აპოლოგეტიკა - რევოლუციისა და ძველმოწესეობის შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

რევოლუციისა და ძველმოწესეობის შესახებ

რუსეთის რევოლუცია

საიტ "საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის" რედაქციისგან: ამ რამოდენიმე კვირის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ძველმესტილეთა ე. წ. "ბოსტონის" ფრთის წარმომადგენელი ვინმე გელასი აროშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" სხვადასხვა მომხმარებელთა პუბლიკაციებში რთავს ლინკებს უცხო ქვეყნის საიტებიდან, სადაც ძველმორწმუნეთა ვითომცდა "მაკომპრომეტირებელი" მასალებია განთავსებული. ეს გ. აროშვილის პირველი ასეთი გამოხდომა არ გახლავთ. ძველმართლმადიდებელთ მისთვის ადრეც მიუციათ შენიშვნა მსგავსი არაკორექტული საქციელის გამო. კერძოდ, გვქონდა შემთხვევა, როდესაც გელასი აროშვილი უტაქტოდ ჩაერია ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი წევრის დავაში ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელთან და პოლემიკაში ჩართო სადავო თემისგან აბსოლუტურად განსხვავებული საკითხი დაკავშირებული სარწმუნოების სიმბოლოსთან. როგორც ჩანს, ძველმესტილეთა "ბოსტონის" ფრთის ამ წარმომადგენელს ძალიან სურს სახელი გაუტეხოს ძველმართლმადიდებლობას, რის გამოც მიმართავს "პარტიზანულ" მეთოდებს. ამჯერად, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, ბ-ნ ნოდარ ლადარიას გვერდზე მას განუთავსებია ლინკი, რომელიც გადადის ძველმართლმადიდებელთა "მამხილებელ" მასალაზე, რომლის მიხედვითაც ისინი თურმე ხელს უწყობდნენ ბოლშევიზმს.

სრული პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადოთ, რომ ეს არის ახალმოწესე ცრუ-ისტორიკოსთა მორიგი სიყალბე, მორიგი უდღეური მცდელობა სახელი გაუტეხონ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს. გ. აროშვილს სინდისი რომ ჰქონოდა, ის თავად უნდა დაინტერესებულიყო ამ ისტორიული ფალსიფიკაციის მხილებით, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ "სტაროვერები" თავიანთი ცხოვრების წესით, რწმენით და სინდის-ნამუსით, არასოდეს ყოფილან ათეიზმის, ბოლშევიზმის და სისხლიანი გადატრიალებების მომხრენი. თავად გ. აროშვილს არაერთხელ უთქვამს ჩვენთვის, რომ ის პატივს სცემს "სტაროვერებს", მაგრამ, როგორც ჩანს, კარგად ირგებს ორპირა იანუსის ნიღაბს და კეთილსინდისიერი ქრისტეანის შთაბეჭდიელებას არ ტოვებს. სავარაუდოდ, გ. აროშვილი ფიქრობს, რომ "სტაროვერების" გმობა და მათი "მაკომპრემეტირებელი" მასალების დალინკვა მას საზოგადოებაში პოპულარობას მოუტანს, როგორც რუსების მოწინააღმდეგეს. ჩვენი საზოგადოება ხომ ძლიერ არის აჭრილი რუსებზე და ყოველივე რუსულზე, თან ისე, რომ პუტინის უდღეური პოლიტიკის გამო აგინებენ ყველაფერ რუსულს: გენიალურ მწერლებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს, დრამატურგებს და, ამათთან რა სახსენებელია, მაგრამ თვით წმინდანებსაც კი. რუსოფობების ამგვარი ქცევა მათ ღატაკ სულიერებას, დაბალ ინტელექტს და სამარცხვინო მართვადობას ააშკარავებს (ცხადია, იგივეს ვიტყვით დასავლეთოფობების მიმართაც).

დავუშვათ, რომელიმე ძველმართლმადიდებელს მართლაც გაწყდომია შუბლის ძარღვი და დახმარება გაუწევია ბოლშევიკებისადმი, - მაგრამ, ცალკეული პიროვნებების ქმედება რატომ უნდა განზოგადდეს მთელს ძველმართლმადიდებლობაზე?

იქნებ გვითხრას ბ-ნმა გელასიმ, ცნობილია თუ არა მისთვის რომელიმე "სტაროვერული" კრება (რადგან სწორედ კრებაა ეკლესიის საზოგადო შეხედულების გამომხატველი ორგანო), რომელმაც მოიწონა ბოლშევიკური რევოლუცია? ან მოიწონა ცალკეული "სტაროვერების" მიმხრობა ბოლშევიზმისადმი? ან ბოლშევიზმის  მომხრეთა შორის "სტაროვერებს" რომ ითვლის, იქნებ თავისი "მართლმადიდებლობის" წარმომადგენლები დაითვალოს, რომლებთანაც კონსტანტინოპოლს ბოლშევიზმის დროსაც ჰქონდა ევქარისტული კავშირი და მის შემდეგაც?!

ჩვენთვის, ქართველ ძველმართლმადიდებელთათვის ძველმესტილე ბერძნები დიდად არ განსხვავდებიან რუსი "ნიკონიანელებისგან". ჩვენს საიტზე ქვეყნდება და მომავალშიც გამოქვეყნდება ბერძენი და რუსი რეფორმატორების მავნე საქმიანობის ამსახველი მასალები, რომელთა სულიერი მემკვიდრე და საქმეთა გამაგრძელებელია გელასი აროშვილიც. ამჯერად გთავაზობთ რამოდენიმე პუბლიკაციას თემაზე, რომელიც ეხება "სტაროვერთა" დამოკიდებულებას ბოლშევიზმისადმი. ერთ-ერთი პირველი ასეთი პუბლიკაცია გახლავთ სტატია "Ещё о революции и старообрядцах", რომელიც გამოქვეყნდა ძველმართლმადიდებლურ (ბელოკრინიცულ) საიტზე: http://starove.ru. თვით ხსენებულ საიტზე პუბლიკაცია გამოქვეყნდა რედაქციის (starove.ru) ასეთი შენიშვნით: "ჩვენს საიტზე ვაქვეყნებთ გამოხმაურებას, რომელიც მოვიდა მკითხველისგან ალექსანდრე პიჟიკოვის გამოკვლევასთან დაკავშირებით, რომელიც წერს "ძველმორწმუნეთა როლზე 1917 წლის რევოლუციაში".


"რომ არა 17-ეს.-ის რუსეთის ეკლესიის განხეთქილება, 17 წლის რევოლუცია არ იქნებოდა" (ა. ი. სოლჟენიცინი)


მთლიანად ვეთანხმები ეპიგრაფს, რომელიც განსახილველი სტატიის დასაწყისშია მოცემული. ავტორს სწორად მიხვედრილა ტენდენციას, მაგრამ არასწორად (ჩემის აზრით) შეუფასებია მიზეზები. შევეცდები მოვლენებს შევხედოთ სხვა თვალით.




დეკანოზ ამბაკუმის ძეგლი მის სამშობლოში, ნიჟეგოროდის ოლქში


მეფე ალექსი მიხეილის დროს დაწყებული საეკლესიო რეფორმა დაემთხვა რუსეთში მრავალი სიახლის შემოტანას. ბევრი მათგანი სასარგებლო იყო, მაგრამ ბევრიც - მეტად საზიანო. არავის სურდა განეჭვრიტა მათი ხანგრძლივი უარყოფითი შედეგები. პეტრესეული სახელმწიფო რეფორმების 80% მისი მამის, ალექსი მიხეილის ძის დაწყებულია და ზოგიერთ პლანში, საჭიროც კი იყო სახელმწიფოსთვის. მაგრამ საეკლესიო რეფორმა იმ სახით, რა სახითაც წარმოებდა იგი, აბსოლუტურად დაუშვებელი გახლდათ. დიახ, საჭირო იყო საეკლესიო წეს-განგებების მოწესრიგებაც. მაგრამ ამის ნაცვლად, ყველაზე უხეში სახით დაირღვა რუსული სამყაროს საფუძვლები და საძირკვლები. რუსეთი რევოლუციის გზაზე შედგა. მოდი, დავყოთ ეს რევოლუცია ეტაპებად.


რომანოვების ბოროტი თესლი



პატრიარქი ნიკონი და მეფე ალექსი მიხეილის ძე


საეკლესიო განხეთქილების შემდეგ რუსეთი ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროდ დაიყო - ერთ მხარეს იდგნენ ძველმოწესეები, ხოლო მეორეს - ახალმოწესე ნიკონიანელები, რომლებიც, გარკვეულ დრომდე, პარალელურად არსებობდნენ. თქვენ გგონიათ, რომ ქრისტეანობის მორალური საფუძვლები პირველად ბოლშევიკებმა დაარღვიეს? ნურას უკაცრავად! ისინი ჯერ ალექსი მიხეილის ძემ, პეტრე პირველის მამამ და იმდროინდელმა პატრიარქმა ნიკონმა ხელყვეს. დაიწყო არცთუ სახარბიელო დასავლურ "ღირებულებათა" "მცოცავი დანერგვა". პეტრე პირველის მეფობა პირველი დიდი უბედურება იყო რუსეთისთვის. დიახ, იყო დიდი მიღწევებიც, მაგრამ რის ფასად იქნენ ისინი მიღწეულნი?

პეტრემ თამბაქოს მოწევა ხაზინის შევსების მიზნით დააწესა - მაგრამ ვერ გათვალა ამ ნაბიჯის ამაზრზენი შედეგები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.


რუსეთში ძლიერ გაიზარდა ლოთობის მასშტაბი - ხაზინა კვლავ სტაბილურად ივსებოდა, მაგრამ ერის სინაჯსაღეს ადგებოდა გამოუსწორებელი ზიანი.

პეტრესეული კარის ზნეობაზე ახლა ბევრს წერენ და ლაპარაკობენ - ამორალური ქცევის ნიმუშს იძლეოდა თვით იმპერატორი: მაშ, რა უნდა ვთქვათ მის გარემოცვაზე?

მოხდა სათავადაზნაურო ფენის მკვეთრი გამოცალკევება დანარჩენი ხალხისგან. გაჩნდა ადამიანების კლასი, რომელთაც უმეტესწილად არაფრად მიაჩნდათ ჭეშმარიტი რუსული ღირებულებები და ამანაც თავის მორევში "ჩაითრია" ახალმოწესეები. ასე გაკეთდა პირველი ნაბიჯი რევოლუციისკენ.

გააუქმა რა საპატრიარქო ინსტიტუტი და დაამკვიდრა რა პროტესტანტული სინოდი, პეტრემ ახალმოწესეთა ეკლესია სახელმწიფო მანქანის ჭანჭიკად აქცია. ასე გაკეთდა მეორე ნაბიჯი რევოლუციისკენ. ადამიანთა ნაწილს უკვე აღარ სჯეროდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (ანუ ოფიციოზის - მთარგმნ.), რომელიც ამართლებდა და ხელს აფარებდა ხელისუფლების ნებისმიერ მოქმედებას.


მომხმარებელთა საზოგადოების მშობელნი


ეკატერინე მეორის დროს დაშვებულ იქნა კიდევ უფრო მეტი შეცდომები. პრაქტიკულად ყველა ისტორიკოსი დუმს პეტრე მესამის განკარგულებაზე "თავადაზნაურთა თავისუფლებების შესახებ". ამ განკარგულების არსი იმაშია, რომ თავადაზნაურებს უფლება ჰქონდათ ნებისმიერ დროს დაეტოვებინათ სახელმწიფო სამსახური, ან საერთოდ არ შესულიყვნენ მასში. ეკატერინამ ეს განკარგულება არა თუ არ შეცვალა, არამედ გააგრძელა. მისი შედეგი ასეთია - რუსეთში გაჩნდა აშკარა უსაქმურთა და პარაზიტთა ქვეფენა, რომელიც ლაპარაკობდა უცხო ენაზე (ფრანგულად), და არ ესმოდა და არც სურდა გაეეგო რუსეთის დანარჩენი მოსახლეობის. ღრუბელივით ისრუტავდა კათოლიკური დასავლეთის "ღირებულებებს", გააჩნდა ყოველგვარი უფლება და არავითარი ვალდებულებები, ამასთან ფლობდა მიწებსა და გლეხებს. სათავადაზნაურო სისტემის "ქანჩები" უკიდურესობამდე იქნა მოჭერილი. ასე ჩაიდო რევოლუციის ბომბი.

პავლე პირველს (არადა სწორედ მის დროს მიიღეს ძველმორწმუნეებმა უდიდესი შეღავათები), უეჭველად ესმოდა სიტუაციის მთელი სირთულე და ცდილობდა მის გამოსწორებას, მაგრამ ვერ მოასწრო. ალექსანდრე პირველმა იმის ნაცვლად ემკურნალა წყლულოვანი ჭრილობისთვის, ის უბრალოდ გაყინა. პეტრეს და ეკატერინეს მიერ შექმნილმა იმპერიამ ნელა, მაგრამ სტაბილურად დაიწყო გახრწნა შიგნიდან. ახალმოწესეთა სულ უფრო და უფრო მეტ რაოდენობას უცრუვდებოდა გული ოფიციალურ ეკლესიაზე. ადამიანებში იმატა ურწმუნოებამ.


შეუქცევადობის წერტილი


ნიკოლოზ პირველის მეფობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სწორედ ამ მომენტში იწყება ორი სამყაროს ურთიერთშეხება. ნიკოლოზი, უეჭველად იყო ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანი და ესმოდა, რომ იმპერია ქვრება, მაგრამ არ ესმოდა ამ პროცესის ჭეშმარიტი მიზეზი. იმის ნაცვლად, მკაფიოდ შეემცირებინა თავადაზნაურთა უფლებები, მან დაიწყო იმპერიის შიგნით "ქანჩების მოჭერის" მორიგი წრე და ძველმოწესეთა მორიგი სასტიკი დევნულება. მან ვერ გაიგო ის, რომ არ შეუძლია უკან, ოფიციალური ეკლესიის წიაღში დააბრუნოს ადამიანები, რომლებმაც ამდენი გაჭირვება გადაიტანეს თავიანთი სარწმუნოებისთვის, იმ ეკლესიის წიაღში, რომელიც ისევე გაიხრწნა შიგნით, როგორც თვით სახელმწიფო. ნიკოლოზმა ეს თვითონაც გაიგო თავისი სიცოცხლის ბოლოს და მიხვდა ამას მხოლოდ მაშინ, როდესაც სასტიკად დამარცხდა ყირიმის ომში.




ალექსანდრე მეორის მეფობას შეიძლება ვუწოდოთ ეპოქათა პაუზ. დიახ, ეს იყო მეფე-რეფორმატორი, მაგრამ რეფორმებს ის უკიდურესად უგერგილოდ ატარებდა. მას არ ესმოდა საკუთარი ხალხის. მან მოიგო ბალკანეთის ომი, მაგრამ ვერ შესძლო ამ გამარჯვების ნაყოფით დატკბობა. გაათავისუფლა გლეხები, მაგრამ გამოიწვია მხოლოდ გაბოროტება და რევოლუციური მოძრაობის აფეთქება. შედეგად მიიღო 7 თავდასხმა და ბომბი.


შეუქცევადობა


ალექსანდრე მესამე რუსეთის უდავოდ ძლიერი მმართველი იყო და არცთუ მცირედ შეეწია ძველმოწესეობას. თავისი გარეგნობით თვითმპყრობელი განასახიერებდა მთელი რუსეთის ძლიერებას. მისი სიმაღლე იყო 195 სმ., ფართე მხრებით, ფართო და ხშირი წვერით. სისხლით 1/64 რუსი, ხოლო დანარჩენით - გერმანელი. მრავალი მას სულელად თვლიდა, მაგრამ არა!




სულელი ვერ ააშენებდა ჯავშნიან ფლოტს და ტრანსციმბირულ მაგისტრალს. სულელი ვერ უზრუნველყოფდა იმპერიას გონივრული კანონებით, რომელმაც იმპერიის ეკონომიკური დონე გაზარდა 25%-ით. სულელს ვერ ექნებოდა იმ დროისთვის იშვიათი ტექნიკური განათლება. მარადიული ხსოვნა ძალაუფლებასთან მის ყოფნას - ამ დროს, აშენდა 5000 ეკლესია. თითქმის ერთი ეკლესია მისი მმართველობის ყოველ დღეზე. მის დროს სახელმწიფოს მართავდა არა მთავრობა, არამედ სახელმწიფო საიდუმლო საბჭო. მასში შედიოდნენ იმ დროის საუკეთესო ინტელექტუალები - მეცნიერები, პოლიტიკოსები, დიპოლმატები. მათ შორის მენდელეევიც. ძველმოწესეობას ის განიხილავდა როგორც იმპერიის ერთ-ერთ საიმედო საყრდენს.

ა. პიჟიკოვი მართალი არ არის ერთ რამეში - მან არ გაითვალისწინა მეფის ხასიათი. დიახ, იყვნენ სლავიანოფილები და მრავალი ძველმოწესე უნათესავდებოდა მათ. მაგრამ სტაროვერებს რომ არ გამოეჩინათ ნამდვილი ერულება, თანაც არა სიტყვით, არამედ საქმით, მეფე მათ არად ჩათვლიდა.


ეპოქის დასასრული


ნიკოლოზ II საკუთარ მამასთან შედარებით იყო უბადრუკი. საკუთარი მამის პაროდია. თვით ალექსანდრე მესამე გრაფ ალექსანდრე პავლოვის ძე იგნატიევთან საუბარში ასე მსჯელობდა მის შესახებ: "შეხედე, როგორ გააფუჭა ჯიში" (ეს მან თქვა თავის ცოლსა და შვილზე). რა თქმა უ ნდა, ის არ იყო კანონიზაციის ღირსი. მას "ნიკოლოზ სისხლიანს" უწოდებდნენ. არა. ეს ტიტული ჯერ კიდევ უნდა დაიმსახურო. ნიკოლოზი უფრო გახლდათ "ნიკოლოზ უტვინო". ასე უნიჭოდ ჩააგდო ქვეყნის მთელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სრულიად გაანადგურო ომის ტექნიკური სამზადისი, ომის პირველ სამ თვეში მთლიანად დამარხო მთელი საიმპერატორო გვარდია და თითქმის მთელი საკადრო არმია - ძლიერ უნდა მოინდომო.




და ეს მაშინ, როცა ხელთა გაქვს იმპერიის ყველა რესურსი და ჩახშობის უძლიერესი სახელმწიფო აპარატი!!! მარტო ლოცვებით საქმეს ვერ გააკეთებ, და ომს ვერ მოიგებ - ამისთვის კიდევ საჭიროა შაშხანები, ვაზნები და ჭურვები. ჰოდა, მიიღო კიდევაც თავისი - რევოლუცია. მან ჯეროვანი პრინციპულობაც კი ვერ გამოიჩინა სამეფო გვირგვინსა და ტახტზე უარყოფის წინ. სისულელეა ეს წარუმატებლობანი რევოლუციონერებისა და ტერორისტების ხრიკებს გადააბრალო. რუსეთი იმ დროს იყო აბსოლუტური მონარქია და ძალზე ბევრი იყო დამოკიდებული იმპერატორის პიროვნებაზე.

ნიკოლოზ II-მ აჩვენა თავისი სრული უსუსურობა ქვეყნის მართვის საქმეში. დიახ, მისი დიდი დამსახურებაა გახსნილიყო როგოჟის საგუშაგოს ტაძართა საკურთხევლები, მაგრამ ეს მან გააკეთა მძაფრი ვითარების ზეწოლით - 1905 წლის რევოლუციის გაო. ხოლო სამეფო ტახტზე აღსაყდრდა 1894-ში! ანუ მთელი 11 წლის განმავლობაში მას თავში იმისი აზრიც კი არ მოსვლია, რომ მისი ხალხის თითქმის მესამედი მოკლებული იყო ელემენტარულ უფლებას ეღიარებინა თავისი რწმენა. ვერაფერს იტყვი.


ძველმოწესეები და რევოლუცია


სჭირდებოდათ თუ არა ძველმოწესეთ რევოლუცია? რა თქმა უნდა არა! 1905-1912 წლები - ძველმოწესეობის "ოქროს საუკუნეა". რომელი გონიერი კაცი მოჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის? არცერთი! ასე, რომ ძველმორწმუნეთ ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდათ საზოგადოებრივი ან ნებისმიერი სახის რყევანი.




მიხვდნენ რა იმას, რომ 1916 წლისთვის ქვეყანა მიექანება კრახისკენ, ძველმოწესეებმა დაიწყეს რუსეთიდან თავიანთი კაპიტალის გაზიდვა საფრანგეთსა და აშშ-ში. უზარმაზარი თანხები ჩაიდო საფრანგეთის რკინიგზასა და აშშ-ს საწარმოებში.

და კიდევ, ჩემი სუბიექტური აზრი:

ცნობილია, რომ ყველა ძველმოწესე ძალზედ შრომისმოყვარეა - მათ შორის მე არასოდეს მინახავს უსაქმური. მიუხედავად 300 წლოვანი შევიწროებისა და დევნისა, მათ არ დაუხევიათ არც სარწმუნოებისგან და არც საკუთარი პრინციპებისგან, რითაც თავიანთ გარემოში შეინარჩუნეს ყოველივე საუკეთესო, რაც არსებობდა განხეთქილებამდელ რუსეთში.

მე ერთ რამეში ვეთანხმები მკვლევარ ა. პიჟიკოვს, კერძოდ იმაში, რომ არსებობდა ძველმოწესეობრივი სალარო, რომ მრავალი დიდი სავაჭრო კაპიტალი სწორედ აქედან გამოვიდა, რომ ძველმოწესეები გზას უკაფავდნენ ყველაზე ნიჭიერ და ტალანტიან ადამიანებს.

და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ყველას, ვინც კი ფლობს კაპიტალს, შეუძლია აწარმოოს კომერციული საქმიანობა. ჩემის აზრით, ესეც სრულიად ნორმალური მოვლენაა. ამისი მაგალითია ცნობილი ავიაკონსტრუქტორი იგორ სიკორსკი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს გადავიდა ძველმართლმადიდებლობაში. ის ნამდვილად ნიჭიერი კონსტრუქტორი და ინჟინერი იყო. ახალგაზრდობაში არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული რელიგიურობით, მაგრამ დასავლეთში ემიგრირების შემდეგ, იგემა რა "დემოკრატიის" და "თავისუფლების" ნაყოფები, მრავალი რამ გარდაქმნა თავის ცნობიერებაში და მაინც დაუბრუნდა საკუთარ ფესვებს. საქმეები მას ძველმოწესეობრივად მიჰყავდა. თავის მუშებს მიიჩნევდა არა დაქირავებულ ბრბოდ, არამედ ისეთივე ადამიანებად, როგორიც თვითონ იყო. მის მფლობელობაში მყოფ ყოველ შენობაში ეკიდა ხატები, ხოლო სამუშაო დღე ყოველთვის იწყებოდა და მთავრდებოდა საერთო ლოცვით.


სულიერება და რომანოვთა დინასტიის დაცემის მიზეზები


ნიკონის რეფორმების დაწყებამდე რუსი მეფეები და დიდი თავადები საეერო ძალაუფლებას საღმრთო სასჯელად (ტვირთად) მიიჩნევდნენ. ეს იყო მმართველის მოვალეობა საკუთარი ერის წინაშე. პირველი რომანოვი - მიხაილ თევდორეს ძე, არჩეულ იქნა რა სახალხოდ, ამას არასოდეს ივიწყებდა. მან მაინც შესძლო რუსეთის აღორძინება უმძიმესი არეულობების შემდეგ.




ვეთანხმები ალექსანდრე პიჟიკოვის სურვილს აჩვენოს, რომ არსებობს რაღაც არანივთიერი, რაღაც ძველმოწესეობრივი ფხა და შემართება, რომელიც შერჩათ მსხვილი დინასტიების დამაარსებელთა შთამომავლებს იმის შემდეგაც კი, რაც მათ დაამთავრეს პრესტიჟული დასავლური უნივერსიტეტები და არცთუ იშვიათად შორდებოდნენ ეკლესიასაც კი.

როგორც სამართლიანად აღნიშნა ნოვოსიბირსკისა და მთელი ციმბირის ეპისკოპოსმა სილვიანემ (სილუიანე - Силуян) თავის ინტერვიუში, არსებობს ძველმოწესეთა ერთგვარი "გენი". იქ, სადაც მისი შენარჩუნება შესძლეს, ვერასოდეს შეეგუებიან "დასავლურ ღირებულებებს", თუნდაც ეს ადამიანები გარეგან ჩვეულებათა სკურპულოზური მიმდევრები არ იყვნენ.

მაგრამ არ შეიძლება 10 მცნების დარღვევა. როდესაც პატრიარქ ნიკონის რეფორმების შედეგად დამახინჯდა სარწმუნოების არსი, რუსეთის ზოგიერთმა მმართველმა მისი დამახინჯება დაიწყო დაუფარავად, და ამით მაგალითს აძლევდა თავის ქვეშევრდომთ. მათ დაივიწყეს, რომ ძალაუფლება იმისთვის კი არ ეძლევა ადამიანს, რათა მუნდირებში გამოწყობილმა იკეკლუცოს, იმხიარულოს ბალ-მასკარადებზე და ოფიციალურ მიღებებზე. თუნდაც ყველა მათგანი არ იქცეოდა ასე, მაინც ყოველი მათგანი ნელ-ნელა იხევდა უკან თავისი ხალხისგან და უფრო და უფრო შორდებოდა მას.

ამის შედეგად, მათ უკვე აღარ ესმოდათ საკუთარი ერის, რამაც დასანან შედეგებამდე მიიყვანა რუსეთი: ქვეყნის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ II-ს მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს საკუთარმა გენერლებმა, ხოლო მისმა ნათესავმა - ინგლისის მეფე გეორგმა თავშესაფარზეც კი.

ლოზუნგის "მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხალხი" და "ურა-პატრიოტიზმის" მუხტი სულ რაღაც ნახევარი წელი ეყოთ, 1915 წლის საშინელ დამარცხებამდე. გამოირკვა, რომ ოფიციალური, "უბის" მართლმადიდებლობა არაფერი ღირს, ხოლო თუ კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, ადგილ-ადგილ, მეფის ოჯახისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში მუშაობდნენ მონარქიის დამხობაზეც კი.

რაღა დარჩა დღეს რომანოვთა დინასტიისგან? სარკოფაგები და პეტრეპავლეს ციხე-სიმაგრე, ასევე დინასტიის შთამომავლები, რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან გაფანტულები. მრავალ მათგანს რუსულიც კი არ ესმის ან ძლივს თუ მეტყველებენ მშობლიურ ენაზე.  

მაშინ როდესაც, ძველმოწესეობა, ღმრთის შეწევნით, შენარჩუნდა და აღორძინების გზაზეა, მიუხედავად ათასგვარი დევნულებისა, და XX საუკუნის რყევებისა. შედეგი თავისთავად მრავლისმეტყველია.

საიტ Starove.ru-ს მკითხველი სიმეონი.

სათავო ილუსტრაციად გამოყენებულია გამოსახულების ფრაგმენტი ალბომიდან "Азбука революции" - 1920-იანი წლების თვალსაჩინო აგიტასიის საინტერესო ნიმუშიდან.

წყარო: http://starove.ru/zerkovmir/issledovan/eshhyo-o-revolyutsii-i-staroobryadtsah

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика