სხვადასხვა - გავამარჯვებინოთ სიყვარულს! - 4 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

გავამარჯვებინოთ სიყვარულს!

საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-2001 წლის მოვლენები. ეპისკოპოს იონას († 2003 წ.) დაპირისპირება ეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ: ფაქტები და განმარტებები.
იესუ ქრისტე
წინამდებარე ნაშრომი 2001 წლის ივნისში, ანუ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის 2001 წლის განხეთქილებამდე 3 თვით ადრე, შესასწავლად და გასათვალისწინებლად გადაეცა ეპისკოპოს იონას. თხზულებაში დეტალურად არის განხილული ვითარება, რომელიც ეპისკოპოსმა იონამ შექმნა თავისი ხიბლისმიერი მდგომარეობით და ეკლესიაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობით. მკითხველი დეტალურად გაეცნობა საქმის ვითარებას და ორივე მხარის არგუმენტაციას. 2001 წლის განხეთქილების წინაისტორიასა და პირობებს, რამაც მოამზადა ეს სამწუხარო აქტი.

გარდა ამისა, ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში დაეჭვებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო დაწვრილებით გაეცნონ იმ დოკუმენტებს, რასაც ეყრდნობოდა ჩვენი მხარე ეპისკოპოს იონას მხილებასა და მასთან ევქარისტული ერთობის შეჩერებაში. ჩვენ არ გვსურს ეს ისტორია იდუმალებით მოცული დავტოვოთ ფართო საზოგადოებისთვის და მით დაეჭვების საბაბი გავუჩინოთ ვინმეს ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში.

წინამდებარე თხზულებას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია; გაეცნოს ეპისკოპოს პავლესა და ეპისკოპოს იონას შორის 1999-2001 წლებში წარმოქმნილი უთანხმოების მიზეზებს და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოქმედების პრინციპებს მსგავსი პრობლემების წარმოქმნისას; უწყოდეს იმ უსამართლობის შესახებ, რაც განიცადა ფოთის იმდროინდელმა ეპისკოპოსმა პავლემ, რომელსაც ზოგიერთი პირები დღემდე ადანაშაულებენ ეპისკოპოს იონასადმი უსამართლო მოპყრობაში. ასეა თუ არა ეს დე, ამ ისტორიის მკითხველმა განსაჯოს.

ნაწილი მესამე

ეპისკოპოს ონას ბრალდებანი



მოჩვენებითი სტრატეგიული გეგმა

ახლა გადავიდეთ თქვენი წერილის მეორე ნაწილზე, რომელსაც "შეთქმულება, ანუ სტრატეგიული გეგმა" ეწოდება:

"ზემორე შეგნებული სიცრუეების შემდეგ, - წერთ თქვენ, - შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მათი ამგვარი მოქმედება წარმოადგენს მრევლისა და ერის დასაბნევ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რათა შეიქმნას ხატი ურჩობისა და ამპარტავნობის სულით შეპყრობილი ხიბლიანი პირველიერარქისა, რომელსაც ეჭვმიუტანლად, როგორც თვითონ აცხადებენე, უნდა გაემიჯნოს მრევლი და იგი მიჰყვეს ხალხისთვის მეტად სანდო, საღად მოაზროვნე და მეჭველ კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოს პავლეს. ეს იდეური პროგრამა, ანუ შეთქმულების სტრატეგიული გეგმა უფრო ნათლად გაცხადდა საქმითაც, როდესაც გაზეთის რედაქტორმა (ზვიად ნოდიამ) მრევლს განუცხადა: თქვენ, მეუფე იონათი მოხიბლულო მრევლო, იღუპებით, რადგან ის ხიბლშია და ხომალდს ძირავს! ხომ ხედავთ, ხომალდი მეჩეჩზეა. მე აგიხელთ თვალებს, მოგიტანთ წერილს, რითაც გიმკურნალებთ და ხიბლიდან გამოგიყვანთ. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია თქვენი გადარჩენა. მე არავისთვის დამიმალავს განზრახვა შვიდი ეპისკოპოსის დასჯისა, - აგრძელებთ თქვენ. - ფაქტი კი ის არის, რომ შეგნებული დუმილი ერთი თვის განმავლობაში ნიშნავდა დროის მოხელთებას, მაქსიმალურად ხელსაყრელი მომენტის შერჩევისთვის მიზანმიმართულ დახანებას, რათა ოპტიმალურ პირობებში განეხორციელებინათ ჩაფიქრებული თავდასხმა პირველიერარქზე, რასაც განცხადების შინაარსიც ადასტურებს".

ვის შეუძლია თქვას, რომ მათი მოქმედება არ წარმოადგენს ზურგს უკან ჩასაფრებას და ხაფანგის დაგებას?!"

თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი (ჩემი და ზ. ნოდიას) მოქმედება არ ყოფილა არც "ჩასაფრება" და არც "ხაფანგი". ეს ან გაუგებრობით გამოწვეული ან კიდევ ხელოვნურად შეკოწიწებული ბრალდებაა, რომელსაც არავითარი კანონიკური მამხილებელი საფუძველი არა აქვს.

რადგანაც ჩვენი განცხადების დეტალურ განხილვას ქვემოთ ვაპირებთ, აქ ბრალდებათ ამ პუნქტებში ჩამოყალიბებულ საკითხებს მოკლედ შევეხებით:

1) განცხადებაში, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს დეზინფორმაციას, არსად არის მოცემული ურჩი, ამპარტავანი და ხიბლიანი (კვლავ ეს არაზუსტი ტერმინი!) პირველიერარქის პორტრეტი. არსად მინიშნებითაც კი მოცემული არ არის, რომ პირველიერარქ ეპისკოპოს იონას უნდა გაემიჯნოს მრევლი და მიჰყვეს "მეტად სანდო, საღად მოაზროვნე და მეჭველ კოლხეთის ეპისკოპოს პავლეს". უკვე მერამდენედ ვიმეორებთ, რომ ასეთი დასკვნები მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ეჭვების შედეგია; თუ საიდან ჩნდება ეს ეჭვი და რა ასაზრდოებს მას, რაც ასეთ ფანტასტიკურ ბრალდებებს იწვევს, გამოჩნდება ქვემოთ.

2) ზვიად ნოდიას სიტყვებზე მე პასუხს არ ვაგებ, ხოლო, რაც შეეხება "ხაფანგის" თუ "შეთქმულების" მოწყობას, ასეთი უმძიმესი ბრალდებები უნდა დამტკიცდეს მოწმეთა სათანადო გამოკითხვით.
3) მე-3 პარაგრაფის თაობაზე მე უკვე მქონდა საუბარი.

4) აქ მხოლოდ ერთს ვიკითხავ: თუკი ზვიად ნოდიას მრევლისადმი მიმართვა ავტომატურად მე მომეწერება, უნდა მოგეწეროთ თუ არა თქვენ თქვენი ნათესავი ბერის მეტად შეურაცხმყოფელი და უზრდელური გამოხდომები ჩემს წინააღმდეგ, როდესაც ეს ხდებოდა თქვენი თანდასწრებით, თანაც სანამ ჩემი სულიერი შვილები არ ჩაერივნენ და თქვენი ნათესავის დაშოშმინება არ მოინდომეს, არც კი გიცდიათ ხელი შეგეშალათ მისთვის? ზვიად ნოდიას საქციელზე მე თუ მაგებინებთ პასუხს, მაშინ მე თქვენ მოგთხოვთ პასუხს თქვენი ნათესავის უზრდელური და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისთვის! ამდენად - თქვენი ინერტულობა ჩემი სიტყვერი შეურაცხყოფის მომენტში შესაძლებელია გახდეს სერიოზული მსჯელობის საგანი!

შემდგომ თქვენ წერთ:

"გაზეთში გაკეთებული "აუცილებელი განმარტება" რომ არ არის მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევისთვის გათვლილი სვლა, არამედ უფრო ღრმა, შორს მიმავალ მიზნებს მსახურებს, ამას სტატიის რეზიუმე ადასტურებს, სადაც ცხადდება შეთქმულების საბოლოო მიზანი: ჩემი ჩემოშორება სასულიერო სარბიელიდან. კერძოდ, მეუფე პავლე ეკლესიის სახელით ბოდიშს იხდის არა მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის (7 მწვალებლის სატანისადმი გადაცემის გამო), არამედ მოუწოდებს მრევლსა და ერს, საერთოდ (? - ეპ. პ.) ყურად არ იღონ პირველი იერარქის სამომავლო განცხადებანი: "... საზოგადოებას ვთხოვთ ეპ. იონას კერძო გამოსვლები (ე. ი. არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ზოგადად, სამომავლოდ თქმულს - ეპ. იონა) საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაზე ნუ განაზოგადებთ". გამოდის, რომ ერისა და ბერის "საფხიზლოდ" გაკეთებული ეს განცხადება, უფრო ზუსტად, მოწოდება-გაფრთხილება, განევრცო არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ მომავალზეც, მაშასადამე, ამით ხდება ჩემი კერძო გამოსვლების ტაბუირება. არ მიგდონ ყური, სხვას არ ნიშნავს თუ არა ჩემი სამოღვაწეო ასპარეზისთვის ყადაღის დადებას, რაც აკრძალვის იდენტურია. ამგვარი "გაფრთხილება" აშკარა აკრძალვაა, რომლითაც მწყემსს სამომავლოდ დაუფრთხეს ფარა! ერისთვის კი მისი ხმა დამნაშავის, ხიბლში მყოფი ურჩობის სულით შეპყრობილი დამღუპველი ცრუწინამძღვრის ხმად იჟღერებს, ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რომელსაც არავინ მიუგდებს ყურს მაშინაც კი, როცა იგი მათი სულების გადამრჩენელი მოწოდებით შეაგონებდეს მათ ნათლობისკენ და გნებავთ მიუთითებდეს ერთადერთი სულის გადამრჩენელი სწორი საკურთხევლისკენ".

ამ პარაგრაფში კიდევ უფრო ღრმავდება თქვენი ეჭვიანობა, რაც, სამწუხაროდ, მეტად არასასურველ ფორმას იძენს. ამასთან, არსად ჩანს სურვილი, ან შეაკავოთ, ან გადაამოწმოთ მაინც თქვენი მოსაზრებები და დარწმუნდეთ, რამდენად შეესაბამებიან ისინი ჭეშმარიტებას. რას ნიშნავს მოვუწოდებთ "მრევლსა და ერს, საერთოდ ყურად არ იღონ პირველიერარქის სამომავლო განცხადებანი"? რომ "ხდება თქვენი კერძო გამოსვლების ტაბუირება"? რომ "ყადაღას ვადებთ თქვენს სამომავლო ასპარეზს?" და სხვა მსგავსი ბრალდებები... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენი ასეთი დასკვნები გამომდინარეობს თქვენი არაინფორმირებულობიდან და იმით, რომ ჩვენი ფრაზა "... საზოგადოებას ვთხოვთ ეპ. იონას კერძო გამოსვლებს, საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაზე ნუ განაზოგადებენ" - არასწორად იქნა გაგებული!
სწავლება იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ამა თუ იმ სასულიერო პირის კერძო შეხედულებების მთელს ეკლესიაზე განზოგადება (იგულისხმება როგორც ძველი, ასევე სამომავლო შეხედულებები და განცხადებები), მე კი არ მეკუთვნის, არამედ თეოლოგუმენის სფეროში შედის და ეკლესიის სწავლებას წარმოადგენს. ის არავითარ შემთხვევაში არ არის ტაბუ! ასე რომ ყოფილიყო, მაშინ იმას კი არ დავწერდით "მეუფე იონას კერძო შეხედულებებს მთელს ეკლესიაზე ნუ განაზოგადებთო", არამედ პირდაპირ ვიტყოდით: "ეპისკოპოს იონას კერძო შეხედულებებს ნუ გაიზიარებთ"-თქო, რაც იქნებოდა კიდევაც ტაბუც, აკრძალვაც და ჩვენი უფლებამოსილებების გადაჭარბებაც.


"კერძო" და "ზოგადსაეკლესიო" მტკიცებათა ცნებათათვის

როგორც ჩანს, აქ ჯეროვნად ვერ არის გაგებული სიტყვა "კერძო"-ს მნიშვნელობა. კერძო შეხედულება (რომელიც შესაძლოა სწორიც იყოს და მცდარიც) სწორედ იმიტომ იწოდება კერძო, პირად შეხედულებად, რომ ის არ არის ზოგადსაეკლესიო სწავლება! შეიძლება დავიმოწმოთ ასეთი მაგალითიც: ტერმინი "ერთარსი" ან "თანაარსი", რომელიც წმ. სამების იპოსტასთა ერთღმერთობის აღსანიშნავად გამოიყენება, ეკლესიაში დაამკვიდრა წმ. ათანასე დიდმა. არიანელთა საწინააღმდეგოდ, ათანასემ I მსოფლიო კრებას ეს ტერმინი შესთავაზა მამისა და ძის ურთიერთმიმართების განსასაზღვრავად. კრებამ ის მოიწონა და, ამდენად, წმ. ათანასეს კერძო წინადადება, თეოლოგიური აზრი, ზოგადსაეკლესიო სწავლება გახდა.

ამრიგად, ზოგადსაეკლესიო სწავლება - ეს ეკლესიის მიერ სანქცირებული ან დამტკიცებული სწავლებაა, მაგრამ ამასთან ერთად, მთელ რიგ არადოგმატურ საკითხებზე წმ. მამებს თავიანთი, კერძო შეხედულებებიც გამოუთქვამთ, რომლებიც ხშირად არ გაუზიარებია ეკლესიას. ამდენად, რადგან "რეზონანსმა", როგორც უკვე ვთქვით, თქვენი აქცია ყველა "სტაროვერს" და მთელს ჩვენს ეკლესიას მიაწერა, ამასთან, რადგან საზოგადოებისთვის მთელ რიგ თანამედროვე პრობლემებთან ჩვენი ეკლესიის აკრიბია (დოქტრინალური სწავლება და მკაცრი მიდგომა) უცნობია, ადვილად იყო შესაძლებელი თქვენი აქტი მთელი ეკლესიის ღონისძიებად ჩაეთვალათ, მით უფრო, რომ, როგორც ვთქვი, ამას ხელს უწყობდა "რეზონანსის" ქვესათაურიც, რომელიც თქვენს სტატიას გაუკეთდა.

ამრიგად, კერძო შეხედულება იმიტომაც არ შეიძლება განზოგადდეს მთელს ეკლესიაზე, რომ მის შესახებ არ არსებობს ეკლესიის დოგმატურ-კანონიკური განწესება, რის გამოც განეკუთვნება ის თეოლოგუმენის სფეროს და თუ თავად არ ეწინააღმდეგება რომელიმე დოგმატს, ყოველთვის ასეთ კერძო შეხედულებად შეიძლება დარჩეს.

მეტიც, საკუთარი, კერძო შეხედულებისა თუ ქმედებისთვის ასეთი აუცილებელი ავტორიტეტისა და სავალდებულოობის მინიჭება არის სწორედ ტაბუ ამ შეხედულებისგან განსხვავებულ კერძო მოსაზრებებზე. ერთი კერძო შეხედულების არსებობა ავტომატურად გულისხმობს სხვა კერძო შეხედულებების არსებობის შესაძლებლობას და ასე რომ არ იყოს, მაშინ ეს კერძო შეხედულება უკვე ზოგადსაეკლესიო დოქტრინა იქნებოდა. ასეთად კი ის შეიძლება მხოლოდ მთელმა ეკლესიამ გამოაცხადოს საეკლესიო კრებაზე განხილვის შემდგომ.

სხვათა შორის, ეს ეხება არა მარტო თქვენს, არამედ ყველა ჩვენგანის, ეკლესიის ნებისმიერი წევრის კერძო შეხედულებას.

ამდენად, ჩვენი ფრაზა: "... ეპ. იონას კერძო გამოსვლებს მთელს ეკლესიაზე ნუ განაზოგადებთ", სრულებითაც არ არის აკრძალვა და მოწოდება - მრევლმა და ერმა "საერთოდ ყურად არ იღონ პირველიერარქის სამომავლო განცხადებანი". თქვენ აქ კვლავ ახდენთ დაძაბულობის და ჩვენდამი უნდობლობისა და ზიზღის ესკალაციას, როდესაც მეტად ემოციური სულისკვეთებით არწმუნებთ მკითხველს, თითქოსდა "ამგვარი "გაფრთხილება" აშკარა აკრძალვაა, "რომლითაც მწყემსს სამომავლოდ დაუფრთხეს ფარა! ერისთვის კი მის ხმა დამნაშავის (? - ეპ. პ.), ხიბლში მყოფი ურჩობის სულით შეპყრობილი დამღუპველი ცრუწინამძღვრის (? - ეპ. პ.) ხმად იჟღერებს, ხმად მღარადებლისა უდაბნოსა შინა, რომელსაც არავინ მიუგდებს ყურს მაშინაც კი, როცა ის მათი სულების გადამრჩენელი მოწოდებით შეაგონებს მათ ნათლობისკენ და, გნებავთ, მიუთითებს ერთადერთი სულის გადამრჩენელი სწორი საკურთხევლისკენ".

აქ სრულიად უადგილო და თითიდან გამოწოვილ ბრალდებათა შორის, გამაოგნებლად ჟღერს ბრალდება, თითქოსდა ჩვენ ზემოთ მოტანილი წინადადებით ვეწინააღმდეგებით თქვენს მოწოდებას სწორი ნათლობისა და საკურთხევლისკენ. დაიოკეთ მრისხანება, მეუფეო, რათა დამშვიდებულმა გაიაზროთ თუ როგორ მძიმე შეცდომას უშვებთ.

ჩვენ უკვე გავარკვიეთ თუ რას გულისხმობს კერძო აზრი, ამიტომაც არის ეს ბრალდება შეცდომა. კერძოდ, ნათლისღების საკითხი, რომელსაც თქვენ მრევლსა და ერს განუმარტავთ, არის არა თქვენი კერძო, არამედ ზოგადსაეკლესიო სწავლება! აქედან გამომდინარე, ჩვენი ფრაზა "... გთხოვთ ეპ. იონას კერძო გამოსვლებს მთელს ეკლესიაზე ნუ განაზოგადებთ", ეხება მხოლოდ თქვენს კერძო შეხედულებებს და არა ზოგადსაეკლესიო სწავლებებს, დოგმებს, ზოგადსაეკლესიო პრაქტიკას, საზოგადო ლიტურგიკულ გადმოცემებს, საეკლესიო საიდუმლოებებს, რომელსაც განეკუთვნება ნათოლის საკითხიც.

სამგზისი შთაფლვა ნათლობის ერთადერთი ფორმაა, თქვენი კერძო შეხედულება კი არა, ზოგადსაეკლესიო, მრავალსაუკუნოვანი, მოციქულთამიერი სწავლებაა!

ასეთ სწავლებებში ჩვენ არათუ ოდესმე წინააღმდეგობა არ გაგვიწევია თქვენთვის (ნუმც იყოფინ!), არამედ, პირიქით, პროპაგანდასაც კი ვუწევდით თქვენს ნაშრომებს. აქ კიდევ ერთხელ წარმოჩინდება ის დასანანი ფაქტი, რომ თქვენ აბსოლუტურად არ ეცნობით ჩვენს გამოცემებს, ამიტომაც, შეგახსენებტ, რომ ჩვენი გაზეთის, "მართლმადიდებლის" პირველ ნომერში, პირველსავე გვერდზე, სათაურით: "რომელია ჭეშმარიტი ეკლესია", დავბეჭდეთ ნაწყვეტი თქვენი წიგნიდან "რა უნდა ვაკეთოთ".

მე-2 ნომერში სტატიაში "ისმინეთ უნათლავნო და შეძრწუნდით", ასევე გამოყენებულია მთელი რიგი ადგილები თქვენი წიგნიდან.

მე-3 ნომერში მოთავსებულია თქვენი ეკლესიური ღვაწლისა და ბიოგრაფიის ამსახველი საკმაოდ ვრცელი სტატია სათაურით: "აღსდექ ლაზარე!" (ავტ. ელენე რუსიაშვილი).

მე-4 ნომერში დაბეჭდილი თქვენი სტატია: "შური, მზვაობრობა და უმეცრება!". ასევე თქვენი მოკლე პოეტური ფორმით შექმნილი შეგონება "ასეა უფალო!".

მე-6 ნომერშია თქვენი წერილი: "წარსაწყმედად უმთავრესს თვალი ვინ მოუხუჭა?!"

მე-7 ნომერში წვერის შესახებ განთავსებულია მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწყვეტი თქვენი წიგნიდან, რაც წინასიტყვაობის მაგიერ წავუმძღვანე ჩემს წერილს "თქვენი სინდისისა გრცხვენოდეთ!".

ყველა ამ პუბლიკაციაში ლაპარაკია ნათლისღებაზე, სწორ საკურთხეველზე და სხვა ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე, რომელთაც თქვენ ერს უქადაგებთ. მაშ, როგორღა გვაბრალებთ, თითქოსდა ჩვენ თქვენს მოღვაწეობას და მამხილებელ ქადაგებებს "ტაბუს" ვადებთ? პირიქით, განა ნათლად არ ჩანს, რომ პოპულარიზაციას ვუწევთ თქვენს თხზულებებსა და ქადაგებებს?

თქვენს ზოგიერთ კერძო შეხედულებას ჩვენ არ ვეთანხმებით, მაგრამ ამას თქვენი ავტორიტეტის დასაკნინებლად კი არ ვაკეთებთ, მეტიც, თქვენს უფლებას, გამოთქვათ კერძო შეხედულება (თუ ის რომელიმე დოგმატური სწავლების საწინააღმდეგო არ არის), არც ვეხებით, ამიტომაც გთხოვთ, ეჭვების საფუძველზე რისხვას ნუ დაგვატეხავთ თავზე. მით უმეტეს, რომ თქვენი თხზულებების გამოქვეყნებას მომავალში ვაპირებთ.


"საჯარო მკურნალობანი" თუ არასწორად გამოყენებული კანონები?!

თქვენი მომდევნო პრეტენზიები ჩვენს მიმართ ეხება სასულიერო პირის საჯარო მკურნალობის საკითხს და ბრალს გვდებთ თითქოსდა:

1) ჩვენ ჩავუარეთ სახარებისეულ კანონს, რომლის მიხედვითაც "თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძანია შენი ძმა, ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი, ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის როგორც წარმართი და მებაჟე" (მათე 18:15-17). "თქვენ კი კანონს ჩაუარეთო, - გვსაყვედურობთ და განაგრძობთ, - ვინც ამ კანონს ჩაუვლის და ამრიგად ეცდება ძმის საქვეყნო მხილებას, წმიდა მამები ამგვარ საქციელს თვლიან საჯარო მკურნალობად, რომელიც ნიშნავს ძაგებას და გმობას (ისააკ ასურელი).

2) თქვენ, ერისკაცმა და სასულიერო პირმა, მე საჯარო მკურნალობა ჩამიტარეთ, რის გამოც კანონი ამგვარ სასჯელს ითხოვს: "არა აქვს უფლება ერისკაცს საყვედური თქვას მღვდელზე ან აუკრძალოს რამე, ან აძაგოს - ძვირი თქვას, ანუ ცილისწამოს, ან პირისპირ ამხილოს, გნებავთ სიმართლე ჰქონდეს. და თუკი ამდაგვარი რამ გაბედოს ერისკაცმა, დე იყოს წყეულ და გაგდებულ ეკლესიიდან; განყენებულ იქნას წმიდა სამებიდან და გაგზავნილ იქნას იუდას სამყოფელში, რამეთუ წერილ არს: "შენი ხალხის მთავრის მიმართ ძვირს ნუ იტყვი" (ნომოკანონი 121). ხოლო თუ სასულიერო პირი სასულიერო პირს აუმხედრდება, კანონი ამგვარ სასჯელს ითხოვს:

3) "თუ ვინმე მღვდელი თავისი ეპისკოპოსის წინააღმდეგ ამხედრებული განხეთქილებას აწყობდეს, შეჩვენებულ იყოს" (კართაგენის კრების 10-ე კანონი). არ იფიქროთ, - წერთ თქვენ, - ეს კანონი ეპისკოპოსს არ მიუდგეს, როცა იგი თავის მწყემსმთავარს აუმხედრდება. იხილეთ მეორე კანონი სასულიერო პირთათვის. აქ კი ეს კანონი ყველა ჩვენთაგანისთვის ნათლად მოისაზრება.

4) "თუ ვინმე სასულიერო პირი ან მონაზონი მხილებულ იქნეს შეფიცვასა და შეთქმულებაში, ან თუ დროს ურჩევენ ეპისკოპოსს ან სხვა სასულიერო პირს ვისმე, აეყაროს მათ ხარისხი" (IV მსოფლ. კრება კანონი 18).
ან ვისთვის დაიწერა ეს კანონი?

5) "თუ ეპისკოპოსს ბრალი დასდონ ღირსეულმა ადამიანებმა, რაიმე საქმის გამო, ის უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ მივა და აღიარებს, რაშიც ბრალი ედება, განუსაზღვრონ მას ეპითიმია. მაგრამ თუ გამოიძახებენ და არ დაემორჩილება, გაუგზავნონ ორი ეპისკოპოსი და ხელახლა დაიბარონ, თუ მაშინაც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ ორი ეპისკოპოსი და კვლავ მოიხმონ" – (მოციქულთა 74).

თქვენ კი რა მოიმოქმედეთ, - კითხულობთ თქვენ და თვითონვე პასუხობთ, - ჩასაფრებულად, მტრულად, ყოველგვარი სამჯერ გაფრთხილებისა კი არა, საერთოდ ინკოგნიტოდ დაბეჭდეთ ეს განცხადება და მეორე დღეს ხელში ჩამჩარეთ გაზეთი, როგორც დამარცხებული ლაშქრის ბელადს".

სარდიკიის კრების მე-19 (20) კანონის შესახებ ქვემოთ მე განსაკუთრებულად ვისაუბრებ, აქ კი აღვნიშნავ, რომ არც ეს კანონი, არც სახარების დამოწმებული ადგილი და არც მოციქულთა 74-ე კანონი, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ იყენებთ, მე არ მეხება! შევეცდები აგიხსნათ რატომ. დავიწყოთ სახარებიდან.

მათეს სახარება 18:15-17. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ გვერდი ავუქციეთ სახარების (მათე 18:15-17) კანონს, და საქვეყნოდ გამხილეთ, ოღონდაც ჩვენთვის დღემდე გაურკვეველია თუ რით გამოიხატება ეს მხილება?! ამის პასუხს ვერც თქვენ გვაძლევთ! სახარება მხილების ისეთ შემთხვევას გადმოგვცემს, როდესაც ძმა შესცოდავს, მაგრამ განა ჩვენს განცხადებაში სადმე წერია თქვენი რომელიმე შეცოდების შესახებ? თუ არ წერია, მაშინ სახარების ეს კანონი ჩვენ არ დაგვირღვევია და ამიტომაც, "საჯროდ მკურნალებსაც" ვერ გვიწოდებთ.

ნომოკანონის 121-ე განაწესი. ჩვენ არც ნომოკანონის 121-ე განაწესი გვეხება, რადგან აქ ლაპარაკია საყვედურზე, აკრძალვაზე, ძაგებაზე, ძვირის თქმაზე, ცილისწამებაზე და მხილებაზე. ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებებია, ამიტომაც უნდა მიგვითითოთ, ჩვენს განცხადებაში სად წერია თქვენი ცილისმწამებელი, მაძაგებელი და მამხილებელი სიტყვები. რაც შეეხება აკრძალვას, ამ ბრალდების უსაფუძვლობაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ და აქ აღარ შევჩერდები.

კართაგენის მე-10 კანონი. ამაზე უფრო მძიმე ბრალდებაა ჩემდამი კართაგენის მე-10 კანონის მოყენება, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ეპისკოპოსის წინააღმდეგ ამხედრებაზე და განხეთქილების მოწყობაზე. ამგვარ ბრალდებას დამტკიცება სჭირდება მოწმეთა გამოკითხვისა და კრებაზე განხილვის ჩათვლით. იგივე ითქმის შეფუცვაზე და შეთქმულებაზეც, რომლის შესახებაც მსჯელობს IV მსოფლიო კრების მე-18 კანონი.


შეფიცვისა და შეთქმულებისთვის

შეფიცვად (რუს. Соумышление) იწოდება რამდენიმე პიროვნების თათბირი ვიღაცის წინააღმდეგ, როდესაც ჰფიცავენ ერთურთს არ შეეშვან თავიანთ უადგილო ღონისძიებას მანამ, სანამ მას სისრულეში არ მოიყვანენ. ასეთ ქმედებაზე გვამცნობს ღვთაებრივი ლუკა მახარობელი "მოციქულთა საქმეებში", სადაც წერს, რომ "ჰყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაი, შეჩუენებულ ყვნეს თავნი თვისნი და თქუეს არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე" (საქმე 23:12) (ზონარა).

ასეთ უმძიმეს ბრალდებას რომ გვიყენებთ, როდის გამოიძიეთ, ვინ გამოკითხეთ და როგორ დაადგინეთ, რომ მე სადმე, ოდესმე შევუთანხმდი ერთ ან რამდენიმე პიროვნებას თქვენს წინააღმდეგ?

შეთქმულება (რუსულ "კორმჩაიაშია" Скопище) - ეს არის რამდენიმე ადამიანის ბოროტგანზრახვითი შეთანხმება ბოროტ საქმეთა საქმნელად (იქვე). რომელი ბოროტი საქმე განვიზრახე და ვის შევუთანხმდი მის აღსასრულებლად?!

წარმოდგენილი ბრალდებები იმდენად მძიმეა, რომ სარდიკიის მე-19 (20) კანონის თანახმად, "ნამდვილად შეურაცხყოფს მღვდლის პატიოსან სახელს", ამიტომაც, მათი დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაძლოა თავად ბრალმდებლის დასჯა (იხ. II მსოფლ. კრების 6-ე კანონი. უფრო დეტალურად კი ჩვენი წერილის I ნაწილი).

რადგანაც თუ შესაძლებელია ის, რომ ზ. ნოდიას ემოციური და იმპულსიური ქმედებები, სიტყვები და მოსაზრებები, რომელმაც თქვენი გულისწყრომა გამოიწვია (აქ არ ვგულისხმობ "რეზონანსში" დაბეჭდილ განცხადებას), ავტომატურად მომაწეროთ და ასე ვთქვათ, "საქმე" მომაკეროთ, იგივეს გაკეთება შემიძლია მეც, რამეთუ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ მთელი რიგი მოსაზრებების გამო, რომელთაც ქვემოთ შევეხები, განზრახული გაქვთ, უკეთეს შემთხვევაში, ჩემი დამორჩილება თქვენი იმ იდეების ადა შეხედულებებისადმი, რომელთაც მე არ ვიზიარებ და, რომელთა აყვანა გსურთ ზოგადსაეკლესიო სწავლებისა და პოლიტიკის რაგნში; ხოლო უარეს შემთხვევაში (თუ მე თქვენს შეხედულებებსა და პოლიტიკას არ დავეთანხმები), არნახული და უმძიმესი ბრალდებების წამოყენებით მრევლში შექმნათ ჩემი, როგორც თქვენი პირადი და ეკლესიის მტრის ხატი, რომელიც მოცილებულ უნდა იქნეს.

ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ ჩემს წინააღმდეგ უფრო მეტი ადამიანია შეკრული და შეთქმული, ვიდრე ჩვენ ორნი (მე და ზ. ნოდია), რომლებიც უნდა დაისაჯონ თავიანთი გაბედული განცხადებისთვის, რომელიც არ ეთანხმება თქვენს პირად პოზიციას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგებიან ზოგადსაეკლესიო სწავლებებს.

პატრ. თეოდორ ბალსამონი ბრძანებს, რომ შეთქმულებისთვის ისჯება არა მხოლოდ ის მღვდელმსახური, ვინც ბოროტს განიზრახავს სხვა მღვდელმსახურის წინააღმდეგ, არამედ "მსგავს სასჯელს (პატივის აყრას - ეპ. პ.) დაექვემდებარება ის მღვდელმსახურიც, რომელიც ამდაგვარ რამეს მოიმოქმედებს ერისკაცის წინააღმდეგ" (IV:18. ბალსამონი).

მოციქულთა 74-ე კანონი. თქვენ გვეკითხებით თუ ვისთვის დაიწერა მოციქულთა 74-ე კანონი და ჩვენს საყურადღებოდ სრულად იმოწმებთ მის ტექსტს, სადაც, სხვათა შორის, ცხადად წერია: "თუ ეპისკოპოსს ბრალი დასდონ ღირსეულმა ადამიანებმა რაიმე საქმის გამო", "... სამჯერ უნდა გამოიძახონ და თუკი არ გამოცხადდება, შემდეგ განსაჯონ", და საყვედურებით აგრძელებთ: "თქვენ კი რა მოიმოქმედეთ? ჩასაფრებულად, მტრულად, ყოველგვარი სამჯერ გაფრთხილებისა კი არა, საერთოდ ინკოგნიტოდ დაბეჭდეთ ეს განცხადება და მეორე დღეს ხელში ჩამჩარეთ გაზეთი, როგორც დამარცხებული ლაშქრის ბელადს".

მოციქულთა 74-ე კანონის გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ სრულიად გამოუსადეგარია, რადგან აქ ლაპარაკია ბრალდებაზე ("თუ ეპისკოპოსს ბრალი დასდონ"). ჩვენს განცხადებაში კი თქვენს მიმართ არ არის არავითარი ბრალდება!!! აქედან, ამ კანონის პროცესუალური მხარის ვითომცდა დარღვევა არანაირად არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრალდებად ჩვენს წინააღმდეგ. მეტიც, მოციქულთა 74-ე კანონი გეხებათ თქვენ, რომელიც ნამდვილად დაარღვიეთ როდესაც მოიწვიეთ რა საეკლესიო კრება არათუ სამი, ერთი გაფრთხილების გარეშეც კი უმძიმესი ბრალდებები წამომიყენეთ და პრაქტიკულად თავის მართლებისა და აპელაციის შესაძლებლობაც კი არ მომეცით და უპირობო ულტიმატუმით დაუყოვნებლივ ბოდიშის მოხდა მომთხოვეთ. ამ უმძიმესი დარღვევის შესახებ მე წინამდებარე ჩემი წერილის I ნაწილში უკვე გესაუბრეთ და ამჯერად თავს არ შეგაწყენთ.

ამრიგად, როგორც ხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი ბრალდება და კანონი არ ასახავს რეალურ სინამდვილეს. მაგრამ, ვფიქრობ, ამ თემაზე საკმაოდ ითქვა, ამიტომაც, თქვენეული სქემის მომდევნო ნაწილზე გადავიდეთ, რომელსაც თქვენ "სტატიის დაწერის მოტივები" უწოდეთ.


"იკონომიები" თუ ტყუილები?

ამ ნაწილში თქვენი ეჭვები ჩემს მიმართ და აქედან გამომდინარე ემოციური დასკვნები თავის აპოგეას აღწევს. თქვენ ცდილობთ "გახსნათ" ჩემი ქმედების მიზეზები და წერთ:

"ახლა გავარკვიოთ სტატიის დაწერის მოტივები. იყო თუ არა მეუფე პავლეს ქმედება ამპარტავნების ვნებით ნასაზრდოები, რამეთუ ზონარას განმარტებაში ნათქვამია: "თუ ვინმე მრავალთა მიერ მოწონებულისა და დადგენილის საწინააღმდეგოდ (იგულისხმებია რჯულისკანონი) რაიმეს ჩაიდენს ამპარტავნებითა და ცუდმედიდობით და არა ღვთის სათნოყოფის მიზნით... მიეცემა პასუხისგებაში,როგორც დამნაშავე და კარგავს ღირსებას ანუ ეპისკოპოსის პატივი აეყრება" (სარდიკიის 21-ე კანონი, ზონარას განმარტება).

"სინამდვილის ნათელსაყოფად, - აგრძელებთ თქვენ, - კვლავ ჩავატაროთ მიზან-შედეგობრივი ანალიზი. სტატიის დაწერის მიზანი ერთია: მეუფე პავლე ამით აცხადებს, რომ არ ენდოთ პირველ იერარქს, არამედ მე მენდეთო, და შედეგიც ცალსახად ერთია - უნდობლობის დათესვა როგორც მრევლში, ასევე ერში და ხიბლიანი პირველიერარქის პორტრეტის შექმნა. ყოველივე ზემოთთქმულიდან ნათლად გამოსჭვივის თუ რატომ დაიწერა სიცრუით სავსე ეს სტატია. იმ სიცრუით, რომელიც ასე აშკარად ემსახურება ჩემი ღირსების შელახვას და მეუფე პავლეს მაღალსულიერების წარმოჩინებას. სიცრუით, რომელიც ლამაზ შუქ-ჩრდილში ხატავს ეპისკოპოს პავლეს მესიანისტურ (? - ეპ. პ.) ღვაწლს, რომელიც ცდილობს მრავალგზისი შეგონებით "მომიყვანოს ჭკუაზე", "გადამარჩინოს მე და ეკლესია". მაგრამ, მიუხედავად მისი "კეთილშობილური" განზრახვისა, ჩემი გადარჩენა აღემატება წერილის ავტორის შესაძლებლობებს, რამეთუ ახლაც და უწინაც არაერთგზის ცდილხართ თურმე ჩემს გაფრთხილებას და წინააღმდეგობაც გაგიწევიათ, მაგრამ ვერაფერი შემასმინეთ და ისღა დაგრჩენიათ, რომ ამ საშიში, ხიბლიანი, თვითდაჯერებული, უმართავი ადამიანისგან იხსნათ მრევლიცა და ერიც. თქვენი მიზანიმიმართული სიცრუეები იმ პალიტრად არის გამოყენებული, რომლითაც ვითომ შთამბეჭდავ ავტოპორტრეტს ქმნით. თითქოს თქვენ იყოთ მხოლოდ რჯულისმიერი მოძღვარი, სიმართლის რაინდი, მეჭველი, გულშემატკივარი, მოყვასისთვის თავდადებული და ერთგული, კეთილი მწყემსი. თქვენი სიცრუეები ილუზორული სინამდვილის წარმოსახვას ემსახურება, რათა არარსებულის არსებობაში დააჯეროთ მკითხველი, რომ მე შეურაცხადი, ეკლესიის წიაღიდან გარიყული, ცალკე ვდგავარ და სამწყსო კი ცალკეა. ამასთან, ჩემს ხმას კი არ უგდებს ხმას, არამედ თქვენ მოგყვებათ. ამრიგად, აშკარაა, რომ სიცრუის მამით ნაკარნახები ყველა თქვენი სვლა გათვლილია იმაზე, რომ ჩემი საეპისკოპოსო ღირსება და პატივი დააკნინოთ და საკუთარი კი აღმაღლოთ. თვითაღზევება, თვითრეკლამა, თვითდამკვიდრების ერთადერთი ხერხია თქვენს შემთხვევაში, რათა თუნდაც სიცრუის გზით შეძლოთ ჩემი ჩამოშორება და ეკლესიის საჭეთმპყრობელის პატივის დასაკუთრება. ამიტომა არ თაკილობთ არც სიცრუეს, აც გამოუვალი მდგომარეობის დახატვას ("გემი მეჩეჩზეა"), რათა მერე ჩემს მაგივრად საკუთარი თავი შესთავაზოთ სამწყსოს და იქცეთ ერთადერთ, უალტერნატივო მწყემსად. ამდენად, ამპარტავნებით ნაკარნახევი ეს ამბიციურობა უთვალსაჩინოესად გამოსჭვივის მთელი სტატიიდან, რომელსაც თქვენ ხელს აწერთ. აქედან გამომდინარე, პუნქტობრივად წარმოდგენილი ზემოთხსენებული კანონი ადეკვატურად ასახავს თქვენს დანაშაულს და ღირსეულ სასჯელსაც გიმზადებთ".

სასჯელებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, ჯერჯერობით კი ამ დამოწმებული მონაკვეთის სულისკვეთებას დავაკვირდეთ. მკითხველი ადვილად შენიშნავს, თუ როგორ წითელ ზოლად გასდევს თქვენს წერილს მცდელობა, როგორმე დახატოთ ჩემი, როგორც მკვეთრად უარყოფითი და ბოროტი ადამიანის ხატი. სამწუხაროა, რომ ამისთვის, თქვენ, ეპისკოპოსი, ეკლესიის მწყემსი, არ ერიდებით აკრძალულ ხერხებსაც კი. მიზანმიმართულად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ოდენ საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე (რაც, როგორც უკვე ვთქვი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს საეკლესიო ბრალდებათა და სასამართლო განჩინების საფუძველი) მლანძღავთ, მიწოდებთ ცრუს, ცილისმწამებელს, თვალთმაქცს, თავხედს, ბოროტს, შეთქმულების მომწყობს და ა. შ. არც კი ფიქრობთ ამ შეურაცხმყოფელ და დაუმტკიცებელ ბრალდებათა სიმძიმეზე და შეურაცხყოფთ თქვენს სულიერ მოძღვარს. ერთის მხრივ, მიმტკიცებტ, რომ გაქვთ უდიდესი პატივისცეამ და სიყვარული ჩემდამი, მეორე მხრივ კი ასეთ შეურაცხყოფას მაყენებთ.

ჩვენი დასჯის გამო წერთ: "ესეც თქვენი საქციელის ტოლფასოვანი სასჯელი-საზღაური. უგულობას დამაბრალებთ? აი, ჩემს მიერ თქვენზე გამეტებული იკონომია:

პირველი კანონის დამრღვევს (იგულისხმება მათეს სახარება 18:15-17 - ეპ. პ.) ეკუთვნოდა რა დანაშაულისადმი (sic! - ეპ. პ.) განკვეთა და სამების მოწყვეტა (sic! – ეპ. პ.), ეს კანონი მე მოქმედებაში არ მოვიყვანე.

მეორე კანონი - თუკი სასულიერო პირს შეთქმულებაში ან ეპისკოპოსის ჩასაფრებაში ედება ბრალი, რის გამოც ის სასულიერო ხარისხს კარგავს. მე ეს კანონი მოქმედებაში არ მოვიყვანე.

მესამე კანონი: თუკი მღვდელი განხეთქილებას უწყობდეს ეპისკოპოსს, ანათემის ქვეშ მიდის. მე ეს კანონიც შევაჩერე.

მეოთხე კანონი: სარდიკიის 20 (21)-ე კანონით პატივი აეყრება ეპისკოპოსს, მე ეს კანონიც შევაჩერე.

მეხუთე კანონი: როცა ბერი თავის იღუმენს შეურაცხყოფს, წყეულია, მაგრამ მონანიების შემთხვევაში ერთი წლით განესაზღვრება ეპიტიმია, თანაც 1800 თაყვანი დღეში.

მეექვსე კანონი მოგიყენეთ მოძღვარზე, მწყემსმთავარზე ამხედრების გამო.

როცა მოიტანეთ მონანიება, მე ამ ბოლო კანონით განვსაზღვრე თქვენი დასჯა".

ჯერ ერთი, როგორც ზემოთ ვნახეთ, არც ერთ ამ კანონთა დარღვევაში ბრალი არ მიმიძღვის. სარდიკიის 19 (20)-ე კანონზე, როგორც უკვე შეგპირდით, მე განსაკუთრებული ხაზგასმით და დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებ, ამიტომაც, თქვენი "იკონომიები" უბრალოდ ღიმილს იწვევს.

და მეორეც: ცრუობთ, როცა ამბობთ, რომ გამოგიჩენიათ მოწყალება და "იკონომიები" გაგიწევიათ ჩვენთვის; ეს იმიტომ, რომ ზემოხსენებულ კრებაზე, როგორც ეს წერილის I ნაწილში აღვნიშნე, თქვენი ბრალდებების დამადასტურებელი ვერც ერთი მოწმე და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ გვიჩვენეთ. ჩემმა ფოთელმა სულიერმა შვილმა (ეროვნებით რუსმა) სერგიმ წამოგიყენათ მოთხოვნა, დაგემტკიცებინათ თქვენი ბრალდებები და ჩვენი სიმტყუვნე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვერ დაამტკიცებდით ჩემს ბრალეულობას II მსოფლიო კრების 6-ე კანონისა და სხვა კანონების საფუძველზე თავადვე დაექვემდებარებოდით იმავე სასჯელს, რაც მე განმიწესეთ (ანუ აიკრძალებოდით 1 წლით და დაგეკისრებოდათ 1800 ყოველდღიური მეტანია). ვითარების ასეთმა შემობრუნებამ დაგაბნიათ და გაიძულათ გადაწყვეტილება ჩემი 1 წლით აკრძალვის შესახებ 3 თვით, მომდევნო საეკლესიო კრების მოწვევამდე გადაგედოთ.

ასე, რომ თქვენგან ჩვენდამი გამეტებულ სასჯელს თქვენი მოწყალების გამო კი არა, ჩემი სულიერი შვილის, სერგის სამართლიანი მოთხოვნის გამო არ დავექვემდებარეთ!

ზ. ნოდიასგან განსხვავებით, რომელსაც თქვენი ერთი სიტყვისაც კი არ სჯერა, მე მაინც უკეთესისკენ მოვიდრიკები და კიდევ ერთხელ განვიმსჭვალები თქვენდამი ნდობით და, რაკიღა ეს წერილი ჩვენი შერიგების შემდეგ შეცდომათა გათვალისწინების მიზნით იწერება, უკეთესი ურთიერთობებისა და მომავლის იმედით აღვივსები.

ამის შემდეგ ნაწილობრივ შევეხები თქვენი სქემის მე-4 ნაწილს, რომლის I ნაწილი ეხება ხიბლის საკითხებს, ხოლო II ნაწილში ასეთ მსჯელობას გვთავაზობთ:

"გამაოგნებელია ჩვენდამი მოწერილი თქვენი "უდანაშაულობის მამტკიცებელი" ბოლო ბარათი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკლესიისა და მრევლის წინაშე ამ სამი თვის განმავლობაში არაერთგზის აღიარეთ თავი დამნაშავედ. ამასწინანდელი თქვენი სიტყვებიდანაც ირკვევა, რომ ეს სინანული ცრუ ყოფილა, დროის დახანება დაგჭირდათ უკეთესი თავდაცვითი სტრატეგიის შესამუშავებლად. ცხადია, ამით აღიარეთ, რომ ამჯერადაც შეგნებულად იცრუეთ ეპისკოპოსი ატყუებსო მრევლს, ეკლესიას, უფალს, იქნებ ცრუ სინანულით ფიქრობდით გული მოგელბოთ ჩემთვის, რათა საერთოდ გამეუქმებინა სასჯელი.

როდესაც მონაზონი ეურჩება და განიკითხავს თავის იღუმენს, იგი ანათემის ღირსია, მაგრამ თუ სინანულს მოიტანს, მაშინ ასეთი ეპიტიმია განესაზღვრება: ერთი წლით მღვდელმსახურების აკრძალვა და 1800 მეტანია ყოველდღიურად. იხ. ნომოკანონი "მონაზვნებზე და იღუმენებზე", კანონი 128-ე) (აქ მინდა გკითხოთ, მონაზონს რანაირად უნდა აუკრძალონ მღვდელმსახურება, როდესაც მას ამისი უფლება საერთოდ არა აქვს? ასეთი ლაფსუსი თქვენს მტკიცებულებაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ თქვენ მონაზვნებისთვის განკუთვნილი განჩინება მიუყენეთ ეპისკოპოსს და მით კანონის თვითნებური გადაკეთებით მისი ჭეშმარიტი აზრი დაამახიინჯეთ - ეპ. პ.).

მე კი სასჯელის უმცირესი ხარისხი მოგისადაგეთ და ისიც ოთხჯერ შემცირებული, მაგრამ ამის მიღებაც არ გინდოდათ. თუ არ დაგსჯიდნენ, მაშინ მობოდიშებასა და ცრუ სინანულს დასჯერდებოდით. ხოლო, თუ დაგსჯიდნენ, მაშინ თქვენს გულში ამ ცრუ სინანულისთვისაც კი არ დაგრჩებოდათ ადგილი.

ფაქტი ჯიუტია, ჩინის შენარჩუნებისთვის, ამ შემთხვევაშიც ატყუებთ ღმერთს (? - ეპ. პ.) და დაგავიწყდათ, რომ ეპისკოპოსის ბაგე იგივე ქრისტეს ბაგეა".

თუ რა ვითარებით იყო გამოწვეული ჩემი "სინანული", წერილის I ნაწილში ავხსენი, აქ კი მოკლედ შეგახსენებთ, - უპირობო ულტიმატუმის პირობებში, როდესაც ფეხქვეშ ითელებოდა ჩემი გამამართლებელი ყველა კანონი, საკუთარი პოზიციის დაცვით ეკლესია დადგებოდა განხეთქილების ფაქტის წინაშე, რაც ფაქტობრივად, მოხდა კიდეც, მაგრამ კიდევ ერთმა თხოვნამ დამეთმო ეკლესიის ერთობის შენარჩუნებისათვის, გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. სხვათა შორის, მაშინ ისიც შემახსენეს, რომ ჩემი სასულიერო პატივის შენარჩუნება არ შეიძლება ეკლესიის ერთობაზე მაღლა იდგეს. მე დავთმე კიდეც იმ იმედით, რომ თქვენს მიერ შექმნილი ცაიტნოტიდან თავდაღწევის შემდეგ მომეცემოდა ახსნა-განმარტების შესაძლებლობა, მაგრამ შევცდი. ასეთი შესაძლებლობა მაშინ არ მომეცით, ამიტომაც, ჩემი უფლებების მტკიცე დაცვა გადავწყვიტე. დიახ! სწორედაც რომ "დიდი სჯულისკანონით" მონიჭებული უფლებებისა და არა "ჩინისა", როგორც თქვენ ამტკიცებთ.

სხვათა შორის, ეკლესიის ისტორიაში არსებობს ანალოგი, როდესაც მართალი ეპისკოპოსი ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, ულტიმატუმები წაუყენეს, თავის მართლების საშუალება არ მისცეს და დასამხობად ყაჩაღურ კრებაზეც კი იხმეს. მაგრამ ეს ეპისკოპოსი თავიდანვე არ დაემორჩილა ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს. მას სამჯერ უხმეს ამ კრებაზე, მაგრამ ის არც ერთხელ არ ეახლა საკრებულოს. მაშინ მას პატივის აყრა, კათედრიდან გაძევება და გადასახლება მიუსაჯეს. ამ ეპისკოპოსს მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა და მათაც თავიანთი საყვარელი მოძღვრის დაცვა არ დაახანეს. შეიქმნა უსამართლობის მომხრეთა და სამართლიანი ეპისკოპოსის სულიერ შვილთა შეტაკებისა და განხეთქილების საფრთხე. მაშინ კი, ოღონდაც განხეთქილება არ მომხდარიყო, ეპისკოპოსმა დათმო და დაემორჩილა მასზედ განწესებულ უკანონო სასჯელს. "მომეცით წასვლის საშუალება, - უთხრა მან თავის ერთგულთ - მოვალე ვარ, ვმორჩილებდე იმპერატორს; ჩემს გამო ჩემი ხალხის ერთი წვეთი სისხლიც კი არ უნდა დაიღვაროს. ჩემს საქმეს კი მომავალ საეკლესიო კრებას ვანდობ". მას პატივი აჰყარეს, კათედრა ჩამოართვეს და გაასახლეს. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, მისი გადასახლების მეორე დღესვე მოხდა მიწისძვრა და შიშით დაფეთებული იმპერატრიცას ბრძანებით უდანაშაულოდ განკითხული კვლავ გაამართლეს. ეპისკოპოსი შინ დააბრუნეს. "დაუბრუნეს" ისიც (ანუ სამღვდლო პატივი), რაც ღმერთს, მათი უსამართლო გადაწყვეტილების გამო, არც არასოდეს წაურთმევია მისთვის; შემდეგ ეს ეპისკოპოსი კვლავ გაასამართლეს და ბრალდებად პირველი მორჩილება და გასახლება წაუყენეს... სწორედ ამ ეპისკოპოსს ეკუთვნის სიტყვები, რომელსა მე არასოდეს დავივიწყებ და მის დამახსოვრებას სხვათაც ვურჩევ. მან თქვა:

"ამ ხალხს ჩემი დამხობა სურს, მაგრამ არცთუ ადვილად მიაღწევენ ამას. მე ვუფრთხილდები ჩემს საეპისკოპოსი კათედრას, რამეთუ თვით ღმერთმა მიბოძა ის მე" ("ხოლო თუ იმპერატორი ძალას გამოიყენებს და გამაგდებს, სწორედ ეს ძალდატანება იქნებაო ჩემი გამართლება ზეცის წინაშე"). მართალი ეპისკოპოსი, რომელსაც ასე უსამართლოდ მოექცნენ, არის მართლმადიდებლობის სვეტი, უსაყვარლესი და მისაბაძი მოძღვარი, წმ. პავლე მოციქულის ბაგე - წმ. იოანე ოქროპირი! (იხ. "Крестный путь Иоанна Златоуста. Сост. И общ. Редакция О. В. Орловой. Изд. "Рарог". Москва. 1996 г7., стр. 147).

"ღმერთს ატყუებო", ცილს მწამებთ, როდესაც ჩემდამი მოწერილი წერილი უამრავი ტყუილით, საქმის არასწორი ინტერპრეტაციებითა და ცდომილებებით გაქვთ სავსე.

"ჰე, ჩემო დაბნეულო შვილებო, - წერთ თქვენ, - სხვის თვალებში ბეწვს რომ დაეძებთ, საკუთარი თვალებიდან თუ განირიდეთ დირე? მადლი მიაგეთ უფალს, რომ სამებას არ მოგწყვიტეთ და შეგინარჩუნეთ ეკლესიაში დასჯილთა სადგომი".

"თუმცა, თქვენი ჩადენილი მტრობის გამო შემეძლო სამებასაც მომეწყვიტეთ, მე თქვენ ნებას გრთავთ იყოთ ეკლესიის დასჯილი წევრები და მხოლოდ მონაწილეობის მიხედვით განგესაზღვროთ ზიარების მიღების უფლება. განაჩენი ჭეშმარიტია და ღვთიურ კანონებს დაქვემდებარებული" (? - ეპ. პ.).

"თუ ამ სასჯელს არ მიიღებთ, მაშინ სამებისგანაც მოწყვეტილნი იქნებით. ხოლო თუ მე ამ ფაქტს ეპითიმიის გარეშე დავტოვებ, მაშინ კანონი უფლისა თვითონ დამსჯის".

"სამებას მოგწყვიტავო" მემუქრებით და დარწმუნებული ხართ, ღმერთი ასე ჰაიჰარად "გამოძიებულ" საქმეში მხარს დაგიჭერთ და დაუმტკციებელი ბრალდებების გამო ერთგულ ეპისკოპოსებზე პატივს აგაყრევინებთ. სამებას ვერავის მოსწყვეტთ, რამეთუ: ასეთ აქტს ერთი ეპისკოპოსი კი არ აღასრულებს ერთპიროვნულად, არამედ საეკლესიო კრება წყვეტს! ასევე ეპისკოპოსს არავინ უწოდებს ქრისტეს ბაგეს! თვით წმ. იოანე ოქროპირსაც კი წმ. ეკლესია პირდაპირ არ უწოდებს "ქრისტეს ბაგეს", არამედ "პავლეს ბაგეს" უწოდებს. ქრისტეს ბაგედ შეიძლება იწოდონ მხოლოდ რჩეული წმინდანები და არა ყოველი ეპისკოპოსი.

და კიდევ, უსამართლო სასჯელს ღმერთი არ კრავს და, როგორც კი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თავადვე მოსწყდებით სამების ნაწილს, რამეთუ, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, თქვენი არც ერთი ბრალდება დასაბუთებული და დამტკციებული არ არის საღვთო სჯულისკანონის მიხედვით და ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ კერძო, პირად შეხედულებებს, ემოციებს და არასწორ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ განმარტებებს.

მთელი ამ სიტუაციიდან თქვენთვის გაუგებარი დარჩენილა ერთი გარემოებაც, კერძოდ, თქვენ წერთ:

"თქვენ მკაცრად შენიშნავთ: თუ სინანულს არ მოიტანს იაკობი (ზ. ნოდია - ეპ. პ.), ეკლესიიდან განვკვეთო. გეკითხებით, მას თუ მართებს სინანულის მოტანა, სულიერი შვილის მსჯავრმდებელი თქვენი შინაგანი ხმა ნუთუ თქვენ არ გამხელთ? დაუჯერებელია, რომ იგი უდანაშაულოდ მიიჩნევდეს შეთქმულების იდეურ ორგანიზატორს, ხოლო აგიტატორს, ანუ უბრალო აღმსრულებელს - დამნაშავედ. განა თქვენ არ დართეთ მას ნება (? - ეპ. პ.) - პირველიერარქი განექიქებინა (? - ეპ. პ.), რითაც უბიძგეთ არარჯულიერი ქმედებისკენ, რამეთუ რჯულით მას არ ჰქონდა ეპისკოპოსის განკიცხვის უფლება. ფაქტი ჯიუტია, თქვენ არამარტო ხელ-ფეხს უხსნით ურჯულოების აღსასრულებლად (? - ეპ. პ.) თქვენს სულიერ შვილს, არამედ თანაზიარად და თანამზრახველად იხდით ყველა იიმ სიცრუესა და ცილისწამებაში, რომლითაც სავსეა ეს პასკვილი. ნუთუ ყოველივე ამის შემდეგაც თქვენი შინაგანი ხმა გიმტკიცებთ, რომ უდანაშაულო და უბიწო ბრძანდებით, რომ არაფერი იცით თქვენი სინდისის მაკომპრომეტირებელ გულისთქმათა დონეზეც კი? ნუთუ ეს ხმა მსჯავრს არ დასდებს მხედართმთავარს შეგნებული დანაშაულისთვის, ხოლო უბრალო რიგითს დასჯის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მშვენივრად უწყის, რომ იაკობის (ზ. ნოდიას - ეპ . პ.) მრევლის "დამოძღვრას" წინ უსწრებდა (? - ეპ. პ.) განხეთქილებისა და უნდობლობის მთესველი მთელი სტატია".

როდესაც ზემო ხსენებული მიზეზების გამო თავი დავხარე და თქვენს ულტიმატუმს დავმორჩილდი, ცხადია, მივიჩნიე, რომ ჩემი სულიერი შვილიც ამავე გზას უნდა შესდგომოდა და არ გამოეწვია კონფრონტაცია ეკლესიაში შერიგებულ მხარეებს შორის. ზვიად ნოდიას განკვეთა მე არასოდეს მომინდომებია! უბრალოდ, აღვნიშნე, რომ "დიდ სჯულისკანონში" არის განწესება, სადაც ნათქვამია, რომ მოძღვარმა უნდა განიშოროს სულიერი შვილი, რომელიც მის დარიგებასა და მოთხოვნებს არ დაემორჩილება; მისი მიღება არ შეეძლებათ სხვა მღვდლებსაც, სანამ დაუმორჩილებლობისთვის სინანულს არ მოიტანს. იაკობს უბრალოდ მართებდა აწეულიყო იმ სიმაღლემდე, რომ საქმის გარკვევამდე დაქვემდებარებოდა სასჯელს (მით უმეტეს, რომ ამას საეკლესიო კანონებიც ითხოვენ), ხოლო საქმის გარკვევის შემდეგ ყველაფერი დადგებოდა თავის ადგილზე. ეს იყო და ეს. მან სხვა გზა აირჩია. თუმც თავი შეიკავა კონფრონტაციისგან და დაელოდა ჩემს გადაწყვეტილებებს. თანაც გასარკვევია, ჩვენ და თქვენ, რომელს რაში გვმართებს სინანული. დაბოლოს აღსანიშნავია თქვენი ერთი "შეგონებაც", რომელიც ნამდვილად გვაოგნებს. აი, ისიც:

"გმართებთ დაფიქრება სულიწმიდის შეგონებაზე: 1. ამპარტავანი მუდამ იმართლებს თავს; 2. ყველას, ვისაც სურს თავისი სიტყვის დამტკიცება, ჭეშმარიტებასაც რომ ამბობდეს, იცოდეს, ვნებულია და სნეული მტერთაგან სნეული საეშმაკოითა, და თუ თავის სწორთა მიმართ აკეთებს ამას, განიკურნება იგი უხუცესთა შერისხვით. ხოლო, თუკი კვლავ უხუცესთა და სულიერთა მიმართ იქმოდეს, ასეთი კაცთაგან განუკურნებელი არის, როგორც ამას იოანე კიბისაღმწერელი გვასწავლის".

აუცილებელია ვუწყოდეთ, რომ არ შეიძლება წმ. იოანე სინელის "კიბეში" გადმოცემული დარიგებების საერო ცხოვრებაში პირდაპირ გადმოტანა. უნდა გვახსოვდეს, რომ წმ. იოანე აქ ბერების ცხოვრებას აღწერს და ნაშრომიც ძირითადად მიმართულია ბერების დასამოძღვრად. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერისკაცებმა მისით არ უნდა ისარგებლონ, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ იქ არსებული ყოველი გამონათქვამი საერო პირს არ შეიძლება მექანიკურად მიუდგეს. თუ არადა, გამოდის, რომ "ყველას ვისაც სურს თავისი სიტყვის დამტკიცება, ჭეშმარიტებასაც რომ ამბობდეს, იცოდეს, ვნებულია და სნეულია მტერთაგან სენითა სეშმაკოითა, და თუ თავის სწორთა მიმართ (ე. ი. ბერ-მონაზონთა მიმართ - ეპ. პ.) აკეთებდეს ამას, განიკურნება... ხოლო თუკი უხუცესთა მიმართ იქმოდეს, განუკურნებელი არის...".

საყვარელნო, აქ წმ. იოანე მკარც ბერმონაზვნურ მორჩილებას გულისხმობს და ასწავლის, რომ მორჩილებას შედგომილი ბერ არა საკუთარი, არამედ უფლის ნებისაებრ ცხოვრობს, რაც მოძღვრისადმი უსიტყვო მორჩილებით გამოიხატება და თავს არაფერში უნდა იმართლებდეს. ამის თვალსაჩინო მაგალითები, სხვათა შორის, ჩვენი წერილის I ნაწილშიც დავიმოწმეთ. თვით წმ. იოანესაც მრავალი მაგალითი მოჰყავს. თანაც ეს სიტყვები ეხება მკარც მონასტრებში მოღვაწე და მორჩილებაში მყოფ ბერ-მონაზვნებს. ამგვარი მორჩილებით იწვრთნება მათი სული და უმაღლეს სათნოებებს აღწევს. ასეთია მკაცრი მონასტრული ცხოვრების წესი. თანაც არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება მწვალებლობას და უსამართლობას, რომელსაც მართლმადიდებელ მოძღვართა მისამართით იქმოდნენ პატივმოყვარე იღუმენნი და არქიმანდრიტნი. თუ არადა მაშინ, თქვენ ეშმაკეულებად შეგირაცხავთ სიმართლის და ჭეშმარიტების დამცველი წმინდანები: იოანე ოქროპირი, ათანასე დიდი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, მაქსიმე აღმსარებელი, თევდორე სტოდიელი და მრავალი სხვა. საინტერესოა ისინი რისთვისღა იცავდნენ სიმართლეს? ასევე ეშმაკეულებად შეგირაცხავთ მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა მამაები, რომლებმაც მრავალი განწესებით საკუთარი სიმართლის დამტკიცების უამრავი შესაძლებლობა მოგვცეს (იხ. თუნდაც ჩვენი წერილის I ნაწილი).

თანაც, თქვენი გარემოცვა (თუ ისინი ამ წესს მისდევენ) რატომ ბედავს ხმის ამოღებას ჩემს წინააღმდეგ? თუ იოანე კიბისაღმწერელის ეს განმარტება მარტო ჩვენ გვეხება და მათ არა? ვინ არიან ეს ერისკაცები, ეპისკოპოსს ამდენს რომ უბედავენ?

გთხოვთ, კარგად დაფიქრდეთ და ჩვენი გამტყუნების სურვილი იმდენად მაინც ნუ გადაგძალავთ, რომ სიმართლის დაცვა ეშმაკეულობად შეურაცხოთ მართლმორწმუნეს!

ამრიგად, მივადექით თქვენეულ დასკვნასაც, სადაც თქვენი ბრალდების სურათი ასეთია.


ბრალდების სურათი

ამრიგად, მივადექით თქვენეულ დასკვნასაც, სადაც თქვენი ბრალდების სურათი ასეთია:

"სიცრუე და მზაკვრობით ერეტიკოსთა სატანაზე გადაცემა დამახანეთ, რის შემდეგ ზურგში ლახვარი ჩამეცით. სიცრუით იმიტომ, რომ თქვით: ამჯერადაც, მიუხედავად ჩვენი წინააღმდეგობისა და გაფრთხილებისაო", - თითქოსდა არ დაგეთანხმეთ, სინამდვილეში კი ერთხელაც არ გაგიფრთხილებივართ (ეს რომ სიცრუეა ზემოთ უკვე ვაჩვენეთ - ეპ. პ. იხ. მთლიანად "ნაწილი მეორე. ხუთი სიცრუის განმარტება").

მზაკვრობით კი იმიტომ, რომ ჯერ მომეცით საშუალება გადამეცა სატანისთვის და მერე მომიწყეთ მოულოდნელი თავდასხმა ჩემი სამღვდლო პატივის დასაკნინებლად (არც ეს მტკიცება შეესაბამება სინამდვილეს. იხ. იქვე: "ნაწილი მეორე. ხუთი სიცრუის განმარტება" - ეპ. პ.).

კანონის ავლით და უგულებელყოფით იმიტომ, რომ უნდა გაგეფრთხილებინეთ სამგზის, ვიდრე იმოქმედებდით (მოციქულთა 74-ე კანონი და მათე 5:22) (ამ მტკიცებათა საპირისპირო აზრიც ვაჩვენეთ, იხ. იქვე: "ნაწილი მეორე. ხუთი სიცრუის განმარტება" - ეპ. პ.).

მწყემსმთავრის ავტორიტეტი საქვეყნო სალაყბო და ურჯულოთა სათრეველად აქციეთ, რის გამო სარდიკიის 20 (21)-ე კანონი ჩინს გართმევს. განა ხალხი არ დააფრთხე ჩემისთანა "უგუნური" მწყემსის პორტრეტის შექმნით? ამას არ დასჯერდი, ხიბლიანი, ე. ი. ეშმაკისეული, შეურაცხადი, გრძნეული მიწოდე; თანაც ისე წაგათამამა სატანამ, რომ დედამიწაზე მართალი ეკლესიის იერარქს, რომლის ბაგე, წმიდა მამების მიხედვით შედარებულია ქრისტეს (? - ეპ. პ.) ბაგეს, შენ, "ჰაერის გამფუჭებელი" კაცის ბაგეს შეადარე საეკლესიო კრებაზე, რის გამო გეჰენიის ვარვარება დაიმსახურე. შემიძლია ჩინის აყრასაც არ დაგაჯერო, არამედ სამებასაც მოგწყვიტო, როგორც სატანის ნების ამყოლი. დედაშენი მთხოვს - შვილი მეღუპება და მიშველეო, რითი ვუშველო? შენი საკუთარი თავის დასაკლავი დანა შენს ხელშია. მოინანიებ? როგორც ჩემს სულიერ მოძღვარს და ჩემს მიერ ხელდასხმულს არ დაგღუპავ. არ მოინანიებ? შენივე ხელით გამოგიტანია შენი თავისთვის სასჯელი. ნუ დაგაბრმავება ეშმაკმა, უფლის სასჯელის მიხედვით უკვე განწირული ხარ, თუ არ გიშუამდგომლე, ჩაგტოვებს ეშმაკის ხახაში (იმ ეშმაკისა, რომელმაც უკვე ლაპარაკი დაგიწყო (? - ეპ. პ.) და არ გაძინებს (? - ეპ. პ.), იგი შენი უაზრო გადაწყვეტილებების მოლოდინშია.

ძმაო ჩემო და შვილო ჩემო, აწი ღმერთი არ გიშველის (? - ეპ. პ.) ჩემმა ცრემლებმა უნდა გამოგისყიდოს უფლისმიერი რისხვიდან (შენ მას უძაგე მის მიერ არჩეული მსოფლიო მწყემსი - მართალი ეკლესიის იერარქი.

გაიხსენე წმიდა მამათა შეგონება: უმჯობეს არს ღმერთს აწყენინო, ვიდრე შენს მოძღვარს, რამეთუ, როცა ღმერთს აწყენინებ შუამდგომელი მოძღვარი გყავს, ხოლო როცა მოძღვარს აწყენინებ, ვინ არის შენი მცველი?!


მაშ, სწრაფად, სწრაფად ეშურე და მოინანიე!"

მეუფე იონა.

ჰაერის "გაფუჭებისთვის"

სარდიკიის კრებასთან დაკავშირებით დაპირებისამებრ ქვემოთ გეტყვით, ამჯერად კი თქვენი წერილის დასკვნით ნაწილში დაშვებულ ზოგიერთ შეცდომაზე გავამახვილებ ყურადღებას. თქვენთვის არავითარი გრძნეული, შეურაცხადი და ეშმაკეული რომ არ მიწოდებია, ეს ტერმინ ხიბლის (რუს. Прелесть) განმარტებისას აღვნიშნე. "ჰაერის გაფუჭებაზე" კი მოგახსენებთ, რომ საქმის ვითარებას აქაც არაზუსტად წარმოაჩენთ. უფრო სწორად, ამ სიტყვათა წარმოთქმის მიზეზს არ ასახელებთ. არც ის არის გარკვეული თუ რა კონტექსტში ითქვა იგი.

ხსენებულ კრებაზე (კვირას, 17 ოქტომბერს), როდესაც თქვენს უპირობო ულტიმატუმს არ დავეთანხმე და ეკლესიიდან გასვლა დავაპირე, თქვენ საზეიმოდ განაცხადეთ, რომ მყრით სასულიერო პატივს და ამიერიდან, მე, ეპისკოპოს პავლეს, ერისკაც (?! - ეპ. პ) ავთანდილ ხორავად მაცხადებთ. იმდენად დაუფიქრებელი და მოუზომავი იყო თქვენი ეს განაცხადი, რომ ვერც კი გაითვალისწინეთ, სჯულიერიც რომ ყოფილიყო, ერისკაც ავთანდილ ხორავად მაინც ვერ გამომაცხადებდით, რადგან ბერულ აღთქმას ვერავინ გამიუქმებს და, მეორეც, ვერც ნათლობის ბეჭედსა და სახელს (პიმენი) წამართმევს ვინმე. თქვენ კი ეპისკოპოსობის "წართმევასთან" ერთად, კვლავ წარმართულ ყოფაში "ჩამაბრუნეთ".

წმიდა პაისი დიდის კანონში (საგალობელში), ჩვენ ცოდვილები ღმერთს ასე ვევედრებით: "Бывша мя, бесом смех, человеком уничижение, праведным рыдание, ангелом плач, ОСКВЕРНЕНИЕ ВОЗДУХУ, И ЗЕМЛИ, И ВОДАМ. Тело окалях, и ум оскверних, паче слова деянием" (Песнь 9, тропарь 2-й).

და თუკი ჩვენ, ცოდვილნი, ყველანი იმას ვაღიარებთ, რომ არა თუ ჰაერს, მიწასა და წყალსაც კი ვაფუჭებთ ჩვენი ცოდვილი და უსამართლო ქმედებებით, თქვენი უპასუხისმგებლო, ხიბლისმიერი განცხადებებით, უსამართლო გადაწყვეტილებებითა და "წინასწარმეტყველებებით", ეს ელემენტარული ჭეშმარიტება საკუთარ თავზე განა ცხადზე უცხადესად არ დაადასტურეთ?

რადგანაც მე არ დავეთანხმე (და სრულიად სამართლიანადაც) თქვენს ამგვარ გადაწყვეტილებას, ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვა ფუჭად ჩავთვალე. ეპისკოპოსის დამხობის ერთპიროვნული განკარგულება, რომელიც ამ საქმისთვის საჭირო კანონმდებლობის აბსოლუტური იგნორირებით მიიღეთ, ცხადია, ფუჭია და უმოქმედო (კიდევ კარგი, ჩემი "სინანულის" შემდეგ, რასაც უპირობოდ ითხოვდით, თქვენი სიტყვა უკანვე დაიბრუნეთ და ეს ემოციური გადაწყვეტილება გააუქმეთ). რადგანაც, როგორც წმ. ეკლესიის საგალობლიდანაც ვნახეთ, ჰაერს აფუჭებს არა მხოლოდ ის, რაც თქვენ გიგულისხმიათ, არამედ ყოველი შეცოდება: ბილწი სიტყვა, გინება და, ნებისმიერი უსამართლო გადაწყვეტილება. თქვენი განკარგულება ამ ტერმინით ამიტომაც შევაფასე.

უკანონო გადაწყვეტილებათა ასეთი შეფასება ღვთის განმარისხებელი კი არა, ღვთის მოსაწონი წომ არის, წმ. მოწამე აღათიას ცხოვრებაც წარმოაჩენს. როდესაც უდანაშაულოდ დაპატიმრებულს ქრისტეს უარყოფა და იმპერატორის განკარგულებების შესრულება უბრძანეს, მან (წმ. აღათიამ) მიუგო: "ამაოა შენი სიტყვები და უსამართლოა შენი მეფის ბრძანებაც, რომელიც ჰაერსაც კი ბილწავს" (წმ. აღათიას ხსენება აღესრულება 5 (18) თებერვალს). მაშ, თუკი ყოველი უსამართლო ბრძანება "ჰარს ბილწავს" და ღმერთს განარისხებს, და ნათლად დამტკიცებულია თქვენი მსჯავრის სრული უკანონობა, ცხადია, ამ სიტყვებით ჩემი მისამართით გამოთქმული "განაჩენის" შეფასებაშიც არანაირად შემიცოდავს.


უცნაური სწავლება...

როდესაც ადამიანი თავის სიმართლეს იცავს და იერარქთა უსამართლობას ებრძვის, მისი მკაცრი და ზოგჯერ უხეში გამოთქმები სიმართლისთვის მებრძოლთა მედგარ სულისკვეთებას წარმოაჩენს და არა თავხედობას და ურცხვობას, ან არაღვისმოშიშებას, როგორც თქვენ ბრძანებთ. შეგიძლიათ თუ არა თავხედად, ურცხვად და არაღვთისმოშიშად ჩავთვალოთ მღვდელმოწამე დეკანოზი ამბაკუმი, რომელიც მრავალი ასეთი და ამაზე უარესი ეპითეტებით ამკობდა პატრ. ნიკონსა და მის მიმდევრებს? თავის გამონათქვამებში უსამართლობის მოქმედთა მიმართ მკაცრნი იყვნენ ასევე წმ. იოანე ოქროპირი და სხვა მამებიც, რაც მათ "თავხედობას" კი არა, საკუთარ სიმართლეში ურყევ რწმენას ადასტურებს!

დედაჩემის წერილსაც კი თქვენს სასარგებლოდ იყენებთ და საქმეს ისე წარმოაჩენთ, თითქოსდა მუხლმოყრილი გევედრებოდათ ჩემს გადარჩენას. ამაზე (ანუ ჩემს გადარჩენაზე) თუ იყო ლაპარაკი, ისიც მხოლოდ იმ გაგებით, რომ თქვენმა მოქმედებებმა უმძიმესი სულიერი ტრავმა მომაყენა. დედის გული კი წუხდა ყოველივე ამაზე, რაც თქვენ სამწუხაროდ ვერ გაიგეთ.

ყველაზე საინტერესო კი თქვენს დასკვნაში ის არის, რომ საკმაოდ უცნაურ და არამართლმადიდებლურ სწავლებას აყალიბებთ სინანულზე: "აწი ღმერთი არ გიშველის, ჩემმა ცრემლებმა უნდა გამოგისყიდოს უფლისმიერი რისხვიდან..." .

მოგახსენებთ, რომ საზოგადოდ, მონანულს ღმერთი ყოველთვის შველის, ხოლო წმ. ანტონი დიდის სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც შესცოდავს და არ მონანიებს, მას თქვენი ცრემლები კი არა, ქრისტე მაცხოვარიც ვერ უშველის, რადგან კაცის ხსნა დამოკიდებულია მის ნებაზე და არა სხვის ცრემლებზე..

"...შენ მას უძაგე მის მიერ არჩეული მსოფლიო მწყემსი (მართალი ეკლესიის იერარქი)..." შეიძლება ითქვას, რომ "მსოფლიო მწყემსად" ჯერ-ჯერობით მხოლოდ პერსპექტივაში რჩებით, და არა რეალობაში, ხოლო ეპისკოპოსთა არჩევაზე თუ ვილაპარაკებთ, საღმრთო განგებულება ყველა ეპისკოპოსის არჩევაში მონაწილეობს და არა მხოლოდ თქვენსაში.

და ბოლოს მწერთ უცნაურ სიტყვებს: "გაიხსენე წმიდა მამათა შეგონება: უმჯობეს არს ღმერთს აწყენინო, ვიდრე შენს მოძღვარს, რამეთუ, როცა ღმერთს აწყენინებ, შუამდგომლად მოძღვარი გყავს, ხოლო როცა მოძღვარს აწყენინებ, ვინ არის შენი მცველი?" .

ნამდვილად არ ვიცით რომელ წმიდა მამას ეკუთვნის ასეთი უცნაური სწავლება, ამიტომაც, მის გასაბათილებლად მივმართავ წმ. იოანე ოქროპირს, რომელიც ხშირად ამხელდა ეკლესიიდან გაუცხოებულებს. აი, რას წერდა იგი: "თუ აქ შეკრებილთაგან არის ისეთი ვინმე, ვისაც სურს მავნოს, მისურვებს ბოროტს და მზად არის გავიდეს ეკლესიიდან მხოლოდ იმისთვის, რომ შური იძიოს ჩემზე, ჩემი შეურაცხყოფის უკეთეს საშუალებას მივუთითებ. აი, ეს საშუალებაც: და თუ ვინმე თქვენთაგანი გაბედავს მი მიღებას, ადგეს, მომიახლოვდეს და დამარტყას სახეში, სახალხოდ შეურაცხმყოს ცემით, და დამიწყლულოს მთელი სხეული, და ქმნას ესე რამდენიც ენებოს!.. მაშ, როგორ არის, რომ თქვენ, დედაკაცნო, ძრწით როდესაც ჩემს საცემად მოგიწოდებთ, და არ ძრწით, როდესაც სცემთ ქრისტეს!.. (წმ. იოანე გულისხმობს ქრისტეს მისტიკურ სხულს, - ეკლესიას. - ეპ. პ.). თქვენ აწამებთ თქვენი უფლის ნაწილებს და არ ძრწით? თქვენს თავს შევადარებდი ღმერთს და ისიც მოგიტევებდათ, და ამას ვამბობ არა იმიტომ, თითქოსდა რაიმე განსაკუთრებულს მივაწერდე ჩემს თავს მის წინაშე, არამედ იმიტომ, რომ შეურაცხყოფილ, ნაცემ, შერცხვენილ ადამიანს, დაჯერებულად და უყოყმანოდ შეუძლია შეავედროს საკუთარი მტრები ღმერთს და ჰქონდეს სასოება, რომ ღმერთიც მიუტევებს მის შეურაცხმყოფელთ... მაგრამ თუკი თქვენ შეურაცხყოფთ თვით ღმერთს... ვისღა გნებავთ რომ შევევედრო?" (იხ. "Крестный путь Иоанна Златоуста. Сост. И общ. Редакция О. В. Орловой. Изд. "Рарог". Москва. 1996 г7., стр. 145-146).

მოკლედ რომ ვთქვათ, წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, უმჯობესია მე მცემოთ და შეურაცხმყოთ, რადგან ვილოცებ თქვენთვის და ღმერთი ამ ცოდვას გაპატიებთ, მაგრამ თუკი ღმერთს შეურაცხყოფთ და გაანაწყენებთ, ვისღა შევევედრო?.. თქვენ კი პირიქით, ბრძანებთ, რომ თურმე "უმჯობესია ღმერთს აწყენინო, ვიდრე შენს მოძღვარს, რამეთუ, როცა ღმერთს აწყენინებ შუამდგომელად მოძღვარი გყავს, ხოლო როცა მოძღვარს აწყენინებ, ვინ არის შენი მცველი?" თნაც ამ "მოძღვრებას" მიაწერთ წმ. მამებს.

ძალზედ მაინტერესებს, რომელიც მაინც ის წმიდა მამა, ასეთ რამეს რომ ამტკიცებს? განა ვერ ამჩნევთ, მეუფეო, რომ როდესაც ამბობთ: "მოძღვარს (ე. ი. თქვენ - ეპ. პ.) თუ შეურაცხყოფთ, ვინ უნდა გიშუამდგომლოთ ღვთის წინაშეო" საკუთარ თავს არამიმტევებელ ადამიანად რომ წარმოაჩენთ?! ანუ ამბობთ: მე თუ შეურაცხმყოფთ, გავბრაზდები, ან გავნაწყენდები, თქვენთვის აღარ ვილოცებ და რაღა გეშველებათო?

მე სხვა აღარაფერი დამრჩენია გარდა იმისა, გავიმეორო წმ. იოანე ოქროპირის კიდევ ერთი, მაგრამ მეტად შემაძრწუნებელი სიტყვები, რომელიც მან თქვა კუკუზაში: "არავისი ისე არ მეშინია, როგორც ეპისკოპოსების!" (ზოგიერთთა გამოკლებით) ("Крестный путь Иоанна Златоуста. Сост. И общ. Редакция О. В. Орловой. Изд. "Рарог". Москва. 1996 г7., стр. 193).

ამით თქვენი სქემის განხილვა დავასრულე. ამჯერად, ჩემი სქემის განხილვაზე გადავიდეთ.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому