აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III - შავი სია - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

გზა - მართლად სავალი

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექტნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი III
____________________________________________________________________________________________________________________________

"შავი სია"

§§. 1 - 10

მართლმადიდებლურ კატეხიზმოებში ნათლად წერია, რომ ნათლისღება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვათაგან და მეორედ იშვება ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის (იხ. Христианский катехизис, М., 1860. ასევე სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64). იმისთვის, რათა საიდუმლო იყოს ქმედითი, ანუ შესრულებული, და სულიწმიდის მადლი უეჭველად გადმოვიდეს ქრისტეანზე, ის უნდა შესრულდეს სწორად. მოკლედ, საეკლესიო საიდუმლო (ამ შემთხვევაში ნათლისღება) "ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64).

ნათლისღების საიდუმლოს უცილობელ და უცვალებელ გარეგნულ ფორმას, რომლის გარეშე ეს საიდუმლო გაუქმებულია, წარმოადგენს მოსანათლავის წყალში სამ-გზისი დაფლვა. ყოველი სხვაგვარი "ნათლობა", იქნება ეს "წყალპკურებითი" თუ "წყლის თავზე დასხმითი", ნათლობად ვერ ჩაითვლება. მართლმადიდებელ ხალხებში ის ლათინობიდან (პაპიზმიდან) შემოიჭრა.

"ნათლობის საიდუმლო დააწესა თვით მაცხოვარმა, რომელმაც თავის მოწაფეებს უთხრა: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19).

სიტყვა baptιxw ("ბაპტიძო") (2) ძველბერძნულ ენაზე ნიშნავს: 1) შთაფლვას, ჩაყვინთვას; 2) ფსკერისკენ ჩაშვებას, ჩაძირვას; 3) ამოხაპვას; 4) ნათლობას (შთაფლვის გზით). ასევე სიტყვა baptw ("ბაპტო") ნიშნავს - ჩაძირვას, ჩაყვინთვას, ჩაყურყუმელავებას; baptisma - ნათლობას; baptisterion 1) აბანოს, საბანელს; 2) ემბაზს. ახალბერძნულ ენაში ყველა ეს მნიშვნელობა შენარჩუნებულია (იხ. Б. Кутузов. Крещение погружательное или обливательное?  http://kutuzov-bp.ru/fenomen/kreschenie.htm ).

_____________

2.
სხვადასხვა კოდიფიკაციის ბერძნული ასოები გადმოკოპირებულია ინტერნეტიდან, სხვადასხვა ნაშრომთა ელექტრონული ვერსიებიდან, ამიტომაც არ გამოვრიცხავთ, რომ მათ მართლწერაში დაშვებული გვქონდეს შეცდომები, რადგან შესაბამისი შრიფტების არქონის გამო მათი ზუსტად ასახვა ყოველთვის ვერ ხერხდება. იმედია მკითხველი ამ ვითარებას გაითვალისწინებს.
_____________

ნათლობა - ეს არის ჩვენი სიკვდილი და აღდგომა ქრისტესთან ერთად, მაცხოვრის დაფლვისა და აღდგომის სახე, მისი მეშვეობით კი წინასახე მომავალი ადამიანის აღდგომისა და ცხოვნებისა.

მოციქული პავლე ამბობს:
"მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით... ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე" (რომ. 6:4- 9).

ნათლობის საიდუმლოში წყალში ამ შთაფლვას ღრმად მისტიკურ-სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: "მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე (ბაპტისაჯ), ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს" (საქმე 22:16). ეს ნიშნავს ჯერ დაფლულ, შემდეგ კი მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესთან შეერთებას ახალი ცხოვრებისთვის" (Е. Туркина. Троицы явление во Иордане бысть. ЖМП.1989, 1. იქვე).

წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.) მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შესახებ ბრძანებს: "როგორც წყალში შთაფლულ მოსანათლავს ყოველმხრიდან წყალი აკრავს, ასევე სულიწმიდით სრულად მოინათლნენ ისინი" (Св. Кирилл Иерусалимский. Слова согласительные. XVII, 14. იქვე).

როგორც ვხედავთ, წმიდა მამა ლაპარაკობს შთაფლვით წესზე. როდესაც "მოსანათლავი ყოველმხრივ წყლით არის გარემოცული", ის ნათლობის სრულ მადლს იღებს. წმ. კირილეს თქმით, ადამიანი ნათლისღების საიდუმლოში "მრჩობლ (ორმაგ) მადლს მიიღებს", ანუ "მადლს წყლის მეშვეობით" და "მადლს სულიწმიდისგან", რომელიც გარკვეულწილად შეიძლება განვასხვავოთ კიდეც" (Сл. IV. იქვე).

"რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ", - ბრძანებს მოციქული (გალატ. 3:27). ახლა გასაგებია, რატომ უნდა შთაიფლას მოსანათლი ქრისტეში. იმისთვის, რათა ქრისტე შეიმოსოს. ნათლისღების წინ წყლის საზეიმო კურთხევის დროს, ერთ-ერთ სავედრებელ ლოცვაში, რომელიც დიდ კვერექსს მოსდევს, არის სიტყვები: "გამოაჩინე წყალი ესე... სამოსლად უხრწნელებისად..." მაგრამ წყალი თუ სამოსია უხრწნელებისა, როგორ შევიმოსოთ ის შთაფლვის გარეშე?" (იქვე).

ამრიგად, სამგზისი შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ყოფილა ქრისტეს სამდღიანი დამარხვის, ქრისტეს შემოსვის, მადლისმიერი უხრწნელი სამოსელით შემოსვის და საფლავიდან მკვდრეთით აღდგომის სახე. ნათლობის ამ და სხვა მხარეებზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვიმსჯელებთ, როდესაც გავეცნობით თანამედროვე და გასულ საუკუნეთა ღვთისმეტყველებისა და თვით წმიდა მამების სწავლებას ამ საგანზე.

ზემოთ აღვნიშნეთ და კვლავ გავიმეორებთ, რომ სწორედ ამ ტრადიციის განქიქებას აპირებს ბ- ნი ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებელთა ლანძღვით და "მიწასთან გასწორებით", ტრადიციას, რომელსაც თავგამოდებით იცავდნენ ათონის ე. წ. "კოლივადი" ბერები, რომლებიც მოგვიანებით ბერძნებმა (ცხადია, "არასტაროვერებმა") თავიანთი ეკლესიის წმინდანებად შერაცხეს. მათ შორის იყო ნიკოდიმე მთაწმინდელიც, რომელსაც, როგორც წმინდანს, პატივს მიაგებს თვით ე. ჭელიძეც.

ამრიგად, გავარკვიოთ, რას ეფუძნება ნათლისღების საიდუმლოს ძველმართლმადიდებლური ტრადიცია (სამგზის წყალში დაფლვა) და არის თუ არა დასხმითად ან სხურებით-პკურებითად მონათლულის გადანათვლა (უფრო ზუსტად თავიდან ნათლობა) იმგვარი დანაშაული, როგორადაც ამას ბ-ნი ე. ჭელიძე სახავს და ამგვარად მოქმედთ ჯოჯოხეთის უქვემოეს განყოფილებებს განუწესებს?!

ზემოთ უკვე ითქვა და აქაც გავიხსენოთ: ე. ჭელიძის აზრით: "... ეჭვის ნასახიც კი არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან მოქიშპარი "ურწმუნოების ეს ახალ-ხმანი" სინამდვილეში, თავიანთი ნამდვილი სახელით, არიან, როგორც აღვნიშნეთ, ანაბაპტისტები ანუ "მეორედმნათვლელნი" ("გადამშთაფლველნი" და "გადაშთაფლულნი"), იგივე "მაცხოვრის მეორედჯვარმცმელნი". არანაირი კავშირი ე. წ. "ძველმორწმუნეობასთან", "ძველმართლმადიდებლობასთან" ანუ მართლმადიდებლობის ძველ ეპოქასთან მათ არ შეიძლება ჰქონდეთ და არც არანაირად აქვთ. მართლაც, ძველი მართლმადიდებლობა და ძველი მორწმუნეობა, თვით სახელიდან გამომდინარე, სწორედ ადრეული საუკუნეების, კერძოდ, მსოფლიო კრებათა ეპოქის მოძღვრების უცვალებელ დაცვას გულისხმობს, ესენი კი სწორედ მსოფლიო კრებათა განჩინებებს და მართლმადიდებელი ეკლესიის უადრესი ეპოქის ისტორიას უპირისპირდებიან და გმობენ..."

ვნახოთ, რამდენად შეეფერება ე. ჭელიძის ეს მტკიცება სინამდვილეს და გავარკვიოთ: ვინ არის ნამდვილი ძველმართლმადიდებელი - ჩვენ თუ ე. ჭელიძე (ყველა მისი მიმდევრითურთ)? ვიმსახურებთ თუ არა ჩვენ ყველა იმ შეურაცხმყოფელ გამონათქვამს, რომელთაც ოპონენტი არ იშურებს ჩვენი მისამართით და კიდევ ვინ შეიძლება ამგვარი შეფასების "ღირსი" გახდეს?...

მოდი, ამგვარ ადამიანთა (თანამედროვე და გასულ საუკუნეთა სასულიერო პირთა) სიას, რომლებიც ე. ჭელიძის რისხვის "ღირსნი" იქმნებიან დასხმით-პკურებითი "ნათლობის" უარყოფის გამო, ე. ჭელიძის "შავი სია" ვუწოდოთ და ვნახოთ, ძველმართლმადიდებელთა გარდა კიდევ ვინ შეიძლება იქ მოხვდეს. დასკვნების გაკეთება მკითხველისთვის მიგვინდვია.


1. მიტროპოლიტი იერემია ჰორიტინელი

დავიწყოთ ჰორიტინელი მიტროპოლიტის, თანამედროვეობის ცნობილი ღვთისმეტყველის, ათენის უნივერსიტეტის პროფესორისა და ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, იერემიას წერილით, რომელიც მან პაპისტ არქიეპისკოპოს ნიკოლოზს მისწერა (ინტერნეტში ეს მიმართვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: ΣΕΒ. ΓΟΡΤΥΝΟΣ: ΟΙ ΠΑΠΙΚΟΙ ΕΙΝΑΙ ΑΒΑΠΤΙΣΤΟΙ, ΔΕΝ ΕΙΝΑΙ   ΕΚΚΛΗΣΙΑ, ΠΑΡΕΧΑΡΑΞΑΝ ΤΟ ΠΙΣΤΕΥΩ. "Паписты являются некрещеными, они не являются Церковью, они исказили Символ веры". http://apologet.spb.ru/ru/1593.html).




სხვადასხვა ლათინური მწვალებლობის მხილებას მიტროპოლიტი იერემია სწორედ ნათლისღების საიდუმლოთი იწყებს და თავისი წერილის პირველივე თავში ლათინებს მოუნათლავებს უწოდებს: "კათოლიკეთა ძვირფასო და ღირსპატივსაცემო არქიესპისკოპოსო, მინდა განგიმარტოთ რატომ არ გიწოდებთ "ძმას" და მოგმართავთ როგორც "ღირსპატივსაცემს".

რა თქმა უნდა, ზოგადი აზრით დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები ძმები არიან ერთურთისთვის, რამეთუ ერთი დედა-მიწის შვილებს წარმოადგენენ. ამგვარი გაგება ჩვენი მართლმადიდებლური ღვთისმსახურებისთვისაც არის დამახასიათებელი, რომელიც დედამიწას უგალობს, როგორც დედას, რომელსაც ხრწნისა და საბოლოო აღდგომისთვის უბრუნდება ყოველი ნაშობი. მაგრამ, სამწუხაროდ, სულ სხვაა, ღირსპატივსაცემო ბ-ნო ნიკოლოზ, სიტყვა "ძმის" გაგება საეკლესიო ურთიერთობაში, ამიტომაც, არ შემიძლია ასე გიწოდოთ, და მოგახსენებთ რატომაც.

სიტყვა "ძმა" (
δελφς) არსებითად შედგება ორი სიტყვისგან δελφς (წიაღი, მუცელი) და "α", როგორც კრებსითი პრინციპი, და არა უარყოფითი. ამრიგად, ამ განმარტების თანახმად, "ძმები" იმგვარი ადამიანები არიან, რომლებიც ერთი დედის წიაღიდან წარმოიშვებიან, თავიანთ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი უჩქეფთ და ერთსა და იმავე ოჯახს მიეკუთვნებიან. "წიაღი", რომელიც "შობს" ადამიანს და ქმნის მას ღმრთის შვილად - ნათლისღების წმიდა საიდუმლოა. სისხლი, რომლითაც იკვებებიან ღმრთის შვილები ქრისტეს სისხლია, რომელიც გოლგოთაზე, მისი ჯვარცმის დროს დაიღვარა, და ეს სისხლი საღმრთო ლიტურგიის წმიდა ბარძიმში იმყოფება. ხოლო ოჯახი, რომელსაც მიეკუთვნებიან ღმრთის შვილები, ეკლესიაა. ამრიგად, კათოლიკეთა ღირსპატივსაცემო არქიეპისკოპოსო, ვერ გიწოდებთ "ძმას", რადგან ერთი და იმავე დედის წიაღიდან არ ვართ ნაშობნი. ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები, ნათლისღების ემბაზში სამგზის შთაფლვით ვიშვით, მაშინ როდესაც თქვენ, კათოლიკეები, უბრალო სხურებას აღასრულებთ. ჩვენ არ გვაქვს თქვენთან თანაზიარობა ქრისტეს სისხლში, და თქვენ ჩვენთან ერთად ღმრთის ოჯახს, ანუ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეკუთვნით. რადგან ჩვენ არ თანავსწირავთ ერთად, არც შეიძლება "ძმები" ვიყოთ, გამომდინარე ამ სიტყვის ეკლესიოლოგიური გაგებიდან.

ჩემ მიერ ზემოთ ნათქვამის დასტურად დაგიმოწმებთ ერთ შესაბამის ნაწყვეტს წმ. იოანე ოქროპირის (IV ს.)თხზულებიდან: "ძმებად ადამიანებს ნათლისღება და საღმრთო საიდუმლოთა ზიარება შეიქს" (PG. 58, 718). და კიდევ ამავე წმიდა მამის ერთი ციტატა: "რა შეგვქმნის ურთიერთძმებად? მეორედშობის საბანელი, ანუ წმიდა ნათლისღება" (PG 63,  177). სხვა, ასევე წმიდა მამა და დიდი ღვთისმეტყველი, წმიდა ნიკოდიმე მთაწმიდელი (1749-1809), რომელსაც ჩვენ "წმიდა მამებთან თანაშერაცხილად" მივიჩნევთ, პაპისტებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ისინი მოუნათლავები არიან. ამიტომაც არ შეგვიძლია ძმები გიწოდოთ" (რუს. წყარო: "…в отношении папистов говорит, что они являются некрещеными. Итак, мы не можем вас называть братьями") (ΣΕΒ. ΓΟΡΤΥΝΟΣ: ΟΙ ΠΑΠΙΚΟΙ ΕΙΝΑΙ ΑΒΑΠΤΙΣΤΟΙ, ΔΕΝ ΕΙΝΑΙ ΕΚΚΛΗΣΙΑ, ΠΑΡΕΧΑΡΑΞΑΝ ΤΟ ΠΙΣΤΕΥΩ. Паписты являются некрещеными, они не являются Церковью, они исказили Символ веры. http://apologet.spb.ru/ru/1593.html).

სხვა დარღვევებისა და მწვალებლობების გამო, რომელთა შორის არის ნათლისღების საიდუმლოს დარღვევაც (წყალდასხმა შთაფლვის ნაცვლად) და რომელიც მიტროპოლიტმა იერემიამ თავიდანვე აღნიშნა, ლათინებს მან "ეშმაკის მორჩილი ორგანო" უწოდა (იქვე).

ერთგან ე. ჭელიძე მკრეხელურად ირწმუნება, თითქოსდა ჩვენ, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს, არ გვაქვს უფლება, ძველმართლმადიდებლებად ვიწოდებოდეთ, რადგან ე. ჭელიძის თქმით: "არანაირი კავშირი ე. წ. "ძველმორწმუნეობასთან", "ძველმართლმადიდებლობასთან" ანუ მართლმადიდებლობის ძველ ეპოქასთან მათ არ შეიძლება ჰქონდეთ და არც არანაირად აქვთ" (ე. ჭელიძე. "სული ცხოველი", თბ. 2012, გვ. 126), რატომ? იმიტომ, რომ თურმე ჩვენ, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, რაკიღა დასხმით "ნათლობას" უარვყოფთ, "მსოფლიო კრებათა განჩინებებს (?) და მართლმადიდებელი ეკლესიის უადრესი ეპოქის ისტორიას (?)" (ციტ. იქვე) ვუპირისპირდებით. ალბათ, ხვდებით თუ რითი ვუპირისპირდებით - დასხმითი "ნათლობის" კანონის რანგში აყვანისადმი წინააღმდეგობით და სჯულიერ ნათლობად მისი უარყოფით.

მაგრამ სულ სხვაგვარად ფიქრობს ძველ ეკლესიაზე და ძველი ეკლესიის მემკვიდრეობითობაზე ათენის უნივერსიტეტის ზემოთ ხსენებული პროფესორი, მიტროპოლიტი იერემია, რადგან ის ძველი ეკლესიის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს გადმოცემათა შორის ნათლისღების საიდუმლოსაც ასახელებს:

თავის სხვა წერილში, რომლის სახელწოდებაა: "ჭეშმარიტი ეკლესია ერთია და ეს ეკლესია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა" (
Μητροπολίτης Γόρτυνος Ιερεμίας: Η αληθινή Εκκλησία, είναι ΜΙΑ. Και αυτή η Εκκλησία είναι ΜΟΝΟΝ η Ορθόδοξη Εκκλησία. Истинная Церковь одна. И этой Церковью является только Православная Церковь. http://apologet.spb.ru/ru/980.html), ეკლესიის რაობის განსაზღვრისას მიტროპოლიტი იერემია ბრძანებს, რომ ეკლესია ერთია და სვამს კითხვას: "რატომ არის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი და ჭეშმარიტი? Iმიტომ, ჩემო ძვირფასებო, რომ მხოლოდ ის ფლობს ისტორიულ კავშირს ("только она обладает исторической связью"), ეკლესიურ მემკვიდრეობას ("преемством с Церковью"), რომელიც ქრისტემ მისი მოციქულების მიერ დააფუძნა. დიახ! ჩვენი ეკლესია წმიდად იცავს წმიდა მოციქულთა სწავლებებს, არაფერს ამატებს მასში, და არაფერს აკლებს. და ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას პირველ ეკლესიასთანაც კი აქვს ისტორიული კავშირი ("И наша Православная Церковь имеет даже историческую связь с первой Церковью"), რადგან სამოციქულო მემკვიდრეობა აქვს... ჩვენი ეკლესიის დამახასიათებელი თავისებურება სწორედ პირველ ეკლესიასთან სრული იგივეობაა ("Наиболее характерной особенностью нашей Православной Церкви является полное сходство, тождественность с первой Церковью"). მოვიყვან მაგალითს: "დღეს, ისევე როგორც ძველად, ჩვენ ნათლისღებას ემბაზში სამგზის შთაფლვით აღვასრულებთ და არა პკურებით, როგორც რომაელ-კათოლიკენი (პაპისტები) იქმან" ("И сегодня, как и в древности, мы совершаем крещение погружением, а не кроплением, как римо-католики (паписты), в святой купели в три погружения") (იქვე).

"ამრიგად, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია უცვალებელია პირველ ეკლესიასთან მიმართებაში, ამიტომაც არის ის ჭეშმარიტი ეკლესია, რომელშიც იესუ ქრისტე დღესამომდე იმყოფება და რომლის მეშვეობითაც მოქმედებს ის სამყაროში" (მიტრ. იერემიას ხსენებული სიტყვა ბერძნულად შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://aktines.blogspot.com/2012/07/blog-post_08.html).




მაშ, თუ ელადელი მიტროპოლიტის მტკიცებით, ეკლესიის სიძველე პირველდაწყებით, სამოციქულო ეკლესიის გადმოცემათა ერთგულებასა და მათ განუხრელ მიყოლას გულისხმობს, ხოლო, სარწმუნოებრივ დოგმატებთან ერთად, ეს ერთგულება საეკლესიო საიდუმლოებების და მათ შორის ნათლისღების სამგზის შთაფლვით აღსრულებაშიც გამოიხატება, რის საფუძველზე ბედავს ე. ჭელიძე ჩვენი ეკლესიის "ანაბაპტისტთა", "მეორედ-მნათვლელთა", "გადამშთაფლველთა" და "მაცხოვრის მეორედჯვარმცმელთა" ეკლესიად გამოცხადებას? თუ ძველმართლმადიდებლური ეკლესია ამგვარია წყალდასხმით-სხურებითი "ნათლობის" მიუღებლობის გამო, ცხადია, ასეთივე უნდა იყოს ბერძნული ეკლესიაც, რომლის ცნობილი ღვთისმეტყველი და მიტროპოლიტი ნათლისღების საიდუმლოში დასხმითი ნათლობის უარყოფას და მხოლოდ შთაფლვის აღიარებას პირველი, ძველი ეკლესიის ერთგულებად მიიჩნევს და მას განაკუთვნებს; გამომდინარე აქედან, ცხადია, ე. ჭელიძის მკრეხელური გამოხდომა მიტროპოლიტ იერემიასაც ეხება, რომელიც დასხმით ნათლობას კატეგორიულად უარყოფს და მას ლათინურ წესად და სიახლედ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, მიტროპოლიტი იერემია, ე. ჭელიძის განჩინებით, ჩვენსავით "ბაგემტყუვარი" (გვ. 124), "ღვთისმკვლელი" (გვ. 123) "ანაბაპტისტი", "მეორედ-მნათვლელი", "გადამშთაფლველი" და "მაცხოვრის მეორედჯვარმცმელი" (გვ. 126) ყოფილა.


2. პროტოპრესვიტერი გეორგი მეტალინოსი და ეპისკოპოსი კალისტე უეარი

განვაგრძოთ ჩვენი ძიებანი ამ მიმართულებით და ვნახოთ, ძველმართლმადიდებელთა გარდა, ჩვენს თანამედროვე ღვთისმეტყველთა და სასულიერო პირთა შორის კიდევ ვინ შეიძლება ჩაეწეროს ე. ჭელიძის "შავ სიაში" და კიდევ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს "ღვთისმკვლელთა", "ანაბაპტისტთა" და "მაცხოვრის მეორედჯვარმცმელთა" კატეგორიაში.

ამ სიაში აღმოჩნდება ცნობილი პროფესორი და ღვთისმეტყველი, პროტოპრესვიტერი გეორგი მეტალინოსი, რომელმაც დეტალურად აღწერა და გადმოსცა ათონელი ბერების, ე. წ. "კოლივადების" დამოკიდებულება ლათინთა და მათი დასხმით-სხურებით-პკურებითი "ნათლობის" მიმართ. ის კოლივადელ მამებს პაპისტებთან ბრძოლაში აშკარად თანაუგრძნობს  (ამ საკითხს და გ. მეტალინოსის ნაშრომს უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით).

ამავე სიაშია თანამედროვეობის ცნობილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ეპისკოპოსი კალისტ უეარი (Ware Kallistos, ერისკაცობაში Timothy).

თავის სახელგანთქმულ ნაშრომში "მართლმადიდებელი ეკლესია" კალისტ უეარი წერს: "მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში უმთავრესი ადგილი უკავია საიდუმლოებებს, ანუ, როგორც ბერძნულად უწოდებენ მისტერიებს. "ევქარისტია საიდუმლოდ იწოდება, - წერდა წმ. იოანე ოქროპირი, - რადგან ის, რისიც გვწამს, განსხვავებულია იმისგან, რასაც ვხედავთ; ვხედავთ ერთს და გვწამს სხვა... როდესაც ქრისტეს სხეულზე ვლაპარაკობთ, ნათქვამი მე ერთი აზრით მესმის, ურწმუნოს კი - სხვა აზრით" (Гомилии на 1 Кор, VII, 1 (P. G. LXI, 55)). ეს ორმაგი ხასიათი, გარეგანი და შინაგანი, ერთდროულად საიდუმლოს განმასხვავებელ ნიშანს შეადგენს. ეკლესიის მსგავსად, საიდუმლოებები ერთსა და იმავე დროს ხილულიც არიან და უხილავნიც, ყოველ საიდუმლოში არსებობს გარეგანი სიმბოლოს შერწყმა შინაგან სულიერ მადლთან. ნათლობისას ქრისტეანი გარეგნულად შთაიფლება წყალში და ამავე დროს შინაგანად განიწმინდება ცოდვებისგან, ევქარისტიის დროს ის იღებს იმას, რასაც პურისა და ღვინის სახით ხედავს, სინამდვილეში კი ეს ქრისტეს ხორცი და სისხლია".

მართალია, კალისტ უეარი დასხმას დასაშვებად მიიჩნევს, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, სხვა მხრივ, მისი მტკიცებით
"შთაფლვის უგულებელყოფა დაუშვებელია", რაც აშკარა წინააღმდეგობაშია ე. ჭელიძის მტკიცებასთან, რომლის მიხედვითაც არა აქვს მნიშვნელობა, როგორ მოინათლება ადამიანი - შთაფვლით თუ დასხმით, რადგან "შთაფლვა", ე. ჭელიძის აზრით, სულიერი ტერმინია ("სული - ცხოველი". გვ. 400-401, 405, 424-425).

კალისტ უეარის აზრით კი "შთაფლვა (ცხადია პირდაპირი მნიშვნელობით - არქიეპ. პ.) არსებითად მნიშვნელოვანია (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა) ("погружение является сущностно необходимым (за исключением особых случаев)"), რადგან, თუ არ შესრულდება შთაფლვა, გარეგან ნიშანსა და საიდუმლოს შინარსს შორის შესაბამისობა იკარგება, და საიდუმლოს სიმბოლიზმი დაირღვევა" ("...если не совершается погружение, то утрачивается соответствие между внешним знаком и внутренним смыслом, и символизм таинства оказывается разрушенным") (Епископ Диоклийский Каллист (Уэр). Православная Церковь. Православное Богослужение, II: Таинства. Библейско-Богословский институт св. Апостола Андрея. М., 2001).

"მრავალ მართლმადიდებელს აშფოთებს ის ფაქტი, - წერს შემდეგ ეპისკოპოსი კალისტე, - რომ დასავლელი ქრისტეანები, რომლებმაც უარი თქვეს ნათლობის თავდაპირველ (ანუ ძველ, მოციქულთა დროინდელ -  არქიეპ. პ.) პრაქტიკაზე, დღეს ჯერდებიან იმას, რომ მოსანათლავს მცირე წყალს მოასხამენ შუბლზე ან წყალსაც კი არ ასხამენ, არადა, ნათლობა ხომ ქრისტესთან ერთად მისტიკური დამარხვისა და აღდგომის სიმბოლოს წარმოადგენს (რომ. 6:4-5; კოლას. 2:12) და ამისი გარეგანი ნიშანი გახლავთ მოსანათლავის ემბაზში შთაფლვა და შემდგომი აღმოყვანა წყლიდან.

ამიტომაც, საკრამენტული სიმბოლიზმი ითხოვს შთაფლვას, ანუ სანათლავ წყლებში "დამარხვას" და შემდეგ მათგან "კვლავ აღდგომას". განბანვა (როდესაც წყალი სხეულის ნაწილს ესხმება) დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგრამ ნათლობა წყლის მიპკურებით ან წყლის მოსმით შუბლზე უბრალოდ საერთოდაც კი არ შეიძლება იწოდოს ნათლობად" ("…но крещение через разбрызгивание воды или смазывание водой простонапросто не является крещением вообще") (იქვე) (იხ. აგრეთვე: http://predanie.ru/lib/book/read/71888/#toc16  ან აქ: http://www.twirpx.com/file/971971/).

"ნორმალურ შემთხვევაში ნათლობას აღასრულებს ეპისკოპოსი ან მღვდელი. ექსტრემალურ ვითარებაში ნათლობა შეიძლება აღასრულოს დიაკვანმა ან ნებისმიერმა ქრისტეანმაც. მაგრამ, თუ რომაელი-კათოლიკე ღვთისმეტყველები მიიჩნევენ, რომ აუცილებლობის ჟამს ნათლობა შეიძლება არაქრისტეანმაც აღასრულოს, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები ამას შეუძლებლად თვლიან.
ის, ვინც ნათლობას აღასრულებს, თვითონაც მონათლული უნდა იყოს" (იქვე).

ამრიგად, კიდევ ერთი ცნობილი ღვთისმეტყველი და ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება პკურებით და დასხმით ნათლობას. დასხმას ის განსაკუთრებულ შემთხვევებში მიიჩნევს დასაშვებად, პკურებას კი საერთოდ გამორიცხავს. თანაც კალისტ უეარი ნათლობის თავდაპირველ, სამოციქულო ფორმად სწორედ შთაფლვას მიიჩნევს და არა დასხმა-დაპკურებას, რომელიც მოგვიანებით შემოუტანიათო რომაელ-კათოლიკეთ.

მაშ, თუ პკურებითი "ნათლობა" არ შეიძლება ნათლობად იწოდოს ძველი, პირვანდელი ეკლესიის სწავლებასთან შეუსაბამობის და ნათლისღების საიდუმლოს გარეგან- შინაგანი (ფორმობრივ-სულიერი) შინაარსის დარღვევის გამო, სხვა რა პროცედურა უნდა ჩაუტარდეს ამგვარად "მონათლულს" თუ არა ნათლისღების საიდუმლოს ნამდვილი ფორმის აღსრულება და ჭეშმარიტად გაქრისტეანება?! მაგრამ ე. ჭელიძე ამგვარ მტკიცებას სასტიკად ეწინააღმდეგება. მისთვის ხომ "პკურება" ისეთივე თანასწორი საიდუმლო ქმედებაა, როგორიც "სხურება" და "შთაფლვა", რადგან ყველა მათგანი ერთი და იმავე სულიერი შინაარსის შემცველობისანი ყოფილან და ნათლისღების საიდუმლოს არსს არანაირად არღვევენ ("სული - ცხოველი". გვ. 400-401, 405, 424-425). ეპისკოპოს კალისტ უეარის მტკიცებით კი ეს სიცრუეა!

მაშ, რა გამოდის ეპისკოპოსი კალისტ უეარი ე. ჭელიძის შეხედულებით? - "გაუკუღმართებული" და "გზაგამრუდებული" (გვ. 126- 127), "თავგასული", რომელიც "თუთიყუშივით ერთსა და იმავეს იმეორებს".

ვინმე თუ გვკითხავს, სად და როდის მიმართა ეპისკოპოს კალისტეს ე. ჭელიძემ ამგვარი ეპითეტებითო, ვუპასუხებთ, - მაშინ მიმართა (და არა მარტო მას, როგორც ამას ქვემოთ ვიხილავთ), როდესაც ჩვენ გვლანძღავდა სხურება-პკურებისადმი ჩვენი იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც "სტაროვერთა" ახირებად წარმოაჩენს.


3. არქიეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი)

გავაგრძელოთ ე. ჭელიძის მიერ "გზაგამრუდებულებად" და "ქრისტესმკვლელებად" შერაცხილთა "შავი სია" და ვნახოთ, კიდევ ვინ შეიძლება აქ აღმოჩნდეს. ვნახოთ, ვინ არის "სტაროვერთა" მორიგი "ბოროტი თანამზრახველი" (ე. ჭ. დასხ. შრ. გვ. 125)?!

ასეთი აღმოჩნდა რუსეთისა და უკრაინის ეკლესიის წმინდანი, არქიეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი)
(3), რომელიც დასხმითი ნათლობის შესახებ ამბობს: "ჩემდა სამწუხაროდ, ვიგებ ხოლმე, რომ დღემდე, ჩემი მრავალჯერადი გაფრთხილებებისდა მიუხედავად, ნათლობის საიდუმლოს ზოგიერთი მღვდელი დასხმით აღასრულებს, მრავალი კი, არ ვიცი - უდებებით თუ დაუდევრობით, მთელ საიდუმლოსაც ამოკლებს, რომელიც კურთხევანშია მოცემული. წმ. მოციქულთა 50-ე კანონი პატივის აყრით ემუქრება იმ ეპისკოპოსსა და პრესვიტერს, ვინც სამგზისი შთაფლვით არ მონათლავს. ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ უკვე მოციქულთა დროიდანვე სრულდებოდა ნათლობა სამგზისი შთაფლვით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით...

________________

3.
ერისკაცობაში ვალენტინ ფელიქსის ძელ ვოინო-იასენეცკი. გარდ. 1961 წელს. სტალინის რეპრესიების მსხვერპლი. 1946 წლიდან სიმფეროპოლისა და ყირიმის არქიეპისკოპოსი. ჯერ უკრაინის ადგილობრივმა ეკლესიამ (1995 წ.), შემდეგ კი რუსეთის ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც (2000 წ.) არქიეპისკოპოსი ლუკა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა დასში შერაცხეს მისი საზოგადო_ საეკლესიო პატივისცემისთვის. ხსენება 29 მაისს (11 ივნისს) (ვიკიპედია).
________________

ნათლისღების საიდუმლოში სამგზისი შთაფლვის, როგორც აუცილებელ ფორმაზე, მრავალს წერდნენ ეკლესიის წმიდა მამები: კირილე იერუსალიმელი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, დიონისე... რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში კათოლიკეებთან უნიის ძალდატანებითმა გავრცელებამ გამოიწვია ის, რომ აქ დამკვიდრდა ნათლობის დასხმითი წესი, ხოლო რუსეთის სხვა დანარჩენ ოლქებში ყველა მღვდელი სწორად, მხოლოდ შთაფლვით ნათლავს.

ნათლობის დასავლური, დასხმითი წესი, სამწუხაროდ, ყირიმის ოლქშიც შეიჭრა და უკანასკნელად უნდა განვაცხადო, რომ ღმრთისგან ბოძებულ საკუთარ მოვალეობად მიმაჩნია, აღმოვფხვრა დასხმითი ნათლობა ჩემს ეპარქიაში. ღმრთის მღვდლები, მიეჩვივნენ რა გადასხმით ნათლობას ("Божия священники, привыкнув крестить обливанием"), უკვე იმ დონემდე მიდიან, რომ გადასხმით ნათლობას ცვლიან ტანისამოსში მდგომი მოსანათლავის თავზე წყლით დასხმით და პკურებითაც კი ("... обливание заменяют поливанием водою или даже окроплением"). ასე უკეთურად "მონათლულები", ცხადია, უნდა გადაინათლონ, რადგან მათზე საიდუმლო არ აღსრულებულა (!!!)" ("Так нечестиво "крещенных", конечно, надо перекрещивать, ибо таинство над ними не совершено") (ციტ. В. Смирнов. Учение восточной православной Церкви о крещении, второкрещенстве, перекрещивании и обливанстве. Часть 1: https://ustav.livejournal.com/126251.html // Часть 2: https://ustav.livejournal.com/126658.html იხ. ასევე: http://drevlepravoslavie.forum24.ru/?1-20-0-00000817-000-10001-0).

ხედავთ, ძვირფასო მკითხველო, რას ბრძანებს ახალმოწესეთა მართლმადიდებელი ეკლესიის (რუსეთის და უკრაინის ადგილობრივ ეკლესიათა) წმინდანი, არქიეპისკოპოსი ლუკა ვოინო- იასენეცკი?

ა)  ჯერ ერთი, ის ამბობს, რომ შთაფლვითი ნათლობა ძველი, პირველი ეკლესიის ურყევი წესიაო და სწორედ ამ წესს ითხოვსო წმ. მოციქულთა 50-ე კანონი, რადგან "უკვე მოციქულთა დროიდანვე სრულდებოდა ნათლობა სამგზისი შთაფლვით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით...".

ბ) შემდეგ ის ამბობს, რომ სწორედ შთაფლვას და არა დასხმას ასწავლიდნენო წმიდა მამები: იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, კირილე იერუსალიმელი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, დიონისე და სხვები... რაც ასევე ძველი ეკლესიის პრაქტიკის მაჩვენებელიაო.

გ) შემდეგ ის დასხმით ნათლობას "უკეთურს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ "ასე უკეთურად "მონათლულები", ცხადია,
უნდა გადაინათლონ, რადგან მათზე საიდუმლო არ აღსრულებულა".

დ) რის გამოც, "ღმრთისგან ბოძებულ საკუთარ მოვალეობად მიაჩნია აღმოფხვრას დასხმითი ნათლობა თავის ეპარქიაში".


როგორც ვხედავთ, არქიეპისკოპოსს მკაცრად გაუფრთხილებია თავის დაქვემდებარებაში მყოფი მღვდლები, დასხმითად არავინ მოენათლათ; წმიდა მოციქულთა 50-ე კანონი მას ესმის ისე, როგორც ჩვენ, ძველმორწმუნეთ, და ამბობს, რომ "წმ. მოციქულთა 50-ე კანონი პატივის აყრით ემუქრება იმ ეპისკოპოსსა და პრესვიტერს, ვინც არ მონათლავს სამგზისი შთაფლვით. ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ უკვე მოციქულთა დროიდანვე სრულდებოდა ნათლობა სამგზისი შთაფლვით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით...".

ამრიგად, ოფიციალური, ახალმოწესეობრივი "მართლმადიდებელი" ეკლესიის წმინდანი ლუკა ვოინო- იასენეცკი კატეგორიულად უარყოფდა დასხმით ნათლობას, ამგვარად მოქმედი მღვდლები მიაჩნდა დაუდევრებად, რომელთაც შთაფლვის აღსრულება და თავის შეწუხება ეზარებოდათ; ამტკიცებდა, რომ შთაფლვის მოთხოვნა ნათლობის საიდუმლოში პირველი, ანუ ძველი ეკლესიის ტრადიციაა, რასაც ასწავლიდნენ კირილე იერუსალიმელი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, დიონისე... და ამიტომაც, საკუთარ თავს მიზნად უსახავდა და "ღვთისგან ბოძებულ მოვალეობად" მიაჩნდა, რაც უნდა დასჯდომოდა, აღმოეფხვრა დასხმითი "ნათლობის" წესი.

ასე ვფიქრობთ ჩვენც, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები. მაშასადამე, ლუკა ვოინო- იასენეცკიც ე. ჭელიძის "შავი სიის" უპირობო კანდიდატია და ისიც იმ ეპითეტებს იმსახურებს, რასაც ჩვენთვის იმეტებს საპატრიარქოს იდეოლოგი; ანუ ოფიციალური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ ამ ადამიანს ე. ჭელიძემ აუცილებლად უნდა უწოდოს: "ქრისტეს მეორედჯვარმცმელი" და "გადამშთაფლველი".

მაშ, თუ ე. ჭელიძეს ვკითხავთ "ვინ არის ლუკა ვოინო-იასენეცკი?" - მან უყოყმანოდ უნდა გვიპასუხოს: "წმ. ლუკა არის თქვენნაირი "მეშთაფლე" (ე. ჭ. ხს. ნაშრ. გვ. 410), "ლეყეცი" (იქვე. გვ. 412), "გონებრივად ჩლუნგი და ვერაგი" (იქვე. გვ. 420), ეკლესიის კალთებს "ფარისევლურად შევრდომილ-შემეზრვილი უძღები შვილი" (იქვე. გვ. 423). რატომ? - იმიტომ, რომ ისიც ჩვენსავით უარყოფს დასხმით ნათლობას, და მისთვის "ღმრთისგან ბოძებულ მოვალეობად" მიიჩნევს "დასხმითი ნათლობის აღმოფხვრას თავის ეპარქიაში".


4. არქიმანდრიტი ამბროსი (ფონტრიე)

"ქრისტეს მეორედჯვარმცმელად" და "გადამშთაფლველად" უნდა შერაცხოს ე. ჭელიძემ არქიმანდრიტი ამბროსი (ფონტრიე) (საზღვარგარეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პარიზის წმიდა სამების ტაძრის წინამძღვარი), რომელიც წერს: "მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ნათლობა სრულდება წყალში შთაფლვით, ჩვენი უფლის
იესუ ქრისტეს მიბაძვით. როდესაც წყალში შთავიფლებით, როგორც საფლავში, ქრისტესთან ერთად ვკვდებით და სამგზისი შთაფლვის შემდეგ ქრისტესთან ერთად აღვსდგებით, მსგავსად იმისა, როგორც ის აღსდგა მესამე დღეს. ქრისტე შევიდა იორდანეს წყლებში და მათში დაიფლო. ამიტომაც, ჩვენც ვიფლობით მაცხოვნებელ ემბაზში". ადამიანი თუ სიკვდილის პირას არის და ნათლობის მიღება სურს, როგორც წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი (I-II სს.) ბრძანებს, მას წყალი ისე უნდა გადაასხან, რომ მთელი სხეული განიბანოს წყლით. ერთხელ ივანოვოში ერთი ავადმყოფი დედაკაცის ნათლობამ მომიწია; ის ინვალიდი გახლდათ და საწოლს იყო მიჯაჭვული. ის აიყვანეს სარეცელიდან, დაიჭირეს ჭურჭლის ზემოთ და მე მას ერთი სავსე ვედრო ადრევე ნაკურთხი წყალი გადავასხი. შემდეგ ის თეთრი პერანგით შემოსეს და ისევ საწოლში ჩააწვინეს, და იწვა ასე ნათელმოსილი, ახალშობილი ბავშვივით".

"დასხმა, - განაგრძობს არქიმანდრიტი ამბროსი, - კათოლიკური, უნიატური ხერხია. უნიატურ ტაძარში ისეც ხდება, რომ დგას, მაგალითად, 100 კაცი, რომელთაც ნათლობა სურთ. მღვდელი აიღებს ფუნჯს და ყველას ერთად აპკურებს. ვიღაცას მიესხურება წყალი, ვიღაცას კი ვერა. შესაძლოა იქ რომელიმე დედაკაცი პარიკით იდგეს და ის რამდენიმე წვეთი პარიკზე მოხვდეს, ხომ დარჩა მოუნათლავი?! არსებობს უწმიდესი პატრიარქის ალექსი II-ის განკარგულება, ნათლისღება ჩატარდეს მხოლოდ შთაფლვით. ამისთვის ტაძრებში უნდა აშენდეს ბაპტისტერიუმები. ირჩევა პატარა არეალი, ქვემოთ ამოიჭრება სამი საფეხური; აუზში ისხმება წყალი, რომელშიც ადამიანს თავისუფლად შეუძლია მოინათლოს სრული შთაფლვით... ჩვეულებრივ იმ ადამიანებს, რომლებიც მონათლულნი იყვნენ პკურებით,
გადანათლავენ ფორმულირებით "თუ მონათლული არ არის..."

http://azbyka.ru/tserkov/duhovnaya_zhizn/sem_tserkovnyh_tainstv/kreschenie/o-nedopustimosti-kreshhenija-okropleniem.shtml


5. პატრიარქი ალექსი II (რიდიგერი) († 2008)

ზემოთ ხსენებული მიზეზით ე. ჭელიძის "შავ სიაშია" და "ლეყეცთა" და ეკლესიის კალთებს "ფარისევლურად შევრდომილ-შემეზვრილ უძღებ შვილთა" შორისაა აწ გარდაცვლილი რუსეთის პატრიარქი ალექსი II-ც, რადგან "2000 წელს პატრიარქი ალექსი II თავის მიმართვაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლერიკოსთადმი წერდა დასხმითი ნათლობის დაუშვებლობის შესახებ და ყველას მოუწოდებდა, დაბრუნებოდნენ ჭეშმარიტად მართლმადიდებლურ ფორმას ნათლობისა, რომელიც უნდა აღსრულდეს სამგზისი შთაფლვით" (ციტ. В. Смирнов. Учение восточной православной Церкви о крещении, второкрещенстве, перекрещивании и обливанстве. http://texts.news/pravoslavie_1404/kreschenii-vtorokreschenstve-perekreschivanii-54134.html).


6. მღვდელი ოლეგ სტენიაევი

რუსეთის ახალმოწესე-მართლმადიდებელთა ოფიციალური ეკლესიის ცნობილი მისიონერი და მღვდელმსახური ოლეგ სტენიაევი წერს, რომ ნათლობა უნდა შესრულდეს მხოლოდ შთაფლვით. მისი თქმით, "მხოლოდ ამგვარ ნათლობას გულისხმობს ბიბლიური, წმიდა მამებისეული და ისტორიული რეალობა...".

შემდეგ, მღვდელი ოლეგ სტენიაევი დეტალურად განმარტავს ნათლობის შინაარსს და ბრძანებს: "წესი, რომელსაც იორდანეზე ასრულებდა იოანე ნათლისმცემელი, ებრაელებში "მიკვად" იწოდებოდა, რაც ბუკვალურად "წყლის დაგროვებას" ნიშნავს (შეად. დაბ. 1:10). ამავე სიტყვით აღინიშნება წყლის რეზერვუარი განბანვისთვის (ივრითზე "თვილა") რათა განიწმინდონ რიტუალური სიბინძურისგან ("მიკვას" უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით - არქიეპ. პ.). რიტუალური სისუფთავის დარღვევის შემთხვევაში ბიბლია სხეულის წყლით განბანვას ითხოვს (ლევ. 14:9; 15:5, 7; 16:4, 24; რიცხვ. 19:7-8 და სხვ.), მაგალითად, მკვდარ სხეულთან (რიცხვ. 19:11-13) ან კიდევ რომელიმე უწმინდურ ობიექტთან შეხების შემთხვევაში (ლევ. 5:2-3; 11:24-35). განბანვა, ებრაული რიტუალის მიხედვით საჭირო იყო ბინძური სხეულებრივი გამონაყოფების დროსაც (ლევ. 15), კერძოდ, მენსტრუაციის შემდეგ. მიკვაში განბანვა დაწესებულია მშობიარობის შემდეგ, ასევე იუდაიზმში გადასვლისას ან წარმართული ქვეყნიდან დაბრუნების შემთხვევაში.

პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ იოანე ნათლისმცემელი მიკვა-ნათლობას აღასრულებდა მასთან მისულ ყველა ებრაელზე. ამგვარად, მან ყველა ისინი უწმინდურებად გამოაცხადა და რწმენის საყოველთაო განახლებისკენ მოუწოდა. სხვათა შორის, მიკვა შესრულებულად მიიჩნეოდა მხოლოდ სრული შთაფლვის შემთხვევაში. რაბი მოშე ბენ მაიმონი თავის მონუმენტურ ნაშრომში "მიშნე თორა" (განყოფილება 1, "ცოდნათა წიგნი") წერს: "კანონიდან იმის შესახებ, რომ ყოველი სახის რიტუალური სიბინძურისგან განწმენდა აღესრულება მიკვას წყლებში, როგორც ნათქვამია - "და შთაფლავს მთელს თავის სხეულს", -  გამომდინარეობს ის, რომ წყალში ერთდროულად უნდა შთაეფლას მთელი სხეული".

ამგვარად, გარკვეულია თუ როგორ სრულდებოდა წმ. იოანე ნათლისმცემელის ნათლობა-მიკვა იორდანეში. შედეგად, უფლის ნათლობაც, რომელიც გვასწავლის ყოველი სიმართლის აღსრულებას, იქ შესრულდა, სადაც დიდი წყალი იყო და სრულიად შეესაბამებოდა მოსეს სჯულს, რომელიც მიკვაში სრულ შთაფლვას ითხოვს. აქედან, უფლის ნათლისღება ერთადერთი მაგალითია ქრისტეანთათვის, როგორ უნდა შესრულდეს სწორად გარეგანი ფორმა ამ საიდუმლოსი.

ნათლობის ქრისტეანულ საიდუმლოში წყალში სრული შთაფლვა წარმოადგენს ცოდვილი ცხოვრების დამარხვას და წყლიდან ახალი ცხოვრებისთვის აღმოშობას. უძველესი დროიდანვე მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებდა მხოლოდ სრულ შთაფლვას. ე. წ. პკურებითი ნათლობა ეკლესიაში მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში იყო დაშვებული, როგორიცაა: მომაკვდავი ავადმყოფის ნათლობა, როდესაც ახლოს ან წყალი არ არის ან შესაბამისი ემბაზი სრული შთაფლვისთვის; ან კიდევ სადღაც გზაში, თუკი ადამიანი ავად გახდებოდა და არ იყო იმისი იმედი, რომ მიაღწევდა ისეთ ადგილამდე, სადაც სრული შთაფლვა იქნებოდა შესაძლებელი, ნათლობას ასრულებდნენ სხურებით, ზოგჯერ კი ქვიშით (ქვიშით ნათლობის შემთხვევისთვის უნდა ითქვას, რომ მომაკვდავი, რომელიც ასე მონათლეს, შემდეგ თავიდან იქნა მონათლული წყალში სრული შთაფლვით. Uფრო დეტალურად იხ. ქვემოთ - არქიეპ. პ.).

წმ. კირილე იერუსალიმელი მოსანათლავად გამზადებულთადმი წარმოთქმულ თავის მეორე ჰომილიაში ასე განმარტავს იმ ქმედების მადლმოსილ ძალას, რომელიც აღესრულება ნათლისღების საიდუმლოში (რომ. 6:4):
"შთაფლვისას, როგორც ღამეში, არაფერი ჩანს, წყლიდან ამოსვლისას კი ისევ ნათელში ვიმყოფებით". წმ. იოანე ოქროპირი (ჰომ. 25. იოანეს სახარებაზე): "როდესაც თავს შთავყოფთ წყალში, თითქოსდა საფლავში, მასთან ერთად თანადაიმარხება ძველი კაცი... ხოლო, შემდეგ, როდესაც აღმოვიმართებით წყლიდან, ამოდის ახალი ადამიანი". წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV ს.) (ჰომ. უფლის ნათლისღებაზე): "როგორც მაცხოვარი იყო დაფლული მიწაში, ასევე ვეფლობით ჩვენ წყალში... სამჯერადი დაფლვით".

ხოლო განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ოლეგ სტენიაევი აღნიშნავს: "გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის 39-ე ჰომილიაში ბრძანებს:
"როგორც ერთ მერცხალს არ მოჰყავს გაზაფხული, ისე იშვიათად მომხდარი ამბავი ეკლესიისთვის კანონს არ წარმოადგენს" (Св. Григорий Богослов. Слово 39, на святые светы явлений Господних//Собрание творений в 2- х т. Свято- Троицкая Сергиева Лавра, 1994. Т. 1. С. 540).

"არ არის შემთხვევითი, რომ აწ გარდაცვლილი პატრიარქი ალექსი II ეპარქიულ კრებებზე ქ. მოსკოვის მღვდელმსახურთაგან არაერთხელ მოითხოვდა ნათლობა აღესრულებინათ მხოლოდ სრული შთაფლვით, და თუ ამგვარი პირობები ტაძარში არ აღმოიჩნდება, მოსანათლავი გაგზავნონ იმ ტაძარში, სადაც არსებობენ ბაპტისტერიუმები, რომლებშიც მოსანათლავთა სრული შთაფლვაა შესაძლებელი. მრავალ ტაძარს რომ ბაპტისტერიუმი არა აქვს, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რევოლუციამდელ რუსეთში ძირითადად ნათლავდნენ ყრმებს, რადგან მოზარდთა ან ზრდასრულთა მოქცევა დასრულებული იყო ჩვენს ტერიტორიაზე ქრისტეანობის აღმოცენების პირველივე საუკუნეებში (ე. ი. IX- X სს. -  არქიეპ. პ.). თუმცა, მისიონერულ ტაძრებში ყოველთვის იყო ბაპტისტერიუმები. მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მაჰმადიანის ან იუდეველთა მოქცევის შემთხვევაში ნათლობა აღესრულებოდა ასეთ სანათლავში ან დიდ წყალსაცავში, სადაც შესაძლებელია სხეულის სრული შთაფლვა. ამიტომაც, ბიბლიური, წმიდა მამებისეული და ისტორიული რეალიების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამათა კონსენსუსით, ნათლობა უნდა შესრულდეს სწორედ სრული შთაფვლით. გამონაკლისი აღესრულება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში" (პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი, არატრადიციული რელიგიების მსხვერპლთა ა. ს. ხომიაკოვის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი. სპეციალურად "Русская линия"-სთვის მიცემული ინტერვიუდან. ციტ. О недопустимости крещения окроплением. https://azbyka.ru/o-nedopustimosti-kreshheniya-okropleniem).

კი მაგრამ, თუკი "შთაფლვა" სულიერი ტერმინია, როგორც ბ-ნი ე. ჭელიძე ბრძანებს, და ის ერთნაირად ასახავს წყალში სრულ დაფლვასა და თავზე დასხმას, რამეთუ მით "დამარხვის", "თავზე მიწის დაყრის", "დასაფლავების" აზრი გამოიხატება, რაღა რჯიდა რუსეთის პატრიარქს, გაეცა ისეთი განკარგულება, რომელიც დაავალდებულებდა ყველა მღვდელმსახურს, თუ თავიანთ ტაძრებში არ ექნებოდათ სრული შთაფლვისთვის გამოსადეგი ბაპტისტერიუმები, ისინი სხვა ტაძრებში ეძებნათ?...

ჭეშმარიტად, პატრიარქი ალექსი II-ც და მღვდელი ოლეგ სტენიაევიც ე. ჭელიძის "შავ სიაში" არიან ჩასაწერნი, რადგან ისინიც "სტაროვერებივით" ფიქრობენ ნათლისღების შესახებ და შესაბამისად ბრძანდებიან "გადამშთაფლველები", "გონებრივად ჩლუნგები" და "ვერაგები".


7. მღვდელი დანიელ სისოევი († 2009)

სხვა მისიონერი, ამჯერად "სტაროვერების" დაუძინებელი მტერი, აწ გარდაცვლილი მღვდელი დანიელ სისოევიც კი იმავე აზრისაა ნათლობის დასხმით-პკურებით ფორმაზე, რა აზრიც ახალმოწესეთა ზემოთხსენებულ იერარქებსა და ღვთისმეტყველებს აქვთ და ცხადია, მისთვის საძულველ "სტაროვერებსაც". კერძოდ ის წერს: "ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და უხეში დარღვევა ნათლისღების საიდუმლოში გახლავთ ყოველგვარი მიზეზის გარეშე მისი შესრულება წყალდასხმით და თვით პკურებითაც კი ამ დამახინჯების გამო ასობით ქრისტეანი შეცბუნებულია თავის სულიერ შობასთან დაკავშირებით. მრავალი ამის გამო ეზიარება სასჯელად და დასასჯელად. ათასობით სქიზმა სპეკულირებს ამ დამახინჯებით, და ამტკიცებს, რომ მრავალი ქრისტეანი და მათ შორის ეპისკოპოსები მოუნათლავები არიან. მღვდლების დანაშაულებრივი სიზარმაცე და გულგრილობა კონფლიქტს იწვევს ადგილობრივ ეკლესიებს შორის. ელადისა და სინას ეკლესიები, ასევე ათონის წმიდა მთა დაეჭვებულია დასხმითი (მითუმეტეს პკურებითი) ნათლობის სინამდვილეში... (დედანში: "Элладская и Синайская Церкви и святая Гора Афон сомневаются в действительности обливательного (а тем более окропительного) Крещения") და ეს მიუხედავად იმისა, რომ უწმიდესი პატრიარქი (მასთან ერთად კი მრავალი მღვდელმთავარი) უკვე თხუთმეტ წელზე მეტია ყოველწლიურად (!) ითხოვენ მონათლონ მხოლოდ და მხოლოდ შთაფლვით! მაგრამ "დამსხმელები" კადნიერად ამტკიცებენ, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მონათლავ, რომ ეს ვითომცა "წესთმორწმუნეობაა", სრულიად ზედმეტი საიდუმლოს არსისთვის. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს ღმრთის სიტყვას და ეკლესიის გადმოცემას, საკუთარი მღვდელმთავრობის დადგენილებას. მხოლოდ მმართველი მღვდელმთავრის კანონიკური სანქციების გამოყენებით თუ შეიძლება აღმოიფხვრას ეს მდგომარეობა" (Иерей Даниил Сысоев. Пять огласительных бесед перед Крещением. https://azbyka.ru/katehizacija/pyat-oglasitelnyx-besed-pered-kreshheniem-svyashh-daniil-sysoev.shtml#6).


8. სუმისა და ახტირსკის არქიეპისკოპოსი ევლოგი (გუტჩენკო)

ე. ჭელიძის "შავ სიას" ვერ ასცდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) სუმისა და ახტირსკის არქიეპისკოპოსი ევლოგი, რომელმაც გამოსცა განკარგულება ნათლისღების საიდუმლოს კანონიკური ნორმებით შესრულების შესახებ (О совершении таинства крещения в соответствии с каноническими нормами).





მეტიც, სუმის მღვდელმთავარმა თავისი ეპარქიის კლერიკოსები გააფრთხილა, რომ, ვინც არ შეასრულებს მის განკარგულებას, მკაცრად დაისჯება...

"ჩემს სამწყემსმთავრო მოვალეობად მიმაჩნია, -  ბრძანებს არქიეპისკოპოსი ევლოგი, -  შევახსენო სუმის ეპარქიის ყველა კლერიკოსს ნათლობის საიდუმლოს ღვთისმოშიშებით და ზუსტი შესრულების შესახებ. ნათლისღება ყველა საიდუმლოსთან მიმყვანებელი კარია, ჩვენი ცხონების დასაწყისია, ცოდვათა განტევება და ღმერთთან შერიგებაა. ის არის ნიჭი მიშვილებისა, რადგან ნათლობის საიდუმლოში ვხდებით ჩვენ ღვთისშვილები და ქრისტეს მემკვიდრენი, რადგან ჩვენი უფლით ქრისტეთი შევიმოსებით, როგორც განგვიმარტავს ამას წმიდა მოციქული პავლე: "ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით" (გალატ. 3:27).

ამის გარეშე ვერავინ ცხონდება, ასე ბრძანებს ჩვენი უფალი იესუ ქრისტე:
"ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5).

როგორც დოკუმენტიდან ჩანს, "არ არსებობს ბიბლიური ციტატებისა და წმიდა ეკლესიის კანონების დამოწმების აუცილებლობა, რომლებიც ნათლობის მხოლოდ შთაფლვითი ფორმაზე უთითებენ და დასხმა მხოლოდ უკიდურესი და სასიკვდილო საფრთხის შემთხვევაში დაიშვება" (დედანში: "Полагаю, что нет необходимости приводить библейские свидетельства и каноны святой Церкви, указывающие только на погружательный образ совершения крещения, ...". ე. წ. "დასხმითი ნათლობა წმიდა წერილისა და გადმოცემების საწინააღმდეგოა და უკრაინაში უნიატებისგან შემოვიდა, რომლებმაც, თავის მხრივ, ის ლათინებისგან მიიღეს ("Так называемое "обливательное" крещение, противоречащее Священному Писанию и Преданию, появилось в Украине от униатов, которые восприняли его от латинян"). სწორედ უნიატური ზეგავლენით აგრძელებს დღესაც მრავალი მღვდელმსახური დასხმითი ნათლობის მკრეხელურ (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - არქიეპ. პ.) პრაქტიკას. ზოგიერთი იმდენად გახევებულია ამ ცოდვაში, რომ ნათლბის დროს მოსანათლავ ყრმებს ე. წ. პამპერსებსაც კი არ ხდიან" (რუსული ტექსტი: Полагаю, что нет необходимости приводить библейские свидетельства и каноны святой Церкви, указывающие только на погружательный образ совершения крещения, допускающие лишь в крайнем случае (например, в случае смертной опасности) обливательное крещение. Так называемое "обливательное" крещение, противоречащее Священному Писанию и Преданию, появилось в Украине от униатов, которые восприняли его от латинян. Именно под униатским влиянием многие священники  продолжают и сейчас кощунственную практику крещения через обливание. Некоторые настолько закоснели в этом грехе, что при совершении крещения даже не снимают с крещаемого ползунков". წყარო: http://pravoslavie.sumy.ua/ru/bishop/address-to-bishop/articles_46/).

"წმიდა მამები განიკითხავენ მღვდლებს, რომლებიც ასრულებენ დასხმით ნათლობას და ამგვარ ქმედებას "ბილწ დასხმას" უწოდებენ. - აცხადებს სუმისა და ახტირსკის ეპისკოპოსი ევლოგი და იქვე, უთითებს: - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ არაერთეხელ მიუთითა ნათლობის შთაფლვით აღსრულების აუცილებლობაზე და დასხმითი ნათლობის დაუშვებლობაზე. "დღეს, - ბრძანებს პატრიარქი, -  მრავალი ზრდასრული ადამიანიც ინათლება, და აუცილებელია შევუქმნათ მათ ყოველგვარი პირობა, რათა ეს საიდუმლო მოციქულთა კანონების შესაბამისად, შთაფლვით აღსრულდეს... შემოსული საჩივრები მოწმობს, რომ ნათლობა ჩვენთან დაუდევრად სრულდება, ნაჩქარევად, ხშირად ამოკლებენ კიდეც, თანაც, მის საკრამენტალურ ნაწილებსაც... ყველაზე მეტი საჩივარი და თხოვნა შემოდის მართლმადიდებლურ საიდუმლოთა და წეს-განგებათა კანონიკური ნორმების შეუსაბამოდ შესრულებასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნათლისღება, რომელსაც ზოგჯერ მარტო მოსანათლავის თავზე წყლის დასხმით აღასრულებენ წყალში ადამიანის სრული შთაფლვის ნაცვლად. ზოგიერთ ტაძარში აგებულია პაბტისტერიუმები ყრმათა და მოზრდილთა ნათელსაღებად, მაგრამ მთელი რიგი ტაძრები არ ჩქარობენ მსგავსი ემბაზების აშენებას. მიმაჩნია, რომ ამგვარ ტაძრებში მოზრდილი ადამიანების ნათლობა დაუშვებელია, ხოლო კატეხიზაციისთვის ისინი იმ ტაძარში უნდა გაიგზავნონ, სადაც ბაპტისტერიუმია... მღვდელმსახური ყველაფერში მაგალითი უნდა იყოს თავისი მრევლისთვის", -  იმოწმებს თავისი პატრიარქის სიტყვებს სუმის ეპისკოპოსი ევლოგი.

"სამწუხაროდ, სუმის ეპარქიის ზოგიერთი მღვდელმსახური დაუდევრად ეპყრობა ამ საიდუმლოს და მას რაღაც ათწუთიან რიტუალად აქცევს, რადგან თვითნებურად გამოტოვებს მთელ რიგ ლოცვებს და ნათლობას დასხმით, ზოგჯერ კი პკურებითაც კი აღასრულებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია! ამგვარი დაუდევარი დამოკიდებულება წმიდა საიდუმლოსადმი მეტყველებს სამღვდლო ფიცის დარღვევასა და ღმრთის შიშის არქონაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე წმიდა წერილისა და საეკლესიო კანონების თანახმად, ეპისკოპოსი ევლოგიმ გასცა კურთხევა: "კათაკმევლობის ლოცვები და საიდუმლო შესრულდეს ზუსტად, კურთხევანის მოთხოვნების შესაბამისად, ყოველგვარი შემოკლებების გარეშე; კათაკმევლობის წინ აუცილებელია წაკითხულ იქნას სახელის მიცემის ლოცვა, სადაც მომავალ ქრისტეანს ზეციურ მფარველს აბარებენ; დაუშვებელია მართლმადიდებლურ თვენში არარსებული სახელის მიცემა (მაგალითად: არტური, ალბერტი, ვლადლენი, ოქტიაბრინა, სნეჟანა და სხვა); სუმის ეპარქიის ყოველ ტაძარში უნდა შეიძინოთ და დაამონტაჟოთ შესაბამისი ზომის ემბაზი, რომელშიც ყრმები სრული შთაფლვით უნდა მონათლოთ;
დასხმითი და პკურებითი ნათლობა უნდა გამოირიცხოს სრულიად; მღვდლებს, რომლებიც თვითნებურად აღასრულებენ დასხმას, თუ არ შეწყვეტენ ამ სულისწარმწყმედელ პრაქტიკას, უნდა აეკრძალოთ მსახურება, რადგან ამდაგვარნი ასეთი ქმედებებით იწვევენ ღმრთის რისხვას, რამეთუ ნათქვამია: "წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს! წყეულიმც იყოს, ვინც აკავებს მახვილს სისხლისაგან!" (იერემია 4:10); "და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელთა: უკეთუ არა ისმინოთ და უკეთუ არა დაიდვათ გულსა შინა თქუენსა მიცემად დიდება სახელსა ჩემსა, - იტყKს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვავლინო თქუენ ზედა წყევა და დავწყეო კურთხევა თქუენი და დავწყეო იგი და განვიქარვო კურთხევა თქუენი და არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ თქუენ არ დაიდევით გულსა შინა თქუენსა" (მალაქ. 2:1-2).

მეუფე ევლოგიმ ასევე გასცა კურთხევა: "ყრმათა შთაფლვა აღსრულდეს უკიდურესი სიფრთხილით, ნათლობის დროს მათ უნდა დაუფარონ ცხვირი და პირი; ყოველ ტაძარში დაიდგას ემბაზები (ბაპტისტერიუმები), რომლებშიც ზრდასრულთა შთაფლვით ნათლობა იქნება შესაძლებელი (ასევე წყლის გადასხმა სუფთა ადგილას); ზრდასრულები უნდა გაიგზავნონ იმ ტაძრებში, სადაც უკვე დაყენებულია მსგავსი ემბაზები ან წლის თბილ პერიოდში მონათლონ ღია წყალსაცავებში, სადაც შეძლებისდაგვარად დაიცვან ნათლობის სიწმიდე ცნობისმოყვარეთა თვალთვალისგან; ზრდასრულთა ნათლობას წინ უნდა უძღოდეს კათაკმევლობა და კატეხიზაცია, ხოლო უშუალოდ ნათლობის წინ მოსანათლავად მომზადებული უნდა აღიარებდეს თავის ცოდვებს მღვდლის წინაშე (განტევების ლოცვას ამ დროს მღვდელი არ კითხულობს) (ჩვენი შენიშვნა: ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკაში ნათლობის წინ აღსარება დაწესებული არ არის, რადგან ნათლობა ისედაც მიუტევებს ნებისმიერ ცოდვას - არქიეპ. პ.). ნათლიებად უნდა დადგნენ მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტეანები, და მათაც უნდა მიეცეთ წინასწარი დარიგება; წარმოუდგენელია მიმრქმელად (ნათლიად) იმგვარი ადამიანების დაშვება, რომლებიც უარყოფენ ღმრთის არსებობას, არ აღიარებენ მართლმადიდებლობას, არ არიან ქრისტეანები ან მონათლულნი არიან მწვალებელთა საზოგადოებებში (მაგ.: კათოლიკურ, უნიატურ და სხვა)".

თავის განკარგულებაში მეუფე ევლოგიმ ხაზი გაუსვა, რომ "ვინც წინამდებარე განკარგულებას არ შეასრულებს, მკაცრი კანონიკური ზომებით დაისჯება. ხოლო ყველას, ვინც ღვთისმოშიშებით და წეს- განგებისაებრ ასრულებს წმიდა საიდუმლოებებს და უბიწოდ იცავს წინდს მადლისა, რომელიც მან მღვდლობის ხარისხში ხელდასხმისას მიიღო, ვაძლევ ჩემს სამღვდელმთავრო კურთხევას. "მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ" (რომ. 16:24)" (შესაბამისი რუსული ტექტსი იხ. აქ: Обращение епископа Евлогия. Распоряжение № 2 по Сумской епархии УПЦ О совершении таинства крещения в соответствии с каноническими нормами. http://pravoslavie.sumy.ua/ru/bishop/address-to-bishop/articles_46/).

მაშ, რას ასწავლის სუმისა და ახტირსკის ეპისკოპოსი ევლოგი დასხმით ნათლობასთან დაკავშირებით? - ეს არისო "ბილწი დასხმა", "მკრეხელობა", რომელიც უკრაინაში დამკვიდრდა უნიატებისგან, მათში კი ლათინებისგან და ამგვარი "ნათლობა" კატეგორიულად მიუღებელიაო. ვინც ასე იქცევა, ის არღვევსო სამღვდლო ფიცს (ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით) და მას არა აქვსო ღმრთის შიში. ამიტომაც, მარადის წყეული იქნებაო ღმრთისგან.

მაშ, ისმინოს ე. ჭელიძემ, რადგან ამას მისთვის საძულველი ძველმართლმადიდებლები კი არ ამბობენ, არამედ მისივე მოძღვრები და თეოლოგები. ჩვენი თუ არ გჯერათ, მათი მაინც ისმინეთ!  

მაგრამ რა ეპითეტებს დაიმსახურებს სუმისა და ახტირსკის "მეშთაფვლე" ეპისკოპოსი ევლოგი "დამსხმელი" ე. ჭელიძისგან? - ცხადია იმას, რასაც ის "სტაროვერებისთვის" იმეტებს, ანუ ჩვენს მსგავსად, სუმის ეპისკოპოსიც უნდა შეიტანოს მან თავის "შავ სიაში" და უწოდოს: "თუთიყუში, რომელიც ერთსა და იმავე ამტკიცებს" და "თავზარდამცემ დანაშაულს ჩადის", "ცრუ", "თავგასული" და "მაცხოვრის ხელახლა ჯვარმცმელი".


9. ოდესისა და იზმაილის მიტრპოლოიტი აგათანგელოზი (სავინი) (მოსკოვის საპატრიარქო)

ზუსტად იმავეს ბრძანებს უკრაინელი მიტროპოლიტი (მოსკოვის საპატრიარქო) აგათანგელოზიც. აი მისი განკარგულება ნათლისღების შესახებ (Послание митрополита Одесского и Измаильского Агафангела духовенству епархии о совершении Таинства Крещения, 2004 год. წყარო:http://www.sedmitza.ru/text/306416.html):

"ოდესის სამღვდელოებას, ყოვლადპატიოსანნო მამანო!

სამწყემსმთავრო მსახურება გვავალდებულებს, დავაკვირდეთ ყველაფერს, რაც კი მართლმადიდებლურ სწავლებას ეხება, რათა ის ჯანსაღად და დაუზიანებლად იყოს დაცული. უპირველეს ყოვლისა კი თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ წმიდა ნათლისღებას, რომელიც სხვა საიდუმლოებებთან მიმყვანებელი კარია, ჩვენი ცხონების საწყისია, ცოდვათა მიმტევებელი და ღმერთთან მიმაახლებელია. ის არის საჩუქარი მიშვილებისა, რადგან ნათლობაში შევიმოსებით რა ჩვენი უფლით, იესუ ქრისტეთი, ღვთისშვილებად და ქრისტეს თანამემკვიდრეებად შევიქნებით. როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ". ამის გარეშე ცხოვნება შეუძლებელია, როგორც ჩვენი უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს: "მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5).

ამ საიდუმლოსთან დაკავშირებით უნდა შეგნიშნოთ შემდეგი:

1. თვით სიტყვა "ნათლობა" (крещение) ბერძნულ ენაზე, რომელზეც დაიწერა ახალი აღთქმის წმიდა წერილი, "შთაფლვას" ნიშნავს და არა დასხმას ან პკურებას.

2. ნათლობის პირველი დამფუძნებელი, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იორდანეში შესული შთაფლვით მოინათლა (Первый Узаконитель крещения, Господь наш Иисус Христос, крестился, войдя в реку Иордан и погружаясь).


3. წმიდა მოციქული ფილიპე საჭურისთან ერთად შევიდა წყალში, რათა ის მოენათლა: "ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი" (საქმე 8:38).

4. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც განუხრელად მისდევდა მოციქულთა გადმოცემას, ყოველთვის ნათლავდა შთაფლვით. ეს ჩანს II მსოფლიო კრების 7-ე კანონიდან, რომელშიც ლაპარაკია შთაფლვაზე (Православная Церковь всегда крестила через погружение, неукоснительно следуя Преданию Апостольскому. Это видно из 7 правила II Вселенского Собора, в котором говорится о погружении); ასევე წმ. კირილე იერუსალიმელის (IV ს.) მე-2 კატეხეტური ჰომილიიდან, რომელშიც ზუსტად ასეა ნათქვამი: "აღიარეთ მაცხოვნებელი აღსარება, სამგზის დაიფლენით წყალში და კვლავ ამოხვედით"; და წმიდა ბასილი დიდის (IV ს.) სიტყვებიდან: "სამი დაფლვითა და ამდენივე მოწოდებით აღესრულება ნათლისღების უდიდესი საიდუმლო".

5. წყალში შთაფლვა, და ისიც სამგზის, ასევე სამგზისი აღმოსვლა წყლიდან შემთხვევით და თვითნებურად როდია დაწესებული, არამედ ქრისტეს საფლავში დებისა და მესამე დღეს აღდგომის სახედ.


6. მართლმადიდებელი ეკლესია ყველგან და ყოველთვის ნათლავდა და ნათლავს წყალში სამგზისი შთაფლვით და აღმოსვლით. ასე ნათლავენ ეკლესიები ელადაში, ბულგარეთში, სერბეთში და სხვა. ასე ნათლავს რუსეთის ეკლესიაც). რაც შეეხება ე. წ. "დასხმით" ნათლობას, რომელიც ეწინააღმდეგება წმიდა წერილსა და გადმოცემას (Так называемое же "обливательное" крещение, противоречащее Священному Писанию и Преданию…), უკრაინაში უნიატებისგან გაჩნდა, რომლებმაც ის ლათინებისგან მიიღეს. სწორედ უნიატების ზეგავლენით, რომელიც დღეს დასავლეთ უკრაინიდან მოდის, ოდესის მიტროპოლიის მრავალი მღვდელმსახური დღემდე აგრძელებს დასხმითი ნათლობის მკრეხელურ პრაქტიკას.

7. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმიდა პატრიარქი ალექსი II-ს  არაერთხელ მიუთითებია შთაფლვითი ნათლობის აუცილებლობასა და დასხმითი ნათლობის დაუშვებლობაზე. "დღეს, - ამბობდა მისი უწმიდესობა, - მრავალი ზრდასრული ადამიანი ინათლება და მათთვის აუცილებელია შეიქმნას ყველა პირობა, რათა ეს საიდუმლო აღსრულდეს მოციქულთა განწესებების შესაბამისად, სრული შთაფლვით...".


ბოლოს, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, "წმიდა წერილისა და წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური განწესებების საფუძველზე", ეპისკოპოსი აგათანგელოზი იძლევა კურთხევას:

1. ოდესის მიტროპოლიის ყოველ ტაძრში დაიდგას შესაბამისი ზომის სანათლავი ემბაზი, რომელშიც ყრმათა მხოლოდ სამზგის შთაფლვითი ნათლობა იქნება შესაძლებელი.


2. დასხმითი ან პკურებითი ნათლობა სრულიად აღმოიფხვრას.


მღვდლები, რომლებიც თვითნებურად აღასრულებენ დასხმით ნათლობას, სამღვდლო ხარისხში უნდა აიკრძალონ, თუ არ შეწყვეტენ დაუდევრობის ამ სულისწარმწყმედელ პრაქტიკას, როგორც ღვთის რისხვის გადმომწვევს, რადგან ნათქვამია: "წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს!" (ძვ. ქართ.: "წყეულ იყავნ მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით") (იერ. 48:10). "ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო: თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში" (მალაქ. 2:1-2).

ამრიგად, ეპისკოპოსი აგათანგელოზი, ისევე, როგორც ეპისკოპოსი ევლოგი, გმობს და უარყოფს დასხმით ნათლობას, მას "დაუდევრობით" გამოწვეულ "სულის წარმწყმედელ პრაქტიკას" უწოდებს და სამღვდელოებას კატეგორიულად მოუწოდებს, ნათლისღება აღასრულონ მხოლოდ შთაფლვით. რა ეპითეტებს დაიმსახურებს ე. ჭელიძისგან ეპისკოპოსი აგათანგელოზი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.


10. იღუმენი კირილე (სახაროვი)

უეჭველად, ე. ჭელიძის "შავს სიას" ვერ ასცდება იღუმენი კირილე სახაროვიც (მოსკოვის საპატრიარქო), რომელიც დასხმით "ნათლობას" არა მარტო "სტაროვერებივით" მკაცრად უდგება, არამედ თავის ტაძარში ღვთისმსახურებასაც საეკლესიო განხეთქილებამდელი ძველი საეკლესიო წიგნებით ატარებს და ტანისამოსიც კი განხეთქილებამდელი ტრადიციისა აცვია.




ვნახოთ, რას ბრძანებს რუსეთის ოფიციალური ეკლესიის საპატრიარქოს ეს წარმომადგენელი. რუსეთში არსებული ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახურის "Русская народная линия"-სთვის მიცემულ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში, რომლის სათაურია: "О старообрядцах и о важности погружательного крещения" ("ძველმოწესეებისა და შტაფლვითი ნათლობის შესახებ"), იღუმენი კირილე სხვათა შორის ამბობს:

წამყვანი: "მამაო, მოდი ახლა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. საბჭოთა პერიოდში, როდესაც ეკლესია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, ისეთ საიდუმლოში, როგორიც ნათლობაა, ყველგან სხურებითი წესით ნათლობის პრაქტიკა გავრცელდა. რატომ ანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას ამ საკითხს. მე მომისმენია შეხედულება, რომ ეს მეორეხარისხოვანია".

მ. კირილე: "არასერიოზული იქნებოდა, გვემსჯელა ძველმოწესეებთან განსხვავებებზე და არ შევხებოდით ნათლობის საკითხს. რაც შეეხება მის "მეორეხარისხოვნობას" - მე არ გეთანხმებით. საერთოდ ყველაფერი, რაც კი სარწმუნოებას ეხება პირველხარისხოვანი და მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათ" (ლუკა 11:42). ნათლობა - ეს არის კარი, რომელსაც შევყავართ ეკლესიის წიაღში. მისი აღსრულება განსაკუთრებულ მიდგომას ითხოვს. წმიდა მამაები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ დაუშვებელია რაიმეს გამოტოვება ნათლობის საიდუმლოში. რაც შეეხება შთაფლვას, სწორედ ის არის კიდევაც ნათლობა, რადგან ცნობილია, რომ ამ საიდუმლოს აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვის თარგმანი ("ბაპტისმა" - არქიეპ. პ.) სწორედ "შთაფლვას" ნიშნავს" (http://ruskline.ru/analitika/2012/04/19/o_staroobryadcah_i_o_vazhnosti_pogruzhatelnogo_kreweniya).

წამყვანი: ნუთუ ასე მნიშნელოვანია შთაფლვის აღსრულება?

მ. კირილე: "ეს უმთავრესი მომენტია, როდესაც აღესრულება არა მარტო სიმბოლური, არამედ რეალური თანადამარხვა და თანააღდგომა ქრისტესთან ერთად. მოციქულთა 50-ე კანონი ბრძანებს, რომ თუ მღვდელი არ მონათლავს სამგზის შთაფლვით, უნდა დაემხოს.

შთაფლვის შესახებ ლაპარაკობენ წმინდანები ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, კირილე იერუსალიმელი, გრიგოლ ნოსელი და სხვები. წყალში მთლიანი შთაფლვა -  ქრისტესადმი მთლიანი მიძღვნაა თავისა. გარეგანი ფორმა ასახავს შინაგან სულიერ მდგომარეობას. კანონთა ერთმა თავდადებულმა მოშურნემ სამასამდე წყარო შეკრიბა, სადაც ნათლისღების საიდუმლოში სწორედ შთაფლვის აუცილებლობაზეა ლაპარაკი.

ჩვენი კრებები - ვლადიმირისა 1274 წელს და მოსკოვის 1620 წლის კრება, რომელიც პატრ. ფილარეტის დროს მოიწვიეს, აღარაფერს ვამბობ "სტოგლავზე" - მკაცრად ითხოვენ შთაფლვის აღსრულებას ნათლისღების საიდუმლოში. მიუხედავად იმისა, რომ 1667 წლის კრებამ, რომელმაც დაამტკიცა ნიკონის რეფორმა, გააუქმა ლათინთა, როგორც პკურებულთა ეკლესიაში სრული ნათლისცემით მიღება. ამის შემდეგაც კი შთაფლვით ნათლობას იცავდნენ პატრიარქი ადრიანე (ნიკონის შემდგომი პატრიარქი -  არქიეპ. პ.) და სინოდალური პერიოდის მთელი რიგი მღვდელმთავრები, მაგალითად, ასტრახანის არქიეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი (წყალდასხმითი ნათლობის საწინააღმდეგო მისი სიტყვა იხილეთ ქვემოთ), რომელიც დანილოვოს მონასტერშია დაკრძალული.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ბარნაულისა და ლუგანსკის ეპარქიულმა სამმართველოებმა გამოსცეს ცირკულარები, რომლებშიც მღვდლებს ებრძანებათ, მონათლონ მხოლოდ შთაფლვით. ამავე საკითხზე რამდენიმე წლის წინ ცირკულარი გამოსცა ოდესის მიტროპოლიტმა აგათანგელოზმაც. მახსენდება, გასულ წელს, როდესაც თვითაღიარებული კიევის პატრიარქ ფილარეტ დენისენკოსთან შეხვედრა მქონდა, მე წამოვჭერი ეს საკითხი. მან გამაოცა თავისი რეაქციით: "ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესია დასხმითი ნათლობით". მომიტევეთ, მაგრამ აქ თავი ვერ შევიკავე, რადგან ეს ჩემი მუდმივი სასაუბრო თემაა, ამ თემას ვამუშავებ მრავალი წელია. ძალიან მგზნებარედ დავიწყე ლაპარაკი, ჩემი თანამოსაუბრე შესამჩნევად დაიძაბა. მართლაც ნონსენსია - მართლმადიდებელი ეკლესია დასხმითი ნათლობით ("Православная Церковь с обливательным крещением - это нонсенс"). დასხმას მიმართავდნენ უკიდურეს შემთხვევაში. ჩემი სამღვდლო მსახურების 25 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოვნათლე უმძიმესი ავადმყოფი ამგვარი ნათლობით, ისიც საავადმყოფოს პალატაში. ის ფეხზეც ძლივს იდგა. სამჯერ გადავავლე წყალი ვედროდან. ერთხელ პარალიზებული მოვნათლე. შევძელი მისი სამჯერ შთაფლვა აბაზანაში.

ახლა მე არ შევეხება კატეხიზაციის პრობლემას, არც იმას, რომ წყალი უნდა იყოს ცოცხალი და არა ადუღებული - მკვდარი. არც იმაზე ვიტყვი რამეს, რომ ნათლობა - ეს არის საზოგადო საქმე, მთელი თემის დღესასწაული, და ის სწრაფად და ვალის მოსახდელად არ უნდა ტარდებოდეს სადღაც ტაძრის კუთხეში.

დასხმითი ნათლობის გასამართლებლად ზოგჯერ მოჰყავთ ქვიშით მონათლულის მაგალითი. ამის შესახებ ნათქვამია "სულიერ საძოვარში" (იოანე მოსხის "სამოთხე", ანუ "ლიმონარი" -  არქიეპ. პ.). უდაბნოში მიმავალმა ბერემა სარწმუნოებისკენ მოაქციეს ერთი ახალგაზრდა ებრაელი, რომელიც შემდეგ, ღამით ავად გახდა. ძმებმა ის ქვიშით "მონათლეს", ხოლო როდესაც ქალაქში ეპისკოპოსთან ჩავიდნენ, მან ქვიშით "მონათლულის" თავიდან წყალში ნათლობა განაწესა და ქვიშით ნათლობა არად ჩააგდო.

მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ნათლობა ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. მღვდელს უდიდესი კონცენტრირება და ყურადღება მოეთხოვება ამ დროს, რადგან რეალურად გრძნობ მტრის ძალის წინააღმდეგობას. ... როდესაც თემს ახალი წევრი ემატება, მრავალ ადამიანში ვლინდება ის, რომ თურმე მონათლულნი ყოფილან მოუმზადებლად, ნაჩქარევად, კათაკმევლობისა და შეფუცვების ლოცვები წაუკითხავთ "ხუთ წამში". ხოლო რუსეთის ნათლისღების ათასი წლის იუბილეს შემდეგ (80- იანი წლების დასარული და 90- იანი წლების დასაწყისი), როდესაც ჩატარდა მასობრივი ნათლობები, მრავალი დასხმითად მოინათლა, ბევრს მხოლოდ შუბლი დაუსველეს, ზოგს კი მიაპკურეს...

წამყვანი: დიახ, სიტუაცია საკმაოდ გაუარესდა. რა უნდა ვქნათ? თქვენის აზრით რა გზები არსებობს ამ პრობლემის გადასაწყვეტად?

მ. კირილე: როგორც სხვა უბედურებები, ესეც ნიკონის ავადსახსენებელი რეფორმებიდან გვერგო, როდესაც დაიწყო საეკლესიო საფუძვლების რყევა. იმ დროიდან, განსაკუთრებით კი პეტრეს ეპოქიდან, მალოროსიიდან გამოსულნი ჩვენთან კათედრებსაც იკავებდნენ, ხდებოდნენ ტაძრის მოძღვრები და მონასტრების იღუმენები. ისინი უკვე დაქვემდებარებულნი იყვნენ დასავლურ, ლათინურ ზეგავლენას და ყველგან მათთვის ჩვეულ დასხმით ნათლობას ამკვიდრებდნენ. XX  საუკუნემ კიდევ უფრო გააუარესა ეს მდგომარეობა -  ერთი მხრივ, ობნოვლეცებმა თავიანთი ლიბერალური მიდგომით, და მეორე მხრივ, "დასავლეთელების" სიუხვემ, რომლებიც ომის შემდეგ დიდი რაოდენობით მოდიოდნენ ჩვენს სასულიერო სკოლებში და რჩებოდნენ რუსეთში.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მდგომარეობის სერიზულობის შეგნებას. საჭიროა ღრმა სინანული ამ საიდუმლოსადმი ასეთი მკრეხელური და ზერელე დამოკიდებულებისთვის. ყოველი მღვდელი და ეპისკოპოსი უნდა ინანიებდეს ამ ცოდვას და ეს კრებით დონეზე უნდა გააკეთოს. ამის შემდეგ კი
სასტიკად აიკრძალოს ეს უმსგავსება (იგულისხმება დასხმითი ნათლობა - არქიეპ. პ.), ხოლო ამ კანონის დამრღვევნი მკაცრად უნდა დაისაჯონ). ყველას უნდა დაევალოს, ააგოს ბაპტისტერიუმი, განსაკუთრებით საკათედრო ტაძრებში, დიდი ქალაქების სამრევლოებში. ამ საქმეს ყველაზე სერიოზული ყურადღება უნდა დაეთმოს სასულიერო სასწავლებლებში, ეპარქიალურ შეკრებებზე, საეკლესიო გაზეთებსა და ჟურნალებში.

აწ გარდაცვლილი პატრიარქი ალექსი II არაერთხელ მოუწოდებდა ნათლობის შთაფლვითი ფორმის აღდგენისკენ. მის მოწოდებაში, რომელიც მიმართულია მართლმადიდებელთა ძმობის კავშირის 1991 წლის სხდომის მონაწილეებისადმი, ყურადღებას იპყრობს სიტყვები: "ყრმები უნდა მოინათლონ ნებისმიერ პირობებში მხოლოდ შთაფლვით. მოზრდილთა ნათლობისთვის საჭიროა ყველა ტაძარში გამოიძებნოს საშუალება ბაპტისტერიუმის ასაშენებლად, ხოლო ნათლობას წინ უნდა უძღოდეს კატეხიზაცია".

აი, ამგვარი დარღვევები, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ აშფოთებს ჩვენს ძმებს, ძველმოწესეებს. ერთხელ ჩემს ნაცნობ ძველმოწესე მღვდელს ვეწვიე, რომელიც მოსკოვის გარეუბანში მსახურობს. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ 70-იანი წლებიდან, მე მაშინ საერო სასწავლებლის სტუდენტი ვიყავი, ის კი - პრეობრაჟენსკის სასაფლაოსთან მდებარე ბეზპოპოვცების სამლოცველოს მრევლი. ჩვენ რამოდენიმე წელი არ გვენახა ერთმანეთი. როდესაც შევხვდით, უმთავრესი თემა, როგორც წესი, ნათლობა იყო. მოსკოვის საპატრიარქოს ტაძრებთან შეხების შემდეგ ყოველ ძველმოწესეს, განსაკუთრებით მღვდელს, უჩნდება ნეგატივების მთელი საბარგული. დღესაც ასეა, შეხვედრისას, კვლავ მრავლად წამოტივტივდა ნათლობის მაგალითები ქ. კალუგის საკათედრო ტაძრის პრაქტიკიდან, სადაც მოსანათლს ტანგაუხდელად ნათლავენ და თანაც მხოლოდ თავს უსველებენ... მან მიჩვენა წიგნი "Самарский батюшка", რომელშიც არის ფოტოსურათი, როგორ "ნათლავს" მღვდელი ადამიანს ჭურჭლიდან წყლის დასხმით.

კატეგორიულად უნდა აიკრძლოს ამგვარი ფოტოსურათები საეკლესიო გამოცემებში, ასევე, არ იქნას გაშვებული ვიდეომასალები. გულახდილად გეტყვით, ყოველთვის, როდესაც მსგავს შემთხვევებს ვაწყდებოდი, ვიღაცას ვავალებდი, წერილი მიეწერა იმ ადამიანისთვის, ვინც ამას აკეთებდა და თანაც იმ კანონებსაც ვუთითებდით, სადაც შთაფლვით ნათლობაზეა ლაპარაკი" (О старообрядцах и о важности погружательного крещения Игумен  Кирилл  (Сахаров), Русская народная линия. http://ruskline.ru/analitika/2012/04/19/o_staroobryadcah_i_o_vazhnosti_pogruzhatelnogo_kreweniy a).

აი, ასეთი კატეგორიულია იღუმენი კირილე (სახაროვი) დასხმით-პკურებითი "ნათლობის" საკითხში, რომელსაც "მკრეხელობას" უწოდებს. ე. ჭელიძეს თამამად შეუძლია ისიც ჩაწეროს თავის "შავ სიაში".

ამ "სიის" გაგრძელება, ალბათ, კიდევ შეიძლებოდა, ის შეივსებოდა სხვა მრავალი თანამედროვე ღვთისმეტყველისა თუ სასულიერო პირის სახელებით, მაგრამ, ვფიქრობ, უკვე დამოწმებული მასალაც ცალსახად აჩვენებს - თანამედროვე მართლმადიდებლობაში (მიუხედავად კონფესიური განსხვავებისა, ანუ არიან თუ არა ისინი ძველმართლმადიდებლები, ძველმესტილენი თუ ოფიციალურად გაბატონებული მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები) არსებობს ორგვარი დამოკიდებულება ნათლისღების საიდუმლოსადმი - ერთი: ძველი ეკლესიის ტრადიისა და წმიდა მამების სწავლების შესაბამისი, ანუ -  ნათლობა წყალში, სამგზისი სრული შთაფლვით და თითოეულ შთაფლვაზე წმიდა სამების პირთა მოწოდებით და მეორე - დასხმით-პკურებითი, რომელიც მართლმადიდებლობაში ლათინების ზეგავლენით და უნიატების წამხედურობით შემოიჭრა. დღევანდელი ჭიდილი "შთამფლველებსა" და "დამსხმელებს" შორის სწორედ ამ ჭიდილის გამოხატულებაა და ე. ჭელიძე მართლმადიდებელთა ბანაკში ვერანაირად ვერ მოიაზრება. ეს რომ ასეა, ამაში სხვა მაგალითებიც დაგვარწმუნებს.  

განა მარტო XX და XXI საუკუნეების ღვთისმეტყველებსა და წმინდანებს არ სწყალობს ე. ჭელიძე, მისი მსახვრალი კალამი გადასწვდა საქართველოსა და ბერძნულ-რუსული ოფიციალური ეკლესიების XIX, XVIII, XVII  და თვით XV საუკუნეთა ღვთისმეტყველებსა და წმინდანებსაც კი. მოდი, კონკრეტული მაგალითებით ნათელვყოთ ნათქვამის სინამდვილე.

გაგრძელება მომდევნო გვერდზე.

<<<

9

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика