წერილები - ეპისკოპოს იონას მწვალებლობები 1_3 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

ეპისკოპოს იონას მწვალებლობანი

საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-2001 წლის მოვლენები. ეპისკოპოს იონას († 2003 წ.) და მის მომხრეთა დაპირისპირება ეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ. ფაქტები და განმარტებები.

ძველმართლმადიდებლური ტაძარი თბილისის ზღვაზე

შინაარსი:

შესავლის მაგიერ

ანუ

ჭეშმარიტება ღაღადებს სრულ სიმართლეს!

თითოეული მართლმადიდებელი ქრისტეანი წმ. წერილში განსწავლითა და საღმრთო მცნებათა მიყოლით რომ უნდა განაგებდეს თავის ცხოვრებას საეჭვო არ არის, რამეთუ: "ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს" (რომ. 15:4). ხოლო საღმრთო წიგნნი, წმ. პავლე მოციქულის თქმით: "თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად" (2 ტიმ. 3:15-16); და კიდევ: "ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი" (2 პეტრე. 1:19), "რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული" (2 ტიმ. 3:17).

უეჭველია, რომ წმ. წერილის სწორი და მართებული განმარტებით შესაძლებელია, როგორც ურწმუნოთა და ერეტიკოსთა მოქცევა სარწმუნებისკენ, ასევე ღვთისმოსაობაში მართლმორწმუნეთა განმტკიცებაც: "ჯერ არს უკუე, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - რაითა წერილთა კეთილად და ჯეროვნად გულისხმა-ვჰყოფდეთ და ვიხმარებდეთ, რამეთუ წერილნი საჭურველნი არიან სულისანი (განმარტება იოანეს სახარებისა. თბილისი 1993 წ. ნაწილი I გვ. 197).

მაგრამ წმ. წერილის განმარტება ყველასთვის როდია ხელმისაწვდომი. ამისთვის უპირველეს ყოვლისა თვით წმ. წერილისადმი უცილობელი რწმენა გვმართებს რათა იმ ურწმუნოთა მსგავსნი არ აღმოვჩნდეთ, რომელთაც წმ. მოციქულ პავლეს თქმით: "რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას" (ებრ. 4:2).

გამომდინარე იმისგან თუ როგორი განწყობითა და მიზნით ვეცნობით ღმრთის სიტყვას, ხდება, რომ მავანთ წმ. წერილი "სასიკვდილოდ" გარდაექცევათ ხოლმე, ხოლო კეთილგონიერთ "სასიცოცხლოდ" (2 კორინთ. 2:15).
ღვთის სიტყვაში მრავალი რამ ძნელად მისაწვდომია და ეკლესიის ყოველი წევრისთვის არაა გასაგები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შეუძლებელია თვით წმ. წერილმა თავისთავად ასწავლოს ადამიანს მასში გადმოცემული სიბრძნის მართებული და სწორი აღქმა. ეს ჩანს თუნდაც ემაუსში მიმავალი ორი მოწაფის მაგალითიდან. ქრისტე, რომელმაც "მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში" (ლუკა 24:27). ასევე ვერ გულისხმაჰყო ევნუქმაც დაწერილი მანამ, სანამ უფალმა სულიწმიდით განბრძნობილი ფილიპე არ მიუგზავნა განმმარტებლად და მანაც: "გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესუს" (საქმე 8:35).

და ბოლოს, წმიდა წერილის გულისხმისყოფისთვის ბრძანებს წმ. მოციქული პეტრე: "უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტრე. 1:20-21).

საერთოდ, წმ. წერილის ძნელადგასაგები ადგილების გულისხმისსაყოფად უნდა გვახსოვდეს, რომ არის საკითხები, რომელთა წვდომისთვის ან სულიერად არ ვართ მზად ან კიდევ დაფარულია და მიუწვდომელია ჩვენთვის, როგორც ბრძანებს ბერძნი ზირაქი: "რაც გებრძანა, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება. შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია. რადგან მრავალი ადამიანი აცდუნა მათმა განზრახვამ და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება" (სიბრძნე ზირაქისა. 3:21-23).

ოდენ ასოს მიხედვით განმარტება, რომელიც დაწერილის შემეცნების ადამიანურ ძალისხმევას ეყრდნობა, უცილობლივ ბადებს თავდაჯერებულობასა და ამპარტავნებას, რაც ღმრთისგან აუცხოვებს ადამიანს. ამგვარი კომენტატორი, გარეგნულად, თითქოსდა საღმრთო ჭეშმარიტების შემმეცნებელია, მაგრამ არსებითად უმეცარია და ღმრთისგან უარყოფილი; ის ქადაგებს რწმენას, მაგრამ თვითონ უმეცრესია და ურწმუნოების ბნელშია მომწყვდეული.

წმ. წერილი სულის სახსნელად და უფლის სადიდებლად გვებოძა და მისი შემეცნებაც მხოლოდ ამ მიზნით უნდა იყოს განპირობებული, მაგრამ თუ ამქვეყნიური პატივის მოსახვეჭად ვიყენებთ მას, არა თუ გვარგებს რასმე, არამედ გვამხელს კიდეც, როგორც უკეთურთ. ამიტომაც ბრძანებდა წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომ "თუ ვინმე კაცთა საამებლად, ან სახელის მოსახვეჭად წერს რასმე, თავის საზღაურს ჰკარგავს და არა თუ აქ, არამედ მომავალ საუკუნეშიც ვერ ჰპოვებს განსვენებას და დაისჯება, როგორც დიდების მოყვარე და კაცთა მაამებელი" (Христианская жизнь по добротолюбию, г. Харбин. 1930 г. Репринт. Москва 1991 г. с. 89).

ღირ. ნიკიტა სტიფატი ბრძანებს: "ღვთის სიტყვა სულიერად შეიმეცნება და მასში დაფარული საგანძური მხოლოდ სულიერთ ეხსნებათ; ხოლო მშვინვიერ კაცს საღმრთო გამოცხადებათა წვდომა არ ძალუძს (იხ. კორინთ. 2:13-14), რადგანაც მას, საკუთარ, მოძალებულ მოსაზრებათა გარდა, სხვა რამის აღქმა არ ძალუძს, არც აქვს იმის შეგრძნება წმ. წერილი სულიერად რომ უნდა განსაჯო, რადგანაც "მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო" (1 კორინთ. 2:14).

ამდაგვარნი სულიწმიდის მიერ კი არა, საკუთარ მოსაზრებათა მიხედვით განმარტავენ წმ. წერილს და საკუთარი ნებისაებრ ესმით იგი, რითაც ამახინჯებენ ღვთის სიტყვას და დასცინიან მათ, რომელნიც სულიერად განსჯიან წმ. წერილს (იხ. 1 კორინთ. 2:13). ამიტომაც, დასაღუპად წირავენ როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც, მაგრამ ასე არ იქცევა სულიწმიდით განბრძნობილი, რამეთუ "სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება" (1 კორინთ. 2:15-16), რამეთუ ქრისტესგან აქვს მონიჭებული აზრი (ღირ. ნიკიტა სტიფატი. იქვე. გვ. 85-86).

ჭეშმარიტია ნათქვამი, რომ "ყურადღებით კითხვის გარეშე (წმ. წერილის) აზრის სიფაქიზეს ვერ ჩასწვდები" (ღირ. ისააკ ასურელი); რომ "წმ. წერილი გამოთქმულია სულიერად, რის გამოც ხორციელ ადამიანს არ ძალუძს მისის წვდომა. უმჯობესია მივმართოთ წმ. მამებსა და განმარტებებს და წმ. წერილში განცხადებული ჭეშმარიტების ახსნა მათში ვპოვოთ" (წმ. ბარსონუფი დიდი და იოანე. იქვე). მითუმეტეს, რომ დიდი სჯულისკანონის ბრძანებით, წმიდა წერილის თვითნებური, წმ. მამათა სწავლებასთან შეუთანხმებელი კომენტირების უფლება არავის არა აქვს, მითუმეტეს მღვდელმსახურს. VI მსოფლიო კრების მე-19 კანონის განსაზღვრებით: "ეკლესიის წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელს სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგაონ და ასწავლონ საღვთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო დაანახვებენ მორწმუნეთ თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი სიტყვის წარმოთქმით, ხოლო თუ ვერ შესძლებენ ამას, გადაიხრებიან ჯეროვანისგან. მამათა მოძღვრების მიხედვით კი ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღოს, რას შეაქციოს ზურგი, როგორ უნდა შეცვალოს და წარმართოს თავისი ცხოვრება სიკეთისა და უმჯობესისკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, რათა არ შეემთხვას მას ვნება, ცოდვა და ჯეროვნად მოიქცეს მომავალი ტანჯვის შიშით".

ყოველივე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ეპისკოპოსმა იონამ, რომელმაც მტკიცედ გადაწყვიტა ჩემი დასჯა გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებული განცხადებისთვის და თანაც წამომიყენა ისეთი სახის ბრალდებები, რომლებიც ცილისწამებათა კატეგორიას უფრო შეესაბამება ვიდრე სერიოზულ ბრალდებას და, თანაც, მის საწინააღმდეგო პროპაგანდაში მადანაშაულებს ჩემი წიგნის "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო" გამო, თავს მოვალედ მივიჩნევ დავიცვა ჩემი ნაშრომი და გავერკვე საკითხში - ვინ არის ეპ. იონა - მართლმადიდებელი ეპისკოპოსი თუ ერეტიკოსი მოძღვარი?!

იმგვარი ბრალდება, რომელიც ჩემი წიგნის "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო" გამო გამოითქვა, საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ეპისკოპოსი იონა ხელს აფარებს თავის მწვალებლურ შეხედულებებსდა ჩემი აკრძალვისა და სასულიერო წოდების წართმევის მუქარით ცდილობს შეუნარჩუნოს თავის წიგნს მწვალებლობათაგან შეურყვნელი და უმწიკვლო ნაშრომის ავტორიტეტი.

ამიტომაც, III მსოფლიო კრების მე-3 და კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-15-16 კანონების, ასევე, კართაგენის მე-11, II მსოფლიო კრების მე-6 და წმ. მოციქულთა 46-ე კანონების თანახმად, უფლება გვაქვს თვით საეკლესიო კრების მოწვევამდეც კი შევაჩეროთ ევქარისტული კავშირი მასთან. მითუმეტეს, იმის შემდეგ, რაც 2001 წლის 15 სექტემბერს, გაერთიანებულ კრებაზე, მან არ დააკმაყოფილა 10 პუნქტად ჩამოყალიბებული ჩვენი მოთხოვნები.

ამიტომაც, არც ერთ საეკლესიო კრებას არა აქვს უფლება განიხილოს მწვალებლობაში ეჭვმიტანილი ეპისკოპოსის ბრალდებები მანამ, სანამ მისი აზროვნების და შეხედულებების მართლმადიდებლურობა არ დამტკიცდება. ამას ითხოვს ზემოთხსენებული საეკლესიო კანონმდებლობა და თვით წმ. მამათა უმტკიცესი მოთხოვნა.

სწორედ ამ მართლმადიდებლური სწავლებების შუქზე განვიხილავთ ეპისკოპოს იონას ნაშრომ "რა უნდა ვაკეთოთ"-ში არსებულ მთელ რიგ დოგმატური ხასიათის ცთომილებებს, რომელთა მიზეზიც სწორედ წმიდა წერილის მეტად გრძნობისმიერი, კადნიერი და არასულიერი განხილვაა, რაც მათ კომენტატორს უმძიმეს ვითარებაში აყენებს. მაგრამ, ყველაზე უფრო საშინელი მაინც ისაა, რომ მოცემული წიგნი, არსებულ ერეტიკულ სწავლებათა გამო, შესაძლებელია ცხოვრების გზაზე მიმავალ მრავალ ადამიანს დაბრკოლების ქვად გადაექცეს (წიგნი 1000 ეგზემპლარადაა გამოცემული), მაშინ როდესაც, მაცხოვრის თქმით: "ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან" (მათე 18:6). მითუმეტეს, რომ წმ. დიონისე ალექსანდრიელის თქმით: "წერილობით გავრცელებული მწვალებლობა წერილობითვე უნდა აღმოიფხვრას" (თხზულება აღთქმათა შესახებ).

ამიტომაც, წმ. კირილე ალექსანდრიელისგან მკაცრად შეგონებული, მასთან ერთადვე მივმართავ მკითხველს: უფლის "ყოველი სიტყვა მართალია", ბრძანებს წმ. წერილი და "ყოველი მათგანი სანდოა გამგებისთვის და ყველა სწორია ცოდნის მპოვნელთათვის" (იგავთა 8:9), რამეთუ ისინი, ვინც როგორც ზეციერ საგანძურს, წმიდა მზერით აკვირდებიან ღმრთივსულიერი წერილის წმიდა სიტყვებს, საკუთარ სულში მათდა სასარგებლოდ ამკვიდრებენ; ხოლო ისინი, ვისი გონებაც სიცრუისა და ფუჭადმოუბრობისკენ არიან მიდრეკილი, ყოველივე ამაოზე მსჯელობენ და არაწმიდა მეცნიერებებს ჰყვარობენ, იმათი თანამოზიარენი იქნებიან, რომელთა შესახებაც წერდა წმიდა მოციქული პავლე: "რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი" (2 კორინთ. 4:4). რამეთუ "ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი" (მათე 15:14). ამიტომაც, ვარდებიან წარწყმედის მთხრებლში, როგორც ამას ბრძანებდა თვით მაცხოვარი: "ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან".

შეიძლება ზოგიერთი უკმაყოფილო დარჩეს ჩვენი სიტყვებით და დაწერილის ჭეშმარიტ ძალას ვერ ჩასწვდეს, მაგრამ, მათ უნდა უწყოდენ, რომ ჭეშმარიტება არც ერთი მართლმადიდებლურად მოაზროვნეთაგან დაფარული არ არის" (წმ. კირილე ალექსანდრიელი), რადგან: "ჭეშმარიტება ღაღდებს სრულ სიმათლეს" (მისივე).

ახლა კი ვიხილოთ, რას ასწავლის ეპისკოპოსი იონა მართლმადიდებლური მოძღვრების უძირითადეს დოგმატებზე.


სამწმიდაო გალობის შესახებ


საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-2001 წლის მოვლენები. ეპისკოპოს იონას († 2003 წ.) და მის მომხრეთა დაპირისპირება ეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ. ფაქტები და განმარტებები.

ეპისკოპოს იონას განსახილველი წიგნის ("რა უნდა ვაკეთოთ" თბილისი. 1994 წ. - რედ.) პირველივე გვერდებზე ვხვდებით ლოცვას მამა ღმერთისადმი (შეთხზულია თვით ეპ. იონას მიერ - რედ.), სადაც ვკითხულობთ: "წმიდა ხარ! წმიდა ხარ! წმიდა ხარ! - მამაო, ღმრთისა ჩემისა..." (გვ. 8).

ყოვლადწმიდა სამების ერთ-ერთი იპოსტასისადმი ამგვარი სამწმიდაობითი მიმართვა ცთომილებაა წმ. იოანე დამასკელის განმარტებით.

სამწმიდაო საგალობლის შესახებ იორდანე არქიმანდრიტისადმი მიწერილ წერილში ეს წმიდა მამა ბრძანებს, რომ ვინმე ამბა ანასტასის, ნეტარი ექვთიმეს სავანის წინამძღოლს, დაუმოწმებია წმ. მამათა გამონათქვამები, რომლებიც თითქოსდა სამწმიდაო გალობას განაკუთვნებდნენ მხოლოდ ძეს (ანუ ძე-ღმერთს).

ამ პატივსაცემი მოძღვრის ცთომილებით გაკვირვებული წმ. იოანე დამასკელი წერს, რომ მართალია მის მიერ წარმოდგენილი გამონათქვამები ნამდვილად წმ. მამებს ეკუთვნით, მაგრამ კატეგორიულად არ ეთანხმება იმ აზრს, რომ მათში სამწმიდაო ლოცვა განეკუთვნება მხოლოდ ძეს, ამიტომაც, წმ. იოანემ გაილაშქრა ამ ცთომილების წინააღმდეგ, სადაც ამტკიცებს, რომ წმიდა მამებს არასოდეს მიუკუთვნებიათ არც სერაფიმთა ლოცვა "წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, უფალო ცაბაოთ..." და არც "სამწმიდაო" წმ. სამების მხოლოდ ერთი რომელიმე იპოსტასისადმი და წერს: "მე ვამტკიცებ, სწორედ ასე, ერთგვარ რიცხობრივ გამოხატულებაში, განსაზღვრულად, სამწმიდაო გალობით გაეხსნა ესაიას სერაფიმთაგან სამ იპოსტასოვანი ღმრთისა და უფლის ერთობა. მაშ რატომაა, რომ ისინი არა ორჯერ, ან ოთხჯერ, ან მრავალჯერ უგალობენ მას "წმიდა ხარ" ორჯერ, ან ოთხჯერ, ან მრავალჯერ ღაღადებენ "უფალო ცაბაოთ, სავსე არს ცა და მიწა დიდებითა შენითა" (ეს. 6:3), არამედ "წმიდა ხარ"-ს გალობენ სამჯერ: "წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ", ხოლო "უფალო"-ს ერთხელ, თუ არა იმიტომ, რომ აჩვენონ სამია წმიდა იპოსტასი, მაგრამ ერთია სამივეს მეუფება, დიდება, არსი და ღმრთაება და, რომ სამი იპოსტასი - ეს ერთი ღმერთია.

წმიდაა მამა, წმიდაა ძე, წმიდაა სულიწმიდა და ეს ერთი წმიდა ღმერთია და არა სამი, რომ ერთია უფალი და არა სამი. სამი იპოსტასი ეს - ღმერთი, ღმერთი და ღმერთია, მაგრამ ეს ერთი ღმერთია და არა სამი. "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს", მაგრამ ერთი არს წმიდა და არა სამი; "უფალი, უფალი და უფალი", მაგრამ ერთია უფალი და არა სამი. ამიტომაც ამატებს (ერთხელ): "სავსე არს ცა და მიწა დიდებითა შენითა". "თქვენითა"-ო კი არ ამბობს, არამედ - "შენითა"-ო, რამეთუ ერთია ღმერთი სამ იპოსტასში და ეს სამი ერთია; ანუ ერთია ბუნება, მაგრამ ერთი არაა იპოსტასი. იპოსტასთაგან თითოეული სამჯერ არ იდიდება, რამეთუ ღვთაება, რომელიც იპოსტასთა სამებაა, ჯეროვნად და ღირსსაკადრისად "წმიდად" სამჯერ იგალობება: წმიდა არს მამა, წმიდა არს ძე, წმიდა არს სულიწმიდა - უფალი ცაბაოთი".

"... თუკი ძე მამისგან და სულიწმიდისგან განუყოფელია, განუყოფელია საგალობელიც, რამეთუ ძე მამასთან და სულიწმიდასთან ერთად იდიდება და ეგალობება მათ თანასწორად... ამდენად, სამწმიდაო გალობა, რომელიც ყოვლადწმიდა სამებაზე მიანიშნებს, არ შეიძლება მიემართებოდეს მხოლოდ ერთ იპოსტასს.

როგორც კაცობრიობის თითოეულ იპოსტასს ადამიანს ვუწოდებთ, - ხოლო ქალაქს, რომელშიც მრავალი ადამიანი ცხოვრობს ვხმობთ ხალხმრავლად და ხალხმრავალს არ ვუწოდებთ ერთ ადამიანს, - ასევე სამწმიდაო გალობისას თითოეულ იპოსტასს წმიდას ვუწოდებთ, ხოლო სამწმიდას - სამ იპოსტასოვან ღმერთს, ამიტომაც არ შეგვიძლია სამწმიდაო ვუწოდოთ ერთ იპოსტასს" (Творения преп. Иоанна Дамаскина. "Марис". 1997 г. с. 202-204).

მაგრამ ღირ. იოანე არ ჯერდება მხოლოდ საკუთარ მსჯელობას და მის მიერ ზემოთ თქმულის ჭეშმარიტების დასტურად სხვა წმიდა მამებსაც იმოწმებს, მაგ.: ღმერთშემოსილ ეპიფანეს, რომელზე დაყრდნობითაც ბრძანებს: "როცა ვამბობთ "სამწმიდაო" ვგულისხმობთ წმიდა სამებას, - რამეთუ რადგანაც ის სამიპოსტასოვანია, რომელთაგან თითოეული წმიდაა და იდიდება სრულიად ზუსტად შეიძლება იწოდებოდეს "სამწმიდაოდაც". მაგრამ, თუკი ასე იტყვიან ერთი იპოსტასის მიმართ, მაშინ შეიძლება ეჭვი გაჩნდეს, რომ თითქოსდა (ე. ი. ერთ იპოსტასს - ეპ. პ.) სამი წმიდა არსება ან სამი წმიდა იპოსტასი ჰქონდეს - მაგრამ როგორც ერთის, ისევე მეორის თქმა დაუშვებელია და უკეთურებაა ვილაპარაკოთ ასე ღმრთის ერთ იპოსტასსზე". ამიტომაც, რადგან "საგალობელი მიანიშნებს სამ იპოსტასზე, არ შეიძლება მისი წარმოთქმა ერთის მიმართ, რათა წმიდა სამება ჩვენთან ცხრაწმიდა არ აღმოჩნდეს. რამეთუ, თუკი რიცხვ სამს, თავის თავზე გავამრავლებთ ბუნებრივად მივიღებთ ცხრას".

ასე, რომ წმ. იოანე დამასკელის სიტყვებით თუ ვიტყვით: "როგორღა შეგვიძლია სამწმიდაო გალობა მივაკუთვნოთ ერთ იპოსტასს? განა საკუთარი სიტყვების დამარღვეველნი და მტყუვარნი არ აღმოვჩნდებით, რამეთუ: როგორც ღვთაებრივი ბასილი ბრძანებს: "ღმრთაების ყოველი იპოსტასი სათითაოდ იდიდება" (О Святом Духе. 404, 21. ციტ. იქვე).

"ერთია მამა და წმიდაა - განაგრძობს წმ. იოანე, რამეთუ ერთი იპოსტასია, სამწმიდა არ არის მამა, რამეთუ ის ერთი იპოსტასია, სამწმიდა არ არის ძე, რამეთუ ისიც ერთი იპოსტასია და სამწმიდა არ არის სულიწმიდა, რამეთუ ისიც ერთი იპოსტასია.

წმ. იოანე ოქროპირის თქმით: "როდესაც სერაფიმები გალობენ "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, მიანიშნებენ არა მხოლოდ მამას, ან ძეს, ან სულიწმიდას, არამედ სამ იპოსტასოვან ღვთაებას როგორც ერთ სამწმიდა უფლებას".

იგივე ბრძანებს წმ. კირილე იერუსალიმელიც: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს" აღნიშნავს სამ იპოსტასს და არა ერთს, ხოლო "უფალი ცაბაოთ" ერთ ღვთაებასა და უფლებას" (იქვე).

წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით, "მამის, ძის და სულიწმიდის გარშემო მდგომ ძალთა გალობა: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს", შეუძლებელია მიეკუთვნებოდეს მხოლოდ ძეს (ჩვენ კი ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ვიტყვით - მხოლოდ მამას - ეპ. პ.) და მხოლოდ მას მიემართებოდეს სამწმიდაო გალობა, რამეთუ ის სამ იპოსტასს აღნიშნავს... ამიტომაც, სამწმიდაო გალობაში დაფიქსირებული განსაზღვრული რიცხვი (სამი - ეპ. პ.) მიანიშნებს სამ იპოსტასს, ამიტომაც არ არის ჯეროვანი ის რაც სამ იპოსტასზე მიანიშნებს, განეკუთვნებოდეს მხოლოდ ერთ იპოსტასს".

წმ. ათანასე დიდის თქმით: "როდესაც სერაფიმები დიდებისმეტყველებენ, "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, უფალი ცაბაოთ", მამას, ძეს და სულიწმიდას ადიდებენ" Слоао о воплощении и о Тройце. იქვე. გვ. 205-215).

მაგალითების დამოწმება, თუნდაც იოანე დამასკელის ხსენებული სიტყვიდან, სადაც მრავალი წმიდა მამის მოწმობაა მოტანილი - უხვად შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობთ ესეც საკმარისია.

ამრიგად, წმიდა მამათა მტკიცებით სამწმიდაო გალობა მიანიშნებს სამ და არა ერთ იპოსტასს, ხოლო ის რაც აღნიშნავს სამ იპოსტასს არ შეიძლება მივაკუთვნოთ ერთ იპოსტასს, რამეთუ ჯერ ერთი: თუკი მამას შეიძლება ვუგალობოთ სამჯერ "წმიდა ხარ", მამასთან თანასწორობის ძალით, ასევე უნდა მივაკუთვნოთ სამ-სამი "წმიდა ხარ" სამების სხვა იპოსტასებსაც, რის გამოც, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, წმ. იოანე დამასკელის და ეპიფანეს მტკიცებით წმ. სამება ჩვენთან შეიძლება ცხრაწმიდა აღმოჩნდეს. ამიტომაც გვირჩევენ "ზედმეტს ნუ გამოვიგონებთ და სერაფიმებზე უბრძენესად თავს ნუ წარმოვიდგენთ" (იქვე).

და მეორეც: თუკი მამას ეგალობება სამი "წმიდა ხარ", სამების სხვა იპოსტასებსაც მამასთან თანასწორობის ძალითვე ასევე სამგზის უნდა მივაკუთვნოთ სამი "წმიდა ხარ", რაც ქრისტესთან, ანუ წმ. სამების მეორე იპოსტასთან - ძე ღმერთთან მიმართებაში იქნება პეტრე კნაფევსის ღმრთისმგმობი მწვალებლობის განმეორება, რამეთუ, როგორც წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს, "თუკი ასეთ რამეს დავუშვებთ (რაც სამწუხაროდ უკვე დაუშვა ეპ. იონამ - ეპ. პ.) ვეღარაფერი დააბრკოლებს პეტრე კნაფევსს ერთდროულად დააბრკოლოს ყველა" (იქვე). რამეთუ წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით ჩნდება შესაძლებლობა კნაფევსის მიმდევრებმაც თქვან "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, რომელი ჯვარს ეცვა ჩვენთვის" და ამგვარად მთქმელი ღმრთისმგმობარი აღმოჩნდება" (იქვე. გვ. 214).

ამრიგად, მამა ღმერთისადმი მიძღვნილ ლოცვაში, მხოლოდ მისდამი სამწმიდაო გალობის მიკუთვნებით, ეპისკოპოსი იონა იმეორებს პეტრე კნაფევსის მწვალებლობას და შესაძლებლობას აძლევს თეოპასხიტური ერესის მიმდევრებს მასში დაინახონ თვიანთი თანამოაზრე.


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გვერდიდან მაცხოვრის შობის შესახებ


ყველასთვის ცნობილია მართლმადიდებელთა განსაკუთრებელი მოწიწება და სიყვარული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, ამიტომაც ისინი ყოველთვის მეტად მტკივნეულად განიცდიან ყოვლადწმიდა ქალწულის მიმართ გამოთქმულ ნებისმიერ ცდომილებას. ხოლო ის ცდომილებანი, რომლებიც ეპ. იონას ხსენებულ წიგნშია დაფიქსირებული განსაკუთრებულად შეურაცხყოფს ჩვენს რელიგიურ გრძნობას.

ბაპტისტებთან პოლემიკაში, წიგნის ავტორი ცდილობს დაამტკიცოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მარად ქალწულობა, რამეთუ ცნობილია, რომ მრავალი ერეტიკოსი ქრისტეს შობის შემდეგ ამ ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ აყენებს. მაგრამ, მიუხედავად კეთილი განზრახვისა, საკითხისადმი ემოციური და მშვინვიერი მიდგომით, ეპ. იონა ერეტიკოსებზე ნაკლებ შეურაცხყოფას როდი აყენებს ამ დოგმატს. მისი ქვემოთ მოტანილი მტკიცება, მართალია, ადასტურებს ქრისტეს შობის შემდეგ ღვთისმშობლის ქალწულად დარჩენას, მაგრამ აშკარად უარყოფს მის უხრწნელ შობას.

ეპისკოპოსის მტკიცება შეურაცხყოფას აყენებს აგრეთვე ღვთის ძალმოსილებას და ყოვლისშემძლეობას.

გამოუთქმელ და საშინელ საიდუმლოში წვდომას, რომელიც თვით ანგელოსთათვისაც კი მიუღწეველია, ეპისკოპოსი იონა ადამიანური და რაციონალისტური მოსაზრებებით ცდილობს. წიგნის "რა უნდა ვაკეთოთ" პირველი ნაწილის 43-ე თავის მე-16 მუხლში ვკითხულობთ: "ყველას გიკვირთ (ეუბნება ბაპტისტებს წიგნის ავტორი - ეპ. პ.) რანაირად შეინარჩუნა ქალწულობა (წმ. მარიამმა), როცა შვა ძე? იხილეთ ბერთა საკითხავი: "Икос. Разум неразумен разумети Девая ищущи возопи к служащему: из боку чисту, Сыну како ест родитися мощно рцы ми... (Правилъные каноны. Канон Богорщдице Акафисто с. 20).

"აქ მინიშნებულიაო - წერს ავტორი - ქრისტეს სასწაულებრივი დაბადება ქვეყანაზე. ღვთისმშობელს განერღვა (ო, მკრეხელობავ! - ეპ. პ.) გვერდი და შვა ძე... ამას გვაუწყებს ესაია წინასწარმეტყველიც... "ვიდრე დაეწყებოდა ტკივილი, განერა (ხაზგასმა ჩვენია - ეპ. პ.) და შვა მამრის სქესისა" (ეს. 66:7).

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეპ. იონა აშკარად უსაფუძვლოდ მიაწერს წმ. წინასწარმეტყველ ესაიას საკუთარ ცდომილ მოსაზრებას! არავითარ გარღვევაზე ესაია არ გვამცნობს! ავტორს ეს შეხედულება ჩამოუყალიბებია სიტყვა "განერა"-ზე დაყრდნობით და რატომღაც ჩაუთვლია, რომ "განერა" - გარღვევას ნიშნავს. ეს შეცდომაა! ძველქართული სიტყვა "განერა" - არ ნიშნავს გარღვევას! სულხან-საბა ორბელიანის "ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში" (თბილისი, 1991), განმარტებულია, რომ "განერა" - ეს არის მორჩენა. რუსულ ბიბლიაში ეს ადგილი ასე იკითხება: "Еще не мучиласъ родами, а родила; прежде нежели наступили боли ея, разрешиласъ сыном (Библия толковая. Кн. 2. Т. Исаия 6:77. С. Петербург (1908-1913. Репринт. Стокголъм. 1987). ზუსტად იგივეა სლავურ, ოსტროგის ბიბლიაშიც (Острожская библия).

ამრიგად, ცხადზე უცხადესია, რომ ეპ. იონამ სიტყვა "განერა" რატომღაც ასოციაციურად დაუკავშირა "გარღვევას" და განაახლა ძველი ერეტიკული სწავლება მაცხოვრის შობის ჟამს ღვთისმშობლის გვერდის გარღვევის შესახებ. ამ მტკიცებას ქვემოთ კიდევ შევეხებით. ამჯერად კი ვიტყვით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მკრეხელობა და მწვალებლობაა ამ წიგნში, თუმცა, ღვთისმშობელთან დაკავშირებით ეპ. იონას ამაზე უმძიმესი განმარტებაც აქვს მოცემული. მაგრამ, ამის შესახებ ცოტა ქვემოთ.

ჩვენი მტკიცება და უღრმესი რწმენა ასეთია: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უვნებლად, სხეულის რომელიმე ნაწილის დაუზიანებლად, სრულიად უბიწოდ და წმიდად შვა მაცხოვარი, ხოლო ეპ. იონას მტკიცება ამის საწინააღმდეგოა!

ჩვენთვის გასაგებია ავტორის მისწრაფება დაუმტკიცოს ერეტიკოსებს უბიწოდ შობის შესაძლებლობა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტეს შობა სასწაულია, და რაციონალისტურ ახსნას-განმარტებებს თუ ლოგიკას არ ექვემდებარება.


ა) სლავური "БОК"-ის მნიშვნელობა


დავიწყოთ იქიდან, რომ სლავური "...из боку..." რომელსაც ავტორი თავისი ვერსიის დასამტკიცებლად ეყრდნობა, სრულებითაც არ ნიშნავს გვერდიდან შობას. სლავურში, ისევე როგორც სხვა მრავალ ენებში, ხშირად ერთსა და იმავე სიტყვას, ორი ან მეტი ურთიერთგანსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია.

ზუსტად იგივე ვითარება გვაქვს სიტყვა "бок"-თან დაკავშირებითაც. დიაჩენკოს საეკლესიო-სლავური ენის ლექსიკონში ვკითხულობთ:

Бок - 1) (pleuron), частъ тела, где находятся ребра (Иез. 414).

2) Боковой пристрой у здания боковая комната (3 Цар 6:6. Ср. Иез. 41:6) ;

3) То же что страна, боковая сторона жертвенника (Исх 27:7) (ср. 2 Цар. 13;34; 16:13-по греч. Тексту);

4) в дв. Числе – (lagonej) – недра (сир. 47:22). "Бог из боку твоею пройде" – "Бог произошел из чрева Твоего" (ср. 3 Цар. 8:19) (Невост.).

სხვათაშორის საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მიერ გამოცემული "რუსულ-ქართული ლექსიკონის" (თბ. 1983) მიხედვით, გარდა გვერდისა და ფერდისა, ის მხარსაც ნიშნავს. მაგ. "Лежатъ на боку" - მხარ-თეძოზე წამოწოლა, "Бок о бок" - მხარდამხარ, ან გვერდიგვერდ. გადატანითი მნიშვნელობით ამ სიტყვამ შეიძლება უფრო მეტი მნიშვნელობაც შეიძინოს. მაგ. "Под боком" - ყურის ძირში და სხვა (იხ. დასახ. ლექსიკონი გვ. 48 სიტყვა "Бок"). როდესაც სიტყვის ასეთ მრავალმნიშვნელობას ვაწყდებით, გასათვალისწინებელია ის ქვეტექსტი, ან ტრადიცია, რომლის შესაბამისადაც გამოიყენება ეს სიტყვა და ცხადზე უცხადესია, რომ ამ გარემოებათა გაუთვალისწინებლად, მისი პირდაპირი ან მხოლოდ ერთი რომელიმე მნიშვნელობით გამოყენება დაუშვებელია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თუ საქმე გვაქვს თარგმანთან (მითუმეტეს ბერძნულის თარგმანთან), ამათუიმ სიტყვის მნიშვნელობის გააზრება დედანში მოცემული ადექვატური შინაარსის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია. ასევე, მისი მნიშვნელობის სწორი აღქმა აუცილებელია რელიგიური სწავლების კონტექსტში. როგორც უკვე ვნახეთ, სლავურში, "бок" აღნიშნავს როგორც გვერდს, ასევე "წიაღს", "დედის წიაღს", მუცელს (утроба). ამიტომ ამ სიტყვას მრავალი მნიშვნელობიდან ჯერჯერობით არა გვაქვს არავითარი საფუძველი უპირატესობა მივანიჭოთ "გვერდს" და არა "წიაღს".

ეპისკოპოსი იონა "გვერდს" იმიტომ ანიჭებს უპირატესობას, რომ სურს აჩვენოს როგორ შეინარჩუნა ღვთისმშობელმა შობის შემდეგ ქალწულობა, მაგრამ ერთი რომელიმე დოგმატის დაცვა, სხვა რომელიმე დოგმატის საზიანოდ მიუღებელია. შესაძლებელია, რომ ეპ. იონასეული ახსნა პასუხს იძლევა ერთ საკითხზე, მაგრამ ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ეკლესიის ორ სხვა მტკიცებას, რომელზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ და ეპისკოპოსმა ამ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას ყურადრება არ მიაქცია, რის გამოც დაუშვა უმძიმესი ცთომილება.

მაგრამ ჯერ კვლავ "Бок"-ის განმარტებას დავუბრუნდეთ და საბოლოოდ დავამტკიცოთ, რომ ბერძნულიდან ნათარგმნი ეს სიტყვა, რომელიც "წიაღის" მნიშვნელობასაც შეიცავს, ამ ლოცვაში სწორედ ამ მნიშვნელობითაა გამოყენებული. კერძოდ, ამ აზრს ადასტურებს "აკაფისტოს" ქართული თარგმანი, რომელშიაც ზემოთ დამოწმებული სლავური სიტყვები ასე იკითხება: "წიაღთაგან უბიწოთა, ძისა ვითარ არს შობა შესაძლებელ, "მითხარ მე..." (აკაფისტო, იკოსი მე-2). ამრიგად, ძვ. ქართულის მიხედვით სლავურში მოცემულ "Бок"-ს აკაფისტოში "წიაღის" მნიშვნელობა ჰქონია. ამას მიანიშნებს მეორე სიტყვაც "წიაღთაგან უბიწოთა" ("Избоку чисту"), რამეთუ ცხადია უბიწოდ აქ უფრო ჯეროვანი იყო ყოვლადწმიდა ქალწულის დედობრივი წიაღი გვეგულისხმა. ასე, რომ "Из боку чисту" წმიდა, "უბიწო წიაღს" უნდა მიანიშნებდეს და არა "უბიწო გვერდს", რაც თეოლოგიურად აბსურდულია. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წიაღი უბიწოა იმიტომ, რომ ის მამაკაცის გარეშე, უთესლოდ სული წმიდის მიერ, ქრისტეს მშობელია.

წმ. იოანე დამასკელი (VIII ს.), რომელიც თავის ცნობილ ნაშრომში - "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", - უძირითადეს მართლმადიდებლურ დოგმატებზე I – VII საუკუნეებში მოღვაწე მართლმადიდებელ მამათა აზრს გადმოგვცემს, უფლის გვერდიდან შობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და წერს: "
მეზღაპრეობენ ვიღაცეები, თითქოს და იგი იშვა ღვთისმშობლის გვერდიდან. ჩვენ კი ვიტყვით, რომ მისთვის არაფერი იყო შეუძლებელი, ისიც, რომ დახშულ ბჭეთა შორის გასულიყო ისე, რომ არ დაეზიანებინა ბეჭედი" (წიგნი IV თ. მე-14). ბერძნულად ეს ასეა: Mufologousi tinej dia ihj pleuraj auton tecqhnai thj Qeomhtoroj.

ეფრემ მცირის თარგმანში ვკითხულობთ: "ვიეთნიმე ზღაპრისმეტყუელებენ ვითარმედ გუერდით თვისით შვა იგი წმიდამან ღრმთისმშობელმან" (ხელნაწერი А-24, XII ს.-ის გვ. 121).

არსენ იყალთოელის თრგმანში ასეა: "ზღაპრისმეტყუელებენ ვიეთნიმე გვერდით ღმრთისა დედისაით შობილობასა მისსა" (ხელნაწერი 5-1463. XII ს.-ისა გვ. 95).

ამრიგად, იმის მტკიცება, თითქოსდა მაცხოვარი იშვა ღვთისმშობლის გვერდიდან მეზღაპრეობა ყოფილა.



ბ) ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის შობა მიუწვდომელი და ენით გამოუთქმელი სასწაულია


მიუხედავად იმისა, რომ წმ. მამათა მიერ "გვერდიდან შობა" მიჩნეულია "მეზღაპრეობად" მთავარი ცდომილება მაინც ის არის, რომ ეპ. იონა ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის უბიწო სხეულის გარღვევას უშვებს. ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოებისა და თვით ღმრთის ყოვლისშემძლეობის შეურაცხყოფაა! ჯერ ერთი იმიტომ, რომ თუნდაც გვერდიდან ეშვა მაცხოვარი, განა არ შეეძლო უფალს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სხეული დაეცვა განურღვევლად? რა თქმა უნდა შეეძლო! წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს: "მისთვის (ე.ი. ღმრთისთვის - ეპ. პ.) არაფერი იყო შეუძლებელი, ისიც რომ დახშულ ბჭეთა შორის გასულიყო ისე, რომ არ დაეზიანებინა ბეჭედი" (დასახ. შრ. იქვე); ხოლო ჩვეულებრივი გზით შობა ბეჭედდაუზიანებლად უფრო მეტი სასწაულია, ვიდრე გვერდის განრღვევით შობა. ასე, რომ თუკი უფალს შეეძლო ჩვეულებრივი გზით დაბადებულიყო ისე, რომ ბეჭედი არ დაეზიანებინა, მით უფრო შეეძლო მას გვერდის განურღვევლად შობილიყო დედის წიაღიდან. მაგრამ წმ. იოანეს თქმით, უფალს ესეც შეუძლია, რამეთუ მისთვის საერთოდ შეუძლებელი არაფერია. ასე, რომ პრაქტიკულად არ იყო საჭიროება იმისა, რომ მარადის ქალწული მარიამის უბიწოდ შობის დასამტკიცებლად გვერდიდან, ე.წ. "საკეისრო", შობის ვერსია მოგვეფიქრებინა. ასეთი ვერსიის დაშვება ღმრთის ყოვლისშემძლეობისადმი დაეჭვების შედეგია.

ამრიგად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ქრისტე შვა ადამიანისათვის წარმოუდგენელი შობით. განუხრწნელად!!! ხოლო განუხრწნელი შობა მარტო ქალწულობის კი არა, მთელი სხეულის უბიწოდ და უხრწნელად შენარჩუნებას ნიშნავს, ვიხილოთ ამის დამადასტურებელი სლავური ლიტურგიკული ტექსტები:

1. "Сниде в нижния земли, иже в ложесна Твоя Чистая, сощедый и вселъся и воплошься паче ума..." (Богородичен посхалъного канона. Песнъ 6).

2. ან კიდევ: "Видела еси из мертвых воставша Дево (Богородице) Его же плотию неизреченно родила еси Слова..." (Песнъ 8. Богородичен. Молитвослов. Новозыбков 1977 г. С. 139-140) იხილეთ სხვა მაგალითებიც:

3. "Дивит Пренепорочная, и ужасается всяк слух, странно чудо божественного Ти рожества..." (Канон Явлению Иконы Пресв. Богородицы Казанская. Песнъ 1 Слава с. 159).

4. და კვლავ: "Неиспытанна глубина, недоведомо тайнство, не постижимо образ Дево зачатия Твоего, зачате без семене, без мужа рожество..." (იქვე. Песнъ 7, И ныне с. 163).

5. მე-8 გალობაში ნათქვამია "Ум ангелъский и человеческий ужасается богородице, како Бога невесного ложеснами объемши воплотила если? Яко младенца рожъдми, яко Сина на руку носиши?" (იქვე. Пуснъ 8. Тропаръ 1).
6. ან კიდვ: "Тайны глубины рожества Твоего, ум Ангелъский ужасает Дево..." (Песнъ 9, тропаръ 2). და სხვა. მაგალითების მოტანა დაუსრულებლად შეგვიძლია. ამრიგად ზემოთ მოტანილი ნიმუშებიდანაც ცხადი ხდება, რომ მაცხოვარი ღვთისმშობელში განკაცებულა გონებისთვის მიუწვდომლად ("воплошъся паче ума...") მისი შობა ენით გამოუთქმელია ("...Его же плотию неизреченно родила еси Слова..."). ეს სასწაულებრივი შობა ("Странно чудо божественного Ти рожества...") უკვირს და შეაძრწუნებს არა თუ ყოველგვარ სმენას ("ужасается всяк слух"), არამედ ანგელოზებსაც ("Тайны глувины рожества твоего, ум Ангелъский ужасает Девоююю") და თვით ღვთისმშობელსაც ("Дивит Пререпорочная... странн чудо божественного Ти рожества"). ასე, რომ ეკლესიის სწავლებით მიუწვდომელია არა მხოლოდ ჩასახვა, არამედ მაცხოვრის შობაც ("Не постижимо образ Дево зачатия Твоего... без мужа рожество...") და სხვა.

მაცხოვარი გვერდიდან რომ დაბადებულიყო, ამის აღნიშვნა წმ. მამებს ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ და მისი გამოუთქმელი და მიუწვდომელი შობის შესახებ ამდენი ეპირთეტის მოხმობა არ დასჭირდებოდათ.

ამრიგად, წმ. მართლმადიდებლური ეკლესია ამ საგალობლებში გამოთქვამს იმ მტკიცებას, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის შობა გამოუთქმელია, მიუწვდომელია იმდენად, რომ ანგელოზნიც კი ძრწიან ამ საიდუმლოს წინაშე. არ ეშინია მხოლოდ ეპ. იონას, რომელიც საკმაოდ თამამად გამოთქვამს მეტად ადვილად წარმოსადგენ ვერსიას, "საკეისრო" შობას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის "გვერდის გარღვევით".

ამიტომაც, (თუ არ შეინანებს), მარტოოდენ ამ მკრეხელობისათვის შეიძლება ეს წიგნი თავის ავტორიანად გადაეცეს ანათემას და ყველა მისი მიმყოლიც დექვემდებარება ამ რისხვას! ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეურაცხყოფა გახლავთ სული წმიდის გმობა და მიუტევებელი შეცოდება.



გ) წმიდა ეზეკიელის წინასწარმეტყველება


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ ქრისტეს უბიწოდ ჩასახვისა და შობის მინიშნებად წმიდა მამებს მიაჩნიათ წმ. ეზეკიელ წინასწარმეტყველის სიტყვები, სადაც ნათქვამია:

"და მომაქცია მე გზისა მიმართ ბჭისა წმიდათასა გარეშისა, რომელი ჰხედავს აღმოსავალთა მიმართ, და იგი იყო დახშულ. და მრქუა მე უფალმან ბჭე ესე დახშულ იყოს და არა განეღოს და არცა განვინ-ვიდეს მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაელისაი შევიდეს და იყოს დახშულ... გზისა მისგან ელამავისა ბჭისა შევიდეს და მისივე გზისაგან გამოვიდეს" (სხვა ვარიანტით: "გზისაგან ელამისა ბჭისა შევიდეს და მისივე გზისაგან გამოვიდესს"). (ეზეკიელი 44:1-2. "ეზეკიელის წიგნის ძვ. ქართული ვერსიები. თბილისი 1976 გვ. 166-167).

თანამედროვე ქართულში ეს ადგილი ასე იკითხება: "დამაბრუნა საწმიდარის კარიბჭის გზით ჩრდილოეთისაკენ რომ არის მიქცეული. ჩაკეტილი იყო იგი. მითხრა უფალმა, ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება კაციშვილი ვერ შევა იქ რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება. კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზით გამოვა" (ეზეკ. 44:1-2).

ამ თარგმანებში აზრი ერთი და იგივეა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ძველქართულში საწმიდარის ბჭე, რომელშიაც შევა უფალი და იქიდანვე გამოვა, მიმართულია აღმოსავლეთისკენ, მაშინ როდესაც ახალქართულში, რომელიც როგორც ჩანს ნათარგმნია ებრაულ-მასორეტული ბიბლიის მიხედვით, "საწმიდარის ბჭე" მიმართულია ჩრდილოეთისაკენ და ეს ახალქართული თარგმანის დიდი ნაკლია.

თანამედროვე რუსულში ეს ადგილი ასე იკითხება: "И привал он меня обратно ко внешним вратам святилища, обращенным лицом на восток, и они были затворены; И сказал мне Господъ никакой человек не воидет ими, ибо Господъ бог израилев вошел ими, и они будут затворены... Войдет с притвора этих ворот и тем же путем выидет" (Библия. Брюсселъ. 1983 г.). იგივეა ნათქვამი სლავურშიც.

ამ გამოცემაში, მოცემული ადგილის კომენტარში, მითითებულია, რომ ამ ტექსტს (ეზეკ. 44:2) წმ. მამები განაკუთვნებდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ეს დასტურდება იმითაც, რომ მოცემული ადგილი ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან იკითხება როგორც პარემია, ღვთისმშობლის დღესასწაულთა წინადღეს. ზუსტად ასე იკითხება ეს ადგილი, მოსკოვში 1983 წ. გამოცემულ ბიბლიაშიც და რაც მთავარია XV ს. სლავურ, ოსტროგის (Острожская) ბიბლიაშიც. ა.პ. ლოპუხინის მოწაფეთა მიერ გამოცემულ ბიბლიაში, მოცემული ადგილის კომენტარში ვკითხულობთ, რომ "Православная Церковь... справедливо видит осуществление этого пророчества в воплощении Сына Божия от Пресв. Девы Марии и соблюдении ею вследствие этого присного девства, в виду чего место служит паремией на Богородичные праздники" (Библия толковая. Кн. 2. Т. VI. Изд. Второе. Стокголъм 1987 с. 505).

ამრიგად, საწმიდარის ბჭე, რომელიც არ გაიღება, ჩაკეტილი იქნება და კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება (ეზეკ. 44:1-2) - ყოვლადწმიდა ქალწულის უბიწოების სიმბოლოა, უხრწნელად შობის წინასახეა. ბჭე, - როგორც ეს ცხადყოფილია, - ქალწულობის ბეჭედია და არა "გვერდი". ეს არის სწორედ "საიდუმლო ბჭისა", საიდანაც გამოვიდა უფალი ისე, რომ ბჭე არ გაუღია" (ეზეკ. 44:1-3).

ამას გვიდასტურებს წმ. იოანე დამასკელი: "და უფალმა, როგორც თავისი ჩასახვისას დაიცვა წმიდა ქალწული უბიწოდ, ასევე თავისი შობის შემდეგაც შეუნარჩუნა მას ქალწულობა, მხოლოდ მან ერთმა განვლო დედის საშო (და არა "გვერდი" - ეპ. პ.) ისე, რომ არ დაუზიანებია იგი და "დახშულ იყო ბჭე ესე" (ეზეკ. 44:2). ჩასახვა (უფლის ანგელოზის ხარების) მოსმენით აღსრულდა, შობა კი ყველასათვის ჩვეულებრივი გზით.
ზოგნი მეზღაპრეობენ და იტყვიან თითქოსდა იგი იშვა ღვთისმშობლის გვერდიდან. ჩვენ კი ვიტყვით, რომ მისთვის არაფერი იყო შეუძლებელი ისიც, რომ დახშულ ბჭეთა შორის გასულიყო ისე, რომ არ დაეზიანებინა ბეჭედი" (მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა" წიგნი IVთ. მე-14).

იგივეს ბრძანებს ღირ. ეფრემ ასურელი: "... как Господъ вошел вратами заключенными, ТАКИМ ЖЕ ОБРАЗОМ И ИЗЩЕЛ ИЗ ДЕВСТВЕННОЙ УТРОБЫ..." (Творения т. VIII. Изд. Св. Троицко Сергиева Лавры "Отчий дом". 1995. "Толкование на четвероевангелие". с. 35). (... როგორც შევიდა უფალი დახშული ბჭით, ამგვარადვე გამოვიდა ქალწულებრივი წიაღიდან..." იხ. დასახ. წყარო).

სხვაგან იგივე მამა ბრძანებს, რომ ქრისტეს აღდგომაც მისი უბიწო შობის ნიშანია: "В воскресением своим уверяшъ Ты неверующих рождестве Твоем; потому что чрево матери Твоей пребыло заключенным, как запечатан был гроб".

ღირსი მამის თქმით, სული წმიდამ გამოსახა ძე დედის მუცელში და სული წმიდამვე განაღო საშო ქრისტეს შობისა, მაგრამ როგორ აღსრულა ეს ბეჭდის დაუზიანებლად კაცის გონებისათვის მიუწვდომელია (Творения т. 2. с. 282)ю წმ. მამის თქმით ღვთისმშობელში ზებუნებრივად ჩაისახა მაცხოვარი: "По пришествии Твоем, Святый зачала Тебя преестественно..." (Твор. т. V. с. 141), ხოლო შობისას, "დაარღვია წესი (შობის) ბუნებისა" (იქვე). "გონება იკარგება შენს გამოსვლებზე ფიქრში, უმდიდრესო" (იქვე გვ. 142).

"სმენით სრულად შესახლდა მუცელში ("во чрево") ღმერთი, და მუცლითგანვე წმიდად გამოვიდა ქვეყნად ღმერთკაცი" (იქვე გვ. 164).

ღვთისმშობელმა ზებუნებრივად შვა მაცხოვარი: "По пришествии Твоем, Святый, зачала Тебя преестественно..." (Твор. т. М. с. 141) დაარღვია წესი (შობის) ბუნებისა (იქვე). გონება იკარგება, შენს გამოსვლებზე ფიქრებში, უმდიდრესო (იქვე გვვ. 142) ეს არის "ახალი შობა" (იქვე გვ. 149).



დ) და კვლავ იმის შესახებ "რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის შობა ზებუნებრივი, ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელია


ღირსი მამა გვაფრთხილებს: "როდესაც უფლის შობისთვის გესმის ყურად იღე უსიტყვოდ და გონებით გულისხმაყავ რა თქვა გაბრიელმა. საღმრთო ძლიერებისათვის არაფერია შეუძლებელი" (გვ. 166).

ღირსი მამის ბრძანებით: "გამოუთქმელია შენი შობა და არავითარ ენას არ ძალუძს მისი გამოთქმა. უფლის ანგელოზთათვისაც კი მიუწვდომელია, ყოველგვარ სიბრძნეზე აღმატებულია, აღუწერელია და წარმოუდგენელია.
მაშ, ნუ გაბედავენ უგუნურნი, ყოველთაგან დაფარული შენი მიუწვდომელი შობის გამოკვლევას" (с. 172).

მაშასადამე, ეპ. იონა, რომელიც ამ ენით გამოუთქმელი და ანგელოზთათვისაც კი მიუწვდომელია შობის აღწერას შესდგომია, ყოფილა არა მხოლოდ მეზღაპრე, როგორც წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს, არამედ უგუნურიც.

საკითხავია, რატომ ვბედავთ ისეთი სასწაულისა და საიდუმლოს "აღწერას" და "გადმოცემას", რაც წმიდა მამებს ვერ გაუბედავთ, აღუწერელი და გამოუთქმელია?!!! რა არის ეს, საკუთარი "მიხვედრილობით" მოხიბლული კაცის გამბედაობა თუ უცოდინრობით გამოწვეული კადნიერება?! ამიტომაც გვაფრთხილებს ღირ. ეფრემ ასურელი, რომ "ნუ გაბედავენო უგუნურნი უფლის გამოუკვლეველი და ყველასათვის დაფარული შობის გამოკვლევას". (შეად: "Да не дерзают же безрассудные входитъ в исседование о Твоем всецело от всех скритом рождении" იქვე. გვ. 172).

მაშ, ასე წმიდა მამასთან ერთად ვიტყვით: "ირწმუნე გამოუძიებლად და მტკიცედ გჯეროდეს, რამეთუ ჭეშმარიტად ასე აღსრულდა ქრისტეს შობა" (ღირ. ეფრემ ასურელი. თხზ. გვ. 165).



დასკვნა


ამრიგად, თქმა იმისა, რომ ღვთისმშობელს "განერღვა გვერდი" და იქიდან შვა მაცხოვარი, შეიცავს ორ მწვალებლობას: 1. აკნინებს ღმერთის ყოვლისშემძლეობას და 2. დასაშვებად მიიჩნევს წმ. ქალწულის სხეულის (ამ შემთხვევაში ფერდის, გვერდის) გახრწნას (დაშლას ანუ გარღვევას). მაგრამ, წმ. მართლმადიდებლური ეკლესიის მამათა სწავლება ყოველივე ამას ეწინააღმდეგება. დასაჯამებლად დავიმოწმოთ რამოდენიმე ადგილი წმიდა მამათა თხზულებებიდან. კერძოდ, ჩვენთვის მეტად საინტერესოა ყოვლადწმიდა ქალწულის მიერ შობის აღსრულება განუხრწნელად:

1. ქრისტე ყოველგვარი გახრწნისა და ავადმყოფობათა გარეშე იშვა. ("Христос родился без истления и болезней". Преп. Ефрем Сирин. Твор. т. 2. стр. 293).

2. მარიამი დარჩა ქალწულად და დედად საშობაო ტკივილების გარეშე იქმნა ("Мария пребыла девою, соделавшисъ матерью без болезней рождения". იქვე. с. 283).

3. "იშვებოდა რა, შობის ტკივილების გარეშე გამოვიდა" (გვ. 282) ("Рождаясъ, имел без болезни мук").

4. "შვა ბუნებრივად, ისე რომ არაფერი განუცდია. ქალწულობის ბეჭედი არც ჩასახვით და არც შობით არ დარღვეულა" (იქვე) ("Родила естественно но ничего не потерпела; пачатъ девства не нарушена ни зачатием Христовым, ни рождением").

5. "ჩვენ ჩავისახებით ხრწნილებით და ასევე მშობიარობის ტკივილებში ვიბადებით, ხოლო ქრისტე ასე არ დაბადებულა. ის უმტკივნეულოდ დაიბადა, რამეთუ განუხრწნელად დაიცვა ბეჭედი (ქალწულობისა)". ("Мы как зачинаемся растлением, так и рождаемся болезнями. Но Христос не так родился. Он родился безболезненно, потому что печатъ не растленна" (с. 282).

6. მეტიც, წმიდა მარიამს ისეთი არაფერი განუცდია, რასაც დედაკაცები ჩვეულებრივ განიცდიან შობის ჟამს, იქნება ეს ჩვეულებრივი გზით შობა თუ მუცლიდან ე.წ. საკეისრო დაბადება; შობის ორივე ამ სახეს ხომ თან სდევს განხრწნა, გარღვევა, ტკივილი და სისხლდენა. წმიდა მამა კი გვასწავლის: "Мария ничего не потерпела как жена, рождаясъ не чревоболела как жена" (с. 280).

ამრიგად, შევიგნოთ წმიდა მამის შეგონება, თუ "უცნაური ღმერთის" (იხ. საქმე 17:23) შობის შემეცნება შეგვიძლია, მაშინ "ჩვენი ცოდნით გაუქმებულა ღმერთის ძლიერება" (იქვე გვ. 278) და თუკი, ისიც კი არ ვიცით, "როგორ გამოისახება ნიჟარაში მარგალიტი და როგორ იბადება" (გვ. 277) როგორ შევძლოთ ქრისტეს დაბადების წარმოდგენა?

ესეც არ იყო გვერდის გარღვევა შობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ყველა დედაკაცი ექვემდებარება, მაშინ როდესაც ღვთისმშობელთან მიმართებაში "დიდი რჯულის კანონი" ყველა დედაკაცისათვის ჩვეულ და დამახასიათებელ შობის წესსაც უარყოფს: "მშობიარობად იწოდება მშობიარობის ტკივილებით ყრმის შობა, რომელსაც თან ახლავს სისხლთდენა, რასაც როგორც ვფიქრობთ და უმეტესად კი ვერწმუნებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დაქვემდებარებული არ ყოფილა, რამეთუ ეს ბუნებრივი შობით მშობიარეთ მოსდით, მაშინ როდესაც ქალწულ მარიამში, რადგანაც მან მუცლად იღო სული წმიდისაგან ზებუნებრივად, შობაც უეჭველად ზებუნებრივი წესით აღესრულა. ამრიგად ღვთისმშობელისთვის შეურაცხყოფაა და არა პატივი, მისი გამოუთქმელი შობისათვის რაიმე იმდაგვარის მიკუთვნება, რაც ჩვეულებრივი წესებით მშობიარეთათვის არის დამახასიათებელი (იხ. VI მსოფლ. კრების 79-ე კანონი და მათე ბლასტარისის ალფავიტური "სინტაგმა". Москва 1996 с. 282. იხ. აგრეთვე წმ. ეფრემ ასურელი т. V с. 104).



აპოკალიპსისის ყალბი განმარტება


მაგრამ ეპ. იონას მცდარი შეხედულებები ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან მიმართებაში ამით არ მთავრდება. თავისი წიგნის 85-ე გვერდზე, მე-14 მუხლში ეპ. იონას მიერ მოცემულია აპოკალიპსისის მე-12 თავის პირველი მუხლის განმარტება, რომელიც უბიწო, უხრწნელი და უმტკივნეულო შობის უარმყოფელია.

ეპისკოპოსი იონა წერს: "როგორც ნახეთ, წმიდა მარიამს ღმერთი უშვია, მამა ღმერთის ერთადერთი ძე. თქვენ კი (ეუბნება ბაპტისტებს - ეპ. პ.) უსირცხვილოდ ტომარას შეადარეთ ბრწყინვალება, რომელზედაც ითქვა: "გამოჩნდა ცაში სასწაული დიდი: ქალი რომელსაც ემოსა მზე და მთვარე იყო მის ფეხქვეშ, და თავს ედგა თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი" (გამოცხ. 12:1).

როგორც ვხედავთ ბაპტისტებთან კამათში ეპ. იონა აპოკალიპსისის დამოწმებულ მუხლს ღვთისმშობლის ბრწყინვალებისა და პატივის ნიშნად მიიჩნევს. ეს მუხლი შეუძლებელია განეკუთვნებოდეს ღვთისმშობელს ორი მიზეზის გამო:

პირველი მიზეზი, რის გამოც მოცემულ ადგილს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ვერ მივაკუთვნებთ, არის აპოკალიპსისის დასახელებული მე-12 თავის მე-2 მუხლი, რომელიც პირველი მუხლის პირდაპირი გაგრძელებაა. პირველი მუხლის მოაზრება მეორის გარეშე შეუძლებელია. თავად განსაჯეთ: პირველ მუხლში ნათქვამია: "და სასწაული იყო ქუეშე ფერხთა მისთა და თავსა ზედა მისსა გვირგვინი ვარსკულავთა ათორმეტთაი".

ხოლო მეორე მუხლში ნათქვამია: "და მუცლად ეღო, და კიოდა სალმობისა და შობის ტკივილებისაგან" (აპოკალიპსისი 12:1, 2).

ამ მე-2 მუხლში სრულიად ცხადადაა აღწერილი მშობიარობის ტკივილები, მაშინ როდესაც, ყოვლად წმიდა ღვთისმშობელს, როგორც ეს ზემოთ არაერთხელ ვაჩვენეთ, მაცხოვრის შობის ჟამს არავითარი ტკივილები არ განუცდია.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა იმშობიარა უმტკივნეულოდ!!! და ამას, უპირველეს ყოვლისა თვით ესაია წინასწარმეტყველი დაადასტურებს: "ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა, ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი დაიბადა" (ეს. 66:7). მაშინ როდესაც, აპოკალიპსისი ამბობს, ("და მუცლად ეღო, და კიოდა სალმობისა და შობის ტკივილებისაგან") (აპოკალიპსისი 12:2). როგორ ფიქრობთ, განა მკრეხელობა არ იქნება ღვთისმშობელზე და სული წმიდაზე ვიფიქროთ ამდაგვარი რამ?

მეორე მიზეზი ქრონოლოგიური ხასიათისაა: წმ. მოციქული აქ, ამ თავში მომავალში მოსახდენ მოვლენებსაც აღწერს, ამგვარ მოვლენათა რიგს განეკუთვნება პირველი და მეორე მუხლიც, ამიტომაც აქ ქრისტე არ შეიძლება ყოფილიყო ნაგულისხმევი, რამეთუ იგი ამ წინასწარმეტყველებამდე ბევრად ადრე დაიბადა. ასე მსჯელობენ წმ. მამები და იქვე მიგვითითებენ თუ ვინ იგულისხმება დედაკაცში, რომელმან "მოცლად იღო და კიოდა სალმობისა, და შობის ტკივილებისაგან"?
ეს დედაკაცი - ეკლესიაა!

აი რას ბრძანებს წმ. ანდრია კესარიელი: "დედაკაცი ესე, რომელსა ემოსა მზე, არს ეკლესია, რომელსა ჰმოსიეს მზე იგი სიმართლისაი - ქრისტე, და გვირგვინი ათორმეტთა მათ მოციქულთა სწავლისაი არქვა თავსა მისსა. და სარწმუნოებაი არს ქუეშე მისსა, რომლისა სახე არს მთვარე, - რამეთუ ნოტაი არს ყოვლითურთ ბუნებაი მისი და ამისთვის სახე არს ნათლისღებისაი, რომელ იგი ზღუად წოდებულ არს, ნათელ-ღებულთა მათ განმბანელ და ეშმაკთა დამთქმელ".

რატომ კივის მშობიარე დედაკაცი? ანუ ეკლესია? "რამეთუ ყოველსავე ზედა კაცსა, რომელსა ეგულებოდეს შობად წლისაგან და სულისა, ელმის ეკლესიისა და იჭირვის ვიდრემდე გამოჩნდეს ქრისტე შობადსა მას ზედა, და იქმნას მშვინვიერი იგი სულიერი და შეიმოსოს ხატი იგი პირველი" (მე-2 მუხლის განმარტება).

ასე, რომ არც ანდრია კესარიელი და არც დიდი მეთოდე (პატრელი), რომელსაც ეყრდნობა თავის განმარტებებში წმ. ანდრია, არ იზიარებენ ზოგიერთთა აზრს (ასეთი მართლაც არსებულა), რომ გამოცხ. მე-12 თავის 1, 2-ე მუხლებში აღწერილი დედაკაცი თითქოსდა ღვთისმშობელია.

უარყოფილია ეს მოსაზრება სწორედ იმიტომ, რომ წმ. ანდრიას თქმით: "უფლის შობას არ შეესაბამება ეს შობა" ("...Великии мефодии, считая это не отвечающим рождению Господа, жену принимает за Церковъ...". Толк. на Апокалипсис). ჩვენის მხრიდან ამ განმარტებებს დავუმატებთ კიდევ იმას, რომ ამავე თავის სხვა მუხლებშიც (კერძოდ მე-4, 5 და მე-6) დედაკაცში კვლავ და კვლავ ეკლესიას გულისხმობენ წმ. მამები. კერძოდ:

" ...და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობაი მისი. და შვა მან ძე წული, რომელსა ეგულების მწყსაი ყოველთა წარმართთაი კუერთხითა რკინისაითა, და წარმატებულ იქმნა შვილი მისი ღმრთისა მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა - იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაითა გამოზარდონ იგი ათას ორას და სამოც დღე" (გამოცხ. 12:4-6).

ამ სიტყვების განმარტება ასეთია (მუხლი მე-4): "მარადის განდგომილი იგი (ე.ი. ეშმაკი სატანა - ეპ.პ.) წინაშე ეკლესიისა დგას, რათა რომელნი იგი იშვებიან მის მიერ, მორწმუნენი, შეჭამნეს და ეკლესიის მიერ ქრისტესა სდევნის (ე.ი. ეკლესიის დევნით თვით ქრისტეს დევნის - ეპ.პ.) რომელი იგი არს თავი ყოველთა მორწმუნეთა, და ამისთვისცა სავლეს არა ჰრქუა თუ, რად სდევნი მორწმუნეთა, არამედ რად მსდევნი მეო ("ამიტომაცო, ბრძანებს ანდრია, სავლეს ის კი არ უთხრა, ეკლესიას რად სდევნიო, არამედ რად მდევნი მეო" - ეპ. პ.) ხოლო წული არს ერი იგი, ძე ეკლესიისაი, რამეთუ გულისთქმათა მიერ არა შეიგინების, არამედ ახოვნად წინააღუდგების მათ".

(მუხლი მე-5): "მარადის თითეულისა მორწმუნისა მიერ, ქრისტესა შობს ეკლესიაი, რომელი იგი გამოისახვის მორწმუნეთა შორის, რომელი იგი ჰმწყსის წარმართთა, ...ჰმწყსიდესცა მერმეც მას აღდგომასა..."

მე-5-6 მუხლების განმარტება: "რამეთუ მათ დღეთა შინა ანტეს (ე.ი. ანტიქრისტეს - ეპ. პ) ბოროტისათა, რაჟამს ესრეთ ეკლესიაი იდევნებოდის, თავნი იგი და დიდნი სულითა ივლტოდიან უდაბნოდ, ვითარცა პირველ მოწამენი და მუნ იყოფოდიან სამსა მას და ნახეევარსა წელსა, რომელი იქმნების ათას ორას სამეოცისა დღისა მიერ, რომელსა შინა იყოს განსაცდელი იგი".

და ბოლოს, არ იქნებოდა უინტერესო აღგვენიშნა, რომ დედაკაცი, როგორც ეკლესიის სიმბოლო, ადრეული ქრისტეანობის ცნობილ ძეგლში, ჰერმესის " მწყემსშიც" არის მოცემული, სადაც ეკლესია მცხოვანი დედაკაცის სახითაა წარმოდგენილი (ჰერმესი. "მწყემსი" სიტყვა მართლ. სარწმუნოებისა. წიგნი I. თბ.1990 წ. გვ. 30).

ამრიგად, სახეზე გვაქვს ეპ. იონას (ერისკაცობაში მურთაზ ჩახავას) სამი უმძიმესი ერეტიკული სწავლება მაცხოვრის განკაცებისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ, სადაც, მას:

1) ეჭვი შეაქვს ღმრთის ყოვლისშემძლეობაში და ცდილობს რაციონალისტურად ახსნას მაცხოვრის შობა, რომელიც ანგელოზთათვისაც კი მიუწვდომელია.

2) დასაშვებად მიიჩნევს უფლის შობას გვერდიდან, რაც ეწინააღმდეგება წმ. წერილის წინასწარმეტყველებას (ეზეკ. 44:1-2) და ამ ადგილის წმ. მამებისეულ განმარტებას (რითაც სხვათა შორის არღვევს VI მსოფლიო კრების მე-19 კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსმა წმ. მამათა განმარტებები უნდა ასწავლოს მორწმუნე ერს და არ განმარტოს წმ. წერილი თვითნებურად).

3) დასაშვებად მიიჩნევს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სხეულის გახრწნას, დაშლას, დარღვევას და მის მიერ უფლის შობას ჩვეულებრივ დედაკაცთა მსგავსად (რაც ასევე რჯულის კანონის სწავლების საწინააღმდეგოა. კერძოდ იხ. VI მსოფლის კრების 74-ე კანონი. ასევე მათი ბლასტარისი ("სინტაგმა". იხ. ზემოთ).

"მაშ, ამის იქით ნურაფერს გამოიძიებ, და იმაზე უმეტესის თქმას ნუ მოითხოვ რაც უკვე ითქვა, და ნურც იკითხავ როგორ გამოსახა სულმა (წმიდამ), ყრმა ქალწულის საშოში! რამეთუ, თუკი შეუძლებელია დედის საშოში ჩვენი ბუნებითი გამოსახვის აღწერა, როგორ შევძლოთ იმისი ახსნა, რაც სული წმიდამ საკვირველად აღასრულა?" (Полное собрание творений Св. Иоанна Златоуста в 12 томах; том 7. Кн 1. Москва. 2000. с. 38) (ძვ. ქართ. "აწ უკვე უზეშთაეს ამისი ნუ აღხუალ, ნუცა უმეტეს თქმულისა ამისა ეძიებ;... რამეთუ უკუეთუ ჩვენისა ამის ბუნებითისა აგებულებისა სახესა გამოთარგმანებაი შეუძლებელ არს, თუ ვითარ შეჰმზადებს წესი იგი ბუნებითი აგებულებასა ხორცთასა საშოსა შინა დედისასა, ვითარ უძლოთ გულისხმისყოფად, ანუ გამოთქუმად საქმესა მას, რომელი სულმან წმიდამან აღასრულა" (წმ. იოანე ოქროპირი, "თარგმანები მათეს სახარებისაი". თარგმანი წმ. ეფთვიმე მთაწმინდელისა. წიგნი 1 თბილისი 1996. გვ. 66).

"ხოლო იმისათვის, რომ ზედმეტი ცნობისმოყვარეობით არ შეაწუხო მახარობელი, თავი გაინთავისუფლა ყოველივე ამისაგან და სასწაული უწოდა აღსრულებულს (ქრისტეს შობას - ეპ. პ.) და დაიდუმა" (Полн. Собр. Творю Св. Ин. Злат. т. 7. Кн. 1. с. 38). რითაც გვითხრა: "ნურას ეძიებთ ჩემგან უმეტესს, რადგან მხოლოდ ისღა ვუწყი, რომ ეს ყოველივე სული წმიდის ძალით აღსრულდა. ჰრცხვენოდენ მათ, რომელნიც ზებუნებრივი შობის საიდუმლოში წვდომას ცდილობენ (ძვ. ქართ. "ჰრცხვენოდენ მათ, რომელნი შობასა მას ზეცისასა გამოეძიებენ...")! თუკი არავის ძალუძს აღწეროს ის შობა, რომელიც კაცთა შორის იქმნა და ათასობით თვითმხილველი ჰყავს, ხილული და ხელშესახებია,
რაოდენ უგუნურნი უნდა იყონ ისინი, რომლებიც ცნობისმოყვარეობით იკვლევენ და ჯიუტად ცდილობენ გამოუთქმელ შობაში წვდომას? არც გაბრიელს (მთავარანგელოზს - ეპ. პ.), არც მათეს არ შეეძლოთ იმაზე უმეტესის თქმა, რომ შობილი (ქრისტე - ეპ. პ.) არის სული წმიდისგან; მაგრამ ის თუ როგორ ან რა სახით იშვა სულისაგან წმიდისა, ვერცერთმა მათგანმა ვერ გამოთქვა, რამეთუ ამის გამოთქმა შეუძლებელია. არც ის იფიქრო, რომ ყველაფერი გასაგებია შენთვის, როდესაც გესმის, რომ ქრისტე იშვა სულისაგან წმიდისა, რადგან მრავალი რამ ჯერ კიდევ დაფარულია ჩვენგან, მაგალითად, დაუტევნელი იგი და გარეშემოუწერელი (ღმერთი - ეპ. პ.) დედის საშოში როგორ დაეტია? ან, ყოველთა დამბადებელი და არსთა მყრობელი დედაკაცისგან როგორ იშვა, როგორ შობს ქალწული და ქალწულადვე როგორ რჩება?" (იქვე).

ამრიგად, "აქედან, და წმ. წერილის სხვა მრავალი ადგილიდან ცხადყოფილია, რომ (ქრისტემ - ეპ. პ.) ქალწულისაგან ჩვენი ბუნება მიიღო და დაიბადა, მაგრამ თუ როგორ იქმნა ეს, ან რა სახით, არ ჩანს (რუს. "не видно". იქვე გვ. 39.) (ძვ. ქართ. "ვითარმედ საშოისაგან ქალწულისა ბუნებაი ჩვენი მიიღო და უხრწნელისა მის დედისაგან ხორცეულ იქმნა სულისა მიერ წმიდისა. ესე უწყით და მეცნიერ ვართ. თუ ვითარ იქმნა ესე, ანუ რომლითა სახითა, არღარა საცნაურ არს,
არცა ვეძიებთ, ნუცა თქვენ ეძიებთ, არამედ რაი-ესე გამოგუეცხადა, შეიწყნარეთ და რაი იგი დაგუეფარა, ნუ ეძიებთ" ("თარგმანები..." თბ. 1996. წ. ტ. რ. გვ. 68).

ამიტომაც, თუ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით ვიტყვით: "რაიზომ უბადრუკ და უგუნურ და ცოფ არიან, რომელნი გამოუკვლეველსა მას და მიუთხრობელსა ეძიებენ და გამოიკულევენ" ("თარგმანები..." თბ. 1996. წ. ტ. 1. გვ. 66).

ზოგიერთათთვის გაუგებარია, თუ რატომ არის შეუძლებელი მაცხოვრის შობისათვის ღვთისმშობლის გვერდის გარღვევა. ძალზედ მოკლედ რომ ვთქვათ ამ შეკითხვას წმ. მამები ასე პასუხობენ:

ადამის ცოდვის დაცემამდე მიწა უბიწო და დაუმუშავებელი იყო (დაბ. 2:5), მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ ის დაიწყევლა (და ადამიანის საარსებოდ საჭირო შეიქმნა მისი დამუშავება). ამიტომაც, როგორც ცოდვით დაცემის შემდეგ საჭიროა მიწის განრღვევა და თესლის ჩათესვა აღმოსაცენებლად და საზრდოდ (შეად. დაბ. 3), მსგავსადვე, ცოდვით დაცემის შემდეგ, უფალმა დედაკაცთა ქალწულებრივი ბჭის განრღვევა და დედაკაცის წიაღში მამაკაცის თესლის ჩათესვა დაუშვა, რათა არ ამომწყდარიყო კაცთა მოდგმა.

უფალმა დედაკაცს უთხრა: სატანჯველის გაგიმრავლებ და გაგიგრძელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე (დაბ. 3:16). მაგრამ, იმისათვის რათა ამ ცოდვის წყევისგან გამოსყიდულიყო კაცთა მოდგმა, თვით სიტყვა ღმრთისა განკაცდება უბიწო ქალწულისგან და უხრწნელად და უბიწოდ იშვება. წმ. ირინეოს ლიონელი ბრძანებს: "როგორც პირველქმნილი ადამის სხეული უბიწო (ქალწულებრივი) და დაუმუშავებელი (განურღვეველიმ - ეპ. პ.) მიწისაგან იყო აღბული, "რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცს არ დაუმუშავებია მიწა" (დაბ. 2:5). (ციტატა დამოწმებულია ისე, როგორც მოტანილი აქვს წმ. ირინეოსს - ეპ. პ.). და შექმნილი იყო უფლის ხელით, კერძოდ, ღვთის სიტყვის მიერ, რამეთუ "ყოველივე მის მიერ იქმნა" (იოანე 1:3), უფალმა აიღო მტვერი მიწისაგან და ადამიანი შექმნა, - ასევე იმისთვის რათა (თვით უფალი) შექმნილიყო მეორე ადამად, თვით სიტყვა ღმერთი იშვება უბიწო ქალწულ მარიამისაგან და ჭეშმარიტებით აირჩია მან თავისთვის ამგვარი შობა, რაიც საჭირო იყო დაცემული ადამის აღსადგენად" (Св. Ириней Лионский Творения Пятъ книг. Обличения и опровержения лжесменного знания 1996. кн. III. Москва с. 303-304).

"მაშ თუკი ის (ადამი - ეპ.პ.) აღებულ იქნა (უბიწო) მიწისაგან და შექმნილ იქნა ღვთის სიტყვის მიერ, ჯეროვანი იყო თვით სიტყვაც, რომელსაც თავის თავში დაცემული ადამი უნდა აღედგინა, თავისი შობით მიმსგავსებოდა ადამის შობას" (იქვე. გვ. 304).

ამიტომაც არის, რომ უბიწო, გაურღვეველი, დაუმუშავებელი, დაუთესველი მიწა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეპითეტად გამოიყენება საეკლესიო ლოცვებში (მაგალითად. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკაფისტო, სტიქარონები ხარებისა და აკაფისტოსი. გალობა მე-3 ტროპარი 1. გალობა მე-4 ტროპარი მე-3. გალობა მე-5 ტროპარი "დიდებაზე". მე-6 იკოსი. იკოსი მე-9).

ამრიგად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის შობა ენით გამოუთქმელი სასწაულია და ის, ვინც შეეცდება ამ სასწაულში წვდომას ან მის რაიმე სახით წარმოდგენას, წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა მამათა თქმითნ არის:
"სულელი, უგუნური, უბადრუკი და განცოფებული". ჩვენი მეზღაპრე ეპ. იონა კი, მაცხოვრის ენით გამოუთქმელი და თვით ანგელოზთათვისაც მიუწვდომელი შობის აღწერით, თავისუფლად შეგვიძლია ჩავაყენოთ ამგვარი კატეგორიის ადამიანთა რიგში.

ხოლო ჩვენ ერთ, წმიდა მართლმადიდებლურ, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიასთან ერთად ვიტყვით:

"რიტორთა მრავალ-ხმათა, ვითარცა თევზთა უხმოთა, ვხედავთ შენდამი, ღვთისმშობელო, რამეთუ, უღონო არიან თქმად, თუ ვითარ ქალწულადაცა ჰგიე, და შობად შეუძლე, ხოლო ჩვენ, საიდუმლოსა ამის ძლით განკვირვებულნი, სარწმუნოებით გხმობთ: გიხაროდენ, სიბრძისა ღვთისა სავანეო; ფილოსოფოსთა სულელად გამომაჩინებელო; გიხაროდენ, სიტყვა-ხელოვანთა უსიტყვობისა მამხილებელო; გიხაროდენ, რამეთუ სულელ იქმნეს მრავალღონენი გამომეძიებელნი; გიხაროდენ, რამეთუ დასჭნეს მოქმედნი იგი ზღაპართანი... გიხაროდენ, სძალო უსძლოო" (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკაფისტო იკოსი მე-9).


ღმერთის უცვალებლობისა და ადამიანის სულის წარმომავლობის შესახებ


ეპ. იონას წიგნის ("რა უნდა ვაკეთოთ" თბ. 1994 წ.) 25-ე გვერდზე (§ 9:3) ავტორი ასეთ მტკიცებას გვთავაზობს: "სული უკვდავია, რადგან იგი არის უკვდავი ღმერთის სულის ნაწილი, რომელიც ჩაჰბერა თიხისგან შექმნილ ადამიანს".

ჩვენი კომენტარი: მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით ღმერთი უცვალებელია! ღმრთის უცვალებლობა ეს ისეთი თვისებაა, რომლის მიხედვით, არსებითად, ის ყოველთვის ერთი და იგივეა!

ამის შესახებ ცხადად გვასწავლის წმიდა წერილი:

"დასაბამითგან დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან" (ძვ. ქართ.: "დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ" (ფსალმ. 101:25-27. შეად. ებრ. 1:11-12).

ის, რომ ღმერთში არ არის აჩრდილიც კი ცვალებისა, მოწმობს წმ. მოციქული იაკობი, რომელიც ბრძანებს: "ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი" (ძვ. ქართ.: "ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ") (იაკობ. 1:17).

თვით უფალი, წმ. წინასწარმეტყველ მალაქიას პირით ბრძანებს: "მე უფალი არ ვიცვლები" (მალაქ. 3:6).

ეკლესიის წმ. მამები და მოძღვრები ღმრთის აბსოლუტურ უცვალებლობას ყველა მიმართებაში მიაწერდნენ. ასე ასწავლიდნენ: დიონისე არეოპაგელი (I-II ს.), თეოფილე (III ს.), ორიგენე (III ს.), წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.), ავგუსტინე (V ს.) და სხვები.

წმიდა მამათა სწავლებით არსების ცვლილებას აუცილებლად თან სდევს სხვადასხვა ხასიათის მდგომარეობათა თანმიმდევრობა, მაშინ როდესაც ღმერთში შეუძლებელია სხვადასხვა მდგომარეობანი არსებობდეს; ან ღმერთი იყოს სხვადასხვა ხასიათის განსხვავებულ მდგომარეობაში, რამეთუ ღმრთის არსება უცვალებელია.

ცვალებადობა შესაძლებელია უკეთესისკენ ან უარესისკენ, მაგრამ ღმერთში არც ერთი შეიძლება იყოს და არც მეორე; ანუ, თუ ღმერთი უკეთესისკენ, ანუ სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის, მაშინ თავად არ ყოფილა აბსოლუტურად სრულყოფილი. ხოლო თუ უარესისკენ მიდის, მითუმეტეს, - რამეთუ ღმერთი სრულიად სრულყოფილია.

არსებაში ცვალებადობა შესაძლებელია სრულდებოდეს ან რაიმე (თვისობრივი ან რაოდენობრივი) მატებით, ან კიდევ შემცირებით, მაგრამ ღმერთში რაიმეს მატება, ან მოკლება (შემცირება) ყოვლად შეუძლებელია, რამეთუ ღმერთი განუზომელია და აბსოლუტურად უნივთოა (წმ. გრიგოლ ნოსელი. "ევნომეველთა წინააღმდეგ". წმ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი I. თ. მე-8).

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს მტკიცება, რომ რადგანაც ღმერთი არის მარტივი, შეუდგენელი, ყოვლადძლიერი და მარადიული არსება, შეუძლებელია მის არსებას გამოეყოს რაღაც ნაწილი და შეეყოს სხვა არსებას. ღმერთის არსება განუყოფელია!

ადამიანის სული უკვდავია არა იმიტომ, რომ ღმერთმა მას "თავისი სულის ნაწილი შთაჰბერა", არამედ იმიტომ, რომ მან საერთოდ არა მოკვდავად შექმნა ადამიანი (იხ. კართაგენის კრების განწესება 109-ე). ადამიანში ქმნილებაა არა მხოლოდ ხორცი (სხეული), არამედ სულიც, ამდენად, ეს უკანასკნელი შეუძლებელია იყოს "ღმერთის სულის ნაწილი".

წმ. იოანე დამასკელი წერს, რომ სული ადამიანის სხეულთან ერთად შეიქმნა... (მართლ. სარწმ. ზუსტი გადმოცემა. წიგნი II. თ. 12). ასევე, ქმნილებად მიიჩნევს ადამიანის სულს წმ. მაკარი დიდიც: "როგორც ადამიანის საცხოვრისად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა, ასევე სხეული და სული კაცისა შექმნა ღმერთმა თავის სამკვიდრებლად... (და) ჰყავს მშვენიერი პატარძალი, საყვარელი სული (კაცისა), რომელიც შექმნილია მის ხატად" (Наставления св. Макария Великого. Добротолюбие. Т. 1. Св. Троицко-Сергиева Лавра. 1992 г. с. 155).

იგივე წმიდა მამა მაკარი დიდი განმარტავს: "მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებზე კი არ უთქვამს ღმერთს "ვქმნეთ ხატად და მსგავსებად ჩვენდა"-ო (დაბ. 1:26), არამედ ადამიანის გონიერ არსზე ბრძანა, - ვგულისხმობ უკვდავ სულს კაცისა" (იქვე. გვ. 156).

ყური მივაპყროთ ღირ. მაკარი დიდის კიდევ რამდენიმე გამონათქვამს:

"სული - უდიადესი და უსაკვირველესი ქმნილებაა. იმგვარად ჰქმნა იგი ღმერთმა, რომ არავითარი ბიწი არ მოიპოვებოდა მასში, პირიქით (თავისი) სულის სათნოების ხატად შექმნა" (იქვე § 6).

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ღმერთმა უკვე ქმნილი მატერიისგან გამოსახა სხეული და მას სიცოცხლე მიანიჭა (რაც ღმრთის სიტყვაში დასახელებულია სულად, ანუ ღმრთის ხატად) (Сл. 45. Твор. св. отец. IV, 157).

წმ. იოანე დამასკელის თქმით: "ღმერთმა მიწისგან გამოსახა სხეული, ხოლო გონიერი და მეტყველი სული თავისი შთაბერვით მიანიჭა" (მართლ. სარწმ. ზუსტი გადმოცემა. წიგნი II. თ. 12).

წმ. მაკარი დიდის განმარტებით: "ყველა გონიერი ქმნილება, - ანგელოზებს, კაცის სულს და დემონებს ვგულისხმობ, - ღმერთმა უბიწო და მარტივ არსებებად შექმნა (Наставления § 14. Добротолюбие. Т. 1, с. 157).

ღირ. მაკარი დიდი პირდაპირ გვასწავლის, რომ "ადამიანის სული საღმრთო ბუნებისგან კი არ არის, ან მზაკვარის ბუნებისგან, არამედ გონიერი ქმნილებაა და ხატია ღმრთისა" (იქვე. § 19).

დასასრულ, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია მართლმადიდებლობის დიდი მნათობის, წმ. იოანე ოქროპირის განმარტება, რომლის თქმითაც: "ზოგიერთნი, როდესაც ისმენენ საკითხავს, სადაც ნათქვამია: "შთაბერა" ამტკიცებენ, თითქოსდა სულები ღმრთის არსებიდან იყონ წარმოქმნილნი. ამგვარ უგუნურებაზე უარესი რა იქნება?" (XIII ჰომილია დაბადების წიგნზე).

ამრიგად, სული ღმრთის ქმნილებაა და არა საღმრთო ბუნების ნაწილი. სულის ბუნება შექმნილია, ხოლო წმ. წერილის ხატოვანი გამოთქმა: "შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა" ნიშნავს, რომ ღმერთმა ადამიანის შექმნისას მასში თავისი მადლი დაამკვიდრა" (იქვე).

ამდენად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თქმა იმისა, რომ ადამიანის სული "ღმერთის სულის ნაწილია", მაგრამ სამწუხაროდ, ავტორი ამ აზრს ბეჯითად ადგას და მისით წმ. წერილის სხვა ადგილსაც კი განგვიმარტავს: "ბიბლიაში ნათქვამია: "თქვენ ღმერთნი ხართ" - მართლაც, ეს ადამიანების ღმერთობას კი არ ნიშნავს, - წერს ავტორი, - არამედ სახიერ (? - ეპ. პ.) მსგავსებასთან ერთად, იმ ღვთიური სულის წილადობას, რომლის შთაბერვით თიხა იქცა სიცოცხლედ" ("რა უნდა ვაკეთოთ". გვ. 160. § 43, 98).

ადამიანისა და ღმერთის "სახიერ" მსგავსებაზე ქვემოთ დაწვრილებით ვილაპარაკებთ, აქ კი ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ნეტარ ავგუსტინესთან ერთად აღვნიშნავთ: "სახელწოდებით "შთაბერა" საღმრთო არსების რაიმე ნაწილი კი არ იგულისხმება, როგორც ეს კედრონსა და მარკიონს (II ს. გნოსტიკოსი მწვალებლები - ეპ. პ.) ეგონათ, არამედ სულის, როგორც გონიერი არსების თვისება აღინიშნება" (Христианское чтение. 1844 г. IV. 216, 221 ციტ. Догматическое богословие митр. Макария. с. 430).

რაც შეეხება იმას, რომ წმ. წერილში "ღმერთებად" ადამიანებიც იწოდებიან, ადამიანთა მადლისმიერ განღმრთობას ნიშნავს და არა "ღვთიური სულის წილადობას". იოანეს სახარებაში უფალი ბრძანებს: "განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?" (იოანე 10:34 შეად. ფსალმ. 82:6). ძველ აღთქმაში ეს სიტყვები მიმართული იყო მსაჯულთადმი, რომლებიც მეტაფორულად იწოდებოდნენ "ღმერთებად", რამეთუ "სასჯელი - ღმრთისაი არს" (2 რჯლ. 1:17; 19:17). "ღმერთად" ყოფნა აქ მოსეს საღმრთო ძლიერებით შემოსვის ტოლფასია (იხ. библия. Брюссель. 1983 г., изд. второе. Жизнь с Богом, с. 1865). ღმერთმა ამ სიტყვებით აღუთქვა მოსეს, რომ "როგორც მეფენი მხოლოდ ღმერთს ექვემდებარებიან, ასევე დაუქვემდებარებდა მას ფარაონს" (Библия толковая. с. 3. 1904-1907, с. 294).

ამრიგად, როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში ადამიანები "ღმერთებად" იწოდებიან მათი მსახურებისა და დანიშნულებისდა მიხედვით ან კიდევ ადამიანური ბუნების მადლისმიერი განმღრთობის ძალით, რაც ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აღსრულდა (სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ ახალაღთქმისეულ მღვდელმთავრებს, - ეპისკოპოსებს, - იგივე ღვთიური ეპითეტებით ამკობენ, რაც ასევე მათი დანიშნულებიდან გამომდინარეა (იხ. მაგ., ღირ. ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლეები), მაგრამ არსად, წმიდა მამათაგან არავის, არასოდეს განუმარტავს გამოთქმა "თქვენ ღმერთები ხართ" ისე, თითქოსდა ეს სიტყვები ღმერთთან ადამიანის ბუნებრივ თანაზიარობას, ან ადამიანისთვის ღმრთის სულის წილადობას ნიშნავდეს.

ცხადია, რომ აქ ადგილი აქვს წმ. წერილის მეტად არაზუსტ და მწვალებლურ განმარტებას. ესეც არ იყოს, თუკი ადამიანის სული ღმერთის სულის ნაწილია, ადამიანი ღმერთის თანაარსი ყოფილა, მაშინ როდესასც, ვიცით, რომ ღმერთის თანაარსი მხოლოდ ძე და სულიწმიდაა.

ამრიგად, ამ მუხლში წიგნის "რა უნდა ვაკეთოთ" ავტორს, ეპისკოპოს იონას ძველი გნოსტიკოსების - კედრონისა და მარკიონის მწვალებლობა და უდიდესი უგუნურება გაუმეორებია.


ღმრთის ხილვის შესახებ


მე-12 თავის მე-7 მუხლში ვკითხულობთ:


"რანაირად შეიძლებოდა ადამიანს წარმოედგინა ღმერთი მთელი თავისი სისავსით, თუკი იგი თავად არ წარმოუდგენდა თავს? " (გვ. 28).

კომენტარი: კი, მაგრამ, იმ დროს, როდესაც თვით სერაფიმებიც კი ღმრთის სრული დიდების ხილვის ვერ შემძლებელნი, სახეს იფარავენ, განა შეუძლია ადამიანს იხილოს ღმერთი "მთელი თავისი სისავსით"?

ღმრთის სისავსის ხილვა არცერთ გონიერ, ქმნილ არსებას არ შეუძლია! ღმერთი ყოველთვის მიუწვდომელი არსებაა იმისთვის, რომ ვინმემ სთქვას, თითოსდა მისი სისავსის ხილვა (ან წარმოდგენა) იყოს შესაძლებელი.

უფრო მეტიც, ღმერთმა მართლაც რომ გამოუცხადოს საკუთარი თავი ვინმეს მთელი თავისი სისავსით, ვერცერთი ქმნილება ვერ გაუძლებს ამ ჩვენებას. ღმერთი, ამა თუ იმ ქმნილებათათვის თავის თავს აცხადებს იმ ზომით, რა ზომითაც ძალუძთ მათ ამისი დატევნა.

წმ. იოანე დამასკელი ამბობს: "ღმერთი რომ არსებობს ცხადია, მაგრამ ჩვენთვის მიუწვდომელია და უცნობია ის თუ რა არის იგი არსებითად და ბუნებით... ღმერთი უსაზღვრო და მიუწვდომელია და მხოლოდ ეს - ანუ მისი უსაზღვროება და მიუწვდომლობაა მისაწვდომი".

წმ. კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: "ჩვენ შეგვიძლია სიტყვებით გადმოვცეთ მხოლოდ ის, რასაც ადამიანის ბუნება იტევს და რისი ტვირთვაც ძალუძს ჩვენს უძლურებას. ამიტომაც არ შეგვიძლია ავხსნათ რა არის ღმერთი... ღმერთთან დაკავშირებით ყველაზე დიდი ცოდნა ის არის ვაღიაროთ, რომ უმეცარნი ვართ. "კი მაგრამ, - შემომედავება ვინმე, - განა არა წერილ არს: "ანგელოზნი ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს" (მათე 18:10)? მაგრამ ანგელოზები ხედავენ ღმერთს არა ისეთს, როგორიც ის არის თავისთავად, არამედ იმ ზომით, რა ზომითაც ძალუძთ მათ ამის დატევნა, რამეთუ თვით უფალი იესუ ბრძანებს: "არა იმიტომ, რომ ვინმეს უხილავს ღმერთი, გარდა იმისა, ვინც ღმრთისაგან არის; მხოლოდ მან იხილა მამა" (იოანე 6:46). ამიტომაც, ანგელოზები ხედავენ ძალისაებრ მათისა და მთავარანგელოზნიც იმდენად, რამდენადაც შემძლებელ არიან ხილვად, ხოლო საყდარნი და უფლებანი ამათზე უმეტესად ხედავენ, თუმცა იმაზე ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე ეს ღმრთის ღირსებას შეეფერება, ხოლო ჯეროვნად ღმრთის ხილვა შეუძლია მხოლოდ ძეს სულიწმიდასთან ერთად, რადგანაც ის "ყოველსავე გამოიძიებს" და იცის "სიღრმე ღმრთისა" (1 კორინთ. 2:10) (წმ. კირილე იერუსალიმელის კატექეტური სიტყვა. ჰომ. 6-ე).

ეპ. იონას წიგნის დამოწმებული მუხლებიდან ცხადი ხდება, რომ ღმრთის არსზე მას საკმაოდ პრიმიტიული წარმოდგენა ჰქონია, რაც, სხვათა შორის, მისი ანტოპომორფული შეხედულებებითაც დასტურდება. თუმცა ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика