აპოლოგეტიკა - განხილვა მაგალითებისა, რომლებითაც ცდილობს ზოგიერთი დაიცვას ნიკონის რეფორმა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
დ. ს. ვარაკინი

განხილვა მაგალითებისა, რომლებითაც ცდილობს ზოგიერთი დაიცვას ნიკონის რეფორმა
სოლოვეცკელი ბერების ტანჯვა-წამება
შინაარსი:

_____________________


პასექის დღესასწაულობის შესახებ

ახალმოწესე: ჩვენი მისიონერები პატრიარქ ნიკონისა და მის დროს მოწვეულ კრებათა გასამართლებლად დიდი წარმატებით იმოწმებენ ძველი ეკლესიის მაგალითს პასექის დღესასწაულობის შესახსებ. აზიის ეკლესიები პასექს მთვარის 14-ე დღეს აღნიშნავდნენ, ანუ ებრაელებთან ერთად, დანარჩენი ეკლესიები კი კვირადღეს, ანუ ისე, როგორც დღეს ზეიმობს ეკლესია. აზიის ეკლესიათა მეთაური, ეპისკოპოსი პოლიკრატე რომის პაპ ვიქტორს წერდა, რომ პასექს ის წმ. იოანე ღვთისმეტყველის გადმოცემის მიხედვით მთვარის 14-ე დღეს ზეიმობდა, თუმცა პაპი ვიქტორიც, რომელიც თავის მხრივ პასექის ამგვარ ზეიმობას გმობდა და უფლის მკვდრეთით აღდგომას კვირადღეს აღნიშნავდა, მოციქულებს ეყრდნობოდა თავისი ტრადიციის გასამართლებლად.

ხედავთ, თვით წმიდა მოციქულებიც კი განსხვავებულად აღნიშნავდნენ პასექს და ყოველი მათგანი თავის მემკვიდრეს საკუთარ დადგენილებას გადასცემდა. მაგრამ, ვის შეუძლია არამართლმადიდებლად აღიაროს არა თუ მოციქულები, არამედ მათი მემკვიდრეები, რომლებიც თავიანთი წინაპრებისგან მიღებულ და ერთმანეთისგან განსხვავებულ გადმოცემებს მისდევდნენ? აქედან სრულიად გასაგებია, რომ ოდენ განსხვავებული გადმოცემების დამკვიდებისთვის არც ჩვენი ბერძნულ-რუსული ეკლესია შეიძლება მწვალებლურად გამოცხადდეს.

ეს მაგალითი ნამდვილად ამართლებს პატრიარქ ნიკონის რეფორმას და მთელს ჩვენს ეკლესიას. მე პირადად გასაუბრებებზე ამ მაგალითის წინააღმდეგ ძველმორწმუნეთა რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი არ მომისმენია, ამიტომაც მას ჩვენი ეკლესიის გამამართლებელ მაგალითად მივიჩნევ. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

ძველმოწესე: უნდა გითხრათ, რომ თქვენ აქ ერთბაშად სამი ტყუილი დაუშვით.

ახალმოწესე: ვერ დაგეთანხმებით, რომ მე ტყუილები დავუშვი, რადგან, როგორც უკვე გითხარით, პირადად შევსწრებივარ გასაუბრებებს ძველმორწმუნეებთან და ამ მაგალითის წინააღმდეგ ისინი ვერაფერს ამბობდნენ. მაშ, რაში მოვიტყუე მისი დამოწმებისას?

ძველმოწესე: პირველი ტყუილის თანახმად, წმიდა მოციქულებს პასექის განსხვავებული დღესასწაულობა დაუწესებიათ; მეორე ტყუილის მიხედვით, წმ. იოანე ღვთისმეტყველს თავისი მემკვიდრეებისთვის იუდეველებთან ერთად პასექის ზეიმობა უსწავლებია; ხოლო მესამე ტყუილის თანახმად პოლიკრატე იმოწმებდა წმ. იოანე ღვთისმეტყველს, რომელმაც თურმე მას პასექის ებრაელებთან ერთად დღესასწაულობა დაუწესა.

ახალმოწესე: დიახ, და მე ამის დამტკიცება შემიძლია.

ძველმოწესე: ასე რომ ყოფილიყო, ადრეც იზამდით ამას.

ახალმოწესე: მისმინეთ, მე თქვენ წაგიკითხავთ ევსები პამფილუსის "ეკლესიის ისტორიას": "აზიის ეპისკოპოსთა შორის, რომლებიც მტკიცედ იდგნენ იმაზე, რომ დაეცვათ მათთვის ძველთაგანვე გადმოცემული ჩვეულება, მთავარი ადგილი ეპყრა პოლიკრატეს, რომელიც ვიქტორისადმი და რომის ეკლესიისადმი მიწერილ თავის ეპისტოლეში მის დრომდე მოღწეული ჩვეულების შესახებ ბრძანებს: "ჩვენ ამ დღეს უცთომელად ვდღესასწაულობთ, არც არაფერს ვამატებთ და არც არაფერს ვაკლებთ. აზიაში არიან დაკრძალულნი უდიდესი მღვდელმთავარნი, რომლებიც მკვდრეთით აღსდგებიან უფლის მეორედ მოსვლის დღეს, როდესაც დიდებით შემოსილი უფალი მოვალს და ყველა წმინდან საღადგენს. მათ შორის: ფილიპეს, ერთ ერთს თორმეტ მოციქულთაგან, რომელიც იერაპოლშია დაკრძალული, მის ორ ქალიშვილს, რომლებიც ქალწულებად დაბერდნენ, და მის მესამე ქალწულსაც, რომელმაც სულიწმიდას მიუძღვნა თავი და ეფესოში მიიცვალა; ასევე ეფესოში დაკრძალულ აღმსარებელსა და მოძღვარს, იოანეს, რომელიც უფლის მკერდს მიეყრდნო; ასევე სმირნის ეპისკოპოსსა და მოწამე პოლიკარპეს, ცნობილ ეპისკოპოსსა და მოწამე თრაზესს, რომელიც სმირნაში გარდაიცვალა. ვახსენო თუ არა კიდევ ეპისკოპოსი და მოწამე საგარისი, რომელიც ლაოდიკიაში გარდაიცვალა, ნეტარი პაპირიონი და მელიტონ საჭურისი, რომლებიც ყოველივეს სულიწმიდის შთაგონებით იქმოდნენ და ზეციური ეპისკოპოსობისა და მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომის სასოებით სარდეში მიიცვალნენ? ყველა მათგანი პასექს სახარების მიხედვით მთვარის მეტოთხმეტე დღეს დღესასწაულობდა და ამით კი არ არღვევდნენ, არამედ ყოვლითურთ მისდევდნენ სარწმუნოების კანონს. აგერთვე მეც ყველა თქვენზე უმცირესი პოლიკრატე, ჩემი ნათესავების გადმოცემის მიხედვით [ვცხოვრობ], და ზოგიერთი მათგანის მიმდევარი ვიყავი. შვიდი ეპისკოპოსი იყო ჩემი ნათესავი, მე კი ვარ მერვე; და ყოველთვის ჩემი ნათესავები აღნიშნავდნენ იმ დღეს, როდესაც ხალხი უარს ამბობდა საფუარზე. ასე რომ, მე, ძმებო, სამოცდახუთი წელი ვიმყოფები უფალში*, მისაუბრია ძმებთან მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან და მთელი წმინდა წერილი შემისწავლია, არ მეშინია მუქარების, რადგან ჩემზე უფრო დიდ ადამიანებს უთქვამთ: "უფრო ღმერთს უნდა დაემორჩილო, ვიდრე ადამიანებს" (საქმე. 5,29) (Церк. Истор., т. I, кн. V, гл. XXIV, стр. 281 и 282).

ხედავთ, აქ ნათლად არის ნათქვამი, რომ ეპისკოპოსი პოლიკრატე, როდესაც პასექს მეთოთხმეტე დღეს ზეიმობდა იუდეველებთან ერთად, ამას წმ. იოანე ღვთისმეტყველის, წმ. მოციქულ ფილიპეს და სხვათა მიბაძვით აკეთებდა, და რაც მთავარია, პოლიკრატე ამბობს, რომ ის პასექს დღესასწაულობდა სახარების მიხედვით. რომ არ თქვათ ჩემს მიერ მოტანილი მოწმობა არ ეკუთვნის წმიდა მამას, არამედ ისტორიკოსს, თანაც ისეთს, რომელიც ბოლომდე მაინც არ იყო მართლმადიდებელი, იგივეს ნეტარ იერონიმესთანაც წაგიკითხავთ: "პოლიკარპემ (ეს უეჭველად ის პოლიკარპეა, ვისაც ევსებიც უთითებს - დ. ვ.), ეფესოს ეპისკოპოსმა, ასიის სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, რომლებიც პასექს ძველი ჩვეულების მიხედვით, მთვარის მოვანებიდან მეთოთხმეტე დღეს ებრაელებთან ერთად ზეიმობდნენ, რომის ეპისკოპოს ვიქტორის წინააღმდეგ დაწერა სინოდალური ეპისტოლე, რომელშიც ამბობს, რომ მისდევს მოციქულ იოანესა და სხვა ძველ მამათა ავტორიტეტს.

ხსენებული ეპისტოლედან ჩვენ ამოვიწერეთ ეს მცირედი სტროფები: ამრიგად, ჩვენ პასექს დაურღვევლად ვდღესასწაულობთ, არაფერს ვამატებთ და არც ვაკლებთ. რადგან აზიაში განისვენებენ ეკლესიის მნათობები, რომლებიც აღსდგებიან უფლის მოსვლის დღეს, როდესაც ის გამოჩნდება ბრწყინვალებით, რათა აღადგინოს ყველა წმიდა, კერძოდ: იერაპოლში გარდაცვლილი ფილიპე, თორმეტ მოციქულთაგან ერთ ერთი, ქალწულობაში დაბერებული თავის ორ ქალიშვილთან ერთად, და მისი მესამე ქალიშვილიც, რომელიც სულიწმიდით აღვსილი, ეფესოში მიიცვალა; ასევე მოწამე და მოძღვარი იოანე, რომელიც უფლის მკერდს მიეყრდნო, იყო მისი მღვდელმთავარი, შუბლით რომ ატარებდა ოქროს დაფას და ეფესოში დაკრძალეს; ასევე პოლიკარპე, ეპისკოპოსი და მოწამე, რომელიც სმირნაში განისვენებს; და თრაზესი, ეპისკოპოსი და მოწამე ევმენედან, რომელიც იმავე სმირნაში მიიცვალა. ვახსენოთ კი საგარისი, ეპისკოპოსი და მოწამე, ლაოდიკიაში რომ განისვენებს, ნეტარი პაპირიონი და მარადჟამ სულიწმიდის მსახური მელიტონ საჭურისი, რომელიც სარდეში მიიცვალა და უფლის საშინელ და დიდებულ მეორედ მოსვლას ელის?

არც ერთი მათგანი არ გადახრილა სახარებისეული გადმოცემისგან და საეკლესიო კანონის თანახმად პასექს მთვარის მოვანებდან მეთოთხმეტე დღეს აღნიშნავდნენ. აგერთვე მეც ყველა თქვენზე უმცირესი პოლიკრატე, ჩემი მეზობლების გადმოცემის მიხედვით ვცხოვრობ, და ზოგიერთი მათგანის მიმდევარი ვიყავი. შვიდი ეპისკოპოსი იყო ჩემი მეზობელი, მე კი ვარ მერვე; და ყოველთვის ჩემი ნათესავები აღნიშნავდნენ იმ დღეს, როდესაც ებრაელი ხალხი უარს ამბობდა საფუარზე" (ч. V, стр. 314-315).

როგორც ხედავთ ეს მოწმობა თითქმის ზუსტად ემთხვევა ევსები პამფილუსის მონათხრობს. განა ნათელი არ უნდა იყოს, რომ აზიის ეკლესიებმა იუდეველებთან ერთად პასექის ზეიმობა წმიდა მოციქულ იოანესგან და სხვა მამათაგან რომ მიიღეს. ჩემის აზრით, ეს მოწმობა, რომელიც ორი წყაროდან დავიმოწმეთ, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დავამტკიცოთ თქვენი ბრალდების უსამართლობა ჩემს მიერ ტყუილების დაშვების თაობაზე.

ძველმოწესე: მე კი პირიქით მგონია: წაიკითხეთ რა ეს მოწმობა ორი წყაროდან, კიდევ უფრო დაამტკიცეთ, რომ პირველ სიტყვაში სამი ტყუილი დაუშვით.

ახალმოწესე: მე თქვენი არ მესმის. ეს საფუძვლიანად უნდა დამიმტკიცოთ.

ძველმოწესე: მიუკერძოებელი მოსაუბრისთვის ეს თვით თქვენს მიერ მოტანილი წყაროებიდანაც ცხადი უნდა იყოს; ხოლო თუ თქვენ საკუთარ საუბარს მისიონერული პრინციპებით წარმართავთ, მაშინ კეთილი ბატონო, თქვენი სურვილის თანახმად საფუძვლიანად დაგიმტკიცებთ.

პირველ თქვენს სიტყვაში ბრძანეთ, რომ წმიდა მოციქულებს სხვადასხვა ჩვეულება ჰქონდათო; ეს თქვენს მიერ დამოწმებულ წყაროებში არ წერია. შემდეგ თქვენ ბრძანეთ, რომ ეპისკოპოსი პოლიკრატე პასექის დღესასწაულობის საკითხში წმ. იოანე ღვთისმეტყველის გადმოცემას დაეფუძნაო, და არც ეს ჩანს თქვენს მოწმობებში. აქ მხოლოდ ის წერია, რომ წმ. იოანე ღვთისმეტყველი, წმ. ფილიპე და სხვები პასექს სახარების მიხედვით დღესასწაულობდნენ, მაგრამ ის, რომ წმ. იოანეს მომავლისთვისაც ასე განაწესებინოს პასექის დღესასწაულობა, თქვენს მოწმობებში არ ჩანს. ვისი გადმოცემის მიხედვით ზეიმობდა პასექს პოლიკრატე ჩანს მისი სიტყვებიდან: "მე, პოლიკრატე ასე ვიქცევი ჩემი ნათესავების გადმოცემების მიხედვითო".

ახალმოწესე: იქნებ წმ. იოანე ღვთისმეტყველი მისი ნათესავი იყო.

ძველმოწესე: პირდაპირი ხაზით წმ. იოანე ღვთისმეტყველსა და ეპისკოპოს პოლიკრატეს შორის ნათესაობა ვერ იქნებოდა თუნდაც მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ღვთისმეტყველი უცოლშვილო და მეტიც, ქალწული იყო. ეს ერთი. ახლა მეორე: ნეტ. იერონიმე თქვენს მიერ დამოწმებულ ნაშრომში "ნათესავებში" მეზობელ ეპისკოპოსებს გულისხმობს. ასე, მაგალითად, გადმოსცემს რა პოლიკრატეს სიტყვებს, იმავე ადგილას, რომელსაც თქვენც იმოწმებდით, ის წერს აგერთვე მეც ყველა თქვენზე უმცირესი პოლიკრატე, ჩემი მეზობლების გადმოცემის მიხედვით ვცხოვრობ, და ზოგიერთი მათგანის მიმდევარი ვიყავი. შვიდი ეპისკოპოსი იყო ჩემი მეზობელი, მე კი ვარ მერვე; და ყოველთვის ჩემი მეზობლები აღნიშნავდნენ იმ დღეს, როდესაც ებრაელი ხალხი უარს ამბობდა საფუარზე" (საქ¬მე. 5,29).

თვით ნეტ. იერონიმე ამავე მოწმობაში ამბობს, რომ პოლიკრატე პასექს იუდეველებთან ერთად ზეიმობდა რომელიღაც ძველი ჩვეულების თანახმად და "წმ. იოანე ღვთისმეტყველის გადმოცემის მიხედვითო" არ უთქვამს, როგორც ამას თქვენ, მისიონერული ტაქტიკის ერთგულად მიმყოლი ბრძანებთ და თქვენს მიერვე გადმოცემულ წყაროებს ამახინჯებთ.

ახალმოწესე: როგორც უნდა იყოს, ერთი რამ ჭეშმარიტია, რომ წმიდა მოციქულები პასექს სახარების მიხედვით მთვარის მეთოთხმეტე დღეს ზეიმობდნენ და ეპისკოპოსი პოლიკრატეც ასე აღნიშნავდა პასექს. მაშასადამე, ეს ჩვეულება დაცული იყო მოციქულთა პრაქტიკიდან გამომდინარე.

ძველმოწესე: არ დავიწყებ დავას იმის შესახებ, რომ წმიდა მოციქულები პასექს იუდეველებთან ერთად აღნიშნავდნენ, არამედ პირიქით, დაგიდასტურებთ, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამდე მოციქულები და თვით ქრისტეც იუდაურ პასექს აღნიშნავდნენ. იმავე დროს, როდესაც ებრაელი ხალხი უარს ამბობდა საფუარზე უფალმა თავისი საიდუმლო სერობა აღასრულა. ხოლო ეპისკოპოს პოლიკრატეს გამოთქმა, რომელიც პაპ ვიქტორს მისწერა, რომ წმ. იოანე ღვთისმეტყველი პასექს ზეიმობდა "სახარების მიხედვით", არ ნიშნავს იმას, რომ მორწმუნეებს მომავალშიც იუდეველებთან ერთად პასექის დღესასწაულობა დაუწესა წმ. იოანემ. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მოციქული ზეიმობდნენ იუდაურ პასექს.

ვფიქრობ ყველაზე გაუნათლებელი ადამიანიც კი დათანხმდება, რომ თუ სადმე სახარებაში პასექია ნახსენები (მაგ.: მთ. 26; 2,17,18,19; მკ. 14; 1,12,14,17; ლკ., 22; 1,7,8,11,13,15 და ინ., 12; 1; 13; 1 и 18; 28), მხოლოდ ძველაღთქმისეულია ნაგულისხმევი და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მცნება ან განკარგულება მომავალი დროებისთვის, რათა მორწმუნეებმა მომავალშიაც პასექი იუდეველებთან ერთად იზეიმონ. ამიტომაც, მინდა გკითხოთ სად ამცნო წმ. იოანე ღვთისმეტყველმა ასიის ეკლესიებს პასექი ყოველთვის იუდეველებთან ერთად ეზეიმათ? ამისი ცოდნა ჩემთვის აუცილებელია, რადგან თქვენ პირველ თქვენს სიტყვაში სწორედ ამას ამტკიცებდით.

ახალმოწესე: თუ იმ მოწმობებში ეს ნათქვამი არ არის, ნება მიბოძეთ, სხვა, უფრო მკაფიო წყაროები დავიმოწმო ამის შესახებ. ვკითხულობ სოკრატეს "ისტორიიდან": "მცირე ასიაში ზოგიერთები, როგორც ვთქვი, მეთოთხმეტე დღეს იცავდნენ... დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებნი კი ძველ გადმოცემას მისდევდნენ და პასექს გაზაფხულის ბუნობის შემდეგ აღნიშნავდნენ... პასექის მეთოთხმეტე დღეს აღმნიშვნელნი ამტკიცებდნენ, რომ ეს მათ იოანე მოციქულისგან გადმოეცათ, ხოლო რომაელები და საერთოდ, დასავლელნი ამბობენ, რომ თავიანთი ჩვეულება მათ მოციქულთა პეტრესა და პავლესგან მიიღეს" (Церковная История Сократа, 426-429).
იგივეს ვკითხულობთ სხვა "ისტორიაში": "ასიის ეკლესიები ამტკიცებდნენ, რომ საჭიროა მივსდევდეთ იოანე მახარობელს" (Церковная история Созомена, кн. 7, гл. 19, стр. 517). აჰა, თქვენ უფრო მკაფიო მოწმობები იმის შესახებ, რომ ასიის ეკლესიები პასექს იუდეველებთან ერთად წმ. იოანე ღვთისმეტყველის გადმოცემისამებრ ასრულებდნენ.

ძველმოწესე: თქვენ მე წამიკითხეთ მოწმობები, სადაც პირველში ნათქვამი იყო, რომ იუდეველებთან ერთად პასექის აღმნიშვნელნი ამტკიცებდნენ, რომ ეს მათ წმ. იოანე ღვთისმეტყველისგან გადმოეცათ; მე კი გთხოვეთ გეჩვენებინათ წყარო, სადაც წერია, რომ წმ. მოციქულმა და მახარობელმა თავის მოწაფეებს ამცნო პასექის ასე აღსრულება. თქვენი მეორე მოწმობა ამაზე უფრო უსუსურია, რადგან აქ უკვე არც ამტკიცებენ რომ ეს იოანე ღვთისმეტყველისგან გადმოეცათ, არამედ უბრალოდ, ასიის ეკლესიებმა მხოლოდ თქვეს, რომ უნდა მისდევდნენ იოანე ღვთისმეტყველს. ცხადია, აქაც არ ჩანს მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მცნება.

ახალმოწესე: კეთილი. თუ არც ეს მოწმობები გაკმაყოფილებთ, მაშინ სხვას წაგიკითხავტ. ევსები კესარიელის "ისტორიაში" წერია: "როდესაც ნეტარი პოლიკარპე ანიკიტას დროს რომში ჩამოვიდა, რაღაც საკითხების გარშემო ერთმანეთთან მცირე უთანხმოება მოუვიდათ, მაგრამ მყისვე შერიგდნენ, არ სურდათ რა ამ საკითხის გარშემო ერთმანეთთან კამათი. რადგან არც ანიკეტს შეეძლო დაერწმუნებია პოლიკარპე, რომ არ დაეცვა, რამდენადაც ჩვენი უფლის მოწაფესთან, იოანესთან და სხვა მოციქულებთან ერთად ცხოვრობდა და ყოველთვის იცავდა; ვერც პოლიკარპე არწმუნებდა ანიკეტს, რომ დაეცვა, რადგან იგი ამბობდა, რომ უნდა დაეცვა მის წინარე პრესვიტერების ჩვეულება. და მაშინ როცა ასეთი ვითარება იყო, ერთმანეთთან ჰქონდათ ზიარება, და ანიკეტი ეკლესიაში ევქარისტიის აღსრულების ნებას რთავდა პოლიკარპეს, ცხადია, პატივისცემის გამო. და ერთმანეთს მშვიდობით დაშორდნენ, რადგან მთელი ეკლესიის მშვიდობას იცავდნენ ისინი, რომლებიც იცავდნენ [მარხვის ამ წესს], და ისინიც, რომლებიც არ იცავდნენ" (т. I, стр. 284-285). აქ ნათლად წერია, რომ პოლიკარპე ცხოვრობდა იოანესთან ერთად და იცავდა პასექის დღესასწაულობას მეთოთხმეტე დღეს.

ძველმოწესე: თქვენ განსაკუთრებულად აკეთებთ აქცენტს სიტყვებზე: "იოანესთან ერთად ცხოვრობდა", მაგრამ არც აქ არის წმიდა მახარობელის მცნება იუდეველებთან ერთად პასექის ზეიმობის თაობაზე; არამედ უბრალოდ, პოლიკარპე, სმირნის ეპისკოპოსი, იყო რა წმ. იოანე ღვთისმეტყველის თანამედროვე, ცხოვრობდა მასთან ერთად და აღნიშნავდა პასექს "სახარების მიხედვით". მე კი უკვე განგიმარტეთ, რას ნიშნავს პასექის აღნიშვნა "სახარების მიხედვით".

ახალმოწესე: ახლა მე თქვენ კიდევ ერთ მოწმობას გაგაცნობთ. ბარონის "ჟამთაღწერაში" ნათქვამია: "სხვადასხვა ქვეყნებში ეპისკოპოსებმა ადგილობრივი კრებები მოიწვიეს და ყველანი, აღმოსავლეთთან ერთად შეთანხმდნენ, რათა პასექი ეზეიმათ პირველი თვის (ანუ მარტის) აღვსების პირველივე კვირას და არა იუდეველთა ტრადიციის მთვარის მეთოთხმეტე დღეს, რომელ დღესაც მოუწევს. მხოლოდ მცირე ასიის ეკლესიის ეპისკოპოსები, პოლიკრატეს მეთაურობით, არ დაეთანხმა ამ დადგენილებას და განაცხადა, რომ პასექს ასე, იუდეველებთან ერთად, ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან დღესასწაულობდნენ და ახლაც დღესასწაულობენ, რის გამოც ამ გადმოცემას ვერ დატოვებენ. და ამის შესახებ არსებობს პოლიკრატეს მიერ რომის პაპ ვიქტორისადმი მიწერილი ეპისტოლე" (Лето Господне 198, число 1).

მაშ, რა გნებავთ ამაზე უცხადესი, თუკი პირდაპირ ნათქვამია: "მოციქულთა დროიდან დღესასწაულობდნენ" და მათგან მიუღიათ ეს ჩვეულება. არ ვიცი ამაზე რას მიპასუხებთ.

ძველმოწესე: თქვენს ამ მოწმობაშიც არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თითქოსდა მოციქულებს ემცნოთ თავიანთი მოწაფეებისთვის პასექის იუდეველებთან ერთად ზეიმობა, არამედ მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ასიის ეპისკოპოსები, პოლიკრატეს მეთაურობით, მათი თქმით, მოციქულთა დროიდან ზეიმობენ პასექს იუდეველებთან ერთად. სწორედ ამგვარ აზრს შეიცავს ეს მოწმობა. ხოლო თუ თქვენი გაგებით "ჟამთაღწერის" გამოთქმა "მოციქულთა დროიდან" ანდერძს, მცნებას ან მოციქულთა გადმოცემას ნიშნავს, მაშინ უკიდურეს უგუნურებამდეც კი შეიძლება დავიდეთ და ვთქვათ, რომ მწვალებლობებიც მოციქულთა გადმოცემებია, რადგან მწვალებლობანიც "ძველთაგანვე, მოციქულთა დროიდან არსებობენ". ასე, მაგალითად, სადუკეველთა მწვალებლობა ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან იყო, შემდეგ გაჩნდა სიმონ მოგვი და, ბოლოს, თვით მოციქული პავლე წერს, რომ "წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის" (1 კორ. 11:19) მაგრამ, არავინ, ცხადია, მორწმუნეთაგან აზრადაც კი არ გაივლებს, რომ მწვალებლობები მოციქულთა გადმოცემაა.

ამრიგად, საყვარელო, რამდენიც უნდა ეცადოთ, ვერანაირად დაამტკიცებთ, რომ ასიის ეკლესიები პასექს იუდეველებთან ერთად წმ. იოანე ღვთისმეტყველის დანაბარების მიხედვით აღნიშნავდნენ, რადგან ასეთი მცნება და გადმოცემა არ ყოფილა და არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ეს ყოველივე მისიონერული კაზუისტიკაა, - რაც უნდა დაუჯდეთ გაამართლონ პატრიარქ ნიკონის უკანონო რეფორმა.

ახალმოწესე: მართალია, უნდა ვაღიარო, რომ ჩემს მიერ დამოწმებულ წყაროებში პირდაპირ არსად წერია, რომ ასიის ქრისტეანები პასექს იუდეველებთან ერთად მოციქულთა გადმოცემის მიხედვით ზეიმობდნენ, მაგრამ მე მაინც არ შევჩერდები, არამედ გკითხავთ: ვისია მაშ ეს გადმოცემა, რომელსაც ასიაში იცავდნენ?

ძველმოწესე: თქვენი შეკითხვა საკმაოდ უცნაურად მეჩვენება, და უადგილოდაც კი. მაგრამ მაინც გიპასუხებთ, რომ მთვარის პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს პასექის ზეიმობა - მოციქულებზე უძველესია და ის ძველაღთქმისეულ ეკლესიაში არსებობდა. საიდუმლო სერობის, ამ უკანასკნელი იუდაური პასექის შემდეგ, ქრისტემ დააფუძნა ახალი აღთქმა და ამიტომაც, მოციქულები ქრისტეს აღდგომის შემდეგ პასექს კვირა დღეს აღნიშნავდნენ. აქედან გასაგებია, რომ იუდეველებთან ერთად პასექის ერთ დღეს ზეიმობა არის არა მოციქულთა, არამედ იუდეველთა ჩვეულება.

"საეკლესიო მოვლენათა აღწერაში" ამის შესახებ ვკითხულობთ: "ამ წელს (158) რომში ჩამოვიდა სმირნელი ეპისკოპოსი პოლიკარპე; რომის საყდარი მაშინ ანიკიტეს ეპყრა. მათი საუბრის თემა პასექის განსხვავების საკითხი იყო. რომში, ალექსანდრიასა და სხვა ადგილებში მას კვირა დღეს ზეიმობდნენ, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის საპატივცემოთ, ხოლო მცირე ასიის ეკლესიები უფლის ჯვარზე ვნების ხსოვნას ყოველთვის ძველი, იუდაური ჩვეულების მიხედვით, მარტის თვის სავსემთვარეობის 14-ე დღეს აღნიშნავდნენ, მიუხედავად იმისა, რომელ დღეს დაემთხვეოდა იგი. მიღებული იყო ყველა ეკლესიას დაეცვა თავისი წესი, ასე გადავიდა მოციქულთა დროიდან მცირე ასიის ეკლესიებზე ეს ჩვეულება" (Летопись церковных событий Арсения, лето 158). ხედავთ, მცირე ასიის ეკლესიათა ჩვეულება აქ იუდაურად იწოდება და ის მოციქულთა გადმოცემის გამო კი არ იყო დაცული, არამედ იმიტომ, რომ მოციქულთა დროიდან გადავიდა ასიის ეკლესიებზე. ვფიქრობ, უნდა გაკმაყოფილებდეთ ამგვარი პასუხი.

ახალმოწესე: დიახ, ეს პასუხი სამართლიანია. მაგრამ აი რაშია პრობლემა: რატომ იცავდნენ მცირე ასიის ეპისკოპოსები ასე ჯიუტად იუდაურ ჩვეულებას, მითუმეტეს თუ, როგორც თქვენ დაამტკიცეთ, მოციქულებს არ გადმოუციათ პასექის იუდეველებთან ერთად ზეიმობა? უეჭველია, რომ წმ. პოლიკარპე, როდესაც პასექს იუდეველებთან ერთად ზეიმობდა, არ შეეძლო ეს დაემალა თვისი მოძღვრისა და სულიერი მამის, წმ. იოანე ღვთისმეტყველისთვის და, ასევე უეჭველია, რომ ამ უკანასკნელმა იცოდა ამგვარი ზეიმობის შესახებ, თუმცა არავისთვის ეს არ აუკრძალავს. როგორ შეიძლება ეს ავხსნათ?

ძველმოწესე: ამისი ახსნა ძნელი როდია. მცირე ასიის ეპისკოპოსები, პოლიკრატეს მეთაურობით, თავიანთ ჩვეულებას ჯიუტად იმიტომ იცავდნენ, რომ მათში ის არსებობდა მართალია არა იოანე ღვთისმეტყველის დანაბარებისა ან გადმოცემისამებრ, მაგრამ მისი დროიდან. ეს ჩვეულება ძლიერ დამკვიდრდა მათში; მცირე ასიის ეკლესიები ისე შეესისხლხორცნენ მას, რომ განშორება არანაირად არ სურდათ. ეს შეიძლება მაგალითითაც ავხსნათ. ავიღოთ თუნდაც სამი თითით პირჯვრისწერა. აგერ 250 წელია ძველმორწმუნეები გიმტკიცებენ, რომ ის სულაც არ არის წმიდა მამათა გადმოცემა, და თქვენც კარგად იცით ეს, მაგრამ მიდით და განუცხადეთ სინოდს, რომ სამი თითით პირჯვრისწერა უნდა განადგურდეს, ამოიძირკვოს როგორც ბოროტება, როგორც მწვალებლობა და მის ნაცვლად ორი თითით პირჯვრისწერა დამკვიდრდეს, - რას იტყვის თქვენი სინოდი? ის იგივეს გიპასუხებთ, რასაც პასუხობდა თქვენი საეკლესიო ხელისუფლება ჩვენს წინაპრებს: პავლეს, კოლომნის ეპისკოპოსს, დეკანოზ ამბაკუმს, დიაკვან თევდორეს და მრავალ სხვას.

250 წლოვანი ისტორიის ფურცლები ჩვენი წინაპრების სისხლითაა მორწყული, და ისიც რაღაც პეშვით პირჯვრისწერის გამო. და თუკი ასე მოხდა მაშინ, როდესაც პროტესტს აცხადებდნენ სიახლეთა წინააღმდეგ, რატომ უნდა გვიკვირდეს მცირე ასიის ეკლესიათა ეპისკოპოსებისა, რომელთაც ის მაინც შეეძლოთ ეთქვათ, რომ ასე ზეიმობდნენო პასექს არა მარტო ჩვენ, არამედ წმიდა მოციქულები ჩვენი მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში.

შემდეგ, თქვენ აღნიშნეთ, რომ წმ. იოანე ღვთისმეტყველი ხედავდა, როგორც ზეიმობდნენ ქრისტეს აღდგომის იუდეველთა პასექის დროს, და იკითხეთ რატომ არ აკრძალა მან ეს. გიპასუხებთ: იკონომიით და შემწყნარებლობით ქრისტეანობისკენ მოქცეულ იუდეველთა გამო. ამას გვიდასტურებს, ჯერ ერთი, მოციქული იაკობი; ის ეუბნებოდა მოციქულ პავლეს: "ხომ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის, და ყველანი გულმხურვალედ იცავენ რჯულს" (საქმე 21:20); და მეორეც, ამას ისტორიაც ადასტურებს. "ბარონის ჯამთაღწერა" გვამცნობს: "პოლიკარპე სიყვარულით მიიღო რომის პაპმა ანიკიტემ. რომში მისი ჩამოსვლის მიზანი კი იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა შეთანხმება პასექის დღესასწაულობასთან დაკავშირებით: რადგან აღმოსავლელნი იუდეველებთან ერთად დღესასწაულობდნენ და იმ დროს სხვა თანხმობა შეუძლებელი იყო, გარდა იმისა, ყოფილიყვნენ ერთად, ერთ სარწმუნოებასა და ერთმანეთს შორის სიყვარულში და ყოველს ის წესი დაეცვა, რასაც მისდევდა ძველთაგანვე. ასევე მოციქულებიც, მართალია მათ პასექის დღესასწაულობა კვირა დღეს დააწესეს, მაგრამ შემწყნარებლობის გამო იუდეველებთან ერთად მედღესასწაულეებსაც არ ეწინააღმდეგებოდნენ, განსაკუთრებით კი მათ გამო, ვინც იუდეველთაგან მოექცა ქრისტეანობისკენ, რომელთაც თავიანთი ჩვეულების მიტოვება არ სურდათ" (Лето Господне 167, число 2). და ამ მოწმობიდან, ღმრთის დღესავით ნათელია ის, რომ მოციქულებმა მთვარის 14-ე დღეს პასექის დღესასწაულობა მხოლოდ იკონომიით დაუშვეს. ჭეშმარიტი პასექის დღესასწაულობა კი მოციქულებმა კვირა დღეს დააწესეს.

ახალმოწესე: ამ მოწმობიდან, მართლაც ნათელია, რომ პასექის დღესასწაულობა კვირა დღეს მოციქულთა დაწესება იყო.

ძველმოწესე: შეგვიძლია სხვა მაგალითებიდანაც დავრწმუნდეთ იმაში, რომ კვირა დღეს პასექის დღესასწაულობა მოციქულთა დაწესებაა. თუ გნებავთ წაგიკითხავთ.

ახალმოწესე: ეს აუცილებელია, თუ შეიძლება წამიკითხეთ.

ძველმოწესე: ევსები კესარიელის "ეკლესიის ისტორიაში" ვკითხულობთ: "ამ დროს არამცირედი გამოძიება დაიწყო, რადგან ასიის ყველა დიოცეზი თვლიდა, რომ მაცხოვნებელი პასექის დღესასწაული უფრო ძველი გადმოცემით მთვარის მეთოთხმეტე დღეს უნდა აღენიშნათ, რა დღესაც იუდევე-ლებისთვის ნაბრძანები იყო ცხვრის შეწირვა. ყველა ვალდებული იყო ამ დღეს, კვირის რომელ დღესაც არ მოუ-წევდა, მარხვა გაეხსნილათ. ამ სახით დღესასწაულის აღნიშვნა ჩვეულებად არ ჰქონდა ეკლესიებს მთელ და-ნარჩენ მსოფლიოში, რომლებსაც მოციქულების გადმოცემით ახლანდელ დრომდე დაცული ჩვეულება ისე ეპ-ყრათ, რომ ჩვენი მაცხოვრის აღდგომის დღის გარდა სხვა დღეს არ ესადაგებოდა მარხვის გახსნილება. ამისთვის იმართებოდა ეპისკოპოსთა კრებები, და ყველა ეპისტოლეების მეშვეობით საეკლესიო დოგმატი ყველგან მყოფ ეკლესიებს ერთსულოვნად წერდა, რომ უფლის მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო არ აღსრულდებოდა უფლის დღის გარდა სხვა დღეს, და რომ მხოლოდ ამ დღეს დავიცავდით პასექის მარხვის გახსნილებას. ახლანდელ დრომდე გავრცელებულია პალესტინაში შეკრებილთა წერილი, რომელთაც თავმჯდომარეობდა კესარიის დიო-ცეზის ეპისკოპოსი თეოფილე და იერუსალიმის - ნარკისოსი. მსგავსადვე არის ამავე საკითხის გამოძიების შესა-ხებ რომში მყოფთა სხვა ეპისტოლე, რომელიც ცხადყოფს, რომ ეპისკოპოსი იყო ვიქტორი; და ასევე ეპისტოლე პონტოს ეპისკოპოსებისა, რომელთაც, როგორც უხუცესი, თავმჯდომარეობდა პალმასი; და ასევე გალიის დიო-ცეზებისა, რომლის ეპისკოპოსი იყო ირინეოსი; გარდა ამისა ოსროენისა და ადგილობრივი ქალაქების; საკუთრივ ბაკხილუსის კორინთოს ეკლესიის ეპისკოპოსის, და სხვა მრავალთა ეპისტოლეები, - მათი, ვინც ერთი და იგივე შეხედულება და განაჩენი გამოიტანეს, და ერთი და იგივე ხმა მისცეს" (т. 1, гл. 28, стр. 280-281).

ამის შესახებ მოციქულებრივი კაცი წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი წერს: "და კიდევ, ეპისკოპოსსა და ხუცესთ უფალში ვამცნებ: ვინც იუდეველებთან ერთად აღასრულებს პასექს, ან მათ დღესასწაულებს შეიწყნარებს: უფლის ჯვარმცმელთა თანამოზიარეა და მათი მოციქული" (ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ). და ბოლოს, წაგიკითხავთ თვით წმიდა მოციქულთა დადგენილებას, რომელიც მოცემულია "დიდ სჯულისკანონში": "თუ ეპისკოპოსი, ხუცესი ან დიაკონი აღდგომის წინა დღეს, გაზაფზულის ბუნიაობის წინ, ურიებთან (იუდეველებთან) ერთად იდღესასწაულებს, განიკვეთოს" (მოციქულთა 7-ე კანონი). არის კი საჭირო განვმარტოთ ეს მოწმობანი?
ახალმოწესე: ჩემის აზრით, ეს მტკიცებულებები განმარტებებიც გარეშეც საკმაოდ ნათელია. ცხადია, რომ მოციქულებმა ნამდვილად პასექის ზეიმობა კვირა დღეს დააფუძნეს. მაგრამ მე მომისმენია ჩვენი სინოდალური მისიონერ კრიუჩკოვის გასაუბრება თქვენთან; ის განმარტავს, რომ წმიდა მოციქულთა 7-ე კანონი იუდაურ პასექში მონაწილეებს ეხება და არა იმას, რომ თითქოსდა არ შეიძლებოდეს პასექის ზეიმობა ერთსა და იმავე დღეს იუდეველებთან ერთად; მაგრამ, მე მიმაჩნია, რომ ეს არაკეთილსინდისიერი განმარტებაა. საერთოდ, ეს ჩვენი კრიუჩკოვი ცოტას აჭარბებს. ბოლოს მე მისი გამოსვლა სანკტ-პეტერბურგში მოვისმინე, - იქ ხომ საერთოდ ჩაფლავდა.

ძველმოწესე: ახლა კრიუჩკოვზე არ ვლაპარაკობთ, არამედ იმაზე, რომ მეშვიდე კანონს არასწორად განმარტავს. ეს სწორად შენიშნეთ. მისი ასეთი განმარტება დიდი სჯულისკანონის საწინააღმდეგოა; აი, რას ბრძანებს სჯულის კომენტატორი ზონარა წმიდა მოციქულთა ხსენებულ კანონზე: "კანონის მთელი მცნება კი შემდეგშია: ქრისტეანებმა არ უნდა იდღესასწაულონ პასექი იუდეველებთან ერთად, ანუ ერთსა და იმავე დღეს. რადგან ჯერ უნდა გაიაროს მათმა არასადღესასწაულო ზეიმობამ, შემდეგ კი აღესრულოს ჩვენი პასექი" (სრული თარგმანის მიხედვით). იგივეს ბრძანებს პატრიარქი ბალსამონიც: "ღვთაებრივ მოციქულებს არ სურთ პასექი ვიზეიმოთ ჰურიებთან ერთად, ამიტომაც განსაზღვრავენ, რომ უფლის პასექი ჩვენში აღესრულოს იუდეველთა სჯულიერი პასექის შემდეგ" (იქვე).

ახალმოწესე: დიდი მადლობა თქვენ ასეთი დეტალური განმარტებისთვის და იმის დამტკიცებისთვისაც, რომ 1) იუდეველებთან ერთად ერთ დღეს პასექის ზეიმობა არ არის მოციქულთა გადმოცემა, არამედ მხოლოდ დროებითი დაშვება, იკონომია და 2) რომ პასექის ზეიმობა ისე, როგორც ჩვენ ვზეიმობთ, ანუ კვირა დღეს, არის სწორედ მოციქულთა ჭეშმარიტი გადმოცემა. თუმცა უნდა განგიცხადოთ, მიუხედავად თქვენი განმარტებების სამართლიანობისა ამ საგანზე, მაინც არ გაქვთ უფლება გამოეყოთ ჩვენს ეკლესიას და მწვალებლურად გამოაცხადოთ იგი.

ძველმოწესე: რატომ?

ახალმოწესე: იმიტომ, რომ თუმც ასიის ქრისტეანები იცავდნენ არა სამოციქულო, არამედ იუდაურ გადმოცემას, ამის გამო არავის ჩაუთვლია ისინი მწვალებლებად. ასეა ჩვენი ეკლესიაც, მართალია ის იცავდა არა მოციქულთამიერ გადმოცემებს, მაგრამ მაინც არ უნდა მივიჩნიოთ ის მწვალებლურად.

ძველმოწესე: თქვენს ასეთ დასკვნას ვერ დავეთანხმები სხვადასხვა მიზეზითა და მოსაზრებით.

ახალმოწესე: რა მიზეზები და მოსაზრებებია ეს?

ძველმოწესე: პირველი მოსაზრება: ასიის ქრისტეანები მწვალებლებად იმიტომ არ მიიჩნეოდნენმ, რომ იმხანად პასექის საკითხი ჯერაც სადავო და გადაუწყვეტელი იყო. თანაც მცირე ასიაში ეს ჩვეულება დამკვიდრდა არა მწვალებელთაგან, არამედ წმ. იოანე ღვთისმეტყველის დროს, მისი დაშვებით, როგორც უკვე ვთქვით, მორწმუნე იუდეველთა გამო. თანაც, ასიის ქრისტეანები, მართალია არ ეთანხმებოდნენ სხვა ეკლესიებს პასექის დღესასწაულობის საკითხში, თავის მხრივ, ამის გამო მათ მწვალებლებად არ აცხადებდნენ. მაშინ როდესაც, თქვენმა ეკლესიამ ჯერ ხომ გაურკვეველი წარმოშობის გადმოცემები დაამკვიდრა თავის წიაღში, ისიც კი გაბედა, რომ მართლმადიდებელი ქრისტეანები, რომლებიც მისდევდნენ ჭეშმარიტ სამოციქულო გადმოცემას და პირჯვარს იწერდნენ ორი თითით - საშინელ წყევლა-კრულვას და ანათემას შუყენა. და ეს კიდევ არაფერი, მათ ფიზიკურ განადგურებასაც შეუდგა.

ახალმოწესე: უკაცრავად, გეთაყვა, პაპმა ვიქტორმა განა არ დასწყევლა მცირე ასიის ქრისტეანები მათი ხსენებული ჩვეულების გამო. აი, რას წერს ბარონი თავის "ჟამთაღწერაში": "ვიქტორი, ხედავდა რა ეკლესიათა ერთობას და მათგან განსხვავებულ აზრს გაჯიუტებული ასიის ეპისკოპოსებისა, დასწყევლა ისინი და ეკლესიის ერთობისგან მოიკვეთა" (Лето Господне 198, число 1). ხედავთ, პაპმა ვიქტორმა პირდაპირ ანათემას გადასცა მცირე ასიის ეპისკოპოსები.
ძველმოწესე: პაპმა ვიქტორმქ თუმც გაბედა ეკლესიის ერთობისგან მოეკვეთა მცირე ასიელი ეპისკოპოსები, მაგრამ შემდგომ თავისი ეს გადაწყვეტილება გააუქმა, როგორც ჩანს ეს ევსები კესარიელის "ისტორიიდან": "ამ ვითარებაში რომაელთა [ეკლესიის] წინამდგომელმა ვიქტორმა სცადა დაუყოვნებლივ მოეკვეთა ზიარი ერთობისგან მთელი ასიის დიოცეზები მოსაზღვრე ეკლესიებთან ერთად როგორც სხვაგვარად მადიდებლები. წერილების მეშვეობით აღნიშნავდა და აცხადებდა, რომ ყველა იქაური ქრისტიანი სრულიად განკვეთილი იყო თანაზიარებისაგან. მაგრამ ეს ყველა ეპისკოპოსს არ სიამოვნებდა, და მას მოუწოდებდა, ეფიქრა მახლობელთა მიმართ მშვიდობაზე, ერთობასა და სიყვარულზე, მოღწეულია მათი სიტყვები, რომლებითაც მკაცრად კიცხავდნენ ვიქტორს. მათ შორის იყო ირინეოსიც, რომელიც წინამძღვრობდა გალიაში მყოფ ძმებს" (т. I, кн. 5, гл. 24, стр. 283).

იგივეს წერს თქვენი ისტორიკოსიც: "ამის შემდეგ (ანუ ირინეოსისგან ეპისტოლეს მიღების შემდეგ) ვიქტორმა უარი თქვა თავის განზრახვაზე ეკლესიის ერთობისგან მოეკვეთა მცირე ასიის ეკლესიები" ("История христианской церкви". Евгр. Смирнова, изд. 7-е, стр. 165).

ამგვარად, პაპმა ვიქტორმა უკან წაიღო თავისი ანათემა; მან უსმინა ირინეოს ლიონელის ბრძნულ შეგონებას. მოიქცნენ კი ასე თქვენი ეკლესიის მოძღვრები მოსკოვის 1656-1667 წწ. კრებებზე? ზემოთ ჩვენ წავიკითხეთ, რომ პაპ ვიქტორის განზრახვა ეკლესიის ერთობისგან მოეკვეთა მცირე ასიის "ყველა ეპისკოპოსს არ სიამოვნებდა".

ახალმოწესე: და შემდეგ რა?

ძველმოწესე: შემდეგ კი ის, რომ პაპმა ვიქტორმა შეისმინა იმ ეპისკოპოსებისა, ვისაც არ მოსწონდა მისი განზრახვა და თავისი გადაწყვეტილება უკან წაიღო. თქვენმა ნიკონმა კი რა ქნა, როდესაც ისმინა ეპისკოპოს პავლე კოლომნელის პროტესტი 1654 წლის კრებაზე? "ნიკონი ისე განურისხდა უბედურ ეპისკოპოსს, რომ დაამხო ის კათედრიდან, მოხსნა მანტია, გადასცა ის გასაროზგად და საპყრობილეში გაამწესა" (История русской церкви Макария, т. XII, стр. 146). ერთის სიტყვით, ნიკონმა პავლე კოლომნელი "ცოცხლად" დამარხა. ეს მხეცი (ნიკონი) პაპ ვიქტორის ადგილას რომ ყოფილიყო, პავლეს მსგავსი ბედი ირინეოს ლიონელსაც არ ასცდებოდა.

მეტსაც გეტყვით, რომის პაპ ვიქტორს უკან რომც არ წაეღო თავისი სიტყვა მცირე ასიის ეკლესიათა განკვეთასთან დაკავშირებით, მაშინაც კი დიდად ვერ დავადანაშაულებდით მას, რადგან, ჯერ-ერთი, მან თავისი ანათემა სამოციქულო გადმოცემის გამო კი არ გამოთქვა, არამედ იუდაური ჩვეულების გამო; და მეორეც, ის აღშფოთებული იყო ვინმე ბალთუსის მოქმედებით, როგორც ამის შესახებ გვამცნობს ისტორიკოსი ბარონი: "ვინმე ბალთუსი რომში ხალხს აცთუნებდა, რათა პასექი ეზეიმათ არა კვირადღეს, არამედ მოსეს სჯულის თანახმად, იუდაური წესით, მთვარის მეთოთხმეტე დღეს. ამის ატანა უკვე ვიქტორს აღარ შეეძლო, რათა მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა თანამოაზრედ არ შერაცხილიყო" (Лето Господне 198, число 3).

ხედავთ რა მიზეზმა აიძულა პაპი ვიქტორი ასე ფიცხლად მოქცეულიყო ამ საქმეში. ის შიშობდა, იუდეველთა ამ ჩვეულებას, მცირე ასიაში იკონომიით რომ იყო დაშვებული, კანონის ძალა არ მიეღო და არ შეევიწროვებინა ნამდვილი სამოციქულო გადმოცემა - პასექის დღესასწაულობა კვირა დღეს. ხოლო წმიდა ათანასე დიდი მცირე ასიის ეკლესიათა ჩვეულებას, რომლებიც პასექს იუდეველებთან ერთად ერთ დღეს ზეიმობდნენ, ცოდვად მიიჩნევს; ამის შესახებ ის წერს თავის თხზულებებში: "სირიის, კილიკიისა და მესოპოტამიის ქრისტეანები სცოდავდნენ პასექის ზეიმობის საკითხში და მას იუდეველებთან ერთად დღესასწაულობდნენ" (т. III, стр. 96).

ამრიგად, ვიმეორებ, რომ პაპ ვიქტორს თავისი გადაწყვეტილება უკან რომც არ წაეღო, მაშინაც კი დიდი ვერაფერში დავადანაშაულებდით მას. მე კი მაკვირვებს შემდეგი გარემოება: მისიონერები თავიანთ ქადაგებებში ამბობენ, რომ მართალია, პაპმა ვიქტორმა მოიკვეთა მცირე ასიის ეპისკოპოსები, მაგრამ ამის გამო მწვალებლად არავის შეურაცხიაო, არადა მათივე დაწერილი ისტორიის მიხედვით, რომელსაც სემინარიებში ასწავლიან, პაპი ვიქტორი ამ ანათემის გარდა, მწვალებელ-მონტანისტადაც არის შერაცხილი. ევგრაფ სმირნოვის "ქრისტეანული ეკლესიის ისტორიაში" წერია: "რომის ეპისკოპოსები, ელეფთერი და ვიქტორი, რომლებმაც ერთობაში შეიწყნარეს აღმოსავლეთიდან ჩამოსული მონტანისტები, თვითონაც მათი აზრთაწყობისკენ მიიხარნენ. მხოლოდ 193 წელს, სწავლულმა მწვალებელმა ანტიტრინიტარმა პრაქსეოსმა, რომელიც აღმოსავლეთიდან ჩამოვიდა, მოასწრო ვიქტორის გამოხსნა მონტანიზმისგან; მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი მაინც მიჰყვებოდა მონტანისტურ შეხედულებებს" (გვ. 99).

ამდენად, აი ჩემი პირველი მოსაზრება, რატომ არ ამართლებს ეს მაგალითი ნიკონის რეფორმას, ახლა კი მოისმინეთ მეორე.

იმ დროს ქრისტეს ეკლესიის მწყემსები ამ უთანხმოებათა აღმოფხვრას და ყოველთა ერთ აზრსა და ჩვეულებაში გაერთიანებას ცდილობდნენ, რასაც საბოლოოდ მიაღწიეს კიდეც, როგორც ამას წმ. ათანასე დიდი გვამცნობს: "პირველი მსოფლი კრების მოწვევას ბიძგი მისცა არიანულმა მწვალებლობამ და პასექის ზეიმობის საკითხმა; რადგან სირიის, კილიკიის, მესოპოტამიის ქრისტეანები არ გვეთანხმებოდნენ ჩვენ პასექის დღესასწაულობის საკითხში და აღნიშნავდნენ მას იმ დროს, როდესაც იუდეველები ზეიმობენ. მაგრამ, დიდება უფალს, როგორც სარწმუნოების, ასევე წმ. დღესასწაულის საკითხში ერთობა დამყარდა" (т. III, стр. 278). ხოლო თქვენმა მოძღვრებმა ბერძნებთან იდენტურობის მიზნით ჯერ ხომ სამი თითით პირჯვრისწერა დაამკვიდრეს ცეცხლითა და მახვილით, შემდე ორი თითით პირჯვრისწერა ათასგვარი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით "შეამკეს" და როდესაც ნახეს, რომ ამ ნომერმა არ გასჭრა, განაცხადეს: "ილოცეთ როგორც გინდათ, თუნდაც ხელისგულით, ოღონდ ჩვენ გვაღიარეთ". და აგერ უკვე 250 წელზე მეტია არც ცდილოებენ იმ იდენტურობისა და ერთსახოვნებისკენ, რომელსაც ქრისტეს ეკლესიის ძველი მამები მიელტოვდნენ.

და ბოლოს, ჩემი მესამე მოსაზერება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ გაამართლებს თქვენს მიერ მოტანილი ეს მაგალითი ნიკონის რეფორმას. პაპი ვიქტორისა და ეპისკოპოს პოლიკრატეს კამათის შემდეგ ქრისტეს ეკლესიის მწყემსები ყოველთვის ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ ნამდვილი სამოციქულო გადმოცემა, მისი საწინააღმდეგო კი აღმოეფხვრათ. თქვენი ეკლესიის მწყემსები კი პირიქით ცდილობენ: მათ თავიანთი პეშვი (სამი თითი) მოციქულთა გადმოცემად გამოაცხადეს და საშინელი წყევლა-კრულვებით დააწესეს; ხოლო ორი თითით პირჯვრისწერის ნამდვილი, სამოციქულო გადმოცემის ამოძირკვას ჯოჯოხეთური საშუალებებით შეეცადნენ, მის წარმომავლობაზე კი განაცხადეს "უბოროტესი ეშმაკისგან" არისო. მაშ, ყურადღებით დააკვირდით, არის კი აქ რაიმე მსგავსება? თუ მხოლოდ და მხოლოდ მძაფრი შეუსაბამობა?! და განა მარტო შეუსაბამობა: თავისი სიმძიმით ეს მაგალითი მკაცრად ამხელს ნიკონის უგუნურ რეფორმას. ხოლო ნიკონის რეფორმის გასამართლებლად პასექის დღესასწაულობის ისტორიის დამოწმება, ძველი ქრისტეანული ეკლესიის დაცინვად მიჩნს.

ახლა კი გთხოვთ მიპასუხოთ ერთ შეკითხვაზე: მთელი ჩვენი გასაუბრების განმავლობაში თქვენ ცდილობდით ქრისტეს ეკლესიაში გადმოცემათა ცვალებადობის "ჭეშმარიტება" წარმოგეჩინათ და, რომ ეს უფლება ეკუთვნის ეკლესიას მისი მწყემსთავრების სახით, ამიტომაც, ნება მიბოძეთ გკითხოთ: ამჯამად, თქვენი მწყემსები, უფრო სწორედ, თქვენი სინოდი, რომელიც მთელს თქვენს ეკლესიას წარმოადგენს, თუნდაც დროებით მაინც დაუშვებს თუ არა პასექის ზეიმობას იუდეველებთან ერთად?

ახალმოწესე: დიახ, თუ იქნება ასეთი მოთხოვნილება დაუშვებს, მოთხოვნილების გარეშე კი როგორ შეიძლება პასექი იუდეველებთან ერთად ვიზეიმოთ.

ძველმოწესე: და, მცირე ასიაში მთელი 300 წლის განმავლობაში ხომ დღესასწაულობდნენ პასექს იუდეველებთან ერთად. თქვენ ხომ ყოველმხრივ ცდილობდით იმის დამტკიცებას რომ ეს შესაძლებელია.

ახალმოწესე: მცირე ასიაში ასე საჭიროების გამო დღესასწაულობდნენ.

ძველმოწესე: და, რა საჭიროება იყო ასეთი? დღსასწაულობდნენ და მორჩა.

ახალმოწესე: არა, იქ ამ წესს მხოლოდ იკონომიით მისდევდნენ.

ძველმოწესე: მოდი, თქვენმა სინოდმაც დაუშვას იკონომია, მაგალითად, რომელიმე გუბერნიაში, რომელიც ახლოს არის ებრაულ ცენტრთან, მაგალითად, კიევის ან ვოლინის გუბერნიებში, იმისთვის, რათა ამით ებრაელები თქვენს ეკლესიას უფრო მოუახლოვდნენ.

ახალმოწესე: ასეთ შემთხვევაში და ასეთი მიზნით, სინოდი ამას დასაშვებად ჩათვლის.

ძველმოწესე: ხედავთ, ძვირფასო, რა გათქმევინათ თქვენმა აზროვნებამ!... აი რას ამბობენ ამის შესახებ ეკლესიის წმიდა მოძღვრები: "თუ ჩვენ, - წერს ნეტ. იერონიმე, - იუდეველებს მათი სჯულისმიერი წესებით შევიწყნარებთ და ქრისტეს ეკლესიაში უფლებას მივცემთ აკეთონ ის რასაც სატანის სინაგოგაში ასრულებდნენ, მე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ: ისინი კი არ გახდებიან ქრისტეანები, ჩვენ გარდაგვქმნიან იუდეველებად" (Творения его, ч. 3, стр. 75-76).

შემდეგ ის წერს: "ყველას გასაგონად ვიტყვი და ვიქადაგებ, მთელი სამყაროც რომ ამიმხედრდეს, - იუდაური წეს-ჩვეულებები მავნე და მომაკვდინებელია ქრისტეანთათვის და ყოველი, ვინც მათ იცავს, ებრაელი იქნება ის თუ წარმართი, შთაგდებულ იქნება ეშმაკის უფსკრულში" (там же, стр. 76).

გარდა ამისა, ანტიოქიის წმიდა და ადგილობრივმა კრებამ ამის შესახებ დაადგინა: "ყველა, ვინც გაბედავს და დაარღვევს წმინდა და დიდი ნიკეაში შეკრებილი კრების განსაზღვრებას, რომელიც შედგა კეთილმსახური და ღვთისმოყვარე მეფის კონსტანტინეს იქ ყოფნის დროს, საცხოვნებელი აღდგომის წმინდა დღესასწაულის გამო, უზიარებელი და განდევნილი უნდა იყოს ეკლესიიდან, თუ განაგრძობს კეთილად განსაზღვრულ საქმეთა წინააღმდეგობის გაწევას. ერისკაცების შესახებ ეს უკვე ნათქვამია.

თუ ეკლესიის ზედამდგომელი ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ამ განსაზღვრების შემდეგ ერის გზის გასამრუდებლად და ეკლესიის შესაშფოთებლად გაბედავს განცალკევებით და ურიებთან (იუდეველებთან) ერთად აღდგომის აღსრულებას, მას წმინდა კრება ამიერიდან ეკლესიისთვის უცხოდ ჩათვლის, როგორც არა მარტო თავისი ცოდვის, არამედ მრავალთა გახრწნის და გზის გამრუდების საბაბს. და არა მხოლოდ მათნაირებს განკვეთს მღვდელმსახურებისაგან, არამედ იმათაც, ვინც გაბედავს მათთან ურთიერთობას მათი განკვეთის შემდგომ. განკვეთილები კარგავენ გარეგან პატივსაც, რომელიც წმინდა კანონმა და ღმრთის საკურთხეველმა მიანიჭა მათ" (დიდი სჯულისკანონი. ანტიოქიის კრების 1-ლი კანონი).

აი, როგორი მსჯავრი გამოუტანა წმიდა კრებამ მათ, ვინც პირველი მსოფლიო კრების დადგენილების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

ახალმოწესე: დიახ, ახლა ვხედავ, რომ პასექის ზეიმობა ებრაელებთან ერთად შეუძლებელია, მით უფრო, რომ პირველმა მსოფლიო კრებამ იუდეველებთან ერთად პასექის მოზეიმე მწვალებელ-მეორმოცეებად შერაცხა.
ძველმოწესე: გულწრფელად მითხარით, გეთაყვა, შეიძლება თუ არა ამ მაგალითით ნიკონის რეფორმის გამართლება?

ახალმოწესე: გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ამ მაგალითით ჩვენი მისიონერები თავს არ უნდა იმართლებდნენ. თუმცა, ისინი თავიანთ გასაუბრებებში ამას არასოდეს აღიარებენ და მათთვის ეს არც შეიძლება, სხვაგვარად მისიონერთა "დუქანს" დაკეტავენ...

ძველმოწესე: კიდევ გაქვთ მაგალითები, რომელსაც ეყრდნობიან მისიონერები პატრიარქ ნიკონის რეფორმის გასამართლებლად?

ახალმოწესე: დიახ, არის კიდევ მაგალითები, მაგრამ თუკი ყველაზე მთავარი მაგალითი უსარგებლო აღმოჩნდა, სხვაზე რაღა ვთქვა. თუმცა, მე მათ მაინც დავიმოწმებ. მაინტერესებს მათზე რას იტყვით.

ძველმოწესე: კეთილი, გადმოალაგეთ ყველაფერი, რაც შემონახული გაქვთ.


წინადაცვეთის შესახებ

ახალმოწესე: დავუშვათ, რომ თქვენ, ძველმოწესეები, სამართლიანად ადანაშაულებთ ჩვენს ეკლესიას ძველი, საეკლესიო გადმოცემების უარყოფაში, მოსკოვის 1656 და 1667 წლების კრებათა სახით; ასევე იმ ყველა პირთა განკვეთაში, ვინც იცავდა ამ გადმოცემებს, მაგრამ არასამართლიანად ადანაშაულებთ მასში, რომ მან კვლავ აკურთხა თავისი უძლური შვილები გამოეყენებინათ გაუქმებული გადმოცემები და ჩვეულებანი; რადგან ეკლესიას სრული უფლება გააჩნია კვლავ აღადგინოს ერთ დროს უკვე გაუქმებული ჩვეულებები და ისევ მათი შესრულების ნება დართოს. ასე იყო ძველ დროშიც, და თვით მოციქულთა პერიოდშიც, როგორც ეს მოციქულთა საქმეებშია დაწერილი: "ასე მიაღწია დერბეს და ლისტრას. და, აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი, რომელსაც ემოწმებოდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები. პავლემ მოისურვა მისი წაყვანა; წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადასცვითა მას, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო" (საქმე 16:1-3).

ხედავთ, როგორ მოიქცა წმიდა მოციქული პავლე; მან დაუშვა უკვე გაუქმებული გადმოცემა და თვითონაც კი აღასრულა ის თავის მოწაფე ტიმოთეზე და არავის წმიდა მოციქულთაგან ის არ დაუგმია და არ დაუდანაშაულებია. ამიტომ, თქვენ უსამართლოდ ადანაშაულებთ ჩვენს ეკლესიას იმაში, რომ მან ნება დართო თავის შვილებს გამოეყენებინათ მის მიერ ერთხელ უკვე გაუქმებული წესები და ჩვეულებები. განა სიმართლეს არ ვამბობ?

ძველმოწესე: სწორია, რომ წმიდა პავლე მოციქულმა წინადაცვითა თავისი მოწაფე ტიმოთე, მაგრამ თითქოსდა ეს თქვენს ეკლესიას ამართლებდეს, - არასწორია.

ახალმოწესე: ამიხსენით, გეთაყვა, რატომ?

ძველმოწესე: აი, რატომ: თქვენს მიერ მოტანილი მაგალითი წარმოადგენს გამონაკლისს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქრისტეს ეკლესიაში და რომელიც ხელს უწყობდა იუდეველთა მოქცევას ქრისტეს სარწმუნოებისკენ. ის დაშვებული (მხოლოდ დაშვებული!) იყო არა იმიტომ, რომ გაუქმებული წინადაცვეთა აუცილებლად მიიჩნეოდა ქრისტეანთათვის, არამედ იმიტომ, რომ საბოლოოდ აღმოეფხვრათ იგი, როგორც ამის შესახებ წერს წმ. იოანე ოქროპირი თავის ჰომილიებში მოციქულთა საქმეებზე: "საკვირველია პავლეს სიბრძნე! მოწაფეს წინადასცვეთს ის, ვინც ასე აღუდგა წინადაცვეთას, ყოველი ღონე გამოიყენა მის გასაუქმებლად და მანამ არ დამშვიდდა, სანამ მიზანს არ მიაღწია და ეს სწავლება არ განამტკიცა. არავინ არის პავლეზე ბრძენი; ის ყოველივეში სარგებლობას ხედავს და უბრალოდ და უმიზნოდ არაფერს იქმს. "პავლემ მოისურვა მისი წაყვანა"-ო ნათქვამია წერილში და ეს საკვირველია. "წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადასცვითა მას, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო". ეს არის მიზეზი ტიმოთეს წინადაცვეთისა; ებრაელები არ მოუსმენდნენ წინადაუცვეთელს. მაგრამ რა? შეხედე არსს საქმისა: მან წინადაცვითა, რათა წინადაცვეთა გაეუქმებინა, რადგან მოციქულთა დადგენილებებს ქადაგებდა" (Твор. Св. Иоанна Златоуста, т. IX, стр. 306, изд. 1903 г.).
შემდეგ წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "როდესაც მოციქული იესუ ქრისტეს წინადაცვეთის მსახურს უწოდებს, იმას გულისხმობს, რომ ქრისტემ თავისი მოსვლითა და მთელი სჯულის აღსრულებით, წინადაცვეთის მიღებითა და მით, რომ გახდა თესლი აბრაამისა, მოხსნა კრულვა, ადამიანები ღმრთის რისხვისგან გაათავისუფლა და შემძლე-ჰყო აღთქმის მისაღებად. ხოლო მთელი სჯული ქრისტემ იმიტომ კი არ აღასრულა, რათა ძალაში დატოვებინა, არამედ იმისთვის, რათა გაეუქმებინა და ცოდვის წყევისგან კაცთა მოდგმა გამოეხსნა (там же, стр. 820).

აქედან ჩანს, რომ როგორც წმიდა მოციქულმა პავლემ, ასევე იესუ ქრისტემაც, აღასრულეს რა სჯულის მოთხოვნა წინადაცვეთაზე, ქრისტეს მორწმუნე იუდეველთათვის მისი საჭიროება საბოლოოდ აღმოფხვრეს. და თუკი თქვენი მოძღვრები მოციქულ პავლეს ამ ქმედებაში მათ მიერ გაუქმებული ჩვეულებების კურთხევას ხედავენ, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მათი გამოყენება და საერთოდ ამოძირკვონ თავიანთი ქადაგებიდან. ჩვენ კი სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. მოციქულმა გაუქმებული ჩვეულება იმიტომ დაუშვა, რომ საბოლოოდ აღმოეფხვრა იგი და შეეწყვიტა, აქ კი აკურთხეს გაუქმება და აღარ აუქმებენ, პირიქით, აკრძალული გადმოცემების გავრცელებას აგრძელებენ.

ახალმოწესე: ჰო მაგრამ, ჩვენმა ეკლესიამაც იმიტომ დაუშვა მის მიერ აკრძალული ჩვეულებები, რომ საბოლოოდ ამოეძირკვა იგი. ამის შესახებ წერია კანონებში, რომელსაც ეფუძნება ედინოვერცობა: "ეკლესიამ განსაჯა და დაადგინა შეღავათი გაეწიოს მათ, მართლმორწმუნეთა დაბრკოლების გარეშე... რათა გვქონდეს კეთილი სასოება, რომ ამგვარნი (იგულისხმებიან ძველმორწმუნე ედინოვერცები - რედ.) დროთა განმავლობაში განათლდებიან ღმრთის მიერ და უკვე ყოველივეში ჩვენი ეკლესიის თანხმიერნი იქნებიან" (მიტროპოლიტ პლატონის დასკვნა).

იგივეა ნათქვამი წიგნში "Доказательства о древности трехперстного сложения" ("სამი თითით პირჯვრისწერის სიძველის დამტკიცება"): "ჩვენამდე მოდის ხმები, რომლის თანახმადაც ზოგიერთს დაუწყია უკუღმართი ქადაგება თითქოსდა უწმიდეს სინოდს ორი თითით პირჯვრისწერის უფლება გაეცეს და თითქოსდა ეთქვას, ვისაც როგორც გინდა ისე ილოცეთო. არა, ამაოდ ამბობენ ასე! უწმიდესი სინოდისგან ასეთი უფლება წმიდა ეკლესიის მართლმორწმუნეთათვის არასოდეს გაცემულა, არამედ მხოლოდ "რასკოლნიკებისთვის", რომლებიც ჩვენს წმიდა ეკლესიას შემოუერთდნენ და ისიც, მათი თხოვნისადმი შეღავათის გაწევით, ჰქონოდათ უფლება პირჯვარი გადაეწერათ ორი თითით და საკუთარი, "ერთმორწმუნეობრივი" ეკლესიებიც ჰქონოდათ. და ეს შეღავათი მათ გაეწიათ იმ მიზნითა და იმედით, რომ დროთა განმავლობაში დატოვებდნენ თავიანთ ცთომილებას და ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას სრულიად შემოუერთდებოდნენ... ჩვენმა სულიერმა მწყემსებმა მათ, როგორც უძლურთ, ანგარიში გაუწიეს და იკონომია დაუშვეს, რათა დროთა განმავლობაში განკურნებულიყვნენ უძლურებისგან, დაეტოვებინათ ორი თითით პირჯვრისწერა და ისე ელოცათ, როგორც ამას წმიდა ეკლესია უბრძანებს" (с. 14-15). ამგვარად, წინადაცვეთის შესახებ ჩემს მიერ მოტანილი მაგალითი, ჩვენს ეკლესიას ადრე აკრძალული წეს-ჩვეულებების კვლავ დაშვებაში სრულიად ამართლებს.

ძველმოწესე: ნება მიბოძეთ გკითხოთ; წინადაცვეთა - ქრისტეანული წეს-ჩვეულებაა თუ არა?

ახალმოწესე: წინადაცვეთა - ძველაღთქმისეული, იუდაური ჩვეულებაა.

ძველმოწესე: მაშ, რისთვის და ვისთვის იყო ის დაშვებული?

ახალმოწესე: მორწმუნე იუდეველთათვის, რადგან მოციქულებმა ის მათ მოსაქცევად, იკონომიით დაუშვეს.

ძველმოწესე: ხოლო ორი თითით პირჯვრისწერა და სხვა გადმოცემები, რომლებიც ნიკონიანლმა რეფორმატორებმა აკრძალეს, მართლმადიდებლურნი იყვნენ თუ მწვალებლურნი?

ახალმოწესე: მართლმადიდებლურნი იყვნენ.

ძველმოწესე: მაშ, ვისთვის და რისთვის დაუშვა ისინი კვლავ თქვენმა ეკლესიამ?

ახალმოწესე: იკონომიით, ჩვენი ეკლესიისკენ მოქცეული ძველმოწესეების გულისთვის.

ძველმოწესე: მოდი, ახლა შევხედოთ საკითხს მიუკერძოებლად, რამდენად შეიძლება თქვენს მიერ მოტანილი მაგალითი თქვენს ეკლესიას ამართლებდეს. მოციქულმა იუდაური ჩვეულება იკონომიით ქრისტესკენ მოქცეულ იუდეველთათვის დაუშვა. ხოლო თქვენი ეკლესია სრულიად მართლმადიდებლურ გადმოცემებს იკონომიით თავისი ეკლესიისკენ შემოერთებული ძველმოწესეებისთვის უშვებს.

ახლა მინდა გკითხოთ: შეუძლია თუ არა თქვენს ეკლესიას თავის შვილებს წინადაცვეთის ნება დართოს, თუნდაც იკონომიით?

ახალმოწესე: წმიდა პასექის შესახებ თქვენს მიერ ზემოთდამოწმებული წმიდა მამათა მოწმობების მოტანის შემდეგ, მე არ ვფიქრობ, რომ წინადაცვეთა, იუდეველთა ეს ჩვეულება, ჩვენი ეკლესიის მიერ ნებადართულ იქნეს.

ძველმოწესე: თქვენი უკანასკნელი სიტყვები ბრწყინვალედ ადასტურებს, რომ თქვენს ეკლესიას ვერც ეს მაგალითი გაამართლებს, რადგან თუ იქ მოციქულებმა წინადაცვეთის დაშვებით წინადაცვეთა ამოძირკვეს, თქვენი ეკლესია მის მიერ ერთხელ უკვე აკრძალულ მართლმადიდებლურ ჩვეულებებს იკონომიით კვლავ უშვებს და არ წყვეტს; ხედავთ განსხვავებას? იქ მოციქულები წინადაცვეთას უყურებდნენ როგორც იუდაურ ჩვეულებას, როგორც უღელს, რომლის ტარება ქრისტეს მორწმუნეთათვის არასაჭირო იყო; აქ კი თქვენი ეკლესია "მართლმორწმუნეთათვის" მართლმადიდებლურ გადმოცემებს უღლად, არასაჭიროდ და საცთურად მიიჩნევს. და მხოლოდ მაშინ აღიარებს მათ "მართლმორწმუნეებად", როდესაც ისინი საბოლოოდ დატოვებენ თავიანთ მართლმადიდებლურ გადმოცემებს (იხ. მიტრ. პლატონის ზემოთხსენებული დასკვნა). რას ჰგავს ეს?
ახალმოწესე: დიახ, ეს სიმართლეა, თუ ჩვენმა ეკლესიამ პატრიარქ ნიკონამდე არსებული გადმოცემები მართლმადიდებლურად აღიარა, მაშინ ძველმოწესეთადმი დაშვებული იკონომიის შემდეგ უნდა შეეწყვიტა მათი გამოყენება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაამართლებდა მას ეს მაგალითი.

ძველმოწესე: თქვენი ეკლესიის დანაშაული მძიმდება იმით, რომ რამდენი უკანონო განკარგულებაც უნდა გამოსცეს, რამდენი დანაშულიც უნდა ჩაიდინოს სიწმიდისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ, თავს ყოველთვის უცთომელად და წმიდად მიიჩნევს, როგორც ვკითხულობთ ამას ფილარეტ ჩერნიგოველის ღვთისმეტყველებაში: "ღმერთმა თუ გვამცნო სწავლება, რომელიც ჩვენი ცხოვნებისთვის აუცილებელია, მას შეეძლო ამისი ახსნა (ч. 2, стр. 299).

მაგრამ ასეთი სწავლება წმიდა მამათა სწავლების საწინააღმდეგობა. წმ. ათანასე დიდი ამის შესახებ ამბობს: "დღეს მწვალებლობამ წარმოშვა სურვილი უკეთურებისა, დაიმორჩილა ბოროტი მისწრაფებანი, შვა თვითწოდებულ სიახლეთა მრავალგვაროვანი ბოროტება, და იმისთვის, რათა ყველანი მას მისდევდნენ, კატეგორიულად ითხოვს მორჩილებას. მიიღეთო, - ამბობს ის, - რასაც გიქადაგებთ, და ნურავინ თქვენგან ნუ გამოეძიებს რა შეეფერება მას და არა არა. რწმენად საეჭვოსა და დაუმტკიცებელის გამოუკვლეველ დაჯერებას მიიჩნევს. ვირწმუნებ კი მე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, შესაძლებლობათა გამოკვლევის, სარგებლობის, ღირსების, ღმრთისადმი სათნოყოფისა და ბუნებისადმი შესატყვისობის გარეშე? მიზანშეწონილობასთან და ღვთისმოსაობის საიდუმლობებთან შეთანხმების გარეშე? როგორ ნაყოფს გამოიღებს ასეთი რწმენა, თუკი ის ანგარიშს არაფერს უწევს? ასეთია ჩვენს მოწინააღმდეგეთა ცთომილებისა და მრავალთა უბედურების ერთი მიზეზი. ვინც კათოლიკე (იგულისხმე მართლმადიდებლური - რედ.) ეკლესიის მტრად რაცხს საკუთარ თავს, განა არ ითხოვს მისი სიტყვები უსიტყვოდ მიიღონ განსჯის გარეშე? ის უარყოფს განხილვას, რათა მხილებულ არ იქნას ცთომილებაში" (Аксаков. "Духа не угашайте", стр. 71).

აი, მწვალებელთა აქ მითითებულ ცთომილებას შეიცავს თქვენი ეკლესიაც. წმიდა მოციქულებიც კი, როდესაც ქრისტესკენ მოქცეულ იუდეველთა გამო, იკონომიით უშვებდნენ წინადაცვეთას, საკუთარ თავს უცთომელად როდი მიიჩნევდნენ, მიუხედავად იმისა, მათი ქმედება უდიდესი სიბრნითა და მათთვის დამახასიათებელი კეთილგონიერებით იყო გამსჭვალული. ამის შესახებ გალატელთა მიმართ მოციქულ პავლეს ეპისტოლეს ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელისეულ განმარტებაში ვკითხულობთ:

"ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა. პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის. რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს" (ახ. ქართ.: "ხოლო მათ, ვინც ყველაზე ცნობილნი ჩანდნენ (როგორნი იყვნენ ისინი უწინ, მე არ დავეძებ: ღმერთი არ უყურებს სახეს კაცისას), მეტი არაფერი დაუვალებიათ ჩემთვის"). განმარტება: "რადგანაც მოსალოდნელი იყო ვინმე შეპასუხებოდა და ეთქვა როგორ ბრძანებდნენ მოციქულები წინადაცვეთას, აღმოფხვრის ამგვარ წინააღმდეგობას, თუმცა ჭეშმარიტ მიზეზს არ უთითებს და არ ამბობს ამგვარად განსაკუთრებული იკონომიით რომ მოქმედებდნენ, რადგან მორწმუნე იუდეველთ მოციქულთა ჭეშმარიტი მიზანი რომ გაეგოთ, შესაძლოა განშორებოდნენ მათ, როგორც სჯულის დამრღვევთ; რადგან აქამომდე მხოლოდ იმიტომ მიჰყვებოდნენ მათ, რომ სჯულს იცავდნენ. ამიტომაც, პავლემ დაჰფარა ეს მიზანი და ამბობს: "მე არ დავეძებ", ანუ არ მაინტერესებსო ცნობილ მოციქულთაგან ვინმე ქადაგებს თუ არა წინადაცვეთას, რადგან თვითონ აგებენ პასუხს ღმრთის წინაშე; და თუმც ცნობილნი და უპირველესნი არიან ისინი, უნდა უწყოდნენ, რომ "ღმერთი არ უყურებს კაცის სახეს". და შენიშნე; არ თქვა "როგორნი არიან ისინი დღეს", არამედ "როგორნი იყვნენო ისინი უწინ", რითაც მიანიშნებს, რომ შემდგომში როდესაც ქრისტეანობა ყველგან განავრცეს, ამგვარი ქადაგება მათაც მიატოვეს" (გალატ. 2:6).
მაშინ როდესაც, თქვენი ეკლესიის მოძღვრებს ღმრთის წინაშე არასოდეს მიუჩნევიათ თავი პასუხისმგებლად ჭეშმარიტების სიწმიდის წინააღმდეგ ჩადენილი საკუთარი დანაშაულისთვის, არამედ თავს პირდაპირ "უცთომელებად" აცხადებენ.

ერთის სიტყვით, როცა უნდათ მართლმადიდებლობას გამოაცხადებენ მწვალებლობად, მწვალებლობას კი - მართლმადიდებლობად და არავისა აქვს უფლება მათ უთხრას: "სდექ, რას აკეთებ!". ისტორიამ ჩვენ დაგვიმტკიცა თქვენი ეკლესიის უბადრუკობა. ჩვენი ამ თემის დასასრულს მსურს წაგიკითხოთ ნეტ. თეოდორიტეს სიტყვები პავლე მოციქულის გალატელთა მიმართ ეპისტოლეს იმავე სიტყვებზე: "ამიტომაც, მართალია, ეს მე ვთქვი, - ამბობს მოციქული, - სხვებზე, რომლებიც სჯულს ცუდად იყენებენ, მაგრამ გულს ის მტკენს, რომ თვით ჩემი მოწაფეები ზიანდებიან ამისგან. რადგან სწორედ ეს ვიგულისხმე როცა ვამბობდი: "რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?" (გალატ. 2:14). შენი დადგენილებაა, რათა სჯულით არ იარებოდნენ ისინი ცხოვრებაში; შენი საქმეები კი იმას ეწინააღმდეგება, რაც უკვე დაწერილია. დიდი პეტრე მდუმარებით ადასტურებს პავლეს ამ სიტყვებს, რითაც მორწმუნე იუდეველთ, რომლებიც მაშინ მოციქულთან ერთად იყვნენ, მიანიშნებს: სამართლიანად მაყვედრის პავლე, შეუძლებელია ეწინააღმდეგო მის სიტყვებს.
ხოლო პეტრე, რომელსაც მსმენელთა სარგებლობა სურდა, კმაყოფილი რომ დარჩა პავლეს სიტყვებით, - ყველასთვის ცხადია. ასე რომ, ერთი საყვედურობდა, მეორე კი მდუმარებით შეიწნყარებდა ამ საყვედურს და ამგვარად მკურნალობდნენ იუდეველობიდან და წარმართობიდან მოქცეულებს. ხოლო ყოველივე ეს მოციქულმა გალატელებს იმიტომ მისწერა, რათა მათთვის ემცნო, რომ დიდი და პირველი მოციქულებიც იუდეველთა უძლურების გამო ზოგჯერ სჯულსაც იცავდნენ, მაგრამ ყოველთვის როდი იქცეოდნენ ასე" (Блаж. Феодорит. Творения, ч. VII, стр. 383-384). რას მეტყვით წაკითხულზე?

ახალმოწესე: მე ვიტყი იმას, რომ მართლაც, მოციქულთა საქმეები ჩვენს ეკლესიას ვერ გამოადგება ნიკონ პატრიარქის რეფორმებისა და საკუთარი პრაქტიკის გასამართლებად, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ იქ წმიდა მოციქულები ზოგჯერ მიიჩნევდნენ დასაშვებად გაუქმებული სჯულის აღსრულებას, მაშინ როდესაც, ჩვენი ეკლესია, ყოველთვის იძლევა უფლებას გაუქმებული გადმოცემები გამოიყენონ; იქ იუდეველთა უძლურების გამო დაუშვეს წინადაცვეთა, აქ კი მართლმადიდებლურ გადმოცემებს უშვებენ "ცთომილ" ძველმოწესეთა "უძლურების" გამო. მიკვირს, მართლაცდა რა ძნელია გაამართლო სიცრუე!
ძველმოწესე: ახლა კი გისმენთ, კიდევ რა მაგალითები გაქვთ მომზადებული.


ძველაღთქმისეულ დღესასწაულთათვის

ახალმოწესე: ჩვენი მისიონერების პოლემიკისას თქვენი მხარის წარმომადგენლებთან, არაერთხელ მომისმენია, როგორ მოჰყავდათ მისიონერებს ძველაღთქმისეული მაგალითები ჩვენი ეკლესიის გასამართლებლად და იმის საჩვენებლად, რომ სრულიად მართლმადიდებლური გადმოცემებისა და წეს-ჩვეულებების შეცვლა შესაძლებელია. ცნობილია, რომ ძველ აღთქმაში არსებობდნენ იუდეველური დღესასწაულები, ყოვლადდასაწველი მსხვერპლი და შესაწირავები, რომლებიც ღმრთის განკარგულებით მართალთათვის დაწესდა, თუმცა ღმერთი წინასწარმეტყველის პირით ბრძანებს: "მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაულები და ვეღარ ვისუნთქავ თქვენს ზეიმებში! აღარ ვიღებ თქვენს აღსავლენებს და ძღვენებს, ზედაც არ ვუყურებ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ" (ამოს. 5:21-22).

ხედავთ, ძველაღთქმისეული დღესასწაულები ღმერთმა დააწესა, მაგრამ მანვე გააუქმა. მე ვფიქრობ, რომ ამ მაგალითით თავისუფლად შეგვიძლია გავამართლოთ პატრიარქ ნიკონის რეფორმა და საერთოდ, მთელი ჩვენი ეკლესია, რადგან მის მიერ ხელდასხმულ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს, რომელთაც ჩააბარა ღმერთმა ეკლესია, ხელეწიფებათ ღმრთის მიერ დადგენილი წეს-ჩვეულებების შეცვლა. ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში ეკლესიის მოძღვრებს მრავალგვარი გადმოცემები და ჩვეულებები დაუწესებიათ, რაც უკანონობად არავის ჩაუთვლია.

იგივეს ვკითხულობთ წინასწარმეტყველ ესაიასთან: "რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა? ნუღა მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება და დღესასწაული? თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით" (ეს. 1:11-14). რას იტყვით ამის შესახებ?

ძველმოწესე: მე მაკვირვებს, როგორ შეგიძლიათ ნიკონის რეფორმის გასამართლებლად ბიბლიის ამ ადგილის დამოწმება?

ახალმოწესე: აქ, ჩემის აზრით, გასაკვირი არაფერია.

ძველმოწესე: ჭეშმარიტად, გასაკვირია ეს ყოველივე!...

ახალმოწესე: განმიმარტეთ თქვენი გაკვირვების მიზეზი...

ძველმოწესე: ინებეთ. მე მაკვირვებს ის გარემოება, რომ თქვენს მიერ დამოწმებულ ადგილებში თქვენ პოულობთ მსგავსებას თქვენი ეკლესიის საქმიანობასა და წინასწარმეტყველის მხილებასთან, არადა მათ შორის არ არის არავითარი მსგავსება. თქვენს მიერ დამოწმებული ადგილის ზუსტი მნიშვნელობა რომ გავარკვიოთ, კარგად უნდა დავაკვირდეთ ამოსის წინასწარმეტყველებას და ვნახოთ რაზეა აქ ლაპარაკი: "რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ" (ამოს. 5:12). განა ნათელი არ არის, რომ ღმერთი აქ წინასწარმეტყველის პირით დღესასწაულებსა და მსხვერპლშეწირვებს კი არ აუქმებს, არამედ მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომ ისრაელი მრავალ უკეთურებაში დაინთქა და ცოდვებში შთაეფლო; ლაპარაკობს მოწყალებისა და სიყვარულის ცნების დარღვევაზე. სწორედ ამიტომაც არ ესათნოვება ღმერთს მათი დღესასწაულები და შენაწირი. თუმცა მონანულებზე იმავე თავში ვკითხულობთ: "ეძიეთ სიკეთე და არა ბოროტება, რათა ცოცხალი დარჩეთ; ცაბაოთ უფალიც თქვენთან იქნება, როგორც თქვენ ამბობთ. შეიძულეთ ბოროტი და კეთილი შეიყვარეთ; დაამკვიდრეთ სამსჯავროში სამართალი, ვინძლო შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა, იოსების ნატამალი!" (ამოს. 5:14-15). აქედან ცხადია, რომ ღმერთმა დღესასწაულები და მსხვერპლი კი არ გააუქმა, არამედ მიუთითა, რომ არ სიამოვნებს მსხვერპლის მიღება მათგან, ვინც მის ნებას არ ასრულებს. ხოლო თუ თქვენ ამ სიტყვებში ნიკონის რეფორმის გამართლებას და წინასწარმეტყველის ზემოთმოტანილ სიტყვებთან თქვენი ეკლესიის მსგავსებას ხედავთ, მაშინ თქვენმა ეკლესიამ გააუქმოს ყველა ქრისტეანული დღესასწაული, მარხვა და მსხვერპლშეწირვა (ლიტურგია) და ეს მაგალითი, თქვენის წარმოდგენით, შესაძლოა დაემგვანოს წინასწარმეტყველის ნათქვამს.

ახალმოწესე: როგორ შეიძლება ქრისტეანული დღესასწაულების, მარხვებისა და ლიტურგიის გაუქმება, ეს ხომ უკეთურება იქნება?

ძველმოწესე: თქვენ თვითონ მიხვედით ამგვარ უკეთურებამდე! თქვენ თქვით, რომ წინასწარმეტყველის ამ სიტყვებით შესაძლებელიაო ნიკონის რეფორმის გამართლება. თქვენის აზრით, იქ ღმერთს გაუუქმებია დღესასწაულები, მარხვები და მსხვერპლი; შემდგომ კი ბრძანეთ ასე შეუძლიაო ეკლესიასაც, ანუ თავის შეხედულებისამებრ ცვალოსო საეკლესიო გადმოცემა. ამიტომაც გითხარით, თუ გინდათ, რომ თქვენი ეკლესია, მართლმადიდებლურ გადმოცემათა გაუქმების საქმეში, დაემსგავსოს წინასწარმეტყველის ნათქვამს, მოიმოქმედოს იგივე, ანუ გააუქმოს დღესასწაულები, მარხვები და ლიტურგია და მოიძულოს ისინი ისე, როგორც ღმერთმა ებრაელთა მარხვები, დღესასწაულები და მსხვერპლი მოიძულა.

ახალმოწესე: ჰო, მართლაც, ასე შეიძლება უკეთურებამდეც დავიდეს კაცი.

ძველმოწესე: ამიტომაც გამაკვირვა ნიკონის რეფორმის გასამართლებლად წინასწარმეტყველ ამოსის დამოწმებამ. თქვენი ცოდვა კიდევ იმით მძიმდება, რომ მწვალებელი ნიკონის უკეთურ და უგუნურ რეფორმას ამართლებთ ქმედებებით, რომელიც მხოლოდ ღმრთისთვის არის საკადრისი, რადგან კაცთა მოდგმის მსაჯული მხოლოდ ის არის.

ახალმოწესე: დიახ, ეს საშინელი საქმეა, მაგრამ მე მხოლოდ ის მივუთითე, რას ლაპარაკობენ თავიან გასაუბრებეში მისიონერები.

ძველმოწესე: მისიონერებისგან ეს რა გასაკვირია, თქვენ კი, წინასწარმეტყველის ნათქვამი კარგად უნდა შეგემოწმებინათ. ახლა კი, მითხარით გეთაყვა, კიდევ რა შეგიძლიათ დაიმოწმოთ ნიკონის რეფორმის გასამართლებლად.


მიტროპოლიტ მიტროპოლიტ დანიელის მიერ, ღირსი მაქსიმე ბერძენის განკითხვის შესახებ

ახალმოწესე: მოსკოვის 1656 და 1667 წლების კრებათა დასაცავად, რომლებმა დაგმეს ორი თითით პირჯვრისწერა, შეგვიძლია მივუთითოთ ისტორიულ შემთხვევას, როდესაც რუსეთის მიტროპოლიტმა დანიელმა წიგნების არასწორი გასწორებისთვის დაგმო ღირ. მაქსიმე ბერძენი და ის მწვალებლადაც კი გამოაცხადა. არადა, არც ჩვენ და არც თვენ, ძველმოწესეები, არც მიტროპოლიტ დანიელს და არც ღირ. მაქსიმეს მწვალებლად არ მივიჩნევთ. ამიტომაც, არ შეგიძლიათ ჩვენი ეკლესია გამოაცხადოთ მწვალებლურად, თუნდაც მან თქვენ მწვალებლები გიწოდათ.

ძველმოწესე: ნება მომეცით გკითხოთ: სად არის ნათქვამი, რომ მოსკოვის მიტროპოლიტმა დანიელმა მაქსიმე ბერძენი წიგნების არასწორი გასწორებისთვის დაგმო?

ახალმოწესე: ასე წერია ე. ანტონოვის პასუხებში 105 შეკითხვაზე, კერძოდ 25-ე პასუხში.

ძველმოწესე: ანტონოვს არასწორად უწერია. მაქსიმე ბერძენის დაგმობას ერთი მიზეზი არ ჰქონია, მიზეზი მრავალი და სხვადასხვაგარი იყო. პროფ. ე. გოლუბინსკის "რუსეთის ეკლესიის ისტორიაში" ვკითხულობთ: "დანიელი მონასტრებისადმი მიწების სამემკვიდრეოდ (ვოტჩინების) გადაცემის ღირ. იოსებისეული იდეის მეტად მოშურნე მომხრეთა რიგს მიეკუთვნებოდა. შედეგად, როგორც ასეთი, ბასიანე კოსოის და ღირ. მაქსიმე ბერძენს საკუთარ მტრებად მიიჩნევდა. ამ მტრების სრული და ულმობელი დამარცხება იყო ის უმთავრესი ამოცანა, რაც ძლიერ დაეტყო დანიელის მმართველობას... ღირ. მაქსიმე ბერძენი, რომელიც ბასიანეს თანამოაზრე იყო, მის თანამშრომელად გამოვიდა: ვოტჩინების საკითხში ისიც ჩაერთო და თანაც წერილობითად... ცხადია, ამის გამო მას, ისევე როგორც ბასიანეს, დანიელის რისხვა უნდა დაემსახურებინათ... ღირ. მაქსიმე დანიელის მოწინააღმდეგე იყო მონასტრებისათვის მიწების სამემკვიდრეოდ გადაცემის საკითხში, მაგრამ შეუძლებელია ჰქონოდა მისდამი ის პირადი, მიკერძოებული სიძულვეილი, რაც დანიელისადმი გააჩნდა ბასიანეს... ხოლო დანიელს განსაკუთრებული სიძულვილი უნდა ჰქონოდა ბასიანესა და მაქსიმეს წინააღმდეგ, როგორც ვოტჩინის საკითხის მოწინააღმდეგეებისადმი.

მაგრამ, პირადი სიძულვილი, როგორც ცნობილია, აღემატება ყოველგვარ სხვა სიძულვილს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოძულე ნამდვილად აღიარებს საკუთარ ნაკლოვანებებს, რომლის გამოც ხდება მძაფრი კრიტიკის მიზეზი. გამომდინარე აქედან, ბასიანესა და მაქსიმეს მიმართ დანიელს იმდენად სასტიკი და მძაფრი სიძულვილი უნდა ჰქონოდა, რამდენიც კი შეეძლო, არადა, როგორც მომდევნო მოვლენებმა აჩვენა, ყველაზე ულმობელი და შეურიგებელი სიძულვილი შესძლებია" (т. II, стр. 704, 705, 707).

აქედან უპირველეს ყოვლისა ჩანს ის, რომ მიტროპოლიტ დანიელის სიძულვილს ღირ. მაქსიმესადმი ჰქონია კერძო საფუძველი, ანუ დანიელს ღირ. მაქსიმე სძულდა ვოტჩინების საკითხისადმი მისი წინააღმდეგობისათივს, რის გამოც, თავისი შურისმგებელი ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვიტა რაც უნდა დასჯდომოდა შური ეძია ღირ. მაქსიმეზე და ამისი შემთხვევაც მალე მიეცა.

"უცებ როდი შესძლო დანიელმა მისწვდომოდა ბასიანეს, - ვკითხულობთ ე. გოლუბინსკის იმავე ნაშრომში, - მაგრამ, მაქსიმეს მალე წაატანა ხელი და მთელი თავისი საშინელი ძალით თავს დაატყდა" (გვ. 707). სიმოკლისთვის საქმის დეტალურ აღწერას არ შევუდგები და გამოვტოვებ როგორ მიაღწია დანიელმა მაქსიმეს დასჯას თავად ბასილ ივანეს ძეს მეშვეობით და ისიც არა საეკლესიო საკითხთა გამო, არამედ უფრო პოლიტიკური მოტივაციით, არამედ წავიკითხავ იმ ადგილს, სადაც ლაპარაკია თუ რისთვის გაასამართლეს მაქსიმე, რათა ცხადი გახდეს: შეიძლება თუ არა ეს მაგალითი გამოდგეს პატრ. ნიკოინის რეფორმის გასამართლებლად.

მაშ ასე, ე. გოლუბინსკის იმავე "ისტორიაში" ვკითხულობთ: "მიტროპოლიტ დანიელის მრისხანებამ მაქსიმეს 1525 წელს დაატყდა თავზე: მაქსიმე დააპატიმრეს, რათა ამ წლის თებერვლის პირველ რიცხვებშივე წარედგინათ სასამართლოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებების უმცირესი ნაწილი იყო საეკლესიო ხასიათისა, დიდმა თავადმა მაქსიმეს დასჯა ეპისკოპოსთა კრებას მოსთხოვა და კრების მხოლოდ პირველ სხდომას ესწრებოდა თავისი ძმებითა და აზნაურების თანდასწრებით, რის გამოც კრება პირველად სამეფო პალატებში გაიმართა.

კრების შესახებ არსებული ცნობების მიხედვით ჩატარებულა მრავალი სხდომა და დიდი გამოძიება მაქსიმედ ბრალდებებთან დაკავშირებით. ეს თუ სიმარტლეა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ სასამართლო წინასწარგანზრახვით ჭიანურდებოდა რათა ეჩვენებინათ, თითქოსდა მაქსიმეს საქმე მიმოწვლილვით გამოძიებას ითხოვს და თითქოსდა ის დამნაშავეა... მაქსიმე ორჯერ, 1525 და 1531 წლებში, გაასამართლეს.

1525 წლის კრების საქმეებიდან ვიცით, რომ მაქსიმე დაადანაშაულეს ერთ მწვალებლობაში; შემდეგ, 1531 წელს ის დადანაშაულებულ იქნა კონსტანტინოპოლის პატრიარქის კადნიერ მოხსენიებაში, პოლიტიკურ დანაშაულში, პოლიტიკურ-დამნაშავეობრივ მსჯელობებსა და სისხლის სამართლის ერთ საქმეში. მაქსიმე ბერძენის მოჩვენებითი მწვალებლობა მდგომარეობდა შემდეგში. დიდი თავადის განკარგულებით მას დაავალეს ჩვენი საღვთისმსახურო წიგნების გასწორება. იმ პერიოდში მაქსიმემ ჯერ კიდევ კარგად არ იცოდა რუსული ენა და როდესაც ზატიკის შესწორება დაიწყო, დაუშვა ენობრივი შეცდომები, რომლებშიც ზოგიერთი მწვალებლობა მოიაზრებოდა (კერძოდ ამაღლების საღვთისმსახურებო ტექსტებში). მაქსიმემდე ღვთისმსახურების ტექსტში ქრისტეს შესახებ ეწერა: "...взыде на небеса и седе одесную Отца" ("ამაღლდა ზეცით და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა"), "...седяй одесную Отца" ("რომელი მჯდომარე არს მარჯვენით მამისა"). მაქსიმემ ასე ჩაასწორა: "...седел (седел еси) одесную Отца ("იჯდა მარჯვენით მამისა"), "седевший одесную Отца" (რომელი იჯდა მარჯვენით მამისა").

მაქსიმეს ეგონა, რომ არასწორი ადგილები სწორად ჩაასწორა და სურდა თავისი გასწორებულის დაცვა. ამის საფუძველზე მას წარუდგინეს შემდეგი ბრალდება: "Максим инок святогорец говорил и учил многих и писал о Христе, яко седение Христово одесную Отца есть мимошедшее, и минувшее: якоже Адамово селение в раи и прямо рая седение, тако и Христово седе-ние одесную Отца мимошедшее" ("მაქსიმე მთაწმინდელი ქრისტეს შესახებ ამბობდა და მრავალსაც ასწავლიდა თითქოსდა მამის მარჯვენით ქრისტეს ჯდომა წარმავალია, დროებითია და გარდასულია; როგორც გარდასულია ადამის სამოთხეში შესახლება და შემდეგ სამოთხის წინ ჯდომა, ასევე ქრისტეს მამის გვერდით ჯდომაც გარდასულია").

თავისთავად იმის მტკიცება, რომ თითქოსდა მაქსიმე მამის მარჯვნივ ქრისტეს ჯდომის გარდასულობას (წარსულობას) ასწავლიდა, უკიდურესი სისულელეა, მაგრამ ნამდვილად დასაშვებია დაეცვა თავისი არასწორი ჩასწორება და სანამ რუსულ ენას ჯეროვნად არ ისწავლიდა, ამ ჩასწორების დაცვა მეტ-ნაკლები პრინციპულობით დასაჯერებელია...
1525 წლის ჩანაწერი, რომელიც ბრალდებათა ჩვენთვის საინტერესო ერთ პუნქტზე ლაპარაკობს, ამტკიცებს, რომ როდესაც მაქსიმეს ბრალდება წაუკითხეს, ის იმავეს პასუხობდა, რასაც ადრე: "в том разньства ни котораго несть, а то мимошедшее Адамово селение в рай и седение прямо рая мимошедшее есть, такоже (и) Христово седение одесную Отца, мимошедшее есть".
რადგან 1525 წელს მაქიმეს უკვე იმდენად კარგად უნდა ცოდნოდა რუსული ენა, რომ მისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო გამოთქმებს: "седе"-სა და "седел"-ს შორის განსხვავება, ძალზედ საეჭვოა ასე ექადაგა. უფრო მაქსიმემ კრებისგან თავისი უნებლიე შეცოდების გამო პატიება ითხოვა. მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, არავისთვის არ უნდა იყოს საეჭვო, რომ მაქსიმე მწვალებლობას კი არ იცავდა, არამედ არასწორ თარგმანს, რომელიც სწორი ეგონა. ამგვარად, საქმე ისეც რომ ყოფილიყო, როგორც კრების საქმეთა ჩანაწერები აჩვენებს, მაქსიმეს დანაშაული იმაში კი არ იქნებოდა, თითქოსდა მწვალებლობას იცავდა, არამედ იმაში, რომ იცავდა მწვალებლური აზრის შემცველ არასწორ თარგმანს, რომელსაც არ აღიარებდა..." (с. 711, 712 и 713).

იგივეს ვკითხულობთ სხვა ისტორიაში: "ის (მაქსიმემ) დაიწყო ტრიოდიონის შესწორება, შემდეგ კი სხვა წიგნებისაც. მრავალრიცხოვან და უხეშ შეცდომებს, რომლებიც მას ამ წიგნებში ხვდებოდა, მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით აკრიტიკებდა, თუმცა სლავური ენის არცოდნის გამო, წიგნების შეწორებისას შეცდომები თვითონაც დაუშვა. მაგალითად, ტრიოდიონში, მამის მარჯვენით ძის ჯდომის შესახებ მან გამოიყენა არასწორი გამოთქმა: "седел ecu, седев..." როდესაც ამ შეცდომებზე უთითებდნენ, ამბობდნე, რომ მაქსიმეს კი არ ასწორებს, არამედ აფუჭებსო საღმრთო წიგნებს... მაშინ წარადგინეს მის მიერ დაშვებული შეცდომები და 1525 წლის კრებამ ის წიგნთა შერყვნის გამო დასაჯა. მაქსიმე დააპატიმრეს და ვოლოკოლამის მონასტერში ჩაამწყვდიეს.

1531 წ. მაქსიმე ისევ გამოიძახეს კრებაზე და კვლავ წიგნების გაფუჭებასა და სხვადასხვა მწვალებლობებში დაადანაშაულეს, რომლებიც მის მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეტაფრასტულ თარგმანში იპოვეს და, ბოლოს, იმაშიც, რომ არ ინანიებს თავის დანაშაულს, ავრცელებს საკუთარ თარგმანებს, რუსულ მონასტრებს კი გმობს და ვერცხლისმოყვარეებად აცხადებს. ამის შემდეგ მაქსიმე ტვერის სამი ყრმის მონასტერში გადაიყვანეს, სადა 1533 წლამდე იყო პატიმრობაში. რამოდენიმეჯერ მაქსიმემ გათავისუფლება და ათონის მთაზე დაბრუნება ითხოვა; 1545 წ. ამგვარი თხოვნით ალექსანდრიის პატრიარქ იოაკიმესაც კი მიმართა. მაგრამ ამაოდ. მაქსიმეს გაშვება არა თუ არ სურდათ, სავარაუდოდ, ეშინოდათ კიდც. "ის არის გონიერი კაცი, რომელმაც იხილა ჩვენი სიკეთეც და ცოდვებიც. როდესაც რუსეთიდან წავა, ყველას მოუყვება ჩვენს შესახებ", ლაპარაკობდა მასზე ბოიარინი ბერსენი. მხოლოდ 1553 წ. გაათავისუფლეს ის პატიმრობიდან და გადაიყვანეს სერგის ლავრაში; მაგრამ აქ მაქსიმემ არც თუ დიდი ხანი იცოცხლა და 1556 წ. გარდაიცვალა კიდეც" (Истор. русск. словесн. Порфирьева, стр. 513, 514, 515).

შეიძლება კიდევ გაგვეგრძელებინა კითხვა, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, წაკითხულიდანაც სრულიად მკაფიოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიტროპოლიტმა დანიელმა გადააჭარბა მაქსიმეს დანაშაულობის საკითხში, თუმცა არც იმის უარყოფაა შესაძლებელი, რომ მის გასამართლებას საფუძვლად დაედო მის მიერ თარგმანში რუსული ენის უცოდინრობით დაშვებული შეცდომები.

უეჭველია ისტორიკოს ე. გოლუბინსკის დასკვნაც, რომ მაქსიმე პატიებას სთხოვდა კრებას არამიზანმიმართულ შეცდომებში და ამის შემდეგაც თუ პატიმრობაში დარჩა, სულ სხვა მიზეზთა გამო, რომელსაც არაფერი აკავშირებს წიგნების გასწორებასთან.

ახალმოწესე: მითხარით გეთაყვა, რაში მდგომარეობდა ეს მიზეზები?

ძველმოწესე: ნაწილობრივ ამაზე უკვე მიგითითეთ ჩემს პირველ მტკიცებულებაში გოლუბინსკის "ისტორიიდან", მაგრამ შემიძლია სხვა მოწმობებიდანაც დავამატო, რომ მაქსიმე "ჯერ იმაში დაადანაშაულეს, რომ ურთიერთობა ჰქონდა თურქეთის ყოფილ ელჩ სკინდერთან და ამბოხებულ ბოიარებთან: ივან ბერსენთან (ბეკლემიშევი) და თევდორე ჟარენისთან, რომლებთან ერთადაც დაუგმია თავადისა და მიტროპოლიტის ქმედებები და საერთოდ, მთელი რუსეთიც, მაგრამ სასამართლოზე გამოჩნდა ამ ბრალდებათა უსაფუძვლობა" (Истор. русск. словесн. Порфирьева, стр. 514).

კმაყოფილი ხართ ამგვარი განმარტებებით?

ახალმოწესე: დიახ.

ძველმოწესე: შეიძლება თუ არა თქვენს მიერ მოტანილი ამ მაგალითით ნიკონის რეფორმის გამართლება?

ახალმოწესე: არა! მთავარია, ნათლად ჩანს, რომ მაინც ღირ. მაქსიმე ბერძენი ცთომილი, მწვალებლური აზრების შემცველი თარგმანებისთვის იქნა განსჯილი.

ძველმოწესე: სრულიად ცხადია; მაშინ როდესაც თქვენმა ეკლესიამ, მოსკოვის 1656 და 1667 წლების კრებებით, განსაჯა მართლმადიდებელი ქრისტეანები მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი იცავდნენ და მიჰყვებოდნენ სრულიად მართლმადიდებლურ გადმოცემებს.


მიტროპოლიტ იონას მიერ არქიმანდრიტ დიონისეს დასჯის შესახებ

ახალმოწესე: შემეძლო იმითაც შემოვფარგლულიყავი, რაც უკვე განვიხილეთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, არც ერთი მაგალითი, ჩემი ეკლესიისა და მისი მოძღვრების გასამართლებლად რომ დავიმოწმე მეჩვიდმეტე საუკუნეში გატარებული რეფორმის გამო, მას არ ამართლებს. მაგრამ ბარემ მთლიანად ამოვწუროთ ჩვენი მისიონერების მთელი არსენალი, რომელსაც ისინი საკუთარი თავის გასამართლებლად მიმართავენ. ამიტომაც, გავბედავ და კიდევ რამოდენიმე მაგალითს მოვუხმობ, კერძოდ: კრუტიცკის მიტროპოლიტმა იონამ დასაჯა არქიმანდრიტი დიონისე და მწვალებელი უწოდა მას მხოლოდ იმიტომ, რომ არქიმანდრიტმა დიონისემ, როდესაც საეკლესიო წიგნებს ასწორებდა, წყლის კურთხევის ლოცვიდან ამოიღო სიტყვა "და ცეცხლითა" ("и огнем"). მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამისთვის მწვალებლად არავის გამოუცხადებია. ასეა ჩვენი ეკლესიაც, მართალია 1656-1667 წლების კრებათა სახით მან დაგმო თქვენი წინაპრები, მაგრამ მაინც მას მწვალებლურად არ უნდა ვაღიარებდეთ.

ძველმოწესე: თქვენ როგორ ფიქრობთ, სამართლიანად მოიქცა მიტროპოლიტი იონა, როდესაც მან დასაჯა არქიმანდრიტი დიონისე, თუ უსამართლოდ?

ახალმოწესე: რა თქმა უნდა, უსამართლოდ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამართლებს ჩვენს ეკლესიას. მიტროპოლიტი იონა თუ უსამართლოდ მოიქცა და ამისთვის არავის მწვალებლად არ შეურაცხავს, განა შეიძლება ჩვენი ეკლესიის გამოცხადება ერეტიკულად თუკი ისიც მსგავსადვე მოიქცა და უსამართლოდ განსაჯა თქვენი წინაპრები? თუ გნებავთ, წაგიკითხავთ როგორი დამოკიდებულება აქვს ისტორიას არქიმანდრიტ დიონისეს დასჯის გამო და როგორ არის შეფასებული მიტროპოლიტ იონას საქციელი.

ძველმოწესე: წაიკითხეთ, გეთაყვა.

ახალმოწესე: ვკითხულობ მიტროპოლიტ მაკარის "რუსეთის ეკლესიის ისტორიიდან": "აქ მოქმედებდა აშკარა უსამართლობა და დიონისე, თავისი ღირსეული თანამშრომლებითურთ დადანაშაულებულ და დასჯილ იქნა სრულიად უბრალოდ. აი ასე, უკანონოდ, მკაცრად და სასტიკად მოეპყრნენ თანამედროვენი ადამიანს, ვინაც უბედურებისა და უმეფობის საშინელ პერიოდში ამდენი გააკეთა ეკლესიისა და მამულისთვის..." (т. 10, стр. 185). ხედავთ, როგორ არის აქ ნათქვამი: მიტროპოლიტი იონა არქიმანდრიტ დიონისეს უკანონოდ მოეპყრაო. დავუშვათ, რომ 1656-1667 წლების მოსკოვის კრებებზე თქვენც უსამართლოდ მოგექცნენ, მაგრამ მაინც, ამ მაგალითზე დაყრდნობით, არ უნდა მიგვიჩნევდეთ ერეტიკოსებად. რას იტყვით ამაზე?

ძველმოწესე: გეთანხმებით, რომ მიტროპოლიტი იონა უსამართლოდ მოიქცა. მაგრამ, განა ეს უსამართლობა უსამართლობადვე დარჩა თუ გამოსწორდა? და არქიმანდრიტ დიონისეს ბედი მომავალში როგორ წარიმართა?
ახალმოწესე: ეს მე წავიკითხე ჩვენი მისიონერული წიგნიდან "პასუხი 105 შეკითხვაზე", რომელიც ჩვენმა მისიონერმა ე. ანტონოვმა შეადგინა. იქ ამაზე მეტი არაფერი წერია.

ძველმოწესე: საქმეც იმაშია, რომ თქვენ, როდესც მე მელაპარაკებით, უპირატესად თქვენი მისიონერების მიერ შეთხზულ წიგნებს იმოწმებთ. თუ გახსოვთ, გეუბნებოდით, რომ თქვენი მისიონერები სიმართლეს მხოლოდ უნებლიედ ან შეცდომით ამბობენ თქო.

ახალმოწესე: ჰქენით სიკეთე, განმიმარტეთ: რითი დასრულდა მიტროპოლიტ იონას და არქიმანდრიტ დიონისეს ურთიერთობა?

ძველმოწესე: თქვენ ხომ წაიკითხეთ მიტროპოლიტ მაკარის "რუსეთის ეკლესიის ისტორიიდან" ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი იონა დიონისეს უსამართლოდ მოექცა?

ახალმოწესე: დიახ, წავიკითხე.

ძველმოწესე: მაგრამ, ამ ისტორიის გაგრძელება თუ წაიკითხეთ?

ახალმოწესე: არა, ადგილი, რომელიც მე თქვენ წაგიკითხეთ, ჩვენმა მისიონერმა მიმითითა.

ძველმოწესე: მაშ ისმინეთ, რა არის ნათქვამი იმავე ისტორიაში და როგორ დამთავრდა მიტროპოლიტ იონას და არქიმანდრიტ დიონისეს საქმე: "მეორე საკითხი (ეს განიხილებოდა ფილარეტ ნიკიტას ძეს მოსკოვის პატრიარქად აღსაყდრებიდან უახლოეს პერიოდში), რომელსაც პატრიარქმა ფილარეტმა მიაქცია ყურადღება, იყო საეკლესიო წიგნების გასწორებისთვის უდანაშაულოდ დასჯილთა, კერძოდ, სამების მონასტრის არქიმანდრიტ დიონისეს, მცხოვან არსენის გლუხოის და მღვდელ ივან ნასედკას საკითხი. აქედან, ნასედკა მართალია არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ მღვდლობიდან და ეკლესიიდან განკვეთეს. როდესაც მოსკოვში იერუსალიმის პატრიარქი თეოფანე ჩამოვიდა, მან აქ ჯერ კიდევ ჰპოვა მრავალი, ვინც ამ დანამატზე ("და ცეცხლითა") დავობდა, როგორც მოწმობს ამას თავის სიგელში, რომელიც შემდეგ რუსეთში გამოაგზავნა და მალევე შეიტყო რა ბედი ეწია იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დანამატის ამოღების წინადადებით გამოდიოდნენ. მან მხოლოდ დახმარების ხელი გაუწოდა დიონისეს, რათა გამოაშკარავებულიყო მისი სიმართლე", და შეეცადა დაუყოვნებლივ შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. შესაძლოა მან მეფეს აუხსნა კიდევაც წიგნის შემსწორებელთა უდანაშაულობა; უკიდურეს შემთხვევაში, დიონისე პატიმრობიდან ჯერ კიდევ ფილარეტ ნიკიტას ძეს პოლონეთიდან დაბრუნებამდე გაათავისუფლეს. ხოლო როგორც კი ფილარეტი პატრიარქი გახდა, თეოფანემ ურჩია მას გადაესინჯა გასამართლებულ შემსწორებელთა საქმე.

იმავდროულად, ერთ ერთმა შემსწორებელმა, ნასედკამ, ახალი პატრიარქისთვის თავისი საქმე რომ გაეცნო, ვრცელი "სიტყვით" მიმართა მას, რომელშიც დეტალურად აღწერა მათი გასამართლების მიზეზები. ეს სიტყვა, რომელიც 30 თავისგან შედგება, თუმც ნასედკას დაწერილია, სამართლიანად შეიძლება განვაკუთვნოთ სამივე შემსწორებელს. რადგან ნასედკამ ამ წერილში სიტყვა სიტყვით მოათავსა ყოველივე ის, რაც ჩვენ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტეანისადმი მიწერილ არქიმანდრიტ დიონისეს მიმართვაში ვნახეთ და მცხოვან არსენის მიერ ბოიარინ სალტიკოვისადმი მიწერილ ეპისტოლეში ვიხილეთ.

ნასედკამ მხოლოდ სხვა განლაგება მისცა ყოველივე ამას, არ დაწერა საიდან აიღო, საკუთარი თავისგან კი მხოლოდ რამოდენიმე ჩანართი და განმარტება დაურთო, მიუთითა საეკლესიო საგალობელთა და ლოცვათა დარღვევის რამოდენიმე ახალი მაგალითი. პირველ თორმეტ თავში ის აჩვენებს, რატომ ამოიღეს შემსწორებლებმა ღმრთის განცხადების მსახურების ლოცვიდან ფრაზა "და ცეცხლითა"; დანარჩენ 22-ში კი გადმოცემულია რატომ შლიდნენ ზოგიერთი ლოცვის დაბოლოებას და მოტანილია ამგვარი ლოცვების მრავალი მაგალითი. თავის "სიტყვაში", რომელიც პატრიარქ ფილარეტს მიაწოდა, ნასედკა მხოლოდ დამცირებული ითხოვდა პატიებას იმ საცთურისა და შფოთის გამო, რომელიც გამოიწვია მან დედაქალაქში (თ. 1), მაგრამ შემდეგ, ქრისტეს სახელითა და საშინელ სამსჯავროზე პასუხისგების შიშით, ევედრებოდა მღვდელმთავარს არ უარეყო მისთვის მიწერილი ეს სიტყვა და განეხილა ის არა როგორც ერეტიკოსის საჩივარი, არამედ გულდასმით გამოეკვლია იგი, და თუ შემსწორებლები ჭეშმარიტების დამრღვევნი აღმოჩნდებოდნენ, მართალ გზაზე შემოებრუნებინა, ხოლო თუ სიმართლეს ღაღადებდნენ, გაემართლებინა ისინი" (თ. 13).

ფილარეტის პატრიარქად აღსაყდრებიდან ერთი კვირის შემდეგ, 2 ივლისს, ორივე პატრიარქმა კრუტიცკელ მიტროპოლიტ იონას უბრძანა კრებაზე წარმოედგინა დიონისესა და მისი მეგობრების საკითხი. ეს უკვე იყო არა მხოლოდ მოსკოვის სამღვდელოების, რომელმაც კურთხევანის შემსწორებლები გაასამართლა, არამედ ყველა რუსი მღვდელმთავრის კრება, მათდამი დაქვემდებარებული სასულიერო პირებითურთ, ორი პატრიარქისა და თვით მეფის თანდასწრებით. კრებაზე მრავალი იდავეს საკითხზე და იკვლიეს საღმრთო წერილი; დიონისე რვა საათზე მეტ ხანს პასუხობდა შეკითხვებს და უარყოფთა ყველა თავისი ბრალმდებლისა და ცრუმოწმის ცილისწამებებს. ყველა მათგანი შერცხვენილ იქნა კრუტიცკელ მიტროპოლიტ იონასთან ერთად. ხოლო ღირ. დიონისე, რომელსაც თვით მეფე მიხაილ თევდორეს ძემ შეაქო, გამოჩნდა როგორც ჭეშმარიტი აღმსარებელი, საღმრთო წერილის სიწმიდის მტკიცე დამცველი. პატრიარქები და მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები და მთელი წმიდა კრება გაკვირვებული იყო დიონისეთი, ეამბორებოდა მას ყველა და მადლობდა სულიერი სიხარულით. ამის შემდეგ დიდი პატივითა და მრავალი საჩუქრით გააცილეს ის ლავრაში... (პატრიარქმა ფილარეტმა) 1625 წლის 9 დეკემბერს გამოსცა განკარგულება, რომელიც ავალდებულებდა სასულიერო ხელისუფლებას ყველა ეკლესიიდან ამოეღოთ ნაბეჭდი კურთხევანები, და ამოეშალათ მათში დამატება: "და ცეცხლითა", ასევე გაეკეთებინათ მინიშნებები, რათა ეს დამატება მომავალში აღარავის წაეკითხა ღმრთის განცხადების ლოცვაში" (т. XI, стр. 10, 11, 12, 13 и 19).

მაშ, ხედავთ თუ არა როგორ იყო იქ საქმე და როგორ დამთავრდა იგი?! მიტროპოლიტი იონა, რომელმაც უდანაშაულოდ დასაჯა არქიმანდრიტი დიონისე, პატრიარქმა ფილარეტმა დაიბარა კრებაზე, რომელსაც რუსეთის ეკლესიის თითქმის ყველა მღვდელმთავარი ესწრებოდა და მოსთხოვა განეხილა არქიმანდრიტ დიონისეს გასამართლების საკითხი. კრებამ მოისმინა ყველა ბრალმდებელი და აღმოაჩინა, რომ არქიმანდრიტი დიონისე უსამართლოდ ყოფილა დასჯილი. კრების ყველა მონაწილემ დაადასტურა ეს ფაქტი, შედეგად, მიტროპოლიტი იონაც დაექვემდებარა ამ კრების გადაწყვეტილებას.

მოხდა თუ არა მსგავსი რამ 1656-1667 წლების კრებებზე? ცხადია, არა! თქვენმა კრებებმა ანათემას გადასცეს სრულიად უდანაშაულო მართლმადიდებელი ქრისტეანები, საქმე კვლავ არ განიხილეს და ეს კრებები უკანონოდ არ ჩათვალეს; უდანაშაულოდ დასჯილ ჩვენს წინაპრებს კი დღემდე უწოდებენ "რასკოლნიკებს". ის მართლმადიდებლური გადმოცემები, რისთვისაც დასაჯეს და მწვალებლებად გამოაცხადეს ჩვენი წინაპრები, დღეს თქვენი ეკლესიის მიერაც მართლმადიდებლურად არის აღიარებული, მაგრამ მათი სამარცხვინო გმობა და კიცხევა დღემდე არ არის დაგმობილი. და წიგნები, რომლებიც ძველი გადმოცემების გმობას შეიცავენ, მართლმადიდებლურად არიან აღიარებულნი.

ერთის სიტყვით, ეს მაგალითი კი არ ამართლებს, არამედ მკაცრად ამხელს თქვენი ეკლესიის მოძღვრებს. არქიმანდრიტ დიონისეს შემთხვევაში საქმე დასრულდა მშვიდობით. მაშინ როდესაც მოსკოვის 2656-1667 წლების კრებების საქმე, აგერ უკვე მესამე საუკუნეა თავის სატანურ ღვარძლს ანთხევს მისთვის საძულველ ძველმორწმუნე და სრულიად მართლმადიდებელ ქრისტეანთა წინააღმდეგ.

ახალმოწესე: დიახ, ყურადღებით თუ განვიხილავთ საქმეს, მართლაც ასეა, და ეს მაგალითი არ შეიძლება იყოს ჩვენი ეკლესიის გამამართლებელი.

ძველმოწესე: ახლა კი გთხოვთ გააგრძელოთ, კიდევ რა შეგიძლიათ დაიმოწმოთ ნიკონის რეფორმის გასამართლებლად.


ნეტარ თეოდორიტე კვირელისა და წმ. კირილე ალექსანდრიელის წინააღმდეგ დაწერილი მისი თხზულებების შესახებ

ახალმოწესე: ამჯერად გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი მოწმობა. ნეტ. თეოდორიტე კვირელმა დაწერა ყალბი თხზულება წმ. კირილე ალექსანდრიელის 12 თავის წინააღმდეგ და ის მწვალებლობაში დაადანაშაულა, მაშინ როდესაც წმ. კირილე სრულიად მართლმადიდებელი იყო. გაილაშქრა მან ეფესოს წმიდა კრების წინააღმდეგაც, რის გამოც მეხუთე მსოფლიო კრებაზე თეოდორიტე ანათემას გადასცეს თავის ყალბ თხზულებებთან ერთად. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეხუთე მსოფლიო კრება წმიდად მიიჩნევა, ისევე როგორც თეოდორიტეა აღიარებული ნეტარ და ზოგან წმინდანადაც კი. ჩემის აზრით, ეს შეიძლება გამოდგეს ჩვენი ეკლესიისა და მოსკოვის XVII საუკუნის კრებათა გასამართლებლად.

ძველმოწესე: მითხარით, გეთაყვა, საიდან მოიტანეთ, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ თეოდორიტე გადასცა ანათემას იმისთვის, რომ მან არასწორად დაწერა მესამე მსოფლიო კრებისა და კირილე ალექსანდრიელის 12 თავის შესახებ?

ახალმოწესე: როგორ, განა არ დაუწერია თეოდორიტეს ეს ყალბი თხზულებები!..

ძველმოწესე: დიახ, დაწერა.

ახალმოწესე: ხოლო მეხუთე მსოფლიო კრებაზე ის გაასამართლეს; არაერთხელ მომისმენია როგორ მოჰყავდათ მისიონერებს ეს მაგალითი თავიანთ გასაუბრებებში.

ძველმოწესე: რას არ დაიმოწმებენ თქვენ მისიონერები!... მისიონერების ნალაპარაკევს სჯობია წავიკითხოთ მეხუთე მსოფლიო კრების საქმეები ამ საკითხზე. ისმინეთ, რა წერია ვიგილიუსის მიერ ტომიელი ეპისკოპოსის, ვალენტინიანესადმი მიწერილ ეპისტოლეში: "რადგან ჩვენი შვილი, სახელოვანი და ცნობილი კაცი ვიზინიანე, მასთან კი ისინიც, ვინც კონსტანტინოპოლში თვალს ადევნებენ შენი ძმობის ეკლესიის საქმეებს, ამბობენ, რომ ღმრთის მტრებს გამოუგონიათ თითქოსდა ჩვენს გადაწყვეტილებებში (ნუმც იყოფინ!) დაგმობილნი იყონ ეპისკოპოსები იბა და თეოდორიტე, წაიკითხონ, რომ ჩვენ, ძმა მინას, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს მივწერეთ საქმის შესახებ, რომელიც აქ წამოიჭრა და დარწმუნდებიან, რომ ღმრთის წყალობით, არ დაგვიშვია და განზრახვაც არ გვქონია ისეთი რაც რწმენისა და ღირსპატივსაცემი ოთხი კრების საწინააღმდეგო იქნებოდა, სადაც მიღებული იქნა განსაზღვრება ერთი და იმავე სარწმუნოების შესახებ, ანუ ნიკეის, კონსტანტინოპოლის, ეფესოს პირველი და ქალკედონის კრებებისა, ან რაც შეეხებოდა თუნდაც რომელიმე მათგანს ვინც ზემოთაღწერილი ქალკედონის კრების დადგენილებებს ხელი მოაწერა" (т. V, стр. 175-176).

ხედავთ, რა არის ნათქვამი ამ კრების საქმეებში, რომ არა თუ არ დაუსჯიათ თეოდორიტე, მისთვის იოტისოდენა წყენაც კი არ მიუყენებიათ. მეხუთე მსოფლიო კრებაზე განსაჯეს და ანათემას გადასცეს თეოდორიტეს თხზულებები, რომელიც მან დაწერა ეფესოს კრების, კერძოდ კი კირილე ალექსანდრიელის 12 თავის წინააღმდეგ, და არა თვითონ თეოდორიტე. ეს ჩანს თვით მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებიდან: "განვსჯით და ანათემას გადავცემთ, - ვკითხულობთ საქმეებში, - ყველა სხვა მწვალებელთან ერთად, ვინც განკუთხულ და ანათემირებულ იქნა ზემოთხსენებული ოთხი კრებისა და წმიდა და კათოლიკე ეკლესიის მიერ; თეოდორეს, რომელიც იყო მოფსუესტიის ეპისკოპოსი და მის უკეთურ თხზულებებს; ასევე იმას, რაც უკეთურად დაწერა თეოდორიტემ მართალი რწმენისა, წმ. კირილეს თორმეტი თავისა და ეფესოს კრების წინააღმდეგ. ასევე რაც დაწერა მან თეოდორისა და ნესტორის დასაცავად" (გვ. 187). შემდეგ: "ამრიგად, ანათემას გადავცემთ... იმას რაც უკეთურად დაწერა თეოდორიტემ..." (იქვე). შემდეგ: "ვინც იცავს თეოდორიტეს უკეთურ თხზულებებს, რომლებიც მან ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ეფესოს პირველი, წმიდა კრების, ასევე წმ. კირილეს თორმეტი თავის წინააღმდეგ დაწერა... შეჩვენებულ იყოს" (იქვე). და ბოლოს: "ევტიქიმ, ღმრთის წყალობით ახალი რომის, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა, განსაზღვრა ის, რაც ზემოთ ითქვა... ვგმობ და შევაჩვენებ იმას, რაც უკეთურად დაწერა თეოდორიტემ, და ხელი მოაწერა" (იქვე). როგორ შეიძლება ამის შემდეგ ვთქვათ, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ თეოდორიტე ანათემას გადასცა?

ახალმოწესე: დიახ, აქედან სრულიად ცხადია, რომ თეოდორიტე არ ყოფილა შეჩვენებული მეხუთე მსოფლიო კრების მიერ. მაგრამ აი რას ვერ ვიგებ: როგორ მოხდა, რომ თეოდორიტე, რომელმაც ამდენი დაწერა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, მაინც მართლმადიდებელი დარჩა?

ძველმოწესე: თეოდორიტემ თავისი არასწორი თხზულებები დაწერა კირილეს წინააღმდეგ, ასევე მესამე მსოფლიო კრების დროს და მის შემდეგ, რისთვისაც საეკლესიო ერთობისგან მოკვეთილ იქნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სხვა ეპისკოპოსებთან ერთად პირველად არ დაემორჩილა მესამე მსოფლიო კრების განსაზღვრებას და მონაწილეობა მიიღო ე. წ. "ყაჩაღთა" კრებაში, როგორც ეს მესამე მსოფლიო კრების საქმეებიდან ჩანს. იქ წერია: "წმიდა კრებამ თქვა: შეურაცხყოფისთვის, რომელიც უწმიდეს და უნეტარეს კირილესა და უწმიდეს მემნონს მიაყენეს იოანემ, ანტიოქიელმა ეპისკოპოსმა და მისმა თანამოაზრეებმა, ჩვენს წმიდა კრებას უნდა გაესამართლებინა ისინი ამგვარი უგუნურებისთვის, თანაც ჩვენი მესამე მოწოდების შემდეგაც იოანე და მისი თანამოაზრეები არ დაემორჩილნენ წმიდა კრების მოთხოვნას, არც კრებაზე მოვიდნენ და არც მოუსვლელობის მიზეზი განაცხადეს. მიუხედავად ამისა ჩვენ, როგორც ეპისკოპოსები თავს მოვალედ ვთვლით დიდსულოვნობით გადავიტანოთ მომხდარი, მაგრამ ამჯერად, იმის შემდეგ რაც განსაზღვრულია, განიკვეთონ საეკლესიო ერთობისგან" - და მოსდევს განკვეთილ ეპისკოპოსთა სახელები, რომელთა შორისაც მოხსენიებულია თეოდორიტე კვირელიც (Деяния вселенских соборов», т. I., изд. 1887 г., стр. 285). თუმცა თეოდორიტემ შემდგომში შეინანა თავისი ცთომილებანი და დაგმო ნესტორიცა და მისი ცრუსწავლებაც.

ახალმოწესე: საიდან ჩანსეს?

ძველმოწესე: ეს ჩანს წიგნიდან "Историческое учение об отцах Церкви" ("ისტორიული სწავლება ეკლესიის მამათა შესახებ"), სადაც წერია: "თეოდორიტეს მოქმედება მთელს ეკლესიასთან მიმართებაში დაიწყო იმ დროიდან, რაც ალექსანდრიის კრებამ ნესტორი მწვალებლად გამოაცხადა (430 წ.). ერთის მხრივ, ნესტორისთან დიდი ხნის ნაცნობობამ, რომელსაც პატივს სცემდნენ თავისი მკაცრი ცხოვრების გამო, და მეორეს მხრივ კირილე ალექსანდრიელის ანათემატიზმებში დაეჭვებამ, რომელიც მართლმადიდებლობის აპოლოგიაზე უფრო აპოლინარის სწავლების აპოლოგიად ეჩვენებოდა, კირილეს ანათემატიზმების წინააღმდეგ თეოდორიტემ მკაცრი პასუხების დაწერა გადაწყვიტა. ამავე დროს იოანე ანტიოქიელთან ერთად ის არწმუნებდა ნესტორის მკაცრი ყურადღება მიექცია თავისი აზრებისთვის და დაეცხრო ის მღელვარებანი, რომელიც მის გამო ეკლესიაში ატყდა. კირილეს ნაჩქარევმა მოქმედებამ კრებაზე, რაც ნესტორის გადაუდებელი დასჯის მოთხოვნაში გამოიხატა, თეოდორიტეს მიზეზი მისცა არასწორად გამოეცხადებინა კრების გადაწყვეტილება და დაეწერა თავისი თხზულება კირილეს წინააღმდეგ (432 წ.). მაგრამ შემდეგ, როდესაც დამშვიდებით იქნა განხილული ეფესოს კრების დადგენილებები, თეოდორიტე და ანტიოქიის პატრიარქი კირილეს დაუზავდნენ; ხოლო ნესტორი, რომელიც არც მანამდე გაუმართლებია ვინმეს, დაგმობილ იქნა და ძმობის საკვრელები იმ დროიდან არავის დაურღვევია" ("Историческое учение об отцах Церкви". Филарета Черниговского, т. III, стр. 118 и 119).

თეოდორიტეს შესახებ იგივე წერია სხვა წიგნშიც, სადაც ვკითხულობთ: "თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის შესხებ ცნობილია, რომ ისინი განკითხულ იქნენ დიოსკორეს მიერ ეფესოს ყაჩაღთა კრებაზე". შედეგად, ისინი ორივენი განკითხულ იქნენ, ჯერ ერთი, ისეთი პირის მიერ, ვინც არამართლმადიდებლურად აზროვნებდა და თვითონ იყო დასჯის ღირსი, და მეორეც, ისეთ კრებაზე, რომელმაც თავი საყოველთაოდ შეირცხვინა და "ყაჩაღთა კრების" ზედწოდებაც მიიღო. ასეთი პიროვნებისა და კრების მსჯავრი კი მსჯავრად არ მიიჩნევა. მართალია, როგორც თეოდორიტე, ასევე იბაც, არამართლმადიდებლური შეხედულებებისგან მთლად თავისუფალნი როდი იყვნენ, მაგრამ ისინი მაინც სამართლიანად შეიწყნარა ეკლესიამ, რადგან კრებამ მიმოწვლილვით განიხილა თეოდორიტესა და იბას გასამართლების ვითარებანი, გამოიკვლია მათი სარწმუნოება და მანამ არ შეუერთა ისინი ეკლესიას, სანამ სრულიად არ დარწმუნდა მათ მართლმადიდებლობაში. მაშ, როგორღა აკნინებს მათი შეწყნარება ქალკედონის კრების მნიშვნელობას?

თეოდორიტესა და იბას კვლავ მიქცევა თავიანთი არასწორი შეხედულებებისკენ ცნობილიც რომ ყოფილიყო, მათ გამო ქალკედონის კრების გმობა და უარყოფა მაინც უსამართლო იქნებოდა. ევტიქიანელები აღიარებენ ნიკეის პირველ მსოფლიო კრებას, მაგრამ ამ კრებამ თავის დროზე ეკლესიას რამოდენიმე ისეთი ეპისკოპოსი შეუერთა, რომლებიც შემდეგ კვლავ მწვალებლობას მიუბრუნდნენ. რაც შეეხება იმას, რომ ქალკედონის კრებამ თეოდორიტეს არ მოსთხოვა წმ. კირილე ალექსანდრიელის წინააღმდეგ დაწერილი თავისი თხზულებების გმობა, ამგვარი მოთხოვნა ზედმეტი იყო, რადგან თეოდორიტემ იმავე კრებაზე ანათემას გადასცა ნესტორი და მისი ცრუსწავლება. მაშასადამე, ამით მან გადაჭრით უარჰყო ის შეხედულებები, რომელთაც ადრე ნესტორისთან ერთად იცავდა" ("Обличительное богословие" Иннокентия архимандрита, изд. 1895 г., Казань, т. I, стр. 171, 172 и 173).

დასასრულ, ამის შესახებ წერია მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებშიც: "წმიდა კრებამ თქვა: მხედველობაში თუ მივიღებთ თეოდორიტეს უკეთურ ნაწერებს, ქალკედონის წმიდა კრების შორსმჭვრეტელობა უნდა გვიკვირდეს. რადგან, როდესაც იცოდა მისი ღმრთისმგმობელობა, მრავალ მოწოდებას იყენებდა მის წინააღმდეგ; ამდენად, არც შეიწყნარებდა მას, წინასწარ რომ არ დაეგმო ნესტორი და მისი ღმრთისმგმობელობა, რომელთა დასაცავად ირჯებოდა ადრე" ("Деяния вселенских соборов", т. V, стр. 119). ამ მოწმობებიდან ჩანს, რომ თეოდორიტემ შეინანა ყოველივე ის, რაც დაუწერია ადრე მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიწყნარა ის ეკლესიამ. მეხუთე მსოფლიო კრებაზე კი დაგმეს და ანათემას მხოლოდ მისი არამართლმადიდებლური თხზულებები გადასცეს.

ახალმოწესე: თქვენ მე წამიკითხეთ ადგილები წიგნიდან "Историческое учение об отцах Церкви" ("ისტორიული სწავლება ეკლესიის მამათა შესახებ"), სადაც ნათქვამია, რომ თეოდორიტე კირილე ალექსანდრიელს შეურიგდა, არადა მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებში არის თეოდორიტეს ეპისტოლე (გვ. 117), რომელიც მან იოანე ანტიოქიელს გაუგზავნა კირილე ალექსანდრიელის გარდაცვალების შემდეგ. მაშასადამე, თეოდორიტე კირილეს მოწინააღმდეგე იყო მისი სიკვდილის შემდეგაც. როგორ ავხსნათ ეს?

ძველმოწესე: ველოდი რომ ამას მკითხავდით. ამისი ახსნა მარტივია. იმავე წიგნში, რომლიდანაც მე თქვენ თეოდორიტესა და კირილე ალექსანდრიელის შერიგების შესახებ წაგიკითხეთ, არის მინიშნება, სადაც წერია: "უნდა ვიცოდეთ, რომ ავრცელებენ თეოდორიტეს წერილებს ნესტორისადმი, რომელშიაც ისინი ერთმანეთს შეიწყნარებენ, მაგრამ ეს ყალბი წერილებია, რომლებსაც თვით მწვალებლები თხზავენ იმისთვის, რათა ებრძოლონ ეფესოს კრებას". თვით წმ. კირილე წერდა: "არ უნდა ვენდოთ მათ, ვინც ამბობს, თითქოსდა ისინი (აღმოსავლელი ეპისკოპოსები) სულ სხვას ამტკიცებენ, არამედ როგორც ცრუნი და მატყუარანი, საკუთარი მამის, ეშმაკის მსგავსნი, განვაგდოთ; ხოლო თუ გიჩვენებენ წერილებს, რომლებიც თითქოსდა ცნობილ პიროვნებებს დაეწეროთს, სინამდვილეში კი საკუთარ გამონაგონს გთავაზობენ, არ არის ჯეროვანი მათ თავხედობას ვენდოთ".

გარნიერმა, რომელმაც (სირმონდის შემდეგ) თეოდორიტეს მიმოწერათა ახალი ტომი შეადგინა, სულაც არ მიაქცია ყურადღება ლეონტისა და თვით კირილეს ამ მოწმობებს. "ამ მოწმობების მიხედვით ჩვენ ნაყალბევად უნდა ვაღიაროთ თეოდორიტეს ე. წ. "წერილები": ა) ნესტორის მიმართ; ბ) იოანე ანტიოქიელის მიმართ კირილე ალექსანდრიელის გარდაცვალების შესახებ. ამ უკანასკნელის დამწერმა ისიც კი ვერ გულისხმაყო, რომ კირილე ახალგაზრდობაში როდი გარდაიცვალა და იოანესათვის კირილეს გარდაცვალების შესახებ წერილის მიწერა უკვე საკმაოდ გვიანი იყო, რადგან თვით იოანე უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო" ("Историче¬ское учение об отцах Церкви", стр. 119, в примечании).

იგივეს ვკითხულობთ მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებშიც, კერძოდ 117-ე გვერდის სქოლიოში, სადაც მდებარეობას თქვენს მიერ მითითებული თეოდორიტეს წერილი იოანე ანტიოქელისადმი. "ეს წერილი, როგორც ჩანს, არ ეკუთვნის თეოდორიტეს და ის მწვალებელთა ნაყალბევია, რაც იმ გარემოებითაც იმხილება, რომ იოანე ანტიოქიელი ნეტარ კირილეზე ადრე გარდაიცვალა. არსებობს კირილეს მიმართვა დომნოსადმი, რომელიც იოანეს მემკვიდრე იყო. ეს მიმართვა ქალკედონის კრებაზე წაიკითხეს (საქმე 14). დომნო ზემოთხსენებული იოანეს ნაცვლად დააწესეს ეპისკოპოსად მისი სიკვდილის შემდეგ" ("Деяния вселенских соборов", т. V, стр. 117).
ახალმოწესე: შედეგად, თეოდორიტეს წერილი იოანე ანტიოქიელისადმი კირილეს გარდაცვალებაზე სიყალბეა?

ძველმოწესე: დიახ, და აშკარად მწვალებელთა ნახელავია.

ახალმოწესე: თქვენ დამიმტკიცეთ, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ დაგმო არა თვით თეოდორიტე, არამედ მხოლოდ მისი არამართლმადიდებლური თხზულებები. თვით თეოდორიტე განკვეთილ იქნა მესამე მსოფლიო კრებაზე, თუმცა შემდეგ მან შეინანა თავისი ცთომილება და კვლავ შეუერთდა ეკლესიას. ეს თქვენ ბრწყინვალედ დაამტკიცეთ. მაშ, რატომ იმოწმებენ ჩვენი მისიონერები ამ მაგალითს?

ძველმოწესე: რატომ იმოწმებენ თქვენი მისიონერები ამ მაგალითს, თვით მისიონერებს უნდა ჰკითხოთ, მე კი, ჩემის მხრიდან გეტყვით: იმიტომაც იმოწმებენ, რომ თავიანთი ეკლესიის დასაცავად სხვა არაფერი დარჩენიათ. გარდა ამისა, თქვენს მისიონერებთან დაკავშირებით უცნაური და სასაცილოა ისიც, რომ ძველმორწმუნეები სრულიად საფუძვლიანად ამტკიცებენ, რომ მოსკოვის 1656-1667 წლების კრებებზე ანათემას გადასცეს მართლმადიდებელი ქრისტეანები მხოლოდ იმისთვის, რომ იცავდნენ მართლმადიდებლურ გადმოცემებს, აქედან კი გამოდის უცილობელი ლოგიკური დასკვნა, რომ ანათემას თვით გადმოცემებიც გადასცეს. მაგრამ მისიონერები არაფრის დიდებით ამას არ აღიარებენ და პირზე დუჟმორეულები გაჰკივიან თითქოსდა კრებებმა გადმოცემები კი არ დაჰგმეს, არამედ ადამიანები, რომლებიც ეკლესიას გამოეყვნენ. ხოლო ახლა, როდესაც სრული სიცხადით დამტკიცდა, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ განიკითხა არა თვით თეოდორიტე, არამედ მისი არასწორი თხზულებები, ტყავში ძვრებიან და ამბობენ, თითქოსდა მეხუთე კრებას დაეწყევლოს თვით თეოდორიტე. გასაოცარი, თუმცა ჩვეული მანერა აქვთ თქვენს მისიონერებს!...

ახალმოწესე: მე კიდევ მაქვს მაგალითი.

ძველმოწესე: კეთილი, მოგვახსენეთ.


ალექსანდრიის პატრიარ თეოფილეს მიერ "გრძელი ძმების" დასჯის შესახებ

ახალმოწესე: ვფიქრობ გსმენიათ იმის შესახებ, როგორც განიკვეთა ეკლესიიდან ალექსანდრიის პატრიარქმა თეოფილემ ნიტრიის უდაბნოდან მოსული ბერები, რომელთა წარმომადგენლები მაშინ იყვნენ ოთხი ძმები, რომლებსაც უჩვეულო სიმაღლის გამო "გრძელი" ძმები შეარქვეს; მიუხედავად ამისა, წმ. იოანე ოქროპირს ერთობა ჰქონდა ამ ძმებთან და არც ერთნი და არც სხვები, ამ განკვეთის გამო მწვალებლებად არ მიიჩნეოდნენ. ზუსტად ასე იყო მოსკოვის 1656-67 წლების კრებებზეც და თუკი ეკლესიიდან განუკვეთიათ მართლმადიდებელი ქრისტეანები, როგორც თქვენ ამბობთ, მაინც არ უნდა გამოყოფოდით ჩვენს ეკლესიას ამ განკვეთის გამო და მწვალებლებად გამოგეცხადებინეთ.

ძველმორწმუნე: თქვენს მიერ ამჯერად დამოწმებული მაგალითი ჩემი პირველი ოპონენტის, ყოფილი სინოდალური მისიონერის, კრუჩკოვისგანაც მომისმენია. თუმცა, ეს ისე, სხვათა შორის. ამ მაგალითთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ არც ის გამოდგება ყოფილ პატრიარქ ნიკონის რეფორმების გასამართლებლად.

ახალმოწესე: გთხოვთ დამიმტკიცოთ ამ მაგალითის უარყოფის სიმართლე.

ძველმოწესე: დიდი სიამოვნებით. უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად აუცილებელია გავარკვიოთ, რისთვის მოიკვეთა პატრიარქმა თეოფილემ ნიტრიელი ბერები. ამისთვის მტკიცებულებებს წაგიკითხავთ. ეპისკოპოს არსენის სეკლესიო მოვლენათა ისტორიაში ვკითხულობთ: "ჯერ კიდევ წარსულ (402) წელს კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა მრავალი ბერი, რომლებიც ორიგენეს მწვალებლობის ბრალდებით ნიტრიის უდაბნოდან გამოდევნა ალექსანდრიის ეპისკოპოსმა თეოფილემ" (лето 403, стр. 141, изд. 1899 г.).

ინებეთ სხვა მტკიცებულებაც: "წმ. იოანე ოქროპირის ბრწყინვალე წარმატებები საეკლესიო მმართველობისა და კეთილმოწყობის საქმეში, არ მოსწონდა თეოფილეს; მაგრამ ის კმაყოფილი იყო დედაქალაქში იოანეს მიმართ უკმაყოფილების მატებითა და მისდამი სამეფო კარის დამოკიდებულების გაუარესებით. თავისი მზაკვარი და გამჭრიახი გონებით მან განჭვრიტა, რომ ადრე თუ გვიან ეს ურთიერთობები იოანეს მიიყვანდა კატასტროფამდე და თეოფილეც მოუთმენლად ელოდა ამ პროცესს, დარწმუნებული იმაში, რომ საქმე ვერ მოგვარდებოდა მისი ჩარევის გარეშე.

მართლაც საქმე ისე წარიმართა, როგორც ვარაუდობდა თეოფილე და ძალიან მალე მიეცა კიდევაც შემთხვევა თავისი დაფარული ღვარძლი გადმოენთხია სრულიად უდანაშაულო ოპონენტზე. თეოფილეს იოანეზე გალაშქრების მიზეზი გახდა ნიტრიის უდაბნოს ზოგიერთი ღვთისმოსავი ბერის საქმე. ცნობილია, რომ ნიტრიის უდაბნო ბერ-მონაზვნობის დაფუძნების დღიდან დაყუდებულ და განშორებულ ბერთა საყვარელი ადგილი იყო. აქ ლოცვითა და მარხვით მოღვაწეობდა უამრავი მოსაგრე, რომელთა შორის განსაკუთრებული ღვთისმოსაობითა და განსწავლულობით ოთხი ძმები სარგებლობდნენ, რომელთაც უჩვეულო სიმაღლის გამო "გრძელი ძმები" შეარქვეს.

თავიდანვე თეოფილე მათ მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდა და ორ მათგანს სასულიერო ხარისხის მიღებაც კი აიძულა, რათა ემსახურათ თვით ალექსანდრიაში. მაგრამ როდესაც ძმებმა წმიდა და ბერული პირდაპირობით მიუგეს, რომ მათ არ სურდათ მსახურება ქალაქში, რომელიც თვით არქიეპისკოპოსის ცოდვებით არის შებილწული, თეოფილე მრისხანებით აღენთო, განრისხდა, ლანძღვა-გინებით აიკლო და ორიგენიზმის მიმდევრობაში დაადანაშაულა ისინი... თუმცა, ამით როდი დაკმაყოფილდა თეოფილე, "გრძელ ძმებს" რომ გასწორებოდა, მის მიერ ხელდასხმულ და თანაშემწე ეპისკოპოსთა კრებაც მოიწვია, რომელზეც "გრძელი ძმები" განიკითხეს როგოროც მწვალებლები და ჯადოქრები, რომლებმაც თავიანთი მწვალებლობით მთელი უდაბნო მოსწყლეს" (Жизнь и труды св. Иоанна Златоуста, т. I его творений, изд. 1898 г., стр. 73 и 74). აი, როგორი იყო თეოფილეს დამოკიდებულება "გრძელი ძმებისადმი". ამის შემდეგ მინდა გკითხოთ: სამართლიანად მოექცა თუ არა პატრიარქი თეოფილე ნიტრიელ ბერებს?

ახალმოწესე: არა, უსამართლოდ.

ძველმოწესე: რატომ?

ახალმოწესე: იმიტომ, რომ ეს ბერები, "გრძელი ძმები", სინამდვილეში არავითარ ორიგენისტულ მწვალებლობას არ მისდევდნენ, და თეოფილემ ისინი მხოლოდ ამ ბრალდების მომიზეზებით გაასამართლა.

ძველმოწესე: სრულიად სწორია; მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თეოფილემ ისინი გაასამართლა როგორც ორიგენისტები მხოლოდ იმისთვის, რომ დაუფარავად ამხელდნენ თეოფილეს ბიწიერ ცხოვრებას.

ახალმოწესე: მადლობა უნდა გადაგიხადოთ წაკითხული მოწმობისთვის და მისი განმარტებისთვის. აქედან ნათელი შეიქნა, რომ თქვენი წინაპრები, მათ კვალობაზე კი თქვენც, უკანონოდ გამოეყავით ჩვენს ეკლესიას მოსკოვის 1656-1667 წლების კრებათა დროს.
ძველმოწესე: საიდან გამოგყავთ ამგვარი დასკვნა?
ახალმოწესე: აი საიდან: ჩვენ თქვენთან ერთად დავადგინეთ, რომ პატრიარქ თეოფილემ არასწორად გაასამართლა "გრძელი ძმები", და ამის გამო, როგორც უკვე აღვნიშნე, არც თეოფილე გამოუცხადებია ვინმეს მწვალებლად, და არც "გრძელი ძმები". არც ერთს და არც მეორეს მწვალებლად არ მიიჩნევდა წმ. იოანე ოქროპირი. ზუსტად ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც მოსკოვის ზემოთხსენებულ კრებებთან და საერთოდ, მთელს ჩვენს ეკლესიასთან დაკავშირებით.

ძველმოწესე: როგორი სიმსუბუქეა თქვენს მსჯელობაში! ამგვარ მოსაზრებას ვერ დავეთანხმებით შემდეგი მიზეზების გამო: 1) თეოფილემ, "გრძელი ძმების" გასამართლებისთვის, თუმც არასწორად და უსამართლოდ, მაგრამ მაინც მიუთითა მათ ვითომცდა მწვალებლობაზე, ხოლო თქვენმა 1656-1667 წლის მოსკოვის კრებებმა ჩვენი წინაპრებისა და მათთან ერთად ჩვენს განსაკითხად, ვერავითარ მწვალებლობაზე ვერ მიუთითეს, არამედ დაგმეს და დაწყევლეს ჩვეულებები, რომლებიც იცოდნენ რომ სრულიად მართლმადიდებლური იყო; და 2) თეოფილეს მიერ "გრძელი ძმების" გასამართლებას თქვენც და ჩვენც უსჯულოებად მივიჩნევთ, ხოლო თქვენს მიერ ზემოთხსენებულ კრებათა უსჯულო წყევლა-კრულვებს თქვენი ეკლესია სრულიად კანონიერად და სჯულიერად აღიარებს; მეტიც, მისიონერები დღემდე ტყავში ძვრებიან იმისთვის, რათა დაიცვან ეს კრულვები, როგორც უცვალებელი დოგმატი. იმისთვის, რათა მოტანილი მაგალითი გამართლებდეთ, მოსკოვის კრებათა კრულვები უსჯულოდა უნდა აღიაროთ, როგორც ეს არის სინამდვილეში.

ახალმოწესე: თქვენი ეს მსჯელობა, უნდა ვაღიაროთ, სამართლიანია, და შეიძლება მას დავეთანხმოთ, მაგრამ აქედან ჯერ კიდევ არ გამოდის, რომ თითქოსდა შესაძლებელი იყოს არასწორი კრულვების გამო ეკლესია მწვალებლურად გამოაცხადო. მე ამას ძველი, მართლმადიდებლური ეკლესიის ცხოვრებიდან დავამტკიცებ. ვკითხულობ ბარონის ისტორიიდან: "არასწორიც რომ ყოფილიყო კრულვა, ეპისკოპოსებს მაინც მიაშურებდნენ, ხოლო უსამართლო კრულვებს ყურადღებას არ აქცევდნენ" (ч. I, Лето Господне 412, число 4). აი, როგორ იყო ძველ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში! ასე უნდა მოიქცეთ თქვენც.

ძველმოწესე: ვფიქრობდი, რომ არ გადალახავდით კეთილგონიერების საზღვრებს და არ დაიწყებდით ბარონის ისტორიიდან ამ ადგილის დამოწმებას. მაგრამ მისიონერულმა "ხავსმა" შეგაცდინათ, და თქვენც გადაწყვიტეთ ჩასჭიდებოდით მას, რადგან ხედავთ რომ უკვე იძირებით. მე მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ საკმაოდ მცირე გამოგლიჯეთ ბარონის ისტორიას. თუმცა, განა ამიტომაც არ არის თქვენი მოწმობა "ხავსი". ავიღოთ ბარონის ეს ადგილი ცოტა ზემოდან და დავინახავთ რომელ კრულვებზეა აქ ლაპარაკი: "აქ უნდა ვახსენოთ, რომ იმ დროს ეპისკოპოსებს ჰქონდათ ძალაუფლება არა მარტო ერისკაცებზე, არამედ საერო ხელისუფლებზეც, და თუკი ღმრთის საწინააღმდეგოდ ან ეკლესიის კანონთა წინააღმდეგ შეცოდავდნენ, ანათემას გადასცემდნენ" (იქვე). შემდეგ კი მოდის თქვენს მიერ დამოწმებული ფრაზა. მითხარით: იოტისოდენად მაინც თუ ამართლებს ეს ადგილი თქვენს კრებებს?

ახალმოწესე: მაშ, როგორ: კრულვა ხომ უსამართლოა, და, თუკი ასეთია, მაშინ თქვენს წინაპრებს ის სხვა ეპისკოპოსებთან უნდა გაესაჩივრებინათ და არა მოეძულებინათ ეკლესია და გამოყოფოდნენ. დიახ, შესაძლოა ეს გაგეკეთებინათ კიდეც, მაგრამ ვისთვის უნდა მიგემართათ, ეპისკოპოსებიც აღარ დაგრჩათ. აი თქვენი უბედურება!

ძველმოწესე: როგორ მოხდა, რომ ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტეანებს ეპისკოპოსები აღარ დაგვრჩა, მე აგიხსნით, ან უმჯობესია წაგიკითხავთ, რაკიღა ამ საკითხსაც შეეხეთ. ასე მაგალითად, წიგნში "დეკანოზი ამბაკუმი" ბოროზდინა წერს: "გარდა ამისა, ნიკონმა ერთპიროვნულად, ყოველგვარი ადგილობრივი კრების გარეშე, ჯერ მანტია ჩამოგლიჯა, შემდეგ კი დასაჯა... პავლე შეიპყრეს და პალეის კუნძულის ღირ. კორნელის სახელობის მონასტერში ჩაამწყვდიეს, რამოდენიმე წლის შემდეგ... ძველი ღვთისმოსაობის დაცვისთვის, დიდ პარასკევს ცოცხლად დაწვეს" (2-го счета стр. 164).

მე ვფიქრობ, რომ უბედურნი ისინი კი არ არიან, ვინც წმიდა ჭეშმარიტებისთვის ევნენ, არამედ ისინი, ვინც ჭეშმარიტებას დევნიდნენ და ასეთი იყო პატრიარქი ნიკონი ყველა მისი მომხრე ეპისკოპოსითურთ. ეს სხვათა შორის. ახლა კი მოისმინეთ, არიან თუ არა დამნაშავენი ჩვენი წინაპრები, თუკი მათ არ შეეძლოთ თქვენი ეპისკოპოსების მოქმედება გაესაჩივრებინათ თავიანთ ეპისკოპოსებთან და იყო თუ არა შესაძლებელი ამის გულისთვის მათთან კავშირი გაწყვეტა, რომელთაც მართლმადიდებლები მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვისთვის დასწყევლეს. ამის შესახებ ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი წერს: "წმიდა კანონთაგან გვისწავლია: ვინც მწვალებლობის ქადაგების გამო განეშორება თავის ეპისკოპოსს, ამგვარნი არა თუ კანონთამიერ განკანონებას არ დაქვემდებარებიან, არამედ ქების ღირსნიც კი არიან, რადგან გამოეყვნენ არა ეპისკოპოსს, არამედ ცრუეპისკოპოსს, და ეკლესია კი არ დასერეს განხეთქილებით, არამედ ეკლესია იხსნეს განხეთქილებისაგან" («Просветитель», слово 12).

თქვენს მიერ ბარონის ისტორიიდან დამოწმებული ადგილი უპირველეს ყოვლისა ლაპარაკობს იმათ განკვეთასა და ანათემირებაზე, ვინც თვით ღმრთისა და საეკლესიო კანონების წინააღმდეგ სცოდავს. ჩვენს წინაპრებს კი არაფერი მსგავსი არ უქნიათ. იმ დროს (ბარონის ისტორიიდან) განკვეთილნი სხვა ეპისკოპოსებს იმ შემთხვევაში შესჩიოდნენ, თუ მათი განმკვეთელი ეპისკოპოსები უსამართლოდ მოქმედებდნენ, არ გამოეძიებდნენ განკვეთილთა საქმეს, მათ უდანაშაულობას ამა თუ იმ ცოდვაში. აქ კი, პირიქით, თქვენი მისიონერები დღესაც ამბობენ, რომ მოსკოვის 1656-1667 წლების განკვეთები და ანათემატიზმები სწორია, ქმედითია და კანონიკური და ტვირთად აწევს მათ, ვინც კრებათა "ნაბრძანებს" არ შეასრულებს, არადა ამ კრებათა მიერ განწესებულია არა რაიმე მწვალებლობების უარყოფა, არამედ მწვალებლობად შერაცხილ მართლმადიდებლურ ჩვეულებათა.

აი, ასეთი განკვეთები არის უსჯულოება და საძულველი. ამის შესახებ საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად არის ნათქვამი დიდ სჯულისკანონში, კართაგენის კრების 38-ე კანონის ბალსამონისეულ განმარტებაში: "კლერიკოსს ან ერისკაცს თავისი ეპისკოპოსი თუ განკვეთს მითითებულ ცოდვათა გამო, ის განკვეთას უნდა დაექვემდებაროს და არ დაარღვიოს მორჩილება, სანამ მისი უდანაშაულობა გამოძიებულ არ იქნეს; ხოლო თუ რაიმე დანაშაულისთვის ეპისკოპოსი უმიზეზოდ განკვეთს ერისკაცს ან კლერიკოსს, მაგალითად იმისთვის, რომ ის არ ეთანხმება მის კადნიერ სურვილებს; ასეთ შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია უგულებელყოს განკვეთა, რადგან ჯეროვანია თვით უსამართლო განმკვეთელი დაისაჯოს რადგან, ეპისკოპოსები საკუთარ ნებაზე თუ დაიწყებენ ერისკაცთა და კლერიკოსთა განკვეთას, ყოველი თვითმსაჯულნი შეიქნებიან და ვერავინ გაბედავს მათ წინააღმდეგობას განკვეთის შიშით; არ არის გამორიცხული ასეთებმა თვით ღვთისმოსაობაც განიკითხონ და ამგვარად საღმრთო კანონები მრავალი უბედურების მიზეზად გარდააქციონ, რაც დაუშვებელია" (Кормчая полного перевода).

თქვენს მიერ ბარონის ისტორიიდან მოხმობილი მაგალითის პასუხად ამაზე უკეთეს და ნათელ მტკიცებულებას ვერ ვიპოვით. აქ ასახსნელიც კი არაფერია. თქვენ ჯიუტად ითხოვდით დამემტკიცებინა, შეიძლება თუ არა 1656-1667 წლების კრებათა კრულვებისთვის თქვენი ეკლესიის ეპისკოპოსები მწვალებლებად იქნენ გამოცხადებულნი. მრავალი მოწმობის წაკითხვა შემეძლო ამ მხრივ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთით შემოვიფარგლები. ღირ. თევდორე სტოდიელი წერს: "ვინც მართლმადიდებელ ქრისტეანს უსამართლოდ შეაჩვენებს, მწვალებელია... და თვით უფალს განსჯის" (Письма, ч. I, стр. 233).

აჰა მოგეცით პასუხი თქვენს გაკადნიერებულ მეძიებლობაზე. ჩემის აზრით, ჩემი ეს პასუხი სრულიად საკმარისია თქვენთვის.

ახალმოწესე: თქვენს მიერ წაკითხული მოწმობების შემდეგ ვამჩნვე, რომ ეს მაგალითიც ვერ არის ჩვენი ეკლესიის გამამართლებელი. თუმცა, თადარიგში მაქვს კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ჯერ არ დამიმოწმებია.
ძველმოწესე: კეთილი ბატონო, დამიმოწმეთ რაც იცით.


პატრიარქ თეოფილეს მიერ წმ. იოანე ოქროპირის დასჯის შესახებ

ახალმოწესე: ძველ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ასეთი ფაქტიც არსებობს: ალექსანდრიის პატრიარქმა თეოფილემ დუბის კრებაზე უდანაშაულოდ დასაჯა წმ. იოანე ოქროპირი და განდევნა კონსტანტინოპოლიდან. ოქროპირი სასულიერო წოდებისგანაც დაამხეს. სხვათა შორის, მას ორიგენიზმშიც სდებდნენ ბრალს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, წმ. იოანე ოქროპირს თეოფილე ერეტიკოსად არ მიუჩნევია, ასევე არც თქვენ, ძველმოწესეები, და არც ჩვენ, თეოფილეს არ მივიჩნევთ ერეტიკოსად. მეტიც, ეკლესია თავის სჯულმდებლობაში ("დიდ სჯულისკანონში") ხელმძღვანელობს პატრიარქ თეოფილეს 14 კანონითაც. რას იტყვით ამის შესახებ?

ძველმოწესე: მითხარით გეთაყვა: სამართლიანად და კანონიერად აღიარებთ თუ არა პატრიარქ თეოფილეს მიერ წმ. იოანე ოქროპირის დასჯას?

ახალმოწესე: არა, არ ვაღიარებთ, და მე უკვე აღვნიშნე, რომ თეოფილემ წმ. იოანე ოქროპირი უდანაშაულოდ დასაჯა-თქო. მაგრამ საქმე ამაში როდია. მე ვამბობდი, რომ თეოფილე ამ უსამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად მწვალებლად არავის შეურაცხავს, თქვენ კი ჩვენი კრებები, რომლებმაც თქვენის აზრით უკანონობა ჩაიდინეს და უდანაშაულოდ განსაჯეს თქვენი წინაპრები, მწვალებლურად გყავთ გამოცხადებული, - აი რაშია საქმის არსი! ახლა კი დამიმტკიცეთ გეთაყვა თქვენი ამგვარი გადაწყვეტილების სამართლიანობა.

ძველმოწესე: ჩვენი წინაპრების თქვენი მოძღვრებისგან ჩამოშორების სამართლიანობა დიდი ხანია რაც დამტკიცებულია. ამის შესახებ ვლაპარაკობდით ჩვენ თქვენს მიერ დამოწმებული მაგალითების განხილვისას. აქ კი ჩემს მოვალეობად მივიჩნევ დაგიმტკიცოთ მხოლოდ ის, რომ არც ეს მაგალითი ამართლებს ყოფილი პატრიარქ ნიკონის უგუნურ რეფორმას.

მაშ ასე, განვიხილოთ ეს შემთხვევაც. შეუძლებელია იმის დაშვებაც კი, რომ წმ. იოანე ოქროპირი მისდევდა ორიგენისტულ მწვალებლობას. აქედან გამომდინარე, ყველა მიზეზი ოქროპირის დასჯისა ცილისმწამებლურია, რომელი წმიდა მამის მტრებისგან და მოშურნეებისგან მომდინარეობდა. მართლაც, რას წარმოადგენდა ის კრება, რომელსაც თეოფილე თავმჯდომარეობდა და რომლის ინიციატივითაც იქნა ის მოწვეული? ამაზე პასუხს თვით ეკლესიის უდიდესი მნათობი წმ. იოანე ოქროპირი გვაძლევს: "ვხედავ, რომ სატანა, რომელიც ჩემს სწავლებას ვერ ითმენს, უკვე თავყრილობას აწყობს ჩემს წინააღმდეგ" (Жизнь и труды св. Иоанна Златоуста, Творения, т. I, стр. 79). ჩემო ძვირფასო თანამოსაუბრევ, თქვენ თუ გსურთ მოსკოვის 1656-1667 წლების კრებები გაამართლოთ თეოფილეს მიერ მოწყობილი კრებით, მაშინ უცილობლივ უნდა აღიაროთ, რომ თქვენი თავყრილობები იმავე სულის მიერ იყო შთაგონებული, ანუ სატანის მიერ. მხოლოდ მაშინ შეიძლება ეს მაგალითი გამოდგეს ნიკონის რეფორმის გასამართლებლად.

ახალმოწესე: თქვენს მიერ მოტანილი შედარება წარმატებული გამოდგა, მაგრამ მაინც ვერ დამიმტკიცეთ, რომ წმ. იოანე ოქროპირის უსამართლოდ დასჯის გამო თეოფილე მწვალებლად უნდა გამოცხადდეს, იგივე უნდა იფიქროთ თქვენ ჩვენს მოძღვართა შესახებაც, რომლებიც მოსკოვის 1656-1667 წლების კრებებს ესწრებოდნენ.

ძველმოწესე: გმადლობთ იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც დამეთანხმეთ იმაში, რომ მეტად არაზუსტად შეარჩიეთ მაგალითი თქვენი კრებების გასამართლებლად. ახლა კი თქვეს ბოლო სიტყვებზე გიპასუხებთ. პატრიარქი თეოფილე მწვალებლად იმიტომ არ არის გამოცხადებულია, რომ მას არავითარი მწვალებლობა არ უქადაგია. სარწმუნოებით ის მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იყო, ამ უბრალო მიზეზით არ თვლიდა მას წმ. იოანე ოქროპირი მწვალებლად, იმავე მიზეზით არ მივიჩნევთ მას ერეტიკოსად ჩვენც და თქვენც.

თეოფილეს კრებამ წმ. იოანე ოქროპირი განიკითხა არა მართლმადიდებლური სარწმუნოების ან მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვისთვის, როგორც ეს თქვენმა კრებებმა მოიმოქმედეს, არამედ იმიტომ, რომ ასე ისურვა იმპერატრიცა ევდოქსიამ, იმპერატორ არკადის მეუღლემ, რათა წმ. იოანეს შეეწყვიტა თავისი კათედრიდან საიმპერატორო კარის ცოდვების მხილება. ამიტომაც, ევდოქსიამ აირჩია რამოდენიმე ეპისკოპოსისგან შემდგარი პარტია თეოფილეს მეთაურობით, რომლებმაც თავი მოუყარეს ცილისმწამებელთა და ფულით მოსყიდულთა ხროვას, შეთითხნეს ცილისწამებები წმ. იოანე ოქროპირის წინააღმდეგ და ბოლოს ამ ცილისწამებათა საფუძველზე გაასამართლეს იგი; მაშინ როდესაც, თქვენმა კრებებმა მართლმადიდებელი ქრისტეანები გაასამართლეს მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვისთვის. იმ გადმოცემებისთვის, რომლებიც მათ წმიდა მამათაგან მიიღეს.

ამ ღვაწლის გამო ჩვენი წინაპრების დაწყევლით, თქვენმა კრებებმა დასწყევლეს ყველა ის წმიდა მამა, ვინც ამ გადმოცემებს იცავდა და შთამომავლობას გადასცემდა. ამის შესახებ "მსოფლიო კრებათა საქმეებში" ("Деяния вселенских соборов") ვკითხულობთ: "და აწ, მისი (ნესტორის) განკარგულებით, არ ვიტყვი პირდაპირ განვიკვეთებით-თქო, მაგრამ გვესმის მრისხანე ანათემა". მაგრამ, თუკი იმისთვის შეგვაჩვენებენ, რაც ეკლესიას ადრეც ეპყრა, "როგორ არის შესაძლებელი, მარტო ჩვენ შეგვეხოს ეს ანათემა და არ შეეხოს მთელს საყოველთაო ეკლესიას, მის ეპისკოპოსებს და არა მარტო იმათ ვინც ამჟამად ცხოვრობს, არამედ ღმრთის სავანეებში გადასახლებულებსაც" (т. I, стр. 140).

თითქოსდა მწვალებლის სახელის დამკვიდრებას ესწრაფვოდნენო, ამგვარი უსჯულო მოქმედებებით თქვენმა წინაპრებმა ანათემა და მწვალებლის სახელი საკუთარ თავზე გარდამოიწვიეს, როგორც მოწმობს ამას წმ. თევდორე სტოდიელი: "თითქოსდა მწვალებლის სახელის დამკვიდრებას ცდილობენო, სხვა ღია კრებაზე ანათემას გადასცეს მათი უსჯულო სწავლებისადმი უთანხმოებაში მყოფნი, ანუ ზუსტად რომ ვთქვათ, მთელი კათოლიკე ეკლესია, და მათგან, ვინც გზაზე გადაუდგა, ზოგი შორს გადაასახლეს, ზოგი საპყრობილეებში ჩაამწყვდიეს და აღმართეს დევნა, აქაური ჩვეულებისამებრ" (ч. I, стр. 220, письмо 33).

რაც შეეხება თეოფილე ალექსანდრიელის 14 კანონს, რომელიც ეკლესიამ სჯულისკანონში შეიტანა, ოდნავადაც კი არ ეხება ჩვენს შორის განსახილველ საკითხს, თუმცა ორიოდ სიტყვას მაინც ვიტყვი. მართალია, თეოფილე ალექსანდრიელი წმ. იოანე ოქროპირის მტერი იყო, მაგრამ ამავე დროს ის მართლმადიდებელი პატრიარქი გახლდათ და როგორც ალექსანდრიის ოლქის უხუცეს ეპისკოპოსს უდავო უფლება გააჩნდა მოეწესრიგებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესია. სწორედ მისი ამ მოღვაწეობის დასტურს წარმოადგენს ის 14 კანონი, რომელიც მან პასუხად დაუგზავნა ეკლესიაში მოღვაწე სხვადასხვა პირებს. რადგან იმ მიზეზებმა, რამაც პატრიარქ თეოფილეს ეს კანონები დააწერინა, ეკლესიაში თავი მისი გარდაცვალების შემდეგაც იჩინა, ეკლესიამ გადაწყვიტა ეს კანონები სახელმძღვანელოდ მიეღო, რამეთუ სრულიად შეესატყვისებოდა მის სულისკვეთებას და ამომწურავად იძლეოდა პასუხს მსგავს საკითხებზე.

განა უცნობია თქვენთვის, რომ ეკლესიამ თავის საღვთისმსახურებო განაწესში მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკაფისტო, რომელიც მონოთელიტი მწვალებლის, კონსტანტინოპოლის პატრიარქ სერგის შექმნილია. გარდა ამისა, წმ. ეკლესია დღემდე აღასრულებს პატიოსანი ჯვრის ამაღლების დღესასწაულს, რომელიც პაპმა ჰონორიუსმა დააწესა და, რომელიც ასევე მწვალებელი იყო. მიუხედავად ამისა, არც პატრიარქი სერგი და არც პაპი ჰონორიუსი ეკლესიას მართლმადიდებლებად არ მიუჩნევია. ზუსტად ასე უნდა მივუდგეთ თეოფილეს 14 კანონს, რომელიც სულაც არ აჩვენებს თეოფილეს სიწმიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიამ ეს კანონები სახელმძღვანელოდ მიიღო.

ახალმოწესე: გმადლობთ, კმაყოფილი ვარ თქვენი განმარტებებით.


წინამდებარე განხილვის ავტორის დასკვნა


ღმრთის შეწევნით ვამთავრებ ამ ჩემს პირველ წერილობით ნაშორმს და ვადასტურებ, რომ აქ გადმოცემული დიალოგი არის არა გამოგონილი თხზულება, არამედ პრაქტიკულ გასაუბრებათა კრებული, რომელიც მრავალგზის მიწარმოებია გაბატონებული ეკლესიის მისიონერებთან. ერთადერთი, რაც გასაუბრებას დავამატე ის წყაროებია, რომელთა გამოყენება ზეპირ პოლემიკაში შეუძლებელი იყო. რაც შეეხება მისიონერთა ხრიკებს მითითებულ წყაროებთან დაკავშირებით, გადმოცვეცი მხოლოდ ის, რაც უშუალოდ მათგან მსმენია. ჩვენს უფალ ღმერთს ვევედრები, რათა ყოველივე მართლმადიდებელ ქრისტეანთა სასიკეთოდ და თავისი ეკლესიის სადიდებლად წარმართოს. ამ დიალოგის მკითხველთაგან კი მხოლოდ დიდსულოვნებას ვითხოვ; და თუ ამ ნაშრომში რაიმე შეცდომა აღმოჩნდება, მომიტევოს, რადგან მის დაცვას კი არ დავიწყებ, არამედ გულისყურით მივიღებ ყოველ შენიშვნას, რადგან ნათქვამია: "მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი" (ეფეს. 4:2).

ღმერთი მშვიდობისა დე იყოს ჩვენს შორის!
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому