაგალითად, "ომი", "რევოლუცია" და სხვა), რომლებიც მრავალი უბრალო მოვლენის ერთობლიობას, კრებულს წარმოადგენს. ისინი განსხვავდებიან საგნობრივი შინაარსითც (ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და სხვა ფაქტები) და სხვა ფაქტებთან თავიანთი დამოკიდებულების სისტემებით.


იმისთვის, რათა დავადგინოთ ფაქტებს შორის რეალური კავშირი, ისტორიკოსი იყენებს მეთოდს: ისტორიულ-გენეტიკურს (მოვლენა განიხილება მის განვითარებაში); ისტორიულ-შედარებითს (მოვლენები ერთმანეთს შეეფარდებიან მათი თვისებების მსგავსებით); ისტორიულ-ტიპოლოგიურს (განსაზღვრავს მოვლენათა დამახასიათებელ ტიპებს) და ისტორიულ-სისტემურს (შეისწავლის მოვლენათა სისტემას)"
 (А. Н. Медушевский, кандидат исторических наук. Методы исторического исследования. http://gazta.ru/index.php?p=vajno-znat&st=metodi-istoricheskogo-issledovaniya).


3. რა არ უნდა ახასიათებდეს მეცნიერულ ნაშრომს

ისტორიკოსის ეს მოკლე "კატეხიზმო" ჩვენ დაგვჭირდა იმისთვის, რათა შევძლოთ ახსნა, თუ რატომ არის ჩვენთვის მიუღებელი ოპონენტების მიერ აღქმული და შემდეგ მათ მიერვე გადმოცემული ან ინტერპრეტირებული მთელი რიგი ისტორიული ფაქტები; და გვაქვს თუ არა უფლება, არ მივიღოთ ოპონენტთა მიერ გადმოცემული ფაქტები ისე, როგორც ისინი წარმოაჩენენ მათ. მით უმეტეს, ამით ირკვევა, გვაქვს თუ არა უფლება, არ შევიწყნაროთ ის დასკვნები, რომლებიც შემდეგ გამოჰყავთ ამგვარი ისტორიული ფაქტებიდან. სანიმუშოდ დავასახელებთ ნავატიანელთა და ევნომეველთა ნათლობებს. მათ შესახებ ჩვენ თავის ადგილას უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ, მაგრამ, როგორც ვნახავთ, საქმე ისე მარტივად როდია, როგორც ამას წარმოაჩენს ჩვენი მეცნიერი-ოპონენტი.


საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძის მიერ განხილული ფაქტები (ისტორიული ხასიათის მოვლენები, გრაფიკული გამოსახულებები, ხელნაწერები) მახინჯდება კომპლექსურად, ანუ აქ გვაქვს არა მარტო ისტორიული თუ წყაროთმცოდნეობითი კვლევის პრინციპთა დარღვევები, არამედ, რაც მთავარია, დამახინჯებები მათი განხილვით გამოტანილ დასკვნებში, როდესაც ხსენებული ავტორი იყენებს მსჯელობის და განმარტებების სოფისტურ მეთოდებს.


აქ უკვე დგება აუცილებლობა, გავერკვეთ, თუ რა ნიშნები შეიძლება ახასიათებდეს არამეცნიერულ ნაშრომებს და, ამ მხრივ, ე. ჭელიძის ორივე ნაშრომი არის თუ არა მეცნიერული?!


არის შემთხვევები, როდესაც ძნელია გაარჩიო, რასთან გაქვს საქმე - მეცნიერულ ნაშრომთან თუ ფსევდომეცნიერულთან, რადგან ამგვარი წიგნების ავტორებად ხშირად გამოდიან მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა მიზნებით აყალბებენ იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც შემდეგ იწერება მათი ნაშრომები. ჩვეულებისამებრ, ამგვარი რამ კეთდება ან კარიერული მიზნით, ან იდეოლოგიური თვალსაზრისით.


როგორ დავამტკიცოთ ჩვენ, არამეცნიერებმა, მეცნიერ-ღვთისმეტყველის, ფილოლოგის და პატროლოგის, პროფესორ ე. ჭელიძის ნაშრომები მეცნიერულია თუ არამეცნიერული?


მიუხედავად იმისა, რომ ე. ჭელიძემ, თავისი მძაფრი დაპირისპირებების წყალობით, უკვე მოიხვეჭა სკანდალური მეცნიერის სახელი, საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის მრევლისთვის, ის უფრო მეტი ავტორიტეტის მქონეა, ვიდრე მისი არამეცნიერი ოპონენტები. მართალია, ამ მომენტს, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, როგორც ამაში წმ. ანასტასი სინელის (VII-VIII სს.) სიტყვებიც დაგვარწმუნებს, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ, როდესაც სარწმუნოებრივ საკითხებზე მსჯელობა აგებულია მატერიალურ დოკუმენტებზე, ფაქტებზე, ისტორიულ მოვლენებზე, რომელთაც ნათელს უნდა ჰფენდეს მეცნიერული კვლევა-ძიებანი, მაშინ მეცნიერის მსჯელობა მნიშვნელოვან წონას იძენს და მორწმუნეც ვალდებულიამ ანგარიში გაუწიოს ამ ფაქტებს, თუ ის ობიექტურად და მართებულად, მართლაც მეცნიერულ დონეზეა მოწოდებული. ხოლო, თუ აღმოჩნდება, რომ ხსენებული ფაქტები არათუ არ აკმაყოფილებს შესაბამისი მეცნიერებებისთვის საჭირო მოთხოვნებს; ან, როგორც ეს ისტორიული მეცნიერებისთვის დამახასიათებელი მეთოდების განხილვისას ვნახეთ, უფლება გვეძლევა, ეჭვი შევიტანოთ ამა თუ იმ ისტორიული ფაქტის ინტერპრეტაციაში, როდესაც ვრწმუნდებით ისტორიული ფაქტების გაყალბებაში, წერილობითი ძეგლების თუ ნიმუშების არასწორ ინტერპრეტაციებში და, რაც მთავარია, მთელი ამ სიცრუის გასამართლებლად გამოყენებულ ფილოსოფიურ მეთოდოლოგიაში, რომელიც ცნობილია სოფისტიკის სახელწოდებით, -  მეცნიერულობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.


ა) მეცნიერს არ უნდა ჰქონდეს უწიგნური, გაუნათლებელი და მდაბიო ადამიანისთვის დამახასიათებელი პათოსი, რაც გამოიხატება თავმომწონეობაში და მაინც, თუ მეცნიერი ამგვარი პათოსით წერს თავის ნაშრომს, ის მეცნიერებისთვის შეუფერებელ ან ფსევდომეცნიერულ ნაშრომად უნდა ჩაირაცხოს. შაზოგადოდ, ასე წერენ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე მეცნიერები (ან შარლატანები) და ოპონენტთა უკიდურესი დამცირებით თავს იწონებენ მკითხველის წინაშე. როგორც წესი (და ამას ჩვენ თვალსაჩინოდ ვნახავთ ჩვენი ოპონენტის მსჯელობაში) "ამგვარი ნაშრომების ავტორები ხშირად არღვევენ ლოგიკის წესებს" (Питанов В. Ю. Как отличить ученого от лжеученого, научную работу от псевдонаучной. http://stavroskrest.ru/content/kak-otlichit-uchenogo-ot-lzheuchenogo-nauchnuyu-rabotu-ot-psevdonauchnoj).

ბ) კვლევის ინტერპრეტატორული მეთოდი. "არსებობს ფაქტი და არსებობს მისი ინტერპრეტაცია. ამ მეთოდის არსია ის, რომ ფაქტებს დაინტერესებული პირი საკუთარი ინტერესების შესაბამისად განმარტავს. მაგალითად, ტენდენციურად დამოწმებულია მასალა, რომელიც შეიცავს გამონათქვამებს, მინიშნებებს ან გამოთქმული შეხედულებების დადასტურებებს და შეიძლება განმარტებულ იქნას კონკრეტული მეცნიერის სასარგებლოდ. Yველაფერი, რაც კი ეწინააღმდეგება კომენტატორის შეხედულებას, უგულებელყოფილია. ამგვარი "განმარტების" პროცესში თითქმის ყოველთვის ირღვევა ლოგიკის წესები" (იქვე). და ჩვენ ამაშიც დავრწმუნდებით, როდესაც ე. ჭელიძის მიერ ინტერპრეტირებული ფაქტების განხილვას დავიწყებთ.


გ) უცთომელობა. "ნებისმიერი მეცნიერი შეიძლება შეცდეს. მეცნიერება ხომ ამგვარ შეცდომათა გადალახვის ისტორიაა. ის, ვინც თავიდანვე ამტკიცებს თავისი თეორიების უცთომელობას, მეცნიერების გარეთ დგას, რადგან არღვევს მის ერთ-ერთი უძირითადეს პრინციპს" (იქვე). ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ე. ჭელიძის, როგორც ღვთისმეტყველის და პატროლოგის, მოღვაწეობის სფერო მეცნიერებაა; მის მიერ საკვლევი საგნებიც (წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნების ნიმუშები, წერილობითი ძეგლები და ა. შ.) მეცნიერებას, უფრო სწორად კვლევის მეცნიერულ მეთოდებს ეკუთვნის, მაგრამ "სამეცნიერო ცოდნა თავისი ბუნებით არ შეიძლება იყოს დასრულებული, ის განუწყვეტელი განვითარების პროცესში იმყოფება; ის, რაც დღეს ჭეშმარიტება გვგონია, ხვალ, შეიძლება უარყოფილ იქნას. რომელ უცთომელობაზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი?!" (იქვე). ხვალ შეიძლება არქეოლოგებმა აღმოაჩინონ "დიდაქეს" სულ სხვა ვარიანტი... ხვალ, იქნებ აღმოაჩინონ ისეთი წერილობითი წყაროები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ ჩვენი შეხედულება იმ ისტორიულ მოვლენებზე ან ურთიერთობებზე, რომლებზე წარმოდგენაც დღეს მხოლოდ არსებული წერილობითი წყაროების საფუძველზე გვაქვს (ცხადია, აქ არ ვგულისხმობთ წმიდა წერილს, რადგან მისი კანონის ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს არა მარტო მეცნიერული კვლევა, არამედ თეოლოგიურიც).


დ) ყურადღება უნდა მივაქციოთ ნაშრომში გამოყენებულ წყაროებს. "ნაშრომი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს კვლევაზე ფიზიკის სფეროში და იმოწმებს ისეთ ავტორებს როგორიც არის რუდოლფ შტაინერი ან ელენე ბლავატსკაია, ცხადია, თავის მეცნიერულობაში დაგვაეჭვებს" (იქვე). ცნობილია, რომ ხშირად რელიგიურ-აღმსარებლობით პოლემიკაში მეცნიერებასაც იყენებდნენ და ისტორიულ და არქეოლოგიურ მონაცემებს საკუთარი დოქტრინების გასამართლებლად წარმოაჩენდნენ ხოლმე. ამის საუკეთესო დასტურია თუნდაც კათოლიკურ-პროტესტანტული პოლემიკა ისტორიული და არქეოლოგიური წყაროების წარმოჩენისა და ინტერპრეტაციის თვალსაზრისით; ან კიდევ XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის შემდეგ ოფიციოზის მიერ გაყალბებული ისტორიული და არქეოლოგიური წყაროები.  


ჩვენი ოპონენტიც, ე. ჭელიძე, ხშირად იყენებს ლათინ ავტორებს, რომელთა კვლევებიდან მას გამოაქვს დასხმითი ნათლობების გამამართლებელი დასკვნები. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლათინი მეცნიერები თვითონვე არიან მიდრეკილნი ამგვარი ნათლობის გამართლებისკენ (პროტესტანტთა ზოგიერთ ფრთასთან ან ბერძენ მართლმადიდებლებთან პოლემიკის გამო), გასაგები უნდა იყოს ამგვარი წყაროებისა და მათგან გამოყვანილი დასკვნების სანდოობის ხარისხი; და საერთოდ, ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ, სად იკვეთება მეცნიერების ამა თუ იმ ვიწრო დარგისა და სარწმუნოების საზღვრები... რამდენად ახდენენ მეცნიერული აღმოჩენები (მაგ. არქეოლოგიური) ზეგავლენას სარწმუნოებაზე ან ამა თუ იმ საეკლესიო წესის განვითარების ისტორიის შესწავლაზე.


ე) ცრუ არგუმენტაცია. მაგრამ "თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უძირითადეს ფუნდამენტს მაინც ფორმალური ლოგიკა წარმოადგენს. ლოგიკაში არსებობს განყოფილება, მიძღვნილი ცრუ არგუმენტაციისადმი, ანუ იმ არგუმენტაცისა, რომელიც არაფერს ამტკიცებს, არამედ მხოლოდ დამტკიცებულობის ილუზიას ქმნის" (იქვე). იქ, სადაც იყენებენ ცრუ არგუმენტაციას, სოფისტიკურ ხერხებს და აშკარა გაყალბებებს, შეუძლებელია საქმე გვქონდეს მეცნიერულ ნაშრომთან.


ვ) და ბოლოს:  პრინციპული შეუწყნარებლობა. "ნებისმიერმა მეცნიერმა იცის ნებისმიერი სამეცნიერო ცოდნის ფარდობითობის პრინციპი. თავისი ბუნებით მეცნიერულ ცოდნას არ შეუძლია, პრეტენზია განაცხადოს აბსოლუტურობასა და უცვალებლობაზე. თუ წიგნის ავტორი მრისხანებით ლანძღავს თავის კრიტიკოსებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის ან ცუდი მეცნიერია, ან კიდევ ეს არის ფსევდომეცნიერული ნაშრომი. კრიტიკა ნებისმიერი სამეცნიერო ცოდნის აუცილებელი პირობაა, ის გვეხმარება ცოდნის კრისტალიზაციაში, ცალკეული ფაქტების გამონაგონისგან გამოცალკევებაში, მრავალი თეორიიდან მართებულის არჩევაში, არსებული ფაქტებიდან უფრო სანდოს გამოყოფაში და სხვა. კრიტიკის გარეშე მეცნიერება არ არსებობს" (იქვე).


ნებისმიერი მეცნიერების პროგრესი, წარმოუდგენელია სამეცნიერო პოლემიკის გარეშე. ისევე როგორც ნებისმიერი საქმიანობა, სამეცნიერო პოლემიკაც ითხოვს დაწერილი თუ დაუწერელი წესების დაცვას, რამეთუ ჭეშმარიტი მეცნიერის ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, ნებისმიერი მეთოდებით დაამტკიცოს თავისი სამეცნიერო ჰიპოთეზები, კონცეფციები და თეორიები (მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე სურს), არამედ ის, რომ იპოვოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამოცანის ჭეშმარიტი გადაწყვეტილება. მითუმეტეს მნიშვნელოვანია ეს საღვთისმეტყველო მეცნიერებისთვის, რომელიც თავის მიზნად ისახავს არა მარტო წმიდად მეცნიერულ, არამედ სულიერ მიზნებსაც. ამიტომაც, სამეცნიერო პოლემიკაში ერთობ მნიშვნელოვანია ეკლესიის წმიდა მამათა გამოცდილება, რომლებისთვისაც სარწმუნოების დოგმატების "ფორმულირება" თვითმიზანი კი არ გახლდათ, არამედ მორწმუნეთა შემოზღუდვა ამა თუ იმ მწვალებლური ცთომილებისგან. თავიანთ დოგმატურ ფორმულირებებს მამები ხვეწდნენ სწორედ პოლემიკაში, რომელიც წარმოებდა წერილობითი ან კიდევ ზეპირი დისკუსიის ფარგლებში.


ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, რომ ჭეშმარიტ მეცნიერს, რომელიც უტყუარ სიმართლეს ფლობს, არაფერში უნდა სჭირდებოდეს ოპონენტის ლანძღვა და მისი ღირსების სრული დაკნინებით მსმენელისა თუ მკითხველის გადმობირება. გადმობირება და მკითხველის განწყობის მიმხრობა სწორედ მატყუარებს სჭირდებათ, რადგან ისინი თვითონაც არ არიან დარწმუნებულნი საკუთარი მტკიცებულებების სიმართლეში, ხოლო თუ დარწმუნებულნი არიან, მაშინ მათ არა აქვთ მეცნიერისთვის საჭირო ობიექტურობა, რამეთუ ლანძღვა-გინება არასოდეს ყოფილა ჭეშმარიტების დამადასტურებელი არგუმენტი. მით უმეტეს არ უნდა სჭირდებოდეს მეცნიერს ოპონენტის ნათქვამის გაყალბება, როგორც ეს უკვე ვნახეთ ზემოთ ეპისკოპოს იონას (ერისკაცობაში მურთაზ ჩახავას) ერთ გამონათქვამთან დაკავშირებით, რომელსაც ე. ჭელიძემ "მეტემფსიქოზი" უწოდა.


ნათქვამის გაყალბებისა და ამით ოპონენტის იდეოლოგიური განადგურების მეთოდი ჭელიძის ერთ-ერთი რჩეული მეთოდია, რომელსაც თავის მეორე ნაშრომშიც არ ღალატობს. მაგალითად, "სული - ცხოველის" 406-ე გვერდზე, ე. ჭელიძე განიხილავს ფორუმ church.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას, რომელსაც ხელს "ძველმართლმადიდებელი" აწერს. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ დიალოგები ინტერნეტში უმეტესწილად პირდაპირი ლაპარაკის რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც ვერ უზრუნველყოფდა წყაროთა სიზუსტეს, ხოლო პოლემიკის ემოციურობიდან და საპატრიარქოს ადეპტებში დიალოგის კულტურის არქონიდან გამომდინარე - ვერც კორექტულობას. წარმოვიდგინოთ, რა "მეცნიერული" ღირებულება შეიძლება ჰქონდეს სატელეფონო საუბარს ან ქუჩაში კინკლაობას რაიმე თემაზე, როდესაც ადამიანები ემოციურად ერთმანეთს რაღაცას უმტკიცებენ?! იგივეა ინტერნეტში ონლაინიც (
online, ინგლისურიდან: on line, რაც ნიშნავს - "ხაზზე ყოფნას", "კავშირზე ყონფას", "ქსელში ყოფნას" და ყოველთვის რეალური დროის რეჟიმს გულისხმობს) და ამიტომაც ონლაინსაუბარი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სერიოზული მეცნიერული არგუმენტი.

როგორც ქუჩაში მოლაპარაკე ადამიანს შეუძლია, თავისი ზეპირად ნათქვამი ვერსიები წერილობით წყაროებში გადაამოწმოს და უფრო ზუსტად და დეტალურად ჩამოაყალიბოს თავისი შეხედულება, უარყოს ის ან დაადასტუროს, ასევე ონლაინში (ან ტელეფონში) მოლაპარაკე ადამიანსაც შეუძლია და აქვს იმავეს გაკეთების უფლება; და ნამდვილად სასაცილოა ("მეცნიერულობაზე" ხომ არაფერს ვამბობ), როდესაც მავანი პროფესორი ონლაინნალაპარაკევს ოპონენტის გასანადგურებელ საბუთად სახავს და მისი რელიგიური შეხედულების უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს. და მეტიც, ინტერნეტში, ცოცხალ რეჟიმში გამოთქმულ ამ შეხედულებასაც კი ამახინჯებს.


წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გაუჭირდეს მეცნიერს პოლემიკაში, რომ ამგვარ სრულიად არაკორექტულ მეთოდებს მიმართოს.


წმ. ანასტასი სინელი როდესაც აყალიბებს მონოფიზიტებთან თავისი პოლემიკის სულიერ-ზნეობრივ საფუძვლებს და იძლევა მეთოდოლოგიურ საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურ აპარატს, მიგვანიშნებს, რომ ამგვარი პოლემიკის საძირკველში დევს არა იმდენად ფილოსოფიის ან წიგნიერი ღვითსმეტყველებისა და პოლემიკური მეთოდების ცოდნა, რამდენადაც "ღირსეულად ცხოვრებისა და სულიწმიდის მადლის მოხვეჭის" აუცილებლობა, რამეთუ ყოველგვარი მწვალებლობის მიზეზი, როგორც წმიდა მამა გვასწავლის, სწორედ სიამაყის, ამპარტავნობის, ვერცხლისმოყვარების და კაცთმაამებლობის ვნებებში ძევს. წმიდა მამა ანასტასი ამასთანავე ასწავლის, რომ მართლმადიდებლური დოგმატების წვდომა ინტელექტით კი არა, სულითა და გულით ხდება.


საგულისხმოა, რომ, წმიდა მამის სწავლებით: "ვერც წმიდა წერილისა და ვერც წმიდა მამათა თხზულებების ცოდნა, ან კიდევ ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო აპარატის ფლობა, ვერც დახვეწილი პოლემიკური უნარები ვერანაირად შეგვეწევიან მწვალებლებთან ბრძოლაში, თუ წინ სული წმიდა არ წაგვიძღვება. წმიდა მამის თქმით, ღმრთის წინამძღოლობა მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის არა მარტო პოლემიკურ ღვთისმეტყველებაში, არამედ მთელ ცხოვრებაში: იმისთვის, რათა იყო ჭეშმარიტი და სრულყოფილი ქრისტეანი. არასკმარისია გქონდეს ოდენ მართალი რწმენა და ღვთისმოსაობის საქმეები, არამედ საჭიროა თავმდაბლობაც. ჩვენი გონება ღვთისმოსაობის საქმეებით სულს აწესრიგებს, მაგრამ, თუკი ამ სულში ჩასახლდება ამპარტავნობა და მედიდურობა, ქრისტეს იქ უკვე აღარაფერი ესაქმება. მხოლოდ ის ქრისტეანია სრულყოფილი, რომელშიც მკვიდრობს ქრისტე, აღთქმის თანახმად: "ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ"" (იოანე 14:23) (Игумен Адриан (Пашин). Основы богословской полемики согласно преподобному Анастасию Синаиту http://www.bogoslov.ru/text/533051.html).


ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თუ ე. ჭელიძის ბოლო, "ანტისტაროვერულ" ნაშრომს დავუბრუნდებით, პირველი, რაც ძველმართლმადიდებელთა საწინააღმდეგოდ დაწერილი განყოფილების გაცნობისას თვალში გვხვდება, ეს გახლავთ ე. ჭელიძის არაკორექტულობა და მეცნიერისთვის შეუფერებელი უტიფრობა. ძალიან გაგვიკვირდა ამ პიროვნების ასეთი ამჩატება. გასული საუკუნის 80-იან წლებში როდესაც პრესის ფურცლებიდან ძველმორწმუნეობას მწერლები, აწ გარდაცვლილნი - ზურაბ ნარმანია და მურთაზ ჩახავა (შემდგომში საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქი) იცავდნენ ვითარება ძველმართლმადიდებელთა და ოფიციალურ "მართლმადიდებელთა" შორის უფრო დაძაბული იყო, ვიდრე დღეს. მათ წინააღმდეგ 1990 წელს ე. ჭელიძემ გამოსცა წიგნი "ეკლესია - სძალი უფლისა". თავისი იდეოლოგიურ-პროპაგანდისტურლი სტილით ჩვენ მიერ განსახილველი ნაშრომი ("სული - ცხოველი") ამ ნაშრომისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ ერთი გარემოება მაინც თვალშისაცემია -  პირველ ნაშრომში ("ეკლესია - სძალი უფლისა") ე. ჭელიძე ზომიერი და თავშეკავებულია, აქ ოპონენტების ლანძღვა და შეურაცხყოფა თითქმის არ გვხვდება, ხოლო, თუ გვხვდება, ე. ჭელიძის მედიდური და ირონიული მინიშნებების სახით იმ შეცდომებზე, რაც ჩვენს ავტორებს თავიანთ პუბლიკაციებში დაუშვიათ. მეტიც, თავისი წიგნის პირველივე თავი მან ასე დაასათაურა: "ურთიერთსიყვარულით და მეცნიერებით გავარკვიოთ" (ე. ჭელიძე. "ეკლესია -  სძალი უფლისა". თბილისი. 1990 წ. გვ. 1).


მაგრამ სულ სხვაგვარად არის საქმე ე. ჭელიძის მეორე, "ანტისტაროვერულ" ნაშრომში "სული - ცხოველი", სადაც ავტორს სადავო საკითხთა "ურთიერთსიყვარულით და მეცნიერებით" გარკვევის პრინციპი სრულიად მივიწყნია. ახალ ნაშრომში ე. ჭელიძე დღევანდელ ძველმართლმადიდებელთა მიმართ, რომელთაც "აღბორგებულ ურწმუნოთა ახალ-ხმათ" უწოდებს, უჩვეულო ბოღმას ავლენს, აშკარად ეტყობა მრისხანება და შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, მიზეზით თუ უმიზეზოდ მაქსიმალურად დააკნინოს ჩვენი ადამიანური ღირსება, რაც მეცნიერისთვის და "მეცნიერულობის" პრეტენზიით გამოცემული ნაშრომისთვის შეუფერებელია.


თუმცა, როგორც ეს მერყევ და ზნეობრივად არამდგრად ადამიანებს ახასიათებთ, ე. ჭელიძემ თავის მეორე ნაშრომში "ურწმუნოების ახალ-ხმათა" გარდა დაუნდობლად და ანგარიშმიუცემლად აწ უკვე გარდაცვლილი ოპონენტებიც გალანძღა (ეპისკოპოსი იონა და პოეტი ზურაბ ნარმანია), რომლებთანაც ადრე საკითხებს "ურთიერთსიყვარულითა და მეცნიერებით" არკვევდა.


ბევრი პოლემიკური თხზულება წაგვიკითხავს ძველმართლმადიდებლობაზე, ისეთიც კი, სადაც ერთმანეთს ძველი წესების გამო "სტაროვერები" კი არა, "ნოვოვერები", ანუ ოფიციალური ეკლესიის მეცნიერები ედავებიან, მაგრამ ასეთი ლანძღვა არსად შეგვხვედრია. სანიმუშოდ შეგვიძლია დავასახელოთ ცნობილი დაპირისპირება მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორებს ნ. კაპტერევსა და ნ. სუბოტინს შორის. დავაში ვითარება უკიდურესად გამწვავებული იყო, პროფ. ნ. სუბოტინი პროფ. ნ. კაპტერევს აკადემიიდან გაგდებითაც კი ემუქრებოდა, რაც შეეხება XVII საუკუნის რუსული რასკოლის სფეროში სამეცნიერო მუშაობა, ეს მას ათი წლით აუკრძალეს. მიუხედავად ამისა, როდესაც ნ. კაპტერევის ფუნდამენტურ ნაშრომებს ეცნობი, გხიბლავს მისი მეცნიერული ალღო, თავშეკავებულობა და სიდინჯე. გრძნობ, რომ სიმართლე მის მხარეზეა და ოპონენტის სამხილებლად მისი მორალური შეურაცხყოფა თუ მიწასთან გასწორება არაფერში სჭირდება. ამისთვის მეცნიერს უტყუარი მეცნიერული არგუმენტაცია მოაქვს, რომელიც მრავალწლიან ლიტურგიკულ კვლევა-ძიებას ეფუძნება. აი, ასეთად წარმოგვიდგენია ჩვენ მეცნიერული დავა და პოლემიკა.


რას ვხედავთ ამ მხრივ საპატრიარქოს იდეოლოგის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის, თბილისის სასულიერო აკადემიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგის ე. ჭელიძის ნაშრომში "სული - ცხოველი"? - ამ დონის მეცნიერისთვის ყოვლად შეუფერებელ უხეშობას და ოპონენტებთან (ძირითადად ძველმართლმადიდებლებთან) აბსოლუტურად მიუღებელ, არამეცნიერულ კამათს (არამეცნიერულობაში ვგულისხმობ იმ მეთოდებს, რასაც ჭელიძე იყენებს ოპონენტების დასაკნინებლად და თავისი ზოგიერთი წყაროს გასამართლებლად). მეტიც, და ამას ქვემოთაც ვნახავთ, მას მეტად ოსტატურად და მოხერხებულად შეჰყავს მკითხველი ყალბი ლოგიკის ლაბირინთებში და არსებული ფაქტების (რომლის დახვავება ძლიერ უყვარს) მისეული ინტერპრეტაციით სასურველ დასკვნებამდე მიჰყავს.


ხსენებული ნაშრომის ჩვენდამი მოძღვნილ ნაწილს წითელ ზოლად გასდევს ჩვენი ლანძღვა, ალბათ, აზრი არა აქვს ყველა ამ გამონათქვამის დაფიქსირებას, ზოგიერთი მათგანი ზემოთ უკვე დავიმოწმეთ, მაგრამ საკითხის სიცხადისთვის აქ კიდევ გავიმეორებთ და უმეტეს მათგანს განმარტებებსაც დავურთავთ.: "აღბორგებული (გაშმაგებული - არქიეპ. პ.) ურწმუნოების ახალ-ხმანი" (გვ. 109); "ამპარტავნებით დაბრმავებული ეპილეპტიკოსები" (იქვე); "ავად მოხარულნი, ვნება-ჟინით მოლიზღარნი..." (ლიზღი - კადნიერი ხუმარა, ურიდალა (სულხან საბას სიტყვის კონა. გვ. 110); "ლეყეცნი" ("ზეაღზვავებით ლეყეცობენ...") (იქვე); "მზაკვრულად ბოროტადმთხზველნი" (გვ. 111); "ლირბნი" ("ეს ურწმუნონი ლირბობენ" -  გვ. 114. "ლირბი" თავხედსა და ურცხვს ნიშნავს); "ცრუნი" (გვ. 119), "ფარისეველნი" (გვ. 122), "თავხედურად გამომწვევნი" (გვ. 123), "ბაგე-მტყუვარნი" (გვ. 124), "მბორგავნი" (გვ. 124), "ბოროტმზრახველნი" (გვ. 125), "გაუკუღმართებულნი" (გვ. 126), "თავგასულნი" (გვ. 127), "სიბილწის მოძღვარნი" (იხ. გვ. 349) და მრავალი სხვა, რომელთაც ქვემოთ, ჩვენი მსჯელობის კვალდაკვალ, კიდევ შევხვდებით.


ე. ჭელიძის ამგვარი თავდასხმა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებზე გვაფიქრებინებს, რომ საქმე არ უნდა გვქონდეს მარტოდენ ოპონენტის მედიდურ ბუნებასთან, რამეთუ ჩვენ, დღევანდელ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს, მასთან უშუალო კონფლიქტი არ გვქონია და მისი მისამართით მსგავსი ტერმინოლოგია არსად გამოგვიყენებია, რომ მისგან ამგვარი შეურაცხყოფა დაგვემსახურებინა და გვეფიქრა, ამას განაწყენებული ავტორი შურისძიების მიზნით აკეთებს. ვფიქრობ, საქმე უფრო რთულადაა, კერძოდ, ე. ჭელიძემ მიზნად დაისახა ძველმართლმადიდებელთა მორიგი განქიქება, რათა მორწმუნე საზოგადოებას არანაირი სიმპათია და ნდობა არ გაუჩნდეს მათ მიმართ.


ამგვარ ხერხებს ე. ჭელიძე თავის პირველ ანტიძველმართლმადიდებლურ ნაშრომშიც ("ეკლესია - სძალი უფლისა") მიმართავდა, როდესაც თავიდანვე განაქიქებდა თავის ოპონენტებს არა მარტო რეალურ, თუმცა უმნიშვნელო შეცდომათა გამო, არამედ სრულიად შეკოწიწებულ ბრალდებათა საფუძველზე და ამით ნაშრომის დასაწყისშივე ცდილობდა მკითხველის თვალში ოპონენტების ავტორიტეტის დაკნინებას.

დიახ, სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს ე. ჭელიძეს თავის მეორე, ანტიძველმართლმადიდებლურ წიგნშიც "სული ცხოველი". რაოდენ სამწუხაროა, რომ საზოგადოებასა და ოფიციალურ ეკლესიაში დაფასებული ეს პიროვნება, ფილოლოგი და პროფესორი, ესოდენ ცუდი მაგალითის მიმცემია მორწმუნე საზოგადოებისთვის (განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის) და თავისი ავტორიტეტით მსგავს ქმედებას ზნეობრიობის და კანონიკური ქცევის ნიმუშად უსახავს. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ოფიციალური ეკლესიის ადეპტები აღარც მომავალში მოერიდებიან ჩვენს ლანძღვას და უფრო გააფთრებით შეუტევენ ძველმართლმადიდებლობას.


შეიძლება პარადოქსულადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ჩვენი ოპონენტის უსუსურობა თვით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს შორის წინააღმდეგობაშიც იხილვება, მაგალითად, როგორ შეუძლიათ "თუთიყუშებს", "ბრიყვებს" და "ეპილეპტიკოსებს" "მობლარდნონ" და "მოისათხევლონ" მთელი საზოგადოება? მათ არგუმენტაციას არანაირი საფუძველი რომ არ ჰქონდეს, არც არავინ დაიჯერებდა მათ სიმართლეს და ე. ჭელიძესაც არ დასჭირდებოდა ასეთი ფილოსოფიურ-სოფისტური ხრიკების მთელი არსენალის გამოყენება.


ვის შეუძლია იფიქროს, რომ იმგვარ "გონებაჩლუნგ" ადამიანებს, როგორადაც სახავს ე. ჭელიძე თავის დღევანდელ ძველმართლმადიდებელ ოპონენტებს, შეეძლოთ მთელი საზოგადოების ისე დარწმუნება, რომ საჭირო გახდა ორი სოფისტური ხრიკებით აღსავსე ნაშრომის გამოქვეყნება ამავე საზოგადოების "უკან მოსაბრუნებლად" ან "დასაცავად"?


"ურწმუნოების ახალ-ხმანი" ან ძალზე ნიჭიერი და დახვეწილი სოფისტები ყოფილან, რადგან სიცრუეთა "მობლარდნით" საზოგადოების მოტყუება მოუხერხებიათ, ან თვით საზოგადოება ყოფილა ძალიან ბრიყვი, მასზე აღმატებული ან ოდნავ უკეთესი ბრიყვების იდეოლოგიაზე რომ წამოგებულა. აქედან კი დასკვნა: რომ არა "ბრძენთა ბრძენი" ე. ჭელიძე, ეს "ბრიყვი" საზოგადოება მთლიანად "უფსკრულში" გადაინთქმებოდა.


რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ საზოგადოება ბრიყვია. Uბრალოდ, ე. ჭელიძის მსჯელობა გულისხმობს ამას. ის წინააღმდეგობრივია და ერთი მხრივ, გამომდინარეობს საზოგადოების მიმხრობის სურვილიდან, ხოლო მეორე მხრივ, ოპონენტთა უკიდურესი დამცირება-დაკნინების ავადმყოფური ლტოლვიდან, რაც ასევე, მკითხველის, მორწმუნე საზოგადოების მიმხრობას ისახავს მიზნად.


სანამ დეტალურად გავეცნობოდეთ პკურებით ნათლობასთან თუ საპკურებელ წყალთან დაკავშირებულ ე. ჭელიძის მორიგ თეორიებს, აუცილებელია განვაცხადოთ, რომ პასუხს არ ვაგებთ ჩვენი წინამორბედი ძველმართლმადიდებელი პოლემისტების გარკვეულ შეცდომებსა თუ უზუსტობებზე; აღვნიშნავთ, რომ ე. ჭელიძის მხრიდან ადრინდელი ძველმართლმადიდებელი პოლემისტების, პროტესტანტი ავტორების და ჩვენი, ანუ დღევანდელი ძველმართლმადიდებელი ქრისტეანების (რომელთაც ე. ჭელიძე "ურწმუნოების ახალ-ხმათ" გვიწოდებს) გაერთიანება და პოლემიკური ხასიათის ნაშრომში ამ "ერთობისთვის" ერთი, მიზანიმართული პასუხის მიცემა არაობიექტურობის და არამეცნიერულობის კიდევ ერთი ელემენტარული გამოვლინებაა, რადგან ყველა ადამიანი თავის სიტყვაზე აგებს პასუხს და ერთი ადამიანის ცოდვა სხვას არ უნდა მოეკითხოს. ეს არის სამართლიანობის ელემენტარული ნორმა, რომელსაც ჩვენი ოპონენტი, როგორც ჩანს, აბსოლუტურად უგულებელყოფს.


ასე მაგალითად, ე. ჭელიძის წიგნს "სული - ცხოველი" რეფრენივით გასდევს ტერმინ "სატანური პრაქტიკის", გაუთავებლად ხსენება. ეს ტერმინი ადრინდელმა ძველმართლმადიდებელმა პოლემისტებმა დასხმითი ნათლობის საეკლესიო პრაქტიკაში დანერგვასთან მიმართებაში გამოიყენეს, ანუ დაკანონებულ, საეკლესიო ნორმად გადაქცეულ დასხმით- პკურებით ნათლობას "სატანური პრაქტიკა" უწოდეს. გარდა იმისა, რომ ე. ჭელიძე ამ ტერმინს ჩვენთან პოლემიკაშიც იყენებს და ამისთვის პასუხს ჩვენგან ითხოვს, ის ამავე დროს, სრულიად არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს მას და მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოსდა ადრინდელი (ან ახლანდელი) ძველმართლმადიდებლები მას დასხმით-პკურებითი ნათლობის ნებისმიერი შემთხვევის აღსანიშნად იყენებდნენ. საკითხის ამგვარი წარმოჩენა აშკარად დამაგოგიურია და უსამართლო.
როგორც ადრინდელ (მ. ჩახავა, ზ. ნარმანია და სხვები), ასევე დღევანდელ ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ ე. ჭელიძის ასეთი გამოხდომების უსაფუძვლობის მიუხედავად (თუ რატომ, ამას ქვემოთ ვიხილავთ), ყველაზე გამაოგნებელი მაინც ის ბრალდებაა, რომლის თანახმადაც ე. ჭელიძე წყალდასხმულთა გადანათვლის ძველმართლმადიდებლურ პრაქტიკას "ურწმუნოებას", "დაბრმავებულ ეპილეპტიკოსთა" ქმედებას ("სული - ცხოველი", თბ. 2012 წ. გვ. 114) და "მეორედნათლობის სიბილწეს" (იქვე. გვ. 119) უწოდებს.


"მამის, ძისა და სულიწმიდის სახელის მიმართ სამგზისი დასხმით მონათლულის შთაფლვითად გადანათვლა ანუ გადაშთაფლვა, - წერს ე. ჭელიძე. - ურყევი საეკლესიო სჯულდებით, წარმოადგენს, უთუოდ და უპირობოდ, მხოლოდ და მხოლოდ მეორედ ნათლობას და სხვას არაფერს, ამ მოქმედების ჩამდენნი კი საუფლო განგებულების წინაშე წარმოჩნდებიან როგორც ანაბაპტისტური ანუ "მეორედმნათვლელობითი" სიბილწის სრულად გამზიარებელნი, რაც ხსენებულ პირთა ნამდვილ სახეს და სახელს ზედმიწევნით გვიდგენს და განგვისაზღვრავს.


მაშ, თუ ჭეშმარიტების წინაშე,
- განაგრძობს ე. ჭელიძე, - მაცხოვრის თქმისებრ, ვკითხავთ მათ: "რაი არს სახელი თქუენი?"

ვალდებულნი არიან შეიკდიმონ და სიწრფელით მოგვიგონ: "მეორედმნათვლელი" არს სახელი ჩუენი". და გამოაქვს ასეთი "გამანადგურებელი" დასკვნა: "აი, ესაა ჩვენს მიერ ზემოთ რამდენიმეგზის ნახსენები ის "უმთავრესი", რასაც, როგორც მივუთითებდით, განსაკუთრებული შეწრიალებით და ძრწოლით ფარავენ ეს ცრუნი, რაჟამს მათეული ბოროტადთხზული პაექრობითი ფარდაგების სიჭრელეში აჩუმათებენ საკუთარ მეორედნათლულობას ანუ გადაშთაფლულობას.


რა ხდება, რატომ იჩენენ ესოდენ გაფაციცებას, რად არიან ეგზომ უკიდურესად დადარაჯებულნი, რომ ყველას თვალყურისგან ყოვლითურთ მიმალონ თავიანთი ნამდვილი სახე და სახელი, სიკვდილივით რატომ უფრთხიან ამ სახელის სხვათა წინაშე გამჟღავნებას?
- კითხულობს ე. ჭელიძე და საკუთარ შეკითხვას ასე პასუხობს: - მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი წინა პუბლიკაციიდან (სავარაუდოდ იგულისხმება ოპონენტის ნაშრომი "ეკლესია - სძალი უფლისა" - არქიეპ. პ.) სრული იმედისგადაწურვით (მათთვის იმედისგადაწურვით) შეიტყვეს მართლმადიდებელი ეკლესიის უცვალებელი დოგმატი: "მეორედმნათვლელი" იგივეა, რაც "მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელი".

ცოტა ქვემოთ ავტორი კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის ამ მტკიცებულებას და ამბობს: "... უაღრესად მკაფიოდ და აზრგამჭვირვალედ არის რჯულდებული, რომ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით მონათლულის კვლავ მამის, ძის და სულიწმიდისადმი მონათვლა ესაა მეორედ ნათლობა და მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელობა" (ე. ჭელიძე. "სული ცხოველი". თბ. 2012. გვ. 119-121).

და კვლავაც: "... მამის, ძისა და სულიწმიდისადმი ანუ ყოვლადწმიდა სამებისადმი სამგზისობით (სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა") მონათლულთა კვლავ მონათვლა უმძიმესი დანაშაულია, რადგან ამგვარნი წარმოგვიდგებიან როგორც მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელნი" (იქვე. გვ. 122).


ამის შემდეგ ე. ჭელიძე ჩვენი მისამართით დებს "გამანადგურებელ" დასკვნას: "ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ ამ სულშებნედილთა (ხაზგასმა ჩვენია - არქ. პ.) განცდები, როდესაც ისინი, ამგვარ უამპარტავნულეს ხიბლში მყოფნი და საკუთარ თავზე (უმეცრული ცთომილებით თუ მზაკვრულად, სხვათა მოსახიბლად), ესოდენ უმწვერვალესი ტკბობის მქონენი, უეცრივ, წმ. იოანე დამასკელის (და მისი პირით მართლმადიდებელი ეკლესიის) ხსენებული უმკაფიოესი რჯულდების შეტყობისას, ზემოთქმულისებრ სრული იმედისგადაწურვით (ანუ წმ. იოანე ოქროპირისებრ, "ყველა იმედისგან განვარდნილობით"), თავიანთ თავს აღმოაჩენენ (აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად) მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით აღსრულებული ნათლისღების ხელახლა აღმსრულებლებად ანუ, რაც ზედმიწევნით იგივეა, მაცხოვრის ხელახლა ჯვარმცმელებად".


"რა ადგილს განიკუთვნებენ ცოდვილთა იერარქიაში მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელნი?"
-  კითხულობს ე. ჭელიძე და განგვიმარტავს: "ყველაზე უფრო ქვენას, ყველაზე უფრო ქვესკნელისეულს, ყველაზე უფრო წარწყმედადს" (იქვე. გვ. 122-123).

კარგად დავიმახსოვროთ ე. ჭელიძის ეს სიტყვები, ძვირფასო მკითხველო, რადგან ჩვენმა ოპონენტმა ამით საკუთარ თავს და საკუთარ ეკლესიას ულმობელი განაჩენი გამოუტანა!


ამის შემდეგ ბ-ნი ე. ჭელიძე თავდაჯერებული წერს: "... ვფიქრობთ, ეჭვის ნასახიც კი არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან მოქიშპარი "ურწმუნოების ეს ახალ-ხმანი" სინამდვილეში, თავიანთი ნამდვილი სახელით, არიან, როგორც აღვნიშნეთ, ანაბაპტისტები ანუ "მეორედმნათვლელნი" ("გადამშთაფლველნი" და "გადაშთაფლულნი"), იგივე "მაცხოვრის მეორედჯვარმცმელნი". არანაირი კავშირი ე. წ. "ძველმორწმუნეობასთან", "ძველმართლმადიდებლობასთან" ანუ მართლმადიდებლობის ძველ ეპოქასთან მათ არ შეიძლება ჰქონდეთ და არც არანაირად აქვთ. მართლაც, ძველი მართლმადიდებლობა და ძველი მორწმუნეობა, თვით სახელიდან გამომდინარე, სწორედ ადრეული საუკუნეების, კერძოდ, მსოფლიო კრებათა ეპოქის მოძღვრების უცვალებელ დაცვას გულისხმობს, ესენი კი სწორედ მსოფლიო კრებათა განჩინებებს და მართლმადიდებელი ეკლესიის უადრესი ეპოქის ისტორიას უპირისპირდებიან და გმობენ მთელი თავინათი, პეტრიწისებრ, "იდოლებრივი" მოქმედებით" (იქვე. გვ. 126).


მკითხველთან ბოდიშს მოვითხოვთ ესოდენ ვრცელი ციტატებისთვის, მაგრამ ეს ფრაზები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი გაუმჟღავნებლობა მთელს აზრს დაუკარგავდა ჩვენს შეპასუხებას.


მეორედ ნათლობის შესახებ ფუძემდებლური ჭეშმარიტების გარკვევის შემდეგ, ბ-ნი ე. ჭელიძე ერთ ასეთ შეკითხვასაც სვამს: "რატომ იყო ამის დადგენა მნიშვნელოვანი (ანუ იმის დაგენა, რომ მეორედ ნათლობა ქრისტეს ხელმეორე ჯვარცმაა - არქიეპ. პ.)? იმიტომ, რომ უთუოდ უნდა ვიცოდეთ, ვინ გვექიშპება, ვისთან გვაქვს საქმე... და სწორედ ესენი გახლავთ ზემოხსენებული გადამშთაფლველები ანუ მეორედმნათვლელები, ე. ი. მაცხოვრის მეორედ ჯვარმცმელები" (იქვე. გვ. 127).


ვფიქრობ, საკმარისია დამოწმება იმ ციტატებისა, სადაც ე. ჭელიძე წყალდასხმულთა გადანათვლას "ქრისტეს მეორედ ჯვარცმას" უწოდებს და ამგვარად მოქმედთ ჯოჯოხეთის უქვემოეს ფენას განუწესებს. ჩვენი მხრიდან აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მეორედ ნათლობაზე, გნებავთ "გადანათვლაზე" წმიდა მამების აზრს (მაგ.: ე. ჭელიძის მიერ დამოწმებულ წმ. იოანე დამასკელს) როდი ვეწინააღმდეგებით. მეორედ ნათლობა ნამდვილად ქრისტეს მეორედ ჯვარცმა და უმძიმესი ცოდვაა, მხოლოდ აქ ის განსხვავებაა, რომ ბ-ნ ე. ჭელიძისთვის ეს არის მეორედ ნათლობა იმიტომ, რომ მისთვის დასხმით-პკურებითი ნათლობა სრულიად სჯულიერია, ჩვენთვის კი არა.


და კიდევ, აუცილებელია იმის თქმაც, რომ ბ-ნი ე. ჭელიძე, როდესაც დასხმითად თუ პკურებითად ხელახლა მონათლულთა "გადაშთაფლულობასა" და "ქრისტეს მეორედჯვარცმაზე" მსჯელობს, ამ ქმედების წყაროდ ძველმართლმადიდებელთ, მისი საყვარელი ტერმინით "სტაროვერებს" წარმოაჩენს. ვნახოთ, რამდენად სამართლიანია ამგვარი "დაზუსტება".

<<<

7

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика