პატერიკი - მარიამ ეგვიპტელი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ცხოვრება ღირსისა დედისა ჩვენისა მარიამ ეგვიპტელისა

(ხს. 1 /14 აპრილი)

წმ. მარიამი მეგვიპტელი

წმ. მარიამ ეგვიპტელი


"საიდუმლო მეფისა კეთილ არს დამალვად, ხოლო საქმენი უფლისა ღმრთისანი - მითხრობად პატიოსნად. იქმოდეთ კეთილსა და ბოროტმან არა გპოვნეს თქვენ" (ტობ. 12:7), - ასე უთხრა მთავარანგელოზმა რაფაელმა ტობიას, როდესაც სასწაულებრივად განკურნა სიბრმავისგან. მართლაც, მეფის საიდუმლოს გამჟღავნება საშინელია და დამღუპველი, მაგრამ უფლის საკვირველ საქმეთა მიჩქმალვა დიდი დანაკარგია სულისთვის. ამიტომაც აღვწერე ღირსი მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება, - ამბობს წმ. სოფრონი (1), - რომ ვშიშობდი, დავიწყებას არ მისცემოდა ღმრთის სასწაული და, მაგონდება რა სასჯელი, რომელიც ემუქრება იმ მონას, მისთვის მიბარებული ტალანტი რომ დამალა (მათე 25:18,25), არ შემეძლო, არ გადმომეცა ჩემამდე მოღწეული წმინდა ამბავი.

ნურავის ეგონება, - აგრძელებს წმ. სოფრონი, - რომ გავბედე სიცრუის აღწერა. თუკი ვინმე ამ საკვირველი ამბის გამგონე განცვიფრდება. არ არის ჯეროვანი, იცრუო სიწმინდეზე; ხოლო თუ მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წაიკითხავენ ამ გადმოცემას და საოცარი ამბით გაკვირვებულნი არ დაიჯერებენ, უფალი მოწყალემც ეყოს მათ, რადგან ისინი - რაკიღა ადამიანური უძლურებისამებრ განსჯიან, - შეუძლებლად მიიჩნევენ იმ საკვირველ საქმეთა სინამდვილეს, რომელიც წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება. ახლა კი, დროა შევუდგეთ ჩვენს მოდგმაში აღსრულებული საკვირველი ამბის თხრობას.

პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა მხცოვანი ბერი; იგი სიყრმის ასაკიდან მოყოლებული ორმოცდაცამეტი წლის შესრულებამდე მოღვაწეობდა კესარიის მახლობლად ერთ-ერთ მონასტერში და ღვთისმოსავი ცხოვრებითა და გონიერებით იყო შემკული. მხცოვანს ზოსიმე ერქვა (ეს ზოსიმე არავის შეეშალოს მწვალებელ ზოსიმეში. მათ მხოლოდ სახელი აქვთ ერთნაირი, სხვა მხრივ კი მათ შორის დიდი განსხვავებაა. პირველი - ვისზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, - მართალი და უფლის მიერ განდიდებული იყო, მეორე კი მწვალებელი, ცუდი რეპუტაციის მქონე და ეკლესიისგან განდგომილი). ზოსიმემ გაიარა მმარხველობითი მოსაგრეობის ყველა საფეხური და იცავდა ყველა განწესებას, რომელიც უდიდესი ბერების მიერ არის გადმოცემული. ასევე, არასოდეს წყვეტდა წმინდა წერილის შესწავლას. ერთი სიტყვით, იწვა თუ იდგა, მუშაობდა თუ საჭმელს ჭამდა (თუ შეიძლება საჭმელი ეწოდოს იმ უმცირეს საკვებს, რასაც ის ღებულობდა), განუწყვეტლივ და მუდმივად ერთ საქმეს ასრულებდა - გალობდა საღმრთო საგალობლებს და საღმრთო წიგნებში სულისთვის მარგებელ სწავლებებს ეძიებდა. ამგვარი ღვაწლის შემდეგ ღირს ზოსიმეს გაუჩნდა აზრი, რომ უკვე მიაღწია სრულყოფილებას და მეტად აღარ საჭიროებს დარიგებას.

"არის კი - ფიქრობდა ზოსიმე, - დედამიწაზე ბერი, რომელიც შეძლებს, დამარიგოს და მიჩვენოს მმარხველობითი ღვაწლის ისეთი მაგალითი, რომელიც მე ჯერ არ გამივლია? მოიპოვება კი უდაბნოში კაცი, რომელიც ჩემზე მეტია?"

ასე ფიქრობდა მხცოვანი, როდესაც გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა:

"ზოსიმე! შენ იმდენად გულმოდგინედ იღვაწე, რამდენადაც ეს კაცის ბუნებას შეუძლია, სახელოვნად გაიარე მმარხველობითი ღვაწლი. მაგრამ არ არის კაცი, ვისაც საკუთარ თავზე შეეძლოს თქმა, რომ უკვე მიაღწია სრულყოფილებას. არის ისეთი ღვაწლიც, რომელიც შენ არ იცი და შენ მიერ გავლილ ღვაწლზე ურთულესია. იმისთვის, რათა გაიგო, რამდენია გზა მოსაგრეობისა, რომლებსაც ცხოვნებასთან მივყავართ, დატოვე შენი ქვეყანა, როგორც ერთ დროს სახელოვანმა პატრიარქმა აბრაამმა (დაბ. 12:1) და წადი მონასტერში, რომელიც მდინარე იორდანის პირასაა".

ზოსიმე მიჰყვა ამ დარიგებას, გამოვიდა მონასტრიდან, რომელშიც სიყრმის ასაკიდან მოსაგრეობდა, იორდანესკენ გაემართა და მივიდა იმ მონასტერში, საითაც წარმართა ის უფლის ხმამ.

მონასტრის კარი რომ შეაღო, ზოსიმემ კარიბჭის მცველი ბერი დაინახა და თავის შესახებ მოუყვა. ბერმა სტუმრის მობრძანება იღუმენს აუწყა, რომელმაც მხცოვანი თავისთან მიიპატიჟა. ზოსიმე შევიდა იღუმენთან, ჩვეულებისაებრ, ბერული თაყვანი აღასრულა და ილოცა.

- საიდან მოსულხარ, ძმაო, - ჰკითხა მას იღუმენმა, - და რისთვის გვწვევიხარ ჩვენ, უმდაბლეს მხცოვნებს?

ზოსიმემ მიუგო:

- არა აქვს მნიშვნელობა, საიდან მოვედი; გეახელით კი იმისთვის, მამაო, რომ ვეძებ საკვებს ჩემი სულისთვის, რადგან მრავალი საქებარი მსმენია თქვენზე, ისეთი, რასაც შეუძლია ღმერთთან სულის მიახლება.

- ძმაო, - უპასუხა იღუმენმა, - მხოლოდ ღმერთს ძალუძს ჩვენი სულიერი უძლურებების განკურნება; ნურც შენ და ნურც ჩვენ ნუ დაგვიტევოს ღმერთმა, ხოლო კაცს არ ძალუძს კაცის განკურნება, თუკი ის განუწყვეტლივ არ შეიცნობს თავის თავს და დაუზარებლად, ღმრთის შეწევნით, არ შეუდგება სულის საცხოვნებელ მოსაგრეობას. მაგრამ, რადგან ქრისტეს სიყვარულმა აღგძრა ჩვენს სანახავად, დარჩი ჩვენთან, რაკი ამისთვის მოსულხარ. მწყემსმა კეთილმა, რომელმაც სული თვისი დადო ცხოვართათვის, გვიწყალობოს ყველას მადლი სულიწმიდისა.

ამ სიტყვების შემდეგ ზოსიმემ თაყვანი სცა იღუმენს, ითხოვა კურთხევა და მონასტერში დარჩა. აქ მან იხილა მრავალი მხცოვანი, ისინი ბრწყინავდნენ კეთილი საქმეებითა და ღვთისმოსაობით; რომლებიც გულმხურვალედ, განუწყვეტელი ლოცვით, მღვიძარებითა და მუდმივი შრომით ემსახურებოდნენ უფალს. გამუდმებით გალობდნენ, ლოცულობდნენ; მათგან ვერ გაიგებდი ფუჭ სიტყვას, არაფერი იცოდნენ წარმავალ სიკეთეთა და ამა წუთისოფლის საზრუნავის შესახებ. გამუდმებით ესწრაფოდნენ საკუთარი ხორცის მოკვდინებას. მათი უმთავრესი და განუწყვეტელი საკვები - ღმრთის სიტყვა. ხორცს პურითა და წყლით ჰკვებავდნენ, თანაც იმდენად, რამდენადაც თითოეულს ამის ძალას აძლევდა ღმრთის სიყვარული. ამის მხედველი ზოსიმე თვითონაც სწავლობდა და მომავალი მოსაგრეობისთვის ემზადებოდა.

გავიდა დრო და დიდი მარხვაც მოახლოვდა, მონასტრის კარები ჩაიკეტა; კარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღებდნენ, თუკი ვინმეს სამონასტრო საქმეზე გაგზავნა დასჭირდებოდათ. ეს იყო უდაბნო ადგილი სადაც არათუ არ მოდიოდნენ ერისკაცები, არამედ არც კი უწყოდნენ მისი არსებობის შესახებ.

ამ მონასტერში გამეფებლი იყო ჩვეულება, რის გამოც მოიყვანა აქ ზოსიმე ღმრთის განგებამ. დიდი მარხვის პირველ კვირას, ლიტურგიაზე, ყველა ეზიარებოდა უფლის პატიოსან ხორცსა და სისხლს და მიირთმევდა მცირეოდენ საკვებს; მერე ყველანი იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ხანგრძლივი, მუხლმოყრითი ლოცვების შემდეგ ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ; მიდიოდნენ იღუმენთან და მომავალი სამოგზაურო ღვაწლისთვის მისგან კურთხევას იღებდნენ. ამის შემდეგ იღებოდა მონასტრის კარები და ფსალმუნის გალობით - "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?" (ფსალმ. 26:1), იორდანეს გაღმა უდაბნოში გადიოდნენ. მონასტერში რჩებოდა ერთი ან ორი მხცოვანი, თანაც არა ქონების დასაცავად, - მოსაპარი იქ არაფერი იყო, - არამედ იმისთვის, რომ ეკლესია არ დარჩენილიყო ღმრთისმსახურების გარეშე. წამსვლელთაგან თითოეულს თან მიჰქონდა მცირედი საკვები, რამდენიც შეეძლო, საკუთარი ხორციელი მოთხოვნილების მიხედვით: ზოგს მხოლოდ მცირედი პური მიჰქონდა, სხვას - ლეღვის ნაყოფი, ვის - ფინიკი ან წყალში დალბობილი ხორბალი. ზოგს საერთოდ არაფერი მიჰქონდა, ტანზე ჩაცმული სამოსის გარდა, და, როდესაც მოშივდებოდა, უდაბნოს ბალახეულობით იკვებებოდნენ.

იმის შემდეგ, რაც იორდანეს გადავიდოდნენ, ყველანი სხვადასხვა მხარეს გაუყვებოდნენ და არავინ იცოდა, როგორ მარხულობდა ან იღვწოდა მისი ესა თუ ის თანამოძმე. თუ გზად გადაეყრებოდნენ განზე გადაუხვევდნენ და განუწყვეტელ ლოცვასა და მარტოობაში აგრძელებდნენ გზას.

ასე ატარებდნენ ბერები მთელ დიდ მარხვას და მონასტერში ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ბზობის დღესასწაულისთვის, ბზით ხელში ბრუნდებოდნენ (2). მოსულები ძმათაგან არც ერთი არ ეკითხებოდა მეორეს, როგორ გაატარა ეს დრო უდაბნოში და რას საქმიანობდა, რადგან მსაჯულად მხოლოდ საკუთარი სინდისი ჰყავდათ. ასეთი იყო იორდანისპირა მონასტრის განაწესი.

ზოსიმეც, იმ მონასტრის ჩვეულების თანახმად, გადავიდა იორდანეზე, ხორციელი უძლურების გამო აიღო მცირე საკვები და ის ტანისამოსი, რომელიც მუდმივად ეცვა და უდაბნოში ხეტიალით აღასრულებდა თავის სამლოცველო ღვაწლს, ამასთან, შეძლებისდაგვარად თავს იკავებდა საკვებისგან. სადაც დაუღამდებოდა იქ იძინებდა ცოტა ხანს, მიწაზე მჯდომი, დილით ადრე კი ისევ თავის ღვაწლს შეუდგებოდა. ზოსიმეს სულ უფრო და უფრო იზიდავდა უდაბნოს სიღრმე, რადგან სურდა მოეძებნა იქ განდგომილი ბერი, რათა მისგან სულისთვის სასარგებლო დარიგება მიეღო.

ამ ღვაწლის დროს ზოსიმე თითოეულ ჟამნზე (იგულისხმება საეკლესიო ჟამნები - მთარგმნ.) ჩერდებოდა და ლოცულობდა. ერთხელაც, ის იყო, თორმეტდღიანი მწირობის შემდეგ, შეისვენა, აღმოსავლეთისკენ შებრუნდა და მეექვსე ჟამის გალობა დაიწყო (3), რომ უეცრად თითქოს მარჯვენივ ადამიანის აჩრდილი გაილანდა. ზოსიმეს შეეშინდა და, რადგან ეს ეშმაკის მანქანება ეგონა, პირჯვრისწერა დაიწყო. როდესაც შიშმა გაუარა და ლოცვა დაასრულა, სამხრეთისკენ მიიხედა და დაინახა, რომ მის შორიახლოს, მზისგან გარუჯული შიშველი ადამიანი იდგა, თოვლივით თეთრი თმით, რომლებიც მხოლოდ მკერდამდე წვდებოდა. გახარებული ზოსიმე იმ მხარეს გაიქცა, საითკენაც ადამიანს მოჰკრა თვალი, რადგან დიდი ხანი იყო, რაც არათუ კაცი, პირუტყვიც კი არ ენახა. მაგრამ, როდესაც ამ ადამიანმა დაინახა, რომ ზოსიმემ შეამჩნია და მიახლოებაც დააპირა, გაიქცა და უდაბნოს სიღრმეში მიიმალა. ზოსიმეს თითქოსდა დაავიწყდა თავისი სიბერე და დაღლილობა და გაქცეულს გაეკიდა, მაგრამ უცნობი კვლავ გაურბოდა. როგორც იქნა ზოსიმე უცნობს ხმის მისაწვდენ მანძილზე წამოეწია და ცრემლმორეულმა შესძახა:

- მონაო ღმრთისავ, რომლისთვისაც დასახლებულხარ უდაბნოში, რად მიილტვი ჩემგან, ცოდვილი მოხუცისგან? დამიცადე მე უღირსსა და უძლურს! შეჩერდი, ილოცე ჩემთვის და ღმრთის გულისთვის, რომელიც ყველა მისთან მისულს შეიწყნარებს, მიბოძე კურთხევა.

ასე შესძახებდა უცნობს მიდევნებული და ატირებული ზოსიმე. ამ დროს, მათ მიაღწიეს ღარტაფს, დამშრალი მდინარის კალაპოტის მსგავს ადგილს. გაქცეულმა მეორე მხარეს მიაშურა, დაუძლურებული ზოსიმემ კი, რომელსაც უკვე ძალა აღარ ჰქონდა, უმატა მოთქმა-ვედრებას და შეჩერდა. მაშინ შეჩერდა ზოსიმესგან გაქცეული უცნობი, მოუბრუნდა მას და უთხრა:

- ამბა (4) ზოსიმე! მომიტევე ღმრთის გულისთვის, რომ არ შემიძლია წარვდგე შენს წინაშე: დედაკაცი ვარ და, როგორც ხედავ, შიშველი. მაგრამ, თუ გსურს, მიბოძო მე, ცოდვილს, შენი ლოცვა-კურთხევა, გადმომიგდე რაიმე შენი შესამოსელიდან, რათა სიშიშვლე დავიფარო და მაშინ მოვალ შენთან და კურთხევას ავიღებ.

შიშმა და ძრწოლამ მოიცვა ზოსიმე, როდესაც ესმა საკუთარი სახელი იმ ადამიანისგან, რომელიც არასოდეს ეხილა და რომელზეც არასდროს არაფერი სმენოდა.

"შორსმჭვრეტელი რომ არ იყოს, - იფიქრა მან, - სახელს არ მეტყოდა".

მსწრაფლ შეასრულა ზოსიმემ უცნობის თხოვნა, გაიხადა ძველი, გაცრეცილი ტანისამოსი და ზურგშექცეულმა გადაუგდო უცნობს. ქალმა სამოსი აიღო, ჩაიცვა და, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, სიშიშვლე დაიფარა. შემდეგ მიუბრუნდა ზოსიმეს და ასეთი სიტყვებით მიმართა:

- რატომ ისურვე, ამბა ზოსიმე, ჩემისთანა ცოდვილი დედაკაცის ხილვა? გინდა, რაიმე ისმინო ან ისწავლო ჩემგან და ამიტომ არ დაიზარე, შედგომოდი ასეთ მძიმე გზას?

ზოსიმე მიწაზე დაეცა და სთხოვა მას კურთხევა. უცნობმაც მოიდრიკა თავი, მიწამდე მოიხარა და ასე ორივე, მიწაზე გართხმულები ითხოვდნენ ერთმანეთისგან კურთხევას; მხოლოდ ერთი სიტყვაღა ისმოდა: - "მაკურთხე"! ხანგრძლივი დროის შემდეგ უცნობმა დედაკაცმა უთხრა მხცოვანს:

- ამბა ზოსიმე! შენ უნდა მაკურთხო და დამლოცო, რადგან შემოსილი ხარ სამღვდლო ხარისხით და უკვე მრავალი წელია ატარებ საღმრთო საიდუმლოებებს და ემსახურები უფლის საყდარს.

ამ სიტყვებმა მხცოვანი კიდევ უფრო შეაშინა და ცრემლად დაღვრილმა მხცოვანმა, ათრთოლებული ძლივს რომ მოთქვამდა, დედაკაცს უთხრა:

- ო, სულიერო დედაო! ღმერთს იმდენად მიახლებიხარ, რომ ხორციელი გულისთქმები მოგიკვდინებია. ღმრთის ნიჭი შენზე უფრო გაცხადებულად გამოვლინებულა, ვიდრე ჩემზე: არასოდეს გინახივარ და სახელით მომმართავ, არ მიცნობ და იცი, რომ მღვდელი ვარ. ამიტომაც უმჯობესია, შენ მაკურთხო ღმრთის გულისთვის და შემავედრო უფალს.

მხცოვანის დაჟინებით გულაჩვილებულმა დედაკაცმა აკურთხა ის ასეთი სიტყვებით:

- კურთხეულ არს ღმერთი, რომელსაც ნებავს კაცთა ცხოვნება!

ზოსიმემ "ამინით" უპასუხა და ორივე წამოიმართა. მაშინ დედაკაცმა ჰკითხა მხცოვანს:

- ღმრთის კაცო! რად ისურვე შიშველი და ყოველგვარ სათნობათაგან განძარცული დედაკაცის ხილვა? მაგრამ სულიწმიდის მადლმა მოგიყვანა, რათა, როდესაც საჭირო იქნება, ყველას აუწყო ჩემი ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ. მითხარი, მამაო, როგორ ცხოვრობენ ამჟამად ქრისტეანები, მეფე და წმიდა ეკლესია?

- თქვენი წმინდა ლოცვებით - უპასუხა ზოსიმემ, - ღმერთმა მტკიცე მშვიდობა მიამადლა ეკლესიას (5). მაგრამ მოიღე წყალობა და ევედრე უფალს მთელი ქვეყნისა და ჩემთვის, ცოდვილისათვის, რათა უნაყოფოდ არ ჩაიაროს უდაბნოში ჩემმა ხეტიალმა.

- ჯეროვანია, მამაო ზოსიმე, - უპასუხა მან, - როგორც მღვდელმსახურმა, შენ ილოცო ყველასთვის და მათ შორის ჩემთვისაც; რადგან სწორედ ეს არის შენი მსახურება. თუმცა მორჩილების მცნებისა და მოვალეობის გამო შევასრულებ შენს თხოვნას.

ამ სიტყვებზე ის აღმოსავლეთისკენ შებრუნდა, აღაპყრო თვალები, ხელები ზეაღმართა და დაიწყო ლოცვა, მაგრამ ისე ჩუმად, რომ ზოსიმეს არ ესმოდა მისი არც სიტყვები და არც შინაარსი. ძრწოლით იდგა დედაკაცის წინაშე და თავი დაეხარა.

"ღმერთს მოვუწოდებ მოწმედ, - ჰყვებოდა შემდეგ ზოსიმე, - რომ, როდესაც თავი ავწიე და წმინდანს შევხედე, დავინახე, რომ ერთი წყრთის (6) სიმაღლეზე ამაღლებულიყო მიწიდან და ასე, ჰაერში ლოცულობდა"; ეს რომ დაინახა, ზოსიმე შიშმა და ძრწოლამ აიტანა, ატირებული მიწაზე დაემხო და მხოლოდ ერთსღა ღაღადებდა:

- უფალო, შემიწყალე!

მაგრამ უცებ აზრმა გაჰკრა, მოჩვენება ან სული ხომ არ იყო ეს, რომელიც ვითომცდა ღმრთისადმი ხელაპყრობილი ლოცულობდა. მაგრამ წმინდანმა მიწიდან წამოაყენა მხცოვანი და უთხრა:

- რატომ გაშფოთებს, ზოსიმე, აზრი მოჩვენებაზე, რატომ ფიქრობ, რომ მე ღმრთისადმი მლოცველი მოჩვენება ვარ? გვედრებ, ნეტარო მამაო, გჯეროდეს, რომ ცოდვილი დედაკაცი ვარ, რომელიც განწმენდილვარ მხოლოდ ნათლისღებით; არა, მე სული კი არა, მიწა, ფერფლი და ნაცარი ვარ, რომელსაც ფიქრადაც კი არ მოსვლია სულად ყოფნა.

ამ სიტყვებით ჯვარი გადაწერა საკუთარ შუბლს, თვალებს, პირსა და მკერდს და განაგრძო:

- გვაშოროს ღმერთმა ბოროტის მახე და მისი მზაკვარება, რადგან დიდია მისი ბრძოლა (7) ჩვენს წინააღმდეგ.

ასეთი სიტყვები რომ ესმა, მხცოვანი შეუვრდა წმინდანს და ცრემლმორეულმა შეჰყვირა:

- სახელითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, ღმრთისა ჭეშმარიტისა, შობილისა ყოვლადწმინდისა ქალწულისგან, რომლისთვისაც შენ, შიშველს, ასე მოგიკვდინებია შენი ხორცი, გლოცავ და გაფუცებ, არ დამიმალო, არამედ ყველაფერი მამცნე შენს ცხოვრებაზე, რათა განვადიდო უფლის განგება. Dღმრთის გულისთვის, ყველაფერი მითხარი არა კვეხნისთვის, არამედ იმისთვის, რათა მომეცეს მე ცოდვილსა და უღირსს სულიერი სარგებლობა. მწამს ჩემი ღმრთისა, რომლისთვისაც შენ ცოცხლობ, რომ ამ უდაბნოში იმიტომ მომიყვანა, რათა ედიდებინა შენი საქმეები. ღმრთის გზები მიუწვდომელია და არავის ძალუძს წინ აღუდგეს მის განგებას. ღმერთს რომ არ ნებებოდა შენ და შენი ღვაწლის გამოჩენა, არც შენთან შემახვედრებდა და არც ამსიშორე გზაზე გამამხნევებდა.

ბევრს ევედრა და არწმუნა ზოსიმემ დედაკაცი, მან კი უთხრა:

- მომიტვე, წმინდაო მამაო, მრცხვენია ჩემი ბილწი და უბადრუკი ცხოვრების მოთხრობა. მაგრამ, როგორც იხილე შენ ჩემი შიშველი სხეული, ასევე განვაშიშვლებ შენ წინაშე ჩემსა სულს და გაიგებ, რამდენი სირცხვილია მასში. ვაღიარებ შენს წინაშე და თავმომწონეობის გარეშე შენს მსგავსად ვიტყვი, არაფერი მაქვს საამაყო მე, ეშმაკის რჩეულ ჭურჭელს! ჩემი ცხოვრების მოყოლა რომ დაგიწყო, გაიქცევი ჩემგან, როგორც უნასისგან; შენი სმენა ვერ აიტანს ჩემს თავქარიანობასა და გარყვნილებას. თუმცა მაინც მოგიყვები და არაფერს დაგიმალავ; ოღონდ გთხოვ, როდესაც შეიტყობ ჩემს ცხოვრებას, ილოცე ჩემთვის, რათა მცირედი წყალობა მაინც ვპოვო განკითხვის დღეს.

მხცოვანი თავშეუკავებლად ტიროდა და ევედრებოდა მას, მოეთხრო საკუთარ ცხოვრებაზე და მანაც დაიწყო მოყოლა:

"მე, წმიდაო მამაო, ეგვიპტეში დავიბადე, მაგრამ უკვე 12 წლისამ, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ჩემი მშობლები, უარვყავი მათი სიყვარული და ალექსანდრიას გავემართე (8). როგორ დავკარგე ქალწულობის სიწმინდე და მივეძალე შეუკავებელ და გარყვნილ მეძაობას - ამის შესახებ არათუ ვრცლად მოყოლა, არამედ სინდისის ქენჯნის გარეშე გაფიქრებაც კი არ ძალმიძს; მხოლოდ მოკლედ გეტყვი, რათა შეიტყო ჩემი თავშეუკავებელი ვნების შესახებ. ჩვიდმეტი წელი, მეტიც, მე ვმეძაობდი ყველასთან, არა საჩუქრებისა და საფასურისთვის, რადგან არავისგან არაფრის აღება არ მსურდა, არამედ, როგორც ვფიქრობდი, უსასყიდლოდ უფრო მეტი მამაკაცი მომეძალებოდა და დააკმაყოფილებდა ჩემს ვნებას. არ იფიქრო, თითქოსდა მდიდარი ვიყავი და ამიტომაც არ მსურდა საფასური - არა, სიღარიბეში ვცხოვრობდი და, შიმშილისგან სული რომ არ ამომხდომოდა, ზოგჯერ ბამბას ვრთავდი, თუმცა ყოველთვის შეპყრობილი ვიყავი ვნებით და სულ უფრო და უფრო ვეფლობოდი სიძვის ჭაობში: მე ვცხოვრობდი გამუდმებულ უპატიობაში.

ერთხელაც, მოსავლის აღების დროს, დავინახე, როგორ მიემართებოდნენ ზღვისკენ ეგვიპტელები და ლიბიელები (9). ერთ გამვლელს ვკითხე, საით მიიჩქარით-მეთქი? მან მიპასუხა, რომ მიდიოდნენ იერუსალიმს პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე. ჩემს შეკითხვაზე, თან ხომ არ წამიყვანდნენ, მითხრა, ფული და საჭმელი თუ გაქვს, დამგზავრებაზე უარს არავინ გეტყვისო. მე მივუგე: "არა, ძმაო, მე არც ფული მაქვს, არც საჭმელი, მაგრამ მაინც წამოვალ და ჩავჯდები თქვენთან ერთად ერთ ხომალდში, ისინი კი მე დამაპურებენ: მე მათ ჩემებურად გადავუხდი". - წასვლა იმიტომ მინდოდა, რომ, - მომიტევე მამაო, - გარს მერტყა ვნებით აღტყინებული მრავალი მამაკაცი.

გეუბნებოდი, მამაო ზოსიმე, არ გეიძულებინე მომეთხრო ჩემი სირცხვილის შესახებ. ღმერთია მოწმე, მეშინია, ჩემი სიტყვებით არ შევბილწო თვით ჰაერიც კი".

აქვითინებულმა ზოსიმემ მიუგო:

- ილაპარაკე, დედაო, ილაპარაკე! გააგრძელე შენი ყურადსაღები ამბავი!

"ყმაწვილმა, - გააგრძელა მან, - რომელმაც მოისმინა ჩემი უსირცხვო ლაპარკი, გაიცინა და გამცილდა. მე კი ვისარგებლე მოცემული შემთხვევით და ზღვას მივაშურე. მოგზაურები რომ შევათვალიერე, შევნიშნე ათი თუ მეტი ნაპირთან მდგომი მამაკაცი; ახალგაზრდები იყვნენ და, როგორც ჩანდა, შეესაბამებოდნენ ჩემს შეუკავებელ მიდრეკილებას. სხვები უკვე ხომალდზე ასულიყვნენ.

უსირცხვილოდ, ჩვეულებისამებრ, მივირბინე მათთან ვინც ნაპირზე იდგა და ვუთხარი: "წამიყვანეთ თქვენთან ერთად, მოგემსახურებით". მათ გაიცინეს ამ და მსგავს სიტყვებზე და, იხილეს რა ჩემი უსირცხვობა, თან წამიყვანეს და გავცურეთ იერუსალიმისკენ. რას იტყვი, ღვთის კაცო, ვთქვა, რა იყო ამის შემდეგ? ენა ვერ აღწერს და ყური ვერ მოისმენს იმ სამარცხვინო საქმეებს, რაც ამ მოგზაურობისას აღვასრულე ჩემი თავშეუკავებლობით: ცოდვაში ვითრევდი იმათაც კი, ვისაც ეს არ სურდა და არ არსებობს სამარცხვინო საქმე, რომელიც მე არ მესწავლებინოს მათთვის. დამიჯერე, მამაო, შეძრწუნებული ვარ, როგორ დაითმინა ზღვამ ესოდენი გარყვნილება, როგორ არ გაიპო მიწა და არ დამნთქა ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩემს მიერ შეცთენილ ადამიანთა გამო! მაგრამ, ვფიქრობ, ღმერთი ელოდა ჩემს სინანულს და არ სურდა ცოდვილის წარწყმედა, არამედ მოთმინებით ელოდა ჩემს მოქცევას.

ასე ჩავედით იერუსალიმში და ასე ვიყავი ყოველდღე, ვიდრე დღესასწაულამდე, და უფრო უარსეადაც. მე მარტო იმ ახალგაზრდებით კი არ ვკმაყოფილდებოდი, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ გემზე, ვმეძაობდი ადგილობრივთა და მოგზაურთა შორისაც. ბოლოს ჯვართამაღლების პატიოსანი დღესასწაულიც დადგა. როგორც ადრე, ახლაც ახალგაზრდების საცთუნებლად გავეშურე. დავინახე, როგორ მიდიოდა ხალხი ეკლესიაში დილიდანვე, მეც მათ გავყევი და ასე, ყველასთან ერთად, ტაძრის სტოაში შევაღწიე.

როგორც არ მოვინდომე გავმძვრალიყავი ტაძარში, მაგრამ ხალხის მასა უკან მაგდებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დიდი გაჭირვებითა და ვაივაგლახით, ეკლესიის კარიბჭეს მე უკეთურიც მივუახლოვდი. ყველა თავისუფლად შედიოდა ტაძარში ჩემს გარდა, მე რაღაც ღვთაებრივი ძალა მაკავებდა. ისევ მოვინდომე შესვლა, მაგრამ ისევ გამომაგდო უხილავმა ძალამ. სტოაში სრულიად მარტო დავრჩი. ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ქალური უძლურების გამო ხდებოდა. ხალხის ახალ ჯგუფს შევუერთდი და ისევ მოვინდომე ტაძარში შესვლა, მაგრამ ჩემი მცდელობა ამაო აღმოჩნდა; ჩემი ცოდვილი ფეხი უკვე ეხებოდა ეკლესიის ზღურბლს, მაგრამ შიგ ვერ შევდიოდი. ეკლესია განურჩევლად ღებულობდა ყველას ჩემს გარდა. თითქოსდა კართან მეომართა მრავალრიცხოვანი ჯარი დგასო, უხილავი ძალა მაკავებდა და უკან მაგდებდა. და მე ისევ და ისევ მარტო ვრჩებოდი სტოაში. ასე განმეორდა სამჯერ თუ ოთხჯერ, ღონეს ვიკრებდი, მაგრამ ამაოდ. ბოლოს იმდენად დავუძლურდი, რომ უკვე შემსვლელთა ბრბოში შერევასაც ვეღარ ვახერხებდი, მთელი სხეული მტკიოდა სივიწროვისა და სიმჭიდროვისგან.

სასოწარკვეთილმა სირცხვილით დავიხიე უკან და სტოას კუთხეში დავდექი. გონს რომ მოვეგე, იმაზე დავიწყე ფიქრი თუ რა ცოდვა არ მაძლევდა უფლებას, მენახა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი. და აი, მაშინ მაცხოვნებელი სიბრძნის ნათელმა, ღმრთის სიმართლე, რომელიც განანათლებს ყოველ კაცს, მომავალს სოფლად, და განუხვნის სულიერ თვალებს, ჩემს გულსაც შეეხო და მანიშნა, რომ ჩემ საქმეთა სისაძაგლე მიშლის ეკლესიაში შესვლას. მაშინ მწარედ ვიტირე, მოთქმით და კვნესით ვირტყი მუშტები გულზე და მწარედ ამოვიოხრე.

ასე ვტიროდი თავდახრილი სტოაში მდგომარე. თავი რომ ავწიე, კედელზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შევნიშნე, მისკენ მივმართე ხორციელი და სულიერი მზერა და ხმამაღლა შევღაღადე:

- ო დედოფალო, ქალწულო, ღმრთის ხორციელად მშობელო! ვიცი, სულის სიღრმემდე ვიცი, რომ არავინ არს შენი მსგავსი და უპატიოსნესი ხარ ანგელოზებზე, მაშინ როდესაც მე ვარ უწმინდური და შესვრიმული, ვუმზერ შენს უპატიოსნეს ხატს, ღვთისმშობელო და ვაღიარებ - სამართლიანად უგულებელმყო შენმა ქალწულებრივმა სისპეტაკემ მე, მეძავი და გარყვნილი. მაგრამ, მსმენია, შენგან შობილი ღმერთი იმიტომ განკაცდა, რათა მოუწოდოს ცოდვილთ სინანულისკენ. მაშ, მოვედ ჩემთან, ყველასგან მიტოვებულთან, და შემეწიე! უბრძანე, რათა აღარ დამაბრკოლონ ეკლესიაში შესასვლელად, მომეც შესაძლებლობა, ვიხილო პატიოსანი ძელი, რომელზეც ხორციელად მიემსჭვალა შენგან შობილი ძე, ვინც ყველა ცოდვილისთვის და ჩემთვისაც დაღვარა თავისი პატიოსანი სისხლი. უბრძანე, დედოფალო, რათა ჩემნაირ უღირსსაც განეხვნეს ეკლესიის კარიბჭე; რათა უფლის პატიოსან და ცხოველმყოფელ ჯვარს თაყვანის ვცე! მეოხ მეყავ შენი ძის წინაშე, რადგან აწ აღარ შევბილწავ ჩემს სხეულს მეძაობით, არამედ, ჯვრის მხილველი, უარვყოფ ყოველივე ამქვეყნიურს, მის საცთურებს და წავალ იქ, საითკენაც შენ გამიძღვები, ჩემი ცხოვნების მეოხო და შუამდგომელო.

აი ასე ვევედრებოდი ღვთისმშობელს. რწმენითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწყალებით დაიმედებული და თითქოსდა ვიღაცის მიერ წაქეზებული დავიძარი იმ ადგილიდან, სადაც ვლოცულობდი და მომლოცველთა ახალ ნაკადს შევუერთდი და ისევ ეკლესიის კარიბჭისკენ გავემართე. ამჯერად არავინ მაგდებდა და არავინ მიშლიდა ხელს მივსულიყავი ტაძრის კართან. შიშმა და ძრწოლამ შემიპყრო ისე, რომ ავცახცახდი. კარებამდე რომ მივაღწიე, რომლებიც ადრე ჩემთვის დაკეტილი იყო, დაუბრკოლებლად შევედი წმინდა ეკლესიის შიგნით და ცხოველმყოფელი ჯვრის ხილვის ღირს ვიქმენ. შევიმეცნე ღმრთის საიდუმლო, რომ ღმერთი არ განაგდებს არც ერთ მონანულს. დავემხე მიწაზე, თაყვანი ვეც უფლის პატიოსან ჯვარს და თრთოლით ვეამბორე ყველა მხრიდან. შემდეგ ისევ გამოვედი ეკლესიიდან და ჩემი მეოხი ღვთისმშობლის ხატის წინ დავდექი, მუხლი მოვიყარე მის წინაშე და ასე მივმართე:

- ო, მარადნეტარო ქალწულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო, რომელმან არ უგულებელმყავ მე და ჩემი ვედრება შეისმინე; რომელმან ჩემზე, ცოდვილზეც მოიღე მოწყალება, მომხედე შენი კაცთმოყვარებით და არ უგულებელმყავ; და მე, ბილწი და უღირსი, უფლის დიდების ხილვის ღირს მყავ. დიდება ღმერთს, რომელიც შენი მეოხებით ცოდვილთა სინანულსა და ვედრებას შეიწყნარებს! აი ყოველივე ის, რისი თქმაც შემიძლია შენ მიმართ მე ცოდვილს. აწ კი დროა, ღვთისმშობელო, აღვასრულო ის, რაც შეგპირდი და მოგიწოდებ მეოხად: წარმიძეღ, დედაო ღვთისა, და დე იყოს ისე, როგორც შენ ინებებ და მასწავლე, ჩემი სინანულისა და ცხოვნების გზა როგორ გავაგრძელო.

ამის შემდეგ თითქოსდა შორიდან მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა:

- იორდანეს თუ გადახვალ, სულიერ განსვენებას პოვებ.

მივენდე ამ სიტყვებს და ვირწმუნე, რომ ისინი ჩემდამო იყო მომართული, ცრემლებით შევხედა ყოვლადწმინდა დედოფლის ხატს (10) და შევღაღადე:

- დედაო ღვთისმშობელო, ნუ დამიტევებ! - ამ სიტყვებით გამოვედი ეკლესიის სტოადან და წინ გავეშურე.

გზაზე ვიღაცამ სამი მონეტა მომცა და მითხრა:

- წაიღე ეს, დედაო.

ავიღე მონეტები, ვიყიდე სამი პური და გამყიდველს ვკითხე, საით იყო გზა იორდანისკენ. როდესაც შევიტყე, რომელი კარიბჭით უნდა გავსულიყავი იმ მხარეს, ავტირდი და სწრაფად იქით გავეშურე. მთელი დღე ასე, გზაში გავატარე, ყველა შემხვედრს ვეკითხებოდი იორდანისკენ მიმავალ გზას. მზე უკვე ჩადიოდა, წმინდა იოანე ნათლისმცემელის ეკლესიას რომ მივაღწიე. ტაძარში ვილოცე, ჩავედი იორდანეს და ამ წმინდა მდინარის წყლით ხელ-პირი დავიბანე. შემდეგ ეკლესიაში ვილოცე და ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ვეზიარე. ამის შემდეგ მცირედი პური ვიხმიე, იორდანის წყალი დავლიე და მიწაზე გართხმულმა დავიძინე.

ადრე დილით ვიპოვე პატარა ნავი, რომლითაც გადავედი მდინარის მეორე ნაპირზე და ვილოცე ღვთისმშობლისადმი და ჩემს წინამძღვარსა და მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ჩემი თავი სრულად მივანდე. ასე გავედი უდაბნოში, სადაც ვარ დღემდე, მომლოდინე ღმრთის წყალობისა, რომელსაც, იმედია, ჩემი ხორციელი და სულიერი მოსაგრეობისთვის მიბოძებს ".

ზოსიმემ ჰკითხა:

- რამდენი წელია, რაც დამკვიდრდი ამ უდაბნოში?

- ვფიქრობ, - უპასუხა მან, - უკვე ორმოცდა შვიდი წელი გავიდა, რაც წმინდა ქალაქი დავტოვე.

- და რითიღა იკვებები? - კვლავ ჰკითხა ზოსიმემ.

- იორდანეს რომ გადმოვედი, - უპასუხა წმინდანმა, - ორნახევარი პური მქონდა; ისინი თანდათან გამოხმა და გაქვავდა ამიტომაც სულ მცირე ლუკმას ვჯერდებოდი და რამოდენიმე წლის განმავლობაში იმით ვიკვებებოდი.

- როგორ შესძელი, ამდენი ხანი გეცხოვრა უდაბნოში და არანაირ საცთურს არ შეეწუხებინა შენი სული?

- მეშინია პასუხის მოცემისა, მამაო ზოსიმე: როდესაც ვიხსენებ იმ განსაცდელთ, რაიც გულისთქმებით დამატყდა, ვშიშობ კვლავ მათ ტყვეობაში არ აღმოვჩნდე.

- არაფერი გამოტოვო, დედოფალო, შენს თხრობაში, - მიუგო ზოსიმემ, - მე იმიტომაც გკითხე, რომ ყველაფერი დაწვრილებით გავიგო შენი ცხოვრების შესახებ.

მაშინ წმინდანმა უთხრა:

- დამიჯერე მამაო ზოსიმე, რომ პირველი ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ამ უდაბნოში ისე ვებრძოდი საკუთარ მრუშ ვნებებს, როგორც მძვინვარე მხეცებს. როდესაც მცირედი საკვების მიღებას გადავწყვეტდი, ხორცსა და ღვინოზე ვოცნებობდი, რომელიც ეგვიპტეში მქონდა; ერში ცხოვრებისას ბევრ ღვინოს ვსვამდი, აქ კი წყალიც არ იყო, წყურვილი რომ მომეკლა; წყურვილისგან ვითანგებოდი და საშინლად ვიტანჯებოდი. ზოგჯერ მრუში სიმღერების წადილი დაეუფლებოდა ჩემს სულს, რომელსაც იქ, იმ გარყვნილ ცხოვრებაში ვიყავი მიჩვეული. მაშინ ბევრს ვტიროდი, გულში ხელს ვიცემდი და ვიხსენებდი აღთქმას, რომელიც უდაბნოში გასვლამდე ღვთისმშობელს მივეცი. მაშინ გონებით წარვდგებოდი ჩემი მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ და ტირილით ვევედრებოდი, განეშორებინა ჩემგან სულის ამაფორიაქებელი გულისთქმები. დიდხანს ვტიროდი ასე, მაგრად ვიცემდი ხელს გულზე და საოცრად, თითქოსდა ნათელი იღვრებაო ჩემს ირგვლივ, ვნებათა აღტყინებისგან ვთავისუფლდებოდი.

როგორ აღვიარო, მამაო, შენს წინაშე იმ დროს ჩემს გულს დაუფლებული მრუში გულისთქმები? მომიტევე, მამაო. ვნებათა ცეცხლი ისე აღენთებოდა ჩემში და მწვავდა, რომ ცოდვისკენ მიბიძგებდა. როდესაც თავს დამატყდებოდა ასეთი განსაცდელი, დავვარდებოდი მიწაზე და ცრემლმორეული წარმოვიდგენდი, რომ ჩემს წინაშე იდგა თვით ჩემი მფარველი და ღმრთის წინაშე მეოხი დედა ღვთისმშობელი, რომელიც კიცხავდა ჩემს დანაშაულს და მემუქრებოდა მძიმე სასჯელებით.

დღე და ღამე მიწაზე გართხმული მანამ არ ვდგებოდი, სანამ ნათელი არ გამომიბრწყინდებოდა და არ განმაშორებდა სულის შემაძრწუნებელ ფიქრებს. მაშინ აღვაპყრობდი მზერას ჩემი მფარველი დედოფლისკენ, მხურვალედ ვევედრებოდი, დამხმარებოდა განსაცდელში და ის მართლაც მივლენდა წყალობას და ხელმმძღვანელობდა სინანულის ამ მძიმე მოსაგრეობაში. ასე, ვნებებთან ბრძოლის გამუდმებულ ტანჯვა-წამებაში გავატარე ჩვიდმეტი წელი. ასე რომ, იმ ხნიდან დღემდე, ღვთისმშობელია ყოველივეში ჩემი შემწე, ხელმძღვანელი და მფარველი.

მაშინ ზოსიმემ ჰკითხა:

- რითი იკვებებოდი ან იმოსებოდი?

წმინდანმა უპასუხა:

- პურები რომ გამითავდა, მცენარეებით ვიკვებებოდი; ხოლო სამოსი, რომელიც ჯერ კიდევ იორდანეზე გადასვლისას მეცვა, დროთა განმავლობაში დამიძველდა და გაიცრიცა. ზაფხულში თუ სიცხით ვიყავი გათანგული, ზამთარში სიცივისგან ვკანკალებდი; ასე რომ, ბევრჯერ დავცემულვარ უგონოდ და ასე ვიწექი დიდხანს, ათასგვარი ხორციელი და სულიერი ტკივილით მოწყლული.

მაგრამ იმ დროიდან დღემდე ღმრთის ძალამ ყოველივეში ისე გარდაქმნა ჩემი ცოდვილი სული და მორჩილი სხეული, რომ ოდენ თუ გავიხსენებ ადრეულ სიმწირესა და ყარიბობას, რადგან აწ უკვე მხოლოდ ყოვლადძლიერი ღმრთის სიტყვაა ჩემთვის საკვებიცა და თავშესაფარიც, რამეთუ "არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი" (მათე 4:4). ხოლო ცოდვებისგან განთავისუფლებულთ არა აქვთ სხვა სამოსი და თავშესაფარი გარდა ღმრთის სიტყვისა და ცხოვრობენ "უდაბნოთა ზედა მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა" (ებრ. 11:38).

როდესაც იხილა, რომ წმინდანი იმოწმებდა წმინდა წერილის სიტყვებს, მოსეს, წინასწარმეტყველებსა და ფსალმუნს, ზოსიმემ ჰკითხა, ხომ არ სწავლობდა ადრე ფსალმუნებსა და სხვა წიგნებს.

- არ იფიქრო, - მიუგო წმინდანმა ღიმილით, - რომ იმ დღიდან, რაც იორდანეს გადმოვედი, მენახოს ვინმე კაცი შენს გარდა: გარეული პირუტყვიც კი არ შემხვედრია ამ ხნის განმავლობაში. არც თვითონ მისწავლია ოდესმე წერილი და არც სხვისი წაკითხული მსმენია, არამედ სიტყვა ღმრთისა ყველგან და ყოველთვის განანათლებს გონებას და ჩემნაირ ცოდვილამდეც აღწევს. მაგრამ გაფუცებ შენ განკაცებული სიტყვით ღმრთისა: ილოცე ჩემთვის, მეძავისთვის.

ასე თქვა მან. მხცოვანი დაემხო მის ფეხებთან და აცრემლებულმა შესძახა:

- კურთხეულ არს ღმერთი, რომელ იქმს აურაცხელ საშინელ და მიუწვდომელ საიდუმლოთ, საკვირველ და დიდებულ საქმეთ! კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მიჩვენა მე, როგორ აჯილდოებს მის მოშიშთ! ჭეშმარიტად, შენ, უფალო, არასოდეს დაუტევებ შენდამი მოლტოლვილთ!

წმინდანმა არ დაუშვა, რომ მხცოვანს თაყვანი ეცა მისთვის და უთხრა:

- ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს სახელით, გაფუცებ შენ, წმინდაო მამაო, არავის მოუყვე ჩემგან მოსმენილი ამბავი, სანამ ღმერთი არ წამიყვანს ამქვეყნიდან, ახლა კი წადი მშვიდობით; თუ დაგვიცავს ღმრთის მადლი, წლების შემდეგ ისევ მიხილავ. ოღონდ, ღმრთის გულისთვის, შეასრულე, რასაც გთხოვ: მომავალ წელს, მარხვაში ნუ გადმოხვალ იორდანეს, როგორც ამას ჩვეულებისამებრ აკეთებთ მონასტერში.

ზოსიმეს გაუკვირდა, რომ ის ლაპარაკობდა მონასტრის განაწესზე, და ვერაფერი თქვა გარდა იმისა, რომ აქო უფალი:

- დიდება ღმერთს, რომელიც წყალობს მის მოყვარულთ!

- ასე რომ, შენ, წმიდაო მამაო, - განაგრძო წმინდანმა, - დარჩი მონასტერში, როგორც მე გეუბნები, რადგან, რომც გინდოდეს, მაინც ვერ შეძლებ წასვლას; წმინდა და დიდ ხუთშაბათს, ქრისტეს საიდუმლო სერობის დღეს, აიღე უფლის უპატიოსნესი ხორცი და სისხლი, მოათავსე შესაბამის ჭურჭელში და მოიტანე იორდანის გაღმა მდებარე სოფელში და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში დამელოდე, რათა ღირს ვიქმნე მაცხოვნებელ საიდუმლოთა ზიარების: მე ხომ იმის შემდეგ, რაც უკანასკნელად ვეზიარე იორდანეს გადმოსვლამდე, იოანე ნათლისმცემელის ტაძარში, დღემდე არ მიმიღია წმინდა ძღვენი. ახლა მე ამისკენ მივისწრაფვი მთელი გულით და შენც ნუ უგულებელყოფ ჩემს სავედრებელს, არამედ აუცილებლად მომიტანე ქრისტეს მაცხოვნებელი და უპატიოსნენი ხორცი და სისხლი იმ ჟამს, როდესაც უფალმა ღირსყო თავისი მოწაფეები საიდუმლო სერობაზე. ხოლო იოანეს, იმ მონასტრის იღუმენს, სადაც შენ ცხოვრობ, უთხარი: მიხედე საკუთარ თავს და ძმობას, მრავალი რამ გაქვთ გასასწორებელი - ოღონდ ახლა კი არ უთხრა, არამედ მაშინ, როდესაც ღმერთი დაგმოძღვრავს.

ამ სიტყვების შემდეგ მან ისევ სთხოვა მხცოვანს, მისთვის ელოცა, დაემშვიდობა და განშორდა მას უდაბნოს სიღრმეში. ზოსიმემ მიწამდე თაყვანსცა და, ღმრთის სადიდებლად ეამბორა რა წმინდა მარიამის ნატერფალ ადგილს, ქრისტეს ქებითა და დიდებით უკან გამოეშურა.

უდაბნო რომ გამოიარა, იმ დღეს მიაღწია მონასტერს, როდესაც ჩვეულებისამებრ ბრუნდებოდნენ იქ მცხოვრები ძმები. მხცოვანმა ნანახი არ გააცხადა, მხოლოდ გულში ევედრებოდა უფალს, მიეცა მისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, ენახა მისთვის ძვირფასი მოსაგრის სახე. მაგრამ სული უწუხდა იმის გამო, რომ მთელი წელიწადი უნდა ეცადა და სურდა, ეს დრო რაც შეიძლება მალე გასულიყო.

როდესაც კვლავ დადგა დიდმარხვის პირველი შვიდეული, მონასტრის მთელი ძმობა, ჩვეულებისამებრ, ლოცვით და გალობით ისევ გავიდა უდაბნოში. მხოლოდ ზოსიმე დარჩა სავანეში, რადგა მძიმედ იყო დაავადებული. მაშინ გაახსენდა წმინდანის წინასწარმეტყველება, სურვილიც რომ გქონდეს, მონასტერს ვერ დატოვებო. ზოსიმე მალე გამოჯანმრთელდა, ხოლო, ძმები რომ დაბრუნდნენ და საიდუმლო სერობის დღეც მოახლოვდა, მხცოვანმა შეასრულა წმინდანის დანაბარები: პატარა ჭურჭელში მოათავსა ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი, კალათაში რამდენიმე გამხმარი ლეღვი, ფინიკი, წყალში დამლბარი ხორბალი ჩააწყო, გვიან საღამოს გამოვიდა მონასტრიდან და იორდანის მითითებულ ნაპირზე ჩამოჯდა მეუდაბნოის მოლოდინში.

ღირსი დედა იგვიანებდა. ზოსიმე კი ელოდა და უმზერდა უდაბნოს სიღრმეს მეუდაბნოე დედის ნახვის წყურვილით. "მე რა ღირსი ვარ, - ფიქრობდა მხცოვანი, - რომ მოვიდეს ჩემთან, ან იქნებ უკვე იყო კიდეც და, რომ ვერ მნახა, უკან გაბრუნდა". ამგვარი ფიქრებისგან ცრემლები მოერია, ამოიოხრა, მზერა ზეცას მიაპყრო და უფალს ევედრებოდა, კვლავ გაეხადა მეუდაბნოე დედის ხილვის ღირსი, რათა აქედან არ წასულიყო მიუტევებელი ცოდვით დამძიმებული.

ამ დროს სხვა აზრმაც გაჰკრა: "როგორ გადმოვა იორდანეზე ნავის გარეშე და როგორ მომიახლოვდება მე უღირსს?" ასეთ ფიქრებში იყო მხცოვანი, რომ ღირსი დედაც გამოჩნდა. გახარებულმა ზოსიმემ ღმერთს მადლობა შესწირა და თუმცა, ჯერ კიდევ იმას ფიქრობდა თუ როგორ უნდა გადმოელახა ღირს დედას იორდანე, რომ მთვარის ნათლით განათებულმა წმინდანმა მდინარეს ჯვარი გადასახა, ნაპირიდან ჩავიდა წყალში და ისე გაიარა, როგორც მიწაზე. ეს რომ ნახა, გაკვირვებულმა ზოსიმემ მოინდომა, თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ წყალზე მოსიარულე ღირსმა დედამ შეაჩერა და უთხრა: "რასა იქმ, მამაო, შენ ხომ მღვდელი ხარ - ღვთის საიდუმლოთა მტვირთველი".

მხცოვანმა ისმინა მისი სიტყვების, ხოლო ნაპირზე გამოსულმა წმინდანმა კურთხევა ითხოვა. საოცარი ხილვით გაოგნებულმა ბერმა შესძახა: "ჭეშმარიტია ღმერთი, რომელიც იცავს თავის აღთქმას, დაიმსგავსოს მისი მორწმუნენი, ძალისაებრ მათისა! დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმაც გამომიჩინე მე, მონას შენსას, ზოსიმეს, თუ რაოდენ შორს ვარ სრულყოფილებისგან!"

შემდეგ ზოსიმემ წმინდანის თხოვნით "მრწამსი" და "მამაო ჩვენო" წაიკითხა. ლოცვის დამთავრების შემდეგ წმინდანი ეზიარა ქრისტეს უპატიოსნეს და მაცხოვნებელ საიდუმლოს და ბერ-მონაზვნური ჩვეულებისამებრ ეამბორა მხცოვანს, რის შემდეგაც ამოიოხრა და ცრემლმორეულმა სასოებით წარმოთქვა წმინდა სიმეონ მიმრქმელის ლოცვა: "აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი" (ლუკა 2:29,30).
შემდეგ მიუბრუნდა ზოსიმეს და სთხოვა:

- გვედრებ, მამაო, კიდევ ერთი სურვილი ამისრულე: ახლა წადი მონასტერში და მომავალ წელს კვლავ მოდი იმ დამშრალ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს; მოდი იქ ღვთის გულისთვის და ღმრთის ნებით ისევ მიხილავ".

- შესაძლებელი რომ იყოს, - მიუგო მას წმინდა მხცოვანმა, - შენი ნათელი სახის მხილველი ყოველთვის შენთან ვიქნებოდი. მაგრამ გევედრები, შეასრულე ჩემი, მხცოვანის თხოვნაც: იხმიე ჩემი მოტანილი მცირედი საკვები.

ზოსიმემ აჩვენა კალათი, რომელშიც საჭმელი ჩაელაგებინა. წმინდანი თითის წვერებით შეეხო ხორბალს, აიღო სამი მარცვალი, პირთან მიიტანა და თქვა:

- ეს საკმარისია: სულიერი საზრდელის მადლი, რომელიც უბიწოდ იცავს სულს, არის ჩემი საკვები. კვლავ გთხოვ, მამაო, გაიხსენე ჩემი უდღეურობა და ილოცე ჩემთვის.

მხცოვანმა მიწამდე თაყვანი სცა და შეევედრა, ელოცა ღირს დედას ეკლესიისა, მეფეთა და თვით ზოსიმესთვის. ამის შემდეგ ვერ შეჰბედა, მეტად შეეყოვნებინა და აცრემლებული დაემშვიდობა. თუმცა, რომც ნდომოდა, არც ჰქონდა ამის ძალი. წმინდანმა ისევ ჯვარი გადასახა იორდანეს, გაიარა წყალზე და უდაბნოს წყვდიადში მიიმალა.

სიხარულითა და შიშით აღელვებულმა მხცოვანმა მონასტერს მიაშურა; საკუთარ თავს აყვედრიდა, აქამომდე რომ ვერ შეიტყო ღირსი მეუდაბნოე დედის სახელი, თუმცა იმედოვნებდა, რომ მომავალ წელს გაიგებდა, როდესაც ისევ შეხვდებოდა ღირს მეუდაბნოეს.

გავიდა წელიც. ზოსიმე, მონასტრის წესისამებრ, ისევ წავიდა უდაბნოში და გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც ჰქონდა საკვირველი ხილვა. გაიარა მთელი უდაბნო, ზოგიერთი ნიშნით იცნო სანუკვარი ადგილი და ყურადღებით მიმოიხედა გამოცდილი და უხვი ნადავლის მაძიებელ მონადირესავით, მაგრამ ვერავინ იპოვა. ცრემლად იღვრებოდა მხცოვანი, ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს შეევედრა: "უფალო, მიჩვენე შენს მიერ უდაბნოში დამალული ხელუხლებელი ჩემი საგანძური, მიმანიშნე ღირსი დედის, ამ ხორციელი ანგელოზის ადგილსამყოფელი, რომლის ღირსი არ არის მთელი ქვეყანა!"

ამ ლოცვაში მხცოვანმა მიაღწია იმ ადგილს სადაც გამხმარი წყაროს კალაპოტი იყო და ნაპირზე შემდგარმა იხილა პირით აღმოსავლეთისკენ მწოლიარე და გულზე ხელდაკრეფილი გარდაცვლილი ღირსი დედაკაცი. სწრაფად მიუახლოვდა, ემთხვია მის წმინდა ფერხთ და დაალბო თავისი ცრემლებით. დიდხანს ტიროდა მხცოვანი; შემდეგ წაიკითხა დაკრძალვის ფსალმუნები და ლოცვები და იმაზე დაიწყო ფიქრი თუ სად დაემარხა ღირსი დედის ნეშტი და ისურვებდა თუ არა ამას თვით წმინდანი. უცებ ნეტარი დედის თავთან მიწაზე წარწერა დაინახა: "ამბა ზოსიმე, დაკრძალე ამ ადგილას ცხედარი მორჩილი მარიამისა და მიწა მიაბარე მიწას. ევედრე ღმერთს ჩემი სულისთვის, რომელიც გარდაიცვალა იმ თვის პირველ დღეს, რომელსაც ეგვიპტურად ფარმუფი, რომაულად კი აპრილი ეწოდება, ქრისტეს მაცხოვნებელ ვნებათა ღამეს, წმინდა და უხრწნელ საიდუმლოთა ზიარების შემდეგ" (11).

წარწერა რომ წაიკითხა, მხცოვანმა თავიდან იფიქრა თუ ვის შეეძლო ამის დაწერა: წმინდანმა, როგორც თვითონ ამბობდა, წერა არ იცოდა. თუმცა გახარებული იყო იმით, რომ გაიგო მისი სახელი. გარდა ამისა, შეიტყო ისიც, რომ წმინდანმა, იმის შემდეგ, რაც ეზიარა იორდანეს ნაპირთან, ერთ საათში მიაღწია თავისი აღსასრულის ადგილს, საითკენაც ზოსიმე მიდიოდა ოცი დღის განმავლობაში, და იმწამსვე ღმერთს მიაბარა თავისი წმინდა სული.

"ახლა, - გაიფიქრა ზოსიმემ, - უნდა აღვასრულო წმინდანის ნაბრძანები და დავკრძალო იგი, მაგრამ როგორ უნდა გავთხარო მე უბადრუკმა საფლავი ცარიელი ხელებით?" უცებ ახლომახლო უდაბნოში დაგდებული ხის ტოტი შეამჩნია, აიღო და საფლავის თხრა დაიწყო, მაგრამ გამომშრალი მიწა არ ნებდებოდა მხცოვანის ძალისხმევას; ოფლად დაიღვარა მოხუცი, თუმცა ვერაფერი გააწყო. ის იყო, მწარედ ამოიოხრა გულის სიღრმიდან, რომ უეცრად თვალები აახილა და დაინახა უზარმაზარი ლომი, რომელიც წმინდანის ცხედართან იდგა და ფეხებს ულოკავდა. მხეცის დანახვაზე მხცოვანი შეკრთა, თანაც გაახსენდა ღირსი დედის სიტყვები, რომ მას უდაბნოში ცხოველიც კი არ ენახა. პირჯვარი გადაიწერა და გარდაცვლილი დედის ძალით გაიმხნევა თავი. ლომი ნელა მიეახლა მხცოვანს და ლმობიერი, თითქოსდა სიყვარულით აღსავსე თვალებით შეაცქერდა. მაშინ ზოსიმემ მხეცს მიმართა: "უდიდესმა მოსაგრემ მიბრძანა, დავკრძალო მისი სხეული, მაგრამ მოხუცი ვარ და საფლავის გათხრა არ ძალმიძს; არც სათხრელი იარაღი მაქვს და ჩემი მონასტერიც შორს არის, რომ იქიდან მოვიტანო რამე. მაშ, შენ შენი თათებით საფლავი გათხარე, მე კი მიწას მივაბარებ ღირსი დედის ცხედარს".

ლომმაც თითქოს გაიგოო მხცოვანის სიტყვები, წინა თათებით ორმო ორმო ამოთხარა, რაც საკმარისი იყო დასაკრძალად. მხცოვანმა ისევ ცრემლებით დაალბო წმინდანის ფერხნი, შესთხოვა მას, ელოცა მთელი ქვეყნიერებისათვის. წმინდანი თითქმის შიშველი იყო – მას ის ძველი, დახეული სამოსი ეცვა, რომელიც პირველი შეხვედრისას გადაუგდო ზოსიმემ და რომელიც ძლივსღა ფარავდა მის სხეულს. ასე გაუთხარეს ლომმა და ადამიანმა საფლავი ღირს მარიამს და მიწას მიაბარეს მისი წმინდა ნეშტი. შემდეგ ორივენი განშორდნენ წმინდანის საფლავს: ლომი, როგორც მორჩილი კრავი, უდაბნოში გაუჩინარდა, ზოსიმე კი დაბრუნდა თავის სავანეში და ადიდა უფალი ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი.

სავანეში დაბრუნების შემდეგ ზოსიმემ იღუმენს და ძმებს აუწყა ყოველი, რაც იხილა და მოისმინა. შიშით, რწმენით და სიყვარულით დააწესეს ბერებმა წმინდანის ხსენების დღე. იღუმენმა იოანემ, როგორც ეს ღირსმა მარიამმა აუწყა ზოსიმეს, ღვთის შეწევნით გაასწორა დარღვევები მონასტერში. ხოლო წმინდა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა მიისვენა (12).

ასე გადმოგვცეს წმინდა იოანე წინამორბედის მონასტრის მოღვაწეებმა ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. პირველად ის წმინდა სოფრონ იერუსალიმელმა (ხს. 11 მარტს) ჩაწერა. წმინდა სოფრონი წერს, "ვერ გეტყვით, იქნებ ვინმემ, ვინც უკეთ იცის წმინდანის ცხოვრება, უკვე აღწერა კიდეც იგი, მაგრამ მე, რამდენადაც შემეძლო, მოუკლებლად ჩავწერე ყველაფერი და გადმოვეცი მხოლოდ ჭეშმარიტება. ღმერთი საკვირველი, რომელიც უხვად წყალობს მისდამი შევრდომილთ, მოწყალე ეყოს ამ მოთხრობის ჩამწერს, მის მიერ სულიერი დარიგების მეძიებელთ, მსმენელთა და მკითხველთ და დაუმკვიდროს მათ ნაწილი წმინდა მარიამისა და ყველა მის წმინდანთა შორის.

ვადიდოთ ღმერთი, უფალი ჭეშმარიტი და მარადიული, რათა შეგვიწყალოს განკითხვის დღეს სახელისათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელსაც ეკუთვნის ყოველი დიდება, პატივი, სიმტკიცე და თაყვანისცემა, მამითა და სულიწმიდითურთ, აწ და, მარადის და, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.





1. წმინდა სოფრონი, იერუსალიმის პატრიარქი, ცხოვრობდა VII საუკუნეში. წმინდა სოფრონი იყო არა მარტო პალესტინის, არამედ მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის მნათობი. თავისი სიწმინდისთვის ის აირჩიეს იერუსალიმის პატრიარქად (634წ.). ეკლესიას მწყემსმთავრობდა 10 წელი, ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას მწვალებელ-მონოთელიტთა შეხედულებებისგან. წმ. სოფრონის ჩვენთვის ცნობილი თხზულებებიდან ნაწილი დოგმატური ხასიათისაა, ნაწილიც ღვთისმოსაობაში დასამოძღვრად არის გამიზნული; ნაწილი ჰომილიათა და გადმოცემათა სახით არის შემორჩენილი, ზოგიც საგალობელთა სახით. წმ. იოანე დამასკელი ქებით იხსენიებს წმ. მარიამის ეგვიპტელის ცხოვრების სოფრონისეულ აღწერას. არანაკლებ მნიშვნელოვანია წმ. სოფრონის სხვა თხზულებებიც, მაგალითად: ლიტურგიის განმარტება, ქრისტეს შობის წინადღესასწაულის სტიქარონები, ასევე, დიდი აიაზმის კურთხევის სტიქარონები (უფლის განცხადების დღეს) და სხვა (წმ. სოფრონის ხსენების დღეა 11 მარტი).

2. ბაია - პალმის რტო (იოანე 12:13; მარკოზი 11:8). ბაიობის კვირა – სხვაგვარად: ბზობის კვირა.

3. ჟამნები - ასე იწოდება ლოცვები, რომლებიც შედგება სამი ფსალმუნისგან, რამდენიმე მუხლისა და ლოცვებისგან, რომლებიც მიესადაგება დღის ყოველ მეოთხედს და მაცხოვრის ვნების განსაკუთრებულ ვითარებებს. მეექვსე ჟამნზე მოიხსენიება მაცხოვრის სვლა გოლგოთის გზაზე, თვით ჯვარცმა და ჯვარზე ვნებანი.

4. ამბა - მამაო, მოძღვარო.

5. ეს იყო VI საუკუნის დასაწყისში, როდესაც შეწყდა დევნულება, ჩაცხრა მწვალებლობები და ქრისტიანულმა ეკლესიამ ამოისუნთქა არსებული მშვიდობით.

6. წყრთა, ანუ სიგრძის ერთეული, ტოლია მონაკვეთისა იდაყვიდან შუათითის ბოლომდე (10 1/2 გოჯი).

7. ბრძოლაში აქ იგულისხმება ეშმაკის მზაკვარება და თავდასხმა.

8. ალექსანდრია - სახელგანთქმული ქალაქი, რომელიც დააარსა ალექსანდრე მაკედონელმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მდინარე ნილოსის შესართავთან. რომის შემდეგ ალექსანდრია პირველი ქალაქი იყო მსოფლიოში და წარმოადგენდა ვაჭრობის, მრეწველობისა და, განსაკუთრებით, წარმართული განათლების ცენტრს. ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში კი - ქრისტეანული განმანათლებლობის კერას.

9. ლიბიელები - ლიბიის მცხოვრებნი. ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში.

10. ეს ხატი, რუსი ჟამთააღმწერლების გადმოცემით, შემდგომში გადაიტანეს კონსტანტინოპოლის სოფიის ტაძარში.

11. ღირსი მარიამ ეგვიპტელი გარდაიცვალა 522 წელს.

12. ღირსი ზოსიმე გარდაიცვალა VI საუკუნის პირველ ნახევარში. მისი ხსენების დღეა 4 აპრილი.


 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика