ისტორია - პოლიტიკური განხეთქილების დასაწყისი რუსეთში. XVII ს.-ის მეორე ნახევარი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ი. ს. პლატონოვი


პოლიტიკური განხეთქილების დასაწყისი რუსეთში: XVII ს.-ის მეორე ნახევარი

ნაწყვეტები ბ. კუტუზოვის წიგნიდან "პატრიარქ ნიკონის საიდუმლო მისია" თ. 30 ი. ს. პლატონოვის გამოკვლევა "პოლიტიკური განხეთქილების დასაწყისი რუსეთში: XVII ს.-ის მეორე ნახევარი"

ოპრიჩნინა. ო. ბეტეხინი. 1999 წ.

ეს ნაშრომი წარმოადგენს დაუგავპილსის პედაგოგიური ინსტიტუტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულის სადიპლომო ნაშრომს, რომლის დაცვის შემდეგ, 1996 წელს მან მიიღო ისტორიის მაგისტრის წოდება. რა თქმა უნდა, ეს არის გამოკვლევა, და არა "ისტორიული მიმოხილვა" ან "ესსე მოცემულ თემაზე", როგორც წერს ამ ნაშრომთან დაკავშირებით ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ნ. ი. ბუბნოვი და თავის აზრს ასაბუთებს იმით, რომ "ავტორი არ აანალიზებს იმ დროის მოვლენთა და პიროვნებათა წინააღმდეგობრივი შეფასებების მთელ სპექტრს (ხაზგასმა - ბ. კ.)" (მაგრამ ვის შეუძლია ამის გაკეთება? რასკოლთან და "რეფორმასთან" დაკავშირებული ბიბლიოგრაფია უკვე XX ს.-ის დასაწყისში აჭარბებდა 10 000 დასახელებას (Кристенсен СО. История России XVII в. М., 1989).

წიგნის პირველი თავის დასასრულს ჩვენ დავასკვენით: "მოცემული თემა ისტორიკოსთა, ფილოლოგთა, სლავისტთა და ღვთისმეტყველთა ღრმა კვლევას ითხოვს".

ამ მოწოდებას, როგორც ჩანს, მიაყურადა ახალგაზრდა ისტორიკოსმა ი. ს. პლატონოვმაც (მისი წიგნის პირველი და მეორე ნაწილები გამოიცა 1992 წელს.), ხოლო ფილოლოგები, სლავისტები და ღვთისმეტყველები, როგორც ჩანს, გასული სამი საუკუნის ანტიძველმოწესეობრივი პათოსის გვირგვინებზე განისვენებენ. ზედმეტი არ იქნება აღვნიშნოთ, რომ ამ გვირგვინებს გააჩნიათ დამჭკნარი სახე, განსაკუთრებით არქიეპ. ანდრია უხტომსკის გამონათქვამის შემდეგ: "მთელი ჩვენი სახაზინო პოლემიკა ძველმოწესეებთან ყოველთვის იყო ცილისწამება ძველმოწესეობაზე".

ი. პლატონოვი საკითხს ღრმად და ნაყოფიერად ჩაეძია. მრავალმა კითხვამ, რომელიც დავსვით ან მოვნიშნეთ XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმასთან დაკავშირებული წიგნის პირველ ორ ნაწილში, განვითარება და სამეცნიერო-ისტორიული დასაბუთება ჰპოვა.

პირველი და მთავარი - XVII ს.-ის საეკლესიო "რეფორმა" და განხეთქილება თავისუფლად შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც იდეოლოგიური დივერსია კათოლიციზმის მხრიდან. იეზუიტების საქმიანობა - "რეფორმისა" და განხეთქილების გარეანი და მთავარი მიზეზია.

"რუსეთში მომხდარი განხეთქილების უპირველესი მიზეზი - იეზუიტებია. ჩვენს ნაშრომში, - წერს. ი. პლატონოვი, - ეს ცნობილი თეზისი იძენს რეალურ, დოკუმენტალურად დამტკიცებად მონახაზებს... ორდენის მონაწილეობა არეულობაში (იგულისხმება ცრუ დიმიტრის პერიოდი - რედ.) და განხეთქილებაში იმდენად ნათელი და ცხადია, რომ ჩვენს გაკვირვებას იწვევს მისი მიჩქმალვა XVII ს.-ის მოვლენათა გააზრებისას" (Платонов И.С. Начало политического раскола в России: середина XVII в. Даугавпилс. 2001).

ეს მიჩქმალვა შეიძლება აიხსნას თვით ი. ს. პლატონოვის გამონათქვამით "აზროვნების კონიუნქტურულ მიმართულებაზე ისტორიულ მეცნიერებაში"; რომ დღესაც (ჩვენ კი ვიტყვით, რომ ასე იყო ყოველთვის) "მიმდინარეობს XVII ს.-ის ისტორიული მოვლენების სისტემატური დამახინჯება, და უკვე მერამდენედ ვხდებით ცოცხალი მოწმენი მიზანმიმართული ისტორიული ფალსიფიკაციისა (სხვას ხომ უბრალოდ არც აქვეყნებენ)"  (დედანში: "идет систематическое искажение исторических событий XVII века, и мы становимся в очередной раз живыми свидетелями целенаправленной исторической фальсификации (иного ведь просто не публикуют)" (Кутузов Б.П. Церковная "реформа" XVII века. М.: ИПА «ТРИ-Л», 2003. 573 с. 549).

მაშ, ასე - იეზუიტები.

"უნდა ვივარაუდოთ, რომ XVII ს.-ის შუაწლებში, გათვალისწინებულ იქნა პოსევინოს საქმიანი რჩევა - რუსეთში ემოქმედათ არა კათოლიკური ძალებით, რომლებიც აშკარად არ უყვარდათ, არმედ სარწმუნოებრივად, ენობრივად და ეთნიკურადაც უფრო ახლო მდგომი ადამიანებით" (ანუ უკრაინელთა მეშვეობით). "ორდენის "სასახელოდ" უნდა ითქვას, - დაზვერვა (ინფორმაციის შეკრება და მისი მრავალპლანიანი ანალიზი) მათში ბრწყინვალედ იყო დაყენებული"

ჩვენი აზრით, ი. ს. პლატონოვმა შეძლო გამოევლინა ძალზედ მნიშვნელოვანი, ისტორიული დეტალები. "ჯერ კიდევ პოსევინომ გამოარკვია, რომ რუსებს ოსმანებთან ომი კავკასიისა და დონის სტეპების მხრიდან არ შეეძლოთ; ერთადერთი გზა იყო მცირე რუსეთი. მაგრამ ის პოლონეთის ხელშია. ომისთვის საჭიროა საერთო საზღვრები - და გადაწყვიტა კიდევაც მეფე ალექსი მიხეილის ძემ ყირიმზე გასვლა და შავი ზღვის სანაპიროზე გამაგრება, რის გამოც ომი დაიწყო რეჩ პოსპოლიტასთან. მეფე ალექსის ბალტიის ზღვაში გასასვლელი არ სჭირდებოდა, მას არ სჭირდებოდა ევროპის ქვეყნები - ის კონსტანტინოპოლის სამეფო ტახტს მიელტვოდა. ეს ცხადი ხდება მისი სიგელებიდან და ეპისტოლეებიდან. 1654 წ. ომი იწყებოდა რელიგიური და შორს მიმავალი გეგმებით ... სისხლიანი 13 წლიანი ომი დაიწყო" (Кутузов Б.П. Церковная «реформа» XVII века. М.: ИПА "ТРИ-Л", 2003. с. 549).

მაშ, აი თურმე რატომ შეუერთეს რუსეთს უკრაინა! და აქ ნათელი ხდება ანტონიო პოსევინოს, რუსეთის ამ ბოროტი გენიოსის ინსტრუქციათა რეალიზების ამოცანა. ამგვარად, მომავალი კვლევების მიმართულებათა პრიორიტეტი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: უფრო დეტალურად იქნას გამოვლენილ იეზუიტების როლი უკრაინის რუსეთთან შემოერთების საკითხში (მეტი საფუძვლიანობისთვის საჭიროა გამოკვლევის დაწყება პეტრე მოგილას საეკლესიო "რეფორმით"). რუსეთთან უკრაინის მიერთებით, ვატიკანი ერთდროულად იჭერდა არა ორ ან სამ კურდღელს, არამედ უამრავს.

საკვლევი თემა საკმაოდ მდიდარია

ანტონიო პოსევინოს მოკლე დახასიათება, რომელსაც აძლევს მას ი. პლატონოვი, ასევე მნიშვნელოვანია:

"მისი თხზულებები - ეს არის აღმოსავლეთში კათოლიკური ექსპანსიის თეორიულად დასაბუთებული და დეტალურად მოფიქრებული გეგმა. ეს გახლავთ თავისებურად სრულყოფილი "დრანგ ნახ ოსტენი" ("Drang nach Osten")
(1). მისი წიგნი, თავისი მზაკვრობით და ფანატიზმით ჩამოუვარდება მხოლოდ ფაშიზმის სათავეში მდგომთა წიგნს "გამოცხადებანი და აღიარებანი" (М., 1996), რომელშიც შევიდა ფაშისტ ლიდერთა ყველა საიდუმლო მოხსენება, დღიური და მოგონება, რომელთაც სურდათ რუსეთის დაპყრობა XX ს.-ის შუაწლებში ან კიდევ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მამამთავრის ა. დალესის გეგმებს. თვით პოსევინოს ციტირება შეიძლება კომენტარების გარეშე, რადგან მისი გამონათქვამები აბსოლუტურად დაუფარავია დემაგოგიური გარსისგან, კონკრეტული და მარტივია.

_______________

1. გერმ.: "Drang nach Osten"
- "შეტევა აღმოსავლეთზე" - გერმანელი ფეოდალების, შემდეგ კი გერმ. ბურჟ.-მემამულეთა და აღმოსავლეთ ევროპის იმპერიალისტურ წერთა დამპყრობლური პოლიტიკა. ეს იყო ასევე რეაქციული ლოზუნგი და ისტორიულ-პოლიტიკური კონცეფცია, რომელსაც მიზნად გააჩნდა ამ პოლიტიკის გამართლება.

_______________

გაოგნებს მისი არა იმდენად მიზანი - გააკათოლიკოს რუსეთი, არამედ ამ მიზნის მიღწევის დახვეწილი მეთოდიკა. ის არის შესანიშნავი ფსიქოლოგი და დაკვირვებული სოციოლოგი, ზუსტი ეთნოგრაფი და დახვეწილი პოლიტიკოსი, ვირტუოზი ღვთისმეტყველი და წარმატებული ავანტიურისტი. პოსევინოს შრომამ ამაოდ როდი ჩაიარა და, ალბათ, თეორიული ფუნდამენტი გახდა პროპაგანდის კონგრეგაციისთვის რუსეთის დაპყრობის საქმეში".

ეჭვსგარეშეა, რომ ანტიონიო პოსევინო ჩვენს დღეებშიც კი იეზუიტთა ორდენის "უმთავრესი თეორეტიკოსია". ხოლო ის, რომ "ღირსეულად ვერ შეფასდა" ჩვენი პროფესიონალი ისტორიკოსების მიერ, - ეს უკვე ზემოთ მითითებული მიზეზების გამო.

ი. პლატონოვის გამოკვლევაში როგორც იქნა "ამუშავდა" ისტორიკოსთა მიერ დიდი ხნის მივიწყებული და მიჩუმათებული ინსტრუქცია, რომელიც იეზუიტებმა მოამზადეს თვითმარქვია მეფისთვის, თუ როგორ უნდა შემოეტანა უნია რუსეთში ("გამოიცეს კანონი, რათა რუსულ ეკლესიაში ყველაფერი შეთანაწყობილ იქნას ბერძენ მამათა კრებების კანონებს...")

1649 წლიდან იწყება სწორედ "ბერძენ პატრიარქთა" აღლუმი. იერუსალიმის პატრიარქ პაისის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე ი. პლატონოვი შენიშნავს, რომ ის (ანუ პატრ. პაისი - რედ.) მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებდა.

"პაისი პირობებს მკაფიოდ და უაპელაციოდ აყენებს - უნიფიცირებულ იქნას წეს-ჩვეულებები მსოფლიო ეკლესის ნიმუშის მიხედვით, რომელმაც 1439 წელს მიიღო ფლორენციის უნია და მით დაკარგა დამოუკიდებლობა... პატრიარქი აკეთებს მთავარ დასკვნას: რუსული მართლმადიდებლობა - ეს არის მწვალებლობა, ხოლო 1551 წლის ასმუხლიანი რუსული კრების გადაწყვეტილებები - ერესი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 700 წლიანი ისტორია - მწვალებლობაა, ხოლო რუსები - მწვალებლები არიან (როგორი ერთიანობაა კათოლიკურ ვატიკანთან, იქ ხომ უკვე დიდი ხანია რუსებს სქიზმატიკოსებად თვლიან, ხოლო XII-XIV სს.-ში წმიდა რუსეთზე ჯვაროსნული ომს აცხადებდნენ".

"ის, რომ პაისი ნებით თუ ზეწოლის ქვეშ მაინც ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებდა, ჩვენში არავითარ ეჭვს არ იწვევს, - წერს. ი. პლატონოვი, - მითუმეტეს, რომ ის პირველი იერარქი როდია, რომელმაც რომი თავისი მიზნებისთვის გამოიყენა".

"პირველობის პალმის რტო ეკუთვნის მიტროპოლიტ ისიდორეს, რომელიც 1439 წელს ფლორენციის უნიის ერთ-ერთი ინიციატორი გახდა. ის იყო ევგენი IV-ის პირადი მეგობარი, რომელსაც პოსევინო გამოჰყოფს კონკრეტული სერიოზული ნაბიჯისთვის XV ს.-ის რმე-ს უნიფიკაციის საქმეში"

1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ აღმოსავლელი იერარქები თურქების ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან.

"XVI-XVII საუკუნეებში ისინი უბადრუკი სანახავები იყვნენ. ძლივს მილასლასებდნენ რა თურქი მმართველების ქვეშ თავიანთ სიღატაკეში, უნიფიცირებული მართლმადიდებლობის იერარქები აბსოლუტურად უმწეო და ადვილად მისაწვდომები იყვნენ გარეშეთა მაქინაციებისთვის... 1612 წლიდან პროკათოლიკური პატრიარქები ეყრდნობოდნენ იეზუიტთა ორდენის დახმარებას. იერარქთაგან ზოგიერთი რომშიც კი დადიოდა რომის პაპთან".

ისტორიული ფაქტების ანალიზს ი. პლატონოვი მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომელიც ადასტურებს ჩვენს მიერ ადრე გამოთქმულ ვარაუდს, რომ: "1612 წელს ყველა აღმოსავლელი პატრიარქი უკვე ვატიკანის კონტროლქვეშ იყო". ამასთან დაკავშირებით, მტკიცებულება, რომელსაც შეიცავენ "Кириллова книга" ("კირილეს წიგნი") და "Книга о вере" ("წიგნი სარწმუნოების შესახებ"), თითქოსდა ბერძნულ ეკლესიაში მართლმადიდებლური სარწმუნოება დაცულია მთელი თავისი სიწმიდით და არ დაზიანებულა, არ შეესაბამება სინამდვილეს (დედანში: "Анализ исторических фактов приводит И. Платонова к выводу, подтверждающему наши предположения, высказанные ранее: "С 1612 г. все вселенские восточные патриархи были под контролем Ватикана". В связи с этим утверждения, содержащиеся в «Кирилловой книге» и Книге о вере», будто бы в греческой церкви православная вера и предания содержатся в чистоте и не поврежденности, не соответствуют действительности").

ეს წიგნები უკრაინული წარმომავლობისაა, ხოლო უკრაინა იმ დროს კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა.

"აღმოჩნდა, რომ იმდროინდელი რუსებისთვის არ იყო საიდუმლო ის ფაქტი, რომ ბერძნული კურთხევანები დაბეჭდილი იყო უნიატური ნიმუშების მიხედვით... მოვლენათა თანამედროვის, არსენ სუხანოვის ანგარიშისა და XX ს.-ის პროფესორთა დმიტრიევსკისა და უსპენსკის შეხედულებების გაცნობის შემდეგ, არავითარი ეჭვი აღარ რჩება რმე-ს რეფორმის ჭეშმარიტ მიზნებთან დაკავშირებით: წიგნებისა და ჩვეულებების შესწორების სახით წმიდა რუსეთს კვლავ სთავაზობდნენ და აქტიურად თავს ახვევდნენ უნიას რომთან. "შეიცვალა მხოლოდ მოქმედებისა და ზეგავლენის მოხდენის ტაქტიკა, მოქმედებათა არსი ადრინდელი დარჩა, როგორიც იყო პოსევინოსა და ცრუმეფეების დროს: მისცენ რუსეთს სტიმული დაიწყოს ომი თურქეთთან, გააკათოლიკოს მართლმადიდებლური სახელმწიფო... ეს უნდა დავინახოთ თუნდაც XX საუკუნის მიწურულს". აქედან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა აღმოსავლელი იერარქების როლთან დაკავშირებით: "ყოველგვარ ეჭვსგარეშე - ეკლესიის აღმოსავლელი იერარქები, რომლებიც რომანოვის მაცთურები გახდნენ, ნებით თუ უნებლიედ ჰაბსბურგებისა და ვატიკანის კარნახით მოქმედებდნენ" (დედანში: "Вне сомнения - восточные иерархи церкви, ставшие искусителями Романова, действовали вольно или невольно под диктовку Габсбургов и Ватикана")  (Кутузов Б.П. Церковная «реформа» XVII века. М.: ИПА «ТРИ-Л», 2003. С. 552

საკუთრივ რეფორმის კვლევისგან გამოდის ასეთი დასკვნა: "სრულიად უეჭველია, რომ მეფის მიერ თავსმოხვეული საეკლესიო რეფორმა თავისი მოჩვენებითი ორიენტაციით საყოველთაო მართლმადიდებლურ ეკლესიაზე იყო მხოლოდ შირმა: მინიმუმ რუსული სახელმწიფოს იდეოლოგიური საყრდენების მოსარყევად, მაქსიმუმ მისი გაკათოლიკურებისა და რომის კურიის მიერ მის გასაძარცვად. უეჭველია, რომ - გაკათოლიკება (უნია მხოლოდ გარდამავალი ეტაპია) არ იყო ერთადერთი და მთავარი მიზანი: უმთავრესი მიზანი გახლდათ ოსმალეთის იმპერიასთან ომის სტიმულირება ევროპის უსაფრთხოებისთვის". ი. პლატონოვის საერთო დასკვნა ასეთია:

"არსებობს ყველა მიზეზი ვივარაუდოთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელდა პოლიტიკური და იდეოლოგიური დივერსია ვატიკანისა და გაკათოლიკებული ქვეყნების მხრიდან, რომელიც მიმართული იყო რუსული სახელმწიფოს სტაბილურობისა და თვითმყოფადობის წინააღმდეგ... ეკლესიის რეფორმა თავიდანვე წარმოადგენდა სრულ აბსურდს, რადგან არ არსებობდა მისი ჩატარების არანაირი აუცილებლობა. მას ატარებდნენ უცხოტომელები ეროვნული ტრადიციების საზიანოდ; უნიას რუსეთი გაკათოლიკებისკენ მიჰყადა".

როგორც მათემატიკოსები ამბობენ, - სწორედ ამისი დამტკიცება გვჭირდებოდა.

სამწუხაროდ, "რეფორმისა" და განხეთქილების შინაგანმა მიზეზმა, ბიზანტიურმა ხიბლმა ი. პლატონოვის გამოკვლევაში ფართო გაშუქება ვერ ჰპოვა. ამასთან ეს შინაგნაი მიზეზი, მოსკოვის, როგორც მესამე სულიერი რომის მეტამორფოზა, მისი სულიერი გაგებიდან (მესამე რომი, როგორც მართლმადიდებლობის სიწმიდის მცველი ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა) საერო, ჩვეულებრივ, ამქვეყნიურ-იმპერიულ აზროვნებაში (მესამე რომი - ნეობიზანტიური იმპერია) გადავიდა და ლამის უმთავრესი მიზანიც კი გახდა.

კმაყოფილებით ვკითხულობთ ი. პლატონოვთან: "თანამედროვე რუსეთის ყოველგვარი რყევის  მიზეზი ძევს იმავე ბედუკუღმართ "მეამბოხე" XVII საუკუნეში და ისტორიკოსთა უფრო გამოწვლილვით ყურადღებას ითხოვს". ჭეშმარიტად ეს ასეა.

მეფე ალექსი მიხეილის ძე რომანოვი ჩვენ "რეფორმის" მთავარ შემოქმედად და განხეთქილების უმთავრეს მიზეზად დავასახელეთ. ჩვენს მიერ მოცემული მისი დახასიათება, შორსაა ტრადიციული სტერეტიპებისგან, რის გამოც ზოგიერთმა ვითომცდა უსაფუძვლო სიმკაცრეში დაგვადანაშაულა. მაგრამ ი. პლატონოვიб გვეთანხმება რა რომ სწორედ ის იყო განხეთქილებისა და უცხოთშეპყრობილობის (чужебесие) მთავარი დამნაშავე, კიდევ უფრო მკვეთრად გამოთქვამს თავის შეხედულებას.

"გამოკვლევის დროს მეფე ალექსი მიხეილის ძე წარმოგვიდგა მონარქიული პირმოთნეობის იდეალად, რომელიც თავის მზაკვრულ გეგმებს წესიერებისა და სიწმიდის ნიღაბქვეშ მალავდა. ისტორიის გამოწვევა, რომელიც უკვე მერამდენედ გამოსროლილი ჰაბსბურგების კათოლიკური იმპერიისა და პაპის საყდრისგან, თავს დაატყდა მეფით "დასნებოვნებულ" სახელმწიფოს და მიიყვანა ის რუსეთის პოლიტიკურ განხეთქილებამდე, რომლის შედეგები დღემდე შეიგრძნობა. "თევზი თავიდან ყარს"-ო, ნათქვამია, ხოლო რუსეთის სახელმწიფო მეფისგან აყროლდა... 1645 წელს ვერავინ იფიქრებდა, რომ მეფის ტახტზე აღმოჩნდებოდა იუდა".

"რუსეთ მონარქიის ძლიერი ინსტიტუტი გააჩნდა, რითაც სამართლიანად შეეძლო ეამაყა... ტრადიციით, მონარქი დამოუკიდებლად მართავდა და მხოლოდ ეპისკოპატთან (უხეირო, კათოლიკური ტერმინი - ბ. კ.) და მემამულეებთან თათბირობდა. "მონარქისა" და "სახელმწიფოს გამყიდველის" ცნებები იმდენად შეუთავსებელი იყო, რომ თვითმპყრობელური ხელისუფლების საწინააღმდეგო მექანიზმებზე არავინ ფიქრობდა. მაგრამ ძლიერი უძლურად გადაიქცა. უბედურება უცებ მოვიდა. 1645 წელს სამეფო ტახტზე აღსაყდრდა განდიდების მანიით შეპყრობილი (სხვაგვარად ვერ იტყვი) მეფე-ავანტიურისტი, რომელმაც სატრაპები და მხოლოდ მისდამი ერთგული უცხო მცველები შემოიკრა. მეფე ალექსის ფენომენი XX ს.-მდე რჩებოდა ისტორიის ნამდვილ გამოცანად და მხოლოდ ბოლო დროს მიიღო მან ჯეროვანი გაშუქება".

გამეფისთანავე, 1645-1646 წლებში, ალექსი მიხეილის ძე აქტიურად იწყებს მზადებს თურქებთან საბრძოლველად და საზღვარზე მრავალრიცხოვან ჯარსაც კი აგზავნის. ამის თაობაზე ი. პლატონოვი შენიშნავს: "რაში სჭირდებოდა ვატიკანს ვიღაც გარეწარი ლუბა (მორიგი თვითმარქვია - ბ. კ.), რომელსაც დასვამდნენ ტახტზე ან მოკლავდნენ, როდესაც ბუნებრივი მეფე თვითონ (!) იწყებს რომისა და იეზუიტების გეგმის განხორციელებას".

ყოველივე ამას უნდა დავუმატოთ მხოლოდ ის, რომ 1645 წლისთვის მეფე მხოლოდ 16 წლისა იყო, შედეგად, მისი სახელით ფაქტობრივად მოქმედებდნენ "სატრაპები", თანაც ძველი გეგმის მიხედვით. ეს გამოკვლევათა კიდევ ერთი პრიორიტეტული ხაზია.

აბსოლუტიზმის ტენდეციის საკითხთან დაკავშირებით: "მეფემ მოატყუა ხალხი და სახელმწიფო, დაამკვიდრა საკუთარი განუკითხაობა... ახლა რუსეთში ყველაფერი დამოკიდებული იყო მეფე ალექსის ნებაზე, იწყებოდა "ზემდგომთა" განუკითხაობა, 300 წლოვანი უცხოთშეპყრობილობის ეპოქა".

""უმშვიდესი" მეფე ალექსის სამეფო კარი თავისუფლად შეიძლებოდა წოდებულიყო "მორევად", რომელშიც, სიმბოლურად რომ ვთქვათ, არა მარტო ჭინკები ბინადრობდნენ, არამედ ადამიანის გარეგნობის მქონე ნამდვილი მონსტრებიც. ოპრიჩნინა
(2) უფერულდება მათ მხეცობასთან შედარებით, და სისხლიანი მალიუტაც (3) მათთან შედარებით "ცელქი ბავშვია".

____________________

2. ოპრიჩნინა" (опричнина) - სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი რუსულ სახელმწიფოში 1565-დან 1572 წლამდე, რომელიც მდგომარეობდა საგანგებო ღონისძიებების გატარებაში, ფეოდალური ქონებისა და მიწების კონფისკაციაში სახელმწიფოს სასარგებლოდ; ოპრიჩნინა ამცირებდა თავად-აზნაურულ ხელისუფლებას და აძლიერებდა სახელმწიფო ცენტრალიზაციას.

3. მალიუტა სკურატოვი (Малюта Скуратов) "ხელმძწიფის ერთგული ქოფაკი", რომლის სახელი გახდა სისასტიკისა და ულმობელობის სინონიმი. მალიუტას სახელი ხალხში საზოგადო გახდა. მეფის ამ "ერთგულ ქოფაკზე" ლეგენდები დადიოდა. როგორც გაღატაკებული აზნაურული მოდგმის პირმშო, ის გახდა ივანე მრისხანის მთავარი ოპრიჩნიკი (განმ. იხ. ზემოთ) და სულთამხუთავი.

____________________




მალიუტა სკურატოვი. მარცხნივ პ. რიჟენკოს ნახატი (2006 წ.), მარჯვნივ: კ. ვ. ლებედევის ნახატი (1892 წ.

"თავისი გრანდიოზული შიზოიდური გეგმების განსახორციელებლად მეფე ალექსი ირჩევს ყოველ იმ საძაგელ და სასტიკ მეთოდს, რაც მის გამეფებამდე იყო სახელმწიფო მმართველობაში და კიდევ უფრო განამრავლა იგი გარეშეთაგან შენაძენი გამოცდილებით".

"მეფის გამოგონებაა სატრაპების კორპორაცია, სადაც ფასდებოდა მხოლოდ პირადი ხალოპური ერთგულება მბრძანებელისადმი, რაიმე სახის ოპოზიციის არარსებობა და განკარგულებების უსიტყვო შესრულება. დაფასებული იყო ასევე: სადისტური სისასტიკე და მონური ყურმოჭრილობა, აღმაშფოთებელი ამორალურობა და უპრინციპობა, საკუთარი ერის ტრადიციების დავიწყება და მეფის კვალობაზე დასავლეთევროპული მოდისადმი მიმდევრობა".



ოპრიჩნიკები მეფის წინაშე. ნ. ნევრევი, 1904 წ.


"მეფე ალექსიმ შემოქმედებითად ააღორძინა ივანე IV-ის ოპრიჩნინა. საფუძვლად კი აიღო პრინციპი: მბრძანებელი პლიუს უახლოესი სატრაპები. რომანოვმა სრულყოფილებამდე აიყვანა ეს სისტემა, როდესაც 1649 წელს განსაკუთრებული ბრძანებით დააკანონა იგი და შემოიღო საიდუმლო საქმეთა სამსახური, რომლის საქმიანობაზე არსებობს მხოლოდ გაფანტული ცნობები და არც ერთი (!) წიგნი ესოდენ მნიშვნელოვან და ცხელ თემაზე".

"ხელისუფლებათა (რელიგიური და საერო - რედ.) ყოფილი "სიმფონიიდან" აღარაფერი დარჩა. ეს იყო მონარქიული მმართველობის აბსოლუტიზირებული ფორმა, სადაც ყველაფერი დამოკიდებულია ერთ ადამიანზე, მეფე-მბრძანებელზე, რაიმე კონტროლის ან ზნეობრივი შეზღუდვების გარეშე. სწორედ ამგვარმა პირობებმა მისცა მას შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით გაეხლიჩა საზოგადოება... ვინც გაბედავდა ეფიქრა არა ისე, როგორც მეფე, და უარს იტყოდა მის რომელიმე გადაწყვეტილებაზე სამარცხვინო ბოძზე აკრავდნენ და ფიზიკურად ანადგურებდნენ, მათ ღვაწლსა და გმირობებს კი ამახინჯებდნენ და ივიწყებდნენ".

აი, როგორია მეფის მიერ შემოკრებილი "სატრაპების" დახასიათება: "ლაპარაკი იმაზე, რომ ამ აადამიანებს გააჩნდათ რაიმე ზნეობრივი პრინციპი და მორალი, არ გვიწევს; ეს უფრო უპრინციპობაა, აყვანილი ცხოვრების ნორმის რანგში, და ეს არის ამორალობა, რომელიც მათი მორალი გახდა. და ეს ადამიანები მართავდნენ ქვეყანას, ახორციელებდნენ მეფის ყველა განკარგულებას, მათზე იყო დამოკიდებული რუსეთის მომავალი".

მეფის ერთ-ერთ "სატრაპზე", თავად ნ. ოდოევსკიზე: "გადაგვარებული და სულმოკლე, სოციალური ნაყარი, მაგრამ რაოდენ ძვირფასია მეფისთვის". სწორედ მისმა შვილმა, ი. ოდოევსკიმ, ესოდენ რომ მიეჩვია ადამიანთა ტანჯვას და, რომელსაც "დილდილაობით არაფრის ჭამა არ შეეძლო, "ზასტენოკს" თუ არ მიაკითხავდა", 1672 წელს აწამა ბოიარინის მეუღლე მოროზოვა და კნეინა ურუსოვა.


____________________

4. "ზასტენოკი"
(застенок) - 1. ისტორიულად, ეს იყო წამებისა და დაკითხვის ადგილი მოსკოვის რუსეთში. 2. ჩვეულებრივი მნიშვნელობით - ციხე, სადაც აწარმოებდნენ დაკითხვებსა და წამებებს.

____________________



"მეფე დასნებოვნებული იყო "გრეკოფილობით" და "ცეზაროპაპიზმით", საკუთარი ხალხის გმინვას ის არ აყურადებდა, მაგრამ ბერძენი ქლესია და მლიქვნელი პატრიარქების ეპისტოლეებს სიხარულით კითხულობდა... ხოტბა-დიდებისა და მხარდაჭერისთვის მეფე ხელს უწყობდა უღატაკეს ბერძენულ საძმოს მოსკოვში და გულუხვი მოწყალებებითაც ანებივრებდა... რუსული მართლმადიდებლობის გაქელვისთვის მათ კიდევ ხელფასს უხდიდნენ... არსებითად მეფე ფულს იხდიდა იმისთვის, რომ პატრიარქებს მისთვის შეეთავაზებინათ ომი თურქეთთან, იხდიდა რომისადმი თავისი ფაქტობრივი მსახურებისთვის, რუსეთის ინტერესების ღალატისთვის. მართლაც, რაში სჭრიდებოდა ვატიკანს უცნობი თვითმარქვიები, როდესაც თვით ბუნებრივი და კანონიერი მეფე ჰყავდა გამოჭერილი და ბაწარზე ფინია ძაღლივით გამობმბული..."

1673 წელს მეფე რომში აგზავნის ელჩს მოწოდებით ომი დაიწყონ თურქეთთან. "ასე დაიწყება რუსეთ-თურქეთის ხანგრძლივი, სისხლიანი ეპოპეა".

მეფე ალექსის ანტიეროვნული საქმიანობის შესახებ. "... მეფე ალექსის ანტირუსული პოლიტიკა. საკითხში, რომელიც საკუთარ თავს დაუყენა - მოსკოვი თუ კონსტანტინოპოლი, - მეფემ ეს უკანასკნელი ირჩია და სიცოცხლის ბოლომდე თავისი ქიმერების ერთგული დარჩა".

"რუსულ-პოლონური ომის მოტივებიდან გაქრა რუსეთის სახელმწიფოს ინტერესები - ყველაფერი ბერძნებისთვის. მეფის სტრატეგიული გეგმები, რომელთაც აღსრულება არ ეწერა, სრულიად ეძღნება არა რუსეთს, არამედ ბერძნებს. მეტიც, მეფე ალექსი, მხოლოდ და მხოლოდ თავისი ქიმერული მიზნების გამო მზად არის მსხვერპლად გაიღოს მთელი ქვეყანა, რომელსაც ადრე საკუთარი თავი მესამე სულიერ რომად მიაჩნდა. ბერძნული მართლმადიდებლობის რომელ ერთგულებაზეა აქ ლაპარაკი? ეს არის მხოლოდ ჰაბსბურგების ინტერესებისადმი დათმობა და რუსეთის ინტერესების იგნორირება!".

"სრულიად უეჭველად - მეფე ალექსი მოიქცა არა რიურიკოვიჩების ტრადიციის მიხედვით და წამოეგო პროვოკაციას, რომელიც მას ვითომცდა "კონსტანტინოპოლის საყდარს" ჰპირდებოდა"... ყოველგვარ ეჭვს გარეშე - მეფე ალექსის მიერ გატარებულმა ანტისახელმწიფოებრივმა რეფორმამ გამოიწვია უკურეაქცია და რუსეთის პოლიტიკური გახლეჩვის მიზეზი გახდა".

ი. პლატონოვი ყურადღებას აქცევს საპატრიარქო კათედრისა და სამეფო საყდრის პოტენციური პრეტენდენტების იდუმალ (საოცრად დროულ) გარდაცვალებას.

"ჩვენ ვვარაუდობთ, - წერს ის, - რომ მეფე ალექსი, ნიკონი და მათი "უახლოესი" გარემო ფიზიკურად იშორებდა უპირველეს მოწინააღმდეგეებს: იოსებს, ბარლაამს, პავლეს... ჩვენს წინაშეა არა "უმშვიდესი" (тишайший) მეფე, არამედ სამეფო ტახტზე აღსაყდრებული დამნაშავე".

სტატიაში "Лютая година" (მძვინვარე ჟამი) ი. პლატონოვი წერს იმის შესახებ, თუ როგორ უეცრად "აღმოცენდა" "ზღაპრული შავი ჭირი" ეკლესიის იერარქებსა და მოსკოვის არისტოკრატიაში".

"როგორც ჩანს, ბევრს უწია მაშინ მგზნებარე წმ. მიტროპოლიტ ფილიპეს ბედმა... იმ დროს ყოველთვის რჩეული მკურნალები იყვნენ სააფთიაქო უწყებაში, ხოლო იმჟამად იქ მეფის აღმზრდელი და საიდუმლო მრჩეველი და მოსკოვში მრავალთა ბედ-იღბლის უმთავრესი გამგებელი, ბოიარინი ბორის მოროზოვი მბრძანებლობდა" (Платонов И.С. Лютая година. // Календарь Древлеправославной Поморской Церкви на 2002 г.).

"შერისხვებით, იდუმალი გარდაცვალებებითა და დაუფარავი შანტაჟით ალექსი მიხეილის ძემ და მისმა გარემოცვამ, 1648-1651 წლების ამბოხებებით შეშინებულებმა, რომლებსაც თანამოაზრე ბერძნების ხელით ადვილად მართავდნენ იეზუიტები, მოახერხეს 1652 წელს საბოლოოდ მოეტეხათ რეფორმებისა და პოლიტიკური წამოწყებებისადმი ბოიართა და მღვდელმთავართა ისედაც მოკრძალებული წინააღმდეგობა. ოპოზიციური არისტოკრატიული კლანები ფაქტობრივად თავწაკვეთილ იქნა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი იერარქია შეიცვალა - "ზემდგომთა" მოწინააღმდეგე აღარავინ დარჩა... ხალხის გარდა" (იქვე).

XVII ს.-ის "რეფორმისა" და განხეთქილების შესწავლის აქტუალობა ჩვენს დღეებში ეჭვს არ ექვემდებარება.

XVII ს.-ის განხეთქილების შედეგებს დღემდე ვიმკით. ი. პლატონოვი შეგვახსენებს უკიდურეს აუცილებლობას შევისწავლოთ საკუთარი ისტორია, "რადგან უკვე მიმდინარეობს სხვა გეგმების რეალიზება".

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика