აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II - საეჭვო ნათლისღება, - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

გზა - მართლად სავალი

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექტნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი II
____________________________________________________________________________________________________________________________

საეჭვო ნათლისღება, ანუ შთაფლვითი ნათლობის საფუძვლები
და დასხმითი ნათლობის უსაფუძვლობა



ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, რომ ჭეშმარიტ მეცნიერს, რომელიც უტყუარ სიმართლეს ფლობს, არაფერში უნდა სჭირდებოდეს ოპონენტის ლანძღვა და მისი ღირსების სრული დაკნინებით მსმენელისა თუ მკითხველის გადმობირება. გადმობირება და მკითხველის განწყობის მიმხრობა სწორედ მატყუარებს სჭირდებათ, რადგან ისინი თვითონაც არ არიან დარწმუნებულნი საკუთარი მტკიცებულებების სიმართლეში, ხოლო თუ დარწმუნებულნი არიან, ე. ი. არ გააჩნიათ მეცნიერისთვის საჭირო ობიექტურობა, რამეთუ ლანძღვა- გინება არასოდეს ყოფილა ჭეშმარიტების დამადასტურებელი რაიმე არგუმენტი; და კიდევ: ლანძღვას მიმართავენ იქ, სადაც არგუმენტები ელევათ.

ამრიგად, გავარკვიოთ რას ეფუძნება ნათლისღების საიდუმლოს ძველმართლმადიდებლური (წყალში სამგზის დაფლვითი) ტრადიცია და არის თუ არა დასხმითად ან სხურებით-პკურებითად "მონათლულის" გადანათვლა იმგვარი დანაშაული, როგორადაც ამას ბ-ნი ე. ჭელიძე სახავს და ამგვარად მოქმედთ ჯოჯოხეთის უქვემოეს "განყოფილებებს" განუწესებს?

სანამ უშუალოდ თემას შევეხებოდეთ, საჭიროა აღინიშნოს ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება. როგორც ცნობილია, ჩვენი, ძველმართლმადიდებლური ეკლესია არ ცნობს ნათლობის დასხმით ფორმას და მას არასწორ ნათლობად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც ჩვენდამი დაპირისპირებული ახალმოწესეობრივ- რეფორმატორული "ეკლესია", რომელიც ამავე დროს თავს "მართლმადიდებლურსაც" უწოდებს, პირიქით, დასხმით ნათლობას კანონიკურ წესად აღიარებს.

გამომდინარე ამგვარი მიდგომიდან, ძველმართლმადიდებლური ეკლესია მისკენ გადმოსულ მორწმუნეებს, თუ აღმოჩნდება, რომ ის მონათლულია წყალპკურებით ან დასხმით, ან მისი ნათლობა აღუსრულებია ამგვარად მონათულ სასულიერო პირს, თავიდან ნათლავს მართლმადიდებლური წესით, ანუ სამგზისი დაფლვით წყალში, - ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესია კი არა. დასხმით-პკურებითად "ნათელღებულ" ლათინებსა და პროტესტანტებსაც კი მირონცხებით შეიერთებს და ნათლისღების საიდუმლოს არ იმეორებს (საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა ფაქტები, როდესაც ოფიციალურმა "მართლმადიდებელმა" ეკლესიამ თავიდან ნათლობით შეიერთა ძველმართლმადიდებლობაში სამგზისი შთაფლვით მონათლული და ოფიციალური "ეკლესიისკენ" გადასული ქრისტეანები).

მოკლედ რომ ვთქვათ, ოფიციალური "მართლმადიდებლობა", ბევრ სხვა რამესთან ერთად, ნათლისღების საკითხში აბსოლუტურად გაუკუღმართებულ პრატქიკას ადგას. მის წიაღში შემოერთებულ ქრისტეანთაგან არ ნათლავს მათ, ვინც ადრე პკურებით მონათლულა, და გადანათლავს მათ, ვინც შთაფლვით იყო მონათლული.

ხსენებული პრაქტიკა ორივე ეკლესიისთვის ქმნის ერთ საყურადღებო პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ე. წ. "ხელმეორედ ნათლობასთან" რაც, წმიდა მოციქულთა კანონებით, კატეგორიულად აკრძალულია და დაგმობილია. საქმე ის არის, რომ წმ. მოციქულთა 46, 47, 49 და 50-ე კანონების მიხედვით, თუ ვინმე არასწორად არის მონათლული, მას აუცილებლად სჭირდება თავიდან ნათლობა, რადგან პირველი, რომელიც მას მწვალებლებთან მიუღია, შესრულებული იყო არასწორად (სწორად, მართლმადიდებლურად, წყალში სამგზის შთაფლვით და წმიდა სამების სახელის მოწოდებით შესრულებულ ნათლობას მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის შეიწყნარებდა და მწვალებელთაგან გადმოსულებს, თუკი ისინი ამგვარად იყვნენ მონათლულები, ოდენ მირონცხებით, ნათლისღების განმეორების გარეშე იღებდა).

რადგან ოფიციალური ეკლესიისთვის წყალპკურებითი ნათლობა აბსოლუტურად მისაღები და კანონიკურია, ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკას (ანუ წყალპკურებულთა თავიდან ნათლობას) თავისი მთავარი აპოლოგეტის, ე. ჭელიძის პირით, მკრეხელობად და ქრისტეს მეორედ ჯვარცმად აცხადებს.

აი რას წერს ე. ჭელიძე: "რატომ შევეხეთ ნათლისღების საკითხს ასე ვრცლად? საქმე ისაა, რომ თავზე დასხმითი ნათლობის ერეტიკულად შერაცხვა ქმნის ხელმეორე ნათლობის აუცილებლობას. ... არასწორად მონათლულთ ხელმეორე ნათლობა სჭირდებათ. ერთი შეხედვით საკითხი მეტად იოლია: გადავინათლოთ შთაფლვითი წესით და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ... (მაგრამ) ვინც მეორედ მოინათლა მან უეჭველად უნდა დაამტკიცოს მისი პირველი ნათლობის ერეტიკულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ე. ი. თუკი პირველი ნათლობა ერეტიკული არ არის, მეორედ ნათლობა, წმიდა მამათა მიხედვით, უმძიმეს ცოდვად შეირაცხება" (ე. ჭელიძე. "ეკლესია -  სძალი უფლისა". გვ. 125-126).

ამ მსჯელობასთან ჩვენ სადავო არაფერი გვაქვს, რადგან, მართლაც, თუ ნათლობა ერეტიკულია, ანუ შესრულებულია არასწორად, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მიღებული და დამტკიცებული წესის მიხედვით, ის არ მიიღება და ამდაგვარად "ნათელღებული" მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში თავიდან უნდა მოინათლოს. ამას ითხოვს წმ. მოციქულთა 47-ე კანონიც: "თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ხელახლა მონათლოს ჭეშმარიტად ნათეღებული, ან განმეორებით არ მონათლოს ის, ვინც უღმერთოთაგან შემწიკვლულია (მათი ნათლისცემით), განიკვეთოს, როგორც ჯვრისა და საუფლო სიკვდილის მოკიცხარი, და არ გამრჩევი მღვდლისა ცრუმღვდლისგან" (დიდი სჯულისკანონი. წმ. მოციქულთა კანონები. იხ. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 168 ).

იმავე საკითხს სხვადასხვა კუთხით ეხებიან წმ. მოციქულთა 46, 49 და 50-ე კანონებიც.

სჯულისკანონის გარდა, სწორად მონათლულთა ხელმეორედ გადანათვლას კრძალავენ წმიდა მამებიც და მას ქრისტეს ხელმეორედ ჯვარცმად და უდიდეს დანაშაულად თვლიან. "ვინც მეორედ მოინათლავს თავს კვლავ ჯვარს აცმევს მას" (ქრისტეს - ე. ჭ.) (იოანე ოქროპირი, 9-ე ქადაგება ებრაელთა მიმართ ეპისტოლის შესახებ, თავი 3, იხ. პგ. 63. სვ. 79. ციტ. ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა").

"ამასვე გვაუწყებს ნილოს სინელი: "კვლავ ჯვარს აცმევენ მას მწვალებლები, რომლებიც... ბოროტად ესწრაფვიან კვლავ ნათლისღებას" (წმ. ნილოსი, ეპისტოლეები, წიგნი I, თავი 204, პგ. 79, სვ. 160 ა).

იოანე დამასკელი გვმოძღვრავს: "თუკი ისეთი ვინმე, ვინც მოინათლა მამის, ძის და სულიწმიდის მიმართ და ვისაც ეუწყა ერთი ბუნება სამპიროვანი ღმრთეებისა, კვლავ მოინათლება იგი ხელახლა აცმევს ჯვარზე ქრისტეს". PG. 94, ცოლ. 1120).

ცხადია, ჩვენ, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები არც დიდ სჯულისკანონთან ვართ წინააღმდეგობაში და არც წმიდა მამებთან, რადგან ჭეშმარიტად გვწამს - ვინც ხელმეორედ მოინათლება, ანუ თავიდან გაიმეორებს ნათლობის ერთხელ უკვე სწორად მიღებულ ფორმას, ის ხელმეორედ აცვამს ჯვარზე თავის მაცხოვარს იესუ ქრისტეს.

მაშ, რატომ ვნათლავთ თავიდან წყალპკურებულთ ან წყალდასხმულთ, ასევე ამგვარად მონათლული მღვდლისგან "ნათელღებულთ"? - იმიტომ, რომ არ ვცნობთ წყალპკურებითი ნათლობის კანონიკურობას!

დავაკვირდეთ წმ. მოციქულთა 47-ე კანონს. მასში მარტო ხელმეორედ მომნათვლელი კი არ არის დაგმობილი, არამედ ისიც, "ვინც თავიდან არ მონათლავს უღმრთოთაგან შემწიკვლულს (მათი ნათლისცემით)".

სწორედ ამიტომ ცდილობს ე. ჭელიძე, კანონიკურად და აბსოლუტურად მართლმადიდებლურ წესად წარმოაჩინოს ნათლისღების პკურებით- სხურებითი წესი, რათა შემდეგ, აქედან გამომდინარე, მეორედ ნათლობად და ქრისტეს "მეორედ ჯვაცმად" შერაცხოს პკურებით "ნათელღებულთა" გადანათვლა. ჩვენ კი, პირიქით, რადგან არ გვაქვს საფუძველი, კანონიკურად მივიჩნიოთ დასხმით-პკურებითი ნათლობა, ამგვარად მონათლულებს, წმ. მოციქულთა ხსენებული კანონის საფუძველზე, თავიდანვე ვნათლავთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კატეგორიულები არ ვიქნებით და ოდენ დავეჭვდებით ნათლისღების დასხმით-პკურებით წესში, ანუ მისი კანონიკურობა დამაეჭვებელი აღმოჩნდება, ამგვარად მონათლულის თავიდან ნათლისცემა გვმართებს. დიახ, არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც თუ ადამიანის ნათლობა საეჭვოა ის თავიდან უნდა მოინათლოს.

ასე, მაგალითად, კართაგენის წმიდა კრების 72 (83)-ე კანონის მიხედვით: "ჩვილთა მონათვლა საჭიროა, თუ არ არის ცნობილი, მონათლულნი არიან ისინი თუ არა. საჭიროდ მიგვაჩნია, რომ თუ არის ისეთი ჩვილი, რომლის მონათვლის სარწმუნო მოწმე არ არსებობს, რომ თქვას, ნათელღებულია თუ არა იგი, და თავისი უასაკობის და უსრულობის გამო კი მას არ შეუძლია იცოდეს რაიმე ამის შესახებ, საჭიროა დაუბრკოლებლივ მოინათლოს იგი. ასეთმა ორჭოფობამ შეიძლება ისინი დატოვოს ამ განწმენდის გარეშე. ამის შესახებ გვეკითხებიან ჩვენი ძმები - მავრონის მოგზავნილები (მავრიტანელნი), რომლებიც მრავალ ასეთ (ჩვილს) ყიდულობენ ბარბაროსთაგან" (საქ. საეკლ. კალენდარი. საქ. საპატრიარქოს გამოცემა. თბილისი. 1978 წ. გვ. 267) (ძვ. ქართ.: "ჩვილთათვის, ვითარმედ ჯერ-არს ნათლისცემაი, უკუეთუ საეჭუელ იყოს მათთვის, თუ ნათელ-უღებიეს თუ არა"... დიდი სჯულისკანონი. თბილისი 1975 წ. გვ. გამომც. "მეცნიერება". გვ. 323. ძვ. ქართული ტექსტი მოგვყავს შემოკლებით).

იგივეს განაწესებს VI მსოფლიო კრების 84-ე კანონი: "მამათა კანონებრივი წესის მიყოლით ვადგენთ: ჩვილები, რომლებსაც არ ჰყავთ მტკიცე და ზედმიწევნით მცოდნე მოწმეები, რომლებიც დაამოწმებდნენ, რომ ისინი ნამდვილად ნათელღებულნი არიან, და თვითონაც არ შეუძლიათ, პასუხი გასცენ უასაკოობის გამო, რომ მიღებული აქვთ ნათელი,
ყოველ მიზეზგარეშე უნდა მოინათლონ (ძვ. ქართ.: "თვინიერ ყოველსავე მიზეზისა ჯერ-არს ნათლისცემაი მათი"), რადგან შესაძლებელია ამგვარად ისინი მოუნათლავნი დარჩნენ" (დიდი სჯულისკანონი. თბ. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. საქ. საპატრ. გამოც. გვ. 337. // ძვ. ქართ.: დიდი სჯულისკანონი. თბილისი. 1975 წ. გამომც. "მეცნიერება". გვ. 399-400).

სასარგებლო იქნება, თუ მოვისმენთ სჯულის კომენტატორთა განმარტებებსაც:

ალექსი არისტენე (XII ს.) ბრძანებს: "ეჭვ ქვეშ მყოფი, არის თუ არა მონათლული, უნდა მოინათლოს, რათა ორჭოფობამ საღმრთო განწმნედის გარეშე არ დატოვოს" ("Находящихся под сомнением, крещены ли или нет, разсуждено крестить, дабы сомнением не лишить их божественного очищения" (კართ. კრების 72 (83)-ე და VI-ს მსოფლ. კრების 84-ე კანონის განმარტება) (Правила Святых Поместных Соборов с толкованиями. Изд. Московского общества любителей луховного просвещения. Москва 1880).

იოანე ზონარა (XII ს.):  "სარწმუნოების ღვთაებრივი სიმბოლო ერთ ნათლისღებას გვასწავლის. ხოლო, რადგან უფალმა ბრძანა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5), წმიდა მამებმა, რომლებიც ძველ მამათა დადგენილებებს მისდევდნენ, განსაზღვრეს, რათა, თუკი იარსებებს ეჭვი რომელიმე პიროვნების ნათლისღების მიმართ, როდესაც ჩვილებრივი ასაკის გამო არც თვითონ უწყიან ამის შესახებ, და არც ვინმე არის მოწმე, ვისაც ეცოდინებოდა და დაამოწმებდა მის ნათელღებულობას, - ყოველგვარ ეჭვგარეშე უნდა მოინათლონ, ანუ დაუბრკოლებლად
უნდა მოინათლონ ისინი, ვის შესახებაც გაურკვეველია მონათლულნი არიან თუ არა. ამას კი, როგორც ამბობენ, განვსაზღვრავთო იმ მიზნით, რათა ეჭვისა და გაუგებრობის გამო, არიან თუ არა მონათლულნი, ამგვარი სიწმიდით განბანვას არ მოაკლდნენ და უფლის სიტყვისამებრ, ცათა სასუფეველის გარეთ არ აღმოჩნდნენ" (რუს. თარგმ.: "…если есть сомнение относительно крещения каких либо лиц, когда они сами не знают, крещены ли они, по причине малолетства, и по крайнему несовершенству своего возраста (ибо слово значит возраст), и не находится никого, кто знал бы и свидетельствовал, что они крещены, - крестить их без всякого сомнения... " (Правила Святых Поместных Соборов с толкованиями. Изд. Московского общества любителей луховного просвещения. Москва 1887. Правила Святаго Вселенскаго Шестаго Собора. Пр. 84, стр. 643).

პატრიარქი თეოდორ ბალსამონი (XII ს.) ამავე კანონის განმარტებაში წერს: "კართაგენში შეკრებილმა მამებმა, რომელთაც წინამდებარე კანონიც ახსენებს, სარწმუნოების სიმბოლოს სწავლებით აღიარებდნენ რა ერთ ნათლისღებას, თავიანთ 72 (83)-ე კანონში განსაზღვრეს, რათა ისინი, ვისზეც ამბობენ, რომ სიყრმეში არიან მონათლულნი, ან შესაძლოა არც იყვნენ მონათლულნი და სარწმუნო მოწმეებიც არ ჰყავთ, რომლებიც დაადასტურებდნენ მათ ნათლობას, დაუყოვნებლივ მოინათლონ. ამრიგად, მამებმა წინამდებარე კანონში დაამტკიცეს ის, რაც მათ კართაგენში შეკრებილ ძველ მამათაგან გადმოეცათ და
დააწესეს მათი ნათლობა, რომელთა შესახებაც არსებობს ეჭვი, მონათლულნი არიან თუ არა (რუს. წყარო: "…крестить тех, о которых есть сомнение, что они крещены"), თუ არც თვითონ ძალუძთ ამისი თქმა, რადგან არ იციან რა გადახდათ თავს სიყრმეში, და არც მოწმეები ჰყავთ, რომლებიც მათ ნათელღებულობას დაადასტურებდნენ; რადგან უნდა ვუფრთხოდეთ, ამგვარი გაუგებრობით ბავშვები მოუნათლავები არ დარჩნენ და ნათლისღებით მინიჭებული ზეციური სასუფევლის მიღმა არ აღმოჩნდნენ, უფლის სიტყვისამებრ, რომელიც ამბობს: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5) (რუს. წყარო: "… чтобы по причине такого недоразумения дети как-нибудь не лишились божественного крещения и даруемого чрез крещение царства небесного, по гласу Господа, который говорит: аще кто не родится водою и Духом, не внидет в царствие небесное (Иоанн. 3, 5)" (ციტ. იქვე) (სხვათა შორის, ურიგო როდი იქნება დამოწმებული კანონები (კართაგენის 72 (83)-ე და VI მსოფლიო კრების 84-ე) და სჯულის კომენტატორთა განმარტებები ყურად იღოს მოუნათლავად გარდაცვლილ ყრმათა ცხოვნების აპოლოგეტმა  პროფესორმა ე. ჭელიძემ).

ამრიგად, თუკი მართლმადიდებელი ეკლესია სჯულით განასწესებს იმ ადამიანთა თავიდან ნათლისღებას, ვისაც არ ახსოვს და არც მოწმეები ჰყავს საკუთარი ნათლობისა, და თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა მოუნათლავიც იყოს, რა უნდა ითქვას იმ შემთხვევისთვის, როდესაც ეჭვი პიროვნებისადმი კი არა, თვით ნათლისღების აღსრულების ფორმისადმი (ან აღმასრულებელისადმი) იბადება? ცხადია, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ და უცილობლივ
თავიდან უნდა აღსრულდეს ნათლისღება, რადგან "ასეთმა ორჭოფობამ შეიძლება ისინი დატოვოს ამ განწმენდის გარეშე" და  მოუნათლავნი დარჩნენ.

მაგრამ აქ, იქნებ, გაჩნდეს ლოგიკური კითხვა: რა მოხდება, თუ აღმოჩნდება, რომ ჩვილი მონათლული ყოფილა, ის კი უცნობლობის გამო თავიდან მონათლეს? ამგვარად მოქმედ მღვდელს ჩვილის თავიდან ნათლისღება ქრისტეს ხელმეორე ჯვარცმად ხომ არ ჩაეთვლება? ამ კითხვაზე პასუხს სჯულის იმავე კომენტატორებთან ვპოულობთ. კერძოდ, არისტენე ამბობს: "ვინმეს ხელმეორედ ნათლობა, თუ ის მონათლული არ ყოფილა უკეთურთა მიერ, სხვადასხვა კანონებით აკრძალულია; მაგრამ მის ნათლობაზე ეჭვი თუ არსებობს (რუს. წყარო: "если о ком есть сомнение, крещен ли"), რადგან არც თვითონ ახსოვს ამის შესახებ, ვინაიდან სიყრმის ასაკში მოინათლა, და არც მოწმეები ჰყავს, რომლებიც დაუდასტურებდნენ, რომ ნამდვილად მონათლულია, -
უეჭველად უნდა მოინათლოს (რუს. წყარო: "…без всякаго сомнения должен быть крещен"), რათა ორჭოფობის გამო საღმრთო განბანვის მიღმა არ დარჩეს" (Правила Святых Поместных Соборов с толкованиями. Изд. Московского общества любителей луховного просвещения. Москва 1880. Правила Святаго Поместнаго Собора Карфагенскаго. ПР. 72 (83)).

პატრიარქი ბალსამონი კი წერს: "ეს კი დაწესებულია (იგულისხმება კართ. 72 (83) და VI.84 კანონები -  არქიეპ. პ.) იმიტომ, ზოგიერთი ნებას არ რთავდა ამდაგვართა ნათლობას იმ ეჭვის გამო, რათა ადრე მონათლულთა გადამნათვლელები არ აღმოჩენილიყვნენ. ამის შესახებ მრავალი დავა იყო სინოდში, რამეთუ გაჩნდა ეჭვი, უნდა მოენათლათ თუ არა ნაყიდი ბავშვები, რომლებიც ქრისტეანული ქვეყნებიდან სკვითებმა და მაჰმადიანებმა ტყვედ წაასხეს, შემდეგ კი ბერძნებს მიჰყიდეს. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ, რადგან ისინი ტყვედ ქრისტეანული ქვეყნებიდან იყვნენ წაყვანილნი, შესაძლოა ჩვილობაში მონათლულებიც ყოფილიყვნენ და ამიტომაც არ იყო ჯეროვანი მათი ხელმეორედ ნათლისღება. მაგრამ უმეტესობა ემხრობოდა იმ აზრს, რომ უნდა მონათლულიყვნენ, რადგან თვითონ არაფერი უწყიანო ჩვილობაში საკუთარი ნათლისღების შესახებ და არც არავინ ჰყავთო მოწმედ, რომელიც ნათელღებულობას დაუდასტურებდა. ხოლო მათ შესახებ, ვინც ურწმუნოთა ქვეყნებიდან არიან წარტყვევნილნი განსაზღვრულია: გადაუდებლად მოინათლონ (რუს. წყარო: "определено: крестить таковых безотлагательно"), თუ მოწმენი არ ჰყავთ იმისა, რომ ტყვედ წარსხმის შემდეგ ტყვეობაში მოინათლნენ.

წმიდა პატრიარქ ლუკას დროს სინოდში მაჰმადიანები მოვიდნენ. როდესაც მათ ნათლობის მიღება მოსთხოვეს, განაცხადეს, რომ თავიანთ ქვეყნებში უკვე მონათლულნი იყვნენ; ხოლო როდესაც მათ ჰკითხეს - როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, უპასუხეს, რომ არსებობსო მაჰმადიანებში ჩვეულება საკუთარი შვილები მოანათვლინონო მართლმადიდებელ მღვდლებს. მაგრამ ეს საპატიო მიზეზად არ იქნა მიჩნეული, რამეთუ მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ურწმუნოები ქრისტეანებთან ნათლობას არა მართლმადიდებლური განზრახვით, არამედ უკეთური მიზნით, ხორციელი ბიწის განსაკურნებლად ეძიებენ. საქმე ის არის, რომ მაჰმადიანებს აქვთ რწმენა, რომლის მიხედვითაც მათ ბავშვებს იპყრობენ ეშმაკნი და ძაღლებივით ყარან, ქრისტეანულ ნათლობას თუ არ მიაღებინებენ; ამიტომაც ელტვიან ისინი ნათლობას, არა როგორც ყოველგვარი ბიწიერების განმწმენდსა და საღმრთო ნათლის მომნიჭებელს, არამედ როგორც რამ კურნებას ან შეფუცვას; თუმცა, არც ეს იქნა მიღებული, რადგან მათ არ წარადგინეს არც ერთი მოწმე, რომელიც მათ ნათლისღებას დაადასტურებდა, არამედ მეტიც, სარწმუნოებისადმი ამგვარი არაკეთილგანწყობისთვის გაიკიცხნენ კიდეც. ამიტომაც დაწესდა ამდაგვართა თავიდან ნათლობა" (Правила Святых Поместных Соборов с толкованиями. Изд. Московского общества любителей луховного просвещения. Москва 1887. Правила Святаго Вселенскаго Шестаго Собора. Пр. 84).

ამრიგად, წმ. მოციქულთა 47-ე კანონთან წინააღმდეგობასა და მის მიერ გაკიცხვაში რომ არ აღმოვჩნდეთ, უნდა დავამტკიცოთ ან დასხმით-პკურებითი ნათლობის, მინიმუმ, საეჭვო ხასიათი, - მაქსიმუმ არაკანონიკურობა. ორივე შემთხვევაში დასხმით-პკურებითი ნათლობა ჭეშმარიტ ნათლობად არ უნდა ჩაითვალოს და ამგვარად "ნათელღებული", როგორც მოუნათლავი, თავიდან ნათლისღებას უნდა დაექვემდებაროს.
წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა" ე. ჭელიძე თავისი ეკლესიის წევრებს აფრთხილებს: "როგორც ვხედავთ, მეტად მკაცრი ხვედრია განჩინებული მეორედ ნათლობისთვის, თუკი აღმოჩნდება, რომ პირველი ნათლობა არ იყო ერეტიკული. აქედან, ყველა მკითხველისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვინც მეორედ ნათლობა მიიღო, მან სრული უეჭველობით უნდა დაამტკიცოს პირველის ერეტიკულობა" (ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. გვ. 127).

ცხადია, ეს სწორი პირობაა, მაგრამ არა ერთადერთი, რამეთუ, როგორც ზემოთ ვნახეთ, არა მარტო ერეტიკულობა (ანუ საიდუმლოს არამართლმადიდებლური, არასწორი, ეკლესიის მიერ დადგენილი წესიდან გადახვევით შესრულება) შეიძლება გახდეს მიზეზი თავიდან ნათლობისა, არამედ თვით ნათლობის აღსრულების წესში დაეჭვებაც; რამეთუ რა არის ის ნათლობა, რომელიც საეჭვოა ან აღმასრულებლის ან აღსრულების ფორმის მხრივ?! განა თვით ოფიციალური ეკლესია თავის კატეხიზმოებში არ ქადაგებს, რომ საიდუმლო "ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (იხ. სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64).

ხოლო ნათლისღების სწორი აღსრულების ფორმად წმიდა მამებისა და წმიდა საეკლესიო კრებების მიერ მითითებულია სწორედ მოსანათლავის წყალში სამგზის შთაფლვა წმიდა სამების პირთა მოწოდებით (ყოველ შთაფლვაზე) და არა დასხმა ან პკურება, რომელიც არც ერთ წმიდა საეკლესიო კრებას ან წმიდა მამას არც დაუკანონებია და არც სადმე უსწავლებია; ხოლო თუ ვინმეს უსწავლებია (რასაც ქვემოთ ვნახავთ), ის ეკლესიას არც საზოგადო წესად მიუღია და არც მოუწონებია. ასეთი აზრები მხოლოდ კერძო აზრებად ან კერძო გადაწყვეტილებად დარჩა, რომელთაც ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობა არა აქვს.

თავისი პოზიციის განსამტკიცებლად, ე. ჭელიძე წყალპკურებითი ნათლობის არაკანონიკურობის დამტკიცებს მოსურნეებს ასეთ პირობებსაც უყენებს: "რით შეიძლება ამის დამტკიცება (იგულისხმება სხურებით-პკურებითი "ნათლობის" არაკანონიკურობა - არქიეპ. პ.)? არსებობს ერთადერთი გზა: კონკრეტული მითითება სჯულისკანონისა, კონკრეტული განჩინება ძველბერძნული მართლმადიდებლობისა. ეჭვი არ არის, ყველა წრფელ მორწმუნეს სულის სიღრმემდე აღელვებს საკუთარი ნათლობის მართებულობა-არამართებულობის საკითხი, რადგანაც თუკი მისეული ნათლობა არაჭეშმარიტია, თავიდან უნდა მოინათლოს, ხოლო თუკი ჭეშმარიტია და მაინც მოინათლება, უმძიმესი ხვედრისთვის გაწირავს თავს. ამიტომაც, პირველი ნათლობის შეფასების ჟამს მორწმუნეს მართებს უდიდესი სიფრთხილე და გარკვეულობა. ყოველი მორწმუნე ვალდებულია, რომ როდესაც მის პირველ, სამგზის დასხმით ნათლობას ვინმე ერეტიკულად დასახავს და მეორედ ნათლობისაკენ წააქეზებს მას, აუცილებლად, მტკიცე ნებით მოსთხოვოს წამქეზებელს ცხადი, პირდაპირი არგუმენტი მხოლოდდამხოლოდ ძველბერძნული მართლმადიდებლობიდან, ე. ი. მოითხოვოს კონკრეტულად ძველბერძნული ტექსტი და ასევე კონკრეტული მითითება ძველბერძნულ წყაროზე (ან უშუალოდ ხელნაწერზე, ან გამოცემაზე). ასეთ პრინციპულ და უაღრესად მნიშვნელოვან საკითხში არგუმენტის ძალა აქვს მარტოდენ ძველბერძნულ ტექსტს (რატომ? - არქიეპ. პ.). ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ძველბერძნული მართლმადიდებლური მოწმობის ასევე ძველბერძნულადვე მოტანას და მითითებას კონკრეტულ წყაროზე, ძველბერძნული ტექსტის შემცველ ხელნაწერზე ან გამოცემაზე, თანაც მხოლოდ მითითება არ კმარა: მკითხველი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდოს სხვის მითითებას და სხვის თარგმანს. მან თვითვე დედანში უნდა ნახოს დამოწმებული არგუმენტი, რადგან ესათუის პირი ხშირად იშველიებს გარკვეულ წყაროს, სვამს მას ბრჭყალებში და ამ გზით მოტანილ ტექსტს ანიჭებს ზუსტი ციტატის სახეს, სინამდვილეში კი თვით ურთავს ნამდვილ ტექსტში თავისსავე სიტყვებს და აზრს უცვლის წმიდა მამათა ნათქვამს" (ე. ჭ. იქვე. გვ. 127-128).

ერთი შეხედვით, ე. ჭელიძის ეს მოთხოვნა სამართლიანია, ბრმად არავის უნდა ვენდობოდეთ, და ყოველივეს წყაროთა დამოწმებით უნდა ვამტკიცებდეთ. ეს სწორია, მაგრამ რატომ მაინცადამაინც ძველბერძნული მართლმადიდებლობა? რატომ "პირდაპირი არგუმენტი მხოლოდდამხოლოდ ძველბერძნული მართლმადიდებლობიდან"? რა დააშავეს ძველმა ლათინურმა წყაროებმა? ხომ არ უნდა ე. ჭელიძეს იმისი თქმა, რომ ძველი დასავლელი წმიდა მამები წმინდანები არ იყვნენ ან ძველი ეპოქის დასავლური კრებები მწვალებლური იყო და მათი გათვალისწინება დანაშაულია? ან ვიკითხოთ, თავის ახალ ანტიძველმართლმადიდებლურ წიგნში "სული - ცხოველი", იცავს კი თვითონ ამ მოთხოვნას და თავის ყოველ განსჯას აფუძნებს თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ძველბერძნული მართლმადიდებლობიდან მოტანილ პირდაპირ არგუმენტებს? ცხადია, არა! რადგან ის ბევრგან ეყრდნობა ძველლათინურ წყაროებსაც, კატაკომბურ მხატვრობებსაც და ზოგიერთ შემთხვევაში დასავლელ, კათოლიკე-პროტესტანტ მეცნიერთა ნაშრომებსაც.

ე. ჭელიძის სიტყვებით, მკითხველი მხოლოდ მას, ანუ ე. ჭელიძეს უნდა ენდოს, მხოლოდ ის არის "პატიოსანი" მეცნიერი, რომელიც არამც და არამც არ გააყალბებს არავის ნაშრომს და არავის ნათქვამს; რაც შეეხება სხვებს, ყველანი უსინდისო მკვლევრები არიან და მათი ნდობა არ შეიძლება. რამდენად მისაღებია ამგვარი პრეტენზიული განცხადება, მკითხველმა განსაჯოს. ე. ჭელიძის ეს რჩევა სამართლიანი და მეცნიერული რომ იყოს, მაშინ საერთოდ მეცნიერული ნაშრომების არც ბიბლიოთეკებში კითხვას ექნებოდა აზრი და არც მაღაზიებში მათ შეძენას. ე. ჭელიძემ მთელ მეცნიერულ სამყაროს უნდობლობა გამოუცხადა და ქართველ საზოგადოებას ნდობის ერთადერთ წყაროდ საკუთარი თავი დაუსახა. თუ არადა, მაშინ არც ე. ჭელიძის ნაშრომსა აქვს რაიმე ფასი, თუნდაც მასში ძველბერძნული წყაროები იყოს დამოწმებული, რადგან ეს წყაროები არც ჩვენ და არც მკითხველს თვალითაც არ გვინახავს.

"კედელთან მიყენებულ" ჩვენს ფსევდო-მეცნიერს ამგვარი უცნაური და ჯიუტი მოთხოვნის გარდა, ასევე სურს, კვლევის არეალიც შეუზღუდოს როგორც მკითხველებს, ასევე ოპონენტებსაც ("მხოლოდდამხოლოდ ძველბერძნული მართლმადიდებლობა"). კვლევის არეალი კი, მის მიერ შემოთავაზებული პირობების შემთხვევაში, არა მარტო წყაროების რაოდენობის, არამედ ეპოქალური, ისტორიული თვალსაზრისითაც იზღუდება. თანამედროვე ღვთისმეტყველება და მეცნიერება კი, შესაძლოა, სრულიად გამოირიცხოს.

რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი თარგმნა და წყაროების მითითება აუცილებელია, მაგრამ სადავო საკითხის განსახილველად მარტოოდენ ძველბერძნულ წყაროებს როდი უნდა ვეყრდნობოდეთ. მართლმადიდებლობა მარტო ძველბერძნებს როდი ჰქონდათ, ის მთელს მსოფლიოში იყო გავრცელებული და საკვლევი საგნის გარშემო სხვა ერებისა თუ რეგიონების მოწმობები ფრიად ღირებული და კანონიკური მასალა გახლავთ. ძველი ეკლესიის ისტორია, ძველი ლიტურგიკული პრაქტიკა გადმოცემულია არა მარტო ძველბერძნულად, არამედ სხვა ძველ ენებზეც და ამგვარი წყაროები, რომლებიც საკვლევ საკითხებთან დამოკიდებულებას და ფაქტებს წარმოაჩენენ, ფრიად ღირებულია.

გარდა ამისა, ე. ჭელიძემ კარგად იცოდა (და იცის), რომ მის ოპონენტებს (ცოცხალთ თუ გარდაცვლილთ) ძველბერძნულ წყაროებზე ხელი ისე როდი მიუწვდებოდათ (ან მიუწვდებათ), როგორც თვითონ. შამწუხაროდ, ამისი შესაძლებლობა არც ჩვენ გაგვაჩნია. ამიტომაც, საკვლევ თემას მოსკოვის, კიევის, ყაზანის და სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორ-მკვლევართა ნაშრომების გამოყენებით მივუდექით, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარ ნაშრომებში სწორედ ძველბერძნულ, ძველლათინურ და სხვა ძველ წყაროებს ეყრდნობიან. იყენებენ ვრცელ ლიტურგიკულ მასალას, ისტორიულ ფაქტებს და წმიდა წერილის მამებისეულ განმარტებას. მათ მიერ დამოწმებული წყაროების არაობიექტურობაში ეჭვი არ შეგვაქვს; თუ ბ-ნი ე. ჭელიძე რაიმე პრეტენზიით გამოვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მან ჩვენ კი არ უნდა გვლანძღოს, არამედ ის ავტორები, რომელთა ნაშრომებსაც ჩვენ დავეყრდენით და საიდანაც ჩვენთვის საინტერესო ფაქტები ამოვკრიფეთ. ამ ნაშრომთა მეცნიერული ღირებულება ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. მეტიც, ჩვენ არა მარტო შევეცადეთ გამოყენებული ნაშრომებიდან ციტატები მაქსიმალური სიზუსტით გვეთარგმნა, არამედ იქვე დავურთეთ დედნის სათანადო შესატყვისებიც, ხშირ შემთხვევაში ნათარგმნი ტექსტის დედნებიც, რათა მკითხველს თავად შეძლებოდა ჩვენი ნათარგმნისა და გამოყენებული დედნების შედარება. ასე რომ, მკითხველის მოტყუება ჩვენი მხრიდან გამორიცხულია, პირიქით, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მსგავსი მცდელობები სწორედ ე. ჭელიძისგან მოდის, რაც მისი საქმიანობის (რასაც მეცნიერულ კვლევას ვერ ვუწოდებთ) იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული და დემაგოგიური მიზანდასახულობით განისაზღვრება. "მეცნიერი" ე. ჭელიძე წერს და ამტკიცებს იმას, რაც "უკეთეს" შემთხვევაში, თვით ე. ჭელიძეს, ხოლო, უარეს შემთხვევაში მთელი ოფიციალური ეკლესიის მოღვაწეობას ამართლებს.

ამგვარ პოლიტიკას ე. ჭელიძე თავის ახალ ანტიძველმართლმადიდებლურ ნაშრომშიც არ ღალატობს და რამდენადაც შესანიშნავად იცნობს წყალდასხმითი "ნათლობის" უარმყოფელ დადგენილებებს, ასეთ პირობას აყენებს: "ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის გარდაუვალად აუცილებელი უნდა იყოს უკლებლივ ყველა საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ I-VIII საუკუნეების ანუ მსოფლიო კრებათა ეპოქის საღვთო სწავლებაზე დაფუძნება, ვინაიდან სრულიად აშკარაა, რომ ნებისმიერ რამ გვიანდელი საღვთისმეტყველო განმარტება (კატეგორიულიც და არაკატეგორიულიც), რაც არ არის ფიქსირებული ზემოთხსენებული ეპოქის ღმრთივსულიერ მოძღვართა და უწმიდეს საეკლესიო კრებათა დადგენილებებში, მხოლოდ პირადი თვალსაზრისია და არა უცვალებელი საეკლესიო სწავლება" (ე. ჭელიძე. "სული - ცხოველი". გვ. 116).

რას ნიშნავს ე. ჭელიძის ეს სრულიად მკრეხელური განცხადება? მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მივიღოთ ის, რაც ე. ჭელიძეს და ოფიციალურ "ეკლესიას" უნდათ და არამც და არამც არ შევიწყნაროთ ის სწავლება, რაც მათთვის მიუღებელია, თუნდაც ეს I-VIII საუკუნეების შემდგომ მცხოვრები წმიდა მამებისა და საეკლესიო კრებების სწავლება იყოს. თანაც, ე. ჭელიძე აქ გადასწვდა არა მარტო ნათლობის საკითხს (ეს ხომ თავისთავად იგულისხმება), არამედ ნებისმიერ სხვა საკითხსაც.

მოგეხსენებათ, პირველი რვა საუკუნის განმავლობაში არ განხილულა მრავალი ისეთი საკითხი, რომელსაც ეკლესია მოგვიანებით, მეცხრე საუკუნიდან მოყოლებული შეეხო. ამიტომაც, აბსურდულია, ვინმესგან მოვითხოვოთ ამ საკითხების ძიება "ზემოთხსენებული ეპოქის ღმრთივსულიერ მოძღვართა და უწმიდეს საეკლესიო კრებათა დადგენილებებში". ამგვარი კატეგორიული მოთხოვნა, მისი შინაარსიდან და შედეგიდან გამომდინარე, არის კიდევაც ნამდვილი უტიფრობა და თუ გნებავთ, თავხედობაც ეკლესიის წინააღმდეგ, ოღონდ, ცხადია, არა იმ ეკლესიისა, რომლის წიაღშიც თავად ჩვენი ოპონენტი ბრძანდება, არამედ ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისა, რომელიც, როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, სამყაროს აღსასრულამდე ჭეშმარიტების მფლობელი და მქადაგებელი იქნება.

ავიღოთ თუნდაც ლათინებთან (ე. წ. "რომაელ-კათოლიკეებთან") არსებული სადავო საკითხები და წმიდა მამების ბრძოლა ამ ე. წ. კათოლიციზმთან ან გრიგოლ პალამას (XV ს.) დავა მთელ რიგ საკითხებზე ბარლაამ კარლამბრიელთან და მრავალი სხვა, რომელთაც, სრულიად ბუნებრივი მიზეზების გამო, პირველ რვა საუკუნეში მცხოვრები მამები და მსოფლიო კრებები ვერ შეეხებოდნენ და საეკლესიო დადგენილებებშიც ვერ აისახებოდა, რადგან ეს საკითხები ან იმ სახით არ ყოფილა წამოჭრილი, როგორც მოგვიანებით წარმოადგინეს მწვალებლებმა, ან კიდევ საერთოდ არ წამოჭრილა რომ განეხილათ.

გამომდინარე ამ ელემენტარული ჭეშმარიტებიდან, ე. ჭელიძის "განკარგულება", რომელსაც ის "გარდაუვალ აუცილებლობად" უსახავს "ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს", გულისხმობს იმას, რომ მერვე საუკუნის შემდეგ ეკლესიას ეკლესიურობა დაუკარგავს და მანამდე განუხილველ საკითხთადმი მის პოზიციას თუ განმარტებას საყოველთაო და სავალდებულო მნიშვნელობა აღარ ჰქონია. რაც მთავარია, მას დაუკარგავს ჭეშმარიტების გამოხატვის, გამოთქმისა და დაცვის უნარი და ამით, ჭეშმარიტების სვეტისა და საცავის მდგომარეობიდან (როგორც უწოდებდნენ ეკლესიას ადრინდელი წმიდა მამები, კერძო შეხედულებათა გამავრცელებელ კანტორად გარდაქმნილა.

რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, რომ, როგორც პირველ რვა საუკუნეში, ასევე შემდეგაც ეკლესიაში ხშირად გამოითქმებოდა კერძო შეხედულებები, რომლებიც ზოგადსაეკლესიო სწავლების რანგში არ ასულა; ზოგიერთი შეხედულება მწვალებლობადაც კი შეურაცხავთ, ამიტომაც, კერძო შეხედულებები, თუ პირველი რვა საუკუნის განმავლობაში დასაშვები იყო, ცხადია, ის ამ პერიოდის შემდეგაც დასაშვებია და ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ ასე როდი ფიქრობს ე. ჭელიძე, ჭეშმარიტი ეკლესიის ისტორია მან VIII საუკუნით დაასრულა. მომდევნო საუკუნეების ეკლესია კი მკითხავებისა და სიბნელეში ხელების ფათურით მოსიარულეთა დაწესებულებად გამოაცხადა, რადგან რა არის ის ეკლესია, რომელსაც თუნდაც იმ საკითხზე, რომელიც მსოფლიო კრებებს ადრე არ განუხილავთ, ჭეშმარიტი დადგენილების მიღება არ შეუძლია?!

ედიშერ ჭელიძეს საკვირველი შეცდომები მოსდის. ზემოთ ვნახეთ, როგორ ეცადა იგი, ერთი რომელიმე ადამიანის დაბადება (მაგ.: წმ. იოანე ნათლისმცემელისა) და მისი მოსვლა სხვა ადამიანის სულიერებითა და ძლიერებით "მეტემფსიქოზად" (რეინკარნაციის იდეად) შეერაცხა, და ეს მას აწ გარდაცვლილი ძველმართლმადიდებელი ეპისკოპოსის იონას განსაქიქებლად სჭირდებოდა. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ "მეტემფსიქოზის" ქადაგება თვით ქრისტეს დასწამა, რადგან მაცხოვარმა სთქვა: "ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყველას, მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა,  მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ" (იხ. მათე 17:10-13; 11:14; მარკ. 9:11). რამეთუ, იოანე ნათლისმცემლის ეს მოსვლა თვით ლუკას სახარებაშივე "ილიას სულიერებითა და ძალით" მოვლინებად განიმარტა (ლუკა 1:17).

ახლა კი, ცდილობს რა საკუთარი თვალსაზრისისა და ოფიციალური მწვალებლური ეკლესიის დასხმითი ნათლობის პრაქტიკის დაცვას, ჭეშმარიტების მქადაგებელ ეკლესიას პირველი რვა საუკუნით შემოსაზღვრავს, დანარჩენებს კი დოგმატებზე მკითხაობისა და სჯა-ბაასის ფუნქციასღა უტოვებს.

რას ელტვის ე. ჭელიძე? - ის ელტვის, შეზღუდოს ძველმართლმადიდებელთა მცდელობა, გამოიყენონ მერვე საუკუნის შემდგომი ფაქტები დასხმითი ნათლობის წინააღმდეგ და დაიცვან თავიანთი პოზიცია, და ამას ის ცდილობს მერვე საუკუნის შემდგომი ეკლესიის შეურაცხყოფის ფასად.

მეტიც, როდესაც ის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ესვრის ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს და მათ დასხმითი ნათლობის მიუღებლობის გამო ქრისტეს მეორედ ჯვარმცმელებად აცხადებს, კვლავ და კვლავ საკუთარ ეკლესიას და მის წმინდანებსაც "ურტყამს", რადგან დასხმით ნათლობას ისინიც თავგამოდებით უარყოფდნენ.

გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ე. ჭელიძე ხშირად არაადეკვატურად აზროვნებს და მეცნიერისთვის საჭირო ობიექტურობა არ გააჩნია, მხოლოდ ოპონენტის შეურაცხყოფისა და მიწასთან გასწორების დემონური ჟინით არის შეპყრობილი. თანაც იმდენად, რომ ვერ ამჩნევს, სხვისკენ მოქნეულ ჯოხს საკუთარ თავს როგორ ურტყამს. ეს რომ ასეა, ქვემოთ მოყვანილი მისი "ლოგიკური მსჯელობები" და ისტორიული მაგალითებიც დაგვარწმუნებს.

ე. ჭელიძე, როგორც გამობრძმედილი დემაგოგი, თავისი მკითხველის ფსიქოლოგიურ "დამუშავებაზეა" გადართული და უკიდურესი ნეგატიური განწყობის შესაქმნელად მუდმივად ახსენებს ადრინდელ ძველმორწმუნე პოლემისტთა მიერ, გარკვეული თვალსაზრისით, დასხმით-პკურებით ნათლობაზე გამოთქმულ ფრაზას "სატანური პრაქტიკა".

ე. ჭელიძე ერთგან წერს: "თუ დასხმითი ნათლობა "სატანური პრაქტიკაა" და ამ "სატანური პრაქტიკის" დადასტურება უძველესი დროიდანვეა აურაცხელგზის სახეზე... მაშ, ამ სახის ნათლობის პირდაპირი ანათემირება გარდაუვალად უნდა განესაზღვრა ამა თუ იმ მსოფლიო კრებას ან ყველა მათგანს ერთობლივად. ასევე, წმ. ფოტი პატრიარქისგან (IX ს.) შედგენილ თოთხმეტტიტლოვან "დიდ სჯულისკანონში" პირდაპირ (ამასთან, არაერთგზის) მითითება უნდა გვქონოდა (ისევე როგორც ამას ვხედავთ ჩვენ უკლებლივ ყველა სხვა შემთხვევაში) ამგვარი ქმედების როგორც "სატანური პრაქტიკის" სრული აკრძალვის შესახებ. სხვა დასკვნა უბრალოდ შეუძლებელია" (იქვე. გვ. 117).

რას გულისხმობს ჩვენი ოპონენტი? - ადრე, საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებისა და პირველი პოლემიკური წერილების გამოჩენისთანავე, ქართველმა ძველმართლმადიდებლებმა "სატანურ პრაქტიკად" შერაცხეს დასხმითი ნათლობის კანონიკურ რანგში აყვანა და მისით ნათლობის კანონიკური ფორმის, შთაფლვის ჩანაცვლება. მაგრამ ე. ჭელიძე უნამუსოდ ამახინჯებს ამ გარემოებას და საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოსდა ქართველ ძველმართლმადიდებელთ ნებისმიერი დასხმითი ნათლობა ჩაეთვალოთ "სატანურ პრაქტიკად". ამ შემთხვევაშიც უმართებულო და ცილისმწამებლურია ჭელიძის გამოხდომა (აქ ე. ჭელიძე ერთდროულად ამოქმედებს პოლემიკის დაუშვებელ და არაკორექტულ ხერხებს, რომელთაც, როგორც უკვე ითქვა "თეზისის შეცვლა" და "დივერსია" ეწოდება.

ჯერ-ერთი იმიტომ, რომ "სატანურ პრაქტიკად" გამოცხადებულია ოფიციალური ეკლესიის პრაქტიკა, რომელმაც შთაფლვითი ნათლობა პკურებითი "ნათლობით" შეცვალა, და მეორეც იმიტომ, აქ ლაპარაკია არა იშვიათად გამოყენებულ ფორმაზე, არამედ სწორედ ამგვარ ჩანაცვლებაზე. ეს რომ ასეა, ჩანს თვით ე. ჭელიძის ადრინდელი ოპონენტების (ზ. ნარმანია და მ. ჩახავა, შემდგომში ეპისკოპოსი იონა) განცხადებებიდან, რომ დასხმითი ნათლობა იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენებოდა. მათ რომ ამგვარი ფაქტები ნებისმიერ შემთხვევაში "სატანურ პრაქტიკად" ჩაეთვალათ, მაშინ იტყოდნენ კიდევაც ამას, მაგრამ მათ ნაწერებში მსგავსი არაფერი შეიმჩნევა.

ე. ჭელიძის ცრუპენტელობა ქვემოთ კიდევ მრავალგზის გამოჩნდება, მაგრამ აქ არ შეიძლება არ შევეხოთ მის კიდევ ერთ ხრიკს. ე. ჭელიძე ვითარებას ისე სახავს, თითქოსდა ძველ, I-VIII საუკუნეების ეკლესიას (არ დაგავიწყდეთ, ამ საუკუნეებით საზღვრავს ბ-ნი ფილოლოგი და პატროლოგი ე. ჭელიძე ეკლესიის ჭეშმარიტების პერიოდს) არავითარი უარმყოფელი დადგენილება არ მიუღია დასხმითი ნათლობის წინააღმდეგ.

ჩვენ მეტს ვიტყვით: ეკლესიას არც თავდაყირა ნათლისმღებელთა მიმართ მიუღია რაიმე დადგენილება, არც მონტანისტური ფორმულის მიმართ, რომლებიც სულიწმიდაში მონტანსა და პრისკილას გულისხმობდნენ და ამდენად, ამახინჯებდნენ ნათლისღების ფორმულის შინაარსს: "სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა", და კიდევ სხვადასხვა გნოსტიკოსი მწვალებლის უამრავი დარღვევის მიმართ, რომლებიც ეხებოდა ან ნათლისღების გარეგნულ ფორმასა და მის შინაარსს ან კიდევ სანათლავ ფორმულას.

რატომ? იმიტომ, რომ ძველმა ეკლესიამ ყველა მის დროს არსებული ან ის მწვალებლური გამონაგონები, რაც მომავალში შეიძლებოდა გამოჩენილიყო ერთი ფორმულით დაგმო და შეაჩვენა. კერძოდ, ეს არის წმ. მოციქულთა 50-ე კანონი (ასევე 47 და 49-ე კანონები), რომელიც მართალია მიმართულია იმ დროინდელი მწვალებლების მიმართ, რომლებიც სამების სახელზე ნათლავდნენ ოღონდ ერთგზისი შთაფლვით, ან არღვევდნენ თვით სანათლავ ფორმულას "სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა", მაგრამ სრულიად მკაფიოდ განაჩინებს, რომ ნათლობა უნდა შესრულდეს სწორედ  სამგზისი შთაფლვით, წმიდა სამების იპოსტასთა მოწოდებით და არა სხვაგვარად (ამის შესახებ უფრო დეტალურად ქვემოთ ვიმსჯელებთ).

ცრუობს ე. ჭელიძე, როდესაც აცხადებს, რომ ეკლესიას არასდროს მიუღია ამგვარი გადაწყვეტილება, რადგან მართლმადიდებლობას სხვადასხვა საუკუნის კურთხევანებში, მწვალებელთა მისაღებ წეს- განგებებში განწესებული აქვს ნათლისღების აღსრულების ფორმა და აუცილებლობა. ასე მაგალითად, მონოფიზიტების მიღების წესში ნათქვამია: "ვინცა ვინ არა ნათელ-სცეს სამითა შთაყოფითა წყალსა შინა სახელსა ზედა  მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, შეჩუენებულ იყავნ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი". მაია რაფავა. "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი". საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. 1975 წ. # 1. გვ. 30). ამგვარი შეჩვენებები გვხვდება ძველი ეკლესიის პრაქტიკაშიც და გვიანდელ საუკუნეებშიც.

წარმოვიდგინოთ, რამდენი სახის მწვალებლური შეხედულებით შეიძლება შეირყვნას ჭეშმარიტი საეკლესიო საიდუმლო და პრაქტიკა. არის კი საჭირო, ეკლესიამ ყოველგვარ მწვალებლურ გამოვლინებას ცალკე-ცალკე დადგენილება მიუძღვნას და ყოველთვის ერთი და იგივე ამტკიცოს? ცხადია, არა! რადგან ერთი მკაფიო ფორმულით: "ვინცა ვინ არა ნათელ-სცეს სამითა შთაყოფითა (წყალსა შინა) სახელსა ზედა  მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, შეჩუენებულ იყავნ" ეკლესიამ შეაჩვენა ყველა ის ნათლობა, რომელიც შთაფლვითი ნათლობისგან განსხვავებულია. ამიტომაც, ე. ჭელიძის მოთხოვნა, თითქოსდა ეკლესია ვალდებული იყო "მკვეთრად და მკაფიოდ დაედგინა დასხმითად ანუ, ამათებრ (ე. ი. ძველმართლმადიდებელთაებრ - არქიეპ. პ.) "სატანურად" მონათლულთა უპირობო გადანათვლა", აბსოლუტურად ზედმეტია. პრინციპში, ეკლესიამ ეს განახორციელა კიდეც, როდესაც მიანიშნა ნათლისღების სწორი ფორმა და მის გარდა არსებული ყველა დანარჩენი შეაჩვენა. სხვაგვარ როგორ შეიძლება იქნეს გაგებული ეს განწესება?

მოდი, შევაბრუნოთ ე. ჭელიძის მოთხოვნა მის საწინააღმდეგოდ და ვიკითხოთ: განა "გარდაუვალი ვალდებულება არ იყო", მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებს "მკაფიოდ დაედგინათ დასხმითად მონათლულთა" კანონიკურობა, და ისევე განემარტათ მისი მნიშვნელობა და დაეცვათ, როგორც განმარტავენ და იცავენ შთაფლვით ნათლობას?

რატომ არსად არის ნახსენები დასხმითი წესი, მაშინ, როცა ხშირია ლაპარაკი შთაფლვით ნათლობაზე? თუ მწვალებლებს სამგზისი შთაფლვის დარღვევით შეეძლოთ სამების დოგმატის დარღვევა და ნათლობის მწვალებლური ფორმით მისი დამახინჯება, ნუთუ ეს არ შეეძლოთ დასხმით-პკურებითი ნათლობის დამახინჯებითაც? იქ, სადაც აკრძალულია ერთგზისი შთაფლვა, რატომ ერთგზისი დასხმაც არ არის აკრძალული? - ე. ჭელიძის თქმით ხომ, დასხმითი ნათლობა უუძველესია და მას ისევე უნდა ვიცავდეთ, როგორც შთაფლვას?

მაშ, თუკი, როგორც ჩვენი ოპონენტი ამბობს: "დასხმითი სახის ნათლისღება ეკლესიის ამქვეყნიური ისტორიის, მისი დედამიწაზე მწირობის დასაბამიდანვეა დამოწმებული და მეტად ფართოდ გამოიყენებოდა უადრეს ეპოქაში", რატომ არსად დაიცვეს ის წმიდა მამებმა? რატომ არსად, არც ერთმა საეკლესიო კრებამ არც ერთი სიტყვით არ განაჩინა: "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა ან დასხმითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ"?

რატომ არსად არის მოხსენიებული "შთაფლვის" გვერდით მისი თანასწორი და "სრულიად კანონიკური" "დასხმა"? იმიტომ ხომ არა, რომ ძველ ეკლესიას (ისევე, როგორც შემდგომ პერიოდშიც) დასხმითი ნათლობა კანონიკურ ფორმად, ეკლესიის ნორმატიულ აქტად არასოდეს მიუჩნევია, და ეს კრებითი კანონიკური დადგენილებებითაც გამოუხატავს, რასაც ვერ ვიტყვით შთაფლვით ნათლობაზე, რადგან ის ყოველთვის იყო კანონიც და ნორმაც.

აი, კიდევ მორიგი ეშმაკობა, რასაც ე. ჭელიძე თავის სოფისტურ მსჯელობებში მიმართავს: "სული - ცხოველის" 121-ე გვერდზე ის წერს: "უაღრესად მკაფიოდ და აზრგამჭვირვალედ არის რჯულდებული, რომ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით მონათლულთა კვლავ მამის, ძის და სულიწმიდისადმი მონათვლა ესაა მეორედ ნათლობა და მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელობა. მაშ, რა შემთხვევაში და რომელთა მიმართ არის გამართლებული და ეკლესიისგან ნებადართული ე. წ. ხელმეორე ნათლობის ანუ, სინამდვილეში, კანონიერი პირველნათლობის აღსრულება? წმ. იოანე დამასკელის რჯულდებითი პასუხი ამჯერადაც სრულიად მკაფიოა: "მაგრამ რომლებიც წმიდა სამების მიმართ არ ნათელღებულან, საჭიროა მათი ახლად ნათლისცემა".

წმ. იოანე დამასკელის (VII ს.) განმარტება სრულიად გასაგებია, ოღონდ ე. ჭელიძე არ აღნიშნავს თუ ვის წინააღმდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო მიმართული წმინდანის სიტყვა. ცხადია, ის გულისხმობდა იმ მწვალებლებს, რომლებიც ნათლისღების საიდუმლოში არღვევდნენ ნათლობის ფორმულას და მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე არ ნათლავდნენ. ამიტომაც, წმიდა მამას აქ ნათლობის გარეგან მხარეზე მსჯელობა არ დასჭირვებია და მასზე ამიტომაც არც უმსჯელია. ის, რომ ნათლობა შთაფლვითად აღსრულდება და არა დასხმითად, თვით წმ. იოანე დამასკელი თავის თხზულებაში "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა" ასე განგვიმარტავს: "ნათლისღება არის ქრისტეს სიკვდილის სახე, რადგან წყალში სამგზისი შთაფლვა საფლავში უფლის სამდღიან ყოფნაზე მიანიშნებს" " (Иоанн Дамаскин. "Expositio fidei ortodoxae". Curs. Compl. Patiolog. Ser. Graec. Tom. XLIV, col. 1120; в pyc. пеp. "Точн. излож. прав. Веры" М. 1855, стр. 235). და, თუ ე. ჭელიძე თავს უფლებას აძლევს, იკითხოს: "ნუთუ წმ. იოანე დამასკელს არ ჰქონდა უდიდესი ვალდებულება, რომ სწორედ აქ, ამ ადგილას დასხმითი ნათლისღების "სატანურობაზე" გარკვევით ეუწყებინა ჩვენთვის, თუკი იგი ხსენებულ მღვდელმოქმედებას, პირველივე საუკუნიდანვე ესოდენ ფართოდ ცნობილს, სწორედ ასეთად ("სატანურად") მიიჩნევდა?" - ჩვენც ვიკითხავთ: ნუთუ წმ. იოანე დამასკელს არ ჰქონდა უდიდესი ვალდებულება, სწორედ აქ, ამ ადგილას გარკვევით მიეთითებინა ჩვენთვის დასხმითი ნათლობის კანონიკურობაზე, რადგან ხომ შეეძლოთ მწვალებლებს დასხმითი ნათლობის შემთხვევაშიც ისევე დაემახინჯებინათ სამების დოგმატისა და ქრისტეს დამარხვის "სიმბოლური" გამოხატულება ("დასხმა"), როგორც ამას შთაფლვითი ნათლობის შემთხვევაში აკეთებდნენ?

ე. ჭელიძე საკმაოდ მკაფიოდ ავლენს ნათლისღებისადმი
პროლათინურ დამოკიდებულებას და ამტკიცებს, რომ "ყოვლადწმიდა სამების (მამის, ძისა და სულის) სახელით აღსრულებული ნათლისღების განმეორებაა მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარცმა და, შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელი და ყოვლითურთ აკრძალული" (იქვე. გვ. 124). მაგრამ კვლავ და კვლავ მალავს წმიდა მამათა იმ განმარტებას, რომ ნათლისღება მარტო წმიდა სამების სახელით როდი აღსრულდება, ის ასევე უნდა გამოხატავდეს სამი დღე ქრისტეს საფლავში დების სახეს, რადგან ის არის ძველი კაცის საფლავში დამმარხველი და ახალი კაცის აღმომშობი და ამაღორძინებელი. ამიტომაც უწოდებდა წმ. კირილე იერუსალიმელი ნათლისღებას "კუბოს და დედას" (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ქვემოთ). ე. ჭელიძის ხსენებულ განმარტებაში კი მთელი აქცენტი გადატანილია სწორედ სამების ფორმულაზე და არა "დამარხვაზე", რაც, წმიდა მამების განმარტებით, ნათლისღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა, თანაც იმ ზომით, რომ ვინც წყალში არ "დამარხულა" (ანუ არ შთაფლულა) ქრისტესთან ერთად, ის არც "აღმოშობილა" "დედის", ანუ წყლის წიაღიდან.

ამრიგად, ნათლისღების საიდუმლოში უფლის ჯვარცმით მონიჭებული გამოსყიდვის ნიშანი არის წყალში დამარხვა, დაფლვა. ამიტომაც, უფლის ხელმეორედ ჯვარცმა ნათლისღების საიდუმლოს მთლიანი სახის (ყოველ შთაფლვაზე წმ. სამების პირთა მოწოდწების) განმეორებაა და არა მისი რომელიმე ცალკეული ნაწილისა.

ქრისტეს ჯვარცმას მოჰყვა დამარხვა და აღდგომა მკვდრეთით, ნათლისღებაში ეს გამოიხატება წყალში შთაფლვით და აღმოსვლით: მაშ, რომელი ნიშანი უნდა იყოს ქრისტეს ხელმეორედ ჯვარცმის გამოხატულება თუ არა მისი ისევ დამარხვა და ისევ აღმოყვანა?

ამდენად, ქრისტეს ხელმეორედ ჯვარს აცვამს სწორედ ის, ვინც სწორად მონათლულს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მიწაში დამარხვისა და აღდგომის სახედ წყალში შთაფლულს ისევ შთაფლავს და ამ საიდუმლოს გაიმეორებს. რაც შეეხება წმ. სამების პირთა მოწოდებას, ეს მაგიური ფორმულა როდია, ნათლობის გარეგანი სახის დარღვევისდა მიუხედავად მაინც მოქმედებდეს. ნათლობა ორი თანაბარმნიშვნელოვანი მხარისგან შემდგარი მთლიანობაა - ერთი მხრივ, ის აღესრულება ქრისტეს ჯვარცმის, დამარხვის და მკვდრეთით აღდგომის სახედ (რაზეც კიდევ უფრო დეტალურად ქვემოთ ვილაპარაკებთ) და მეორე მხრივ, რაც ასევე აუცილებელი პირობაა, წმიდა სამების -  მამის, ძის და სულიწმიდის მოწოდებით ყოველ შთაფლვაზე. ამ ორიდან ერთი რომელიმეს დაუცველობა აუქმებს ნათლობას, ხოლო ქრისტეს მეორედ ჯვარცმა ამ მთლიანობის, უფრო ზუსტად, სწორად შესრულებული ამ ფორმის განმეორებაა.

ე. ჭელიძე ირწმუნება, რომ "საეკლესიო ისტორია, უძველესი ეპოქიდანვე, შთამბეჭდავად გვიდასტურებს დასხმითი წესით აღსრულებული ნათლისღების შემთხვევათა განსაკუთრებულ სიმრავლეს, საზეიმოდ აღწერს ამგვარ (დაასხმითი სახის) ნათლისღებას ყოველგვარი კომენტარის გარეშე, არაერთგზის გამოსახავს ამავე მღვდელმოქმედებას ხატწერითად (ფრესკულად), რჯულმდებლობს დასხმითი ნათლისღების სრულ მადლისმიერ იგივეობას შთაფლვითი სახით აღსრულებულ ნათლობასთან და, მეტიც, პირდაპირ სახელდებს დასხმით ნათლობას "შთაფლვად" ანუ "ჩაძირვად", ამასთან, სრულიად იცავს ამგვარად მონათლული მოღვაწის წმინდანობის პატივს" ("სული - ცხოველი". გვ. 125).

რამდენად შეესაბამება ე. ჭელიძის ეს მტკიცება სინამდვილეს, ჩვენს მიმოხილვაშიც თვალსაჩინოდ ვნახავთ და ასევე იმ შეფასებებშიც, რასაც აძლევენ შთაფლვასა და დასხმას (ცალ-ცალკე) წმიდა მამები და თანამედროვე თუ გასული საუკუნეების ცნობილი ღვთისმეტყველები. და ეს მათი "კერძო აზრი" კი არ გახლავთ, არამედ სწორედ პირველი რვა საუკუნის მამათა და განსაკუთრებით შვიდი მსოფლიო კრების დოგმატური სწავლების საფუძველზე გამოთქმული მართლმადიდებლური შეხედულებაა. აქ კი ვიტყვით:

1. დასხმითი ნათლობების ის სიმრავლე, რომელსაც ე. ჭელიძე ახსენებს, უმეტესწილად სასწაულებრივად აღსრულებული ნათლობებია, რომლებიც მრავლად არის აღწერილი წმიდა მოწამეთა ცხოვრებაში (განსაკუთრებით III საუკუნიდან). საზეიმოდ აღწერილი წმიდანთა ცხოვრება (სადაც მათი სასწაულებრივი ნათლობებიც არის მოხსენიებული) სულაც არ ნიშნავს ნათლისღების დასხმითი წესის საეკლესიო წესად გამოცხადებას. ეკლესიამ მრავალი გამონაკლისი იცის და არა მარტო ნათლისღების საიდუმლოში - ისინიც წმიდანთა ცხოვრებაშია აღწერილი და საზეიმოდ გადმოცემული. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ, რაკიღა ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებაში რომელიმე საიდუმლო არასრული ფორმით აღსრულდა და მასზე ჰაგიოგრაფებმა მინიშნებები და კომენტარები არ გააკეთეს, ავტომატურად შეწყნარებულია. ეს ასე მოარგო ე. ჭელიძემ საკუთარ შეხედულებებს. თუ არადა, მაშინ ყველა ის ფორმა, რაც კი წმინდანთა ცხოვრებაშია აღწერილი (რომელთაც ჩვენს წინამდებარე ნაშრომშიც ვახსენებთ) და რომლებიც ამა თუ იმ საიდუმლოს ეხება, მისაღები და კანონიკური ყოფილა. ამის დასტური კი ჩვენ არც ერთი წმიდა მამისგან და არც ერთი წმიდა კრებისგან არ გვაქვს.

2. ე. ჭელიძის მტკიცებას, რომ ეკლესია "ამავე მღვდელმოქმედებას"
(დასხმით "ნათლობას" - არქიეპ. პ.) გამოხატავს "ხატწერითად (ფრესკულად)", რითაც "რჯულმდებლობს დასხმითი ნათლისღების სრულ მადლისმიერ იგივეობას შთაფლვითი სახით აღსრულებულ ნათლობასთან" ან კატაკომბური ხატწერის ვერგაგების, ან კიდევ მათი ფოტოგრაფიულ გამოსახულებად აღქმის შედეგია და საერთო არაფერი აქვს ეკლესიის მიერ დასხმითი ნათლობის მოწონებასთან. და ბოლოს:

3. სრული ცრუპენტელობაა მტკიცება იმისა, რომ ეკლესია თურმე "პირდაპირ სახელდებს დასხმით ნათლობას "შთაფლვად" ანუ "ჩაძირვად"", რადგან ამგვარი სწავლება არც პირველი რვა საუკუნის მამებს გამოუთქვამთ, არც მერვე საუკუნის შემდგომ მცხოვრებ წმინდანებს. ამგვარი სწავლება არ მოუცია არც ერთ წმიდა საეკლესიო კრებას (მსოფლიოს თუ ადგილობრივს). ეს "სწავლება" თავიდან ბოლომდე ე. ჭელიძის გამოგონებაა. ეს არის იშვიათ, გამონაკლის ან საგანგებო შემთხვევებში დაშვებული ფაქტების ე. ჭელიძისეული ინტერპრეტაცია.

ეს რომ ასეა და არა სხვაგვარად, ჩვენი მიმოხილვის მომდევნო ნაწილებში დავრწმუნდებით.

საკითხის გარკვევა დავიწყოთ თანამედროვე ღვთისმეტყველთა და სასულიერო პირთა დამოკიდებულებიდან დასხმითი (ლათინური) "ნათლისღების" მიმართ და ვნახოთ, რამდენად "სტაროვერული" ახირებაა დასხმითი ნათლობის უარყოფა და კიდევ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ის სალანძღავი ეპითეტები, რომელთაც ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებელთა დასახასიათებლად არ იშურებს.

უფრო ნათელი რომ გახდეს განსახილველი საკითხის არსი, ჯეროვანი იქნება, ძალზე მოკლედ შევეხოთ ნათლისღების საიდუმლოს შინაარსს (დეტალურად და ვრცლად ის ქვემოთ, სხვადასხვა ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა განმარტებებში იქნება ნაჩვენები) და აღვნიშნოთ თუ რას ასწავლის მის შესახებ ე. ჭელიძე.

როდესაც ნათლისღების საიდუმლოს გარშემო ე. ჭელიძის მიერ გაკეთებულ დასკვნებზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სამი მომენტი, რომლებსაც ის ხაზს უსვამს თავისი "დასხმითი ნათლობის" თეორიის დასამტკიცებლად:

პირველი, - ე. ჭელიძის აზრით: "ჩაძირვა" ანუ "შთაფვლა" ეწოდება არა მხოლოდ სრულ ხილულ დაფარვას ნათლისღებითი წყლით, არამედ წმიდა წყალში ოდენ თავის ჩაყოფასაც ანდა ამავე წყლის ოდენ თავზე დასხმასაც, თუ აღნიშნული ქმედებანი დასაფლავების, მიწით დაფარვის, მიწის ზემოდან დაყრის შინაარსს ატარებს" ("სული ცხოველი". გვ. 405).
"დასხმა წყლისა, - აგრძელებს ოპონენტი, - სულიერი აზრით, ზედმიწევნით იგივეა, რაც შთაფლვა ანუ ჩაძირვა; ეს ნიშნავს, რომ დასხმაც, ჩაძირვისებრ, არის იგივე საფლავით (წყლით) სულიერი დაფარულობა, თანადასაფლავება მაცხოვართან ერთად. ამიტომ დაესხმის ნათლისღებადს წყალი თხემზე, რაც იგივე მიწის დაყრაა მასზე ანუ მისი თხემითურთ  სრული დამარხვაა, მთლიანი დასაფლავებაა" (იქვე. გვ. 400-401).
ე. ჭელიძის თქმით "...იმდენად, რამდენადაც ტერმინი "შთაფლვა" ანუ "ჩაძირვა" ლიტურგიკული მნიშვნელობით ყოველთვის სულიერი გაგებისაა (აღნიშნავს მოსანათლის თანადასაფლავებას მაცხოვართან), აღნიშნული გარემოების საფუძველზე "დიდი სჯულისკანონი" შეუძრავად გვიდგენს, რომ ხსენებული "შთაფვლა", ყოველგვარი შერჩევითობის გარეშე თანაბრად ეწოდება ნათლისღების ყველა იმ სახეს, რაც სწორედ დასაფლავების აზრით აღესრულება. შესაბამისად, ტერმინოლოგიურად და სულიერი მნიშვნელობით უეჭველად და მხოლოდდამხოლოდ შთაფლვაა არა მარტოოდენ სრული ხილული დაფარვა ნათლისღებითი წყლით, არამედ, აგრეთვე, დასაფლავების მნიშვნელობით მოქმედებული ოდენ თავის-ჩაყოფითი ანთუ თავის თხემზე დასხმა-დაპკურებითი ნათლისღება" (იქვე. გვ. 424-425).

იმავეს ბრძანებს ჩვენი ოპონენტი თავის ადრინდელ წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა", სადაც წერს: "აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ შესაძლოა ნათლისღების რიტუალთან დაკავშირებით შეგვხვდეს ტერმინი "შთაფლვა", მაგრამ მასში არ იგულისხმებოდეს სრული ფიზიკური ჩაძირვა... ცხადია, არავინ იფიქრებს, რომ მოსანათლის განწმენდის ჟამს გადამწყვეტი იყოს წყლის რაოდენობა. ... სულიწმიდით ცხოველქმნილი წყალი რეალურად განბანს მოსანათლს, ხოლო თავად შთაფლვის პროცედურა წარმოადგენს არა რეალურ, ხორციელ დაფლვას, არამედ მაცხოვართან თანადასაფლავების მარტოდენ სიმბოლურ გამოსახვას. ... პროცედურის (ანუ ნათლობის - არქიეპ. პ.) უფრო გამარტივებული სახე, თავზე სამგზის დასხმა, სიმბოლურად, ასევე შთაფლვას ანუ დასაფლავებას ასაჩინოებს, ამიტომ ასხამს მღვდელი წყალს აუცილებლად მოსანათლს თავზე. ამ გზით იგი სიმბოლურად მოასწავებს მოსანათლის სრულ თანადასაფლავებას მაცხოვართან" (გვ. 153).
ქვემოთ ჩვენ ვნახავთ და ნათლად დავრწმუნდებით, რომ ნათლისღების საიდუმლოში ტერმინ "შთაფლვის" სიმბოლურობასა და დასხმითი "ნათლობის" შთაფლვით ნათლობასთან თანასწორობაზე წმიდა მამებს არაფერი უსწავლებიათ. ამგვარი სწავლება თავიდან ბოლომდე ბ-ნი ე. ჭელიძის "შემოქმედება" გახლავთ, რომელსაც ის სხვადასხვა კერძო, საღმრთო განგებულებით დაშვებული შემთხვევებიდან გამომდინარე და ზოგიერთი გამონათქვამისა თუ ტერმინის მისეული ინტერპრეტაციის საფუძველზე ქმნის.

"დასხმითი" ნათლობის შესახებ ამგვარი სწავლება წმიდა მამებს რომ ჰქონოდათ, ე. ჭელიძეს 476-გვერდიანი ანტიძველმართლმადიდებლური თხზულების შექმნა არ დასჭირდებოდა, პირდაპირ დაიმოწმებდა მათ და საქმეც ერთ-ორი წინადადებით დამთავრდებოდა. მაგრამ, რადგან მსგავსი რამ არ არსებობს (პირიქით, დასხმას მამები ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც), ე. ჭელიძეს ამ სწავლების თითიდან "გამოწოვა" მთელი თავისი სოფისტური ხელოვნების გამოყენებით უწევს.

მეორე, - ოპონენტის ზემოთ მოტანილი მტკიცებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს ის დებულება, რომ დასხმითი "ნათლობა" შთაფლვითი ნათლობის სრულიად თანასწორი და კანონიკურია, რაც ასევე მცდარი შეხედულებაა და ძველი ეკლესიის ისტორიაში არსად დასტურდება.

და ბოლოს, მესამე, - უკვე ზემოთ აღნიშნული ორი პუნქტის საფუძველზე, ე. ჭელიძე ამტკიცებს, რომ დასხმითი "ნათლობა" არათუ კანონიკურია, მას თურმე უნდა ვიცავდეთ კიდეც და, რაც მთავარია, დასხმითად მონათლულის თავიდან გადანათვლა არის დიდი უსჯულოება, რის მოქმედთაც ის შეურაცხმყოფელი და პიროვნების ღირსებისთვის დამაკნინებელი ეპითეტებით ლანძღავს.

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ნაშრომი მიზნად არ ისახავს ე. ჭელიძის მიერ მოტანილი მაგალითების სათითაოდ განხილვას (თუმცა ზოგიერთ მათგანს მაინც შევეხებით), ამას უფრო სერიოზული ლიტურგიკულ-ისტორიული და ლინგვისტური კვლევა სჭირდება, რასაც იმედია მომავალში ხელს ჩვენზე უფრო განათლებული ადამიანები მოჰკიდებენ და კიდევ უფრო ზედმიწევნით დაასაბუთებენ იმ ჭეშმარიტებას, რომ დასხმითი ნათლობა არც მაცხოვარს დაუფუძნებია და არც მოციქულებს; რომ ის არასოდეს ყოფილა საეკლესიო-ნორმატიული აქტი; რომ ნათლობის ქრისტეანული სახე, რომელიც მომდინარეობს მისი დამფუძნებლიდან და გადმოცემულია წმიდა მოციქულთა მიერ, ყოველთვის იყო და არის ერთადერთი, შთაფლვითი სახის. ჩვენ ამ შრომას შევუდგებით მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც ეს ძალუძს ჩვენს შესაძლებლობებს, თუმცა ჩვენი კვლევა დასხმით ნათლობასთან დაკავშირებით ამ წიგნის გამოცემით არ მთავრდება და მომავალში, პატარა წიგნების ან მცირე ზომის ბროშურების სახით, როგორც ძირითადი ნაშრომის დანამატი, გამოვცემთ სხვა გამოკვლევებსაც,  შევქმნით სერიას, რომელიც ჩვენს წიგნში განხილულ საკითხებთან იქნება დაკავშირებული და არ იქნება მიმართული კონკრეტულად რომელიმე პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფისადმი. ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით იმ პრინციპს, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ, კერძოდ, გავაგრძელებთ ლიტურგიკულ კვლევას და ყველა იმ საკითხის შესწავლა-გამოქვეყნებას, რაც ჩვენთვის საინტერესო პრობლემებთან არის დაკავშირებული. ახლა კი დავუბრუნდეთ ბ-ნ ე. ჭელიძის წიგნს "სული ცხოველი".

ჯერ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მკვლევარი (ცხადია, მათ შორის არის ე. ჭელიძეც), სხვადასხვა საუკუნეში არსებული დასხმითი ნათლობის განსაკუთრებული შემთხვევებიდან გამომდინარე (რომლებიც უკიდურესი შეჭირვებისა და მძიმე ვითარების გამო ან კიდევ სასწაულებრივად აღესრულებოდა), ფიქრობს, თითქოსდა ნათლობის დასხმითი ფორმა ისევე შეწყნარებული და კანონიკური იყო ეკლესიაში, როგორც შთაფლვა. ჩვენი აზრით, ასევე მცდარად არის ინტერპრეტირებული ზოგიერთი წმიდა მამის (მაგ.: წმ. კვიპრიანე კართაგენელის) დამოკიდებულება და გამონათქვამი დასხმითი ნათლობის კანონიკურობასთან დაკავშირებით, რაც ეკლესიის ზოგად სწავლებას, ეკლესიის საერთო ხმას ეწინააღმდეგება და მიუღებელია.

ჩვენს მიმოხილვაში, რომელიც ცნობილ მეცნიერთა და ღვთისმეტყველთა კვლევებს ეფუძნება, ნაჩვენები იქნება ჩვენი მტკიცებულების საფუძვლები და ის, რომ საკითხისადმი იმგვარი მიდგომა, როგორიც აქვს ბ-ნ ე. ჭელიძეს (და ასევე ადრინდელ მკვლევართა გარკვეულ კატეგორიას), წარმოშობს გადაულახავ პრობლემას, წინააღმდეგობას, კერძოდ:

ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ შთაფლვითი ნათლობის კატეგორიულ მოთხოვნებს წმიდა მამათა და საეკლესიო კრებებათა მხრიდან (ზოგიერთ შემთხვევაში დასხმითი ნათლობის კატეგორიული უარყოფით).

მეორე მხრივ კი, გვაქვს დასხმითი ნათლობის ფაქტებიც, რომლებიც იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ მაინც შეიწყნარებოდა.

რადგან შეუძლებელია ეკლესია ეწინააღმდეგებოდეს საკუთარ თავს, ჩვენ ან უნდა შევიწყნაროთ ის აზრი, რომ ეკლესია:

ა) ან ჩამოყალიბებული ვერ არის ნათლისღების დასხმით ფორმასთან მიმართებაში (რადგან მას ხან აღიარებდა და ხან კიდევ უარყოფდა);

ბ) ან კიდევ დასხმითი ნათლობა შეიწყნარებოდა რთული ვითარებების გამო იმ აზრით, რომ ამგვარ ვითარებაში დაშვებულ დანაკლისს ადამიანებს მათი რწმენისაებრ უვსებდა თვით ღმერთი. საიდუმლოს სრული ფორმის ვერაღსრულების შემთხვევაში ადამიანი ინათლებოდა საკუთარი უბიწო რწმენით და არა იმიტომ, რომ მასზე აღსრულებული იყო საეკლესიო საიდუმლო მთელი თავისი სრულყოფილი ფორმითა და მოთხოვნებით; თუ როგორ ხდება ეს ჩვენ მიერ მონიშნულ ვითარებაში, ბრწყინვალედა აქვთ განმარტებული III საუკუნის წმიდა მამას წმ. კვიპრიანე კართაგენელს და IX საუკუნის უდიდეს ავტორიტეტს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ წმ. ფოტის, რომელთაც ცოტა მოგვიანებით მოვუსმენთ.

ამ წინააღმდეგობრიობასთან მიმართებაში არასწორ გადაწყვეტად გვიჩნს შეხედულება, თითქოსდა ეკლესია დასხმით ფორმას მიმართავდა იკონომიის სახით. მიუღებელია ეს იმიტომაც, რომ იკონომია, როგორც კარგად არის ცნობილი, დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით დაუშვებელია, ხოლო ნათლისღების საკითხი, მასში ჩადებული დოგმატური შინაარსის გამო, არის კიდევაც დოგმატური. ამას აჩვენებენ წმიდა მამები და მართლმადიდებლური საეკლესიო კრებები.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც ასევე არასწორად განმარტავენ დასხმითი ნათლობის მიმდევრები. კერძოდ, ლაპარაკია ზოგიერთ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე (მაგ.: კონსტანტინოპოლის 1484 წ. კრება), სადაც ლათინთა მირონცხებით მიღება იყო შეწყნარებული. იმოწმებენ წმ. მარკოზ ეფესელსაც, რომელიც ლათინთა მირონცხებით მიღებას ეთანხმებოდა და ა. შ.

ამგვარი მაგალითების შესახებ უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ ლათინთა მიღების საკითხში გამოიყოფა ორი მომენტი, რასაც მკვლევრები (ცხადია, მათი ეკლესიების პოლიტიკიდან და გარკვეული იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე) გვერდს უვლიან, ერთმანეთში ურევენ და საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოსდა რაკიღა ლათინები მირონცხებით მიიღებოდნენ (რაც მხოლოდ მწვალებლებში სწორი ნათლობის არსებობის შემთხვევაში ხდება), დასხმითი ნათლობა საერთოდაც სრულიად მისაღები და კანონიკური იყოს.  მაგრამ აქ შეგნებულად (უმეცრების ვერსიას, უბრალოდ, ვერ დავუშვებთ, რადგან ამ საკითხს განიხილავენ მეტად ცნობილი მეცნიერები და მკვლევრები) ტოვებენ იმ ფაქტს, რომ ლათინებთან დასხმითი ნათლობა ეკლესიისგან მათი განდრეკისთანავე როდი გაჩნდა. ის თავს იჩენს XIII საუკუნეში და საბოლოოდ მკვიდრდება XVII საუკუნეში. გამომდინარე აქედან, ყოველთვის როდია შესაძლებელი დაბრალდეს ლათინთ დასხმითი ნათლობის აბსოლუტური შეწყნარება.

ამრიგად, ხსენებული კრება და წმ. მარკოზ ეფესელის დამოკიდებულება ლათინებთან გულისხმობდა არა დასხმით ნათლობას, რამეთუ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, დასხმითი ნათლობა იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ არ იყო მათში საყოველთაოდ დამკვიდრებული, არამედ მათი, როგორც მწვალებლების მიღებას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სხვა საფუძველი არ ვიცით და თუ ვინმე გვიჩვენებს დასხმითი ნათლობის წმ. მარკოზ ეფესელისეულ აპოლოგიას და ამ მხრივ ლათინელთა მირონცხებით მიღების გამართლების პრაქტიკას, მადლიერნი დავრჩებით.

შემდეგ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც ასევე ტოვებენ დასხმითი ნათლობის მეტ-ნაკლებად ან სრულიად გამმართლებელნი. ეს არის მართლმადიდებლობაში გაბატონებული ფარული ლათინიზმი ან ფარული უნიატობა.

დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა განყოფის შემდეგ ლათინობა ყოველი ძალით ცდილობდა ბერძნების თავისკენ მიმხრობას თუ გადმობირებას. უნიონალური შეთანხმებების შემდეგ ბერძნულ ეკლესიაში ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა და გამძაფრდა. ერთი მხრივ, ფარულ ლათინებსა თუ უნიატებს და მეორე მხრივ, მართლმადიდებლებს შორის, შეიძლება ითქვას, გაჩაღდა სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლა. ეს ფაქტიც კარგად ჩანს ე. წ. "კოლივადელთა" მოძრაობის ეპოქაში (18- ე ს.). უნიონალური შეთანხმებებიდან (15-ე ს.) მოყოლებული და კიდევ უფრო ადრეც (მაგ.: 12- ე საუკუნიდან), ბერძნულ (და არა მარტო) ეკლესიებს ფარულად თუ აშკარად ეუფლებოდნენ გალათინებული "მართლმადიდებლები", და როგორც ეს ხშირად ხდებოდა ეკლესიის ისტორიაში, როდესაც მწვალებლები რიცხობრივად ჭარბობდნენ მართლმადიდებელთ, ეკლესიას თავს ახვევდნენ მწვალებლურ შეხედულებას, რაც ახალი განხეთქილებებისა და დაპირისპირებების საფუძველი ხდებოდა.

ბიზანტიის დაცემის შემდეგ (1453 წ.) პაპიზმი ცდილობდა, მიემხრო არა მარტო საბერძნეთის, არამედ რუსეთის ეკლესიებიც და ამ მიმართებით გააფთრებული აგენტურული მოძრაობა იყო გაჩაღებული რუსეთშიც. რადგან ჩვენი ნაშრომი ამ თემას არ ეხება, აქ შევჩერდებით და საკითხს არ განვავრცობთ, მაგრამ მკითხველმა უნდა იცოდეს, როდესაც მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ ლათინთა მიღებაზეა ლაპარაკი და მათ მირონცხებით შეწყნარებაზე მსჯელობენ, მხედველობაში უნდა მივიღოთ არა მარტო უკვე ნახსენები გარემოება (დასხმითი "ნათლობის" გავრცელების არეალი ლათინობაში), არამედ თვით მართლმადიდებლობაში მოკალათებული ფარული ლათინებისა და უნიატების მცდელობა.

ფარული თუ აშკარა ლათინებისა და მართლმადიდებლების მძაფრი ბრძოლის თვალსაჩინო მაგალითია ბერძნული და რუსული ეკლესიების ისტორია. მაგალითისთვის 1667 წლის მოსკოვის საეკლესიო კრებაც საკმარისია. 17-ე საუკუნის რუსული საეკლესიო რეფორმის იდეური ორგანიზატორები იყვნენ პატივაყრილი ბერძენი იერარქები, უნიატები და აშკარა ლათინები. რაოდენ ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ამ კრების თავმჯდომარე გახლდათ აშკარა ლათინი, ღაზის ყოფილი მიტროპოლიტი, კათედრიდან ჩამომხობილი და პატივაყრილი "მიტროპოლიტი" პაისი ლიგარიდი. ამ თემას ჩვენ წინამდებარე ნაშრომის მესამე ნაწილს ვუძღვნით და აქ დეტალურად არ შევჩერდებით, მაგრამ აუცილებლად აღვნიშნავთ იმას, რომ მთელი რიგი მკვლევარები, როდესაც ჩამოთვლიან იმ კრებებს, რომლებმაც ლათინთა მირონცხებით მიღება შეიწნყარეს და ამას დასხმითი ნათლობის "კანონიკურობის" კრებით ნიმუშად სახავენ, ასახელებენ მოსკოვის 1667 წლის კრებასაც, მაგრამ არ მიუთითებენ მის კანონიკურ უფლებამოსილებას, არ აღნიშნავენ, თუ ვინ თავმჯდომარეობდა მას და რა მიზნებს ისახავდა იმდროინდელი რუსული ეკლესია თავისი მეფითა და მღვდელმთავრებითურთ.

სწორედ ლათინებთან დაახლოების ნაბიჯები, რომლისკენაც უბიძგებდნენ მართლმადიდებელთ, აუცილებელ პირობად გულისხმობდა მათი დასხმითი "ნათლობის" შეწყნარებას (17-ე საუკუნისთვის დასხმითი ნათლობა, როგორც ქვემოთ იქნება ნაჩვენები, უკვე საყოველთაო ჩვეულებაა დასავლეთის ეკლესიაში). სხვაგვარად ლათინთა და მართლმადიდებელთა შეერთება წარმოუდგენელია. სწორედ აქეთკენ არის მიმართული დღევანდელი ეკუმენისტების ძალისხმევაც. სწორედ ამიტომ არ გვხვდება ეკუმენისტებში შთაფლვითი ნათლობის ერთადერთობის არც ერთი აპოლოგეტი, არამედ ყველა მათგანი იცავს დასხმას, როგორც აბსოლუტურად კანონიკურ წესს ნათლობისა და არღვევს იმ ბარიერს, რასაც ეს საკითხი ქმნის ლათინურ-პროტესტანტულ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის.

რადგან ჩვენი კვლევა ამ მეტად საინტერესო ისტორიულ პერიპეტიებს არ ეხება, აქ შევჩერდებით, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომავალში სპეციალურ ბროშურებში ან მცირე ზომის წიგნებში შეიძლება შევეხოთ მას და სპეციალურად მიმოვიხილოთ ბიზანტიის დაცემის შედეგები და შემდგომი ვითარება აღმოსავლურ- მართლმადიდებლურ ეკლესიებში; ასევე ვნახოთ, როგორი ბრძოლა მიმდინარეობდა ფარულ ლათინობასა და მართლმადიდებლობას შორის, რაც უცილობლივ ნათლისღების საკითხზეც აისახებოდა.

ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს თემას და ვაჩვენოთ არის თუ არა ტერმინი "შთაფლვა" სიმბოლური მნიშვნელობის; არის თუ არა თანასწორი ნათლისღების შთაფლვითი და დასხმითი ფორმები და რამდენად კანონიკურია ნათლობის დასხმითი წესი.

ამ მომენტების საჩვენებლად ჩვენ მათი სათითაო განხილვა და გაბათილება სულაც არ დაგვჭირდება, რადგან სამივე მომენტს ერთდროულად პასუხობს ქვემოთ ჩვენ მიერ მოხმობილი ყველა მაგალითი. ახლა კი, მოდი შევუდგეთ ე. ჭელიძის ნაშრომების ("ეკლესია -  სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. და "სული ცხოველი", თბ. 2012 წ.) განხილვას და ვაჩვენოთ, რამდენად ობიექტური და სამართლიანია მათი ავტორი თავის დასკვნებში, ერთი მხრივ, დასხმით-პკურებით ნათლობასთან და მეორე მხრივ, ჩვენი, როგორც მისი ეკლესიის ოპონენტების შეფასებისას.

<<<

8

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика