პატერიკი - პავლე თებაიდელი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

წმ. პავლე თებაიდელი

(ხს. 15 /2 8 იანვარს)

წმ. პავლე თბაიდელი

წმმ.  ონუფრი დიდი, პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი
(მარცხნიდან მარჯვნივ)


შიშის მომგვრელია აფრიკის უდაბნოთა ერთფეროვანი და უსიცოცხლო პეიზაჟი! ღრმა ხეობებით გადასერილი უზარმაზარი სივრცეები, მუქი კლდეები, ყვითელი ქვიშით მოფენილი უსაზღვრო დაბლობები... სამარისებურ მდუმარებას მხოლოდ ველურ ცხოველთა ღრიალი ან ქარბორბალასგან ცამდე სვეტად აზიდული ქვიშის ღრუბლის გრგვინვა არღვევს, რომელიც მცხუნვარე მზის მკაფიო შუქზე ცეცხლოვან სვეტად გეჩვენება და წარმოუდგენელი სისწრაფით მიექანება ქვიშის უსამანო ოკეანეში... მთელი წლის განმავლობაში მზე აცხუნებს, აშრობს ჰაერს და ქვიშასა და კლდეებს ავარვარებს. მხოლოდ აქა იქ თუ შეგხვდება კლდიდან მოწანწკარე წყაროს წყლით მორწყული ოაზისები. პალმებითა და მიმოზის ბუჩქებით დაბურულნი კეთილისმყოფელ სინესტეს რომ ინარჩუნებენ და თავისი სიმწვანით ახალისებენ საშინელი ერთფეროვნებით გადაღლილ მზერას.

მეწამული ზღვის ახლოს, უკიდურესად გაუდაბურებულ ადგილას, ზღვის დონიდა თითქმის ათას ფუტზე ველური კლდეა აღმართული. ამ კლდის წვეროდან იხილვება უდიდესი პეიზაჟი: სინა და ხორები, თებაიდის მთები, უსაზღვრო უნაყოფო დაბლობები, ნილოსით გაცოცხლებული ეგვიპტის დაბლობების მწვანე ლენტი. ამავე კლდის ძირას მოედინებოდა პატარა მდინარე, პალმებისა და ბუჩქების სიმწვანეში ჩაკარგული. სწორედ ამ ადგილებში მრავალი წელი იღვწოდა ღმრთის მიერ სულიერი მჭვრეტელობითა და სასწაულმოქმედების ნიჭით დაჯილდოებული დიდი ანტონი, რომელსაც ერთხელ შთაეგონა ასეთი აზრი: "არა არს სხვა დაყუდებული ჩემს გარდა ამ უდაბნოში!" მაგრამ იმავე ღამეს ზეგარდმო ეუწყა, რომ უდაბნოს მეორე კიდეში ცხოვრობს სხვა დაყუდებული, რომელიც მასზე მეტად სრულყოფილია.

- მრწამს ჩემი ღმრთისა! - შესძახა ანტონიმ როგორც კი გაიღვიძა, - ის მიჩვენებს მე მონას, რომელიც ვიხილე ღამით...

მცხოვანმა ანტონიმ, ოთხმოცდაათ წელს რომ იყო მიღწეული და უკვე სამოცდაათი წელი უდაბნოში მოღვაწეობდა, აიღო კვერთხი, და მხნედ გაუდგა გზას. რაც უფრო შორს მიდიოდა, მით უფრო საშინელი ხდებოდა უდაბნო. წმინდანი ხშირად ველურ ცხოველთა ნაკვალევსაც გადაეყრებოდა ხოლმე. მთელი დღე იარა მოსაგრემ. აჰა, ღამეც წამოეწია, უკაცრიელი უდაბნოს გამჭვირვალე ცაზე ვარსკვლავებიც აკიაფდნენ... რიჟრაჟმაც გზად მოუსწრო და მეორე დღეც მიიწურა მწუხრისკენ... მაგრამ არ ჩერდება ანტონი, არც დაღლას გრძნობს, უზენაესის ძალია მისი გამამხნევებელი.

დადგა მესამე დღე და ცისკრის ლოცვის ჟამს შორს, გამოქვაბულისკენ მქროლავ გიენას მოჰკრა თვალი. ანტონი მის კვალს მიჰყვა: შინაგანი ხმა კარნახობდა, იქ უნდა ეპოვა სანატრელი მცხოვანი. სულის განიხარა მოსაგრემ, მაგრამ როდესაც გამოქვაბულს მიადგა, უკუნი სიბნელე შემოეფეთა. მცირედ დაიცადა, სული მოითქვა და ხელის ფათურით განაგრძო გზა. ასე იარა მანამ, სანამ შორს ოდნავ მბჟუტავი ნათელი არ იხილა. გახარებულმა ნაბიჯს უმატა, მაგრამ სიჩქარით ქვას წამოჰკრა ფეხი. როგორც კი მოგზაურის მოახლოება იგრძნო, დაყუდებულმა ბერმა კარები ჩარაზა.

ანტონის დაკაკუნებაზე დუმილით უპასუხეს. დიდხანს აკაკუნებდა ანტონი, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, მიწაზე დაემხო და დიდხანს ევედრა  უცნობ მოსაგრეს, გაეღო კარი.

- საიდან ხარ? - გაისმა ხმა მღვიმიდან, - და აქ რისთვის მოხვედი?

- ო, მე ვიცი, - შესძახა ანტონიმ, - რომ არა ვარ შენი ნახვის ღირსი, მაგრამ თუკი ველურ მხეცებს არ ერიდები, ნუთუ ადამიანს მოერიდები და არ შეხვდები? დიდხანს გეძებდი, და გიპოვე კიდეც, აქ შენი კარების ზღურბლთან მოვკვდები, შენი დასამარხი ვიქნები...

- არავინ ითხოვს დამუქრებით...

ამ სიტყვებით მღვიმე გაიღო და ორი მცხოვანი მოღვაწე ძმურად მოეჭდო ერთურთს.

- ანტონი! - შესძახა პავლემ.
- პავლე! - უპასუხა ანტონიმ.

თვით ღმერთმა აუწყა მათ ერთმანეთის ვინაობა. მხურვალე მისალმების შემდეგ პავლემ დახრილი პალმის ჩრდილქვეშ, წყაროსთან მოასვენა სტუმარი.

- რისთვის აგიღია ესოდენ უდიდესი ღვაწლი? ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ გენახა ერთი დაბერებული, ნახევრად ჩამომხმარი მოხუცი, რომელიც შეიძლება მტვერივით დაიშალოს შენს წინ?

ანტონი სიხარულნარევი გაკვირვებით, მდუმარედ უცქერდა საკვირველ მეუდაბნოვეს, რომელსაც უკვე ოთხმოცდაათი წელი გაეტარებინა მარტოობაში, ორმოცდაათი წელი არ ეხილა ძე ხორციელი და ამ ხნის განმავლობაში ხმაც კი არ სმენოდა კაცთა მოდგმისა.

- მითხარი, როგორ ცხოვრობს კაცთა მოდგმა? კიდევ აშენებენ შენობებს ძველ ქალაქებში? ვინ არის ამჟამად მსოფლიოს მმართველი და როგორი მმართველია იგი? კიდევ თუ ბოგინობენ კერპთმსახურნი?...

უეცრად მათ ფეხებთნ ყვავი მოფრინდა და ნისკარტით პური მოიტანა.

- აი უფალმა ტრაპეზიც მოგვიწყო, თქვა პავლემ. - ჭეშმარიტად გულუხვი და მოწყალეა იგი! სამოცდათხუთმეტი წელია ყოველდღიურად ნახევარ პურს მიგზავნის, ამჟამად კი შენ მესტუმრე და ქრისტემ თავის მხედრებს გასამრჯელო გაუორმაგა...

მცხოვანებმა მოკრძალებული ტრაპეზის მისაღებად წყაროსთან მოიკალათეს და დაიწყო პავლემ თავისი საკვირველი ამბავი...

პავლე დაიბადა ქვემო თებაიდაში, დაახლოებით 228 წ. ქრისტეს შობიდან, ალექსანდრე სევეროზის მეფობისას (222-235). მისმა მშობლებმა, როგორც ღმრთის მოშიშმა ქრისტეანებმა, ქრისტეანული სულისკვეთებით აღზარდეს თავიანთი შვილი. საკმაო სიმდიდრის პატრონებმა მცდელობა არ დააკლეს, ყრმისათვის ჯეროვანი სამედიცინო განათლება მიეცათ, ბერძნულ და რომაულ მეცნიერებებს და მათ საგანძურს აზიარეს. მაგრამ საერო მეცნიერებებმა ყრმა უმთავრესს ვერ მოწყვიტეს, ვერ ჩააქრეს მასში სულის ცხოვნებისა და გულის განწმენდისკენ სწრაფვა და ღვთის სიყვარული. ახალგაზრდა პავლე ამსოფლიურ სიკეთეთადმი სიყრმიდანვე გულგრილი იყო და ყოფითი საკვრელებისგან სულის განთავისუფლებას ელტვოდა...

15 წლისას მშობლები გარდაეცვალა. სიკვდილის წინ დიდძალი ქონება პავლესა და მის უფროს დას გადაუნაწილეს, რომელიც იმხანად გათხოვილი იყო. დაახლოებით ამ დროისთვის დაიწყო ქრისტეანთა საშინელი დევნა, რომელიც დეციუსის (249-251) და ვალერიანეს (253-259) პერიოდებშიც მძვინვარებდა. დევნა განსაკუთრებული სიმძლავრით დაატყდა თავს ეგვიპტეს და თებაიდას. საშინელ ტანჯვა-წამებათა მხილველმა პავლემ გადაწყვიტა, სადმე  დამალულიყო, სანამ ეს ჭექა-ქუხილი გადავიდოდა. თუმც სარწმუნოებისადმი გულგრილობისა და შიშის გამო კი არ მოიქცა ასე: უდიდესმა თავმდაბლობამ შთააგონა მას, ჯერ კიდევ განუმტკიცებელს, თავი აერიდებინა მოწამეობრივი გვირგვინისთვის; ისიც არ არის გამორიცხული, რომ თვით უფალს, რომელიც ერთგულ მონათა სულების განმკარგულებელია, სხვა მოწოდება გაემზადებინა მისთვის...

პავლემ მშობლიურ სოფელთან მომიჯნავე მინდორში დაიმალა. და აი, იმ დროს, როდესაცს თავი უსაფრთხოდ იგრძნო, უმძვინვარეს მტრებად ექცნენ შინაურები. პავლეს ხარბმა სიძემ განიზრახა, ხელისუფლებისთვის ჩაებარებინა იგი, რათა თავისი ცოლისძმის მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ მისი კუთვნილი ქონება მიესაკუთრებინა. ვერც ცოლის ცრემლებმა, ვერც ნათესაობამ, ვერც ღვთის შიშმა, ვერც პავლეს უშურველობამ ვერ გადაათქმევინა მას ეს ბოროტი განზრახვა. დამსმენი ჯიუტად იდგა თავისაზე. როდესაც პავლემ დისგან ყოველივე გაიგო, გადაწყვიტა, ველურ ცხოველთა შორის ეძებნა თავშესაფარი, რადგან ადამიანთა შორის სიმშვიდე ვერ ჰპოვა.

უდაბნოში გასული პავლე ერთხანს საზოგადოებაში დაბრუნებასიმედოვნებდა, ელოდა როდის ჩაცხრებოდა ქუხილი და გადაივლიდა ჯავრი. მაგრამ, უდაბნოს საშინელებებს თანდათანობით მიეჩვია, მდუმარების სიტკბოებაც იგემა და უფრო ღრმად შესახლდა უკაცრიელ უდაბნოში და იქ დაისადგურა კლდესთან, ზედ დახურულ შესასვლელიანი მღვიმე რომ მოჩანდა. იქვე მოწანწკარებდა წყარო, პატარა მდინარის მასაზრდოებელი. პავლემ გააღო შესასვლელი, მოძებნა პალმის ფოთლები და იმით გამოქვაბულის სიღრმეში ჩაკარგული მღვიმის შესასვლელი დაფარა. როდესაც ირგვლივ მიმოიხედა, პავლე დარწმუნდა ეს ადგილი ოდესღაც ადამიანებით დასახლებული უნდა ყოფილიყო. გამოქვებულის ახლოს მოჩანდა ნასახლარები, აქა-იქ სამუშაო იარაღებიც მიეყარათ: საჭრეთლები, ჩაქუჩები, უროები. ცხადი იყო, რომ დევნულების დროს იქ ვიღაც იმალებოდა.

- თვით უფალმა მიბოძა ეს ადგილი საცხოვრებლად! - შესძახა პავლემ.

რა ენას ძალუძს მოგვითხროს წმ. პავლეს ღვაწლზე აფრიკის უნაყოფო უდაბნოში? ვის შეუძლია, აღრიცხოს ცრემლთა მდინარენი, მოთქმანი და გოდებანი?... მჭვრეტელობის საკვირველი ნიჭი, ცხოველთა მორჩილება, სასწაულებრივი დაპურება, მიგვანიშნებენ, რომ უდაბნოში მისი ცხოვრება იყო უფრო ანგელოზური, ვიდრე კაცობრივი. ვნებათაგან გათავისუფლებულმა და გულგანწმენდილმა, ღმრთის საიდუმლოებებში ჩაღრმავებულმა და სულიერი სისპეტაკის უმაღლეს საფეხურზე ამწვერვალებულმა მდიმარე კაცის ღმერთთან ურთიერთობისა და ღმერთში ყოფნის მთელი მადლმოსილება მიიღო.

მხოლოდ საკუთარი წმინდანთა ცხოვრების მცოდნე ეკლესიას თუ ძალუძს მთელი მათი ღვაწლისა და მოსაგრეობის აღწერა. წმიდა პავლე - პირველი მეუდაბნოვე! მისი მდუმარებითი ცხოვრების ღვაწლი - ეს არის გზა ცადმავალი, რომლის დასაბამსაც მან ჩაუყარა საფუძველი. ღმრთივსასურველს მიაპყრო მან თავისი მზერა, ამსოფლიურს განშორებულმა მხოლოდ უზენაესი შეიყვარა. თავდადებით აღვსილმა და ღმერთს მინდობილმა ღმრთისადმი განიპყრო ხელნი და მთელი თვისი ცხოვრებით მხოლოდ მას ესათნოებოდა. სათნოებათა მწვერვალლს მიეწიფა საბოლოოდ, რადგან სულიერი აღმაფრენის საწყისები დაიმკვიდრა სულში. ხორციელ დაავადებათა დათმენით ჩააცხრო ეკალნი ვნებათანი. კეთილი მოღვაწეობით, გალობასა და მარხვაში, ლოცვებს და მღვიძარებაში გალია თავისი დღენი. თავშეკავების ცვარით აქრობდა ვნებათა ღუმელს და ხორციელ აღძვრას იშრეტდა მარხულობით. ღვთისადმი შიშით ჯვარს აცვა საკუთარი თავი. საკვირველ ხილვათა სამყაროში მიფრინავდა უფალში მცხოვრები, საღმრთო სიყვარულის ცეცხლით დაწვა ვნებათა ეკლები და ესოდენ უდიდეს ღვაწლთა ნაყოფად მოიმკა: სულის სიმშვიდე, ვნებათაღელვის დაცხრომა, უკიდურესი მარხვით ფრთებგამოსხმულმა მიაღწია ქრისტეს უშფოთველ ნავთსაყუდელს, ეწვია სულიწმიდის მადლი, სულის სიხარული, საღმრთო შვება. მოიმკო პირუტყვთა მორჩილება, ღმრთისადმი ლოცვითი, უბროროტო კადნიერება და ზეციური ცხოვრება სამოთხეში...

ხორციელი სიბრძნის მოყვარება სულს რომ დაუმორჩილა, მტერმა ვერა დააკლო რა; ვნებათააღძრულობა ჩააცხრო მარხულობით, ამიტომაც, ღირსქმნილი გახარებული ღაღადებდა: კურთხეულ ხარ შენ სამარადისოდ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო... სრული თავშეკავებით რომ განიწმინდა, ღმრთისა და სულის საცხოვრისად და ანგელოზთა თანამოქალაქედ წარმოჩინდა ყოვლადნეტარი. ზეციერ ძალთა თანამოსაუბრე იყო ღმერთში დამკვიდრებული და საღმრთო შეწევნის გამოთხოვის მადლიც მოხვეჭილი ჰქონდა ღმრთის წინაშე, ყორნის მიერ მოტანილი ზეციური პურით იკვებებოდა ილიას მსგავსად და გონისმიერ იეზაბელს განეშორა - ქრისტეს საფარველში.

ღმრთითგაბრძნობილი იოანე წინამორბედივით მოშურნე იყო მმარხველობით, მასთანავე ღირსქმნილია საცხოვრებლად მომავალ ნეტარ ცხოვრებაში, სამოთხედ აქცია უდაბნო და მასშივე წარემატა ყოველი სათნოებით...

ასე ადიდებს წმიდა ეკლესია უდიდეს მეუდაბნოვეს, მაგრამ უეჭველია, რომ სტუმართან, წმიდა ანტონისთნ უღრმესმა თამვდაბლობამ დაადუმა პავლეს ბაგე. მხოლოდ ეკლესიის ხმამ გვაუწყა საიდუმლო უდაბნოსი...

როგორც კი თავისი ცხოვრების შესახებ თხრობა დაამთავრა, პავლემ ანტონის უთხრა:

- აწ ჩემი მიძინების ჟამიც დადგა. ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი, მიწით რომ დაჰფარო ჩემი სხეული.

ცრემლით შეჰვედროდა ანტონი - არ მიეტოვებინა და თან წაეყვანა ზეციურ საცხოვრისში.

- არა! - შეეპასუხა პავლე,- შენ ჯერ კიდევ უნდა იცხოვრო ძმათა კეთილდღეობისთვის. ახლა კი წადი შენს სავანეში და მოიტანე სამოსი, რომელიც გაჩუქა ეპისკოპოსმა ათანასემ.

მდუმარედ უსმენდა ანტონი, მის თვალთაგან შეუჩერებლივ მოედინებოდა ცრემლის ნაკადული. პავლეს ხელსა და თვალებს უკოცნიდა... დიდხანს ვერ მოსწყვიტა მზერა საკვირველ დაყუდებულს... საბოლოოდ, უღრმესი მწუხარებით გამობრუნდა უკან სავანეში.

- სად იყავი, მამაო, ამდენ ხანს? - ეკითხებოდნენ უკან მობრუნებულს მოწაფენი.

- ვაი, ჩემნაირ ცოდვილს! - მოთქვამდა და ცრემლად იღვრებოდა მოხუცი; მე ბერი ვყოფილვარ მხოლოდ სახელდებით... მე ვიხილე ილია, მე შევხვდი იოანეს - ჭეშმარიტად მე ვნახე პავლე სამოთხეში... და ანტონიმ დაუყოვნებლივ აიღო სამოსი, რათა კვლავ უკან, უდაბნოში დაბრუნებულიყო. საკუთარ თავში ჩაძირული, უკვე მეორე დღეა, რაც გზაზეა და უეცრად საკვირველი ხილვა წარსდგა მის თვალწინ... წინასწარმეტყველთა მთელი დასი... წმიდა მოციქულნი... და ნეტარი პავლე... ნათელი მიუწვდომელი, გალობა ზეციური, საკვირველნი ხმანი, ენით გამოუთქმელნი...

- რატომ მიმატოვე, პავლე! - შესძახა აქვითინებულმა ანტონიმ,- რად არ მიბოძე უკანასკნელი ამბორი?

და დაემხო პირქვე შუა უდაბნოში, თავზე მტვერი დაიყარა, და აქვითინდა. მწარე გოდება ისმოდა უდაბნოში...

მიწიდან ამდგარი ანტონი, ნაცნობ მღივმესთან მისვლას ჩქარობს, მაგრამ ამას რას ხედავს? ნეტარი პავლე, ცად ხელაპყრობილი ლოცვად დგას, როგორც ცოცხალი; გახარებული ანტონი ათრთოლდა, გაექანა წმინდანისკენ იმ იმედით, რომ ცოცხალს იხილავდა, მაგრამ მიუახლოვდა თუ არა იხილა, რომ ლოცვად დგას პავლეს მხოლოდ სხეული, სული კი ცაშია გადასახლებული... და კვლავ ცრემლი და მოთქმა-გოდება...

მოკრიბა რა სიმხნევე, ანტონიმ შემოსა მოღვაწის სხეული და მღვიმიდან გამოასვენა. ფსალმუნთა გალობამ გაახმიანა უტყვი უდაბნო, სამგლოვიარო გალობით აივსო ბუნება...

უდაბურია შემოგარენი, კლდოვანია და სიცხით გამომშრალი მიწა, როგორ და რითი გაგითხარო საფლავი?

საკვირველი პავლე თვით დაეხმარა ანტონის და პირუტყვნი შეჰკრიბა მესაფლავეებად: მოულოდნელად უდაბნოში ორი ლომი გამოჩნდა, რომლებიც თათებით შეუდგნენ საფლავის თხრას. თვალცრემლიანმა, ურიცხვი ამბორის შემდეგ დაასაფლავა მოღვაწე, ხოლო მისი პალმის სამოსი თვითონ დაიტოვა.

მალე პასექის ბრწყინვალე დღეებიც დადგა, აჰა, სულთმოფენობაც მოახლოვდა, ანტონი კი... პალმის ფოთლებისგან შეკრული ტანისამოსით იმოსება, ეს ტანისამოსი ხომ სამეფო ბისონზე უბრწყინვალესი და უძვირფასესია...

"ღმერთმა ასარჩევად რომ მომცეს, - წერს - ერთი ცნობილი საეკლესიო მწერალი, - უმალ პავლეს ძონძებს ავირჩევდი მის ღვაწლთან ერთად, ვიდრე სამეფო მოსასხამსა და სამეფო პატივს მის სამფლობელოებთან ერთად"...

ნეტარი პავლეს ხსენებას ეკლესია 15 / 28 იანვარს ზეიმობს.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика